მეფე ვახტანგ გორგასალი
(431-???)

1 2

ირანის წინააღმდეგ გალაშქრება
ჰუნთა წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა
საეკლესიო რეფორმა
ბრძოლა ირანის შაჰის პეროზის წინააღმდეგ
თბილისი
ირანის შაჰის კავად I-ის საქართველოში შემოჭრა
ვახტანგ მეფის სიკვდილი
სასარგებლო ბმულები

ირანის წინააღმდეგ გალაშქრება

მეფის ასეთი ღონისძიებანი ირანის წინააღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. ახლა ვნახოთ რა ხდებოდა ირანში. როცა ირანის შაჰმა გაიგო `ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო (მხარეს, ვ.გ.), შეიქცა სპარსეთად და მოკუდა. დაჯდა მეფედ ძე მისი, და ვიდრე მოიწიფებოდა... წარხდა (გავიდა, ვ.გ.) ამას შინა წელიწადი სამი~. ირანის შაჰი, რომელიც ვახტანგის `ღალატის~ შეტყობისას გარდაიცვალა იეზდიგერდ II იყო (იგი 457 წელს გარდაიცვალა). ტახტი მისმა უფროსმა ძემ – ჰორმიზდ III-მ დაიკავა, მაგრამ მას უმცროსი ძმა პეროზი აუჯანყდა. ასე დაიწყო ირანში შინა ომი. ბოლოს, პეროზმა დახმარებისათვის შუააზიელ ჰუნებს – ჰეფტალიტებს (იგივე თეთრი ჰუნები) მიმართა. პეროზს მხარი დაუჭირეს ირანელმა დიდგვაროვნებმაც და ორწლიანი ბრძოლების შემდეგ, ჰორმიზდ III მოკლული იქნა. 459 წელს ტახტზე პეროზი ავიდა (ეს შაჰი, `შუშანიკის წამებაში~ იხსენიება). სანამ პეროზი შინაომით აშლილ ქვეყანას მოაწესრიგებდა, ერთი წელი კიდევ გავიდა და 460 წელს იგი `წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისა~ _ დიდი ლაშქრით ქართლს მოადგა. ქართლში ირანელთა მოსალოდნელი შემოჭრის შესახებ ვახტანგ მეფემ ბიზანტიის იმპერატორი ლეონი (ლევი) ადრევე გააფრთხილა. წერილით იგი იმპერატორს ატყობინებდა: `აჰა დადგა დღე, რომელიც აღმითქუამს~, სპარსელები უკვე ქართლის საზღვართან არიან. მე რაც აღთქმა დავდე, შევასრულე. სადაც ცეცხლის სახლი იყო, ყველა მოვსპე, მოგვები სატანჯველს მივეცი, მათი ეპისკოპოსი საპყრობილეში ჩავსვი და სიკვდილის შიშით გარდაიხვეწა. სწრაფად გამოგზავნე დამხმარე ძალა, რათა ჯვრის სარწმუნოების მტრები დავამარცხოთ. თუ მათ გვძლიეს, კიდევ უფრო გაძლიერდებიან და შენს საზღვარსაც მოადგებიან. როცა მეფის მოციქულმა საიმპერატორო სასახლეში ვახტანგის წერილი მიიტანა, აღმოჩნდა, რომ იმპერატორი წასული იყო საომრად და დასახმარებლად `ვერ მოიცალებდა~. ვახტანგ მეფეს ისღა დარჩა, შემოსულ მტერს მხოლოდ ქართლის ლაშქრით შებმოდა. ჯუანშერი, როგორც ქართლის სამეფოს სპასპეტი და მცხეთასთან მიმდინარე ბრძოლების მონაწილე, დეტალურად აგვიწერს 460 წელს ქართლში შემოჭრილ ირანელთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებს. ირანელთა შემოჭრამდე მეფეს მცხეთაში – მოგვთა უბნიდან – არმაზში, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირისაკენ გადებული ხიდი გაუფართოვებია. მცხეთაშივე გამაგრდა ვახტანგ მეფე და ჯუანშერ სპასპეტი. ნასრა და მირდატ ერისთავები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იდგნენ `სომხითისა და ქართლისა~ ჯართან ერთად. სპარსთა ლაშქარი დღევანდელი დიდუბის მიდამოებში დაბანაკდა. ბრძოლების მიმდინარეობას ჯუანშერი ასე აღწერს: თუ ბრძოლები მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გაიმართებოდა, ქართველთა ლაშქარი მათ მცხეთიდან ეხმარებოდა. მცხეთის მხარეს ბრძოლები, ძირითადად, მდ. არაგვის პირას მიმდინარეობდა. ხშირად ქართველთა ლაშქარი მტკვარს `ტფილისის ფონთან~ გადაკვეთდა და იქ შეებმებოდა ხოლმე მტერს. ამ ბრძოლებში ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. ჯუანშერის სიტყვით, სწორედ ამ ბრძოლებში ჰქონდა ვახტანგ მეფეს `ოქროს ჩაბალახზე~ (მუზარადზე) გამოსახული `წინით მგელი და უკანით ლომი~. სადაც ბრძოლის ყველაზე ცხელი ადგილი იყო, ვახტანგიც იქ გაჩნდებოდა ხოლმე და `მოსრიდა სპარსთა~. სპარსელებმა დაიხსომეს – მხედარი, რომელსაც მუზარადზე მგელი და ლომი ჰქონდა გამოსახული – ვახტანგ მეფე იყო. ამიტომ, ვახტანგის გამოჩენისას ყვიროდნენ: `დურ აზ გორგასალ~. ეს სპარსული სიტყვები ჯუანშერის თანახმად, ნიშნავს: `მოერიდეთ თავსა მგლისასა~. ამის შემდეგ `სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალი~-ო წერს იგი. ე. ი. 460 წელს მცხეთა-თბილისთან ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლებისას იწოდა ვახტანგ მეფე `გორგასალად~ (ამის შემდეგ, თხრობისას მას მეც ასე მოვიხსენიებ). ქართლში შემოჭრილ ირანელებთან ბრძოლა ოთხი თვე გაგრძელთა. შაჰის ლაშქარმა არსებით წარმატებას ვერ მიაღწია. ბრძოლები, ალბათ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ბიზანტიიდან იმპერატორის დესპანი რომ არ მოსულიყო. იმპერატორი ვახტანგ გორგასალს ატყობინებდა, რომ მის დასახმარებლად ლეონის სარდლობით 80 000 მეომარი მოემართებოდა (ეს ლაშქარი ბიზანტიის სამხედრო ერთეულის _ `ჵონტიცა~-ს სამხედრო ძალები იყო, ლეონი კი ამ სამხედრო ერთეულის ჯარების სარდალი). წერილის მოტანისას ბიზანტიელთა ლაშქარი უკვე ჯავახეთში იყო მოსული. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ირანის შაჰისათვის გახდა ცნობილი. შაჰმა უკეთესად ჩათვალა ვახტანგს დაზავებოდა. სხვა საკითხებთან ერთად, საზავო მოლაპარაკებისას ვახტანგ გორგასლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, შემდეგში, ირანელები ქართლის რელიგიურ საქმეებში აღარ ჩარეულიყვნენ. თუ შაჰი ამ პირობაზე დათანხმდებოდა, ვახტანგი შაჰს პირდებოდა, რომ მას `მამად და უფლად~ მიიჩნევდა. როცა შაჰს ვახტანგ მეფის მოთხოვნა მოახსენეს, მან ძღვენი გამოუგზავნა მეფეს და მათ შეხვედრის დრო დათქვეს. ამის შემდეგ, შაჰმა აყარა ლაშქარი და `უკუდგა რუსთავად~, განთიადისას კი ამალით გამოვიდა და დადგა `ველსა კალისასა~ (ე. ი. თბილისში), ხოლო ვახტანგი `დადგა ჯაჭუს და შეკრბეს მასვე ველსა ორნივე მეფენი შეხვედრების მესამე დღეს ვახტანგ გორგასალი და ბიზანტიელთა სარდალი ლეონ ანთიპატი* კვლავ შეხვდნენ შაჰს. ვახტანგის შუამდგომლობით შაჰი ბიზანტიასაც დაუზავდა. ამ ზავით, ირანსა და რომს შორის 363 წელს დადებული ზავის პირობებით გათვალისწინებულ სასაზღვრო ხაზზე შეთანხმდნენ. თბილისთან გამართული ბრძოლების გამო, `ტფილისი სოფელი და კალაცა მოოხრებული იყო~, რაც იმაზე მიგვითითებს, 460 წლისათვის თბილისს გალავანი რომ არ ჰქონდა და ჯერ კიდევ არ იყო სააღმშენებლო სამუშაოები დაწყებული სამეფო ტახტის მცხეთიდან თბილისში გადასატანად. ზავის დადების მიუხედავად, შაჰს პრეტენზიები არ ელეოდა. მეორე დღესვე მან ვახტანგ გორგასალს თავისი მობედი (ცეცხლმსახური) გამოუგზავნა, რომელმაც მეფეს შაჰის დანაბარები გამოუცხადა: `მე ისე გავარიგე საქმე როგორც შენ გსურდა. მართალია, ამის გამო მე ირანის უხუცესნი გამირისხდებიან, რადგან ისინი ჩემგან ბერძნების დამარცხებას მოელოდნენ, მე კი შენი შუამდგომლობით, პირიქით, მათ ჩემი ტერიტორიები დავუთმე. ახლა ჩემი სათხოვარი ესაა – შენი და ცოლად მომეცი, შენც წამოდი ჩემთან ქართველთა ლაშქრით ჩემი მტრების წინააღმდეგ საბრძოლველადო~ _ შაჰი ვახტანგის უმცროსი დის მირანდუხტის შერთვას ითხოვდა. შაჰის ამ მოთხოვნას, ბიზანტიელმა სარდალმა ლეონმაც დაუჭირა მხარი და შეჰპირდა სამხედრო ძალით დახმარებას. ვახტანგ გორგასალი იძულებული გახადა შაჰის თხოვნაზე დათანხმებულიყო.

 

ჰუნთა წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლა

ჰუნები, რომელთა წინააღმდეგ ირანელებთან ერთად ვახტანგ გორგასალს ქართველთა ლაშქრით უნდა ებრძოლა, შუა აზიიდან ინდოეთის ოკეანემდე, ვრცელ ტერიტორიაზე ბატონობდნენ, მათ წინააღმდეგ ბრძოლა დიდ დროს მოითხოვდა, ქვეყანა მეფის გარეშე რჩებოდა. უფლისწული დაჩი 460 წლისათვის ჯერ მხოლოდ 5 წლისა იყო. მეტი გამოსავალი არ იყო, ვახტანგ მეფემ მას დაადგა გვირგვინი, შვიდი წარჩინებული თანამდგომად დანიშნა – მათ შორის იყო `ჯუანშერ სპასპეტი მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა~. ვინ იყვნენ ირანის მტრები, რომელთა წინააღმდეგ ირანელებთან ერთად ვახტანგ გორგასალი ჯორჯანეთში, ინდოეთში, სინდეთსა და აბაშეთში 8 წელი იბრძოდა? V საუკუნის სომეხი ისტორიკოსების ფავსტოს ბუზანდაცისა და ელიშეს ცნობებით, ირანის შაჰებს აღმოსავლეთში გამუდმებული ბრძოლები ჰუნ ქუშანებთან ჰქონდათ. ქუშანთა გაერთიანება ზემოდასახელებულ ტერიტორიებზე ახ. წ. დამდეგს ჩამოყალიბდა და იმ ხანად ძველი მსოფლიოს იმპერიებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი იყო. შემდეგ, ის დაემცრო, და ირანის შაჰებმა დროებით მისიდამორჩილება შეძლეს. ვახტანგის დროს საჭირო გახდა ხელახლა დამორჩილება. ირანის შაჰს პეროზსა და მეფე ვახტანგს მცხეთიდან თან გაჰყვა დედოფალი საგდუხტი და ვახტანგის და ხუარანძე, რათა იერუსალიმის წმიდა ადგილები მოელოცათ. წმიდა ადგილების მონახულების შემდეგ, ისინი დაესწრნენ შაჰის ქორწილს და უმჯობესად ჩათვალეს ვახტანგ მეფეს ქ. ურჰაში (იგივე ედესა) დალოდებოდნენ. ჰუნების წინააღმდეგ მიმავალი ლაშქარი ქ. ნისიბისში შეიკრიბა. იქ მივიდა ვახტანგ გორგასალი ქართველთა ლაშქრით, ასევე ლეონი ბიზანტიელთა რაზმებით და გაემართნენ კასპიის ზღვის აღმოსავლეთ ველებზე (ჯორჯანეთში) მომთაბარე ჩოლების (იგივე ჰეფტალიტები, თეთრი ჰუნები) წინააღმდეგ. ჯორჯანეთში წარმატებით დამთავრებული ლაშქრობის შემდეგ, ირანის ლაშქარი ინდოეთში გადავიდა (იმჟამად იქ არსებული ქუშანთა სახელმწიფოს დედაქალაქი ჰურუშაპურა, ახლანდელი პეშავარი იყო). დაიმორჩილეს იქაური ჰუნები, მათგან ხარკი აიღეს და სინდეთს მიადგნენ. ძველ საქართველოში სინდეთად მდ. ინდის ქვემო წელზე არსებული ქვეყანა იწოდებოდა (ესაა ახლანდელი პაკისტანის ტერიტორია). ქუშანთა გაერთიანება იქ ახ. წ. III საუკუნეში შეიქმნა. პეროზის ლაშქარს სინდთა მეფე მომზადებული დახვდა. მოსახლეობა ციხეებსა და ქალაქების გალავნებს შიგნით იყო შეხიზნული. სინდთა მეფის მეომრები კი მოულოდნელი თავდასხმით ირანელთა ლაშქარს დიდ ზიანს აყენებდნენ. სინდთა მეფე `მხნე, გოლიათი და შემმართებული~, ყოველდღე გამოდიოდა საბრძოლველად. მან არაერთ სპარს ბუმბერაზს სძლია. ერთ ღამეს, სინდთა მეფის ბრძანებით, ისეთი ორმო ამოთხარეს, შიგ ათამდე მხედრის მოთავსება შეიძლებოდა. ზემოდან ისე შენიღბეს, არაფერი არ ეტყობოდა. ორმოს იქით ქალაქის კედლამდე მხოლოდ ვიწრო გასასვლელი გზა დატოვეს. დილით ადრე ერთი სინდი მეომარი საბრძოლველად გამოვიდა. იმ ხანად ციხის კარს რადგან ქართველები დარაჯობდნენ, სინდ მეომართან საბრძოლველად ვახტანგ მეფის ეჯიბი (ძველ საქართველოში ეჯიბი სამეფო სასახლის მსახურთა უფროსს ეწოდებოდა) საურმაგი გავიდა. მან სინდ მეომარს უთხრა: `შენ არა ხარ ღირსი მეფე შეგებრძოლოს, მონა ხარ და მე შეგებრძოლები~-ო. ამ სიტყვების გამგონე სინდმა მებრძოლმა შეატრიალა ცხენი და გაქუსლა. უკან საურმაგი დაედევნა, როდესაც სინდი მეომარი, საგანგებოდ დატოვებულ ვიწრო გზით შენიღბულ ორმოს გასცდა, მაშინ შემოუბრუნდა საურმაგს. საურმაგმა მას ჰოროლი (ლახვარი, შუბი) სცა და მოკლა, მაგრამ, ორმოდან სინდი მხედრები ამოვიდნენ და მათთან ბრძოლაში საურმაგი დაიღუპა. ამ ამბის შემყურე ვახანგ მეფე და მისი ერისთავები: არტავაზი, ბივრიტიანი, ნასარი სასწრაფოდ გაეშურნენ ციხისაკენ, მაგრამ ვერ მიასწრეს – სინდმა მებრძოლებმა ქალაქის გალავანს შეაფარეს თავი. `მაშინ ვახტანგ სავსე მწუხარებითა~ გამობრუნდა უკან `იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისასა ვითარცა ძმისა საყვარლისასა, რამეთუ თანაზრდილ იყო მისი~. საურმაგი არტავაზის მამის, ვახტანგის მამამძუძის – საურმაგის ძმისწული იყო, მეფის `ერთგული, მისანდობელი და ქუელი~. სინდთა მეფემ ქალაქის გალავნიდან ვახტანგს ყვავისა და ქორის არაკი მოუთხრო. არაკის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სინდეთის ხელმწიფემ, ქრისტიან მეფეს ურწმუნო შაჰის მსახურებაში დასდო ბრალი. თავის მხრივ, ვახტანგმა უპასუხა და თავის ქმედება ახსნა. მან სინდეთის მეფეს ამცნო რომ წმინდა ქალაქი იერუსალიმი გამოიხსნა, მაგრამ თუ სპარსელები `მტერ ექნებიან ქრისტიანთ~, მაშინ იგი მთლიანად ქრისტიანთა მხარეზე დადგებოდა. ბოლოს ვახტანგ გორგასალი სინდთა მეფემ ორთაბრძოლაში გამოიწვია. ვახტანგ მეფე დათანხმდა. ორივეს ხელთ ჰოროლები (შუბები) ეპყრათ. დაიწყო ორთაბრძოლა და `იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა~, ორივე მარჯვე დროს ეძებდა, რათა მოწინააღმდეგისათვის შუბი ეძგერებინა. პირველად ეს სინდთა მეფემ მოახერხა, მაგრამ მეფემ `სიმხნითა და სიკისკასითა (ე.ი. მოქნილობით, ვ. გ.) ტანისა მისისათა~ ჰოროლი აიცილა და, საპასუხოდ თავისი ჰოროლი ისე სცა მარცხენა ბეჭში, რომ საჭურველის სიმაგრემ ვერ გაუძლო და შუბის პირი ერთი წყრთა წინ გავიდა. ცხენიდან ჩამოვარდნილ სინდთა მეფესთან მიიჭრა ვახტანგი ფეხში ხელი სტაცა და ირანის შაჰის წინ მიათრია. ამ ამბის შემყურე სპარსთა მეფე და `ყოველი ბანაკი მისი~ სიხარულით აღივსო, `ყოველმან სპამან ხმითა მაღლითა შესძახეს ქება ვახტანგს~. შაჰმა დაჭრილი სინდთა მეფისათვის მკურნალი იხმო, უნდოდა მისი ტყვედ წაყვანა, მაგრამ ვახტანგის თხოვნით იგი გაათავისუფლა, მისი ორი შვილი კი მძევლად აიყვანა. სინდეთს ინდოეთზე ორჯერ მეტი ხარკი გადაახდევინა, რომელიც ვახტანგს მიანიჭა. თავის მხრივ, სინდთა მეფემ დიდი მადლობა მოახსენა მეფეს, ჯერ იმისთვის, ცხენიდან გადმოვარდნილი რომ არ მოკლა, მეორე – ტყვეობიდან რომ დაიხსნა, ამიტომ მან თავის მხრივ, ძღვენი `მიუწვდომელი და დიდძალი~ მიუძღვნა ვახტანგ გორგასალს. სინდეთს შესვლითგან მეოთხე წელს ლაშქარი აბაშეთისაკენ გამოემართა. შაჰინ-შაჰ პეროზთან ერთად ვახტანგ გორგასლის აბაშეთში ლაშქრობის ამბავი, `ქართლის ცხოვრების~ ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ ამბად ითვლებოდა. საქმე ის იყო, რომ V საუკუნეში ქართველებმა თუ კარგად იცოდნენ აბაშეთი რომ ირანის მოსაზღვრე ქვეყანა იყო, X-XI საუკუნეებიდან ეს ცოდნა დავიწყებას მიეცა და აბაშეთად ეგვიპტის სამხრეთით მდებარე ეთიოპია იწოდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ჯუანშერის ცნობები აბაშეთზე ჩვენმა მეცნიერებმა არარეალურად მიიჩნიეს. აქ ნახსენებ აბაშეთში სინამდვილეში რომელი რეგიონი იგულისხმება, ამას ქვემოთ განვმარტავ. სინდეთიდან წამოსული ლაშქარი, როგორც გაირკვა, ახლანდელი ავღანეთისა და ირანის სახელმწიფოებში შემავალი ძველი დრანგიანას ტერიტორიაზე შევიდა. ძვ. წ. II საუკუნეში ამ მხარეში საკები (ირანული მოდგმის ტომები) დამკვიდრდნენ, რის გამოც იგი `საკასტანად~ (`საკების ქვეყნად~) იწოდა. III საუკუნეში იქ ქუშანები გაბატონდნენ, რომელნიც ირანელებმა დაიპყრეს, იმხანად კი განდგომილები იყვნენ. ახლა ვნახოთ, როგორ ახასიათებს ამ ქვეყანას ჯუანშერი: `და მოვიდეს მუნით (ე. ი. სინდეთიდან) აბაშეთს, ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა მოსდგმიდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, დავერცა ოთხფეხი, არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულგრძელად ჰბრძოდეს. რამეთუ წყალი იგი რომელ შესდიოდა, გადაუგდეს, და ლერწმოანი იგი დაწუეს ცეცხლითა, და წარმოტყვევნეს აბაშეთი ყოველი~. მკითხველი დამეთანხმება, რომ აბაშეთი, მართლაც, საკმაოდ უცნაური ქვეყანა ყოფილა. ლერწმიანში თავშეფარებულ მოსახლეობას იქ ხელოვნურად შეუშვიათ წყალი. თუმცა, წყალი არც იმ სიღრმისა იყო, ნავებით შესულიყვნენ. პეროზის მოლაშქრეებმა მხოლოდ წყლის ძველ კალაპოტში გადაგდების შემდეგ წაუკიდეს ცეცხლი ლერწმოვანს და ასე დაიმორჩილეს აბაშნი. ჯუანშერის ცნობები სისტანის შესახებ ერთ-ერთი უძველესია და იგი ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რომელზედაც ქვემოთ შევჩერდები. XIX საუკუნეში შედგენილი აღწერით, შიდა სისტანის ჩრდილოეთით ორი ლაგუნა (თხელი ტბა) მდებარეობს. მათ ერთ მხარეს, აღმოსავლეთით მდ. ჰილმენდის ძველი დინების კალაპოტი ესაზღვრება. სამხრეთის საზღვარს კი სისტანის დიდი არხი ქმნის, რის გამოც ამ ტერიტორიას სამი მხრიდან წყალი აკრავს. ტაფობში (ირანულად `ჰამუნ~), სადაც ზემოდასახელებული ლაგუნები მდებარეობენ, ავღანეთის მხრიდან მდინარეები: ჰარუდ რუდი, ფარაჰ რუდი, ჰილმენდი და ქასრუდი ჩაედინებიან. ლაგუნების სამხრეთით გადაჭიმულია ჭაობიანი სივრცე (ირან. `ნაიზარ~). წყალდიდობისას ორივე ლაგუნა ტბებად იქცევა ხოლმე და ერთიანდება. წყლის დონის მომატებისას ტბიდან გადმომდინარე წყალი სამხრეთით მდებარე ჭაობიან სივრცეს ფარავს, რის გამოც ეს ტერიტორია დიდ ტბას ემსგავსება. ტბებში წყლის დონემ თუ კიდევ მოიმატა, მაშინ ტბიდან გადმომდინარე წყალი ერთი ტოტით უფრო სამხრეთით, გავადი ზარიჰის ტბის ღრმულში გადადის და სისტანის მთელი ტაფობი წყლით იფარება. მაგრამ, ჩანს, ეს იშვიათად ხდება. როცა აბაშეთის (სისტანის) ტერიტორიაზე პეროზის ლაშქარი შევიდა, წყალდიდობა კი არ იყო, არამედ აბაშებს ტაფობაში ხელოვნურად ჰქონდათ შეშვებული წყალი, რის გამოც, მოხერხდა წყლის გადაგდება, ლერწმოვანის დაწვა და შიგ მსხდომარე აბაშთა დამორჩილება. `განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსავე ზედა, და ნახევარი წარმოიყვანნა ვითარ სახელი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი-ადგილად. და ესენი არიან ქურდნი, ნათესავნი იგი რომელ წარმოტყუენა აბაშთაგან~. აბაშეთის დამორჩილებით დასრულდა შაჰინ-შაჰ პეროზთან ერთად ვახტანგ გორგასლის ხანგრძლივი ლაშქრობა ირანის მტრების წინააღმდეგ. 468 წელს ირანის დედაქალაქში ჩასულ პეროზს, იქ ქართლის პიტიახში ვარსქენი დახვდა. გავიხსენოთ, როგორც `შუშანიკის წამების~ ავტორი იაკობ ცურტაველი წერს, იგი `მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა წარემართა კარად სამეფოდ~. 459 წელს ავიდა ტახტზე პეროზი და მისი მეფობის მერვე წელი 467 წელია. რა თქმა უნდა, ვარსქენმა იცოდა ლაშქრობიდან ვახტანგი დიდი სახელითა და შაჰის ნდობით აღჭურვილი რომ დაბრუნდებოდა, ამჯერად მისთვის ძნელი არ იქნებოდა ურჩ ქვეშევრდომს გასწორებოდა. ამიტომ დაასწრო ვარსქენმა. შაჰის კარზე ცეცხლთაყვანისმცემლობის მიღებითა და შაჰთან დანათესავებით, იგი ვახტანგისაგან ხელშეუხებელი პიროვნება გახდა. თუმცა შაჰ პეროზის დაღუპვისთანავე, როგორც ქვემოთ ვნახავთ, იგი ვახტანგ მეფემ მოაკვლევინა.

საეკლესიო რეფორმა

სანამ ქართველთა ლაშქარი ირანელთა ბანაკს დატოვებდა, შაჰმა თავისი ასული ცოლად ვახტანგ მეფესაც შესთავაზა, მაგრამ ვახტანგმა უპასუხა: `არა ჯერ არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მივის მე ცოლი ასული კეისრისა~. შაჰს არ მოეწონა მეფის პასუხი, `დაუმძიმდა მეტად~, მაგრამ ვახტანგს, რომელსაც მის გამარჯვებებში ამდენი წვლილი მიუძღოდა, არაფერი უთხრა. ამგვარად: `წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა~ სპარსეთს შესვლიდან და მივიდა ქ. ურჰაში, სადაც `მშვიდობით პოვნა დედა და დაი მისი~. ურჰადან წამოსულნი კი როცა ბიზანტიის საზღვარს მიადგნენ, ბიზანტიელთა ლაშქარი ლეონის სარდლობით ბიზანტიის შიდა რაიონებისაკენ გაემართა, ვახტანგ მეფემ კი აქედან `წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესათვის~. ვახტანგი იმპერატორს სთხოვდა, პეტრე კაპადოკიელი ქართლის კათალიკოსად ეკურთხებინათ (ეს აქტი, იმპერიის, კერძოდ ანტიოქიის საპატრიარქოს მიერ, ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის ანუ დამოუკიდებლობის მინიჭებას ნიშნავდა). ქართლში შემოსულ მეფეს `ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი~ მიეგებნენ. მათ შორის იყო, იმ ხანად ქართლის ეკლესიის მეთაური, ვახტანგის აღმზრდელი მიქაელი. როცა მიქაელმა შეიტყო მეფის განზრახვა ქართლის კათალიკოსად პეტრეს დასმის შესახებ, `იწყო ამბოხებად და მიზეზობად~ _ მეფეს ქრისტიანობის დატოვებასა და ცეცხლთაყვანისმცებლობის მიღებაში დასდო ბრალი. მეფემ უარყო მიქაელის ბრალდება და უთხრა, რომ ქრისტეს ძალითა და თანადგომით მოიარა ეს ლაშქრობა, კონსტანტინოპოლში კი, მართლაც გააგზავნა მოციქული თხოვნით, რათა პეტრე კათალიკოსად ეკურთხებინათ. ამ სიტყვების გამგონე მიქაელმა `კრულ-ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი~. ასეთი დაწყევლის მიუხედავად, მეფემ სცადა ვითარება არ გაემწვავებინა, გადმოხდა ცხენიდან და დააპირა ეპისკოპოსის ფეხს მთხვეოდა, მაგრამ მიქაელმა `მიამთხვია პირსა მეფისასა ფანდაკითა*~ და მეფეს კბილი ჩაუმტვრია. მეფემ მიქაელს, რა თქმა უნდა, ეს აღარ აპატია, მას `ვეცხლის მოყვარე~ უწოდა, გადააყენა ქართლის ეკლესიის მეთაურის კათედრიდან და დასასჯელად კონსტანტინოპოლში გააგზავნა, რომელიც `მღვიძართა~ მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს. როგორც ვიცით, დედოფალმა საგდუხტმა მიქაელი იმ დროს მოიყვანა ბიზანტიიდან, როცა ბინქარან ცეცხლთაყვანისმცემლის ზეწოლით მრავალმა ქართველმა დატოვა ქრისტიანობა და მიქაელი შეებრძოლა ბინქარანს. ისიც ვიცით, რომ მიქაელი ვახტანგის აღმზრდელი იყო. ამიტომ, ცხადია, ჩნდება კითხვა, რა მოხდა, რატომ უარყო ვახტანგ მეფემ თავისი აღმზრდელი და ქრისტიანობისათვის თავდადებული მიქაელი, არ დასვა ის ქართლის ავტოკეფალური ეკლესიის პირველ საჭეთმპყრობლად, და რატომ მოიწადინა ამ ადგილას დასასმელად მაინცდამაინც პეტრე კაპადოკიელი? ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში მეფესა და ეპისკოპოსს შორის მომხდარ კონფლიქტს ხან რელიგიურ ნიადაგზე წამოჭრილი დაპირისპირებით, ხან კი მიქაელის ვერცხლის მოყვარეობით ხსნიდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ვახტანგ მეფეს არ სურდა ქართლის დამოუკიდებელი ეკლესიის პირველი მეთაური ისევ ბიზანტიიდან (ანტიოქიიდან) გამოგზავნილი მიქაელი ყოფილიყო. ამით ეკლესიის დამოუკიდებლობას აზრი ეკარგებოდა. პონტოში ლაშქრობისას გაცნობილი პეტრე კაპადოკიელი კი ვახტანგ მეფისა და, საერთოდ, ქართველთა თვალში სავარაუდოა, ტომით ქართველად აღიქმებოდა – ქართველი იყო (გავიხსენოთ, ასევე კაპადოკიიდან იყო ქართველთა განმანთლებელი წმიდა ნინო, პონტოდან იყო წარმოშობით ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის, მეორე მეუღლე ნანა დედოფალი). როგორც ჩანს, კაპადოკია, იმ დროს ქართველთა თვალში ქართველთა ქვეყნად იყო მიჩნეული. 468 წელს ქართლიდან გაძევებული მიქაელ ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დასაჯა, რომელიც `მღვიძართა~ მონასტერში მონაზვნად აღკვეცეს. ვახტანგ მეფემ პეტრე კაპადოკიელის კურთხევა იმპერატორსა და კონსტანტინოპოლის პატრიარქს სთხოვა. ამიტომ, ამ ბოლო დრომდე ფიქრობდნენ, რომ ავტოკეფალიის მოპოვებამდე, ქართლის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ემორჩილებოდა. მკვლევრები ყურადღებას არ აქცევდნენ იქვე არსებულ ცნობას, იმპერატორმა და პატრიარქმა ვახტანგის ელჩობა კონსტანტინოპოლიდან ანტიოქიას რომ `წარავლინეს~ და `მიუწერეს ანტიოქიის პატრიარქს~: `ჩვენ ვიცით, რომ ადრიდანვე, `უწინარესობის~ კანონიდან გამომდინარე, ქართლის ეკლესია თქვენი წმიდა საყდრისა იყო, `ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა~. ასევე მიუწერეს `ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა~ და სთხოვეს პეტრე კაპადოკიელი კათალიკოსად, დანარჩენი 11 სასულიერო პირი, ვინც მას სურდა, სამუელთან ერთად ეპისკოპოსებად ეკურთხებინა. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, ქართლის ეკლესია რომ ანტიოქიის ეკლესიას ემორჩილებოდა, შემთხვევითი არ იყო. სირიის დედაქალაქი – ანტიოქია, რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის რელიგიურ, კულტურულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. მისი ეკლესია (ქრისტიანული თემი) თვით პეტრე მოციქულის მიერ იყო დაარსებული. ანტიოქიას `ღვთის ქალაქს~ (ბერძნ. `თეოპოლისი~) უწოდებდნენ. სწორედ ანტიოქიის ეკლესიის სიძლიერემ და დიდმა ავტორიტეტმა განაპირობა, III საუკუნის დამდეგიდან მის ეპისკოპოსს არა მარტო რომის იმპერიის აზიური ნაწილის (თვით კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის ჩათვლით), არამედ იმპერიის ფარგლებს გარეთ არსებული ეკლესიებიც რომ ემორჩილებოდა (მათ შორის ქართლის, ეგრისის, სომხეთის). ანტიოქიის ეკლესიის გავლენაში მყოფი – კაპადოკიის ეკლესიიდან გამოსულმა მისიონერებმა იქადაგეს ამ ქვეყნებში ქრისტეს მცნება. მათ შეასრულეს გადამწყვეტი როლი, როგორც ქართლში, ისე ეგრისში (ასევე სომხეთში) ქრისტიანობის გამარჯვების საქმეში. დაახლოებით 317 წელს გალატიიდან (ეს იყო კაპადოკიის მომიჯნავე მხარე. ძველი ქართველი ავტორი მას ბრანჯთა ქვეყანას უწოდებს) ქართლში ჩამოსულმა მთავარდიაკონმა ქართლის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსად იოანე აკურთხა. 325 წლის ბოლოს, კი ანტიოქიის ეპისკოპოსის ევსტათის მიერ ქართლის ეკლესიის კურთხევის შემდეგ, ქართლის ეკლესიაზე ანტიოქიის ეკლესიის ზემდგომობა დამყარდა. იმ დროიდან მოკიდებული, ქართლის ეკლესიის მეთაურებად ანტიოქიიდან გამოგზავნილი სასულიერო პირები ინიშნებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო მიქაელ ეპისკოპოსი. ახლა ვახტანგ მეფე ცდილობდა ქართლის ეკლესია ანტიოქიის ეკლესიის (451 წლიდან ანტიოქიის ეპისკოპოსი პატრიარქად იწოდა) გავლენისაგან გაეთავისუფლებინა. რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქი (კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსიც 451 წელს, ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე იწოდა პატრიარქად და იმპერიის აზიურ ნაწილში პირველ საჭეთმპყრობლად იქნა აღიარებული) და იმპერატორი (გავიხსენოთ იმპერატორი ლეონი ვახტანგის სიმამრი იყო) თანახმანი იყვნენ ქართლის ეკლესიისათვის ავტოკეფალია მიენიჭებინათ. ამ საქმისათვის, თითქოს, ხელი არაფერს არ უნდა შეეშალა. მაგრამ როდესაც ანტიოქიაში ქართველთა დელეგაცია ჩავიდა, იქ მონოფიზიტებს (ესენი აღიარებდნენ ქრისტეს ერთბუნებიანობას) და დიოფიზიტებს (აღიარებდნენ ქრისტეს ორბუნებიანობას), შორის ისეთი დაპირისპირება იყო, რომ პეტრე კაპადოკიელისა და სხვა სასულიერო პირების ხელდასხმა ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, ქართლის ეკლესიის ავტოკეფალურად აღიარება კარგა ხნით გადაიდო. როგორც ვახტანგის `ცხოვრებაშია~ ნათქვამი, ანტიოქიის საპატრიარქოსაგან ქართლის ეკლესიამ ავტოკეფალია ქართლის მოქცევიდან 170-ე წლისთავზე ე.ი. 487 წელს მიიღო. პეტრე კაპადოკიელი ქართლის კათალიკოსად ანტიოქიის პატრიარქმა – პეტრე ფულონმა აკურთხა. მანვე აკურთხა ეპისკოპოსებად სამუელ კაპადოკიელი და 11 სხვა სასულიერო მოღვაწე. ქართლში ჩამოსვლის შემდეგ პეტრე ქართლის ავტოკეფალური ეკლესიის პირველი კათალიკოსი გახდა, სამუელი ვახტანგ მეფემ მცხეთის ეპისკოპოსად დაადგინა. დანარჩენმა 11-მა ქართლის სამეფოს სხვადასხვა კუთხეში დაიკავეს საეპისკოპოსო კათედრები. მეფემ ზოგი არასასურველი ეპისკოპოსი ახლით შეცვალა, ზოგი საეპისკოპოსო ახლად შექმნა. ეს იყო ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმა. აკად. ივანე ჯავახიშვილის თანახმად, V საუკუნის II ნახევრის ქართლის სამეფოში დაახლოებით 21 საეპისკოპოსო იყო.

 

ბრძოლა ირანის შაჰის პეროზის წინააღმდეგ

468 წელს ირანიდან ქართლში დაბრუნების შემდეგ, ვახტანგ გორგასალი აშკარად ანტიირანულ პოლიტიკას დაადგა. ირანის შაჰი პეროზი და ქართლ-ალბანეთის მარზპანი მაშინვე მიხვდნენ, რომ ვახტანგის ასეთ კურსს თუ ზღვარს არ დაუდებდნენ, ქართლზე გავლენას დაკარგავდნენ. უფრო გამკაცრდა მათი დამოკიდებულება ქართლის მოსახლეობისადმი, შედეგმაც არ დააყოვნა – როცა ირანს შუა აზიაში ისევ გაურთულდა მდგომარეობა, – ამიერკავკასიაში აჯანყება დაიწყო. 482 წელს შაჰმა პეროზმა აჯანყებული ჰეფტალიტების დამორჩილება განიზრახა. შუა აზიაში სალაშქროდ ამიერკავკასიის ქვეყნებში მდგომი ჯარების ნაწილიც ირანში გაიწვია, ამან თავის მხრივ აჯანყება დააჩქარა. ანტიირანული აჯანყება ალბანეთში დაიწყო. მცირე ბიძგი იყო საკმარისი სომხეთისთვისაც. ამიტომ, როცა ვახტანგ გორგასალმა აჯანყება წამოიწყო, სომხეთის თავკაცებმაც გადაწყვიტეს მისთვის მიებაძათ. V საუკუნის სომეხი ავტორის – ლაზარ ფარპეცის ცნობით, იმ დროს ვახტანგი მთელ ამიერკავკასიაში ცნობილი იყო, როგორც მამაცი და ჭკვიანი მეომარი და სომხებმაც ამიტომ გადაწყვიტეს აჯანყებული ქართლის მეფისათვის მხარი დაეჭირათ. აჯანყების პირველსავე წელს ვახტანგმა, მართალია, მოახერხა ქართლის ციხესიმაგრეებში მდგომი ირანული გარნიზონების განდევნა, მაგრამ ჩრდილო კავკასიიდან დიდი ლაშქრის გადმოყვანა ვერ შეძლო – დამხმარედ მას მხოლოდ 300 ჰუნი მოუვიდა. 483 წლის გაზაფხულზე აჯანყებულთა წინააღმდეგ ირანიდან მიჰრანისა და ატრნერსეჰის სარდლობით დიდი ლაშქარი გამოგზავნეს. ვახტანგი იძულებული იყო ქართველთა ლაშქრით ქართლის საზღვართან სომხეთის მთიანეთში გადასულიყო. იქ ელოდა სომხეთის დამხმარე ძალებს. მეფე მათ ჰუნთა დიდი ძალების მოსვლასაც პირდებოდა. ვახტანგ მეფის მოწოდებაზე სომეხთა სარდალი ვაჰან მამიკონიანი სომეხთა ლაშქრით მთებში ავიდა. აშკარა იყო რომ ირანის ლაშქარი ქართლის მოსახლეობის ძარცვას დაიწყებდა, ამიტომ ვახტანგს სურდა, ბარში ჩასულიყვნენ და იქ შებმოდნენ მტერს, მაგრამ სომხები უარს ამბობდნენ. ლაზარ ფარპეცის ცნობით, ვაჰან მამიკონიანი ხედავდა `სომეხთა ჯარის სისუსტეს~, `მას დაჰკარგვოდა მხნეობა და დაუძლურებული იყო~, არ ჰქონდა `სხვა დროის გულმოდგინება და მონდომება~. ბევრი სომეხი მზად იყო ირანელთა მხარეზე გადასულიყო. ვახტანგ მეფემ, სომხები ბარში ჩასვლაზე რომ დაეთანხმებინა, ასეთი ხერხიც კი იხმარა. სომეხთა და ქართველთა ჯარიდან გაგზავნილ მსტოვრებს შორიდან დაანახეს მრავლად დანთებული კოცონები, რომელთა ირგვლივ მეომართა მსგავსად ხის კუნძები ელაგა. ვახტანგის განმარტებით ეს ჰუნთა ლაშქარი იყო და ელოდა ბარში სომხებისა და ქართველების ჩასვლას. ვახტანგი სომხებს არწმუნებდა, თითქოს, ჰუნებს ეთქვათ, ოღონდ სომხები ჩამოვიდნენ აქ და მერე სპარსელებს ჩვენ თვითონ გავუსწორდებითო. ბოლოს და ბოლოს ვახტანგ მეფემ თავისი გაიტანა, 483 წლის ზაფხულში დილით ადრე, აჯანყებულთა ლაშქარი ჭარმანიანის ველზე ირანელებს შეება. ვახტანგ გორგასალი და ვაჰან მამიკონიანი თავგანწირვით იბრძოდნენ, აჯანყებულებმა გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს, მაგრამ ამ დროს სომეხთა ნაწილმა ბრძოლის ველი მიატოვა. აჯანყებულთა შორის შექმნილი უწესრიგობით ისარგებლეს ირანელებმა და უფრო მედგრად შეუტიეს. აჯანყებულთაგან ბევრი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა გაქცევით უშველეს თავს. სექტემბერი დადგა და ირანელთა სარდლებმა ქართლი დატოვეს. 483-484 წლების ზამთარმა მშვიდად ჩაიარა. 484 წლის გაზაფხულზე ქართლში დიდი ლაშქრით ირანელთა ახალი სარდალი ზარმიჰრ ჰაზარავუხტი შემოვიდა. მას შაჰისაგან დავალებული ჰქონდა `ქართლის მეფე ვახტანგი ან შეეპყრა, ან მოეკლა, ანდა ქვეყნიდან გაეძევებინა~. შაჰი კი კვლავ ჰეფტალიტების წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა. ქართლში შემოსულმა ირანელთა სარდალმა მეფეს კი აღარ გაუმართა ბრძოლა, მოღალატე დიდებულები დაიბარა თავისთან. ასეთი ქართლის სამეფოში არაერთი გამოჩნდა. ვახტანგი იძულებული გახდა ეგრისში გადასულიყო, მაგრამ დრო ისევ ქართველთა სასარგებლოდ შეიცვალა, – ქართლში ირანის ლაშქრის დიდი ნაწილისა და თვით პეროზის დაღუპვის ამბავი მოვიდა. ჰაზარავუხტმა ქართლი დატოვა. ქართლში დაბრუნდა ვახტანგ მეფე და ქვეყნის აღდგენა დაიწყო. მან სასწრაფოდ მოიშორა თავიდან მოღალატე დიდებულთა თავკაცი ვარსქენ პიტიახში – ეს მოხდა 484 წელს. მართალია, ამ აჯანყებით ვახტანგ მეფემ ქართლი ირანელთა გავლენისაგან ვერ გაათავისუფლა, მაგრამ ირანის ტახტზე ასული ახალი შაჰი ვალარში აჯანყებულთა მიმართ დათმობებზე წავიდა. ვახტანგ მეფემ კვლავ განაგრძო ბრძოლა ქვეყნის გასაძლიერებლად.

 

თბილისი

abanoT ubani

ვახტანგ გორგასლის მრავალმხრივი მოღვაწეობიდან ქართველი ხალხის ხსოვნაში ყველაზე დიდი კვალი ქართლის სამეფოს ახალ დედაქალაქ თბილისში დაწყებულმა დიდმა სააღმშენებლო საქმიანობამ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გორგასლმა მხოლოდ სამუშაოების დაწყება მოასწრო, ხოლო სამეფო ტახტი მცხეთიდან თბილისში დაჩი მეფემ გადმოიტანა, ქართველი ხალხი თბილისის გადედაქალაქებას მაინც ვახტანგ გორგასალს მიაწერს. თბილისის დაარსებასთანაა დაკავშირებული ლამაზი ლეგენდა, რომელიც ყველა ქართველისთვისაა ცნობილი, მაგრამ მის შინაარსს ქვემოთ მაინც მოვიტან. თქმულების მიხედვით, იმ დროს თბილისი და მისი მიდამოები ტყით ყოფილა მოცული. ერთხელ, როცა ვახტანგ გორგასალი ამალით ამ ადგილებში ნადირობდა, მონადირეთა წინ ხოხობი აფრინდა. მეფის მიმინო ხოხობს გამოედევნა. მალე ორივე ფრინველი თვალს მიეფარა. მეფე და მისი მხლებლები იმავე მხარისაკენ წავიდნენ და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ნახეს, რომ მიმინო და ხოხობი წყალში ჩავარდილიყვნენ და ჩაფუფქულიყვნენ. მეფემ დაათვალიერა ის მიდამოები, სადაც მრავლად იყო: გრილი, თბილი და ცხელი წყლები. მეფეს ისიც მოახსენეს, რომ ამ წყლებს სამკურნალო თვისებები ჰქონდა. მეფემ იმ ადგილას ქალაქის აგება ბრძანა და თბილი წყლების გამო ქალაქს `ტფილისი~ (ძველად თბილი `ტფილად~ გამოითქმოდა) უწოდა. ძველი თბილისი ახლანდელი აბანოთუბნის მიდამოებში აშენდა. ასეთია ლეგენდა, სინამდვილეში კი V საუკუნისათვის თბილისს, როგორც დასახლებულ ადგილს დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. IV საუკუნის შუა ხანებიდან კი თბილისში ირანელი პიტიახში იჯდა. 1958 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა თბილისის გადედაქალაქების 1500 წლისთავი (იგულისხმებოდა, რომ თბილისში 458 წელს გადაიტანეს სამეფო ტახტი მცხეთიდან). შეიქმნა 500 გვერდიანი გამოკვლევა `თბილისის ისტორია~, საყოველთაოდ ცნობილი `სიმღერა თბილისზე~ და სხვა. მაგრამ, თუ ჩემი ქრონოლოგიით ვიხელმძღვანელებთ 458 წელს ვახტანგ მეფე ახალი დაბრუნებული იყო ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობიდან და ირანელთა თავდასხმის მოსაგერიებლად ქვეყნის ციხე-სიმაგრეებს ამაგრებდა.

 

ირანის შაჰის კავად I-ის საქართველოში შემოჭრა

ვახტანგ მეფეს თბილისში რომ სააღმშენებლო სამუშაოები დაეწყო, იგი თავისუფალი უნდა ყოფილიყო ირანული გარნიზონისაგან. ასეთი დრო კი 484 წლიდან დადგა, როცა პეროზის დაღუპვის შემდეგ ირანელმა მოხელეებმა და ჯარმა ქართლი დატოვა. დაახლოებით 485 წლიდან ვახტანგ მეფემ თბილისში მშენებლობები დაიწყო, მაგრამ მისი დამთავრება არ დასცალდა. 488 წელს შაჰი ვალარში, მისივე ძმისწულმა – კავად პეროზის ძემ ტახტიდან გადააყენა და თვალები დათხარა. ამის შემდეგ, როცა ქვეყანა ცოტა მოძლიერდა, კავადმა ვახტანგ მეფესთან მოციქული გამოაგზავნა. მეფეს ასულს (მეორე მეუღლისაგან მეფეს ორი ძე და ერთი ასული ჰყავდა) და ბიზანტიის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობას სთხოვდა, რაზეც მეფემ უარი შეუთვალა. როცა მეფესთან – მცხეთაში შაჰის ელჩი მოვიდა `ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველი ოდენ დაედვა... მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა~. 488 წელს ირანის ტახტზე ახალგაზრდა, ენერგიული კავად I-ის ასვლის შემდეგ ძირეულად შეიცვალა ვალარშის დროინდელი უნიათო პოლიტიკა. ჰუნებთან ხანგრძლივი ბრძოლის გამო, ქვეყანა შინაგანად დასუსტებული იყო. მისი ეკონომიკურად მოძლიერება მხოლოდ ბიზანტიიდან მიღებული ოქროთი შეიძლებოდა (ჯერ კიდევ იეზდიგერდ II-ის დროს დადებული ხელშეკრულებით კავკასიის ზეკარების დაცვის გამო, იმპერია ირანს 500 ოქროს უხდიდა). კავადმა კონსტანტინოპოლში ელჩები გააგზავნა და იმპერიისაგან მოითხოვა ან ოქრო გამოეგზავნათ, ან ომი მიეღოთ. ეს ელჩობა ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა ბიზანტიის იმპერატორის გარდაცვალების ამბავი გაიგეს (იმპერატორი ზენონი 491 წლის 9 აპირილს გარდაიცვალა). კავადმა ელჩებს დაავალა ოქრო ახალი იმპერატორისაგან მოეთხოვათ, მაგრამ, რადგან ამ თხოვნაზე მანაც უარი თქვა, ირანმა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ირანელთა ლაშქრის ერთი ნაწილი ვახტანგ მეფის დასასჯელად გამოემართა. ირანელთა შემოჭრამდე, ვახტანგ მეფემ ქვეყანაში საგანგებო ღონისძიებები გაატარა: `წარავლინა ქადაგნი~ და მოსახლეობას მოუწოდა კავკასიის მთებში შეხიზნულიყო: `რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა~. კახეთში, ლოპოტის ხევში – გახიზნეს დაჩი და სამეფო ოჯახი. უჯარმაში იყო ვახტანგ მეფე, ხოლო ერისთავები მცხეთაში იმყოფებოდნენ. 491 წლის1 აპრილის ბოლოს ირანელთა ლაშქარი კახეთს მოადგა: ივ. ჯავახიშვილი, ვახტანგ გორგასლის სიკვდილის და შესაბამისად მისი ბოლო ბრძოლის თარიღად 502 წელს მიიჩნევდა. `შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი* და ჭერემისა და ველისციხის ციხეები~ და `ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა~. ქართლის ლაშქარიც იქ განლაგდა. გადამწყვეტი ბრძოლებიც იორის ველზე მიმდინარეობდა _ `სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი~. სამეფო ბანაკში იმყოფებოდა პეტრე კათალიკოსიც. მეფემ მას უთხრა: `იცოდე, ირანელები ჩვენ ხარკის მიუცემლობის გამო კი არ გვებრძვიან, არამედ ქრისტეს რჯულის დატოვებისათვის. ჩემი განზრახვა ესაა, სჯულის დატოვებას, ქრისტეს სახელისთვის სიკვდილი სჯობს~-ო. მეფე ირანელებისადმი არავითარ დათმობას არ აპირებდა. გადამწყვეტი ბრძოლის წინ, მეფემ სამღდელოებას სთხოვა უჯარმის ციხესთან წმიდა რაჟდენის სახელზე აგებულ ტაძართან გადასულიყვნენ, რათა უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ. თვითონ კი ქართველთა ლაშქარი სამად გაყო: ქვეითები `კლდით კერძო მიავლინა~. ცალკე დააყენა პიტიახშები და სპასპეტი, ხოლო სადაც სპარსთა მეფე იყო, მასზე შეტევა თვით მეფემ ითავა – და ბრძოლის მეოთხე, `ნისლისაგან განცისკრებულ~ (განათებულ) ღამეს, ვახტანგი მოულოდნელად შეიჭრა მტრის ბანაკში, შაჰის კარავამდე მიაღწია და მოკლა შაჰის ძე. აი, ამ დროს `სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისასა~. დაჭრილ მეფეს ბრძოლის ველი არ დაუტოვებია – ბრძოლა შუადღემდე გაგრძელდა. თავგანწირვით მებრძოლმა მეფემ და მისმა მეომრებმა მრავლად გაჟლიტეს ირანელები, ცხენებიც მრავლად იგდეს ხელთ. მაგრამ მეფეს ჭრილობა აწუხებდა, ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო – იგი უჯარმის ციხეში გადაიყვანეს. ირანელთა ლაშქარი აიყარა იორის ველიდან და `ჩადგა რუსთავს~. რაც შეეხება კარნუ-ქალაქთან მდგომ ბიზანტიელთა ლაშქარს, იმათაც შეებნენ ირანელები, მაგრამ დიდ სისხლისმღვრელ ბრძოლაში `ვერ სძლეს ერთმანეთსა~. მას შემდეგ კი, რაც ბიზანტიელებმა ვახტანგ გორგასლის დაჭრის ამბავი შეიტყვეს, აღარც უცდიათ ქართლში შემოსვლა. 491 წელს ბიზანტიელებმა ირანთან ზავი დადეს.

 

ვახტანგ მეფის სიკვდილი

ვახტანგ მეფეს კი `დაუმძიმდა წყლულება~, რადგან ისარი ფილტვში იყო შესული. ირანელებმა მოაოხრეს თბილისი, არმაზი, მცხეთის გალავნის გარეთ არსებული დასახლებები. უჯარმაში მყოფ მეფეს ჭრილობა თანდათან უმძიმდებოდა. როცა მეფემ სიკვდილის მოახლოვება იგრძნო, ანუ: `შეიტყო სიკუდილი თავისა თვისისა~, მიიხმო `კათალიკოსი, დედოფალი ელენე, ძეები, ყოველნი წარჩინებულნი~ და უთხრა: `მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა~, ვმადლობ მის სახელს, რომ მის გამორჩეულ წმინდანებს არ დამაკლო. ჩემი თხოვნაა, მტკიცედ იდექით ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ეძიეთ სახელიდა ქრისტესთვის სიკვდილი _ `რათა წარუვალი დიდება მოიგოთ~. შემდეგ განაცხადა, რომ დაჩის აძლევდა სამეფო გვირგვინს, დაჩის ძმებს (ე.ი. ლეონს და მირდატს) კი დაუტოვა ტერიტორია ტაშისკარიდან და წუნდიდან მოკიდებული ვიდრე ბიზანტიის საზღვრამდე; ასევე დედოფალ ელენეს მზითვის მიწები `ეგრის-წყალსა და კლისურას შუა~. ძმები ამ ტერიტორიების ერისთავები უნდა ყოფილიყვნენ და დაჩის დამორჩილებოდნენ. ანდერძის წარმოთქმის შემდეგ ვახტანგ მეფე გარდაიცვალა. ვახტანგ მეფის გარდაცვალებამ დიდი გლოვა გამოიწვია მთელ ქართლის სამეფოში. მეფის სიკვდილი დიდი დანაკლისი იყო როგორც წარჩინებულთათვის, ისე `ყოველი ერისათვის~. ხალხი თავს ნაცარს იყრიდა და სიკვდილს ნატრობდა, ტირილისა და გოდებისაგან `იძვროდა ქვეყანა და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესათვის მოიკლა~. უჯარმიდან მეფე წაასვენეს მცხეთაში და დაკრძალეს მის მიერვე აგებულ სვეტიცხოველის ტაძარში. ამბობდნენ: გაქცეულ ირემს მეფე, იარაღით შეჭურვილი რომ ყოფილიყო, მაინც დაეწეოდაო. შეჭურვილ ცხენს მხარზე მოიდებდა და მცხეთიდან არმაზ-ციხეზე მუხლჩაუხრელად ავიდოდაო... საუკუნეთა მანძილზე ქართველნი და მათი მტერ-მოყვარენი გაოცებულნი შესცქეროდნენ სვეტიცხოველში გამოფენილ უზარმაზარ ტანსაცმელსა და საომარ აღჭურვილობას. ქართულ სამეფო დროშას ეწოდა მისი სახელი _ `გორგასლიანი~.


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://qim.ge

http://www.orthodoxy.ge

http://children.dsl.ge

http://www.youtube.com

 


 

სტატიის ავტორი – ვახტანგ გოილაძე;
სტატია აღებულია ბროშურადან – "მეომრის ბიბლიოთეკა", №11, თბილისი, 2008წ.
ფრესკა აღებულია ინტერნეტ გვერდიდან - http://ka.wikipedia.org/.
ფოტოების ავტორი – ია მელითაური;
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014