საქართველო და ირანი - მხატვრულ-კულტურულ ურთიერთობათა ასპექტები
(სასანური ირანი და ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება)
უძველესი დროიდან საქართველოს მჭიდრო კულტურული კონტაქტები ჰქონდა მოწინავე ცივილიზაციებთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთის კულტურულ ცენტრებთან. უკვე თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის მხატვრული ნაკეთობები გვიჩვენებს ქართველთა წინაპრების სიახლოვეს მესოპოტამიის უძველესი ცივილიზაციის მონაპოვრებთან. ბრინჯაოს ეპოქაში ქართულ მცირე პლასტიკაში განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ირანული ელემენტების არსებობა (ცხოველური და მცენარეული მოტივები, ფანტასტიკური ცხოველები და სხვ.). ანტიკურ ეპოქაში ქართულ ოქრომჭედლობაში ჩნდება მხატვრული და ტექნიკური ხერხების მთელი რიგი, რომელთაც ბევრი საერთო ნიშანი აქვთ აქემენიდური ირანის ოქრომჭედლობის ქმნილებებთან. მეცნიერთა კვლევის არეალში დიდი ხანია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ირანთან საქართველოს მიმართება და ჩვენ ხელთ გვაქვს საინტერესო დასკვნები ამ ორი ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა შესახებ. ამიტომაც არ შევეხები ამ კონტაქტების უკვე ცნობილ ფაქტებს და ყურადღებას შევაჩერებ ნაკლებად შესწავლილ პრობლემაზე _ ირანული გავლენების თავისებურებებზე ქართულ კულტურაზე ქრისტიანობის საწყის ეტაპზე. აქცენტი გადატანილი იქნება ადრეული შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების საკითხებზე, რომლებიც მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო (ამ ეპოქის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებთა სიმწირე, არსებული მასალის სახელოვნებათმცოდნეო კუთხით არასათანადო შესწავლა, მიკვლეულ ძეგლთა ზუსტი განსაზღვრის არარსებობა და სხვ.) აქამდე არ გამხდარა საგანგებო კვლევის საგანი.
საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროში, უძველეს ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად, ახლობელი და შორეული მეზობელი ქვეყნების კულტურის გარკვეული ზემოქმედება შეინიშნებოდა. ქვეყანამ ჩამოაყალიბა და განავითარა თავისი ეროვნული ხელოვნება აქტიური ურთიერთობით მის გარემომცველ გარემოსთან, მჭიდრო კონტაქტებით ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლურქრისტიანულ მხატვრულ ცენტრებთან, მეზობელ ხალხებთან კულტურულ ფასეულობათა მუდმივი გაცვლით. ჩვენთვის საინტერესო ისტორიული ეპოქის (ადრეული შუა საუკუნეები) თავისებურებებიდან გამომდინარე, ქართული ხელოვნების ხასიათს განაპირობებდა აღმოსავლურქრისტიანულ კულტურის ცენტრებთან ურთიერთობა და ბიზანტიის იმპერიის ძლიერი გავლენა. საქართველოში ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბების პერიოდში კიდევ ერთი მძლავრი იმპულსი სასანური ირანიდან მოდიოდა, რომლის უშუალო მეზობლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ისტორიისათვის.
ქართველი ერის ისტორიული ბედის თავისებურებებიდან, ორი ქვეყნის ეკონომიკურპოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა ხასიათიდან გამომდინარე, საქართველოზე ირანის ზეგავლენა სხვადასხვა პეროდში განსხვავებული და არათანაბარი იყო. განსხვავებული იყო ირანულ სამყაროსთან კულტურული კონტაქტების ინტენსივობა სხვადასხვა პერიოდში. ეს პრობლემები თავისი სირთულითა და მრავალმხრივობით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ირანული ხელოვნების გავლენები სხვადასხვაგვარად გამოვლინდა ქართული ხელოვნების სხვადასხვა დარგში. პრობლემათა ამ კვანძიდან გამოვყოფ მხოლოდ ერთ საკითხს - ირანული გავლენების კვალს ადრეული შუა საუკუნეების ქართული რელიეფის ხელოვნებაში. მოხსენებაში ყურადღებას შევაჩერებ ადრეულ შუა საუკუნეებზე, ხანაზე, როდესაც ყალიბდებოდა ქართული ეროვნული ხელოვნების საფუძვლები. თემის არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ განვითარებული შუა საუკუნეების ხელოვნებასთან შედარებით ქართული ხელოვნების ისტორიის ეს ეტაპი შედარებით ნაკლებად არის გამოკვლეული.
ქრისტიანობის ადრეული ეტაპი ერთნაირად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე იყო ყველა ქვეყანაში: ერთი მხრივ, ქრისტიანული ეკლესია ხელოვნებისაგან მოითხოვდა უნიფიცირებას, კანონიკურობას, მეორე მხრივ კი იგი ხელს უწყობდა ელინისტურ-რომაული მხატვრული სახეების არტახებიდან გათავისუფლებული ხალხების ხელოვნებას ახალ რელიგიაში საკუთარი თავი გამოეხატა ტრადიციული ეროვნული მხატვრული ხერხებით. ამიტომაც იყო, რომ შუა საუკუნების პირველ ასწლეულთა ქართული ხელოვნების ერთგვარად არქაულ და იმავდროულად ნოვატორულ ხასიათს ორი გარემოება განსაზღვრავდა: ერთი მხრივ, სახვითი ხელოვნება ხარბად დაეწაფა უძველეს ეროვნულ ტრადიციას, რომელიც დათრგუნული იყო ელინისტურ-რომაული ხელოვნების ექსპანსიით, მეორე მხრივ კი – ქრისტიანული ეკლესიის შემოთავაზებული თემები და სახეები ახლებურ მიდგომას მოითხოვდა, რაც უთუოდ საკუთარ ეროვნულ ნიადაგზე უნდა დაფუძნებულიყო, რათა ეს ახალი, უჩვეულო მხატვრული სახეები ადვილად მისაწვდომი და გასაგები ყოფილიყო ახლადმოქცეული ქვეყნის მორწმუნეთათვის.
ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნაწარმოებთა კვლევამ დაადასტურა, რომ ამ ეპოქის საქართველო თავისი მხატვრულ-ისტორიული თავისებურებებით სრულიად განსაკუთრებული სამყაროა, განსხვავებული ხმელთაშუაზღვისპირული და დასავლურევროპულისაგან. თავისი ხასიათითა და მსოფლშეგრძნებით იგი აღმოსავლურქრისტიანული სამყაროს ორგანული ნაწილია, საკმაოდ თავისუფალი კლასიკური მემკვიდრეობისაგან, ღრმად გამსჭვალული ადგილობრივი მხატვრული ტრადიციებით, რომელნიც განაპირობებდნენ ახალი ქრისტიანული ხელოვნების განვითარებას. ქრისტიანობის მიღება იქცა იმ ღირსშესანიშნავ მიჯნად, რომლიდანაც სათავეს იღებს ახალი ესთეტიკა, სამყაროს ახლებური აღქმა, შეფარდებული შუა საუკუნეების ადამიანის აზროვნების თავისებურებებთან, ემოციურ წყობასთან. ამ დროს იქმნება ეპოქის თავისებური „ნიშნების სისტემა“, რომლითაც ხელოვნება სამყაროს ხატს ქმნიდა. სიმბოლო, ნიშანი, ხატი _ პირველი ქრისტიანებისათვის მაგიური ძალით იყო აღსავსე.
ადრეული ქრისტიანობის ეპოქაში სხვადასხვა ქვეყნის მხატვრულ ნაწარმოებებში თავისებურად აისახა ადგილობრივ ტრადიციათა და გარეშე ზეგავლენების ორიგინალური ნაზავი. საქართველოს განსაკუთრებული გეოფიზიკური მდგომარეობა, მისი ერთგვარად „სასაზღვრო“ მდებარეობა ყველა ისტორიულ ეტაპზე განაპირობებდა მისი კულტურის განვითარების თავისებურებებს. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში იცვლებოდა საქართველოს მიმართება სხვადასხვა ქვეყნებთან, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ელფერს იცვლიდა ამ ურთიერთობების ხასიათი.
შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ჩამოყალიბებისა და განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო მთელი წინარე განვითარება, რასაც უნდა დაფუძნებოდა ახალი ქრისტიანული ხელოვნება. გგვიანანტიკურ ხანაში, როდესაც კულტურული და მხატვრული კავშირები ქვეყნებს შორის უკიდურესად გაღრმავდა და გაფარდოვდა, როდესაც ელინისტურ-რომაული, პართული და შემდეგ სასანური ირანის გავლენები აქტიურ ზემოქმედებას ახდენდა უძველეს ტრადიციების მქონე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კულტურაზე, ხელოვნების განვითარების რთული და მრავალპლანიანი სურათი იქმნება.
იმისათვის, რომ უფრო გასაგები იყოს ირანის გავლენების მნიშვნელობა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებისათვის, უნდა გავიხსენოთ სიტუაცია ქართლში წინაქრისტიანულ ეპოქაში, როდესაც არქეოლოგიური კვლევების შედეგად მოპოვებული ვერცხლის პლასტიკის ნიმუშები სასანური ირანის გავლენების საინტერესო სურათს წარმოგვიდგენს. სწორედ გვიანანტიკური ტორევტიკა გვეხმარება ამ ეპოქის საქართველოში ხელოვნების ძირეული ტენდენციების გარკვევაში. ხელოვნების ეს დარგი გვიჩვენებს საქართველოში ორიგინალური ადგილობრივი ხელოვნების არსებობას და ქვეყნის კულტურაში ელინიზმისა და ორიენტალიზმის ძალზე თავისებურ ურთიერთმიმართებას. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მიჩნეულია ხელოვნების აღმოსავლური ელემენტების გამტარებლად დასავლეთისაკენ. `შესაძლოა, სწორედ აქ, ე.ი. პართიაში, სომხეთში, საქართველოში მან (იონურ-აღმოსავლურმა სტილმა) ჩაუშვა ყველაზე ღრმა ფესვები და ყველაზე ნაკლებად განიცადა ელინისტური გავლენა. შესაძლოა, სწორედ აქედან ზოგიერთი მოტივი და ახალი სტილი, როგორც პირველად VII-VI საუკუნეებში, კვლავ მოვიდა ბოსფორში.~ ამ ეპოქაში აღმოსავლური ტორევტიკა სულ უფრო დიდ როლს თამაშობს შავიზღვისპირეთის ხალხთა ხელოვნების განვითარებაში. მრავალრიცხოვანი მასალები სამხრეთ კავკასიაში ირანული ტორევტიკის გავლენების კვალს გვიჩვენებს. ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურული სამყაროს ზემოქმედების სფეროში შესული საქართველო, ამავე დროს გვერდს ვერ აუვლიდა ირანული მხატვრული ცენტრების გარკვეულ გავლენას. ეს დუალიზმი თავს იჩენს საქართველოში III საუკუნის I ნახევრიდან, როდესაც რომის იმპერია დაცემისაკენ მიექანება და საერთაშორისო ასპარეზზე სასანიანთა ძლიერი სახელმწიფო გამოდის.
ირანული კულტურის ელემენტები ძველი საქართველოს ცხოვრების ყველა მხარეზე ახდენდა ზემოქმედებას – სახელმწიფოებრივ, რელიგიურ, კულტურულზე. ამგვარად, სასანური ირანის კონტაქტები საქართველოსთან შემზადებული იყო უკვე წინაქრისტიანულ ეპოქაში, როდესაც ქართლის დიდებულთა სამარხებში (III საუკუნის დასასრულისათვის) ვხედავთ დიპლომატიური საჩუქრების სახით მორთმეულ და უძვირფასეს ნივთთა შორის იმქვეყნიურ ცხოვრებაში გატანებულ ვერცხლის მხატვრულ ჭურჭელს სასანიანი დიდებულების გამოსახულებებით (არმაზისხევი, სარგვეში, ერწო). არმაზისხევის პიტიახშთა ნეკროპოლში აღმოჩენილი იბერიაში დამზადებული ვერცხლის ლანგრების სკულპტურულ დეკორში ირანული ელემენტების არსებობა აღმოსავლეთიდან მომდინარე მითრაიზმის ნიშნითაა აღბეჭდილი (საკურთხევლის წინ ტორაღმართული ცხენების გამოსახულებები). ახლოაღმოსავლური სამყაროდან მომდინარე, ოღონდ ადგილობრივ, იბერიულ ნიადაგზე გადამუშავებული იკონოგრაფიის სრულიად განსაკუთრებული ნიმუშებია რთული შედგენილობის ტახტის ვერცხლის სკულპტურული ფეხები ბაგინეთის სამეფო სარკოფაგიდან, რომლებსაც მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში ანალოგია არ მოეპოვება.
რთულ მონოლითურ პლასტიკურ კონსტრუქციაში შერწყმულია ადგილობრივ ხალხურ რწმენათა და უძველეს რელიგიურ წარმოდგენათა მთელი მრავალფეროვნება. სკულპტურული ფანტაზიით შექმნილ ამ მითოლოგიური არსების დიდებულებაში, მის მძლავრ, მოცულობით ფორმებში აღმოსავლური ხელოვნების გავლენის აშკარა კვალი იგრძნობა. აქვე უნდა გავიხსენოთ აღმ. საქართველოში (არაგვისპირი) აღმოჩენილი ვერცხლის ლანგარი არწივის გამოსახულებით, რომელსაც ნისკარტში სასანური ძალაუფლების სიმბოლო - წმინდა ბაფთებიანი გვირგვინი უპყრია.
კულტურული კონტაქტები ირანთან თანდათან გაღრმავდა და ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგაც ირანული ხელოვნება აქტიურად მოქმედებდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების განვითარებაზე. საქართველოს ურთიერთობა ირანულ სამყაროსთან შუა საუკუნეების დასაწყისიდანვე ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. საქართველო-ირანის ურთიერთობები ღრმად და ყოველმხრივ არის შესწავლილი ქართულ საისტორიო მეცნიერებაში (ივ. ჯავახიშვილი, ს. კაკაბაძე, ს. ჯანაშია, მ. ლორთქიფანიძე, ნ. ჯანაშია). ამ ურთიერთობათა შესახებ არაერთი წერილობითი წყარო და ლიტერატურული ნაწარმოები გვაძლევს წარმოდგენას (`ქართლის ცხოვრება~, `შუშანიკის მარტვილობა~, ლაზარე ფარპეცის `სომხეთის ისტორია~ და სხვ.). ირანის დამპყრობლური ზრახვები ქართლში უპირველესად რელიგიურ დევნაში გამოიხატა. ქრისტიანობის ნაცვლად ცეცხლთაყვანისმცემლობის დანერგვა ირანის მბრძანებლებს საქართველოზე ბატონობას განუმტკიცებდა.
ჩემს ამოცანას არ წარმოადგენს საქართველო-ირანის პოლიტიკური ურთიერთობების გარკვევა, მაგრამ ჩვენს განსახილველ ეპოქაში (V-VII სს.) ამ ორი ქვეყნის დამოკიდებულების რამდენიმე ფაქტს მაინც მოვიყვან იმის საილუსტრაციოდ, თუ რა სიტუაცია იყო ამ პერიოდის ქართლში. ეს ეპოქა ირანის შემოტევის განსაკუთრებული გაძლიერებით აღინიშნა. ვს-ში ირანმა ისეთი დიდი ხარკი დაადო ქართლს, რომ სომეხი ისტორიკოსი ელიშე აღნიშნავს: “ირანელებს თვითონ უკვირდათ, საიდან მოდის მთელი ეს განძი, ან როგორ არის ეს ქვეყანა შეძლებული.”
V საუკუნის შუა წლებში შაჰმა იეზდიგერდ II -მ დაიბარა სამხრეთ კავკასიის ხალხთა მეთაურები (ქართლიდან არშუშა პიტიახში) და დიდებულები. მათ აიძულებდნენ მაზდეანობის მიღებას. სამშობლოში დაბრუნებულებს გამოაყოლეს მოგვები, რომლებსაც ევალებოდათ ქრისტიანული ეკლესიების დახურვა, საეკლესიო ქონების წართმევა, ქრისტიანობის მოსპობა ქვეყანაში. 523 წელს სპარსელებმა ქართლში სამეფო ხელისუფლება მოსპეს. “ვითარცა მეფობაი დაესრულა ქართლსა შინა, სპარსნი გაძლიერდეს” - ვკითხულობთ “მოქცევაი ქართლისაი”-ში. მაგრამ ქართლი არ თმობდა თავის რწმენას, იყო გამუდმებული ბრძოლა საკუთარი ეროვნული მრწამსის შესანარჩუნებლად. პირდაპირ, თუ შეფარვით, არა თუ ქართლის მოსახლეობა, არამედ თვით ირანის დანიშნული ადგილობრივი მმართველებიც კი მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ ცეცხლთაყვანისმცემლობას. ეს მშვენივრად აისახა ნუმიზმატიკაში.
VI ს. II ნახევარში იჭრებოდა ე.წ. ქართულ-სასანური ფული (ქართულ-სასანური დრამები), რომლის რევერსზე მაზდეანური ათაშდანი იყო გამოსახული. ერისმთავარ სტეფანოზის დროს კი ამ მონეტებზე მაზდეანურ საკურთხეველზე ქრისტიანული ჯვარი აღიმართა, რაც უდიდეს პოლიტიკურ მოვლენას მოასწავებდა.
ჩვენ გვაინტერესებს ის ზემოქმედება, რომელსაც სასანური ირანი ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში ახდენდა ქართულ კულტურაზე. ამ მოვლენის უფრო სრულად წარმოსაჩენად აუცილებელია სასანური ირანის კულტურის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გათვალისწინება.
სასანური ხელოვნება, ძველაღმოსავლური ხელოვნების უკანასკნელი, დასასრული ფაზა, აზიის ხალხთა ხელოვნების მთელი წინარე განვითარების შედეგს განასახიერებს. იგი ამ უძველესი კულტურული სამყაროს ესთეტიკის სრულუფლებიანი მემკვიდრეა. ისტორიული განვითარების თავისებურებათა წყალობით მან მეზობელ ხალხებსა და ქვეყნებზე ზემოქმედების შესაძლებლობა შეინარჩუნა. სასანური ხელოვნება აღმოსავლური ხელოვნების თავისებური “აღორძინების~ შედეგია. ეს იყო “ისლამის ახალ ცივილიზაციასა და დასავლურ შუა საუკუნეებს შორის გადებული ხიდი~. სასანური ირანის კულტურის დიდ შემოქმედებით მუხტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რომის იმპერიამ, რომელიც კონტაქტში შევიდა მრავალრიცხოვან დამორჩილებულ ქვეყნებთან, იმათგან ბევრი რამ აითვისა. ასეთივე ნაყოფიერი აღმოჩნდა რომის შეხვედრა სასანურ ირანთან, რამაც ორმხრივი ზემოქმედების პროცესის წყალობით მნიშვნელოვნად განაპირობა გვიანრომაული ხელოვნების განვითარება.
უნდა აღინიშნოს, რომ გვიანრომაული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სქემატიზმი და ფრონტალობა სწორედ ირანული ხელოვნების კუთვნილ ნიშან-თვისებებად ითვლება. არ შეიძლება საგანგებოდ არ აღინიშნოს ირანული კულტურის განსაკუთრებული კოსმოპოლიტიზმი. მკვლევარნი არაერთგზის აღნიშნავენ ირანული კულტურის ერთგვარ ბერძნულ “აქცენტს”. ხმელთაშუაზღვისპირეთთან ურთიერთობა ორმხრივი პროცესი იყო, რომელიც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო როგორც ელინური ცივილიზაციისათვის, ასევე ირანისათვის. ტყუილად როდი მიიჩნევს ირანული კულტურის მკვლევარი მარგარეტ რიმშნეიდერი, რომ “სპარსეთის სამეფოს გარეშე არ იქნებოდა არც ელინიზმი, არც რომის იმპერია”.
ირანული კლდის რელიეფების შესწავლამ უფლება მისცა მკვლევართ თვალი გაედევნებიათ სასანურ მონუმენტური რელიეფების შთაგონების წყაროებისათვის და მათ შორის მიეკვლიათ რომის ილუსტრირებული ანალებისათვის. რომაული ხელოვნების ნარატიულმა სტილმა განსაზღვრა კლდის რელიეფთა სატრიუმფო კომპოზიციების ხასიათი. თუმცა თხრობითი ხასიათის, უამრავი დეტალით დატვირთული თხრობითი ხასიათის მოვლენები აქ ლაკონური, რეპრეზენტზტიული, “კონდენსირებული” კომპოზიციებითაა გადმოცემული. ამის საუკეთესო მაგალითია შაპურის სატრიუმფო რელიეფების ციკლი, შექმნილი რომის იმპერატორებზე – გორდიანე III, ფილიპე არაბსა და ვალერიანეზე გამარჯვებათა აღსანიშნავად. ანგარიშგასაწევია ირანული ხელოვნების ცნობილი მკვლევრის რომან გირშმანის მოსაზრება დურა-ევროპოსის სინაგოგის მოხატულობებსა და სასანურ რელიეფურ კომპოზიციებს შორის თავისებური მსგავსების შესახებ. ეს ურთიერთგავლენები, რა თქმა უნდა, დიდად უწყობდა ხელს სხვადასხვა ხალხთა ხელოვნების განვითარებას. მაგრამ სასანური რელიეფი, კომპოზიციის სიმეტრიულობითა და ჰერალდიკურობით, კვლავ წმინდა ირანულ მოვლენად რჩებოდა.
`სასანურ რენესანსზე~ საუბრისას აუცილებელია ამ მოვლენის სიღრმივი არსის განსაზღვრა. რა დაედო საფუძვლად სასანური ირანის ხელოვნებას? რაშია ამ ხელოვნების ძლიერების საიდუმლო? ამ საკითხებთან დაკავშირებით უამრავი ახსნა-განმარტება არსებობს. ამათგან საინტერესოდ მიმაჩნია ფრანგი მკვლევრის დანიელ შლუმბერჟეს მიერ შემოთავაზებული ფორმულირება: `ბერძნული მემკვიდრეობა პართული ხელოვნების მეშვეობით საფუძვლად დაედო სასანურ ხელოვნებას.~9 სასანურ ხელოვნებაში აშკარად ვლინდება ნაცნობობა ბერძნულ მემკვიდრეობასთან, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი თავისი არსით, თავისი ძირებით ძველი აღმოსავლეთის კულტურულ ფესვებზე აღმოცენებულ აღმოსავლურ ხელოვნებად რჩება.
ძველი ისტორიის მკვლევარი მიხეილ როსტოვცევი სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ მცირე აზიის ურბანიზაცია და ელინიზაცია ზედაპირული იყო, რომ ბერძნული ქალაქები, ბერძნული რელიგია, ცხოვრების ელინური წესი, ბერძნული აზროვნება წარმოადგენდა მხოლოდ ბრწყინვალე ზედნაშენს უძველეს ადგილობრივ საძირკველზე.
ელინიზაციის ეს პროცესი ძირითადად საზოგადოების უმაღლეს ფენებს შეეხო, ხალხის ძირითადი მასა კვლავ ანატოლიური რჩებოდა. ეს აზრი მთლიანად შეიძლება განვავრცოთ წინაქრისტიანული ეპოქის საქართველოზე, რადგან აქაც ელინიზაცია ამგვარადვე, ზედაპირულად იყო შემოსული. ხმელთაშუაზღვისპირეთის ბრწყინვალე კულტურას მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენა იყო ნაზიარები, მოსახლეობის მთლიანი მასა კი კვლავ ტრადიციული რწმენისა და მსოფლმხედველობის, აღმოსავლური აზროვნების ერთგული რჩებოდა. დღესაც არ არის მიღწეული აზრთა ერთიანობა პართულ და სასანურ ხელოვნებათა ურთიერთმიმართებაზე. მკვლევართა ნაწილი ადრექრისტიანული ხელოვნების სტილის მთავარ მახასიათებელ ნიშანს – ფრონტალობას, პართული წარმოშობის მოვლენად მიიჩნევს (მ. როსტოვცევი, დ. შლუმბერჟე). იგივე მოსაზრებაა ფიგურათა ხაზგასმულ იერატულობასა და ხაზობრიობასთან დაკავშირებით, რაც უთუოდ ძველაღმოსავლური ძირებიდან უნდა მომდინარეობდეს. შტილის ამ ნიშანთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ე.წ. `პართული ფრონტალობა~ (დ. შლუმბერჟე). `თუ კი ძველი აღმოსავლეთისა ან არქაული საბერძნეთის ხელოვნებაში მოცემული იყო სულიერი არსების _ ღმერთის, ადამიანისა ან ცხოველის ფრონტალური გამოსახულება, ეს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებდა. ფრონტალური გამოსახულება წარმოადგენდა ამ არსების რეალურ შემცვლელს, რომელიც იდუმალად მონაწილეობდა მის ცხოვრებაში. და თუ კი ეს იყო რომელიმე გმირი ან ღვთაება, ასევე სასწაულებრივად მონაწილეობდა მის ზეადამიანურ ძლიერებაში~. ფრონტალურ გამოსახულებათა პირობითობა მრავალფიგურიან კომპოზიციებში, სადაც უკლებლივ ყველა ფიგურა, მათი ურთიერთმიმართების მიუხედავად, ფრონტალურადაა გამოსახული, რაც დღეს ასე უცნაურად გვეჩვენება, იმ შორეული ეპოქის მორწმუნეთათვის თავისთავად ცხადი და გასაგები იყო. ეს პირობითობა აძლიერებს ამ ფრონტალურ გამოსახულებათა მიერ გამოსხივებულ სასიცოცხლო ძალას. პართულ რელიეფთა `იერატულობა~, `სტერეოტიპულობა~ არ გამორიცხავს მათ ძლიერ გამომსახველობას, სიცოცხლისუნარიანობას. კომპოზიციების არქაული სიმარტივე, ერთფეროვნება ამძაფრებს ამ გამოსახულებათა ზემოქმედების ძალას. ეს თავისებურება მოგვიანებით ერთ-ერთი უმთავრესთაგანი გახდება ადრექრისტიანულსა და ბიზანტიურ ხელოვნებაში. ამ თვალსაზრისით ქართული ადრეული რელიეფებიც გამონაკლისს არ წარმოადგენს.
პართული ხელოვნება, შემდგომში ბიზანტიური ხელოვნების მსგავსად, ცდილობდა გამოესახა არა ცხოვრების ხილულობა, საჩინოობა, არამედ მისი მარადიული სულიერი საწყისი, რაც განსაკუთრებული ძალით პერსონაჟთა მზერაშია ასახული. არა სიცოცხლის ხილული ნიშნები, არამედ მისი სიღრმივი არსი. ეს `სპირიტუალისტური~ გამოსახულებანი ბიზანტიური და შუა საუკუნეების ხელოვნების ქმნილებათა შორეულ წინაპრებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ადრექრისტიანული სახეების მსგავსად, პართული პერსონაჟები მოგვჩერებიან თავისი ფართოდ გახელილი თვალებით, გვიზიდავენ და უშუალო კონტაქტს ამყარებენ გარე სამყაროსთან, მაყურებელთან. სასანური ხელოვნების ზეგავლენა არსებითია არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ხალხთა ქრისტიანული ხელოვნების განვითარებისათვის, მისი მეშვეობით აღმოსავლური ტრადიციების გავრცელებამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ბიზანტიისა და ევროპის რომანული ხელოვნების განვითარება.
საქართველოში ირანის გავლენები თავს იჩენს ხელოვნების თითქმის ყველა დარგში. მოკლედ აღვნიშნავთ მათ კვალს ხუროთმოძღვრებაში: ეკლესიის ნავების კამაროვანი გადახურვა, თაღების ნალისებური ფორმა, ტრომპებზე დამყარებული გუმბათი, კედლების დანაწევრება დეკორატიული თაღედებით, კონქიანი ნიშების მოტივი, დეკორატიული სვეტები. აქ უთუოდ გასათვალისწინებელია ის `არქაიზმები~, რომლებიც სპარსეთის კულტურამ მემკვიდრეობით მიიღო უძველესი ცივილიზაციებისაგან და გადასცა აზიის, ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყანას. ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ, რომ სასანურ სასახლეთა ცენტრალური გუმბათი კოსმოსს განასახიერებდა. საინტერესოა თვალის გადევნება, თუ რა გზებითა და რაგვარად გარდაიქმნებოდა წარმართულ და მაზდეანურ წრეში გავრცელებული სიმბოლოები ქრისტიან თეოლოგთა მიერ, რომელთაც შესანიშნავად ესმოდათ, რომ ხალხის ცნობიერებაში დამკვიდრებული წარმოდგენები და ასოციაციები ადვილად როდი გარდაიქმნებოდა ახალი რელიგიის მოთხოვნით.
ერთი შეხედვით თითქოს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ სასანურ ირანს გარკვეული წვლილი მიუძღვის ქრისტიანული იკონოგრაფიის ჩამოყალიბებაში, ორნამენტული რეპერტუარის შექმნაში. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იერუსალიმსა და სირიის რეგიონებში შექმნილ იკონოგრაფიულ თემებში. იქ, სადაც ძლიერი იყო აზიის უძველესი მხატვრული ტრადიციები, საუკუნეთა წიაღში ჩამოყალიბებული მხატვრული სახეები. ეს დებულება შეიძლება განვავრცოთ საქართველოზეც, რომელიც ისტორიულად იყო ჩართული ახლო აღმოსავლეთის კულტურულ წრეში. ყველა ემ მოვლენა თვალსაჩინოვდება კონკრეტულ ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით. აქ მხოლოდ ზოგიერთ მომენტზე შევაჩერებ ყურადღებას.
შევეცდები ქართული ადრეული შუა საუკუნეების რელიეფური პლასტიკის ქმნილებების მაგალითზე ვაჩვენო, თუ როგორ აღიქმებოდა და ასიმილირდებოდა ადგილობრივ ნიადაგზე სხვა რელიგიური მრწამსის ხელოვნებიდან მომდინარე ზოგიერთი თემები და მოტივები, როგორ გადაიაზრებდა ქართული ხელოვნება აღმოსავლურ ელემენტებსა და უძველეს სიმბოლოებს.
ადრეული შუა საუკნეების ქართული პლასტიკა ძირითადად წარმოდგენილია არქიტექტურული დეკორით (ბოლნისის სიონი, მცხეთის ჯვრის ტაძარი, ატენი, მარტვილი) და ქვაჯვარების რელიეფური კომპოზიციებით. სწორედ ამ ნაწარმოებებში შეიძლება თვალი გაედევნოს ორიგინალური ადგილობრივი მხატვრული ტრადიციების შეთავსებას წინაქრისტიანული, წარმართული ხელოვნების მოტივებთან და სასანური პლასტიკის რეპერტუარიდან აღებულ თემებთან.
საინტერესოდაა გამოყენებული ყვავილის თემა ადრეული შუა საუკუნეების ქართულ რელიეფურ პლასტიკაში. ყვავილის განსაკუთრებულმა სიმბოლურმა მნიშვნელობამ იმთავითვე მიიპყრო მკვლევართა ყურადღება (კ. ტრევერი, ვ. ლუკონინი, ნ. ჩუბინაშვილი). მკაცრად კანონიზირებულ სასანურ გამოსახულებებში, ძვირფასი ლითონის ჭურჭელზე, კლდის რელიეფებზე, გლიპტიკაში ყვავილი გამოისახებოდა, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, იგი განასახიერებდა პიროვნების მაღალ სოციალურ სტატუსს, ამასთანავე, დაკავშირებული იყო განსაკუთრებით სათაყვანო ღვთაებებთან. შეგახსენებთ, რომ იბერიის პიტიახშის სამარხში, არმაზისხევის ნეკროპოლში, აღმოჩნდა სასანური ვერცხლის ლანგარი დიდებულის გამოსახულებით, რომელსაც მისი მაღალი რანგის ნიშანი _ ყვავილი უპყრია ხელთ. საქართველოში, როგორც ჩანს, კარგად იცნობდნენ სასანურ ირანში გავრცელებული ამ სიმბოლური დეტალის მნიშვნელობა და იგი ოსტატურადაა გამოყენებული ქვასვეტების დეკორში. ქვასვეტების ზოგიერთ რელიეფზე ქართლის დიდებულები ინსიგნიით _ ყვავილით არიან გამოსახულნი. სასანური სამყაროდან წარმომავალი ეს მოტივი ადრეული შუა საუკუნეების ქართლშიც გარკვეული სოციალური სტატუსის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, როგორც ფეოდალის ხელისუფლების ნიშანი (დმანისის, ბოლნისის, სამწევრისის, ბალიჭის, ბრდაძორის ქვასვეტები). რაც შეეხება სტილიზებული ყვავილის (შროშანის) გამოსახვას სკულპტურული ჯვრების მკლავებზე (იხ. დმანური სკულპტურული ჯვრები), ეს უთუოდ იმით იყო გამოწვეული, რომ ყვავილის, როგორც ძალაუფლების სიმბოლოს, არსი შეერწყა ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოს -ჯვრის ძლევამოსილებას.
მგვარადვე იყო აღქმული და ადაპტირებული ქართულ რელიეფებში სასანურ ირანში ფართოდ გავრცელებული ფრთების მოტივი - სამეფო ძალაუფლებისა და სიწმინდის სიმბოლო. ეს სიმბოლური ელემენტი ჩართულია თითქმის ყველა შაჰ-ინ-შაჰის გვირგვინის კომპოზიციაში (იხ. სასანური სამონეტო გამოსახულებები). ქრისტიანული რელიეფების შემქმნელი ქართველი ოსტატებისათვის ეს სიმბოლოები ასოციირდებოდა ძლიერების, ძალაუფლების, სიწმინდის წარმოდგენებთან. ფრთების სწორედ ეს მნიშვნელობა იგულისხმებოდა, როდესაც ადრეული შუა საუკუნეების ქართულ რელიეფებზე მთავარ ქრისტიანულ სიმბოლოს _ ჯვარს თან ახლდა ეს აღმოსავლური ელემენტები, რომლებიც იმ ეპოქის ადამიანისათვის მნიშვნელობით იყო აღსავსე და თითქოს აძლიერებდა და ხაზს უსვამდა ჯვრის ყოვლისშემძლეობასა და ძლევამოსილებას (წილკნის ეკლესიის რელიეფი, V ს., დემირბულაგის სტელა, VI ს.). ამავე ჯგუფის მოტივებს მიეკუთვნება წმინდა ბაფთების (Kosti) თემა, რომელიც ქართულ რელიეფებზე ასევეა ჩართული ჯვრების კომპოზიციაში (რელიეფი გიულბაგიდან, V – VI სს. მიჯნა, აკვანება, VI ს.). საგულისხმოა, რომ ბოლნისის სიონში (V ს. დასასრული) სასანური ბაფთა გამოყენებულია აღმ. ფასადის რელიეფურ ფილაზე ჯვართან ერთად, ტაძრის ინტერიერში კაპიტელებზე მცენარეულ მოტივთან დაკავშირებული.
|