რომაული გარნიზონები და სასაზღვრო ციხესიმაგრეები
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში I-II სს.

1 2

მ. შპაიდელის ეს მოსაზრება საკმაოდ საყურადღებოა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ციხისძირში აღმოჩენილი აგურის დამღის გაშიფრვის პირველი, ვ. ლექვინაძისეული ვარიანტი უნდა იყოს უფრო მართებული. მართალია, რომაული არმიის შემადგენლობაში შედიოდა და სპეციალური ნაწილები, რომლებსაც ევალებოდათ საფორტიფიკაციო სამუშაოების ჩატარება, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ საქმიანობას რომაული ლეგიონების ცალკეული ვექსილაციებიც ეწეოდნენ. სწორედ ლეგიონების ტრადიციული სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებელია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი ლეგიონების დამღიანი კრამიტები და აგურ-ფილები.[62] გარდა ამისა, როგორც ვაჰარშაპატში (ეჩმიაძინი) აღმოჩენილი II საუკუნის ლათინური წარწერიდან ირკვევა, კაპადოკიური ლეგიონების _ XII Fulminata-სა და XV Apollinaris-ის ვექსილაციები ერთობლივ სამშენებლო საქმიანობას ეწეოდნენ არმენიის დედაქალაქში.[63] და ბოლოს, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დოკუმენტურად დასტურდება, რომ II საუკუნის ბოლოს, და III საუკუნის დასაწყისში პიტიუნტის ციხის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ XV ლეგიონის ჯარისკაცები.
ასე რომ, ციხისძირში აღმოჩენილი დამღიანი აგური XII და XV ლეგიონების იმ ცალკეული ვექსილაციების ერთობლივი სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს, რომლებიც ხანგრძლივო დროით იდგნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ამ ლეგიონების ცალკეული ქვედანაყოფების ყოფნა კოლხეთის სანაპიროზე მოულოდნელი არ უნდა იყოს. როგორც უკვე აღინიშნა, კოლხეთი, ისევე როგორც მთლიანად ამიერკავკასია, სამხედრო თვალსაზრისით კაპადოკიის მთავარსარდლობას ექვემდებარებოდა. ამიტომ მთელ ამ ტერიტორიაზე დისლოცირებული რომაული გარნიზონები დაკომპლექტებული იყო კაპადოკიის ლეგატის განკარგულებაში მყოფი XII და XV ლეგიონების ცალკეული ვექსილაციებით. ამ ლეგიონების ქვედანაყოფები განლაგებულნი იყვნენ ტრაპეზუნტში,[64] სომხეთის ქალაქებში[65] და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თითქმის მთელ მონაკვეთზე.[66] რომის ლეგიონური ჯარის ნაწილების ყოფნა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, დასტურდება კოლხეთის სანაპირო პუნქტებშიც _ პიტიუნტსა და ფასისში. ასეთ ვითარებაში, ძნელი წარმოსადგენია, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გეოსტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრის-აფსაროსის გარნიზონი მხოლოდ ნაკლებად ბრძოლისუნარიანი დამხმარე რაზმებით ყოფილიყო დაკომპლექტებული და აქ აუცილებლად დისლოცირებული იქნებოდნენ ლეგიონური ნაწილებიც. ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაიშიფრება ციხისძირში აღმოჩენილი აგურის დამღა და ვ. ლექვინაძის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი, თუნდაც რომ არადამაჯერებელი იყოს, ჩვენი აზრით, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს და აფსაროსში ლეგიონური ჯარის ნაწილების ყოფნა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
აფსაროსში ასეთი სერიოზული სამხედრო ძალის ყოფნა განპირობებული იყო მისი გეოსტრატეგიული მდებარეობით. იგი უშუალოდ ესაზღვრებოდა ზიდრიტთა ოლქს და წარმოადგენდა ძირითად ფორპოსტს იბერიის წინააღმდეგ, ამასთან, თვალყურს ადევნებდა დარიალის გადმოსასვლელს და მთლიანად კავკასიას.[67] აფსაროსი ჭოროხის ხეობის გავლით, კოლხეთის დაბლობიდან აღმოსავლეთ მცირე აზიის შიდა რაიონებისაკენ მიმავალი გზების საკვანძო გზაჯვარედინს წარმოადგენდა და ამავე დროს, სანაპირო ზოლსაც კეტავდა.[68] რაც შეეხება საკუთრივ აფსაროსის სასიმაგრო ნაგებობას, არიანეს მოგზაურობის დროისაათვის იგი უკვე `
Castella Murata~- ს ტიპის მუდმივმოქმედ, ხანგრძლივი დროისათვის განკუთვნილ კასტელუმს წარმოადგენდა. რომაული ციხესიმაგრეების საერთო სტანდარტებიდან გამომდინარე, იგი საშუალო სიდიდის ბანაკების კატეგორიას მიეკუთვნებოდა.[69]
აფსაროსის ჩრდილოეთით, 65 კმ-ის დაშორებით, მდ. რიონის შესართავთან მდებარეობდა ფასისის ციხე. იგი წარმოადგენდა რომაელთა ძალაუფლების საყრდენს ლაზეთის მიწა-წყალზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 129-131 წლებში მოდერნიზებულ იქნა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო სისტემა. როგორც ჩანს, რომაელებს სათანადოდ უზრუნიათ ფასისის ციხესიმაგრის გაძლიერებისათვის. არიანეს ცნობით, `წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს ბარბაროსთაგან და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ~.[70] იმავე არიანეს ცნობით, ფასისში ოთხასი რჩეული მეომარი იდგა.[71] რამდენადაც სატყორცნი მოწყობილობები (ონაგრები, კატაპულტები, ბალისტები) დამხმარე სამხედრო შენაერთებს შეიარაღებაში არ ჰქონდათ და ეს იარაღები უფრო გამოცდილი, მაღალკვალიფიცირებული ლეგიონური ჯარის ნაწილების ტექნიკურ აღჭურვილობაში შედიოდა.[72] აქედან გამომდინარე, ფასისის გარნიზონი ლეგიონურ კოჰორტად უნდა მივიჩნიოთ.
ფასისის გარნიზონი ლეგიონური ჯარის ნაწილებით რომ იყო დაკომპლექტებული, ამაზე მიგვანიშნებს მის ავანპოსტში, სოფ. მოედანთან (ლანჩხუთის რ-ნი) არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის ტერიტორიაზე  XV ლეგიონის დამღიანი აგურის აღმოჩენაც.[73] ამდენად, ფასისში, ისევე როგორც კოლხეთის სხვა სანაპირო პუნქტებში დისლოცირებული იყო XV ლეგიონის ქვედანაყოფები, რომელსაც, როგორც ჩანს, შეიარაღებაში ჰქონდა 4-5 კარობალისტა და ერთი ონაგრი.[74]
ფასისის ციხესიმაგრის ასე საგანგებოდ გამაგრება-განმტკიცება და მისი სამხედრო მანქანებით აღჭურვა იბერიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ეს საფრთხე კი, როგორც ჩანს, რეალური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფასისის ციხე რომაელების მიერ ახალგამაგრებული იყო, მას კარგად შეიარაღებული გარნიზონი იცავდა და ბუნებრივადაც მიუდგომელ, `უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე იყო აგებული~.[75] არაინემ საჭიროდ ჩათვალა დამატებითი ღონისძიებების გატარება ნავსადგურისა და ციხის გარშემო არსებული დასახლების გასამაგრებლად.[76] თუმცა, რომაელებს, როგორც ჩანს, ფასისის უსაფრთხოება მაინც აეჭვებდათ. ამიტომ, ფასისის მიდამოებში მოგვიანებით ისინი აგებენ გამაგრებათა მთელ სისტემას, რომელიც რომაულ კასტელუმს ზურგიდან იცავდა `ბარბაროსების~ მოსალოდნელი თავდასხმისაგან. ამ სისტემაში ჩართული იყო სოფ. მოედნისა და მდ. ნატანების ხეობაში განლაგებული ვაშნარის (ოზურგეთის რაიონი) საფორტიფიკაციო ნაგებობები.[77] მართალია, ვაშნარი რომაულ-ბიზანტიურ წყაროებში არ იხსენიება, მაგრამ მისი თავდაპირველი ციხე, რომელიც კვადრატული ფორმისაა და რომაული კასტელუმების პრინციპითაა ნაგები, ასეთი ვარაუდის საფუძველს ნამდვილად იძლევა.[78] მკვლევართა აზრით, მოედნისა და ვაშნარის სიმაგრეები სწორედ იბერიის შესაჩერებლად იყო გათვალისწინებული.[79] არსებობს მოსაზრება, რომ ასეთივე პუნქტი უნდა ყოფილიყო არქეოპოლის-ნოქალაქევიც, რასაც გარკვეულწილად მოწმობს იქ აღმოჩენილი კონსტანტინე დიდის სპილენძის მონეტა.[80] ამგვარი მონეტები კი, როგორც წესი, ჩნდება იქ, სადაც რომაელთა სამხედრო ნაწილები იდგა.[81]
სოფ. მოედანში რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგურის აღმოჩენა ჯერჯერობით ერთადერთი შემთხვევაა ეგრისის შიდა რაიონებისათვის და მრავალმხრივ საყურადღებოა. იგი მოწმობს, რომ რომაელთა სამხედრო ძალების გარკვეული კონტიგენტი არა მხოლოდ კოლხეთის სანაპირო ზოლში, არამედ ქვეყნის შიდა რაიონებშიც იყო დისლოცირებული. მათი იქ ყოფნა კი, მხოლოდ იბერიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით არ უნდა ყოფილიყო განპირობებული. ყოველ შემთხვევაში, ვაშნარისა და განსაკუთრებით კი, არქეოპოლისის სიმაგრეები იბერიის შესაჩერებლად კი არა, უფრო კოლხეთის შიდა რაიონებზე რეალური კონტროლის დასამყარებლად უნდა ყოფილიყო გამიზნული. არქეოპოლისი ქვეყნის სიღრმეში, იბერიის საზღვრებიდან მოშორებით მდებარეობდა და ამ მხრიდან ფასისს არ შეიძლებოდა იბერიელთა შემოსევის საფრთხე დამუქრებოდა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თუკი დადასტურდა ვაშნარსა და არქეოპოლისში რომაული სამხედრო ნაწილების ყოფნა, მაშინ ისინი აქ უნდა გამოჩენილიყვნენ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წწ.) მმართველობის პერიოდში, როდესაც `იბერიის საკითხი~ ნაკლებაქტუალური იყო რომის კავკასიურ პოლიტიკაში და ამ უკანასკნელს, უკვე აღმავლობის გზაზე მდგარი ლაზიკის სამეფოს დამორჩილებისათვის უწევს ბრძოლა. ამ საკითხს ჩვენ ქვემოთ კვლავ დავუბრუნდებით.
არიანეს მოგზაურობის დროისათვის რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ფორპოსტი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სებასტოპოლისი იყო. სებასტოპოლისის გარნიზონს უნდა დაეცვა რომაული სამფლობელოები ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მეომარი ტომების თავდასხმებისაგან და აფსილების, აბაზგებისა და სანიგების `მეფეებთან~ კავშირში გაეკონტროლებინა მარუხისა და ქლუხორის გადასასვლელები.[82] როგორც ცნობილია, ახ. წ. I საუკუნის პიტიუნტი და დიოსკურია მეკობრე ტომთა თავდასხმებს განიცდიდა.[83] ეს საფრთხე ბოლომდე არიანეს დროსაც არ ყოფილა განეიტრალებული, რასაც მოწმობს ის, რომ კოლხეთის სხვა რომაული ციხეებისაგან განსხვავებით, სებასტოპოლისის გარნიზონის შემადგენლობაში შედიოდა კავალერიის ნაწილებიც.[84] კავალერია კი, თავისი სისწრაფიდან და ოპერატიულობიდან გამომდინარე, ხმელეთზე გადმოსული მეკობრეების წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურად მოქმედებდა და რომის საზღვრებზე მათი მოულოდნელი თავდასხმების აღსაკვეთად გამოიყენებოდა.[85]
არიანე არაფერს ამბობს სებასტოპოლისის გარნიზონის რაოდენობის შესახებ, მაგრამ, მკვლევართა აზრით, სებასტოპოლისის ადრეული, I-II საუკუნეებით დათარიღებული კასტელუმის ფართობიდან (0,6-0,8 ჰა) გამომდინარე, იგი 200 ჯარისკაცს არ აღემატებოდა.[86] მაშასადამე, სებასტოპოლისის თავდაპირველი კასტელუმი სანუმერო, ანუ მცირე ციხესიმაგრის კატეგორიას მიეკუთვნებოდა.[87]
არიანეს დროისათვის სებასტოპოლისთან მთავრდებოდა `რომაელთა სამფლობელოები პონტოს მარჯვენა მხარეს მცურავთათვის~[88] და ამის იქით რომაული გარნიზონები არ იდგა. თუმცა, იმპერატორ ადრიანეს მიერ დაწყებული კოლხეთის თავდაცვის სისტემის გაძლიერება-განმტკიცების პროცესი შემდეგშიც გაგრძელდა და, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 132-152 წლებში რომაული გარნიზონი დისლოცირებულ იქნა პიტიუნტშიც.[89] II საუკუნის შუახანებში დაიწყო პიტიუნტის კასტელუმის მშენებლობაც.[90] პიტიუნტში რომაული გარნიზონის ჩადგომით პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი საბოლოოდ დასრულდა. ამ სისტემის მეშვეობით რომმა თითქმის მთელი II საუკუნის მანძილზე წარმატებით შეძლო რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება; შეჩერებულ იქნა ჩრდილო-კავკასიელ ნომადთა შემოტევა და თარეში; შავი ზღვის სანაპიროზე აღკვეთილ იქნა მეკობრეობა და ძარცვა-ყაჩაღობა; უზრუნველყოფილ იქნა იმპერიის შორეული მისადგომების უსაფრთხოება და ადგილობრივი ტომების რომის რეალური კონტროლქვეშ ყოფნა.

კოლხეთის ზღვისპირეთში დისლოცირებული გარნიზონები ადგილობრივ სატომო გაერთიანებათა მმართველების (ჯერ სკეპტუხების, შემდეგ კი `მეფეების~) რომზე რეალური დამოკიდებულების გარანტიას წარმოადგენდნენ. გარნიზონთა მეთაურები კოლხეთის ტერიტორიაზე არსებული ცალკეული `სამეფოების~ უზენაეს ხელისუფლად, რომის პოლიტიკის ადგილზე გამტარებლად ითვლებოდნენ. მაგ., აფსაროსის გარნიზონის უფროსს ევალებოდა მაკრონ-ჰენიოხთა მეთვალყურეობა, ფასისის რომაულ გარნიზონს _ ლაზების, ხოლო სებასტოპოლისის კასტელუმს _ სანიგების, აბაზგებისა და აფსილების `სამეფოთა~ გაკონტროლება.[91] რომაულ გარნიზონთა მეთაურებს ადგილობრივ `მეფეებთან~ კავშირში უნდა უზრუნველეყოთ გადასახადების აკრეფა, რომაული დამხმარე ჯარის ნაწილებში კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და რეგიონში სტაბილური პოლიტიკური სიტუაციის დაცვა, რასაც რომი, როგორც აღვნიშნეთ, თითქმის მთელი II საუკუნის მანძილზე წარმატებით ახერხებდა.

თუმცა, II საუკუნის მიწურულს ვითარება შეიცვალა. 192 წელს მოკლეს ანტონინუსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი კომოდუსი (180-192 წწ.), რის შემდეგაც გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა იმპერატორის ტახტისათვის. მდგომარეობა განსაკუთრებით იმანაც გაართულა, რომ სამოქალაქო ომი პართიასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღმავლობის გზაზე მდგარმა და კოლხეთის პოლიტიკური გაერთიანებებიდან შინაგანი პოტენციით ყველაზე ძლიერმა ლაზეთის სამეფომ, რომელსაც, როგორც ჩანს, უკვე ხელს უშლიდა რომზე დამოკიდებულება,[92] ისარგებლა 193-197 წლებში რომში მიმდინარე სამოქალქო ომით და სცადა რომის გავლენისაგან გათავისუფლება.[93] მაგრამ, კონკურენტებთან ბრძოლაში გამარჯვებულმა იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა (193-211 წწ.), ბიზანტიელი ავტორის გიორგი სინგელოზის (VIII-IX სს.) ცნობით, `დაიმორჩილა კოლხიკე, ესე იგი ლაზიკე~.[94]
ლაზეთის, ე.ი. კოლხეთის ცენტრალური ნაწილის იარაღის ძალით დამორჩილების შემდეგ, ვფიქრობთ, რომის პოლიტიკური გავლენა მთლიანად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უფრო გაძლიერდებოდა. არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ II საუკუნის ბოლოს იწყება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაციის ახალი ეტაპი, რაც, ჩვენი აზრით, პირდაპირ კავშირშია ზემოაღწერილ მოვლენებთან. ლაზეთში იმპერიის პოლიტიკური ძალაუფლების რესტავრაციის შემდეგ, იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი ყოველნაირად ეცდებოდა რეგიონში რომაული საყრდენი პუნქტების გაძლიერებას. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც რომაელებმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში II საუკუნის მიწურულსა და III საუკუნის დაწყისში გაატარეს. სატალიდან პიტიუნტში გადმოყვანილ იქნა XV ლეგიონის ვექსილაცია.[95] პიტიუნტსა და სებასტოპოლისში იწყება ახალი კასტელუმების მშენებლობა. მათ მისადგომებთან აგებულ იქნა საგუშაგო კოშკებიც.[96] პიტიუნტის კასტელუმის ცენტრში აღმოჩენილია II საუკუნის დასასრულიდან და III საუკუნის დასაწყისიდან მოქმედი რამდენიმე ნაგებობა, რომელთა შორის გამოირჩევა მეთაურის რეზიდენცია _ პრეტორიუმი, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგებოდა და სამხედრო ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი შენობები _ პრინციპია.[97] ციხე-ქალაქის გარშემო (ინკიტში, ლიძავაში, ფიჭვნარში) გამოვლენილია რომაული სადარაჯო კოშკები, რომლებიც პიტიუნტის ერთიანი საფორტიფიკაციო სისტემას შემადგენლობაში შედიოდნენ[98] და კასტელუმის მისადგომებს კეტავდნენ.[99] მართალია, ფასისიდან არქეოლოგიური მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ რომაელთა მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გატარებული საინჟინრო-საფორტიფიკაციო ღონისძიებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გარკვეული სამუშაოები საკუთრივ ფასისის კასტელუმის გასაძლიერებლადაც უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფასისის მიდამოებში იქმნება გამაგრებათა მთელი სისტემა, რომელშიც ჩართული იყო სოფ. მოედნისა და ვაშნარის საფორტიფიკაციო ნაგებობები. მკვლევართა ნაწილის აზრით, რომაული სამხედრო შენაერთი არქეოპოლისშიც უნდა მდგარიყო.[100]
კოლხეთის შიდა რაიონებში რომაული სასიმაგრო ნაგებობების აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მკვლევრები სოფ. მოედანში აღმოჩენილ რომაულ დამღიან თიხის ფილასაც, რომელიც კოლხეთის შიდა რაიონებში რომაული გარნიზონების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია, ზოგადად II-IV საუკუნეებით ათარიღებენ.[101] თუმცა, ჩვენი აზრით, იმ დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებითა და არქეოლოგიური მონაცემების ანალიზით შესაძლებელი ხდება რომის მიერ კოლხეთის შიდა რაიონებში გატარებული საფორტიფიკაციო ღონისძიებების ქრონოლოგიური ჩარჩოების დადგენა. ვფიქრობთ კოლხეთის ზღვისპირა ციხესიმაგრეების განახლება-განმტკიცება და ქვეყნის შიდა რაიონებში რომაული შენაერთების გამოჩენა ერთდროულად უნდა მომხდარიყო და მას სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი.
როგორც ცნობილია, I-II საუკუნეებში რომაელთა უშუალო მფლობელობის ქვეშ მოქცეული იყო კოლხეთის მხოლოდ ზღვისპირა ნაწილი, ქვეყნის შიდა რაიონებში კი მათ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტები არ გააჩნდათ. ეს რაიონები ადგილობრივი მმართველების ხელში იყო, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომაული გარნიზონების მეთაურთა წინაშე.[102] როგორც ჩანს, რომის სამხედრო ნაწილების მიერ ქვეყნის შიდა რაიონებზე განხორციელებული კონტროლი არც თუ ისე ეფექტური იყო და ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა.[103] მიგვაჩნია, რომ ლაზთა მეფეს, 193-197 წლებში სწორედ კოლხეთის შიდა რაიონების ანტირომაულად განწყობილ ძალებზე დაყრდნობით უნდა მოეხერხებინა იმპერიის გავლენისაგან გათავისუფლება. ამიტომ, როდესაც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსს ძალის გამოყენებით მოუხდა ლაზეთის დამორჩილება, მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნის შიდა რაიონებში რომაული საყრდენი პუნქტების შექმნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მისი მორჩილებაში ყოლა. სწორედ კოლხეთის ჰინტერლანდზე რეალური კონტროლის დამყარების მცდელობას წარმოადგენდა რომაული სამხედრო შენაერთების ჩაყენება მოედანში, ვაშნარსა და არქეოპოლისში.
ასე, რომ კოლხეთის შიდა რაიონებში იმპერიის სამხედრო ნაწილების გამოჩენას, ჩვენი აზრით, ადგილი უნდა ჰქონოდა იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს. ყოველ შემთხვევაში, სოფ. მოედნის მიმართ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რასაც გარკვეულწილად არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებს. სოფ. მოედნის დამღიანი აგური ბიჭვინთაში აღმოჩენილი აგურ-ფილების ანალოგიურია. ამ ფილების კეცი იდენტურია.[104] ბიჭვინთის დამღიანი აგურები კი, თითქმის ზუსტად თარიღდება. ისინი II საუკუნის დასასრულისა და III საუკუნის დასაწყისის კულტურულ ფენაშია აღმოჩენილი.[105] ბიჭვინთის დამღიანი აგურები, მკვლევართა აზრით, XV ლეგიონის იმ ჯარისკაცთა მიერაა ადგილზე დამზადებული, რომლებსაც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის დროს, პიტიუნტის საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაში მიუღიათ მონაწილეობა.[106] აქედან გამომდინარე კი, სოფ. მოედნის დამღიანი აგური და შესაბამისად, იქ რომაული სამხედრო ნაწილების გამოჩენაც, სეპტიმიუს სევერუსის დროით უნდა დათარიღდეს. ამრიგად, არქეოლოგიური და წერილობითი მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, II საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განვითარებული მოვლენები ასე წარმოგვიდგენია: 193-197 წლებში ლაზეთის სამეფომ, რომელიც გამორიცხული არ არის, რომ ამ დროისათვის თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს აერთიანებდა, ისარგებლა რომში შექმნილი მდგომარეობით და იმპერიის გავლენისაგან გათავისუფლდა. მაგრამ, იმპერატორმა სეპტიმიუს სევერუსმა 197 წელს საბოლოოდ გაანადგურა კონკურენტები, სასწრაფოდ დაბრუნდა აღმოსავლეთში, სასტიკად დაამარცხა პართიელები და 198-199 წლებში დაიბრუნა ჩრდილოეთ მესოპოტამია, გაიარა ადიაბენა და პართიის ორივე დედაქალაქს _ სელევკიასა და ქტეზიფონს დაეუფლა[107]. დაპყრობილ ტერიტორიაზე შეიქმნა ახალი რომაული პროვინცია _ მესოპოტამია,[108] რის შემდეგაც კი, სევერუსმა დაიმორჩილა ლაზეთი.[109] სეპტიმიუს სევერუსმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში იმპერიის პოზიციების განმტკიცების მიზნით გარკვეული საფორტიფიკაციო ღონისძიებები გაატარა; მოდერნიზებულ იქნა კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაული ფორპორტები, ხოლო ქვეყნის შიგნით _ მოედანში, ვაშნარსა და არქეოპოლისში დამატებით სამხედრო ძალები განალაგა; გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ დროს დაეწყო ფუნქციონირება აფსაროსის ავანპოსტ _ პეტრა-ციხისძირსაც.[110]
საინტერესოა, რომ რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის გაძლიერება ლოკალური, მხოლოდ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მასშტაბით განხორციელებული ღონისძიება არ ყოფილა. როგორც ცნობილია, სეპტიმიუს სევერუსმა მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა არმიაში.[111] იგი დიდ ყურადღებას უთმობდა იმპერიის საზღვრების უსაფრთხოების დაცვასაც. მესოპოტამიაში შეყვანილ იქნა  ორი ლეგიონი და იქ ახალ თავდაცვით სისტემას ჩაეყარა საფუძველი.[112] განმტკიცებულ იქნა აღმოსავლეთის ერთიანი, ადრიანეს დროინდელი სასაზღვრო-თავდაცვითი ხაზიც.[113] მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისა და დუნაის საზღვრებზე, რომელსაც II საუკუნის დასასრულსა და III საუკუნის დასაწყისში სამხრეთისაკენ მოძრავი გოთების უზარმაზარი ტალღა მოაწვა[114], მათ შესაკავებლად დუნაის საზღვარზე რეორგანიზებულ იქნა ლიმესის სისტემა, გასროლილ იქნა ახალი სამხედრო ქვედანაყოფები. ჩრდილოეთის საზღვრების უსაფრთხოების უკეთ დასაცავად და რეგიონში რომის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის გასამყარებლად, სემპტიმიუს სევერუსმა ქ. ოლბია შეურთა ქვემო მეზიის პროვინციას.[115] ასე რომ, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული ფორპოსტების გაძლირება მხოლოდ რეგიონული ხასიათის ღონისძიება არ იყო და იგი წარმოადგენდა სეპტიმიუს სევერუსის მიერ აღმოსავლეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე განხორციელებული ღონისძიებების ნაწილს.
ამდენად, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობის დროს დასრულდა პონტო-კავკასიის სისტემის მოდერნიზაციის მორიგი ეტაპი, რის შემდეგაც ამ სისტემის ეფექტურობა რამდენადმე გაიზარდა და იგი III საუკუნის შუახანებამდე წარმატებით იცავდა რომის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.

 

შენიშვნები

62. М.И. Максимова. Античные города..., გვ. 316.
63. К.В. Тревер. Очерки по истории культуры древнй Армении (II в. до н.э.-IV в.н.э.). М.-Л., 1953, გვ. 251-260.

64. T.B. Mitford. Some inscriptions..., გვ. 161-162.
65. ნ. ლომოური. ეგრისის სამეფოს ისტორია. თბ., 1968. გვ. 36; მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი..., გვ. 136; М.П. Спейдел. Древнеиший манускрипт..., გვ. 177-178.66. Д. Браунд. Римское присутствие в Колхиде и Иберии. _ Вестник древней истории, 1991, №4, gv. 38-39.
67. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ, 51; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში. თბ., 2006, გვ. 66-67.
68.
Arr., PPE, 9. სამწუხაროდ, ფასისის კასტელუმი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის, ამიტომ არიანეს ამ ცნობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
69.
Arr., PPE, 9.
70. G. Webster. The Roman imperial army, გვ. 98.
71. 1995 წ. გურიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფ. მოედანში, ზღვის სანაპიროდან 12 კმ-ს დაშორებით მიაკვლია ძველი სასიმაგრო ნაგებობის კვალს. ანაკრეფ მასალაში აღმოჩნდა აგურის ფრაგმენტი დამღით _ LEG, რომელიც იშიფრება, როგორც LEG (io XV Apollinaris). იდენტურ დამღიანი აგურები და კრამიტები დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი XV ლეგიონის თავდაპირველი დისლოკაციის ტერიტორიაზე პანონიაში (ემონაში, კარნინენტუმში), ამ ლეგიონის აღმოსავლეთში გადმოყვანის შემდეგ კი, მის ძირითად შტაბ-ბინაში _ სატალაში, ასევე ბიჭვინთაშიც (თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან. _ გურია. მხარის კვლევა-ძიების შედეგები. II. თბ., 1997, გვ. 108-110.
72. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 143.

73. Arr., PPE, 9.
74. Arr., PPE, 9.
75. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან, გვ. 110-112; შ. მამულაძე, ე. კახიძე, მ. ხალვაში. რომაელები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. _ კულტურის ისტორიის და თეორიის საკითხები. X. თბ., 2001, გვ. 171-172.
76. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 111.
77. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 111.
78. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 112; გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია..., გვ. 68.
79. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის.., გვ. 112.
80. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 146.

81. Plin., NH, VI, 15-16; Г.А. Меликишвили, К истории..., გვ. 376.
82. Arr., PPE, 10.
83. Д. Браунд. Римское присутствие..., გვ. 376.
84. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური..., გვ. 70.
85. გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური..., გვ. 71; თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, გვ. 23.

86. Arr., PPE, 17.
87. M.P. Speidel, T.T. Todua. Three inscriptions..., გვ. 56-58.
88. М.П. Инадзе. Причерноморские города древней Колхиды, Тб., 1968, გვ. 248; О.Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии, Тб., 1989. გვ. 340.
89. კ, ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში. _ საისტორიო ძიებანი. VI. თბ., 2003, გვ. 196-197; კ. ფიფია, აფსილებისა და აბაზგების `სამეფოები~..., გვ. 299-301.
90. გამორიცხული არ არის, რომ ამ დროისათვის ლაზეთის სამეფო უკვე მოიცავდა თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს (იხ. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. I. თბ., 1977, გვ. 88).
91. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 157-160.

92. Georg. Syncell., 671, 1-10. - გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. ჳვ. ნაკვ. ჳ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1941, გვ. 68.
93. XV ლეგიონის ჯარისკაცები მონაწილეობდნენ პიტიუნტის კასტელუმის მშენებლობაში, რასაც მოწმობს ციხის ტერიტორიაზე ლეგიონის დამღიანი აგურ-ფილების ფრაგმენტების აღმოჩენა. ერთი ფრაგმენტი, რომელზეც გარკვევით იკითხება ლათინური წარწერa LEG, ინკიტის ტბის მიდამოებში მდებარე მრგვალი კოშკის II-III სს. ფენაში დაფიქსირდა. დანარჩენი ორი ფილის ფრაგმენტზე, რომლებიც გამოვლენილია კასტელუმის ტერიტორიაზე II ს. დასასრულისა და III ს. დასაწყისის ფენებში, შემორჩენილია დამღის ნაწილი
[LE]G და ლეგიონის ნიშანი XV, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იშიფრება როგორც LEG(io) XV (Apollinaris). ყველა ეს ფილა მოწითალო ფერისაა და რომაელ ჯარისკაცთა მიერ ადგილზე დამზადებული (იხ. Н.Ш. Кигурадзе, Г.А. Лордкипанидзе, Т.Т. Тодуа. Клейма  XV легиона из Пицундского городина. _ Вестник древней истории, 1987, №2, გვ. 88-92).
94. თ. თოდუა. სებატოპოლისის გამაგრების სისტემა (ახ.წ .I-VI სს). _ ძეგლის მეგობარი, #4(111), 2000, გვ. 20-21; ო. ლორთქიფანიძე. ინკიტის ტბის მიდამოებში ჩატარებული სადაზვერვო-არქეოლოგიური მუშაობის წინასწარი ანგარიში. _ მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის, ჳჳჳ, 1963, გვ. 97-106; М.М. Трапш. Труды. Т. II. Сухуми, 1969, გვ. 313-317; О.Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии, გვ. 340.
95. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 85. ბიჭვინთის პრეტორიუმის მსგავსი ტიპის პრეტორიუმები ცნობილია ბრიტანეთისა და გერმანიის ლიმესის ბანაკებში _ ელგინჰაგში, ჰესელბახში, შლოგენსა და ფენდოხში (გ. გამყრელიძე, თ. თოდუა. რომის სამხედრო-პოლიტიკური..., გვ. 120).
96. ა. აფაქიძე. დიდი პიტიუნტი, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინტაში. - `დიდი პიტიუნტი~. თბ., 1975, გვ. 48-49; ო. ლორთქიფანიძე. ინკიტის ტბის..., გვ. 100-105.
97. პიტიუნტის ასეთი საგანგებო გამაგრება იმით აიხსნება, რომ იგი რომაელთა მფლობელობის უკიდურეს ფორპოსტს წარმოადგენდა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და მისი უპირველესი ამოცანა იმიერკავკასიელი ნომადების შეკავება იყო. პიტიუნტი საკოჰორტო, საშუალო სიდიდის სიმაგრეს წარმოადგენდა და მისი გარნიზონი 500-600 მეციხოვნით განისაზღვრებოდა. არქეოლოგიური მონაცემებით ირკვევა, რომ პიტიუნტში XV ლეგიონის კარგად შეიარაღებული, ქვასატყორცნი არტილერიით აღჭურვილი კოჰორტა იდგა და აქ თავმოყრილი იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში განლაგებული რომაული სამხედრო ნაწილების ძირითადი ბირთვი, შტაბითა და მთავარსარდლის რეზიდენციით (იხ. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი, გვ. 91; თ. თოდუა. რომაული სამყარო და კოლხეთი. გვ. 35-36).
98. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი..., გვ. 110-111.
99. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის ტვიფრიანი..., გვ. 111.
100. კ. ფიფია. კოლხეთი რომის იმპერიის..., გვ. 196-197; კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეულ `სამეფოთა~..., გვ. 156-162.
101. კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე..., გვ. 158-162.
102. თ. თოდუა, ბ. მურვანიძე. რომაული ლეგიონის..., გვ. 108.
103. Н.Ш. Кигурадзе, Г.А. Лордкипанидзе, Т.Т. Тодуа. Клейма XV Легиона..., გვ. 88-89.
104. Н.Ш. Кигурадзе, Г.А. Лордкипанидзе, Т.Т. Тодуа. Клейма XV Легиона..., გვ. 92.

105. Herod., Hist., III, 5-9; El. Spart., Sept. Sev., 9, 16-19; Dio Cass., LXXV, 9; Eutr., Brev., VIII, 18, 4.
106. სეპტიმიუს სევერუსის მიერ 193-197 წწ. ტახტის პრედენდენტებისა და 195-199 წწ. პართიის წინააღმდეგ წარმოებული ომების შესახებ დაწვრ. იხ. Т. Моммзен. История  Рима, V, გვ. 368-370; А.Г. Бокoанин. Парфия и Рим, ч. II, გვ 278-283; К. Крист. История времен римских императоров от Августа до Константина. Т. I. Ростов-на-Дону, 1997, 232-240.
107. Georg. Synkell., 671, 1-10.
108. იხ. გ. გრიგოლია. ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები. თბ., 1994, გვ. 95; შ. მამულაძე, ე. კახიძე, მ. ხალვაში. რომაელები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გვ. 171.
109. История древнего Рима. под редакцией В.И. Кузиина. М., 1981, გვ. 269-271; P. MacMullen.
Soldier and Civilian in the Later Roman Empire. Cambr.- Mass., 1963, გვ. 50-70.
110. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 175.
111. T.B. Mitford. Some inscriptions.., გვ. 175.
112. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 206; А.Р. Корсунский, Р. Гюнтер. Упадок и гибель Западной Римской империи и возникновение германских королевств. М., 1984, გვ. 30.
113. В.Ф. Гайдукевич. Боспорское царство. М.-Л., 1949, გვ. 440; Г.А Цветаева. Боспор и Рим. М., 1979, გვ. 19; В.М. Зубарь. Северное Причерноморье и Септимий Север. _ Вестник древней истории, 1993, №4, გვ. 35-40.


სტატიის ავტორი - კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი;
სტატია გამოქვეყნდა კრებულში - ,,თეიმურაზ მიბჩუანი-70“, თბილისი, 2010წ.

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014