ოჯახური ტრადიციები კახეთსა და აფხაზეთში

1 2 3

შესავალი 
აფხაზები
ქორწინება
საქორწინო სადღეგრძელოები
ჯამბაზას “ჯამბაზობები”
ვაზის სადიდებელი
ქორწილში პირველი სადღეგრძელო
ოჯახის დალოცვა
ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო
ნეფე-პატარძლის ნათლიების სადღეგრძელო
"სტილნი გოგიას” სადღეგრძელოები 
საქართველოს სადღეგრძელო (დუდუკებზე)
მომავლების სადღეგრძელო
ქართველი დედის სადღეგრძელო (დუდუკებზე)
წინაპრების სადღეგრძელო


შესავალი
 
ო, აფხაზეთო, ბევრი კარგი მოყმის გამდელო,
ამორძალი ხარ, მკერდმოჭრილი უსაქართველოდ.
მაგ ტკბილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები,
ლოცვით, მადლობით, აღსარებით მითრთის ტუჩები.
შენს კალთას ასდის თაფლის სუნი, ირმის რძის სუნი.
ყრმობის ზღაპარო, მართლა ზღაპრულ სვე-ბედს გისურვებ.
შოთა ნიშნიანიძე 
 
შორს აღარაა ის დრო, როდესაც აფზახეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება. აფხაზებთან ერთად მოგვიწევს საერთო სუფრისა თუ ცხოვრების წესის გაზიარება. ერთობლივი ცხოვრება კი საერთო ინტერესების, საერთო ენის გამონახვას გულისხმობს.
წინამდებარე თემაში შევეცდებით შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინოთ კახელებისა და აფხაზების ოჯახური ყოფა, ტრადიციები; გავავლოთ პარალელები მათ შორის.
ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ინტერესი თანატოლებსა და უფროსებში, მივაწოდოთ მეტი ინფრომაცია, გავზარდოთ ნდობა და ურთიერთგაგება ქართველებსა და აფხაზებს შორის; წარმოვაჩინოთ კახელებისა და აფხაზების ყოველდღიურიცხოვრებოის საერთო შტრიხები, განვავითაროთ კახელებსა და აფხაზებს შორის ერთიანობის ძლიერი გრძნობა. აღმოიფხვრას ქართულ (ამ შემთხვევაში _ კახეთის) და აფხაზეთის, მოსახლეობას შორის გაუცხოების გრძნობა, რომელიც ომის შედეგად გაჩნდა, უკეთ გავიცნოთ აფხაზური კულტურა, მათი ყოველდღიური ცხოვრება ქართველებს და _ პირიქით.
კახელები ძირითადად ქრისტიანები არიან (თუმცა, აქ ცხოვრობენ სხვა ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მქონე პირები _ ებრაელები, გერმანელები, ქურთები, სომხები... მაგრამ ისინი ბევრნი არ არიან, და ეს განსხვავება ხელს არ უშლით მშვიდობიან თანაცხოვრებაში).

აფხაზები

“ხოლო ესე აფხაზეთუ შემკულ არს ყოვლითა ნაყოფიერებითა და ჰავითა, რამეთუნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, ხილნი, ვენახნი, პირუტყვნი და ნადირნი, ფრინველნი და თევნი მრავალნი. არამედ თხა აქაური ფრიად შვენიერნი, ბალნითა წმინდა და ჭრელ, კანჭ-მაღალი, ტანად დიდი. რქანი მაღალნი... ხოლო კაცნი მგვანენი მეგრელთა და უმეტეს ცქვიტნი და ტანოვანნი, წერწეტნი, მპარავნი, ავაზაკნი...
სარწმუნოებით ქრისტეანენი, არა დაჰფლავენ მკვდართა თვისთა არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსლითა შთასდებენ კუბოსა შინდა და შესდგამენ ხეთა ზედა,და უკუეთუ შტვენს მკუდარი იგი ეშმაკისა მიერ, სწამთ განსვენებულად მერმესა მას გარნა უწყიან ნათესაობა, ცოლი ერთი, მარხვა, აუქთ სასოება მღვდელთა ფრიად.
არა იქმნებიან მათ შორის სიძვა, მრუშება, რამეთუ დასწვენ შემცოდეთა, უყვართ სტუმარი და პატივსა უყოფენ, და შეიწყნარებენ ფრიად.
ენა საკუთარი თავისი აქუსთ, არამედ იციან წარჩინებულთა ქართული. სხდენიან სკამთა ზედა და სჭამენ ტაბლასა ზედა. და არიან ერდგულნი ფრიად თვისთა მეპატრონეთა და მორჩილნი მისნი.”[1]
“ხოლო კაცნი და ქალნი, ვითარცა ვსთქუთ, ეგრეცა იუწყე, გარნა უმშვენიერესადცა და უუჰაეროვნესადცა, ვინაიდგან გლეხთაცა შვილნი მიგვანან წარჩინებულთა შვილთა, სუფთანი, სამოსელთ გამწყოსნი, ეგრეთვე ცხენთა, და იარაღთა, და საჭურველთა: ცქვიტნი, კისკასნი, ენატკბილნი, მსუბუქნი, ფიცხნი, ბრძოლასა შემმართებელნი და ძლიერნი, მომღერალ-მგალობელნი და მწიგნობარნი წარჩინებულნი, და უმეტეს კეთილხმოვანნი და სხვათა და სხვათა შემძინებელნი. საწმუნოებითა და ენით არიან ქართველთა თანა აღმსარებელნი, არამედ უცქვიტესად მოუბარნი, გარნა უზისთ კათოლიკოსი თვისი.”[2]
ვახუშტის მიერ აფხაზების შესახებ ამ ცნობების დაწერის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. რიგი ჩვეულებებისა დავიწყებას მიეცა, მათ მაგივრად კი დამკვიდრდა სხვები...
თანამედროვე აფხაზები არიან როგორც ქრისტიანები, ასევე სუნიტი მუსლიმანები. მაგრამ ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები მათში მაინც ძლიერია. ოჯახები აღნიშნავენ როგორც ქრისტიანულ, ასევე მუსლიმანურ დღესასწაულებს და ასევე ასრულებენ ტრადიციულ რელიგიურ რიტუალებს.

ძველი აფხაზური რელიგიის მიხედვით, უზენაესი ღმერთი არის ანწვა (მრავლობითი რიცხვის ფორმა სახელისა “დედა”). აფი მართავს ელჭექსა და ამინდს, აჟვეფშაა არის ტყის, ველური ნადირებისა და ნადირობის სული.

ქორწინება

ქორწინება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ოჯახურ ყოფაში. ოჯახს ემატება ახალი წევრი. ამიტომ ქორწინების რიტუალი, მასთან დაკავშირებულ ყველა ადათ-წესსა და ჩვეულებას საზეიმო ბეჭედი აზის.
მასალების შეგროვების პროცესში წარმოჩინდა, რომ კახეთსა და აფხაზეთს ქორწინების ტრადიციებში ბევრი საერთო ჰქონიათ. ნეფე-პატარძლის მიერ თეფშის გატეხვა, საქორწინო სუფრის გაძღოლა (თამადობა), სადღეგრძელოები _ ერთნაირად მიმდინარეობს ორივე კუთხეში.

ქორწინება ორივე კუთხეში რამდენიმე გზით ხდებოდა:

1.  როდესაც ქალ-ვაჟი უკვე იცნობდა ერთმანეთს, უყვარდათ ერთმანეთი და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას თავად იღებდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც საჭირო იყო ოჯახის თანხმობისა და დალოცვის მიღება. შეიძლებოდა მშობელი, გვარი თუ სოფელი შეწინააღმდეგებოდა ახალგაზრდების არჩევანს და დაეშორებინათ ერთმანეთისათვის; ქალი ძალით ან მოტყუებით სხვაზე გაეთხოვებინათ.

2. მაჭანკლობით. მაჭანკალი უნდა ყოფილიყო მჭევრმეტყველი, ტკბილოუბარი, სიტყვას არ დაიშურებდა მომავალი მეუღლის კარგი თვისებების აღსაწერად, ბოლოს მოუღებდა ერთ-ერთი მხარის ყოყმანს, გადალახავდა ყველა წინააღმდეგობას და ქორწინებას რეალურს გახდიდა. ეს იყო ყველაზე გავრცელებული და წარმატებული ქორწინების წესი. მეუღლეებად არჩევდნენ თანაწორი სოციალური და ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებს. აფხაზებისათვის მიუღებელი იყო უთანასწორო ქორწინება. არ შეიძლებოდა ღარიბი, უგვარო, შედარებით დაბალი სოციალური ფენიდან ქალის სახლში შემოყვანა _ მაქითათს ღარიბი ქალიშვილის სიყვარული გვარის შერცხვენად ჩაუთვალეს. ნათესაობა მის ეზოში შეიკრიბა და მისი ქორწინების საკითხზე იმსჯელა ისე, რომ არც იგი და არც მამამისი ახლოს არ გაიკარეს. საღამოს კი თავიანთი გადაწყვეტილება ასე მოახსენეს:

“ჩვენ, ჩემო ძმაო, უბატონო გლეხები ვართ, თავისუფალნი. აქამდე ჩვენი სისხლი არავის აღრევია და, თუ ვინმე მოისურვებს ამას, ჩვენ ნებას არ მივცემთ, არ ავამღვრევინებთ ჩვენს წმინდა სისხლს. თუ შენს ვაჟიშვილს ცოლის თხოვნა მოუნდა, ქვეყანაზე განა ცოტაა შესაფერი ქალიშვილი? მოიყვანოს და ჩვენც დავლოცავთ. რა გაუჭირდა ისეთი, რომ მაინცდამაინც ყმა-გლეხისა და მეკურტნის ოჯახიდან გამოსულ ქალიშვილს გადაეკიდა. ვერა, ამის ნებას ვერ მივცემთ, ვერა!”[3] 
3. მიღებული იყო ასევე სასიძოს მიერ საკუთარი ფეხით მისვლა ქალის ოჯახში სხვისგან ნაქები, ჯერ არნახული საპატარძლოს სანახავად და სათხოვნელად _ სწორედ ასე მოიქცა მაქითათი, როდესაც აიბა რაშიდის ქალის ქება მოასმენინეს.[4]

გარეგნულ სილამაზესთან ერთად ქალს მოეთხოვებოდა კდემამოსილება, ზრდილობა, კარგი სიტყვა-პასუხი, სტუმართმოყვარეობა, ოჯახის წევრებისადმი პატივისცემის გამომჟღავნება...
ჭერემში ჩაწერილ ლექსში კარგად ჩანს ცოლის იდეალი:
კაცს ვერ მოხრის სიღარიბე,
თუ შახვდა კარგი ცოლია,
მისი ტკბილ-ქართულს გაიგებს,
თავი მდიდარი ჰგონია.
კარგი ცოლი და სიმდიდრე
ორივე თანასწორია,
ქრთამს ნუ ეძებ, ქალი ნახე _
ჭკვით თამარისა ტოლია.[5]
ჭერემში ”ჩაკრასკულ” ქალებს რომ არ სწყალობდნენ, კარგად ჩანს კირილე არევაძისეული შაირიდან. კირილე ენამოსწრებული კაცი ყოფილა და ეს ყველამ იცოდა. ხშირად სთხოვდნენ ხოლმე ლექსების თქმას. ერთხელ ჩააცივდნენ თურმე, ქალებზე თქვიო. რომ აღარ მოეშვნენ, ეს ექსპრომტი უთქვამს:
”ზოგიერთ ქალებ რო ვხედავ,
მე იმათ ვენაცვალები,
რო რამე გაუჭირდებათ,
მივალ და მივეხმარები.
მაგრამ ზოგიერთ ქალებსა
ჩაკრასკული აქვთ თვალები,
მე იმათ გაშლილ სუფრასაც
ახლოს არ გავეკარები.
გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევდა აფხაზი ვაჟკაცი. ლამაზად ჩაცმა-დახურვა, კარგი ცხენ-იარაღი ვაჟკაცის ყოველდღიური ატრიბურტი იყო. იგი უნდა ყოფილიყო მჭევრმეტყველი, ტკბილმოუბარი, უფროსების პატივისმცემელი, ღირსეული ადამიანი. ეს იყო სავალდებულო მოთხოვნა უხუცესებისათვის და ტომის ბელადებისათვის. თუმცა, ჩვეულებრივ ხალხსაც მოეთხოვებოდა გრძელი და ლამაზი სადღეგრძელოების ცოდნა საოჯახო და სხვა საზოგადო შეკრებებზე.

ახაშენში მცხოვრებმა 90 წლის ნანა კობიაშვილმა გაიხსენა, როგორ იქმნებოდა კახეთში ახალი ოჯახები. თხოვდებოდნენ მაჭანკლობით 13 წლიდან. პატარძლები გულუბრყვილოები და ბავშვურები იყვნენ. ხშირად გაპარულან უბნის ბავშვებთან და მათთან “კუკლაობას” თამაშობდნენ. თუ ძალზე პატარა,მოუმწიფარი იყო პატარძალი, ქმრის ოჯახში 2-3 წელი იზრდებოდა ისე, რომ ქმარი ხელს არ შეახებდა.

მრავალრიცხოვანი ქორწილი დამახასიათებელია კახეთისთვისაც, მაგრამ აქ ნეფე-დედოფალი სუფრაზე ერთად ზის.
სიძე-პატარძალს ოჯახში შესვლამდე წინ დაუდებდნენ თეფშს და პირველს უნდა გაეტეხა იმას, ვინც ოჯახის უფროსობას აპირებდა. თუ ქალი დაასწრებდა, პირველი გატეხდა თეფშს, ეს იმას ნიშნავდა, თითქოს მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებოდა.
კახეთში პატარძალი ვალდებული იყო ქმრის მშობლებისათვის მიემართა: “დედამთილო”, “მამამთილი”; პატივი ეცა ოჯახის ყველა წევრისათვის. აფხაზეთში კი ოჯახში შემოსვლიდან გარკვეული ხნის განმავლობაში პატარძალს უფლება არ ჰქონდა დალაპარაკებოდა მამთილს, მაზლებს.
კახეთში ქალის უპირველეს მოვალეობას საოჯახო საქმეებისა და ბავშვების მოვლა-პატრონობა შეადგენდა. ეზოს გარეთ გასვლის უფლება ხშირად არ ჰქონდა. მამაკაცები წასულები იყვნენ საქონლის სამწყემსავად ან მამულის მოსავლელად. ქალი ოჯახის ბურჯი იყო, კერიის დაცვა და მოვლა მასზე იყო მინდობილი. მეზობლებთან გასვლა, ძირითადად, ზამთრის პერიოდში ხდებოდა. ქუჩაში არ სხდებოდნენ. შედიოდნენ ოჯახებში, იატაკზე ხალიჩას გააფენდნენ, ზედ მოკალათდებოდნენ და ხელსაქმეს იქ განაგრძობდნენ: ჩეჩავდნენ მატყლს, ართავდნენ, ქსოვდნენ, ერთმანეთს საინტერესო ამბებსაც უყვებოდნენ.
სანამ პატარძალს წამოიყვანდნენ საკუთარი სახლიდან, სიძის სახლში იკვლებოდა ღორი, რომლის ნახევარიც იგზავნებოდა პატარძლის ოჯახში. თმის მოჭრა არ შეიძლებოდა, ნაწნავები კოჭებამდე დასთრევდათ ქალებს. ეს მათი ღირსებისა და მშვენიერების ნიშანი იყო. გამოთქმაც კი არსებობდა: “მარტო მისი ნაწნავები ღირს ერთ ქალადო”.
პატარძალს არ ეკითხებოდნენ ვის მიათხოვებდნენ. მისი ბედი უნდა გადაეწყვიტათ ბიძა-მამიდა-დეიდებს.
ქალის მშობლები სასიძოს ოჯახის სანახავად მიდიოდნენ. თუ ვაჟის ოჯახი გაჭირვებული იყო, მეზობლებისაგან თხოულობდნენ ავეჯს, ფარდაგებს. რათა “მოპეპლილი” დაეხვედრებინათ იქაურობა.
სოფელ ჭერემში “ადრე რამდენიმე კომლი ცხოვრობდა. დაუნიშნავთ ბიჭი. ჩაილურიდან მოუყვანიათ პატარძალი. საღამოს ხალხი აღელვებულა, ჩქარა, აქედან გავიკრიფნეთო! პატარაძალმა იკითხა: რატომო?
_ ლეკები მოვლენ და დაგვხოცავენო.
პატარძალმა თქვა, ამ სახლიდან არ გამოვალო. ქმარს უთქვამს, მე მივდივარ დარადგან ასეთი ჯიბრიანი ყოფილხარ, დარჩიო.
წასულან.
საღამოს პატარძალს შეშინებია და სხვენში ასულა. უპოვია სოლები. მალე ლეკებიც გამოჩენილან. სხვა ენაზე დაუწყიათ ჯაყჯაყი. პატარძალს უფიქრია, ხალხი მართალი ყოფილა ლეკებზე რომ მეუბნებოდა და ახლა დედას ვუტირებ ამათო.
ერთ ლეკს უთქვამს, იქნებ სხვენშია ვინმეო. კიბეზე ასულა. მეორე ლეკიც მიჰყოლია. პატარძალს სოლი ჩაუცია და ორივე ლეკი კიბიდან ჩამოუყრია. რომელსაც კიბის თავამდე მიუღწევია, ყველა დაუხოცავს. ლეკები გაქცეულან.
დილას სოფლელები მოსულან და დაუნახავთ დახოცილი ლეკები.
_ შენ დახოცეო? _ შეეკითხნენ პატარძალს.
_ მე დავხოცეო, _ უპასუხა მან, - რომ გაიქეცით, სად მიდიოდითო.
ქმარს გაუკვირდა, ეს ჩემი ცოლია თუ არაო.
სასაფლაოსკენ ერთი გზა მიდიოდა სოფლიდან. იმ მხრიდან შემოდიოდნენ ლეკები. კაცები იქ უსაფრდებოდნენ მოძალადეებს. ამის შემდეგ ჭერემში ლეკები აღარ გამოჩენილან.”[6]

მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, ქორწინების აფხაზურ ტრადიციებში არის ბევრი მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, კახელებისაგან განსხვავებული წესი.

აქ ქორწილი მთელი გვარის ზეიმი იყო. ქორწილზე ჩამოდიოდა ასობით სტუმარი, რომელთაც სახლთან ახლოს გაშლილ გრძელ სუფრაზე ეპატიჟებოდნენ. სიძე და მისი ახლო ნათესავები და მეგობები მიდიან პატარძლის მამასთან, რათა საქორწინოდ წამოიყვანონ ქალი. იქ ისინი ქეიფობენ, სვამენ და ამბობენ სადღეგრძელოებს. სუფრაზე არ აქვთ გოჭის ხორცი.
შემდეგ პატარძალი სიძის სახლში მოჰყავთ ცხენით ან მანქანით და მას ახლავან მხოლოდ მისი ნათლიები და თვისივე ასაკის ნათესავი მამაკაცი იმის თვალყურის სადევნებლად, რომ მისი უფლებები დაცული იქნება. ქალის ოჯახიდან ქორწილს არავინ ესწრება სასიძოს სახლში, სადაც მას და სიძეს საქორწინო ნადიმის განმავლობაში სხვადასხვა ოთახში ათავსებენ. როდესაც სტუმრები პატარძლის სანახავად შევლენ, მან არ უნდა გაიღიმოს და არ უნდა გამოავლინოს სიხარული თავისი ქორწილის გამო. სიძე შეიძლება ძალიან ცოტა ხნით გამოჩნდეს, მაგრამ არც მან უნდა გამომჟღავნოს სიხარული. ტრადიციებისადმი პატივისცემის ნიშნად, ქალ-ვაჟმა შეიძლება ერთი დღე, ან უფრო მეტი იცადოს მანამ, სანამ პირველ ღამეს გაატარებენ ერთად.
ქორწინების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში წყვილი ყველაზე გვიან უნდა დაწვეს და ყველაზე ადრე ადგეს ისე, რომ ვერავინ დაინახოს როდის შედიან ან გამოდიან საწოლი ოთახიდან. სიყვარულის ნებისმიერი გამოხატულება სხვისი თანდასწრებით სირცხვილად ითვლება.
აფხაზი თავს ოჯახთან, გვართან, საზოგადოებასთან ერთიანობაში აღიქვამს, მასში ძალიან ძლიერია ნათესაული გრძნობა. სწორედ ეს მიჯაჭვულობა უშლის ხელს მაქითათს, გვარის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, საყვარელ ქალზე დაქორწინდეს. იგივე გრძნობა ნაადრევად კლავს ციმბირში გადასახლებულ ელკანს, რომელმაც ოჯახსა და მშობლიურ სოფელთან დიდი ხნით განშორება ვერ გადაიტანა და მათი ნახვის ნატვრაში დალია სული.[7]
აფხაზურ საზოგადოებაში ქალს მამაკაცის თანაბარი შესაძლებლობები აქვს. თუმცა, ოჯახში როლები მკაცრადაა განაწილებული. ქმარი ოჯახის თავის და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს, ქალები კი ვალდებულები არიან მას დაემორჩილონ. ქალი სტუმარს ღირსეულად უნდა დახვდეს, ბავშვები აღზარდოს, მამაკაცი კი მუშაობს მინდორში და ოჯახში სარჩო შემოაქვს (ისევე როგორც კახეთის ტრადიციულ ოჯახში).
ყოველ ოჯახს 2-3 ბავშვი ჰყავს, იშვიათია ხუთზე მეტშვილიანი ოჯახი. აფხაზეთში ბავშვი ეკუთვნის არა მშობლებს, არამედ მთელ ოჯახს _ დეიდებს, ბებიებს, პაპებს, ძმებს, დებს...
ოჯახურ ცხოვრებას, განსაკუთრებით სოფელში, მართავს ტაბუები, რომლებიც განსაზღვრავს ყოველდღიურ ქცევებს. მაგალითად, წყვილს არ შეუძლია სიყვარულის დემოსტრირება საჯაროდ, ან თუნდაც საკუთარი შვილების თვალწინ. მამაკაცმა არ უნდა მოწიოს ან გაიპარსოს წვერი მამის თანდასწრებით. რძალს არ აქვს მამამთილის თანდასწრებით ლაპარაკის უფლება მანამ, სანამ მისგან ნებართვას არ მიიღებს.
მამაკაცი და ბიჭები საჭმელს არ ამზადებენ, არ ასუფთავებენ სახლს. ქალები და ბავშვები კი სტუმართან სუფრაზე არ სხდებიან. ისინი ფეხზე დგანან და სტუმარს არ ესაუბრებიან.
აფხაზს, ისევე როგორც კახელს, მშვიდობა უყვარს. სუფრაზე პირველი მშვიდობის სადღეგრძელო ისმება.
აფხაზ ქალს მშვიდობისმყოფელის, მოჩხუბრების გამშველებლის როლი აკისრია.
“როცა ჩხუბი გაჩაღდა, კაჩბეიმ უთხრა ცოლს:
_ ქალო, გადი შენ, თორემ იტყვიან, კარის მეზობელია და გასაზავებლად არ მოვიდაო. თავი მოგვეჭრება.”[8]
აქედან ჩანს არა მხოლოდ ქალის მშვიდობისმყოფელი როლი, არამედ ის ფაქტიც, რომ მეზობლებს აკისრიათ ჭირშიცა და ლხინშიაც ერთად ყოფნის, მოჩხუბართა გაზავებისა და შერიგების ვალდებულება; ის, რომ მეზობელმა მეზობლებს შორის შუღლი არ უნდა დაუშვას.
აფხაზურ ოჯახში ქალს არ ჰქონდა თავისი ქმრის გვარის მამაკაცის სახელის ხსენების უფლება. სოფელ ჟაბნაში აიბა რაშიდის ქალის სათხოვნელად მისულმა მაქითათმა შემხვედრ ქალს ჰკითხა რაშიდის სახელი. ”ქალი მოერიდა აიბას სახელის ხსენებას. ალბათ რაშიდის გვარის რძალი იყო.”[9]

საქორწინო სადღეგრძელოები

კახეთი ღვინის სამშობლოა. ვაზი, ვენახი კახელისათვის წმინდათაწმინდაა. ამის მომყვანს დაელოცოს მარჯვენაო _ ასე იტყვიან ხოლმე ღვინის სადიდებელს სადრეგრძელოში.
კახური სუფრა მოითხოვს ურთიერთობის მაღალ კულტურას. ყველა კახელი მოწოდებით თამადაა, არ უჭირს სუფრის გაძღოლა. ჩვენ კი საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს შევხვდით და ჩავიწერეთ მათ მიერ წარმოთქმული სადრეგრძელოები. 
 
ჯამბაზას “ჯამბაზობები”

სოფელ მუკუზანში ვეწვიეთ ჩვენს მხარეში განთქმულ თამადას, ნუგზარ ბრეგვაძეს, მეტსახელად ჯამბაზას. მხნედ, ახალგაზრდულად გამოიყურება. როგორც ყველა კარგი თამადა, ენამჭევრი, დაუზარელი, ენატკბილი მოუბარია. ბავშვობიდანვე ჰქონია პოეზიისადმი მიდრეკილება.
სკოლაში ცელქი და მოუსვენარი ყოფილა. ჰყვარებია იუმორით ლაპარაკი, თავისი ჯამბაზობით კლასს ართობდა. კლასის დამრიგებელს შეურქმევია “ჯამბაზა”. უთამადია პარლამენტარებთან, ბევრ ცნობილ ადამიანთან და ამით თავი მოსწონს.
52 ქორწილს გაძღოლია. მონაწილეობა მიუღია თბილისში გამართულ რესპუბლიკურ კონკურსში _ საუკეთესო სადღეგრძელოს ავტორობის მოსაპოვებლად. გაუმარჯვია და სიმბოლური ჯილდოც დაუმსახურებია _ ორი ყუთი შამპანური და ყანწი.
ახალგაზრდობაში რამდენჯერმე მოხვედირლა დიდ სუფრაზე, არსად მოსწონებია თამადის მიერ წარმოთქმული სადრეგრძელოები და გადაუწყვეტია თვითონ დაეწერა ისინი.
 

ვაზის სადიდებელი

წმინდა ნინომ ვაზის ჯვარი
ჯერ კახეთში მოიტანა,
შეგვიყვარდა ვაზის ჯიში,
გლეხმა შრომით გაიხარა.
ზოგს თუ მოსწონს თეთრი თითა,
ზოგს ციცკა და ზოგს წითელი.
მე კი ყველას მირჩევია
ეს მწვანე და რქაწითელი.
ტოლს არ უდებს საფერავიც,
ყანწს რომ ავწევთ მე და გელა.
ვადღეგრძელებ “წინანდალით”,
თავს გვაწონებს “იზაბელაც”.
ვლოცავ ქართულ ვაზის ჯიშებს,
გლეხის ნაშრომ ყურძნის წვენსა.
აგერ ჩვენი “მუკუზანიც”
გადღეგრძელებთ მრავალ წელსა.
ყველას ვლოცავ, ვაზის ჯიშებს:
“ოჯალეშს” და “ქინძმარაულს”,
“წარაფსა” და “წინანადალსა”,
“ხვანჭკარას” და “ცოლიკაურს”...
წმინდა ნინომ ვაზის ჯვარი
ჯერ კახეთში მოიტანა,
დაილოცოს მისი მადლი,
წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი!” 

ძია ნუგზარმა ჩამოგვითვალა საქორწინო სადღეგრძელოების თანმიმდევრობა:
1.    ოჯახის;
2.    მეფე-პატარძლის;
3.    ნათლიების, ე.ი. ხელისმომკიდეების;
4.    მეფე-პატარძლის მშობლების;
5.    დედმამიშვილების;
6.    ახალგაზრდების და ა. შ.

იგი არ დაგვზარდა საკუთარი საქორწინო სადღეგრძელოები ჩაეწერინებინა.

 

ქორწილში პირველი სადღეგრძელო

დღეს ამ ოჯახში ლენტი გაიჭრა
ნეფე-პატარძლის სიყვარულითა
და დიდ-პატარა, ვინც აქ ბრძანდებით,
ოჯახს დავლოცავთ სიხარულითა.
დღეს ქართველები ძლიერ ცოტა ვართ.
დე, ხშირად იყოს ნიშან-ქორწილი.
გავმრავლდეთ, ხალხო, ჩვენი სიმცირით
რომ აღარ ვიყოთ მტრების მორჩილი.
ამ ცხოვრებას ნუ შევუშინდებით,
შევიკრათ ყველა და დავდგეთ ერთად,
ჩვენ მართლები ვართ, უნდა ავმაღლდეთ,
ჩვენი სიმართლით მივიდეთ ღმერთთან,
რომ გაგვიმრავლდნენ ახალგაზრდები,
შეუღლდნენ ტკბილად, ერთად იხარონ
და დღეს რომ ვლოცავთ ნეფე-პატარძალს,
ნეფე-პატარძლის ერმაც იხაროს!”

 
ოჯახის დალოცვა

სალოცავების მადლით და ძალით
სუფრას დავლოცავ კეთილი თვალით,
მე მიხარია თქვენ რომ გიყურებთ,
გული ფხიზლდება, გინდ ვიყო მთვრალი.
ჩვენ ხომ ოდითგან ტრადიცია გვაქვს,
სუფრაზე ვიხმობთ ნაცნობს თუ უცნობს,
წინაპართ წესებს არ დავივიწყებთ,
ჩვენზე უფროსებს სიტყვას დავუთმობთ.
ჩვებნი კულტურა და საქართველო
მსოფლიომ იცის, ძმებო, ქართველნო,
ჩვენი გმირობა და ვაჟკაცობა
მართლაც რომ გვეთქმის, ჩემო კარგებო!
ჩვენ რომ გვახარებს ჯერ კიდევ ადრე,
დიდი თამარის და დავითის დრო,
მათ დიდებასა და თავდადებას
დღესაც შევნატრით, ნეტავი იმ დროს...
კაცს ახარებდა თავის მარჯვენა,
ის დალოვცილი ცხენიც და ხარიც...
კვლავ სამომავლო ქართველებს დავზრდით,
მტერს დახვდებიან ფარით და ხმალით...
დამილოცნია ქართული სუფრა,
მტერი, მოყვარე, დები და ძმები,
დამილოცნია ფუძე და ჭერი,
და მომავალში _ სიძე და რძლები.

 
ნეფე-პატარძლის სადღეგრძელო

მე ვადღეგრძელებ ნეფე-პატარძალს,
მათ სილამაზეს და ხალხის ხმასა,
თქვენ რომ იმღერებთ თქვენს თბილ ოთახში,
ჩვენ ტკბილად მოგცემთ სიმღერის ბანსა.
დე, თქვენგან იყოს ეს მაგალითი
ქართველი ერი ერთურთს შეუღლდეს,
და როგორც ძმები, ჭირში თუ ლხინში
ქართველი ქართველს მხარში დავუდგეთ.
ჩავსჭიდოთ ხელი ერთურთს ამიერ,
ნუღარ გაივლებთ შუღლს გუნებაში.
ამრავლეთ კარგი, ურთიერთ ძმობა,
ტკბილად იცხოვრეთ ჩვენს ქვეყანაში.
კიდევ დავლოცავ ნეფე-პატარძალს,
როგორც ლამაზი “ბუკეტი” ვარდის,
დაბერდით ტკბილად, მოხუცდით ისე,
რომ არ იცოდეთ რა არის დარდი!
თქვენ გაგიმარჯოთ ნეფე-პატარძალს!
დავლიოთ ყველამ ეს სადღეგრძელო.
ყველამ ვუსურვოთ ხანგრძლივ სიცოცხლე,
ჯამბაზა ყანწით თქვენ გადღეგრძელებთ!
 
 
ნეფე-პატარძლის ნათლიების სადღეგრძელო

თქვენ გადღეგრძელებთ, ჩვენო ნათლიავ,
ნეფე-პატარძალს უმშვენებთ მხარსა,
მირონ-ნათელი არ შეშლილიყოს,
ღმერთმა დაგლოცოთ! აკოცეთ ჯვარსა!
მირონ-ნათელი და ნათლიობა
სინდის-ნამუსად ოდითგან მოგვდევს,
რომ სიყვარული, ძმობა და ნდობა
ყველა ქართველის ძარღვებში დუღდეს.
გულით დაგლოცავთ ხატით და ჯვარით,
და ანგელოზთა კეთილი თვალით.
მრავალჟამიერ მირონ-ნათლიებს,
თქვენ გაგიმარჯოთ ამ სავსე ჯამით!
თქვენი შვილები, შვილთაშვილები
დალოცვილ იყოს გიორგის ჯვარით.
ტკბილად იცხოვრეთ, ტკბილად დაბერდით,
გულმხიარულად, არ გქონდეთ ჯავრი.
მარად გახსოვდეთ _ ნათელ-მირონი
ღმერთისგან ცაში დაწერილია.
მღვდელმაც დაგლოცოთ ნაკურთხი წყალით,
ცხოვრება გქონდეთ მარად ტკბილია.
თქვენ გაგიმარჯოთ მირონ-ნათლიებს,
ნეფე-პატარძალს უმშვენებთ მხარსა.
ჯამბაზას სჯერა, აქ, ამ ოჯახში
ერთი წლისთავზე განათლავთ ბავშვსა! 

 

"სტილნი გოგიას“ სადღეგრძელოები
 
კახეთში მეტსახელების შერქმევა ჩვეულებრივი ამბავია. იგი ზედმიწევნით გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას, ან მისთვის დამახასიათებელ თვისებას, გარეგნულ თავისებურებას... სახელგანთქმულ თამადას, გიორგი ქემაშვილსაც აქვს შერქმეული მეტსახელი _ “სტილნი გოგია”. ჩაცმა-დახურვის მოყვარული ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი გარეგნობით სოფელში. ახალგაზრდები ცდილობდნენ, მიებაძათ მისთვის, ანუ აეღოთ ”სტილი”. ზოგჯერ ასეც მიმართავდნენ ერთმანეთს: ”რასა სტილნობ გოგიასავითო”.
კახელი გლეხისათვის დამახასიათებელი ყველა თვისება დაუმადლებია ღმერთს მისთვის: სიდინჯე, სიდარბაისლე, შრომისმოყვარეობა, მამულისა და მშობლიური ვაზის უსაზღვრო სიყვარული, ენამჭევრობა, სიბრძნე და სიკეთე...
რამდენჯერმე ვესტუმრეთ. სახლში ძლივს მოვიხელთეთ ვენახიდან ახლადდაბრუნებული, დაღლილ-დაქანცული. მაინც სიამოვნებით გვესაუბრა საქორწინო სუფრის წესზე, ჩაგვაწერინა თავისეული სადღეგრძელოები. 

 
საქართველოს სადღეგრძელო (დუდუკებზე)
 
“მე რომ მკითხონ: “რა გინდა, რომ ბედნიერი იყოს კაცი?”
ვუოასუხებ: “საქართველოს ეს ბუნება თვალწარმტაცი!”
და თუ მკითხონ: “რა გინდა, რომ გაქრეს დარდი, გულამკლები?”
მე ვიტყვი, რომ საქართველოს, არც მეტი და არც ნაკლები!
ისტორიის წარსული ფურცლები ლაპარაკობენ: შავ ზღვაზედ მზე ესვენებოდა, როდესაც მგზავრებით გადატვირთული იტალიური გემი, რომლის სახელწოდებაც იყო “ფერენ ჟოზეფ მირილლი”, ერთი შეტოტმანდა, ნავსაყუდელს მოსწყდა და მზის ბილიკისაკენ აიღო გეზი. გემმა ერთი სასიგნალო საყვირი დააკივლა, საქართველოც სევდიანი ხმით გამოეხმაურა. იმ დღეს, 1921 წლის 17 მარტს, შავ ზღვაზედ დამოუკიდებელი საქართველოს მზე ესვენებოდა.
და იმ გემზედ მსხდომნიც, ნოე ჟორდანიასა და კარლო ჩხეიძის თაოსნობით, ჩასვენებული მზის ბილიკს დაადგნენ საფრანგეთის სოფელ ლევილისაკენ.
მე მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა სადღეგრძელო იმ ბებერი ხავსმოკიდებული მუხისა, რომელ მუხასაც თავისი დაბერებული, დაკოჟრილი ტოტები ამაყად გაუშლია და მედიდურად გადმოჰყურებს მთელ სამყაროს. მე მინდა, იმ ბებერი მუხის სახით გაუმარჯოს ჩვენს მრავალჭირნახულს, მაგრამ მაინც მედგრად მდგარ გმირთა სავანეს საქართველოს, რომელ საქართველოშიც აკვანში მწოლიარე ბავშვები დედის “იავნანით” იკარნებიან.
მე ვადღეგრძელებ საქართველოში მაცხოვრებელ ჯერ ნაღდ ქართველებს, მერე კიდევ იმ ერის წარმომადგენლებს, ვისაც საქართველოსთვის კარგი გაუკეთებია, ან კიდევ, ვინც კარგს უქადის ყველას!
ფიც-ვერცხლი რაა, სისხლიც, ცრემლიც გვქონდა საერთო,
ფარი უხანჯლოთ სიკვდილისა საწინდარია,
დიდგორის მთებზე სამარადისო ცეცხლია ენთო,
კვლავ ქუდზე კაცი თუ ჩარაზავს ხერთვისს, დარიალს!
რა ქართველი ხარ, ხსნის გზებს თუკი ვეღარ მოძებნი.
სამარადისო სამაროვნებას სანთლებს არ უნთებ.
სხვისია ახლა საქართველო, ღვთით ნაბოძები,
ვეღარც კი იცნობ, მტრები ისე მოშინაურდნენ.
თუ ამირანი ყორნებმა ვერ გადააშენეს,
ეს გაუმარჯოს საქართველოს ქვეყნად დარჩენას!
დიდი სიფრთხილე ეხლაც გვმართებს, ვწერთ თუ ვაშენებთ,
არსაკიძეებს დღესაც სჭრიან რადგან მარჯვენას!
დაე, დაგვსაჯონ, გაიხსენე, ვისი გორს ხარ!
სამარადისოდ გაფრინდება ნოსტედან ნისლი
და ჩვენს გენებშიც გადმოსხმულა მისხალდამისხალ
საქართველოსთვის დანთხეული გმირების სისხლი. 

 
მომავლების სადღეგრძელო
 
როგორც ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი გალაკტიონი ამბობდა:
“უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზედ,
სიოარ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ.
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე და
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ”.
ამასთან დაკავშირებით მე მინდა ჩვენი საყვარელი მომავალი თაობის სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. ჯანრთელობა, ბედნიერება და უღრუბლო ცა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ. მე მინდა მათთან ერთად ვადღეგრძელო აკვანი, რომელიც იყო ჩვენი წინაპრების აღმზრდელი, ჩვენიც. კიდევ რამდენ მომავალ თაობას აღზრდის, რომელიც, რაც არ უნდა დაძველდეს, ან კიდევ დაჭიანდეს, გადაგდებული არსად მინახავს და არც თონეში დამწვარი და იგი დარჩება როგორც ანტიკვარი ოჯახში.
“ადრიანად რომ გაიგეს სოფლად ვაჟის გაჩენა,
დაილოცოს იმის ფუძე, იყოს მისი დარჩენა.
და იმ სოფლის ვაჟკაცებმა, ყანწებით რომ გადაჰკრეს,
ჯიშიანი ხე ინატრეს, გაეთალათ სააკვნედ.
დაიარეს მეფის ჭალა, არყნარი თუ დაფნარი
და ეძებდნენ, რომ ხისაგან გაეთალათ აკვანი.
ძელქვამ გული გადაუხსნათ, მოსაჭრელად დანებდათ,
ვერხვმაც ტოტი გაუშვირა, სურდა გაუკვდავება.
ხალხი მაინც იმ ხეს ენდო, ფესვი რომ აქვს მაგარი
და მუხისგან გამოთალეს დალოცვილი აკვანი.”

ქართველი დედის სადღეგრძელო (დუდუკებზე)
 
მეგობრებო, აღმოსავლეთიდან რომ შევდივართ თბილისში, ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ ძველ საქართველოს ციხე-სიმაგრესთან _ ნარიყალასთან გადმომდგარ ქართველი დედის მონუმენტს.
მთაწმინდაზედ რომ ავალთ, საქართველოს სასიქადულო შვილის, ერის უგვირგვინო მეფის, ილია ჭავჭავაძის საფლავს ქართველი დედა დასტირის.
საქართველოში ტელევიზია რომ ამთავრებდა თავის გადაცემებს, ჩვენ ყველა ეკრანზედ გვესახებოდა ქართველი დედა თავისი ტიტველი ორი ბოკვერით.
უცხო ქვეყნის წარმომადგენელმა რომ შეხედოს ამ მონუმენტს, ისიც კი მიხვდება ამ მრავალტანჯული ერის განვლილ ისტორიას.
ამ სიტყვებთან დაკავშირებით მე მინდა ქართველი სასიქადულო დედების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ, დაწყებული ჩვენი წინაპარი დედებიდან, მარიამს, ნინოს, ქეთევან წამებულს, რომელსაც 1624 წელს ირანის შაჰმა წამებით ამოხდა სული, რომ მან არც ქართველი დედობა შეარცხვინა და არც მაჰმადიანობა მიიღო და ერის დედა ერის დედად დარჩა..
მე მინდა კიდევ ის დედები ვადღეგრძელო, რომელმა ჩვენმა დედებმაც თავიანთი ქმრები სამამულო ომში გაისტუმრეს. თავიანთი ქართველი ქალის მანდილი იმათთან არ შეარცხვინეს, შვილებს მამის ნაცვალი არ აჩვენეს და სადღაც უცხო მიწაზე მათზე დაყრილი მძიმე ლოდები ამით შეამსუბუქეს.
მე მინდა ზოგიერთებისა ხსოვნა და არდავიწყება ვთქვა და ზოგნი კიდევ ცოცხლები არიან და მათ კიდევ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო.
და ბოლოს, მე მინდა ვადღეგრძელო ის მომავალი დედა, რომელიც ამჟამად საპატარძლო ფორმაშია, რომ იქნება ის ნამდვილი დედა, დედა ერისა, დედა _ კარგი შვილების აღმზრდელი, დედა _ თითით საჩვენებელი მხოლოდ კარგობის მხრიდან.
ეს სილამაზე შექმნა ბუნებამ,
რამდენი კიდევ _ ხელმა კაცისამ.
ზოგი ტკენამ და ზოგიც _ მდურებამ,
ზოგი რა სევდამ შემოგაცვითა.
აღმატება ხარ, რადგან დედა ხარ,
სევდაც, ღიმილიც დაგდევთ ულევი,
გყავდეთ შვილები, შვილთაშვილები,
და მომავალი დაულეველი.
ყველა ოცნება თქვენ შეიერთეთ,
თქვენით ვიზრდებით, ვხარობთ, ვნათელობთ,
თქვენი სიბრძნე და თქვენი სიკეთე
ნუ მოჰკლებოდეს დღეს საქართველოს! 

 

წინაპრების სადღეგრძელო
 
მეგობრებო, ოდესღაც თურმე ამ ჩვენს კახეთს შემოსევიან სპარსელები. ქათმის დამკვლელი კაცი არ რჩებოდა სოფლად, ყველანი ალაზნის ველზე მიდიოდნენ მტერთან შესახვედრად.
ერთ დღეს კახელებმა ომი წააგეს, მაგრამ მათი გული არ შემდრკალა. საღამოს ხუთი ვაჟკაცი მოდის დაღონებული, ალაზნის პირას წააწყდებიან თავიანთ თანასოფლელს, ოთხმოც წელს გადაცილებულ კაცს, მკვდარს. ერთმანეთს გაკვირვებით შეხედავენ და იტყვიან: “ჰაი დედასა! თურმე სადამდე მივიდა საქმე! ეს მოხუცი კაციც იძულებული გამხდარა ბრძოლის ველისათვის მიეშურებინა!” მაღლიდან ნაბადს გადააფარებენ, ქვეშიდან ხანჯლებით მაღლა ასწევენ, ფიცს სდებენ, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ საქართველოსა და ჩვენი ერის გულისთვისო.
ამ დროს თურმე მერცხალმა გადმოიფრინა და ერთ მათგანმა მიაძახა:
გაფრინდი, შაო მერცხალო,
გაჰყევ ალაზნის პირსაო,
ამბავი ჩაიტანევი
აი, ამ მოხუცისაო! 

ეს საქორწინო დალოცვა კი 80 წლის ჭერემელი გლეხკაცის, ნიკა ჯაჭვაძისაგან მოვისმინეთ:

დიდი სათარი დაუდე,
დაიმაგრე კერამა,
მეფე-დეოდფალსა ვლოცამ,
მომისმინეთ ყველამა.
იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ,
ღმერთმა ტბილად დაგაბეროთ,
ძე-ასული რაცა გყავდეთ,
თეთრი წვერით დაგიბეროთ.
რვა უღელი თეთრი ხარი
ორ გუთანში გაგიგრძელოთ,
თქვენი ეზო და ჭიშკარი

ფუტკრის სკებმა დაამშვენოს.[10] 

 

1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014