darTlo
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
2. mniSvnelovani informacia
3. adgilmdebareoba
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
7. arqiteqturuli aRwera
8. Zeglis statusi da mdgomareoba
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
10. marSruti
11. bmulebi
1. kompleqsSi Semavali nagebobebi
I. აკლდამები
II. ეკლესია
III. იახსრის ხატი:
ა) დარბაზი
ბ) საბრძანისი
გ) სადროშე კოშკი
დ) მილიონა
IV. იდოიძეების საცხოვრებელი კომპლექსი:
ა) კოშკი
ბ) ციხე-სახლი
V. კოშკი
VI. სამაროვანი.
VII. საქვაბე
VIII. ციხე-სახლები:
ა) ხუთსართულიანი სახლი
ბ) ექვსსართულიანი სახლი
2. mniSvnelovani da saintereso informacia
არ მოგვეპოვება.
3. adgilmdebareoba
სოფელი დართლო მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 15 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე.
4. ruka
5. istoriuli mimoxilva
ამ სოფლის შესახებ, როგორც მთლიანად თუშეთის შესახებ, ინფორმაცია მოგვეპოვება სერგი მაკალათიასა და გიორგი ბოჭორიძის ჩანაწერებში.
სერგი მაკალათიას თავის ნაშრომში მოყავს საინტერესო ამბავი დართლოს ნაჭაურუძეების ციხის შესახებ: „დართლოს ამ ციხეს განსაკუთრებით ლეკები თურმე მტრობდნენ. ხალხური გადმოცემით, ეს მაგარი ციხე ლეკებს ხელში ჩაუგდიათ და შიგ გამაგრებულან. თუში მზვერავები ციხეს მალმალ უვლიდნენ. ერთხელ ციხის სარკმელთან შეუმჩნევიათ სადარაჯოზე მდგარი ლეკი, რომელიც ღამის წყვდიადში ჩიბუხს თურმე აბოლებდა. თუშ მსროლელს ყალიონი მიზანში ამოუღია და მეექვსე სართულში მდგომი ლეკისათვის ტყვიით პირი გაუგმირია. ჩქარა თუშების რაზმიც მოსულა, ციხე აუღიათ და დამარცხებული ლეკები გაქცეულან“.
ამ ამბავს ბოჭორიძე ასე აზუსტებს: მაკალათიას რომ აქვს ლეკის მოკვლა, ამის შესწორება: ლეკს რომ ესროლა, ყალიონი დაუშვნიტა ყალიონის წევნის დროს, შუქზე. ლეკმა დაუძახა: აი შენ, მამაძაღლოო, შენთან კატის თვალები იყოო? მე გვერდზე ვიჯექ და გადავრჩიო; მე ვერ მომხვდა და ყალიონი კი დამიფშვნიტაო“.
ნადირაანთ ციხის მესამე სართულის ჩრდილოეთ მხარეს კარის მაღლა მდებარე ქვაზე ადრე მხედრული წარწერა იყო, რომელიც XVIII საუკუნეს ეკუთვნოდა: „ეს ციხე ტრიტის აგებულია ხუტურის შვილისა“.
გიორგი ბოჭორიძის ჩანაწერების მიხედვით სოფლის ბოლოზე ადგილ საფრინდაოზე ეწყო 12 ქვის სკამი, რომელზედაც ადრე ხსდებოდნენ 12 უხუცესი მსაჯული. მთავარი ბჭე–მოსამართლე ჯდებოდა სამხრეთ მხარეს აღმოსავლეთ მხრისაკენ მაღალზურგიან ქვაზე. შუაში იდო ერთი ბრტყელი ქვა წინ დაყუდებული წვრილი ქვით, რომელზეც მუხლზე დგებოდა მოსარჩლე. ჩრდილოეთ მხარეს იდგა მოწმის ქვა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კი - დამნაშავის. იქვე, საფრინდაოს ჩრდილოეთ ნაწილში იყო „საფიცარი ქვა“. მას ამოიღებდნენ პროცესიის მონაწილეები, ულვაშებს გამოიძრობდნენ, ჩაჰყრიდნენ შიგ და ისევ ქვას დაადგამდნენ, რაც იმის დასტური იყო, რომ პროცესია დაიწყო.
თვეში ერთხელ ზაფხულში, აქ მოდიოდნენ ხევისბერები, თითო საზოგადოებაზე ორი კაცი იყო დანიშნული. სულ იყო ექვსი საზოგადოება: ნაციხვრისა, ომალოსი, დართლოსი, ფარსმისა, ჯვარბოსლისა, ილიურთისა და სულ 12 კაცი ხევისბერი იყვნენ არჩევით. ისინი იყვნენ მოხუცებული და პატივცემული ხალხი. განიხილებოდა ყველა საქმე. სისხლის საქმის გადაწყვეტის დროს ერთხანს თავმჯდომარეობდა წოვათიდან მოსული დევდრის ანთას ქალი. ის ძალიან მჭერმეტყველი და გონიერი ქალბატონი იყო. სხვა დროს საბჭოს ერთ–ერთი წევრიც ყოფილა. იგი დიდი ხანი ყოფილა თავმჯდომარედ.
ბოჭორიძის მოგზაურობის დროს საფრიანდაოზე იყო 11 ქვა საზურგეთი (მე-12 დაკარგული იყო) და შუაში - ერთი ქვა, წინაღმართული მეორე ქვით მომჩივნისათვის, ერთი მოწმისათვის და ერთი დამნაშავისათვის.
ამ დროისათვის შემორჩა მხოლოდ 3 ქვა, ხოლო დაკარგულები შეავსეს ახალი ქვებით.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელი დაცარიელებული იყო და მასში ცხოვრობდა 9 ადამიანი.
დღესდღეობით, სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურა ყალიბდება, გახსნილია საოჯახო სასტუმროები.
6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi
არ მოგვეპოვება.
7. arqiteqturuli aRwera
I. აკლდამები . მდებარეობენ სოფლის სამხრეთით, დართლოს მთის ფერდობზე, სასაფლაოზე, ერთმანეთის გვერდით. აკლდამა ორია. ორივე გეგმით სწორკუთხაა და ფიქალითაა ნაშენი. წყობა მშრალია, შიგნით ლამ-კირითაა შელესილი. შედარებით პატარა (3,55X2,9 მ) აკლდამას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა გადახურული. შემორჩენილია ხის კარის ნაწილი, რომელიც გარედან გეომეტრიული ჩუქურთმითაა შემკული. აღმოსავლეთის კედელში ბრტყლად გადახურული პატარა სარკმელია, რომლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია საკურთხევლის მსგავსი, კუბური ფორმის პატარა ნაგებობა. მეორე სარკმელი სამხრეთის კედელშია. შიგნით აკლდამა გადახურულია წვერწაკვეთილი კამარით.
დასავლეთის ფასადზე, კარის თავზე, წყობაში ჩასმულია რიყის ბრტყელი ქვა, კარის მარჯვნივ კი, წყობიდან პატარა რიყის ქვაა გამოშვერილი. გადახურვა ორფერდაა - საფეხურებიანი. სამხრეთის ფასადის დასავლეთ კიდეზე მიდგმულია ლამითა და ფიქლით ნაშენი პატარა ნაგებობა, რომელსაც სამხრეთით შეისრული თაღით გადახურული სასანთლე ნიში აქვს.
აკლდამის ჩრდილოეთით დგას მეორე, ოდნავ მოზრდილი (3,7X2,95 მ) აკლდამა. შესასვლელი აქაც დასავლეთიდანაა. კარის თაღი შეისრულია. აღმოსავლეთ კედელში მომრგვალებული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია კუბური ფორმის, საკურთხევლის მსგავსი პატარა ნაგებობა., რომელსაც მიწური იატაკი აქვს. სახურავი ორფერდაა, რვა საფეხურიანი.
|
eklesia |
|
ganakveTi, fasadi da gegma |
II. ეკლესია. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთით. აგებულია XIX საუკუნეში. ეკლესია დარბაზულია (12,5X8,5 მ), ნაგებია ქვიშაქვით. შიგნიდან შელესილია, აზიანებულია. შემორჩენილია: სამხრეთის კედელი, აღმოსავლეთის კედლის სამხრეთ ნახევარი და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი სწორკუთხაა. სწორკუთხა საკუღთხევლის აღმოსავლეთ კედელში ფართო და მაღალი სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სამხრეთ კედლის შუა ნაწილშიო გაჭრილი სარკმელი შედარებით დაბალია. სამხრეთ კედელზე ორი წყვილი პილასტრია, რომელთა მარტივ იმპოსტებზე კედლის ტაღებია გადაყვანილი. გრძივ კედლებზე, პილასტრების ზემოთ, თითო კონსოლია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. დასავლეთ ფასადი ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას და დასულებული ფრონტონით. ფრონტონის არეში ტოლმკლავა ჯვრის რელიეფია. ტიმპანიანი კარის ორივე მხარეს ღიღო მაღალი თაღოვანი ნიშია. ჯვრის რელიეფია აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონის არეშიც. სამხრეთის ფასადიოს განაპირა ნაწილებში ბრტყელი ნიშებია.
III. იახსრის ხატი. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, დართლოს მთის კალთაზე. იახსარი წარმართული ღვთაებაა. საკულტო ცენტრი ფშავში იყო. ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით, იგი ავსულებტან (დევები, ქაჯები, ეშმაკები) შეურიგებელი მებრძოლია, საკუთარი საყმოს წევრებისა და მისი მავედრებელი უცხო მლოცველების მფარველი. იახსრის დროშით ხევისბერები ცდილობდნენ სულით ავადმყოფისგან ბოროტი ძალი9ს განდევნას, არაბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილის (ზვავში დაღუპული, მეხდაცემული, წყალში დახრჩვალი) „სულის გამოხსნას“ და ასე შემდეგ.
ხატის კომპლექსში შედის: დარბაზი, საბრძანისი, სადროშე კოშკი, მილიონა, ხატის ტყე და ყანები, საქალებო მხარ, რომლისკენაც მიდის საქალებო ბილიკი; იგი ეყრება საკაცებო ბილიკს, რომელიც ხატის ნაგებობას უვლის დასავლეთ მხრიდან. დარბაზი, საბრძანისი და მილიონა ნაგებია ფიქლით, სადროშე კოშკი - ქვითკირით. ყველა ნაგებობის წყობა, გარდა სადროშე კოშკის, მშრალია.
ა) დარბაზი მოგრძო სათავსია, რომელსაც შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. კარის თაღი შეისრულია. შიგნით, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში, თითო პატარა ნიშია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ხის ძელებზე დაწყობილი ფიქლის მოზრდილი ფილებით.
ბ) საბრძანისი მოქცეულია დარბაზსა და სადროშე კოშკს შორის და ვიწრო და დაბალი შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. შესასვლელს აფარებული აქვს სიპი. სატავსში დაბრძანებული იყო დროშა.
გ) სადროშე კოშკი უშუალოდ საბრძანისზეა მიდგმული და ოთხკუთხა პრიზმის ფორმის ყრუ ნაგებობას წარმოადგენს. მის აღმოსავლ;ეთ წახნაგში სასანთლე ნიშია. ნაგებობა გადახურულია პირამიდისებრი ექვსსაფეხურიანი სახურავით.
დ) მილიონა სადროშე კოშკის მსგავსი ნაგებობაა. დგას სადროშე კოშკის აღმოსავლეთით რამდენიმე ნაბიჯზე. გადახურულია საფეხუროვანი პირამიდით.
|
II da V sarTulis gegmebi |
IV. იდოიძეების საცხოვრებელი კომპლექსი.
მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე დართლოს წყლის ნაპირზე, განეკუთვნება გვიანდელ სუა საუკუნეებს. კომპლექსი სედგება ერთმანეთზე მიდგმული კოშკისა და ციხე-სახლისაგან. მათგან უადრესია კოშკი, ციხე სახლი მოგვიანებიტაა მიშენებულ;ი სამხრეთიდან. ორივე შენობა ნაგებია ნატეხი ქვით და ფიქლითკომპლექსი დაზიანებულია: ჩამონგრეულია ციხე-სახლის ბოლო სართულის კედლების ზედა ნაწილი და სართულშუა გადახურვები, რომელთა ჩამონაშილით ამოვსებულია კოშკის პირველი და მეორე სართულები. კოშკი და ციხე-სახლი კლდის ბუნებრივ ტერასებზე სხვადასხვა დონეზეა აგებულ;ი ისე, რომ კოშკის პირველი და ციხე-სახლის მესამე სართულები ერთ დონეზე მდებარეობს.
|
|
ganakveTi |
fasadi |
ა) კოშკი გეგმით კვადრატულია (4,1X4,1 მ), შევიდსართულიანი. ქვედა სამ სართულს თოთო თაღოვანი შესასვლელი აქვს. პირველ და მესამე სართულებს სამხრეთიდან, მეორე სართულს - ჩრდილოეთიდან. კოშკის პირველი სართულის კარი ციხე-სახლის მესამე სართულზე გადის, მესამე სართულისა კი ციხე-სახლის მეხუთე სართულზე. ყველა სართულზე (ბოლოს გარდა), ყოველ კედელში ორ-ორი სათოფურია. ციხე-სახლის მხარეს სათოფურები ამოქოლილია. ბოლო სართულის ოთხივე კედელში თითო განიერი და მაღალი ღიობია. კოშკის სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, რომლებიც ბოლოებით კუთხეების წყობაში ირიბად ჩასმულ ქვის ფილებს ეყრდნობოდნენ. ბოლო სართული შეკრული კამარითაა გადახურული. კოშკს საფეხუროვანი პირამიდული ფორმის სახურავი აქვს.
ბ) ციხე-სახლი ექვსსართულიანი ყოფილა და გეგმით ტრაპეციისმაგვარია (6,6X5,4 მ). შესასვლელი პირველ სართულზე აღმოსავლეთიდანაა, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე - დასავლეთიდან. ყოველ სართულზე (გარდა პირველისა) სათოფურებს სარკმლები სჭარბობს. სამხრეთ კედელში ორ-ორი სარკმელია. მეოთხე სართულის ოთხივე კედელში თითო დიდ ხვრელობია, რომლებზედაც გარედან სალოდეა მიოდგმული. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული.
|
koSkis samxreTi fasadi |
V. კოშკი დგას შუა სოფელში და მიეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ნაჭაურიძეებს. მაკალათიას ცნობით ეს ციხე სასოფლო ციხედ არის ცნობილი, მას აგრეთვე ნადირაანთ ციხეს უწოდებდნენ. კოშკი ხუთსართულიანია, გეგმით კვადრატული (4,2X4,2 მ ფუძესთან) და ნაგებია ფიქლით. სართულშუა გადახურვა ბრტყელი, კოჭოვანი ყოფილა. შესასვლელი მეორე სართულზეა, აღმოსავლეთიდან, მიწიდან 2 მეტრის სიმაღლეზე. პირველი სართული წარმოადგენს ყრუკედლებიან სარდაფს, რომლის ხის გადახურვა მეორე სართულის კედლების გათხელებით შექმნილ საფეხურს ეყრდნობა. პირველი სართული გადახურულია ბრტყელი კამარით, რომლის ჩრდილო-დასვლეთ კუთხეში მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი სწორკუთხა საძრომი.მაკალათიას ცნობით, ამ სარდაფში ტყვეებს ამწყვდევდნენ. მეორე სართულის სამხრეთ კედელში ერთი სარკმელია, დანარჩენ კედლებში - თითო სათოფური. მესამე სართულზე ჩრდილოეთის კედელში გაჭრილია კარი, რომელიც კოშკზე მიშენებულ საცხოვრებელ სახლში (შემორჩენილია საძირკველი) გადიოდა. მეოთხე სართული მეორის მსგავსია. მეხუთე სართულის ოთხივე კედელში თითო თაღოვანი სარკმელია. ეს სართული შემაღლებული კამარიტაა გადახურული. სამხრეთის ფასადზე, მესამე და მეოთხე სართულების სარკმლების ზემოთ, ჭადრაკულად განლაგებულია პატარა კვადრატული ნიშები. მეხუთე სართულის სარკმლებზე სალოდეებია მიდგმული. კოშკი გადახურულია საფეხუროვანი პირამიდისებრი სახურავით. ბრძოლის დროს ციხის თითოეული სართული თავდაცვისათვის იყო გამოყენებული: პირველ სართულში ტყვეებს ამწყვდევდნენ, მეორე, მესამე, მეოთხე, და მეხუთეში მეკომურები იხიზნებოდნენ, მეექვსე სართული საომრად იყო გამართული. აქ იყვნენ მზვერავ-მეციხოვნენი. ისინი ცარდახებიდან ისროდნენ თოფებს, აგირებდნენ ქვებს და იგერიებდნენ კარზე მომდგარ მტერს.
VI. სამაროვანი. მდებარეობს იახსრის მტაზე. განეკუთვნება ადრინდელ და გვიანდელ შუა საუკუნეებს. ძეგლი გათხარა 1932 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ.ჩიტაია). სამაროვანზე გამოვლინდა ქვის სამარხები. ადრინდელ შუა საუკუნეების ერთ-ერთ ქვისსამარხში აღმოჩნდა აბზინდა, საყურე, ბეჭედი, სამაჯურის ფრაგმენტები, ბრინჯაოს ორნამენტირებული ბალთასასანური ინტალიო - საბეჭდავი, რომელსაც ცეცხლის კვალი ემჩნევა და სხვა. გვიანდელი შუა საუკუნეების სამარხში კი აღმოჩნდა ბრინჯაოს ბურთულებისაგან შედგენილი მტევნებით დაბოლოებული საყურეების, სამაჯურის და ჯაჭვიოოს ფრაგმენტები, აგრეთვე ბალთები, სარკეები, მინისა და სარდიონის მძივები, რკინის სამაჯურები და სხვა. მასალა ინახება საქართველოს მუზეუმში.
VII. საქვაბე დგას სოფლის შუა უბანში. შენობა გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია ფიქლით, მშრალად. მტავარი ფასადი დასავლეთით აქვს მიმართული. ამავე მხარესაა ერთადერთი განიერი და მაღალი სწორკუთხა შესასვლელი. შეგნით, აღმოსავლ;ეთ კედლის გასწვრივ, ფიქლით, მშრალად ნაგები კერაა. კერაში ჩასმულია ორი სალუდე ქვაბი, რომლებიც ჯაჭვებითაა ჩამოკიდებული სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე გადებულ ხის ძელზე. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში გამართულია სვიის მოსახარში კერა. სამხრეთის კედელტან დგას მოხარშული ლუდის (დარკოს) ჩასაწური ნავი, რომლეიც ფიჭვის მთლიანი ხისგან არის გამოთლილი. ნავის ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებზე გადებულ ძელზე, ჩამოკიდებული იყო ლუდის გასაწური ტომრები (ხაკები). კედლებში დატანებულია სამი მცირე ზომის ნიში, იატაკი მიწურია. ნაგებობა გადახურულია ხის ძელებზე მოწყობილი ფიქლის ცალფერდა სახურავით, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენაა დაქანებული.
VIII. ციხე-სახლები. ციხე-სახლების კომპლექსი მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, მდინარე დართლოსწყლის ნაპირზე და განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსი შედგება ერთმანეთისაგან 1 მეტრით დაშორებული ორი კოშკური ციხე-სახლისაგან. ერთ ხუთსართულიანია, მეორე - ექვსსათულიანი. სახლები ნაგებია ფიქლით, მათი სართულშუა გადახურვები და ბოლო კედლების ზედა ნაწილები ჩამონგრეულია.
ა) ხუთსართულიანი (ხუთთვალიან) სახლს (6,6X5 მ) შესასვლელი პიველ სართულზე აქვს, ჩრდილო-დასავლეთიდან, მტრიდათვის ძნელად მისადგომი მხრიდან. პირველი სართულის დამნარჩენი სამი კედელი ყრუა. სხვა სართულებზე თიოთო კარია და სათოფურები. აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე სართულის დონეზე, შემორჩენილია ქვის სამი კონსოლი, რომლებზედაც ხის აივანი იყო გამართული.
ბ) ექვსსართულიან სახლში (5,8X6,3 მ) შესასვლელი პირველ, მეორე და მესამე სართულებზეა, ჩრდილო-დასავლეთით. პირველი სართული დანარჩენი სამი კედელი ყრუა. მეორიდან მეექვსე სართულამდე, სამხრეთ-დასავლეთით, სიმეტრიულად ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. სათოფურების რაოდენობა პირველ სახლტან შედარებით ნაკლებია. მეოთხე სართულის თითოეულ კედელში ყოფილა სალოდე. დასავლეთის ფასადზე, მეორე სართულის დონეზე, სამი კონსოლია.
ორივე ნაგებობაში სართულშუა ბრტყელი გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული (შემორჩენილია კოჭების ბუდეები). ყველა კარის წირთხლები საურდულე ბუდეებითაა.
8. Zeglis daqvemdebareba da statusi
სოფელი დართლო თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
9. gamoyenebuli masalebi da bibliografia
1. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ2. 2008წ.
2. გიორგი ბოჭორიძე - "თუშეთი", 1993წ.
3. სერგი მაკალათია - "თუშეთი", 1983წ.
4. ფოტოების ავტორი – ია მელითაური და დიმიტრი ნადირაძე.
10. marSruti
http://www.dpa.gov.ge
11. bmulebi
http://ka.wikipedia.org
http://www.nplg.gov.ge
http://likunaaaaaaa.piczo.com
|