მეფეთა-მეფე ალექსანდრე I დიდი
(1390-1445)
1 2

ალექსანდრეს გამეფების თარიღი
ალექსანდრეს დაბადების წელიწადი
ალექსანდრე მეფის ბებია-აღმზრდელი
ალექსანდრე მეფის ნათესაობა
ალექსანდრეს მამისშვილობა
ალექსანდრეს სახლობა
ალექსანდრე მეფის თანამეცხედრე
ალექსანდრე მეფის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, საქართველოს გარეშე მტრისაგან უზრუნველყოფა

 

ალექსანდრეს გამეფების თარიღი

aleqsandre didis freska. inaxeba saqarTvelos xelovnebis saxelmwifo muzeumSi

ალექსანდრე რომ მეფედ დამჯდარა, არსებული ცნობების მიხედვით 101 ქრონიკონი ყოფილა. ეს თარიღი თვით მის სიგელშივეა აღნიშნული: ”ქ˜კსა:რა: მეფედ დავჯედ”-ო. გამეფების თარიღის ქრისტესაქათი წელთაღრიცხვით ზედმიწევნილობით გამოანგარიშებისათვის ამ მეფის სიგელებში აღნიშნული ქრონიკონებისა და მეფობის ინდიქტიონების შედარებითი შესწავლა თითქოს სრულებით გარკვეულს პასუხს ვერ გვაძლევს. ს. კაკაბაძის გამოანგარიშებით მეფე ალექსანდრე 1412 წლის 11-19 სექტემბერს უნდა ასულიყო სამეფო ტახტზე. თავისი გამოანგარიშება ავტორს იმ საყურადღებო საკითხზე აქვს დამყარებული, თუ როდის იწყებოდა ჩვენში წელიწადი, იანვარში თუ ენკენისთვეში? მისი დაკვირვებით საქართველოში წელიწადის თავად ამ დროს ენკენისთვე უნდა ყოფილიყო. მაგრამ თვით ს. კაკაბაძისვე სიტყვით ერთს სიგელში წელიწადის თავი უეჭველია პირველი იანვრითგან არის ნაგულისხმევი და არა პირველი ენკენისთვითგან. ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ წელიწადის თავი ორგვარი და სამგვარიც იყო: ერთი საეკლესიო, მეორე კიდევ სამოქალაქო. ზოგან და ზოგჯერ ერთსა და იმავე დღეს ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ შეიძლებოდა სულ სხვადასხვა დროსაც ყოფილიყო, მაგ., საეკლესიო 1 იანვარს იყო დაწესებული, სამოქალაქო კი ზოგან 1 ენკენისთვეს. საქართველოშიც, როგორც ეს იოანე–ზოსიმეს სინას მთის X საუკუნის კალენდრითგანა ჩანს, საეკლესიო წელიწადის დასაწყისი 1 იანვარსა ყოფილა. მაშასადამე, საკითხი მხოლოდ სამოქალაქო წელიწადის თავზე შეიძლება იყოს ენკენისთვეში. ამგვარად, ერც ეს გზააა გადამწყვეტი. იმ საკითხის გამორკვევა, თუ როდის გამეფდა ალექსანდრე დიდი, უმართულ ცნობებოდაც, ალექსანდრე მეფის ისევ და ისევ სიგელებისვე თარიღების საშუალებითაც შეიძლება. ალექსანდრეს გამეფების პირველი ინდიქტიონისა და წელიწადის ზედმიწევნილობითი გამოანგარიშების დროს გათვალისწინებული უნდა გვქონდეს ერთი გარემოება. მწიგნობრებს სიგელებში ყოველთვის აღნიშნული აქვთ ხოლმე ინდიქტიონი სრულ იყო, თუ წელიწადი მხოლოდ მიმდინარე იყო და დასრულებულად არ ითვლებოდა, ე. ი. ხან ნათქვამია ინდიქტიონსა მეფეობისა ჩუენისასა ერთსა, ან ოცდარვასა, ხან ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა პირველსა, ან მეორესა, მეექუსესა, მეათორმეტესა და სხვ. ზედმიწევნილობითი გამოანგარიშებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ინდიქტიონების სრულ რიცხვებსა აქვთ და არა დაუსრულებელსა და მიმდინარეს. თუ ამ გარემოებას მხედველობაში მივიღებთ, მაშინ ჩვენ ყურადღებას ორი რიცხვი მიიპყრობს: 21 მარტს 101 ქრონიკონს ალექსანდრეს მეფობის უკვე ერთი ინდიქტიონი ყოფილა შესრულებული, ხოლო 20 თებერვალს 128 ქრონიკონს ალექსანდრეს მეფობის სრული 28 ინდიქტიონი ითვლებოდა. აქეთგან ცხადია, რომ ალექსანდრე უნდა გამეფებულიყო 100 ქრონიკონის 20 თებერვალსა და 21 მარტს შუა, ე.ი. 1412 წელს 20 თებერვალს - 21 მარტს. ეს გამოანგარიშება რომ სწორია, ამას ყველა სხვა მიმდინარე ინდიქტიონების და ქრონიკონების თვეებისა და დღის რიცხვის შემცველი ცნობები ამტკიცებენ ერთის გარდა, სადაც ქრონიკონად 10 სექტ. 108 არის აღნიშნული, მეფობის ინდიქტიონად კი ”მეშუიდე”-ა ნაჩვენები, რაც ცხად შეცდომას უნდა შეიცავდეს ან ქრონიკონში ან ინდიქტიონში. მაგრამ ამ დასკვნას თითქოს თვით ალექსანდრე მეფის ზემომოყვანილი განცხადებაც ეწინააღმდეგება, რომ ”ქ˜კნსა: რა: (101) მეფედ დავჯედ”-ო, რასაკვირველია, თუ რომ აქ გადამწერის შეცდომა არ არის თარიღში და თუ თავდაპირველს დედანში არ ეწერა: ”ქ˜კსა: რა: სა (ე. ი. ასსა) მეფედ დავჯედ”-ო და აქეთგან გადმოწერის დროს დამახინჯდა და ”რა”-ად იქცა. ამ საბუთის თვით დედანი სამწუხაროდ შენახული არ არის, არამედ მხოლოდ XVII საუკუნეში გადაწერილი პირი არსებობს. უკვე ქ˜ცის შევსებულ-გადაკეთებული გაგრძელების შემდგენელს ამგვარად შესწორებულ-დამახინჯებული ტექსტი ჰქონია: ”დაჯდა მისი წილ... ალექსანდრე ქ˜კსა: რა”. ამ ადგილას რომ საბუთის პირვანდელი დედნის ტექსტი დამახინჯებული უნდა იყოს, ამას ის გარემოებაც ცხადჰყოფს, რომ სიგელი დათარიღებულია 128 ქრონიკონით, როდესაც ალექსანდრეს მეფობის 28 სრული ინდიქტიონი ყოფილა, მაშასადამე, ცხადია ალექსანდრე ამ საბუთებისავე ცნობით 100 ქრონიკონს უნდა გამეფებულიყო და ასე ეწერებოდა ამ სიგელის თვით დედნის თავშიაც. ამგვარად ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული წინააღმდეგობა არსებითი თვისებისა კი არა, არამედ გადამწერის შეცდომის შედეგი უნდა იყოს. ამას უნდა დავუმატოთ, რომ ვახტანგ მეფის მეცნიერ ისტორიკოსთაც თავიანთ ქ˜ცის გაგრძელებაში ალექსანდრე მეფის ტახტზე ასვლის თარიღად იგივე 1412 წელიწადი აქვთ დასახელებული, რომელიც ჩვენ სიგელების შესწავლის შემდეგ მივიღეთ. მათ ნათქვამი აქვთ: ”დაჯდა მეფედ ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩუიბ (1412)”. მაშასადამე, უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ხელში მყოფს ალექსანდრე მეფის ზემოხსენებულს 1440 წლის სიგელის დედანში სწორედ ისე უნდა წერებულიყო, როგორც ჩვენ ეს ადგილი ზევით აღვადგინეთ: ” ქ˜კსა: რ:სა მეფედ დავჯედ”-ო,ხოლო ეს ქრონიკონით მოყვანილი თარიღი მათ ჩვეულებისამებრ ქრისტესაქათი წელთაღრიცხვით მოუყვანიათ.

 

ალექსანდრეს დაბადების წელიწადი

ალექსანდრე მეფის დაბადების თარიღის გამოსარკვევად შეიძლებოდა იმ ცნობის გამოყენება, რომელიც მის მცხეთისადმი ბოძებულს 1419 წლის სიგელში მოიპოვება. იქ ალექსანდრე ამბობს, რომ თემურ-ლენგმა ”საყდარი დედაქალაქი მცხეთა დააქცია არათუ ჩუენისა პატრონობისა და მეფობისა ჟამსა, უწინარეს ჩუენსა, სხუათა მეფეთა ჟამსა და მე მეფეთა-მეფემან ალექსანდრე ოცდაორისა წლისამან... ჴელვყავ შენებად საყდრისა მცხეთისა და შენ, ღმერთო, სრულ და მტკიცე ყავ საწადელი ესე ჩემი”-ო. მაშასადამე, თუ ჩვენ გვეცოდინება, თუ როდის დაიწყო მცხეთის საყდრის შენება, იმავე დროს გამორკვეული იქნება, თუ როდის შესრულდა ალექსანდრე ოცდა ორი წლისა.
მცხეთის საყდარი, რომელიც თემურმა თავისი შემოსევის დროს დააქცევინა, ”სულკურთხეულსა ბებიასა ჩემსა რუსასა... ჴელეყო... აღშენებად”-ო, ამბობს ალექსანდრე მეფე, და კიდეც ”გამოჰკაზმა საყდარი და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა” და იმედიც ჰქონდა, რომ დაწყებულ საქმეს დაამთავრებდა, მაგრამ ”ვინაითგან სოფელი ესე ცრუ, მტყუანი, უნამუსო და უმდგომო არის, მან მისი ბეგარი არ დაიკლო და ამის მიერ ვეღარა სრულ იქმნა სურვილითა საწადელი მისი”-ო. რუსას აღმაშენებლობითი მოღვაწეობა, მაშასადამე, ულმობელს სიკვდილს შეუწყვეტია. რაკი ის სიგელი, რომელშიაც უკანასკნელი ცნობაა მოყვანილი, 101 ქრონიკონს სექტემბრის ოცს არის დაწერილი, ამიტომ ცხადია, რომ რუსა უკვე ამ დროს მკვდარი ყოფილა. ამ დრომდის როგორც ჩანს მცხეთის ტაძრის განახლება ალექსანდრეს ბებიის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით წარმოებდა, ამის შემდგომ კი - ეს საქმე თვით მეფეს განუგრძია. ხოლო რაკი თვით ალექსანდრე მეფე ამბობს, რომ იმ დროს, როცა იგი ამ აღშენების განაგრძობას შესდგომია, 22 წლისა ყოფილა, მისი ბებია კი როგორც დავინახეთ, იმავე 101 ქრონიკონამდე გარდაცვლილა,- დაახლოვებით იმ დროს, როდესაც იგი 100 ქრონიკონს მეფედ დამჯდარა, - ამიტომ ირკვევა, რომ ალექსანდრე გამეფების ჟამს ან მეფობის პირველს წელიწადს ოცდა ორის წლისა ყოფილა. მაშასადამე, ალექსანდრე დაახლოვებით 1390 წელს დაბადებულა.
მაგრამ ქ˜ცის შევსებულ-გადაკეთებული გაგრძელების შემდგენელს ამ ზემომოყვანილი სიგელის შინაარსი სხვანაირად აქვს გადმოცემული. იქ ნათქვამია მეფე ალექსანდრემ ”ოცდა ოთხისა წლისამან იწყო აღშენებად სვეტისა ცხოველისა”-ო. თავისთავად იბადება ორი საკითხი: 1) დედანია, თუ პირი მცხეთის №3 სიგ. 1420 წ., რომელშიაც მეფე ალექსანდრე თავის თავს ოცდაორის წლისად აცხადებს, და 2) თუ დედანი არ არის, რომელს ამ ცნობათაგანს უნდა მიენიჭოს უპირატესობა? თ. ჟორდანიას დაბეჭდილი აქვს ერთი XVII საუკუნის ხელით გადაწერილი 1419 წლის სიგელი, რომელშიაც სწორედ იმგვარივე ცნობა, მოიპოვება, როგორც ზევით ქ˜ცის შევსებულ-გადაკეთებული გაგრძელებითგან იყო მოყვანილი. იქ მართლადაც ნათქვამია: ”აწ მე...ოცდა ოთხისა წლისამან ჴელ-ვყავ შენებად” სვეტიცხოვლის ტაძრისაო. საფიქრებელია, რომ ქ˜ცის გაგრძელების შემდგენელს სწორედ ამ წყაროთგან ჰქონდეს თავისი ცნობა ამოღებული. ეს ცნობა რომ თვით დედანში ყოფილიყო, მაშინ ალექსანდრეს დაბადების თარიღად 1388 წელი უნდა მიგვეღო. მაგრამ XVII საუკუნის პირს შეუძლებელია დედნის მსგავსი ნდობა მიენიჭოს.

ალექსანდრე მეფის ბებია-აღმზრდელი

მეფე ალექსანდრეს ბებიას რუსა რქმევია. ალექსანდრე მეფე როგორც ეტყობა თავისი ბებიის რუსას გაზრდილი უნდა ყოფილიყო. ალბათ, ამ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ალექსანდრე მეფის სიტყვები ”ბებიისა ჩემისა ჩემზედა მრავალ-ფერად ვალდებულისა და ჭირნახულისა რუსასა სულისათუის ”აღაპი გამიჩენიაო. თავის ვალდებულებას ალექსანდრე მეფე სწორედ იმაზე ამყარებდა, რომ ის რუსას გაზრდილი ყოფილა. ამას თვით ალექსანდრე მეფე ხაზგასმით ამბობს თავისს 1412 სიგელში, სადაც ნათქვამი აქვს: მე, ”ვითა ასრე მრავალფერად მათგან ჭირნახულსა მართებს მრავალსა მათგან ჩუენზედა ზრდასა და ვალდებულებობასა ვემართლებით”, ამის შესაფერისად დავაწესე მისი სულისათვის” აღაპიო.
ზემომოყვანილი სიტყვებითგან ნათლად ჩანს, რომ რუსას თავისი გაზრდილი შვილიშვილისათვის, მეფე ალექსანდრესათვის, ღრმა სიყვარული და დიდი და გულწრფელი პატივისცემა ჩაუნერგავს, როგორც დედობრივი მზრუნველობისა და ჭირნახულობისათვის, ისევე სწავლა-აღზრდისათვის. უეჭველია, რუსა არაჩვეულებრივი პიროვნება, დიდი მხნეობისა და ნებისყოფის პატრონი, ნამდვილი სახელმწიფოებრივ-აღმაშენებლობითი უნარითა და თაოსნობით დაჯილდოვებული ადამიანი უნდა ყოფილიყო. თემურ-ლენგისაგან განადგურებულს საქართველოში პირველს მას გამოუჩენია ნამდვილი მამაცური მხნეობა: მრავალგვარი გაჭირვებისა და დაბრკოლებისდა მიუხედავად ყველასათვის ქვეყნის განახლებისა და აღმაშენებლობის გამამხნევებელი მაგალითი მიუცია. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ”უსჯულოსა თემურის” ველური შემოსევის შემდეგ ”უნუგეშინისცემოდ განსრული” იყო, საქართველოს დიდებული საყდრები და ციხე-ქალაქები დანგრეული და მრავალზე უმრავლესი სოფლები გადაბუგული იდო, თანაც ”მუდმივი ტყუენვა და რბევა იყო საქართველოსა”, - აი ასეთ დროს მას, დედაკაცს, უკვე კარგა ხანშიშესულს, გული არ გაუტეხია და ბარბაროსთა ხელით დანგრეული ქართული ხელოვნებისა და ცხოველი სასოების მშვენიერი ძეგლის აღდგენას შესდგომია. ჭაბუკური აღტაცებით მიუყვია ხელი მას ამ დიადი საქმისათვის: ”გამოჰკაზმა საყდარი და იწყო შენებად სუეტთა საყდრისათა.” ის უკვე ოცნებობდა ალბათ გატაცებით იმ ბედნიერ წამზე, როდესაც დიდი შრომის დაგვირგვინებას ეღირსებოდა, მაგრამ მუხთალმა ბედმა და წუთისოფელმა, რომელიც ასე ”ცრუ და მტყუანი, უნამუსო და უმდგომო არის”, რასაკვირველია, ”მან მისი ბეგარი არ დაიკლო” და ეგოდენ დიადი და მშვენიერი საქმის დამვთავრება არ დააცალა.თუნდაც რომ ანდერძად არ დაეტოვებინა, განა მის შვილიშვილს ალექსანდრე მეფეს თითონ კი შეეძლო უპატრონოდ და დაუმთავრებლად დაეტოვებინა ეს კეთილშობილური, სამაგალითო საქმე, რომელიც ყოველსავე მჭევრმეტყველ ანდერძის წიგნზე უფრო ძლიერად ღაღადებდა მისი ბებიისაგან დაწყებული აღმაშენებლობის დამთავრების ვალდებულებასა და აუცილებლობაზე? რუსას ფასდაუდებელ ღვაწლს ისიც შეადგენს, რომ მას თავისი შვილისათვისფასდაუდებელ ღვაწლს ისიც შეადგენს, რომ მას თავისი შვილიშვილისათვის, ალექსანდრე მეფისათვის – პირადი მაგალითით თუ სიტყვით და აღზრდით ქვეყნის კეთილდღეობაზე და აღმაშენებლობაზე ზრუნვის წყურვილი და მოვალეობის გრძნობა ჩაუნერგავს. ალექსანდრე მეფის მოღვაწეობის მთელს მიმზიდველობასა და დიდს ღირებულებას საქართველოსათვის მისი ფართო გეგმითა და გამჭვრეტელობით წარმოებული აღშენებლობა, თანაც დაუღალავი და მიზან-შეწონილი მუშაობა შეადგენს მტრისაგან განადგურებული ქვეყნისა და ერის აღსადგენად. უძვირფასესი ნიჭი და უნარია, როდესაც ერს, თუ კერძო პიროვნებას განსაცდელისა და გაჭირვების, სიკვდილისა და ნგრევის დროს აღორძინებისა და აღმაშენებლობის წყურვილი და ხალისი არ დაუკარგავს, ეს საღი საზოგადოებრივი სხეულისა და ადამიანის ძლიერი მაჯისცემა და ცხოველყოფელი დაუშრეტელი სიცოცხლის დამამტკიცებელია. ეს წყურვილი და გრძნობა კი ალექსანდრე მეფისათვის, როგორც ირკვევა მის ბებიას, დიდს ქართველს მანდილოსანს, რუსას ჩაუნერგავს.

 

ალექსანდრე მეფის ნათესაობა

ალექსანდრე მეფე თავის ბებიად რუსას სთვლის, არა ჩანს კი მამისა თუ დედის მხრით. თუ რუსა ალექსანდრე მეფის დედის დედა იყო, იქნება ის ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე რუსა იყოს, რომელთა ასული ”დედოფალი ნათია” ეგების ალექსანდრე მეფის დედა ყოფილიყო. ქუცნა ამირეჯიბი თავისი აღაპების ნუსხაში თუმცა იხსენიებს - ”ოთხი დღე მეუღლისა ჩემისა რუსასთჳის... სამი დღე მეფის ალექსანდრესათჳს, ორი დღე მეფისა კოსტანტინესთჳს, ერთი დღე დედოფლისა ნათიასთჳს, ორი დღე გიორგი მეფისა”, - მაგრამ არც მეფე ალექსანდრესი და არც დედოფალი ნათიას ნათესაობრივი დამოკიდებულება აღნიშნული არა აქვს და ამის გამო ზემომოყვანილი ცნობითგან არა ჩანს დედოფალი ნათია მართლაც ქუცნა-რუსას ასული იყო, თუ არა? არც ალექსანდრე მეფის შესახებ არის ნათქვამი, რომ ის ქუცნა-რუსას შვილიშვილი ყოფილიყოს.
ერთი რამ მაინც შეიძლება დანამდვილებით ითქვას: ალექსანდრე მეფის ბებია რუსა დედოფალი არ უნდა ყოფილიყო. ეს იმითა მტკიცდება, რომ თვით ალექსანდრე არსად საბუთებში დედოფლად არ იხსენიებს, არამედ ყოველთვის მარტივად პატრონს უწოდებს, მაგ.: ”პატრონისა და ყოვლად სანატრელისა სულკურთხეულისა ბებიისა ჩემისა რუსასთუის”. ”პატრონისა და მის სულკურთხეულისა ბებიისა ჩუენისა რუსასთუის”. რუსა რომ დედოფალი ყოფილიყო, ალექსანდრე ამ გარემოებას აღუნიშვნელს არ დასტოვებდა და თავის ბებიას დედოფლათა-დედოფლობით მოიხსენიებდა. ხოლო თუ რუსა, ალექსანდრე მეფის ბებია, დედოფალი არ ყოფილა, ეს ცხადჰყოფს, რომ რუსა ალექსანდრეს დედის დედა იქნებოდა და არა მამისა. ამ მხრივ, მაშასადამე, არავითარი დაბრკოლება არ იქნებოდა, რომ ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე ალექსანდრე მეფის ბებია ყოფილიყო.
ნათია დედოფლის ვინაობის შესახებ გარკვეულს და გადამწყვეტ ცნობას ერთი სულთა მატიანითაგან თ. ჟორდანიას მიერ მოყვანილი XV საუკუნის ხელით ნაწერი აღაპი გვაძლევს, სადაც ნათქვამი ყოფილა: ”სულსა მის ყოვლისა აღმოსავლეთისა ვიდრე დასავლეთამდის ჴელმწიფედ ფლობით-მპყრობელსა მეფეთა შორის წარჩინებულსა ალექსანდრეს შეუნდოს ღმერთმან. სულსა დედისა მათისა ნათია-ყოფილისა ნინოსი შეუნდოს ღმერთმან”-ო. მაშასადამე, ალექსანდრე მეფის დედას ნათია რქმევია ნათია დედოფალი მოლოზნად შემდგარა და ნინოდ წოდებულა. ნათიას შემონაზონების შემდგომ მისი შვილის ალექსანდრეს აღზრდა და მოვლა-პატრონობა უეჭველია მის ბებიას რუსას უკისრია და ალბათ სხვათა შორის ამ ჭირნახულობასა და ვალდებულობას ჰგულისხმობდა მისი მადლიერი შვილიშვილი მეფე ალექსანდრე თავის 1412 წლის სიგელში. ქუცნა ამირეჯიბის სიტყვითგან ჩანს, რომ დედოფალ ნათიას დიდხანს ვაჟიშვილი არ მისცემია და ამის გამო ”დედოფალი ნათია ვით უბედო ყოფილიყო”. როგორც მაშინ მიღებული იყო, იგი ძლიერს სალოცავებსა და ხატებს ევედრებოდა და სხვადასხვა აღთქმას სდებდა, რომ მათი ოჯახი უძეობით არ გადაშენებულიყო. ბოლოს ნატვრა აუსრულდა კიდეც: ”შეეწყალა პატიოსანსა ულუმბისა ღვთისმშობელსა და მიეცა ძე”, რომელსაც დედ-მამამ ალექსანდრე დაარქვეს. დედოფალი ნათია თავის თავს იმდენად გაბედნიერებულად და შეწყალებულად გრძნობდა, რომ მოვიდა ”კახეთით” და ულუმბის ღვთის-მშობლის მონასტერს ”მოუტანა საქონელი ურიცხჳ” და შესწირა. ეტყობა ნათია დედოფალს კახეთში მოულოგინნია და, ალექსანდრე ბატონიშვილი დაბადებულა თუ არა, აღთქმა მაშინვე აუსრულებია და შესაწირავი მიურთმევია ხატისათვის.


ალექსანდრეს მამისშვილობა

ალექსანდრე მეფის მამისშვილობის შესახებ ბატონიშვილი ვახუშტი თავის ისტორიაში ამბობს, რომ ის იყო კონსტანტინე მეფის ”ძმისწული” და ”ძე გიორგი მეფისა”. სახელოვან ქართველ ისტორიკოსსაც, როგორც ეტყობოდა, ამ საკითხის შესახებ პირდაპირი და უეჭველი უნობები არ ჰქონია და ამის გამო თავის აზრს შენიშვნაში ასე ასაბუთებს: ”ჰმოწმობს ბარათიანთ გუჯარი. რომელ ესე ალექსანდრე ძე არს გიორგი მეფისა”-ო. მაშასადამე, ვახუშტის მტკიცება სწორად ამ საბუთზე ყოფილა დამყარებული.
ეს დასკვნა თვით ალექსანდრე მეფის შვილის გიორგი მეფის მკაფიო და უეჭველს განცხადებას სრულებით ეწინააღმდეგება. მცხეთის საკათალიკოზო მამულების 1447-48 წლებში თავის გუჯარში ის ამბობს: ”ჟამსა პაპის ძმისა ჩუენისა მეფეთა-მეფისა გიორგისსა და მეფობასა... შინა მისსა მოსრულიყო” თემური საქართველოში. მერმე მშვიდობიანობა დამყარდა საქართველოში და ”შემდგომად ამისსა ღირს ყო ღმერმან მამა ჩუენი პატივსა მეფობისსა მოღებად”, რომელმაც სვეტიცხოვლის მცხეთის საყდარი განაახლაო. ცნობილია და ქვემოთაც დავრწმუნდებით, რომ ამ სიგელის მიმცემი გიორგი მცხეთის განმაახლებელის ძე იყო. ზემომოყვანილი სიტყვებითგან, მაშასადამე, ირკვევა, რომ ის გიორგი მეფეთ-მეფე, რომლის დროსაც თემურის შემოსევა მომხდარა, მეფე ალექსანდრეს შვილის გიორგი მეფის ”პაპის ძმა” ყოფილა. აქეთგან ცხადია, რომ თვით ალექსანდრე გიორგი მეფეთა მეფის შვილი კი არ ყოფილა, არამედ ძმისწული.
მას შემდგომ, რაც ქუცნა ამირეჯიბის მიერ დაწესებულს აღაპებში მოხსენებულ პირთა ვინაობა ორის უკვე გარდა უკვე გამორკვეული გვაქვს, ვგონებ ალექსანდრეს მამის ვინაობის გამორკვევაც შეიძლება იმ აღაპებში მოხსენიებული იყვნენ რუსა, შემდეგ მეფე ალექსანდრე, მეფე კონსტანტინე, დედოფალი ნათია. გიორგი მეფე და სულ ბოლოს რუსუდან მეფე. ამ პირთაგან რუსა ალექსანდრე მეფის ბებიაა და დედოფალ ნათიას დედა. მეფე ალექსანდრესა და მის დედას, დედოფალ ნათიას, შუა მოხსენიებული და მოქცეული მეფე კონსტანტინე ვინღა უნდა ყოფილიყო? თავისთავად იბადება აზრი, რომ კონსტანტინე მეფე ალექსანდრეს მამა, ხოლო ნათიას თანამეცხედრე უნდა ყოფილიყო. ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ ალექსანდრე მეფის მამის ძმად გიორგი მეფე ყოფილა. აქაც, ამ აღაპების სიაშია კონსტანტინე-ნათიას ხსენებას გიორგი მეფის სახელი მისდევს და შესაძლებელია იგი სწორედ ალექსანდრე მეფის მამა კონსტანტინე მეფის ძმა იყო. მართლაც, როგორც ვიცით, გიორგი მეფეთა-მეფეს, ბაგრატ მეფეთ-მეფის ძეს, რომელთა დროსაც თემურის საზარელი შემოსევა მოხდა საქართველოში, ჰყავდა ძმა კონსტანტინე, რომელიც შემდეგ მეფედ დაჯდა. მაშასადამე, ირკვევა, რომ ალექსანდრე მეფე კონსტანტინე მეფისა და ნათია დედოფლისშვილი და მართლაც გიორგი მეფეთა-მეფის, ბაგრატის ძის, ძმისწული უნდა ყოფილიყო. თუმცა გიორგი მეფეთ-მეფეს კონსტანტინეს გარდა კიდევ ერთი ძმაც ჰყავდა დავითი, მაგრამ ის არც ზემომოყვანილს აღაპებშია ნახსენები და არც მეფედა ჩანს.
ჩვენ ზემომოყვანილ დასკვნას ალექსანდრე მეფის მამიშვილობის შესახებ ერთი 1407 წლის სიგელის დასაწყისიც საუცხოოდ ამტკიცებს. იქ ნათქვამია: ”სახელითა ღმრთისათა კოსტანტინესაგან ბაგრატიონისასა, ძისა ბაგრატისა, და ძეთა ჩვენთა სასურველთა ალექსანდრე, ბაგრატ და გიორგისაგან ნებითა ღ˜თისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფეთა შარვანშა და შანშე (sic) და ყოვლისა აღმოსავლეთისა... ჴელმწიფედ თუით-მფლობელმპყრობელთასა”-ო. მაშასადამე, აქ უკვე პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ალექსანდრე, რომელიც 1408 წელს ჯერ კიდევ ბატონიშვილი იყო მხოლოდ და რომელსაც, როგორც თვით ალექსანდრეს ქვემომოყვანილი სიგელებითგანა ჩანს, მართლაც ორი ძმა-ბაგრატი და გიორგი–ჰყოლია, სწორედ კონსტანტინე მეფის ძე და, ეტყობა, პირმშო შვილი ყოფილა.


ალექსანდრეს სახლობა

სიგელების საშუალებით ალექსანდრე მეფის ოჯახობის შედგენილობის და თანდათანი ზრდის გამორკვევაც შეიძლება. თავის პირველსავე შენახულს სიგელში მეფეს ორი შვილი ჰყავს მოხსენებული: ”ძეთა ჩემთა... ვახტანგ და დიმიტრი”. 1414 წლის სიგელშიაც იგივე შვილები არიან მოხსენიებული და მათთან ერთად არიან დასახელებული ალექსანდრეს ძმებიც. იქ სწერია: ”ჩვუენ მეფეთა მეფემან ალექსანდრე და ძეთა ჩვუენთა ვახტანგ და დიმიტრი და ძმათა ჩვუენთა ბაგრატ და გიორგი”-ო1. 1417 წლის საბუთში, რომელსაც თავი აკლია, უკვე ალექსანდრე მეფის მესამე და მეოთხე შვილიც იხსენიება. იქ სახელდობრ ნათქვამია: ”ძეთა ჩვენთა ვახტანგ, დემეტრე, გიორგი, დავით”. ორი წლის შემდეგ დაწერილს სიგელში ალექსანდრეს თანამეცხედრეცაა მოხსენებული და სხვა მხრივაც საყურადღებო ცნობა მოიპოვება. მეფე ამბობს იქ: თანამეცხედრემან ჩემმა დედოფალთა-დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა სათნომან ღ˜თისამან და ჩვუენ მიერ... საწადელმან მონაზონმან დავით, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი და ძმათა ჩუენთა ბაგრატ და გიორგი”. აქედგან ცხადი ხდება, რომ ალექსანდრე მეფეს თავისი უმცროსი შვილი დავითი 1417-1419 წლებში მონაზონად შეუყენებია. მაგრამ უკვე ბერად აღკვეცის დროს მამა თურმე თავის შვილს მომავალში დიდი თანამდებობისათვის ამზადებდა: თუ ღმერთმა დღეგრძელობა მისცა ”ძე ჩუენი მონაზონი დავით” თვით ქართლისა კათოლიკოზის მიქაელის ”მერვე ჴელდასხმულ იქმნას”-ო. 1424 წლის სიგელში ალექსანდრე მეფეს სრულებით გარკვევითა აქვს თავისი სურვილი გამოთქმული და ცხადი ხდება, რომ შემონაზონებულს ბატონიშვილს დავითს საკათოლიკოზოდ ამზადებდა. ეს სიგელი გიბოძეთო, ამბობს ალექსანდრე, მე და ”ძეთა ჩუენთა... დედა-ქალაქისა მცხეთისა პატრიარქად განმზადებულმან მონაზონმან დავით, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი”, შემოგწირეთო ”თქუენ... ქაართლისა კათოლიკოზსა მიქაელს და თქუენ მიერ აღზრდილსა და კათოლიკოზად... განმზავდებულსა... საწადელსა ძესა ჩუენსა მონაზონსა დავითსა”-ო.
ალექსანდრე მეფის შემონაზონებული ძის დავით ბატონიშვილის მერმინდელი ბედიღბლის შესახებ ცნობები არეულია. თ. ჟორდანიას მოყვანილი აქვს ორი სიგელი: ერთი 1426 წლის, ხოლო მეორე 1428 წლის, რომელშიაც დავითი უკვე ქართლისა კათოლიკოზად იხსენიება: ”ჩვუენ მეფეთ-მეფისა ალექსანდრესაგან... და ძეთა ჩუენთა ქართლისა კათოლიკოზისა და[ვით]ისაგან, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგისაგან”, ”თქვენ... ქართლისა კათოლიკოზო დავით. მაგრამ ამ ცნობას ცხადად ეწინააღმდეგება სხვა სიგელის ცნობები. ალექსანდრე მეფე რომ ტახტზე ავიდა, ”ამავე ჟამსა დაიდგნა პატრიარქად... კათოლიკოზი მიქაელ”. მაშასადამე, 1412 წელს კათოლიკოზად მიქაელი დაუსვამთ, რომელიც 1419 წელს და 1424 წელს ჯერ კიდევ კათოლიკოზად ჩანს. ხოლო 1427 წლის სიგელში კათოლიკოზად უკვე თეოდორეა, მაგრამ არ ეტყობა რომ ის ნაბატონიშვილარი იყოს. ხოლო რაკი ის ორი საბუთი, რომელშიაც კათოლიკოზი დავითი 1426-1428 წლებში იხსენიება, დედანი კი არ არის, არამედ პირი, ამიტომ ამ ცნობებს გულდასმით უნდა განხილვა. მოხსენიებული, რომელიც 1428, 1429, 1431, 1433 და 1434 წლებში, ცოცხალი ჩანს, და მხოლოდ 1438 წლის სიგელში კათოლიკოზად უკვე დავითი იხსენიება 1428 წლის სიგელში მეფე ალექსანდრე უკვე თავის მეხუთე შვილსაც იხსენიებს, რომელსაც სახელად ზაალი რქმევია, და დავითის გარდა საბუთში ჩამოთვლილია ვახტანგ, დიმიტრი და ზაალ. თუ ამ საბუთს არ ვენდობით, მაშინ 1428-29 წლების და 1433 წლის სიგელების ცნობა ხომ სრულებით უეჭველია. ამ უკანასკნელში, მაგ., ნათქვამია: ”ძეთა ჩუენთა მეფისა ვახ[ტანგისა], დიმიტრი, გიორგი და ზაალისაგან”.
მაგრამ საყურადღებოა, რომ 1438, 1438-39 და 1441 წლის სიგელებში ალექსანდრე მეფე ზაალს თავისი შვილთა შორის უკვე აღარ ასახელებს და იქ მხოლოდ ვახტანგი, დიმიტრი და გიორგი იხსენიება. იქნებ ზაალი 1438 წელს ან ცოტა უწინ გარდაიცვალა? განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ თავის სიცოცხლეშივე, 1433 წლის სიგელში, თვითვე მეფე ალექსანდრე სრულებით მოულოდნელად თავისს უფროს შვილს ვახტანგს მეფის წოდებულობით იხსენიებს: ”ძეთა ჩუენთა მეფისა ვახ[ტანგისა], დიმიტრი გიორგი და ზალისაგან”-ო. აქ რომ არავითარი შეცდომა არ უნდა იყოს, ამას ის გარემოებაც ცხადჰყოფს, რომ მეორე ამგვარივე შინაარსის საბუთიც არსებობს, იმავე 1433-34 წელს დაწერილი. 1438-39 წლის ერთს სიგელში ალექსანდრე მეფე კიდევ იხსენიებს ვახტანგს მეფედ: ”მეფეთ-მეფემან ალექსანდრე, თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა მეფემან ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი”-ო. ეს საბუთი ცოტა საეჭვოა. ამავე 1438 წლის სიგელში, რომელიც, ვითარცა 126 ქრონიკონს დაწერილი, ზემოაღნიშნულს, 127 ქრონიკონს, 1438-39 წლის ნაბოძებს საბუთზე ადრინდელია, მეფე ალექსანდრე თავის ძეს ვახტანგს მეფედ არ იხსენიებს. ამგვარადვე მეფედ არა ჰყავს ალექსანდრეს მოხსენებული ვახტანგი 1441 წ. სიგელშიაც. უეჭველია შემთხვევითი მოვლენა არ უნდა იყოს ის გარემოება, რომ ალექსანდრე მეფე თავის სიცოცხლეშივე 1433 წელს ვახტანგს მეფედ და, მაშასადამე, თანამოსაყდრედ ასახელებს, ამგვარადვე, როგორც უბრალო შემთხვევა არ იქმნება, რომ 1438 წლის შემდგომ მამას იგივე ვახტანგი საბუთებში მეფედ აღარსადა ჰყავს მოხსენებული. მაგრამ ამის ნამდვილი მიზეზი ცნობების უქონლობის გამო ამჟამად სრულებით გაუგებარია.


ალექსანდრე მეფის თანამეცხედრე

საყურადღებო გარემოებაა, რომ ალექსანდრე მეფის თანამეცხედრე დედოფალთ-დედოფალი თამარ პირველად იხსენიება მხოლოდ 1419 წლის სიგელში. მაგრამ საფიქრებელია, რომ უკვე 1417 წლის სიგელში, რომელსაც თავი აკლია, თამარი უნდა მოხსენიებული ყოფილიყო. სამაგიერორდ გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე მეფის პირველს ორს სიგელში 1413 და 1414 წლისა, რომლებმაც კი ჩვენამდის მოაღწია, თამარის ხსენება არ არის და არც ყოფილა. მისი ორი შვილი კი, ვახტანგი და დიმიტრი, ამ ორსავე საბუთში აღნიშნული არიან. იმავე დროს 1413 წლის სიგელის ბოლოში სერია: ”მეფეთა-მეფესა ალექსანდრეს პატრონსა, დედოფალთა დედოფალსა პატრონსა დულანდუხტ შემოგვიწირავს და მოგუიჴსენებია”-ო. ალექსანდრე მეფე რომ ტახტზე ასვლამდე უნდა ცოლიანი ყოფილიყო, ამას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ პირველსავე თავის 1413 წლის სიგელის და თანახმად ალექსანდრე უკვე ორი შვილის, ვახტანგისა და დიმიტრის, პატრონი ყოფილა. რაკი არც 1413 წლის და არც 1414 წლის სიგელში თამარი დედოფლად და თანამეცხედრედ არა ჩანს, ამიტომ საფიქრებელია, რომ ის ვახტანგისა და დიმიტრის დედა არ ყოფილიყოს. ამასთანავე ეჭვი იბადება, რომ იქნება სწორედ მათი დედა იყო ის ”დედოფალთა-დედოფალი პატრონი დულადხტ”, რომელიც 1413 წლის სიგელში ბოლოში ალექსანდრესთან ერთად შემწირველად არის მოხსენიებული. უცნაურია მხოლოდ, თუ რატომ თვით სიგელის შესავალში არ მოიხსენია დულანდუხტი ალექსანდრემ, თუ იგი მართლაც მისი თანამეცხედრე იყო.
თუ აქ რაიმე გაუგებრობა არ არის და ალექსანდრე მეფეს მართლაც ორი თანამეცხედრე ჰყავდა, რომელთაგანაც მეორეს თამარი ერქვა, მაშინ ბუნებრივად იბადება საკითხი, თუ როდის უნდა შეერთო ალექსანდრეს მეორე ცოლი? რაკი 1417 წლის სიგელში უკვე ალექსანდრე მეფის ორი შვილიც გიორგი და დავითიც იხსენიება, ამიტომ ცხადია, გიორგი ბატონიშვილი დაახლოვებით 1415 წლის დასასრულს უნდა დაბადებულიყო. ხოლო თამარს მეფე ალექსანდრე, ალბათ, 1414-1415 წლებში მოიყვანდა თანამეცხედრედ.


ალექსანდრე მეფის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა, საქართველოს გარეშე მტრისაგან უზრუნველყოფა

მალის ამოკვეთილობის შესახებ სიგელში 1440 წლის ალექსანდრე მეფე თავისი პირველს პოლიტიკურს და სახელმწიფოებრივს მოღვაწეობას ასე გვიხატავს. თემურმა რომ შემოსევის დროს საქართველო ააოხრა, მრავალი სული დახოცა და ტყვედ წაიყვანა, საყდრები ეკლესიები და ციხეები დააქციაო და ”ჩუენის მეფობისა დაჭირვადმდე მუდამი ტყუენვა და რბევა იყო საქართველოსა”-ო. ქვეყანა უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა: ”მოოჴრდა და იავარ იქმნა და ყოველადვე ძალი და ნუგეშინისცემა არსით ჰქონდა”-ო. გამეფებისთანავე ”ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვასხენ მზღუართაგან ჩუენთა და ქრისტიანენი ფრიადსა მშჳდობასა და მყუდროებასა მიეცნეს”-ო, ამბობს ალექსანდრე მეფე. მაშასადამე მონღოლთა წინააღმდეგ მრძოლა და მათი საქართველოთგან განდევნა, ქვეყნის დაწყნარება და გარეშე მტრის შემოსევისაგან უზრუნველყოფა, ალექსანდრეს სწორედ თავისი სახელმწიფოებრივისა და სამხედრო მოღვაწეობის პირად ღვაწლად მიაჩნია. ამ გარკვეულსა და უთუმაცო ცნობას თვით ალექსანდრე მეფისავე ერთი უფრო ძველი სიგელის მკაფიო ცნობა თუ არ ეწინააღმდეგება, საგრძნობლად ასუსტებს მაინც. სახელდობრ 1412-13 მცხეთისადმი ბოძებულს შეწირულობის წიგნში იგივე მეფე თავის თავზე ამბობს: ”მე... ორისავე სამეფოსა მტკიცედ, შეუჭრეთლად და შეურეველად მპყრობელმან... მეფეთ-მეფემან ალექსანდრე” შემოგწირე ისეთს დროს, როდესაც ”აჰა ესერა ბრწყინვენ ოთხნივე კედარნი მეფობისა ჩუენისანი და... [აგარის ნათესავნი, მტერნი და წინააღმდეგნი ქრისტიანეთანი] სამარადისოდ ლტოლვილ და უკუნქცეულ არიან”-ო. სწორედ ამგვარივე სიტყვებია ნახმარი და იგივე აზრია გამოთქმული ალექსანდრეს 1419-20 წლის სიგელშიაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა, რასაკვირველია, პირველი საბუთის ცნობასა აქვს იმიტომ, რომ ის ალექსანდრეს მეფობის ”ინდიკტიონსა ... პირველსა”, ანუ მეფობისა პირველსავე წელიწადს არის დაწერილი. მაშასადამე, მაშინვე, როდესაც ალექსანდრე მეფედ დამჯდარა, მტრები უკვე ”სამარადისოდ ლტოლვილი უკუნქცეული” ყოფილან. თუ მეფობის დასაწყისშივე საქართველო გარეშე მტრებისაგან მაჰმადიან-მონღოლებისაგან განთავისუფლებული ყოფილა, მაშინ ცხადია, რომ ალექსანდრე მეფის მერმინდელი, 1440 წლის ცნობა, სწორედ მე ”ვიწყე ბრძოლად” და მტერი საქართველოს საზღვრებითგან განვდევნეო, სიტყვა-სიტყვით არ უნდა გავიგოთ ერთგვარ გადაჭარბებად მივიჩნიოთ.
მაგრამ, თუ თემურის შემოსევისა და მონღოლთა თავდასხმის მოგერიება უეჭველია ალექსანდრე მეფის პირადს ღვაწლს არ შეადგენდა, 1441 წელს კონსტანტინე მეფისა და ლაშქრის ყარა-ჲუსუფის ხელში ტყვედ ჩავარდნა და გამარჯვებული მტრისაგან მათი დახოცვა, საქართველოს მოწინააღმდეგე ”აგარიანთა ნათესავებს” თურქ ელებს უეჭველია გაათამამებდა და გააკადნიერებდა. მეზობლებიც აიშლებოდნენ და თავდასხმას მიჰყოფდნენ ხელს. ასეთ პირობებში, ცხადია, საქართველოში ”ტყუენვა და რბევა” თუ ”მუდამი” არა, როგორც, ალბათ, გაზვიადებით ნათქვამი აქვს მეფე ალექსანდრეს, იშვიათი მაინც არ იქნებოდა, როცა ალექსანდრე მეფედ დაჯდა, მას უეჭველია ჯერ გათამამებული მტრის ალაგმა-უკუქცევა დასჭირდებოდა, რომ მშვიდობიანი აღმაშენებლობითი მუშაობა საქართველოში შესაძლებელი გამხდარიყო.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014