აგარანის საკითხისათვის

1 2

1986 წლის „მაცნის“ მე-4 ნომერში (ისტორიის... სერია) დაიბეჭდა გადამდგარი გენერლის ი. შაიშმელაშვილის წერილი „აზეულა, კოჯრის ციხე, აგარანი“. ნაშრომის მიზანია წერილობითი წყაროებით ცნობილი აგარანის, აგარათა ციხის მდებარეობის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების გარკვევა. ავტორი ასეთი აუცილებლობის წინაშე აღმოჩენილა, როდესაც ძველი თბილისის თავდაცვითი სისტემის შესწავლას მოჰკიდებია. მას აზრად მოსვლია, რომ „ეს სისტემა კლდეკარის, ლორეს, ხუნანის, ხორნაბუჯისა, და ჭერემის სექტორს მოიცავს“. მაგრამ რაკი „ამ სექტორის ცენტრალური უბნის ობიექტებს ეძღვნება ნ. ბერძენიშვილის ცნობილი ნარკვევი „ძველი თბილისის ტოპონიმიკიდან (აგარანი)“, ამიტომ, ი. შაიშმელაშვილს განუზრახავს ამ ნარკვევის თანმიმდევრული დამუშავება. ეს იმიტომ, რომ თავისი მუშაობის მსვლელობაში მას თავიდანვე განსხვავებული შედეგები მიუღია. ავტორი შესავალშივე აცხადებს, რომ კოჯრის ციხისათვის ნ. ბერძენიშვილის მიერ „აგარანის დარქმევის ცდა აშკარად ხელოვნურობის ბეჭედს ატარებს“.

სტატია პარაგრაფებადაა დაყოფილი, რომელთაგან პირველი ეხება ქართულ წყაროებში ტოპონიმ „აგარანის“ გამოჩენას XI საუკუნიდან. ი. შაიშმელაშვილი ყურადღებას ამახვილებს მემატიანის ცნობაზე, რომლის მიხედვით, 1066 წლის ახლო ხანებში, ბაგრატ IV-მ ქვემო ქართლში გაბატონებულ სომეხ ბაგრატუნთა წარმომადგენელს, კვირიკე მფეს წაართვა სატახტო ციხე-ქალაქი სამშვილდე. ავტორის აზრით, ამასთან ერთად, ბაგრატის ხელში გადავიდა სამშვილდიდან 10 კმ-ზე, მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე „საზაფხულო ციხე-დარბაზი, რომელსაც დღეს „ნადარბაზევი“ ეწოდება.

ავტორი თვლის, რომ სამშვილდის მიდამოებში მეოფი ნადარბაზევი სომეხ ბაგრატუნთა მიერაა აგებული, რადგანაც იგი X-XI საუკუნეების ძეგლია, ხოლო ამ დროს სამშვილდეს სწორედ ისინი განაგებდნენ. მისი სიტევით, „მთავარი კი, რა თქმა უნდა ის არის, რომ მას შემდეგ... ქართულ წყაროებში ჩნდება და მკვიდრდება ტოპონიმი აგარანი (ხაზგასმა აქ ი. შაიშმელაშვილისაა - დ. ბ.). ჩვენ გვწამსო - წერს იგი, რომ მდ. ჭივჭავის სათავეების სააგარაკო მიდამოები ამ სახელს - „აგარაკების“ ან პირდაპირ „აგარანის“ (მრავალი აგარის) სახით ატარებდა დიდი ხნით ადრე, სანამ
IX საუკუნის დასარულიდან ეს მიდამოები დროებით სომეხი ბაგრატუნების ხელთ აღმოჩნდებოდა... წყაროებში ტოპონიმი „აგარანი“ თან მოჰყვა ბაგრატ IV-ის სამშვილდესთან მოპოვებულ ზემოხსენებულ საზაფხულო „ციხე-დარბაზს“.

ადვილი შესამჩნევია, რომ მოტანილი მსჯელობა საკმარისი საბუთი არ არის აგარანისა და ნადარბაზევის გასაიგივებლად; მიუხედავად ი. შაიშმელაშვილის ასეთი „რწმენისა“, ამ ამბების თანამედროვე მემატიანე დღევანდელ ნადარბაზევს „აგარაკებს“, ან „აგარანს“ არ უწოდებს, თუმცა კი სწორედ ამ ადგილებზე საუბრობს: „შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდის ტბათა მდგომსა, ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა და ჩადგა მარაბდათა“. როგორც ვხედავთ, აქ მეფის სადგომი სახელწოდებით კი არ იხსენიება, არამედ აღწერილობით, ზოგადადაა მინიშნებული „სამშვილდის ტბანი“-ო. ეს ტბა ახლაც შემორჩენილა ნადარბაზევთან. აგარანი კი მატიანის ავტორს სულ სხვაგან ეგულება, თორემ სწორედ აქ იყო მისი დასახელება საჭირო, რასაც ეს ისტორიკოსი სხვა შემთხვევაში არ აყოვნებს.

სტატიის მთელ სიგრძეზე ავტორი ნადარბაზევს ხან ციხესიმაგრეს უწოდებს, ხან ციხე-დარბაზს, თუმცა უკეთუ მას ნადარბაზევი ადგილზე უნახავს, იქ ციხეს ვერსად შენიშნავდა. ნადარბაზევთან ციხეს არ ადასტურებენ არც ვახუშტი ბაგრატიონი, არც რომელიმე სხვა წერილობითი წყარო და, რაც მთავარია, არც ნადარბაზევის გამთხრელი არქეოლოგები. ნადარბაზევის ციხედ წარმოჩენა კი, ავტორისათვის აუცილებელი შექმნილა იმოტომ, რომ აგარანის პირველსავე ხსენებისას „მატიანე“ მას ციხეს უწოდებს. 1069  წელს განძის ამირა ფადლონის დამარცხების შემდეგ, ბაგრატ IV-მ „აღიხუნა ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმიდანი, ქავაზანი“. ნ. ბერმენიშვილიც ხაზგასმით აღნიშნავდა იმ ადგილს „მატიანიდან“, სადაც აგარანის ციხისთავია მოხსენიებული: „მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხისთავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა. და წარიხუნა აგარანი“. განსვენებული მეცნიერი შენიშნავდა: ,,აქედან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ აგარანი ციხეა და მას ციხისთავი ჰყავს“ (ხაზგასმა ავტორისაა - დ. ბ.).

ი. შაიშმელაშვილს მოაქვს ნ. ბერძენიშვილის აზრი იმის შესახებ, რომ თბილისის ირგვლივ მყოფი აგარები ეკუთვნოდა იმას, ვის ხელშიც თბილისი იყო. „გამოდის რომ განძის ამირამ თბილისის ამირას წაართვა აგარანი  რომელიც ნ. ბერძენიშვილმა კოჯრად მიიჩნია). მაგრამ ასე თუ იყო, ეს სათილარაბ (თბილისის ამირა) რატომ არავითარ მონაწილეობას არ იღებდა აგარანის (კოჯრის) ხელიდან ხელში გადასვლის აღნიშნულ აქტებში?“ ეს იმ „უხერხულობად“ მიაჩნია ავტორს, რომელიც თურმე „დაუყონებლივ ქრება... როგორც კი შევეშვებით აგარანისა და კოჯრის ციხის გაიგივების ცდას. აგარანი სამშვილდის მიდამოებში იყო“...

არავითარი უხერხულობა აქ არ არის, მხოლოდ ავტორის გაუგებრობაა, რადგან ნ. ბერძენიშვილის აზრი თბილისისადმი ირგვლივ მყოფი აგარების დაქვემდებარების შესახებ, სრულიად მართებული ზოგადი დებულებაა.

აღებულ შემთხვევაში კი, გარკვეული, კონკრეტული ვითარება შექმნილა: ბაგრატ IV-ს „ჭირვეულად“ დაპყრობილ თბილისში სითილარაბი დაუსვამს ამირად. ისე რომ, განძის ამირას აგარანი სითილარაბისათვის კი არ წაურთმევია, არამედ მეფის მიერ დატოვებული ციხისთავისათვის. ბაგრატმა აგარანი სასწრაფოდ უკან დაიბრუნა. სითილარაბი ამ დროს ბაგრატს ემორჩილებოდა და სამეფოდ დატოვებული აგარანის  მიმართ მას პრეტენზიები ვერ ექნებოდა.

ი. შაიშმელაშვილს ძალიან უნდა აგარანი სამშვილდის ნადარბაზევი გამოდგეს. ამისთვის იგი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პუნქტებთან (სამშვილდესა და აგარანთან) მომხდარ მოვლენებსაც აიგივიბს. იგი წერს: „აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ სამშვილდისა და მისი მიდამოების არეში მყოფ საზაფსულო ციხე-დარბაზის ბაგრატ IV-ის ხელში გადმოსვლა მძაფრი და სანგრძლივი შეხლა-შემოხლის შედეგად მომხდარა, როცა მეფე ბაგრატი იძულებული გამხდარა ძელზე გაესვა თავისი დის ქმრის ძმა - სომეხთა მეფე კვირიკე „სამ დღე“. შესაძლოა ეს „სამ დღე“ (ძელზე გასმა) და „სამ თვე“ (რაც ბაგრატ IV-მ ვითომც აგარანის აღებას მოანდომა) ერთიმეორესთან დაკავშირებული სიდიდეებია. ყოველ შემთხვევაში ბაგრატის მოღვაწეობის აღწერაში სხვა რამ ამის მსგავსი ფაქტი არ არის დაფიქსირებული. საერთოდ კი შესაძლოა, მართლაც, სამ თვეს გაგრძელდა სამშვილდისა და მისი მიდამოების გადმოცემის მთელი პროცესი, რაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა მთლიან ბრძოლად ჩათვალა“.

მკითხველს უნდა განემარტოს ამ დახლართული კომბინაციის აზრი. „მატიანე ქართლისა“ ორ სრულიად სხვადასხვა ფაქტზე მოგვითხრობს - 1066 წელს ბაგრატ IV-ის მიერ სამშვილდის აღებაზე და მის მიერვე აგარანის ციხის აღებაზე 1069 წელს ამ უკანასკნელ ამბავს მოგვიანებით დავით აღმაშენებლის ისტორიკოსიც იხსენიებს: დავითმაო „მასვე (1118 წ. - დ.ბ.) წელსა, ივლისსა, აღიხუნა აგარანი. მეორესა დღესა ცისკარს. რამეთუ პირველცა ეს ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა გარნა სამ თუე ბრძოლითა“.

ი. შაიშმელაშვილს ამ ორი სხვადასხვა დროს მომხდარი ბრძოლის, სხვადასხვა ავტორისეული აღწერილობიდან თვალში მოსვლია „სამი“, რადგან ამ ცნობებში საერთო მხოლოდ ისაა, შემდეგ გაუიგივებია „დღე“ და „თუე“. აქედან გამომდინარე სამშვილდის მიდამოებიც აგარანიაო. „ყოველ შემთხვევაში, ბაგრატის მოღვაწეობის აღწერაში სხვა რამ ამის მსგავსი ფაქტი არ არის ფიქსირებული“ - წერს ავტორი. ამ ლოგიკით ჯავახეთის ახალქალაქიც შეიძლებოდა აგარანად მიგვეღო, რადგან 1065 წელს იმავე ალფ-არსლანს, ახალქალაქელნიც „ბრძოდეს სამ დღე“.

სტატიის ავტორი სამშვილდესა და მის მიდამოებს ყოველთვის ერთად განიხილავს და იქვე გულისხმობს ნადარბაზევსაც (მისი აზრით აგარანს). ჩემი მხრით დავუმატებდი, რომ მართლაც „სამშვილდე“ ციხე-ქალაქის გარდა სამშვილდის ქვეყანასაც გულისხმობდა. ეს კარგად ჩანს ქართული წერილობითი წყაროებიდან, სადაც იხსენიება „სამშვილდის ტბანი“ „სამშვილდის ბარი“ „სამშვილდის კარი“ ე.ი. ამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილები და რაც მთავარია „ყოველი სამშვილდე“, ანუ მისი მთლიანი ქვეყანა. აღნიშნული გარემოებაც ი. შაიშმელაშვილის საწინააღმდეგოს მეტყველებს: უკეთუ აგარანი სამშვილდის მიდამოებში იყო (ნადარბაზევთან) მაშინ რატომღა გამოჰყოფს მას სამშვილდის ქვეყნისაგან დავითის ისტორიკოსი: „...სომხითი და ყოველი სამშვილდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს“. გამოდის, რომ აგარანი არ ყოფილა ყოველ სამშვილდეში. ეს კიდევ უფრო თვალნათლივ ჩანს იმ ეპიზოდში, სადაც 1110 წელს  სამშვილდის აღებაზეა საუბარი: „ცნეს რა თურქთა აღება სამშვილდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს, და ღამით მეოტ იქმნნეს. და ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი“. ამ ამონაწერის შესახებ ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: „სომხითის იმ ციხეთა შორის, ქართველების მიერ სამშვილდის აღების გამო თურქებმა რომ დაცალეს, აგარანი არ იგულისსმება: ის დავით მეფემ ომით აიდო 1118 წელს  ჩანს აგარანი არ ყოფილა ასე დამოკიდებული სამშვილდეზე, როგორც ის „უმრავლესნი ციხენი სომხითისანი“. აგარანს თავისთავადი, სამშვილდისაგან დამოუკიდებელი მნიშვნელობა ჰქონია და, უნდა ვიფიქროთ, მაგარი ციხე ყოფილა“.

სამშვილდის აღებით თავზარდაცემული თურქები ღამით გარბიან სომხითის უმრავლესი ციხეებიდან და ასეთ პირობებში, განა წარმოსადგენია სამშვილდის მიდამოების ნადარბაზევი (ი. შაიშმელაშვილის მიხედვით - აგარანი) მათ ხელში დარჩენილიყო? ნ. ბერძენიშვილის ზემოთ მოტანილი მსჯელობის საფუძვლიანობას ოდნავადაც ვერ არყევს სტატიის ავტორის ის დასაბუთება, რომელიც მას აგარანისა და კოჯრის ციხის იგივეობის საწინაადმდეგოდ აქ მოაქვს: თურმე დავითის მიერ 1118 წელს აღებული აგარანი კოჯრის ციხე ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ თბილისის შევიწროება დავითს მხოლოდ 1120 წლიდან დაუწყია, მას შემდეგ, რაც ყივჩაყთა მხედრობა ყოველმხრივ მოამზადა. ცხადია, რომ ეს ძალზე საეჭვო საბუთი აქ არ გამოდგება, რადგან ყივჩაყთა მომზადებამდეც დავითს უკვე ჰქონდა მოპოვებული საკმაოდ შთამბეჭდავი გამარჯვებები თურქებზე; კოჯრის ციხის (აგარანის) აღებით კი, სამხრეთიდან უკანასკნელი ზღუდე ერღვეოდა თბილისს, ამდენად კანონზომიერი ჩანს თბილისამდე აგარანის აღება.

ი. შაიშმელაშვილს უგრძვნია ის დიდი შეუსაბამობა, რასაც მის თვალსაზრისთან დაკავშირებით იწვევს სამშვილდისა და აგარანის (მისი აზრით ნადარბაზევი) აღების აგრე განსხვავებული თარიღები. აქაც მისი ახსნა სრულიად უსაფუძვლოა: „რატომ ასე გვიან - სამშვილდის აღებიდან 8 წლის შემდეგ გაათავისუფლა დავითმა სამშვილდის მიდამოების აგარანი?“ კითხულობს ავტორი და იქვე პასუხობს „მხოლოდ იმიტომ, რომ სამშვილდის აღების შემდეგ (1110 წ.) მდ. ჭივჭავის სათავეში განყენებულად, მყუდრო გარემოში დამკვიდრებული ამ საზაფხულო ციხე-დარბაზის გარნიზონი თბილისსა და დმანისს მოწყვეტილი აღმოჩნდა; მისი გარნიზონი ახლა ან ნებით უნდა გაშორებოდა იქაურობას, ან ქართველებს დანებებოდა. დიახ, მისი აღება ისეთ აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა“. ვიმეორებ, ნადარბაზევთან ციხე არსადაა; სად იდგა და როგორ გასძლო 8 წლის განმავლობაში ყველაფერს მოწევეტილმა თურქულმა გარნიზონმა - ამის ახსნა მხოლოდ პატივცემული გენერლის გამოცდილებას შეუძლია.

სტატიის ავტორი შემდეგ განიხილაეს სტეფანოს ორბელიანის ცნობებს დავით აღმაშენებლის მიერ ივანე ორბელისათვის ლორისა და სამშვილდის გადაცემის შესახებ. იგივე ცნობები გააანალიზა თავის დროზე ნ. ბერძენიშვილმაც. ი. შაიშმელაშვილს მოსჩვენებია, რომ ნ. ბერძენიშვილი არა მხოლოდ კოჯრის ციხესა და აგარანს აიგივებდა, არამედ ლორესთან არსებულ სოფ. აგარაკსაც იმავე ციხედ თვლიდა. იგი წერს: „მიუხედავად ყველაფრისა ნ. ბერძენიშვილი ფიქრობს. რომ ლორეს აღების დროისათეის სტეფანოს ორბელიანის მიერ ნახსენები, დღესაც არსებული სოფელი „აგარაკი“, რომელიც ლორესთან ერთად ივანე ორბელს ეწყალობა, არის კოჯრის ციხე, ანუ აგარანი..., ანგარიში არ ეწევა სტეფანოს ორბელიანის მითითებას, რომ აგარაკი სოფელია და არავითარ კავშირში არ არის დარბაზთან... ამ აგარაკსა და აგარა-დარბაზს შორის საერთო მომენტების მონახვა შეუძლებელია“.

ახლა ვნახოთ რას წერდა განსვენებული მეცნიერი; დავითის ისტორიკოსი 1118 წლის ამბებზე მოგვითხრობს: „ამასვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე ლორე და მასვე წელსა ივლისსა, აღიხუნა აგარანი. მეორესა დღესა ცისკარს“. ამონაწერს ნ. ბერძენიშვილის ასეთი კომენტარი ახლავს: „დამოწმებული ადგილიდან თითქოს საფიქრებელია, რომ აგარანი სადღაც ლორის ახლოსაა, მაგრამ შემდგომი ჩაკვირვება ცხადყოფს, რომ ასეთი დასკვნა სავალდებულო არაა. აქ ის კი არ წერია, თითქოს დავით მეფემ აგარანი ლორის აღების მეორესა დღესა ცისკარს აიღო, არამედ ის, რომ მეფემ ივლისში აიხუნა აგარანი შემოდგომის უმალვე, ე.ი. დღეს რომ შემოადგა ციხეს, მეორე დღეს ცისკრისას აიღო იგი. ლორესთან ამ ამბავს მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ ის ციხე-ქალაქიც  (ლორე) მეფემ იმავე  წელს {ალბათ ივლისამდე} აიღო“. აზრი ნათელია „ლორის აღების დროისათვის“ ნ. ბერძენიშვილი ლორის აგარაკსა და აგარანს ერთმანეთისაგან განასხვავებს. ასევე იქცევა იგი შემდგომშიაც.

როდესაც აჯანყებული დემნა უფლისწული ორბელებით ლორის ციხეში გამაგრდა, გიორგი მეფემ „მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა“. ამ ცნობის განხილვისას ნ. ბერძენიშვილი წერდა: „ერთის შეხედვით, შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ აგარანი, სადაც გიორგი მეფემ დაიბანაკა, სადღაც ლორის ახლოა, მაგრამ შემდგომი ჩაკვირვება ასეთი დასკვნის გაკეთებას არ გვაიძულებს... მოტანილი ადგილიდან ჩანს, რომ აგარანი ტაშირში არაა, რომ ეს პუნქტი ტაშირის გარეთაა. შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ აგარანი ამ დროს მეფის დასაყრდენი პუნქტია, მაშინ როცა ლორე (ტაშირით) აჯანყებულთა სიმაგრეა“. იქვე სქოლიოში ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა: „საგეოგრაფიო სახელი აგარიკი აღნიშნულია აგრეთვე ტაშირში, ლორიდან 5 კილომეტრის მანძილზე, მის აღმოსავლეთით. არაა საფიქრებელი, რომ მას კავშირი ჰქონდეს აგარაკის საეპისკოპოსო ეკლესიასთან, ან კიდევ უფო სომხითის აგარანთან“.

დამოწმებული ამონაწერები ცხადყოფენ, რომ სტატიის ავტორს ვერ გაუგია ნ. ბერძენიშვილის სიტყვები, სრულიად საწინააღმდეგო აზრს მიაწერს მას და შემდეგ თავგამოდებით ეკამათება („მიუხედავად ყველაფრისა...“, „ანგარიში არ ეწევა“).

რა თქმა უნდა, ი. შაიშმელაშვილი ამას განგებ არ სჩადის, აქაც გაუგებრობით მოსდის. საქმე ისაა, რომ იგი სარგებლობს სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას“ ძველი ქართული თარგმანებით, რომელიც 1978   გამოსცა ელ. ცაგარეიშეილმა. სომხური ტექსტიდან სხვადასხვა დროს (XVII და XVIII სს) შესრულებული თარგმანები, ერთმანეთისგან დამოუკიდებელია; სწორედ ამიტომ ისინი მნიშვნელოვნად სხვაობენ როგორც ურთიერთის, ასევე ხშირად დედნის ტექსტისაგანაც. გამომცემლის (ელ. ცაგარეიშვილის) შესავალში აღნიშნულ ამ გარემოებას სტატიის ავტორი ყურადღებას არ აქცევს და იმეორებს ძველი ქართული თარგმანებიდან ერთ-ერთს: ივანე ორბელს „მიეცა მეფისაგან ლორე სოფლითა და აგარაკითა თვისითა და ადგილად დარბაზისა სამშვილდე, რომელი-იგი იყო მამათა მისთა, კუალადცა მიეცა სოფლით თვისითურთ“.

ამის გამო ი. შაიშმელაშეილი დაასკვნის, რომ აქ „იგულისხმება სომეხ მეფეთა ნაქონი საზაფხულო ციხე-დარბაზი აგარანი, რომელიც მდ. ჭივჭავის სათავეში იყო და რომლის ბაზაზეც ივანე ორბელმა დიდებული აგარაკი გაიწყო“. ძველი ქართული თარგმანის მეორე ტექსტი ამ ადგილს ასე გადმოგვცემს: ივანე ორბელს „მიეცა მეფისა მიერ სასახლედ გინა პალატად ლორე გარემოითა თჳსითა, ეგრეთვე სამშვილდე, რომელი იყო მამული მათი, კუალად მიეცა მათ დაბებითურთ“. ქართული თარგმანებიდან არცერთი ზუსტად არ მისდევს სომხურ დედანს, სადაც ნათქვამია რომ ივანეს „მიეცა ლორე თავისი გავარით, და აგარაკი ადგილად დარბაზისა, და სამშვილდე რომელიც იყო მამული მათი, კვლავ მიეცა გავარითურთ“. როგორც ვხედავთ, სინამდვილეში აქ ლორესა და მის გავარზე ცალკეა საუბარი, რომელშიც არ შედის სადარბაზე ადგილად მოცემული აგარაკი, იგი ლორის გავარის მერეა დასახელებული, ასევე ცალკეა სამშვილდე თავისი გავარით.

ძეგლის გამომცემელი - ელ. ცაგარეიშვილი შესავალში წერს: „A-864 ხელნაწერის ქართული თარგმანის სომხურ დედანთან შედარებამ ცხადყო, რომ ბევრ ადგილას მთარგმნელს სრულიად ვერ გაუგია რომელიმე სომხური სიტყვა თუ ფრაზის მნიშვნელობა... ხშირად სრულიად გამოტოვებულია ცალკეული სიტყვა-გამოთქმა, წინადადება, ან რამდენიმე წინადადება ერთად... არის ასეთი შემთხვევებიც, როდესაც... ქართულ თარგმანში ჩართულია ისეთი სიტყვები და წინადადებები, რომელიც სომხურ დედანში არ გვხვდემა“. სომხურ დედანთან უფრო ახლოა მეორე ნუსხის ქართული თარგმანი, მაგრამ აქაც არის უზუსტობანი. გამომცემლის მიერ მოტანილია მაგალითი, როცა „გავარი“ თარგმნილია სიტყვით „სოფელი“. „სოფელი უფრო კონკრეტული ცნებაა, გავარი საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული დანაყოფია, მასში შეიძლება შედიოდეს არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე სოფელი, დაბები, ქალაქები. ასე რომ „გავარის“ თარგმნა „სოფლად“ ერთგვარ უზუსტობას ქმნის. იგივე უნდა ითქვას „გავარის“ „დაბა“-ს მნიშვენელობით თარგმანზეც“.

ქართული თარგმანების და სომხური დედნის ჩემს მიერ ზემოთ შედარებული ადგილი სწორედ ასეთ შემთხვევათაგანია; ძველი ქართული თარგმანები მნიშვნელოვნად განსხვავებულ სიტუაციას აღწერენ. ახლა ნათელია რა ნიადაგზეა დამყარებული ი. შაიშმელაშვილის დასკვნები.

 ნ. ბერძენიშვილი აქაც და სხვა შემთხვევებშიც სომხურ დედანს ეყრდნობოდა, იგი სავსებით მართებულად აგარაკს, მიცემულს დარბაზის ადგილად, არც ლორეში და არც სამშვილდეში არ გულისხმობდა; ამიტომაც სტეფანოს ორბელიანის სხვა ადგილების გათვალისწინებით იგი შენიშნავდა: „შეუძლებლად არ გვეჩვენება, რომ ქართული წყაროების აგარანი და სტეფანოს ორბელიანის „აგარაკი-დარბაზი“ ერთიმეორეს ემთხვეოდნენ”-ო.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ სტეფანოს ორბელიანის ზემოხსენებული ნაწევეტის ლ. მელიქსეთ-ბეგისეულ ქართულ თარგმანში არის ნახმარი გამოთქმა „აგარაკი-ნადარბაზევი“, რომელიც მას ლორესთან მეოფი სოფელი ეგონა. შ. მესხიას, ლ. მელიქსეთ-ბეგისეული თარგმანის კომენტირებისას, ი. შაიშმელაშვილზე დიდი ხნით ადრე, შესაძლებლად მიაჩნდა („იქნებ“) „ადგილი სადარბაზე“, ვახუშტისეულ ნადარბაზევთან გაეიგივებინა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ განსვენებული მეცნიერიც მოტანილ ნაწევეტში სტეფანოს ორბელიანიდან, აგარაკსა და სადარბაზე ადგილს შორის მძიმეს სვამდა, ე.ი. მათ ერთმანეთს არ უკავშირებდა, რაც ასევე არაა სწორი.

შ. მესხიას ეს აზრი იცოდნენ ნადარბაზევის გამთხრელებმა, რომლებმაც გათხრების ანგარიშში აღნიშნეს, რომ ასეთი გაიგივებისათვის საჭირო იყო სხვა ისტორიული წყაროებით მეტი დასაბუთება. ი. შაიშმელაშვილმა ეს ფაქტები არ იცის, ყოველ შემთხვევაში მის სტატიაში არც ლ. მელიქსეთ-ბეგი, არც შ. მესხია, არც ი. ციციშვილ.ი და პ. ზაქარაია არ იხენიებიან.

სტატიის ავტორი შენიშნავს, რომ ორბელთა განადგურების შემდეგ, ზემოხსენებული აგარაკი-დარბაზიც მხოლოდ „ნადარბაზევად“ შეიძლებოდა ქცეულიყო. არც ეს უნდა იყოს სწორი. ასე თუ ვიმსჯელებთ, გამოვა, რომ რაც ჩვენში „ნადარბაზევი“, „ნაპალატევი“, ან „ნაქალაქევი“-ა, ადრე ყველას „დარბაზი“, „პალატი“, და „ქალაქი“ უნდა რქმეოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი „ნადარბაზევი“, „ნაპალატევი“, „ნაქალაქევი“ იმის მანიშნებელი უნდა იყოს, რომ ამ სახელების შერქმევის დროს, მათი ძველი სახელწოდებანი უკვე დაკარგული იყო და მხოლოდღა ნანგრევები იძლეოდნენ ასეთი სახელების საფუძველს. ქვემო ქართლის ტოპონიმიაში „ნადარბაზევის“ გვერდით „დარბაზიც“ გვხვდება ნასოფლარების სახელად. ი. შაიშმელაშვილის მიხედვით, ისინი „ნადარბაზევად“ უნდა ქცეულიყვნენ, მაგრამ ასე არ მომხდარა. ამიტომ სულ არაა აუცილებელი ნადარბაზევის ძველი სახელი დარბაზი ყოფილიყო.

ი. შაიშმელაშვილის ზემოხსენებული ძველი ქართული  თარგმანის მიხედვით ჰგონია, რომ სომეხი ისტორიკოსი მოტანილ ნაწყვეტში იხსენიებს ლორესთან დღესაც არსებულ „ერთი ბეწვა სოფელ აგარაკს“, „რომ აგარაკი სოფელია და არავითარ კავშირში არ არის დარბაზთან“. სომხური დედნის შესატყვისი ადგილი კი, პირიქით მოწმობს, რომ აგარაკი სწორედ დარბაზთანაა დაკავშირებული (იგი „დარბაზის ადგილია“). სტატიის ავტორს სტეფანოს ორბელიანის სომხურ ტექსტში რომ ჩაეხედა (იგი თან ერთვის ძველ ქართულ თარგმანებს). ეგების შეენიშნა, რომ იქ სახელწოდება „აგარაკი“ ყოველთვის მთავრული ასოთი იწყება. „დარბაზი“ კი, პატარა ასოთია დაწყებული, რაც ისევ იმაზე მიუთითებს. რომ სტეფანოს ორბელიანი სწორედ აგარაკს თვლიდა საკუთარ ადგილს სახელად, ხოლო დარბაზს ზოგადი მნიშვნელობით ხმარობდა. ისვე, როგორც ძველი ქართული თარგმანი: „სასახლედ გინა პალატად“. ასევეა ეს ადგილები გადმოცემული ნ. ემინის რუსულ თარგმანში.

ი. შაიშმელაშვილს ქართული თარგმანიც არასწორად ესმის: „ლორე სოფლითა და აგარაკითა თვისითა“ სულაც არ ნიშნავს „ლორე სოფელ აგარაკითა“-ს. აქ ლორესთან არსებულ ტოპონიმზე არაა საუბარი. ეს კარგად ჩანს ძველი ქართული თარგმანის მეორე ტექსტში; იგი მოტანილი წინადადების ფარდად იძლევა: „ლორე გარემოითა თჳსითა“. ამ სიტყვებით ცდილობდნენ ქართველი მთარგმნელები გადმოეცათ სომხური დედნის „ლორე თავისი გავარით“.

სტატიის ავტორი წერს: „ზღაპრული სიმტკიცის ციხე-ქალაქ ლორეს ამღები ქართული მხედრობისათვის მიმდებარე ერთი ბეწვა სოფელ აგარაკის აღება არავითარ სიძნელეებთან არ იყო დაკავშირებული. ამიტომაც ქართველ მემატიანეს ლორეს აღებასთან დაკავშირებული ამბების აღწერისას ეს სოფელი აგარაკი არც უხსენებია. სამაგიეროდ მის ნაამბობში აგარანის აღების შესახებ ერთ დღე-ღამიანი ბრძოლა ჩანს: დავით აღმაშენებელმა „აღიხვნა აგარანი მეორესა დღესა ცისკარს“. ანუ ლაპარაკია საკმაოდ მძლავრი ობიექტის „სამშვილდის ნადარბაზევის“ გატეხვაზე, რომელსაც მ. ლორთქიფანიძე ციხე-ქალაქის რიგშიც კი აყენებს, ყოველ შვმთხვევაში. მას შემორტყმული ჰქონია დიდი გალავანი“.

სამშვილდის ნადარბაზევის „საკმაოდ მძლავრ ობიექტად“ წარმოდგენა ი. შაიშმელაშვილს ისევ იმისთვის სჭირდება. რომ როგორმე დაარწმუნოს მკითხველი ამ პუნქტისა და აგარანის ციხის იგივეობაში. საამისოდ იგი ახლა მ. ლორთქიფანიძის ავტორიტეტს იშველიებს, რომელსაც „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ III ტომის 237 გვ. მართლაც უწერია: 1118 წელს დავითმა „აიღო ციხე-ქალაქები ლორე და აგარანი“. მაგრამ ამ წინადადებაში რომ კორექტურული შეცდომაა, ან კალმის ლაფსუსი, ეს სტატიის ავტორსაც უგრძვნია და თავისი დასკვნა ასე შეუმაგრებია: „ყოველ შემთხვევაში მას (ნადარბაზევის სასახლეს - დ. ბ.) შემორტყმული ჰქონია დიდი გალავანი“-ო და უთითებს „ნარკვევების“ იმავე ტომში დაბეჭადილ გ. ლომთათიძის ნაშრომს. განსვენებული მეცნიერი იქ წერდა: „თავისთავად ცხადი და ცნობილია, რომ სასახლეების შორიახლოს ყველგან ცხოვრობდნენ (ჩვეულებრივ სახლებში) მათი მოსამსახურენი „მოჯალაბეები“... მკაფიოდ ჩანს ეს სამშვილდის ნადარბაზევში, სადაც გალავანს გადაღმა ასიოდე მეტრზე არის მეორე ნასოფლარი“.

როგორც ვხედავთ, აქაა გალავნიანი სასახლე, რომელიც ძნელი წარმოსადგენია „საკმაოდ მძლავრ ობიექტად“ და სრულიად  არ შეეფერება დავითის ისტორიკოსის აღწერას, სადაც აგარანი ხაზგასმით ციხედაა დასახელებული „პირველ ესე ციხე აეღო ბაგრატს“.

სტატიაში შემდეგ ავტორი ყურადღებას ამახვილებს სტეფანოს ორბელიანის ცნობაზე, სადაც ნათქვამია, რომ 1177 წლის აჯანყების დროს, როდესაც გიორგი მეფე გაძლიერდა, ივანე ორბელმა თავისი მონაგები ქონება სამშვილდის ციხეში შეიტანა, თვითონ კი ლორეს წავიდა. გიორგი მივიდა, ვეღარ იპოვა ისინი აგარაკს, მერე ალყა შემოარტყა ციხეს და 25 დღის შემდეგ აიღო ის.

ამ ამბების გამო ი. შაიშმელაშვილი აღნიშნავს: „სტეფანოს ორბელიანი წერს, რომ გიორგი III-მ სამშვილდის აღებას 25 დღე მოანდომა, ხოლო გიორგი მეფე სამშვილდეს მხოლოდ მაშინ მოადგა, რაც ივანე ორბელის „აგარაკსა მას“ „ვერავინ პოვა“. ნ. ბერძენიშვილის აზრით, მეფე „მოადგა“ არა სამშვილდეს, არამედ ისევ და ისევ კოჯრის ციხეს, ანუ ვითომც აგარანს. რატომ? განა აშკარად არ ჩანს: რაც ივანე ორბელიანმა დამალა „ციხესა სამშვილდისასა“ ზუსტად ის ამოიღო ამ ციხიდან გიორგი მეფემ: ივანე ორბელმა „შეკრიბა ყოველი მონაგები თვისი ციხესა მას სამშვილდისასა“, რომელიც იყო „სავსე ურიცხვთა საუნჯითა“, გიორგი მეფემ „აღიღო იავარი მრავალი საუნჯეთა მათთა და ყოველი მონაგები მათი“.

 ეჭვისათვის ადგილი აღარ რჩება, საუბარია ერთსა და იმავე ციხესა და ერთსა და იმავე ქონებაზე! აი ამ ზღაპრული სიმდიდრის გამომზეურებას, აღრიცხვასა და „ათვისება“-დაბინავებას უნდა მონდომებოდა იმოდენა დრო (25 დღე), რაც გიორგი მეფეს ამ ციხის (სამშვილდის) „აღებისათვის დასჭირდა“.

დავიწყოთ იქიდან, რომ სტეფანოს ორბელიანი არსად არ წერს - გიორგი მეფემ სამშვილდის ციხის აღებას მოანდომა 25 დღეო; ეს სტატიის ავტორის მიხვედრაა. სტეფანოს ორბელიანი ასახელებს არა სამშვილდეს, არამედ აგარაკს, სადაც მეფეს შეთქმულნი ეგულებოდნენ და მერე ციხეს - უსახელოდ. ყველაზე უფრო ბუნებრივია აქაც აგარაკისავე ციხე ვიგულისხმოთ და არა სამშვილდისა; ასე რომ არ ყოფილიყო, აგრაკის მოხსენიების შემდეგ, სომეხ ისტორიკოსს არაფერი შეუშლიდა ხელს აქაც მოეტანა სამშვილდის სახელი. სომხური ტექსტის რუსულ თარგმანში ეს ციხე აგარაკის ციხედ აქვს გაგებული ნ. ემინსაც.

სტატიის ავტორისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მიუღია იმ ფაქტს, რომ სამშვილდის ციხეში დახიზნული და მეფის მიერ აგარაკის ციხიდან აღებული განძეულის აღწერისას, სტეფანოს ორბელიანის ორივე ციტატაში მსგავსი სიტყვებია ნახმარი; ესენია: „ყოველი მონაგები“ და „საუნჯე მათ“-ი. მხოლოდ ამ ზოგადი ფრაზების გამეორების გამო ი. შაიშმელაშვილი დაასკვნის, რომ ორივე შემთხვევაში „ზუსტად“ ერთი რაოდენობის განძზეა საუბარი. ამას გამოუწვევია ავტორის შეძახილი: „აქ ეჭვისათვის ადგილი აღარ რჩება საუბარია ერთსა და იმავე ციხესა და ერთსა და იმავე ქონებაზე“-ო, მაგრამ ეს ასე არაა.

ძალზე ნიშანდობლივია. რომ ამ ამბების აღწერისას ქართული წყაროები არსად სამშვილდეს არ იხსენიებენ. არ ასახელებს სამშვილდეს ამ მოვლენათა თანამედროვე და თვითმხილველი დავით ქობაორელიც. იგი საკმაოდ დეტალურად აღწერს აჯანყების მსვლელობას და ქვემო ქართლის პუნქტებიდან ასახელებს აგარაკის ციხეს. კაენს, ლორეს, მაჰკაბერდისა და ძორაგეტის მხარეებს, მაგრამ სამშვილდეს - არა. შესაბამის ადგილას ის წერს, რომ გიორგი მეფემ „ალყა შემოარტყა აგარაკის მტკიცე სიმაგრეს. ალყა ორთვენახევარს გაგრძელდა... ციხის შიგნით მყოფნი ბრძოლაში გამოცდილები იყვნენ, მაგრამ რადგან წყლის გზაც მოჭრილი ჰქონდათ... უნებლიედ ჩამოვიდნენ და დაუთმეს სიმაგრე.

ამის შემდეგ „მეფემ შეკრიბა ჯარი და მოადგა აჯანყებულებს ლორეში“. როგორც ვხედავთ ორივე სომხური წყარო აგარაკის ციხეზე საუბრობს და არა სამშვილდისაზე.

ი. შაიშმელაშვილს რატომღაც არ სჯერა ქართულ წყაროთა ჩვენებებისა აგარანის ციხის სიმტკიცეზე. წინ მას ეჭვი აქვს გამოთქმული („ვითომც...“) დავითის ისტორიკოსის ცნობაზე, სადაც ნათქვამია, რომ აგარანის ციხის ასაღებად ბაგრატ მეფეს 5 თვე დასჭირვებია. ამიტომაც სტატიის ავტორმა ის ფაქტი „სამშვილდისა და მისი მიდამოების გადმოცემის მთელ პროცესად“ დაგვიხატა. ამ შემთხვევაშიც ავტორს არ მოსწონებია 25 დღის დახარჯვა აგარაკის ციხის ალყაზე, ამის გამო ახლა ასეთ სურათს წარმოსახავს „ამ ზღაპრული სიმდიდრის გამომზეურებას, აღრიცხვას და „ათვისება“-დაბინავებას უნდა მონდომებოდა იმოდენა დრო (25 დღე), რაც გიორგი მეფეხ ამ ციხის (სამშვილდის) „აღებისათვის“ დასჭირდა“-ო. ბრჭყალებში ჩასმული სიტყვა „აღება“ მიგვანიშნებს, რომ ი. შაიშმელაშვილი მასში სხვა შინაარს სდებს. პატივცემულ გენერალს უნდა მოეხსენებოდეს, რომ ხმლისა და მშვილდ-ისრის ეპოქაში შუა საუკუნეების ციხეები ხშირად აუღებელი რჩებოდნენ და მათ დამორჩილებას ისევ ხანგრძლივი ალყით, შინაგაცემით, ციხისუფალთა, (ან მათ ახლობელთა) ძელზე გასმით აღწევდნენ. ასე რომ აგარაკის ციხის ალყაზე (და არა სამშვილდეზე) დახარჯული 25 დღე სრულიად ნორმალური ჩანს (დავით ქობირელის სიტყვით, აგარაკის ციხის ალყა ორთვენახევარს გაგრძელებულა).

მას მერე, რაც ივანე ორბელი და დემნა უფლისწული ლორეში გამაგრდნენ, გიორგი მეფემ „მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა და გაგზავნა ლაშქარნი“ ჰერეთსო, წერს თამარის ისტორიკოსი. ი. შაშიაშვილი წერს: „ნ. ბერძენიშვილი მიუთითებს, რომ ეს „აგარათა“-ც ისევ და ისევ კოჯრის ციხეა, რომელიც გარდა იმისა, რომ ჯარების თავმოყრისათვის ზაფხულშიც და ზამთარშიც უვარგისი იყო, ამ კონვრეტულ შემთხვევაშიც არც ლორეში დატოვებული ჯარების, არც ჰერეთში გასაგზავნი ჯარების მართვის პუნქტად არ ვარგოდა. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ გიორგი მეფე ზამთარში კოჯორში მჯდარიყო ორივე ფრონტს მოწყვეტილი. თბილისში მაინც ჩამოვიდოდა თავის ოჯახში“.

ავტორის მიერ მითითებულ გვერდებზე ნ. ბერძენიშვილს არ უწერია, რომ ლორე-ტაშირის მორბევის მერე გიორგი მეფე კოჯრის ციხეში დაჯდა და მთელი ზამთარი იქ გაატარა ოჯახს მონატრებულმა. ამას მხოლოდ სტატიის ავტორი წარმოიდგენს და ნ. ბერძენიშვილს მიაწერს. განსვენებული მეცნიერი კი ვარაუდობდა, რომ „აგარანი“ ზოგადად ეწოდებოდა თბილისის სამხრეთით და კოჯრის ციხის მიდამოებში არსებულ დაბებს. იქვე უნდა ყოფილიყო „დასო“ და „აგარათა ჭალა“, იგი უფრო ნიშანდობლივ ასახელებდა ტაბახმელას, ხატის-თელეთს („სახატე“), კაბენს, ასურეთისხევს; მთელ ამ ტერიტორიაზე გაბატონებულ კოჯრის ციხეს კი „აგარათა ციხე“ ერქვაო.

ზევით ი. შაშიაშვილი ამტკიცებდა, რომ აგარანი სამშვილდის ნადარბაზევია. ახლა იგი მკითხველს განუმარტავს, რომ ყოფილა სხვა ადგილიც მსგავსი სახელწოდებით, „რომელიც ჩვენს მემატიანეებს მოხსენიებული აქვთ ზოგჯერ პირდაპირ ასე „აგარათა“-დ; „აგარათა შეყრა გააგეს“; გიორგი ლაშას ლაშქარი დადგა „ლომთა გორსა და აგარათა (ე.ი. აგარებს - ი. შ) შუა“, ზოგჯერ „აგარათა (ე.ი. აგარების) ჭალად“ და „აგარათა სომხითისათა“-დ. ეს „აგარათა“ წარმოადგენდა მდ. ალგეთის, ქციასა და მაშავერას ზონაში ნახიდურიდან ნახიდვარამდე განვრცობილ ტერიტორიას“.

მაშასადამე, ავტორის აზრით ერთია „აგარანი“ (ნადარბაზევი), ხოლო მეორეა - „აგარათა“. ე.ი. მარნეულის ვაკე. „აგარათა“ მან წარმოიდგინა ნაგენეტივარ სახელად ყორანთა, მოწამეთა-ს ტიპისა („აგარათა-ში ყველა პირობა იყო“. „ამ აგარათა-დან დებედის ხეობით...“ და სხვ.) წყაროებიდან მოტანილსა და ყველა სხვა ციტატებშიაც რომ ერთი აგარანი იგულისხმება - ეს ნათელია: „აგარათა“ იგივე „აგარანია“, ოღონდ ბრუნვაში ჩასმული. ეს კარგად ჩანს „მატიანე ქართლისა“-ს მონათხრობიდან: „მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცნა ციხისთავმან აგარანი. მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა და წარიხუნა აგარანი“. ასე რომ არ ყოფილიყო. მაშინ „დაიბანაკა აგარათა“-ს მაგიერ იქნებოდა „დაიბანაკა აგარათასა“ „აგარათა შეყრა გააგეს“-ო კი არა. ისტორიკოსი დაწერდა „აგარათასა შეყრა გააგეს“. ასევე კარგად ჩანს ეს მომენტი თამარის ისტორიკოსთან. ტაშირის მორბევის მერე გიორგი მეფემ „დაიბანაკა აგარათა“. აქედან გაგზავნა ლაშქარი ჰერეთს. იქ გამარჯვების შემდგომ კი „მეფე აგარასა მყოფი აღვიდა და მოადგა ლორესა“.

ისტორიკოსის „აგარათა“ რომ „აგარანი“-ს გენეტივია, ჩანს იქიდან, რომ იმავე პუნქტს იგი მეორე შემთხვევაში „აგარა“-ს უწოდებს. საინტერესოა რომ თამარის ისტორიკოსის ამ ბოლო წინადადებას სტატიის ავტორი შეცვლილი სახით გვთავაზობს: „აგარა“-ს მაგიერ წერს „აგარათა“-ს. ეს იმიტომ რომ აგარა და აგარანი მას სამშვილდის ნადარბაზევი ჰგონია, ეს ადგილი კი სრულიად არ შეეფერება მის მიერ ზემოთ მოყვანილ ციტატებს „აგარათა“-ს მოხსენიებით (ლაშქარი დადგა „ლომთა გორსა და აგარათა შუა“ და სხვ.). ი. შაიშმელაშვილის აზრით, მარნეულის ვაკის „ცენტრალური უბანი ვახუშტი ბაგრატიონის ხანის „ბაიდარ“-ად, ადრე კი „წყალთაშუა“-დ იწოდებოდა. აი ეს მარნეულის ვაკის გული წარმოადგენდა აგარებით მოფენილ უაღრესად ნაყოფიერ მიწებს ჭალის მუხისა და ჭალის ტყიანი ლანდშაფტის ელემენტებით, აგარათა ჭალას. თავის დროზე აქ იყო თამარ მეფისა და ლაშა გიორგის საზამთრო სასახლე-სადგური დური“. ეს კიდევ ერთი გაუგებრობაა: თამარის ისტორიკოსი, რომელიც იხსენიებს დურსაც და „აგარათა ჭალასაც“ სრულიად გარკვევით განასხვავებს ამ პუნქტებს; არსაიდან ჩანს მათი იგივეობა, ან სახელების ერთიმეორეთი შენაცვლება დროთა განმავლობაში“.

მარნეულის ვაკე, სადაც პატივცემულმა გენერალმა „აგარათა“ დაიგულა და სამეფო საზამთრო სასახლე ივარაუდა, „ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ სტატიების მიხედვითაა შერჩეული; ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ „აგარათა ჭალას“ და დასოს მოეძებნოს ადგილი, რადგან კოჯრისა, თუ მის ძირში მყოფი მიდამოებიდან, ავტორის აზრით, საამისოდ არცერთი არ ვარგა“ „ჭალა იქ მაინც არ არსებობს, - ცნობილია, მხოლოდ ასურეთის ხევი, რომელიც ზაფხულ-შემოდგომობით შრება, ან წყალმცირეა. რაც შეეხება კაბენს ასურეთის ხევის ზემო წელზე სწორედ იმიტომ, რომ იგი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან შედარებით ღრმად არის ჩავარდნილი, ზაფხულობით იქ დიდი სიცხე იცის. ვის რად უნდოდა ასეთი ჭალა და დასო, ისიც უგზო-უკვლო ხევ-ხუვებში“-ო.

ჯერ ერთი ჩვენ არ ვიცით როგორი იყო აქაური მცენარეული საფარი XII-XIII საუკუნეებში, ხოლო თუ დღევანდელი ვითარებით ვიმსჯელებთ, მაშინ ვნახოთ რას წარმოადგენს ახლა მარნეულის ვაკე. ენციკლოპედიის ზემოხსენებული სტატიების მიხედვით, რომელსაც ი. შაიშმელაშვილი უთითებს, ეს ვაკე გავრცელებულია მდინარეების ალგეთის, ხრამის, მაშავერის და დებედის ქვემო დინებათა აუზში, ფართობით - 40 კმ. X 20 კმ; „აგებულია... კენჭნარით, კონგლომერატებით, ქვიშნარებით და თიხებით“ (ი. შაიშმელაშვილის მიხედვით, „უაღრესად ნაყოფიერი მიწები“).

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014