ვარსკვლავთმეტყველებისათვის
(ასტროლოგია, ზოდიაქო და ზოდიაქოს ნიშნები)
თითოულ მნათობს თავისი განსაკუთრებული ლითონი აქვს მინიჭებული:
მზეს — ოქრო;
მთვარეს — ვერცხლი;
მარსს — რკინა;
მერკურიუსს — ვერცხლის წყალი;
იუპიტერს — კალა;
ვენუსს — სპილენძი;
სატურნუსს — ტყვია.
მნათობთა სახელები ერქვა და ჰქვია დღესაც ევროპიულ ენებზე შვიდ დღესაც —
დიეს სოლის — დღე მზისა — კვირა
დიეს ლუნაე — დღე მთვარისა — ორშაბათი
დიეს მარტის — დღე მარსისა — სამშაბათი
დიეს მერკურიი — დღე მერკურიუსისა — ოთხშაბათი
დიეს იოვის — დღე იუპიტერისა — ხუთშაბათი
დიეს ვენერის — დღე ვენუსისა — პარასკევი
დიეს სატურნი — დღე სატურნუსისა — შაბათი.
თვალთ პატიოსანთ ანუ ძვირფას ქვებს თავიდანვე, ფერთა გამო, მნათობებთან და ვარსკვლავებთან აკავშირებდნენ. ეს სწავლაც გავრცელდა ქალდეველთაგან ეგვიპტელთა და ებრაელთა შორის და შემდეგ ყველგან. ძველი საიდუმლო მოძღვრების მიხედვით, ძვირფას ქვებს აქვთ ძალა: მოიზიდონ ვარსკვლავთ გავლენა და იგი კაცისათვის გამოიყენონ. ამიტომ კაცმა ის თვალი პატიოსანი უნდა იქონიოს, რომელიც მისი დაბადების დღეს ეკუთვნის და, ამნაირად, სათანადო ვარსკვლავს მიეწერება. მაშასადამე, კაცმა ყოველდღიურად ის თვალი პატიოსანი უნდა ატაროს, რომელიც თითოულ დღეს შეეფერება —
ორშაბათს — მარგალიტი და თეთრი ფერის თვალი
სამშაბათს — ლალი და ყველა ცეცხლის ფერი
ოთხშაბათს — საფირონი, ფერუზი და ლურჯი
ხუთშაბათს — ამეთისტი და სისხლის ფერი
პარასკევს — ჰიაცინტი, ზურმუხტი
შაბათს — ალმასი, ბრილიანტი
კვირას — ოქრო და ყველა ყვითელი თვალი.
შვიდნი მნათობნი კაცის ჰასაკსაც განაგებენ და თითოული ჰასაკი თითოულ მნათობს მიეკუთვნება. ეს წარმოდგენა გამოქანდაკებულიც არის ვენეციის დოჯთა სასახლის სვეტის თავზე (სასახლე აგებულია 1341 — 1347 წ.). მთვარე იცავს ბავშვს ოთხ წლამდე; მერკურიუსი — ათი წლით; ვენუსი — შვიდი წლით; მზე 19 წლის განმავლობაში; ორმოცი წლიდან მარსი იცავს კაცს 15 წლის განმავლობაში: იუპიტერი განაგებს შემდეგი 12 წლის განმავლობაში და სატურნუსს მიჰყავს მოხუცი სიკვდილისაკენ, და ეს არის უკანასკნელი ვარსკვლავი, რომელიც სიკვდილს პატრონობს — ულტიმა აეტას.
ასტროლოგიის მთავარი სწავლა შეიქმნა ადამიანის ბედის გამორკვევად, მისი ჩასახვისას, ან დაბადების წუთის მიხედვით. ჰოროსკოპი არის დაბადების ან რომელიმე მოვლენისათვის დადგენილი წამი (ჰორა, ორა — საათი, ჟამი), რომელიც მნათობთა და ვარსკვლავთ ურთიერთის მიმართ დგომასა და განლაგებას გვიჩვენებს. სხვა და სხვა ვარსკვლავთა შეყრის ანუ შეხვედრის ეს წერტილი დაბადების წამში ან რაიმე მოვლენის წუთში არის გადამწყვეტი ადამიანისა და მოვლენისა მომავალისათვის, ხალხთა და ამბავთათვის. ამ ხვედრის გამოსარკვევად საჭირონი არიან შვიდნი მნათობნი, თორმეტნი სახლნი, თორმეტნი ზოდიაკონი და ზოგ მოზიმზიმე ვარსკვლავთა ყოფნაც. ყველანი ეს ვარსკვლავნი თუ როგორ არიან ცაზე დალაგებულნი, რა წერტილში, რა დაშორებით, რა ურთიერთობით და რა გავლენით ერთმანეთზე, — ესაა ყოველი მოვლენის მოავალის, ბედის გადამწყვეტი, ჰოროსკოპი.
ჰოროსკოპში უდიდესი მნიშვნელობა ასპეკტს აქვს. ასპეკტი (ხედვა, მზერა, მხარე) არის მნათობთა მდგომარეობა, ანუ ალაგი, მზერა ზოდიაკოთა წრეში. მნათობნი ერთსა და იმავე ზოდიაკოში და იმავე სახლში არიან შეყრაში (კონიუნკციო); მნათობნი მოპირდაპირე ზოდიაკოში და სახლში, არიან განყრაში, დაპირისპირებაში (ოპპოზიციო).
ჰოროსკოპის სრულიად უბრალო მაგალითი — თუ ბავში დაიბადება, როცა მთვარე ამოდის, მისი ცხოვრება იქნება ბრწყინვალე, ბედნიერი, მართალი და გრძელი. ოდეს ბავშვი დაიბადება მარსის ამოსვლისას, მას, ბავშვს ზიანი მოუვა, ავად გახდება და მოკვდება. თუ ბავში დაიბადება, როცა ვენუსი ამოდის და იუპიტერი ჩადის, შემდეგში მისი ცოლი იქნება უფრო ძლიერი, ვინემ თვითონ; როცა იუპიტერი ამოდის და ვენუსი ჩადის, ამ წუთში დაბადებული იქმნება ბედნიერი და სხვა.
რასაკვირველია, ვარსკვლავთ თაყვანება, მათ მიერ ბედის გამგეობა და მათგან ადამიანის მომავალის დამოკიდებულება, თავის თავად მათდამი მიმართვას, ლოცვასა და მსხვერპლს მოითხოვდა. ამიტომ მრავალია ის გალობა, მსხვერპლთა წესი და ლოცვა, ვედრება ანუ აჯა ვარსკვლავთადმი. ამ გალობა-მსხვერპლის საშუალებით კაცს შეუძლია ვარსკვლავთ დახმარება თხოვოს და ვარსკვლავსაც შეუძლია მას ეს შემწეობა აღმოუჩინოს. მაგრამ ამას გარდა, კაცს შეუძლია, თუ ვარსკვლავი გაჯიუტდა და მას თხოვნა არ შეუსრულა, თუ მას მწარე ბედი შეექმნა, ვარსკვლავებზე მაღლა მდგომს ღმერთს მიმართოს და მისი წყალობა ითხოვოს. ამგვარად, შესაძლებელი იყო ულმობელი და სასტიკი ბედის შერბილება, უცვლელი და გარდაუვალი ბედისწერის შეცვლა. მხოლოდ მაღალ ღმერთს შეუძლია ვარსკვლავური ღმრთისა და ბედის ცუდი გადაწყვეტილება ან შესცვალოს ან შეამსუბუქოს. ეს შეხედულება ძველია, განმტკიცებული აგრეთვე საიდუმლო, ჰერმეტულ მოძღვრებათა და მისტერიებით.
ცნობილმა ასტრონომოსმა პტოლემაიოსმა, რომლის უდავო გავლენა შუა საუკუნეთა დასასრულამდე ბატონობდა, ადამიანის ბედის საკითხზე წარმოადგინა დებულება, რომლის მიხედვით, ცუდი ბედის აცილება შესაძლებელია ასტროლოგიური მკითხაობის ძალით, შესაფერის წუთში სათანადო საწინააღმდეგო ზომების მიღებითო.
ცნობილი იყო აგრეთვე ამავე მიზნით უმაღლესი ღმრთისადმი მიმართვა, რათა მან თავის ვარსკვლავს დაავალოს დახმარება და შემწეობა. რასაკვირველია, ასტროლოგიას თავისი მკაცრი მოწინააღმდეგენი ჰყავდნენ, მაგრამ მომავალისა და ბედის წინასწარი გამორკვევა იმდენად წარმტაცი და მომხიბლველია, რომ ამ მოძღვრებას დღესაც დიდი გასავალი აქვს.
ასტროლოგიამ განსაკუთრებული დიდი ადგილი დაიკავა სტოელთა ფილოსოფიაში. პანაიტიოსის შემდეგ, პოსეიდონის აპამაელმა განამტკიცა ასტროლოგიური სწავლა, რომელიც რომს მოედო... გამოფიტული ბერძნული და რომაული ღმერთების ყველა თვისება მნათობებზე გადაიტანეს და ასტროლოგია გახდა, აკადემიკოს ფრანს კიუმონის მკვეთრი გამოთქმით, მეცნიერული თეოლოგია, განსაკუთრებით მითრას რელიგიაში. არა მარტო რელიგიამ, არამედ ყველა მეცნიერებამ ასტროლოგიას ფართოდ კარი გაუღო — ბუნებისმეტყველება, მედიცინა, ქიმია, მინერალოგია, ეთნოგრაფია და სხვა, მეთუთხმეტე საუკუნემდე და შემდეგაც, ასტროლოგიის სრული გავლენით ვითარდებოდა და მიემართებოდა. ამას პროფ. ფრანც ბოლლი გვიდასტურებს — ასტროლოგია ჰუმანიზმსა და რეფორმაციას არავითარი გზით უკან არ დაუხევია, არამედ წიგნის ბეჭდვის საშუალებით, პირიქით, ძალიან გავრცელდა. ქათოლიკურ და პროტესტანტულ ქვეყნებში ასტრონომოსები და უბრალო ხალხიც ასტროლოგიით გართულნი იყვნენო. ასტროლოგია დარჩა, შემთხვევითი წინააღმდეგობის მიუხედავად, მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრულამდე ცხოვრების ერთ უდიდეს ძალადო.
ჯერ კიდევ 280 წელს ქრისტეს წინ ბეროსოსმა დასწერა ”ბაბილონური ისტორიანი” და მერმე ეგვიპტეში 150 წ. თითქო
|
ნეხეპსო და პიზიტორისმა დასწერეს ორი ასტროლოგიური თხუზულება, რომელმაც ასტროლოგიის განვითარება-გავრცელებაში დიდი მნიშვნელობა მიიღო. პტოლემაელთა სამეფო გვარის დროს, ეგვიპტეში, განსაკუთრებით ქალაქ ალექსანდრიაში, ფილადელფოსის (235 — 247 წ. ქრ. წინ) მიერ დაარსებულ მუზეუმში დაიწყო ასტრონომიისა და ასტროლოგიის აყვავება. ტიმოხარის და არისტელლოსმა დაიწყეს თავისი ასტრონომიული დაკვირვებანი და ეკვატორი დაადგინეს. ამათ მოჰყვა შემდეგ ასტრონომიის ნამდვილი დამაარსებელი, ასტრონომიის მამა, ჰიპარხოს ნიკეანელი (ქრ. წინ 160 — 126 წ. მასწავლებლობდა), რომელმაც შეადგინა თხუზულება უძრავ ვარსკვლავთა და მნათობთა წესრიგის შესახებ და რომელზეც დაემყარა შემდეგ უდიდესი ასტრონომოსი, ”გარდასრულ ხანათა უდიდესი გონება” კლაუდიოს პტოლემაიოს (87 — 165 წ. ქრ. შემდეგ).
პტოლემაიოსმა ალექსანდრიაში კეისარ ანტონიუს პიუსის დროს (138 — 161) დასწერა თავისი დიდად განთქმული საასტრონომიო შრომა, ასტრონომიული ბიბლია, სახელით: ”მათემატიკოს სინტაკსის”, რომელიც გაბატონებული იყო ახლანდელი ასტრონომიის დაწყებამდე. ვინაიდან პტოლემაიოსის თხუზულება თავისი სწავლით მეტად რთული იყო, ამან გამოიწვია მრავალი თარგმანება და განმარტება. ამბობენ, ალექსანდრიელმა პაპპუსმა მის შესახებ 13 წიგნი დასწერაო. მესამე საუკუნეში პტოლემაიოსის სწავლის შესასწავლად ალექსანდრიელმა მეცნიერებმა დააგროვეს ყველა ასტრონომიული და მათემატიკური შრომა, რომელსაც ”პატარა ასტრონომიის” ნაწერი დაერქვა; სახელი ”პატარა ასტრონომია” ნახმარია დიდ ასტრონომოს პტოლემაიოსის ნაწერთან შედარებით. ამას შემდეგ პტოლემაიოსის შრომას დაემატა ზედმეტი სახელი ”დიდი” ანუ ”მეგალ”, რომლისაგან ”მეგისტე” უდიდესს ნიშნავს; მას წინ დაერთო არაბული ნაწევარი ”ალ” და ამგვარად წარმოიშვა პტოლემაიოსის შრომათა ახალი სახელი — ალმაგესტ ანუ უდიდესი, რომლითაც იგი დღესაც ცნობილია.
ალექსანდრიელმა სწავლულებმა (არისტარხოს სამოსსელი და სელევკოს სელევკიელი, მესამე საუკუნე ქრისტეს წინ) გამოიმუშავეს შეხედულება, რომლის თანახმად დედამიწა რგვალია და ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო 24 საათის განმავლობაში. არისტარხოს სამოსელმა, რომელმაც მიიღო, შეიძლება, პითაგორიანთა მოძღვრება, შეთვისებული ჰერაკლიდეს სამოსსელის მიერ, — როგორც ამბობს პროფ. რივო, — ამტკიცებდა, დედამიწა არის პლანეტა და არა ურყევიო და მსოფლიოში მზეს უკავია ცენტრალური მდგომარეობაო. 28. მაგრამ ეს შეხედულება იმდენად დაუჯერებელი და უცხო, იმდენად შეუთვისებელი და გაუგებარი იყო, რომ მან ძველი სწავლა ვერ შეარყია და დარჩა ისევ ძველი აზრი, რომლის თანახმად დედამიწა
არის უძრავი და გული მთელი მსოფლიოსი, და ეს მსოფლიო თავისი შვიდი ცით მის გარშემო ტრიალებსო.
ალექსანდრიის აკადემია ეგვიპტეში თანდათან სუსტდებოდა, ირღვეოდა და ბოლოს მან თავისი ბრწყინვალე სახელი მას შემდეგ დაჰკარგა, რაც კონსტანტინოპოლში პატრაირხი ნესტორიუსის († 461) მიმდევრებმა, ნესტორიანებმა ანტიოქიაში და ედესაში თავისი აკადემია დააარსეს. (ნესტორიანთა მოძღვრებით, ქრისტეში ორი პიროვნებაა ცალკეულად. მარიამი არაა დედა ღმრთისა და სხ. ეფესოს ყრილობამ უარჰყო ეს სწავლა და მისი მიმდევრები მწვალებლებად გამოცხადა). ამ ახლად დაარსებულ აკადემიაში ბერძნულიდან სირიულად ითარგმნა ასტრონომიული თხუზულებებიც. მაგრამ რადგან სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული ქრისტიანობა თავის ყოველ განხრას და მათ შორის ნესტორიანთაც სდევნიდა, ამიტომ ნესტორიანებმა თავისი აკადემია გადაიტანეს მიზიბის-ში, განდისპორა-ში
(სპარსეთი), შაჰ ხოსრო ნუშირვანის (532 — 579) ნებართვით. აქ, სპარსეთში დაიწყო მაშინ ბერძნულ თხუზულებათა თარგმანი სპარსულ ენაზე.
ეს ის ხანაა, როდესაც არაბეთში უკვე დიდი მოძრაობა დაიწყო და ისლამი შეიქმნა. ისლამი უმთავრესად პოლიტიკური რელიგიაა და ამ რელიგიით გატაცებულმა არაბულმა ტომებმა მალე ცეცხლითა და მახვილით ბატონობის ასპარეზი მოიპოვეს ინდოეთის მდინარე განგიდან ატლანტიკის ოკეანემდე, ესპანეთში არაბული სახელმწიფოს დაარსებით. და გუშინდელნი უდაბნოელნი იმ განათლებას დაეწაფნენ, რომელიც მათ მზად დახვდათ. მუსულმანური კულტურის დასაწყისად საერთოდ მერვე საუკუნის მეორე ნახევარი ითვლება. აბასსიდმა ხალიფამ აბუ-ჯაფარ ალ-მანსურმა 762 წელს ქალაქი ბაღდადი დააარსა, რომელიც სატახტო ქალაქს გარდა, სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. ალ-მანსურის შვილისშვილმა ჰარუნ ალ-რაშიდმა (786 — 809) სამასი სწავლული გააგზავნა ბერძნულ ხელნაწერთა შესაგროვებელად და შესასწავლელად. ქალაქ ბაღდადში აუარებელი სამეცნიერო მასალა დაგროვდა. ხალიფა ალ-მამუნმა (813 — 833) დამარცხებულ ბიზანტიის კეისარს, მიხეილ მეორეს 823 წელს საზავო ხელშეკრულებაში მუხლი შეატანინა, რომლის ძალით იმპერატორს ხალიფასათვის უნდა მიეცა ბერძნული ხელნაწერები, ან ამ ხელნაწერთა ასლები. 827 წელს იმავე ხალიფა ალ-მამუნის ბრძანებით გადათარგმნეს პტოლემაიოსის მატემატიკოს სინტაქსის, რომელსაც არაბულად დაერქვა ”ალმაგესტა”, როგორც ეს უკვე ზემოდ აღვნიშნე. მანვე შეადგინა სწავლულთა წრე, რომელს თვითონვე ხელმძღვანელობდა. ბაღდადსა და დამასკოში ააშენეს ობსერვატორია, სადაც განთქმულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ხალიფა ალ-მაჰდის სასახლეში სირიელი ქრისტიანი სწავლული, ჰომეროსის მთარგმნელი, თეოფილოს ედესსელი, პირველი ასტროლოგოსი იყო. არაბები გაიტაცა ასტრონომიამ და ასტროლოგიამ და ამ საკითხზე მრავალი თხუზულება წარმოიშვა.
პირველი ასტროლოგიური თხუზულება არაბულ ენაზე, რამდენად დღემდე ცნობილია, ეკუთვნის აბუ-იუსუფ-იაყუბ ელ-ყარჩის (მეცხრე საუკ.), რომლის ასტროლოგიური შრომა დაყოფილია 12 თავად 12 ზოდიაკოს მიხედვით. ზოგი ამტკიცებს, პირველი ასტრონომიული შრომა, რომელიც არაბებმა გაიცვნეს, იყო 628 წ. დაწერილი ინდური თხუზულება სინდთატა-სი, რომელი იბრაჰიმ ალ-ფაზარიმ არაბულად თარგმნაო.
არაბებმა თავის მასწავლებელ ბერძნებს მალე წინ გაუსწრეს. ამ ეგრეთ წოდებულ არაბ მეცნიერთა რიცხვში შედიოდნენ სხვა და სხვა დაპყრობილ ერთა შვილები. მეათე საუკუნის დამდეგს არაბულ ენაზე თითქმის ყველა ბერძნული ასტრონომიური და ასტროლოგიური თხუზულება იყო გადათარგმნილი. არა ერთხელ გადათარგმნეს პტოლემაიოსის ალმაგესტა და ახალმა მეცნიერებმა თავიანთ დაკვირვებათა შედეგად ასტრონომია წინ წასწიეს. ყველა ასტრონომთა შორის განთქმული იყო მუჰამმედ ებნ ჯაბერ ებნ სენან აბუ აბდალლაჰ ალ-ჰარან, სხვა სახელით: ალ-ბატანი, არა მაჰმადიანი, არამედ საბიანი, ვარსკვლავთ თაყვანისმცემელი. (გარდაიცვალა 929 წ.) (ჰარრანელნი ანუ საბიანნი იყვნენ სირიელნი წარმართნი რომელნიც ისლამის ბატონობის მიუხედავად, ვარსკვლავურ რელიგიას მისდევდნენ. არაბთა ცნობით, ისინი ქალდეანთა ჩამომავალნი იყვნენო). მეორე ადგილი ეჭირა იუნისს (გარდ. 1008 წ.); შემდეგ მოდის ჰასსან, ზედმეტი სახელით: ელ-სუფი. შემდეგი არის ზაქარია ყაზვინელი (1200 — 127). ეს ის დროა, როდესაც მონღოლთა მძლეთა მძლე ლაშქარმა აღმოსავლეთიდან დასავლეთი გადმოლახა და ჩინგიზის ბადიშის ხულაგუს ლაშქარმა (რომელში მოწინავედ ქართველები და სომხები იყვნენ), 1258 წელს ბაღდადი აიღო: ხალიფა სიცოცხლეს გამოასალმეს. ხულაგუმ ყველა მეცნიერს თავი მოუყარა თავის აგარაკში — მარაღა, ურმიის ტბასთან. აქ დააარსეს ობსერვატორია და ასტრონომოსთა ხელმძღვანელი იყო ცნობილი ნასრ ედდინ ტუსი. ამ დაპყრობათა შედეგად მეცნიერება გადაბარგდა ერთი მხრივ თურქესტანს და მეორე მხრივ — ესპანეთს, სადაც არაბებს დამოუკიდებელი ხალიფატი კორდობა ჰქონდათ.
ისლამურ-არაბული ასტროლოგია სამ ნაწილად განიყოფებოდა: 1) შეკითხვითი სწავლა (მასაილ, ინტერროგაციონეს) ვარსკვლავთა მიმართ და ვარსკვლავთა პასუხი ამ შეკითხვებზე. მაგალითი: ვარსკვლავთ ეკითხებიან შორს მყოფ ნათესავთა შესახებ, ქურდზე, დაკარგულზე და ყოველ დღიური საკითხების შესახებ. ეს არის უბრალო და ჩვეულებრივი ასტროლოგია. 2) ამორჩევის წესი (იხტიჲარატ, ელეკციონეს) — არჩევა შესაფერი წუთისა რომელიმე საქმის დაწყებისათვის, — როდის და როგორ უნდა შესრულდეს ესა თუ ის საქმე. 3) წარმოშობითი (გენეტიალოგიური) წესი; ამის მიხედვით ვარსკვლავთ ეკითხებიან ბავშის დაბადების, მეფობის დასაწყისის, ქალაქის დაფუძნების, რელიგიურ განხრათა დაარსების და სხვა ამგვარ თარიღთა შესახებ: რა ბედი უწერია ამა და ამ ვარსკვლავზე დაბადებულ ბავშს; რა მოელის ამა და ამ სამეფოს, ხალხს. ესაა კატარხაი — მარჩიელობა საქმეთა და მოვლენათა შესახებ. აი, ამ ნიადაგზე მთელს აღმოსავლეთში გაბატონებული იყო ასტროლოგია, და თუ რა ზომად ძლიერ, ამას ახლავე გავიცნობთ.
განთქმული მეცნიერება მეცნიერებათა უკვე იესო ქრისტეს წინ, — ასტროლოგია, — შუა საუკუნეებში გახდა თვით ცივილიზაციის საფუძველადო, — ამბობს ალ მაზარენი. იმ ხანაში, ინდუსის ხეობიდან დაწყებული, ბოსფორის ნაპირებამდე, მთელი ქვეყანა განუსაზღვრელი აღფრთოვანებით მნათობთა და მთვარის სახლთა ცხრილს შესცქეროდა, რომელს ფარსელ წინასწარმეტყველს ძამასპ-ს და მის ოსტატს ზარათუშტრას მიაწერდნენ. მეექვსე საუკუნეში, როდესაც გამოცხადდა ”ყურანი”, ამან მოითხოვა მხოლოდ ალლაჰისათვის სახელი და დიდება ზოდიაკოთა და მანზილთა ანუ მთვარის სახლთა შექმნისათვის, რადგან ისლამი, იგიც, ”ქალდეანთა” მისნობის ხელოვნებაზე დაფუძნებული, რამოდენიმე იშვიათ განათლებულთა გარდა, რომელნი ჭარბი იჭვნეულობით შეპყრობილნი იყვნენ, მთელ ქვეყანას იმ ხანად, რომელს ჩვენ ვსწავლობთ (მეათედან მეცამეტე საუკუნემდე, ამის ჩათვლით), ასტოროლოგია რწმენოდა: მორწმუნენი თავჩაქინდრულნი მისდევდნენ ცის, ძამასპის, ზარათუშტრას, ეზეკიელის, დანიელის და სხვა რამოდენიმე წინასწარმეტყველის აღიარებულ განმამარტებელთ, ხოლო ”თავისუფალი მოაზრენი” პირდაპირ ვარსკვლავთ ეკითხებოდნენ. როგორც პირველნი, ისე მეორენი ასტროლოგიით იყვნენ შეპყრობილნი. ყოველ წელიწადს, ზამთარის დასასრულისათვის ალმანახთა აუარებელ რიცხვს აქვეყნებდნენ ხოლმე. (ალმანახი — ”ალ” აქ არის არაბული ნაწევარი, ხოლო ”მანახ” არის ქალდეური სიტყვა, რაც ნიშნავს: წინასწარ ხედვა, განჭვრეტა). ეს მრავალთ მრავალი ალმანახი სხვა და სხვა ზომისა და სხვა და სხვა ფასისა, აგრეთვე სხვა და სხვა მსყიდველს მიმართავდა, რადგან სულ მცირეოდენთა გამოკლებით, არავინ არც ერთი შემთხვევას არა ჰკარგავდა, ეს ალმანახი შეეძინა და ყოველი დილით ყურადღებით გაერჩია...
ალმანახში მოთავსებულნი იყვნენ წინა თქმანი მთელი წლისათვის; იგი უსურვებდა ყველას კარგს, ბედნიერ და კურთხეულს; შეიცავდა მითითებას ამინდთა, ქართა=მუსსონთა, ზღვათა მიმოქცევათა შესახებ; ის წინასწარ ამბობდა თითოული სახელმწიფოსათვის და ხალხისათვის მნათობთა შეყრასა და განყრაზე, მეფეთა, თავადთა და ვაზირთა ჯანმრთელობაზე; იტყობინებოდა პოლიტიკურ და სოციალურ ამბებზე, ომებისა, რევოლუციებისა, სიკვდილიანობისა, მოარულ სენთა, და სხვა ამგვართა შესახებ. ამას გარდა იგივე ალმანახი თვითეული მთვარისათვის ამტკიცებდა მთავარ ხელობათა ხვედრს: სუფიებისა, მეცნიერთა, კანონის ხალხთა, მოლაშქრეთა, ვაჭართა, მიწის მოქმედთა და მონათათვის და არ დაივიწყებოდა არც მდგომარეობა ჯოგთა... ამგვარად, სარკინოზული (არაბული) ალმანახი თავის პატრონს აუწყებდა — ყოველი დღის, და კიდევ მეტი, ყოველი საათის ბედნიერ და უბედურ მხარეს არა მარტო ისლამის მეცნიერთა მიხედვით, არამედ აგრეთვე ინდო- სკვითურ, ზარათუშტრას, ქალდეანთა და თვით ბიზანტიელ ”მათემატიკოსთა” მიხედვით!
ყველაფერისათვის ალმანახი იყო ხელმძღვანელი ძვირფასი და მას გამუდმებით ეკითხებოდნენ. ალმანახი გირჩევდა, თუ რა დღე და რა წამი არის ხელსაყრელი, რათა ითხოვო ასულის ხელი, დანიშნო დღე ქორწილისა, აწოვო ძუძუ ჩვვილს, წინ ცვეთო იგი, დაუწყო მას ”ყურანის” კითხვის სწავლა; ალმანახი ნიშნავდა ზუსტად წუთს, თუ როდის არის უმჯობესი წახვიდე აბანოში, მიიღო სასაქმებელი, გაიღო სისხლი და სხვა. არავინ არ მოაწერდა ხელს რაიმე ხელშეკრულებას, არ ისესხებდა ფულს, არ იყიდდა რაიმეს, არ დაიწყებდა შენებას, არ გაემგზავრებოდა, არ ესტუმრებოდა, არ გაუგზავნიდა და არ გახსნიდა წერილს, არ დაიწყებდა საჩივარს, — სანამ თავის ალმანახში არ ჩახედავდა და იქ რჩევას არ გამოარჩევდა; ასე რომ კაცის კერძო ცხოვრება ასტროლოგიურ ცივილიზაციაში, იყო იგი კარგი მუსლიმანი, თუ არა-
მუსლიმანი გამარჯვებული თუ დამარცხებული პრინცი, ვაზირი თუ გლეხი, აქიმი თუ სნეული, თავისი ალმანახის წინასწარი რჩევისაგან, მისი მკითხაობისაგან იყო მჭიდროდ დამოკიდებული. არისო, — ამბობდნენ, — ”დრო დანიშნული” და მას ანგარიში არ გაუწიო, იქნებოდა სიგიჟეო, და ეს დაისჯებოდა არა მარტო უეჭველი წაგებით, არამედ მძიმე უსიამოვნებითაცო. აქ მსურს ერთი რამ აღვნიშნო: ჩემს ახალგაზრდობისას, ჭიათურის რაიონში, არა ერთჯერ დავსწრებივარ წიგნით მარჩიელობას. ამ წიგნს ეძახდნენ, როგორც მახსოვს, ”ეფრემვერდი”-ს. მაშინ არ მესმოდა, რომ ეს ეფრემვერდი, რომელს მკითხაობისათვის
ხმარობდნენ არის იგივე ”ეფემერიდები”, ანუ ასტროლოგიური ცხრილი, რომელიც ყველგან ასტროლოგიაში იხმარება და არაბულ ალმანახს უდრის. სამწუხაროდ, ეს წიგნი აღარ შემხვედრია, რათა დანამდვილებით მისი რაობა გამომერკვია.
ბიზანტიის იმპერიაში კარგა ხანის განმავლობაში მეცნიერება მიყუჩებული იყო; მხოლოდ მერვე საუკუნედან იფურჩქნება ასტრონომია და მასთან ერთად ასტროლოგია. კეისარმა თეოფილოსმა კონსტანტინოპოლში ფილოსოფოს ლეონს ასტროლოგიის კათედრა ჩააბარა. ბიზანტიელი მგოსანი მეთორმეტე საუკუნისა, რომელმაც ცა აღწერა, — იოანნეს კამატეროს, იყო უკანასკნელი მწერალი ასტროლოგიის დარგში.
ბიზანტიური მეცნიერება თავისი ასტრონომიით და ასტროლოგიით უკვე სავსებით არაბულის გავლენაშია და არაბულ-სპარსული წყაროთი იკვებება. ბერძნულ ასტრონომია - ასტროლოგიაში დაიბუდა ვარსკვლავთა არაბულმა სახელებმა და ტექნიკური გამოთქმები გახდა არაბული, ვინაიდან ძველი ბერძნული გამოსადეგად აღარ მიიჩნიეს. IX-X საუკუნეში ბიზანტიაში ასტროლოგიური სწავლა მტკიცედ ფეხზე იდგა, თუმცა მას თითქოს ებრძოდნენ კიდეც. თვით მიხეილ პსელლოს (1018-1096) ლექციებს კითხულობდა ასტროლოგიის შესახებ, რომელს იგი არ იზიარებდა. პსელლოსის მეგობრები: იოანნე ქსილიფონო და მიხეილ კერულარიოს, კონსტანტინოპოლის პატრიარხები, ოკულტიზმითა და ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ და მას ქრისტიანურ მოძღვრებას უკავშირებდნენ; მათ გვერდს უშვენებდნენ სწავლულნი ბერი ხიოს და ბერი ნიკეტოს და მარჩიელი დიაცი დოსითეა. ამიტომ მიხეილ პსელლოსი ებრძოდა თავის მეგობრებს და მათ ხალდეიზმს აბრალებდა. (ქალდეიზმი ეწოდებოდა მაშინ: წარმართულ ელლინიზმს, მაგია-ოკულტიზმს, ასტროლოგიას და ნეოპლატონურ თეურგიას). ბიზანტიურ საზოგადოებაში, — ბ. ტატაკის თქმით, — ძლიერად გავრცელებული იყო (მეთერთმეტე საუკუნეში) ასტროლოგია, სხვა საიდუმლო სწავლასთან ერთად; განსაკუთრებით ასტროლოგიას მიეცა ფართო გასაქანი. იმის მიუხედავად, რომ საეკლესიო მამანი ასტროლოგოსებს სწყევლიდნენ და აძევებდნენ, იმპერატორები და საზოგადოების მაღალნი ფენანი ასტროლოგიით გატაცებულნი იყვნენ და მეცნიერთა, სწავლულთა წრეშიც იგი ფესვმოდგმული იყო. 792 წელს, როდესაც კონსტანტინე მეექვსემ ბულგართა წინააღმდეგ გაილაშქრა, ამის შესახებ ჯერ ასტროლოგოსებს შეეკითხა. ასტროლოგოსები სასახლეში ბატონობდნენ. მანუელოს კეისარი (1118–1143) მეცნიერებისა და მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო: იგი კითხულობდა აგრეთვე ასტროლოგიურ წიგნებსაც (როგორც დავით აღმაშენებელი), ხოლო იმპერატორი ალექსის მესამე 1202 წელს ასტროლოგოსის რჩევით სწყვეტავდა საკითხებს. ხალკედონში ყოფნისას მის წასაყვანად გემი მოვიდა, ასტროლოგოსებმა ურჩიეს არ-წასვლა, რადგან ვარსკვლავთა განლაგება უკეთურიაო. არ წავიდა. მაგრამ შემდეგ კი, ოთხ მარტს (1202 წ.) ასტროლოგოსებმა კეისარს აცნობეს, ეს დღე ბედნიერი არისო, მხოლოდ მზის ამოსვლამდე აბრძანდით გემზეო. იმპერატორი გემზე ავიდა, ოღონდ სწორედ ამ დროს მოხდა დიდი მიწის ძვრა, ბევრი ხალხი ჩაყლაპა მიწამ, მაგრამ გემი მაინც გადარჩა. ანდრონიკე პირველი კომნენოს, ალექსი მესამე, დედოფალი ეფროსინე ასტროლოგოსებით იყვნენ შემორტყმულნი; დიდი მეცნიერებიც კი კერულარიოს, ნიკეტას ხონიატეს და სხვანი, და მეთორმეტე საუკუნეში ნიკიფორე გრეგორას, პახიმეროს თეოდორე მეტოხიტეს და სხვანი, — გონებრივი ბრწყინვალება იმ ხანისა! — ასტროლოგიას მისდევდნენ. ასეთი ძლიერი იყო ბიზანტიაში ასტროლოგის გავლენა.
ასტროლოგიისადმი ინტერესი შემდეგ საუკუნეებშიც გაგრძელდა ბიზანტიაში და იქედან რომს შეეხიზნა და ლათინურ ქვეყნებში დამკვიდრდა. ეს არის ერთი გზა ბიზანტიური, არაბულ-ესპანურ და არაბულ-სიცილიურ გზის გარდა, რომელმაც ლათინური დასავლეთი ასტროლოგიას დააპყრობინა. ბასილ ტატაკისის თქმით, სტეფანე ალექსანდრიელი იყო ოკულტიზმის თავოსანი ბიზანტიაში და მან ასტროლოგია ქრისტიანობაში შეიტანა ასტრონომიის სახელითო. სტეფანეს მტკიცებით, ასტრონომია (ასტროლოგია) გვაძლევს წინასწარ ცნობასა და ცოდნას მოწევნადის შესახებ, თუ რა მოხდება მომავალში. ღმერთს აქვს თავისი საკუთარი წინასწარი ცოდნა მომავალის შესახებ, და ჩვენ შეგვიძლია ასტრონომიის საშუალებით მოვიპოვოთ ამ ღვთიური წინასწარი ცოდნის ნაწილი მაინცო. ციურ გვამთა მოძრაობის, მდგომარეობის ან განლაგების დაწვრილებით შესწავლა ნებას მოგვცემს შემოქმედის სულში ჩავიხედოთ და მომავალი წინასწარ გავიგოთო. მეთორმეტე საუკუნეში ფილოსოფოსმა პროდროსმა დასწერა ასტრონომიულ-ასტროლოგიური პოემა, და მისმა თანამედროვე უმრწესმა იოანნე კამატეროსმა კიდევ ორი პოემა.
თავის თავად ცხადია, ქრისტიანობა ასტროლოგიას უნდა შებრძოლებოდა, რადგან ქრისტიანობას არა რწამს და მისთვის არ არსებობს არავითარი ვარსკვლავური ღმერთი ან ვარსკვლავური გავლენა. ამ ქრისტიანული გალაშქრებისა და დევნის მიუხედავად, ასტროლოგიამ მაინც შესძლო თავისი გავლენის მოპოვება და მისი შენარჩუნება, თავისი თავის ქრისტიანობასთან შეგუებით. რასაკვირველია, მნათობნი და ვარსკვლავნი მოქმედებენ თვითონ, კაცთა ბედს განაგებენ, მოვლენათა ბედსა და მომავალს აჩვენებენ, მაგრამ მნათობნი და ვარსკვლავნი იძლევიან მხოლოდ ნიშნებს, გვიმჟღავნებენ მხოლოდ ღვთიურ სურვილებს, და ამგვარად, არა მნათობნი და ვარსკვლავნი მოქმედებენ თვითონ, არამედ ისინი ღვთიურ გარდაწყვეტილებათა და სურვილთა მაჩვენებელი, გამომეტყველი და გადმომცემნი არიანო. (37). ქრისტიანობაში თვით სულთა მოხსენების წესშიც ასტროლოგიის გავლენას ადგილი დაეთმო. გარდაცვალებულთა სულთ მოიხსენებენ ქრისტიანულ ეკლესიაში სამჯერ — მესამე, მეცხრე (დასავლეთის ეკლესიაში — მეშვიდე) და მეორმოცე დღეზე. ხალხურმა რწმენამ ეკლესია აღმოსავლეთში იძულებული გახადა მას სულის მოხსენება მეცხრე დღეზე დაეწესებინა. მეორმოცე დღეზე სულის მოხსენება არაა არც ბიბლიაში და არც წარმართულ ელლინიზმში. ვეტტიუს ვალენსის (მეორე საუკ.) ნაწერზე დაყრდნობით, აკადემიკოსმა ფრანს კჲუმონმა დაამტკიცა, რომ ეს ჩვეულება ძველი ბაბილონური ასტროლოგიიდან გადმოდისო, და სულის მოხსენების წესი კი საერთოდ ცნობილია მეოთხე საუკუნის დასასრულიდან აპოსტოლური წესდების მიხედვითო, — ამბობს პროფ. ლუი ბრეიერ. დაბოლოს, თომას აკვინელმა, დასავლეთი ეკლესიის უუდიდესმა თეორეტიკოსმა, მნათობთა შესახები სწავლა თავის ქრისტიანულ მოძღვრებაში შეიტანა.
ქრისტიანობამ მნათობები დააყენა ანგელოზთა გამგებლობაში. უშესანიშნავესმა და უჩინებულესმა ქრისტიანულმა მწერალმა დანტემ (1265-1321) თავის ”დივინა კომედია”-ში შვიდ მნათობთა შვიდი ცა შვიდ ნეტართა ანუ შვიდ ცხონებულთა რიგს მიანიჭა და ამგვარად ასტროლოგია მანაც გააქრისტიანა. დანტეს ”ღვთიურ კომედია”-ში არის ცხრა ცა და ამასთან ერთად ანგელოზთა ცხრა რიგი, რომელნიც მეცხრე ცაში ღმერთს ერტყმიან და სხვა და სხვა რკალით მოძრაობენ, ასე რომ თითოული ცა თვითეულ ანგელოზურ რიგს ემორჩილება. ანგელოზი სერაფიმი განაგებს ცათა ცას ანუ ბროლის ცას, მეცხრე ცას; ქურუბიმი — უძრავ ვარსკვლავთა ცას, მერვე ცას; ამას შემდეგ მოსდევს მნათობთა შვიდი ცა და თითოული ცა თითოული სხვა და სხვა რიგის ცხონებულთათვის არის განრიგებული და დანიშნული. და რასაკვირველია, ეს მნათობნი, ანუ უფლის სწორად, ანგელოზნი — ღმრთის ნების მიხედვით, —ბუნებასა და ადამიანთა ბედს განაგებენ. ამის შედეგია ის მოვლენა, რომ დასავლეთის ქრისტიანულ ხელოვნებაში შვიდმა მნათობმა თავისი ადგილი მიისაკუთრა და რიცხვმა შვიდმა კვლავ გაიმარჯვა, ვით ბედნიერების გამომსახველმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანი იმპერატორები ასტროლოგიას ჰკრძალავდნენ და ლაოდენსის, ტოლედოს და სხვა საეკლესიო ყრილობა ქრისტიანებს უკრძალავდა ასტროლოგიისათვის მიემართათ. ჯვაროსანთა ომების შემდეგ, ასტროლოგია ევროპაში დამკვიდრდა და მისი მფარველნი რომის პაპებიც კი გახდნენ. პაპა სიქსტუს მეოთხე, იულიუს მეორე, ლეონ მეათე, კლიმენტიუს მეშვიდე, პაულუს მესამე და სხ. ასტროლოგიას მფარველობას უწევენ, ხოლო მეფენი და იმპერატორები: — გერმანიისა: კარლოს მეოთხე, საფრანგეთისა: ფრანსისკ პირველი, ანრი მეოთხე, (ლუი მეცამეტეს დაარქვეს ”მართალი”, რადგან იგი ზოდიაკო სასწორის თვეში დაიბადა), ეკატერინე მედიჩი, (რომლის ასტროლოგოსი იყო დღესაც განთქმული ნოსტრადამუს), ესპანეთისა: პედრო მესამე, დონ მარტინ, და სხვანი და სხვანი, ასტროლოგიის თაყვანისმცემელნი იყვნენ. თვით დიდი ასტრონომოსები, თანამედროვე ასტრონომიის ფუძემდებელნი: ტიჰე დე ბრაჰა, კოპერნიკუსი და სხ. ასტროლოგიას იზიარებდნენ.
შუა საუკუნეთა ევროპაში მნათობებს და საერთოდ ვარსკვლავებს დიდი გავლენა მიეწერებოდათ. განსაკუთრებით მეთუთხმეტე საუკუნის დამდეგიდან, როცა რენესსანსმა ანტიკა გამოაცოცხლა და მასთან ერთად ასტროლოგიასაც დიდი გასაქანი მისცა. მნათობნი ბატონობენ მეტალებზე; მნათობნი ხელს უწყობენ ხელოსნობას; მნათობნი გავლენას ახდენენ ჰასაკზე; მნათობნი იწვევენ მხიარულებას ან წუხილს; მნათობნი ჰქმნიან მეგობრებს, ან მტრებს; მნათობნი აჯანმრთელებენ ან ასნეულებენ გვამს, მის ნაწილთ; მნათობის ხელშია ადამიანის ბედი, მისი ცხოვრება და მომავალი მასზეა დამოკიდებული; იგი ხალხებს ბედს გადაუწყვიტავს და საერთოდ არაფერი ხდება, რასაც მნათობი არ განაგებდეს და არ მიმართავდეს, მაგრამ ვარსკვლავთა ზემოდ, მათ მაღლა არის ღმერთი, თვითონ ვარსკვლავთა შემქნელი, ღმერთი ყოვლად შემძლე, ყოვლის შემცველი, ერთ არსება... ასტრა რეგუნტ ჰომინეს, სედ რეგიტ ასტრა დეუს: ვარსკვლავები ადამიანებს განაგებენ, მაგრამ თვით ვარსკვლავთ ღმერთი განაგებს...
საიდან და რა გზით მიაღწია ასტროლოგიამ ევროპას? ესპანეთისა, სიცილიისა და ბიზანტის პირდაპირი გავლენით ევროპა გაეცნო ისლამურ კულტურასა და მეცნიერებას, არაბულიდან ნათარგმნ თხუზულებათა მეოხებით. ხოლო შემდეგ პირდაპირი შეხებითა და დაახლოებით ჯვაროსანთა ომების ხანაში.
ევროპის შუა საუკუნეთა ასტრონომია - ასტროლოგიის ერთად ერთი წყარო იყო მეთორმეტე საუკუნედან მეთუთხმეტემდე მხოლოდ არაბული მწერლობა. კაიზერ ფრიდრიხ მეორეს სასახლის ასტროლოგოსმა მიხეილ სკოტუსმა (1175-1234) მეფის ბრძანებით შეადგინა დიდი ასტრონომიური-ასტროლოგიური თხუზულება. პეტრუს დე ალბანო პადუელმა (1250-1316) სთარგმნა იბნ ესრას სიბრძნის დასაბამი. არაბული ესპანეთი გახდა შუამავალი მუსულმანური
კულტურისათვის და აქედან მოედო მეცნიერების ყველა დარგი მთელს ევროპას. ალბერტუს მაგნუს (1193-1280) ჩამოსთვლის თავის ”სპეკულუმ ასტრონიკუმ”-ში მრავალ ბერძნულ, ებრაულ და არაბულ თხუზულებას, და სრულებით ქრისტიანულ მწერლებს არ ასახელებს. ასეთი იყო აღმოსავლეთისა და მუსლიმანური კულტურის დიდი გავლენა მაშინდელ ევროპაში. დღეს — პირიქით არის...
როგორც ვთქვი, რწმენა: რომ ანგელოზნი ცებს ანუ სფეროებს ატრიალებენ გამოთქმული აქვს დანტეს — ძალა და მოძრაობა უნდა მიიღონ ამ წრეებმა ნეტარ წამყვანთაგან შთაბერვით, ანუ ანგელოზებისაგანო. იგივე შეხედულება გამოხატულია უკვდავ მხატვარის რაფაელის (1483- 1520) კაპელლა ჩიგი-შის ჭერის სურათზე; იგივე შეხედულება გამოხატულია დიდ ასტრონომ ალფონსოს მეათეს, კასტილიელის (1252- 1284) ერთ წიგნში; იგივე შეხედულება გამოთქმულია დიდებული გოეთეს (1749-1832) ფაუსტის შესავალში. თორმეტნი ზოდიაკონი გამოქანდაკებული არიან პარიზის ღმრთისმშობელის, ”ნოტრ დამ დე პარი”-ს კარებზე; გამოწახნაგებულნი არიან ზოდიაკოთა სიმბოლონი, ხოლო თვითონ ღმრთისმშობელი ქალწული მარიამ ბავშით ხელში ზოდიაკო ქალწულის გამოსახულების ნაცვლად არის წარმოდგენილი.
და საქართველოშიც შვიდნი მნათობნი მით გაქრისტიანებულნი არიან, რომ წმიდა გიორგის გამოხატულებას ისინი გარს არტყიან. საქართველოს დიდი მფარველი, რომელს მთიელი ხალხებიც თაყვანსა სცემენ, — ფონ ვეზენდონკის თქმით, — გიორგი, მხედარი ცხენზე, მლეთის ეკლესიის წინ ლურჯად შეღებილ ძეგლზე გამოხატულ გველეშაპსა ჰკლავს; გიორგისთან ერთად გამოხატულია მზე, მთვარე და მნათობებიც. და ბოლოს, ეს შვიდი მნათობი გამოგვეცხადა 1918 წელს ქართულ ღერბზე თეთრ გიორგისთან დაკავშირებით.
ჩვენი დროის ასტროლოგია 4 ნაწილად განიყოფება:
1). ასტროლოგია ბუნებადი ანუ ფიზიკური, ნატურალური, ანუ ვარსკვლავთა გავლენა ზღვის მიმოქცევაზე, ჰავაზე, ამინდზე, მიწის ძვრაზე, ცეცხლის მფრქვეველ მთებზე და სხვ.
2) ასტროლოგია მსოფლადი, ანუ ვარსკვლავთა დამოკიდებულება ბედთან თუ უბედობასთან ქვეყნებისა, ერებისა, მრეწველობისა, მოარული სენისა, გადასახადებისა და სხვათა შესახებ.
3) ასტროლოგია იუდისიური, ანუ ვარსკვლავთა გავლენა პიროვნების ბედზე დაბადებიდან სიკვდილამდე (ჰოროსკოპი)
4) ასტროლოგია ჟამნითი ანუ შეკითხვა ვარსკვლავთადმი იმ წუთში, როდესაც საქმეა გადასაწყვეტი, ან მოსალოდნელია რაიმე ამბავი, დარიგებისა და გზის ჩვენებისათვის. არის სხვა გვარი დანაწილებაც ასტროლოგიურ სწავლათა.
დღესაც ასტროლოგია თუ რამდენად გავრცელებულია აქედან სჩანს: — ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში ითვლება 25ათასი მოსაქმე ასტროლოგოსი, რომელიც თითოულ ჰოროსკოპში 15-დან 400 დოლარამდე ღებულობდა. ჰოროსკოპს არდგენენ კაცთა მომავალის, მარულის, ავტომობილთა შეჯიბრის, ფეხბურთელთა მეტოქეობის, სავაჭრო წამოწყების და სხვა მრავალ და მრავალ საკითხის შესახებ. მთელი ამერიკის გაზეთებსა და ჟურნალებს და ევროპიულ ბევრ გამოცემასაც აქვს საკუთარი ასტროლოგიური განყოფილება!
ინგლისი, შვეცია, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია და თითქმის მთელი ევროპა ასტროლოგიით არის გაგიჟებული! მარტო გერმანიაში იბეჭდება ასტროლოგიური გაზეთები, რომელთა გამოცემის რიცხვი სამ მილიონს აღემატება!
ასტროლოგიური თხუზულებანი საქართველოშიც ცნობილნი უნდა ყოფილიყვნენ. პ. ინგოროყვამ გამოსცა თბილისში ერთი ასტროლოგიური ტექსტი, რომელი ჩემთვის მიუღწეველია. სოლომონ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილ ქრესტომათიაში დაბეჭდილია იოანე პეტრიწონელის ნათარგმნი (მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნე) ასტროლოგიური სამი ტექსტი: სამივე ბერძნულიდან არის ნათარგმნი: 1. სიბრძნისაგან ფილოსოფოსთაისა წინასწარმეტყველებად ჟამთა და შენებათა წელიწდისა მოწევნადთათვის, თუ ვითარ იყვნენ, 2. კალანდაჲ, თქმული ეზრა წინასწარმეტყველისაჲ (მეცხრე საუკუნედან), 3. ძვრისაჲ და ქუხილისა გამოცხადებისაჲ. ეს სამივე ტექსტი ამინდსა და მოსავალს ეხება, ვითარმედ — 1). უკეთუ იყოს ზედნადები ლ, მას წელ ზამთარი იყოს თოვლიან, აპრილსა წვიმანი ესე კეთილიანი იყოს. თივაჲ, ხვარბალი, თაფლი იეფად... 2). უკეთუ იანვარი დღესა შაბათსა დადგეს, ზამთარი იყოს მძიმე, იწნოებაჲ ნაყოფთა, სნეულებანი, სახლთა წვანი, ბერთა სიკვდილი... 3). დეკენბერსა თუ იქუხნეს, დიდი კეთილი იყოს ყოველსა ქვეყანასა...
პროფ. კ. კეკელიძეს ამ სამი თხუზულების გარდა დასახელებული ჰქონდა კიდევ მეოთხე — მთოვარისა დღენი სათუალავნი, რომელი არკვევს, თუ რა შედეგები იქნება ამა თუ იმ საქმეს ან მოვლენას, რომელს ადგილი აქვს ერთ - ერთ მთვარის რიცხვსო. ეს ასტრონომიული სტატიები, — ამბობს პროფ. კ. კეკელიძე, — ქართულად ძველადაც, მეათე საუკუნემდე ყოფილა ნათარგმნიო, მაგალითად, კალანდაი ეზრასი 949 წელშიო, მაგრამ პეტრიწონელს იგი ხელახლა უთარგმნია, როგორც შედარებიდან სჩანს სხვა რედაქციითო. და ყველა აქ აღნიშნული თარგმანი ბერძნულიდან არის გადმოღებული. და ყველა იგი ფიზიკურ ასტროლოგიას ეხება, ერთის გარდა. ქართული მეცნიერების ერთგულ მოღვაწეს, ექვთიმე თაყაიშვილს თავის ”ოპისანიე”-ში, სადაც აღწერილია წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელნაწერები, მოხსენებული აქვს ხელნაწერი ასტროლოგიური წიგნი, რომელში ჩამოთვლილნი არიან ასტროლოგიურნი განმარტებანი, თითოული თვის ზოდაიკოს მნიშვნელობა და დაბადებულის ბედის გამორკვევა. ეს ხელნაწერი ასე იწყება: ეტლი მართალი და ჭეშმარიტი. მარტისა ვერძი. ამ ვერძსა ზედა რომელი იშვას. შეიქმნას ტანად. და პირად. კარგი გულოვანი და უსმენარი. კათ. მოყვარე. და გონებად კარგი გვარის თავი. მახვილსა. ცეცხლსა და წყალსა უფრთხილდეს. თავის ნაკრავი. აიღოს. ავჯაოსაზედა. არა ავნოს. ღვინის მოყვარე.
მეორე ხელნაწერი: სიცოცხლისათვის და სიკვდილისათვის; მესამე — სამთვარიო; მეოთხე — სიბრძნითგან ფილოსოფოსთასა. აღწერილი. წინასწარმეტყველებად. ჟამთა. და ბუნებათა. წელიწადთასა. მოწევნადთათვის. თვის. თუ. ვითარ იქნებიან. მეხუთე — მზისა და მთვარის დაბნელების შესახებ — ა: დღის. მთოვარე. შემოეყრების. ზოჰალს. ეს დღე. უბედურია. ბატონთან მისვლა. გზას წასვლა. მუშაობა. ანგარიში. არ. ვარგა. და სხვა.
ქალბატონ თამარ პაპავამ მიმითითა დიმიტრი ბაქრაძის გურიაში და აჭარაში მოგზაურობის წიგნზე, სადაც ამ თაოსან მოღვაწეს აღწერილი აქვს ქვემოხევის ეკლესია. ამ ეკლესიაში მას უნახავს ძველი ქართული საეკლესიო ხელნაწერი კინკლოსთან ერთად, რომელში მოთავსებული ყოფილა ზოდიაკოთა სახელები, შემდეგი სათაურით: ”საეტლო მართალი და ჭეშმარიტი”. დიმ. ბაქრაძე ამბობს: ეტლი პლანეტას ნიშნავსო... ზოდიაკოთა სახელები ძველია და რადგან ახლანდელ ქართველებს ეს სახელები აღარ ესმით, ამოვწერე იგიო: — ეტლი მარტის ვერძი. ეტლი აპრილი კურო. ეტლი მაისი ტყუპი. ეტლი ღვინობისთვე (?!) კირჩხები. ეტლი კვბისთვე (?!) ლომი. ეტლი მარიამობისთვე ქალწული. ეტლი ენკენისთვე სასწორი. ეტლი მწიფობისთვე ღრიანკალი. ეტლი ქრისტიშობისთვე თხის საქანელი (?!). ეტლი იანვარი წყლის საქანელი. ეტლი თებერვალი თევზნი. იგივე სახელებიო, — ამბობს დ. ბაქრაძე, — აქვს სომეხ მწერალს მეცამეტე საუკუნეში, მხითარ აირივანცის-ო.
პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა განყოფილებაში (სულ არის 26 ხელნაწერი) № 1 ხელნაწერის მეექვსე ხელნაწერი არის: ”გალობანი ყოველთა წმიდათანი”. ნაწერია ნუსხური ხუცურით, რომლის აშიებზე ფერადებით წარმოდგენილი არიან ყვავილებში ათორმეტთა ზოდიაკოთა სიმბოლონი. 46ა. მე-9 ხელნაწერის მე-97 ფურცელზე — ასტრონომიული ნიშნები განმარტებებით. ზოდიაკოთა და თვეთა სახელები და მათი ემბლემების ახსნა. მე-11 ხელნაწერში — სვლა მთვარისა სამარადისო. იქვე, მე-102 ფურცელზე ქვეყნის გლობუსია წარმოდგენილი მაგიდაზე, რომლის ქვემოდ მოსჩანს საზომი იარაღები. მე-141 — სურათები და ნახატები საასტრონომიო, მზისა და მთვარის დაბნელების იქვე, მე-110 ფურცელზე კიდევ ასტრონომიული სურათები. ექვთ.
თაყაიშვილი ამის შესახებ ამბობს: ”აქ საჭიროდ ვრაცხთ შევნიშნოთ, რომ საზოგადოდ ასტრონომიული, ასტროლოგიური და სხვა სურათები და სტატიები, რომელნიც 85 — 115 ფურცლებზეა მოქცეული, თხოულობს ცალკე გამოცემას ფერადიანის სურათებით და ცალკე განხილვას და შესწავლას”-ო. მე-16ში ფურცელი 150-153 — ასტროლოგიური ხასიათის სტატია, მხედრულად კარგი ხელით ნაწერი.
ძველ ქართულ მწერლობაშიც არა ერთი და ორი მითითებაა იმ მოვლენაზე, რომ ქართველები ვარსკვლავთ თაყვანსა სცემდნენ და საერთოდ არა ერთი ჩვენებაა, რომელს ასტროლოგიური ხასიათი აქვს. მაგალითად: მარიამ დედოფალის ქართლის ცხორებაში, რომელი ექვთ. თაყაიშვილმა გამოსცა. ვკითხულობთ: ქართველნი ”იქმნეს მსახურნი მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა”-ო ესე იგი შვიდ მნათობთაო. ვარსკვლავთ თაყვანების ანუ ასტროლატრიის წესის შემოღებას ”ქართლის ცხორება” უსაბუთოდ და ტყუილად ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: — უბრძანა ალექსანდრე (მ) აზოს: რათა პატივ სცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკვლავთთა ხუთთაო.
ქართველთა გაქრისტიანების ამბავში ასტრონომიული და ასტროლოგიური მოვლენანი მნიშვნელოვან ხასიათს ღებულობენ: მირიან მეფე ”განვიდა თხემსა მთისასა შუა სამხრის ოდენ; დაბნელდა მათ ზედა მზე და იქმნა ღამე ბნელი უკუნი და დაიპყრა ბნელმან არენი და ადგილნი”. მირიანი შეევედრა წმიდა ნინოს ღმერთს და ბნელი ნათელად გადაიქცა: ღმერთმან ”განუთენა და განუბრწყინვა მზე”. სვეტი ცხოველი ნათლითაა მოსილი: სვეტი ცეცხლისა ჩამოვიდა ციდან; და სხვა.. იმ ხეზე, რომელი აღმართეს ეკლესიისა სამხრეთით... ”აჰა, ჩამოვიდეს ჯვარი ცეცხლისა მის ზედა გარემოს მსგავსად გვირგვინითა ვარსკვლავისათა და დაადგრეს ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე”... და გარიჟრაჟზე გამოვიდა მისგან ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი დაადგა ერთ ბორცვს, ხოლო მეორე წავიდა და გაჩერდა თხოთის მთაზე. წმიდა ნინოს ბრძანებით, ორივე ადგილზე ამართეს ჯვარი და... — ”აჰა ესე რა სვეტი ერთი ნათლისა სახედ ჯვარსა დგა ჯვარსა მას ზედა და ათორმეტნი ვარსკვლავნი (ზოდიაკონი ვ. ნ.) სახედ გვირგვინისა გარემოს მისსა”.. ამ ჯვართან შვიდი დღის ყოფნის შემდეგ ბრმას თვალი აეხილა (შვიდი მნათობი!) და ჭკუადაკარგული თორმეტი დღის შემდეგ განიკურნა (12 ზოდიაკო!), მკვდარი გაცოცხლდა შვიდი დღის შემდეგ და, რასაკვირველია, ადიდებდნენ ღმერთსა და ”პატიოსანსა ჯვარსა”.
როდესაც ბიზანტიის იმპერატორმა ერეკლემ სპარსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა, მან თბილისიც დაიპყრო, ოღონდ ”ციხესა კალისასა დარჩნეს კაცნი” და იმპერატორს არ დამორჩილდნენ. ციხის თავმან კეისარს დასცინა: ”ვაცის წვერნი გასხენ და ვაც ბოტისა კისერი გაქვს”. მაშინ მეფემან ბრძანა: ”დაღაცათუ კაცმან ამან ბასრობით მრქვა: მე ვარ ბოტობა, არა არს სიტყვა მისი ცუდ და მოიღო წიგნი დანიელ წინასწარმეტყველისა და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: გამოვიდეს ვაცი დასავლისა და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი. მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი განემარჯვებოდა”. ამ წინადადების განმარტება იოლია, როცა გვეცოდინება, რომ ბიზანტია, ასტროლოგიური მოძღვრების თანახმად, ზოდიაკო ვაც ბოტის, ანუ თხის რქის (კაპრი კორნუსის) ქვეყანაა, ხოლო სპარსეთი — ზოდიაკო ვერძისა. (მოვიხსენოთ. რომ საქართველოს ზოდიაკო არის: თევზი, ხოლო მისი მნათობი — მერკურიუსი, ოტარიდი).
ქართლის ცხოვრებაში, თამარ მეფის ტახტზე ასვლის აღწერას თან მოსდევს, როგორც ქება - დიდება რიცხვისა ”შვიდი”, ისე ასტრონომიული აღწერაც. როდესაც თამარს ვაჟი, ლაშა გიორგი შეეძინა, მისი დაბადების ბედზე ქართველებმა გაილაშქრეს და გაიმარჯვეს: ”პირველად შემყრელთა ბედსა და სვესა ზედა ლაშასა, რომელი განმანათლებელად სოფლისა ითარგმნების აფსართა (აფხაზთა) ენითა, მიჰმართეს ბარდავად, დიდად და ძველ ქალაქად, და მოსწყვიტეს არანი”-ო და სხვა. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ”ქართლის ცხოვრება” პირდაპირ მიგვითითებს — დავით აღმაშენებელმა იცოდაო ”ზენაისა (ცისა) მოძრაობისა ასურასტანელი (სირიული) ზმნობაჲ (ასტროლოგია) და ცთომილ ვარსკვლავთა (პლანეტათა) და უცთომელთა (ზოდიაკოთა) კრებაჲ (შეყრა, კონიუნკციო), სვე და ბედი და შობის დღე (ჰოროსკოპი)”-ო. მაშასადამე, თვით დავით აღმაშენებელი (1080-1125) ასტროლოგიის სიბრძნეში, რომელსაც ქართლის ცხოვრება ”ასურასტანულს” ანუ სირიულს, მაშასადამე: არაბულს უწოდებს, კარგად ყოფილა გაწრთვნილი და უნდა ვიგულისხმოთ, იგი თავის ბრწყინვალედ გამარჯვებულ ომებს ალბათ ვარსკვლავთა შეკითხვითა და რჩევით იწყებდა... და ისიც უნდა ვიფიქროთ, რომ მისი შობის დღე ანუ ჰოროსკოპი დიდად ბედნიერი უნდა ყოფილიყო...
მეთერთმეტე და მეთორმეტე საუკუნის ქართველი მწერლები თავის პოემებში ხშირად და პირდაპირ მნათობთა არაბულ სახელებს ხმარობენ. ამას ჩვენ გზა და გზა გავეცნობით.
შორის მარჩიელობასა და ასტროლოგიას ეხება —
იკითხვენ, სწერენ,
თაყუმსა სჩხრეკენ,
რამლს ჰკვრენ, არჩევენ,
ბედთა მათთაგან...
აქ რამლი არის სილით მარჩიელობა, რომელი არაბეთში დღესაც გავრცელებულია; ხოლო თაყუმი (სპარსულად: ზიჯი) ანუ კალენდარი არის, რომელიც მნათობთა და ვარსკვლავთა ყოველ დღიურ მდგომარეობას აჩვენებს ბედის გამოსარკვევად. იგივე შავთელი თამარ მეფის შესახებ ამბობს:
სწორად არს მზისა
კირჩხიბსა ზისა...
კირჩხიბი აქ არის ზოდიაკო ელ სარტან, რომელში მზე შედის ანუ ჯდება 21 ივნისს და ეს არის მზის დიდი ბრწყინვალების დღე. მაგრამ ასეთ მაგალითებს ქართული და სხვა მწერლობიდან ბევრს შევხვდებით.
თამარ მეფის დროსო, — ამბობს მ. ჯანაშვილი, — ყურადღება მიექცა ქართული კალენდრის გამოსწორების საქმესაც. თამარის თანამოღვაწის იოანე შავთელის რედაქტორობით დაიწერა შესანიშნავი ძეგლი შესახებ წელთა აღრიცხვისა ანუ ქორონიკონისა, რომლის შესახებ მარი ბროსსე ამბობს: ქართველებმა 1233 წელს უკვე იცოდნენ ნახევარი იმ ცთომილთა (?!), რომელმაც 1582 წ. პაპი გრიგოლ მეცამეტე აიძულა შესდგომოდა კალენდარის შესწორებასო.
XVII — XVIII საუკუნის საქართველოში აღორძინდა ასტრონომიისა და ასტროლოგიის სწავლა. ვახტანგ სჯულმდებელმა გადათარგმნა ცნობილი ულუ ბეღის (ულუგბეკი) ასტრონომიული თხუზულება. ეტყობა, ასტროლოგიით იმ ზომად იყო გატაცება, რომ ამას აკრძალვაც კი გამოუწვევია — მუხლი 350. ასტროლოგია არის მისნობა ვარსკვლავთა მიხედვით; მაგალითად, ამბობენ, რომ რომელიმე ცთომილის (მნათობის) გავლენით მოკვდება ჩინებული კაცი, როგორც ეს იყო ძველ ეგვიპტელთ, ებრაელთ, ბერძენთა და თათართა შორის; ან ბავში დაბადებული რომელიმე ცთომილის გავლენით, ბედნიერი იქნება, ან უბედურიო. ამიტომ ეს მისნობა, ვინაიდან იგი არის ეშმაკური, აკრძალულია და ამისათვის მეფემ და პატრიარქმა უნდა დასაჯონ ასტროლოგიის მომქმედნიო.
რასაკვირველია, ვეფხისტყაოსანის გენიოსი შემომქმედი ასტრონომიასა და ასტროლოგიას ზედმიწევნით იცნობდა. მაგრამ იგი თავის პოემაში არსად ასტროლოგიის მონა და ბრმა მსახური არ არის. ვეფხისტყაოსანის შემქმნელი, სხვათაგან მიუღწეველი მგოსნური ხელოვნებით, ასტრონომიითა და ასტროლოგიით სარგებლობს და თავისი მხატვრული ყალამით, შეუბორკავი და დაუქვემდებარებელი ხატვითა და აღმაფრენით უგალობს ცას, მნათობებს, ვარსკვლავთ, რომელნი ვეფხისტყაოსანში მხოლოდ მხატვრული პოეტური მიზნებისათვის არიან გამოყენებულნი.
სტატიის ავტორი – ვიკტორ ნოზაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება". გამოცემა ავთანდილ მერაბაშვილისა; სანტიაგო დე ჩილე, 1957წ. |