1 2

§ 2. ქვემო ქართლის ვითარება და მნიშვნელობა XI – XII საუკუნეებში.

ვერც ამ მეორეგზისმა სომეხთა მიერ დაპყრობამ შესცვალა არსებითად ქვემო ქართლის, ანუ გუგარეთის ძირითადი კუთვნილების საკითხი. თუმცა მართალია თავიანთ მფლობელობის დროს სომხებმა აქა-იქ საეკლესიო ძეგლები და კულტურული კერა შექმნეს, რომელთაც სომეხთათვის თავის დროზე მნიშვნელობა ჰქონდათ და თვით მოსახლეობაშიაც დროებითი პოლიტიკური ბატონობის წყალობით სომხობა წინანდელთან შედარებით უფრო უნდა გაძლიერებულიყო. მაგრამ თვით ქვეყანა წინანდებურად ქართული იყო და ქვემო ქართლის სამხრეთ ნაწილად ითვლებოდა.
ამიტომაც იყო, რომ XI საუკუნეს ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველს ქართლის სამზღვრად აღნიშნული აქვს "აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდაოჯისი... სამხრითა მთა, რომელი მიჰყუების ბერდაოჯის მდინარის თავსა". (ლ. მროველი, ცხორება მეფეთა 97, გვ. 2. ქართველი ერის ისტ. II, 283). მაშასადამე ტაშირიც, ლორეც, ბოლნის-დმანისის ხეობანიც მას წინანდებურად ქართლის კუთვნილებად და ნაწილად მიაჩნდა.
საისტორიო გეოგრაფიას სომეხთა დროის ამ კუთხეში პოლიტიკური მბრძანებლობის სახსოვრად ტერმინი "სომხითი" შერჩა. ეს სახელი ძველად სრულებით უცნობი იყო და მხოლოდ X საუკუნითგან მოყოლებული გვხდება. "სომხითი" ეწოდებოდა მხოლოდ ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველსაც და საყურადღებო ისაა. რომ ვითარცა საგეოგრაფიო ტერმინი მარტო ქართულად და ქართველ მწერლობაში იხმარებოდა. სომხები და სომხური საისტორიო მწერლობა ამ ქეეყანას "სომხითს" არ ეძახდენ. პირიქით ისინი ლორე-ტაშირის ველს "ქართველთა ველს" უწოდებდენ (იხ. ზევით და B
rosset Description geographique de la Georgie, 148 გვრ. 2). ამ ტერმინში უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია შენახული, რომ თავიანთ პოლიტიკურ ბატონობისდა მიუხედავად თვით ქვეყანას სომხებიც თავისდა-თავად ქართველთა კუთვნილებად სთვლიდენ.
XI საუკუნის პირველ ნახევრითგან მოყოლებული თანდათან მდგომარეობა იცვლება. მას შემდგომ რაც ბაგრატ III აღმოსავლეთ-დასავლეთი საქართველო საბოლოვოდ გააერთიანა, ქართველობამ წელი გაიმაგრა და საქართველოს მერმინდელი მეფეები ჩვენი ქვეყნის იმ კუთხის მტრისაგან განთავისუფლებას შეუდგენ, რომელიც ჯერ კიდევ უცხო, გარეშე ძალის ხელში შერჩენილი იყო. თბილისის საამირო და სომეხთა მიერ დაპყრობილი მიწები იყო შემოსაერთებელი და XI საუკუნეში ქართველთა მთელი ძალ-ღონე სწორედ ამ მიზნის განხორციელებას მოხმარდა.
1032 წწლს ლიპარიტ ერისთავმა და იოანე აბასასძემ ბაგრატ IV თანხმობით ტფილისის ამირას ჯაფარს ბირთვისი წაართვეს (ქართველი ერის ისტ. II 433) ხოლო ცოტა ხნის შემდგომ 1037-8 წლებში იმავე ტფილისის ამირას ხელითგან გამოაცალეს ციხეები ორბეთი და ფარცხისი (იქვე 434). ამ გვარად ქართველობა ტფილისს ზურგით მოექცა და იქითგან ტფილისის მაჰმადიან ამირებს სამხრეთის დანარჩენ მაჰმადიანობასთან კავშირი მოუსპო. და გზები შეუკრა.
უფრო სამხრეთით სომეხთა მიერ დაპყრობილი ქვეყანა იწყობოდა. აქ 1065 წელს სამშვილდეში "სომეხთა მეფედ" კვირიკე იჯდა, რომლის ძმასაც სუმბატი ერქვა. მას ემორჩილებოდენ "ორნი ერისთავნი": "ლოკის ერისთავი და კაქვაქარისა", რომელთა ხელთ იყვნენ ოფრეთისა, ქობა(ირ)ისა და ვარზაქარის ციხეები. ბაგრატ IV კვირიკე მვფე ქუეშის ჭალაში დააჭერინა და თუმცა სომეხთა ერისთავები სამსავე ციხეს აძლევდენ, მაგრამ "შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა და ამიტომ სამშვილდის მეტი არა ჩამოურთმევია რა. სამაგიეროდ საქართველოს მეფის მონებდეს სომეხნი. (ქართვვლი ერის ისტორია, II, 449).
ამგვარად ამ "სომხითის" დამოუკიდებლობაც მოისპო და მისი მეფენი საქართველოს მოხარკედ იქცნენ.
ამის შემდგომ თვით ტფილისიც კვლავინდებურად საქართველოს მეფეს დაემორჩილა. 1068 წელს ბაგრატ IV ტფილისის ამირობა სითილ არაბს უწყალობა, მაგრამ თავის მოხარკედ გახადა და სხვა ციხე-ქალაქებიც ჩამოართვა (ქართველ ერის ისტ. II, 455).
სელჩუკიან თურქთა შემოსევამ კავკასიაში და კერძოდ საქართველოშიაც გიორგი II მეფობაში გარეშე ძალის მიერ დაპყრობილი ქვემო ქართლის კუთხის შემოერთების პროცესი დროებით შეაფერხა: თურქობა კვლავ ტფილისს, სამშვილდეს, აგარათ, რუსთავს დაეპატრონა. მათვე დაიპყრეს მთელი "სომხითიც" (ქართველ ერის ისტ. II, 447-453). იმის შემდგომ ქართლის სამხრეთს ნაწილში "სომხითის" მეფობის არსებობაც მოისპო. ამიტომ როდესაც დავით აღმაშენებელმა 1110 წელს ძერნა და სამშვილდე კვლავ დაუბრუნა საქართველოს (იქვე 511), ხოლო ამის შემდგომ თავზარდაცემულმა თურქებმა უბრძოლველად დასცალეს "უმრავლესნი ციხენი სომხითისანი." (იქვე 512), 1118 წელს - კი მან მტერს ციხე ლორე და აგარანი წაართვა (იქვე 514), ეს უკვე ქართლის სამხრეთის ნაწილის სომეხთა ბატონობისა და მძლავრობისაგან განთავისუფლება კი არ იყო, — მაშინ ხომ "სომხითი" ვითარცა პოლიტიკური ერთეული უკვე აღარ არსებობდა, — არამედ სელჩუკიან თურქთა კლანჭებისაგან გამოგლეჯა. ამიერითგან მოყოლებული მთელი ეს კუთხე საქართველოს სამხრეთი ნაწილი და თვით "სომხითიც საქართველოს უცილობელ და განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა და სომხებს არას დროს აღარა სჭერიათ.
ძველ დროსაც რომ ქართველებს ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის ე. წ. სომხითის უაღრესი მნიშვნელობა საქართველოს თავდაცვისათვის კარგად ესმოდათ და მას განსკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდენ, ეს იქითგანაც სჩანს, რომ საქართველოს მეფეებმა ჯერ მიზნად ამ კუთხის უცხო ძალისგან განთავისუფლება დაისახეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ტფილისის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ქართველთა ხელში იყო, თვით საქართველოს დედაქალაქის შემოერთებას შეუდგენ. თვით ტფილისის აღების შემდგომაც "სომხითს საქართველოს მთავრობის თვალში თავისი დიდი მნიშვნელობა არ დაუკარგავს, ამას ის გარემოებაც ცხადჰყოფს, რომ "სომხითის ციხე ლორე" საქართველოს ჯარის მთავარსარდლისა და სამხედრო მინისტრის, ამირსპასალარის "საჯდომა"-დ ანუ რეზიდენციად ითვლებოდა, უეჭველია იმ აზრით, რომ აქეთგან სამხრეთით მომავალი მტრისაგან საქართველოს დაცვა საუკეთესოდ შეიძლებოდა და აქ მცხოვრებ სამხედრო მინისტრს უფრო ფხიზლად ეჭირებოდა თვალი სახელმწმიფოს ამ ფრიად მნიშვნელოვან საზღვრებზე.

§ 3. საქართველოს ვითარცა მფარველ და თავშესაფარი სახელმწიფოს  მნიშვნელობა და მიმზიდველობა სომეხთათვის

დავით აღმაშენებლის (1089-1125 წ.) მეფობითგან მოყოლებული საქართველო იმდენად ძლიერ სახელმწიფოდ იქცა, რომ მისი ზრდა შეუჩერებლივ წინ მიდიოდა XIII საუკუნის პირველ მეოთხედამდის. ვითარცა ერთად-ერთი ძლევამოსილი საქრისტიანო სახელმწიფო მცირე აზიაში, საქართველო მაჰმადიანთა მონობაში მყოფ სხვადასხვა ქრისტიან ერების მფარველად და მხსნელად იყო. განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში და შევიწროებული იყო სომხის ერი, რომელიც ამიერკავკასიაში რამოდენსამე მაჰმადიანს სახელმწიფოს შორის განაწილებული და იმდენსავე სულტანის ან მთავრის (შირვანშის, არმენშა, ისკარის ამირას, რუმის სულტანის და სხვათა) თვითნებობას ემორჩილებოდა. მაშინ სომეხნი პირადადაც შევიწროებულნი იყვნენ და მათი სარწმუნოებრივი და ეროვნული გრძნობაც იმდენად შელახული იყო, რომ მათი საუკეთეს სალოცავი კათოლიკე ეკლესია ანისში მიზგითად იყო გადაკეთებული (მათე ურჰაელის ისტ. 451-445 და ვარდანის მსოფლიო ისტ I56-157 და ქართველ. ერის ისტ. II, 526-527), ხოლო წირვის დარეკვის უფლებაც არა ჰქონდათ.
ამიტომაც იყო რომ სომხობა ასეთი სიხარულით ეგებებოდა საქართველოს სამხრეთისაკენ ძლევამოსილს წინსვლას. ქართველთა ბატონობას მათთვის ფიზიკური განადგურებისაგან და მაჰმადიან ქართველთა აუტანელი და თავმოყვარეობის შემლახველი ძალმომრეობისაგან ხსნა მოჰქონდა.
სწორედ ამ დროს, დავით აღმაშენებელის, დიმიტრი I, გიორგი III და თამარის მეფობაში, როდესაც საქართველომ მცირე აზიაში აზრუმის სულტანს მოახრეინა ქედი, ხოლო სპარსეთში ქ. ყაზმინამდე და გურგანამდე მოაღწია. შავი ზღვითგან კასპის ზღვამდე იყო გადაჭიმული, სომხებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. მათ ძლიერი მფარველი ჰყავდათ. შემთხვევითი მოვლენა არ არის, რომ ქ. ანისის კულტურული და მოქალაქეობრივი უადრესი აყვავების ხანა სწორედ ქართველთა პოლიტიკური ბატონობის დროს იყო. უეჭველია, საქართველოს ძლევამოსილმა წინსვლამ სამხრეთისაკენ სომეხთა ერს საუკეთესო საშუალება მისცა თავისი ფიზიკური არსებობაც შეენარჩუნებინა და მომავალ განსაცდელის საბრძოლველადაც მოღონიერებულიყო.

§ 4. ქვემო ქართლის მნიშვნელობა საქართველოსთვის  და სამხრეთის სამზღვრები XVI-XVIII საუკუნეში

 შემდეგში როცა საქართველო პოლიტიკურად დაუძლურდა და რამდენიმე სამეფოდ იქცა, სახელმწიფოებრივი სამზღვრებიც XII საუკუნესთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა, ქვემო ქართლის ანუ ლორე-ტაშირ-სომხითის საქართველოსთვის გარეშე მტრისაგან თავდაცვის დროს უაღრესი მნიშვნელობა უფრო ცხადი და თვალსაჩინო გახდა. ამიტომაც იყო, რომ მთელი ეს ტფილისის სამხრეთით მდებარე ქვეყანა ქართული სახელმწიფო სამართლის მიხედვით "მეწინავე დროშა"-დ იწოდებოდა. ეს კუთხე იყო, რომ სამხრეთით მდებარე ქვეყანა ქართული სახელმწიფო სამართლის მიწაწყალზე უნდა გაეწია ქართველ ჯარს მისთვის პირველი და გადამწყვეტი წინააღმდეგობა.
საქართველოს მტრებსაც ამ ქვეყნის უდიდესი მნიშვნელობა მშვენიერად ჰქონდათ გათვალისწინებული. მათ ესმოდათ, რომ მისი დაპყრობა აღმოსავლეთ საქართველოსა და ტფილისში შემყვანელ კარების ხელში ჩაგდებას უდრიდა. აკი საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰაბაზმა გიორგი მეფეს მოსთხოვა: "ჯერ-არს რათა მომცე ჯილდოდ ლორე ბერდურჯის მდინარით"-ო. მაშინ ბერდუჯის მდინარე სამზღვარი იყო ქართლის სამეფოსი და ძალზე შეწუხდა, "შეუძნდა ესე ფრიად მეფესა". ჯილდოს შენგან მოველოდდი და არა წართმევას "მიხმასა საზღვართა ჩემთასა"-ო. მაგრამ შაჰაბაზმა იცოდა რასაც თხოულობდა და სწორედ მიტომაც მისი სურვილი შეუდრეკელი იყო (ვახუშტი, საქართველოს ცხორება, ჭიჭ. 52). სახელოვანი ქართველი მეცნიერი ბატონიშვილი ვახუშტი სრულებით მართალი იყო, როდესაც ამ გარემოების შესახებ ამბობდა, ეს ქვეყანა "შაჰაბაზ ამისის განზრახვით მიიღო რამეთუ "მექმნებისო შესავალ-გასავალი ქართლსა შინა-ო" (გეოგრაფია 140-142). სწორედ ეს გარემოება იყო და არის, რომ საქართველოს მტრებს ეს კუთხე ასე იზიდავდა და ყურადღებას იპყრობდა.
იგივე გარემოება მეორეს მხრით თვით საქართველოს მმართველ წრეებს და ერს საქართველოს ამ მართლადაც "მეწინავე დროშისა" და სამხრეთის ერთად-ერთ საფარის დარაჯად ხდიდა და თუმცა სპარსეთის ბრძანებელიც, ოსმალეთის ფაშებიც მუდამ ამ კუთხის დაპყრობას ლამობდენ, მაგრამ ქართველობას ამ ქვეყნის შესანარჩუნებლად თავისი სიცოცხლე არ დაუზოგია.
და ამიტომაც იყო, რომ მან გაიმარჯვა. თვით აღმ. საქართველოს დაკნინების დროსაც-კი, ვახტანგ VI მეფობაში და XVIII საუკუნის პირველ ნახევარშიაც, ქართლის სამეფოს სამზღვარი სამხრეთით იყო იქვე, სადაც თავდაპირველად. წერილობითი ცნობებს გარდა ამას ის საქართველოს 1743 წლის რუკაც ამტკიცებს, რომელიც ინახება რუსეთის მთავარ შტაბის სამხედრო-სამეცნიერო არქივში N-ით 505 «Иверская Земля».)
ერეკლე მეფის დროსაც, თუნდა 1783 წელს, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულება დაიდო, სამხრეთით სამზღვარი და მთელი ქვენა-ქართლი, ანუ სომხით-ლორე-ფამბაკ-ბორჩალო საქართველოს უცილობელს საკუთრებას შეადგენდა და კვლავინდებურად სამზღვარი უფრო სამხრეთისაკენაც მდებარეობდა და გამყოფელ ხაზად ერევნის (ფამბაკის) მთები ითვლებოდენ. ეს შეურყევლად მტკიცდება საქართველოში იმ დროს მყოფ რუსეთის ელჩის ბურნაშევის, როგორც წერილობით აღწერილობითგან (იხ. Картина Грузии, полн. описание еtс., გვ. 2), რომელიც მის მიერ 1786 წელს არის შედგენილი, ისევე და უფრო თვალსაჩინოდ მის მიერვე 1784 წ. დახატული საქართველოს საერთო რუკითგან, სადაც სამზღვარი წითლად არის შემოხაზული (იხ. С. Н. Бурнашевъ-ის Новые Мат. რუკა მეორე).
დასასრულ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღამაჰმადხანის შემოსევის შემდგომაც და აღმ. საქართველოს რუსეთთან შეერთების დროსაც ეგრედ წოდებული "სომხითი" ბორჩალო, ფამბაკი, ყაზახი და შამშადილი საქართველოს უცილობელს კუთვნილებას შეადგენდა და შურაგელიც მასვე ეკუთვნოდა (Дубровинъ. Истор. 1, III 38I-382).
განმსაზღვრელ ხაზის მდებარეობის გამოსარკვევად მკაფიო ცნობები ვახუშტსა აქვს მოყვანილი. მისი სიტყეით "სომხით-ერევნისა და ამისი (ე. ი. ბაბიკის) გამყოფელ არს მთა დიდი მაღალი და მარადის თოვლიანი და კალთათა ტყიანი, რომელი წარვლის დასავლით არტაანამდე, ხოლო აღმოსავლით რანსა და გელაქუნს შუა განვლის და ვიდრე რახსამდე მივალს. მთისა ამისა სამხრით კერძი სომხით-ერევნისა არის, ხოლო ჩრდილოთ კერძი ბერდუჯისა და რანისა... ხოლო მთა მცირე ბერდუჯის ძეს ჩრდილოეთით და სამხრით და მიადგების წინ-თქმულსა ერევნის მთას აღმოსავლეთის კერძი მთისა ამის რანისა და დასავლეთით კერძი არს ბერდუჯისა" (ვახუშტი. გეოგრაფია, 140).
ამ სიტყვებითგან სჩანს, რომ ვახუშტი ორ მთას ასახელებს საქართველოს სამხრეთით. ერთს, რომელიც დიდი და მაღალია იმდენად, რომ მარადის - თოვლიანად მიაჩნდა, დასავლეთით არტაანამდის აღწევს, აღმოსავლეთით კი რანსა და გელაქუნს შუა გადის და რახსამდე მიდის, ერევნის მთა ჰრქმევია. ხოლო მეორე მთა პატარა ყოფილა და როგორც ეტყობა ორ ტოტად იყოფოდა ისე, რომ ვახუშტის სიტყვით ეს მთა "ძეს ჩრდილოეთით და სამხრით" ამასთაავე იგი თითქოს ერევნის მთის შტოდ ამოდის და მას "მოადგბის"-ო. ამ მთას ბერდუჯის მთა ჰრქმევია.
ამ ტექსტის ფრანგულს თარგმანში აკად. მ. ბროსსეს შენიშვნაში აღნიშნული აქვს, ვითომც იგი რუსულს ბეზობდალის მთას უდრიდეს (გეოგ. 141, შენ. I). მაგრამ საკმარისი იყო ბროსსეს თავის გამოცემული ვახუშტის მიერ დახატული რუკა აეღო, სადაც ქეემო ქართლია (N2,
Georgie au s. du Kour) და იქ ჩაეხედა, რომ მაშინვე დარწმუნებულიყო, რამდენად შემცდარი იყო მისი ზემოაღნიშნული აზრი. იქ სახელდობრ ერევნის მთა მდ. ბამბაკის სამხრეთით არის დახატული. მაშასადამე ცხადია, რომ ყოვლად შეუძლებელია ვახუშტის ერევნის მთები რუსთა საგეოგრაფიო სახელს ბეზობდალის მთებს უდრიდეს იმიტომ, რომ ეხლანდელი ბეზობდალი მთები ბამბაკის ჩრდილოეთით მდებარეობენ. იგივე გარემოებაც ცხად-ჰყოფს, რომ ვახუშტის "ერევნის მთები" აწინდელს რუსულს რუკაზე აღნიშნულს "ბამბაკის მთებს" უდრიდეს, რომელთა მიმდინარეობაც აღმოსავლეთით მართლაც ისეთია, როგორც ვახუშტს აქვს აღწერილი, და გელაქუნის ანუ გოგჩის ტბის ჩრდილოეთით უვლის.
ვახუშტის იგივე რუკა ამტკიცებს, რომ ბერდუჯის მთები უნდა მდ. ბერდუჯის ანუ დებედას, რომელსაც ამ ადგილას რუსები კამენკას უწოდებენ. სამხრეთით მდებარედ ვიგულისხმოთ. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ ვახუშტის ბეოდუჯის მთა უნდა რუსების მეზობდალის მთებს უდრიდეს.
ამგვარად ირკვევა, რომ საქართვეოლოს სამხრეთით (სომხეთისაგან) ერევნის სახანოსაგან გამყოფელ ხაზად ერევნის მთები ითვლებოდა, რომელთაც ეხლა "ბამბაკის მთები" ეწოდება. ამ დასკვნის სიმართლეს მოსკოვში 1743 წელს დახატული რუსულ-ქართული რუკაც ადასტურებს, რათგან ამ რუკაზეც საქართველოს სამხრეთის სამღვარი ბამბაკის მდინარის სამხრეთით არის გახაზული. ბურნაშევის მიერ 1743 წლის შედგენილ საქართველოს რუკაც ამასვე ამტკიცებს: იქაც ეს სამზღვარი მდ. ბამბაკის კარგა სამხრეთით ხატია. მაშასადამე XVII საუკუნის დასასრულსაც, საქართველოს რუსეთთან 1783 წლის ხელშეკრულობის დადების ჟამსაც საქართველოს სამხრეთის სამზღვრად კვლავინდებურად ერევნის ანუ როგორც ეხლაა მიღებული "ბამბაკის მთები" ყოფილა.

§ 5. ქვემო-ქართლის უაღრესი ეკონომიური  მნიშვნელობა საქართველოსთვის

განსაკუთრებით ყურადღების ღირსია ის გარემოება, რომ ქვემო ქართლი მარტო სამხედრო თვალსაზრისითა და მნიშვნელობით-კი არ იყო დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებული, არამედ მაშინაც მთელ თავის მდებარეობით და გზებით. მთელ თავის ქონებრივი ძალღონითაც, ეკონომიურადაც ის დანარჩენ საქართველოსთან და აღმ. საქართველო მასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული. პაპუნა ორბელიანის საისტორიო თხზხულებითგან სჩანს, რომ ტფილისი სამხრეთითგან, სომხით-ბორჩალოთგან შემოსულ სურსათით იკვებებოდა. მაგრამ მარტო ეს არა კმარა. თუმცა აღმოს. საქართველოს სხვა და სხვა ადგილას ოქროს და ვერცხლისა, უფრო-კი სპილენძის მადნები ქონდა. განსაკუთრებით მაინც მადნეულობა იმ მთებში მოიპოვება უხვად. საქართველოს რომ ერევნისაგან ჰსაზღვრავენ (ბურნაშევ. Картина 2).
ქვემო-ქართლში ან ე. წ. "სომხით"ში მდებარე ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის მაღაროების საქართველოს ეკონომიურ კეთილდღეობისა და ძლიერებისათვის უაღრესი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ვახტანგ VI და ერეკლე მეფეს, რომელთაც არაფერი დაუზოგიათ, რომ დროთა ვითარების გამო მიტოვებული და მივიწყებული სამთამადნო საქმე კვლავ განახლებულიყო და გაცხოველებულიყო.
ეს მადნები საქართველოს სახელმწიფოს ფულის მოსაჭრელ ლითონსაც აძლევდენ, — ამით სჭრიდენ მეფეები ქართულ ფულს, — და ამასგარდა წმინდა შემოსავალსაც, რომელსაც მეფეები ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრისაგან დაცვას ახმარებდენ. ნ. ბუტკოვს აღნიშნული აქვს, რომ მის დროს 1778 წელს ერეკლე მეფემაც თავის სახელმწიფოს ყოველ-წლიური შემოსავალი გააძლიერა ახტალაში და სხვა ადგილებში აღმოჩენილი ოქრო-ვერცხლისა, სპილენძისა და რკინის მადნეულობით, რომ მან ამ მადნების დასამუშავებლად ბერძნები გამოიწერა და შემოსავლით ნაქირავებ ჯარს ინახავდა საქართველოს დასაცავად (Матеріалы для исторіи Кавказа, I, 337).
საქართველოს მეფეების მზრუნველობა ქვამადნის განვითარებაზე რომ ბრძნული იყო და ანგარიშში არ მოტყუებულან, ამას ის მრავალმეტყველი გარემოებაც ამტკიცებს, რომ ერეკლეს მეფობის უკანასკნელ წლებშიაც-კი, XVIII საუკუნის დასასრულს, მადნის მაღაროების წმინდა შემოსავალი სახელმწიფოს ყოველწლიურს ოქროსა და ვერცხლის ფულად შემოსავლის ერთს მეოთხედს უდრიდა: 400.000 მინ.-ში (ბურნაშევი, Картина 5) 100000 მინ.-მდი მადნების წმინდა შემოსავალი იყო.

§ 6. ამ კუთხის მოსახლეობის ბედ-იღბალი XVII-XVIII სს. და სომეხთა გადასახლება

თვით ქვემო-ქართლის სტრატეგიული მდგომარეობის გამო, ვითარცა საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანს ქვეყანასა და "მეწინავე სადროშოს", მას ხშირად ბრძოლისა და მტრის თავდასხმის ასპარეზად ხდიდა და ამის გამო მოსახლეობა აქ მრავალჯერ დაზარალებულა და არა ერთხელ სრულებით ამოწყვეტილა კიდეც. უფრო ძველ დროსაც რომ თავი დავანებოთ, მარტო შაჰაბაზის შემოსევამაც ამ მხრივ დიდი ზიანი მოუტანა. ამას გარდა, სპარსეთის შაჰებს რომ საქართველოში მუდამ ერთგული წინამავალნნი და მომხრენი ჰყოლოდენ, შაჰაბაზმა აქ თურქთა ელჩი ბორჩალუ ჩაასახლა. თანდათანობით ყაზახ-შამშადილო-ლორეს ხანებიც გაჩდენ (ვახუშტი 70). ხშირი სამხედრო მოქმედების გამო ეს ქვემო-ქართლი, "თრიალეთი, ტაშირი და აბოცი" მთლად აოხრებული იყო. იქ "კაცნი არღარა იყუნენ" და მხოლოდ ვახტანგ V კვლავ დაასახლა იგი (იქვე 82).
თუ საქართველო, რომელსაც თავისი სახელმწიფო ჰქონდა XVI-XVIII საუკუნეში შეწუხებული იყო გარეშე მტრისაგან, ადვილი წარმოსადგენია რა საშინელს მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო სომხობა, რომელიც XII საუკუნითგან მოყოლებული საკუთარ სახელმწიფოებრივობას მოკლებული იყო და XVI საუკუნითგან მოყოლებული ხომ სახანოების ქვეშევრდომებად ითვლებოდა. აუტანელ მდგომარეობის გამო, სარწმუნოებრივ და ეროვნულ-პოლიტიკურ დევნისაგან სომხობა თავის ქვეყნისგან იყრებოდა, მამაპაპევულს მიწაწყალს სტოვებდა და სხვა უფრო მყუდრო ქვეყნებში და სახელმწიფოებში ეძებდა თავშესაფარს. საქართვვლო სომხებისათვის ყველაზე უფრო მახლობელი ქვეყანა და სამეფო იყო, სადაც მათ თავისუფლად შეეძლოთ ცხოვრება, — საქართვეოლოში არასდროს არც ეროვნული, არც სარწმუნოებრივი დევნა არ ყოფილა, — და თანაც საქართველოში შემოხიზნულს სომხებს უფრო მეტი იმედი ჰქონდათ, რომ თუ გარემოება მათთვის ხელსაყრელად შეიცვლებოდა, იქითგან თავიანთ სამშობლოში ადვილად დაბრუნებულიყვენ. ამიტომ იყო, რომ დევნილი სომხები საქართველოში იხიზნებოდენ. ჩვენში ეძებდენ და პოულობდენ კიდეც თავიანთვის თავშესაფარს.
სრულებით ბუნებრივია, რომ ისინი სახლდებოდენ განსაკუთრებით იმ კუთხეში, რომელიც სომხეთის მოსაზღვრე იყო და სადაც თავისუფალი სამოსახლო ადგილი მოიპოვებოდა. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ ისინი შემოიხიზნებოდენ ხოლმე სწორედ ქვემო ქართლში, რომელი ჩრდილოეთით ერევნის მთებს ეკრა ე. წ. სომხითში, ლორეში, ტაშირში და სხვაგან. ვახუშტს აღნიშნული აქვს, რომ "სომხით"-ში ვახტანგ VI დროს "მოსახლენი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მცირედად ქართლის სარწმუნოებისა, არამედ ქცევა-ზნით ქართულითა"-ო (გეოგრაფია 146). ტაშირის შესახებაც მას ნათქვამი აქვს, რომ იქ მსახლობელნი არიან სარწმუნოებით სომეხნი და მოსილნი არიან ბინძურად და გაზეთილნი, გრძელ-ჩოხიანნი, ავფერადი უშვერად. გარნა არიან ჰაეროვანნი და ტანოვანნი, შემძლენი, ლაშქრობათ, შინა გამოუცდელნი უხმარნი"-ო. (იქვე 148).
მაგრამ არც ეს სომხური შემოხიზნული მოსახლეობა შერჩენილა აქ დიდ ხანს. თურქების შემოსევის დროითგან მოყოლებული XVIII-ის მეორე მეოთხედშიც, თურქებისა და ლეკებისაგან სხვებზე უფრო ძლიერად ეს კუთხე დაზიანდა (ვახუშტი, საქართველოს ცხოვრება 122, 137, 1.39. პ. ორბელიანი).
ამ ხნის განმავლობაში ს. საქართველოს სამხრეთის კუთხე ისე აოხრდა და გაუკაცრიელდა, რომ 1760 წლისათვის როგორც რუსეთის ხელმწიფისათვის გაგზავნილს აღწერილობაში ერეკლე მეფე სხვათა შორის ამბობს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი შერჩენილი არ იყო.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ამგვარ აოხრებისა და ხალხის გადასახლების წყალობით სომეხთა მოსახლეობა თვით მათს მკვიდრს მიწა-წყალზეც ისე შემცირდა, რომ ერევანის სახანოში ითვლებოდა 3000 სახლობა, ნახჭავანში 500, ყარაბაღში 7000, ყარადაღში 300, განჯაში 1500. დანარჩენნი მათ სამშობლოში აღარა სცხოვრობდენ. დარუბანდში 1000, მარაღაში 2000, ხოიში 1000 სახლობა ითვლებოდა (ნ. ბუტკოვი - Матеріалы, II, 142). ამგვარად სომეხთა რიცხვის ჯამი მთელს ამიერკავკასიაში 17000 ოჯახობას უდრიდა.

§ 7. სომეხთა გადმოსახლების განსაკუთრებული ხასიათი XVIII-XIX საუკუნეში

ერეკლე მეფის დროს სომეხთა საქართველოში შემოხიზნის ხასიათი, როგორც ეხლა ირკვევა, თვალსაჩინოდ იცვლება. თუ წინათ ეს გადმოსახლება სტიქიური თვისებისა იყო და მას არავითარი პოლიტიკური მიდრეკილება და მნიშვნელობა არ ჰქონდა, XVIII საუკუნის დასასრულს გარკვეული პოლიტიკური ელფერიც ზედ დაერთო. თუ წინათ საქართველოში მომავალი სომხები საქართველოს მფარველობისა და ქვეშევრდომობის მოიმედენი იყვნენ ხოლმე, ამიერითგან ისინი უკვე გარეშე ძალის მფარველობას ეძებდენ და მათის დახმარებით ცდილობდენ საქართველოში თავიანთ საქმის გაკეთებას. როდესაც სომხებმა შეიტყეს, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ხელშეკრულობასა სდებდა და რუსეთის კავშირსა და მფარველობას ეძებდა. ჯერ კიდევ ხელშეკრულობა დადებული და ხელმოწერილი არ იყო, რომ სომეხთა ეპისკოპოსებმა, მელიქებმა და სხვა წარჩინებულმა პირებმა რუსეთის მთავრობას 1783 წლის 3 მარტს შედგენილ თხოვნა მიართვეს, რომელშიაც ყარაბაღისა და ყარადაღის სომხები რუსეთის სამეფო სახლობას ერთგულებას უცხადებდენ და თანაც უცხელთა ბატონობისან განთავისუფლებას სთხოვდენ. რუსეთის მთავრობას ეს რასაკვირველია მოეწონა და მან გადასწყვიტა მეფე ერეკლეს დახმარებით შუშის ხანი დაემხო და ყარაბაღითგან და ყარადაღითგან ერთი სომხური ოლქი (обастъ) შეედგინა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისაგან უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. ამ ოლქს მართვა-გამგეობა სომეხთა თანამემამულეს უნდა ჩაჰბარებოდა და კარგად უნდა მოწყობილიყო, რომ დანარჩენ სომხების ოლქებსაც ყარაბაღელი სომხებისათვის მიებაძათ და მათთან შეერთებულიყვნენ. ამ გზით რუსეთის მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ აზიაში საქრისტიანო სახელმწიფოს ააღორძინებდა (Н. Бутковъ Матеріалы II, 142).
ეს უკვე გარკვეული პოლიტიკური გეგმაა, რომელიც თითქოს სომეხთა საკეთილდღეოდ იყო შედგენილი, მაგრამ რომლის განხორციელებაც რუსეთს ამიერკავკასიაში მტკიცედ ფეხს მოაკიდინებდა. საქრისტიანო სომხურ სახელმწიფოს აღორძინება სომეხთა გულითადი ნატვრა იყო და უეჭველია, რომ რუსეთის მთავრობის მიერ სწორედ მათ მისაზიდავად და აღსაფრთოვანებლად იყო ამ გეგმაში ეს აზრი შეტანილი.
ამიერითგან მოყოლებული უცნაური მდგომარეობა შეიქმნა. სომხები ორმაგს კავშირს იჭერდენ ერთის მხრით საქართველოსთან, მეფე ერეკლე II ან გიორგი მეფესთან, საქართველოში შემოიხიზნებოდენ ხოლმე, ვითარცა დევნილნი, და შედარებით მყუდრო თავშესაფარს პოულობდენ. იმავე დროს, მეორე მხრით-კი იდუმალ რუსეთის მფარველობას ამოეფარებოდენ ხოლმე და რუსეთის მთავრობის დახმარებით საქართველოში თავიანთ საქმეს იკეთებდენ.
როგორც არა ერთხელ ეს ქართველებსაც შემთხვევიათ, სომხებმაც პირადად გამოსცადეს, რამდენად სახიფათო იყო რუსეთის დახმარების მოიმედეობა. რუსეთმა. რომ ერეკლე მეფესთან დადებული ხელშეკრულობისდა მიუხედავად საქართველოთგან მეშეელი ჯარი მთლად გაიყვანა და ჩვენი ქვეყანა გააფთრებულ მტრების პირისპირ დასტოვა. ამის საბედისწერო შედეგი მარტო საქართველომ კი არ იგრძნო, არამედ სომხებმაც და თვით ყარაბაღის მფლობელმა იბრაჰიმ ხანმაც. აღამახმედ ხანის შემოსევის დროს ყარაბაღის ხანი იძულებული იყო ყველა სომხებისათვის, ვისაცა-კი იარაღის ხმარების უნარი არ ჰქონდა ან ციხეში არ დაეტივნენ, მეზობელთა სამფლობელოებში საქართველოში გახიზვნის ნება მიეცა იმ იმედით, რომ როცა ქარიშხალი დაწყნარდებოდა ისევ უკან დაებრუნებინა, მაგრამ არამც თუ გახიზნებული სომხები ყარაბაღში აღარ დაბრუნებულან, სხვებმაც-კი მათ მიჰბაძეს. თავიანთ მელიქების წინამძღოლობით აიყარნენ და ზოგი განჯაში, ზოგი კიდევ ისევ საქართველოში გადასახლდენ (იხ. Записка Коваленскаго о Грузіи АКАГК т. I, გვ. 120).
იმ დროს, როდესაც ერთი მხრით სომეხთა კათალიკოზმა ლუკამ საქართველოს ასაოხრებლად 1795 წელს, მომავალს სპარსეთის შაჰს აღამაჰმედხანს, ალბად შიშით, "სამხედრო ხარჯების დასაფარავად 100.000 მ. მისცა, მეორე მხრით და იმავე დროს შეძლებული სომხები ყარაბაღითგან, ერევნითგან, ნახჭავნითგან და სხვა ადგილებითგან მაჰმედიან მცხოვრებლებთან ერთად საქართველოში გამორბოდენ და იქ ბამბაკის ხეობაში იხიზნებოდნენ იმ იმედით, რომ აღამაჰმედხანი საქართველოში შესევას ვერ გაბედავდა (Бутковъ Матеріалы 11, 337).
ტფილისის აოხრების შემდგომაც მელიქები აბოვი და მეჯლუმი თავის ყმებიანად ისევ ერეკლე მეფეს შეეხეეწნენ და საქართველოში დასახლების ნებართვა სთხოვეს (АКАГК т. I, 113 და 134). ერეკლე მეფემ მელიქ აბოვის ვედრება შეისმინა, ს. ბოლნისი მისცა და კოლპის გზის დაცვა ვალად დააკისრა (იქვე. I, 116 შენ.).
დანარჩენმა სომეხმა მელიქებმა სხვა გზა ირჩიეს: მელიქების ჯიმშედისა და ფრიდონის მეთაურობით საქართველოს მეფეს ზურგი უქციეს და პირდაპირ რუსეთის მთავრობასთან დაიჭირეს საქმე, წავიდენ და ხუთივე სომეხ მელიქის სახელით რუსთ ხელმწიფეს იდუმალი თხოვნა მიართვეს, თქვენ ქვეშევრდომებად და მფარველობის ქვეშ მიგვიღეთო. ამასთანავე ისინი თხთულობდენ, რომ მათ რუსთ ხელმწიფესაგან, ან რუსეთში შეხიზვნის, ან იმავე პიროობით საქართველოში დასახლების ნებართვა მისცემოდათ (იქეე 1, 123. 134).
უეჭველია ეს უკვე სრულებით შეუწყნარებელი საქციელი იყო: საქართველოს დამოუკიდებელ არსებობის წყალობით სომხები თავიანთთვის საქართველოში აუცილებელ განადგურებისაგან თავშესაფარს პოულობდენ, მადლობის მაგიერ-კი საქართველოს შინაურ საქმეებში გარეშე ძალის ჩარევისათვის ცდილობდენ და რუსეთის ქვეშევრდომობისა და მფარველობის მიღებით ჩვენში მიწა-წყლის მიღება ჰსურდათ. მათი საქციელი საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა და ჩვენს ქვეყანაში რუსეთის გაბატონებას უწყობდა ხელს.
როგორც ეტყობა სომეხი მელიქები ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდენ რათგან დარწმუნებული იყვნენ. რომ თავიანთ მიზანს მიაღწევდენ.
მართლაც, რუსეთმა ისინი თავის მფარველობის ქვეშ მიიღო და, თუმცა ეს დადებული ხელშეკრულობის დარღვევა იყო, მაგრამ მაინც რუსთ ხელმწიფეს მათთვის სხვის სახელმწიფოში დასახლების ნებართვა მიუცია. ასე იყო ეს საქმე მოწყობილი ფარულად. ოფიციალურად კი რუსეთის ელჩს საქართველოში დავალებული ჰქონდა, რომ ის საქართველოს მეფესთან ცდილიყო და სომეხ მელიქებისა და მათ ყმებისთვის დასასახლებელი მიწები განსაკუთრებით შეღავათიან პირობით დაეთმებინებინა. მიწერილობაში ნათქვამი იყო, რომ ელჩს უნდა ჩაეგონებინა მეფისთვის, ვითომცდა რუსეთის მთავრობა იმ შემთხვევაში თვით საქართველოს საკეთილდღეოდ ცდილობდა (იხ. Инстр. изъ Госуд. Кол, Иност, делъ Коваленскому, АКАГК т. I, 94 § 10).
ყველამ კარგად იცის, რომ დიდ მფარველ სახელმწიფოს თხოვნა პატარასთვის იძულებას უდრის. ამის წყალობით სომხებმა და რუსეთის მთავრობამ თავიანთ წადილს მიაღწიეს. სომხებმა მიწები მიიღეს, რუსებმა კი საქართველოში იდუმალი ქვეშევრდომები და თავიანთ გაბატონების უერთგულესი წინამავალი რაზმი გაიჩინეს. ერეკლე მეფემ დაასახლა ისინი ზოგი თელავში, ზოგი სიღნაღში.
ქვემო ქართლში ე. წ. სომხითში და ლორეში, მელიქ აბოს გარდა არავინ დასახლებულა. ის მაშინაც, როცა საქართველო რუსეთს შეუერთდა, თითქმის უკაცრიელი იყო და მხოლოდ 1827-9 წლებში, როდესაც ოსმალეთითგან 100000 სული მცხოვრები. ხოლო სპარსეთითგან 30000 სული შემოიხიზნა და ნაწილი მათგანი ბორჩალოს მაზრაში, ნაწილი ერევნის გუბერნიაში დაეშენა, მხოლოდ ამ დროითგან მოყოლებული ჩნდება ქვემო ქართლში მჭიდრო და შედარებით მრავალრიცხოვანი სომეხთა მოსახლეობა (ივანენკო Исторія гражд. упр. და Шахатунянъ Админ. перед. 16801 §9).

§ 8. ქვემო ქართლის კუთვნილების საკითხი ისტორიულისა და თანამედროვე თვალსაზრისით

ამგვარად ორი გარემოებაა სრულებით ცხადი. ერთი ის, რომ ამ კუთხის ახალშენი სომხები იმ სომეხთა მემკვიდრეები არ არიან, რომლნიც საქართველოს ამ კუთხის სომეხთა მიერ ზემოაღნიშნულ პოლიტიკურ მოტაცებისა და ბატონობის გამო აქ ქართველ მკვიდრ მცხოვრებთა შორის გაჩნდენ, არც იმ სომეხთა მემკვიდრენი არიან, რომელნიც შემდეგ სუკუნეებში საქართველოს მთავრობის ნებართვით დროგამოშევბით სახლდებოდენ. (ის მოსახლეობა ხომ რამდენჯერმე ხან აიყარა სამუდამოდ, ხან მტრის მრავალ გზის შემოსევისაგან მკვიდრ ქართველებთან ერთად ამოწყდა), — მეორეც ის, რომ სომეხ მცხოვრებთა ეხლანდელი სიმრავლე საქართველოს სამხრეთის სამზღვარზე გარემოებათა ბუნებრივი შედეგი კი არ იყო, არამედ მხოლოდ რუსთა მთავრობის პოლიტიკურ გეგმის წყალობით მათი უცხოეთითგან ხელოვნური გადმოსახლების შედეგი.
ამ ხელოვნურ ხელშემწყობ პირობებისდა მიუხედავად სომხები მაინც მცხოვრებთა შორის აბსოლუტურ სიმრავლეს კი არ შეადგენენ, არამედ მხოლოდ შედარებითს. 1897 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად ბორჩალოს მაზრაში სულ 128587 მცხოვრები ითვლებოდა და მათ შორის სომხები 48609, თურქ-თათრები 37609, ბერძნები 21347 და ქართველები 6685 (იხ. აგრეთვე Шахатунянъ Админ. перед. 72).
საგულისხმიეროა და დამახასიათებელი, რომ საქართველოს და სომხეთის პოლიტიკური განახლება და დამოუკიდებლობის აღდგენა ამჟამადაც სომეხთა იერიშით და ომით დაიწყო ისეე საქართველოს სამხრეთის სამზღვარზე მდებარე ქვეყნის ქვემო ქართლის, ანუ როგორც იგი რუსების მიერ წოდებულია, ბორჩალოს მაზრის დასაპყრობად.
ზემოთქმული ვრცელი მიმოხილვის შემდგომ. რომელშიაც აღნუსხული იყო საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ამ კუთხის მგომარეობა. დასკვნა ძნელი არ არის. თავისდათავად ცხადია სომეხთა უკანასკნელი დასახლება ქვემოქართლში საქართველოს ამ განუყოფელ ნაწილების მდგომარეობას ვერც ერთის მხრით ვერ შესცვლიდა.
რუსეთთან 1783 წელს დადებული ხელშეკრულების ძალითაც და საქართვვლოს რუსეთთან შეერთების დროს რეალური მფლობელობითაც პოლიტიკურად იგი საქრთველოს უცილობელი კუთვნილება იყო, ხოლო რუსეთთან შეკრულ კავშირსა და მფარველობის ერთად-ერთი მიზანი საქართველოსთვის ჩვენი ქვეყნის მიწაწყლისა და დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობა შეადგენდა. ეს დებულება თვით ხელკრულებაშიც არის შეტანილი და იქ მეორე მუხლში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელმწიფე თავდებობას კისრულობს, რომ მეფე ერეკლეს მაშინდელ სამფლობელოს ანუ სამეფოს მთლიანობა და ხელშეუხებლობა დაცული იქნებოდა (Е. В. даеть Императорское свое ручательство на сохраненіе целости настоящихъ владеній Е. С. Царя Ираклія Теймурзовича).
მაშასადამე, როდესაც რუსეთის მთავრობა ამ ქვემო ქართლში სომხებს დასახლების ნებას აძლევდა, ეს შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ ეთნოგრაფიული თვისების მოვლენა ყოფილიყო და თვით საქართველო და ქართველობა ამ გარემოებას ვერას გზით მის მიწა-წყლის სახელმწიფოებრივ სამზღვრებს შემცვლელ გარემოებად ვერ ჩასვთვლის მით უმეტეს, რომ სომეხთა სამშობლოთგან აყრა და საქართველოში გადმოსახლება მათი ოსმალეთისა და სპარსეთს მიერ დევნის შედეგი იყო და ცხადია, რა წამს მდგომარეობა მათთვის საკეთილდღეოდ შეიცვლებოდა, ისინი ისევ თავიანთ სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ.
რაკი სომეხთა დასახლებით ქვემო-ქართლში, ბორჩალოს მაზრაში, იმ კუთხის გეოგრაფიული თვისებებიც, თავის-თავად ცხადია, არ შეცვლებოდა, საუკეთესო გზებიც ტოპოგრაფიული პირობების გამო ტფილისისაკენ არის მიმართული და ამის გამო ეს მხარე წინანდებურად დანარჩენ საქართველოსთან უმჭიდროესად არის დაკავშირებული, ამიტომ ეკონომიურ დამუკიდებულების ვითარებაც მისი და ჩვენი ქვეყნის დანარჩენ ადგილებს შორის არ შეცვლილა, — კვლავინდებურად ეხლაც ეს კუთხე საქართველოსთან არის დაკავშირებული. ეს გარემოება ამ კუთხის თვით ადგილობრივ დაწესებულებთა წარმომაგენლებსაც არა-ერთხელ ხმამაღლა აღუნიშნავთ ამ დროსაც, როდესასაც პოლიტიკური საკითხის წამოყენება ჯერ ფიქრადაც არავის მოუვიდოდა, იმ დროს, როდესაც კავკასიაში მეფის მოადგილედ სომეხთა თავგამოდებულ მომხრეობით ცნობილი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი იყო. სომხებმა ისარგებლეს ამ ხელსაყრელ შემხთვევით და ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით წამოაყენეს საკითხი ბორჩალოს და აქალქაქის მაზრების ტფილისის გუბერნიითგან გამოყოფისა და გუმ-ბრთან შეერთების შეასხებ, რომ ამგვარი სრულებით ხელოვნური საშუალებით გუმბრის (ალექსანდროპოლის) გუბერნია შეექმნათ.
სომეხთა სურვილი რომ განხორციელებულიყო ვორონცოვ-დაშკოვმა ბრძანება გასცა ეს საკითხი შეესწავლათ და შესაფერისი მოხსენება დაემზადებინათ. ამიტომ 1913 წელს 6 ნოემბერს და 18 დეკემბერს ტფილისის გუბერნატორმა ბორჩალოს სამაზრო კომისიას მწერლობა გაუგზავნა, რომ მას მცოდნე პირთა თანდასწრებით ადგილობრვ გამოერკეია, შესაძლებელია თუ არა, რომ ბორჩალოს მაზრა გუმბრს (ალექსანდროპოლს) შეუერთდეს ერთ საგუბერნიო ერობის შესადგენად. ამ სამაზრო კომისიამ, რომელშიც ერთი რუსი იყო (მომრიგებელი მოსამართლე ბურნაშოვი), 6 სომეხი (გადასახადთა ინსპექტთრი ზახარიანცი, შულავერის საზოგადოების წარმომადგენელნი ერიბეკევი და ვ. მეჰრაბოვი, ჯალალოღლის საზოგადოების წარმომდგენელნი ვ. სააკოვი და მ. ბახშინოვი, ბოლნის-ხაჩინის საზოგადოების წარმომადგენელი ვ. ავეტისოვი), 4 თათარი (მეჰტი-აღა-სულთანოვი, ახმედ მირზა მამედ-ოღლი შამილი, აბბას-ოღლი და აბდურახმან გაიბმოვი), 1 გერმანელი (იაკობ ტაუში) და 2 ქართველი (მაზრის უფროსის თანაშემწე ინალიშვილი, გადასახადთა ინსპექტორი ბარათაშვილი), ერთმხრივ დადგინა, რომ ბორჩალოს მაზრის ტფილისის გუბერნიითგან გამოყოფა სასურველი არ არის ("единогласно высказались за нежелательность выделеиия Борч. у. изъ состава Тифл. г."). თავიანთი დასკვნა მათ იმ მოსაზრებით აქვთ დასაბუთებული, რომ ეს მაზრა აღმოსაელეთით და სამხრეთით მთებით არის მორთული და გუმბრისაკენ მიმართული ორი საურმო (ბეზობდალისა და გულიბულახის) გზატკეცილი ზამთარში ნამქერების გამო გაუვალი ხდება, დანარჩენი გარდასავლები კი ამ მთებზე ზამთარში სრულებით შეკრულია ხოლმე, რომ ეკონომიურად მთელი ეს მხარე ტფილისთან არის დაკავშირებული, იქ ჰყიდის თავის მოსავალს და იქვე ყიდულობს თავისთვის რაც რამე დასჭირდება.
ბორჩალოს სამაზრო კომისიის ეს დადგენილება 24 იანვარს 1914 წელს ტფილისის საგუბერნიო განსაკუთრებულმა საბჭომ, რომელშიაც 11 რუსი სხვადასხვა მოხელე იღებდა მონაწილეობას გუბერნატორითგან მოყოლებული (ჩერნიავსკი, ს. პ. ნოვი, სმირნოვი, კორვინ-.პავლოვსკი, კ. სლავინსკი, მ. შესტაკოვი, ე. ციგანკოვი, მ. მისენკო, ს. პერშკე, იზიუმსკი და ჟდანოვი), 3 ქართველი (კ. აბხაზი, ი. აბხაზი და ტ. ქიქოძე) და 2 სომეხი (კ. იუზბაშევი და ელიმიზროვი), მოიწონა და თითონაც სრულებით მიემხრო (ი.ხ. ტფილისის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრის ივ. აბხაზის მოხსენება).
ამ ერთმხრივ დასკვნას ორსავე განსაკუთრებულ საბჭოში და ბორჩალოს მაზრის ტფილისის გუბერნიის სამზღვრებითგან გამოყოფისა და გუმბრთან შეერთების აზრის ამ ერთმხრივს უარყოფას ორსავე განსაკუთრებულ საბჭოში მითუმეტეს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ თვით ამ საბჭოების მონაწილეებმა კარგად იცოდენ, რამდენად თანაუგრძნობდენ ამ აზრის განხორციელებას თვით მეფის მოადგილე და მისი თანაშემწე, ამიტომ მოსალოდნელი იყო კიდეც, რომ ისინი კავკასიის უმაღლეს მთავრობისა და სომეხთა გულისწადილს კვერს დაუკრავდენ. თუ ამისდა მიუხედავად ეს აზრი ერთმხრივ უარყოფილი იყო ორჯერვე, ცხადია, რომ ბორჩალოს მაზრის ტფილისის გუბერნიისაგან ჩამოშორება და გუმბრთან შეერთება სრულებით შეუწყნარებელი და ბუნებრივ პირობების მოუხეშავი დარღვევა იქმნებოდა.

 

V თავი
სამხრთ-დასავლეთის სამზღვარი.
მესხეთი ანუ ზემო ქართლი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ნაწილს საზოგადო სახელად ზემოქართლი ეწოდებოდა, საკუთრივ-კი და უფრო ხშირად მესხეთს ეძახდნენ და სწორედ ამ სახელით იქმნება იგი ქვემოთ ნახსენები ხოლმე.

მესხეთი ბევრს სხვადასხვა სახელის მატარებელს თემს შეიცავდა. მესხეთის სანაპირო თემებად აღმოსავლეთითგან რომ მოვაყოლოთ შემდეგი ადგილები იყო: ჯაეახეთ-აბოცი, არტაჰან-კოლა, კლარჯეთი, ტაო-ოლთისი და თორთუმ-ისპირი. კლარჯეთის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის პირას ტრაპიზონამდის უკვე ლაზისტანი, ანუ ჭანეთი იყო.

§ 1. პალაკაციო, ანუ აბოცი და საქართველოს ამ სამზღვრის ხაზი

აბოცი ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობდა და ვითარცა მესხეთისა და ქვემო-ქართლის შუა მდებარე თემი ზოგჯერ მესხეთს ეკუთვნოდა. მაგრამ ხშირად XVII-XVIII საუკუნეებში განსაკუთრებით ქვემო-ქართლის საზღვრებში იყო მოქცული.
აბოცს ძველად პალაკაციოსაც ეძახდენ. შემდეგში-კი, თუნდა მაგ. ვახტანგ VI მეფის დროს. ყაიყული ეწოდებოდა. იგი "გამოხვეულია სრულიად მთითა და შუაში ვაკეა". (ვახუშტი. გეოგრაფია 148-150). აბოცს ტაშირისაგან იმგვარადვე, როგორც ბერდუჯს, ანუ დებედას ბამბაკისაგან ,ჰყოფს მთა ირჯანისა და აწ ყარაღაჯად წოდებული. (იქვე 148). ამავე უკანასკნელ სახელით არის ეს მთა ეხლაც ცნობილი. მას ჩრდილო-სამხრეთით აქვს მიმართულება, "მდებარებს სამხრიდამ ჩრდილოთ კერძ" (იქვე). მაღალია, "მარადის თოვლიანი და უტყეო და კალთათა ბალახოვანი" (იქვე).
დასავლეთ-სამხრეთით აბოცს სამზღვრად აღაბას მთა ჰქონდა, რომელიც ერთის მხრით ტბა "პალაკაციოს (Чалдырское) და აბოცს" შორის მდებარეობდა და ამასთანავე იყო "საზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა (ვახუშტი. გეოგრაფია 150).
ამ აბოცში მდებარეობდა "ყაზანჩი", რომელიც თურმე "იყო ქალაქი მცირე." (იქვე). ორივე სახელი ყაიყული და ყაზანჩიც ვითარცა ნაშთი ეხლაც არის საგეოგრაფიო სახელად შენახული რუკაზე. "ყაიყული-ყაზანჩის" სახით სწორედ ყარაღაჯის ქედსა და აღაბაბის მთას შორის მდებარე მაღლობ ვაკეზე.
მაშასადამე, აბოცის სამხრეთის სამზღვარი იწყობა იქ, სადაც ირჯინის ანუ ყარა-დაჯისა და ბერდუჯის (ბეზობდალის) მთების შესაყარია აქეთგან ხაზი მიდის ბაბას მთების ქედ-ქედ დიდ აღბაბის მწვერვალამდე, შემდეგ უკვე საკუთრი მესხეთის სამზღვარი იწყება და იმ ძველად ყარსის მთებად წოდებული მთავარი წყალთგამყფელი მთების ქედს მისდევს, რომელიც მტკვრისა და ჭოროხის შემდინარეების აუზს არეზის აუზისაგან ჰყოფს და რომელნიც ამ ჟამად ჯერ ყარსის გუბერნიის არტაანის ოლქისა და ხოლო მერმე ოლთისის ოლქის სამხრეთ აღმოსავლეთს სამღვარს ჰქმნის. შემდეგ სამზღვარი მიდის ძველ დროს ირიჯლუს მთებად წოდებულ ჭოროხისა და არეზის შემდინარეების წყალთგამყოფელი მთების ქედზე, მერმე ჩრდილო-დასავლეთით უხვევს, სანამ ლაზისტანის სამზღვარს არ მიადგება.

§ 2. ტაო-ისპირის მოსახლეობა უძველეს დროს და VII-XII სს.

უძველეს დროს ლაზისტანვით ტაო და ისპირიც ქართველთა ტომს ლაზებს (ხალიბებს) ეკუთვნოდა. მაგრამ II ს. ქ. წ. სომხებმა მათ ტაო წაართვეს და ამის წყალობით აქ შერეული მოსახლეობა გაჩნდა. გაქრისტიანების დროსა ეს ქვეყანა თითქოს ისევ სომეხთა ხელში უნდა ყოფილიყო. სპარსეთ-ბიზანტიის. შორის მე-6 ს. გამწვავებული და ხანგრძლივი ომიანობისა და ხოლერის მსგავსი საშინელი მოარული მძვინვარების გამო თითქმის მთელს ზემო ქართლში, ანუ მესხეთში, განსაკუთრებით-კი სამცხეში. შავშეთ-კლარჯეთში და ტაოში, ხალხი თითქმის სრულებით მოისპო (იხ. ქართველი ერის ისტ. 1, 320, 327 333). სხვათა შორის ტაოში ყოფილი შერეული მოსახლეობაც ამოწყდა და თითქმის მთელი ტაო უდაბურ ტყით შეიმოსა. მხოლოდ IX.-ში აქ კვლავ ქართული მოსახლეობა ჩნდება. შიდა ქართლითგან ჯერ მეუდაბნოენი და მონაზონები შემოვიდენ და დასახლდენ, ხოლო მათ კვალს მდაბიო ხალხიც გაჰყვა, დაბურული ტყეები გაჩეხა, დასახლდა და ბერებისა და ახალშენთა დაუღალვი შრომის წყალობით ეს ქვეყნები ქართული საეკლესიო და სამოქალაქო კულტურის ნაყოფიერ ასპარეზად იქცა. IX-XIV საუკუნეების ქართული ხელოვნების მრავალი საუცხოვო ძეგლები, რომელთა ნაშთებმა მთელს მესხეთში მრავლად მოაღწია ჩვენამდისაც კი, ამ გარემოების მჭერმეტყველი დამამტკიცებელი საბუთია მესხთა მოღვაწეთა და მწერლების ენაც საუკეთესო ქართულად ითვლებოდა.

§ 3. მესხეთის მდგომარეობა და პოლიტიკური ბედიღბალი XIII-XVIII სს და მისი გამაჰმადიანება

ზემო ქართლი, ანუ მესხეთი საცხე-ჯავახეთითგან მოყოლებული ტაო-ისპირამდე ერთს საგამგეო ერთეულს, საერისთავთ-საერისთაოს და სამთავროს შეადგენდა. XIII საუკუნის II ნახევარში მესხების მთავრის განსაგებელი იწყობოდა ბორჯომის ხეობითგან ტაშისკარითგან და კარნუქალაქამდის აღწევდა (ჟამთააღ.* 875, გვ. 719). XIII საუკუნის დამდეგს თამარ მეფის მიერ დაარსებულის ტრაპიზონის იმპერიაში მოექცა ლაზისტანი, ანუ ჭანეთი, მაგრამ შემდეგში იგი საქართველოს შემოუერთდა და ჯერ მესხეთის მთავარს, შემდეგ გურიელს ეჭირა, ხოლო 1511 წელს სამცხის მთავრის, ათაბაგის ხელში გადავიდა (ვახუშტი. საქართ. ცხოვრება 241).
ოსმალთა გაბატონებამ მცირე აზიაში და კონსტანეპოლში მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მეტადრე ეს უკანასკნელი მონაპირე კუთხე, საშინელს განსაცდელში ჩააგდო. საუკუნეთა განმავლობაში ოსმალეთი დაუცხრომელი სიმედგრით საქართველოს ამ ძვირფას და მშვენიერ ნაწილის ჩაყლაპვას ლამობ და ყოველგარი საშუალებით, პოლიტიკური თუ სარწმუნოებრივი დევნით და ეკონომიური შევიწროებით და ცდილობდა, რომ ქრისტიანობა აქაურ ქართველთა შორის დაემხო და ქვეყანა გაემაჰმადიანებინა. ჯერ უმაღლეს წრითგან დაიწყო, შემდეგ ხანგძლივ ბრძოლის საშუალებით მაჰმადიანობა თვით ხალხშიც გაავრცელეს. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში დაიწყო გამაჰმადიანების პროცესი (ვახუშტი. საქართველოს ც-ა 254-247) და მთელს XVIII და XIX საუკუნის დამდეგამდე გაგრძელდა. წინანდელი დამოუკიდებლობისა და ქართველობის ხსენებაც - კი რომ მოესპოთ ოსმალებმა სამცხის მფლობელნი "ახალციხის ფაშა"-დ გახადეს, მხოლოდ ეს ღირსება ამავე საგვარეულოს მემკვიდრეობითი კუთვნილებად დასტოვეს. ამ საშუალებით ოსმალეთმა ეს მშვენიერი ქვეყანა საქართველოს მოსწყვიტა და მთლად შთანთქა. ოსმალთა დროს ახალციხის საფაშო (ფაშალიკ) კვლავინდებურად მთელი ჭოროხის მხარესაც შეიცავდა და 24 თემად ანუ სანჯაყად იმყოფებოდა. თვითეულს თემს ან სანჯაყს სათავეში მემკვიდრეობითი მფლობელები სანჯაყბეგები უდგნენ.

 

§ 4. უფლებრივი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასა და მესხეთს შორის XVIII ს.

ადვილი წარმოსადგენია, რომ საქართველო ასეთი კუთხის დაკარგვას და ამოდენი მოძმე ქართველობის მოწყვეტას ისე ადვილად ვერ შეურიგდებოდა. უფრო ძველ დროითგანაც რომ არ დავიწყოთ ისიც საკმარისი იქნებოდა, თუ გავიხსენებდით, რომ XVIII საუკუნეშიაც მაგალითად თეიმურაზ II-ისა და ერეკლე მეფის დროს, საქართველოს მთავრობა ცდილობდა ახალციხის ფაშებებთან, რომელთაც მაჰმადიანობისდა მიუხედავადათ თავიანთი ქართველობა დავიწყებული არ ჰქონდათ, ერთის მხრით განსაკუთრებით კეთილი მეზობლურ კავშირი ჰქონდათ, ეს ცდა უნაყოფო არ ყოფილა (С Н. Бурнашевъ. Картина Грузіи 14 და Н. Бутковъ Матеріалы 11 141-142). — მეორე მხრით ყოველ ხელსაყრელ შემთხვევით სარგებლობდა, რომ თავიანთი უფლება მესხეთზე ანუ ახალციხის საფაშოზე გამოეაშკარავებინთ. ამიტომ იყო, რომ საქართველოს მეფეები თავიანთ თავს სამეფო სახელწოდებაში ასე ხაზ-გასმით ამ ქვეყნის მემკვიდრეობითი მფლობელად აცხადებდენ (იხ. С Н. Бурнашевъ. op. cit. 14 და Н. Бутковъ Матеріалы 11 130). ამავე მიზნის მისაღწევად, სრულიად საქართველოს გაერთიანების განხორციელების ხელშემწყობ პირობების შესაქმნელად განსაკუთრებით-კი სწორედ ამ ძველ ქვემო ქართლის, ახალციხის საფაშოს, საქართველოსთან შემოსაერთებლად იყო სხვათ შორის 1783 წლის ხელშეკრულება ერეკლე მეფისა და ეკატერინე I შორის დადებული. ერეკლე მეფის წარმომადგენლებმა ამ ხელშეკრულებაში მეორე მუხლად შეატანინეს, რომ რუსეთის ხელმწიფე არამცთუ ერეკლე მაშინდელ სამეფოს სამფლობელოს ხელშეუხებლობის თავდებობას კისრულობდა, არამედ ისეთისაც, რომელიც შემდეგში შეძენილი იქნებოდა. და რომ ეს მუხლი სწორედ იმ აზრით იყო ჩართული ხელშეკრულებაში, ამას იმდროინდელი რუსეთი ერთ-ერთ წარმომაგენელის ნ. ბუტკოვის სიტყვებიც ცხადყოფენ, რომ ამ "მეორე მუხლის შინაარსი სწორედ საქართველოს მეფეთა ძველ სამფლობელოს, ახალციხის საფაშოს, ანუ სამცხო-საათაბაგოს ეხებოდა"-ო (Н. Бутковъ Матеріалы II 14). სწორედ ასე გაიგო ამ ხელშეკრულების შინაარსი იმდროინდელმა ახალციხის ფაშამ და რაკი დარწმუნდა, რომ საქართველოს მეფისგან მის ფაშობას განსაცდელი მოელის, ამიტომ რუსეთთან ხელშეკრულების დადების შემდგომ მეფე ერეკლეს გადაეკიდა და მტრობა დაუწყო (Н. Бутковъ Матеріалы II 142).

§ 5. რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება და მისი  შედეგი. სომეხთა გადმოსასლება ამ კუთხეში

 როდესაც რუსეთმა საქართველო შემოიერთა, მესხეთი, ანუ ახალციხის საფაშო, ოსმალეთს შერჩა და მხოლოდ 1828 წელს დაპყრობილ იქნა ამ საფაშოს ერთი ნაწილი, ანდრიანოპოლის ზავით რუსეთმა შემოიერთა 24-თიგან მხოლოდ 10 სანჯაყი. ქობლიანისა, ოძრხისა. (აბასთუმანისა), ახალციხისა, აწყვერისა, ასპინძისა, ხერთვისისა, ახალქალაქის, ჯარაქისა, ფოცხოვისა და პალაკაციოსი (ჩალდირისა) რაც ძველსა სამცხეს, ჯავახეთს, პალაკაციოს და ერუშეთს უდრის. ეს მხარე რუსთა მიერ შემდეგში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრად და ფოცხოვის უბნად იყო წოდებული.
რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შემდგომ მესხეთის მეორე ნაწილიც იყო შემოერთებული, სახელდობრ აჭარა-ქობულეთი, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა-არტაანი და ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ოლთისი, აქეთგან სამი პირველი თემი, ანუ სანჯაყი ბათუმის ოლქად იქმნა წოდებული, ხოლო ერუშეთი, არტაანი და ოლთისი რუსეთის მთავრობამ ყარსის ოლქის სამზღვრებში მოაქცია, თუმცა ერუშეთი (ფოცხოვის უბანს) ყარსის მხარეს 7-8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია და ფოცხოვის უბნის ბოქაული ამის გამო იძულებულია ახალციხეში იცხოვროს.
მთელ ამ კუთხეში, განსაკუთრებით ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობდენ (Иваненко. История гражданскаго управ, на Кавказе. 265, 260). რუსეთის აქ შესვლას 1828 წელს ამ მკვიდრ ქართველ მცხოვრებთა აყრა მოჰყვა შედეგად, მეტადრე ჯავახეთითგან (ეხლანდელს ახალქალაქის მაზრას) და უფრო ნაკლებ სამცხითგანაც (ახალციხის მაზრა). რუსებმა რომ ახალციხე აიღეს, კავკასიის მაშინდელს მთავარმართებელს ქართველი თავადაზნაურები წარუდგენ და საქართველოს მეფე და წყალობის წიგნები მიუტანეს, რომლებითაც სამცხე-ჯავახეთში მათი მფლობელობითი უფლება მტკიცდებოდა, და იმ საბუთების ძალით თავიანთ უფლების აღდგენას თხოულობდენ. მაგრამ პასკევიჩს არამც თუ ეს თხოვნა არ შეუწყნარებია, პირიქით განრისხდა კიდეც (АКАГК VIII 291 და Иваненко. op. cit. 199) ამავ დროს ოსმალეთითგან, ყარსსა და არზუმის საფაშოებითგან იქაური სომხობა გამორბოდა და საქართველოში თავშესაფრს ეძებდა. რუსეთის მთავრობამ მათ მფარველობა გაუწია: თითოს 25 მან. დახმარება აღმოუჩინა და 6 წლის განმავლობაში სახელმწიფო გადსახადისგან გაათავისუფლა. ამის წყალობით 90 000 მეტი სომეხი ლტოლვილი მოაწყდა. მათ დასასახლებლად საახალშენო კომიტეტი იყო დაარსებული და ზემო მოყვანილი რიცხვითგან 30 000-მდე სომეხი დასახლებულ იქმნა ახალციხისა და განსაკუთრებით ახალქალაქის მაზრებში (Иваненко op. cit. 265 — 266).
ამ გარემოებათა წყალობით ახალციხე-ახალქალაქის მაზრების მოსახლეობის სურათი არსებითად შეიცვალა. წინათ აქ შედარებით მჭიდრო მოსახლეობა იყო, 1832 წლის აღწერამ კი დაამტკიცა, რომ ამ მთელს ახლად შემოერთებულ ქვეყანაში 50 000 ორთავე სქესის მცხოვრებიც კი აღარ იყო. უწინ. მაგალითად 1828 წელს ამოდენი ხალხი მარტო ქ. ახალციხეში ითვლებოდა. ეროვნული შემადგენლობის მხრივაც მდგომარეობა ჯავახეთში ანუ ახალქალაქის მაზრაში ძირ-ფესეიანად შეიცვალა. თუ წინათ აქ მხოლოდ ქართველობა ცხოვრობდა, 1832 წელს ქართველთა მანგიერ უმრავლესობას უკვე სომხები შეადგენდენ და ქართველ მაჰმადიანებს რიცხვით მხოლოდ მეორე ადგილი-ღა ეიჭრათ (Иваненко op. cit. 267).
ასე შემთხვევით და ამ გზით გაჩნდენ სომხები ჯავახეთში, ქართული კულტურის ამ ძველის ძველს კერაში.

§ 6. სომეხთა წამოდავება ჯავახეთის სომხეთთან შესაერთებლად და ამ საკითხის ახლო წარსული

სომხებმა დაივიწყეს, რომ ისინი ჯავახეთში ოსმალეთითგან მოვიდენ მხოლოდ ვითარცა ლტოლვილნი, რომ სრულებით შემთხვევით უძველეს დროითგან საქართველოს უცილიბელს კუთხეში ისინი უმრავლესობად იქცენ და ამ გარემოებისდა მიუხედავად მაინც ახალქალაქის მაზრაც სომხეთის მიწაწყლად გამოაცხადეს (А. Шахатунянъ. Административный переделъ Закавказскаго края გვ. 70-72 და 132—133). ეს რომ განხორციელებულიყო, მათ ამ მაზრის ტფილისის გუბერნიის- ანუ აღმოსავლეთ საქართველოს საზღვრებითგან გამოყოფა მოითხოვეს, იმ მიზნით, რომ იგი დანარჩენ სომხურ მაზრებთან შეეერთებინათ და ამ გზით ერთი მთლიანი სომხური საერობო თვითმართველი ოლქი შეექმნათ, ეს აზრი წამოყენებული იყო სომხების მიერ 1913 წელს, როდესაც კავკასიაში მეფის მოადგილედ სომეხთა მწყალობელი გრაფი ილ. ვორონცოვ-დაშკოვი იყო. მათი წადილი რომ უფრო სამართლიანად და ობიექტურ მოსაზრებით ნაკარნახევად სჩვენებოდა ადამიანს, სომხებმა საბუთად ისიც კი წამოაყენეს, ვითომც ჯავახეთი ანუ ახალქალაქის მაზრა ეკონომიურად ტფილისის გუბერნიასთან კი არა, არამედ გუმბრთან (ალექსანდროპოლთან) ყოფილიყოს დაკავშირებული.
ვორონცოვის სურვილსდა თანახმად, იმავე წელს ბრძანება იყო გაცემული, რომ ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის სამაზრო კომისია შემდგარიყო და გამოერკვია, შეიძლება თუ არა და რამდენად ხელსაყრელია, რომ ახალქლაქის მაზრა ტფილისის გუბერნიას ჩამოსცილდეს და გუმბრისას ალექსანდროპოლს) მიემატოს, რომ მასთან ერთად ცალკე განსაკუთრებით სომხობით დასახლებული გუბერნია შემდგარიყო. ამ კომისიაში თავმჯდომარითურთ სულ 14 კაცი იღებდა მონაწილეთბას, რომელთგან 8 კაცი რუსი იყო (თავმჯდომარე მაზრის უფროსი პოდპოლკ. კალინინი, მომრიგებელი მოსამართლე მიტკევიჩი. ფოსტა-ტელეგრაფის კონტორის უფროსი დელიბაში, სამაზრო ბეითალი ტოროპოვი, საუბნო ბოქაულები ჩაპლიგინი და ლაზარევი. დუხობორების წარმომადგენელნი ალექსი უგლოვი და ვას. გრემიაკინი), 4 ქართველი (გადასახადთა ინსპექტორი თ-დი მაყაშვილი და მემამულეთა წარმომადგენელეი ქართველ-მაჰმადიანნი მამედ-ალი-ბეგი და მუსტაფა-ბეგი ფალავანდიშვილები, ბარალეთის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი მურჯიკნელი), და 2 სომეხი (ქალაქის მამასახლისი მეწატუნიანცი და ბოგდანოვკის უბნის მცხოვრებთა წარმომადგენელი კაროიანცი).
ბჭობის შემდგომ სამაზრო კომისიამ ერთმხრივ უარჰყო ჯავახეთის ანუ ახალქალქის მაზრის ტფილისის გუბერნიისაგან ჩამოშორება და გუმბრთან (ალექსანდროპოლთან) და ერევანთან შეერთება. თავის აზრის დასასაბუთებლად კომისია, სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ კუთხის ეკონომიურსა და მიმოსვლის საკითხს შეეხო და დაადგინა: შემცდარი აზრია, ვითომც ახალქალაქის მაზრა ქ. გუმბრთან (ალექსანდროპთლთან) ყოფილიყოს დაკავშირებული. მთელი ვაჭრობა და ყველა საჭირბოროტო ინტერესები მცხოვრებლებს განსაკუთრებით ტფილისთან აერთებს, სადაც ისინი თავის საქონელს, სანოვაგესა და ადგილობრივ ნაწარმოებს ასაღებს და საითგანაც მოაქვთ საქონელი და ყველაფერი სახმარი მთელი მაზრისათვის. ამასათანავე საქონლის გადატან-გადმოტანა მთელი წლის განმავლობაში, ზაფხულშიც და ზამთარშიაც, სწარმოებს ახალციხე-ბორჯომ-ბაკურიანის შარაგზით. აგრეთვე როდიონოვკა-წალკა-მანგლისზე მოკლე, პირდაპირი საურმო გზით. რომელიც ზამთარშიაც-კი არ იკვრება ხოლმე. გუმბრთან-კი (ალექსანდროპოლთან) ზამთარში ნამქერების გამო, ხოლო გაზაფხულზე წყალდიდობის და ტალახების გამო მთელ თვეობით ყოველგვარი კავშირი, საფოსტოც-კი სრულებით შეწყეტილია ხოლმე. ზაფხულშიც-კი, როდესაც გუმბრის (ალექსანდროპოლის) გზა გახსნილია, მთელი სავაჭრო საქონელი ჯავახეთითგან (ახალქალაქის მაზ.) მაინც ახალციხეზედ, ბაკურიანზე მიდის და მხოლოდ ამ მაზრის ბოგდანოვკის უბნის სამხრეთს ნაწილს, ზოგიერთი საქონელი, მეტადრე ბრინჯი, ზაფხულობით გუმბრითგან (ალექსანდროპოლთგან) მოსდის ხოლმე.
ახალქალაქის სამაზრო კომისიის ზემო აღნიშნული ერთმხრივი დადგენილება 24 იანვარს 1914 წელს ტფილისის განსაკუთრებულმა საბჭომ იმავე შემადგენლობით, როგორიც ბორჩალოს სამაზრო კომისრის მსგავსივე საკითხის შესახები დადგენილების განსახილველად იყო შეყრილი, ერთმხრივ დაამტკიცა (იხ. Докладъ члена Тифлиск. гу-берн. по крестьянскими деламъ Присутствия И. Абхази Председателю Особаго Закавказскаго Комитета къ № 2651).

§ 7. ჯავახეთ-სამცხის უმჭიდროესი ეკონომიური კავშირი საქართველოსთან წარსულშიცა და ეხლაც

თუ იმისდა მიუხედავად რომ ზემოაღნიშნულ ორთავე საბჭოს წევრებმა რუსმა მოხელეებმა მეფის მოადგილის სურვილი იცოდენდნენ - მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ ის ამ გამოყოფას თანაუგრძნობდა, მაინც ეს აზრი ერთმხრივ უარჰყვეს, ცხადია ჯავახეთის ჩამოშორება ტფილისის გუბერნიისგან და გუმბრთან შეერთება მართლაც სრულებით შეუწყნარებელი და ნაძალადევი გეგმა ყოფილა. მართლაც-და საკმარისია ადამიანმა ახალქალაქის გეოგრაფიული პირობები გაითვალისწინოს, რომ მისთვის ნათელი გახდეს, რამდენად თვით ამ ქვყნის ბუნებრივი აგებულობა ეწინააღმდეგება მის შეერთებას გუმბრთან (ალექსანდროპოლთან). ერევნის გუბერნიისა და გუმბრსა და ყარსისაგან ჯავახეთს და სამცხეს ერუშეთს ანუ ახალაქისა და ახალციხის მაზრებს და ყარსის ოლქის ფოცხოვის უბანს მაღალი 7-8 თვის განმავლობაში თოვლიანი და გაუვალი ჯერ ბერდუჯის მთების (რუსულს Безобдальскій хреб.) დასავლეთი ნაწილი, შემდეგ აბოცის მთების (რუსულს Мадатапинскій хреб.), მერმე ნიალისყურის მთის (რუსულს Чаддырскій хреб. და Ульгарскій хреб. აღმოსავლეთს ნაწილს) დასასრული ერუშეთის მთის (რუსულს Ульгарскій хреб.) სახელებით ცნობილი უღელტეხილი ჰყოფს. ამგვარ ოროგრაფიული თვისების გამო ეს მთები მტკვრის შემდინარეების წყალთ-გამყოფველი ქედია და გზებსაც ბუნებრივი მიმართულება სწორედ მტკვრის ხეობისაკენ, ე. ი. ჩრდილოეთისაკენ, აქვს და არა სამხრეთისაკენ. ამიტომაც არის, რომ ეკონომიურადაც ამ კუთხეს მხოლოდ საქართველოსთან შეეძლო რომ ჰქონოდა კავშირი. ასე იყო ყოველთვის წარსულშიც. ისტორიკოს პაპუნა ორბელიანის სიტყვები მაგ. ცხად-ჰყოფენ, რომ XVIII საუკუნეშიაც, როდესაც მესხეთი ახალციხის საფაშოს სახით ოსმალეთის სახელმწიფოს ეკუთვნოდა და საქართველოს პოლიტიკურად ჩამოშორებული იყო, მაშინაც კი მთელ მესხეთს, განსაკუთრებით კი ჯავახეთსა და სამცხეს საქართველოსთან ჰქონდა მჭიდრო ეკონომიური დამოკიდებულება და იქაური სასოფლო-სამეურნეო ნაწარმოები, სანოვაგე, განსაკუთრებით-კი პური ტფილისში და გორში ჩამოჰქონდათ გასაყიდად (იხ. ბროსსეს გამოც. Hისტოირე ლე Géორგიე II, 466 და გორელი ქედხუდების არზა ერეკლე II–სადმი მირთმეული).
ჯავახეთის (ახალქალაქის) სამაზრო კომისიის ზემომოყვანილი დადგენილება ამტკიცებს, რომ ეხლაც ეკონომიური დამოკიდებულების ვითარება და მიმართულება არ შეცვლილა: კვლავინდებურად იქითგან საქონელი ტფილისში ჩამოდის. მაგრამ ამაზე უფრო საყურადღებო ის გარემოებაა, რომ ჯავახეთსა და სამცხეს, ანუ ახალაქალაქისა და ახალციხის მაზრებს, როგორც რკინის გზის საკომერციო განყოფილების ყოველწლიური ანგარიშებითგანა სჩანს, მარტო აღმოსავლეთ საქართველოსთან კი არ ჰქონია ეკონომიური კავშირი (საქონელი მარტო რკინის გზით კი არა, იქითგან პირდაპირი შარა და საურმე გზებითაც მოდის), არამედ დასავლეთ საქართველოსთანაც, ქუთაისის გუბერნიასთანაც. აი მაგ. ომამდის რამდენი პური და სხვა მარცვლეულობა გამოდიოდა ყოველწლივ ამ კუთხიდან დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოში და რამდენი მთელს დანარჩენს ამიერკავკასიაში, სომხეთში და ადერბეჯანში მიდიოდა (ყარსში, ერევანში, ქამარულაში, ბაქოში და სხვაგან):

                    საქართველოში:                  დანარჩენ ამიერკავკასიაში:

1910 წ.              60557 ფ.                           462 ფ.
1911 წ.              152858 ფ.                          1800 ფ.
1912 წ.              207752 ფ.                          3588 ფ.
1913 წ.              96074 ფ.                           1312 ფ.
1914 წ.              17144 ფ.                           1238 ფ.

მაგრამ მარტო მიწათმოქმედების მხრივ არ იყო ეს კუთხე დანარჩენ საქართველოსთან დაკავშირებული, მესაქონლეობისა და მეცხვარეობის მთელი მეურნეობა საქართველოში უმჭიდროესად, შეიძლება ითქვას განუყრელად, ამ კუთხესთან და ბორჩალოს მაზრის საზაფხულო საძოვრებთან არის დაკავშირებული. ასე იყო ძველად, მაშინაც-კი, როცა მესხეთი ოსმალთა ხელში იყო, ასე ახლაც. რაკი საუკუნეთა განმავლობაში ადგილობრივ ჰავის პირობებისდა გვარად შემუშავებულმა ტეხნიკამ უთუო აუცილებლობით დაამტკიცა საზაფხულო საძოვრების საჭიროება, ამიტომ სწორედ აქ, თვით ბუნების მიერ შექმნილს საზაფხულო საძოვრებზე იყრიდა ხოლმე თავს საქართველოში მყოფი საქონელი. ეს კუთხე იმდენად აუცილებელი იყო საქართველოს მესაქონლეებისათვის. რომ მაშინაც-კი როცა მესხეთი ოსმალთა ხელში იყო, საქონლის პატრონები, განსაკუთრებით მეცხვარეები იძულებული იყვნენ სხვა სახელმწიფოში გადასულიყვნენ საქონლით და მთელი ზაფხული იქ გაეტარებინათ (იხ. ვახუშტის გეოგრაფია 182).
მესაქონლეობის მხრივ ეხლაც საქართველოში იგივე პირობებია, როგორიც წარსულში იყო. მთელს აღმოსავლეთს საქართველოში სულ 857000 დეს. საზაფხულო საძოვარი ითვლება, აქეთგან საუკეთესო საძოვრები ქვემო ქართლში და ჯავახეთში, ანუ ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებშია, სადაც 291000 დ. საძოვარია.
ამჟამად მთელ აღმოსავლეთ საქართველოში 3 683 000 თავი საქონელი არსებობს, სომხეთის საზღვრებში-კი (ერევნის გუბ., ყარსის ოლქ. და განჯის მაღლ.) სომეხთა მთელ მოსახლეობას სულ 3 561 000 თავი საქონელი ჰყავს. ამ მაღლობებზე სომხებს დიდძალი 2 000 000 დეს. საუკეთესო საძოვრი აქვთ, ისე, რომ მთელი ბალახი მოძოვილი იყოს მათი საქონელი ამისთვის საკმარისი არ არის და ვერც შესძლებს. ამიტომ სრულიად ცხადია, რომ სომხებს საზაფხულო საძოვრები სრულებით არ ესაჭიროებათ. მაშასადამე მათთვის ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრები ამ მხრივ, ეკონომიურად არც გამოსადეგნი არიან და არც ესაჭიროებათ. სულ სხვა მდგომარეობაშია აღმოსავლეთი საქართველო: უამ მაზრებოდ მთელი მესაქონლეობა უკიდურეს მდგომარეობაში და განსაცდელში ჩავარდებოდა, საქონელი, განსაკუთრებით ცხვარი, დაიხოცებოდა.
თვით ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრის მცხოვრებთაც შედარებით იმდენი საქონელი არა ჰყავთ (ორთავეში 515 772 თავი ითვლება), რომ მარტო მათმა საქონელმა მთელი ამ ფართო და ღონიერ საზაფხულო საძოვრებს მოჭმა შესძლოს. მაგ. ბორჩალოს მაზრაში საიჯარო საზაფხულო საძოვარი 46 000 დეს. ითვლება, აქეთგან 26 სომეხთა სოფლის საზოგადოება 10 000 დეს.-ით სარგებლობს საქონლის საძოვრად. დანარჩენი 36 000 დეს. - კი აღმოს. საქართველოს სხვა მაზრებითგან მოსულს მესაქონლეებს უჭირავთ. როგორც წარსულშიც, საუკუნეთა განმავლობაში, ეხლაც აღმოსავლეთ საქართველოს დიდძალი საქონელი პატრონებს აქ მოჰყავთ და აძოვებენ. მაშასადამე სრულებით ცხადია, რომ თუმცა XIX საუკუნეში შემთხვევითი მიზეზების გამო ბორჩალოს და ახალქალაქის მაზრებში სომეხი ლტოლვილები დაეშენნენ და ქართველთა მოსახლეობა აქ მცირერიცხოვანია, მაგრამ მთელს აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენს მოსახლეობას ამ მაზრებთან არამც თუ ეკონომიური კავშირი არ შეუწყვეტია. არამედ წინანდებურად უმჭიდროესად მასთან არის დაკავშირებული.

§ 8 როგორ უნდა შევხედოთ სომეხთა წადილს ჯავახეთის დაპატრონებისას?

ყველა ზემონათქვამის შემდგომ ცხადია, თუ როგორ შეიძლება შეხედოს ქართველობამ სომეხთა წადილს ჯავახეთის (ახალქალაქის მაზ.) დასასაკუთრებლად. ერეკლე მეფის პირით საქართველოს რასაკვირველია რუსეთთან ამისთვის არ დაუდვია 1783 წლის ხელშეკრულება, რომ მას შემდგომ, რაც მესხეთი ოსმალეთს ჩამოერთვა, ეს უხსოვარ დროითგან საქართველოს კუთვნილი ქვეყანა ქართული კულტურის ერთი ძლიერ კერათაგანი სომხებს გადასცემოდა, სომეხთა ამ კუთხეში დასახლებისათვის ქართველობას შეეძლო შეეხედა მხოლოდ ვითარცა დროებითი მოვლენისათვის, ვითარცა ოსმალთა მიერ დევნილი ხალხის დროებითი შემოხიზნისა და თავშეფარებისათვის. რა წამს სომეხთათვის პოლიტიკურად ხელსაყრელი პირობები შეიქმნებოდა, — ეხლა ხომ სწორედ ასეთი ხანა დადგა, — ეს ოსმალეთითგან შემოხიზნული სომხობა კვლავ თავის სამშობლოს, მამა პაპათა კერას უნდა დაუბრუნდეს, იქითგან კი, ოსმალეთითგან აქ დაბრუნდებიან ამ მიწაწყლის წინანდელი პატრონები. XIX საუკუნის განმავლობაში ოსმალეთში გადასახლებულს ქართველს მაჰმადიანებს არა-ერთხელ უნდოდათ გულით თავიანთ სამშობლოში დაბრუნება და ჯავახეთ-მესხეთში, მამა-პაპეულ მიწებზე დასახლება, მაგრამ მათი ადგილი დაჭერილი იყო. ეხლა რაკი სომხები თავიანთ წინანდელ ქვეყანაში, სომხეთში წავლენ. მაშინ სამართლიანობა აღდგენილი იქმნება და ორთავე ერს თავისი მამა-პაპეული კერა დაუბრუნდება.

VI თავი
საქართველოს სამზღვრის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ხაზი

§ 1. კოლა-არტაანი, ტაო-თორთუმ-ისპირი

რაკი ეხლა საკითხი ჯავახეთის (ახალქალაქის მაზრის) შესახებ უკვე ყოველმხრივ გამორკვეული გვაქვს, უნდა საქართველოს დანარჩენ მონაპირე კუთხეების შესახებ ზოგიერთი ზედმეტი ცნობები დავურთოთ.
ზევით უკვე აღნიშნული იყო, რომ ეხლანდელ ყარსის გუბერნიის არტაანისა და ოლთისის ოლქები, რომლებიც ძველად კოლა-არტაანსა და ტაოს ჩრდილოეთს ნაწილს უდრიდენ, საუკუნეთა განმავლობაში ქართველ მოსახლეობას და ერს ეკუთვნოდა. მხოლოდ XVIII საუკუნითგან მოყოლებული არტაანისა და ოლთისის ოლქში თურქთა 200 წლის ბატონობის და ისლამის წყალობით ქართველ მამჰადიანებს ქართული ენა დავიწყებული აქვთ. მოსახლეობა აქ თხელია და 1889 წელს არტაანის ოლქში 65 763 სული იყო და აქეთგან მხოლოდ 1923 სომეხი ითვლებოდა. ოლთისის ოლქი მთლად 31519 მცხოვრებთა შორის სომეხი 3130 იყო.
ამგვარად ცხადია, რომ არტაანისა და ოლთისი ოლქებში სომხები მოსახლეობის უმნიშვნელო რაოდენობას შეადგენენ. ამას ჯერ კიდევ შარშან, 1918 წელს, თვით სომხებიც არ უარჰყოფდნენ და ა. შაჰტუნიანი მაგალითად ამბობდა: "აქ სომხები უმნიშვნელო უმცირესობას შეადგენენო" და ამის გამო ამიერკავკასიის გადამიჯვნის დროს სომხეთის სამზღერებს გარეშე დავტოვეთო Административный переделъ Закааказскаго Края - ტფილისი 1918 წ. გვ. 73-74 და 75). ეს გარემოება სომხებს ეხლა ალბად დავეიწყებიათ და სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრებში მოქცევა ჰსურთ არტაანისა და ოლთისის ოლქისაც, რომელიც მათ არც ისტორიულად და არც სომეხთა თანამედროვე მოსახლეობის რაოდენობის მხრივ არ ეკუთვნით.
ხოლო ოსმალეთის სამზღვრებში დარჩენილს მესხეთის ზემო ტაოს ნაწილში, თორთუმის ხეობაში მთელი მცხოვრებნი 1400 სული მთლად გამაჰმადიანებული ქართველები არიან, მაგრამ ქართული დავიწყებული აქვთ. ისპარში-კი, პარხალის, ხევეკის, გუდახევის და ჭირჭიმის ხეობებში ყველგან ქართველი მაჰმადიანები ცხოვრობენ და ქართულად ლაპარაკობენ.

§ 2. ლაზისტანი

ქართველთა მოსახლეობის უუკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ნაპირი ჭანებს, ანუ ლაზებს უჭირავთ. ასე იყო წარსულშიაც. მათი კილო მეგრულს ახლო უდგება. ოდესღაც ლაზების ანუ ჭანების მოსახლეობა ტრაპიზონსაც კი სცილდებოდა და თვით ეს ქალაქი და ოლქიც მათ ქვვყანას ეკუთვნოდა. ჯერ კიდევ წარსულ საუკუნეში, მაგალითად 1868 წელს ლაზთა რაოდენობა ინგლისის კონსულის ვ. ჯიფორდ პალმერის ცნობით რამდენსამე ასს ათასს აღემატებოდა. (Извест. Кавк. отд. геог. Общ. 1881 წ. VII წიგ. I. დამატება 1 გვ. 15, 17, 59-60 და 68)
ამჟამად ლაზური ან ჭანური მოსახლეობა მხოლოდ რიზეს სინჯაყით განისაზღვრბა, რომელსაც ლაზსტანის სინჯაყსაც უწოდებენ. მაგრამ ეს მიწაწყლიც ორ მთავარ ნაწილად უნდა გაიყოს: რიზესა და ათინას ოლქად. პირველში ხალხს უკვე დედაენა დავიწყებული აქვს. და თურქული შეუთვისებია, მეორეში კი მცხოვრებთა დედაენა ჭანური ანუ ლაზურია. ეს ათინას ოლქი საკუთრივ ათინას და ხოფას ყაზრებისგან შესდგება. სამხრეთ-დასავლეთით მისი სამზღვარი ქემერის კონცხთან (ქემერბურუნ) იწყობა, შემდეგ აჰყვება მდ. ყინლიდერეს, გადასჭრის ათინას წყალისა და ბეიუკ-დერეს სათავეებს და მიადგება პონტოს ქედის მწვერვალს, რომელსაც ვარსამბეკი (ვერშემბეკი) ჰქვიან. აქეთგან მოყოლებული ჭანეთის მიწა-წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთასკენ მიემართება და პონტოს ქედსა და შავზღვას შუაა მოქცეული. ეს ზოლი თანდათან ვიწროვდება და ბათუმის ოლქში სარპთან თავდება.
ათინას ოლქი ექვს უბნად იყოფა: ხოფას, არქაბეს, ვიწეს, არტაშენის, ათინას და ხემშინის უბნებად. სულ 178 სოფელი არის, აქეთგან 39 სოფელი ხემშინის ოლქში ითვლება, რომელშიც 12 778 სული მცხოვრებია. ხემშნები გამაჰმადიანებული და გათურქებული სომხები არიან. თვით ლაზთა რაოდენობის შესახებ ზედმიწევნითი ცნობები იმ გვარადვე, როგორც ოსმალეთში მცხოვრებ სხვა ეროვნებათა შესახებ, არ მოიპოვება. რუსეთის გენერ. შტაბის საიდუმლო გამოცემაში გენ. ავერიანოვს თავს მონოგრაფიში "Этнографическій и военно-политическій обзоръ азіатскихъ владеній Оттоманской имперіи" (СПГ. 1912 г. издан1е отд. генералъ-квартир-мейстера გვ. 20) ლაზების რაოდენობა 200 000-ად აქვს აღრიცხული, როდესაც რუსეთის ჯარმა ამ მსოფლიო ომის დროს ლაზისტანი დაიჭირა, მცხოვრებთა უმრავლესობამ ოსმალთა ჯართან ერთად უკან დაიხია და აგილობრივ მხოლოდ 35 000 ლაზი-ღა იყო დარჩენილი უდროვოდ განსვენებული პროფეს. იოს. ყიფშიძის მიერ ადგილობრივ შეკრებილი ცნობების მიხედვით ათინას ოლქში მკვიდრ ლაზთა რაოდენობა თუ მეტი არა, 80 000-მდე მაინც უნდა ყოფილიყო. ზედმიწევნითი რიცხვის გაგება მხოლოდ ეხლა შეიძლება, როდესაც მცხოვრებნი თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდნენ, ისიც მხოლოდ ხალხის აღწერის საშუალებით.

 

ბოლოსიტყვაობა

ყველა ზემოაღნიშნული მკითხველს უეჭველია ნათლად დაანახვებდა, თუ რა სამზღვრები ჰქონდა საქართველოს და როგორის თავგამოდებით იცავდა მათ ჩვენი ერი საუკუნეთა განმავლობაში. ამ სამზღვრებში მოქცეული მიწაწყალი და მოსახლეობა მთლიანს ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ბუნებრივ ზღუდეებითაც (მთებითა და მდინარეებით) არის შემოფარგლული და, თანაც, ვითარცა მტკვრისა, რიონისა და ჭოროხის აუზების შემცეელი, გეოგრაფიულად და ეკონომიურადაც ურთიერთთან მჭიდროდ დაკავშირებულია. თუმცა ისტორიული და საერთაშორისთ სამართლის ძალით საქართველოს სწორედ ის სამზღვრები უნდა ეკუთვნოდეს, რომელიც ზევით იყო აღნუსხული, მაგრამ ზოგან, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი არსებობისათვის უვნებლად დათმობა შეიძლება. საქართველოს შეუძლიან დაუთმოს მეზობლებს, რომ მეზობლური განწყობილება, რომელიც საქართველოს წარსულშიაც კარგი ჰქონდა, ეხლაც თანხმთბითა და მშვიდობიანობით დაიწყოს.
სახელმწიფოებრივს ერთეულს თავისი აუცილებელი მოთხოვნილება და არსებობის პირობები აქვს, რომელთა შორის საპატიო ადგილი სამზღვრებს უჭირავს. საქართველოს სამზღვრების საბოლოვო მოხაზულობის გამორკვევის დროს ქართველ ერსა და მის მთავრობას შეუძლიან მხოლოდ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს. მართალია სომეხთა მმართველი წრეები და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა ჩვენს ერსა და მთავრობას მხოლოდ ეთნოგრაფიულ თვალსაზრისით ხელმძღვანელობას ურჩევენ, მაგრამ რამდენად მათი რჩევა გულწრფელია და გამოსადეგი, ის გარემოებაც ცხად-ჰყოფს, რომ თვით მათ პირადად ამ თვალსაზრისით არასდროს თავიანთ პოლიტიკურ გეგმაში არ უხელმძღვანელიათ. მათ მიერ თავდაპირველი კონფერენციისათვის წარსადგენად დამზადებული დიდი სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრები შავი ზღვითგან ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმული და ტფილისისა, ბათომისა და ტრაპიზონ-სინოპის შემცველი, ნათლად მოწმობს, რომ თვით მათ თავიანთი სახელმწიფოს სამზღვრების შემოხაზვის დროს არცთუ თანამედროვე ეთნოგრაფიულ მოსახლეობის პირობებით არ უხელმძღვანელიათ, არამედ ზოგან მეტისმეტად შორეულს ისტორიულს საბუთებზე, უფრო-კი მხოლოდ საკუთარ ნება-სურვილზე დაუმყარებიათ თავიანთი მიწაწყლის მოხაზულობის რუკა, მის შემდეგ სწორედ გასაოცარია, როდესაც სომეხთა პოლიტიკური და გავლენიანი წრეები ჩვენი მთავრობის წევრებს ნ. ჟორდანიას და ე. გეგეჭკორს და საქართველოს საზავო დელეგაციის წარმომადგენლებს ნ. ჩხეიძეს და ირ. წერეთელს სტამბოლის სომხურს პრესაშიაც-კი პრინციპების ღალატსა და იმპერიალისტობას სწამებდენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს სახელმწიფოებრივი თვალსაზრსით ხელმძღვანელობენ და არა მარტო ეთნოგრაფიულით. როცა საერობო ერთეულზე იყო ლაპარაკი, ამგვარი მოსაზრება ასე-თუ-ისე კიდევ გასაგები იყო, სახელმწფოს სამზღვრების შემოფარგვლის დროს კი უმთავრესი საფუძველი სახელმწიფოებრივი თვალსაზრისი უნდა იყოს.
რატომ არის, რომ თვით სომეხთა პოლიტიკოსები ყოველთვის და ყოველგან სომხეთის რესპუბლიკის სამზღვრების შემოხაზვის დროს ეთნოგრაფიულს რინციპებს არ ემყარებიან— იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ეს პრინციპი თვით სომეხთათვის არის საზარალო. თუ ამისდამიუხედავად ისინი ჩვენს მთავრობასა და წარმომადგენლებს ამ პრინციპით ხელმძღვანელობას ურჩევენ, ისინი ალბათ ფიქრობენ, რომ ეს თვალსაზრისი მხოლოდ საქართველოსთვის არის სავალდებულო, სომხეთს-კი უფლება აქვს ყოველგვარი თვალსაზრისით იხელმძღვანელოს და რომ მაშინაც-კი, როცა ისინი სომხეთისათვის საფრანგეთზე დიდი მიწაწყლის დასაკუთრებას ლამობდენ და თავიანთ რესპუბლიკის საზღვრებში სომხებზე უფრო მრავალრიცხოვან უცხო ტომთა მოქცევაზე ოცნებობდენ, ეს იმპერიალისტობა-კი არ არის, არამედ უაღრესი დემოკრატობაა.
სახელმწიფოს არსებობისათვის უცილებლად საჭიროა, რომ მას გარეშე მტრის შემოსევისაგან თავდაცვის საშუალება ჰქონდეს და მისი მყუდრო სამოქალაქო ცხოვრება უზრუნველყოფილი იყოს. ამიტომაც არის, რომ ქართველი ერის შეგნებულს ნაწილს, მისს მოთავეებს და რესპუბლიკის მთავრობას არ შეუძლიანთ თავიანთ სახელმწიფოს სამზღვრების მოხაზულობას სამხედრო თვალსაზრისითაც არ შეხედონ. თვით სომხებმა და არარატის რესპუბლიკის მთავრობამ ამ მხრივ ქართველობას რასაკვირველია თავისდა უნებურად, დიდი სამსახური გაუწიეს და მეზობლურ ძმობა-ერთობაზე ტკიბილ საოცნებო სიზმრებითგან გამოაფხიზლეს, როდესაც წინასწარი ფარული სამხედრო მომზადების შემდგომ მოულოდნელად საქართველოს სამხრეთის სამზღვრები გადმოლახეს და დაუნდობელი საომარი მოქმედება დაიწყეს. ბ-ნ ჩალხუშიანის როსტოვის რუსულ-სომხურ გაზეთში ამ ამბავის ერთი თვით უწინარეს მოთავსებული ცნობა, რომ სომეხ-ქართველთა შორის ომია და ძლევამოსილი სომხები ტფილისს მიადგნენ, რომელიც დღე-დღეზე სომეხთა ჯარის მიერ აღებული იქნებაო, აგრეთვე ინგლისურ გაზეთში დაბეჭდილი სომხეთის წარმომადგენელთა მიერ სომხეთისათვის მოთხოვნილი სამზღვრების მოხაზულობა და სტამბოლში გამოცემული სომხეთის ორი რუკა, რომლებშიაც ტფილისი, მცხეთა, გორი და ბათუმიც სომხეთის სახელმწიფოს სამზღვრებშია მოქცეული, დასასრულ სომეხთა საომარ მოქმედების მთელი მსვლელობა სრულის სიცხადით ააშკარავებენ, რამდენად ფართო გეგმა ჰქონდათ სომხეთის მთავრობასა და ხელმძღვანელებს. მათი მიზანი ტფილისის დაპყრობა და დასაკუთრება იყო, ხოლო თუ სამხედრო ბედი გაუღიმებდათ, იქმნებ სომხურ რუკაზე მოხაზული მიწა-წყლის აღებაც. ადვილი წარმოსადგენელია, როგორი ძმობა-ერთობის ჰანგებზე დამღერდენ დაშნაკელთა ბელადები და რა სამზღვრებს მიაკუთვნებდენ ისინი საქართველოს, მათ მოუფიქრებელს მოქმედებას მთელი ქართველობა რომ დიდი პატარამდე, კიდით კიდემდე არ შეეძრა და შემოსეული მტერი მედგრად არ უკუეგდო. თუ ეხლანდელი საშინელი განსაცდელისა და უბედურების შემდგომაც, თუ ისტორიისა და თანამედროვე მრავალი მწარე გაკვეთილებისდა მიუხედავადაც სომხეთის გავლენიანი წრეები მაინც საქართველოს სამზღვრების გადმოლახვას არ დაერიდენ და ჩვენ დედაქალაქის ძალით ხელში ჩაგდება მოისურვეს, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად მათ მადა მოემატებათ შემდეგში, როდესაც წარსულისა და აწმყოს მწარე დღეები დავიწყებული ექმნებათ. ამიტომ ქართველი ერი და მისი მთავრობა შთამომავლობისა და ისტორიის წინაშე მოვალეა თავის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი სამზღვრების მოხაზულობას ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს და ფხიზელ დარაჯად უდგეს. ეს არც ძმობა-ერთობასა და არც კეთილ მეზობლობას დაუშლის იმათთან, ვინც მართლაც ძმობაზე და მეზობლობაზე ფიქრობს და ქართველ ერსაც ყოეელგვარ მოსალოდნელ ხიფათისაგან გადაარჩენს. სწორედ ამ კეთილმეზობლურ დამოკიდებულების დამყარება-განმტკიცებისათვის ქართველობას შეუძლიან უარი სთქვას თავის უფლებაზე იქ, სადაც საქართველოს თავდაცვის საშუალებას ეს დათმობა საგრძნობ ზიანს არ მიაყენებს, მაგ., აღმოსავლეთით, საინგილოში სამზღვრად გიშის წყლის მაგიერ კაშკა-ჩაი დასდვას, სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვრის ხაზად-კი ისტორიულის მაგიერ დებედას შემდინარეების წყალთ-გამყოფელი მთა აირჩიოს, ხოლო სამხრეთის ხაზად ისტორიულის სამზღვრის ერევნის (ბამბაკის) მთების მაგიერ უფრო ჩდრილოეთით მდებარე ბერდჯის (რუს. ბეზობდალის) მთები მიიჩნიოს მოსამზღვრე ხაზად: საქართველოს ხელში ბერდუჯის მთები იქმნება, სომხეთის ზღუდედ და სამზღვრად ერევნის მთები.
ამ მონოგრაფიას დართული აქვს რუკა, რომელიც დამზადებულია სამხედრო სამნისტროს ტოპოგრაფიული განყოფილების მიერ, რისთვისაც მის უფროსს პროფ. გენ. ან. ბენაშვილს და ტოპოგრაფიულს განყოფილებას დიდს მადლობას მოვახსენებ.

ბათუმი - კონსტანტინეპოლი
1919 წ. იანვარი - მარტი.

შემოკლებულად დაბეჭდილ სათაურების განმარტება

АКАГК- = Акты, собранные Кавказской Археологической комиссіею.
Бурнашевъ. Картина = С. Д. Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе политическаго состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго, Тифлисъ изд. Бегичева 1896 г.
С. Н. Бурнашевъ Новые Мат. = Новые Материалы для жизнеописанія С. Д. Бурнашева, бывшаго въ Грузіи съ 1783 по 1787 г., собралъ и издалъ съ приложеніемъ картъ, портретовъ и факсимиле С Н. Бурнашевъ СПБ. 1901 г.
ნ. ბუტკოვი Матеріалы = П. Г. Бутковъ Матеріалы для новой нсторіи Кавказа съ 1722 по 1803 годъ I და II წ. - СПБ. 1869

1 2

 



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი; ბათუმი - კონსტანტინეპოლი 1919წ.
სტატია აღებულია ინტერნეტ ბმულიდანhttp://www.amsi.ge/istoria/ij/javaxiSvili_s.html

 


megobari saitebi

   

01.10.2014