ოჯახური ტრადიციები კახეთსა და აფხაზეთში

1 2 3

საცხოვრებელი პირობები
ბავშვის აღზრდა
საბავშვო თამაშობანი
აცევირაობა (აცე, ვირო!)
გრძელი ვირი
მრგვალი ვირი
ტუფლაობა
კრასკაობა
ბატებო, ბატებო, სახლში!
დროშის მოტაცაობა (ორდროშობანა)
დაჭერაობა
გათვლები
სამზარეულო
ურთიერთობები
სტუმარმასპინძლობა
უფროს-უმცროსობა
სისხლის აღების ადათი
შრომა და გართობა
 


საცხოვრებელი პირობები
 
აფხაზებისა და კახელების უმრავლესობა ჯერ კიდევ სოფლებში ცხოვრობს, ქვიტკირის ან აგურისაგან აგებულ სახლებში. ჩვეულებრივ, ამ სახლებს აქვს რამდენიმე საწოლი ოთახი, მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო. საცხოვრებელშიO ერთდროულად ცხოვრობს სამი-ოთხი თაობა.
ტრადიციულად, აფხაზურ სამზარეულო განცალკევებით იდგა, მაგრამ ამჟამად ისინი სახლის შიგნით მდებარეობს. ძველებური სამზარეულოები შეცვალა დიდმა შენობებმა, სადაც გრძელ მაგიდებთან ბევრი სტუმრის მიღება-დახვედრა შეიძლება.
დროთა განმავლობაში, აფხაზები ცდილობენ ქალაქებში ჩამოსახლებას, სადაც ისინი ცხოვრობენ საერთო საცხოვრებლებში, სადაც მშობლებსა და შვილებთან ერთად შეიძლება მათი ნათესავებიც ცხოვრობდნენ. ასეთ პირობებში ცოტა ძნელია ტრადიციული აფხაზური ეტიკეტის დაცვა.
სამწუხაროა, რომ კახეთშიც შეიმჩნევა სოფლების დაცლის ტენდენცია. ახალგაზრდობას ქალაქში ცხოვრება ურჩევია. ამიტომაა, რომ ზოგიერთი სოფელი, განსაკუთრებით ისინი, რომელბიც მთიან რაიონებში მდებარეობს, ცარიელდება და იქ მხოლოდ მოხუცებიღა რჩებიან. 

ბავშვის აღზრდა
 
ოჯახში ახალი წევრის დაბადება უფრო მეტ პატივისცემას აღძრავდა ახალგაზრდა დედისადმი. ახლა უკვე იმით ფასდებოდა ქალი, თუ როგორ აღზრდიდა პირმშოს.
ბავშვი იზრდებოდა ხოჭიჭში[11] (სარწეველა, დაბალი და ფიცრისაგან შეკრული). მას არ ჰქონდა არტახები, ახალშობილს არ ახმარდნენ შიბაქს.[12]
ხოჭიჭში ბავშვს ეცვა კოფთა, ზემოდან აფარებდნენ შალს. ბავშბი თი ჭირვეულობდა, გამუდმებით ტიროდა, დასაწყნარებლად ასმევდნენ ღაჟღაჟის ნახარშს. ღაჟღაჟის გამხმარ თავებს კი, თესლგამოუცლელს, ააგებდნენ ძაფზე, დაჰკიდებდნენ ხოჭიჭზე, მოძრაობისას ხმას გამოსცემდა და დედის იავნანასავით ჩაესმოდა პატარას მისი ჩხრიალი.
აფხაზეთშიც და კახეთშიც  ბავშვს, ტრადიციულად, აკვანში ზრდიდნენ, რომელსაც გამოცდილი ოსტატები აკეთებდნენ.
ადამიანს ბავშვობიდანვე უნერგავდნენ სიმართლის სიყვარულს. ტყუილი დიდ სირცხვილად ითვლებოდა და შესაძლებელი იყო, საბედისწერო როლი ეთამაშა ადამიანის ცხოვრებაში.
 
 
საბავშვო თამაშობანი
 
დაგვეთანხმებით, თამაშობებში მეტ-ნაკლებად თავს იჩენს ხოლმე გარკვეული ნიშნები ხალხის ყოფისა, ზნე-ჩვეულებებისა და მსოფლმხედველობისაც კი. იგი სარკეა უფროსების ცხოვრებისა, რწმენისაც.
თამაშობაშივე ვლინდება შრომითი ელემენტები. ბავშვები ბაძავენ დიდებს, ცდილობენ თვითონვე შექმნან სათამაშოები და საფუძველი ეყრება მათ შრომით საქმიანობას.
კახეთში გავრცელებული თამაშობებია: კორაობა (გოთაობა, ჩიკორაობა), ლახტაობა, დამალობანა, შვიდკენჭაობა; უძი, უძი, ვარადა! ხელაობა, დაკვრა-დაფარაობა, სალაობა, ასკინკილაობა. ჩვენი აზრით, ამ თამაშობებით ირთობენ თავს ჩვენი აფხაზი თანატოლებიც.
ჩვენს სოფელში გავრცელებული თამაშობები, ვფიქრობთ, სულ ახალია. ასეთებია: ”სტოპაობა”, ”ნამიოკობა”, ”ბატებო, ბატებო, სახლში”, ”ნიტრა ნიტრა კალინკა”, ”დროშის მოტაცაობა”, ”კრასკაობა”, ”გრძელი ვირი’, ”მრგვალი ვირი”, ”აცე, ვირო!”, ”ტუფლაობა”.

 

”აცევირაობა” (აცე, ვირო!)

”აცევირაობას” (აცე, ვირო!) თამაშობენ მხოლოდ ბიჭები.
ერთი მოთამაშე წელში მოხრილია, მუხლებზე ხელებდაყრდნობილი, დანარჩენები ზურგზე ახტებიან. ერთი მოთამაშე ახტება და ამბობს: ”პევრიკო!” მეორედ გადახტომისას: ”ტვარიკო!” მესამედ: ”ტრაწიკო!” მეოთხედ: ”აცე, ვირო!” გადახტომისა გვერდებზე შემოარტყამენ ფეხებს.
ასე თანმიდევრობით იძახის ყველა მოთამაშე. წარმოთქმისას სიტყვები თუ აერია ან დაავიწყდა რომელიმეს, ის გახდება ”ვირი”. იწყება მეორე წრე.
ყველა მოთამაშე იხდის მაისურს. დებენ ”ვირზე”.ამას ჰქვია ”შაპკა”. გადახომისას თითოეულმა მოთამაშემ თავისი ”შაპკის” (მაისურის) აღება უნდა მოასწროს, თან გაიძახის: ”შაპკა ამიღია!” ვინც მაისურებს ჩამოყრის, ის გახდება ”ვირი”.
მესამე წრე გრძელდება იმ შემთხვევაში, თუ არავინ ჩაიჭრება და არც “შაპკები” ჩამოიყრება. მოთამაშაცევირაობა (აცე, ვირო!)ე ახტება ”ვირს” ცალი ხელით, თან იძახის: ”პაპაჩემს რომ ვირი ჰყავდა, ცალი ხელით ვახტებოდი!”
თუ ამ დროს არავინ ჩაიჭრა და არ ჩამოვარდა ”ვირიდან”, იწყება მეოთხე წრე. ეხლა უკვე მოთამაშენი უხელებოდ ახტებიან “ვირს”. თუ არავინ ჩამოვარდა, იწყევა გაროზგვა ”ვირისა”. ყველა მოთამაშე ჩადგება რიგში, ფეხებს განზე გასწევენ და ”ვირიც” ფეხებშუა მიძვრება, მოთამაშეები ”შაპკებს” ურტყამენ. თან მისძახიან: ”აცე, ვირო!”

 
”გრძელი ვირი”

თამაშში მონაწილეობს 7 ბავშვი. ერთი მოთამაშე მეორეს მოხვევს კისერში ხელს და თავს გამოაყოფინებს იღლიაში. ამათ ზურგზე ხელებით დაეყრდნობა მოხრილ მდგომარეობაში ორი მოთამაშე სიგრძეზე. გაკეთდება ”გრძელი ვირი”. დანარჩენი სამი ამ ”ვირებს”უნდა შეახტნენ, რაც შეიძლება წინ უნდა დახტნენ. ”ვირი” ამოძრავდება ისე, რომ ჩამოყაროს ზურგზე მსხდარი მოთამაშეები. ერთიც რომ ჩამოვარდეს, თამაში მთავრდება და ჩამოვარდნილი, ანუ მისი გუნდი ხდება ”ვირი”. თამაში იწყება თავიდან.
 
”მრგვალი ვირი”

გუნდში მონაწილეობს წყვილი მოთამაშე (8-8, 10-10). მაისურებით გააკეთებენ წრეს ისე, რომ შიგ ჩაეტიონ. ერთი გუნდი შევა წრეში, შემჭიდროვდებიან ერთმანეთთან მრგვალ წრეზე, თავებს მიადებენ ერთმანეთს და ხელებს ჩასჭიდებენ. ამათ იცავს ”დედა”.
მეორე გუნდის მოთამაშეები ცდილობენ, შეახტნენ წრის ”ვირებს”. “დედა”  ცდილობს, მოწინააღმდეგეს შეეხოს ფეხით. თუ გარეთა გუნდის რომელიმე წევრი შეახტება რომელიმე “ვირს” და ჩამოვარდება, “დედა” ამ დროს ქვეშ წვება და ცდილობს, ჩამოვარდნილ მოთამაშეს შეეხოს. თუ ფეხით შეეხო, წრის გარეთ მყოფნი შემოდიან შიგნით და დგებიან “ვირებად”. ჩაჭრის შემთხვევაში ერთმანეთს ენაცვლებიან.
 

 

 
“ტუფლაობა”

ბავშვები გრძელ სკამზე მწკრივში სხდებიან. ირჩევენ დედას. იგი ასახელებს ადამიანის სხეულის პირველ ასო-ბგერას, მნაგალითად, “ე” (ენა). თუ ვერ უპასუხეს, დედა ბავშვებს მიმართავს: “მნებდებით?” ყველას ხდის ფეხსაცმელს ცალ ფეხზე. ამ ფეხსაცმელებს მოშორებით არეულად ალაგებს. პირველ ბავშვს ეკითხება, თუ რომელი ფეხსაცმელი უნდა. მან თუ უპასუხა, “მესამე რიგისა”, მისცემს. თუმცა, შეიძლება ის ფეხსაცმელი მისი არ აღმოჩნდეს. ასე გაგრძელდება ბოლომდე. ბავშვებს აცვიათ ერთმანეთის ფეხსაცმელი. ეს იწვევს სიცილსა და არეულობას.

   
“კრასკაობა”

დედა შემოიკრებს შვილებს. თითოეულს არქმევს სხვადასხვა ფერის საღებავების სახელებს (წითელი, ყვითელი, თეთრი, შავი, მწვანე...).
მოვა მამალი. გაფერადება უნდა. Dედას მიუკაკუნებს.
_ ტუკ ტუკ!
_ ვინ არის?
_ მამალი.
_ რა უნდა?
_ კრასკა. გაქვს?
_ მაქვს. შენ რა ფერის გინდა?
მამალი ასახელებს ნებისმიერ ფერს. დედას თუ დასახელებული ფერის შვილი ჰყავს, გაატანს. თუ არადა დედა უბრძანებს მამალს:
_ ფეხი მოიჭერი.
მამალი უკან კოჭლობით ბრუნდება. მეორედ ასკინკილით მოვა. თუ ამჯერადაც ვერ ამოიცნო საჭირო ფერი, დედა ეტყვის: მოიჭერი ყური, ან ხელი, ან თავი. როცა სხეულის ყველა ნაწილი “Dაიჭრება”, დედის ადგილას მამალი ჯდება და შვილებს სხვა ფერების სახელებს არქმევს. თამაში იწყება თავიდან.
 
 
”ბატებო, ბატებო, სახლში!”

დედა ბატი ერთ მხარეს დგას. შვილი ბატები _ მოშორებით, მოპირდაპირე მხარეს. შვილები ბევრნი არიან, მგელი კი ჩასაფრებულია _ დედას შვილები უნდა მოსტაცოს.
დედა ბატი თავის გაფანტულ შვილებს ეძახის:
_ ბატებო, ბატებო, სახლში!
_ რისთვის?
_ მანდ მგელია!
_ რას აკეთებს?
_ ბატებს სჭამს!
_ როგორებს?
_ წითლებს, ყვითლებს, პირისფერებს. ჩქარა, სახლში!

შვილები დედისკენ გარბიან. შუა გზაზე მგელი შეერევა გუნდში, ყველა ცდილობს არ დაეჭერინოს. რომელსაც დაიჭერს, თავის “ბინაში” მიჰყავს. დედას ერთით ნაკლები შვილი მიუვა. თამაში კვლავ თავიდან იწყება, სანამ ყველა შვილს არ მოიტაცებს მგელი.

“დროშის მოტაცაობა” (ორდროშაობა)

თამაში მიმდინარეობს გაშლილ მინდორზე. ბავშვები გაიყოფიან ორ გუნდად. თითოეულ გუნდში შეიძლება 5-5 ან უფრო მეტი ბავშვი.
მინდვრის თავსა და ბოლოში ჩაურჭვამენ ჯოხებზე წამოცმულ დროშებს, დაუქენებენ “ყარაულს”. მინდვრის შუაში საზღვარია. მოწინააღმდეგე გუნდს არ აქვს ამ საზღვრის დარღვევის უფლება. ცდილობენ დროშების მოტაცებას. რომელიმე მოთამაშე შეიჭრება მტრის ბანაკში, დროშისაკენ მიიწევს. თუ ხელით შეეხნენ, “დაჭრილია” და ადგილზე დარჩება მანამ, სანამ მისიანები არ გააცოცხლებენ. ერთმანეთში აირევიან _ ზოგიერთი ახერხებს დროშის მოტაცებას და თავის ტერიტორიაზე გადმოტანას. თუ დროშის მომტაცებელს მოწინააღმდეგე შეეხო, იგი “მკვდარია”, ადგილზე ელოდება “გაცოცხლებას” _ თავისივე გუნდის წევრს.
გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი გადაიტანს მოწინააღმდეგის დროშას თავის ტერიტორიაზე.
აფხაზური ხალხური თამაშობების ძირითადი დანიშნულებაა ბიჭების ფიზიკური გაწვრთნა. გოგონებსაც ასწავლიდნენ ცხენოსნობას, სხვადასხვა სახის იარაღიდან სროლას. მათ უნდა შეძლებოდათ მამაკაცის არყოფნის შემთხვევაში საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა.
ხშირად ეწყობოდა შეჯიბრებები მშვილდოსნობაში, ხტომაში, ფარიკაობაში. სათამაშო ხმლები და ფარები სხვადასხვა სახის მასალისაგან მზადდებოდა.
ზოგიერთი თამაშის შინაარსი ერთნაირია კახეთსა და აფხაზეთში, მხოლოდ სახელწოდებებით განსხვავდება. აფხაზი ბავშვები ხელის სიმარჯვისათვის თამაშობენ “აზანკას”, რასაც ჩვენში, კახეთში, ვეძახით “კენჭაობას”: მარცხენა ხელის საჩვენებელი და დიდი (ცერა) თითებით ეყრდნობოდნენ მიწას და ამგვარად ქმნიდნენ მიწასა და ხელს შორის სივრცეს. მარჯვენა ხელით ერთ კენჭს აისროდნენ ჰაერში. სანამ დაბლა ჩამოვარდებოდა, დანარცენ კენჭებს უნდა გაევლო ეს სივრცე.
ამზადებდნენ საბავშვო წისქვილებს, აკვნებს სხვადასხვა ხისაგან. გაზაფხულზე აკეთებდნენ სასტვენებს (იმის გამო, რომ ხეს მერქანი ადვილად სწორედ გაზაფხულობით სცილდება): იღებდნენ 100-120 მმ. ჯოხს. ერთ წვერს ცერად აჭრიდნენ, მეორეს _ სწორად. წინასწარ შემოუკაკუნებდნენ გარშემო. აძრობდნენ ქერქს სანახევროდ. მილაკში აკეთებდნენ მომცრო ხვრელს. მის გარშემო ცერად ამოჭრიდნენ და ზემოდან აცმევდნენ შემოცლილ ქერქს. ჩაბერვისას ხვრელში სტვენა წარმოიქმნებოდა. ასეთ სასტვენებს იყენებდნენ ბავშვები, მწყემსები, მეღორეები და მეთხენი.
აფხაზი ბავშვები იყენებდნენ ხმაურიან სათამაშოს “აკაკანი”. ორ კაკალს შორის გაყრილია ძაფი. ატრიალებენ ორივე ხელით, შემდეგ ძაფის პერიოდული შეკუმშვითა და გაჭიმვით კაკლები ერთმანეთს უახლოვდებიან და ეხლებიან, გამოსცემენ ხმაურს.
გოგონების საყვარელი სათამაშო თოჯინები იყო. ზოგჯერ ისინი თვითონ ამზადებდნენ სხვაასხვა მასალისგან: თიხისგან, ნაჭრისგან, ხისგან, ტყავისგან, მცენარეთა ფოთლებისგან, სიმინდის ფუჩეჩისგან და ა. შ. თმებს უკეთებდნენ სიმინდისაგან, სახეს უხატავდნენ ნახშირით და სხვადასხვა საღებავით.
თოჯინებზე ზრუნვა მათში ავიტარებდა დიასახლისობის, სახლისა და ბავშვის მოვლის ჩვევებს. ამზადებდნენ რა თოჯინებს, მოსავდნენ სხვადასხვა კაბით. ისინი ეუფლებოდნენ ჭრა-კერვის ხელოვნებას, სპეციალურ საბავშვო ქარგაზე ქსოვდნენ ხალიჩებსა და ხელსახოცებს.
ჭერემელმა ბროლა ბაბომ გაიხსენა “ბერიკოობა”. “ბერიკო” თურმე ძველი ნაბდისაგან შეკერილი ქუდია, რომელსაც გარშემო ზარები ეკიდა. ბერიკოების მოძრაობისას ხმას გამოსცემდნენ, კბილებზე გოგრის თესლებს მიიკრავდნენ, სახე ნახშირით ჰქონდათ დახატული, ტანზე ემოსათ გადაბრუნებული ცხვრის ტყავი, ფეხზე _ ქალამანი. ეცვათ გალიფე ან ბაწრისაგან მოქსოვილი შარვლები.
შუადღისას იკრიბებოდნენ სოფლის ცენტრში, სოფლის ქვემოუბნელები და ზემოუბნელები ორ გუნდად იყოფოდნენ, თითოეულ გუნდში ირჩევდნენ ე. წ. “ტახს” და აჯიბრებდნენ მეორე გუნდის “ტახს”. “ტახებს” სხვადასხვა ფერის ქალაღაიები ეკეთათ. ერთმანეთს ერკინებოდნენ როგორც “ტახები”, ისე მედოლეები.
“ბერიკოობა” ემთხვეოდა ყველიერს. სოფლის ცენტრში ჩამოაბამდნენ საქანელებს და “კაჩაიას”. პატარძალიც სოფელს “კაჩაიაზე” ეცნობოდა.
 
კახეთში ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და გავრცელებული თამაშია დამალ-დახუჭაობა, ან დაჭერაობა.
 
 
“დაჭერაობა”

ბავშვები შეიკრიბებიან, დადგებიან წრედ. გაითვლებიან და ვინც ბოლოში დარჩება, ის იქნება მჭრელი. ყველანი გაიქცევიან და ვისაც მჭრელი ხელით შეეხება, დაჭრილია.

დაჭერაობისა და დამალ-დახუჭაობის დროს სხვადასხვა გათვლებს იყენებენ. შევაგროვეთ ჩვენკენ გავრცელებული გათვლები. 


გათვლები
***
ესა-მესა, გადის ესა,
ავაშენებ სასახლესა.
შიგ შევა მელა,
აბა დელი _ დელა!

***
ბებია ჰყიდის კევებს,
წითელ ყვითელ ფერებს,
რომელი გინდა შენ _
ამო – ირ _ ჩიე!

***
ნაირ-ნაირები
ჭიქები, საინები,
ნემსები, მახათები,
პაპიროსის ქაღალდები,
ნარმა, მიტკალი,
რა გინდა _ მითხარი.

***
ერთი, ორი, სამი,
სამი კალმისტარი,
არჩევნების ქალი,
ნინო პატარძალი.

***
აკალი ბაკალი;
გატყდა კაკალი,
მოხვდა ბებიას,
დაიწყო კანკალი.


***
ენკი, ბენკი დიოსკეს,
დიოსკეს კალა _ მოსკეს,
ეი ტონეპა, ეი ტონება,
კარა, მელა, მელა, მელა,
თუშანგე კარანოე!


***
ბუქტარ-ბუქტარ ბუქტარბე,
აბელ ქამელ კუმანე,
ინკლი ბინკლი გლამა ცინკლი
ვი – შლა – ძე.
რომელი ხელი გინდა შენ _
ამო – ირ _ ჩიე!

***
ადამ დელუმ, დუპლუ პუტუმ,
ჩურუმ, ჩურუმ!
ტუპლუ პუტე. დამტარეზი.
ჭიანური ჯიტ!

***
გზაზე მიდის მიკია,
დაეჯახა პიპია.
ყვირის, ყვირის მიკია:
”მომაშორეთ პიპია!”
მოაშორეს პიპია,
მკვდარი დახვდათ
მ _ ი _ კ _ ი _ ა!

***
ესა – მესა, გადის ესა!


***
ღორო, ნუ ჭამ ყურძენსა,
აგატკიებს მუცელსა,
წაგიყვანენ ექიმთან,
მოგარჩენენ ნემსითა!

***
მათემატიკა, ბუნება!
თავში ჩაბრახუნება.
ვისა? ვისა?
შენისთანა ვირსა!

***
ათაქ თუთაქ თუთაქო,
ჩიკჩორიკის მუთაქო,
ჰქო ბა – ქო,
ვის გაიყვანს თქვასო!

***
გზაზე მიდის ურემი,
მას გაუტყდა უღელი,
რამდენი ლურსმანი დასჭირდება მას,
ჩქარა უნდა თქვა!
(ვიზეც მოვა უკანასკნელი სიტყვა, მან უნდა დაასახელოს ნებისმიერი რიცხვი. მთვლელი დაიწყვებს გათვლას, და რომელ მოთამაშეზეც მოვა ეს რიცხვი, გასულია).
 

***
შვინდი, შვინდი, შვინდის გული,
შეკრული და შებოჭილი.
ვერც შენ გახსნი, ვერც მე გავხსნი,
ვერც გიორგი, მეფის შვილი.
მეფის შვილი გიორგი,
შენი ცხენი ყვიროდა,
ლაგამსა და უნაგირსა
ოქრო-ვერცხლი სდიოდა.

***
იწი – ბიწი, მარილის კვნიწი.

***
ფურცელი ავაფრიალე, ზღვაში ჩავაფრიალე,
ზღვა ადიდებულა, ქალი ატირებულა.
იმას ჰყავდა ორი შვილი,
ერთი ბრმა და ერთი კოჭლი,
რომელი გინდა შენ, ამო _ ირ _ ჩიე!

***
დედაჩემი _ ბალერინა,
მამაჩემი _ დოქტორი.
ჩემი და კი ლამაზია,
მე კი _ ვირის ჩოჩორი.
რუსთაველის მოედანზე რა დავინახე:
სვეტი გოგო მოდიოდა, მას შევეჯახე.
_ უკაცრავად, ქალბატონო, ვერ დაგინახეთ,
თქვენ ხომ ჩემი დაიკო ხართ, თქვენ გენაც _ ვალეთ!

***
იწილო ბიწილო,
შროშანო გვრიტინო,
ალხო, მალხო,
ჩიტმა გნახოს!
წკიპ და რუკ და
გადა _ სკუპ _ და!


***
ამერიკული ქათამი ღობის ძირას დავკალი,
ამიგორდა, ჩამიგორდა, მეფის ცოლთან მიმიგორდა,
მეფის ცოლი შინ არ იყო, სახლის უკან პურს აცხობდა,

ერბო მერგო, სკლინტი გერგო!

სამზარეულო

აფხაზებიც და კახელებიც მიირთმევენ სახლში მოყვანილ და სახლში დამზადებულ საკვებს. მათ ყოველდღიურ მენიუში შედის მაწონი და ყველი, ახალი ხილი და ბოსტნეული, ხორცი და თევზი. აფზახებს პურის მაგივრად მჭადი აქვს, კახელებს კი _ “დედას პურები”, რომელსაც თონეზე აცხობენ.
აფხაზეთში საკვებს მწარე სანელებით ანელებენ. ბევრ საჭმელში ურევენ აჯიკას _ ეს არის წითელი წიწაკის, მარილისა და სხვადასხვა მცენარეული სანელების ნაზავი.
კახელების ყველაზე საყვარელი საჭმელი გახლავთ ხაშლამა. ამაზე ასეთი ანეგდოტიც არსებობს: მიხო ამბობს: ნეტა ალაზნის ველი ხაშლამით იყოს დაფარული და მაღლიდსან ვერტალიოტი მარილს აყრიდესო.
ხაშლამა მზადდება ძროხის ან ღორის ხორცისგან. მოზრდილ ნაჭრებს ხარშავენ მშრალად. ქელეხზე დაკლულ ძროხას ძირითადად ხაშლამად ხარშავენ.

 

ურთიერთობები

აფხაზეთში ყველა ურთიერთობას არეგულირებს უძველესი ღირსების კოდექსი, რომელსაც აფსუარას უწოდებენ. აფხაზური ეტიკეტი მოითხოვს სხვებისადმი პატივისცემის გამომჟღავნებას. ისევე როგორც კახეთში, აფხაზეთში ყველაზე ჩვეულებრივი მისალმების ფორმაა: ”გამარჯობა”, ან: “დილა მშვიდობისა”, “კეთილი იყოს შენი მობრძანება”. პირველად უფროსი ადამიანი უნდა მიესალმოს ახალგაზრდას.  შესაბამისად, ცხენოსანიც პირველი ესალმება ქვეითს.
ორი მამაკაცი ერთმანეთს მარჯვენა ხელის აწევით ხვდება. ხელის ჩამორთმევა დამახასიათებელია ახალგაზრდობისათვის. ასევე სავალდებულოა კითხვა ადამიანის ჯანმრთელობის, საქმიანობისა და ნათესავების შესახებ. ნათესავები ერთმანეთს თბილად გადაეხვევიან, და კოცნიან მარცხენა მხარზე, გულის ზემოთა მხარეს.
აფხაზები ერთმანეთთან დგომისა და საუბრისას გარკვეულ დისტანციას იცავენ. ერთმანეთის შეხება მიუღებელია.
 
 
სტუმარმასპინძლობა
 
კახეთსა და აფხაზეთში მიღებულია სტუმრის პატივისცემა, გამასპინძლება, უფროს-უმცროსობა.
აფხაზებს სჯერათ, რომ სტუმარს სიმდიდრე და კარგი იღბალი მოაქვს. არსებობს აფხაზური გამოთქმა: “სტუმარს იღბლის შვიდი ნატეხი მოაქვს”.
სტუმარი ღვთისაა. ოჯახი გულღიად, გულწრფელად, ღიმილით, პურ-მარილით ხვდება მას. სუფრის გაშლა და გამასპინძლება ქალს ევალება. იგი გულღიად, პირღიმილიანი უნდა დახვდეს სტუმარს _ ნაცნობსაც და უცნობსაც. სტუმრის უცნობობა მასპინძლობაზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა. აფხაზი სტუმარს შეიპატიჟებს ოჯახში და მაშინვე ღომს შემოდგამს.
ოჯახის მშვენებად აფხაზს სტუმართმოყვარე დიასახლისი მიაჩნია. უხეირო, შუბლშეკრული, ღრჯუ და უცხვირპირო დიასახლისი სახლ-კარს გარეგნულ ბრწყინვალებას უკარგავს. პირმცინარე, სტუმართმოყვარე, ენატკბილი ქალი კი _ ამშვენებს. ამაზეა აგებული აფხაზი მწერლის _ მიხეილ ლაკერბაის მოთხრობა _ “ორი კარი”.[13]
აფხაზეთში სტუმარი ხელშეუხებელია. რაწამს მასპინძლის ოჯახის ზღურბლს გადმააბიჯებს, მასზე ხელის აღმართვა უკვე აღარ შეიძლება, რაც უნდა მძიმე დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი. სტუმრისათვის რამის დაშავება _ მასპინძლის კერის სიწმინდის, მისი ოჯახის შეურაცხყოფაა. შეურაცხყოფას კი აფხაზი არავის აპატიებს. ეს ტრადიცია იმდენად ჰქონდა ძვალსა და რბილში გამჯდარი მოხუც ხანაშეს, რომ მისი ერთადერთი შვილის მკვლელი ჩერქეზი არა მხოლოდ შეიფარა და თანასოფლელთა რისხვას გადაარჩინა, არამედ გამოკვება და დაკრძალვის შემდეგ საგზალთან ერთად სამშვიდობოზე გასასვლელი გზაც ასწავლა.[14]
სტუმრის მიღება აფხაზისათვის მთელი რიტუალია. გარდა გარეგნულად გამოხატული სიხარულისა, მიღებისას რიგი ვალდებულებებია შესასრულებელი: წინ უნდა მიეგებოს, ყურადღება მიაქციოს. სახლში შესვლისას პირველი მასპინძელი შედის, შემდეგ _ სტუმარი. მამაკაცების შინ არყოფნისას სტუმარს ოჯახში უფროსი ქალი ეგებება და მასპინძლობს.
ქალის სანახავად წასულ მაქითათს ეზოში ქალიშვილი ჩამოეგება და სახლში შეიპატიჟა.
“ _ მობრძანდით, მობრძნდით! ჩვენი სახლის კარი ყოველთვის ღიაა სტუმრებისათვის. მობრძანდით, _ მიღიმოდა ერთი, რომელიც ყველაზე უფროსი ჩანდა.
მან მოინდომა, რომ აივანზე პირველს მე შემედგა ფეხი, მაგრამ არც ისე უვიცი ვიყავი, ეს გამეკეთებინა.
_ რას ბრძანებთ! ალაჰმა მასპინძლობა ნუ მოგიშალოთ. როგორც წესია, ჯერ მასპინძელი უნდა შევიდეს სახლში, მერე _ სტუმარი. მიბრძანდით, მივბრძანდით! _ მივუგე და წამსვე ადგილზე დავესვი.
_ თუ სტუმარი შევა სახლში პირველი, არც ამით დაირღვევა ჩვენი წესი. მასპინძელმა ყოველთვის პატივი უნდა სცეს სტუმარს. თქვენ მიბრძანდით პირველი.
ერთხანს ასე ვეპატიჟებოდით ერთიმეორეს კიბეზე, ბოლოს ჩემმა სიტყვამ გაჭრა, მასპინძლები წინ გავუშვი და მე უკან მივყევი.”[15]

მასპინძლის მოვალეობაა, გულღიად დახვდეს სტუმარს და საუბრით გაართოს იგი. ტკბილმოუბარობა და მჭევრმეტყველება სავალდებულო და დასაფასებელი ხელოვნებაა.

უფროს-უმცროსობა
 
უფროს-უმცროსობის ტრადიცია როგორც კახეთში, ისე აფხაზეთში ყველას ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი. ორივეგან ბავშვები რიდით ეპყრობოდნენ უფროსებს, განსაკუთრებით _ სტუმარს. ბავშვი არ მივიდოდა იმ მაგიდასთან, რომელიც სტუმრისათვის იყო განკუთვნილი. იმ ოთახის კარებშიც არ შეიხედავდა, სადაც სტუმარი იმყოფებოდა.
კახეთში უფროსისათვის სიტყვის შებრუნება და მისი შეწინააღმდეგება არ შეიძლებოდა, მისი ნათქვამი და დავალება უსიტყვოდ უნდა შესრულებულიყო.
ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა მამაკაცს ეკუთვნოდა. ქალს ქმრის მორიდება და ხათრი ჰქონდა, მის მშობლებთანაც  მოკრძალება ჰმართებდა. ზოგჯერ შეიძლება რძალს არ მოსწონებოდა დედამთილის სიტყვა, მაგრამ უფლება არ ჰქონდა, ხმამაღლა გამოეთქვა საყვედური.

 
სისხლის აღების ადათი
 
აფხაზეთში გავრცელებული იყო სისხლის აღების ადათი (ძველ დროში, რასაკვირველია). შეურაცხმყოფელი, სხვისი ღირსების შემლახავი, შვილის, ახლობლის მკვლელი სასიკვდილოდ იყო განწირული. მოკლულის ნათესაობა ცდილობდა, სიცოცხლის წილ მკვლელისათვისაც სიცოცხლე წაერთმიათ და სისხლის წილ სისხლი დაეღვარათ. თუ ოჯახი ვერ ახერხებდა შურისძიებას, გვარი იღებდა ამ ვალდებულებას და გვარები ემტერებოდნენ ერთმანეთს. საბედნიეროდ, თანამედროვე აფხაზეთში მსგავსი რამ აღარ ხდება.
კახეთში სისხლის აღების ადათი არ არსებობდა. პირიქით, აქ თავს აფარებდნენ საქართველოს სხვა კუთხეებიდან ბატონის რისხვას თუ მეტოქეს გამოქცეული ადამიანები, ოჯახდებოდნენ და იწყებდნენ მშვიდობიან ცხოვრებას.
ჭერემი უბატონო თემი ყოფილა.
“ერთხელ თურმე აბესაძე ცუდ ბატონს გამოექცა და ჭერემში დაფუძნდა. იმას გაეგო როგორღაც და გამოკიდებოდა. თურმე გამოიბა თან და უნდა წაიყვანოს. კისერზე ხელები გაეკრა და ცხენზე შეიბა და წაყვანას უპირებს.
გამოეკიდნენ სოფლის კაცები, დაეწივნენ და სთხოვეს აბესაძის გათავისუფლება. შეთანხმდნენ ერთ ნიტრა ფულზე, ის კაცი რომ დაეხსნათ (ნიტრა 5 კილოიანი იყო). ფული კი მისცეს, მაგრამ გაყვნენ შემდეგ და ჩვენი ტერიტორიის იქით რომ იყო, ის კაციც მოკლეს და ფულიც წაართვეს.”[16]
ბროლა ბაბომ (ნაზიბროლა ბარბაქაძე, 80 წლის) მოგვიყვა თავისი გვარის ისტორია.
“ჩვენი წინაპარი თეიმურაზ ბარბაქაძე გამოპარვია ბატონებს და წამოსულა ჭერემში. ბარბაქაძეები აზნაურები ყოფილან, ეს ერთი ბარბაქაძე ამაყი ყოფილა, გამოპარულა თავისი ცოლ-შვილით და მოსულა ჭერემში.
ამას ჰყოლია შვილები, შვილიშვილები და გამრავლებულა. მერე უთქვამს, წავიდე დასავლეთშია და ვნახო ჩემი ძმაო. წასულა დასავლეთში და უნახავს, რომ ძმა, რძალი, ძმისშვილები ჭირს დაუხოცია. მარტო დარჩენილი ყოფილა ერთი ბავშვი _ კიკოლა.
თეიმურაზი მისულა ბატონთან და უთხოვბია, მიეცა ბავშვი. ბატონი ჯერ დატანხმებულა, მერე კი უარი უთქვამს, მეხბორედ გამომადგებაო.
თეიმურაზ ბარბაქაძე ღამით მიპარულა და ბავშვისთვის დაუძახნია, ბიძაშენი ვარ და წამომყეო.
_ წამიყვანე, ძია, ბატონი მცემს ხოლმეო, _ უთქვამს ბავშვს.
კალჩაღში (თხის ტყავის გუდა) ჩაუსვამს და შაქრები მიუცია. ოღონდ წამიყვანე და არ ამოვიხედავ მაღლაო, - უთქვამს ბავშვს.
ამოუყვანია ჭერემში.
ამ კაცს შეყრია ჭირი და მომკვდარა. ცოლისთვის უთქვამს, ხალხი ახლოს არ მოუშვა, ჭირი არ გადაედოსო; კიკოლა შვილივით გაზარდეო.
ცოლს გაუზრდია. კარგი ბიჭი დამდგარა. სოფლის თავკაცი ყოფილა გრიგოლაშვილი. ამ თავკაცმა რომ უყურა, ეს ბავშვი როგორი კარგი გამგონე და კეთილი არის, უთქვია, მოდი დაინიშნეო.
_ არაო, _ უთქვამს კიკოლას, _ შეხიზნული ვარ ბიძის ცოლთა და სანამ საკუთარი სახლი არ მექნება, ვერ დავინიშნებიო.
_ სახლსა და ნაკვეთს მე მოგცემ და ჩემი და შეირთეო, _ უთქვამს გრიგოლაშვილს. კარგი, ლამაზი და ჰყოლია.
_ თუ მაგ სიკეთეს მიზამ, თვალი მიჭირავს შენს დაზეო.
თურმე მისცა ნაკვეთი და შეირთო იმისი და. მერე ეყოლათ შვილები და შვილიშვილები. შვილიშვილი თუ შვილთაშვილი ყოფილა ჩემი პაპა, ბარბაქაძე. ეს ჩემი პაპა კარგი ყოფილა, ლამაზი და მოქეიფე. კიკოლა პაპას ცალკე გაუგდია, ასეთი უგვარო შვილიშვილი არ მინდაო.
ჩემი პაპა ქეიფობის დროს გარეთ დარჩენილა და გაცივებულა და მომკვდარა. ამ ჩემს ბებოს უქმროდ დაუზრდია შვილები.
ერთხელ ბებო რთველში წასულა. ისეა შეფუთული, რომ ვერავინ ნახა, ლამაზი იყო თუ მახინჯი. უდელში (კანტორა, ფულები რომ რიგდება) რომ წასულა ფულის ასაღებად, გაუშვია ნაწნავები და მოსახვევი ნიკაპთან შეუკრავს. ხალხს უთქვია, ეს რა ლამაზი ქალი მუშაობდა ჩვენთან და არ ვიცოდითო. იმსიგრძე ნაწნავები ჰქონია, რომ ოთხჯერ შემოუხვევიათ უდელის ბოძზე.”[17]

 
 
შრომა და გართობა
 
80 წლის ჭერემელ ბროლა ბაბოს (ნაზიბროლა ბარბაქაძე) თონეზე მივადექით. პურს აცხობდა. ყველამ თონეზე მოვიყარეთ თავი. ცხელმა პურმა, ყველმა და ღვინომ ლაპარაკის საღეღელი აგვიშალა.
კახეთში თითქმის ყველა ოჯახშია ჩადგმული თონე, სადაც ნამდვილ ქართულ პურს აცხობენ. თბილი პურის მიწოდება მეზობელზე, დავრდომილზე ჩვეულებადაა გადაქცეული _ უძველესი ტრადიციაა. ამვლელ-ჩამვლელს აუცილებლად დაუძახებენ, მოიყვანენ თონეზე, დაალევინებენ მიცვალებულის შესანდობარს, ოჯახსაც დაალოცვინებენ. ამით ორივე მხარე ერთმანეთის მიმართ მადლიერებას გამოხატავს. ოჯახიდან ბარაქა გარეთ რომ არ გავიდეს, ახალგამომცხვარ ორ პურს ჯერ შეიტანენ მარანში, ლასტზე დადებენ.
პურის მიწოდება-გაცემა ითვლებოდა მიცვალებულთა სულების მოსახსნებელ ერთ-ერთ წმინდა რიტუალად.
ბროლა ბაბო სევდიანად იგონებდა წარსულს: სოფელ გამარჯვებაში გადასახლებას, იქიდან მშობლიური მიწის მონატრებას, იმ მიწისა, რომელსაც მისი ნაფეხურები კიდევ შერჩენოდა. დარბეული, დანაფოტებული სოფელი, ზარჩამოგდებული ეკლესია და გავერანებული წისქვილები... მაინც დაბრუნდა. კვლავ დადგა ფეხი ჭერმის მიწაზე. მონატრების სიმძაფრე ლექსით გამოხატა:

შემოვდგი ფეხი შენს მიწაზე, ჩემო ჭერემო,
ჩემს აღტაცებას, ჩემს სიხარულს ვერ იტევს გული.
ოცდახუთი წლის უნახავო სამშობლოვ ჩემო,
აი, მოვედი რომ ვიხილო მშვენება შენი.
აი, მოვედი ჩემო კოზმანო, შენი ხატის წინ,
სალოცავადა, შენს სიყვარულს რომ ვეზიარო,
რომ ვეზიარო ჩემი ბავშვობის ნაფეხურ ბილიკს,
რომ გეზიარო, რომ დაგკოცნო, ჩემო ჭერემო!
ჩემო სოფელო, ვიღაც თავხედმა აგანაოხრა,
ფუძეს მოგვწყვიტა, სხვისა კალთას ამოგვაფარა,
შენს მიწა-წყლიდან გაძევებულს ნატვრად ეგ მქონდა:
რომ შენი მიწა სიკვდილის წინ გულს გადამყროდა.
მეც მათგანი ვარ, ერთადერთი, თემს მოწყვეტილი,
ნანგრევებს შორის ვდგევარ მარტოდ გულდაწყვეტილი.
მეც მათგანი ვარ, სამშობლოვ ჩემო, გადაკარგული,
მეც მათგანი ვარ, შენს სიყვარულს მონატრებული.
გადმოვდექ ისევ ჩემი ბავშვობის აგდასახედზე,
მე მგონია, ისევ შვიდი წლის ვარ, მოვედი ვინმე,
ვინმე კი არა, მუშებს, რომელიც შრომაში იშვებს,
მათ სიხარულსა და მათ სიმღეას გული ვერ იტევს.
მე ვენაცვალე შენს მიდამოს, შენს მთას და მდელოს,
აქოჩრილ ხეებს, დამრეც ბილიკს, ჭიუხს და ეხოს,
მე ვენაცვალე შენს ლამაზ მთებს, შენს ლამაზ ხევებს,
ვნატრობ გრძელ ხელებს _ შემოგხვიო, გულს ჩაგეხვიო.
აღელვებისგან ვერ ვპოულობ სიტყვებსა, ჩემო,
გული ღელავს და შენს სიყვარულს ლამის ვემსხვერპლო.
ჩემი ბავშვობის მიწავ და დედავ, ჩემი ჭერემო,
შენს სიყვარულში დავიფერფლები, სამშობლოვ ჩემო!...

კახეთში ყველაზე ძალიან დაფასებული იყო ის კაცი, რომელმაც იცოდა ურმის უბეების გათლა, ბორბლების გაკეთება. მეტად საპატივცემულო ადამიანად ითვლებოდა სოფლის მჭედელი. მას უნდა ჰქონოდა ძლიერი მარჯვენა, სუფთა გული და ხელი.
მდიდარ კაცად ითვლებოდა ის, ვისაც ჰყავდა საკუთარი ხარ-გუთანი, ცხვარი, ძროხამ ღორი, თხა, მოჰყავდა “ფეხის მოსავალი” (ლობიო, სიმინდი, კარტოფილი).
საღამოობით ქალები ლოტოს თამაშით ერთობოდნენ, ბავშვები ბურთაობდნენ ეზოებში. ნახერხს ჩაყრიდნენ პარკში, თავს მოუკრავდნენ და ამგვარად გაკეთებულ ბირთს აგორავებდნენ მინდორზე.
დაბადების დღეებს არ იხდიდნენ, ნამცხვრებს არ აცხობდნენ. დღეს თუ სტუმარს ყავასა და ტკბილეულს სთავაზობდნენ, ადრე უმასპინძლდებოდნენ ნაზუქითა და ქიშმიშით შეკაზმული ფანტია ფლავით.
სკოლაში მოსწავლეები სპეციალური ფორმით დადიოდნენ. ფორმას სახლში უკერავდნენ მშობლები, გოგონები გრძელ თმას ბანტებით იკტავდნენ. მათი ექსკურსია ალაზანზე წასვლა იყო, იქ ჭყუმპალაობდნენ. მოხუცების აზრით, მათი დროის ბავშვები უფრო დამჯერები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი.

“ _ ათი რო უთხრა, ერთი არ ესმით, ქა!” _ ამბობენ ისინი.

 

1 2 3



megobari saitebi

   

01.10.2014