მონღოლნი, მათი სოციალურ-პოლიტიკური წესწყობილება, ყოაცხოვრება და კულტურული განვითარების დონე XII საუკუნის დამლევსა და XIII საუკუნის დამდეგს.
ჩინგის–ხანი

1 2

მონღოლთა გვარტომობა და ყოფაცხოვრება
მონღოლთა სოციალური წესწყობილება


მონღოლთა გვარტომობა და ყოფაცხოვრება

მონღოლთა სამშობლო ციმბირი იყო. მათ ჰქონდათ დაკავებული მიწა-წყლის ფართობი ერთი მხრით ბაიკალის ტბასთან და მდ. ენისეის ზედა ნაწილისა და მდ. ირტიშის გაყოლებით, - იქ მონღოლთა ტყეში მობინადრე ტომები ცხოვრობდნენ, - მეორე მხრით ბარისა და მთისსაძოვრების მთელი სივრცე ყულუნ-ბუირის ტბითგან მოყოლებული ალტაის მთების დასავლეთის განშტოებამდე.
მონღოლნი, თურქებთან ერთად, მონღოლურ მოდგმას ეკუთვნიან, რომლისაც კანის ფერსაცა და ფიზიკურ აგებულებასაც თავისი განმასხვავებელი თვისებები ჰქონდა.
მათი სხეულის კანის ფერი მოყვითანო იყო და ეს თვისება მონღოლებს დღევანდლამდე აქვთ შენარჩუნებული. თურქებს კანის ფერი, ახალ ადგილებზე გადმოსახლებისა და მრავალ საუკუნეთა განმავლობაში სხვა მოდგმის ერებთან შერევის შედეგად, საგრძნობლად გაუთეთრდათ.
მონღოლთა სხეულის გარეგნობის თავისებურება ყველაზე მკაფიოდ თავზე და პირისახეზეა შესამჩნევი. მახლობელი აღმოსავლეთისა და ევროპის იმდროინდელ ისტორიკოსებსა სწორედ ეს გარემოება აქვთ აღნიშნული და მათთვის უჩვეულო მონღოლთა ასეთი გარეგნობა დაწვრილებით აქვთ აღწერილი. მონღოლებს შავი უხეში თმით შემოსილი სხვილი თავი ჰქონდათ, წარბ-წამწამები და წვერ-ულვაშიც ამავე ფერისა, მაგრამ ბაგეები და ნიკაპი ბალნით თხლად ჰქონდათ მოფენილი. მონღოლს, კანს გარდა, მაინც უმთავრესად წვრილი, ღრმად და ერთმანეთისაგან მოშორებით, თანაც ირიბად ჩამჯდარი თვალები და მეტად დაბალი, მაგრამ განიერ-ნესტოებიანი ცხვირი ასხვავებდა ადამიანთა დანარჩენ მოდგმისაგან. წინათ თურქებსაც თავისა და პირისახის ასეთივე თვისებები ჰქონდათ, მაგრამ, ზემოაღნიშნული მიზეზების გამოვე, ამ მხრივაც მათ დიდი ცვლილება დაეტყოთ, მონღოლურსა და თურქულს ენებს შლორისაც უცილობელი ნათესაობაა.
ყოფაცხოვრებისა და წესწყობილების მიხედვით, მონღოლნი XII საუკუნის ორ მთავარ ჯგუფად იყოფებოდნენ. მათ ტომთა ერთი ჯგუფი ტყეებში ცხოვრობდა და უმთავრესად მონადირეობით ირჩენდა თავს, ტომთა მეორე ჯგუფი ველად მცხოვრები იყო და მისი არსებობის მთავარ წყაროს მესაქონლეობა შეადგენდა. მკვიდრი ბინადრობა არც ერთს ამ ჯგუფთაგანს არ მოეპოვებოდა, არამედ, მონადირეობისა და მესაქონლნობის საჭიროებისდა მიხედვით, ისინი ადგილითგან ადგილზე გადადიოდნენ. მესაქონლეობა მომთაბარეობაზე იყო დამყარებული, რათგან ზაფხულის სიცხეში მთიანეთის საძოვრებში, სიგრილესთან ერთად, საქონლისათვის საკვებიც უკეთესი მოიპოვებოდა.
ცხადია, რომ მესაქონლეობის მიმდევარ მონღოლთა ტომების შტო განვითარებით მონადირეობის მიმდევრებზე უნდა მაღლა მდგარიყო, მაგრამ მესაქონლე ტომებიც კულტურულად საკმაოდ დაბალ საფეხურზე იდგნენ. ისინი რქოსან სხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, - ძროხების, ხარების, ცხვრებისა და თხების, - მეტადრე-კი ცხენების მოშენებას მისდევდნენ. ცხენებსა და ხარებს შესაჯდომად და შესაბმელად ხმარობდნენ, ცხვარსა და თხას-კი მათთვის მნიშვნელობა უმთავრესად როგორც სახორცე და მატყლ-ბალნის მომცემ საქონელსა ჰქონდა. მათი მეურნეობის მთავარ საზრუნავს ცხენთმომშენებლობა შეადგენდა, რათგან ცხენი მონღოლისათვის მარტო იმით-კი არ იყო ძვირფასი, მიმოსვლისამ და ნავარდისათვის იმაზე უკეთეს ცხოველს ვერ იშოვიდა, არამედ აგრეთვე ვითარცა მეწველი და სახორცე საქონელიც. მონღოლების საყვარელი სასმელი ხომ სწორედ ცხენის რძისაგან შემზადებული ნოყიერი და შუშხუნა ყუმისი იყო, რომელიც წმინდა და ბოროტებისაგან გამკურნელ სასმელადაც-კი ჰქონდათ მიჩნეული. ცხენის ხორცი –კი მონღოლისათვის ყველა სხვა პირიტყვის ხორცზე უფრო სანუკვარი იყო და არაფრის ჭამას ის ისე გულიანად არ ეტანებოდა, პროგორც ცხენის ხორცისაგან შემზადებულ საჭმელებს. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, მეცხენეობას მონღოლთა მეურნეობაში მთავარი მნიშვნელობა ჰქონდა.მაგრამ მონღოლები მესაქონლეობასაც-კი არ მისდევდნენ ფართოდ, არამედ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც საკუთარი მოთხოვნილებებისათვის სჭირდებოდათ. რაკი მათი მეურნეობის ეს მთავარი დარგიც ექსტენსიური იყო, დანაკლისის შესავსებად მონღოლები მონადირეობასაც გატაცებით ეტანებოდნენ, მონღოლეთში ნამყოფი მეცამეტე საუკუნის დას. ევროპის მწერლის რუბრუკვისის ცნობით, მონღოლების საკვების მნიშვნელოვანს ნაწილს სწორედ ნანადირევი შეადგენდა.
მონღოლები საერთოდ და ყველა მათი ყაანებიც, პირველი გამაერთიანებლის ჩინგიზ-ხანითგან მოყოლებული, ნადირობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და ყველა თავიანთი ქვეშევრდომისათვის სავალდებულოდ სთვლიდნენ. ეს მარტო იმით კი არ აიხსნება, რომ მონადირეობას, ვითარცა მონღოლთა კვებისათვის მნიშვნელოვან წყაროს, დიდი ეკონომიური ღირებულება ჰქონდა, მონღოლთა მეთაურნი ნადირობას ისევე უყურებდნენ, როგორც სამხედროსა და ბრძოლისათვის მზაობის წინასწარ ვარჯიშობასაც: ახალგაზრდა მონადირენი აქ ეჩვეოდნენ შვილდისრის მარჯვედ გამოყენებას, მხეცისაგან მოსალოდნელი განსაცდელის წინაშე უშიშროებასა და აზროვნებისა და მოქმედების სწრაფად მოხმარებას. რასაკვირველია, მონღოლები მონადირეობას ეტანებოდნენ, როგორც გასართობსა და დღესასწაულსაც, ამიტომ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ ყოველი დიდი ბრძოლისა და გამარჯვების შემდგომ, ხანგრძლივი მოლხენითა და უხვი ჭამასმითურთ ფართოდ მოწყობილი ნადირობაც უნდა გაემართათ ოლმე.
მონღოლებმა ნადირობა შვილდისრითაც იცოდნენ და მიმინო-შავარდნითაც. ცალცალკე ნადირობას გარდა, მათ საერთო ნადირობაც ჰქონდათ დაწესებული, რომლისათვისაც დიდი ფართობი იყო ხოლმე ერთ ადგილას ჯერგის წესით, ნადირის მრავლად მომწყვდევისა და დახოცვის მიზნით, გარშემორტყმული. სწორედ ასეთს ჯერგის ნადირობაში მონაწილეობა ითვლებოდა ყველასთვის სავალდებულო ბეგარად.
მესაქონლეობისა და მომთაბარეობის მიმდევარ მონღოლთ, საცხოვრებელიც შესაფერისი ჰქონდათ. თუ მონადირე ტყის მონღოლებს თავიანთი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ფიჩხ-ფოთლითა და ნადირის ტყავებით დაფარული ქოხითაც შეეძლოთ, მესაქონლე მონღოლს საძოვრითგან საძოვარზე გადასვლისათვის მოძრავი ბინა სჭირდებოდა: მთელი თავისი ოჯახით ის უკვე ქეჩებით გარშემოვლებულსა და დაფარულს ხარგაში ცხოვრობდა. მონღოლისათვის ასეთი საცხოვრებელი იმით იყო კარგი, რომ ასე აბარგება უადვილდებოდა: როდესაც საძოვრის გამოსაცვლელად, ან და მტრის თავდასხმის მოლოდინში, თუ მტერზე გასალაშქრებლად, მას სწრაფი აყრა სჭირდებოდა, მას ამ ხარგის მთელი ბარგი-ბარხანითა და ავლადიდებით ურემზე დადგმის მეტი არა უნდოდა რა. შიგ თავისი ცოლშვილის შესხმაც-კი შეეძლო და ამნაირად მას ყოველთვის საშუალება ჰქონდა შეუფერხებლივ მთელი თავისი სახლობითა და ქონებით გზას გასდგომოდა.
სასოფლო მეურნეობის ისეთი დარგები, როგორც მემინდვრეობაა, მონღოლებს არ ჰქონდათ, რათგან ამისთვის მკვიდრი ბინადრობა იყო საჭირო. საკვებადაც ისინი პურეულს არ ეტანებოდნენ. მთელი მათი მეურნეობა - მრეწველობა მომთაბარეობითს მესაქონლეობასა და ლაშქარ-ნადირობასთან იყო უმჭიდროესად დაკავშირებული. ხისგან ურმებს, ხარგებისათვის ჩარჩოს ნაწილებს, უნაგირებს, შვილდისრებს, შუბის ბუნებსა და სხვასაც ამის მსგავსსავე ამზადებდნენ. ნადირისა და საქონლის ტყავეულობისაგან ქალამნები, ღვედები, თასმები, ცხენის შესაკმაზად და ურმებში საქონლის შესაბმელად მოწყობილობა-მოსართავები კეთდებოდა. რაკი იარაღად მონღოლებს უმთავრესად შვილდისარი, შუბი და ხმალი ჰქონდათ,ამ დარგის ხელოსნობაც მხოლოდ ამ მცირე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად იყო განკუთვნილი.
ბუნებრივია, რომ მონღოლების საქმიანობის ასეთი მცირე ნაყოფიერების გამო, მათ იარაღი და ქსოვილებიც ჰკლებოდათ, ამიტომვე მათი შეძენაც სჭირდებოდათ. ამის გამოვე ისინი უმთავრესად ტყავეულობით იმოსებოდნენ, მეტადრე იმ ხანაში, სანამ ჩინგიზ-ხანი მონღოლებს უზარმაზარ საბრძანებელს შეუქმნიდა და სხვა დაპყრობილი ხალხების შრომით შექმნილს მრავალნაირს მდიდარ ნაწარმოებებს ხელთ ჩაუგდებდა.

რასაკვირველია, ფართო დამპყრობელობითს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოყვანამ მონღოლთა მარტივი სამეურნეო მოთხოვნილება ძალზე შესცვალა: მათ იარაღიც, საკვებიცა და სამოსიც დიდი რაოდენობით დასჭირდათ. ახალ-ახალი ქვეყნების ნახვამა და იქაური მაღალი კულტურული ყოფაცხოვრების გაცნობამ, უკეთესი პირობების შექმნის სურვილი მათაც ნაწილობრივ აღუძრა: მათ ფულის, ძვირფასი ქსოვილების, ტანსაცმელ-სამკაულების შეძენის ხარბი წადილი გაუჩნდათ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ხელოსნებიცა და ვაჭრებიც საჭირონი გახდნენ.

 

მონღოლთა სოციალური წესწყობილება

მონღოლთა სოციალური წყობილების საფუძველს გვარი (ძველად ობაღ-ად, შემდეგ ობოღ, ანუ ობახ-ად წოდებული) შეადგენდა, რომლის მოყვანილი მონღოლური სახელი იგივეა, რაც თურქული ამავე ცნების გამომხატველნი ომახ, ობაყ და ობა. საგვარეულოს თითოეულმა მონღოლმა წევრმა თავისი გვარის პირველი წინაპრის სახელი და შთამომავლობითი შტო ზედმიწევნით იცოდა, რათგან ამას ბავშობითგანვე უფროსი წევრები, დედ-მამა უპირველესად, უმცროსებს ასწავლიდნენ. ამის წყალობით გვაროვნული მიკუთვნილობის გრძნობა მონღოლებს ღრმად ჰქონდათ გულში ჩანერგილი, რასაც მონღოლთა თავგადასავლისათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა.
გვარების შთამომავლობის გამრავლების გამო, მათი დანაწილება ბუნებრივი გზითაც სწარმოებდა და შეყრილობის საშუალებითაც მათი შემადგენლობა იცვლებოდა.
გვარების კავშირი უკვე ირგენ-ს, ე. ი. ტომსა და თემს შეადგენდა, ხოლო ტომებისა და თემების გაერთიანებას ულუს-ი ეწოდებოდა, რომელიც მნიშვნელობით უკვე დაახლოვებით სახელმწიფოს უდრიდა. ისევე, როგორც ცალკეული ოჯახისა და გვარის სადგომს ჲურტ-ი ერქვა, ყაანისა და ბატონიშვილების სადგომსაც თავისი სახელი, ორდუ, ჰქონდა, რომელიც ქართულში ხმოვანთა ადგილმონაცვლეობით ურდო-დ არის ქცეული.
მონღოლები თავიანთ გვაროვნულ შთამომავლობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ და თანამოგვარეებს, რომელთაც ურუხ-ს უწოდებდნენ, სხვა გვარის შვილებისაგან, რომელნიც მათთვის უცხონი იყვნენ და რომელთაც ისინი ჯად-ებს ეძახდნენ, მკაცრად არჩევდნენ ხოლმე. საფიქრებელია, რომ მონღოლთა ხანაში უნდა იყოს ქართულშიც ტერმინი ურუხი შემოსული, რომელიც, თუმცა ქართულშიც აგრეთვე გვარის ცნებასთან დაკავშირებულს სიტყვას წარმოადგენს, მაგრამ მონღოლურისაგან განსხვავებით, უკვე მხოლოდ ცხოველთა შთამომავლობის აღსანიშნავად იხმარება, და როგორც საბა ორბელიანს განმარტებული აქვს ”ურუხი ხვასტაგთ გვარის”, ე. ი. შინაური საქონლის ჯიშის გამომხატველ ტერმინად არის ქცეული.
მონღოლს უფლება არ ჰქონდა ცოლად თავისი საგვარეულოს რომელიმე ქალიშვილი შეერთო, არამედ უეჭველად სხვა გვარის შვილი უნდა მოეყვანა. ამის გამო საცოლოს მოსაყვანად ზოგჯერ დიდ მანძილზე უხდებოდათ წასვლა, ხოლო თანხმობის მისაღებად ურვადის მიცემაც იყო საჭირო.მონღოლები მრავალცოლიანობის წესს მისდევდნენ და თითოეულ მათგანს იმდენი ცოლის მოყვანა შეეძლო, რამდენის შენახვასაც მისი ქონებრივი სახსარი საშუალებას მისცემდა. მრავალ ცოლებს შორის მხოლოდ პირველი ითვლებოდა უფროსად. მრავალცოლიანობის გამო, მონღოლებს შვილებიც ბევრი ჰყავდათ, ისე რომ მონღოლთა ზოგიერთი ბატონიშვილის ოჯახის წევრთა რიცხვი ასობით ითვლებოდა კიდევაც. რასაკვირველია, ასეთი ვითარება შეუძლებელია შინაური შურისა და შუღლის ბუდედ არ ქცეულიყო.
მონღოლებს წესად ჰქონდათ, რომ̈ გარდაცვლილი ძმის ცოლი უნდა მომდევნო ძმას ეცოლნა. მეტის თქმაც შეიძლება: მონღოლური ჩვეულების თანახმად, შვილები თავიანთი გარდაცვლილი მამის დაქვრივებულ ცოლებსაც-კი ირთავდნენ, მათ მხოლოდ თავიანთი დედის ცოლად შერთვა ჰქონდათ აკრძალული.
რაკი თავისი ზნეჩვეულებით მონღოლს საცოლო უნდა უეჭველად სხვა საგვარეულოთგან ეთხოვა და მოეყვანა, ამიტომ ყოველი ასეთი საგვარეულო მისთვის მანამდე უცხო, ე. ი. ჯად-ი იყო, მაგრამ, მასთან დამოყვრების შემდეგ, ამ გვარის წევრები უკვე მისი ცოლის ნათესავები ტო̈რგჳდ-ები ხდებოდნენ, ე. ი. მისი თვისნი (ხუდა) იყვნენ. ამრიგად, უცხო გვაროვნობათა შორის ნათესაობა და კავშირი მყარდებოდა.
გვაროვნული წესწყობილების ძლიერებისდა მიუხედავად, გვარი ამ ხანაშიც განუყოფელ ერთეულს არ წარმოადგენდა, არამედ უკვე ოჯახებად იყო გაყოფილი. თუმცა საგვარეულო საძოვრები საერთო იყო, მაგრამ თითოეულ ოჯახს თავისი მეურნეობა ჰქონდა და, როდესაც მამა გარდაიცვლებოდა, დარჩენილ ქონებას შვილები ინაწილებდნენ. უფროს შვილს უმცროსი ძმები განსაკუთრებული პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ. საგვარეულოს უფროს შვილს ეწოდებოდა ხოლმე ბეკი, რომელსაც უფლება ჰქონდა თეთრი ტანისამოსიც ჩაეცვა და ყოველთვის თეთრ ცხენზე მჯდარიყო, ამასთანავე ყრილობის დროს მას უმაღლესი ადგილი უნდა დასთმობოდა. მაგრამ მემკვიდრეობის მონღოლური წესით მამის ბინა და იქ დაცული უმთავრესი ქონება უფროს შვილს-კი არ ეკუთვნოდა, როგორც ჩვეულებრივ სხვაგან იყო ხოლმე, არამედ უმცროსს, რომელიც ამრიგად მამის ბინის კერის მცველად ხდებოდა და რომელსაც ამის გამო ოდჩიგინ-ი, ანუ ოდჯიგინ-ი ეწოდებოდა, რაც კერის თავადს ნიშნავდა, - ან და მას ეჯენ-ს ეძახდნენ, ე. ი. უფალს, მფლობელს. მონღოლური სამართლის გავლენით ქართულ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობაშიც XIV საუკუნითგან მოყოლებული ძველი საუფროსოს გვერდით საუმცროსოც ჩნდება.
ქალი მონღოლთა სოციალური წესწყობილებითა და ყოფაცხოვრებაშიც, მრავალცოლიანობის უეჭველი უარყოფითი გავლენისდა მიუხედავად, მაინც გაცილებით უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე მაჰმადიანთა ქვეყნებში. მართალია, მას მონღოლური მეურნეობის ტვირთის უმეტესი ნაწილის ზიდვა უხდებოდა. იმას გარდა, რომ იგი შინაურ საქონელის მომვლელი, მწველელი და შემდღვებელი იყო, მას ტყავებიც უნდა დაემზადებინა და გამოეყვანა, მისგან ტანისამოსი და ფეხსაცმელიც შეეკერა, ურემიც გაემართა. საძოვრითგან აყრის დროს, ხარგა ზედ დაედგა, დაბინავებისას ურმითგან ჩამოეღო და ახალი საძოვრის ადგილზე მოეწყო. მაგრამ, სწორედ მისი მოვალეობის ასეთი ფართო საქმიანობის წყალობით, ქალი მონღოლთა შორის არ შეიძლება, რომ, მაჰმადიანი ქალის მსგავსად, ჰარამხანაში ჩამწყვდეული და გარეშე საზოგადოებას მთლიანად მოწყვეტილი ყოფილიყო. მას შეუდარებლივ უფრო მეტი უფლებაცა და უფრო მეტი თავისუფლებაცა ჰქონდა მოპოვებული: იგი ყიდულობდა და ჰყიდიდა ყველაფერს, რაც-კი მეურნეობისათვის საჭირო იყო.
ამას გარდა მკვიდრი ბინადრობის უქონლობის წესმა მონღოლი ქალები თავიანთი ქმრებისა და ძმების თანამგზავრად აქცია, მათი სიხარულისა და გაჭირვების მონაწილედგახადა. ესეთ პირობებში გასაკვირველი არაფერია, რომ თვით ყაანები და ბატონიშვილებიც-კი თავიანთი უფროსი ცოლების აზრსა და რჩევას ანგარიშს უწევდნენ. დაქვრივებული ცოლი და დედა ხომ თავისი შვილების მთელი ქონების ერთად-ერთი, განუსაზღვრელი უფლების მქონებელი, გამგე იყო მათ სრულწლოვანობამდე. რამდენადაც თავიანთი გარდაცვლილი ქმრების საუფლისწულოები და ლაშქრის მართვაგამგეობა, დაობლებული შვილების წამოზრდამდე, მათ ხელში იყო, მათ საშუალება ჰქონდათ თვით პოლიტიკურ ცხოვრებაშიც-კი მონაწილეობა მიეღოთ. მონღოლთა ყაანების ქვრივებს არა-ერთხელ თავიანთი განსვენებული ქმრების საბრძანებლის მესაჭეობაც-კი ხელში ჰქონდათ.
თანამოგვარენი და ნათესავები განსაცდელისა და გაჭირვების დროს უნდა ერთმანეთს დაჰხმარებოდნენ და ჩვეულებრივ ასეც ხდებოდა ხოლმე, თუ-კი საგვარეულოებს შორის მტრობა და შუღლი არ იყო ჩამოვარდნილი, რაც მონღოლთა ცხოვრებაში იშვიათი მოვლენა არ ყოფილა. ასეთ სამწუხარო შემთხვევებში ერთი და იმავე ურუხის წევრები, არამცთუ თავიანთ მოვალეობას ივიწყებდნენ, არამედ მათ შორის დაუნდობელი მტრობა და ბრძოლა სწარმოებდა, თავდასხმაც ცარცვა-გლეჯითა და ძალმომრეობითურთ. ასეთ პირობებში ურუხ-თანამოგვარეების მდგომარეობა, თუ ჯად-უცხოებისაზედ უარესი არა, უკეთესი მაინც არ იყო ხოლმე.
ვაი იმას, ვინც ასეთი შურისძიებით აღზნებულს ბრძოლაში დამარცხებული აღმოჩნდებოდა: ვინც თავდასხმასა და განადგურებას გადაურჩებოდა, ის, კაცი იყო, თუ ქალი, დიდი, თუ პატარა, ან თავის დამონავების ბედს უნდა დაჰმორჩილებოდა, ან და სიკვდილის მეტი მას არა მოელოდა რა. ასეთ შემთხვევებში გამარჯვებულს არც მათი ნათესაობა და არც თანამოგვარეობა, ურუხიანობა, არაფრად აწუხებდა: თავისიანი და უცხო, ურუხი და ჯადი მისთვის სულ ერთი იყო.
უკვე მოხსენებულს თვისებას გარდა, საგვარეულოთა და ტომთა შორის მონღოლეთში არსებულს განკერძოებას ძველად ასე თუ ისე ძმადნაფიცობა ჰშველოდა, როდესაც ორი სხვადასხვა გვარის შვილი მეგობრობისა და ურთიერთი დახმარების აღთქმას სდებდნენ და ანდა, ძმადნაფიცნი ხდებოდნენ. მონღოლური შეხედულებით ძმადნაფიცნი ვალდებულნი იყვნენ ერთიერთმანეთის სიცოცხლე ყოველი განსაცდელისაგან დაეცვათ და გასაჭირში ჩავარდნილ მოძმეს დაჰხმარებოდნენ. ამ ორ პირს, ძმობის ფიცისა და ურთიერთისათვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ, თითქოს საერთო სიცოცხლე უნდა ჰქონოდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც საგვარეულოების რღვევის პროცესი გაძლიერდა, საკმარისი იყო ძლიერი უთანხმოება და შუღლი ჩამოვარდნილიყო, რომ წინანდელნი ძმადნაფიცნი უკვე ერთმანეთის დაუძინებელ და დაუნდობელ მტრებად ქცეულიყვნენ.
მონღოლთა სოციალური შემადგენლობა ერთნაირი არ იყო, არამედ უთანასწორობა მათს წესწყობილებაშიც უკვე კარგად იყო საგრძნობი. თავისუფალ საგვარეულოებს გარდა, დამოკიდებული და მაშასადამე უფლებაშეზღუდვილებიც არსებობდნენ, რომელთაც უნაღან ბოღოლ-ს უწოდებდნენ. ისინი ცალკეულ პირს-კი არ ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, არამედ მთელს მეპატრონე საგვარეულოს: ჩვეულებრივ ისინი დამორჩილებული გვაროვნობის წარმომადგენელნი იყვნენ და შთამომავლობას წარმოადგენდნენ. მათ მოვალეობას სამსახური შეადგენდა: იმათ მეპატრონე საგვარეულოსთან ერთად მომთაბარეობა და ლაშქარ-ნადირობა უნდა ეწარმოებინათ და ყველა ამისთვის საჭირო მომსახურეობაც გაეწიათ. ზოგჯერ დამოკიდებულება მეპატრონე და ყმადქცეულ საგვარეულოებს შორის თანდათან იმდენად უმჯობესდებოდა ხოლმე, რომ, თუ-კი დამოკიდებული გვარი მონათესავე შთამომავლობისა არ იყო, მეპატრონე გვარის შვილებს მათგან თავიანთი საცოლოების მოყვანაც-კი შეეძლოთ27. ამმხრით ის პატრონყმური დამოკიდებულება, რომელიც მონღოლთა უნაღან-ბოღოლ-ებსა და მეპატრონე საგვარეულოს შორის არსებობდა, ძალზე განსხვავდებოდა ქართულ და დას. ევროპის პატრონყმობის წესებისაგან.
მაგრამ გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყვნენ მონღოლთა ის ყმები, რომელნიც ნასყიდობით იყვნენ შეძენილნი და მით უმეტეს დატყვევებულთაგან ყმად ქცეულნი. ამ უკანასკნელთა მდგომარეობა, რასაკვირველია, სხვებზე უფრო მძიმე იყო.
მონღოლებს მონებიც ჰყავდათ, რომელთაც ო̈ტო̈ლე-ბოღოლ-ს ეძახდნენ და რომელნიც შინაურ მოთხოვნილებათა მომსახურეობისათვის იყვნენ განკუთვნილნი.
ყმები, რასაკვირველია, ყველას არ ჰყავდათ, არამედ ყაანსა და მისი საგვარეულოს წევრებს, ბატონიშვილებსა და დიდ ხელისუფლებს, ნოჲნ–ებს, ანუ, როგორც ქართველები უწოდებდნენ, ნოინებს.
ყმობისაგან თავისუფალნი, ან და განთავისუფლებულნიც იყვნენ მონღოლთა შორის. მონღოლურად მათ დარხან-ი ეწოდებოდა, სახელი და ტერმინი, რომელიც თითქმის ამავე მნიშვნელობით, უფრო-კი გადასახადებისაგან შეუვალისა და განთავისუფლებულის გამოსახატავად, თარხანის სახით, მონღოლთა ბატონობის ხანითგან მოყოლებული ქართულმაც შეითვისა.
პატრონყმობის არსებობამ მონღოლთა მმართველი მომთაბარე გვარები დიდ ერთეულებად აქცია, რომელთა შედგენილობაც, ვითარცა მეპატრონე საგვარეულოსა და სხვადასხვა გზით დამორჩილებულ ყმათა გვარებისა და შინამოსამსახურთაგან წარმომდგარი, ჭრელი იყო სოციალურად და მრავალრიცხოვანი და რთული რიცხობრივად.
მონღოლური საპატრონყმოს თავისებურებას მონღოლური ყოფაცხოვრებისა და მეურნეობის საერთო თვისება,-სამოსახლო მკვიდრობის უქონლობა და მომთაბარეობითი მესაქონლეობა,-შეადგენდა. ყველა სხვა ქვეყნების პატრონყმობისაგან, ფეოდალიზმისაგან, იგი თავისი უმკვიდრობით განსხვავდებოდა; ამ უზარმაზარ საპატრონყმოს მთელი თავისი რთული შედგენილობითა და ავლადიდება-მეურნეობით წელიწადში ორჯერ მაინც თავისი ბინადრობის ადგილი აუცილებლად უნდა მოენაცვლებინა.
მონღოლთა ორგანიზაცია ორი ერთეულის, გვარისა და ოჯახის, წესებზე იყო დამყარებული, მაგრამ ამის გვერდით გაჩნდა სხვა ძალაც, რომელმაც შემდეგში ზემოდასახელებულს ორ ძირითად ერთეულზე მეტი მნიშვნელობა მოიპოვა და მონღოლთა ფართო ასპარეზზე გამოსვლისათვის უფრო მარჯვე აღმოჩნდა. სახელდობრ, საგვარეულო წევრთაგან სხვებზე გამბედავნი და სხვა ტომის გვართაზე თავდასხმისა და ცარცვა-გლეჯის დროს მეკობრობაში მარჯვენი და ბედიანნი, ამიტომაც უფრო შეძლებულნი და მდიდარნი, გვარიშვილთა საერთო წრეს გამოეყვნენ და დაწინაურდნენ. მეკობრობა-მოლაშქრეობაში გამორჩენის იმედით, ასეთ პირებს სხვებიც ადვილად ემხრობოდნენ და თავიანთ მხრითაც მათ ძალას ჰმატებდნენ. ამრიგად, ისინი საგვარეულოთა წიაღითგან გამოეყვნენ და სხვათა მეთაურებად იქცნენ. მათ, რასაკვირველია, განსაკუთრებული სახელებიც ჰქონდათ, რომელთაგან თითოეული მათი ერთერთი თვისებისთაგანის გამომხატველი იყო. ვითარცა გულად მეომრებს, მათ ბაადურ-ი ეწოდებოდათ, სახელი, რომელიც მონღოლებისაგან ქართულმაც შეითვისა და მამაკაცისათვის საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ სახელადაც აქცია, რუსულში ხომ, ბაგატირ-ის სახით, ეგევე მონღოლური ტერმინი გმირის გამომხატველ სინონიმად იქცა. ვითარცა მეთაურებს, მათ ნოჲან-ი ანუ ქართული იმდროინდელი გამოთქმით ნოინ-ები ეწოდებოდათ. მათ ზოგჯერ ბეკ-საც ეძახდნენ. ასეთ ბედმარჯვესა და გამდიდრებულ მეთაურებს, რა თქმა უნდა, თავიანთ მრავალრიცხოვანი ყმებიც ჰყავდათ და სხვადასხვა საგვარეულოთაგან წამოსული პირადი მსახურნიც, რომელთაც ნო̈ქო̈რ–ები ეწოდებოდათ და რომელნიც მეთაურისათვის მეკობრობა–ლაშქრობაში ყველაზე უფრო გამოსადეგნი და ერთგულნი, ამიტომაც უფრო მისანდონიც, ერთსა და იმავე დროს თან მეკობრებიც და მთავარი მეკობრის მეგობრებიც იყვნენ29.
თუმცა ყოფაცხოვრების წესმა მონღოლნი ერთმანეთისგან შორიშორს ყოფნას მიაჩვია და მათთვის შეჯგუფული, სოფლურ-ქალაქური ცხოვრება აუტანელი იყო, მაინც, ამისდა მიუხედავად, მონღოლები ძველადაც მთლად დაქსაქსულები არ იყვნენ, არამედ სხვადასხვა საგვარეულოებსა და ტომებს შორის კავშირი არსებობდა.

გვარების კავშირს, თემს, თავისი მთლიანობისა და საერთო აზრის გამომხატველად სათემო სათათბირო შეკრებილობა ჰქონდა, რომელსაც მონღოლურად ხურულტაჲ, ანუ ყურულტაჲ ეწოდებოდა. იქ საგვარეულოების უფროსებიც, წარჩინებული პირებიცა და სხვა გავლენიანი მოყმენიც-კი იყრიდნენ ხოლმე თავს. ამნაირ თათბირზე სხვათა შორის თემის ლაშქარ-ნადირობის მეთაურსა და მომწყობსაც ირჩევდნენ ხოლმე, რომელსაც ხაანი ეწოდებოდა. ასეთ თათბირის გადაწყვეტილებას ყოველთვის სავალდებულო ძალა არ ჰქონდა, მაგრამ, როცა დადგენილობა თანხმობრივი იყო, მისი განხორციელებაც ადვილდებოდა, მაგრამ, თუ მოწინააღმდეგენი აღმოჩნდებოდნენ, მაშინ საქმეს მხოლოდ იძულება და სამხედრო ძალა სწყვეტდა. ასე იყო თავითგანვე და ასევე იყო შემდეგშიც, ჩინგიზ-ხანისაგან თავისი დიდი საბრძანებლის შექმნის მერმეც. მაგრამ, თუმცა ამ ხანაშიც ახალი ყაანის ასაყვანად ყურულტაჲს ყოველთვის მართავდნენ ხოლმე, მხოლოდ გასაყაანებლად განკუთვნილის ბედი ყურყულტაჲს მონაწილეთა სურვილზე-კი, არა. არამედ მთლიანად ძლიერ მომხრეთა ჯგუფზე იყო დამოკიდებული, ამასთანავე საკითხი ყურყულტაჲმდე სწყდებოდა, ყურყულტაჲს-კი უფრო გარეგნული, საზეიმო მნიშვნელობა-ღა რჩებოდა, როდესაც შეკრებილთ უნდა უკვე მოგვარებული ”არჩევანი”-სათვის ვითომც-და დასტური მიეცათ. ისინი მხოლოდ ხალიჩაზე დასმული ახალი ყაანის სხვებთან ერთად რამდენჯერმე ჰაერში აწვა-მილოცვით-ღა უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014