ჩუქურთმა, რომლის დანიშნულებაცაა შეამკოს შენობის ფასადი, მკაფიოდ გამოხატოს კედლის სიბრტყის დანაწევრება ან, პირიქით, უფრო თვალსაჩინოდ გამოხატოს კედლის სიბრტყის ერთიანობა, - ქართულ ხუროთმოძღვრებაში უძველესი დროიდან შენობის მხატვრული კონცეფციის არსებით ელემენტს შეადგენდა. იგი მუშავდებოდა საუკუნეთა მანძილზე და ჩვენს დროშიც არ დაუკარგავს მხატვრული ზემოქმედების ქმედითი ელემენტის მნიშვნელობა. არ დაუკარგავს მნიშვნელობა აგრეთვე ორნამენტის გამოყენებას შენობის ინტერიერში, რაც ცალკეულ ისტორიულ ეპოქებში მეტყველ მხატვრულ ხერხს წარმოადგენდა.
როცა განიხელება ქართული არქიტექტურული ორნამენტიკის მიერ განვლილი გზა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევეხოთ იმ ადგილს რომელიც ეთმობოდა ორნამენტს შენობის ფასადსა და ინტერიერში სხვადასხვა დროს. 478-493 წლებში ძეგლის – ბოლნისის სიონის – ფასადები მოკლებულია სამკაულებს. კვეთილი შემკულობა თავმოყრილია შენობის შიგნით, კამარების საყრდენი სვეტისთავებისა და კედლის სვეტების კაპიტელებზე. 586-7 – 604 წლებში აგებულ ბრწყინვალე ნაწარმოებზე – მცხეთის ჯვარის ტაძარზე - ორნამენტით გამოყოფილია და გაცხოველებულია მხოლოდ საკურთხევლის აფსიდის სამი სარკმლის გამაერთიენებელი თავსართი; ასევე თავშეკავებით არის გამოყენებული ორნამენტის წრომის ტაძრის ფასადების მკაცრ კომპოზიციაშიც (VII საუკუნის 30–იანი წლები). მსუბუქი ჩუქურთმა, რომლითაც შემკულია შესასვლელები, სარკმლების თავსართები და აღმოსავლეთის ფასადზე პირველად გამოყენებული სამკუთხოვანი ნიშები, ხაზს უსვამს არქიტექტურულ ფორმებს და მოხდენილობის ელემენტი შეაქვს ძეგლის მკაცრ სისადავეში. ამრიგად, ქართული ფეოდალური ხუროთმოძღვრების აყვავების პირველი ხანის დამახასიათებელი ნიშანია ზომიერება და სიმკაცრე ფასადთა გაფორმებაში. ორნამენტს არა აქვს თავისთავადი მნიშვნელობა, იგი ექვემდებარება შენობის არქიტექტურას და გამოყენებულია მხოლოდ არქიტექტურული კომპოზიციის ცალკე ელემენტების ხაზგასმისათვის.
გარდამავალი ხანის ხუროთმოძღვრებაში, ესე იგი VII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც საქართველოში არაბთა შემოსევამ დაარღვია ქვეყნის ნორმალური ცხოვრება, X საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც საქართველოს ცალკე სამთავროთა ზრდასა და განმტკიცებას და თბილისის საამიროს დასუსტებას მოჰყვა ქვეყნის ახალი კულტურული აყვავება, - ჩუქურთმა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქრება შენობის ფასადებიდან. IX და X საუკუნეების მიჯნისა და X საუკუნის პირველი ნახევრის ცალკეული ძეგლები მოწმობენ ახალი ეტაპის დასაწყისს, ხოლო უკვე ამავე X საუკუნის მეორე ნახევარში შემოქმედებითი მუშაობის გაფურჩქვნა მრავალი ძეგლის მაგალითზე გვიჩვენებს ხელახლა შექმნილი ორნამენტული მოტივების მრავალფეროვნებას. შენობის ფასადებსა და ინტერიერში ორნამენტიკის გამოყენების საკითხში შესამჩნევია ერთგვარი ცვლილებები. გარდა იმისა, რომ ორნამენტები გამნოყენებულია სარკმლების დეკორატიულ თავსართებში, ჩნდება იმ ხანამდე უცნობი ისეთი მოტივი, როგორიცაა ფართო ორნამენტული ზოლით მოჩარჩოება მრგვალი ღიადისა (ხეთში) ან დისკოსი, რომელიც ჯვარისებრი ფიგურის ცენტრს შეადგენს. აქედან პირდაპირი გზაა ფასადის დეკორატიულ კომპოზიციაში სარკმლის მოჩარჩოებისაკენ კვეთილი ორნამენტის ზოლით, რომელიც გვხვდება ოშკისა (958 – 961 წ.წ.) და კუმურდოს (964 წ.) ტაძრების ფასადების დეკორში და ამ დროიდან ფართოდ და საყოველთაოდ ვრცელდება. მისწრაფება ჩუქურთმით ფასადის გამდიდრებისაკენ იმაშიც გამოიხატება, რომ ჩნდება შენობის ფასადზე სარკმლის დეკორატიული გამოყოფის კიდევ სხვა ხერხები: მაგალითად, ხმარებაში შემოდის მთლიანად მოჩუქურთმებული, ან კიდით კიდემდე დეკორატიული კომპოზიციით შევსებული კვადრატის მსგავსი, დიდი ფილების გამოყენება სარკმლის თავსართად.
ამ ეპოქისათვის დამახასიათებელია აგრეთვე კარის ტიმპანის მთლიანად შევსება კვეთილი ორმნამენტით (კუმურდოს ტაძრის სამხრეთი ფასადი), რაც შემდეგში ფართოდ ვრცელდება და, ამ მიზნებისათვის სიუჟეტური რელიეფების გამოყენებასთან ერთად, გვაძლევს მდიდარ და მრავალგვარ გადაწყვეტათა მაგალეთებს (ბედია, ეხვევი, ნიკორწმინდა, იკვი, პატარა ონი, სავანე და სხვ.). ამავე დროს ვხედავთ შენობის კედლების დამაგვირგვინებელი ლავგარდანის ორნამენტით შემკობის პირველ ცდას; თანაც ორნამენტის სახე თითოეულ ფასადზე და ფასადის ნაწილზე იცვლება (კუმურდო).
X საუკუნის ხუროთმოძღვარი არა მარტო აფართოებს შენობის ფასადზე ორნამენტული დეკორის გამოყენების სფეროს; მას ორნამენტი ხალისით შეაქვს ინტერიერშიც. კუმურდოში ხუროთმოძღვარი ორნამენტული ზოლით ამკობს გუმბათქვეშა თაღების ურთიერთშეხვედრის ადგილებს, იშხანში ორნამენტული ზოლებით ხაზს უსვამს გუმბათქვეშა საყრდენების მძლავრ, ენერგიულად პროფილირებულ ბაზისთა ცალკეულ ნაწილებს, ხოლო საფარის მონასტრის მიძინების ეკლესიაში, ზემო სკრის, ურთხვის, ფარვანის, გარბანის და სხვა ეკლესიებში – კედლის სვეტების კაპიტელებს ან კრონშტეინებს.
ჯერ კლიდევ X საუკუნის მეორე ნახევარში არქიტექტურაში ჩასახულმა ყველა ძირითადმა ტენდენციამ სრულ განვითარებას მიაღწია XI საუკუნის დასაწყისში; ასევე შენობის ფასადის ჩუქურთმებით უფრო და უფრო მეტად შემკობის მოთხოვნილებაც, თავის მხრივ, ახლა ვლინდება მთელი ძალით. ორნამენტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინათ ემსახურებოდა მხოლოდ არქიტექტურული ფორმების აქცენტირებას, სრულუფლებიანი კომპონენტი ხდება ფასადის მხატვრულ კომპოზიციაში, რომელიც გამდიდრებულია და გართულებული მთელი რიგი დეკორატიული მოტივების შეტანით. ასეთებია: დიდი დეკორატიული ჯვარი საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, დეკორატიული კვადრატები იმავე სარკმლის ქვეშ, მოჩუქურთმებული დისკოები და ბრტყელი როზეტები, ცალკეული სიუჟეტური რელიეფები; ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ ტაძრების გუმბათის ყელზე ჩნდება ფართო, მოჩუქურთმებული მოჩარჩოება სარკმლებისა, რომელთაც X საუკუნეში ჯერ კიდევ შერჩენილი ჰქონდათ სავსებით გლუვი ღიადების მკაცრი სახე, რაც მათ ახასიათებდა ადრინდელი ხანის ძეგლებშიც. XI საუკუნის პირველი ნახევრის ზოგიერთ ძეგლზე (ნიკორწმინდა) გუმბათის ყელი, რომელზედაც სარკმლების ორნამენტიანი საპირეები მხოლოდ დეკორატიული თაღედის სვეტთა კონებით გამოიყოფა ერთმანეთისაგან, ფართო, მთლიანად მოჩუქურთმებული სარტყლის სახეს იღებს.
ამდროინდელი ორნამენტი ცალკე შემთხვევებში საგრძნობლად უფრო მჭიდროა, რაპორტის ნახატი უფრო გართულებულია და დეტალებით გამდიდრებული, მაგრამ იგი არ კარგავს იმ მაღალ თვისებებს, რომელიც ახასიათებდა მის შესრულებას X საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლებში. ჩვენ გვიზიდავს ორნამენტის დეტალების, განსაკუთრებით მცენარეული ელემენტების, დამუშავების ფაქიზი პლასტიკურობა.
აღნიშნული თვისებები – ორნამენტის დეტალების მოდელირების განსაკუთრებული პლასტიკური ხერხები, მისწრაფება ორნამენტული სქემის გაცხოველებისადმი მისი დეტალების დაუსრულებელი სახეცვლით – დროთა განმავლობაში ადგილს უთმობს სხვა თვისებებს: ამიერიდან ჩნდება მოთხოვნილება, რომ ნაწარმოები ცხოველხატულ მთელს შეადგენდეს, ორნამენტი მხოლოდ საერთო შთაბეჭდილებას უნდა ემსახურებოდეს და ამის გამო იგი აღარ საჭიროებს ცალკეულ ნაწილთა ინდივიდუალიზაციას.
XII – XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრება ხსნის ფასადის კომპოზიციიდან დეკორატიულ არკატურას, რომელიც X –XI საუკუნეებში ფასადის დანაწევრების საფუძველს შეადგენდა და ქმნის ფასადებს, რომელთა დეკორატიული გაფორმება აგებული დაპირისპირებასა და კონტრასტზე: კედლების გლუვი სიბრტყე უპირისპირდება ფართო, ორმაგ სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეების, სარკმლებს შორის და საკურთხევლის სარკმლის ზემოთ მოთავსებული უზარმაზარი ჯვრების, მოჩუქურთმებული დისკოების, ჯგუფებად განლაგებული ჩუქურთმიანი ბურთულებისა და სხვათა ცხოველხატულ დეკორატიულ ლაქებს. ნაცვლად რაპორტის რიტმული გამეორებით აგებული მკაფიო ორნამენტისა, რომელსაც თვალი ძალდაუტანებლად აღიქვამს ცალკეული ელემენტების მონახაზში, წამოყენებულია ახალი თვისებები. ორნამენტი ხშირად მჭიდროვდება, ფონი მინიმუმადეა დაყვანილი, ესეიგი თუ უწინ ის ორნამენტის საფუძველს შეადგენდა და სავსებით მკვეთრად იყო მასში გამოვლენილი, ახლა ფონი ორნამენტის ქვეშ იმალება და მხოლოდ აქა-იქ გამოსჭვივის უმნიშვნელო, ჩრდილით მოხაზული ჩაღრმავებების სახით. წნულის მრავალგვარი სახე, როგორც წმინდა გეომეტრიული, ლენტისებრი, ისე წნული აყლორტილი ან შევსებული მცეენარეული ელემენტებით, ახლა უკვე ფართო გამოყენებას პოულობს, რადგანაც შეეფერება იმ დროისთვის დამახასიათებელ მიდრეკილებას ხშირი, ხალიჩისებრი სახეებისადმი, რომელშიც მუქად ციმციმებენ ჩაღრმავებები. ორნამენტის ნახატი დეტალებით კი არ გვიზიდავს, არამედ იგი აღიქმის ერთიანად, მთლიანობაში. ახალ მოთხოვნილებას მოსდევს არქიტექტურული ორნამენტის ხასიათის შეცვლა. XII საუკუნის დამლევის (იკორთა) და XIII საკუნის პირველი ნახევრის (ქვათახევი, ფიტარეთი) ჩუქურთმის საუკეთესო ნიმუშებიც კი, რომლებიც აღბეჭდილია ფასადების დეკორატიული სამკაულის კვეთის მაღალი ოსტატობით, უმეტეს წილად გაცილებით ჩამორჩება პლასტიკური გადმოცემის იმ ხერხებს, რომლებიც დამახასიათებელია XI საუკუნის ძეგლების რთული ორნამენტებისათვის, სადაც დეტალების შესრულების ტექნიკა ზოგჯერ ოქრომჭედლურ ხერხებს უახლოვდება (სამთავისი). თუ XI საუკუნის ძეგლებში ორნამენტი, ჩვეულებრივად, სწორ სიბრტყეს ფარავს და ამოზნექით პროფილირებული ზედაპირის გამოყენება შედარებით იშვიათია, XII საუკუნიოდან ეს უკანასკნელი ხერხი უფრო ფართო გავრცელებას პოულობს, XIII საუკუნეში კი საყოველთაოდ არის მიღებული. ორნამენტის მოთავსება კარ-სარკმელთა მოჩარჩოებისა და ფასადის სხვადასხვა დეკორატიული ელემენტის ამობურცულ ზედაპირზე ორნამენტალ კვეთას ამდიდრებს შუქჩრდილის ნიუანსებით (თუმცა ბრტყელი პროფილირებაც არ გამოდის ხმარებიდან).
XIII საუკუნის დამლევის (მეტეხი თბილისში) და XIV საუკუნის პირველი ნახევრის (დაბა ბორჯომის რაიონში) არქიტექტურის ცალკე ნიმუშები მოწმობენ, რომ იმ დროს ორნამენტის მოხაზულობაში თავს იჩენს აღრევა, კვეთა მოდუნებულია და მოშვებული, ორნამენტის მცენარეული ელემენტების მოდელირება ჰკარგავს უწინდელ მეტყველებას და უახლოვდება ხელოსნურ შაბლონს. ამ ხანის არქიტექტურული ორნამენტიკის რეპერტუარში აქა-იქ გვხვდება მოტივები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სელჯუკურ არქიტექტურაში მიღებული ორნამენტის პირდაპირს ან, ნაწილობრივად სახეცვლილ, გამეორებას წარმოადგენს.
ფასადზე ორნამენტის როლის გააზრებაში მომხდარ ცვლილებებს თან სდევს ცვლილებები ორნამენტული კვეთის შესრულების ტექნიკაში.
ადრინდელი ხანის ძეგლების ორნამენტებში (ბოლნისი, მცხეთის ჯვარი, წრომი), სადაც წნულს არა აქვს უპირატესი მნიშვნელობა, ღეროს გადმომცემი ლენტი, რომელიც თავისი ნახატით ორნამენტის ფუძეს გამოსახავს, ჩვეულებრივად გლუვია. ღეროს მიმყოლი ფოთოლი მრავალფოსოვანია და თითოეული მისი ფოსო კოვზისებრ იკვეთება, ესეიგი ფორმდება ორი ურთიერთმიმართული, სიღრმისაკენ დახრილი სიბრტყით; გარე კიდისკენ ფოსო მომრგვალებულია. ფოთლის ამგვარ გადმოცემასთან ერთად, იხმარება აგრეთვე თითოეული ფოსოს სამწახნაგოვანი ამოფუღრული კვეთა, ან მთელი ფოთლის გამოყვანა ამ ტექნიკური ხერხით. ქვაზე გამოსახულების გამოყვანისათვის ჩაჭრილი ხაზისა და შტრიხის გამოყენებასთან ერთად რაც თავისი ბუნებით გრაფიკულ ხერხს წარმოადგენს, ამ ხანაში ქვაზე კვეთის საქმეში შესამჩნევ გამოყენებას პოულობს სამწახნაგოვანი ამოფუღრული კვეთის ტექნიკა, რომელსაც ხალხური ხელოვნება ფართოდ იყენებდა სხვა მასალაზე, სახელდობრ ხეზე.
კუმურდოს ორნამენტების ნიმუშები წარმოდგენას გვაძლევენ მათ სიბრტყითი, გრაფიკული ბუნების შესახებ; ამ ორნამენტებს პლასტიკურობისა და რელიეფურობის პრეტენზია არ აქვთ. კუმურდოს ორნამენტში ორი სიბრტყის, ე.ი. ფონისა და ორნამენტის ზედაპირის, არსებობა, ზოგ შემთხვევაში, შესამჩნევი ხდება მხოლოდ საგანგებო დაკვირვების დროს. ორნამენტი ისეთ შთაბეჭდილებას ჰქმნის, თითქოს ფიცრისგან არის გამოჭრილი და შემდეგაა ფონზე დადებული. ამ ხასიათს ინარჩუნებს ხუროთმოძღვრების ცალკეული ძეგლების ორნამენტიკა (ს. ზემოსკრის ეკლესია) და მას ვხვდებით X საუკუნის უკანასკნელ მესამედშიც (შეპიაკი).
ორნამენტული წნულისათვის, როგორც კუმურდოს ჩუქურთმებში, ისე X საუკუნის სხვა ძეგლებშიც, დამახასიათებელია წნულის ლენტის გადმოცემა სრულიად გლუვი, ზოგჯერ საგრძნობლად ფართო ზოლის სახით, ან მცირე სიღრმის ორფერდა ღარით ორად დანაწევრებული ზოლის სახით.
XI საუკუნე, მისთვის დამახასიათებელი პლასტიკური აღქმის მაღალი დონითა და ცხოველხატულობის შთაბეჭდილებისადმი მიდრეკილებით, უპირატესობას ანიჭებს იმ ტექნიკურ ხერხებს, რომლებიც აძლიერებენ ორნამენტის სკულპტურულ მეტყველებას. მაგრამ, მიუხედავად იმ ცხოველხატულობისა, რომელსაც ჰქმნის მცენარეული ელემენტების ცოცხლად გაბნეული ელემენტები და სახის სიმჭიდროვე, სადაც არე მოცემულია არა როგორც მტკიცე ფუძე, არამედ როგორც ღრმულები კულულოვან ფოთლების ხვეულებში, ხცისის (1002 წ.) დასავლეთის სარკმლის ორნამენტი გამოძერწილია მტკიცე და ნაზი ხელით და ზუსტად არის მოხაზული. გრაფიკული ოსტატობა, რომელიც ქვაზე კვეთამ უწინდელი ხანიდან შეინარჩუნა, ერწყმის წინა საუკუნეში გამომუშავებულ და ჩამოყალიბებულ თვისებას: პლასტიკური ფორმის გრძნობას.
იმ ხერხებთან ერთად, რომლებიც მიღებული იყო X საუკუნის კვეთაში, ხმარებაში შემოდის ჩუქურთმის მომხაზველი ლენტის დანაწევრება ორი ღარით. ამ ხერხს, რომელიც მალე სავსებით ჩვეულებრივი და უაღრესად გავრცელებული გახდა ვხედავთ XI საუკუნის მდიდარი დეკორატიული გაფორმებით შესანიშნავ ძეგლთა ჩუქურთმაზე: ქუთაისის ბაგრატის ტაძარში, მანგლისის, კაცხის, იკვის, სამთავისის, მცხეთისა და სხვა ტაძრებში.
ამავე დროს ვხვდებით წნული ლენტის, ან მცენარეულ ხვეულთა მოძრაობის მაორგანიზეებელი ლენტის დანაწევრებას სამი ღარით (ტექნიკური ხერხი, რომელიც გავრცელდა კანკელების ჩუქურთმებში), და აგრეთვე გართულებულ პროფილს (სამთავისი), რომელიც ხმარებაში იყო შემდეგშიც, სახელდობრ XII საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის პირველი მეოთხედის გუმბათოვანი ტაძრების დეკორში (ქვათახევი, ფიტარეთი, და სხვა). ეს გამოწვეულია ამ ხერხისათვის დამახასიეთებელი ცხოველხატულობის მონაცემებით: ჩრდილისა და შუქის რბილი ნიუანსებით ამოზნექილი პროფილის ზედაპიზე, რომელიც ღრმა ჩრდილით გამოიყოფა მისი კიდეებისაგან.
ორნამენტის ფოთლოვანი ნაწილის დამუშავებაშიც, წინათ არსებული ხერხების განმეორებასთან ერთად, აღინიშნება კვეთის ტექნიკური ხერხების შესამჩნევი გართულება და გამდიდრება. სამთავისის აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის ორნამენტში, ისევე, როგორც ნიკორწმინდის ორნამენტში, ოსტატი თითოეულ ფოსოს ჩვეულებრივი ხერხით კვეთს ორ ფერდად და ფოთლის ფოსოს მომრგვალებულ ბოლოს გამოყოფს დანარჩენი ნაწილისაგან ერთგვარი ვიწრო ხოლით, რომელიც ზოგჯერ მომრგვალებულ ფორას იღებს და მრგვალი ნაჩვრეტებით იჩითება ფოთლის ერთი ფოსოს მეორესთან შეხების ადგილში. ამ ხერხის ეფექტურობა უზრუნველყოფს მის გამოყენებას XI საუკუნის შემდეგაც – XII და XIII საუკუნეებში.შ
XI საუკუნისათვის დამახასიათებელი გრძნობა ფაქიზად გამოძერწილი ფორმის მიმზიდველობისა, ორნამენტის ზედაპირზე შუქის კრთობის ძალის დაფასება, ჩრდილის ღრმა სიმუქით აღნიშნული ფაქიზი და ზუსტი ხაზის გამახვილებული შეგრძნობა იწვევს ორნამენტული ფოთლის გაფორმების რთული და მრავალფეროვანი ხერხების გამომუშავებას. ფოთლის ცალკე ფოსოების ნახატი რთულდება, მისი ზედაპირის მოდელირება კი წარმოებს მომცრო, მოხდენილი ბოლოშემოკეცილი ფოთლის სახით. ასეთი ფოთოლი განსაკუთრებით დამახასიათებელია როგორც კანკელების ჩუქურთმებისათვის ინტერიერში, ისევე ჩუქურთმებისათვის, რომლებიც ამკობენ XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ისეთი ძეგლების ფასადებს, როგორიცაა ნიკორწმინდა, სამთავისი, სვეტიცხოველი, და XII საუკუნის პირველ ნახევარში აგებულ ძეგლებს – გელათის მონასტრის მთავარ ტაძარსა და საორბისის ეკლესიას.
XII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIII საუკუნის ჩუქურთმაში ფოთლოვანი მოტივის ამგვარი გადაწყვეტა ადგილს უთმობს უფრო მარტივ ხერხებს: ფოთლის თითოეულ ფოსოში წვრილი რელიეფური ზოლის შეყვანას, ფოთლის თითოეული ფოსოს მომრგვალებულ ბოლოსთან წესიერი ფორმის ბურთულის მოთავსებასა და სხვა. XII საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის არქიტექტურული ორნამენტიკის ცალკე მოტივების შესრულების დონე არ ჩამორჩება XI საუკუნის ოსტატობას, მაგრამ აქ აღარაა ის მრავალფეროვნება, რომელიც ახასიათებდა XI საუკუნის ჩუქურთმას. მოთხოვნილება, რომ ორნამენტი სტოვებდეს განზოგადებულ შთაბეჭდილებას, რაც შენობის ფასადის გადაწყვეტაში მომხდარ არსებით ცვლილებებღან იყო დაკავშირებული, გასაგებს ხდის მიდრეკილებას გამარტივებისადმი, რომელსაც ადგილი აქვს ფასადების ჩუქურთმაში.
XIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIV საუკუნის დასაწყისის ძეგლები (საფარა, ზარზმა) და, შემდეგ, XIV ძეგლში (დაბა) ჩნდება და ფართოდ ვრცელდება ჩუქურთმების შესრულების ახალი ხერხი: ჩუქურთმის ზედაპირი კედლის სიბრტყის მიმართ ამოზიდული კი არ არის, კედლის სიბრტყის დონეს არ სცილდება; ჩუქურთმის არე ჩაღრმავებულია კედლის ზედაპირის მიმართ.
ორნამენტის შესრულებაში გაბატონებულია წინა ხანის ორნამენტალ კვეთაში ცნობილი უმარტივესი ტექნიკური ხერხები. მცენარეული ორნამენტის ღეროს აღმნიშვნელი ან წნულის ფუძის შემადგენელი ლენტი უპირატესად ორი გრძივი ღარითაა დანაწევრებული (ყველაზე მეტად ეს ხერხია გავრცელებული). იხმარება აგრეთვე ორფერდა კვეთა (საფარა, ზარზმა, მღვიმე, მეტეხის ეკლესია თბილისში, დაბა). ორნამენტის ფოთლოვანი ელემენტების კვეთაც უფრო მარტივ ტექნიკურ ხერხებს უბრუნდება და სტანდარტული ხდება.
ქართველი ოსტატებისათვის დამახასიათებელი ფერების შეგრძნება, რომელიც ნათლად ჩანს ქართული ხელოვნების ყველა დარგში, მათ შორის ხუროთმოძღვრებაშიც, მჟღავნდება აგრეთვე შენობათა ფასადების ორნამენტული კვეთის სფეროშიც. მხოლოდ კედლებისა და შენობის სხვა ნაწილთა ზედაპირის ფაქიზი, მონოტონურობას მოკლებული, ფერადოვნება კი არ ანიჭებს ნაგებობას მოფიქრებულ და ფერის მხრივ კომპოზიციურად დასრულებული ნაწარმოების ხაასიათს. საქართველოს შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას შეადგენს ფერადი ლაქის შექმნაც, რომელიც კონტრასტს ქმნის კედლის ზედაპირის ძირითადი ტონის მიმართ.
კუმურდოს ტაძრის ფასადთა დეკორატიოული დანაწევრების ხერხთა განხილვისას გ. ჩუბინაშვილი აღნიშნავს იმ როლს, რომელიც აღმოსავლეთ ფასადის შემკულობაში განკუთვნილი აქვს ორ სისხლისფერ-წითელ ქვას. ეს დეკორატიოული აქცენტი გამოირჩევა ვარდისფერი (ქვიშისფერი და ღია ღვინისფერში გარდამავალი) ქვით მოპირკეთებული კედლის ზედაპირზე. რომ ხუროთმოღვარს კარგად ჰქონდა შეგნებული დეკორატიული მეტყველება, რომელსაც ქმნის მომცრო ფერადი ქვების ჩასმა ფასადის წყობაში, ამას ამჟღავნებს აგრეთვე სხვა XI საუკუნის ძეგლებიც: ვერეში (ატენის ხეობაში, ქ. გორის მახლობლად) სოსანი-ღვინისფერი ფილა ჩასმულია აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ, სოსანი-მიხაკისფერი ფილებით აჭრელებულ წყობაში; სამთავროს (მცხეთა) მდიდრულად მოჩუქურთმებული დისკოები შესრულებულია ნაზი მოყვითალო, სპილოს ძვალივით ღია ფერის ცივსა და მკვეთრ მწვანე ფერთან შეხამებით, რაც ძვირფასი იუველირული სამკაულის შთაბეჭდილებას ჰქმნის; იქვე, მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძრის საკურთხევლის სარკმლის მოჩარჩოება, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს ღია, მოყვითალო და მკრთალი მწვანე ფილებით მოპირკეთებულ ფასადზე, შესრულებულია ლამაზი იისფერი-წითელი ქვის მოოქროსფერო-ყვითელთან შეხამებით; სამთავისის საკრებულო ტაძრის საკურთხევლის აფსიდის შუა სარკმლის ქვემოთ მოთავსებულ დეკორატიულ კვადრატებში გარე ორნამენტული ზოლი შესრულებულია ყვითელ ქვიშისფერი ტონის ქვაზე, ძლიერ ამოზიდული კვეთილი კოპი კი მოცემულია, როგორც მკვეთრი მწვანე ლაქა კვადრატის შემავსებელ კარგად გაკრიალებულ წითელი ქვის არეზე.
ხუროთმოძღვრის მისწრაფება კოლორისტული ეფექტისადმი არა ნაკლებ მკაფიოდ მჟღავნდება აგრეთვე XII საუკუნის დამლევისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებშიც. ამ ხანის ხუროთმოძღვრება არ უარყოფს ფასადის გაცხოველებას კედლის წყობაში ლამაზად შეფერადებული და მოჩუქურთმებული ფილის ოსტატურად გააზრებული ჩართვით (მაგალითად: იკორთის თბილ მოოქროსფერო-ყვითელ ტონებში შესრულებულ აღმოსავლეთ ფასადზე მწვანე ჯვარი და ამავე ფერის კოპები) და ცალკე შემთხევევებში გვაძლევს მთელი ფასადების უფრო თამამ გადაწყვეტას: კედელი, როგორც ფონი, თავისი ფერით უპირისპირდება კარ-სარკმლების დეკორატიული დეტალებისა და ლავგარდანების ფერს. ფიტარეთში, გიორგი ლაშას (1213-1222 წწ) მეფობის დროინდელ ძეგლში, ფასადების განსაკუთრებით საზეიმო ხასიათსა და მდიდრულ შთაბეჭდილებას მცირედ როდი უწყობს ხელს ის, რომ ოსტატურად არის მონახული კედლების ინტენსიური მოიისფერო-ვარდისფერის შეხამება სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეების ღია ფერთან და მიხაკისფერი, მკვეთრი მწვანე და ყვითელი ქვებისაგან შედგენილ ჩუქურთმიან ლავგარდანთან. ამავე დროს თავს იჩენს მისწრაფება ნაგებობის კედლების ფერადოვნებაში ფერადი ქვების ჭადრაკული მონაცვლეობისადმი, ან მათი ერთი ფასადიდან მეორეში გარდამავალ ზოლებათ დაწყობისადმი. ხმარებაშია აგრეთვე ცალკეული მუქი ფერის ფილების ჩასმა. გუდარეხის მონასტრის სამრეკლოზე და მცირე ეკლესიაზე (XIII საუკუნის მეორე ნახევარი), მესხეთის ტაძრებზე – საფარასა და ზარზმაში (XIII საუკუნის დამლევი), ჭულეში (XIV საუკუნის პირველი ნახევარი) ეს ეფექტი მოფიქრებული და ხალისით განმეორებული დეკორატიული ხერხის ხასიათს ატარებს.
იმავე დროს, ქართული ხუროთმოძღვრება უბრუნდება შენობის დეკორის ფერადოვანი მეტყველების ზრდის მეორე ხერხს, სახელდობრ, შენობის ფასადის შემამკობელი ორნამენტის, ან რელიეფის ცალკეული ელემენტების შეღებვას. უკვე რკონის მონასტრის ბაზილიკაში (VII საუკუნე), აღმოსავლეთ ფასადის ნიშების სიღრმეში, აგურისფერი-წითელი საღებავით მოცემულია სხივები, რომლებიც რადიალურად იშლება კონქის ფუძესთან მდებარე ცენტრიდან. ამგვარი სამკაული ნახმარია ოშკში (დასავლეთი ფასადი), ხახულში კი (XI საუკუნე) იგი წარმოადგენს ერთ-ერთ დამახასიათებელ დეკორატიულ ხერხს, რომელიც იხმარება ფასადების შემკობისათვის.
საღებავი, ჩვეულებრივ აგურისფერი-წითელი, რომელიც ორნამენტულ დეკორში იხმარება იმ მიზნით, რომ ხაზი გაესვას ჩუქურთმის ნახატს მთლიანად (ამ შემთხვევაში საღებავით იფარება ორნამენტის ფონი), ან ჩუქურთმის ცალკე ელემენტების გამოსაყოფად, ხშირად გვხვდება XI საუკუნის ძეგლების ორნამენტალ კვეთაში. ნიკორწმინდის ტაძრის ორნამენტიკაში, მაგალითად, ორნამენტის ფონის შეფერადება წითელი, ნარინჯის ელფერიანი, საღებავით, ნათლად გამოირჩევა მრავალ ადგილას: გუმბათის ყელის სარკმლების ქვემოთ გატარებულ სარტყლის ორნამენტში, ლავგარდანებში, ჩრდილოეთი შესასვლელის საპირეში და მისი ტიმპანის რელიეფზე. იკვის ტაძრის სამხრეთი შესასვლელის ორნამენტიკაში საღებავი ხაზს უსვამს კოვზისებრი ჩუქურთმის კვეთის სიღრმეს, იგი გამოსჭვივის ფოთლების ფოსოებში და სავსებით ნათლად გამოირჩევა ფასადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ორნამენტის ფოთლებსა და ფოლაქებზე.
ორნამენტული კვეთის ხაზგასმა საღებავით ყურადღებას იპყრობს XIII საუკუნის დამლევისა და XIV საუკუნის ცალკეულ ძეგლებში. ასე, მაგალითად: წმინდა საბას ტაძრის დასავლეთ კარიბჭეზე საფარის მონასტერში ფართოდ არის გამოყენებული ფასადების დაფერვა წითელი საღებავით, ჭულეს დანგრეულ სამრეკლოზე კი ამავე მიზნით გამოყენებული ყოფილა წითელი, თეთრი, ლურჯი და მწვანე საღებავები, რაც მინანქრის შთაბეჭდილებას ქმნიდა.
სტატიის ავტორი – რენე შმერლინგი
მასალა აღებულია წიგნიდან – "ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი" თბილისი, 1954წ.
მასალა ადაპტირებულია მარინა იტრიაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge
|