ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია და ოჯახები

1 2 3

გენეალოგიურ კლასიფიკაციაში ენები ჯგუფდება საერთო წარმოშობის მიხედვით, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მატერიალური ნათესაობის მიხედვით. საერთო წარმოშობის მქონე ენები მონათესავე ენათა ოჯახს ქმნიან: გენეალოგიური კლასიფიკაცია წარმოადგენს მონათესავე ენათა დაჯგუფებას ოჯახების მიხედვით. ასეთი ენათა ოჯახებია, მაგალითად: ინდოევროპული, სემიტური, იბერიულ-კავკასიური, უნგრულ-ფინური, თურქული...
ენათა ოჯახი წარმოადგენს მონათესავე ენათა ყველაზე მსხვილ დაჯგუფებას. მაგრამ ერთი ოჯახის ფარგლებში, თუ იგი მრავალრიცხოვანია, შესაძლებელია გამოიყოს შედარებით მცირე ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს უფრო მჭიდროდ უკავშირდებიან, ვიდრე იმავე ოჯახის სხვა ენებს. ერთმანეთთან უფრო ახლოს მყოფი ენების ასეთ ჯგუფებს _ ერთი და იმავე ოჯახის შიგნით _ ჩვეულებრივ აღნიშნავენ ტერმინით: `ენათა შტო" (ამა თუ იმ ოჯახისა). ასე, მაგალითად: ინდოევროპული ენების შიგნით გამოიყოფა შტოები: ინდური, ირანული, სლავური, გერმანული, რომანული, კელტური ენებისა... თავის მხრივ შტოც შეიძლება იყოფოდეს უფრო მცირე ჯგუფებად; მაგალითად, ინდოევროპული ენების სლავურ შტოში გამოიყოფა: აღმოსავლურ სლავური, დასავლურ სლავური, სამხრულ სლავური ენები ენათა ნათესაობა ახასიათებს ენების და, როგორც წესი, ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების, როგორც ეთნიკური ერთეულების, ისტორიულ ურთიერთობას. მაგრამ ენათა ნათესაობას არაფერი საერთო არა აქვს ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების ანთროპოლოგიურ დახასიათებასთან: რასა, როგორც ანთროპოლოგიის ცნება, და ენა ერთმანეთს არ უკავშირდებიან. კავკასიური რასის ხალხები ლაპარაკობენ წარმოშობის მიხედვით სრულიად სხვადასხვაგვარ ენებზე: ინდოევროპულზე, სემიტურზე, იბერიულ-კავკასიურზე...
როგორ წარმოიშობა მონათესავე ენები? მონათესავე ენები მომდინარეობენ ერთი და იმავე ენის დიალექტებისაგან: მონათესავე ენები _ ესაა დიალექტები, რომლებიც დამოუკიდებელ ენებად იქცა. სწორედ ერთი ენის დიალექტების დამოუკიდებელ მონათესავე ენებად ქცევის პროცესი წარმოადგენს ენათა ოჯახის წარმოქმნის პროცესს.
ენას, რომელიც ქმნის მონათესავე ენათა ისტორიული ერთიანობის მატერიალურ საფუძველს, _ ენას, რომლის დიალექტებისაგანაც წარმოიშვა მონათესავე ენები, ეწოდება ფუძეენა. ასე, მაგალითად, საერთო ქართველური ენა წარმოადგენდა ფუძეენას ქართული, ზანური (მეგრულ-ჭანური), აგრეთვე სვანური ენისათვის. საერთო რუსული ენა ფუძეენა იყო რუსულისა, უკრაინულისა და ბელორუსულისათვის. ხალხური ლათინური გვევლინება ე. წ. რომანული ენების (იტალიურის, ფრანგულის, ესპანურის, რუმინულის...) ფუძეენად.
მონათესავე დიალექტების მონათესავე ენებად განვითარების პროცესის გარკვევა ნიშნავს იმას, რომ გამოვავლინოთ მონათესავე ენათა ოჯახის წარმოქმნის ისტორია. რაში ვლინდება ენათა ნათესაობა? მონათესავე ენები მეტნაკლებად ინარჩუნებენ მსგავსებას, როგორც ძირითად ლექსიკურ ფონდში, ისე გრამატიკულ ინვენტარში (პრეფიქსები, სუფიქსები), აგრეთვე, როგორც წესი, ბგერით შემადგენლობაშიც. ეს მსგავსება რომ არ გვქონდეს, მონათესავე ენებს ვერ განვასხვავებდით არამონათესავე ენებისაგან, იმ ენებისაგან, რომლებსაც არა აქვთ საერთო წარმოშობა. როდესაც მსგავსების შესახებ ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენებს შორის მსგავსება შეიძლება იყოს მატერიალური, მაგრამ შემთხვევითი (ნასესხები სიტყვები!), ანდა შეიძლება შემთხვევითი არ იყოს, მაგრამ იყოს ტიპოლოგიური, და არა მატერიალური (პრინციპულად ერთგვარი აგებულება სიტყვისა: მაგ., პრეფიქსაცია იქ, სადაც სხვა ენებში სუფიქსაცია გვაქვს). მონათესავე ენების მსგავსება კი, რაიც ძირითად ლექსიკურ ფონდსა და გრამატიკულ ინვენტარში ვლინდება, წარმოადგენს კანონზომიერ მსგავსებას: ერთი და იგივე ენობრივი ფაქტები (ფუძეები, აფიქსები) წარმოდგენილია დიფერენცირებული სახით.
როგორ ადგენენ ენათა ნათესაობას? შედარების გზით. რა მიზანი აქვს შედარებას? შედარება უნდა დაეხმაროს ისტორიას მონათესავე ენათა განვითარების გზების დადგენაში, _ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მან უნდა გაარკვიოს, რა ადგილი უჭირავს მონათესავე ენების ლექსიკურ და გრამატიკულ ფაქტებს ამ ენათა განვითარების ისტორიაში და ამით გასაგები გახადოს ისინი. რაც უფრო ღრმად ვიჭრებით ენათა განვითარების ისტორიაში, მით უფრო მეტი სიახლოვე აღმოჩნდება შესადარებელ ენებს შორის, თუ ეს ენები მონათესავეა; და პირიქით: განსხვავება მით უფრო გაიზრდება, რაც უფრო ღრმად გამოვავლენთ ისტორიას, როდესაც ენები არ არიან მონათესავე, და მათ შორის არსებული მსგავსება გამოწვეულია ამ ენათა დაახლოებით, _ და, მაშასადამე, მსგავსება უნდა იქნეს განხილული როგორც მეორეული მოვლენა. შედარების მიზანია დაადგინოს მონათესავე ენათა განვითარების მეცნიერული ისტორია ამ ენებზე მოლაპარაკე ხალხების ისტორიასთან დაკავშირებით.
ისტორიულ-შედარებით მეთოდზე უფრო საიმედო მეთოდი ჯერჯერობით ენათმეცნიერებას არ მოეპოვება. იმისათვის, რომ დავადგინოთ მორფოლოგიური ტიპი, რომელსაც ესა თუ ის ენა ეკუთვნის, საკმარისია გავაანალიზოთ ამ ენის სიტყვათა აგებულება იმ სახით, რაც მათ ამჟამად აქვთ. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია არ საჭიროებს ისტორიას. ხოლო იმისათვის, რომ დავადგინოთ, რა ენებს ენათესავება ესა თუ ის ენა, სრულიადაც არ არის საკმარისი ვიცნობდეთ მის თანამედროვე მდგომარეობას, აუცილებელია ვიცოდეთ მისი ისტორია, მისი წარმოშობა. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეუძლებელია მივიღოთ, თუ ენების ისტორიული ურთიერთობა არა გვაქვს გარკვეული. მაშასადამე, შეუძლებელია ყველა ენის გენეალოგიური კლასიფიკაცია წარმოვადგინოთ მანამ, სანამ გარკვეული არ არის მათი ისტორია.
მრავალი ენის წარმოშობითი მიმართება სხვა ენებთან ჯერ კიდევ შეუსწავლელია (ანდა არასაკმაოდ არის შესწავლილი). ამიტომ ამჟამად შეუძლებელია გვქონდეს ისეთი გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა ენას მიუჩენდა გარკვეულ ადგილს სათანადო ენობრივ ოჯახში. აქ ჩვენ განვიხილავთ იმ ენათა ოჯახებს, რომელთა ისტორიაც უკეთ არის შესწავლილი (აგრეთვე იმ ოჯახებსაც, რომელთა შემადგენლობის საკითხიც მათი შესწავლის თანამედროვე ვითარებაშიც ნაკლებსაკამათოა). ასეთებია:
1. ინდოევროპულ ენათა ოჯახი (ანუ: ინდოევროპული ძირის ენები),
2. სემიტურ და ქამიტურ ენათა ოჯახი (ანუ: სემიტური და ქამიტური ძირის ენები),
3. უნგრულ-ფინურ ენათა ოჯახი (ანუ უნგრულ-ფინური ძირის ენები),
4. თურქულ-მონღოლურ ენათა ოჯახი (ანუ ალათაური ძირის ენები),
5. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი (ანუ იბერიულკავკასიური ძირის ენები),
6. ჩინურ-ტიბეტურ ენათა ოჯახი (ანუ ჩინურ-ტიბეტური ძირის ენები),
7. დრავიდულ ენათა ოჯახი (ანუ დრავიდული ძირის ენები),
8. ინდონეზიურ ენათა ოჯახი (ანუ ინდონეზიური ძირის ენები).

ინდოევროპულ ენათა ოჯახი

ინდოევროპულ ენათა ოჯახის შემადგენლობაში შედის:
1. ინდური ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის ინდური შტო),
2. ირანული ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის ირანული შტო),
3. სლავური ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის სლავური შტო),
4. ბალტიური ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის ბალტიური შტო),
5. გერმანული ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის გერმანული შტო),
6. იტალიური ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის იტალიური შტო),
7. კელტური ენები (ანუ ინდოევროპულ ენათა ოჯახის კელტური შტო),
8. ბერძნული ენა,
9. ალბანური ენა,
10. სომხური ენა,
11. ნესიტური (ანუ კანესური) და ლუვიური (მკვდარი ენები),
12. ტოქარული ენა.

I. ინდური ენები
ინდურ ენებად იწოდება ინდოეთის ინდოევროპული ენები (ინდოეთში არაინდოევროპული ენებიც გვაქვს; მათ შესახებ იხ. დრავიდული ენები). ინდური ენებია 1. ძველი ინდური _ ვედების ენა და სანსკრიტი;
2. საშუალო ინდური: პრაკრიტი, პალი;
3. ახალი ინდური ენები, როგორიცაა, სალიტერატურო ენები: ჰინდი, ურდუ, ბენგალიური...

ინდური მეტყველების უძველეს ძეგლს ვედები წარმოადგენს. ვედები ეწოდება სასულიერო შინაარსის საგალობლებს (`ვედა" ძველი ინდური სიტყვაა და `ცოდნას" ნიშნავს). ვედებში განასხვავებენ: რიგ-ვედა-ს (ანუ ჰიმნების ვედას), ათარვა-ვედა-ს (ანუ მოგვთა ვედას), სამა-ვედა-ს, აჯურ-ვედა-ს (ეს არის მსხვერპლის შეწირვასთან დაკავშირებული ვედა). ვედებს მოსდევს ბრაჰმანები (ე. ი. ვედების კომენტარები) და სუტრა. ზუსტად დადგენილი არ არის, თუ რა სიძველისა არის ვედები. ყველაზე ძველია რიგვედა; იგი როგორც ვარაუდობენ, ჩაწერილია თხუთმეტი საუკუნის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
სანსკრიტიც ძველი ინდური ენაა, კლასიკური სალიტერატურო ინდური ენა: სამსკრტა ნიშნავს `ხელოვნურს", `დამუშავებულს", `სრულყოფილს". სანსკრიტზე დაწერილია ეპიკური ნაწარმოებები: `მაჰაბჰარატა" (`დიდი ბჰარატა"), `რამაიანა", `პანჩატანტრა" (`ხუთწიგნეული" _ იგავ-არაკთა კრებული), `ჰიტოპადეშა" (`კეთილი დარიგება"), მანუს კანონთა კრებული. სანსკრიტი სამწერლო ენად იხმარებოდა მეექვსე საუკუნიდან ჩვენ წელთაღრიცხვამდე. მიუხედავად იმისა, რომ სანსკრიტი დიდი ხანია, რაც მკვდარი ენაა, მას დღემდე ხმარობენ სწავლულები (ისევე, როგორც ლათინურს ხმარობდნენ სამწერლო ენად შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნები). ტერმინი `სანსკრიტი" შეიძლება იხმარონ საერთოდ ძველი ინდურის მნიშვნელობით. ასეთ შემთხვევაში განასხვავებენ `ვედების სანსკრიტსა" და `კლასიკურ სანსკრიტს" (ე. ი. საკუთრივ სანსკრიტს).
სანსკრიტს უპირისპირდება პრაკრიტი (`ბუნებრივი), ე. ი. ხალხური მეტყველება, ცოცხალი დიალექტები. სადაურობის მიხედვით პრაკრიტში განასხვავებენ სხვადასხვა სახეობას, როგორიც არის: შაურასენი, მაგადჰი, მაჰარშტრი. პრაკრიტზე შესრულებული უძველესი წარწერები ეკუთვნის მეფე აშოკას და თარიღდება მესამე საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
პრაკრიტი _ საშუალო ინდურია. საშუალო ინდურს მიეკუთვნება აგრეთვე პალი, რომელზედაც მოცემულია ბუდიზმის საღვთისმეტყველო ლიტერატურა (ბრამანიზმის ენას კი ვედა-სანსკრიტი წარმოადგენს). საშუალო ინდური დიალექტებიდან მომდინარეობენ თანამედროვე ინდური ენები. ისინი სამ ჯგუფს შეადგენენ: დასავლურს, ცენტრალურსა და აღმოსავლურს (ინდურ ენებზე ამჟამად ლაპარაკობს დაახლოებით 770 მილიონი ადამიანი). დასავლურ ჯგუფში შედის ენები: ლაჰნდა ანუ დასავლურ პენჯაბური (მოლაპარაკეთა რიცხვი 10 მლნ. ადამ.), სინდჰი (დაახლოებით 12 მლნ.), გუჯარათა (40 მლნ.), მარატჰი (58 მლნ.). მარატჰი ენაზე წარწერები მოიპოვება ჩვენი წელთაღრიცხვის ხჳჳ საუკუნიდან; გუჯარათ ენაზე მწერლობა არსებობს ხვ საუკუნიდან. ცენტრალური ჯგუფის ენებია: საკუთრივ პენჯაბური (70 მლნ.), ფახარული, დასავლურ ჰინდური, აღმოსავლურ ჰინდური (სულ 200 მლნ.) და ბიჰარი-ენა (51 მლნ.). დასავლურ ჰინდურის მთავარი დიალექტია ჰინდუსტანური. მის საფუძველზე შექმნილია ორი სალიტერატურო ენა: ურდუ _ არაბული ანბანით (პაკისტანის მუსულმან ინდოელთათვის) და ჰინდი (ერთგვარად დაპირისპირებული ურდუ ენას). აღმოსავლურ ჯგუფს შეადგენენ ენები: ბენგალიური (170 მლნ.), ორია (120 მლნ.) და ასამური (12,7 მლნ.). ეს ენები მეტად ახლოს არიან ერთმანეთთან. სამივე ენა სალიტერატუროა; მათ შორის ბენგალიური ყველაზე მდიდარი და განვითარებულია. ბენგალიურ ენაზე წერდა სახელგანთქმული ინდოელი მწერალი რაბინდრანათ თაგორი.
ძველი ინდური ენის დამწერლობა _ დევანაგარი _ სილაბური პრინციპისაა. ფიქრობენ, რომ ეს დამწერლობა არამეულიდან მომდინარეობს. ახალ ინდურ ენათა წრეს განეკუთვნება ბოშების ანუ აწინგანთა ენა, რომელსაც დიდი ცვლილება განუცდია ბოშათა მომთაბარეობისა და სხვადასხვა ენებთან კონტაქტის გამო.

II. ირანული ენებია:

1. ძველი სპარსული ენა,
2. ავესტის ენა,
3. საშუალო სპარსული (ფალაური) ენა,
4. ახალი სპარსული ენა,
5. ტაჯიკური ენა,
6. ავღანური (პაშტუ) ენა,
7. ბელუჯური ენა,
8. ქურთული ენა,
9. ოსური ენა,
10. სოღდური ენა.
ძველი სპარსული ენა ცნობილია ლურსმული წარწერებიდან, რომლებიც ეკუთვნის აქემენიდთა დინასტიის მეფეებს _ დარიოსსა (522-486 წწ.) და ქსერქსს (486_466 წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). წარწერების ენა იმ დიალექტის ნიმუშია, რომელზედაც ხსენებული მეფეები და სამეფო კარი ლაპარაკობდა, _ ესაა ფარსის დიალექტი. ყველაზე ვრცელი წარწერა ამოჭრილია ბეჰისტუნის კლდეზე ქერმანშაჰის მახლობლად (`ბეჰისტუნის წარწერა"); მასში მოთხრობილია მეფე დარიოსის გამარჯვებათა შესახებ.
აქამენიდური წარწერები ორ- და სამენოვანია: მაგალითად, ბეჰისტუნის წარწერა ამოჭრილია პარალელურად სამ ენაზე: ძველ სპარსულზე (ესაა დამპყრობელთა ენა), ელამურსა და ბაბილონურზე.
ავესტის ენა რელიგიური ტექსტების ენაა, სახელდობრ, მაზდეანობის ტექსტებისა (მაზდეანობის შემქმნელად ზოროასტრი ითვლება). ავესტაში განასხვავებენ ორგვარ ტექსტებს; ერთია _ გთს (`საგალობელნი"), თითქმის ისევე ძველი, როგორც რიგ-ვედა, მეორე _ საკუთრივ ავესტა. ავესტას ჩვენამდე მოუღწევია გვიანდელი რედაქციით, რომელიც სასანიდთა დინასტიის ეპოქას ეკუთვნის. ავესტის ენა ახლოს დგას ძველ სპარსულთან. საშუალო სპარსული იწოდება აგრეთვე ფალაურად. უძველესი ფალაური წარწერა სასანიდთა დინასტიის დამაარსებლის არდაშირის მეფობაშია ამოჭრილი (226_241 წწ.). ფალაური ითვლებოდა ეკლესიისა და სახელმწიფოს ენად სასანიდთა დინასტიის დროს (226_652 წწ.). ფალაურის დამწერლობა სემიტური წარმოშობისაა, _ არამეულია. ახალი სპარსულის დასაბამს IX საუკუნეში დებენ. ცოცხალ ირანულ ენათა შორის ახალი სპარსული ყველაზე მნიშვნელოვანი სალიტერატურო ენაა. სპარსულად ლაპარაკობს დაახლოებით 23 მლნ. ადამიანი. დამწერლობა სპარსულისა არაბულია. არაბული ლექსიკა უხვად აქვს შეთვისებული სპარსულს (ფირდოუსის დროს ლექსიკა ირანული იყო).
ახალ სპარსულს რიგი დიალექტი მოეპოვება (ქაშანისა, შირაზისა, სივენდისა, მაზანდერანისა...). აზერბაიჯანში წარმოდგენილი თათური (ბაქოსთან, აფშერონის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩაჩნეთში, ინგუშეთში... თათურზე ლაპარაკობს 15 ათასი კაცი, მათ შორის სემიტური წარმოშობის მთიელი ებრაელებიც, რომლებიც თათების მეზობლად ცხოვრობენ დაღესტნის სამხრეთ ნაწილში) და თალიშური ენები (სალიანის რაიონში, 200 ათ. კ.) არსებითად ახალი სპარსული ენის დიალექტებია. ავღანური (ანუ პაშტუ) ენა ავღანისტანის ძირითადი მოსახლეობის ენაა _ 9, 5 მლნ. და პაკისტანში _ 15 მლნ. კაცი ლაპარაკობს ამ ენაზე); მწერლობა აქვს XVI საუკუნიდან ბელუჯური ენა იხმარება ბელუჯისტანში, ინდოეთში, ირანში, ავღანეთში _ დაახლ. 4, 3 მლნ. კ. ქურთული ენა ქურთისტანის მკვიდრთა მეტყველებაა. ქურთისტანის ნაწილი თურქეთშია, ნაწილი ირანში, სირიასა და ერაყში. ქურთები ცხოვრობენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც. ქურთული, არაბულთან ერთად, ერაყის რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა. მასზე ლაპარაკობს 20 მილიონი კაცი.
ოსური ენა კავკასიონის ჩრდილოეთითაც გვხვდება (ჩრდილო ოსეთში, ცენტრი _ ვლადიკავკაზი (ძაუჯიყაუ ერქვა 1944-დან 1954 წლამდე) და სამხრეთითაც (საქართველოში, ცენტრი _ ცხინვალი). სულ ამ ენაზე ლაპარაკობს 480 000 ადამიანი.
ოსური ენის ყველაზე ძველი ძეგლია იალღუზიძის თარგმანი საეკლესიო წიგნთა (XIX ს. დასაწყისი). იალღუზიძეს ოსურისათვის ქართული ანბანი აქვს გამოყენებული.
სოღდური ენის ნიმუშები შუა აზიაში (ჩინეთის თურქესტანში) აღმოჩნდა XX საუკუნის დასაწყისში. ტექსტების მეტი წილი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ზოგიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებისაც უნდა იყოს. სოღდური და ოსური ახლო მონათესავე ენებად მიაჩნიათ.
შუა აზიაში, პამირის მთებში, არაერთი ირანული დიალექტია წარმოდგენილი. ავესტის ენასთან ახლოს იყო პართული დიალექტები. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალი ირანული ენაა სპარსული. ირანული და ინდური ენები ერთმანეთთან ახლოსაა. მათ აერთიანებენ ინდოევროპულ ენათა ერთ შტოში; ამ შტოს არიულს უწოდებენ: `არიული" და `ირანი" (ქართ. ერანი) ერთი და იმავე ძირის სიტყვებად ითვლება. გასული საუკუნის მეორე ნახევარში ტერმინი `არიული" იხმარებოდა `ინდოევროპულის" მნიშვნელობით. ამჟამად `არიულს" აღარ ხმარობენ `ინდოევროპულის" მნიშვნელობით.


III. სლავური ენები

სამ ჯგუფს ქმნიან: აღმოსავლურს, დასავლურსა და სამხრულს. აღმოსავლურ ჯგუფში შედის: რუსული, უკრაინული და ბელორუსული.
რუსული ენა ყველაზე დიდი ენაა სლავურ ენათა შორის. რუსულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 250 მილიონი კაცი, მათ შორის,; როგორც დედაენაზე _ 140 მილიონი. რუსულ ენაში განასხვავებენ ჩრდილოურ კილოს (ოურ კილოს: `ვოდა"), სამხრულ კილოს (აურ კილოს: `ვადა") და გარდამავალ შუარუსულ კილოს, რომელსაც მოსკოვის კილოკავიც ეკუთვნის (შუარუსული აურობას მისდევს, ე. ი. ამ ძირითადი ნიშნის მიხედვით სამხრულ კილოს ემხრობა).
დამწერლობა რუსულ ენაზე არსებობს X საუკუნის დასაწყისიდან (გნეზდოვოში ნაპოვნი წარწერა თიხის დიდ ჭურჭელზე). უძველეს დათარიღებულ ძეგლს წარმოადგენს ე. წ. ოსტრომირის სახარება, გადაწერილია 1056_1057 წ. ძველი რუსული ენის შესანიშნავი ძეგლია `სიტყვა იგორის ლაშქრობაზე" (XII ს.). ახალ რუსულ ენაზე უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის განმავლობაში შეიქმნა უმდიდრესი მხატვრული ლიტერატურა.
უკრაინულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 37 მილიონი; სალიტერატურო ენად უკრაინული ჩამოყალიბდა XVII საუკუნეში. XIX ს. პირველ ნახევარში უკრაინულ ენაზე წერდა სახელგანთქმული პოეტი დემოკრატი ტარას შევჩენკო (გარდაიცვალა 1861 წ.).
ბელორუსულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 8 მილიონს აღემატება. ბელორუსული სალიტერატურო ენის დასაბამი XIX ს. დასაწყისზე მოდის. ცნობილი ბელორუსი მწერალი იყო იანკა კუპალა (გარდაიცვალა 1939 წ.).
სლავურ ენათა დასავლურ ჯგუფს შეადგენენ: პოლონური, და მასთან ახლოს მდგომი კაშუბური, ჩეხური და მასთან ახლოს მდგომი სლოვაკური, ლუჟიცური (ანუ სორბული ანუ ვენდური), პოლაბური.
პოლონური _ სახელმწიფო ენაა პოლონეთისა (დედაქალაქი _ ვარშავა). პოლონურ ენაზე ლაპარაკობს 36,6 მილიონი კაცი პოლონეთში (გარდა ამისა, ამერიკის შეერთებულ შტატებში _ 3,8 მლნ., ბრაზილიასა, საფრანგეთსა, კანადასა და სხვ. ქვეყნებშიც) _ სულ 42,7 მლნ. ადამიანი. პოლონურ ენაზე ძეგლები გვაქვს XIII საუკუნიდან.
ჩეხური ენა _ სახელმწიფო ენაა ჩეხეთისა (დედაქალაქი _პრაღა), სლოვაკური _ სლოვაკეთისა (დედაქალაქი _ ბრატისლავა). ჩეხურ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 10 მილიონზე მეტი კაცი, სლოვაკურზე _ 5 მლნ.-ზე მეტი. ჩეხური ენის უძველესი სამწერლო ძეგლები XIII საუკუნისაა.
ლუჟიცური საქსონიასა და პრუსიაში გვაქვს მდ. შპრეეს ზემო წელზე. ამ ენაზე 100 000-მდე კაცი ლაპარაკობს. პოლაბური მდ. ელბის შუა წელზე გვხვდებოდა. ახლოს იყო ლუჟიცურთან. გამქრალია XVIII საუკუნიდან. კაშუბური გდანსკის დასავლეთითაა შემორჩენილი; ახლოსაა პოლონურთან. სლოვინცური _ პომერანიაში _ გაქრობის გზაზეა დამდგარი. ლუჟიცური, კაშუბური, სლოვინცური სლავური მეტყველების კუნძულებია და წარმოადგენს ნარჩენს ძველად აქ უფრო ფართოდ გავრცელებული დასავლურ სლავური მეტყველებისა.
სლავურ ენათა სამხრულ ჯგუფს შეადგენენ: ბულგარული _ 9 მლნ. კ., სერბულ-ხორვატული _ 16, 5 მლნ. კ. და სლოვენური _ 2, 1 მლნ. კ. ბულგარული _ სახელმწიფო ენა ბულგარეთისა (დედაქალაქი _ სოფია). ბულგარული ენის ერთ-ერთ დიალექტზე კირილე და მეთოდემ თარგმნეს საღმრთო წერილი და სამღვდელმსახურო წიგნები ჳხ საუკუნეში. ამ თარგმანთა ენას ეწოდება ძველი სლავური ენა. სერბულ-ხორვატული გავრცელებულია ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. სლოვენური _ კრაინაში, რომლის ერთი ნაწილიც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზეა, მეორე _ იტალიაში.

IV. ბალტიური ენები

მიეკუთვნება: ლიტვური, ლატვიური და ძველი პრუსიული.
ლიტვური _ სახელმწიფო ენაა ლიტვის (ამჟამად დედაქალაქი _ ვილნიუსი; 1939 წლამდე იყო კაუნასი); ლიტვურის უძველესი სამწერლო ძეგლი XVI საუკუნისაა (1547 წ.). ლიტვურმა შემოინახა არქაული თვისებები (მაგ.., თავისებური მახვილი). მოლაპარაკეთა რიცხვი 3 მილიონს აღწევს.
ლატვიური _ სახელმწიფო ენაა ლატვიისა (დედაქალაქი _ რიგა). უძველესი ტექსტი თარიღდება XVI საუკუნით (1586 წ.). ლატვიურზე ლაპარაკობს დაახლოებით მილიონ-ნახევარი კაცი.
ძველი პრუსიული ხმარებიდან გამოსული (მკვდარი) იყო ჯერ კიდევ XVII საუკუნეში. მისგან დარჩა ლექსიკური მასალა (ე. წ. `ელბინგის ლექსიკონი" _ 800 სიტყვამდე), XV საუკუნისა და XVI საუკუნეში შესრულებული მცირეოდენი ნათარგმნი სასულიერო ტექსტი (კატექიზმო... თარგმანი შესრულებულია 1561 წელს). პოლაბურის (იხ. ზემოთ) მსგავსად ძველი პრუსიული გერმანული ენების მოძალებამ გააქრო.

V. გერმანული ენები


იყოფა სამ ჯგუფად. აღმოსავლური ჯგუფისაა გუთური; ამ ენაზე თარგმნა გუთების ეპისკოპოსმა ვულფილამ,  რომლის წინაპრები კაპადოკიიდან (მცირე აზია) ტყვედ წამოყვანილი ქრისტიანები იყვნენ, ოთხთავი (სახარება) მეოთხე საუკუნეში. ამ თარგმანშია მოცემული გერმანულ ენათა ყველაზე ძველი წერილობითი ძეგლი. გუთურის გარდა აღმოსავლური ჯგუფისა უნდა ყოფილიყო ვანდალური და ბურგუნდიული (ძეგლები არ შემონახულა). გერმანულ ენათა ჩრდილო გერმანულ ანუ სკანდინავიურ ჯგუფს შეადგენენ: ისლანდიური (242 ათასი კაცი) და ნორვეგიული (5 მლნ. კაცი), ერთი მხრივ, და შვედური (10 მლნ. კაცი) და დანიური (5, 6 მლნ. კაცი), მეორე მხრივ.
ძველი სკანდინავიური მეტყველების ნიმუში დაცულია მოკლე წარწერებში, რომლებიც შესრულებულია რუნული დამწერლობით. ისლანდიური ძეგლები (ედას სიმღერები) ცნობილია XII საუკუნიდან. ნორვეგიულიც დაახლოებით იმავე დროიდანაა ცნობილი. ნორვეგიული ახლოსაა ისლანდიურთან. ნორვეგიული, როგორც სამწერლო ენა, ხვ საუკუნიდან გამოდევნა დანიურმა (მაგრამ მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო მოძრაობა სალიტერატურო ენის `ნორვეგიზაციისათვის". ამჟამად სალიტერატურო ენის ორი ფორმა არსებობს _ ოსლოს მეტყველებაზე დამყარებული რიკსმოლი, რომელზეც წერდა სახელგანთქმული დრამატურგი ჰენრიკ იბსენი და ადგილობრივ დიალექტთა საფუძველზე შექმნილი ლანსმოლი. შვედურისა და დანიურის უძველესი ძეგლები XIII საუკუნით თარიღდება.
დასავლურ გერმანულ ჯგუფში გაირჩევა: 1. ზემოგერმანული (დიალექტებით: ბავარიული, ალემანური, ფრანკული). ტექსტები ცნობილია IX საუკუნიდან. თანამედროვე სალიტერატურო გერმანული ენისათვის ამოსავალია ფრანკული (მარტინ ლუთერის მიერ XVI ს. შესრულებული თარგმანი დაბადებისა ამ სალიტერატურო ენის საფუძვლად იქცა).
2. ქვემოგერმანული, რომლის უძველესი ძეგლიცაა პოემა `ჰელიანდი" IX საუკუნისა, და რომლის მთავარი წარმომადგენელიცაა ჰოლანდიური და _ მისგან უმთავრესად ლექსიკით განსხვავებული _ ფლამანდიური (განსხვავებას აძლიერებდა უპირატესად პოლიტიკური და რელიგიური გარემოებანი).
3. ფრიზული და 4. ძველი ინგლისური ანუ ანგლოსაქსური, რომლის ნიმუშებიც VIII საუკუნიდან არის ცნობილი. ჯერ დანიურის, მერე ფრანგულის ძლიერი და ხანგრძლივი გავლენით ანგლოსაქსურიდან XIV საუკუნეში იქმნება ინგლისური ენა. გერმანულ ენათაგან სამწერლოა: გუთური (მკვდარია), დანიური, შვედური, ნორვეგიული, ისლანდიური, გერმანული, ჰოლანდიური და ინგლისური.

VI. იტალიური (რომანული) ენები

ინდოევროპული ენების იტალიური შტო ამჟამად წარმოდგენილია რომანული ენებით; რომანული ენებია:
1. იტალიური,
2. ფრანგული,
3. პროვანსული ანუ ოქსიტანური (სამხრეთ საფრანგეთში),
4. პორტუგალიური,
5. ესპანური,
6. კატალონიური (ესპანეთში; კატალონიის დედაქალაქია ბარსელონა),
7. რეტორომანული (ტიროლში _ ავსტრიის ალპებსა და შვეიცარიაში),
8. რუმინული _ რუმინეთში (დედაქალაქი _ ბუქარესტი ),
9. მოლდავური (მოლდავეთში, დედაქალაქი _ კიშინიოვი),
რომანული ენებისათვის ამოსავალი იყო ამჟამად მკვდარი ლათინური ენა, სახელდობრ, ხალხური ლათინური ენა (და არა სამწერლო ლათინური). ლათინური თავდაპირველად ქალაქ რომში (და მის მიდამოებში) იხმარებოდა (იტალიის ამ ოლქს ძველად ერქვა ლაციუმ, ძველი გამოთქმით _ ლატიუმ, აქედან _ ტერმინი ლათინური). რომის ძლიერების ზრდას მოჰყვა ლათინური ენის თანდათან გავრცელება ლაციუმის ოლქიდან მთელ აპენინის ნახევარკუნძულზე. აქ ლათინურმა სიცოცხლე მოუსწრაფა ინდოევროპულ დიალექტებს ოსკურსა და უმბრულს (ოსკური ენისა წარწერებია დარჩენილი, უმბრულისა _ ე. წ. ევგუბინის ტაბულები, სამსხვერპლო რიტუალის ტექსტით), აგრეთვე _ ეტრუსკულს (არაინდოევროპულ ენას, რომლის მატარებლებმაც რომაელებზე ადრე იტალიაში მაღალი კულტურა შექმნეს; ეტრუსკების ძირითადი ოლქი ტოსკანა იყო). როცა რომის იმპერიის ფარგლებში მოექცა პირენეის ნახევარკუნძული და ახლანდელი საფრანგეთი, აქაც გავრცელდა ლათინური ენა _ კელტური ენებისა  და არაინდოევროპული იბერიული ენების ხარჯზე.
მთელი შუა საუკუნეების მანძილზე დასავლეთ ევროპის ხალხებს (ფრანგებს, გერმანელებს, ინგლისელებს, ესპანელებს, იტალიელებს) მწიგნობრობის ენად ლათინური ჰქონდათ. ღვთისმეტყველებასა და ზოგ სამეცნიერო დისციპლინაში (მაგალითად, ბოტანიკაში, მედიცინაში, ასტრონომიაში) ლათინურ ენაზე იწერებოდა შრომები მეცხრამეტე საუკუნეშიც კი. ლათინურ ენაზე შესრულებული წარწერები ბლომად მოიპოვება III საუკ. ძვ. წელთაღრიცხვამდე (უძველეს ძეგლად ითვლება წარწერა ოქროს ქინძისთავზე _ _ VI საუკ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე). ამჟამად ცოცხალ რომანულ ენათაგან: იტალიურის უძველესი ძეგლი თარიღდება 960 წლით; იტალიურს საფუძვლად დაედო ქალაქ ფლორენციის განათლებული წრეების მეტყველება (lingua toscana). ფრანგული ენის ყველაზე ძველი ძეგლი 842 წელს ეკუთვნის. ახალი ფრანგული ენა XVI საუკუნეში ჩამოყალიბდა. პროვანსულ ენაზე მწერლობა იქმნება XI საუკუნეში.
პორტუგალიური ენის უძველეს დოკუმენტს 1192 წლით ათარიღებენ, კატალონიურისას _ 1171 წლით, ესპანურისას _ 1145 წლით. რუმინულ ენაზე მწერლობა არსებობს XVI საუკუნიდან. ფრანგული ენა საფრანგეთის გარდა გავრცელებულია კანადაში, ალჟირში, დასავლ. აფრიკის ზოგ ადგილებში; ფრანგულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 100 მილიონს აღწევს. პორტუგალიური ენა პორტუგალიის გარდა ბრაზილიასა და აფრიკის ზოგ ქვეყანაში იხმარება (ამ ენაზე სულ 150 მლნ. კაცი ლაპარაკობს). იტალიურ ენაზე იტალიასა და მის გარეთ ლაპარაკობს 65 მილიონი კაცი.

VII. კელტური ენები

კელტური ენებიდან ამჟამად ცოცხალია:
1. ირლანდიური (ანუ ირული). უძველესი გლოსები ცნობილია VII საუკუნიდან, მდიდარი ლიტერატურა აქვს XI საუკუნიდან. ირლანდიურ ენაზე ლაპარაკობს 600 ათასი კაცი.
2. შოტლანდიური (ანუ ერული) წარმოშობით ახლოს დგას ირლანდიურთან, XVI საუკუნიდან გაიჩინა საკუთარი სალიტერატურო ენა; შოტლანდიურზე მოლაპარაკეთა რიცხვი 100 ათასს უდრის.
3. უელსური ანუ ვალისური _ ინგლისის დასავლეთ სანაპიროზე; გლოსები ამ ენაზე ცნობილია VIII საუკუნიდან; შუა საუკუნეებიდან მოეპოვება მდიდარი ლიტერატურა, კერძოდ, ორიგინალური პოეზია. ამჟამად ამ ენაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ლაპარაკობს. ჩრდ. ამერ. შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ ამერიკაში _ პატაგონიაში _ გადასახლებულ უელსელებს დედაენა შერჩენილი აქვთ.
4. ბრეტონული ენა _ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, ბრეტანის ნახევარკუნძულზე. უძველესი გლოსები VIII საუკუნისაა; ლიტერატურა აქვს XIV საუკუნიდან; ბრეტონული დედაენაა დაახლოებით 1 მილიონამდე კაცისათვის. მაგრამ ფრანგულის ძლიერი გავლენა ბრეტონულის არსებობას საფრთხეს უქმნის (ბრეტონულს უპირატესად სოფლის მოსახლეობა ლაპარაკობს). ბრეტონული ენა ინგლისიდან გადმოსული კელტების მეტყველებაა (და არა იმ კელტებისა, რომელთაც თავის დროზე საფრანგეთის მთელი მიწა-წყალი ეკავათ და გალების სახელწოდებით არიან ისტორიაში ცნობილი). ზემოხსენებული ცოცხალი კელტური ენები მცირეოდენი ნაშთია ოდესღაც ფართოდ გავრცელებული კელტური მეტყველებისა: ჩვენს წელთაღრიცხვაზე რამდენიმე საუკუნით ადრე კელტურ ტომებს ეჭირათ ახლანდელი ინგლისი, ირლანდია, საფრანგეთი, ჩრდილოიტალია, ნაწილობრივ _ ესპანეთი; მათმა ერთმა ტალღამ ბალკანეთიდან მცირე აზიამდისაც მოატანა (აქ მათ დააარსეს გალატიის სამეფო). კელტური ენები იტალიასა და საფრანგეთში ხმარებიდან გამოდევნა ლათინურმა, ინგლისსა და ირლანდიაში გაქრობის საფრთხე შეუქმნა ინგლისურმა. ამჟამად ოთხი კელტური ენა შემოგვრჩა; ძველად კელტურ ენათა რიცხვი გაცილებით მეტი იყო.
ისტორიული კლასიფიკაცია კელტურ ენებში სამ ჯგუფს გამოყოფს:
1. გაელური ჯგუფი: ირლანდიური, შოტლანდიური.
2. ბრიტული ჯგუფი: უელსური ანუ ვალისური, კორნული _ კორნუელსში (ინგლისში; გაქრა XVIII საუკუნეში) და ბრეტონული.
3. გალიური; გავრცელებული იყო საფრანგეთსა და ჩრდილო იტალიაში, ესპანეთში (აქ გალიურის გარდა ადგილობრივი იბერიული ენებიც იხმარებოდა). გალიური ენისა მეტწილად საკუთარი სახელებია დარჩენილი ბერძნულსა და რომაულ წყაროებში (და ზოგი წარწერა). გაბმული ტექსტი არა გვაქვს.
რომანულ (იტალიურ) ენებსა და კელტურ ენებს ხშირად ერთმანეთთან ახლოს მდგომად თვლიან: მათ რიგი საერთო თავისებურება ახასიათებს.

VIII. ბერძნული ენა

ბერძნული შტო წარმოდგენილია მხოლოდ ბერძნული ენით. განასხვავებენ: ძველ ბერძნულს, ბიზანტიურს (VII _ XVI სს.) და ახალბერძნულს (XVI საუკუნიდან). უძველესი ბერძნული წარწერები თარიღდება VI ს. ჩვ. წელთაღრიცხვამდე. უძველესი ხანების ბერძნული მწერლობა დიალექტურ მეტყველებას ასახავს. ძველ ბერძნულში გამოყოფენ დიალექტთა ოთხ ჯგუფს; ეს ჯგუფებია:
1. იონიურ-ატიკური ჯგუფი: იონიური _ მცირე აზიის ბერძენთა კოლონიებში (12 ქალაქში); ატიკური _ ქალაქ ათენის დიალექტი. იონიურ დიალექტზე წერდა, კერძოდ, ისტორიკოსი ჰეროდოტე, ატიკურზე _ ფილოსოფოსი პლატონი.
2. აქეიური ჯგუფი: არკადიული, კიპრული, პამფილიური დიაენათმეცნიერებისლექტები. ამ დიალექტებზე წარწერებია შემონახული.
3. ეოლიური ანუ ჩრდილოაღმოსავლური ჯგუფი: თესალიური, ბეოტიური და ლესბური (კუნძულ ლესბოსზე); VII-VI ss. ლესბური, როგორც სალიტერატურო ენა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ამ დიალექტზე წერდნენ პოეტები ალკეოსი და საფო.
4. დორიული ანუ დასავლური ჯგუფი; ამ ჯგუფის დიალექტებს ვხვდებით ეპირში, ლოკრიდაში; ლაკონიაში, კორინთში, კრეტის კუნძულზე; კუნძულ სიცილიაზე, იტალიაში. დორიულია არქიმედეს პროზის მეტყველება (`საერთო დორიული" სალიტერატურო ენაა _ იტალიისა და სიცილიის ბერძნულ კოლონიებში).
ჰომეროსის `ილიადისა" და `ოდისეას" ენა ახლოს არის იონიურ დიალექტთან, მაგრამ მასში ძველი ეოლიური ელემენტიც იგრძნობა (თუმცა ამა თუ იმ დიალექტამდე ჰომეროსის ენა არ დაიყვანება).
ჳვ_ჳჳჳ საუკუნიდან ჩვენ წელთაღრიცხვამდე მუშავდება ბერძნული საერთო სალიტერატურო ენა (ე. წ. koinē კოინე `საერთო", რომელსაც საფუძვლად უდევს ატიკური (ლექსიკაში ეტყობა იონიურის გავლენა). ამ საერთო ენამ მოშალა ბერძნულ დიალექტთა თავისებურებანი. ახალი ბერძნული ენის დიალექტები როდი წარმოადგენენ ძველი ბერძნული დიალექტების გაგრძელებას. ამ დიალექტებისათვის ამოსავალია ხსენებული საერთო ენა (კოინე).

IX. ალბანური ენა

ალბანური (შკაპიტარული ანუ არნაუტული ენა _ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე _ ალბანეთის სახელწიფო ენა; დედაქალაქი _ ტირანა). ამ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი დაახლოებით 3 მილიონია. გაირჩევა ორი დიალექტი: გეგური და ტოსკური. ალბანური ენის ლექსიკაში ბევრია ბერძნული, თურქული, სლავური და რომანული სიტყვა. ალბანური ენის უძველესი ძეგლები (ცალკეული სიტყვები) XV საუკუნიდანაა ცნობილი; ტექსტები XVII საუკუნისაა.

X. სომხური ენა

სომხური ენა _ სახელმწიფო ენა სომხეთში (დედაქალაქი _ ერევანი). სომხურ ენას დიდი ხნოვანების მწერლობა მოეპოვება. უძველესი თარიღიანი ხელნაწერი _ სახარება _ მეცხრე საუკუნისაა (887 წ.), მაგრამ დამწერლობა ივარაუდება მეხუთე საუკუნიდან არსებულად. ძველი სომხური იწოდება `გრაბარ"-ად (`სამწერლო ენა"); მას უპირისპირდება ახალი სომხური, `აშხარაბარ" (`ხალხური ენა"). განსხვავება მათ შორის დიდია, მეტი, მაგალითად, ვიდრე ძველ ქართულსა და ახალ ქართულ სალიტერატურო ენას შორის. სომხური ენა მდიდარია დიალექტებით. გამოყოფენ დიალექტთა ორ ჯგუფს: აღმოსავლურსა და დასავლურს. აღმოსავლურ ჯგუფს ქმნის სომხეთის მიწა-წყალზე (თუ სხვაგან) ხმარებული სომხური. დასავლურ ჯგუფს თურქეთში მცხოვრებ სომეხთა მეტყველება განეკუთვნება. სომხური დაუცავთ სომეხთა ახალშენებს სპარსეთში, ინდოეთში, ეგვიპტეში, რუმინეთში, ბულგარეთში, ჩრდილო ამერიკის შეერთებულ შტატებში... სომხურად მეტყველთა საერთო რაოდენობა 6 მლნ.-ია, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე _ 3,7 მილიონი.
სომხურში დალექილია იბერიულ-კავკასიური ენების მასალა; მაგალითად, მკვეთრი აფრიკატები წ, ჭ არც ერთმა ინდოევროპულმა ენამ არ იცის (გარდა ოსურისა, სადაც წ, ჭ ისევ იბერიულ-კავკასიური ენებიდან არის შეთვისებული). ბრალდებით ბრუნვას, აკუზატივს, ძვ. სომხური პრეფიქსით აღნიშნავდა (ინდოევროპულ ენებში სუფიქსი იხმარება): ჩანს, აკუზატივი სომხურისათვის უცხო უნდა ყოფილიყო თავდაპირველად.

 

1 2 3

 


megobari saitebi

   

01.10.2014