მონღოლნი, მათი სოციალურ-პოლიტიკური წესწყობილება, ყოფაცხოვრება და კულტურული განვითარების დონე XII საუკუნის დამლევსა და XIII საუკუნის დამდეგს.
ჩინგის–ხანი

1 2


ჩინგიზ-ხანისაგან შექმნილი მონღოლთა ახალი ორგანიზაცია
მონღოლთა კულტურული დონე და ამაზე დამოკიდებული მათი საბრძანებლის ბედიღბალი
ჩინგიზ-ხანისა და მონღოლთა გამარჯვება- ძლევამოსილების მიზეზები
სასარგებლო ბმულები

ჩინგიზ-ხანისაგან შექმნილი მონღოლთა ახალი ორგანიზცია

Cingiz-xani

მართალია, როგორც აღნიშნული იყო, ძველად ხაან-ებს, ე. ი. თემის ლაშქარ-ნადირობის წინამძღოლებსა და მეთაურებს, ყურულტაჲ ირჩევდა, მაგრამ მათი ძალა იმდენად ამ არჩევანზე არ იყო დამყარებული, რამდენადაც მათ პირად გამჭრიახობასა და ხერხზე. ასევე პირადი პოლიტიკური მართველობის ნიჭითა და ორგანიზაციის უნარით მოახერხა ჩინგიზ-ხანმაც თავისი ხელისუფლების განმტკიცება და უზარმაზარი საბრძანებლის შექმნაც.
რასაკვირველია, მეკობრობა–ნავარდს მიჩვეული და მუდმივი მომთაბარეობითი მესაქონლეობის მეურნეობით კმაყოფილნი მონღოლთა ტომები ყოველთვის იმ პირის მომხრე აღმოჩნდებოდნენ, ვინც მეკობრობასა და ლაშქარ-ნადირობაში უფრო მარჯვე გამოდგებოდა, და რომელიც თავისი გამარჯვებით მათ მრავალრიცხოვანს ტყვესა და ნადავლს ჩაუგდებდა ხელში. ამ შემთხვევაში ხაანისა და ყაანის მომხრე ნო̈ქო̈რებსა და მათ მბრძანებელ-წინამძღოლს ერთიდაიგივე მიზნები ჰქონდათ, ერთიდაიგივე სანატრელი და იდეალები. ამიტომაც ნოქრებიისევე ცდილობდნენ მეთაურის გამარჯვებისათვის ყოველნაირად შეეწყოთ ხელი, როგორც ის თითონ იყო მოწადინებული. საუკეთესო ნადავლსა და ტყვესაც ისინი, რასაკვირველია, წინამძღოლს მიართმევდნენ, რათგან კარგად იცოდნენ, რომ იგივე მეთაური მათაც უხვად დაასაჩუქრებდა და ამ ნატყვენავ–ნადავლითგან თითონაც ბევრი რამ კარგი ეერგებოდათ. მონღოლური სალაშქრო ზნეჩვეულებით ხომ სამხედრო მოქმედების დროს მოწინააღმდეგის ხელში ჩაგდებული მთელი ქონება და ტყვეები, წინამძღოლისათვის განკუთვნილი ხვედრის გამოყოფის შემდეგ, მონაწილე მოლაშქრეთა შორის თანასწორად უნდა ყოფილიყო გაყოფილი.
XIII საუკუნის მონღოლური ეპიკური ისტორიის ცნობით, თვით ჩინგიზ-ხანსაც თავისი მოვალეობა მონღოლ თანამემამულე და თანამებრძოლთა წინაშე ასევე ესმოდა: მე ვფიქრობდიო, ამბობს იგი, რომ რაკი მეფე ვარ და მრავალ ქვეყნებისათვის ლაშქრის წინამძღოლად ვიქეცი, მომხრეებისადმი მოვალეობაც მქონდა და ცხენის ჯოგი, ცხვრის ფარები, ურმებიც ბევრი ჩამვარდნია ხელში, ცოლები და ბიჭები, ხალხიც ტყვედ მრგებია, ყველა ეს თქვენთვისვე მომიცია. გამართულ ჯერგისა და ნადირობის დროსაც ნადირი თქვენსკენ გამომიდევნია დასახოცადაო.
დაპყრობილი ქვეყნებისა და მოსახლეობისადმი ჩიგნგიზ-ხანის დამოკიდებულების გასათვალისწინებლად ყურადღების ღირსია ის, რაც მან თავის მახლობელ თანამებრძოლებს, ბოორჩისა და მუხალის, მონღოლური მატიანეს ცნობით, განძეულობით უხვად დასაჩუქრების შემდეგ უფხრა: მე ჯერ გინის ხალხი (ჩრდილო ჩინეთში მობინადრე იყო) თქვენთვის არ გამინაწილებია, ეხლა-კი ორმა გინის მფლობელის გვაროვნობის შთამომავლობა ერთმანეთში თანასწორად გაიყავით: მისი კარგი ჭაბუკები მემიმინოებად დაიყენეთ, მათი ლამაზი ქალწულები კი თქვენი ცოლების მოახლეებად გახადეთო.
რასაკვირველია, ასეთი გამორჩენის მოიმედეთ ჩიგგიზ-ხანის მომხრეებსაც მისთვის შეეძლოთ გულწრფელად ეთქვათ ის, რაც იმავე მონღოლურს ეპიკურ ისტორიას მათგან ჩინგიზ-ხანის გაყაანების წინ წარმოთქმულ ფიცად აქვს მოყვანილი: ”ჩვენ შენი გაყაანება გვინდა. როდესაც შენ ყაანი იქნები, მრავალრიცხოვან მტრებთან ბრძოლის დროს მიწინავეობას ვიკისრებთ, ხოლო თუ მარტის მშვენიერ ქალწულებსა და ცოლებს, საუკეთესო, ცხენებსაც ხელში ჩავიგდებთ, შენ დაგითმობთ”-ო.
მეტად დამახასიათებელია თვით ჩინგიზ-ხანის ხორჩისათვის შემდეგი ნათქვამიც იმ დროს, რომელსაც მას ნოინის თანამდებობას აძლევდა: ”ჩემს ჭაბუკობაში შენ წინასწარმეტყველური სიტყვა სთქვი ჩემს შესახებ, ჩემი მოღვაწეობის მონაწილე და ამხანაგი იყავი. ამიტომაც უფლებას გაძლევ დამორჩილებულ ხალხთა შორის 30 მშვენიერი ცოლი და ქალწული აირჩიო”-ო.
ყველა ზემომოყვანილითგანაც ნათლად ჩანს, თუ რა შეადგენდა მონღოლთა ოცნებასა და იდეალს: ველური მეკობრე ადამიანისა და ტომის აზროვნება, ყაჩაღური სულისკვეთებისა და მარტივი ცხოველური მოთხოვნილების დაკმაყოფილება. გამარჯვებული მონღოლის მსჯელობით დამარცხებული მოწინააღმდეგე მთელი თავისი ნათესაობითა და ქონებით, საგნის მსგავსად, მისი განუსაზღვრელი საკუთრება იყო: მტრის ლამაზი ქალიშვილები და ცოლები, თუ მოისურვებდა მისი პირუტყული ჟინის მსხვერპლად უნდა გამხდარიყვნენ, მთელი მისი ქონებაც მას უნდა ჰრგებოდა. სხვა მიზანი მას არ ჰქონდა და ამიტომაცაა, რომ მონღოლთა მეთაურისათვის საქებურად ითვლებოდა, როცა ამბობდნენ: ცოლები, მსახურნი, ჯოგები და ფარები მას უთვალავი ჰყავსო.ცხადია, რომ, როგორც მეთაური მსჯელობდა, ისეთივე უნდა ყოფილიყვნენ მისი უახლოესი თანამებრძოლნი და სარდლებიც. ცნობილია, რომ ჩინგიზ-ხანს ოთხი გამოჩენილი მხედართ-მთავარი ჰყავდა: ჯებე, ყუბილაჲ, ჯელმე და სუბედაჲ, ანუ სუბუდაჲ (ასე ეძახდნენ ქართველები). მონღოლურ ეპიკურ ისტორიაში მოთხრობილია, რომ, როდესაც ჩინგიზ-ხანის მომხრეს ჯამუხას ამ ოთხი სარდლის შესახებ შეეკითხნენ, ვინ არიანო, მან ასე უპასუხაო: ესენი ჩემი, ტემუჩჟენის ( ე. ი. ჩინგის-ხანის) ადამიანის ხორცით გამოკვებილი ოთხი ქოფაკია, მან ისინი რკინის ჯაჭვით დააბა. ამ ქოფაკებს სპილენძის შუბლი, ბასრი (გამოკვეთილი) კბილები, სადგისებრი ენა და რკინის გული აქვთ. მათრახის მაგიერ, მოხრილი ხმლები უჭირავთ, დილის ნამსა სვამენ და ქარს მიჰყვებიან. ბრძოლაში ადამიანის ხორცის შთანთქმას არიან მიჩვეულნი. ეხლა ისინი უკვე აშვებულები არიან და სიხარულისაგან ნერწყვი სდით. ეს ოთხი ნაგაზი ჯებე, ყუბილაჲ, ჯელმე და საბუდაჲ არიანო.
ასეთი შედარება მარტო იმ ჯმუხას-კი არ მოსვლია აზრად, არამედ, იმავე წყაროს ცნობით, თვით ჩინგიზ-ხანსაც თავის ამ ოთხი სარდლისათვის ამაზე უკეთესი, საპატიო და უფრო შესაფერისი, შედარება ვერ მოუძებნია. ერთხელ ჩინგიზმა ყუბილაჲს უთხრაო: შენ ქედფიცხელნი და ურჩნი დაგიმორჩილებია. შენ, ჯელმე, ჯებე და სუბუდაჲ ოთხი მრისხანე ქოფაკებივით მყავხართო. სადაც-კი არ გამიგზავნიხართ, მაგარი ქვები დაგიმსხვრევიათ, კლდეები დაგითრგუნავთ, წყლის მიმდინარეობა შეგიჩერებიათ. ამიტომაც ნაბრძანები მქონდა ბრძოლის დროს ყოველთვის ყოფილიყავითო.
მონღოლთა არამცთუ საშუალო დონის ადამიანის, არამედ თვით მათი უდიდესი მეთაურის და ორგანიზატორის კულტურულ იდეალების გასათვალისწინებლად ასევე ფრიად დამახასიათებელია ”ბილიკ”-ში დაცული და ჩინგიზ-ხანისავე ნათქვამად მიჩნეული დებულება: ”ჩვენ სანადიროდ მივემგზავრებით და მთის ირმებს ბლომად ვხოცავთ, ჩვენ სალაშქროდ მოვდივართ და მტრებს ბლომად ვხოცავთ”.
კარგი სმა-ჭამა, ლხინი მომთაბარეობის სიამოვნება და ომში ადამიანის სისხლის ღვრის წყურვილი, სანადირო გასართობის მსგავსად! ეს იყო მთელი ის ავლადიდება, რომლითაც ჩინგიზ-ხანი და მისი თანამებრძოლი მონღოლები მოევლინენ მაშინდელ კულტურულ ქვეყნებს!
ჩინგიზ-ხანმა, როგორც სარდალმა და ორგანიზატორმა, არაჩვეულებრივი ნიჭი გამოიჩინა. მან კარგად შეიგნო მონღოლთა ასეთი სულისკვეთება და მარჯვედ გამოიყენა იგი. მან ჯარის ორგანიზაციის ახალი წესი შემოიღო და, გვაროვნობათა მიხედვით დანაწილების წინანდელ ჩვეულებას, აღრიცხვაზე დამყარებული წესი დაუპირისპირა. მთელი მოსახლეობა ათეულებად, ასეულებად, ათასეულებად და ათიათასეულებად დაჰყო. ასეთი დანაწილება იმაზე იყო დამყარებული, რომ თითოეული ამ ერთეულთაგანი ვალდებული იყო მოთხოვნისამებრ 10, 100, 1000, 10000 მოლაშქრე გამოეყვანა. ყოველ ამ ერთეულს თავისი უფროსი ჰყავდა: ათისთავი, ასისთავი, ათასისთავი და ათიათასისთავი. ათისთავს გარდა, ყველა დანარჩენ ამ თანამდებობის პირთა ხელისუფლება მემკვიდრეობითი იყო და მათ საერთო სახელად შემოღებული იქნა ნოჲონ-ი, ან იგივე ნოინი, ტერმინი, თუმცა ჩინური იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია მონოლებს შეთავისებული ჰქონდათ.
ასეულებად, ათასეულებად და ბევრეულებად, ანუ ათიათასეულებად (დუ̈მა̈ნ-ებად) გაყოფის დროს, ზოგჯერ ამისთვის მიკუთვნებულ საგვარეულოთა რიცხვი იმდენი მოლაშქრის გამოსაყვანად საკმარისი არ აღმოჩნდა, რამდენიც დაწესებული იყო, ამიტომ ჩინგიზ-ხანმადანაკლისის შესავსებად მათ სხვადასხვა საგვარეულოთა ნაწილები მიუმატა. ამ საშუალებას, შეუძლებელია, რომ მონღოლთა ისედაც შერყეული საგვარეულო წესწყობილებისათვის საფუძვლის ქვაკუთხედი არ გამოეცალა და მისი რღვევა არ დაეჩქარებინა. ეს ჩინგიზ-ხანისათვისაც და მისგან შექმნილი საბრძანებლისთვისაც ფრიად ხელსაყრელი იყო, რათგან, ძველი გვაროვნული წესწყობილების მაგიერ, უკვე სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც მთლიანად მისგან იყო დამოკიდებული და მისი ხელში შემყურე უნდა გამხდარიყო.
ამას გარდა, ჩინგიზ- ხანმა შექმნა თავისთვის დღისა და ღამის მცველების ცალკე რაზმი. თავდაპირველად დღის მცველთა რიცხვი 70-ს არ აღემატებოდა, ღამის მცველნიც 80 იყო მხოლოდ, მაგრამ შემდეგში, როდესაც მან საყაანო დააარსა, ღამის მცველთა რიცხვი 10.000-მდე გაადიდა. ამ მცველებს მონღოლურად, ქეშიკ-ები ეწოდებოდათ. ქეშიკებად მოწინავე წრითგან ირჩევდნენ მხოლოდ თვალადს, ტანადსა, მარჯვე მოლაშქრეს და, რასაკვირველია, უაღრესად სანდოსა და ერთგულს. მათ იმდენად დიდი უფლება ჰქონდათ მინიჭებული, რომ შეეძლოთ განუსჯელად მოეკლათ ყველა, ვისაც-კი ღამით თავის მბრძანებლის სადგომის მახლობლად შეამჩნევდნენ.
რაკი მეთაურს, მონღოლური ძველი წესის თანახმად, თავის მსახურ-ნოქრები, თავშესაფარს გარდა, უნდა ჭამა-სმით, შესამოსითა და იარაღითაც უზრუნველეყო, ამიტომ მეთაურს მათთვის, ან ყველაფერი თითონ უნდა მიეცა, ან და რაიმე გზით საშუალება გამოენახა, რომ თავიანთი თავიც დაეკმაყოფილებინათ და პატრონის სამსახურისათვისაც შესაფერისად გამოწყობილ-შეიარაღებულნი ყოფილიყვნენ. ხოლო, რაკი ველად თაისუფალ ცხოვრებას მიჩვულნი მონღოლნი, თუ გაჭირვება არ დაატანდა ძალას, მსახურად ნებაყოფლობით არ წავიდოდა, ამიტომ ეს მსახური, ნოქრები, მადიანი ხალხი იყო და ყოველი ნავარდი მათთვის გამორჩენის თვალსაზისით სასურველსა და კარგ საქმეს წარმოადგენდა. ამრიგად, მეთაურიცა და მისი თანამოლაშქრენიც მეკობრეთა ოცნებით იყვნენ გამსაჭვალულნი, რათგან მათთვის უხვი საშოვრის მოპოვება ამ გზით იყო უფრო ადვილი.
უეჭველია, ზემოაღნიშნულით ისინი შესაძლებელია მხოლოდ პირველ ხანებში დაკმაოფილებულიყვნენ, მეორე-კი, როდესაც მონღოლებს უკვე მრავალი ქვეყანა ჩაუვარდათ ხეში და ახალ-ახალი ლაშქრობის მოწყობა ისეთ ადვილ საქმედ აღარ იქცა, როგორც წინათ იყო, მონღოლ დამპყრობელთა მადიანობის დაცხრომისათვისაც სხვა წყარო უნდა ყოფილიყო აღმოჩენილი. შემოსავლის ასეთ წყაროდ დაპყრობილი ქვეყნების საპატრონოდ და საჭმელად გაცემა გამოდგა.
ჩინგიზ-ხანი დაპყრობილ დამორჩილებული ტომებისა და ქვეყნების მმართველად თავის ისეთ ერთგულ თანამებრძოლებს ნიშნავდა, რომელთა მამაცობა და ნიჭი მას უკვე კარგად ჰქონდა გამოცდილი და რომელნიც მისი გულწრფელნი მიმდევარნი იყვნენ. ჩინგიზ-ხანის ბრძნულ გამონათქვამთა კრებულში სხვათა შორის მისი შემდეგი დებულებაა მოყვანილი: დუმანის (ე. ი. 10000), ათასეულისა და ასეულის ბეგებს, რომელნიც წლის დამდეგსა და დამლევს ჩვენი აზრის მოსასმენად მოდიან ხოლმე, ჯარის უფროსობა შეუძლიანთ, ხოლო ვინც თავის ხარგაში ზის და ჩვენ აზრს ყურს არ უგდებს, ასეთ პირებს უფროსობა შეჰშვენითო.
ამრიგად, ხელისუფლების მიღებისათვის ყაანის უცილობელი მიმდევრობა იყო საჭირო. ერთ-ერთ პირის ათიათასის უფროსად დანიშვის დროს, ჩინგიზ-ხანისაგან ნათქვამის მსაგავსად, მას უნდა თავისი მბრძანებლის საკეთილდღეოდ ღამით გამწარებული მგლის თვისება გამოეჩინა, დღისით შავი ყორანივით ყოფილიყო. ამნაირად, დაპყრობილიქვეყნებისა და ხალხის მართვა-გამგეობა ყაანის ნათესაობას, ბატონიშვილებსა და მის ერთგულ თანამებრძოლებს ჩაუვარდათ ხელში.
ტომებისა და ქვეყნის მმართველად დანიშნულს უფლისწულებსა და უდიდეს ნოინებს თავიანთს საგამგეოში განუსაზღვრელი უფლება ჰქონდათ მინიჭებული: ბრალდებულის ბედიღბალი და დამნაშავედ მიჩნეულის სიკვდილ-სიცოცხლე მთლიანად მათ ხელში იყო.
ჯუვეინის ცნობით, ყველა დიდი და მცირე ნოინი, ისევე როგორც დანარჩენი მონღოლებიც, გარკვეულ ულუსებთანა და მათ ხელისუფლებთან იყვნენ მიმაგრებულნი. არც ერთს მათგანს უფლება არ ჰქონდა თითონ, ნებადაურთველად, სხვა ნოინთან გადასულიყო და მას დაჰკავშირებოდა. ასეთი თვითნებური გადასვლა იმდენად მძიმე დანაშაულად ითვლებოდა, რომ ასეთ პირებს სიკვდილითაც-კი სჯიდნენ.
ჩინგიზ-ხანმა კარგად იცოდა თავისი უახლოესი თანამშრომლების მრისხანე და თავშეუკავებელი ხასიათი და ამიტომ ის თავის შვილებს ურჩევდა მცირე ნოინებისა და ბეკებისადმი დასჯის დროს სიფრთხილე და აუჩქარებლობა გამოეჩინათ. ის უფლისწულებს, თავისსავე შვილებს, არიგებდა: ეს ბეგები თქვენთვის მომიცია, მაგრამ, შვილნო ჩემნო, თქვენ ჯეელები ხართ, მათ კი ცხოვრების უკვე დიდი გზა აქვთ განვლილი. თუ რომელიმე მათგანი რამეს დააშავებს, მხოლოდ თქვენ სურვილს ნუ აჰყვებით და ნუ მოჰკლავთ, არამედ ჯერ შემეკითხეთ, შემდეგ ერთმანეთშიც მოითათბირეთ და მაშინ, ვისაც სასჯელის ღირსად სცნობთ, დასაჯეთო. ჩინგიზ-ხანი უფროს-უმცროს მოხელეებისადმი ლმობიერების მსგავსად გონიერების გამოჩენასაც-კი ურჩევდა: რაკი უფროსი ბეგები გულით მსახურებენ, ამიტომ, თუ რამეს დააშავებენ, მათი ბრალი საჯაროდ გამოარკვიეთ, რომ ამ საქმის გამო გულში ჯავრი არ ჩაჰყვეთ და ამასთანვე დარწმუნდნენ კიდეც, რომ, რაც მათ გადახდებათ, მრისხანებისა და უგუნურების გამო-კი არ დაემართებათ, არამედ მხოლოდ მათივე დანაშაულების შედეგად. მაგრამ მონღოლთა ყაანის უფლისწულებისა და დიდი ხელისუფლების მოქმედება რომ ასეთი გონიერების მაგიერ ხშირად სწორედ მრისხანებითა და თავშეუკავებლობით არ ყოფილიყო ნაკარნახევი, ცხადია, ჩინგიზ-ხანს თავისი შვილების ამნაირად დარიგება არ დასჭირდებოდა.
თვით მონღოლთა უზარმაზარი საბრძანებლის დამაარსებელსაც მრისხანების არა-ერთი მაგალითი მიუცია სხვებისათვის. თვით მისივე მსჯელობით, ერთი ადამიანის დანაშაულებისათვის ყველა მის მახლობლებსაც უნდა ეგოთ პასუხი. ჩინგიზ-ხანის ბრძნულს გამონათქვამებში სწორედ ასეც არის აღნიშნული: ყოველ ბეგს, ე. ი. ხელისუფალს, რომელიც თავისი საგამგეოს საქმეებს ვერ გაუძღვება, თავის ცოლშვილითურთ პასუხისმგებლად ვთვლით და მის მაგიერ ვისმე სხვას ამოვირჩევთო. ამრიგად დანაშაულებისათვის, პირადი პასუხისმგებლობის მაგიერ, აქ ოჯახობრივი პასუხისმგებლობაა წესად მიღებული, ე. ი. ისეთი იურიდიული აზროვნობა, რომელიც გვაროვნულ პასუხისმგებლობის წესისაგან მხოლოდ ოდნავ განსხვავდება. შურისძიებისა და შიშის ზარის ჩანერგვის მეტი აქ არაფერია მოკარნახედ საგულისხმებელი. ესეც-კია, რომ უამისოდ ველურ თავისუფლებას მოკარნახედ საგულისხმებელი. ესეც-კია, რომ უამისოდ ველურ თავისუფლებას მიჩვეული მონღოლების თვითნებობის ალაგმვა და მოვალეობის წესიერი ასრულების აუცილებლობის შეგნების ჩანერგვა ალბათ სხვა საშუალებით ვერც მოხერხდებოდა.
რაკი მონღოლები შემდეგშიც მომთაბარეობით მესაქონლეობის მიმდევარნი დარჩნენ, ამიტომ მათი არსებობის საკითხს, დიდი საბრძანებლის შექმნის შემდეგაც, საქონლისათვის საჭირო საძოვრები წარმოადგენდა. თავდაპირველად გარკვეული ფართობის საძოვარი მთლიანად გვარს ეკუთვნოდა, შემდეგ მეთაურისა და სულ ბოლოს ყაანის, უფლისწულებისდა დიდი ხელისუფალი ნოინების განკარგულებაში გადავიდა: ისინი ანაწილებდნენ საძოვრებს და საზღვრავდნენ მათ ფართობსა. მათ ნებადაურთველად არავის უფლება არ ჰქონდა ადგილი მოენაცვლებინა სხვაგან სადმე წასულიყო. მათზევე იყო დამოკიდებული, თუ საგამგეოს რომელ მოხელეს სად უნდა ჰქონოდა სადგომი.
საძოვრებად განკუთვნილ ფართობს გარეშე, მონღოლთა ყაანსა და მის დიდ ხელისუფლებს ცალკე ნაკვეთებიც ჰქონდათ ნაკრძალად, ყურუღ-ად, გამოყოფილი, სახელდობრ სხვადასხვა სიდიდის ფართობი საჯერგო ნადირობისათვის და ხანის საგვარეულოს სასაფლაოდ.
თუმცა საქონელი მონღოლთა ყოველი საგვარეულოსა და ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდგომ, რაც საძოვრების განაწილების უფლება ჯერ მეთაურებმა, ხოლო მერმე ყაანმა და მისმა მოხელეებმა ჩაიგდეს ხელში და პატრონყმობაც დამყარდა, მონღოლებს მოვალეობაცა და გადასახადებიც გაუჩნდათ, მათი გამოღებაც მოუხდათ. ცხადია, რომ სხვადასხვა ახლად გაჩენილი ეს მოვალეობა უნდა მონღოლთა ყოფაცხოვრებასა და მეურნეობასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ხოლო, რაკი მათი ყოფაცხოვრება და მეურნეობა მესაქონლეობასა და ლაშქრობა-ნადირობაზე იყო დამყარებული, ამიტომაც მათი გამოსაღებელიც მესაქონლეობას უნდა დასწოლოდა ტვირთად, ბეგარად-კი ჯერგის ნადირობისა და ლაშქრობისათვის საჭირო რაოდენობით შეიარაღებული ხალხის გამოყვანა იქცა.
მესაქონლეობაზე გამოსაღებლად დასაკლავი საქონლის გამოყვანა და საწველად გაცემა დაწესდა. ჩინგიზ-ხანის დროსვე უკვე საკმაოდ ბევრი გადასახადები ჩანს, მაგრამ ჯუვეინის მათი მხოლოდ სახელები მოეპოვება, რაობა და სიდიდე-კი განსაზღვრული არ არის. XIII საუკუნის მონღოლური მატიანითა და ჩინური ცნობით, ჩინგიზის მემკვიდრის ოგედე-ხანის დროს საგადასახადო სისტემის მოწესრიგება დაიწყო და გადაწყდა, რომ რქოსან სხვილფეხა ნადირისა და წვრილფეხა ფარის100 სულ საქონელზე თითო საქონელი უნდა მოეცათ, ხოლო ცხენის ჯოგის 100 ცხენზე ერთი ფაშატი. ნამდვილად-კი ამაზე გაცილებით უფრო მეტი გადასახადები არსებობდა. რის შესახებაც შემდეგ გვექნება საგანგებოდ საუბარი.

საერთოდ უნდა გათვალისწინებული იყოს, რომ დაწესებული გადასახადების მოკრების დროს მოხელეთა ისეთი თვითნებობა და ძალმომრეობა სუფევდა, რომ, დას. ევროპითგან მონღოლეთში XIII საუკუნის ნაყოფი დამკვირვებლების ცნობით, მონღოლთა ყაანს და მის დიდ ხელისუფლებს ყველაფრის წაღება და წართმევა შეეძლოთ, რაც-კი მოეწონებოდათ და რამდენიც კი მოჰსურდებოდათ. მდგომარეობის ასეთი დახასიათების სისწორე იმ გარემოებითაც მტკიცდება, რომ მონღოლთა ხანის სპარსელი ისტორიკოსების ჯუვეინისა და რაშიდ-ედ-დინის თხზულებებშიც გადასახადების აკრების დროს ბატონიშვილებისა და მოხელეებისაგან ჩანადენს ასეთ უწესოებაზე ბევრგან არის ჩივილი.

 

მონღოლთა კულტურული დონე და ამაზე დამოკიდებული მათი საბრძანებლის ბედიღბალი

ჩინგიზ-ხანისაგან შექმნილი მონღოლთა საბრძანებლის საბოლოო ბედიღბლის გასაგებად ერთი საყურადღებო გარემოებაა აღსანიშნავი: იმისდა მიუხედავად, რომ ჩინგიზ-ხანმა უშველებელი საყაანო დააარსა, რომელსაც საგვარეულოსთან, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა და თითონ მანაც პირადად თავის თანამემამულეების გვაროვნული წესწყობილების რღვევას თავისი ზემოაღნიშნული მოქმედებით ხელი შეეწყო, მაინც გვაროვნული მსოფლმხედველობა მასაც, ეტყობა, იმდენად ჰქონდა ძვალრბილში გამჯდარი, რომ ახლად დაარსებული თავისი საბრძანებელი თავის შვილებს კერძო საგვარეულო საკუთრების მსგავსად გაუყო და თავის მახლობელ თანამებრძოლთაც უწყალობა. საყაანო ამრიგად მას ყაანის საგვარეულო საკუთრებად ჰქონდა მიჩნეული და ისე გამოდიოდა, თითქოს მის საგვარეულოს ყოველ წევრს, ბატონიშვილს, ამ სამფლობელოს რომელიმე ნაწილის თავისთვის საუფლისწულოდ მიღების უფლება ჰქონდეს. მართალია, ასეთი საუფლისწულოების მკვიდრი მოსახლეობა თავდაპირველად ყაანს ექვემდებარებოდა და ამ მოსახლეობისათავის მას საგანგებოდ მიჩენილი მოხელეები, დარუღანი, ჰყავდა, უფლისწულებს-კი მხოლოდ მათგან აღებული გადასახადები ერგებოდათ (ამ გადასახადების აკრების უფლება თითონ მაინც არ ჰქონდათ), მაგრამ ასეთი ვითარებაც მხოლოდ პირველ ხანებში იყო, შემდეგ-კი თანდათანობით საუფლისწულოს მთელი მოსახლეობა გამგე უფლისწულთა ხელში გადავიდა და მათი დამოკიდებულებაც ყაანისაგან ფორმალური გახდა.
მონღოლთაგან დაპყრობილი კულტურული სახელმწიფოების სხვადასხვა ნაწილების ყაანებისაგან საუფლისწულოდ და საპატრონყმოდ გაცემა რომ დაიწყო, ამ სახელმწიფოების მოსახლეობას მარტო ესა თუ ის უფლისწული, ან და ნოინი-კი არ დააწვა კისერზე, არამედ მთელი მისი ურდო ან და ტომი და საგვარეულოც, რომელნიც მას თან სდევდნენ და რომელთაც ისინი, ვითარცა დამპყრობელ ძალას, ეყრდნობოდნენ. ხოლო, რაკი მონღოლებიც, როგორც უკვე ვიცით, თავიანთი ცოლშვილებითა და მთელი ჯოგ-ნახირ-ფარებითურთ მიდიოდნენ ყველგან, ამიტომ მათი სადმე დაბინავება ახალი ხალხის გადასახლებასა და ჩასახლებას უდრიდა. ამ მონღოლებს ზამთარ-ზაფხულისათვის სადგომ-საძოვრებიც ხომ სჭირდებოდათ, ამიტომ, ცხადია, რომ სადაც ისინი თავიანთვის ფართობს აირჩევდნენ, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას იქ აღარც ედგომებოდა და იმ ადგილებს იგი ვერც საძოვრად-ღა გამოიყენებდა. ამრიგად დაპყრობილი ქვეყნების მკვიდრ მცხოვრებთ დაპყრობილთა მარტო მოხელეებისა-კი არა, არამედ მონღოლთა მთელი ტომების დედაბუდიანად და საქონლიანად შენახვის ტვირთიც აწვებოდათ.
ჩინგიზ-ხანს კარგად ჰქონდა შეგნებული ვაჭრობა–მრეწველობის დიდი მნიშვნელობა. ამიტომ პირადად ისიცა და მისი მომდევნო მონღოლთა ყაენებიც ცდილობდნენ ვაჭრებისა და ხელოსნებისათვის თითქოს ხელშემწყობი პირობები შეექმნათ. მათ ჰსურდათ, რომ ვაჭრობასა და ხელოსნობას თვით მონღოლთა შორისაც ფეხი მოეკიდა და მისი ცოდნა გავრცელებულიყო.
რაკი მონღოლთ, მათი განვითარების დაბალი კულტურული დონის გამო, ვაჭრები სრულებით არ ჰყავდათ, ხოლო ხელოსნები ცოტანი და მხოლოდ ვიწროდ შემოფარგლული სამეურნეო საჭიროების დასაკმაყოფილებლად გამოსადეგნი მოეპოვებოდათ, დიდი კულტურული ერების ყოფაცხოვრების დანახვამ-კი მათ ხელოსნობის მთელი მნიშვნელობა მწვავედ აგრძნობინა, ამიტომ, ამისათვის შესაფერისი საკუთარი პირების ნაკლებობასა და უქონლობის შევსება, მათ ისევე სცადეს, როგორც არაერთხელ წინათ და სხვა ქვეყნების დამპყრობელთ უცდიათ: კულტურულად დაწინაურებული და კარგად განსწავლული ხელოსნების მყოლი დაპყრობელი ქვეყნებითგან მონღოლებმა ხელოსნები აჰყარეს და თავიანთ სურვილისამებრ არჩეულს ადგილზე დაასახლეს. მათ ეგონათ, რომ ამნაირად იქ მონღოლებს შორისაც ხელოსნობის ეს დარგების ეს დარგები და მაღალხარისხოვანი ცოდნა გაჩნდებოდა. ჩვენთვის უფრო ის გავლენა საყურადღებო, რომელიც მონღოლთაგან დაპყრობილი კულტურული ქვეყნების წარმატებაზე მათი ყაანების ზემოაღნიშნულს პოლიტიკას უნდა მოეხდინა. ცხადია, რომ ასეთ საშუალებას ადგილობრივი წარმოება-ხელოსნობისათვის დიდი ზიანი უნდა მიეყენებინა და, უეჭველია, მათ დაქვეითებისათვის ხელი უნდა შეეწყო.
დამწერლობა მონღოლებს მხოლოდ ფართო დამპყრობლობითს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის ხანაში გაუჩნდათ. მონღოლური ანბანი უიღურთაგან არის შეთვისებული და უიღურნივე იყვნენ მათი მასწავლებელნი და პირველი მდივანმწიგნობრები. თვით ჩინგიზ-ხანი წერაკითხვის უცოლდინარი იყო, მაგრამ მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდა და ყოველნაირად ცდილობდა, რომ თავის უფლისწულებისა და თანამეტომეთათვის წერაკითხვა და განათლება შეესწავლებინებინა. მისი ყოველივე ცდა მხოლოდ ამაო გამოდგა: მონღოლთაგან არც ბატონიშვილებსა და არც სხვას ვისმე ამისათვის გულმოდგინეობა და მოთმინება არ გამოუჩენია – განათლება მაღალ წრეებშიცა და ხალხშიც ნელი ნაბიჯითა და სუსტად ვრცელდებოდა. თუმცა მონღოლებმა მეზობელთგან ზოგი რამე შეითვისეს, მეტადრე უიღურებისა და ჩინელებისაგან, რომელთაც ძველ დროითგანვე უკვე მაღალი კულტურა ჰქონდათ, მაგრამ მონღოლები თავიანთი ყოფაცხოვრების წესით იმდენად განსხვავდებოდნენ ჩინელებისაგან, რომ მათგან მხოლოდ ზოგიერთი რაიმეს შეთვისება შეეძლოთ გარეგნულად.
ვითარცა უბინადრო მომთაბარე მესაქონლე ხალხის შვილთ შეეფერება, მონღოლები სამოქალაქო მართვაგამგეობასა და სამოხელეო საქმიანობაშიც გამოუცდელნი იყვნენ, ამიტომ მონღოლთა ხელისუფლებს მათდამი დაკისრებული თანამდებობის ასასრულებლად მცოდნე პირები სჭირდებოდათ თანაშეემწეობად. ასეთი მოხელეების მოძებნა-შერჩევა-კი მათ უიღურთა, ნესტორიან ასურელებსა და ხავარაზმ –ერან-არაბეთის მაჰმადიან იმ სოვდაგრებსა და მოხელეთა შორის შეეძლოთ, რომელთაც, ვითარცა მონღოლეთში ნამყოფებმა, მონღოლური იცოდნენ და თავიანთ ახალ ბატონებისათვის ამ მხრივაც გამოსადეგნი იყვნენ. მონღოლთ თავიანთ შორის დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობის ენების მცოდნენი არ გააჩნდათ, ამიტომ მათ მოენე შუამავლებიც, თარჯიმანიც სჭირდებოდობათ. ამ თარჯიმნებს დიდი ძალა ჩაუვარდათ ხელში და მათზე მაშინდელ დროში ბევრი იყო დამოკიდებული. რაკი მონღოლთა მაღალი თანამდებობის პირნი არც სამოქალაქო მართვაგამგეობაში იყვნენ გამოცდილნი და არც ენები იცოდნენ, რომ მათ ქვეშე მყოფი ხალხის ჭირვარამი და მიყენებული უსამართლობის უშუალოდ გაგება შესძლებოდათ, ამიტომ მათი მოქმედება თითქმის მთლიანად ამ მოენე მოხელეების პატიოსნება-სინდისიერებაზე იყო დამოკიდებული, რაც ამ ხანაში იშვიათი თვისება იყო.
შემდეგ უნდა ითქვას, რომ მონღოლთა საერთო ნაკლს მაგარი სასმელებისადმი თავშეუკავებელი მიდრეკილება შეადგენდა. მათ შორის ლოთობა ძალზე იყო გავრცელებული. ამ სენმა, მრავალცოლიანობასა და სქესობრივ თავაშვებულებასთან ერთად, მათ მმართველ წრეს დიდი ზიანი მიაყენა და მათ ფიზიკურსა და სულიერ გადაგვარებას შეუწყო ხელი.
ყველა ზემონათქვამიდან ცხადი გახდებოდა, თუ რამდენად დიდი განსხვავება არსებობდა ძლევამოსილ მონღოლებსა და მაშინდელი მახლობელი აღმოსავლეთის დაპყრობილ ხალხებს შორის, როგორც სოციალური და სახელმწიფო წესწყობილების, ისევე კულტურის განვითარების დონის მხრით. უკანასკნელნი ყველაფრით უფრო მაღლა იდგნენ.

 

 ჩინგიზ-ხანისა და მონღოლთა გამარჯვება- ძლევამოსილების მიზეზები 

 ბუნებრივად იბადება საკითხი, მაშ როგორ მოხდა, რომ ასეთი უპირატესობისდა მიუხედავად, მონღოლებმა გაიმარჯვეს და ჩინგიზ-ხანმა ისეთი ვრცელი და გასაოცრად მრავალეროვნებიანი საბრძანებლის შექმნა შესძლო, რომლის მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგში ოდესმე ყოფილა?
ცხადია, არავის ფიქრად არ მოუვა, რომ მონღოლების ლაშქრობას ჩინგიზ-ხანის მეთაურობით მახლობელი აღმოსავლეთის კულტურის ისტორიაში ოდნავად მაინც ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის რაიმე მსგავსი მნიშვნელობა მიაკუთვნოს, თუმცა-კი მათი ბატონობის კულტურული მნიშვნელობის აღმსარებელი მეცნიერი არა ერთი გამოჩენილა. ამგვარადვე მონღოლთა გამოჩენა საისტორიო ასპარეზზე არაბთა მსგავსი მოვლენისაგანაც ძირიანად განსხვავდება. ახლად გამაჰმადიანებულსა და გაერთიანებულ არაბებს, ყველგან, სადაც ისინი შედიოდნენ, თან ახალი სარწმუნოებრივი მოძღვრება მიჰქონდათ, რომლის გასავრცელებლად მათ ხშირად ქადაგებით დაჯერებაზე უფრო მეტად პირველ ხანებში ძალმომრეობა და ცეცხლი და მახვილი გამოუყენებიათ, ხოლო შემდეგში არა-პირდაპირი, პოლიტიკური და ფინანსიური საშუალებანი. მოონღოლები კერპთაყვანისმცემელნი, შამანები, იყვნენ და თავიანთი სარწმუნოების სხვაგან გასავრცელებლად ოდნავაც თავი არ შეუწუხებიათ. არც ერთი ცნობა არ მოგვეპოვება, რომ ასეთი აზრი მათ ოდესმე მოსვლოდეთ. პირიქით, ისინი ყველა სხვა სარწმუნოებას შიშით, კრძალვითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ და არავინ მათი ბატონობის დროს ისეთ ხელსაყრელ პირობებში არ ყოფილა, როგორშიც ყველა აღსარების მღვდელმსახურნი იყვნენ. მონღოლთა ლაშქრობა უფრო ჰუნექბისა და ვანდალების შემოსევას მიაგავდა: სამხედრო და სამეკობრო-დამპყრობლობით მიზნების გარდა, არც ჩინგიზ-ხანს და არც მის მემკვიდრე ყაანებს არათერი იდეური ამოცანა გარეგნულადაც-კი არ დაუსახავთ.
მონღოლებს ისტორიის ფართო სარბიელზე ახლად გამოსული ხალხის სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ჭაბუკური ძალა ჰქონდათ. ეს ახალგაზრდული ენერგია და ლაშქრობა- ნადირობის დაუშრეტელი ხალისი ჩინგიზ-ხანმა მარჯვედ გამოიყენა და თავის შექმნილი იმ სამხედრო ორგანიზაციით, რომლის შესახებაც უკევე გვქონდა საუბარი, მთელი მონღოლეთი ნამდვილ სამხედრო ბანაკად აქცია. ამან მას საშუალება მისცა მთელი ხალხის ძალღონე ყოველ წუთს საჭიროებისამებრ დაუბრკოლებლივ გამოეყენებინა.
ასეთ პირობებში მონღოლთა მკვიდრი ბინადრობის უქონლობაც-კი ფრიად ხელსაყრელი გამოდგა, რათგან ცხადია, რომ მთელი შემადგენლობითა და სარჩო-საბადებლით სწრაფი გადასვლ-გადმოსვლის ასეთი შესაძლებლობა მონღოლებს სხვებთან ბრძოლის დროს დიდ უპირატესობას ანიჭებდა: სამხედრო მოქმედების გამო მოყენებული ზარალის შევსებას ახალ-ახალი მოლაშქრეების გამოყვანით ისინი ადვილად ახერხებდნენ. მათ მკვიდრ ბინადრების წესის მიმდევარ მოწინააღმდეგეს –კი ამისათვის ბრძოლის ველზე ახალი ძალის გასაწევად დროც გაცილებით მეტი სჭირდებოდა და სახსრებიც.
ამის საწინააღმდეგოდ მახლობელ აღმოსავლეთში, მეტადრე ერანში, სრული დაქსაქსულობა სუფევდა: ათაბაგის ქიშპობა-მტრობა და უმწეობა იყო. არაბთა სახალიფოს ხომ დიდი ხანია უკვე ძალა გამოლეული ჰქონდა და თვით ხალიფაც სხვა მოდგმის მოლაშქრეთა მეთაურების სათამაშო ბურთად იყო გცეული. საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმტკიცე ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მეფობის დროს შეირყა ცალკე ამ ორი პირის ასეთი პასუხსაგები თანამდებობისთვის შეუფერებლობით, უფრო მეტად-კი დიდგვარიან აზნაურ მეპატრონეთა თვითნებობა-ქიშპობის აულაგმელობით. ძლიერი ნობისყოფის პატრონი მესაჭის უყოლობამ ამ დიდ ხელისუფლებს თავიანთი მოვალეობა დაავიწყა და პირად კეთილდღეობაზე ზრუნვამ სახელმწიფო ინტერესები ანაცვლებინა. დასასრულ, როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, ხვარაზმშაჰ ჯალალედინმაც თავისი უგუნური პოლიტიკით მისდაუნებურად მონღოლებს გზა გაუკაფა და მათ გამარჯვებას უკვე მთლიანად შემზადებული ნიადაგი დაახვედრა.
ამასთანავე უცილობელია ჩინგიზ-ხანის დიდი სამხედრო ნიჭიც: მან ფართოდ გამოიყენა ერთი სამხედრო ხერხი, რომელმაც მონღოლებს ხშირად მოიპოვა გამარჯვება მათზე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ბრძოლის დროსაც, -ლაშქრის ორ ნაწილად გაყოფა, ერთი ნაწილის გარკვეულ ადგილას უკან ჩასაფრება, მეორე ნაწილით-კი პირისპირ შებრძოლება, რომელთაგან ამ უკანასკნელს წინასწარ ნაბრძანები ჰქონდა ბრძოლის დროს განზრახ უკან დაეხია და ვითომცდა გაქცეულიყო ჩასაფრებულთა ადგილამდე. როდესაც მოწინააღმდეგის შესატყუებლად გაქცეული მონღოლთა რაზმი ჩასაფრებულთა ადგილს გასცილდებოდა, მაშინ უკვე ისინი უნდა შემდგარიყვნენ და, საფრითგან ამოცვივნულ მონღოლთა რაზმთან ერთად, შეცდენილი მტერი შუაში მოექციათ. მონღოლთა ასეთს მოულოდნელ ორმხრივს შეტევას, რასაკვირველია, ვერავინ გაუძლებდა და მოწინააღმდეგე ჯარი იღუპებოდა.

მას შემდგომაც, როდესაც ომი უკვე დამთავრებული ჰქონდათ, ქვეყანა და ხალხიც დამორჩილებული ჰყავდათ, არასდროს მონღოლები ადგილობრივ მოსახლეობაში ქალაქებსა და სოფლებში არ დაბინავებულან. მათ და მათ ოჯახობას, ისევე როგორც ჯოგ- ფარებს, დიდი ფართობის საძოვარ-სადგომები სჭირდებოდათ და მათი ბინაც იქვე იყო ხოლმე. ამგვარად, ამ დროსაც ისინი კვლავ ადგილობრივ მკვიდრთაგან განცალკევებულს სამხედრო ბანაკს წარმოადგენდნენ, რომელიც, თანამედროვე საოკუპაციო ჯარის მსგავსად, ყოველ ჟამს საბრძოლველად გამზადებული იყო. ასეთი წესი მათ საშუალებას აძლევდა აჯანყების ყოველივე ცდისათვის სწრაფად წინააღმდეგობა გაეწიათ და ადვილად ჩაექროთ.


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://www.nplg.gov.ge




სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.
ფრესკა აღებულია ინტერნეტ გვერდიდან - http://ka.wikipedia.org/.



1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014