თუშეთის ისტორიული მიმოხილვა

1 2

"დიდო და ყოვლისმპყრობელო და ყოვლის-მპყრობელო ხელმწიფევ, ყოველი ქრისტიანეთ რჯულისა დამამტკიცებელო, სრულებ საქრისტიანოს საჭეთმპყრობელო და ყოველთ ურჯულოთ გამაქარვებელო, დიდის მოსკოვის ტახტზე მჯდომელო და სრულ საქრისტიანოს ზურგო და სიქადულო, დიდებულო ხელმწიფევ, ღვთივ გვირგვინოსანო, მეფეთ მეფევ, დიდო მეფევ, ბატონო ალექსი მიხაილის შვილო: თქვენმა მონდობილმა ქვეყანამა თუშეთმა, ხევსურმა და ფშავმა სრულ ერთობილთა თავი დაგვიკრავს და თქვენს ნადგომს მიწას ვმთხვევნივართ: აგრევე ამას წინათაც, დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები გაახელით და სრულად ერთობილთა თავი დაგიკარით და ასრე მოგახსენეთ, რომ ჩვენ ერთი ღმერთი ვიცით და მეორე საქართველოს ხელმწიფე, მეფე თეიმურაზ, და ჩვენ სხვას ურჯულოს კაცის ხელ-ქვეით არა ვყოფილვართ, თუ არ ქრისტიანს ხელმწიფის ყმანი ვყოფილვართ და გვიმსახურებია და ახლა, ჩვენს ხელმწიფესა ურჯულომ ყეენმა დასძლივა და რადგან ჩვენი ხელმწიფე თქვენ ხელთ ქვეშ არის, დიდო ხელმწიფე, ჩვენც თქვენს ხელთ ქვეშ შევიქნებით და არც უსიკვდილოდ ურჯულოს კაცის ყმობა არ შეგვიძლიან, თუ არ ქრისტიანის ხელმწიფის. და ახლა, მაღალო ხელმწიფევ, ჩვენი ელჩები რომ გამობრუნებულ იყო, და ჩვენი ბატონის რძლის კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და თერგზე რომ მოსულ იყუნეს, ჩვენი ხელმწიფე წინ შემოჰყროდა, და ერთი ჩვენი ელჩი იქ დაეჭირა და ორი კიდევ გამოუშო და ერთი თავისი კაცი ივანე მაქსიმეს შვილი და ასრე ებრძანა ჩვენს ხელმწიფესა ჩვენთვის, რომე ერთი ღმერთი იცოდეთო, და მეორე, ეს დიდ ხელმწიფეო. როგორც ამისმა ბრძანებამ დაგარიგოსთ, ისრე ქენითო, და სხვას კაცისათვის არამც თავი მოგიდრეკიათო, და ან სხვა კაცი თქვენსქვეყანაში შემოგიშვიათო. მოვიდა ჩვენი ელჩებიც და ჩვენის ხელმწიფის გამოგზავნილი კაციცა, და ჩვენთვის მრავალი წყალობა გებრძანებინა და მაგათი ბედნიერი ხელი დაუღებია, ასრე გებრძანა: ჩემი ყმანი შეიქენითო და მემსახურეთო და ვისაც გამტერო, უმტერეთო, თუ რამ დაგჭირდეს, შემატყობინეთო და ლაშქარს მოგაშველებო, და თუ ჩემი ლაშქარი გამოუძახო, ან ლეკზედა ან სხვაგნით, თქვენ მზას იყვენითო, რა ხან ჩემი ბძანება მოგივიდეს, შეიყარენით და ჩემს ლაშქარში გაერივენითო და მილაშქრეთო და სხვა მრავალი წყალობა გებრძანა ჩვენთვინა: ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირის სანაცვლონი გვამყოფოს, და მაგათი დღე ერთი ათასად იქნას: ჩვენ არა ღირს ვიყვენით, რომ ბედნიერს ხელმწიფეს ჩვენთვინ წყალობა ექნა: ეხლა კიდევ ელჩები ვაახელით დიდს ხელმწიფესა რვა კაცი: ნაუმ ივანეს შვილი, პეტრო ნაუმის შვილი, ალექსანდრე აბრამის შვილი, მიხაილ გრიგოლის შვილი, გრიგოლ მიხაილის შვილი, ივანე ივანეს შვილი, სვიმონ ზაქარიას შვილი, კუზმა სვიმონის შვილი გამოგვიგზავნია და შვევიტყვეთ, რომ ჩვენი ხელმწიფე თქვენთან წამოსულა და როგორაც თქვენი ბრძანება გამოვა, ისრე ვიქთ, და ისრე გემსახურებით" (16)
რასაკვირველია, თუშ-ფშავ-ხევსურების ეს დიპლომატიური მიმოწერა მოსკოვის მეფესთან ნაკარნახევი იყო კახეთის მეფის თეიმურაზ I მიერ, რომელიც ისტორიული უკუღმართობის ორომტრიალში იყო ჩავარდნილი. შაჰ-აბასისაგან დევნილი თეიმურაზი ცდილობდა, მოსკოვის მეფის დახმარებით, კახეთიდან სპარსელები განედევნა და თავისი ტახტი აღედგინა. ამისათვის მას უნდოდა თუშ-ფშავ ხევსურეთი, სადაც ის ხშირად თავს აფარებდა, დიპლომატიური ენით აემეტყველებინა.
მაგრამ სპარსელებისა და ლეკებისაგან არც თუშებს ჰქონდათ მოსვენება. ლეკები იტაცებდნენ თუშების სარჩო-საბადებელს, საქონელს და ტყვეებად ადამიანებიც მიჰყავდათ, რომელთა დასახსნელად დიდ გამოსასყიდს მოითხოვდნენ. თუშური ხალხური პოეზია სავსეა ამ ლეკური ტყვეობის გოდებით. ამის შესახებ ქართულ მატიანეშიც მოიპოვება მოკლე ცნობები: "ჩამოვიდა კახეთში დიდი ჯარი ლეკის, მიუხდნენ თუშეთს, ბევრი ავნეს. ჩამოვიდა ამბავი, მოახსენა ბატონს, მაშინვე წაბრძანდა კახი ბატონი კახეთს, მიეშველა თუშეთს" (17).
რასაკვირველია, არც თუშები ისხდნენ გულხელდაკრეფილი და ლეკებს სამაგიეროსაც უხდიდნენ. დავით III (იმამ-ყული-ხანი - 1703 -1722) დროს, მემატიანის ცნობით, დროებით მშვიდობიანობა ჩამოვარდნილა კახეთსა და ლეკებს შორის, მაგრამ ეს ზავი თუშებს თურმე დაურღვევიათ: "ხოლო კახთა და ლეკთა ზავთა შორის წარვიდენ თუშნი, მოსრნეს რაოდენიცა ჰპოვეს ლეკნი და მწყემსნი და წარმოიღეს არვე დიდძალი, ეწივნენ ჭარელნიცა, არამედ მოსრნეს თუშთავე და აოტნეს იგინიცა და მოვიდნენ მშვიდობით. ამისთვის მოგზავნეს ჭარელთა: "არის მშვიდობა ჩვენ შორის, რად ჰყვეს თუშთა ესე". განრისხდა იმამ-ყული-ხანი და ბრძანა მიცემა მონაღებისა. ხოლო თუშთა არა ინებეს. კვალად წავიდა მოურავი მათი და არც მას უსმინეს. ამხედრდა თვით იმამ-ყული-ხანი და მივიდა და უბრძანა ცემა თოფთა, არამედ მათ რა იხილეს იმამ-ყული-ხანი, შეაქციეს ზურგი და დასდგნენ უსაჭურვლონი, და მსროლელთაცა არღარა თუ იკადრეს მიხედვად. ამისთვის შეიწყალა მეფემან და არღარა მოსრნა, გარნა წარუხვნა ნატყვენავი და მისცა ლეკთა არვითურთ" (ვახუშტი, საქ. ცხოვ. გვ. 206).

ქართლ-კახეთის სამეფოს უკანასკნელი საუკუნის მიწურულში ლეკების თარეშმა საშიში და მწვავე ხასიათი მიიღო და თუშეთის პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორც დაღესტნის მოსაზღვრე პროვინციისა, გაორკეცდა. თეიმურაზ II (1744-1760) და ერეკლე II (1744-1798) განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ თუშ-ფშავ ხევსურებს და მათგან ჰქმნიდნენ საიმედო და თავდადებულ რაზმებს, რომლებსაც პირველ ყოვლისა, ევალებოდათ ლეკებისაგან კახეთის ჩრდილოეთი საზღვრის დაცვა. და როდესაც ლეკების თარეშის ასალაგმავად ერეკლე II მორიგი ლაშქრობა განაღინა, მან ამ ბეგრისაგან თუშ-ფშავ-ხევსურნი გაათავისუფლა (18), რადგანაც ესენი ლეკების საზღვრების სადარაჯოზე მუდამ შეიარაღებულნი იდგნენ.
ამას გარდა, თეიმურაზ II და ერეკლე II ხშირად იხიზნებოდნენ თუშ-ფშავ-ხევსურეთში, ცხოვრობდნენ იქ და მათში ერთგვარი პატივი და სიყვარული ჰქონდათ მოპოვებული, ამიტომ მეფის სასახლის ამალაში თუშ-ფშავ ხევსურნიც ერივნენ. ერეკლე II-ზე თუშებში დღესაცაა შემორჩენილი მოგონებები. სხვათა შორის, ასეთი გადმოცემაც არსებობს: ერთი თუში თურმე მდგარა ერეკლეს სასახლის სადარაჯოზე; მას ღამის წყვდიადში სასახლეში შემავალი ერეკლე ვერ უცვნია და დაუძახია, ეი, ვინა ხარ? მეფეს ხმა არ გაუცია. თუში მივარდნილა და გაურტყამს. ამაზე გაბრაზებულ მეფეს დაუყვირია, რას სჩადიხარ, შე ბრიყვო, მეფეს რათა სცემ? თუში შემკრთალა და მის წინ მუხლი მოუყრია. ერეკლეს ის წამოუყენებია, მხარზე ხელი გადაუსვამს და უთქვამს: ყოჩაღ, თუშო, რომ ასე ერთგულად ყარაულობ ჩემს სასახლესო.
თუშების ასეთი ერთგულების სტიმული პოლიტიკურ-ეკონომიური ხასიათისა იყო. ერეკლეში ისინი ხედავდნენ ლეკებისაგან მფარველ ძალას. ამასთანავე, თუშების ცხვრის ზამთრისსაძოვართა ბატონ-პატრონი მეფე იყო. ამიტომ თუშებს მეფესთან საფერაო საქმე ჰქონდათ და მას ერთგულად იცავდნენ. ერეკლე II თუშებში ეძებდა ერთგულ და საიმედო ძალას, რომელიც არ იყო მოშხამული მონურ-ბატონყმული და მოღალატური სულისკვეთებით, რაც ახასიათებდა იმ დროის ბარის საქართველოს ბატონყმურ საზოგადოებას.
ამასთანავე, თუშების ცხვარი მეფის ხაზინას საგრძნობ შემოსავალს აძლევდა. ამ მხრივ რომ ხელისუფლების დაინტერესება დიდი ყოფილა, ამას მოწმობს თუშებისადმი მცემული 1757 წლის სიგელი (19), რომელსაც ხელს აწერენ მეფეთა მეფე თეიმურაზ და მეფე ერეკლე.
ამ 1757 წლის სიგელით ეს მეფეები სამემკვიდრეოდ და მუდმივ მფლობელობაში აძლევენ თუშებს "ალონს" ან ალვანის მინდორს: "... არც ჩვენ და არც შვილმან ჩვენმან იქ (ალვანში) სოფელი არც დაასახლონ და არც ავაშენოთ ჩვენ და არც ალონის ადგილი და მიწა გავცეთ… თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის ამ რიგად გვიბოძებია… არ მოგეშალოსთ ჩვენგან და არც სხვათა ჩვენთა შემდეგთა მეფეთა და მეპატრონეთაგან… თქვენ როგორც ძველთაგან ან საბალახე და საფოთლე გერთმეოდესთ და საკომლო, ისე გამოგერთმეოდესთ. ამ რიგად ეს წყალობა გვიქნია, საცა ალონის ადგილში სოფელი არ ყოფილიყოს და დღეს არც ჩვენ და არც შვილმან ჩვენმან იქ სოფელი არც დაასახლოს და არც ავაშენოთ ჩვენ და არც ალონის ადგილი და მიწა გავცეთ. თქვენთვის და შვილთა თქვენთათვის იმ რიგად გვიბიძებია ჩვენად ერთგულობისათვის და სამსახურისათვის სამკვიდროდ. ასე გიბოძეთ რაგვარადაც ამ სიგელში დაგვიწერია. არ მოგეშალოსთ ჩვენგან და არც სხვათა ჩვენთანა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან".
ამგვარად, ირკვევა, რომ ალონის ველზე, რომელიც თუშებს ჯერ კიდევ ლევან II დაუთმო ზამთრის საძოვრად, სოფლები შენდებოდა და ამით ვიწროვდებოდა საძოვრის ფართობი. ეს კი საფრთხეს უმზადებდა თუშეთის მეცხვარეობის განვითარებას და ამიტომ მისი ხრული დასაკუთრებისთვის საჭირო იყო მეფის ბრძანება და სიგელი, რომელიც 1757 წელს თუშებს უკვე ებოძათ.
სამაგიეროდ, თუშებს მეფის ხაზინაში შეჰქონდათ საბალახო და საკომლო გადასახადი და თავის ხმლითაც მეფეებს ერთგვარად ემსახურებოდნენ. მაგრამ 1757 წლის სიგელმა თუშებსა და მეზობლებს შორის (ბახტრიონელები, ფშაველები და ლალისყურელები) შუღლი დაბადა. ეს სოფლები ალვანის მინდორზე ხვნა-თესვას ეწეოდნენ და 1757 წლის სიგელით თუშებმა მათ ეს აუკრძალეს. ამას მოჰყვა ორივე მოწინააღმდეგე მხარის ერთმანეთზე მტრული გადაკიდება, მიხტომა, საქონლის მოტაცება, ქურდობა და სხვა. ხელისუფლება იძულებული გახდა საქმეში ჩარეულიყო და 1781 წელს ერეკლემ ბრძანება გასცა თუშთა მოურავის სახელზე, რომელსაც საქმის მოსაგვარებლად აძლევს სათანადო დარიგება-განმარტებებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, თუშები ფშავ-ხევსურებთან ერთად შეადგენდნენ მეფის ძლიერ და საიმედო რაზმებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ერეკლეს სხვადასხვა ბრძოლაში. სამწუხაროდ, ქართველ მემატიანეს ამის შესახებ ჩვენთვის ცნობები არ შემოუნახავს, მაგრამ ზეპირსიტყვაობაში ის დღემდეა დაცული, ამ შემთხვევაში ქართველი მემატიანე დუმს. იგი ვაჟკაცობას უქებს მაღალ და გაბატონებულ წოდებას და მდაბიო და ხალხის გმირობაზე სრულიად დუმს.
ამ მხრივ საყურადღებოა ასპინძის ომი (1770 წ.), სადაც ხევსურებთან ერთად თუშებიც იბრძოდნენ. თუშებში გმირობის სახელი მოუხვეჭიათ კოხიო ბობღიაშვილს, ნაკუდა ქუძეშვილს, დილოიძეს და სხვა. ამაზეა ნათქვამი ეს ლექსი:

თვალიც უჭირავს ქვეყანას, კოხიო გაირჯებაო,
დიდის ბატონის ჯარშიდა წინ ვერვინ დაუდგებაო,
ბატონის თვალი წყალობდა, ბატონს არ მოუკვდებაო.
ნაკუდა ქუიძეშვილი რა კანჯარივით ხტებაო,
შვიდი აკაფა ხმალდახმალ, რიგი ხანჯალზედ დგებაო (20).

ასპინძიდან გამარჯვებულ ჯარს წალკის სერზე შეუსვენია. ერეკლეს აქ უხმია დილოძე და უთქვამს: "ჩემო თუშო, გულადობისთვის აი ეს ხეობა შენთვის მიჩუქნია". დილოიძეს წალკის ბოძებაზე უარი უთქვამს და მის ნაცვლად ერეკლესათვის ხევსურის ხმალი უთხოვია. მეფეს ხევსურისათვის ხმლის წონა ოქრო მიუცია და ის დილოიძისათვის უფეშქანია (21). 1785 წელს კახეთში გაილაშქრა ავარიის ცნობილმა თმარ-ხანმა, რომელმაც 11 000-იანი ჯარით გადმოლახა ალაზანი და უშიშრად დაიწყო კახეთში თარეში. ერეკლე იძულებული იყო, ომარ-ხანისთვის 10.000 მანეთი ჯამაგირი ეძლია.
ამ ომარ-ხანის რისხვა თუშებსაც არ ასცდენია. მისი ჯარი ნუცალის წინამძღოლობით თუშეთს შესევია და ხარკიც დაუდვია. მაგრამ ნუცალი ამასაც არ დაჯერებულა და თუშეთის შემოსამტკიცებლად მისი გამაჰმადიანება განუზრახავს. ნუცალისათვის თუშებს მიუგზავნიათ საპატიო მოხუცი ა ნ თ ა დევდრისი და მოფიქრებისათვის დრო უთხოვიათ. ამავე დროს თუშებს მხედრები უფრენიათ ლევან ბატონიშვილთან და დახმარება უთხოვიათ. მეფის ჯარიც გადმოსულა ღამით და გირევის ღელეზე დაბანაკებულა. ნუცალს თურმე სინათლე შეუნიშნავს, მაგრამ ანთას დაურწმუნებია, ეს მეცხვარეთა ბანაკიდანააო. ნუცალი მაინც შიშობდა და, რომ დარწმუნებულიყო მის გულწრფელობაში, ცხენის ხორცის შეჭმა უბრძანებია. ანათამ ეს ბრძანება შეასრულა. ამ დროს ნუცალის ბანაკს თავს ესხმის მეფის ჯარი და ანადგურებს. ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია:

ქაჩუსა თავსა გადმოდის დიდი ნუცალის ჯარია,
ჩამოდგა გირევის ვაკეს, როგორც ნაგუბარ წყალია.
წოვათის დევდრის ანთაი ნუცალს მიუა კარზედა,
წინ დაუდგ ოქროს ტაბაკი, ზედ კვიცის ხორცი აწყვია,
დანა ზედ უძევს ჯავარი, გიშრისა კარი აგია,
სჭამს და ვერა ძღებოდის, ღვთისგან მოელოდ შველასა.
შეიტყო ითაბანულმა, ლურჯას დააკრა ნალები,
საგათენებლოდ ჩავალის გრემის ბატონის კარზედა:
"ლევანო, ჩვენო ხელმწიფევ, ჩვენა გვიბოძე ყმანია".
ლევანმა ჯარი შეყარა ათასი მეომარია,
აანთო მაშხალაები, ღამით გაიხნო გზანია,
გარდადის ნაყევეჩოსა, ღმერთო დასწერე ჯვარია.
ითაბანულის ლურჯაი ნაყავეჩს გდია მკვდარია,
გვერდთ უზის თავის პატრონი, დასტირის როგორც ქალია.
ვინ გახვალთ გირევის წყალსა, ვინ გაიმეტებთ თავსაო,
წინ გავიდ გირევის წყალსა ვაჟი ლურჯ პერანგიანი,
იქნებოდ საგინაშვილი, ვისაც ანდერაზ ჰქვიანო,
ჩავიდა, ჩამოერივა სალთხუცის ნარქაფითაო,
ნუცალს ჩაუჭრა კარავი ნაკუდაურის ხმლითაო.
ცოლი ნუცალის ტიროდა: "ნეტარ ნუცალ რა იქნა?"
ნუცალი ანდერაზმ მოკლა, ყორნებს ჩაქონდა მწკალითა".
ლეკთა სტირიან ქალები, აღარ მოგვივლენ ქმარები,
ცხენებთ რა ვუყოთ ტიალთა, დაწყვიტეს ლაგამთ ტარები,
ზოგთა სთქვეს: "ბაშტეს შევყაროთ, მაგრა დავგულოთ კარები",
ზოგთა სთქვეს: "მთაზედ გაუშოთ, თავზე წავყაროთ ლაგმები",
ზოგთა სთქვეს: "უკუღმ შევკაზმოთ, ზედ თავათ შევსხდეთ ქალები,
გავიდეთ თუშისკენ, იქავ იქავ შევირთოთ ქმარები".

საქართველოს რუსეთთან შეერთებისა და თვითმპყრობელობის ჩვენში დამყარების პირველ პერიოდში, იმპერიალისტური რუსეთი შეუდგა კავკასიის დაპყრობის საქმეს, რომელშიაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი თავადების დიდი ნაწილი. ამან გააღრმავა კავკასიაში მობინადრე ტომების საქართველოსადმი მტრული განწყობილება, განსაკუთრებით ლეკებ-ჩაჩან-ინგუშებში, რომლებიც გააფთრებით ებრძოდნენ თვითმპყრობელურ რუსეთს და კავკასიის ისტორიაში გმირობის სახელი მოიხვეჭეს. ამან უფრო გაართულა თუშეთის მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ თუშეთის პოზიცია ამ შემთხვევაში ლეკ-ჩაჩნ-ინგუშებისთვის გარკვეული იყო, მათ მოწინააღმდეგე ბანაკში იყო მოქცეული.
ამიტომაც ლეკების თავდასხმას ჩაჩან-ინგუშთა შემოსევა და თუშეთის აკლება დაემატა. ახლა თუშეთს ამ ფრონტზედაც უხდებოდა თავდაცვითი ბრძოლის წარმოება.
ამ მხრივ საყურადღებოა ქისტის ბელადის მურთაზის შემოსევა და ფარსმის ციხის გარემოცვა. ხალხური გამოცემით, ჩაჩან-ინგუშთა ნაიბს - მურთაზს დიდი ლაშქარი წამოუსხამს, რომლის აღრიცხვა მას გასჭირვებია. ანგარიშისთვის, მურთაზის ბრძანებით, მოლაშქრეებს თითო ქვა აუღიათ და ერთ ადგილზე დაუყრიათ, რომლისგან მთელი გორა დამდგარა.
მურთაზი ზარბაზანით გამოსულა და მისდგომია ფარსმის ციხეს. ციხეში თუშები გამაგრებულან და ვერაფერი დაუკლია. მაშინ მურთაზს ციხის სანგლით აფეთქება უბრძანებია. თუშებს ეს დროზე გაუგიათ და ერთ თუშის ქალს, კახოს თინას თავისი მანდილი ერბოში ამოუვლია, სანგალში გადაუგდია და ის აუფეთქებია. ამ თინას გმირობაზე ასეთი ლექსია გამოთქმული:

ფარსმის ბრძოლისა ციხეო, შიშით გაქანებს ქარიო,
შიგ სხედან თუშის შვილები, თოფთ პირებს ასდის ალიო.
თინაო, ღმერთმა გაცხონოს, სული ხომ ლაღად არიო,
თმას შემაიხვი მანდილი, წელს შემაირტყი ხმალიო.
გეერეოდი ლაშქარში, ჩალად დაყარე მკვდარიო,
უკან გამოგყვა მეკოპარ - ფარსმან ნარჩევნი ყმანია,
გაჰკვირვებოდა დღესტნელებს თინას ნაომარიო,
ან მკლავი როგორ უძლებდა ან სამღარიანი ხმალიო.
იქით გაიქცა მურთაზი, გადაირია მთანიო,
ქაჩუის ღელეს ჩასტირის, როგორც თმიანი ქალიო.
წინ ცოლი შემოეგება თურეშაულთი ქალიო.
- მურთაზ, რად გამოქცეულხარ, რად შეგვირცხვინე გვარიო?
- თუშთ გამიწყვიტეს ლაშქარი, მოველი სირცხვილიანი.
- სირცხვილიანის მოსვლასა სიკვდილ სჯობს ნამუსიანი.

ჩქარა თავიანთი დროშებით ხევსურებიც გამოჩენილან და ხევსურეთის კოპალეს მიჰგებებია ფარსმის წმ. გიორგი. ამტყდარა ჭექა ქუხილიც:

ცა  ჭეხდეს, ქუხდეს, წმ. გიორგი იქნება.
ნოგიროს წვერზე დაბრძანდა გიორგი დობილიანი,
მთის ძირში შემოეგება კოპალე ბოვრაყიანი.

მტერს შიშის ზარი დასცემია და ძლეული მურთაზი გაქცეულა. ბრძოლის ეს ეპიზოდი ასეა გალექსილი:

ქაჩუსა ძირსა შემოვიდ მურთაზ დიდითა ჯარითა,
ფარსმისა თავსა გადმოდგა დაფიან-ზარბაზნიანი,
ფარსმის ვაკეში ჩამოდგა ალმიან-დროშიანია.
ფარსმას ვერ გასტეხ, მურთაზო, ქევხაი ნაქსოვიანი,
რკინის ვერ დაღლეწ კარებსა, კოპალე დიჩინიანი.
ფარსმაში კოხტა ციხეებს შენ ვერ დაუღებ კარებსა,
შიგნით ვერ გამორეკავდი ლამაზ-ლამაზსა ქალებსა.
შიგა ზის ალოს ალუდა, ქორი აფეთებს თვალებსა,
უკანვე დაგაბრუნებსა, მტირალს გაგზავნის შინათა,
ხირიმებს არც კი გაკადრებს, მაჟრებით შეგიჯერებსა,
ტყვია-წამალი ბევრი აქვს, ასი ოსმალოს ტოლია.
უკან გამოგყვა მეკოპარ-ფარსმან ნარჩევნი ყმანია,
შემოგაბრუნებს პირ-აღმა, გატირეს, როგორც ქალია.
მთას გადატირის მურთაზი, ფარსმაში დამარცხებული,
ჯარ თუშებს გავაწყვეტინე, დაღესტანს შემრცხვენდებაო.
გზათ დედა მოგეგებების, მურთაზ, რა უყავ ჯარიო?
ჯერ თუშებს გააწყვეტინე, შინ მოხველ სირცხვილიანი.

მურთაზისათვის თუშებს წაურთმევიათ ზარბაზანი, რომელიც დღეს ინახება სოფ. ჭეშოში და აქვს ასეთი არაბული წარწერა: "ამალი აჰმად" (აჰმადის საქმე ან ნაკეთები). უკან გაბრუნებისას დამარცხებულ მურთაზს, ლაშქრის დანაკლისის გამოსარკვევად, უბრძანებია სააღრიცხვოდ დაყრილი ქვის სათითაოდ აკრება. ქვის ერთი მესამედი ქაჩუს გადასავალზე დღესაცაა დარჩენილი და მას მურთაზის გოხს (ქვას) ეძახიან.
არც საისტორიო წყაროებიდან და არც ხალხური გადმოცემებიდან არა ჩანს, რომ თუშებს მონაწილეობა მიეღოთ მთიულების ამბოხებაში და აგრეთვე ალექსანდრე ბატონიშვილის შეთქმულებაში რუსეთის წინააღმდეგ. მართალია, ალექსანდრე სპარსეთიდან თუშებსაც მოუწოდებდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასეთ ბარათსაც კი უგზავნიდა: ‘’ქ.ჩვენ მაგიერად ერთობლივ თუშთ ასე ეუწყოსთ, მემრე ჩვენი ამბავი ესრეთ იუწყეთ. ჩვენს მოწყალეს ხელმწიფეს, როდესაც ვიახლეთდა ჩვენი საჩივარი მოვახსენეთ, ხელმწიფეს მაშინვე თვისის ურიცხვის მოწყალებით მთელს ერანში ბრძანებები გასცა და საქართველოში წამობრძანების თადარიგში შევიდა. სხვა რიგათაც მრავალი წყალობები მოიღო ჩვენზედა და ჩვენთან მყოფს თავადებზედა თეთრით ხალათებით, ცხენებით, იარაღებით თუ სხვა წყალობებით. ასეთი წყალობები მოიღო ჩვენზედ და ასეთი პატივი მოგვცა, რომ არა ერანის ხელმწიფეს ჩვენთა მამაპაპაზედ ამისთანა წყალობა არ მოუღია და არც ამისთანა პატივი მიუღიათ და არც სხვას დროს სხვას ხელმწიფისაგან თავადებს ამისთანა წყალობა არ მიუღიათ, როგორითაც ჩვენთან მყოფთ წყალობები მიიღეს. ყოველის ადგილებიდან ორმოცის დღის ნავროზს წინათ ჯარები მოიყვანეს და ჯარების სანი ნახა ხელმწიფემ და თავის უფროს აბაზ-მირზას დიდროვანი ჯარები უბოძა და ჩვენც თანგვაახლა და მარტის ოცდარვას თერანიდან გამოვედით და მანდეთკენ წამოვედით, ჩვიდმეტს დღეს უკან თითონ ხელმწიფეც დიდროვანის თავისის ზღვისებრის ჯარებით მანდეთკენ წამობრძანდება. ჩვენ ამას გწერთ, რომ რადგანაც ხელმწიფემ ურიცხვი მოწყალება მოიღო და ჩვენის ოჯახის ამამგდებლების მანდედამ გაყრა (იგულისხმება რუსები) ინება, თქვენ არამც და არამც ასეთი საქმე ჰქნათ, რომ დიდებულის ხელმწიფის რისხვა თქვენს თავზედა მოაწიოთ და საქართველოს წახდენის მიზეზი შეიქნათ და ან თქვენი ცოლი და შვილი დაატყვეოთ. ათას სამასი წელიწადი არის, რომ ჩვენი ოჯახი საქართველოს მეფენი ყოფილან და ერანის ხელმწიფის ყმანი. თქვენს მამათა და პაპათ ყოველთვის ჩვენის ოჯახისათვინ და ჩვენის მამაპაპათ წინ სისხლი დაუღვრიათ თქვენს მამაპაპას. თქვენ ასეთი საქმე არა ქნათ, რომ თქვენი ოჯახიც დაღუპოთ და თქვენი ნამსახურობაც და სისხლის დაღვრაც ჩატაროთ. ესენი ლეკები ხომ არ არიან. ხუთი ათასი კაცი არარი ათი ათასი და ოცი ათასი ყანდაარი და ყანდარ ზევით მთელი ერანი მანდ მოდის. ღმერთმა ხომ იცის, რომ ან უნდა მანდ ამოწყდნენ და ან მანდედან რუსები გარეკონ. თქვენ ახლავ ყველანი ჩვენთან წამოდით და წინ მოგვეგებენით ორპირად. მოდის ჯარები, ერთ ჯარში ყეენი ბრძანდება და მეორეს ჯარში შაჰზადა.
ერთი ყარაბაღის გზაზედ მოვა და ერთი გოგჩაზედ. ჩვენც იმ დროს ან ყეენთან ვიქნებით და ან შაჰზადასთან, რომელიც გზა გეახლოვდებოდესთ და ამჯობინოთ, იმ გზაზედ წამოდით და წინ მოგვეგებენით. ხემწიფის ფარვანიც მოგივათ ხათრიჯამობისა და დრო ეს არის. წამოდით, ხელმწიფის წყალობაც დიდი დაგემართებათ, რა როგორადაც რომ თქვენი მამაპაპანი ერთგულნი ყოფილან, უმეტესად ერთგულად თქვენ აღმოჩნდებით. თუ ამ ჩვენს რჩევას დაიჯერებთ და მოხვალთ, ხომ კარგია, თუ არადა თქვენ იცით. ღმერთმან ხომ იცის, რაც ამ წიგნში მოგვიწერია, სწორე და ჭეშმარიტია. ყოველივე თითო ამის პირი ქართლსა და კახეთში ყველასათვის მიგვიწერია და ჩვენი ვალი აგვიხდია. და ახლა თქვენ იცით. მარტის "ვ" (6) ქრ-კს "უჟბ" (492 - 1804 წ. აზის ბეჭედი. ალექსანდრე).
მეფის ძე თეიმურაზ სიყვარულით მოგიკითხათ. თუ ჩვენსა ანბავს იკითხავთ, ჩვენც ამათს უმაღლესობას ბიძა ჩვენსა ვახლავართ და ხემწიფისაგანა ასეთი მოწყალება მოადგა ბიძა ჩვენსა, რომ არას ჩვენს მამაპაპას ხემწიფის ასეთი წყალობა არ მისდგომიათ. ახლა თუ ჩემს რჩევას დაიჯერებთ, ახლავ ამათს უმაღლესობას იახელით, ღმერთმან ხომ იცის, ხელმწიფისაგანაც და მამის ჩვენისაგანაც დიდი წყალობა დაგემართებათ და თუ ამ ჩვენს რჩევასა არ დაიჯერებთ და არ მოხვალთ, საუკუნოთ თქვენს ოჯახს დააქცევთ და ახლა თქვენ იცით“. (აზის ბეჭედი. ქ. მეფის ძე თეიმურაზ.).
ეტყობა თუშებს არ ჰქონიათ ალექსანდრეს გამარჯვების იმედი და ამ ავანტურისგან თავი შეუკავებიათ.
სამაგიეროდ, თუშები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ დაღესტნის დაპყრობისა და შამილის დატყვევების საქმეში. შამილს ღრმა კვალი გაუვლია თუშეთის ისტორიულ წარსულზე, რაც აღბეჭდილია თუშურ ხალხურ საგმირო ლექსებსა და მოგონებებში. აქ დღესაც  არიან შამილის მომსწრე მოხუცები, რომლებსაც მისი ტყვეობაც კი უგემიათ. ამიტომ შამილის ხსოვნა და მისი გმირული მოღვაწეობა ხალხში ჯერ არ გამქრალა და მის სახელს თუშები მუდამ ქებით იხსენიებენ.
თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის პირველ ხანებში შამილი თუშეთთან მეგობრული დამოკიდებულების დამყარებას ცდილობდა და ამ მიზნით თუშებთან კაბუჭის მთაზე დიპლომატიურ მოლაპარაკებასაც თურმე აწარმოებდა. მაგრამ მათ შორის  შეთანხმება შეთანხმება არ მომხდარა.
მაშინ შამილს თუშეთის დასარბევად გაუგზავნია ხათილ მუხამა, რომელიც თავისი ლაშქრით ხისოს ლაცას მთაზე დაბანაკებულია. აქედან ხათილ მუხამას რაზმის ერთი ნაწილი სოფ. ხისოსკენ გაუგზავნია, მეორე კი ქუმელაურთაში. ამ ორ სოფელს მიშველებია პირიქითა და გომეწრის თემის სოფლები, მტერზე იერიში მიუტანიათ და დამარცხებული ხათილ მუხამა დიდის ზარალით უკანვე გაბრუნებულა.
ამ გამარჯვებისთვის მეფის მთავრობას თუშები სამი წლით გადასახადისაგან გაუთავისუფლებია და ამაზეა ეს ლექსიც გამოთქმული:

ერთხელ თურმე იმამ შამლის მუქარა სთხოვეს პირათა:
შენ მგონია დაიკვეხნე, თუშეთს წავალ საომრათა,
თუ მოხვალ, კი გიმასპინძლებთ თუშები ვაჟკაცურადა,
თუ გახსომს ფარსმის თაობა, ან თუ იცნობდი მურთაზსა,
შენცა ეგრე გიმასპინძლებთ, ისრე გაგგზავნით მტირალსა.
ლაცას რომ დავეჯახენით მაღლა ხისოსა მთაზედა,
სამოცი ლეკი მოგიკალთ, ხმალნი გილეწენთ თავზედა,
ჩვენის თოფების ნაბეჭდით სისხლი აწვიმეთ გზაზედა,
ჩვენმა მთავრობამ შეიტყო, წიგნი დასწერა წამზედა,
ფოშტის ფული გვაპატია სამ წელიწადი კვამლზედა.

მაგრამ თუშების ამ გამარჯვებას  ჩქარა მოჰყოლია ლეკების უფრო დიდი ჯარის თავდასხმა და ალდამის მიერ 1838 წელს სოფ. დიკლოსა და შენაქოს აკლება. ალდამი 10000 ჯარით პირველად დაღესტნის მოსაზღვრე სოფ. დიკლოს შესევია და ეს სოფელი გაუნადგურებია. აქ მოვიყვანთ ამ ბრძოლის გალექსილ მატიანეს:

ყური მომიგდეთ, მსმენელნო, ლექსად გეტყვით ყველაფერსა,
უწინ ჩვენ მამაპაპანი სისხლით რწყავდეს მთის კალთებსა,
მტერსა მტრულად უხვდებოდეს, ხმლით იცავდენ ჩვენს საზღვრებსა,
დაღესტნის იმამს უთვლიდეს: „მოდით, გელოდებით ჩვენცა,
თუ მოხვალთ, კი გიმასპინძლებთ, სისხლსა გასმევთ თქვენვე თქვენსა,
თქვენ მოსოქელებს გვეძახით, ქართველები-ჩვენ თუშებსა“.
ეგ რომ გაიგო შამილმა, თავსა თვსა გაიქნევსა:
„ეს როგორი ამბავია, ეუბნება ნაიბებსა,
„რატომ წმინდათ არ გაჟღმენტავთ მაგ მამაძაღლსა თუშებსა“.
შამილსა ჰყავს ერთი ლეკი, ცოტას ეტყვის, ბევრს ითქმევსა:
„ჩვენ თუშებს როგორ გავჟღმეტთ, გმირთა ლომსებრ მეომრებსა,
მათში ერთხელ ჯარათ გახლდით მოგვაფარეს სულ გოხებსა,
ტყვიას ხო არ გვაკმარებდეს, ელვა იდგა მათი ხმლისა.
თან დიაცნი დაჰკიოდნენ, ხელთ იხვევდნენ მანდილებსა:
- დახოცეთ, ნუღარ გაუშვებთ ჭაჭანებას მაგათ ძისა!
ბულათ ხანმა ბაგვაზელმა ყველა პირათმოახსენა:
„თუშებს ვერავინ ვერ დაიჭერს, ვერცა სხვა და ვერცა ჩვენა.
ერთხელ რომ ჯარათ გამგზავნე, ჯარიც მომე ყველა მხრისა,
ნარჩევ-ნარჩევი ბიჭები ამ შენ ნაქებ დაღესტნისა.
თუშურ მთებს რომ გადავდექით, მიწა გვექცეოდა ძირსა,
ერთ ალაგას დავბანაკდით, ჯარი სჭამდა ტკბილათ პურსა,
ზაქარ, ეგა ჰავარელი, ფიქრთ გართული რათმე ზისა,
უთხარ: "ზაქარ, რათა ფიქრობ, რაზე იყურები ძირსა?"
ამოიოხრა და მითხრა ნიშანია ფინთი მხრისა.
გაიხედა, დაინახა, ვინმე იჯდა კლდისა ძირსა,
მითხრა: „ნეტავ ის ვინ არი, თუ მზირია ჩვენი გზისა"
უთხარ: „მწყემსი ვინმე არი, დაღალული ჩრდილში ზისა“.
თურმე ჩვენი მზვერავია, ოთხი კაციც გვერდს უსხედსა.
ხუთმა სროლა აგვიტეხეს, ტყვია მოდის სეტყვასვითა,
ხუთმა თერთმეტი მოგვიკლა, იარაღი ვყარეთ ძირსა,
თურმე თუშებში წესია შერიგებას ნიშნავს ისა.
ახლა შორით დაგვიძახეს: „ჩვენ ხომ კიდევ ომი გვინდა.
იარაღი ხელთ აიღეთ, ახლა პირი ვცადოთ ხმლისა“.
„იარაღს თავი ვანებეთ, ბილიკი ვნახეთ ტყისა.
ჯერ ტყეზე ვისირბილევით, მემრე გზებზე მაღალ მთისა“.
ჯაჰი მურიმ ხუნზახელმა ყველა უთხრა იმამს პირსა:
„მე იმათში ვერ გადავალ, არც ბილიკი ვიცი მთისა,
ალდამს ჰკითხეთ დიდოელსა, იმან იცის იმათ მხრისა,
ის არი მათში ნავალი, რა წესი აქვთ თუშის შვილთა“.
ალდამს უთხრეს: „აბა გვითხარ, რა წესი აქვთ თუშთა შვილთა?“
ალდამ უთხრა: „მე ვყოფილვარ, დღენი იყვნეს ახალ წლისა,
პური, ალუდი, არაყი მეტად მიმღებნი სტუმრისა
ცალი მხრივ ვაჟკაცნი ისხდნენ, ლუდსა სვამდნენ ჯიხვის რქითა,
სადღეგრძელოსაც მოსთქმიდენ მტრის მებრძოლი ვაჟკაცისას.
ცალი მხრით დიაცნი ისხდნენ, ღმერთსა სთხოვდნენ მანდილ ხდითა:
„ღმერთო, უშველე თუშებსა, დაღესტნის იმამი ძირსა!“
ლუდისა მწდენი ქალები წვრილს ხმითა მღეროდიან,
და სიმღერაში მოსთქმიდნენ: „მტრის გამქცევსა არა ვსტირთა,
ჩვენ ყმა იგეთაი მოგვწონს, ვინცმტერს თავს აჭრიდეს ხმლითა,
მტრის მარჯვენებს მოიტანს ლაღი მოყმე კალთებითა,
მიაკრავს ციხის კედელზე, მუდამა ვხედოთ თვალითა“.
მიდგა და მოდგა იმამი, გუნებაში დაფიქრდისა:
„მოდი, იქ ჯარი გავგზავნო, როს დღენია ახალ წლისა.“
ალდამს უთხრა: „შენც წახველი, ჯარიც მოგცეთ დაღესტნისა,
ალდამ უთხრა: „მე კი წავალ, თუ დავბრუნდი ძვირფას ღირსა“.
ალდამი ჯარს გამოუძღვა, ჯარიც მოსდევს დაღესტნისა,
პირველად დიკლოს დაეცნეს, ორღობეა ჩვენ საზღვრისა.
სიტყვობდეს დიკლოელები: „რისხვა დაგვეყარა ცისა,
დაღისტნის ჯარი დაგვეცა, აწ ჩვენ მანსპინძლობა გვინდა.
თუშეთზე ნუ ვათარაშებთ, სირცხვილია ჩვენთვის ესა,
აქვე ჩვენ გაუმასპინძლდეთ, ვაჭამოთ სისხლის პურია,
თითომ თორმეტი მოუკლათ, მაშნ შენდობა გვეთქმისა“.
დიკლოში დიდი ომია და გრიალი თოფებისა,
თოფი ჭეხს, ტყენი უხმობენ, დამღერიან ბუჩქნი ტყისა.
გიოი მოზაიძეი ბექურიძეს ეძახდისა:
„ბერო, ბერო, როგორა ხარ, ხმაი მომდის შენ თოფისა“!
ბერომ წყრომით დაუძახა: „გაჯავრებულ ვარ მე დღესა,
გუშინ თერთმეტი მოვკალი, შვიდის მეტი ვერა დღესა“.
ახლა გიომ დაუძახა: „მაშ სახელი შენ დაგრჩესა“.
მე თორმეტისა მეტი ვერა და თოფიცა ახლა გამწყდა,
თოფი განზე გადააგდო, ხმალზე გაიკრავდა ხელსა,
ხმალდახმალ გამოუარდა, ორსავ თავი მოაჭრისა,
ახლა შორით თოფი დაჰკრეს, ლომი გიოც დეეცისა.
მისცვივდნენ და ხანჯლით სჭრიან: „შენგნით ბევრის დედა სტირსა“.
ომობდა ოსორაული, ვაჟი არ ზოგავს თავსაო,
ჯერ ხო თოფითაც ეომა, მემრ ხელი გაჰკრა ხმალსაო,
ხმალდახმალ გამოუვარდა, უწყალოდ სჭრიდა თავსაო.
ერთსა ლეკსა ხელი სტაცა: „მოდ, ძმობილო, შენ აქაო“.
შინათკენ მიარბენინებს, როგორც რომ ლომი ცხვარსაო.
შინ შეიყვანა ციხეში, მიუსვა სათოფარსაო:
„ლეკო, ესროლე ლეკებსა, თორო მოგაჭრი თავსაო“.
ლეკი ესროდა ლეკებსა, ცრემლები თვალთა ზდისაო,
„ოღონდ ნუ მომკლამ, თისოჯან, კიდევაც ვესვრი სხვასაო.
თისომა ხმალი შემოჰკრა, თავი მოშორდა ტანსაო,
შენ ცოცხალს ვინღა გაგიშობს, შენ ურჯულოსა ძაღლსაო“.
ნეტავი მოყმე ვინ ომობს, კოშკების მოდის ძგერაო,
თუშეთზე ვერ ითარეშებთ, აქვე გეყოფით ჩვენაო,
მასპინძლობასაც გაგიწევთ, სისხლის პურს გაჭმევთ თქვენაო“.
უჯბახიშვილიც ომობდა, მოყმე ლაღ თექიანიო,
ქურაზიშვილიც ომობდა, მათზე სულ ბრაზიანიო.
უზომოთ ლეკთა ხოცვიდეს, ეზონ აქვ სისხლიანიო.
სიტყვობდა ვარდიძის შვილი: დაჰკართ ვინც ხართ გულოვანი,
უწინ ჩვენ მამაპაპანი ყოფილან სახელოვანი.
აწ ჩვენც მათ გავედარნეთ, ნუ მოვკვდებით სირცხვილიანი!
ზემო უბანში ომია, თოფების მოდის გრიალი,
ნოჯარივით მკვდარი ჰყარეს, ლეკები გულშხამიანი,
ერთმანეთს ეუბნებიან: „ვაჟკაცობის ეს დრო არი;
რაც სოფელში ჯარი გვიდგა, დღეს მეთვრამეტე დღე არი“.
აბულ მოტყუვდა, მიენდო ლეკსა ვერცხლითა ძმობილსა,
ადგა და მათთან მივიდა ძმობილისა იმედითა.
ყველანი ფეხზე აუდგეს ჩვენებური მოგვივიდა,
იარაღი ჩამოართვეს, ჩვენთან შიში შენ არ გინდა,
გარშემო შემოეხვივნეს, ვისაც რომ მის ჯავრი სჭირდა,
ჰკითხვენ: „რამდენ მოგვიკალი“, ასე ეტყვის: ვინ გასთვლისა,
კოშკს გარშემო ბევრი ჰყრია თქვენისთანა ძაღლივითა.
მათ ჟიყჟიყი გააბევრეს, აბულ იცის, ტაც მათ უნდა,
უთხრა: „თქვენი ნება არის, მე მოვტყუვდი სირეგვნითა,
იარაღი ჩაგაბარეთ, ხელში დაგრჩით ქალივითა“.
მალვით თოკი მოიტანეს, გაახვიეს ქამანდითა;
ხელფეხი მაგრა შეუკრეს, დააწვინეს ხარივითა,
უწყალოთ ყელი გამოსჭრეს, გაიბერტყა ვეფხვივითა.
ალდამ უთხრა: „ეგ აკმარეთ, ნუღარ დასჭრით ხანჯლებითა,
ეგებ ბეროც მოვიყვანოთ ამისთანა თათბირითა“.
ალდამი ბეროს ეძახის: „ბერო, შენა ხარ ჭკვიანი,
კაცო, მოდი და შევრიგდეთ, ნუ ხარ სულ ხმალსისხლიანი,
ნუც გვხოცავთ, ნურც იხოცებით, კმარა ამდენი ზიანი“.
ბერომან ხმალი უელა: „არ მინდა შენი თქმანიო,
ამის წინაც არა მსურდეს ჩემი ძმების მომკლავნიო,
აწაც ისევე ბერო ვარ, რაც გინდოდეს ის ქენიო,
სოფელი შენ აგვიოხრე, ეს საქმე სულ შენ ქენიო
ახალ წლის დღეს შემოგვლახე, გაგვიმწარე სასმელიო,
უკაცობას დაგვიხედი, აქ არ გვყვანან მოძმენიო,
თექვსმეტი გეომებოდეთ, ვართ ორნიღა დამრჩალნიო.
ჩვენ თქვენ ხელად არ გამოვალთ, ხვთის ფიცი გვაქ ნათქვამიო,
ჩვენი ქართული ეს არის, რაც გინდა, ისა ქენიო“.
ალდამმა თავი დაღუნა, გულში იფიქრა ბევრიო,
დიდი შეშა ააგროვა, თორმეტ საჟენზე ბევრიო,
ციხეს გარშემო მიჰყარა, ცეცხლი მოადგა ცეცხლიო,
ციხის სათოფერებს ცეცხლი სცემს, მაღლა ავარდა ბოლიო,
ვეღარ ომობენ გმირები, შიგადან მეომრებიო,
ბერომ ხმალს უთხრა: „ტიალო, დღეს მოგვესწრაფა დღენიო,
ცეცხლისა ალით თვალ გვეწვის, ვერ გაჭრევინე მტერიო“.
კარში გამოდგა ბეროი, თვალის სინათლით ბნელიო,
ჯარმა ერთბაშ თოფ ისროლა, ალდამმა სთქვა: „აწ ვმღერიო,
გმირი ბერო რა მოვკალით, მთლად ჩვენ დაგვრჩა სოფელიო,
სავაჟეთი დავხოცენით, გამორეკეთ ქალ-რძლებიო“.
ღვთისოი ბექურიძეი მობრუნდა სათოფურთანა,
სათოფურებთან ცეცხლი სცემს, ვეღარ ომობდა ლეკთანა,
მობრუნდა გულბრაზიანი: „ბერო, მეც მოვალ შენთანა“.
დაი მუხლთა მოეხვია: „ძმაო, მომკალით თქვენთანა.
ვერ ვივლი საბუსრმანოში, ძმებო, თქვენს დამხოცვებთანა“.
- დაო, მამეცა იქითა, შე რაზე მოგკლავ ჩემთანა,
შენ რომ მოგკლა, დაო ჩემო, როგორ წავიდე ღმერთსთანა“.
ახლა ცოლმაც დაიკივლა: „მენაც მომკალით თქვენთანა!
თოფ-ხმალსა ხელი უტაცეს: „ორნივ დაგვხოცე ერთადა“.
იელა თისოს ხანჯალმა, დაი დეეცა ძმასთანა,
თვალცრემლიანი დაჰყურებს, ცოლ მიეფარა ბნელათა.
ნინო, შენ სად გაიქეც, აქ ახლოს მოდი ჩემთანა,
ღვიძლი დაი რომ მოვკალი, შენ ვინ გატარებს ლეკთანა.
იელა თისოს ხანჯალმა, ცოლიც მიაგდო დასთანა,
ახლა ლეკმა თოფი დაჰკრა თისოს მარჯვენა ბეჭთანა.
სამნივ ერთად დაიხოცნეს და მტერს მაინც არ დანებდნენ.
დიკლოჩი ქალნი ატირდეს, მოსთქვამდეს ცრემლთა ფრქვევითა:
ავაჰმე, ძმანო, დაღლილნო დიდისა ხნისა ბრძოლითა,
დღე და ღამ დაუძინარნო კოშკს სათოფრებთან ცქერითა,
პირშამურულნი წამლისგან, თოფის უწყვეტი სროლითა,
პურუჭმელებო, მშივრებო, წყურვილით პირგამომშრალნია.
თუშნო, რად არ გვიშველეთა, დღენი შეგვექმნეს შავადა,
ძმები გვერდით დაგვიხოცეს, ტბები გვიბრუნეს სისხლისა.
მივყევართ საბუსურმანოში, აწ ტყვე ვართ დაღესტანისა,
უკან დიდი ჯარი მოგვდევს, წინ ალდამი მიგვიძღვისა,
მობრუნდებ ხმალსა გვიღერს, თქვენივ დიდი ჯავრი მჭირსა,
დაჭრილი მყავს უთვალავი, შვიდოცი ხომ მანდ დამრჩა,
რით გადვიდე დაღესტანში, ან იმამს რა მოვახსენო.
ბაგვაზში ქალი ატირდა, ამბავი რომ უთხრეს ქმრისა,
შენი ქმარი დიკლოს მოკლეს, თუშმა თავი მოაჭრისა.
ქალმა სთქვა ასტამფირილა: „ნეტავ ვინ იყო ისა,
ჩემ ხალითაც რომ შაბედა, ვისა ჰქონდა გული ქვისა,
ან ხმალმან როგორ გაუჭრა ჩემ ხალითას თავი კლდისა.
აკი გითხარ, ხალითო, დადექ, ნუ წახვალ იქაო,
შენ ბაირაღი რა უყავ, ნეტარ ვის დარჩა ისაო,
რატომ არ გამომიგზავნეს, ნაჭერია ჩემი ქმრისა.
ნეტავ თუშნი რა ხალხია, რომ ამდენი დედა სტირსა,
ბევრი გულად ყმისა ცოლი დაღისტანსა ცრემლით სწვიმსა“.

თისო ბელადიშვილი, 71 წლისა. სოფ. დიკლო. 1931 წ.

დიკლოდან ალდამი სოფ. შენაქოში გადასულა, მაგრამ აქ დახვედრია თუშ-ფშავ-ხევსურეთის შეერთებული ჯარი და დამარცხებულა. ალდამი უკანვე გაქცეულა (22). ლეკებისაგან თავმობეზრებული თუშები მაინც იძულებული გამხდარან, შამილისათვის კომლზე ათი შაური ხარკი ეძლიათ.
შამილთან უკანასკნელ ბრძოლებში თავისი გმირობით თუშებში ცნობილია შეთე გულუხაიძე, რომელიც მონაწილეობას იღებდა 1852 წელს დიდოელების დამსჯელი რუსის ჯარის ექსპედიციაში. შეთესთან თურმე მისი სამი ვაჟიც იბრძოდა. უფროსი ვაჟი სასიკვდილოდ დაჭრილა. შეთე დაჭრილთან მისულა და უთქვამს, ვაჟკაცი შვილი მყოლიხარო. დაჭრილი ჩქარა გარდაცვლილა. შეთე მისულა ცხედართან და ზურგზე ხანჯლის წვერით 75 ნიშანი დაუსვამს, შემდეგ ცხედარი 75 ნაწილად აუკუწია და ნათესავებისთვის გაუგზავნია ნიშნად იმისა, რომ თითოეულ მათგანს ლეკებზე შური ეძია და მტრის მოკვეთილი მარჯვენა მისთვის მიეტანა. ერთი თვის შემდეგ მას მართლაც მიუღია 75 ლეკის მარჯვენა. თვითონაც 15 დაუმატებია და ამგვარად შვილის სისხლი აუღია 90 ლეკის დახოცვით (23).
იმპერიალისტური რუსეთისა და დაღესტან-ჩაჩნეთის ბრძოლის ეს ეპოპეა 1859 წელს გუნიბის აღებით და შამილის დატყვევებით დამთავრდა. ამასთან, ბოლო მოეღო თუშ-ლეკების ერთმანეთის დალაშქვრას და ორივენი მონარქიის უხეში ბატონობის ქვეშ მოექცნენ. ამ დროიდან იწყება თუშეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი გარდატეხა.
 რუსეთის თვითმპყრობელური რეჟიმის დამყარებასთან ერთად თუშებშიც იჭრება სავაჭრო კაპიტალი, რომელსაც აქ იზიდავდა თუშური ცხვარი და მატყლის დიდი მარაგი.დატრიალდა ჩარჩული კაპიტალი და თუშებშიც ჩქარა დაადგნენ კაპიტალისტურ გზას. აქ თანდათანობით წარმოიშვნენ მსხვილი მეცხვარეები, რომლებიც თავიანთ ფარას ათასობით თვლიდნენ. ამ მსხვილ მესაკუთრეთა ხელში მოექცა საკმაო კაპიტალი და ცხვარ-მატყლის  დიდი მარაგიც, რასაც მოჰყვა თემური თუშეთის საზოგადოებრიობის დაშლა, ახალი სოციალური გადაჯგუფება და კლასობრივი ურთიერთობის დამყარება.
ამგვარად, XIX საუკუნეში თუშეთის თემობრიობა იშლება, გაბატონდა მონარქიის უხეში ძალა და საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში მსხვილ მესაკუთრეთა მცირე ჯგუფი. ოქტომბრის რევოლუციამ თუშეთის მშრომელი მოსახლეობა გაათავისუფლა გაბატონებული კლასებისგან და განახლებული თუშეთი დღეს ჩაბმულია სოციალისტურ მშენებლობაში.


16. М. Броссе, Переписка грузинских цфрей с Российскими государями от 1639 по 1770 г. СПБ, 1861 г. გვ. 74-75, 229.
17. საქართველოს ცხოვრება, პაპუნა ორბელიანისა (იხ. ზ. ჭიჭინაძე, საქარ. ცხოვრება, 1923 წ., გვ. 54).
18.
Бутков, Материалы для истории Кавказа, Т. I, СПБ. 1869 г. გვ. 288.
19. ამ სიგელის ტექსტის ნაწყვეტები მოყვანილია დ. ალბანელის წერილში ‘’თუშების ორი გუჯარი’’ (იხ. კვალი, 1897 წ.,
N 50, 51, 52), სადაც ავტორი შენიშნავს, რომ ამ გუჯრების პირები მან იფოვა ტფილისის საგუბერნიო მმართველობის არქივში 1808 წლის საქმეებში. ამ გუჯრების დედნები კი, მისივე განცხადებით, გაუტანიათ თუშებს: ფოცხვერს (ცისკარიშვილი), თათოს და ივანეს. ჩვენ გვინდოდა აღნიშნული გუჯრების პირების გადათვალიერება და ტექსტის აქ მოყვანა, მაგრამ მათი მოძებნა საქართველოს ცენტრარქივში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეუძლებელი აღმოჩნდა.
20. რ.  ე რ ი ს თ ა ვ ი, ასპინძის ომი, ტფილისი, 1870 წ., გვ. 15-16; მისივე ქართული სახალხო პოეზია (კრებული, 1880 წ, გვ. 27)
21. ზემო ალვანში მაცნობეს, რომ დილოძის ეს ხმალი გაბო აბაშიძის სახლში ინახებოდა. მე ხმალი გავსინჯე. ხმალი მოხრილა, მას ერთ გვერდზე ახატია პირდაღებული ლომი, მეორეზე კი - ჯვრიანი სფერო. გაბო აბაშიძის თქმით, ამ ხმლის გასასინჯად ხევსურები დღესაც მოდიან, რომ ისინი თურმე ეძებენ დილოძის ამ ხმალს და დიდ საფასურსაც იძლევიან. ხევსურები ხმალს რომ სინჯავენ, მის სინამდვილეში ეჭვობენ, ხმალი თავისი ფორმით და ნაკეთობით არ ჰგავს ხევსურულ ფრანგულას.
22.
И. Цискаров, Дикло и Шенако, газ. «Кавказ», 1846 г. N 27.
23. რ. ერისთავს თავის წერილში
«Мои заметки (Кавказ, 1855 г. N 33)» აქვს აღწერილი ალვანში ნათლისმცემლის ხატობაში ამ შეთესთან შეხვედრის შემთხვევა. შეთე თურმე ყურს უგდებდა მეფანდურე ბრმა თუშის სიმღერას. მეფანდურეს ხოტბით უხსენებია თუშეთის ყველა გმირი, მაგრამ შეთეზე არაფერი გამოუთქვამს. შეთეს ეს სწყენია და უთქვამს, მეც ცოტა რამ ვაჟკაცობა ჩამიდენია და ჩემზე კი არაფერი სთქვიო. მეფანდურეს უპასუხნია, თუშებს წესად არ აქვთ გმირის სიცოცხლეში შექება, რომ არავინ იფიქროს, მეფანდურე მოსყიდულია, ეს კი გმირისთვის სირცხვილიაო.

1 2


სტატიის ავტორი – სერგი მაკალათია;
მასალა აღებულია წიგნიდან - "თუშეთი", გამომცემლობა ნაკადული, თბილისი, 1983 წ.


megobari saitebi

   

19.02.2016