რომაული გარნიზონები და სასაზღვრო ციხესიმაგრეები
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში I-II სს.

1 2

ძვ. წ. I საუკუნის 60-იან წლების წინა აზიაში ახალი საერთაშორისო-პოლიტიკური წესრიგი დამყარდა. პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობის შედეგად თითქმის მთელი მცირე აზია რომაელთა ხელში გადავიდა. იბერიის, არმენიისა და ალბანეთის სამეფოები რომის ვასალურ, ე.წ. `მეგობარ და მოკავშირე~ ქვეყნებად გამოცხადდა. ასე რომ, რომის პოლიტიკური გავლენის არეალი კავკასიონის ქედამდე და კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპირომდე გაფართოვდა. გარდა ამისა, ძვ.წ. 64 წელს პომპეუსმა ოფიციალურად გააუქმა სელევკიდური სირიის სამეფო და ქვეყანა რომის პროვინციულ მმართველობას დაუქვემდებარა. [1]
გლობალური საგარეო ექსპანსიის შედეგად რომი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აღმოსავლეთში მისი უშუალო მეზობელი გახდა პართიის ძლიერი სამეფო. იგი წარმოადგენდა რომის მოსაზღვრე ერთადერთ ძლიერ სახელმწიფოს. პართია არ ცნობდა რომაელთა პრეტენზიებს მსოფლიო ბატონობაზე და საუკუნეების მანძილზე იბრძოდა `აქემენიდთა დიადი მემკვიდრეობის დასაბრუნებლად.~[2] რომსა და პართიას შორის საზღვარი მდ. ევფრატზე გადიოდა. ძვ. წ. I საუკუნის 50-იანი წლების მიწურულიდან კი, აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური დუალიზმის პირობებში [3], ევფრატის საზღვრის უსაფრთხოების დაცვა რომის ორიენტალური პოლიტიკის ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად იქცა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მთლიანად წინა აზიის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
ევფრატის სასაზღვრო პერიმეტრზე არსებული კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია დიდ გავლენას ახდენდა კოლხეთის მდგომარეობაზეც, რომელიც ძვ. წ. 65 წლიდან რომის პოლიტიკურ სისტემაში იყო ჩართული. მართალია, კოლხეთი ევფრატის სასაზღვრო ხაზს ტერიტორიულად ძალზე დაშორებული იყო და უშუალოდ არ ემეზობლებოდა პართიას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რომაულ გეოპოლიტიკაში. კოლხეთი ესაზღვრებოდა არმენიას, რომელიც წარმოადგენდა პართია-რომის დაპირისპირების ძირითად მიზეზს და მათ შორის გაუთავებელი ომების მთავარ ასპარეზს.[4] აზიაში პირველობისათვის მიმდინარე პერმანენტულ ომებში, კოლხეთს რომისათვის უნდა უზრუნველეყო მტკიცე ზურგი და შეესრულებინა პლაცდარმის როლი პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში. გარდა ამისა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს გარკვეული სტრატეგიულ-საკომუნიკაციო მნიშვნელობა ჰქონდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ბოსფორის მიმართაც. [5] ასეთი გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო, რომაელთა მიერ, მძლავრი ანტიპართული პლაცდარმის შექმნის მიზნით, აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონებში განხორციელებული ხშირი რეორგანიზაციების დროს, კოლხეთის პოლიტიკური სტატუსი რამდენჯერმე შეიცვალა.[6] თუმცა, ახ. წ. I საუკუნის 60-იან წლებამდე კოლხეთში რომაული გარნიზონები არ გამოჩენილან და იმპერიის სამხედრო-პოლიტიკურ ინტერესებს რეგიონში პოლემონიდური პონტოს სამეფოს იცავდა.[7]
ახ. წ. 63 წელს ვითარება შეიცვალა. იმპერატორმა ნერონმა (54-68 წწ.) საბოლოოდ უარი თქვა `ბუფერულ~ სამეფოთა სისტემაზე და პოლემონიდთა სამეფო გააუქმა. მისი ტერიტორია, კოლხეთთან ერთად, გალატიის პროვინციას შეუერთდა.[8] იმავდროულად ბოსფორიც უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ მოექცა.[9] ნერონის ბრძანებით ყირიმსა და კავკასიის სანაპიროზე განლაგებულ იქნა რომაული სამხედრო ნაწილები. იოსებ ფლავიუსის (37-95 წწ.) ცნობით, მეოტიდა _ პონტოსპირეთში იმპერიის ინტერესებს 3000 მძიმედ შეიარაღებული მეომარი და 40 ხომალდისაგან შემდგარი სამხედრო ფლოტი იცავდა.[10] როგორც ირკვევა, ეს ხომალდები რავენის ესკადრას მიეკუთვნებოდა.[11] დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ნერონის დროს რომაული ჯარის ნაწილები კოლხეთის სანაპიროზე სამ პუნქტში _ აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში იყვნენ დისლოცირებული.[12]
ცნობილია, რომ რომაელები მუდმივი, სტაციონარული სამხედრო ბანაკების-კასტელუმების, მშენებლობამდე აგებდნენ ე.წ. `
Pila muralia~- ს, ხის დროებით სასიმაგრო ნაგებობებს. მსგავსი ხის ძელური ნაგებობების ნაშთები აღმოჩენილია ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, რეინ-დუნაისპირეთში და ისინი უპირატესად ახ. წ. I საუკუნისთვისაა დამახასიათებელი.[13] როგორც ჩანს, კოლხეთის ზღვისპირა პუნქტებშიც რომაელებს თავდაპირველად სწორედ ასეთი ხის დროებითი საფოსტიფიკაციო ნაგებობები უნდა აეგოთ. ყოველ შემთხვევაში, ფასისის მიმართ ეს ეჭვს არ იწვევს, რამდენადაც ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) ცნობით, I საუკუნის ფასისის ციხესიმაგრის `კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე~.[14] თუმცა, იმპერიის ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მალევე უნდა დაეწყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საფორტიფიკაციო სისტემის მოდერნიზაცია. ყოველ შემთხვევაში, 69 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მომხდარი დიდი ანტირომაული გამოსვლის დროს, როდესაც აჯანყებულებმა, პონტოს სამეფო ფლოტის ყოფილი სარდლის, ანიკეტის მეთაურობით, აიღეს ახალშექმნილი პროვინციის სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი _ ქ. ტრაპეზუნტი, და თავისუფლად დათარეშობდნენ შავ ზღვაზე,[15] მათ ნათლად უნდა დაენახათ, რომ პონტოსპირეთში საჭირო იყო მუდმივი, უფრო ძლიერი საყრდენი პუნქტების მშენებლობა.
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, ისევე როგორც მთლიანად წინა აზიის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის რეორგანიზაცია იმპერატორ ვესპასიანეს (69-79 წწ.) სახელთანაა დაკავშირებული. 72 წელს აღმოსავლეთის საზღვრების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით, პროვინციები გალატია და კაპადოკია გაერთიანდა და შეიქმნა ე.წ. `კაპადოკიური კომპლექსი~. მის შემადგენლობაში კოლხეთიც შევიდა.[16] `კაპადოკიური კომპლექსის~ შექმნა განპირობებული იყო აღმოსავლეთის საზღვრებზე მდგომარეობის გართულებით, რაც გამოწვეული იყო ალანთა ნომადური ტომების გააქტიურებით, სომხეთზე რომაელთა გავლენის ფაქტობრივი დაკარგვითა და საკუთრივ პართიის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხით.[17]
კაპადოკიის, როგორც სასაზღვრო პროვინციის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა იმის გამო, რომ იმავე 72 წელს ვესპასიანემ გააუქმა მცირე არმენიისა და კომაგენის `ბუფერული~ სამეფოები. შესაბამისად, დიდი ყურადღება დაეთმო კაპადოკიის სასაზღვრო ხაზის გამაგრებას. `კაპადოკიურმა კომპლექსმა~ მიიღო ორი ლეგიონი, რომლებიც განლაგებულ იქნა უშუალოდ  საზღვრის სიახლოვეს, კაპადოკია - მცირე არმენიის ხაზზე, სატალასა და მელიტენეში. მელიტენეში ჩააყენეს სირიიდან გადმოყვანილი ლეგიონი XII
Fulminata (ელვისებური),[18] ხოლო სატალაში ახალშექმნილი XVI Flavia Firma, რომელიც მოგვიანებით შეცვალა პანონიიდან  გადმოყვანილმა ლეგიონმა XV Apollionaris-მა.[19]
`კაპადოკიური კომპლექსის~ შექმნამ და სირიის ჩრდილოეთით იმპერიის მთელი საზღვრების ერთი ლეგატის ხელში გაერთიანებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა აღმოსავლეთის სასაზღვრო სისტემის თავდაცვითი პოტენციალი. თუმცა, აღმოსავლეთის საზღვრის რეორგანიზაციის პროცესი ამით არ დასრულებულა. 74-76 წლებში აღმოსავლეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე დაიწყო რომაული სამხედრო ძალების ინტენსიური კონცენტრაცია.[20] ვესპასიანეს ბრძანებით, სალეგიონო გარნიზონები განლაგდნენ არმენიაში, კომაგენაში, ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში _ ზევგმასა და სურაში. ახალი ლეგიონები იქნა დისლოცირებული სირია-პალესტინის ხაზზე, ეგვიპტესა და `ბედნიერ არაბეთში~
(Arabia Felix). იმავე ხანებში რომაული გარნიზონები ჩადგნენ ანკირასა და ევმენიაში, ხოლო სირიის ცნობილ საქალაქო ცენტრებში _ პალმირაში, ბოსტრასა და ჰერასაში ციხესიმაგრეები აშენდა.[21]
ვესპასიანეს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მთლიანად შეიცვალა რომაული აღმოსავლეთის თავდაცვითი სისტემა. თუ I საუკუნის 70-იან წლებამდე წინა აზიაში იმპერიის მსხვილ სამხედრო ცენტრს მხოლოდ სირია წარმოადგენდა,[22] რეფორმის შემდეგ რეგიონში რომაული სამხედრო ძალების კიდევ ორი მნიშვნელოვანი დაჯგუფება შეიქმნა. სირიამ, რომლის შემადგენლობაში შევიდა კომაგენაც, შეინარჩუნა თავისი ოთხი ლეგიონი, ხოლო კაპადოკიასა და პალესტინაში, სადაც აქამდე მხოლოდ დამხმარე შენაერთები იდგნენ, დამატებით განლაგდა კიდევ სამი ლეგიონი.[23] შესაბამისად, აღმოსავლეთში მუდმივად მყოფი ლეგიონების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. შეიცვალა მათი განლაგების პრინციპიც. ავგუსტუსისა და იულიუს-კლავდიუსების დინასტიის (14-68 წწ.) იმპერატორთა მმართველობის დროს აღმოსავლეთში რომაელთა მთელი ძირითადი სამხედრო ძალა _ ოთხი ლეგიონი, სირიაში ქვეყნის სიღრმეში იყო განლაგებული და არც ერთი მათგანი არ იდგა ევფრატის საზღვარზე;[24] ვესპასიანემ კი, რომაული სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე განალაგა.
ყოველივე ამასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კაპადოკია-მცირე არმენიის სასაზღვრო ხაზის მოდერნიზებას. სატალასა და მელიტენეს შორის ტერიტორია რომაელებმა ციხესიმაგრეებითა და ფორტებით გაამაგრეს, რითაც დაიწყო დიდი არმენიის საზღვრის გასწვრივ ე.წ. `ზემოევფრატის ლიმესის~ ფორმირება. საფორტიფიკაციო ნაგებობათა ეს ქსელი ევფრატის დინების გასწვრივ თითქმის ორ პარალელურ ხაზად მიემართებოდა.[25] დიდი არმენია რომაული გარნიზონებით იქნა გარშემორტყმული. სასაზღვრო ბანაკებისა და ფორტების გარდა, 76 წელს იმპერიის აღმოსავლეთ საზღვრის გაყოლებით დაიწყო დიდი სამხედრო-სტრატეგიული გზის მშენებლობა, რომელიც ტრაპეზუნტს სატალასთან, მელიტენესა და სამოსატასთან აერთებდა. ეს მაგისტრალი აქვედუკებით, ხიდებითა და სპეციალური საგზაო ნიშნებით იყო აღჭურვილი. მის უსაფრთხოებას კი, თითო დღის სავალზე განლაგებულ მცირე ზომის სიმაგრეებისა (ბურგი) თუ უფრო მოზრდილ ციხეებში (
castra) დისლოცირებული სასაზღვრო ჯარის (numeri) ნაწილები უზრუნველყოფდა.[26] ზემოევფრატის ლიმესის მნიშვნელოვანი ქალაქები და სამხედრო-სტარტეგიული პუნქტები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო მცირე ფორტებით, საგუშაგო კოშკებითა და ქვაფენილიანი გზით.[27]
ზემოევფრატის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის უკანასკნელი რგოლები სატალა და მელიტენე იყო. ისინი ითვლებოდნენ კაპადოკიასა და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით კაპადოკიის მთავარსარდლის დაქვემდებარებაში მყოფ ამიერკავკასიაში[28]  რომაული სამხედრო ქვედანაყოფების ძირითად გამანაწილებელ ბაზად. მელიტენეს სამხრეთით იწყებოდა სირიის ლიმესი, ხოლო სატალა საფორტიფიკაციო ნაგებობათა ქსელით უკავშირდებოდა ტრაპეზუნტს.[29] ამ უკანასკნელი პუნქტიდან კი სათავეს იღებდა რომაული მორიგი სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა, რომელიც მთელ კოლხეთს აკონტროლებდა. ეს სისტემაც აქტიურ ფუნქციონირებას ვესპასიანეს ხანაში იწყებს.
ტრაპეზუნტი წარმოადგენდა რომის კავკასიურ პოლიტიკის საყრდენს და რეგიონის მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს. 64 წლიდან იგი რომაული ფლოტის _
Classic Pontica-s მთავარი ბაზა გახდა.[30] (პონტოს სამეფოს გაუქმების შემდეგ, რომაელთა ხელში გადავიდა პოლემონიდთა სამხედრო ფლოტიც. მკვლევართა ნაწილის აზრით, Classic Pontica მთლიანად სწორედ პოლემონიდების სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზაზე ჩამოყალიბდა (T.B. Mitford. Some inscriptions.., გვ. 163), სხვების აზრით კი, მას რავენის ესკადრისა და მეზიურ-ფლავიუსისეული ფლოტის (Classic Flavia Moesica Gordiana) ნაწილებიც უნდა დამატებოდა (В.Д. Блаватский. Военное дело. _ Античная цивилизация, М., 1973, გვ. 212). როგორც ჩანს, Classic Pontica-s ხომალდების ნაწილი 69 წელს აჯანყებულებმა დაწვეს (Tac., Hist., III, 47-48). მოგვიანებით, `პონტოს ფლოტის~ ცალკეული ნაწილები კოლხეთის ნავსადგურებშიც უნდა მდგარიყო (იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 170, შენ. 22)).   
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სასაზღვრო ხაზზე განლაგებული კასტელუმების მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება ცენტრალიზებული წესით სწორედ ტრაპეზუნტიდან ხორციელდებოდა.[31]
ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ზღვის სანაპიროზე მცირერიცხოვანი გარნიზონები განლაგებული იყვნენ ჰისოსში, რიზესა და ათენაში.[32] ამ პუნტების გარდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ახ.წ. 63 წლის შემდგომ რომაული გარნიზონები განლაგდნენ აფსაროში, ფასისსა და სებასტოპოლისში. II საუკუნის შუახანებამდე სებასტოპოლისი რომაელთა ბატონობის უკიდურესი ფორპოსტი იყო ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში. 132-152 წლებს შორის სამხედრო ნაწილები დისლოცირებულ იქნა პიტიუნტშიც,[33] რითაც დასრულდა კიდეც პონტო-კავკასიის საზღვრის ორგანიზაციული გაფორმება.[34] აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა სამხედრო-საზღვაო ხასიათისა იყო და მასში შემავალ ასტელუმებს შორის საკომუნიკაციო კავშირი საზღვაო გზით ხორციელდებოდა.[35]
პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენდა რომის პოზიციების განმტკიცება რეგიონში, გაძლიერებული იბერიის სამეფოს ზღვის სანაპიროსაკენ ექსპანსიის შეკავება, ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების გაკონტროლება და არ დაეშვა გააქტიურებული იმიერკავკასიელი ნომადების-ალანების მოულოდნელი შემოჭრა წინა აზიის რომაულ სამფლობელოებში `მეოტიდა-კოლხეთის~ გზით. სტრატეგიული ფუნქციების გარდა, მის მოვალეობაში შედიოდა მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, საკაბოტაჟო ნავიგაციისა და ვაჭრობის უსაფრთხოების დაცვა.
კოლხეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა II საუკუნის დასაწყისში, როდესაც იმპერატორმა ტრაიანემ (98-117 წწ.) პართია-სომხეთის წინააღმდეგ გრანდიოზული ლაშქრობისათვის დაიწყო მზადება. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენდა ხელსაყრელ სტრატეგიულ პლაცდარმს სომხეთის მიმართ და, საჭიროების შემთხვევაში, რომაელებს შეეძლოთ აქედანაც შეჭრილიყვნენ არმენიაში. გარდა ამისა, სომხეთში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება სურსათითა და დამატებითი ძალებით შავიზღვისპირეთიდან, ძირითადად კი, ტრაპეზუნტიდან ხდებოდა.[36] ასეთ ვითარებაში, ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა რომაელთა პოზიციების სტაბილურობას აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, (ტრაიანეს წინამორბედის, დომიციანეს (81-96 წწ.) მმართველობის პერიოდში რომის გავლენა კოლხეთზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა (იხ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 55-56; М.П. Инадзе. К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии). Автореферат кандидатской диссертации, Тб., 1953, გვ. 13-14.) საიდანაც `მეოტიდა-კოლხეთის~ მაგისტრალით მცირე აზიაში თავისუფლად შეეძლოთ შემოღწევა ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს. ამიერკავკასიაში გადმოსვლის შემთხვევაში, მეომარი ალანები რომაელთა ზურგში აღმოჩნდებოდნენ და, რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი ძირითადი კომუნიკაციების გადაჭრა, რისი დაშვებაც ტრაიანეს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო.[37]
აქედან გამომდინარე, ტრაიანეს მიერ შემუშავებულ სამხედრო-ტაქტიკურ გეგმაში კოლხეთს გარკვეული ადგილი დაეთმო, რამაც ფაქტობრივად ისტორიული ცვლილებები გამოიწვია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 106-114 წლების მომავალი საომარი ასპარეზისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით გატარებული დიდი მოსამზადებელი სამუშაოების დროს, ტრაიანემ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ გაერთიანებათა მეთაურებს, სკეპტუხებს ფორმალურად გადასცა `სამეფო ხელისუფლება~, რითაც უზრუნველყო პართია-სომხეთთან მომავალ დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა და მინიმუმამდე დაიყვანა `მეოტიდა-კოლხეთის~ გზით ჩრდილოკავკასიელ ნომადთა შემოჭრის საფრთხე.[38]
ტრაიანეს მიერ კოლხეთის ცალკეულ სკეპტუხთათვის `სამეფო ხელისუფლების~ გადაცემამ საფუძველი ჩაუყარა ცალკეულ `სამეფობს~ _ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების გაერთიანებებს,[39] რომლებიც მთელი II საუკუნის მანძილზე ინარჩუნებდნენ რომისადმი ერთგულებას.
როგორც ჩანს, ტრაიანეს დროს გარკვეული ცვლილებები უნდა შეხებოდა პონტო-კავკასიის სასაზღვრო სისტემასაც. `მეოტიდა-კოლხეთის~ მაგისტრალისა და განსაკუთრებით, ტრაპეზუნტის ნავსადგურის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომოდინარე, გამორიცხული არ არის, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაულ ციხესიმაგრეებში ტრაიანეს დამატებითი ძალები ჩაეყენებინა. შესაძლოა, გარკვეულწილად ამის მიმანიშნებელიც იყოს VI საუკუნის ავტორის პროკოპი კესარიელის ცნობაც: `ამბობენ, აგრეთვე, რომ რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს, იქ (იგულისხმება რიზეს რაიონი _ კ.ფ.) ვიდრე ლაზებისა და სანიგების ქვეყნამდე დაფუძნებულ იქნა რომაელ ჯარისკაცთა რაზმები~.[40] მართალია, ლაზებისა და სანიგების ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთლიანად კოლხეთში, რომაული რაზმები ტრაიანემდე რამდენიმე ათეული წლის წინ, ჯერ კიდევ ნერონის დროს ჩადგნენ, მაგრამ, ეს ცნობა შეიძლება ჩაითვალოს იმის შორეულ გამოხმაურებად, რომ ტრაიანეს დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დამატებითი ძალები იქნა შეყვანილი. (ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ტრაიანეს დროს რომაელებმა კოლხების წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიაციაც კი განახორციელეს და ძალის გამოყენებით დაიმორჩილეს ისინი (იხ. А.Г. Бокоанин. Парфия и Рим, ч. II. გვ. 234-235). თუმცა, ამ მოსაზრებას რეალური საფუძველი არ გააჩნია (იხ. კ. ფიფია. ერთი ასპექტი ტრაიანეს ლაშქრობის ისტორიიდან. _ თსუ სოხუმის ფილიალი. ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა შრომები. წიგნი III. თბ., 2003, გვ. 106-110; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, გვ. 20-22.)
ტრაიანეს აღმოსავლეთ კამპანიის შემდეგ, ადრიანეს (117-138 წწ.) პრინციპატის ხანაში რომის საგარეო პოლიტიკამ მკვეთრი ცვლილება განიცადა. იმპერიამ ფაქტობრივად ამოწურა გლობალური ომების წარმოების ყველა რესურსი და იძულებული გახდა საზღვრების მთელ პერიმეტრზე ტოტალურ თავდაცვაზე გადასულიყო. ადრიანემ უარი თქვა ტრაიანეს მიერ არმენიისა და პართიის ტერიტორიებზე შექმნილ პროვინციებზე და კვლავ ევფრატის სასაზღვრო ხაზს დაუბრუნდა.[41] თუმცა შექმნილი სიტუაციით სარგებლობა ვერც პართიის სამეფომ შეძლო. ტრაიანეს კამპანიის დროს განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მასაც არ აღმოაჩნდა კონტრშეტევაზე გადასვლისა და წინა აზიაში პოლიტიკური ინიციატივის საკუთარ თავზე აღების ძალა.[42]
ასე რომ, აღმოსავლეთში საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური ამინდის განმსაზღვრელმა ორივე სახელმწიფომ _ რომმა და პართიამ, თანდათანობით დათმო პოზიციები; შედეგად კი, წინა აზიაში შესუსტდა ე.წ. `პოლიტიკური დუალიზმის~ სისტემა, რამაც გამოიწვია უფრო პატარა პოლიტიკური ერთეულების გაძლიერება-გააქტიურება, რაც აისახა კიდეც კოლხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამ პერიოდში რომი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ვერ ახერხებს აქტიური თავდაცვითი პოლიტიკის გატარებას და აღმავლობის გზაზე მდგარი იბერიის სამეფოს შავი ზღვის სანაპიროსაკენ ექსპანსიის შეკავებას. 117-129 წლებს შორის იბერიის მეფე ფარსმანმა მიიტაცა კოლხეთის ზღვისპირეთის ერთ-ერთი სექტორი, მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზებს შორის მოსახლე ზიდრიტთა ოლქი.[43]
ზიდრიტთა ოლქის დაკარგვით გარკვეულწილად დაირღვა პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზის მთლიანობაც. როგორც აღვნიშნეთ, პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა სათავეს ტრაპეზუნტში იღებდა და ადრიანეს მმართველობის პერიოდისათვის სებასტოპოლისამდე  ვრცელდებოდა. ამ ერთიან სასაზღვრო პერიმეტრზე იბერიის გამოჩენით კი, გადაჭრილ იქნა რომაულ სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტებს შორის სახმელეთო კომუნიკაცია, რის შედეგადაც კოლხეთის ორ უმნიშვნელოვანეს რომაულ ფორპოსტს _ აფსაროსსა (მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე) და ფასისს (ლაზეთის ტერიტორიაზე) შორის დაკავშირება მხოლოდ საზღვაო გზით გახდა შესაძლებელი.[44] მიუხედავად ამისა, ადრიანემ, რომელსაც არ აწყობდა კავკასიაში სიტუაციის გამწვავება, უარი თქვა ვითარების შემდგომ ესკალაციაზე, ფარსმანთან ღია კონფლიქტის დაწყებაზე და იბერიის საზღვრების სიახლოვეს, კოლხეთის სასაზღვრო ციხესიმაგრეების გაძლიერებით სცადა რეგიონში სიტუაციის დარეგულირება.
როგორც ცნობილია, ადრიანემ, სხვა პრინცეპსებთან შედარებით, ყველაზე მეტად მოაწესრიგა იმპერიის თავდაცვითი სისტემა. საზღვრების უსაფრთხოების გასაძლიერებლად დაიწყო გრანდიოზული სამხედრო-სტრატეგიული სამუშაოები.[45] იმპერატორი პირადად მოგზაურობდა სასაზღვრო პროვინციებში და ადგილებზე ეცნობოდა რომაული გარნიზონების მდგომარეობას. ადრიანეს თან ახლდა სამხედრო მშენებელთა შტაბი და მის გამოჩენას რომის სახელმწიფო საზღვრებზე ჩვეულებრივ თან ახლდა დიდი საფორტიფიკაციო სამუშაოების დაწყება.
129 წელს იმპერატორმა ადრიანემ პირადად იმოგზაურა კაპადოკიაში.[46] ამ პროვინციის საინსპექციო შემოსვლისას ის იმყოფებოდა ტრაპეზუნტშიც.[47] როგორც ჩანს, ადრიანეს მიერ სიტუაციის ადგილზე გაცნობის შემდეგ დაიწყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაცია. 131 წ. კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის ფლავიუს არიანეს მიერ შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული სამსახურებრივი მოგზაურობის დროს,[48] ტრაპეზუნტ-სებასტოპოლისის ხაზზე განლაგებული რომაული ფორპოსტების განახლება-განმტკიცების პროცესი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. ტრაპეზუნტში ისევ გრძელდებოდა ადრიანეს ბრძანებით დაწყებული ნავსადგურის მშენებლობა.[49] როგორც წყაროთა მონაცემებით ირკვევა, აფსაროსის, ფასისისა და სებასტოპოლისის ციხეების გამაგრებაც 129 წელს დაიწყო და 131 წელს უნდა დასრულებულიყო.[50]
იბერიის საზღვრებთან რომაული ფორპოსტების მოდერნიზაცია, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდა მეფე ფარსმანს და პროტესტის ნიშნად მან 135-137 წლებში იმიერკავკასიის გადასასვლელები გაუხსნა მეომარ ალანებს და ისინი რომის სამფლობელოებს შეუსია.[51] ამ აქციითა და თავისი რეალური ძალის დემონსტრირებით, ფარსმანმა მოახერხა კოლხეთის ზღვისპირეთში ადრე დაპყრობილი ზიდრიტთა ოლქის შენარჩუნება.[52]             
როგორც არიანეს ცნობიდან ირკვევა, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული ციხესიმაგრეებიდან განსაკუთრებით შთამბეჭდავად აფსაროსი გამოიყურებოდა. აფსაროსი დიდი ხანია იდენტიფიცირებულია დღევანდელ გონიოსთან. ციხესიმაგრე გასაოცრად კარგადაა შემონახული. იგი გეგმით სწორკუთხედია, კოშკებსა და ციხის გალავანს ეტყობა მრავალგზის რესტავრაცია-გადაკეთების კვალი. თუმცა, რომაული კასტელუმის ძირითადმა ღერძებმა (194 მ X 245 მ) ჩვენამდე უცვლელად მოაღწია. მკვლევრები აფსაროსში კასტელუმის მშენებლობის ორ ეტაპს გამოყოფენ, რომლებიც შესაბამისად I-II და IV-VI საუკუნეებით თარიღდება.[53] ადრიანეს პრინციპატის დროს აფსაროსში იდგა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე ძლიერი რომაული გარნიზონი. არიანეს ცნობით, აფსაროსში ხუთი სპეირა იდგა.[54] არიანე რომაული არმიის ქვედანაყოფების საყოველთაოდ მიღებულ, ტრადიციულ სახელწოდებას რატომღაც არ იძლევა და ბერძნულ ტერმინოლოგიას ხმარობს, რაც მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. არიანესეული `სპეირა~ მკვლევართა ნაწილის აზრით, ლათინურ კოჰორტას შეესაბამება,[55] თუმცა, როგორც ჩანს, იგი `მანიპულას~ პირდაპირი თარგმანი უნდა იყოს. მანიპულა კი, როგორც ცნობილია, კოჰორტის ერთ მესამედს _ 150-200 კაციან რაზმს უდრის. ასეთ შემთხვევაში, აფსაროსის ციხის გარნიზონის შემადგენლობა 900-1000 კაცით უნდა განისაზღვროს, რაც სავსებით შეესაბამება კიდეც აფსაროსის კასტელუმის ტევადობას.[56] დოკუმენტურად დადსტურებულია, რომ აფსაროსის გარნიზონის შემადგენლობაში შედიოდა დამხმარე ჯარის ნაწილები _ კლავდიუსის სახელობის II კოჰორტა (
Cohors II Claudiana), სპეციფიკური აღჭურვილობის მშვილდოსანთა რაზმი  (Sagitarius) და იმპერატორ ავრელიუსის სახელობის კოჰორტა (Cohors Aurelia)[57]. გამორიცხული არ არის, რომ აფსაროსის გარნიზონის ერთი ნაწილი ლეგიონური ჯარის ქვედანაყოფებით ყოფილიყო დაკომპლექტებული, რასაც გარკვეულწილად მოწმობს მის ავანპოსტში _ პეტრაში (ციხისძირი) აღმოჩენილი აგურის ფრაგმენტი ლათინური დამღით _ VEX-FA, რომელიც იშიფრება, როგორც VEX [illationes Legionum XII] F [ulminatae et XV] A [pollinaris][58], რაც XII და XV ლეგიონების ერთობლივი სამშენებლო საქმიანობის მაჩვენებელია. თუმცა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. ამერიკელი მეცნიერის მ. შპაიდელის აზრით, ეს წარწერა უნდა იკითხებოდეს როგორც Vex(illatio) FA(siana).[59] ამ შემთხვევაში, საფიქრებელია, რომ ეს დამღიანი აგური დამზადებული იყო ფასისში მდგარი სამხედრო ნაწილის სახელოსნოში და ამავე ნაწილის ჯარისკაცებს რაღაც სამხედრო-საინჟინრო სამუშაოები ჩაუტარებიათ პეტრაშიც.[60]
წარწერის ასეთნაირად გაშიფრვა მ. შპაიდელს საშუალებას აძლევს ივარაუდოს, რომ ფასისის აგურის ციხესიმაგრე ააგეს კაპადოკიის `
pedites singularis~- ებმა, ანუ სპეციალურმა სამშენებლო ქვედანაყოფებმა, და ისინი სხვა ციხეებისთვისაც ამზადებდნენ სამშენებლო მასალებს.[61]


შენიშვნები

1. პომპეუსის აღმოსავლეთში ლაშქრობის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები), თბ., 2005, გვ. 27-30; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские взаимоотношения. Тб., 1981, გვ.  99-117.
2. ამ პრობლემის შესახებ დაწვრილებით იხ. კ. ფიფია. პართია-რომის ურთიერთობა ძვ.წ. I ს. შუახანებში და `პოლიტიკური დუალიზმის~ სისტემის შექმნა წინა აზიაში. _ კავკასიის მაცნე, XII, თბ., 2005, გვ. 67-70; Г. Бокщанин, Парфия и Рим, ч. II, М., 1996, გვ. 49-78.
3. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 34, 165, შენ. 2; История армянского народа., ч. I, под редакцией Б.И. Аракеляна и А.Р. Иоаннисяна, Ереван, 1951, გვ. 50.
4. კ. ფიფია, დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა რომთან ახ.წ. ჳ საუკუნეში. _ საისტორიო ძიებანი, ჳჳ, თბ., 1999, გვ. 10; Н.Ю. Ломоури, Грузино-римские ..,  გვ.  105-106.
5. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი –I-II სს., გვ. 39-56.
6. გამორიცხული არ არის, რომ ავგუსტუსის (ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 წწ.) დროს რომაული გარნიზონი ჩამდგარიყო სებასტოპოლისში. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მაინც დროებითი მოვლენა იყო. ისინი მალევე გამოიყვანეს სებასტოპოლისიდან და მათ კვლავ პონტოელთა გარნიზონი ჩაენაცვლა (იხ. კ. ფიფია, სებასტოპოლისში რომაული გარნიზონის ჩადგომის დროის საკითხისათვის. - ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები, VIII თბ., 2004, გვ. 25-32).
7. Tac., Hist., III, 47; Suet., Nero, 18; SHA, Vit. Aurel., XXI, 11; Eutr., Brev., VII, 14; С.Ю. Сапрыкин, Понтийское царство, М., 1996, გვ. 338;
The Cambridge Ancient History, vol. X, Cambr., 1963, გვ. 774.
8. В.Н. Дьяков, Оккупация Таврики в I в. н.э. _ Вестник древний истории, 1941, №1, გვ. 92; В.Ф. Гайдукевич, Боспорское царство. М., -Л., 1949, გვ. 330.
9. Jos. Flav., Bell. Jud., II, 366-368.
10. В.Д. Блаватский, Харакс. - Материалы и исследования по археологии СССР, 1951, №19, gv. 260; С.Ю. Сапрыкин, Черепицы с клеймами римского легиона из усадьбы хоры Херсонеса. _ Краткие сообoения АН СССР, 1981, №168, გვ. 59; Э.И. Соломоник, О пребывании римского флота в Крыму. _ Античная древность и средние века, сб.10. Свердловск, 1973, გვ. 142-145.
11. ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 67-80. იქვე იხ. პრობლემის ირგვლივ არსებული მთელი ლიტერატურა.

12. G. Webster. The Roman imperial army. London, 1985, gv. 168; P.T. Bidwell. Roman Forts in Britain. London, 1997, გვ. 30, 47.
13. Arr., PPE, 9.
14. Tac., Hist., III, 47-48.
15. О.В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской Восточной политики (17 72 гг.). _ Вестник древней истории, 1955, №2, გვ. 70-71.
16. О.В. Кудрявцев. Провинция Кападокия..., gv. 69-71.

17. Jos. Flav., Bell. Jud., VII, 18; XII ლეგიონს რომაელებმა დამხმარე ძალებად მისცეს ძველი პონტოური, პაფლაგონიის, გალატიისა და კაპადოკიის მილიცია (numeri). _ იხ. М.И. Ростовцевь. Новыя латинскiя надписи с] юга Россiи. -Изв]стiя Императорской архелогической комиссiи, вып. 33. СПб., 1909, გვ. 10.
18. Legio XVI Flavia Firma შეიქმნა ვესპასიანეს დროს და 70/71 წ. ჩაყენებულ იქნა სატალაში. ადრიანეს (117-138 წწ.) მმართველობისას ის გადაიყვანეს სამოსატაში, მისი ადგილი კი დაიკავა XV ლეგიონმა (О.В. Кудрявцев. Провинция Каппадокия.., გვ 70; М.И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья. М., Л., 1956, გვ. 312; T.B. Mitford, Some inscriptions from the Cappadocian Limes. _ Journal of Roman Studies, LXIV, 1974, გვ. 164-168. შდრ. Т. Моммзен. История Рима. V. M., 1949, გვ. 358, შენ. ს A.B. Bosworth. Vesspasians reorganization of the North-East Frontier. _ Anticton, 10, 1979, გვ. 63-67; E. Dabrova. La Limes Anatolien et la Frontiere Caucasienne au Temps des Flavians. _ Klio, 62, 1980, გვ. 381-385).
19. Tac., Ann., II, 6; Tac., Hist., III, 47; Jos. Flav., Bell. Jud., VII, 220-222; Suet., Vesp., 8,4.
20. Cembridge Ancyclopedia of Archaeology.  London, 1980, გვ. 236-238.
21. ავგუსტუსის დროიდან მთელ რომაულ აღმოსავლეთში იმპერიის სამხედრო ძალას მხოლოდ ოთხი ლეგიონი წარმოადგენდა. ეს ლეგიონები სირიაში იყვნენ დისლოცირებული და ემორჩილებოდნენ სირიის ლეგატს (Tac., Ann., IV, 5). ამდენად, აღმოსავლეთის უზარმაზარ საზღვარს, შავი ზღვიდან ერიტრეიის ზღვამდე, მხოლოდ ოთხი ლეგიონი იცავდა, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო ევფრატის სასაზღვრო ხაზის მიმართულებით აქტიური ექსპანსიური პოლიტიკის გასატარებლად.
22. კაპადოკიაში, როგორც უკვე აღინიშნა, ჩაყენებულ იქნა ლეგიონები _
XII Fulminata და XVI  Flavia Firma, ხოლო პალესტინაში -X   Fretensis-ი.
23. О.В. Кудрявцев. Римская политика в Армении и Парфии в первой половине правления Нерона. _ Вестник древней истории, 1948, №3, გვ. 53-54.
24. А.П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении. _ Историко-филологический Журнал, 4(115), 1986, გვ. 155.
25. М.И. Максимова.  Античные города..., გვ. 313;
T.B. Mitford, Some inscriptions..., გვ.161. ამ სტრატეგიულმა მაგისტრალმა წინა აზიისათვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც შეიძინა. მისი მეშვეობით გაადვილდა საქონლის გადატანა, სასიმაგრო პუნქტები ღამის გასათევად გამოიყენებოდა, ხოლო სამხედრო დანაყოფები კი მგზავრთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა (B. Isaac. Reflections on the Roman Army in the East. _ Defence of the Roman and Buzantine East, I, გვ. 385-392).
26. А.П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении,.  გვ 155; M.H. Stein. Old Routes of Western Iran. L., 1940, გვ. 8-10.
27. Т. Моммзен, История Рима, V, გვ. 365.
28. ამჟამად სატალა ტრაპეზუნტის მონაკვეთზე ხუთი რომაული ფორტია გამოვლენილი (იხ. თ. თოდუა, რომაული სამყარო და კოლხეთი, თბ., 2003, გვ. 13-15; Ф.Е. Кюмон, Научно-археологическое путешествие в Понт и Малую Армению. Понтийское исследование. II. Перевод и коментарии А. Ташяна, Вена, 1919, გვ 370-374; А.П. Акопян, Экономические и кульурные взаимоотношения Армении с Римом (I в. до н.э. _ IV  в.н.э. Автореферат кандидатской диссертации. М., 1985, გვ
14; T.B. Mitford. Cappadocia and Armenia Minor. _ Aufstieg und Niedergang der R_mischen Welt, II, 7, 2, 1975, გვ 1187; T.B. Mitford, Billotti`s excavations at Satala. _ Anatolian Studies, XXIV, 1974, გვ. 212; R.P. Harper. Pagnik _reni. _ Anatolian Studies, V, XXI, 1971, გვ 11-12).
29. А.И. Амиранашвили. Иберия и римская экспансия в Азии. _ Вестник древней истории, 1938, №4(5), გვ. 171; S. Gregory. Roman Military Architecture on the Eastern Frontier. vol. II. Amsterdam, 1997, გვ. 32. Sdr. М.И. Максимова. Антчные города..., გვ 318.
30. თ. თოდუა. რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი. სადოქტორო დისერტაცია. თბ., 1995, გვ. 11.
31. ე. კახიძე. რომის იმპერია და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ახ.წ. ჳ-ვ სს. საკანდიდატო დისერტაცია. თბ., 2002, გვ. 65-67.

32. M.P. Speidel, T.T. Todua. Three inscriptions from Pityus on the Caucasus Frontier. _ Saalburg Jarbuch, 44, 1988, გვ. 56-58.
33. მკვლევართა ნაწილის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემა `ლიმესად~ იყო კვალიფიცირებული (В.А. Леквинадзе. Понтийский лимес. _ Вестник древней истории, 1969, №2, გვ. 75-93), რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ჩვენ გვქონდა საშუალება აღნიშნულ საკითხს საგანგებოდ შევხებოდით და ვაჩვენეთ, რომ ლიმესი, როგორც მაღალორგანიზებული, კარგად გამართული ერთიანი საფორტიფიკაციო და საკომუნიკაციო სისტემა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, მისი ბუნებრივ-გეოგრაფიული სირთულეების გამო ვერ შეიქმნებოდა და პრინციპში არც იყო საჭირო. კოლხეთი ყველა მხრიდან მძლავრი ბუნებრივი საზღვრებით არის შემოფარგლული და აქ დამატებითი ხელოვნური ბარიერის აგების აუცილებლობა არ არსებობდა (იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. გვ. 81-93). 
34. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს, გვ.. 90-91; В.А. Леквинадзе. Понтийский лимес,  გვ. 90-91.
35. როგორც ირკვევა, ტრაიანეს მიერ დუნაისპირეთიდან გადმოსროლილი ლეგიონები
- XV Apollinaris და XXX Ulpia, ასევე VII Claudia-სა და XIII Gemina-ს ვექსილაციები, სწორედ ტრაპეზუნტის გავლით იქნა სომხეთში შეყვანილი (იხ. კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. თბ., 2005, გვ. 44-46).
36. კ. ფიფია. კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეული `სამეფოთა~ წარმოქმნის საკითხისათვის. _ სოხუმის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მაცნე, I, თბ., 2007, გვ. 159-162; კ. ფიფია. აფსილებისა და აბაზგების `სამეფოები~ რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ.წ. II ს. (ე.წ. `აფხაზური სახელმწიფოებრიობის~ საკითხისათვის). _ ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, IX, თბ., 2007, გვ, 304. ჯერ კიდევ ნერონის მმართველობის დროს, არმენიაში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება პროვიანტითა და დამატებითი ძალებით ტრაპეზუნტის ნავსადგურიდან ხორციელდებოდა (
Tac., Ann., III, 39; М.И. Максимова. Античные города., გვ. 311-312). ამიტომ სომხებმა არაერთხელ სცადეს ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი კომუნიკაციების გადაჭრა, მაგრამ უშედეგოდ (Т. Моммзен. История Рима, ვ, გვ. 350). ამ გზის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ ვესპასიანეს დროს იგი საგანგებოდ იქნა გამაგრებული.
37. იხ. კ. ფიფია. რომის მიერ აღმოსავლეთ შავზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის `სამეფო ხელისუფლების~ გადაცემის დროის საკითხისათვის. _ საისტორიო ძიებანი. III. თბ., 2000, გვ. 60-75; კ. ფიფია. ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო. გვ. 28-38; კ. ფიფია. აფსილებისა და აბაზგების `სამეფოები~.., გვ. 304-305.

38. Arr., PPE, 11.
39. Procop., De BG, VIII, 2. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. II ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1965, გვ. 125.40. SHA. Hadr., V, 3; IX, 1; XXI, 12; Eutr., Brev., VIII, 6,2; Dio Cass., LXVIII, 33.
41. А.Г. Бокоанин. Парфия и Рим, ч. II. gv. 253; М.М. Дьяконов. Очерки истории древнего Ирана. М., 1961, გვ. 227.
42.
Arr., PPE, 11. ამ საკითხის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 109-115.
43. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტს პონტო-კავკასიის სასაზღვრო თავდაცვითი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამდენადაც ეს სისტემა, როგორც ზემოთ ვნახეთ, სამხედრო-საზღვაო ხასიათისა იყო. მასში შემავალ კასტელუმებს შორის საკომუნიკაციო კავშირი და მათი მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებაც საზღვაო გზით ხორციელდებოდა. როგორც ჩანს, პონტო-კავკასიის საზღვრის კოლხეთის მონაკვეთზე სახმელეთო კომუნიკაციებს მეორეხარიხოვანი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყოველ შემთხვევაში, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაული კასტელუმების ერთმანეთთან დამაკავშირებელი სამხედრო გზის არც ერთი მონაკვეთი აღმოჩენილი არ არის. მაგრამ, ყოველივე ზემოთქმული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ იბერიის შეჭრას ზიდრიტთა ოლქში, რომისათვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

44. SHA. Hadr., XII, 6.
45. R. Syme. Handrian and the Vassal Princes. _ Athenaeum, 59, 1981, გვ. 276; D. Braund. Hadrian and Pharasmanes. _ Klio, vol. 73, 1991, გვ  211-212.
46. Arr., PPE, 1; М.И. Максимова. Античные города..., გვ.  314.
47. ფლავიუს არიანესა და მისი თხზულების შესახებ იხ. ნ. კეჭაღმაძე. ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თბ., 1961, გვ. 1-27; ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. V. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბ, 1983, გვ. 94-116, 153-160.
48. Arr., PPE, 16.
49. იხ. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 115, 147.
50. Dio Cass., LXIX, 15,1; ალ. გამყრელიძე. ახლადაღმოჩენილი ლათინური წარწერა ფარსმან მეფისა.       - ცისკარი, #9, 1959, გვ. 139.
51. კ. ფიფია. რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს., გვ. 115-117.

52. В.А. Леквинадзе. Материалы по монументальному строительству в Лазике. _ ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XXII-B. 1961, გვ. 137-167; О.Д. Лордкипанидзе. Наследие древней Грузии. Тб., 1989, გვ. 339.
53. Arr., PPE, 6.
54. კოჰორტა (ლათ. Cohors _ მწკრივი) _ რომაული ლეგიონის ძირითადი ტაქტიკური ერთეული. მასში 500-600 ჯარისკაცი ირიცხებოდა. კოჰორტა თავის მხრივ სამ მანიპულად, თითოეული მანიპულა 2 ცენტურიად (ასეულად), ეს უკანასკნელი კი, შესაბამისად, ათეულებად (დეკა) იყოფოდა (G. Webster. The Roman imperial army, გვ. 170-180; P. Connoly. Greece and Rome at war. L., 1988, გვ 215-225). ასე რომ, თუ არიანესეულ `სპეირას~ კოჰორტად ჩავთვლით (იხ. М.И. Максимова. Античные города..., გვ. 315; Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб.,, 1959, გვ. 376; Н.Ю. Ломоури. Грузино-римские..., გვ. 228, შენ. 63; В.А. Леквинадзе. Понтийский лимес, გვ. 77; N.T. Rowel, Numerus. - Pauly-Wissowa-Kroll. Realencyclop@die der Klassichen Altertumswissenschaft, XVII, 1937, გვ. 1327-1330; T.B. Mitford, Cappadocia and Armenia Minor, გვ. 1202), მაშინ აფსაროსის გარნიზონი 3000 კაცით ყოფილა დაკომპლექტებული, რაც არარეალური ჩანს (იხ. კ. ფიფია, მაკრონ-ჰენიოხთა `სამეფო~ - რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. _ საისტორიო ძიებანი, IV, თბ., 2001, გვ 57). 
55. შდრ: XVII ს. აფსაროს-გონიოს ციხეში თურქთა 800 კაციანი გარნიზონი იდგა (ევლია ჩელების `მოგზაურობის წიგნი~. თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ. ნაკვ. I. თბ., 1971, გვ. 94).
56. მ. შპაიდელი, კავკასიის საზღვარი. II საუკუნის გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფასისში. - მაცნე, ისტორიის..., სერია 1985, გვ. 135-136; მ. ხალვაში, რომაული გარნიზონები აფსაროსში. - ლიტერატურული აჭარა, 1999, #11, გვ. 112-115; შ. მამულაძე, მ. ხალვაში, ლ. ასლანიშვილი. აფსაროსის რომაული გარნიზონები. - კავკასიის მაცნე, #2, თბ., 2000, გვ. 91-93; Ш.Х. Мамуладзе, М.С. Халваши, Л.Г. Асланишвили, Римские гарнизоны Апсара. _ Вестник древней истории, 2002, №1, გვ. 35; М.П. Спейдел. Древнейший манускрипт с территории СССР. Письмо из римской крепости Апсар. - Вестник древней иостории, 1985, №4, გვ.176-179.57. В.А. Леквинадзе. Римский кирпич со штампом из Цихидзири. _ Сообшения Академии наук Грузинской ССР. XLV, #3, 1967, გვ 798; В.А. Леквинадзе. Понтийский лимес, გვ. 87.
57. მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი. II საუკუნის გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფასისში,   გვ. 138.
58. მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი, გვ. 138-139.
59. მ. შპაიდელი. კავკასიის საზღვარი, გვ. 139. თუ მ.შპაიდელის ეს მოსაზრება სწორია და ფასისის კასტელუმი მართლაც კაპადოკიის
`pedites singularis~-ების მიერ იყო აგებული, მაშინ ისინი ფასისში ძალიან ცოტა ხნით დარჩებოდნენ და მალევე დაბრუნდებოდნენ ძირითად შტაბ-ბინაში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადრიანეს მიერ კოლხეთის ციხესიმაგრეთა გამაგრებას ადგილი ჰქონდა 129-131 წლებში. სწორედ ამ დროს იქნა აგებული ფასისის აგურის კასტელუმი, რომელსაც იხსენიებს არიანე (Arr, PPE, 9). აქედან გამომდინარე, კაპადოკიის `pedites singularis~-ები, თუ ისინი მართლა მონაწილეობდნენ ფასისი კასტელუმის მშენებლობაში, კოლხეთის ამ სანაპირო ცენტრში 129-131 წწ. უნდა მდგარიყვნენ. ამ შემთხვევაში ციხისძირში აღმოჩენილი აგურიც, შესაბამისად, 129-131 წწ. უნდა დათარიღდეს.
60. აქ სამშენებლო საქმიანობას
V Macedonica, I Italica და XI Claudia ეწეოდნენ (В.Д. Блаватский. Раскопки Харакса в 1931, 1932 и 1935 гг. _ Вестник древней истории, 1938, №2(3), გვ. 323; В.Д. Блаватский. Харакс, გვ. 252; С.Ю. Сапрыкин. Черепицы с клеймами..., გვ. 58-60). ლეგიონების სამშენებლო მოღვაწეობა დოკუმენტურად დასტურდება საუდის არაბეთშიც (იხ. M.P. Speidel. The Roman Road tu Dumata (Jawf in Saudi Arabia) and the Frontier Strategy of Praetensione Colligare. _ Historia, 1987, Bd. XXXVI, 2, 2, გვ. 216).
61. М.И. Ростовцев]. Новыя латинскiя надписи..., გვ. 3-8; А.П. Акопян. Экономические и культурные..., გვ18.

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014