საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული

1 2

შესავალი

I თავი. ჩრდილოეთის სამზღვარი
§ 1. ჩრდილო-დასავლეთის ხაზი. აფხაზეთ-ჯიქეთი.
§ 2. ჩრდილოეთის ხაზი. დვალეთი.
§ 3. ჩრდილოეთის ხაზი. დარიალანი და საქართველოს კარი.

II თავი. აღმოსავლეთის სამზღვარი
§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი

III თავი. სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი
§ 1. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია.
§ 2. საქართველოს სახელმწიფოებრივ სამზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი

IV თავი. სამხრეთის სამზღვარი
ქვემო ქართლი. გამყოფელი ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის.
§ 1. ისტორიული მიმოხილვა. ბრძოლა ამ სამზღვრის გამო II ს. ქ. წ. –  XI ს. ქ. შ.
§ 2. ქვემო ქართლის ვითარება და მნიშვნელობა XI – XII საუკუნეებში.
§3. საქართველოს ვითარცა მფარველ და თავშესაფარი სახელმწიფოს მნიშვნელობა და მიმზიდველობა სომეხთათვის.
§4. ქვემო ქართლის მნიშვნელობა საქართველოსთვის და სამხრეთის სამზღვრები XVI-XVIII საუკუნეში.
§ 5. ქვემო-ქართლის უაღრესი ეკონომიური მნიშვნელობა საქართველოსთვის.
§ 6. ამ კუთხის მოსახლეობის ბედ-იღბალი XVII-XVIII სს. და სომეხთა გადასახლება.
§ 7. სომეხთა გადმოსახლების განსაკუთრებული ხასიათი XVIII-XIX საუკუნეში.
§ 8. ქვემო ქართლის კუთვნილების საკითხი  ისტორიულისა და თანამედროვე თვალსაზრისით.

V თავი. სამხრთ-დასავლეთის სამზღვარი. მესხეთი ანუ ზემო ქართლი
§ 1. პალაკაციო, ანუ აბოცი და საქართველოს ამ სამზღვრის ხაზი.
§ 2. ტაო-ისპირის მოსახლეობა უძველეს დროს და VII-XII სს.
§ 3. მესხეთის მდგომარეობა და პოლიტიკური ბედიღბალი XIII-XVIII სს და მისი გამაჰმადიანება.
§ 4. უფლებრივი დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასა და მესხეთს შორის XVIII ს.
§ 5. რუსეთის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება და მისი შედეგი. სომეხთა გადმოსასლება ამ კუთხეში.
§ 6. სომეხთა წამოდავება ჯავახეთის სომხეთთან შესაერთებლად და ამ საკითხის ახლო წარსული.
§ 7. ჯავახეთ-სამცხის უმჭიდროესი ეკონომიური კავშირი საქართველოსთან წარსულშიცა და ეხლაც.
§ 8 როგორ უნდა შევხედოთ სომეხთა წადილს ჯავახეთის დაპატრონებისას?


VI თავი. საქართველოს სამზღვრის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთის ხაზი
§ 1. კოლა-არტაანი, ტაო-თორთუმ-ისპირი.
§ 2. ლაზისტანი.

ბოლოსიტყვაობა

 

შესავალი

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სამზღვრები ტომობრივ მოსახლეობის სამზღვრებს არა ერთხელ გასცილებია, და ძლიერების ხანაში IX და XII  საუკუნემდე, განსაკუთრებით XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს საქართველოს, მთელი ამიერი კავკასიაც კი ეკუთვნოდა. ქვემო მოყვანილს მონოგრაფიაში განხილულია საქართველოს მხოლოდ მჭიდროდ შემოფარგლული სამზღვრები, ისე როგორც თვით იგი ისტორიული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი. აგრეთვე გეოგრაფიულ და ეკონომიური პირობების წყალობით ჩამოყალიბდა. თითქოს თვით ბუნებას შეუქმნია ქართველ ერისათვის ბუმბერაზი დარაჯი კავკასიონის მთავარი უღელტეხილი ჩრდილოეთით და მაღალი მთების ზღუდე სამხრეთით, დასავლეთით კი მის ტერიტორიას შავი ზღვის, ხოლო აღმოსავლეთით მდინარეების ზოლი აქვს შემოვლებული. ამ მხრივ საქართველო ერთს საუცხოვოდ გარემოზღუდვილს ქვეყანასწარმოადგენს. სხვათა შორის ამ პირობების წყალობითაც შესძლო ქართველმა ერმა თავი ხანგრძლივ ისტორიულ არსებობის დროს მრავალ, ხშირად თავისზე გაცილებით უფრო ძლიერი მტრების მოგერიება და თავისი ეროვნების დაცვა. ეს გარემოება საქართველოს მტრებსაც ესმოდათ და ამიტომ არა-ერთხელ ყოფილა, რომ ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ მონაპირე კუთხის დაჭერა და ჩამოშორება უცდიათ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკურ მოდვაწეებსა და მთავრობასაც თავისი სახელმწიფოს ამ ბუნებრივ სამზღვრების დაცვის უაღრესი მნიშვნელობა ჩვენი ერის არსებობისათვის მშვენიერად ჰქონდათ გათვალისწინებული და ამის გამო მტრების ყოველს ამგვარს განზრახვასა და წადილს მედგარს წინააღმდეგობას უწევდენ.
წინამდებარე მონოგრაფია სწორედ საქართველოს სამზღვრებს არკვევს ისტორიულადაც, — თუ როგორი მოხაზულობა ჰქონდა მას წარსულში ან როგორ იცავდა ამ სამზღვრებს ქართველი ერი საუკუნეთა განმავლობაში, — და თანამედროვე ცხოვრებისა და აწინდელი პირობებისდა მიხედვით, — თუ რა ნაირად უნდა შემოიხაზოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო სამზღვრები ამ ჟამად, რომ საერთაშორისო სამართლისა, 1783 წელს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულობითა და ეროვნებათა თვითგამორკვევის უფლებით უზრუნველყოფილი ქართველი ერის პოლიტიკური უფლებები არ შეილახოს და სამართლიანობა აღდგენილი იქმნას.
სამზღვრების მიმოხილვა ჯერ დასავლეთ-ჩრდილოეთითგან იწყობა, შემდეგ აღმოსავლეთისაკენ მიდის, მერმე აღმოსავლეთის სანაპირო ხაზს და სულ ბოლოს სამხრეთის სამზღვარს ეხება აღმოსავლეთითგან მოყოლებული დასავლეთის ხაზის უკიდურეს წერტილამდე.

პირველი თავი.
ჩრდილოეთის სამზღვარი.

§ 1. ჩრდილო-დასავლეთის ხაზი. აფხაზეთ-ჯიქეთი.

სრულიად საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის უკიდურეს სამზღვარზე აბხაზეთი იყო და ეხლაც იგივე კუთხე ჰსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკას. ისტორიულის ცნობების მიხედვით XIX საუკუნეში ეს მოსამზღვრე ხაზი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის ძალიან ჩრდილოეთით მდებარეობდა, სახელდობრ, იმ ადგილას, სადაც კავკასიონის მთავარი ქედი იწყობოდა. მოსამზღვრე ხაზად მდ. ყუბანის შესართავი და კავკასიის ქედის წვერი ითვლებოდა (ლ. მროველი იხ. ქართველი ერის ისტ. II, 311 და 266). ასე ჩრდილოეთით იმიტომ იყო სამზღვარი წაწეული, რომ მაშინ ჯიქეთი და ალანთა ქვეყანაც აბხაზეთს ეკუთვნოდა. თუ ჯიქნი აბხაზთა მოძმე ტომი იყო და მათი აბხაზეთთან ერთობა სრულებით ბუნებრივად უნდა მიჩნეული იქმნას, ალანთა შესახებ ამის თქმა არ შეიძლება.
მაინცადამაინც ცხადია, რომ დოაბზუ ანუ ტუაფსე აფხაზთა საკუთრება იყო იმიტომ, რომ თვით ეს საგეოგრაფიო სახელი სწორედ ამასა ნიშნავს. მაგრამ საკუთრივ აბხაზების ჩრდილოეთის სამზღვარი ბიჭვინტის მონასტრის ჩრდილოეთით მდებარეობდა. (იხ. ქართველი ერის ისტ. II, 315). ხოლო ამის შემდგომ უკვე აბხაზთა ტომის ჯიქების მიწა-წყალი იწყობოდა.
ვახუშტის სიტყვით მის დროინდელს, XVIII საუკუნის, აბხაზეთსა და ჯიქეთს შორის სამზღვრად ზღვა და კაპოეტის წყალი იყო (გეოგრაფია 406 და 408), ჯიქეთის ჩრდილოეთის სამზღვარი კი წინანდებურად კავკასიონის ქედი ყოფილა. დასავლეთ საქართველოს 1732 წლის რუკაზეც ჯერ სწერია " კაპოეტის წყალი", შემდეგ ხაზია გასმული და ნათქვამია "აქეთ ჯიქეთიო" (იხ. რუკა), ე. ი. ჯიქეთი კაპოეტის წყლის იქით, ანუ ჩრდილოეთით მდებარეობსო. თანამედროვე რუკებზე კაპოეტის წყალი არ არის აღნიშნული, მაგრამ 1732 წელს ალექსანდრე მეფის ბრძანებით შედგენილს დასავლეთ საქართველოს რუკაზე და სრულიად საქართველოს მოსკოვში 1743 წლის გადახატულ რუკაზე ეს მდინარე ბიჭვინტის ჩრდილოეთით არის აღნიშნული. მაშასადამე კაპოეტი ეხლანდელი მდ. ბზიბის ძველი სახელი უნდა იყოს.
თუ 1743 წლის რუკას დავხედავთ, იქითგან სჩანს, რომ სამზღვარი მდ. კაპოეტის წყალზე ანუ ბზიბზე კი არა ყოფილა, არამედ ამ მდინარის ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედ-ქედ. ბურნაშევის მიერ შედგვნილს რუკაზედაც სამზღვარი კაპოეტის წყლის ანუ ბზიბის საკმაოდ მოშორებით, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს და მიმდინარეობს. ყველა ამ საბუთების გამო უნდა დავასკვნათ, რომ მდ. ბზიბი მთლად თავის შემდინარეებით აფხაზეთის სამზღვრებში იყო, ამიტომ მოსამზღვრე ხაზი უეჭველია ამ მდინარის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მდებარე გამყოფელი ქედის-ქედ უნდა ყოფილიყო გავლებული.
ამ ადგილითგან მოყოლებული აფხაზეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადახრილი სამზღვრის ხაზი კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედ-ქედ მიდიოდა და ეხლაც მიდის სვანეთამდის.
ტომობრივ მოსახლეობის მხრივ XVIII საუკუნის დასასრულს აფხაზეთი შემდეგ ნაწილებად იმყოფებოდა: ერთი იყო ბზიბის ხეობა, რომელიც შეიცავდა მდ. ბზიბის ქვემო ნაწილისა და აღმოსავლეთით გუდაუთამდე, მეორე გუდაუთსა და მდ. კოდორს შუა საკუთრივ აფხაზთა სათემო იყო. მესამე, აფშილეთი, მდ. კოდორსა და ღალიძგას შუა მდებარეობდა. მეოთხე სამურზაყანო, რომელშიაც მოსახლეობა მეგრული იყთ და ეხლაც არის, მხოლოდ აბხაზური ენა და ზნე-ჩვეულებაც შეთვისებული აქვთ, მოთავსებული იყო ღალიძგასა და ენგურს შორის შავი ზღვის ნაპირას და მეხუთეს, წიბელდას მდ. კოდორის ხეობის შუა ნაწილი ეკავა.
ცნობილია, რომ აღმოსავლეთ საქართველოს I783 წელს რუსეთთან დადებულმა ხელშეკრულობამ და შემდეგ 1801 წლის შეერთებამ მთელი საქართველოს ბედ-იღბალიც გადასწყვიტა და სრულიად საქართველოს რუსეთის მიერ შეერთება მხოლოდ-და-მხოლოდ ხელსაყრელ დროზე იყო დამოკიდებული. ვერც აფხაზეთი გადურჩა ამ ბედს.

თუმცა 17 თებერვალს 1810 წელს აბხაზეთის მთავარმა სეფერბეი შარვაშიძემაც რუსეთის მფარველობა მიიღო, მაგრამ კარგა ხანს XIX საუკუნის მეორე ნახევრის დამდეგამდე აბხაზეთში მაინც რუსებმა ფეხი მტკიცედ ვერ მოიკიდეს და მხოლოდ 1 მაისს 1864 წელს აბხაზეთი რუსეთთან საბოლოოდ შეერთებული იყო, თვით აბხაზეთის მთავარს-კი მთელის შთამომავლობით მთავრის უფლება სამუდამოდ ჩამოერთვა.
აბხაზები უბრძოლველად არ შეჰრიგებიან დამოუკიდებლობის მოსპობას და 1866 წელს აბხაზეთში აჯანყება დაიწყო, რომელიც რუსთა ძლიერ ჯარის მოსვლისთანავე ჩაქრა. მაგრამ 1877-8 წლებში ომის დროს აბხაზეთში კვლავ აჯანყება მოხდა.
ყველაზე ძლიერსა და მედგარს წინაარმდეგობას რუსეთის გაბატონებას აბხაზეთში წიბელდა უწევდა. XIX საუკუნის 30 წლებითგან მოყოლებული რუსეთის მთავრობა არა ერთხელ ამ კუთხეში დამსჯელ რაზმებსა გზავნიდა ხოლმე და ბოლოს მკვიდრი მცხოვრებნი იქითგან აყრილ და განდევნილ იქმნენ (Маевскій. Кутаисская губернія. Военно-статистйческое описаніе. ტფილისი, I896 წ. დამატ. N 1, გვ. . 4).
1884 წელს ატეხილ ამბოხების გამო ამ კუთხის მაღლობი ადგილებითგან, დალითგანაც, რუსებმა ყველა მეკომურნი აჰყარეს (იქვე 6). ხოლო 1867 წლის აბხაზეთის აჯანყების შემდგომ, წიბელდის მოსახლეობის უკანასკნელი ნაწილიც დიდით პატარამდე, დედაბუდიანად აყრილი და ოსმალეთში განდევნილი იყო (იქვე 57). ჯერ კიდევ 1850 წელს აქ 14000 სახლობა ითვლებოდა. 1867 წელს - კი მთელს ამ კუთხეში რუსთა წყალობით 27 ოჯახის მეტი აღარავინ იყო (Иваненко. Гражд. упр. 430). ამ დროითგან მოყოლებული კოდორის და მის შემდინარეების ხეობანი სრულებით გაუკაცრიელდა. ამის შემდგომ რუსეთის მთავრობა მთელს თავის პოლიტიკას შავი ზღვის ნაპირას ადგილობრივ მკვიდრთა, განსაკუთრებით-კი ქართველთა საწინააღმდეგოდ აწარმოებდა. ქართველებს აქ დასახლება და უძრავი ქონების შეძენა აკრძალული ჰქონდათ, რუსებს-კი, განსაკუთრებით მოხელეებსა და სამხედრო პირებს, ჩალის ფასად აძლევდენ ამ სამოთხესავით მშვენიერსა და ბუნებით უხვად დაჯილდოვებულს მხარეს. მხოლოდ რუსეთის მთავრობის პოლიტიკის წყალობით გაჩნდა ქართველების გვერდით სხვა ეროვნების ხალხიც.
რუსეთის მთავრობის ზემოაღწერილი პოლიტიკისა და საახალშენო მოღვაწეობისდა მიუხედავად სამურზაყანო აბხაზეთში და ჯიქეთის სამხრეთის მცირე ზოლში, ანუ სოხუმისა და სოჭის ოლქებში 1916 წლის აღწერისდა თანახმად 141.000 მცხოვრებთა შორის 71.000 ქართველი და 43.000 აბხაზი იყო, 6.000 სომეხი და 21.000 სულ სხვადასხვა ეროვნებისა.

§ 2. ჩრდილოეთის ხაზი. დვალეთი

საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი აფხაზეთის შემდგომ სვანეთის ჩრდილოეთის საზღვრით არის მოხაზული და აქაც ეს ხაზი ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ზღუდეს მისდევს, კავკასიონის მთავარ უღელტეხილის მარადთოვლიანს ქედს რაჭის სამზღვრამდის. შემდეგ საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი თემი რაჭაა და მისი სამზღვრის ხაზიც ჩრდილოეთით იმავე უღელტეხილის მთავარ ქედზე მიდის დვალეთამდე.
დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული. ეს ქვეყანა ყოველმხრივ მარადთოვლიან მთებით არის გარშემოზდუდული, ისე-კი, რომ ჩრდილოეთით მდებარე ქედი. ე. ი. პირიქითელი სამხრეთისაზე უფრო მაღალია და ერთს ალაგს გარდა სრულიათ გაუვალია. ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთი მონაპირე ქვეყანა იყო.
ძველითგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა. მაგრამ ამ სამღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნითგან მიექცია და პოლიტიკურადა მტკიცედ აქ ქართველობამ ფეხი დავით აღმაშენებელის დროს მოიკიდა (ცხოვრება მეფისა. დავითისი, გვ. 301, ქართველი ერის ისტ. II. 515). შემდეგშიაც, თვით საქართველოს პოლიტიკურ დაუძლურების დროსაც, XVIII საუკუნის დამდეგსაც, დვალეთი ქართველთა ხელში იყო და ვახუშტის მოწმობით "მეფეთა ქართველთა... მისცემენ დღემდე ხარკსა (გეოგრაფია 460). ვახტანგ VI იყო ის მეფე, რომელმაც საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის ეს მონაპირე კუთხე 1711 წელს ჯარითურთ შემოიარა, შევიდა შიგ. "ჩავლო ზრამაგა და შემოვლო ღელის-ხევი და გარდმოვლო კედელასა ზედა და მოვიდა კუდაროს და კუდაროდამ ქართლს გამარჯვებული... სწორედ მან კვლავინდებულად მტკიცედ "დაიპყრა დვალეთი და დასდვა ხარკნი... (ვახუშტი. საქართველოს ცხორება 118).
აღმოსავლეთით მას საზღვრავს "თრუსოს და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდან ჩდილოდ და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე ვიდრე ხეთაძე ჩერქეზის მთამდე.
სამხრით მზღრვრის კავკასი ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე და ზეკარ-კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიან შორისი კავკასნი, ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი... და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სვანეთს შორისი... (იქვე 428 - 430) ეხლანდელს რუსულს საგეოგრაფიო რუკებზე მიღებული სახელები რომ ვიხმაროთ, მაშინ დვალეთის სამზღვარი ასე გვეხატება, ჩრდილოეთით ადაი-ხოხითგან (ქართულ ხოხის მთას) ხაზი მიდის აღმოსავლეთ-სამხრეთისაკენ არხონამდის (ქართულ ახოტს), ხოლო დასავლეთით ამავე ადაი-ხოხის მმწვერვალითგან ხაზი სამხრეთისაკენ მიდის ქედ-ქედ მწვერვალ ყაზი-ხოხამდის. შემდეგ სამხრეთის სამზღვარი იწყობა ამ ადგილითგან და ქედ-ქედ მიდის საუხოხზე, ხალიწაზე, ზეკარზე, ბრუტსაბძელზე, ხოხზე, შემდეგ როქზე არხონამდის.
დვალეთი ძველადაც და ეხლაც რამდენიმე ხეობად იმყოფებოდა. კასრის ხევად, ზრამაგად, ღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად (ვახუშტი. გეოგრაფია 428).
ამ დვალეთზე "გარდავლენან გზანი დიგორსა... და... გზანი ვალაგირსა და ფაიქომსა" (ვახუშტი. გეოგრაფია 444). იქ, სადაც კასრის ხეობა "მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა.., გაკეთებული ყოფილა "კარი კლდისაგან და ქვითკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი მდინარესა ზედა. ეს კარი-ბჭე თურმე საქართველოს "მეფეთაგან ქმნული ყოფილა იმ მიზნით, რომ "არა ვიდოდენ თეინიერ მათსა ოვსნი..." ამგვარად ბუნებრივადაც და ხელოვნურადაც "არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. (იქვე. 444).
ძველად ამ კუთხეს საქართველოსთან პოლიტიკურს გარდა სარწმუნოებრივი და კულტურული კავშირიც ჰქონდა: ქრისტიანობა აქ ქართველი მქადაგებლების მიერ იყო გავრცელებული და თვით ეკლესიის ნანგრევებს, მაგ. როქის ხეობაში ეხლაც ეტყობა ქართული ასომთავრული წარწერები. ვახუშტის სიტყვით ამ ქვეყნის მკვიდრნი იყვნენ "სამწყსონი ნიქოზლისანი." (გეოგრაფია 434). XVIII  საუკუნის დამდეგს ბლომად ყოფილა "ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვითკირისანი..." რომელნიც საქართველოს "მეფეთაგან ნაშენნი" ყოფილან. თვით ხალხში ამ ძეგლების შესახებ თქმულებები ყოფილა და ვახუშტის ცნობით "უმეტეს იტყვიან... თამარ მეფისაგან" აგებულადო (იქვე 438).
XVIII საუკუნეში ეს კუთხე ეკონომიურადაც საქართველოსთან ყოფილა დაკავშირებული. მარილს. ცხვრის ტყავს, სვიას და სხვა სახმარს, რაც-კი თავიანთ ცივს ქვეყანაში ვერ შოულობდენ, თურმე ქართლითგან და რაჭითგან ზიდავდენ (ვახუშტი. გეოგრაფია 438).
ბუნებამ დვალეთი მადნით უხვად დააჯილდოვა და იქ ვახუშტის სიტყვით "გამოიღებენ მიწიდამ ბრპენსა, გვარჯილასა, გოგირდსა (იქვე 438), ამასთანავე "ლითონი ბრპენისა მრავალი ყოფილა. ხოლო "გოგირდი ფრიად კარგი". ზემოაღნიშნულს გარდა იქ არსებობდა "ლითონიცა ვერცხლისა (იქვე 444).
ამ ჟამად ამ კუთხეს არდონის ანუ ნარდონის ქვაბ-ხეობა ეწოდება. ეს არდონის ქვაბა-ხეობა, რომელიც ყოველმხრივ გარშემოზღუდულია, მაგრამ რომელსაც ჩრდილოეთისაკენ მხოლოდ ერთად-ერთი ზემოაღნიშნული ხეობაზე მდებარე გასავალი აქვს, სამხრეთით-კი საქართველოსთან მას 11 გარდმოსავალი აერთებს, XIX საუკუნეშიც თავდაპირველად ტფილისის გუბერნიის სამზღერებში იყო მოქცეული და ამ გუბერნიის მთიულეთის ოლქს ეკუთვნოდა, (Филиновъ. Военный обзоръ Тифлис. Губ. СПБ. 1872 წ. გვ. 7-8). მისი სივრცე 497 ოთხკუთხ ვერსს არ აღემატება. შემდეგში რუსეთის მთავრობამ დვალეთი ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს ჩამოაშორა და თერგის ოლქს შეუერთა.
საუკუნეთა განმავლობაში, როგორც დავინახეთ, საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს საქართველოსთვის ფრიად მნიშვნელოვან კარად სთვლიდა და ამის გამო მას ფხიზელ დარაჯად უდგა, საგანგებოდ არდონის გასავალთან ზღუდეც-კი ააგო, რომ თუ საჭირო იქმნებოდა მტრის შემოსვლის მხრივ ამ სახიფათო გზის კარის დახშვა ადვილად შესძლებოდა. ამ კუთხის ბუნებრივ აგებულებასა და თვისებას თუ დავაკვირდებით, ცხადი იქმნება, რომ იგი საქართველოსთან უფრო მრავალრიცხოვან გზებით, სხვადასხვა მხრით თერთმეტი გარდმოსავლით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოსთან არის შედარებით მჭიდროდ დაკავშირებული. ჩრდილოეთთან-კი მას მხოლოდ ერთი გასავალი აერთებს. ყველა ამ მოსაზრების გამო უფრო ბუნებრივია და ხელსაყრელი, რომ წინანდელი მდგომარეობა კვლავ აღდგენილ იქმნას. რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთი, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა ისევ აღმოსავლეთს საქართველოს, ტფილისის გუბერნიას დაუბრუნდეს, მაშინ ამ ადგილას საქართველოს სახელმწიფო სამზღვარი იმ ხაზს გაჰყვება, რომელიც ხოხის მთას (ადაი ხოხ) და ახოტის მთას (არხონ) შუა გაივლება.

§ 3. ჩრდილოეთის ხაზი. დარიალანი და საქართველოს კარი

დვალეთის აღმოსავლეთით საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვარი ისევ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ქედზე მიდის და მხოლოდ დარიალის ხეობასთან იგი ქედს იქით გადადიოდა და უფრო ჩრდილოეთით იყო წაწეული. მისაბჯენ ციხედ ჰქონდა "გორის ციხე, ფრიად ძველი, ძველებურ წესზე აგებული, კოშკებით შემკული სიმაგრე, რომელიც მდ. თერგის სათავის მიდამოებში, მთებში მდებარეობდა". ამ ციხეს "ფრიად მაგარი მდებარეობა ჰქონდა (Бурнашевъ. Картина Грузіи или описаніе полит. состоянія царствъ Карталинскаго и Кахетинскаго. Тифлисъ изд. Бегичева 1896წ. გვ. 9). ეხლანდელ რუკებზე ამგვარი საგეოგრაფიო სახელი არ არის აღნიშნული, ამის გამო ამ ციხის მდებარეობაც გამოურკვეველი რჩება.
მაგრამ უფრო დაწვრილებითი და მკაფიო ცნობები საქართველოს ჩრდილოეთის სამზღვრის შესახებ ბატონიშვილს ვახუშტსა აქვს. მისი სიტყვით თერგს "გველეთს ქვეით ერთვის... ხევი", რომელიც "სამხრეთ-აღმოსავლეთიდამ გამოსდის გუდამაყრისა და ძურძუკის კავკასსა... ამ ხევს ქვეით დავიწროვდების ხევი ესე კლდითა და აქა არს ციხე დავითისა... აღმაშენებელის აღშენებული. ამას ქვეით არს დარიელა.., თერგის "აღმოსავლით კიდესა ზედა მეფის მირვანის მიერ" აგებული. მან "შეაბა კარი და ქმნა სიმაგრე ხაზართა და ოსვთათვის, რათა უმისოთ ვერაღარა ვიდოდნენ... ხოლო "ამას ქვეით ნასასახლევი მეფეთა. ოდეს გაილაშქრიან თვსეთად მუნ დადგიან"-ო (გეოგრაფია 228).
სახელოვან ქართველ გეოგრაფის აღდწერილობა იმდენად ნიშანდობლივია, რომ თვითეული მის მიერ დასახელებული ადგილის პოვნა ეხლანდელს 5-ვერსიან რუკაზე ძნელი არ არის. ამაში მისივე შედგენილი რუკაც დიდად გვშველის. გველეთის ჩრდილოეთით თერგს მართლაც სამხრეთ-აღმოსავლეთითგან ერთი პატარა წყალი ერთვის, რომელსაც ქისტურა (Кистинка) ეწოდება. აქ ვიწრო ხეობაში ყოფილა მეფე დავით აღმაშენებელის მიერ აგებული ციხე. ეს ის ადგილი უნდა იყოს, რომელსაც საქართველოს-სამხედრო გზაზე რუსებმა სად. დარიალისა "Даріальское " უწოდეს. აქ მართლაც რუკაზე ნათქვამია ("Бывшее укрепление") "ციხის ნანგრევიო". ამის ჩრდილოეთით მირვან მეფის მიერ აგებული ყოფილა დარიალის კარი, რომელიც ოს-ხაზართათვის გზის შესაკრავად იყო განკუთვნილი. ეს ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ეხლა სად. ლარსია. ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი ყოფილა საქართველოს სამფლობელოს უკანასკნელი ფეხმოსაკიდებელი ადგილი "ნასასახლევი მეფეთა", რთმელიც დაახლოებით ეხლანდელს "ჯერახოვსკოე"-ს მიდამოებში უნდა ყოფილიყო. აქაც, 5-ვერსიან რუკაზეც ნათქვამია ციხის ნანგრევიო (Бывшее укрепленіе) თვით ბატონიშვილ ვახუშტის დაწვრილებითს რუკაზე (იხ. ბროსსეს გამოც. N3, K
arthli au N. du Kour) "ნასასახლევი მეფეთა (Résidence royale) მართლაც "ჯარიეხის" (ეხლანდელს "ჯერახოვსკოე"-ს) მახლობლად, ცოტა სამხრეთით არის აღნიშნული და სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ჩრდილოეთის სამზღვარი ამ ადგილის წინ, დაახლოვებით ჯარიეხითგან ერთი ვერსით, სამხრეთით მიდიოდა (იხ. იგივე რუკა).
ზემოაღნიშნულ მოსამზღვრე ადგილითგან მოყოლებული სამზღვარი მდ. ქისტურის ხეობის გაყოლებით სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ იხევდა და კვლავ კავკასიონის უღელტეხილის მთავარს ქედს აღწევდა, ხოლო შემდეგ საქართველოს სამზღვარი მუდამ სწორედ ამ მთავარ უღელტეხილს ქედ-ქედ მიდიოდა იმგვარადვე როგორც XIX საუკუნეშიაც რუსთა მფლობელობის დროს აღმოსავლეთ საქართველოს, ტფილისის გუბერნიის სამზღვარი იყო მოხაზული.

II თავი.
აღმოსავლეთის სამზღვარი

§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი

საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედი. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა).
მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (р. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1). ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.
საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დადესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის ტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ XIII საუკუნის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, "ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა" და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა ქართველთა დაღესტანში განმანათლებელ მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія 2, 63).
ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ XIII საუკუნეში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰრეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719).
მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე XVIII საუკუნითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშენების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა "ალის-სასულთნო", მეორეს "ელისენი", მესამეს "ჭარი".
უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის "შემდგომად იწოდა ჭარი". (გეოგრაფია 306).
რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი "ჯარი"-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, "რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული" (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის "წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე. (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.
ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წლის დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თაედაპირველად "კახის სულტნად სახელდებული" ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული.

 ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი "არს ქვეყანა ეს. ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი" (კათალიკოხ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ. არამედ ცარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წლის ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა.
როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წელს დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ - კი 1830 წელს. იყო შემოერთებული.
1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6).
1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.

III თავი
სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვარი

§ 1. ჰერეთი: ქიზიყი, ყარაია

ზაქათალის ოლქის შემდგომ საქართველოს უკვე სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი ეწყობა. ძველ დროს მთელი ეს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილიც მტკვრამდე და დებედას წყალთ-გამყოფელ მთებამდე ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი კუთხე, რომელიც ზაქათალის ოლქს ზედ ეკერის კამბეჩოანის ანუ ქიზიყის სახელით არის ცნობილი. ძველი ქიზიყის, რომელიც ეხლა სიღნაღის მაზრად იწოდება, სამზღვრად იყო "სამხრით უფადარი და წინამინდორ ხორანთამდე... (ვახუშტი. გეოგრაფია 310). წინამინდორად იწოდებოდა ის ველი, რომელიც სამხრეთით იორისა და ალაზნის შესართავთან თავდებოდა (იხ. ვახუშტის რუკა . - 4).
იგი დაახლოვებით ეხლანდელს ელდარის მინდორს უდრის, უფადარად-კი, დაახლოვებით ის სამხრეთით მდებარე ადგილი იყო, რომელსაც ეხლა ჯეირან-ჩელი ეწოდება. მაშასადამე სამზღვარი იწყობა ჯერ იქ, სადაც გიში ალაზანს ერთვის, შემდეგ სამხეთისაკენ მიდის ალაზნის გასწვრივ მისი და იორის შესართავამდე. აქეთგან დაწყობილი სამზღვარი პირდაპირ მტკვარზე გადადიოდა (ვახუშტი გეოგრ. 310-312 და ბურნაშევის 1784წ. რუკა) და მერმე საქართველოს სამხრეთის სამზღვარი ამ მდინარის პირს დასავლეთ-ჩრდილოეთით მიმართულებით მისდევდა დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც მდ. აღსტაფურა მტკვარს ერთვის. ძველად საქართველოს ეს სამხრეთის კუთხე, როგორც აღნიშნული იყო, ჰერეთის ნაწილად ითვლებოდა.

 საქართველოს სამხრეთის მოსამზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთს კიდეს იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც სამზხღვრის ხაზი იორ-ალაზნის შესართავითგან მტკვარზე გადმოდიოდა ყარაიამდე ჯეირან-უდურეთის ველის სახელი ერქვა. შედეგ-კი ყარაია იწყობოდა. ამ ყარაიას ველის მდებარეობის შესახებ ვახუშტს ნათქვამი აქვს, რომ მთა "იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რომელი არს რუსთავი, ხოლო აწ ნაგები"-ო. ამ ნაგებისა და მაშასადამე იალღუჯის "აღმოსავლით და სამხრით არის ველი დიდი ყარაიისა. (ვახუშტი. გეოგრ. 180). აი სწორედ ეს ველიც ძველად ჰერეთს ეკუთვნოდა, და შემდეგში-კი, და უკვე ვახუშტის დროს, მას თურმე "ყარაიას" უწოდებდენ (იქვე 182). ეს სახელი მას ეხლაც შერჩენილი აქვს.
ჰერეთის ამ ნაწილს სამზღვრად ჰქონდა ჩრდილო-დასავლეთით მთა გარეჯისა მწარე-წყლამდე, ხოლო სამხრეთით მწარე წყალი (იქვე 180), ე. ი. დაახლოვებით იმ ადგილამდის, სადაც აღსტაფურას წყლის შესართავია.
ეს კუთხე ოდესღაც ქართული კულტურის დიდებული კერა იყო (იქვე 182). საკმარისია ადამიანმა დაათვალიეროს ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლი და ქართული მხატვრობის მრავალი განმაცვიფრებელი ნაწარმოები, რომელნიც დავით გარეჯის უდაბნოში შენახული არიან და რვა საუკუნის განმავლობაში ყოველგვარ მტრის გამანადგურებელ შემოსევას გადურჩენ. რომ ნათლად წარმოიდგინოს ადამიანმა რამდენად დაწინაურებული ქართული კულტურული ცხოვრების ასპარეზი იყო ეს კუთხე.
სამხედრო ბედის ულმობელმა ტრიალმა მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით ეს ქვეყანაც გააუკაცრიელა და უდაბნოდ აქცია. შემდეგში სპარსთა შაჰების გეგმისაებრ აქ უბინადრო ელი დემურჩიასანლუ შემოვიდა, რომელიც თარაქამათა ტომს ეკუთვნოდა და მესაქონლეობას მისდევდა (ვახუშტი. გეოგრ. 182).
ჰერეთის იმ ნაწილს, რომელი ბოლოს დროს ყარაიად იწოდა, დასავლეთ-სამხრეთით უკვე ქვემო-ქართლი ეკვროდა და ამ ადგილითგან მოყოლებული სწორედ ეს ქვეყანა იყო იმავე დროს საქართველოს აღმოსავლეთ-სამხრეთის სამზღვარი და მონაპირე კუთხე.

§ 2. საქართველოს სახელმწიფოებრივ სამზღვრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზი

ქვემო ქართლის აღმოსავლეთი ნაწილი და სამზღვარი იმავე დროს გარდაბანის საერისთავოს ნაწილი და სამზღვარი იყო და მას ჰსაზღვრავდა "აღმოსავლეთით მტკვარი და ხუნანის გამართებით ბერდუჯის აღმოსავლეთის მცირე მთა." (ვახუშტი. გეოგრ. 178). მაშასადამე ქვემო ქართლის ანუ ეხლანდელი ბორჩალოს მაზრის აღმოსავლეთის სამზღვრად ჯერ მდ. მტკვარია დაახლოვებით ყიზყალას ციხის ნანგრევების ცოტა აღმოსავლეთ-სამხრეთით, ხოლო შემდეგ ქურდ-ვაჭრის ხეობის ქედი, რომელიც დებედას აღმოსავლეთით მდებარეობს და დებედას შემდინარეების გამყოფელი მთა არის.
მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრივი სამზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით საქართველოს პოლიტიკურ სისუსტის დროსაც. თუნდა XVIII-შიც. იქ - კი არ თავდებოდა, სადაც ქვემოქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთის სამზღვარი იყო, არამედ გაცილებით უფრო შორს მიდიოდა. თუნდაც, რომ განჯისა და ერევნის სახანოებს თავი დავანებოთ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ერეკლეს ყმად ნაფიცნი იყვნენ და ყოველწლიურად ნებაყოფლობით ხარკს იხდიდნენ და რომელთა მმართველები ხანებად მეფის მიერ იყვნენ ხოლმე დამტკიცებულნი (Бурнашевъ, Картина е1с. 12, 13—14 და Инструкія изъ Госуд. Коллегіи, Коваленскому 1799 წ. А. К. А. Г. К- წ 1,94, § 7), ყაზახი, შამშადილი და შამქორი ხომ საქართველოსთან უმჭიდროესად იყვნენ დაკავშირებულნი და ქართველთა ერთგულობას იჩენდენ. ამ ორთავე ქვეყნითგან ომიანობის დროს საქართველოს საუკეთესო, 6000 კაცისაგან შემდგარი, ცხენოსანი ჯარი მოსდიოდა ხოლმე (იქვე, 6, 16). განსაკუთრებით საყურადდებოა ის დიდმნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს მაჰმადიანი ხანები საქართველოსთან უფრო მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი და ქართველობის უფრო ერთგულნი ყოფილან, ვიდრე თვით ერთმორწმუნე და თანამონათესავე სპარსეთის შაჰებისა. ამ მხრივ მეტად საგულისხმიეროა, რომ ერევნისა და ყარაბაღის ხანები სპარსეთის შაჰს აღამამედხანს-კი არ მიემხრენ, არამედ ერეკლე მეფესთან შაჰის საწინაადმდეგოდ საგანგებოდ ხელშეკრულება დასდეს და ფულიც მიაშველეს ამ საქმის განსახორციელებლად (Записка Коваленскаго о Грузии А. К. А. Г. К. წ. 1. გვ. 118). ამიტომაც არის, რომ ბურნაშევის მიერ 1784 წლის შედგენილს საქართველოს რუკაზე ყაზახი, შამშადილი, შამქორი განჯითურთ ქართლის სამზღვრებივი წითელი ფერით არის შემოხაზული.

IV თავი
სამხრეთის სამზღვარი ქვემო ქართლი. გამყოფელი ხაზი საქართველოსა და სომხეთს შორის

ქვვმო ქართლის სამხრეთის სანაპირო ხაზი იმავე დროს ქართველთა და სომეხთა სამფლობელოს გამყოფელი სამზღვარი იყო ძველ დროითგანვე მოყოლებული.

§ 1. ისტორიული მიმოხილვა. ბრძოლა ამ სამზღვრის გამო II ს. ქ. წ. –  XI ს. ქ. შ.

ჯერ კიდევ ქრისტეს წინათ საქართველო და სომხეთი მეზობლად ყოფილან. მაგრამ თავდაპირველად სომხეთს მცირე მიწაწყალი ეკავა და მხოლოდ მას შემდგომ რაც ანტიოქოს დიდის სარდლებმა არტაქსიმ და ზარიადრმა ცალ-ცალკე ორი სომეხთა სამეფო დაარსეს, თვით სომხეთის ვითარცა პოლიტიკურ ერთეულის სამზღვრებიც გაფართოვდა. (ჩემი ქართული ერის ისტ. I, 59 და Адонцъ, Арменія въ эпоху Юстиніана, 395). ეს ზრდა მათი მოსახლეობის ბუნებრივ განვითარებისა და გამრავლების შედეგი არა ყოფილა. სტრაბონის ცნობით სომხეთის მეფეებმა მეზობლებს მიწები წაართვეს. სხვათა შორის მაშინ ქართველთა ტომებისათვისაც წაურთმევიათ პარიადრის სანახები, რომელიც ტაოსა და სპერს შეიცავდა, ხორზენი და გუგარეთი (გუგარენი), ხოლო ხალიბებსა და მოსინიკებს — კარინი და დერქსინი (იქვე). ეს ამბავი 191 წ. (ქ. წ.) შემდეგ მომხდარა და სომეხთა პირველი იერიშია ქართველთა მიწა-წყლის დასაპყრობად. ამ დაპყრობილი ქვეყნების ბედი ამით სამუდამოდ და საბოლოოდ არ გადაწყვეტილა.
სტრაბონის გუგარენა ანუ გუბარეთი ეხლანდელ ბორჩალოს მაზრის სამხრეთის ნაწილს უდრიდა, რომელიც დაახლოვებით ჭოჭკანისა, ბოლნის-დბანისის, ლოქის ხეობათა, ტაშირს, აბოცს და თრიალეთის სამხრეთ ნაწილს შეიცავდა, ზოგჯერ გუგარეთს პოლიტიკურ მიზეზების გამო უფრო ვრცელი მნიშნელობა ენიჭებოდა და უფრო ფართოდაც იყო ხოლმე შემოხაზული. ამ ქვეყნის წინანდელი სახელის კვალი შერჩენილა ეხლანდელ საგეოგრაფიო სახელ გუჯარეთში (Адонцъ, Арменія 426 შენ.). ქართული საგეოგრაფიო ტერმინთლოგიით ეს გუგარეთი უფრო ხშირად ქვემო ქართლად იწოდებოდა, ხოლო რუსთა ბატონობის შემდგომ ბორჩალოს მაზრის სახელით არის ცნობილი.
ტოპოგრაფიულად ეს გუგარეთი ანუ ქეემო ქართლი სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით თვით ბუნების მიერ არის გარემთზღუდული. სამხრეთით მას უდარაჯებენ მაღალი (8000 ფ.) ციცაბო, ორ ადგილს გარდა გარდაუვალი, ტყით მოცულნი ერევნის მთები, რომელთაც რუსული საგეოგრაფიო ტერმინოლოგიით ბამბაკის ქედი ეწოდება. ამ მთების გასწვრივ ჩრდილოეთით მდებარეობენ ე. წ. სომხეთის მთები, რომელიც აგრეთვე მაღალია ისე, რომ ზოგიერთი მწვერვალი 8000 ფ-დე აღწევს. მთელი ეს ქვეყანა გეოგრაფიულად ისე მჭიდროდ არის საქართველოსთან დაკავშირებული, რომ როგორც თვით ქვეყანას, ისევე ყველა იქაურ მდინარეებსა და რასაკვირველია გზებსაც ჩრდილოეთისაკენ, მტკვრისა და ტფილისისაკენ აქვთ პირი მიბრუნებული.
სტრაბონის დროსაც I საუკუნის დასასრულს ქ. წ. და I საუკუნის დამდეგს ქ. შ. ეს კუთხე ჯერ კიდევ სომეხთა ხელში ყოფილა. მაგრამ უკვე 35 წ-ითგან ქ. შ. მოყოლებული, როდესაც ტაციტის სიტყვით იბერიის მეფეები იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ სომხეთში შემოჭრილ სპარსელებს ებრძოდნენ, და როცა თვით სომხეთშიც-კი ქართველი უფლისწული გამეფდა ცხადია მდგომარეობა თვალსაჩინოდ უნდა შეცვლილიყო.
შესაძლებელია ამავე დროს ქართველებს სომეხთა მიერ მითვისებული გუგარეთიც უკან დაებრუნებინათ (ქართველ ერის ისტ. 1, I73-177). ამას ის მეგობრული განწყობილებაც გვაფიქრებინებს, რომელიც აღმოს. საქართველოს მეფეებს რომის კეისრებთან ჰქონდათ (იქვე 178-9).
პლინიუსის სიტყვებითაც მტკიცდება, რომ თეზი და თრიალეთი მაინც, რომელიც აგრეთვე ფართოდ ნაგულისხმევ გუგარეთის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა, პირველ საუკუნეში ქ. შ. უკვე იბერთ ჰკუთნებიათ (
Natur, his. cap. 6. § 26, ქართველი ერის ისტ. I, 60).
მაგრამ გუგარეთის ქართველთა მიერ უკან დაბრუნების შესახებ გარკვეული პირდაპირი ცნობები VI საუკუნითგან ქ. შ. მოიპოვება. 374 წელს სომეხთა მეფე პაპი მოკლულ იქმნა და ამის შემდგომ სომეხ არშაკუნიანთა სამეფო შეუჩერებლივ ეცემოდა. ამ სამეფოს პოლიტიკურს დაუძლურებას ხელი შეუწყო იმ ქიშპობამ და ბრძოლამ, რომელიც ამ ქვეყანაში უფლისწულების არშაკისა და ხოსროს შორის ატყდა სომხეთის სამეფო ტახტის გამო. ეს ცილობა 387 წელს სომხეთის ორ სამეფოდ გაყოფით დამთავრდა და სწორედ ამ დროს ქართველებსაც სომხებისაგან თავიანთი ქვეყნები გუგარეთი, გარდაბანი და კარწახი უკან დაუბრუნებიათ (Адонцъ, Арменія 225-226).
მალე თვით სომეხთა ამ სამეფოების დამოუკიდებელი არსებობაც მოისპო და სომხეთი სპარსეთისა და ბიზანტიას შორის იქმნა განაწილებული: სომეხთა ამგვარმა დაუძლურებამ ზემოჩამოთვლილი ქვეყნების ბედი და საქართველოსთან შეერთება ხანგრძლივობით განამტკიცა (იქვე 230). იმ ხნის განმავლობაში, როდესაც გუგარეთი სომეხთა ხელში იყო, ამ კუთხეში სომხობაც შეერია და ქართულის გარდა სომხურიც გავრცელდა (იქვე).
V საუკუნეშიაც მაგალითად ვახტანგ გორგასლანის მეფობაში გუგარეთი წინანდებურად იბერიის სამეფოს საზღვრებში შედიოდა (Адонцъ, Армения, 222). მაგრამ მარტო პოლიტიკურად კი არა, არამედ საეკლესიო წესწყობილების მხრივაც, იგი საქართველოს განუყოფელს ნაწილს შეადგენდა: როგირც მე-VI საუკუნის დამდეგს მომხდარ საეკლესიო კრების მონაწილე მღვდელმთავართა სიითგან სჩანს, ბოლნისის, ცურტავის და რუსთავის საეფისკოპოსოები მცხეთის კათალიკოსს ექვემდებარებოდენ.
გუგარეთის საქართველოსთან დაკავშირების სიმტკიცე და მისი განუყრელი კუთვნილება შემდეგში მომხდარ უბედურებამაც გამოააშკარავა, როდესაც სპარსთა მიერ 532 წ. აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა ძალმომრეობით მოსპობილ იქმნა და ქვეყანას თვით სპარსთა შაჰები დაეპატრონენ (ქართველ ერის ისტ. I, 195-197).
ასეთ უკიდურეს გაჭირვების და პოლიტიკურ ბედის უკუღმართობის დროსაც გუგარეთი საქართველოს სამზღვრებში შედიოდა. VII საუკუნის დამდეგსაც, როცა ქართველთა და სომეხთა შორის სარწმუნოებრივი უთანხმოება და მტრობა ჩამოვარდა, რომელიც ამ ორი ერის ეკლესიების სრული განხეთქილებითა და განშორებით დამთავრდა, იგი კვლავინდებურად ქართულ ეკლესიას ეკუთვნოდა (იხ. ჩემი Исторія церков. разрыва). საქართველოს ამ პოლიტიკურ დაკნინებისა და განსაცდელის ხანაშიაც რომ გუგარეთი მართლა კვლავ საქართველოს ეკუთვნოდა, სულიერად და პოლიტიკურად მასთან იყო მჭიდროდ დაკავშირებული, ამას თვით სომხურივე VII საუკუნეში შედგენილი საისტორიო გეოგრაფიაც ცხადად ამტკიცებს. იქ პირდაპირ ნათქვამია, რომ ეს ქვეყანა ამ დროს ქართველების ხელში იყო (იქვე გვ. 20 და ჩემი ქართველ ერის ისტორია 1, 60).
643-645 წელში არაბთა ლაშქარი და სარდალი ეწვია კავკასიას და საქართველოს მთელი სამხრეთი და აღმოსავლეთი კავკასია და აღმოსავლეთი საქართველოც არაბთა ბატონობის ქვეშ მოექცა. სომხეთიცა და აღმოსავლეთი საქართველოც მათ ემორჩილებოდა. თავისდა თავად ცხადია, რომ ამ დროს შეუძლებელი იყო საქართველო-სომხეთის სამზღვრებში რაიმე ცვლილება მომხდარიყო: გუგარეთი წინანდებურად ქართველთა უცილობელი კუთვნილება იყო. არაბთა პოლიტიკურმა ძლიერებამ რომ შემდეგში თანდათანობით იკლო და მათი შეუჩერებელი მიდრეკილება განკერძოებისადმი ცხადი გახდა იმ მხრივაც, რომ ერთი მთლიანი სახელმწიფოებრივი სხეულის მაგიერ მრავალი სანახევროდ დამოუკიდებელი დაარსდა, დაპყრობილმა ქვეყნებმა თავისუფლად ამოისუნთქეს. სხვათა შორის ტფილისისა და ქართლის საამიროც შეიქმნა. ტფილისის ამ რათა ურჩობა ასუსტებდა არაბთა ბატონობას კავკასიაში საქართველოს და სომხეთის აღდგენას კი ხელს უწყობდა. ტფილისისა და ქართლის საამიროს სამზღვრებში შედიოდა სხვათაშორის ქვენა ქართლის ის ნაწილი, რომელსაც გუგარეთი ერქვა.
IX საუკუნითგან მოყოლებული საქართველოსა და სომხეთს პოლიტიკური მოღონიერება დაეტყო. ქვეყანა აღორძინების გზას დაადგა. ჯერ რამდენიმე საერისთავო-ერისთავოები გაჩნდა, შემდეგ დაიწყო ცალცალკე ბრძოლა საქართველოსა და სომხეთისა გაერთიანებისათვის. ასეთ პირობებში ბრძოლა ტფილისისა და ქართლის ამირასთანა და ურთიერთთან აუცილებელი იყო: არაბებს უნდა ჩამორთმეოდათ მათ მიერ დაპყრობილი აღმ. საქართველოს მიწა-წყალი, ქართველ ერისთავთ ერისთავთა ურთიერთშორის ბრძოლას - კი მიზნად დანაწილებული საქართველოს გაერთიანება ჰქონდა. ყოველი ქართველი მთავარი და მეფე ხან პირადად, ცალცალკე, ხან ჯგუფობრივ, შეერთებულის ძალით ამ საქმის განხორციელებას ცდილობდა. სხვათა შორის საქართველოს არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლებას გუარამ მამფალიც (+882 წ.) მამაცურად ცდილობდა ხელის შეწყობას და მედგარი ბრძოლის წყალობით მან დაიპყრა კიდეც ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტაანი (მატიანე ქართლისა* 445, გვ. 223. ქართველი ერის ისტ. II, 378). თრიალეთი, ტაშირი და აბოცი როგორ ვიცით სწორედ ძველ გუგარეთს ეკუთნოდენ. მაშასადამე საქართველოს განახლების განთიადზე ქართველმა მთავრებმა ეს კუთხე ისევ საქართველოს სამზღვრებში მოაქციეს.
მაგრამ საქართველოს გაერთიანების პროცესში მალე გარეშე ძალაც ჩაერია. სომეხთა ერისთავმა აშოტ ბაგრატუნიმ ამ ბრძოლაში მხურვალე მონაწილეობა მიიღო, მხოლოდ რასაკვირველია თავის სასარგებლოდ.
სომეხთა ერისთავთ-ერისთავი აშოტ ბაგრატუნი, რომელმაც სომხეთის სამეფო აღადგინა, თავის სამფლობელოს სამზღვრების გასაფართოებლად ჩრდილოეთისკენ მოისწრაფებოდა და ქართლის დაპყრობას ლამობდა (ქართველი ერის ისტ. II, 379). იგი ამ ქვეყანას აფხაზთა მეფეს ეცილებოდა, რომელიც თავის მხრივ კარგა ხანია საქართველოს გაერთიანებისთვის იღვწოდა (იქვე 380). სომეხთა მეფე ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს მხარს უჭერდა. გვარამ მამფალმა სამაგიეროდ "აბოცი განუყო ცოლის ძმასა თვისსა სომეხთა მეფესა" (მატიანე ქართლისა* 445, 6, გვ. 223. ქართველი ერის ისტ. II, 380). ამგვარად საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლთა შორის სომეხთა მეფეც გაერია და აფხაზთა მოწინააღმდეგე ჯგუფში ჩადგა. ამის წყალობით სომეხთა მეფეებს ქვემო ქართლის ნაწილის ზოგიერთი ადგილები ჩაუგდია ხელში, სხვათა შორის ტაშირი (იქვე 380-381). ამ გაერთიანებას აშოტ ბაგრატუნი ესეოდენ დიდ მნიშვნელობას აძლევდა, რომ მან თავის თავისათვის სომეხთა და ქართველთა ერისთავთ-ერისთავის სახელწოდება მიუკუთვნებია (ასოღიკ, ქართველ ერის ისტ. 380). აქეთგან ცხადია, რომ გუგარეთი მასაც ქართლად და ქართველთა მიწაწყლად მიაჩნდა და სწორედ ამ ქართველთ ქვეყნის დაპატრონების ძალით მან თავის თავს ქართველთა ერისთავთ-ერისთავი დაარქვა. ალბად მას კარგად ესმოდა, რამდენად ძვირფასი იყო ქართლის ის ნაწილი, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა, საქართველოს თავდაცვისათვის.
ამგვარად ეს სომეხთა მეორე იერიში იყო საქართველოს სამხრეთის სამზღვრების გადმოსალახავად და ქვენა ქართლის, ყოფილ გუგარათის დასაპყრობად. საგულისხმიეროა, რომ სომხეთის და საქართველოს პოლიტიკური განახლება ამ დროსაც სომეხთა შემოსევით დაიწყო.
სტეფანე მტბევარის მიერ 814-918 წლებში (იხ. ჩემი ისტორიის მიზანი, 44) დაწერილი გობრონის წამება ამტკიცებს, რომ შემდეგშიაც "ტაშირი და კადფაქარი" მეფის სუბატის ხელში ყოფილა (საქართველოს სამოთხე 394). შემდეგშიაც ეს კუთხე მათ ხელითგან არ გაუშვიათ. რაკი სამხრეთით და დასავლეთით ძლიერი მეტოქეები, არაბები და ბიზანტიელნი, ჰყავდათ, ჩრდილოეთით-კი მათ იმ დროს ღონიერი მოწინაღმდეგე არ ეგულებოდათ, რათგან საქართველოს ჯერ კიდევ ძალა მთლად მოკრებილი არ ჰქონდა, ამიტომ სომეხთა ენერგია იქითკენ მიისწრაფებოდა, სადაც ნაკლებ წინაღმდეგობას მოელოდნენ.
X საუკუნის დასასრულსაც ტაშირი და "ქართველთა ველი" ბოლნის-დმანისის ხეობანი, სომხეთ ეჭირათ და დავით გურგენის შვილს ეპყრა. ქ. სამშვილდე მან თავის საჯდომად აქცია და ქ. დმანისიც აიღო. გაგის ციხის მფლობელი დემეტრე მარზპანი, თუმცა გრიგორიანი იყო, მაგრამ მოინათლა და ქართველებს მიემხრო. მისი შვილი ტაშირის "მამფალი" იყო. დავით გურგენის შვილმა იგი გაგითგან განდევნა, მაგრამ უკვე 1001 წელს თვით დავითიც მისი ბიძის სომეხთა მეფის გაგიკის მიერ დამორჩილებული იქმნა (ქართველი ერის ისტ. II, 420- 421).

1 2


megobari saitebi

   

01.10.2014