მეფეთა-მეფე ალექსანდრე I დიდი
(1390-1445)

1 2

ალექსანდრე მეფის მოღვაწეობა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და გამტკიცებისათვის
ლორის ციხის აღება და საქართველოსთან შემოერთება
სივნიეთისა და მახლობელი ადგილების შემოერთება
ალექსანდრეს შინაური აღმაშენებლობითი მოღვაწეობა, სვეტიცხოვლის განახლება
საქართველოს დანგრეული ციხე-საყდრების აღდგენა
ალექსანდრე მეფის უკანასკნელი წლები ავადმყოფობა
ცნობა ჯეჰან-შაჰის შემოსევების შესახებ
ალექსანდრე მეფის შემონაზონება და უსაფუძვლო ცნობა საქართველოს მისგან დაყოფის შესახებ
ვახტანგ მეფე, ძე მეფეთა-მეფისა ალექსანდრესი
სასარგებლო ბმულები

ალექსანდრე მეფის მოღვაწეობა ქვეყნის მთლიანობის აღდგენისა და გამტკიცებისათვის

ვახუშტს ნათქვამი აქვს, ვითომც ალექსანდრე მეფემ ”კვალად მოიყვანა დიმიტრი ძე ალექსანდრესი და მისცა ერისთაობა იმერეთისა, რამეთუ ამის დიმიტრის დაჲ კოსტანტინე ბიძისა თვისისა სიცოცხლესავე შინა მოეყვანა ალექსანდრეს ცოლად თამარ და ექმნა ქორწილი და ამით დაამშვიდნა იმერნი და დიმტრი ერისთაობდა მორჩილებასა შინა ალექსანდრესსა”- ო. ეს ცნობა მეტად საყურადღებოა, მაგრამ არ ჩანს, საითგან არის ამოღებული და არც ვიცით, რაიმე წყაროზეა დამყარებული, თუ თვით ისტორიკოსის კვლევა-ძიების ნაყოფს შეადგენს? როგორც ზევით თავის ადგილას დავრწმუნდით, ვახუშტი ალექსანდრე მეფის მამად შეცდომით გიორგი მეფესა სთვლის და აქაც კონსტანტინე მეფეს ალექსანდრეს ბიძად ასახელებს, რაც შეცდომაა.
მაინც საყურადღებოა სახელოვანი ისტორიკოსის ცნობა, რომ თამარი იმერეთის შტოს წარმომადგენელი იყო და რომ მისი შერთვით ალექსანდრე მეფეს პოლიტიკური მიზნის მიღწევაც სწადდა და ამით დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს უფრო მჭიდრო მომტკიცება სურდა. რამდენად სამართლიანია საერთოდ მთელი ცნობა და შეხედულება, ჯერ ძნელი სათქმელია, მაგრამ თამაშის შერთვის ამბავი ჯერ კიდევ კონსტანტინე მეფის სიცოცხლეში თითქოს არა მართლდება თვით ალექსანდრე მეფის საბუთებითვე, რომლებშიაც თამარ დედოფალი თავითგანვე არ იხსენიება: იგი 1212-1424 წლებში არა ჩანს იმ დროს, როდესაც ერთს ამგვარს საბუთთაგანს ალექსანდრე მეფის გვერდით დულანდუხტ დედოფლის სახელი აქვს მოხსენებული.
ბატონიშვილი ვახუშტის სიტყვით, სანამ ალექსანდრე მეფედ იკურთხებოდა, გამეფებისთანავე ჯერ სამეგრელოში, ხოლო შემდეგ აფხაზეთში გადასულა ლაშქრით და ქვეყანა მოუმტკიცებია. მეფის გალაშქრება იმ გარემოებას გამოუწვევია, რომ მამია დადიანს აფხაზეთის დამორჩილება მოუწადინებია, მაგრამ აფხაზეთში რომ მისულა შარვაშიძეს სასტიკად დაუმარცხებია, თვით მამია დადიანი მოუკლავს, ხოლო ჯარის ნაწილი ამოუხოცია, ნაწილი განუდევნია. ამ ამბის გაგონებაზე მეფე ალექსანდრე ქვეყნის აშლის შიშით სწრაფად სამეგრელოში გადასულა. მას მიჰგებებია მოკლული მამიას შვილი ლიპარიტი, რომელსაც მამის შეცდომის შენდობა უთხოვნია. ალექსანდრე მეფეს უპატიებია და ლიპარიტ დადიანი სამეგრელოს მთავრად დაუსვამს. შემდეგ ლიპარიტისავე თანხლებით აფხაზეთში ჩასულა, რომლის მთავარს შარვაშიძესაც მეფისათვის მორჩილება გამოუცხადებია. ასე სათავეშივე ჩაუქრია ალექსანდრე მეფეს შინაური არეულობა და მიხდომ–მოხდომის დასაწყისი.
მეცნიერი ბატონიშვილის ზემომოყვანილი მოთხრობის ცოტად თუ ბევრად დამადასტურებელი მხოლოდ ერთი მეტად მოკლე ცნობა მოიპოვება კინკლოსში. იქ ნათქვამია მარტო: 1414 წელს ”ქ˜კს: რბ. (102) მოკლეს აბხაზთა მამია და დაჯდა ძე მისი ლიპარიტ”. ახალი ამ ცნობაში მხოლოდ თარიღია, რაც ვახუშტის თავის წყაროებში, როგორც ჩანს, ვერ მოუნახავს. მისი შინაარსი ასე თუ ისე ვახუშტის მოთხრობის პირველს ნაწილს ადასტურებს. მამიას შვილის სამეგრელოს მთავრად დაჯდომის შესახებ კი კინკლოსში არაფერია ნათქვამი, რომ იგი ალექსანდრე მეფემ დასვა. საზოგადოდ, რაკი კინკლოსში მეფე ალექსანდრე სულებით არ იხსენიება, ამიტომ ვახუშტის მოთხრობის მთელი მეორე და უმნიშვნელოვანესი ნაწილის შესახებ აქ დამამტკიცებელი ცნობა არა ჩანს ესევე სათავეში ჩაუქრია ალექსანდრეს მესხეთის ათაბაგის ურჩობა. ვახუშტის სიტყვით ალექსანდრე მეფეს შეუტყვია, რომ ათაბაგი განდგომას აპირებდა. მეფემ ქედფიცხელი მთავარი გააფრთხილა და მშვიდობიანად ყოფნა ურჩია. მაგრამ ათაბაგი ამის საპასუხოდ თავისი ჯარის შეგროვებას შეუდგა და იმეფე ალექსანდრეს წინააღმდეგ გაილაშქრა. მეფე მაშინ კოხტას თავს მდგარა. ფიცხელ ომში ათაბაგი საშინლად დამარცხდა და ტყვედ მეფეს ჩაუვარდა ხელში. ეს ბრძოლა ვახუშტის სიტყვით 1415 წელს მომხდარა. ათაბაგის შეპყრობის შემდგომ მეფე ”შევიდა სამცხეს და დაიპყრნა ყოველნი ციხენი და ექსორიაჰყვნა ურჩნი და რომელნიმე უმკვიდრო ჰყვნა და დასხნა ერისთავნი თვისნი”. დატუსაღებულმა ათაბაგმა ახლა კი შენდობა–პატიების თხოვნა და ერთგულების შეფიცვა იკადრა. ალექსანდრე მეფემ აპატია, ”განაგნა და დაამშვიდნა მუნებურნი სიბრძნე-მეცნიერებითა თვისითა და მოვიდა ტფილისს”. ამ ამბავს მოკლედ, მაგრამ არსებითად ადასტურებს ორი კინკლოსის ცნობა, რომელებშიაც ნათქვამია: 1414 წელს ”ქ˜კს: რბ: (102) მეფე ალექსანდრე და ივანე ათაბაგი კოხტას შეიბნეს”-ო. ამ ცნობაში, მაშასადამე, ურჩი და აჯანყებული ათაბაგის სახელიც არის აღნიშნული, რითაც ვახუშტის მოთხრობას სწორედ ის გარკვეულობა ენიჭება,რომელიც მას უსახელობის გამო ასე ცხადად აკლდა. კოხტა, სადაც მეფე ათაბაგს შორის ბრძოლა მომხდარა, ციხე იყო, რომლის ნანგრევები ეხლაც არსებობს. კოხტას ციხე ასპინძის ცოტა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა კინკლოსის ცნობა 1414 წელს, ე. ი. ერთი წლით უფრო ადრე სდებს კოხტას თავს მომხდარი ბრძოლის თარიღს, ვიდრე ვახუშტი, და ასეთი განსხვავება მეცნიერ ისტორიკოსის შრომაში შესაძლებელია მისი წყაროთგანვე მიმდინარეობდეს. რაკი სამეგრელო-აფხაზეთის ამბები, როგორც დავრწმუნდით, 1414 წელს მომხდარა, ხოლო ვახუშტისავე ცნობით ათაბაგთან ბრძოლა იმ ამბებს მისდევდა და ახლოხანში უნდა მომხდარიყო, ამიტომ საფიქრებელია, რომ კინკლოსის ცნობა უფრო სწორი უნდა იყოს, ან არადა, თუ კოხტას თავის ბრძოლა მართლაც 1415 წელს მოხდა, მაშინ ამ წლის დამდეგს უნდა მომხდარიყო.
კინკლოსებს შენახული აქვთ ერთი საყურადღებო ცნობა, რომლის მსგავსი სხვა ქართულ წყაროებში არ გვხვდება. 1416 წელს ” ქ˜კს: რდ (104): თურქთა ახალ-ციხე ამოაგდეს”-ო. ეს ამბავი მეორე ხელნაწერში ერთი წილით მერმინდელი თარიღით ” ქ˜კს: რე:” ანუ 1417 წელს არის აღნიშნული. ეს მოკლე ცნობა პირველი რედაქციით უნდა იყოს სამართლიანი. დაწვრილებითი ცნობები ამის შესახებ სომეხთა ისტორიკოსის თომა მეწობელის თხზულებაშია შენახული. მართლაც 1416 წელს თომა მეწობელის სიტყვით საქართველოს თურმე მტერი შემოესია. ამ შემოსევის მიზეზად ერთი გაქრისტიანებული სპარსელის უგუნური და აღმაშფოთებელი საქციელი ყოფილა. ის ქალაქ ახალციხეში მისულა და ერთხელ, ღორის ხორცი უჭამია, ქართველ და სომეხ ყმაწვილებთან ერთად ღორის ძვლები მაჰმადიანთა მიზგითში შეუყრია. ასეთი უგვანო საქციელით ადგილობრივ მაჰმადიანთა სარწმუნოებრივი გრძნობა, რომელიც ღორის ხორცს უწმინდურად სთვლის, რასაკვირველია, შელახული უნდა ყოფილიყო. თუმცა მესხეთის მთავარი ივანე აღბუღას ძე (სომხური, ძე არღბუღასი ივანე) მაჰმადიანთა დიდს მფარველობას უწევდა და თომა მეწობელის სიტყვით ვითომც ქრისტიან ქვეშევრდომებზე უფრო მაღლა აყნენებდა, მაგრამ მაინც მათი გულისწყრომა იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ ვალაშკერტში (სომხური) მისულან და ყარა-ჲუსუფისათვის შეუჩივლიათ საქართველოში ასეთი საქმე შეგვამთხვიესო.
ყარა-ჲუსუფმა თვითონაც მართლა აღშფოთებულმა, თუ მხოლოდ მარჯვე შემთხვევით გახარებულმა, საქართველოსაკენ გამოილაშქრა და ახალციხეს მიადგა. ადგილობრივ მაჰმადიანთა შინათგამცემლობის წყალობით, ქალაქი აღებულ იქნა. ხმალი შეუბრალებლივ ტრიალებდა შურისძიებით განძვინებული მტრის ხელში, რომელმაც მთელი ეს კუთხე აიღო და ტყვედ წაიყვანაო. მაგრამ ეს შემოსევა უფრო უბრალო შურისძიებასა და თავდასხმას მიაგავს, ვიდრე ომს. მაინცდამაინც ყარა-ჲუსუფი, როგორც ეტყობა, ამით დაკმაყოფილებული და მის მოქმედებას არავითარი ფართო პოლიტიკური ზრახვა არ ემჩნევა.
ალექსანდრე მეფე სრულიად საქართველოს მბრძანებელი იყო: მას ”ორივე სამეფო” ემორჩილებოდა და ეს გარემოება ხაზგასმით აქვს აღნიშნული თავის სიგელებშიაც. ”მე...ორისავე სამეფოსა მტკიცედ, შეუჭრეთლად და შეურყევლად მპყრობელმან აფხაზთა და ქართველთა მეფეთა მეფემან ალექსანდრე”-მაო,”ჩუენ... ორთავე სამეფოთა ტახტისა მპყრობელმან... მეფეთა მეფემან ალექსანდრე”-ო.
ალექსანდრე მეფე ტყუილად არ სთვლიდა თავის თავს ორისავე სამეფოსა და ტახტის მპყრობელად. აღმოსავლეთ-დასავლეთი საქართველო გაერთიანებული და გზებიც გახსნილი ყოფილა. ეს ქუცნა ამირეჯიბის სიგელითგანაც ჩანს, სადაც ქართლ-იმერეთის საზღვრებზე მდებარე ქ. ალისათვის ბეგრად აღნიშნულია ”ულაყი აქათ თბილისადმი და იქით ქუთაისამდი”. თბილის-ქუთაისს შუა, მაშასადამე, პირდაპირი მიმოსვლა და გზა ყოფილა მაშინაც.
ჩრდილოეთის კარიც დარიალანიც ალექსანდრე მეფისა და საქართველოს ხელში იყო. 1439 წელს მეფის ბრძანებით ხეობათა შორის დადებული ხელშეკრულება გვიჩვენებს, რომ ამ კუთხის ამაყი და თავისუფლების მოყვარული მკვიდრი მცხოვრებნიც ალექსანდრე მეფის სიტყვის უცილობელ ბრძანებად სთვლიდნენ.

 

ლორის ციხის აღება და საქართველოსთან შემოერთება

1431 წელს მრავალი კინკლოსის ცნობით ”მეფემან ალექსანდრე ლორე აიღო”. ამ ცნობის სიმართლეს მეფე ალექსანდრეს 1433 წლის მცხეთის სიგელიც ადასტურებს. ლორის ციხე თურმე ყოფილა ”მიტაცებული აგარეანთაგან”. ამ დიდმნიშვნელოვანი ციხის წინააღმდეგ გალაშქრებაში სიტყვით და ჩაგონებით მხურვალე მონაწილეობა კათალიკოზ თეოდორეს მიუღია. მას თურმე ”ლაშქართა მიმცნებითა” და დარიგებით მებრძოლთა სულიერი განწყობილება განუმტკიცებია. ბრძოლის წინ კათალიკოზი ამხნევებდა და მამულიშვილურ გრძნობებს უღვივებდა: გახსოვდეთ, რომ ”ამა უსჯულოთა აგარის ნათესავთა ანდრონიკეს შვილი ალასტანელი გიორგი მოუკლავს და მრავალნი ქრისტიანენი წამებითა აღესრულებიან და დაუტყვევებიან და ტახტი მეფეთა განურყვნია და საპატიონი და ცამდის მაღალნი საყდარნი შეურაცხ უქმნიან, სახლი სალოცველი ქუაბ-ავაზაკთა უქმნია და უნეთა მათთათჳს საყოფად განუჩენია”. აი, ასეთ მოწინააღმდეგესა და მტერთანა გაქვთ საქმე და ამიტომ ”აწ ბრძოლეთ ძლიერად, და დაღუთუ ვინმე ომსა შიგან აღსასრული მიიღოთ, ქრისტესთუის წამებულთა გუერდს მიითუალვით”-ო. ხოლო თუ ვინმე ”დაკოდითა ანუ დაშავებითა და რათაცა ტკივილით იტანჯებით, ყოველსავე ქრისტე მისად ნებისმყოფელად მიუთვალავს”-ო. კათალიკოზ თეოდორეს მოქადაგეობას უმოქმედნია და მისი ჩაგონებითა და გამხნევებით აღფრთოვანებულს საქართველოს ჯარს ლორე მტრისათვის წაურთმევია და თითონ დაუჭერია.
როდის უნდა ყოფილიყო ”მიტაცებული აგარეანთაგან” ეს ლორის ციხე და ქალაქი? ვახუშტის სიტყვით ლორეს ვითომც 1430 წელს მოულოდნელად დასცემიან ”სარკინოზნი”, რომელთაც ”მოარბიეს სომხითისანი სამცხემდე” და ავნეს დიდად ”ქართველთა”. თუმცა ისინი ”უკუიქცნენ და წარვიდნენ”, მაგრამ ლორის ციხე მაინც ხელში შეინარჩუნესო. აცნობეს თუ არა მეფეს ეს ამბავი, 1431 წელს ქართლში გამოვიდა, შეკრიბა ჯარი, მოადგა ამბერდს და დაიმორჩილაო. 1432 წელს მეფე ალექსანდრემ ლორის ციხის უკან დასაბრუნებლად გაილაშქრა და მართლაც ”აიღო იგი და მოსრნა სარკინოზნი და დაიპყრო თავისად ლორე”-ო. ვახუშტის ეს სიტყვები თივთ ალექსანდრე მეფისავე ცნობას სრულებით ეწინააღმდეგება.
ალექსანდრე მეფეს მოთხრობილი აქვს, რომ, როგორც კი მას ლორე დაუბრუნებია ვისაც კი ”ქართველთა დარბაზის ერთა ზემოთა და ანუ ქუემოთა” იქ მამული ”ჰქონებოდა, ანუ ნიშანი (ე. ი. სიგელი) ვისმეღა დარჩომოდა და ანუ ჩამომავლობით პაპათა და მამათაგან არა თუ მაჴსოვრობით, მათი მომავალთაგან სმენით სმენოდა”, ყველამ, ვინც ”იაჯეს” თავიანთი ქონების დაბრუნება, ”განუყავით და უბოძეთ”-ო.
ამ სიტყვებითგან ნათლადა ჩანს, რომ ლორე დიდხანს უნდა ჰქონოდა მტერს ხელში: მფლობელობის საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ საბუთებითა და მამათა და პაპათაგან სმენითა და მეხსიერებით ყოფილა შესაძლებელი. მაშასადამე ალექსანდრე მეფის დროს ამ ამბავის მომსწრე აღარავინ ყოფილა და სად, ვის და რა მამული ეკუთვნოდა, ამის გადაწყვეტა შესაძლებელი ყოფილა ან სიგელების საშუალებით, ან ისეთ პირთა მოწმობით, რომელთაც მამებისა და პაპებისაგან ჰქონდათ გაგონილი. ცხადია, ეს ამბავი სულ ცოტა ერთი-ორი თაობის წინათ მომხდარა. აქ ბატონიშვილი ვახუშტი ცდება უეჭველია და, ლორე რომ, მხოლოდ 1430 წელს დაეპყრათ ”სარკინოზებს”, ალექსანდრე მეფეს ამ ციხე-ქალაქის უკან დაბრუნებისას მფლობელობის უფლების აღდგენა ისე არ გაუძნელდებოდა. თავის ადგილას ეს გამორკვეულია, რომ ალექსანდრე მეფის სიგელის ცნობა მართლაც სამართლიანია.
რაკი ალექსანდრე მეფეს 1433 წელს ლორეში მამულები და მიწები უკვე განაწილებულ-დარიგებული ჰქონია, უეჭველია თვით ლორე უფრო ადრე უნდა იყოს აღებული და ამიტომ კინკლოსებში მოყვანილი თარიღი 1431 წელს უეჭველია უფრო სწორი უნდა იყოს, ვიდრე ვახუშტისა. ლორის აღებამ საქართველოს სამხრეთის საზღვარიც გაამაგრა და უზრუნველჰყო.


სივნიეთისა და მახლობელი ადგილების შემოერთება

ლორის აღების შემდეგ ბეშქენ ორბელიანს, სუმბატ ორბელიანის შვილს და ბურთელის შვილისშვილს, მთელი სივნიეთის მხარე და ყველა მის მახლობლად მდებარე სანახებნი, 60.000-ზე მეტი ქრისტიანი სახლობითურთ დაუპყრია და საქართველოსათვის შემოუერთებია. სომეხთა ისტორიკოსის თომა მეწობელის სიტყვით ეს გამარჯვება ამ კუთხის და საქართველოს შაჰრუჰისაგან სრულს განთავისუფლებას მოასწავებდა, რათგან შაჰრუჰი სომხეთის დაპატრონების შემდეგ უეჭველია საქართველოსაც მოადგებოდა. ეს ამბავი ალბათ 1434-35 წელს უნდა მომხდარიყო, როდესაც თვით შაჰრუჰს ან ჯეჰან-შაჰის წინაშე ადერბეჯანში ქედი უნდა მოეხარა, ან უნდა განსცლოდა და, როცა ეს ქვეყანა ჯეჰან-შაჰის ხელში გადავიდა, ასეთი ღვაწლისათვის მეფე ალექსანდრეს ბეშქენ ორბელიანისათვის ლორის ციხე უწყალობებია. ბეშქენ ორბელიანთან 1435-38 წლების განმავლობაში თურმე მრავალმა სომეხმა ლტოლვილმა მოიყარა თავი, რომელთაც ის პურითაც, ბინითა და სამოსელითაც ძალიან ეხმარებოდა. ამის გამო ამ კუთხეს მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილი სომხეთითგან იმდენი სომხობა მოაწყდა, რომ მეფე ალექსანდრეს და მთავრობას ამდენი სომხობის აქ შეკრება და დამკვიდრება საქართველოსთვის საზიანოდა და სახიფათოდ მიუჩნევიათ და, როგორც ეტყობა, ამ მოვლენისათვის წინააღმდეგობა გაუწევიათ კიდეც419. ამიტომ, როდესაც 1438 წელს ვიღაც სომეხმა ამნადინმა ბეშქენ ორბელიანი პურის ჭამის დროს მოწამლა, სომხობაში ხმა გავარდნილა, ვითომც ბეშქენი ამ სომეხს მეფე ალექსანდრესა და ქართველ დიდებულთა დავალებით მოეწამლოს. მაგრამ ამ ჭორის უსაფუძლობას ის გარემოებაც ცხადყოფს, რომ ბეშქენის მომწამვლელ სომეხს წამებისა და გამოძიების დროს არც ალექსანდრე მეფე და არც სხვა ვინმე საქართველოს მმართველ წრისაგან არ დაუსახელებია თავისი ბოროტმოქმედების მონაწილედ. ამგვარად, ალექსანდრე მეფემ საქართველოს დაუბრუნა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა, შიგნით ქვეყნის ერთობა და მთლიანობა განამტკიცა. ზოგი მოსაზღვრე ქვეყანანიც, რომელნიც წინათ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში შედიოდა, კვლავ საქართველოსვე შემოუერთა.

 

ალექსანდრეს შინაური აღმაშენებლობითი მოღვაწეობა. სვეტიცხოვლის განახლება

ალექსანდრე მეფის მოღვაწეობა მარტო ამ სამხედრო და პოლიტიკურ ასპარეზს არ ეხებოდა. სწორედ უნდა ითქვას, რომ სახელი და მეფეთა შორის წარჩინებულება მას იმდენად სამხედრო ძლევამოსილებით არ უნდა ჰქონდეს მოხვეჭილი, რამდენადაც საქართველოს შინაური აღმაშენებლობისა, განახლებისა და აღორძინებისათვის ზრუნვითა, ფართო გეგმითა და მიზანშეწონილი საშუალებით წარმოებული დიადი მუშაობით. ზევით უკვე აღნიშნული გვქონდა, რომ ამგვარი აღმაშენებლობითი მოღვაწეობისადმი მიდრეკილება და ხალისი ალექსანდრე მეფეს თავის ბებიის რუსასგან ჰქონდა შეთვისებული. პირადი მაგალითით მას თავისი შვილიშვილისა და თანამედროვეებისათვის უჩვენებია, როგორის მხნეობით უნდა ეცადოს ხოლმე ადამიანი მტრისაგან განადგურებული ქვეყნის აღდგენას. პირადი მაგალითითვე მან ყველას დაანახვა, რამდენის გაკეთება შეუძლია ერთს ადამიანსაც, გინდა კერძო თაოსნობით. რუსას დიდებული საქმე, მცხეთის სვეტიცხოველის განახლება, დაუმთავრებელი დარჩა. მისი შვილიშვილისათვის მისი დამთავრება სასიამოვნო ზნეობრივ მოვალეობად უნდა ყოფილიყო. და თავისი აღმაშენებლობითი მოღვაწეობა ალექსანდრე მეფემაც პირველად სწორედ თევისი ბებიის ნანდერძევი მუშაობის დამთავრებით დაიწყო.
სვეტიცხოვლის ტაძარი თემურ-ლენგის შემოსევის დროს იმდენად დაზიანებულა, რომ მისი აღდგენა და განახლება ადვილი საქმე არ იქნებოდა. ამის დამთავრება ვერც რუსამ მოასწრო და ალექსანდრე მეფემაც დიდი დრო, მხნეობა და ფული შეალია, სანამ ამ დიდებული ძეგლის განახლების დამთავრებას ეღირსებოდა.
იმისდა მიუხედავად, რომ ალექსანდრე მეფემ გამეფების თანავე ანუ უკვე 1412 წლითგან მოყოლებული თავისი ბებიის ნაანდერძევ საქმეს მიჰყო ხელი, მაინც 1419 წელსაც მცხეთის საკათალიკოზო საყდრის განახლება და შეკეთება ჯერ კიდევ დამთავრებული არ ყოფილა და თვით ალექსანდრე მეფე სთხოვს ”სრულ... ყავ საწადელი ესე ჩემი”-ო.ეს განახლებით მუშაობა კარგა ხანს გაგრძელებულა. ალექსანდრე მეფეს კათალიკოზის დახმარებით სვეტიცხოვლის საყდრის ”ახლად განვრცომა და აღშენება”, როგორც ეტყობა, 1431 წელს დაუმთავრებია. ამ წლის სიგელებში მეფე ამბობს, რომ უკვე ”განსრულდა... ყოვლადვე უნაკლულოდ თავი ცათა-მობაძავი საყდარი და შიგან ღთივ აღმართებული სუეტიცხოველი... და ჩუენი საფლავი და ვითარ ჯერ იყო ეგევითარითა თავი-საყდარი პატივითა და წესითა შევამკევ”-ო. მაშასადამე, მარტო ალექსანდრეს თავის მეფობაში მცხეთის საკათალიკოზო ტაძრის განახლებისათვის ცხრამეტი წლის მუშაობა მოუნდომებია. ხოლო რაკი მისი განახლება ჯერ კიდევ ალექსანდრე მეფის ბებიას რუსას დაუწყია, ცხადია, ამ საყდრის შეკეთებას და განახლებას დიდი დრო დასჭირებია. ეს გარემოება გაფიქრებინებს, რომ თემურ-ლენგის მრისხანე შემოსევის დროს დიდებული ტაძარი ძალიან უნდა დაზიანებულიყო.

 

საქართველოს დანგრეული ციხე-საყდრების აღდგენა

ალექსანდრე მეფეს რომ თავისი აღმაშენებლობითი მოღვაწეობა მარტო მცხეთის დიდებული საყდრის განახლებით გაეთავებინა და მეტი არა გაეკეთებინა რა, ქართული ხელოვნებისათვის ესეც თვალსაჩინო წვლილი იქნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც მხოლოდ ერთი, განმარტოებული ფართო მნიშვნელობას მოკლებული მოვლენა იქნებოდა, და თაოსნობაც და, მაშასადამე, თვით ღვაწლიც უმთავრესად ალექსანდრე მეფის ბებიას რუსას მიუძღოდა. ალექსანდრე კი არ დაკმაყოფილებულა. იმ კერძო და ნაწილობრივი აღმაშენებლობის მაგიერ, რომელსაც იგი თავისი ბებიის დაწყებული საქმის დამთავრების დროს აწარმოებდა, ალექსანდრე მეფე მთელ საქართველოს განადგურებული ციხეებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენას შეუდგა. თემურ-ლენგის შემოსევამ ისე გააოხრა ქვეყანა, იმდენად დიდი იყო საქართველოსათვის მოყენებული ზიანი, რომ კერძო,ნაწილობრივი და თანდათანობითი შეკეთებითა და განახლებით ჩვენი სამშობლოს გამოსწორება შეუძლებელი იყო. მხოლოდ მთელი სახელმწიფოს და ერის შეერთებული, თანხმობრივი, მიზანშეწონილი და ხანგრძლივი მოქმედებითა და დიდი ქონებრივი სახსრის გამოღებით შეიძლებოდა მონღოლთა ბარბაროსული შემოსევისაგან განადგურებული ქვეყნის აღდგენა. სწორედ ასეთი გეგმისა და საშუალებისათვის მიუმართავს ალექსანდრე მეფესაც. ჯერ კიდევ მცხეთის დიდებული ტაძრის აღდგენა დამთავრებული არ ყოფილა, რომ სახელოვანს მეფეს მთელ სახელმწიფოში ფართო გეგმითა და არაჩვეულებრივი შეერთებული ქონებრივი ძალღონით აღმშენებლობითი მცშაობა განუზრახავს. ალექსანდრე მეფეს ამის შესახებ ნათქვამი აქვს: ”ვითარ ჩუენგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინებე ...ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. მას ჟამსა შემოსავალი ჩუენისა სახლისა არსით რა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედა ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე და ასოცდარვად ქ˜კნადმდე (ე. ი. 1440 წ.) რაოდენი საქართველოსა ციხენი საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე ს˜დ ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგჳკვეთია”-ო.
თუმცა ეს ცნობა სრულებით მკაფიოა, მაგრამ მაინც მეტად მოკლეა, რომ ამ დიადი საქმის მთელი მისი სიღრმე-სივრცით წარმოდგენა შეიძლებოდეს. ბატონიშვილს ვახუშტს ეს ამბავი სხვანაირადაც აქვს მოთხრობილი და გაცილებით უფრო მეტი ცნობებიც მოეპოვება. ალექსანდრე მეფის ზემომოყვანილს სიგელში აღნიშნული არ არის, თუ როდის დაიწყო მეფემ თავისი აღმაშენებლობითი და განმაახლებლობითი მოღვაწეობა და თითქოს ისეა ნაგულისხმევი, ვითომც ალექსანდრე მეფე გამეთების თანავე შესდგომოდეს ამ საქმეს. ვახუშტს კი ნათქვამი აქვს, რომ მხოლოდ მას შემდგომ, რაც მან თავისი ურჩი მთავრები დაიმორჩილა და როდესაც ”დაემშვიდნეს ყველანი თვისნი ქვეყანანი”, მაშინ შეუდგა თავის საკულტურო მოღვაწეობასაო, დიდებულ ქართველ ისტორიკოსს ისეთი ცნობაც კი მოეპოვება, რომლის საშუალებითაც ალექსანდრე მეფის ამ დიადი და ფართო ასპარეზით ნაწარმოები განმაახლებლობითი მოღვაწეობის დასაწყისის თარიღის გამორკვევაც შეიძლება. ვახუშტი ამტკიცებს, რომ ალექსანდრე მეფემ ”ათხუთმეტსა წელსა შეასრულა განზრახვანი თვისნი”-ო. ბატონიშვილს ვახუშტის ეს ცნობა ალბათ რომელიმე საბუთითგან ექნება ამოღებული; ხოლო რაკი თვით დიდებული მეფის სიგელითგან ვიცით, რომ მას თავისი გეგმის განხორციელება სწორედ 1440 წელს მოუხერხებია, ისე გამოდის, რომ საქართველოს ერთობლივი განახლების მუშაობის დასაწყისის თარიღად 1425 წელი უნდა მივიღოთ.
ალექსანდრე მეფის ზემომოყვანილ სიგელში ცნობა რომ სიმართლეს შეიცავს და მარტო ლამაზ სიტყვად და ჩვეულებრივ გადაჭარბებად ვერ ჩაითვლება, ამას რუისის საყდრის დასავლეთის კარიბჭის ასომთავრული წარწერაც ამტკიცებს, სადაც ნათქვამია: ”ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე. ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყავნ”-ო საქართველოში რომ ისტორიული ნაშთები კარგად ყოფილიყო შენახული და გადარჩენილი, უეჭველია ბევრი ციხისა და ეკლესიის ან მონასტრის კედლებზე იქნებოდა ზემომოყვანილის მსგავსი წარწერები. სწორედ სამწუხაროა, რომ ალექსანდრე მეფის მოღვაწეობის ასეთი ყოველნაირად საყურადღებო და საგულისხმო ხანის შესახებ ასე ცოტა და მოკლე ცნობებია შერჩენილი. ამის გამო ბევრი რამე სრულებით გამოურკვეველი რჩება და არა ვიცით რა, ეს ფართო და დიდი სააღმშენებლო გეგმა, ან წინასწარ როგორ იყო შემუშავებული და განხილულ-დაკანონებული, ან ვინ და როგორი წყობილებით უძღვებოდა ამ რთულ ტექნიკურსა და ქონებრივს საქმეს მისი ხანგრძლივი განხორციელების დროს, ან რა დაუჯდა ქართველს ერს ეს სახელმწიფოებრივი ძალღონით წარმოებული მტრისაგან გაოხრებული ქვეყნის აღდგენა-აღმაშენებლობა.
ერთი რამე მაინც სრულებით ცხადია: ალექსანდრე მეფის მოღვაწეობის ფართო აღმაშენებლობითი ხასიათის მთელი მნიშვნელობა და მომხიბლველი სიდიადე მშვენივრად ჰქონიათ შეგნებული მის თანამედროვეებსაც და შთამომავლობასაც. სწორედ ამან მოუხვეჭა ალექსანდრეს ”მეფეთა შორის წარჩინებულის” წოდებულება, ამანვე შესძღვნა მას თანამედროვეთა, შთამომავლობისა და საქართველოს ისტორიისაგან ”დიდის ალექსანდრეს” სახელი.
ქართველი ხალხი აღტაცებული იყო იმითაც, რომ მან ასეთი დიადი საქმე, განადგურებული ქვეყნის აღდგენა განიზრახა და მოახერხა კიდეც, და იმითაც, რომ ყოველივე თავისი დაპირება ალექსანდრე მეფემ პირნათლად აასრულა და ეს წმინდა საშვილიშვილო საქმე ღირსეულად დააგვირგვინა. ხალხი წინათაც და ეხლაც გამოცდილებით მიჩვეული იყო და არის, რომ თითქმის ყოველთვის დროებით და ვითარცა არაჩვეულებრივად შემოღებული გადასახადი თანდათან მუდმივ და ჩვეულებრივ გადასახადად იქცეოდა ხოლმე. მით უმეტეს მადლიერი უნდა ყოფილიყო ქართველი ერი, როდესაც ალექსანდრე მეფემ თავისი მშვენიერი და საშვილიშვილო აღმაშენებლობის დამთავრების შემდგომ საქვეყნოდ გამოაცხადა: ყველაფერი რაც მტრისაგან განადგურებული იყო ”ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენენ და შევამკუენ და აწ”, რაკი მიზანი უკვე მიღწეულია, საგანგებო გადასახადი საჭირო აღარ არის და ”ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგჳკვეთია”-ო.
საქართველოში სამხედრო და პოლიტიკური სიმტკიცისა და მყუდროების დამყარების შემდეგ ალექსანდრე მეფე და მმართველი წრეები განადგურებული და გაუკაცრიელებული ქვეყნების დასახლებასა და აღდგენაზე ზრუნავდნენ. ციხე-სიმაგრეებისა და შენობების შეკეთება-განახლებასთან ერთად საახალშენო მუშაობაც წარმოებდა და ტყვედ წაყვანილთა გამოსყიდვითა, თუ ლტოლვილთა უკან დაბრუნებით ძალზე შეთხელებული მოსახლეობის გასამრავლებლად იღვწოდნენ. ერთი და ორი არ იყო საქართველოში ისეთნაირად აოხრებული სოფელი, სადაც უკვე კარგახანია ”კაცი არ ესახლა”. საქართველოს დიდებული მოამაგე მეფე მოგვითხრობს, რომ ამგვარ ადგილებში ”თათართა ქუეყნიდაღმან კაცები მოვასხი”, დავასახლე და ყოველნაირად დავეხმარე, ”ჴარი, ფური და პური ჩუენ მივეცით”, რომ თავიანთი მეურნეობა მოეწყოთო.
შეჰხებია, არამედ მისი მადლიანი ხელი და კეთილდღეობისათვის მზრუნველი გული უცხოეთში გაფანტულ ქართულ დაწესებულებებსაც მისწვდომია: მისი თაოსნობითა და მხნეობით გამობრუნებული და მოღონიერებული საქართველო მარტო შინაურობაში და თავის მიწაწყალზე კი არ იჩენდა თავის აღმაშენებლობითსა და განახლებითს ძალას, არამედ უცხოეთშიაც, საბერძნეთში და პალესტინაში მყოფ ქართველთა მონასტრებსა და დაწესებულებებსაც კვლავ მზრუნველი და გულშემატკივარი მფარველი გაუჩნდა. ტიმოთე ქართლისა მთავარეპისკოპოსს ათონის ქართველთა მონასტერში ყოფნის დროს თავისი თვალით უნახავს და ამოუკითხავს ცნობა, რომ იქ ”სასნეულო და ამის კერძონი გოდოლნი და სენაკნი განუახლებია მეფესა ალექსანდრე ქართუელსა, რუისის საყდრისა კარზედ რომ მეფე ალექსანდრე სწერია”-ო. < p> 


ალექსანდრე მეფის უკანასკნელი წლები ავადმყოფობა

1439 წელს ალექსანდრე მეფე თომა მეწობელის სიტყვით მძიმე ავადმყოფი შექმნილა. მას რაღაც ავადმყოფობა შეჰყრია, მძაფრი ტკივილებისა გამო საშინლად იტანჯებოდა თურმე. ხანგრძლივ მეფე ისეთს მდგომარეობაში ყოფილა, რომ ყოველდღე მისი სიკვდილის მოლოდინში იყვნენ, მაგრამ მძიმედ შეწუხებული მრავალჯერ გამობრუნებულა და მახლობლებს მორჩენის იმედი მისცემიათ. მრავლად მოწვეული ექიმები და მკურნალნი ვერას შველოდნენ, ავადმყოფობა უძნელდებოდა ხსნა თითქმის არსაითგან იყო მოსალოდნელი. ბოლოს, როგორც ეტყობა, სხეულს სენისათვის მაინც დაუძლევია და მეფე ალექსანდრე განკურნებულა.

 

ცნობა ჯეჰან-შაჰის შემოსევების შესახებ

ერთი წლის შემდეგ, 1440 წელს იმავე სომეხთა ისტორიკოსის ცნობით საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავზე: თავრიზის მეფე და მფლობელი ჯეჰან-შაჰი თავისი ლაშქრითურთ და არდაველის მთავრისა, ყადიებისა და მუდარისების თანხლებით საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებულა. სანამ გამოილაშქრებდა ჯეჰან-შაჰმა ალექსანდრე მეფეს მრავალჯერ მოუგზავნა დესპანები, ნებაყოფლობით დამორჩილება და ჩვეულებრივი ხარკის დადება მოსთხოვა. მაგრამ ალექსანდრე მეფემ, რომელიც თავის საბუთებშიაც კი თავმომწონედ წერდა ხოლმე, რომ ”აგარის ნათესავნი, მტერნი და წინააღმდეგნი ქრისტიანეთანი, სამარადისოდ ტოლვილ და უკუნქცეულ” იყვნენ, ეს წინადადება გადაჭრით უარჰყო და მკვახე პასუხიც შეუთვალა, ამით გაბრაზებული ჯეჰან-შაჰი მთელი თავისი ჯარით უეცრად აღდგომა დღეს საქართველოს შემოესია და რაკი ასეთს დროს თავდასხმას არავინ ელოდა, ტყვე ბევრი ჩაუვარდა ხელში და ხალხიც ბლომად დაიხოცა. შემდეგ თვით ქ. სამშვილდესაც კი მიადგა და გარშემოერტყა. სულიწმინდის მოფენამდე მტერმა მოტყუებით და მუქარით სამშვილდის აღება მოახერხა. ჯეჰან-შაჰმა ალბათ თავისი გამარჯვების სახსოვარ ძეგლად სამშვილდის კარებწინ 1664 მოჭრილი თავისაგან მინარა. დაადგმეინა. მარტო ტყვეთა რიცხვი ამ ქალაქის დაპყრობის დროს 9400 უდრიდაო. მთელი სანაპირო ქვეყანა ამის შემდგომ მტრისაგან აოხრებული და აკლებული იყო. ხალხის ქონება და სარჩო–საბადებელი დატაცებულ იქმნა შემოსეულ ლაშქრისაგან ისე, რომ როდესაც ტყვეებს გაყიდვა დაუწყეს და 1000 თანგის ფასად ტყვეობითგან ათავისუფლებდნენ, თ. მეწობელის სიტყვით, ხალხი ისე იყო გაღარიბებული, რომ არც სოფლელებსა და არც ქალაქელებს თავიანთი ტყვედ წაყვანილი ნათესავ- მახლობლების გამოსყიდვა არ შეეძლოთ. რაკი სამშვილდე აღებული იყო, მტერს საქართველოს დედა-ქალაქამდე დაბრკოლებას ვეღარაფერი გაუწევდა. ჯეჰან-შაჰიც თბილისის ასაღებად წამოსულა და როგორც თ. მეწობელის სიტყვითგანა ჩანს, ქალაქი აუღია კიდეც. სომეხთა ისტორიკოსს მოთხრობილი აქვს, ვითომ მტერს ყველა ეკლესიები, ძველიც და ახალიც, სულ მთლიანად დაენგრიოს. დაპყრობილს ადგილებში მტერმა ისეთი საშინელი სიმკაცრე და სიმხეცე გამოიჩინა, რომ თავზარდაცემულს ხალხს არ სცოდნია, სად შეეფარებინა თავი. არდაველის შეიხის რჩევით ჯეჰან-შაჰს ქრისტიანებზე დიდი ხარკი და ხარჯა დაუდვია, რომ აუტანელი მეხარკეობით შეწუხებულთ ქრისტიანობაზე უარი ეთქვათ და და გამაჰმადიანებულიყვნენ433. სომეხთა ისტორიკოსს არაფერი აქვს ნათქვამი, რით დამთავრდა ეს ლაშქრობა და რაგვარი პოლიტიკური დამოკიდებულება დამყარდა ალექსანდრე მეფესა და ჯეჰან-შაჰს შორის. მისი მოთხრობა ზემომოყვანილს გარდა არავითარს ცნობებს არ შეიცავს, დაბოლოვებული არ არის და ბუნდოვან შთაბეჭდილებას სტოვებს. ხოლო ქართულ ძველ წყაროებში ჯეჰან-შაჰის ამ შემოსევის შესახებ ცნობები ჯერჯერობით მაინც აღმოჩენილი არ არის. ბატონიშვილს ვახუშტს კი ჯეჰან-შაჰის შემოსევა 1444 წელს აქვს აღნიშნული და ეს ამბავი სულ სხვანაირადაც აქვს აღწერილი. მაგრამ არა სჩანს, თუ რა წყაროებზეა მისი ცნობა დამყარებული, ამიტომ სიმართლის გამორკვევა ძნელია.


ალექსანდრე მეფის შემონაზონება და უსაფუძვლო ცნობა საქართველოს მისგან დაყოფის შესახებ

ალექსანდრე მეფე თავის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ბერად შემდგარა და მონაზონად აღკვეცილა. ეს მისი შვილი, გიორგი მეფის, 1449 წლის სიგელითგანაც ჩანს, სადაც იგი თავისთავს ”დიდისა და მეფეთა შორის წარჩინებულისა და სანატრელისა ღ˜თივ-გუირგუინოსანისა და ღთივ–დიდებულისა, სულკურთხეულისა მეფეთა-მეფისა მონაზონისა ალექსანდრეს”-ძედ ასახელებს რაკი ჩვენამდის 1441 წლის სიგელმა მოაღწია, რომელიც ალექსანდრე მეფის მიერ არის ნაწყალობევი, ხოლო რათგან ამასთანავე შენახულია ალექსანდრე მეფის მიერ 1442 წელს ნაწყალობევი სიგელიც, ამიტომ ცხადია, რომ ალექსანდრე მეფის შემონაზონება 1441-42 წლების შემდგომ უნდა მომხდარიყო. მეფე ალექსანდრეს ბერად შედგომის შესახებ არც ვახტანგის ისტორიკოსთა კომისიის ნაშრომში. არც ქ˜ცის გაგრძელებაში და არც ბატონიშვილის ვახუშტის ისტორიაში არის რაიმე ნათქვამი, მხოლოდ ქ˜ცის შევსებულ-გადაკეთებულს გაგრძელებაშია ვრცელი ცნობა შეტანილი. იქ ნათქვამია, რომ ალექსანდრე მეფემ 1442 წელს ”ქ˜კსა: რლ: დასვა მეფე [დ] ქართლსა და იმერეთს პირველი შვილი ვახტანგ და შეჰრთო ფანასკერტელის ქალი და დაჲ ფანასკერტელისა თაყასი, დედოფალი სითიხათუნ. ხოლო თვით მეფემან ალექსანდრემ სახე მონაზონებისა, შეიმოსა და უწოდეს სახელად ათანასი და აღაშენნა თჳსად სენაკი და სახლნი დიდნი ქვიტკირისანი მცხეთას მისგან აღშენებულს მთავარ ანგელოზის ეკვდერთანა და მუნ დადგა ვიდრემდის ცხოვრებდა... ხოლო ოდეს დასვა პირველი შვილი ვახტანგ ქართლსა და იმერეთს მასთან დააყენა უმრწემესი ძმა მისი დიმიტრი და დასვა კახეთს ქ˜კს: რლგ (1445): მეფედ უმრწემესი ძმა დიმიტრისი გიორგი და შერთეს ნესტანდარეჯან იმერელი მეფის ქალი”-ო.
ამ ცნობითგან ირკვევა, რომ ალექსანდრე მეფე მართლაც 1442 წელს შემონაზონებულა და მონაზნობაში მისთვის ათანასი უწოდებიათ. ეს ქ˜ცის შევს-გადაკეთებული გაგრძელების ავტორს ალბათ საბუთებითგან ექმნება ამოღებული, მაგრამ ამასთანავე ბერად შედგომის დროს ვითომც ალექსანდრე მეფეს საქართველო შვილებისათვის გაეყოს და სათითაოდ მათთვის ცალ-ცალკე სამეფო მიეცეს, ამ აზრს კი საფუძვლიანი კრიტიკული განხილვა ეჭირვება. ეს სწორედ ის საკითხია, რომლისთვისაც ვახტანგისეული სწავლული კაცები და ბატონიშვილი ვახუშტიც თავებს იმტვრევდნენ, მაგრამ მაინც მიზანს ვერ მიაღწიეს441. როდის და რა მიზნით მოხდა გაერთიანებული საქართველოს სამ სამეფოდ და რამდენსამე სამთავროდ დაყოფა, სრულის უეჭველობით ზემოაღნიშნულმა ისტორიკოსებმა ეს ვერ გადაწყვიტეს და მხოლოდ ქ˜ცის შევს.გადაკ. გაგრძელების ავტორი გვაძლევს მკაფიო პასუხს: დიდი ალექსანდრე მეფის დროს, თვით მისივე პირადი თაოსნობით 1442 და 1445 წელშიო. მაგრამ რამდენად სამართლიანია ეს მკაფიო ცნობა? ქ˜ცის შევს.-გადაკ. გაგრძელების ავტორის სიტყვით ალექსანდრეს ძე გიორგი 1445 წელს დაუსვამთ მეფედ. თივთ გიორგი მეფის სიგელების მიხედვით კი ცხადი ხდება, რომ ის 1447 წელს გამეფებულა. მაშასადამე, ქ˜ცის გაგრძელების შემდგენელი შემცდარი ყოფილა იმავე ავტორის სიტყვით ვითომც ალექსანდრე მეფეს 1442 წელსავე იმერეთის მეფედ თავისი შვილი დიმიტრი დაესვას. ამ ცნობას თითქოს 1445 წლის მცხეთის №292 ქაღალდებზე მხედრულად ნაწერი სიგელი ადასტურებს, რომელშიაც ნათქვამია: ”ჩვენ მეფეთა-მეფის ალექსანდრეს ძემან, მეფემან დიმიტრი ეს ნასყიდობის წიგნი გიბოძე... ქ˜კს: რლგ... აგვისტოს: კვ ”. აქეთგან თითქოს ისე გამოდის, ვითომც 1445 წელს დიმიტრი, ალექსანდრე მეფეთ-მეფის შვილი, მეფედ მჯდარიყოს. მაგრამ ამას გიორგი მეფეთა-მეფის ალექსანდრის ძის 1449 წლის სიგელში შენახული ცნობა ეწინააღმდეგება, რომელშიაც გიორგი მეფეს ნათქვამი აქვს: ”ესე სამი აღაპი ჩემთუის და ჩუენისა ძმისა დიმიტრისათუის შეჰკუეთეთ”-ო. გიორგი თავის ძმას დიმიტრის აქ მეფედ არ იხსენიებს, მეფედ კი რომ ყოფილიყო ეს გარემოება უეჭველად იქნებოდა აღნიშნული. ეს საბუთი თავდაპირველი დედანია, ზემომოყვანილი 1445 წლის სიგელი კი, როგორც ეტყობა, მხოლოდ მერმინდელი პირი. ამ გარემოებას კი ცნობათა შედარებითი ღირსება-ეჭვმიუტანლობის დროს, რასაკვირველია, არსებითი მნიშვნელობა აქვს და 1445 წლის საბუთს ფასს უკარგავს.
იქაც, სადაც ბატონიშვილს ვახუშტს დიმიტრი ალექსანდრეს ძის სიკვდილი აქვს აღნიშნული, იგი მეფედ არ იხსენიებს. დიმიტრი 1452 წელს გარდაცვლილა: ”ნადირობასა შინა მოკლა ცხენმან დიმიტრი ძე ალექსანდრე მეფისა წელსა 1452 წელსა ქართულსა 140”. სახელოვანი ისტორიკოსის ეს ცნობა ისეთი თვისებისაა, რომ იგი უეჭველია რომელიმე კინკლოსითგან უნდა ჰქონდეს ამოღებული. მაშასადამე, ჯერ-ჯერობით იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ დიმიტრი მეფედ არ უნდა ყოფილიყო დასმული და ცნობა ალექსანდრე მეფის მიერ შვილებს შორის საქართველოს გაყოფის შესახებ არ მართლდება, რაც შემდეგში უფრო მეტი სიცხადით გამოირკვევა.


ვახტანგ მეფე, ძე მეფეთა-მეფისა ალექსანდრესი

ალექსანდრე მეფე რომ ბერად შედგა და ქვეყნის საჭეთმპყრობელობას თავი დაანება, სამეფო ტახტზე, როგორც უკვე აღნიშნული იყო, მისი შვილი ვახტანგი ავიდა. ვახტანგის მეფობას ადასტურებს გიორგი მეფის 1449 წლის ერთი სიგელი, რომლის მხოლოდ პატარა ნაწყვეტი აქვს მოყვანილი ბატონიშვილს ვახუშტს. ამ საბუთში გიორგი მეფე თავის თავს ვახტანგ მეფის ძედ ასახელებს; ”ჩვენ მეფემან გიორგიმ, ძმამ მეფისა ვახტანგისამან” ესა და ეს გიწყალობეთ. ამავე გარემოებას ცხადჰყოფს იკორთის წინამძღვრის იოაკიმე თითას-მანელისძის მიერ დაწერილი ზატიკი, რომელიც დამთავრებული ყოფილა ”მეფობასა ვახტანგისასა” ქ˜კსა 134, ანუ 1446 წელს. რამდენად შინაარსიანი იყო ვახტანგის მეფობა, ამაზე ეხლა არაფრის თქმა არ შეიძლება იმიტომ, რომ მისი ჯერ არც სიგელია აღმოჩენილი, არც სხვა რაიმე წყაროებშია შენახული საკმაო ცნობები. არეულია აგრეთვე ვახტანგ მეფის გარდაცვალების თარიღიც. ვახუშტის ცნობით ვახტანგი ვითომც ”გარდაიცვალა წელსა 1445” უძეოდ და ”დაფლეს ბანასავე ცოლისა თვისისა თანა”. ჩხეიძის კინკლოსს თარიღად 1446 წელს აქვს მიღებული, ხოლო იკორთის ძილისპირის კინკლოსში 1447 წელს არის დასახელებული. იგივე წელიწადია თარიღად მიღებული ქ˜ცის შევს-გადაკ. პირველსა და მეორე გაგრძელებაშიაც. საბოლოო თარიღად 1446 წელი ვგონებ უფრო სწორი უნდა იყოს, რათგან მისი ძმა გიორგიც სწორედ 1446 წელს გამეფდა, ალბათ თავისი ძმის ვახტანგ მეფის სიკვდილის შემდგომ.
ვახტანგის მეფობაში, 1444 წლის კინკლოსებსა, ქ˜ცის შევს.-გადაკ. ორსავე გაგრძელებაში და ბატონიშვილი ვახუშტის ისტორიაში ჯეჰან-შაჰის ახალციხეში შესევის ამბავია მოთხრობილი. პირველსა და მეორეში ცნობა მეტად მოკლეა და ნათქვამია მხოლოდ, რომ ”ამავე (ე. ი. 132) ქ˜კს (1444 წ.) ჯანშა ყაენი ახალციხეს მოუჴდა”-ო. ვახუშტის ცნობა გაცილებით უფრო ვრცელი და შინაარსიანია. მეცნიერი ისტორიკოსის სიტყვით ჯეჰან-შაჰის თავისი პოლიტიკური სიძლიერის განსამტკიცებლად და სამფლობელოს საზღვრების გასაფართოვებლად ”წამოემართა და უგრძნეულოდ მოვიდა სამცხეს და ბრძოდა ძლიერად წელსა 1444”. ამის გაგონებაზე ვახტანგ მეფეს ჯარი შეუყრია და მტერს შებრძოლებია. ”იქმნა ბრძოლა ძლიერი დილით მწუხრადმე”. ორთავე მხრით ბევრი დახოცილა. ამის გამო ”სწორი ძლევა იქმნა და ვერცა ერთმა ძლო და სიღამით უკუდგნენ ბრძოლისაგან ხვალისად ორივე მემუქარენი. არამედ მასვე ღამესა აიყარა ჯაანშაჰ ყაენი” და წავიდა სპარსეთში. მეორე დღეს, რომ ეს გარემოება გამოაშკარავდა, დიდებულებმა ვახტანგ მეფეს უკანდადევნების ნება არ მისცეს და ლაშქრობა დამთავრებულად ჩასთვალესო.
ჯეჰან-შაჰის საქართველოში შემოსევის ერთი ამბავი, როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, სომეხთა ისტორიკოსს თ. მეწობელს აქვს მოთხრობილი, მაგრამ მისი მოთხრობა შინაარსითაც ძალზე განსხვავდება და ქრონოლოგიურადაც უფრო ადრინდელ დროს, 1440 წელს, ეკუთვნის. ამიტომ თავისთავად იბადება საკითხი, 1444 წლის შემოსევის ამბავი მეორე შემოსევის აღწერილობაა, თუ ორივე მოთხრობა ერთსა და იმავე შემთხვეულებას ეხება. თუ უკანასკნელი გარემოება უფრო დასაჯერებელი უნდა იყოს, მაშინ რომელი ამ ორ მოთხრობათაგანია ჭეშმარიტი? სამწუხაროდ ჯერჯერობით არც ერთი ამ საკითხთაგანის გადაწყვეტა არ შეიძლება.


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://qim.ge

 


 

სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982წ.
ფრესკა აღებულია ინტერნეტ გვერდიდან - http://ka.wikipedia.org.
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014