tyoba-erdis eklesia
(saqarTvelos da CrdiloeT kavkasieli xalxis urTierToba tyoba-erdis eklesiis magaliTze)

კავკასიური ერთობის, თარგამოსისაგან კავკასიის მთელი მოსახლეობის წარმომავლობის იდეა ქართველთა ცნობიერებაში `ქართლის ცხოვრებით” მკვიდრდება. რვა ღვიძლი ძმის შთამომავალთ, რომლებიც კავკასიონის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ნაწილში დასახლებულან, მთების სიმაღლე ხელს ვერ უშლიდათ, არა მხოლოდ კეთილად ემეზობლათ, არამედ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში საერთო ძალით გამოსულიყვნენ. ამ ხანგრძლივი ურთიერთობის კვალი შთამბეჭდავადაა ასახული ტოპონიმიკაში, ეთნოლოგიაში, ფოლკლორში და სხვა. [ჯანელიძე, 2003, 22] ბედის თანაზიარებლობასთან ერთად, ქართველებისა და კავკასიელი ხალხების დამახასიათებელი თავისუფლების სიყვარული, ვაჟკაცობა, სიტყვის გაუტეხლობა, ძმადშეფიცვის ტრადიცია იყო ის განსაკუთრებული ფენომენი, რომელიც კავკასიურ ერთობას მაცოცხლებელ იმპულსს სძენდა.
თავისი მოხერხებული მდებარეობის გამო საქართველოს იმთავითვე ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ჩრდილო კავკასიის ხალხებთან. ჯერ კიდევ ქართული სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე, ფარნავაზის ეპოქაში, წყაროებით დასტურდება ქართველთა კავშირი ჩრდილო კავკასიელ ოსებთან და დაღესტნელებთან. თანდათან ეს კავშირი მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხასიათს იძენდა. [კარალიძე, 2009, 24]
XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველომ კავკასიური სამყაროს გამაერთიანებლის როლი იკისრა და დავით IV აღმაშენებელმა შექმნა კიდეც კავკასიური სახელმწიფო `ნიკოფსიითგან დარუბანდისა ზღუამდე და ოვსეთითგან სპერად და არეგაწამდე”.
საქართველოს ჰეგემონობით კავკასიის გაერთიანების საქმეში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა კულტურულ-სარწმუნოებრივ პოლიტიკას. შეიძლება ითქვას ეს უკანასკნელი უფრო მნიშველოვანიც იყო, ვინაიდან ამ გაერთიანების იდეოლოგიური დასაბუთება უნდა მოეხდინა. საგულისხმოა, რომ XI საუკუნის ლეონტი მროველისეული კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობის კონცეფცია, რომელიც თავისთავად ეპოქის სულისკვეთებას გამოხატავდა გაცხადდა შავსა და კასპიის ზღვებს შორის საერთო კავკასიური სახელმწიფოს ფორმირების ისტორიულ ეპოქაში. [კარალიძე, 25] ახლადშექმნილი `კავკასიური სახელმწიფოებრიობის რელიგიურ-კულტურულ საფუძვლად ქრისტიანული რელიგია და კულტურა გვევლინება, რაც უფრო აახლოებდა საქართველოსა და იმიერკავკასიის ხალხებს ერთმანეთთან და აძლევდა საშუალებას გადაეწყვიტათ მათ წინაშე არსებული ისტორიული პრობლემები.
ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ვრცელდებოდა. აღმოსავლეთით კახეთი, დასავლეთით აფხაზთა სამეფო აქტიურობდა, ეგრის-აფხაზეთის მეფე გიორგი II უშუალოდ მონაწილეობდა ალანთა მთავრისა და მისი ახლობლების მონათვლაში. [საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 1973, 443] ქრისტიანობის საშუალებით ქართული ენა აქტიურად ვრცელდებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართულ ანბანს იყენებდნენ ოსები, ვეინახური და ავარიული ტომები, დაღესტანში სოფელ დათუნასთან შემონახულია ქართული ხალხური ხუროთმოძღვრული სტილით ნაგები ქრისტიანული ეკლესია, ხოლო ხუნძახში აღმოჩენილია ქვის ჯვარი, რომელზეც ქართული ასოებით ქართულ-ავარიული სიტყვებია ამოკვეთილი, [ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, 1969, 69] ჩანს აქ ადგილი ჰქონია დამწერლობის შექმნის ცდებს ქართული ანბანის ბაზაზე.
ქართული ეკლესიის როლი ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისიდან აქტიურად გამოიკვეთა, მაგრამ ეს გავლენა ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონზე ერთნაირი არ ყოფილა. ეკლესია და სახელმწიფო ერთობლივად მოქმედებდა. XI საუკუნეში ქართულ ეკლესიაში შემოდიოდა ჩრდილოეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი _ ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ოსეთი, ავარეთი. საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრების დასადგენად მეტად საყურადღებოა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკ I `აღმოსავლეთის პატრიარქად” მოხსენიება, რომელიც დასტურდება ინგუშეთში ტყობა-ერდის ტაძრის წარწერაში. `საქართველოს საპატრიარქოში შედიოდა: 1) ქართლის საკათალიკოსო, 2) აფხაზეთის საკათალიკოსო, 3) სომხეთის სამიტროპოლიტო, 4) ჩრდილოეთ კავკასიის ქრისტიანები”. [ანანია ჯაფარიძე, 1998, 213] გარდა ტყობა-ერდის ტაძრისა ისევე როგორც ინგუშეთში მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველთა ძალისხმევით არაერთი ეკლესია და სამლოცველო აიგო: ალბი-ერდის (სოფ. თარგიმთან) და პამეტის ეკლესიები: ითაზ-ერდის, გალ-ერდის, მაგერდის სამლოცველოები. მდინარე არდონის ხეობაში შემორჩენილია ტუფით ნაგები ეკლესიის _ `ხოზიტა მად მაირამის” ნანგრევები, რომელიც XI საუკუნის I ათწლეულით თარიღდება. [ღამბაშიძე, 1987, 5]
სრულად და მრავალმხრივად ქართული გავლენა იკვეთება ჩრდილოეთ კავკასიაში, ინგუშეთში, ასას ხეობაში მდებარე ტყობა-ერდის ეკლესიაზე, ეს ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ ქართულ ძეგლებს შორის. მისი უეჭველი ქართული წარმომავლობა იკვეთება არამარტო ქართულ არქიტექტურულ კონცეფციაში, არამედ მრავალრიცხოვან მხატვრულ-არქიტექტურულ დეტალებში, ქართულ წარწერებში და ბოლოს იმ სახალხო ლეგენდებსა და გადმოცემებში, რომლებიც შემონახულია ადგილობრივ მოსახლეობაში. [დიდებულიძე, 1973, 72] ამ ტაძრის მშენებლობას ადგილობრივი ტრადიცია თამარ მეფეს მიაწერს, ასვე მეტად საინტერესოა ხალხური თქმულება ლეგენდა, რომელშიც მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია. ამ ლეგენდის მიხედვით მუჰამედმა მოისურვა ჩეჩნეთ-ინგუშეთში ისლამის გავრცელება, აქ მცხოვრებმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს წინააღმდეგობა გაეწიათ და ამ მიზნით მოკლეს მუჰამედის ძმა. ამის შემდეგ მუჰამედმა დატოვა ეს ადგილი და წავიდა, მაგრამ წასვლისას აქ მიწაში ყურანი ჩაფლა, როდესაც ქრისტიანებმა გაიგეს სად იყო ჩაფლული ყურანი იმ ადგილას ეკლესია ააგეს, ეს იყო ტყობა-ერდის ეკლესია, ის ააგეს ქრისტიანმა ქართველებმა, მათ ქვებიც კი საქართველოდან ჩამოიტანეს, ამის შემდეგ აქ დასახლდა ქართველი მეფე. [დიდებულიძე, 72] რა თქმა უნდა ეს ლეგენდა ვერ ჩაითვლება ისტორიულ ჭეშმარიტებად, მაგრამ მასში სიმბოლურად ჩანს ქრისტიანობის გამარჯვება და სახელდობრ ქართული ქრისტიანობის გამარჯვება.         
თავდაპირველად ტყობა-ერდის ტაძარი, რომელიც ნაშენი იყო ტუფით, ქვიშაქვითა და ფიქლით კირის ხსნარზე, წარმოადგენდა `სამეკლესიიან” ბაზილიკას (ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრულ-კომპოზიციური ფენომენი) გარშემოსავლელით სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან. [ღამბაშიძე, 8] ეკლესიას ახლო ანალოგიები მოეძებნება როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე საქართველოში. ქართულ ტაძრებთან სიახლოვე ვლინდება პირველ რიგში ტაძრის გეგმარებით, განსაკუთრებით გადახურვაში და ასევე სხვა მრავალ არქიტექტურულ დეტალში, ყველაზე მეტად მასთან სიახლოვეს ავლენს სავანის ბაზილიკა საჩხერეში. [დიდებულიძე, 73]
ეკლესიის ქართულ წარმომავლობას ადასტურებს ასევე აქ ნაპოვნი XI-XII საუკუნეების ქართული ფსალმუნი. ტყობა-ერდის ტაძრიდან მომდინარეობს მნიშვნელოვანი ძველი ქართული წარწერები. მათში მოხსენიებულნი არიან საქართველოს საეკლესიო მოღვაწენი: ეპისკოპოსი გიორგი (X ს.), კათალიკოსი არსენ II (955-980) და პატრიარქი მელქისედეკ I (XIს. I ნახ.). როგორც აღვნიშნეთ მელქისედეკ I წარწერაში `აღმოსავლეთის პატრიარქად” იწოდება. ეჭვგარეშეა, რომ ტყობა-ერდის აშენების ინიციატივა საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფალთ უნდა მიეწეროს. კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ I თანამედროვის კახეთის მთავრის კვირიკე III (1010-1037) ადმინისტრაციული რეფორმით, ინგუშეთი შედიოდა კახეთის სამთავროს ერთ-ერთ საერისთაოში. აღნიშნული გარემოება, ტაძრის კრამიტებზე კათალიკოს არსენ II სახელის არსებობის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ X ს. II ნახევრის საქართველოს კათალიკოსი არსენ II და ეპისკოპოსი გიორგი, კახეთის ხელისუფლებთან: კვირიკე II (929-976), დავითთან (976-1010), ანდა მათ ერისთავებთან ერთად იყვნენ ტყობა-ერდის ტაძრის მშენებლობის ინიციატორები. [ღამბაშიძე, 9] ზემოთქმულის დასტურად შეიძლება გამოვიყენოთ ეკლესიის დასავლეთის კედელზე დატანილი ბარელიეფი. ბარელიეფზე გამოსახულია სამი მამაკაცის ფიგურა, ცენტრალური ფიგურა ტახტზე ზის, ერთ-ერთ ფიგურას რომელიც გვერდში უდგას ცალ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში ხმალი, მეორე გვერდში მდგომი ფიგურა საეკლესიო სამოსში არის გამოწყობილი, მას მხრებით ყურძნის ორი მტევანი მოაქვს. ამავე ბარელიეფის ორ ფილაზე ამოკვეთილია ქართული წარწერები, დ. ბაქრაძე ამ წარწერების შინაარსის მიხედვით წერდა: `ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ეკლესია აშენებულია ვინმე მეუფე პატრონის დავითის მიერ, ხოლო ოლქს სადაც აშენდა ეკლესია, განაგებდა ეპისკოპოსი გიორგი”. არ არის გამორიცხული, რომ ტახტზე მჯდომი პიროვნება, რომლის თავს ზემოთ გამოსახულია ეკლესიის მოდელი არის სწორედ `პატრონი დავითი”, ვისი ბრძანებითაც აიგო ეკლესია, ხოლო მის გვერდით დგანან გავლენიანი სასულიერო პირი ალბათ ეპისკოპოსი გიორგი და მთავარსარდალი ვისი ძალისხმევითაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა წარმართებში არა მხოლოდ დარწმუნებით არამედ ხმლითაც. [დიდებულიძე, 73] ამრიგად, ტყობა-ერდის ტაძარი არის ქართველთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელების დამადასტურებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი, როგორც არქიტექტურულად ასევე თავისი აგების ისტორიითაც.
ტაძრის სახელწოდებასთან დაკავშირებით საინტერესოა გ. ღამბაშიძის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომელიც ტყობა-ერდის სახელს ასე განმარტავს: `ერდი ითარგმნება, როგორც ღმერთი, სული, წმინდა, ხოლო ტყობა დაკავშირებულია წმინდა თომას სახელთან, ანუ თომაწმინდა, რომელმაც შემდეგ პერიოდებში სახეცვლილება განიცადა, საქართველოში მრავლად არის სახელები გიორგიწმინდა, ელიაწმინდა, ნინოწმინდა და სხვ. გიორგი ღამბაშიძის განმარტებით ტყობა-ერდა უნდა ყოფილიყო ძველი თომა-ერდა, ანუ იგივე წმინდა თომას ეკლესია.” [ღამბაშიძე, 1974, 120-129] მართლაც საქართველოში მრავლად გვხვდება წმინდანის სახელზე აგებული ეკლესიები.

ამრიგად ტყობა-ერდის ტაძარი ჩრდილოეთ კავკასიაზე ქართული გავლენის უტყუარი დასაბუთებაა. წინათ ქართველთა მონათესავე ჩრდილო-კავკასიური ტომები სახელმწიფოებრივად ქართველებთან იყვნენ დაკავშირებულნი და კულტურულად და სარწმუნოებრივადაც მათი ქვეყანა უცილობლად ქართული გავლენის სფეროს ეკუთვნოდა.

 

 



სტატიის ავტორი – თორნიკე დიასამიძე

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ზ. დიდებულიძე – საქართველოსა და ცენტრალური წინაკავკასიის კულტურული ურთიერთობის შესახებ X-XII სს, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების სერია, 1973წ, #1
2. ჯ. კარალიძე - საქართველოს სახელმწიფოს საეკლესიო პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში XI-XIII საუკუნეებში, ჩვენი სულიერების ბალავარი, ტ.I, ბათ., 2009წ
3. მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტII, 1998წ
4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.II, 1973წ
5. გ. ღამბაშიძე – საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა კულტურულ-ისტორიული ურთიერთობა, ფეოდალური ხანის საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ტ.V, 1987წ
6. გ. ღამბაშიძე – ტყობა-ერდას ტაძრის სახელწოდების ახსნისათვის, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების სერია, 1974წ, #2
7. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ტ.I, 1968წ
8. ო. ჯანელიძე – ქართულ-ჩრდილოეთ კავკასიური ურთიერთობის ისტორიიდან, საისტორიო შტუდიები, ტ.IV, 2003წ


 


megobari saitebi

   

01.10.2014