თუშეთის ისტორიული მიმოხილვა

1 2

თუშეთის ისტორია ჯერ გამოუკვლეველია და ბურუსითაა მოცული. არსებული მცირედი ისტორიული მასალაც სათანადოდ შესწავლილი არ არის და ამიტომ ძნელია მისი ისტორიული წარსულის მთლიანი სურათის აღდგენა. მაგრამ ჩვენ აქ შევეცდებით, ამ ნაწყვეტი ცნობების შეკოწიწებით, ზოგადად მაინც გავეცნოთ თუშეთის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების პრინციპებს.

brinjaos irmis qandakeba.
Cv.w. XII-IX ss

პრეისტორიული ხანის ნაშთები თუშეთში მცირედ არის აღმოჩენილი და ისიც შემთხვევითი ხასიათისაა. არქეოლოგიური კვლევა-ძიება აქ არავის უწარმოებია და ამიტომ ჩვენ არ ვიცით, თუშეთის წიაღში რა მნიშვნელობის ნაშთებია ჩაფლული. მაგრამ თუშეთში უკვე აღმოჩენილი პრეისტორიული ხანის ერთეული ნივთები (1) აშკარად მოწმობენ, რომ ისტორიის წინა ხანაში ადამიანს თუშეთის აწინდელ ტერიტორიაზე უცხოვრია და თავისი კულტურული შემოქმედების ნიმუშებიც კაცობრიობისთვის უანდერძებია. თუშეთში აღმოჩენილ ნივთებს შორის საყურადღებოა: ბრინჯაოს ორი ირმის ქანდაკება, რომლებიც თავისი სტილით, ფორმით და ნაკეთობის ტექნიკით მიეკუთვენება კავკასიის ბრინჯაოს ხანას და დათარიღებულია დაახლოებით XII-IX საუკუნეებში ქრ. წინ. ძნელია ამ ფრაგმენტული ქანდაკების დანიშნულების გარკვევა, რომელსაც ქვემო ნაწილი აკლია. ყოველ შემთხვევაში, ირმის ეს ორივე ქანდაკება სამკაული არ უნდა იყოს. მისი დანიშნულება უფრო რიტუალურია, რომელსაც იმდროინდელი გაუთვიცნობიერებელი ადამიანი ალბათ თაყვანს სცემდა.
შემდეგ საყურადღებოა აქ აღმოჩენილი უფრო გვიანდელი დროის ბრინჯაოს ბალთა, რომელიც დაფანჯრულია და ზედ გამოსახულია წაჩოქილი ცხენები. თავისი სტილით და ნაკეთობით ბალთა მიეკუთვნება სკვითურ-სარმატულ ხელოვნებას და დათარიღებულია  V-I საუკუნეებში. ამგვარი ბალთები ჩნდება ჩრდილო-კავკასიის ფარგლებში, განსაკუთრებით დაღესტანში.
ამავე ხანას უნდა მიეკუთვნოს თუშეთში აღმოჩენილი მამაკაცის ბრინჯაოს ქანდაკება, რომელსაც ხელში მოკლე კომბალი უკავია. ქანდაკება საყურადღებოა და უნდა იყოს ღვთაების კერპი.
ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენიდან ირკვევა, რომ თუშეთის ტერიტორიაზე ადამიანს პრეისტორიული ხანიდან უცხოვრია და კულტურულადაც უმოღვაწია. ეს კუთხე თავისი გეოგრაფიული  მდებარეობით ჩრდილო კავკასიას ეკვრის და აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ნაშთებიც კულტურის ამ წრის ნიშნების მატარებელია.
ისტორიულ ხანაში თუშეთი პირველად იხსნება გეოგრაფ პტოლემაიოსის თხზულებაში; იგი ცხოვრობდა მეორე საუკუნეში ქრისტეს შემდეგ. თავის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მას კავკასიის ტომებს შორის მოხსენიებული ჰყავს თუშებიც: კავკასიისა და კერაუნის მთებს შორის არიან ტუსკები
(''ტუსკოი'' - თუშები) და დიდური (დიდოელები)'' (2).
ამასთანავე, პტოლემაიოსი თუშეთს, დიდოსთან და ჩრდილოეთის სხვა ტომებთან ერთად, მიაკუთვნებს აზიის სარმატებს და არა იმდროინდელ ალბანია-იბერიას, რომლის გეოგრაფიული აღწერაც მასვე მოეპოვება. ამ შემთხვევაში პტოლემაიოსი  ემყარებოდა თუშეთის მხოლოდ გეოგრაფიულ მოხაზულობას თუ აგრეთვე მისი მოსახლეობის პოლიტიკურ და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ დაჯგუფებას, ამაზე ცნობების უქონლობის გამო, რაიმე გარკვეული მოსაზრების გამოთქმა ძნელია.
ყოველ შემთხვევაში, ამ პერიოდში თუშეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ჩვენთვის გაურკვეველია. მხოლოდ ვახუშტის თავის გეოგრაფიაში აქვს ნათქვამი: ''ხოლო თუშნი და დიდონი უკეთუ არიან წილნი ლეკოსისა, არამედ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი... და მოხარკენი მათნი'' (გეოგრ, გვ. 103.) მაგრამ ვახუშტის ამ მოსაზრების უკომენტაროდ გაზიარება ძნელია. მით უმეტეს, რომ ავტორს ეს ცნობა არა აქვს უტყუარი ისტორიული ფაქტებით შემოწმებული (3).
ქართულ მატიანეში თუშეთი პირველად იხსენიება წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევაში, როდესაც მირიან მეფემ (323 წ.) მთიელების გასაქრისტიანებლად გაგზავნა წმ. ნინო ერისთავის თანხლებით და „დადგეს ჟალეთსა და უქადაგეს ერწო-თიანელთა, ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელიღეს. ხოლო ფხოველთა (ფშაველთა) დაუტოვეს ქვეყანა მათი და გარდავიდეს თუშეთს და სხვანიცა მთიულელნი უმრავლესნი არა მოიქცეს. არამედ დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი ოდეს არა ინებეს ნათლისღება"-ო. (4).
მემატიანეს ეს მოკლე ცნობა საყურადღებოა, საიდანაც ირკვევა, რომ რელიგიური თუ პოლიტიკური ხასიათის შევიწროება აიძულებდა ქართველ მთიელებს  და ამ შემთხვევაში ფხოველებს (ფშაველებს) გადახვეწილიყვნენ მეზობელ თუშეთში, სადაც ისინი მყუდრო თავშესაფარს პოულობდნენ. გახიზვნის ეს პროცესი საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, იგი ხელს უწყობდა ქართველი ტომების ჩრდილო კავკასიაში შეჭრას და იქ გაძლიერებას, განსაკუთრებით ბატონყმობის ხანაში, როდესაც მებატონეებისგან გაქცეული ყმები და მესისხლეობისგან დევნილი გლეხობა კავკასიონის მიუვალ ხევებში იხიზნებოდა. ამით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლებაც, რომლის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა მოითხოვდა ჩრდილოეთის საზღვრების შემომტკიცებას.
IV-VII საუკუნეებში ჩრდილოეთში ბატონობდნენ ხაზარები (5), რომლებიც შიშის ზარსა სცემდნენ მეზობელ სახელმწიფოებს. ხაზარები იბერიის სამეფოსაც უტევდნენ და საგულისხმოა, რომ ქართული მატიანის პირველი გვერდიც ამ "ხაზართა გამოსვლით" იწყება.
იბერიის მეფეები ცდილობდნენ, ხაზართა წინააღმდეგ დაერაზმათ ჩრდილო კავკასიაში მობინადრე ტომები: ოსები, ძურძუკნი (ჩაჩან-ინგუშები) და ლეკები და ამით ერთგვარი საფარი შეექმნათ. ეს ტომებიც, თავდაცვის მიზნით, არა ნაკლებ იყვნენ დაინტერესებული იბერიასთან ასეთი კავშირით, რომლის განსამტკიცებლად იბერიის და შემდეგ ქართლის მეფეები ძურძუკთა ასულებსაც ირთავდნენ, გადმოჰყავდათ მათი მოლაშქრენი და ასახლებდნენ სამეფოს ჩრდილო საზღვარზე. ამას ქართველი მემატიანის არაერთი ცნობაც ადასტურებს: "საურმაგ (ქართლის მეფე) შეკრიბა დურძუკეთიცა და წამოემართა ქართველთა ზედა და ვერვინ წინაღუდგა მას და დაიპყრა ქართლი და მოსრნა განდგომილნი თვისნი. და განამრავლნა დურძუკნი, რომელნიცა ტყვევნასა მას ხაზართასა ყოველნივე მშვიდობით დარჩომილიყუნეს, სიმაგრისაგან ქუეყანისა და ვეღარა იტევდა დურძუკეთი. მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა… და დასხნა მთიულეთს, დიდოეთით-გან ვიდრე ეგრისამდე და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თვისად"-ო. (ქართლის ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 41).
ჩრდილოეთის და, განსაკუთრებით, ძურძუკთა ტომების საქართველოში გადმოსახლების ეს პროცესი XIX საუკუნემდე გრძელდებოდა, როდესაც მათი მონათესავე ქისტები პანკისის ხეობაში გადმოსახლდნენ და აქ 1860-იანი წლებიდან გაშენდა მათი სოფელი: პანკისი, დუისი, ომალო და ჯოყოლო. (6)
ამ ძურძუკთა ტომს ეკუთვნის თუშეთში გადმოსახლებული წოვა თუშები, რომლებიც თავიანთი ენით ენათესავებიან ძურძუკთა ტომს ღლიღვს (ღალღა) და დღესაც ამ ღლიღვურ ენაზე მეტყველებენ. (7)
ვ ა ხ უ შ ტ ი ს  ცნობით: "ხოლო რომელნი არიან (თუშნი. ს. მ.) მხარეთა ქისტთა და ღლიღვთა, უწყიან ენანი უფროს მათნი, გარნა ფარსმანის ხევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, ვითარც ქისტნი" (იხ. გეოგრაფია, გვ. 105). თუ როდის გადმოსახლდნენ წოვები თუშეთში, ამის დადგენა ძნელია. მხოლოდ წოვათაში ნასოფლარ წაროს აკლდამებიდან ამოღებული ნივთების შედარებითი შესწავლიდან ირკვევა, რომ საშუალო საუკუნეებში, დაახლოებით VIII-IX საუკუნეებიდან სოფ. წარო დასახლებული ყოფილა (8).

და ეს გარემოება ერთგვარ შესაძლებლობას იძლევა ამავე საუკუნით განვსაზღვროთ წოვების ღლიღვეთიდან თუშეთში გადმოსახლების დროც. თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიურ ნიადაგზე ხდებოდა წოვა თუშების ეს გადმოსახლება, უტყუარი ცნობების უქონლობის გამო, გარკვეული მოსაზრების გამოთქმა ძნელია. ზოგიერთ მკვლევართა აზრით, ძურძუკთა ტომების შინა განხეთქილებამ და თემობრივმა შუღლმა აიძულა წოვები, ღლიღვეთიდან გომეწრის ხეობაში გახიზნულიყვნენ. (9)
ჩვენის აზრით, ამ ამ გადმოსახლების სტიმული უფრო პოლიტიკურ-ეკონომიური ხარისხისა უნდა ყოფილიყო. ძურძუკეთი (ჩაჩნეთ-ინგუშეთი) მწირი და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო. მომრავლებული და ეკომომიურად შევიწროებული მოსახლეობა საარსებო წყაროს მეზობელ კუთხეებში ეძებდა.
ამასთანავე, ღლიღვი ცნობილი იყო გულად და მეომარ ტომად (10), ამიტომ იბერიის იმდროინდელი ხელისუფლებისათვის, რომელიც მოლაშქრეებად ასეთ ტომებს ეძებდა, ხელსაყრელი იყო ამ ღლიღვების მოძმის, წოვების, თუშეთში, გომეწრის ალაზნის სათავეში, დასახლება და ამ ხეობის გამაგრება.
ადმინისტრაციულად თუშეთში, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, წუქეთის საერისთავოში შედიოდა; მის შესახებ ნათქვამია: "...შემდგომ მოვიდა არჩილ (668-718) კახეთად და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი და აზნაურ ყუნა იგინი და დაჯდა წუქეთს… და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთა მიებოძა ვახტანგ მეფეს (V საუკ.) წუქეთი იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნძთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა სახელით აბუხურო (აბუხვასრო) და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი" (ქარ. ცხოვრ. გვ. 209-210).
მემატინის ეს მოკლე ცნობა საყურადღებოა. აქედან ირკვევა, რომ თუშეთი ხუნძახთან (11) ერთად შეადგენდა წუქეთის (12) საერისთავოს, რომლის ერისთავად დასახელებულია აბუხვასრო. ამასთანავე ნათქვამია, რომ ეს ჩრდილოეთის ტომები, მათ შორის საგულისხმოა თუშებიც, წარმართნი ყოფილან. მაგრამ ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც საქართველოდან ვრცელდებოდა, მთაშიაც მალე შეჭრილა. ჩრდილოეთის ტომების შემოსამტკიცებლად  მათ გაქრისტიანებას უაღრესი პოლიტიკური მნიშვნელობა ეძლეოდა და კახეთ-ჰერეთის ხელისუფლებაც ამ საქმეს გულმოდგინედ შესდგომია.
ამას მოწმობენ ძველ ძურძუკეთში, დღევანდელ ჩაჩნეთ-ინგუშეთში, დღემდე დაცული ძველი ქართული ტაძრების ნანგრევები და თხაბა-ერდის 830 წლით დათარიღებული ქართული ტაძრები (13). ხუნძახშიც დაცულია ძველი ქართული ტაძარი ‘’დათუნია’’ და სხვ.
ერთი სიტყვით, ამ დათარიღებული ძეგლის მიხედვით ირკვევა, რომ IX საუკუნეში ჩრდილოეთის ტომების გაქრისტიანება მომხდარი ფაქტი ყოფილა. მთელი ამ კულტურულ-რელიგიური მოძრაობის გამტარებელი ტერიტორიულად უნდა ყოფილიყო თუშეთი, საიდანაც ძურძუკეთის ბილიკები გადიოდა. ამიტომ თუშეთის გაქრისტიანებაც ამავე ხანებში უნდა მომხდარიყო. თუშეთის სამწყსო თავდაპირველად ხარჭაშოს საეპისკოპოსოში შედიოდა: „თიანეთის წყლის სათავესა და საშიშის თვალივის იქით, თეთრის არაგვის მჭვრეტად არის ხარჭაშოს ეკლესია გუნბათიანი, კეთილშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ ხევსურისა და თ უ შ ე თ ი ს ა" (ვახუშტი, გეოგრ. გვ. 91).
1014 წელს, მას შემდეგ, რაც ბაგრატ მეფის მიერ დევნილმა კახეთის ქორიკოზმა კვირიაკე III კახეთი დაიპყრო და მოახდინა საერისთავოების ახალი განწესება, თუშეთი მოხსენიებულია პანკისის საერისთავოში. მისი მოცულობა ასეა განსაზღვრული: "მისცა ჰერეთის საზღვრის ზეითი კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ" (14). პანკისის ერისთავად ამ დროს იხსენიება სტეფანოს, რომელიც ემხრობოდა კვირიკეს და ებრძოდა ბაგრატ IV. ბაგრატმა სტეფანოსს სძლია და შეიპყრო იგი.
XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს გაძლიერების და ფეოდალური მონარქიის ხანაში, თუშეთზე ქართველი მემატიანე დუმს. ეტყობა, თუშებს მონაწილეობა არ მიუღიათ თამარის დროს მომხდარ მთიელების ამბოხებაში, მაშინ, როდესაც მისი მეზობელი ფხოველებისა და დიდოელების დასამორჩილებლად საგანგებო ჯარიც კი იყო მთაში გაგზავნილი. თუშეთი არც შემდეგ საუკუნეებში იხსენიება, ვიდრე XV საუკუნემდე. ეს გარემოება იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ ისტორიის ამ მანძილზე ჩრდილოეთის მხარემ დაკარგა თავისი პირვანდელი პოლიტიკური მნიშვნელობა, როდესაც საქართველოს სამეფოს ჩრდილოეთის ტომების მხრივ საფრთხე უკვე უკვე აღარ მოელოდა და თუშეთის პოლიტიკური როლიც პასიურია.
XV საუკუნეში, ფეოდალური საქართველოს დაცემისა და სამ სამეფოდ გაყოფის ხანაში, კახეთის მეფემ გიორგი I (1471-1492) საერისთავოები გააუქმა მოურაობა დააწესა: "გიორგიმ დაიპყრა სრულიად კახეთი, მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დახსნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა, ვითარც არიან დღემდე: მოურავი ქიზიყისა, ელისენის, წუქეთისა, დიდოეთისა, პანკისისა და სხვა… და განჰყო ოთხს სადროშოდ და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა, რათა არა განიმკვიდრონ მთავართა… ამათ არა მორჩილებდენ თ უ შ ნ ი და ფშავ-ხევსურნი, არამედ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულობდენ ამათ და მსახურებდენ"-ო (ვახუშტი, საქარ. ცხოვრება, გვ. 158). ამგვარად, მემატიანეს ცნობით, გიორგი დავიის ძეს პანკისის საერისთავო, რომელშიაც თუშეთი შედიოდა, მოუსპია და იქ მოურაობა დაუწესებია. ამ ცვლილებებს, ეტყობა, თუშეთში უკმაყოფილება გამოუწვევია და გიორგი მეფისაგან ისინი გამდგარან.
მაგრამ ეს განდგომა დიდხანს არ გაგრძელებულა და კახეთის მეფეს ლევან II (1520-1574) თუშეთი ისევ შემომუმტკიცებია: "ამას წინათა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი და ამან ლევან დაიპყრა არა ძალითა, არამედ აღუთქვა რათა ცხოვარი მათნი უვნოდ მძოვარიყუნენ კახეთს და მისცა შეწირულობა ლაშქარსა და ბეგარასა" (ვახუშტი, საქ. ცხოვრ. გვ. 163). მემატიანის ეს მოკლე ცნობა ჩვენთვის საყურადღებოა; აქ გარკვევითაა ნათქვამი, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიურ ნიადაგზე მომხდარა განდგომილი თუშების შემორიგება.
მეცხვარე თუშებისათვის უაღრესი საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა ზამთრის საძოვრებს, როგორის იყო კახეთში ალონის (ალვანის) ველი, და მიტომ თუშები იძულებული იყვნენ, კახეთის ხელისუფლებასთან კეთილგანწყობილებაში ყოფილიყვნენ. თავის მხრივ, კახთა მეფეებიც ცდილობდნენ, მოლაშქრეთა და ბეგარის მიღების მიზნით, გულადი თუშების შემომტკიცებას. საყურადღებოა, რომ თუშებს ეს ისტორიული ფაქტი დღესაც ახსოვთ; მათგან ხშირად გაიგონებთ, ალვანის ველი თუშებს ლევან მეფემ უბოძაო.
შემდეგ, XVII-XVIII საუკუნეებში, როდესაც დაღესტნისა და ჩრდილოეთის სხვა ტომებიც ქართლ-კახეთის წინააღმდეგ ამოძრავდნენ და დაიწყო მათი გამანადგურებელი თარეში, თუშეთს, როგორც მოსაზღვრე პროვინციას, განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა მიეცა და თუშეთიც ამ პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ როლს თამაშობდა, მაგრამ სანამ ჩვენ ამის განხილვას შევუდგებოდეთ, საჭიროა ზოგადად მაინც შევეხოთ თუშეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ფორმაციას.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ თუშეთის საზოგადოებრივი ყოფის ისტორია თემურ წყობილებას არ გასცილებია და საუკუნეების მანძილზე თუშეთი თემურ ცხოვრებას ეწეოდა. მისი დამოკიდებულება კახეთის სამეფოსთან ნომინალური იყო და განისაზღვრებოდა ომიანობის დროს მოლაშქრეთა დახმარებით.  ვ ა ხ უ შ ტ ი ს თქმით: "არამედ იგინი (თუშნი. ს. მ.) არა ჰყმობდნენ კახთა მეპატრონეთა, ხოლო ესენი მორჩილნი, მოლაშქრენი და მეხარკენი არიან. და არიან ბრძოლასა შემმართებულნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი და უსაქციელნი" (იხ. გეოგრ. გვ. 105). ამაზე თუშები დღესაც ასე მღერიან:

თუშთ არ იციან, ვინ არის მონა, ბატონი.
თვითონ არიან თავისა ბრძანებელი და ბატონი

ადმინისტრაციულად თუშეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერ შედიოდა წუქეთს საერისთავოში, შემდეგ პანკისის სამოურაოში, მაგრამ ამ ერისთავ-მოურავებს ხელი არ ჰქონდათ თუშების შინაურ წყობილებაში. თუშეთს თემური ადათებით ხევისბერები განაგებდნენ.
თუშეთი იყოფა სამ თემად: გომეწრისა, ჩაღმისა და პირიქითისა. თითოეული თემის სათავეში იდგა თემის მიერ არჩეული ხევისბერი, რომელიც თავის საქმიანობაში თემური ადათებით ხელმძღვანელობდა და ომის დროს ხელში სათემო დროშით ლაშქარს უძღოდა. მაგრამ თუშეთის საზოგადოებრივი წყობილების უზენაესი ორგანო სათემო ყრილობა იყო, სადაც სამივე თემის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ყრილობა აწესრიგებდა საგარეო საქმეებს და წყვეტდა ლაშქრობისა და ზავის საქმეს. თუშეთის სათემო ყრილობა იმართებოდა სოფ. ჩიღოს მახლობლად მდებარე ხევში-"ღელეში", სადაც სამივე თემის ხევისბერები და გვარის უხუცესები ღამის თევით დგებოდნენ და სათემო საქმეებს არჩევდნენ. მაგრამ ამ თემურ ყრილობებს ფაქტიურად განაგებდნენ შეძლებულ გვართა მეუფროსენი, რომელთა წრიდან ირჩევდნენ ხევისბერებს და დეკანოზებს და ესენიც ხალხისა და თემის სახელით ამ შეძლებულ ჯგუფის ინტერესებს იცავდნენ.
თუშური ყრილობის საზრუნავი საგანი თავდაცვის საკითხები იყო, რადგან გაბატონებულ ჯგუფს მტრობა და შფოთი ჰქონდა ინგუშ-ჩაჩან-ლეკებთან და ის მუდამ მზად უნდა ყოფილიყო თავდაცვისთვის. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშნი ლეკები იყვნენ. ისინი სარგებლობდნენ კახეთის პოლიტიკური მოუძლურებით და თავისუფლად დათარეშობდნენ ქართლ-კახეთში XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე. ლეკების ეს თარეში გამოწვეული იყო კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის გართულებით სპარსეთსა, ოსმალეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც ცდილობდნენ კავკასიის ხელში ჩაგდებას. ამ მიზნით მათ, პირველ ყოვლისა, ნიშანში ამოიღეს ქართლ-კახეთი, კავკასიაში შედარებით ძლიერი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კუთხე. ამიტომ ამ სამ მოქიშპე სახელმწიფოთა დიპლომატიის ხლართები ქართლ-კახეთში იკვანძებოდა.
ქართლ-კახეთის დაპყრობის მიზნით სპარსეთი და ოსმალეთი მორიგეობით ამხედრებდნენ ლეკებს და სათარეშოდ უშვებდნენ.
ამ უცხო ძალის მიერ წაქეზებული და შეიარაღებული ლეკები ქართლ-კახეთსაც ანადგურებდნენ. ლეკების ეს თარეში შაჰ-აბასის შემოსევის (1616 წ.) შემდეგ უფრო გაძლიერდა. ქართლ-კახეთის აოხრების შემდეგ, შაჰ-აბასმა გაღმა მხარეს ელისენ წუქეთს და შაკიხის მცხოვრებნი სპარსეთში გადაასახლა. ამ დაცარიელებულ ადგილზე ლეკები გადმოსახლდნენ და ახლა მათ უმთავრეს ცენტრად ჭარი (ძველი ფიფინეთი) შეიქნა. სათარეშოდ ასული ლეკებისგან დიდ შევიწროვებას ჩვენი მთიელებიც განიცდიდნენ, განსაკუთრებით მათი მოსაზღვრე თუშეთი, რომელიც XIX საუკუნის მიწურულამდე ებრძოდა ლეკებს. თუშეთის ამ პერიოდის ისტორიაც ამოიწურება ლეკებთან ბრძოლის ეპიზოდებით, რომელიც იწყება ბახტრიონის აღებით.
1658 წელს სპარსეთის შაჰმა კახეთის მმართველად დანიშნა სელიმ-ხანი, რომელმაც პოლიტიკური მოსაზრებით ბახტრიონში და ალავერდში თათრები დაასახლა. სელიმ-ხანი აგრეთვე ხელს უწყობდა ლეკების თარეშს: "მან სელიმ-ხან მოიყვანა ელნი და დახსნა შიგნით და კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიონი, ალავერდი და გარყვნეს წმინდანი ეკლესიანი. რამეთუ იყო ჭირი დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან" (ვახუშტი, საქარ. ცხოვრება, გვ. 189).
სელიმ-ხანის პოლიტიკა საფრთხეს უმზადებდა თუშების მეცხვარეობას, რომლის ზამთრის საძოვრები - ალონის ველი, ნაბოძები ლევან მეფის მიერ, მოქცეული იყო ამ ბახტრიონ-ალონის ფარგლებში. ამიტომ, როდესაც ერწო-თიანეთ-არაგვისა და ქსნის ერისთავებმა სელიმ-ხანის წინააღმდეგ გაილაშქრეს, თუშებმა მოიწვიეს ფშავ ხევსურები და ბახტრიონის აღებაში გმირულად იბრძოლეს. ეს ბრძოლა გალექსილია ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონში".
ჩვენ აქ მოვიყვანთ ამ ლექსის ერთ ნაწყვეტს, სადაც გადმოცემულია ის სიდუხჭირე, რომელსაც კახეთის იმდროინდელი მოსახლეობა თათრებისგან განიცდიდა. ამის შესახებ აი, როგორ მოსთქვამს თუშების მიერ ფშავ-ხევსურეთში გაგზავნილი მეცხვარე.

საქმე გაჭირდა, დედილამ,
ურჯულო თათრებისგანა:
დათარეშობენ… კახეთი
მისცეს ქარსა და ნიავსა.
აწიოკებენ ქალ-რძალსა,
ნამუსსა ჰხდიან ძალადა.
ჰკრეფავენ ურჯულოები
სილამაზესა ღალადა.
არა ზოგავენ, დედილამ,
ვინც-კი მოუათ თვალადა.
მთელი კახეთი ქცეულა
ჩიქილა ჩახდილ ქალადა.
არა სჩანს ხელის შამქცევი,
მტრის ამომყრელი ჯავრისა,
კაცი არ ჩნდება შამყრელი
და წინ გამძღოლი ჯარისა.
იქ, ჩვენთანამდიც, მოდიან
ცხვარსა ფართობით გვტაცებენ.
არავინ გადურჩით რჯულ-ძაღლსა,
ყველას ბეგარას ადებენ.
ვისაც ჰკვლენ გზა-გზის პირზე,
თავებს მარგილზე აგებენ.
შადიან სხვისა სახლშია,
კარს უკრძალავად აღებენ.
დაჯავრდნენ თუშნი, რო ნახეს
ქვეყანა ნაოხარია
პირი ქნეს, იმათ წინ უძღვის
ზეზვაი საოცარია.
სუყველამ ტანზე აისხა
აბჯარი საომარია,
მე გამომგზავნეს საჩქაროდ
ფშავს და ხევსურეთს გზირადა
და დამაბარეს ხვეწნითა
სიტყვა სათქმელი პირადა:
‘’ჩვენაც ხომ თქვენი ძმანი ვართ
სისხლით, ხორცით და რჯულითა,
მტერმა დაგვჩაგრა, გვიშველეთ,
გაუტეხელნო გულითა.
უბაროდ, განა არ იცით,
მთანიც რო ვერა გვარობენ.
გვიშველეთ, ფშაველ-ხევსურნო,
ბარზე თათრები ხარობენ.

თათრებისგან შევიწროებული თუშები ღელავდნენ. მათ საბრძოლველად ქალებიც კი მოუწოდებდნენ:

"ისმინეთ, თუშთა შვილებო, რას გამცნევთ თუშთა ქალები:
რად გახურავთ ქუდი, აიხსენთ თავსა ნამუსი კაცისა,
აჰა და თავსა დაიდვით მანდილი დედაკაცისა.
ურჯულო ოსმალთ დიაცნი, ბახტრიონს მომავლებია,
დაუტაცნია, დიაცთა ვერ დაუხსნიათ თავები.
რასა უყურებთ, ვაჟებო, რას დგეხართ დაღონებულნი,
მეფე სახლიდგან გაგვიგდეს, ვაკეა დატყვევებული".
ვაჟკაცთა შორის უცებად კაცი მრისხანე სახისა,
მოხუცი ბაკურ წამოდგა, ხელი წაავლო მახვილსა.
"ეს რაი გვესმის, ვაჟკაცნო, აღზდექით, თუშთა შვილებო,
მტერი კარს გვადგა მძლავარი, აღზდექით, თუშთა შვილებო,
ჩვენს მეფეს სდევნის მტერია, აღზდექითმ თუშთა შვილებო.
შორით ძმის სიკვდილს უყურებთ, ესე რა თუშთა ჯერია".
აგერ ბაკურის კარზედა შეკრბა თუშების ჯარია,
ბაკურიც მალე გამოჩნდა, ხალხი გაიძრა წელშია,
გაიძრა, რაზმად გაეწყო, თოფი აიღეს ხელშია.
მოვიდა ბაკურ, შეფერხდა, ჯარს გადაავლო თვალია,
ასწონა თავით ფეხამდის, ასწონა თუშის შვილები,
უცებ შესძახა: "ვარგიხართ, ნამდვილ ხართ მამათ შვილები,
შეჭმადაც არას გვეყოფის მტერი რაზმ-გაწყობილები,
წავიდეთ, ნუღარ უყურებთ, მტერი ვაქციოთ მძოვრადა,
ვინც მტრის წინ წარბი შეხაროს, დედა შეერთოს ცოლადა!’’

1659 წელს თუშ-ფშავ-ხევსურეთის ლაშქარი შეუერთდა ზაალ ერისთავის მხედრობას, აიღეს ბახტრიონის ციხე და დამარცხებული სელიმ-ხანი გაიქცა: "ზაალ ერისთავმან შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავ-ხევსურ-თუშნი და ერისთავი ქსნისა შალვა. შეკრიბნა ეს ყოველნი, წარუძღვანა ძე თვისი და მიუხდეს პირველად ბახტრიონს, მოსრნეს და მოსწყვიტეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყველასა კახეთსა შინა მოსწყვიტნეს, რამეთუ არცა ღა-თუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი" (ვახუშტი, საქარ. ცხოვრ., გვ. 189-190). ხალხური გამოცემით, ბახტრიონის ასაღებად პანკისით წამოსული თუშების ერთ რაზმს შეუნიშნავს, რომ ბაწარის წყლის ბოგირზე თათრის მდევრებს ნაცარი დაეყარათ, რომ ცხენების ნაფეხურებით შეეტყოთ თუშების რაზმის მოძრაობის მიმართულება, მაგრამ თუშებს ცხენები უკუღმა დაუჭედიათ, ხიდზე გადასულან და ბახტრიონისკენ მიმავალი გზის მახლობლად, რყეში დამალულან. მდევრებმა მეციხოვნე ჯარს თურმე აცნობეს თუშების კვალის მიმართულება. თათრის ჯარი ციხის გალავნიდან გამოსულა და ამ კვალს დასდევნებია. ტყეში დამალული თუშის რაზმი კი უბრძოლველად შესულა ციხის გალავანში, მაგრამ თვით ციხე დაკეტილი და შიგნიდან გამაგრებული დახვედრია. გმირ ზეზვას მეთაურობით თუშებს ბახტრიონის ციხე მალე გაუტეხიათ და თათრები ალვანის ველით გაქცეულან. მაგრამ თათრებს აქ დახვედრია ნაქერალით ამოსული თუშ-ფშავ-ხევსურების ლაშქარი და თათრებიც გაუწყვეტიათ. ამ ადგილსაც "გაწყვეტილა" დარქმევია. ფშავ-ხევსურებს ნადავლი აუღიათ, თუშებს კი ალვანი რგებიაო. ეს ამბავიც ასე გაულექსავთ:

ბახტრიონს სხედან თათრები, სიტყვას ამბობენ ძნელსაო:
"ახმეტას ჩავჭრით ვენახსა, შიგ დავასახლებთ ელსაო.
შეიტყვეს თუშის შვილებმა, მაღლა შეირტყმენ ხმალსაო,
ჯერ შუაღამე არ ქნილა, ნაქერალს გროვდებიანო.
შველაო შველაიძეო, პანკისს გასტეხე წყალიო,
უკუღმ დავსჭედოთ ცხენები, დავამალვინოთ კვალიო,
საგათენებლოდ დავეცნეთ, ბახტრივანს გალავანზედა.
"გარეთ გამოდი, სულთანო, თუშნი გისხედან კარზედა,
თუ ნებით შენ არ გამოხვალ, გამოგიყვანენ ძალზედა".
მეტი ვარ საღირაშვილი (15), ნუ მიმზერთ ტალავარზედა,
გადავალ, გადავფრინდები, ბახტრივანს გალავანზედა,
შვიდი არ მოვკლა ხმალდახმალ, გამცვალეთ თათრის ქალზედა.
გოხგავლებული ფრანგული კაბას რა კარგად სჭრისაო,
სისხლისა ნაგუბარზედა ფეხი რა ძრიელ სცურავსო,
ელთვეს და ჩალთვეს თათრები, წითელ ჩადიოდ წყალიო.
ალვანში ციხეს აგებენ ხოჯა თათრისა ძვლისაო,
ლიბოდ უგდებდენ მალასა, ნაწვრეთის ფრანგულისაო,
დააგდებინეს ალვანი თუშთ არის საკუთარიო,
ჯერ ღმერთი, მერე ბატონი, სხვა არვინ გყავს მცილავია,
ვინც ალვანს უარესობდეს, ცოლმა შემოხსნას ხმალია.

საყურადღებოა, რომ თუშები ფშავ-ხევსურებთან ერთად თეიმურაზ I და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძეს შორის დიპლომატიურ ურთიერთობაშიც მონაწილეობას იღებდნენ და 1657 წელს მოსკოვში თავიანთ წარმომადგენლებს, ხევისბერებსაც კი გზავნიან და ალექსი მიხეილის ძეს ქვეშევრდომობასა და მფარველობას სთხოვენ. ჩვენ აქ მოვიყვანთ ამ 1657 წლის დიპლომატიური წერილის ტექსტს:

"ქ. დიდო და ყოვლის მპყრობელო ბატონო, დიდო მეფევ და ყოველთ ქრისტიანეთ ხელმწიფევ, ალექსი მიხაილის შვილო! ყოვლისა მპყრობელო! შენის ბრძანებითა ჩვენს დედოფალსა და ბატონის შვილსა კაცი ებოძა, და ჩვენი ქვეყნის კაცი დაებარებინა, რომე ჩვენც ამ დიდის ხელმწიფის ხელთა ვართო, და თქვენც ამისი ყმანი შეიქენითო და თქვენც ამას დაუკარით თავიო, აწე… ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფეც თქვენა… არის და ჩვენც თუშეთის და ხევსურეთის და ფშავის ქვეყანათა, სამთავ ქრისტიანთ ქვეყანასა პირობა გვიქნია და ზურგი მოგვიბამს ერთმანეთისათვინ და ელჩები გამოგვიგზავნია, ხევის ბერი სოზამე მაქსიმიჩი, და გრიგოლ სილორიჩ, და პავლე ივანიჩ და შენი ყმანი შევქნილვართ და თავი დაგვიკარგავს, როგორც თქვენი ბრძანება იქნება, ჩვენ იმისი მქნელნი ვართ: ჩვენა ერთი ღმერთი ვიცით და მეორე ხელმწიფე თეიმურაზ. ჩვენ მაგარს ალაგს ვართ და არას კაცს შევეპოვებით. ამდენი ხანი არის საქართველოს ყაენი ებრძვის და ჩვენც არც შემოგვიშვია ყაენის კაცი, და სადაც მოგვიხელებია, მოგვიკლავს და მისი სარდარი გაგვიქცევია და ლაშქარი გაგვიწყვეტია: აწე დიდო ხელმწიფევ, ჩვენი ხელმწიფე ყაენმა წაახდინა, და ზურგი აღარსაით გვქონდა, და კაცი მოგვსვლიყო; აწე მოგვივიდა შენი ბრძანებაცა და ჩვენის დედოფალის კაციცა, და თქვენი ბრძანება გაგვითავებია, და შენ შემოგხვეწნივართ, და შენთვის თავი დაგვიკარგავს. გვიმსახურე და გვალაშქრე, ამ დღეშიოთ შენი ყმანი შევქნილვართ".
ასეთივე ხასიათის წერილი გაუგზავნეს თუშ-ფშავ-ხევსურებმა მოსკოვის მეფეს ალექსი მიხეილის ძეს 1658 წელსაც:


1. აღმოჩენილი ნივთები დაცულია საქ. მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში (იხ. Колекции Кавказского музея, Тиф. 1902, გვ. 40-41, NN 976-982).
2.
Клавдий Птоломей, Географическое руководство. Положение Азиатской Сарматии, кн. V. VIII (В.В. Латышев, Известия древних писателей о Скифии и Кавказе, т. გვ. 239).
3. თვით სახელწოდება ‘’თუშ’’ ან ‘’თოშ’’-ის განმარტებაც ძნელია. თუშები თავიანთ თავს თუშებს უწოდებდნენ. ყველა ქართველ ტომშიც ეს სახელია გავრცელებული. ლეკები თუშებს ‘’მოსექ’’-ებს ეძახდნენ, ქისტები კი- ‘’ბაცუოი’-ს. თუშების თქმით, სახელი თუში მათ ლეკებმა უწოდეს და წარმომდგარია სიტყვა ‘’დუშთ’’-იდან, ნიშნავს დუშმანოს. შესაძლებელია, ამ სახელს კავშირი ჰქონდეს ქისტურ წარმართულ ღვთაება ‘’თუშოლ’’-თან, რომელიც ნაყოფიერების ღვთაებად ითვლებოდა და მას ჩაჩნეთ-ინგუშეთის თემები თაყვანს სცემდნენ
(Б. К. Далгат, Первобытная религия чеченцев, Владикавказ, 1893 г. გვ. 61).
4. ქართლის ცხოვრება, მაგრამ დედოფლისეული ვარიანტი, ტფილისი, 1906 წ. გვ. 107.
5.
Проф. Ю. Готье, Хозарская держава и ее культура, Железный век в Восточной Европе, Москва, 1930 г. გვ. 70
6. ჯოყოლა იყო ქისტების მამაცი წინამძღოლი და რუსების მტერი. ჯოყოლას ბელადობით ქისტები ეცემოდნენ თუშებს და ცხვარ-საქონელს სტაცებდნენ. 1851 წ. ჯოყოლა თუშთ მოურავის ივ. ცისკარიშვილის შუამდგომლობით ურიგდება რუსის ხელისუფლებას და მის ქვეშევრდომობასაც იღებს. ჯოყოლა სახლდება პანკისის ხეობაში და იგი ხელს უწყობს ქისტების აქ გადმოსახლებას. ამის აღსანიშნავად ამ სოფელსაც ჯოყოლო ეწოდა. შემდეგ ჯოყოლა ჩაჩანში დაიჭირეს და მას შამილის შვილის ყაზი მაჰამას ბრძანებით, როგორც მოღალატეს, თავი მოჰკვეთეს.

7. A. Schiefner. Versuch uber die Thush-sprache oder die Khistische Mundart in Thuschetien (Зап. Имп. Акад. Наук, сер. VI, т. IX, 1856); Проф. Н. Яковлев, Языки и народы Кавказа, Тифлис, 1931 г. გვ. 20-21.
8. სოფ. წაროში არქეოლოგიურ გამოკვლევას 1912 წელს აწარმოებდა ნ. მოლჩანოვი. წარო წოვების ნასოფლარია, დღეს იგი ნანგრევს წარმოადგენს. აქ დაცულია რამდენიმე მიწის ზემო ნაგები აკლდამები. ზოგიერთში მიცვალებულის დასასვენებელი ქვის ტახტებიც არის გამართული. მოლჩანოვის აღწერით, აკლდამები გაძარცული ყოფილა, ნივთები მიცვალებულის ნეშტში არეული, ამიტომ კულტურული ფენების გარკვევა და დადგენა შეუძლებელი გამხდარა. აკლდამებში ნაპოვნია ბრინჯაოს და რკინის სამკაულები. საყურადღებოა ორნამენტიანი სარკეები და ბრინჯაოს საყურე. კოლექცია დაცულია საქართველოს მუზეუმში (NN 92-12/1-57)
თუ ჩვენ წაროში აღმოჩენილ ამ ნივთებს შევადარებთ ჩრდილო კავკასიაში, სახელდობრ, დერგავსისა და კომუნტის არქეოლოგიურ აღმოჩენებს (იხ.
Уварова, Материалы по археол. Кавказа, т. VIII, გვ. 105, 292), რომელიც დათარიღებულია VIII-IX საუკუნეებით, მათ შორის საგულისხმო მსგავსება არსებობს.
9.
Р. Эристов, О Тушино-Пшаво-Хевсурском округе (Зап. Кавк. Отд ИРГ о-ва, Тиф, 1855 г, გვ. 80-81); И. Цискаров, Картина Тушетин, газ. Кавказ, 1846 г. N 50.
10. Ч. Ахриев, Ингуши (Сбор. Сведения о кавк. Горцах, вып. VIII, Тиф, 1875 г.).
11. ძველი ხუნძახი შეიცავდა დაღესტნის დასავლეთ ნაწილს, რომელშიც შედიოდა დღევანდელი ავარ-ანდო-დიდოელების ტერიტორია.
12. წუქეთი კაკისა და ელისენის მიდამოში იყო, დღევანდელ საინგილოში (ყოფილი ზაქათალის ოლქის, წუხურის უბანში). წუქეთში იჯდა ჩრდილო მთიელების ერისთავი, რომელიც ემორჩილებოდა კახთა მეფეებს (ვახუშტი, გეოგრაფია, გვ. 195).
13.
В. Миллер, Археологич. Наблюдения в области Чеченцев (Мат. По археологии Кавказа, вып. 1, Москва, 1888 г. გვ. 8-24); Г. К, Мартиросян, нагорная Ингушетия (Изв. Ингуш. Научно-исслед. Института краеведения, Владик, 1928, გვ. 46-48).
14. ვ ა ხ უ შ ტ ი, საქართველოს ცხოვრება, ტფილისი, 1913 წ., გვ. 151.
15. როდესაც თუშებმა ბახტრიონის ციხეს ალყა შემოარტყეს, საგონებელში ჩავარდნენ, თუ როგორ აეღოთ ეს მაგარი ციხე. მაშინ მეტი საღირაშვილს პალოები დაუთვლია, ციხის კედლებში ჩაურჭვია და ამით პირველად თვითონვე გადასულა ციხის კედელზე. ბახტრიონის აღებაში თუშებს ზეზვა ბელადობდა თურმე და გმირობით თავი უსახელია (ა. ხახანაშვილი, ბახტრიონის აღება, ივერია, 1888 წ.,
N 220; ურბნელი, ზეზვა და ბახტრიონის ციხე, ივერია, 1888 წ., N228)



1 2


megobari saitebi

   

19.02.2016