მეფე დავით აღმაშენებელი
(1073–1125)

1 2

დავით აღმაშენებლის პიროვნება, შინაური პოლიტიკა და საკულტურო მოღვაწეობა
დავით აღმაშენებლის პიროვნება
რუის-ურბნისის საეკლესიო კრება
ბრძოლა დიდგვარიან აზნაურებთან
გელათის აკადემიის დაარსება
სასამართლო რეფორმა
ეკონომიკური რეფორმა
ქველმოქმედება
დავითის პირველი თანამეცხედრე
სასარგებლო ბმულები

დავით აღმაშენებლის პიროვნება, შინაური პოლიტიკა და საკულტურო მოღვაწეობა


დავით აღმაშენებლის პიროვნება

დავით აღმაშენებელს თავისი თავი «უსწავლელ», «მსოფლიონ» და «მâედრობათა შინა აღზრდილ» კაცად მიაჩნდა, მაგრამ რასაკვირველია ეს თავდაბლობით მოსდიოდა, თორემ ნამდვილად იგი ნასწავლი და განათლებული ადამიანი ყოფილა; მხოლოდ როგორც მას შეჰშვენიდა კიდეც საეკლესიო ღვთისმეტყველების მაგიერ საერო მეცნიერება ჰქონია შეთვისებული. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რომ დავით აღმაშენებელი, როგორც მისი საკუთარი სიტყვებითგანაც ნათლადა ჩანს, თურმე სხვათა შორის ვარსკვლავთ-მრიცხველობის მცოდნე ყოფილა. ერთს თავის თხზულებაში დიდებული გვირგვინოსანი ამბობს: »ზენაჲსა მოძრაობისა ასურასტანელი ზმნობაჲ და ცთომილთა ვარსკვლავთა და უცთომელთა კრებაჲ (და) განყრაჲ, სუჱ და ბედი და შობის დღე» ვიციო396. შავთელსაც მეფე დავითის შესახებ ნათქვამი აქვს:
იკითხვენ, სწერენ
თაყუმსა სჩხრეკენ
რომლს ჰკვრენ, არჩევენ
ბედთა მათთა-გან.
მეფემ
უწყის ყოველნი
ჟამნი და წელნი,
შეყინვა ნივთთა
ცით მომგვრგვლებულთა.
იგი ბუნებითაც უხვად ყოფილა დაჯილდოვებული და მთელს თავის თავისუფალს დროს სიკვდილამდე წიგნების კითხვას და გონებრივ მუშაობას ანდომებდა. კითხვა ფიქრი იყო «მისსა საზრდელ... შუება და განცხრომა, საწურთელ და სარგებელ». დიდებულ მეფისათვის წიგნები აუცილებელი სულიერი საზრდო იყო; »შემდგომად სერობისა ნაცულად ძილისა ანუ სხუასა რასამე საქმისა» ჩვეულებად ჰქონდა «კითხუა წიგნთა»; ამასთანავე წიგნები ყველგან თან დაჰქონდა ხოლმე «დღე და ღამე მიმოსვლათა შინა მიმდებთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტÕრთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა და, სადა გარდაâდის ჰონესა, პირველ ყოვლისა წიგნი მოაქუნდიან âელითა». ნადირობის დროსაც-კი საკითხავი წიგნები თან ჰქონია. არამცთუ ქართული საერო მწერლობა, არამედ მან «საღმრთონი წერილნი»-ც... «მდიდრად შეიკრიბნა რაოდენნი პოვა გარდამოღებულად ენასა ქართულსა სხუათა ენათა-გან ძუელნი და ახალნი ვითარცა სხუამან პტოლემეოს» და სტკბებოდა მათის კითხვით.
გასაოცარი ეს არის, რომ დავით აღმაშენებელს საუცხოვოდ შესწავლილი ჰქონია მარტო ქართული მწერლობა კი არა, არამედ მაჰმადიან მეცნიერთა და პოეტების თხზულებებიც. მუჰამმედი ალ-ჰამავი ამბობს, რომ მეფე დავითი ისლამის დიდი მცოდნე იყო და განჯის ყადის ხშირად იმაზეც-კი ეკამათებოდა, თუ კურანი როგორ და საითგან წარმოსდგაო. დავით აღმაშნებელს ჩვეულებად ჰქონია, წიგნს რომ წასაკითხავად აიღებდა თურმე, «რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოსა წიგნისასა» და ამ ნიშნების მიხედვით შეიძლებოდა ადამიანს გამოერკვია ან რომელი წიგნი, ან რამდენჯერ ჰქონდა წაკითხული. ზოგიერთი თხზულება, რომელიც უფრო საგულისხმიეროდ მიაჩნდა, თურმე რამდენჯერმე ჰქონია გადაკითხული და შესწავლილი. დავით აღმაშენებელის თანამედროვე ისტორიკოსი მოგვითხრობს მაგ., რომ სახელოვან გვირგვინოსანს ერთ-ერთ ამგვარ საყვარელ წიგნად «წიგნი სამოციქულო» ჰქონია და მას, ისტორიკოსს, ამ წიგნის ბოლოში დასმული ნიშნები ერთხელ დაუთვლია და გამორკვეულა, რომ «მოქცევასა წელიწადისა», ერთს წელიწადში მეფეს ეს თხზულება თურმე «ოცდა-ოთხ-ჯერ წარეკითხა». როდესაც თითონ დაიღლებოდა და ”თუალნი დაშურნიან, სასმენელნი ანაცვალნის» და სხვას გადასცემდა ხოლმე ხმა-მაღლა წასაკითხავად.
საგულისხმიეროა, დავით აღმაშენებელი წიგნების კითხვას გასართობად-კი არა სთვლიდა, არამედ წანაკითხს უფიქრდებოდა და აკვირდებოდა, ხოლო როდესაც სხვას აკითხებდა ხოლმე, მაშინ «ფრიადცა ფრთხილად ისმენენ წინაშე თÕსსა მკითხველისასა, გამოეძიებდენ, ჰკითხვენ და უფროს-ღა თÕთ განმარტებენ ძალსა დ სიღრმესა» წაკითხულისასა; საუბარი და კამათი, მსჯელობა და განმარტება თან სდევდა მეფის ამ მაღალს გონებრივს სამუშაოს.
შავთელიც ამასვე ამტკიცებს და ამბობს:
შე მეფევ
მოგვფენ სიბრძნესა
თვით განგვიმარტებ
მოგვფენ სიბრძნესა
მადლთა მთხრობელი.
ქართველი მეომარნი დავით აღმაშენებელს »ფრიად აბრალებდეს», რომ მეფეს ასე თავდავიწყებამდე უყვარდა წიგნების კითხვა და მუდამ კითხვით იყო გართული, მაგრამ მის მაბრალობელთ ვერ გაეგოთ დიდებული მეფის გულის წადიერებანი და მაღალის სულის კრთომანი. ჩვენს გვირგვინოსანს განსაკუთრებით საისტორიო თხზულებების კითხვა ჰყვარებია, რომლებშიაც «გარდასრულთა საქმეთა... და პირველ ყოფილთა მეფეთა...შემთხუეულნი» ამბები იყო მოთხრობილი. ამ საისტორიო თხზულებებში საქართველოს სახელოვანს მეფეს თურმე თანამედროვე ცხოვრებისათვის «წინაგანსაკრძალებელად და სახედ» გამოსადეგარი მაგალითები ამოუკითხავს იმიტომ, რომ იქ მოთხრობილი და აწერილი იყო «პირველ ყოფილთა მეფეთა კეთილძღუანებულთა”, და ქვეყნის გამაბედნიერებელთა ცხოვრებაც, და «ვერას წარმართებულთა», ბედუკუღმართ მმართველთა «შემთხუეული» თავგადასავალიც, და ეს წარსულის გაკვეთილი ზოგი გასაფრთხილებელად «წინაგანსაკრძალებელად», ზოგი კიდევ სამაგალითოდ და «სახედ» გამოუყენებია. მაშასადამე, დავით აღმაშენებელი ცდილობდა წარსულის ცოდნისდა მიხედვით ბრძნულად «გარდასრულთა შემსგავსნი მომავალნი» განეჭვრიტა, ისტორიულის მაგალითით და გამოცდილებით ესარგებლნა და იმისდა გვარად ემოქმედნა. დავით აღმაშენებელის ისტორიკოსი სრულებით მართალი იყო, როდესაც ამტკიცებდა, რომ სწორედ ეს გონებრივი მუშაობა და საისტორიო თხზულებების შესწავლა, »წერილთა მეცნიერებანი და გარდასრულთა საქმეთა შემეცნებანი» ჰშველიდა სახელოვანს მეფეს და იმდენი შეაძლებინა, რომ «კუერთხი მეფობისა, საქართველოში «ესეოდენ დამდაბლებული, ესეოდენ ძნელი და ნამდვილ-ვე დიდი განსაგებელი, ეპყრა ესრეთ მაღლად» და სახელმწიფო უაღრეს ძლიერებასა და აყვავებამდე მიიყვანა. ამ მხრივ დავით აღმაშენებელი მართლაც რომ ბრძენი და განათლებული მმართველი, შეგნებული და შორსგამსჭვრეტავი პოლიტიკოსი იყო.
დავით აღმაშენებელი მამაცი მეომარი და გულადი მხედართმთავარი იყო: მას მოულოდნელი და სწრაფი სამხედრო მოქმედება უყვარდა, მაგრამ ომში უშიშარი იყო და თავის ჯარს ყოველთვის თავგანწირულად წინ მიუძღოდა ხოლმე და პირადის მაგალითით ამხნევებდა და ჰხიბლავდა ყველას. ამიტომაც არის რომ მისი თანამედროვე ისტორიკოსი აღტაცებით ამბობს» თვით მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინმე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა. ანუ შორით უზახებდა ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინმე, არამედ უპირატეს ყოველთასა თვით წინა-უვიდოდა და ვითა ლომი შეუზახებდა ჴმითა მაღლითა და ვითა გრიგალი მიდამო-იქცეოდა და თვით გოლიათებრ მიმართებდა და მკლავითა ძლიერითა დაამხობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინადამთხუეულთა ყოველთა»-ო.
საზოგადოდ მეფე ზნეობრივად მეტად ფაქიზი, უმწიკვლო ადამიანი ყოფილა და უსამართლობის ჩადენასა და მიმძლავრებას ერიდებოდა. ამ მხრივ მეტად საგულისხმიეროა, რომ დავით აღმაშენებელი, საქართველოს სამხედრო ძლიერების შემქმნელი და მისი საზღვრების გამაფართოვებელი, თავისს მშვენიერს «გალობანი სინანულისანი»-ში ჰგოდებს: «ვერ მაძღარი სხუათა სოფლის კიდეთა ვეძიებდ დასაპყრობელად და ღმრთისა საზღუართა ვაბრალებდი ვითარცა მცირეთა... ბოროტად გარდავჴედ საზღუართა და შევრთე სახლი სახლსა და აგარაკი აგარაკსა და უუძლურესთა მივხუჭე ნაწილი მათი და ვიღუწიდ უმეზობლობასა. ვითარცა მარტოჲ მე ვმკჳდრობდ ქუეყანასა ზედა»; იგი, მაშასადამე, სწუხს, რომ თავის სახელმწიფო მოღვაწეობაში მეზობელთა ქვეყნები დაიპყრა და თავის სამფლობელოს შემოუერთა. მეტად დამახასიათებელია ჩვენის სახელოვანის მეფის დიდებულის სულისა და ფაქიზის სვინიდისისათვის, რომ ასეთს გმირსა და რაინდს-მეომარს გულის სიღრმეში თურმე ამგვარი ფიქრები აწუხებდნენ!..

 

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება

დავით აღმაშენებელის პირველ დიდ ღვაწლად საქართველოს სოციალური წარმატების წინაშე უნდა საეკლესიო წესწყობილების ის დიადი ცვლილება ჩაითვალოს, რომელიც მეფის თაოსნობით რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა. ხანგრძლივმა გამოცდილებამ მეფე დაარწმუნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ნაკლად იმდროინდელი საეკლესიო წესწყობილება იყო, რომლის წყალობითაც საქმე ისე დატრიალდა, რომ «უფროსნი საეპისკოპოსონი», სამღვდელმთავროთა მომეტებული ნაწილი უღირს მამათ-მთავრებს ჩაუვარდათ ხელში, »მამულობითა უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს». წოდებრივობა გაბატონებული იყო და უმთავრესი მნიშვნელობა პირადს ღირსებას კი არ ჰქონდა, არამედ ჩამომავლობას. რა გასაკვირველია, რომ ამ ეპისკოპოსებს «მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორებისკოპოზნი დაედგინნეს». ამ წესის ამოკვეთა იყო საჭირო იმიტომ, რომ იგი ეკლესიისათვისაც და სახელმწიფოსათვისაც მეტად მავებელი იყო. ჩვენ ვიცით, რომ ამის წინააღმდეგ უკვე ბაგრატ IV დროს გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი მთაწმიდელი ამხედრდა და თვით წესიც დაარღვია  მისმა ქადაგებამ, რასაკვირველია, ნიადაგი მოუმზადა, რომ ქართული ეკლესიის წესწყობილება ამ მხრივ შეცვლილიყო, მთელი სამღვდელოებისათვის სავალდებულო გამხდარიყო და ადამიანის პირადს ღირსებას სათანადო უფლება მიჰნიჭებოდა. მაგრამ ამის განხორციელება და დაკანონება მხოლოდ ადგილობრივს საკლესიო კრებას შეეძლო. მეფე დავითმაც მოიწვია401 საეკლესიო კრება, რომელიც შეიკრიბა 1103 წელს «სანახებთა ქართლისათა მახლობელად ორთა საეპისკოპოსოთა რუისისა და ურბნისისათა». ამ კრების «ძეგლის წერაში» ნათქვამია, რომ კრების მონაწილედ ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკონნი, მონაზონნი, დაყუდებულნი და მეუდაბნოენი ყოფილან; მაგრამ დავით აღმაშენებელის ისტორიკოსს უფრო ვრცელი და უეჭველია უფრო სწორი ცნობები აქვს. ამ კრებაში მონაწილეობას იღებდა თურმე «ერი მრავალი» და ზემოჩამოთვლილ პირთა გარდა მონაწილედ ყოფილან «კათალიკოზნი», მოძღუარნი და მეცნიერნი».
რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისათვის უმთავრეს გასარჩევ საკითხად წამოყენებული იყო სწორედ წოდებრივობის უპირატესობის მოსპობა ეკლეასიაში და პირადის ღირსებისდა მიხედვით ეკლესიისათვის მღვდელმსახურთა არჩევა. თვით «ძეგლის წერაშიც» ნათქვამია: «პირველად ეპისკოპოსნი [ვინმე ვერ] ღირსებით შემოსრულნი პატივსა მღდელთმთავრობისასა... განვკუეთენით»-ო. დავით აღმაშენებელის ისტორიკოსიც ამბობს: »უღირსად გამოჩინებულნი გარდამოსთხივნეს საყდართაგან»-ო. მაგრამ ვიდრე ამას დაადგენდნენ, დიდი ბრძოლა და მხნეობა შეალიეს ამ საკითხის მომხრეებმა, ამას ბევრი დრო და ხერხი დასჭირდა და მხოლოდ «მრავალ დღე გამოწულილვითა ფრიადითა» შესძლეს ამ საქმის დაგვირგვინება. თუმცა «ძეგლის წერაში» ამაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ ქართველი ისტორიკოსი არა მალავს, რომ უღირს ეპისკოპოსთა გადაყენება «არა ადვილ იყო ესე ნათესავთა მათთა ძლიერებითა»-ო იმიტომ, რომ უღირსი ეპისკოპოსები, «მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით» მჯდომარენი სამღვდელმთავრო საყდარზე, «იყუნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნა საყდრები». რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ, მაშასადამე, გადააყენა უღირსი მღვდელმთავარნი მთავარ-წარჩინებულთა შთამომავლობისანი და ამით გვარიშვილობის მნიშვნელობა ეკლესიისმსახურთათვის უარჰყო, ხოლო პირადს ღირსებას შესაფერისი პატივი და უფლება მიანიჭა. ამგვარად, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ განახორციელა და დააკანონა ის, რასაც ორმოცის წლის წინათ ჰქადაგებდა ჩვენი შესანიშნავი მოღვაწე გიორგი მთაწმიდელი.

მაგრამ ამ გადაწყვეტილებას მეფისა და სახელმწიფოსათვის მარტო საეკლესიო ცხოვრების მხრივ არა ჰქონია მნიშვნელობა, არამედ იგი იმდროინდელს ქართულს საზოგადოებაში წინამორბედსავით იმ აზრის განმტკიცებას მოუმზადებდა ნიადაგს, რომ სახელმწიფო და სამოხელეო წეს-წყობილებაში პირად ღირსებას გვარიშვილობაზე მეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. უეჭველია, რაკი საეკლესიო სფეროში პატრონყმური და წოდებრივი წესი ძლეული იყო, დავით აღმაშენებელს უფრო ადვილად შეეძლო მეორე დიადი ცვლილება შეეტანა საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივს წეს-წყობილებაში: სახელმწიფო ცხოვრებაში დიდგვარიან მემკვიდრეობით მოხელეთა თვითნებობა და ურჩობა აელაგმა, ხოლო სამოხელეო წეს-წყობილებაში წოდებრივი უპირატესობა მოესპო და მოხელეთა პირად და არა ”მამულობით” ღირსებისათვის შესაფერისი პატივი დაედო.

ბრძოლა დიდგვარიან აზნაურებთან

ავიდა თუ არა დავით აღმაშენებელი სამეფო ტახტზე, იმთავითვე მან ხასიათის დიდი სიმტკიცე გამოიჩინა და, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ლიპარიტ ამირა ორგულობისათვის ჯერ საპყრობილეში ჩასვა, მერე ხელმეორედ დანაშაულისათვის «ორ წელ პყრობილ ყო», შემდეგ საქართველოთგან ექსორია ჰყო და საბერძნეთში წასვლის ნება მისცა.
მაგრამ დავით აღმაშენებელის სახელმწიფო სიბრძნე და შორსგამჭვრეტელობა იმითა მტკიცდება, რომ მან აზნაურთა ურჩობის ჭეშმარიტი ბუნება და თვისებები შეიგნო. ძველი ქართული მატიანეების გადაკითხვამ და თანამედროვე ცხოვრების დაკვირვებამ დიდებული მეფე დაარწმუნა, რომ «ნათესავი ქართუელთა ორგულ ბუნება არს პირველითგან თჳსთა უფალთა, რამეთუ რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოვონ და განსუენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა». სახელოვანი მეფე მაშასადამე დარწმუნებულა, რომ დიდგვარიან აზნაურ მოხელეთა ურჩობა შემთხვევითი მოვლენა კი არ იყო, არამედ საზოგადო. მართლაც, დიდებული აზნაურები ცდილობდნენ წინანდელი უპირატესობა შეენარჩუნებინათ. ხოლო რაკი სრულიადი საქართველოს მეფის უფლებების გაძლიერების შედეგად მათი ბატონობისა და გავლენის შეზღუდვა მოჰყვებოდა ხოლმე, ამიტომ დიდგვარიანი აზნაური-მოხელეები ცდილობდნენ, რომ მეფე მეტისმეტად არ გაძლიერებულიყო და მუდამ მათი ნების ყურისმგდებელი ყოფილიყო. დავით აღმაშენებელი ხედავდა, რომ ურჩი აზნაური-მოხელეები ხშირად შეერთებულის ძალით ებრძოდნენ საქართველოს ბატონს და მეფის ლაშქრის წინააღმდეგ თავიანთ შეერთებულს ჯარს წამოაყენებდნენ ხოლმე და ამგვარს გარემოებაში მეფეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო გაემარჯვა, თუ რომ ძლიერს საკუთარს და მუდმივს მხედრობას გაიჩენდა. რაკი დიდებულმა მეფემ ეს შეიგნო, ის ამ აზრის განხორციელებას შეუდგა. სხვათა შორის ამისათვის შემოიღო დავით აღმაშენებელმა საქართველოში 40000 ყივჩაყთა მუდმივი მხედრობა. როდის და როგორ გადმოიყვანა მეფემ ყივჩაყთა ლაშქარი საქართველოში ამაზე ზემოთ იყო უკვე საუბარი და აქ საჭიროდ მიმაჩნია მხოლოდ განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ მუდმივი ჯარის შემოღება დავით აღმაშენებლისათვის მარტო გარეშე მტერთან საომრად არ იყო საჭირო, არამედ შინაურ მტერთან, ურჩ და თვითნება აზნაურებთან საბძოლველად და ასალაგმავადაც. თავისი მუდმივი ჯარის დახმარებით მეფემ ქედფიცხელ და მოღალატე დიდგვარიან მოხელეებს შეერთების ნება არ მისცა და შეთქმულების მოწყობის საშუალება მოუსპო: ”არა ოდეს მოაცალა ამისად განზრახვად... ანუ შეკრებად ერთად და ქმნად რასამე ესე ვითარისა». მეფე დიდებულ აზნაურთა მოძრაობას გულდასმით თვალყურს ადევნებდა და, როდესაც-კი საჭირო იყო, სწრაფად გაუმკლავდებოდა ხოლმე მათ. ისტორიკოსი ამბობს კიდეც, რომ «მრავალნი განპატიჟებულცა იყუნეს და მხილებულ ესე ვითართათჳს»-ო. დავით აღმაშენებელს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, რომ მან დიდებულ აზნაურთა შეერთებული წინააღმდეგობის დასამხობად გარკვეულს, ტაქტიკურს ბრძოლას მიჰმართა, თავის წინაპრებსავით შემთხვევითი საშუალებით არ დაკმაყოფილდა და ძალას შეგნებულად შესაფერისი ძალა დაუპირისპირა. ამასთანავე მეფე ყოველთვის ცდილობდა, რომ თავგასული დიდებული მოხელეებისათვის თანამდებობა ჩამოერთმია და მათ მაგიერ პირადის ღირსებით და ერთგულის სამსახურით განთქმული «უგვარო» დაეწინაურებინა. ერთის სიტყვით მეფე სამოხელეო წესწყობილებაში იმავე მოძღვრების განხორციელებას ცდილობდა, რაც მან რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დახმარებით საქართველოს საეკლესიო წეს-წყობილებაში განახორციელა.
ყივჩაყთა მოწევა საქართველოში თუმცა შეიძლება ადამიანს მეტად გაბედულ საშუალებად ეჩვენოს, მაგრამ სხვა მხრივაც ბრძნული და სასარგებლო ზომა იყო. ყურადღების ღირსია, რომ დავით აღმაშენებელმა ყივჩაყნი ნაქირავებ ლაშქარსავით კი არ მოიწვია, არამედ მთელის ოჯახობით «დედაწულითა მათითა» გადმოასახლა საქართველოში და დააბინავა, «დააყენნა ადგილთა სამათოდ მარჯუეთა დედაწულითა მათითა». ხოლო ეს ლაშქრის დაქირავება-კი არ არის, არამედ გადმოსახლებაა. თუ სათვალავად ოჯახზე სულ ცოტა 5 კაცს მივიღებთ და გავიხსენებთ, რომ «წყობად განმავალი რჩეული» 40000 და 5000 მონა-სპა ოჯახობას მოკიდებული მხედარი იყო. გამოვა, რომ დავით აღმაშენებელს საქართველოში გადმოუსახლებია სულ ცოტა 225000 სულ ყივჩაყი ორთავე სქესისა. ამოდენა უცხო ტომის ხალხის ჩათესლება საქართველოში დიაღაც რომ გაბედული საშუალება იყო. მაგრამ ამასთანავე «სამეფოთა გონებითა” ნააზრევი «სივრცითა გონებისათა» განზრახული, მეტად ბრძნული და გმირული საშუალება გახლდათ! ქართველობისათვის 225000 სულის შეძენა იმ დროს, როდესაც იგი დიდბუნებოვანი სარდლისა და მეფის წინამძღოლობით შეუჩერებლივ წინ მიისწრაფოდა და იზრდებოდა, დიაღაც რომ დიდ შემატებად ჩაითვლებოდა. ქართველთ კულტურა მაშინ იმდენად ძლიერი იყო, რომ ამოდენა უცხო თესლის ერთბაშად ჩასახლებაც ეროვნულს საფრთხეს არ წარმოადგენდა: თანდათან გადმოსახლებულებმა ქრისტიანობა მიიღეს: მონა-სპის 5000 კაცი «ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი» იყვნენ, ხოლო «თჳთ ყივჩაყნიცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე და სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდა ქრისტესა»; თანაც ქართული შეითვისეს და ქართველებად იქცნენ. გაქართველებული ნაყივჩაყარნი შემდეგში ზოგნი სახელმწიფო მოღვაწედაც იყვნენ. ხოლო იმ 225000 გადმოსახლებულ ყივჩაყთაგან არც ერთი მათი შთამომავალი ყივჩაყად აღარ შერჩა, არამედ ყველანი ძალდაუტანებლივ, უნებლიედ გაქართველდნენ, საქართველოს კეთილდღეობისა და ძლიერებისათვის იღვწოდნენ. აი ამ მხრივაც დავით აღმაშენებელის გაბედულმა საშუალებამ და მოქმედებამ სამშობლოს ფასდაუდებელი, საშვილიშვილო სამსახური გაუწია.

 

გელათის აკადემიის დაარსება

დავით აღმაშენებელი შესანიშნავი პიროვნება იყო, შორსგამსჭვრეტელი და ბრძენი პოლიტიკოსი, უებრო სარდალი და მეომარი, ქვეყნის კეთილდღეობისათვის მზრუნავი. ზევით ორიოდე მაგალითი იყო დასახელებული, რომელნიც დიდებული მეფის გასაოცარს პირადს განათლებას ცხად ჰყოფენ; მაგრამ როგორც სახელმწიფოს მოურნესა და მოამაგეს შეეფერებოდა, იგი ცდილობდა რომ ერის განათლებისა და დაწინაურებისათვისაც ხელი შეეწყო. ამისათვის მან ზოგი ახალი დაწესებულება შეჰქმნა და ამასთანავე მუდამ ძველს დაწესებულებასაც ეხმარებოდა და ხელს უწყობდა.
დავით აღმაშენებელმა ამ მიზნით ქრონიკონსა 326 ანუ 1106 წელს.» მოიგონა აღშენება მონასტრისა» და «ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულსა» გელათს ტაძარი ააგო, »აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულებათა», განთქმული თავის «სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა და მოქმნულობისა შესწორებულობითა». ამ შესანიშნავს მონასტერში დავით აღმაშენებელმა საქართველოს და უცხოეთში მყოფ ქართულ სხვადასხვა მონასტრებითგან «შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა», რომელთა შესახებ «სადათცა ესმა ვიეთიმე სიწმიდე, სიკეთე და სისრულე, სულიერითა და ჴორციელთა სათნოებითა აღსავსეობა» და ახლად აგებულს გელათის მონასტრეში დაამკვიდრა. ამასთანავე დიდებულმა მეფემ თავისი ლავრა ქონებრივადაც უზრუნველჰყო. ასე შეჰქმნა დავით აღმაშენებელმა გელათი «ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორედ იერუსალემად, სასწაულად ყოვლისა კეთილისა, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა». ისედაც არამცთუ თვით საქართველოში, არამედ ყველგან უცხოეთში სადაც-კი ქართული მონასტერი იყო საბერძნეთში, ბოლღარეთში, ასურეთში, თუ კჳპრში, შავს მთას თუ პალესტინაში, მეფე თავის უხვს წყალობას არ აკლებდა; ხოლო თვით «მთასა სინასა ზედა, სადა იხილეს ღმერთი მოსე და ელია, აღაშენა მონასტერი და წარსცა ოქრო მრავალი ათასეულნი, დამოსაკიდელნი ოქსინონი და წიგნები საკლესიონნი სრულებით და სამსახურებელი სიწმიდეთა ოქროსა რჩეულისა».
მაგრამ დავით მეფე მარტო ქართველ მწერლებსა და მეცნიერებზე ხომ არა ზრუნავდა, მარტო თავის თანამოძმეებს ხომ არ ეხმარებოდა და ამხნევებდა. საგულისხმიერო ეს არის, რომ დიდებული გვირგვინოსანის სულიერი თვისება ყოველ-მხრივი და ფართო ყოფილა; თვით მეფე ხომ კეთილმორწმუნე და უერთგულესი მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო; მაგრამ მაინც მას სხვა მოძღვრებისა და სჯულის კაციც უყვარდა და პატივისცემა იცოდა. ამიტომაც იყო რომ მაჰმადიან ისტორიკოსთა სიტყვით იგი უცხო ეროვნების შვილებსაც თავის განათლებულს და ძლიერს მფარველობას არ აკლებდა; მას, ქრისტიანეს. მაჰმადიანთა პოეზიისა და მეცნიერებისადმიც უძგერდა სიყვარულით გული.
დავით აღმაშენებელის იმ დროისათვის გასაოცარი და მრავალმხრივი განათლება სხვათა შორის იმითაც კარგადა მტკიცდება, რომ არაბ ისტორიკოსის იბნ ალ-ჯაუზის მოწმობით მას სუფიებისა და პოეტებისათვისაც თავშესაფარი აუგია, ხშირად ქონებრივადაც დახმარება გაუწევია და სადღესასწაულო მეჯლისებსაც უმართავდა406.

 

სასამართლო რეფორმა

დავით აღმაშენებელის მადლიანი გავლენა მარტო სოციალურ და სახელმწიფო წესწყობილებას ან ერის სწავლა-განათლებას არ დასტყობია; ქართული სამართლის მდგომარეობასაც მან ყურადღება მიაქცია, განსაკუთრებით უმაღლეს სასამართლოს წარმოებას. წინათ საქართველოში უზენაეს მსაჯულად თვით მეფე იყო; მას უნდა გაერჩია ყველა საქმეები, რომელიც კი უმაღლეს სასამართლოში იყო შეტანილი. რასაკვირველია, ამგვარი მარტივი წესი მანამდის იქმნებოდა გამოსადეგი, სანამ საქართველო პატარა სამეფო იყო; მაგრამ როდესაც საქართველო გასაოცრად გაიზარდა და დიდ სახელმწიფოდ იქცა, საქართველოს მეფეს მრავალი განსაგებელი საქმეები გაუჩნდა და საჩქარო სამხედრო საქმეების გამო მეფე იძულებული იყო ხოლმე ხშირად ხანგრძლივ მოჰშორებოდა თავის სატახტო ქალაქს და სამეფოს ხან ერთ კუთხეში, ხან მეორეში, ხან მესამეში წაბრძანებულიყო. რა გასაკვირველია, თუ ასეთს გარემოებაში უზენაესი სასამართლოს წარმოება შეფერხებულიყო და მომჩივარნი იძულებული ყოფილიყვნენ მეფისათვის ეცადნათ ყველგან, საცა კი იმ ჟამს ეგულებოდათ, და ხან გორაკებზე «ბორცუსა ზედა რასამე გზისა მახლობელსა, ანუ კლდესა, გინა ხესა» ასულიყვნენ, რომ ამნაირად მეფის ყურადღება როგორმე მიეპყრათ და მუნით საცნაურ ყვის ჭრტინვა თჳსი», თავისი გაჭირვება ეცნობებინა და საჩივარი ან არზა მიერთმია. რომ მომავალში ამგვარი რამ აღარ მომხდარიყო დავით აღმაშენებელმა განსაკუთრებული უზენაესი სამოსამართლო დაწესებულება შეჰქმნა და დაადგინა «კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხველნი მომჩივართანი რომელთაგან მიიღებდეს კურნებასა». ამ ახალი დაწესებულების შექმნას დიდი პრინციპიალური მნიშვნელობა ჰქონდა: იმას გარდა რომ ამ გზით სასამართლოს წესიერ წარმოებას აღარავითარი გარეშე პირობები აღარ შეაფერხებდნენ, თვით მარტო ის გარემოება, რომ სასამართლო უზენაესს საფეხურშიც მართვა-გამგეობისაგან განცალკევებული იყო და განსაკუთრებულ დაწესებულებად იქცა, ქართული სამართლის დიდ წარმატებად და ღირებულებად უნდა ჩაითვალოს.

 

ეკონომიკური რეფორმა

დავით აღმაშენებელი საქართველოს ეკონომიურს წარმატებაზეც დიდად ზრუნავდა და ყოველგვარ ღონისძიებას ხმარობდა, რომ აღებმიცემობა გაცხოველებულიყო. იგი მფარველობას უწევდა არაბ და სპარსელ ვაჭრებს; მაჰმადიანებს საზოგადოდ ხომ საქართველოში ისეთი ხელშემწყობი პირობები შეუქმნა, რომ თვით მაჰმადიანთა მეფეებს არ გამოუჩენიათ თავიანთი ერთმორწმუნე ქვეშევრდომებისადმი იმოდენი პატივისცემა, რაოდენს მზრუნველობასაც იჩენდა და პატივისცემით ეკიდებოდა საქართველოს ქრისტიანე მეფე. პარასკევობით იგი ზოგჯერ თვით და შვილებითურთ მაჰმადიანთა მთავარ სამლოცველოში ჯამეში შედიოდა. ლოცვას, კორანის კითხვას და ქადაგებას ისმენდა და მათ სამღვდელობას ბევრს ოქროს უწყალობებდა ხოლმე409. ჩვენი დიდებული გვირგვინოსანი სომხებსაც მფარველობას უწევდა; მან სხვათა შორის ქალაქი გორი ააშენა და შიგ სომხები დაასახლა.
მიმოსვლა რომ გაეადვილებინა. დავით აღმაშენებელმა ააშენა მრავალი «ჴიდი მდინარეთა სასტიკთა ზედა» და «გზანი საწყინოდ სავალნი ქუაფენილ ყუნა» და გზის პირას ქარვასლები და თავშესაფარები ააგო.

 

ქველმოქმედება

დავით აღმაშენებელი კაცთმოყვარე და გულშემატკივარი ადამიანი ყოფილა; იგი ავადმყოფთა და დავრდომილთა შესახებაც ზრუნავდა და განუკურნებელი სენით შეპყრობილთათვის მან «აღაშენნა ქსენონნი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი თვითო-სახითა სენითა განცდილნი» და ამ სასნეულოში «მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი უნაკლულოდ და უხუებით, განუჩინნა შესავალნი და საღუაწენი მათნი», თანაც მომვლელები და «ზედამდგომელნი» მიუყენა. სახელოვანი მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა ამ კაცთმოყვარეობით ნაკარნახევს დაწესებულებას, რომელიც დავით აღმაშენებელს შემოუღია გელათის მონასტრის აგების შემდგომ, სანამ სამშვილდეს აიღებდა ანუ 1106-1110 წელს, იგი ხშირ-ხშირად მიდიოდა და ათვალიერებდა ხოლმე თავის დაწესებულებას: «მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი», რომ ავადმყოფებს ყველაფერი სუფთა და შესაფერისი ჰქონდათ და თავისი თვალით დარწმუნებულიყო სვინიდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას «ზედამდგომელნი» თუ არა. ყოველთვის, როდესაც მეფე ქსენონში მივიდოდა ხოლმე, ავადმყოფებსაც «მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს უყჳს თჳთეულსა», კეთილის სიტყვითა და თანაგრძნობით ანუგეშებდა და ამხნევებდა, «განამჴნის მოთმინებისა მიმართ».
დავით მეფე კერძო ქველმოქმედებასაც ძალიან მისდევდა და ამისათვის განსაკუთრებული ქისა, »კისაკი მცირე» ჰქონდა და მას «აღავსებდის დრაჰკნითა დღე სარწმუნოთა ჴელითა თჳსითა», გავიდოდა და საღამოთი «სამწუხროდ ცარიელი მოაქუნდის იგი მხიარულსა სულითა და პირითა». თუ ოდესმე მთელს ქისას ვერ დაურიგებდა და ან «ნახევარი წარაგის მისი», ან «ოდესმე არავინ პოვნის», შეწუხდებოდა ხოლმე და იტყოდა: «დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათა»-ო და დაურიგებელს ფულს მეორე დღისათვის დასარიგებლად შეანახვინებდა. საყურადღებო და საგულისხმიერო ის არის, რომ დავით აღმაშენებელი ქველმოქმედებას თურმე სახელმწიფო საჭურჭლითგან აღებულ ფულითგან-კი არ ეწეოდა, «არამედ ჴელთა თჳსთა ნადირებულითა», საკუთარის შრომით შეძენილ ქონებითგან.

დავითის პირველი თანამეცხედრე

ყურადღების ღირსია, რომ მეფე დავით აღმაშენებელს რაღაც «სიჭაბუკისა» ცოდვა ჰქონია ჩადენილი). თავის «გალობანი სინანულისან»-ში მეფე ამბობს სხვათა შორის «მბრძოლ ვექმენ ყოველთა წესთა სჯულისათა და ქორწილ [ი ]თა-მიერ ხენეშ[ი]თა ვმძლავრე საწოლსა ჩემსა და სახეთა-მიერ ბოროტთა მიცემითა ვაცოდვე ერის ჩემი, ვითარცა იგი მეფეთა მისთა ისრაელიო». ამ წინადადებითგანა ჩანს, რომ ჩვენს გვირგვინოსანს რაღაც უწესოება ჩაუდენია ქორწინებაში. მის ისტორიკოსს მოხსენებული ჰყავს მხოლოდ ერთი მისი თანამეცხედრე, ყივჩაყთა მთავრის ასული; მაგრამ სომეხი ისტორიკოსის მათე ურჰაელის სიტყვებითგან ირკვევა, რომ მეფეს სხვა ცოლიცა ჰყოლია, სომხის ქალი, რომლისაგანაც დაჰბადებია უფლისწული და ტახტის მემკვიდრე დიმიტრი. იქნებ იგი დავით აღმაშენებელის ისტორიაში იმიტომ არ არის მოხსენებული, რომ მეფე მას გაეყარა და მეორე ცოლი, ყივჩაყთა მთავრის ასული, შეირთო? იქნებ სწორედ ეს საქციელი იყოს დავითის «ბრალნი სიყრმისა» და «სიჭაბუკისა»-ნი? ასეა თუ ისე,—სინამდვილე ჯერ საიდუმლოებით არის მოცული,—დავით აღმაშენებელი მთელ თავის სიცოცხლეში ამ ცოდვის მონანიებაში იყო შიო-მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულს ანდერძში ბერებს საგანგებოდ ავალებდა კიდეც, რომ ყოველ დიდმარხვას მისთვის ასე ელოცნათა: »უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი»-ო. საზოგადოდ სახელოვანი მეფე, რომელსაც ეგოდენი ღვაწლი მიუძღოდა სამშობლოს წინაშე, თავისი თავის მკაცრი მსაჯული ყოფილა და «გალობან»-ში თავის თავს ყოველგვარს ბრალსა სდებს და მართოდენ ღვთაების განუსაზღვრელ კაცთმოყვარეობის იმედი-ღა აქვს; როდესაც ჩემი აღსასრულის წამი დადგესო, მომხიბლავის გულწრფელობით და შემზარავის ძლიერებით აქვს ნათქვამი «გალობანი სინანულისან»-ში, და «ჟამი რაჲ წულილთა ამოფშჳნვათაჲ წარმოდგეს, ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შენობანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაჲ დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხუასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე მსაჯულო ჩემო! განრაჲეღოს წიგნი დღესა-შინა სასჯელისასა და მე ქედ-დადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლ სჯიდეს, მსახურთა რისხუაჲ ქროდის, მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი,—მაშინ შემიწყალე იესო ჩემო!».

**************

მაგრამ არსებობს აგრეთვე სხვა უფრო მკაცრი და ულმობელი მსჯავრიც შთამომავლობისა, ერისა და ისტორიისა, რომელსაც ვერ ასცდება ხოლმე ვერც ერთი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწე, და მან დიდიხანია უკვე რაც თავისი პირუთნელი განაჩენი გამოსთქვა: ქართველმა ერმა და ისტორიამ უკდავ ჰყო დიდებულ მეფე დავითის, საქართველოს გამაერთიანებელის და აღმაშენებელის, მისის პოლიტიკურისა და ეკონომიურის ძლიერების შემქმნელის, სოციალური სამართლიანობისათვის მებრძოლის სათაყვანებელი სახელი. ქართველი ხალხი დავით აღმაშენებელის სამარადისო ხსოვნას თავის გულის სიღრმეში ატარებს და შეჰხარის მას ვითარცა სრულიად საქართველოს ერთობის და ძლიერების სიმბოლოს.


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://ka.wikipedia.org/ყივჩაღთა გადმოსახლება

http://ka.wikipedia.org/დიდგორის ბრძოლა

http://burusi.wordpress.com

http://www.kvirispalitra.ge/

http://qim.ge/davit%20agmashenebeli.html/

http://www.chveni-sarcmunoeba.narod.ru/

 


 

სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.
ფოტოების ავტორი – მირიან კილაძე (დავითის ფრესკა), ზაზა ქარდავა;
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014