უძველესი სოციალური ნორმები საქართველოში

1 2

კულტურული განვითარების პროცესში თანდათანობით ახელი იცვალა. შესაძლოა, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ შრომის იარაღის სახელი ტაბუირებული იყო და სიმბოლური მისახვედრი სახელით აღინიშნებოდა. მაგალითად, სამეგრელოში გველს `უსახელოს~ ეძახდნენ, ჭიანჭველის ნაცვლად, - `ჭკიკჭკიტიისა~, პუხ-ტახირს (ზურგჩამტვრეულს) და ა.შ. ზნეობრივი შინაარსის მქონე სიტყვებიდან, ძველი ქართული ენის ძეგლების მიხედვით, უნდა აღინიშნოს `სათნოება~. სათნოყოფა ქართული ოთხთავის უძველეს ხელნაწერებში ნიშნავს მოწონებას. მართებულია მოსაზრება, რომ ძველ ქართულში სათნოების ქვეშ იგულისხმებოდა უაღრესი ზნეობრივი სიფაქიზე ქრისტიანული მორალის მიხედვით: თავმდაბლობა, გულწრფელობა, უბიწობა, საერთოდ, - ყოველგვარი სიკეთე.
`არქაული ფორმაციის~ _ პირველყოფილი საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე უნდა წარმოშობილიყო ზნეობრივი შეგნება. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ზოგიერთი პირველყოფილი ხალხის ენა. ცნობილია, რომ ტასმანიელები, რომლებიც ძველი ქვის ხანის პირობებში ცხოვრობდნენ და კულტურულად მოწინავე ევროპას დაახლოებით 40 ათასი წლით მაინც ჩამორჩებოდნენ, მრავალი ზნეობრივი ცნების მორალურ ნორმებს იცნობდნენ. მაგრამ არ იქნებოდა სწორი, ტასმანიელების ენაში გვეძებნა სინიდისის ცნების გამომხატველი სიტყვა. ასეთი ცნება და მისი გამომხატველი სიტყვაც განვითარების მაღალ საფეხურზე ჩნდება, როდესაც გონი გაბატონდება ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროში _ ეთიკურში.
`ეთიკური ცხოვრების სფეროში გონი ვლინდება, მაგალითად, როგორც სინდისი. ცხოველს კარნახობს მისი ვიტალობა, ადამიანს, როგორც გონით არსებას, კარნახობს სინდისი~.
რა არის სინდისი? ამ რთულ ფენომენს სხვადასხვაგვარად აღწერენ. აი, მისი ზოგიერთი დახასიათება: `ღვთაების ხმა ჩემში~, `შინაგანი მსაჯული~, `უმაღლესი მსაჯული~, `ჩემში არსებული ღვთიური ნების ორგანო~. ყველა დახასიათებაში კარგადაა მინიშნებული სინდისის ერთი არსებითი, საოცარი ნიშანი, ის ჩემშია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სჯის ჩემს საქციელს რაღაც ისეთი კრიტერიუმებით, რომლებიც აღარ არის მხოლოდ ჩემი. `სინდისი~ ჩემი `ზე-მეა~, რომელიც ქცევის სწორ გზას მაჩვენებს, იწონებს ან გმობს ჩემს საქციელს, ამ გმობისას კი `სინდისის ქეჯნით~ მსჯის. მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ კაცობრიობის ზნეობრივ განვითარებაში იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ისეთი ქმედება, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლო იყო, კარგ, მოსაწონ საქციელად ითვლებოდა. ჯ. ფრეზერი `შესაქმეს~ სათანადო ადგილების გაანალიზების შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თვით ნათესავთა ახლო წრეშიც დასაშვები იყო ერთმანეთის მოტყუება. მართლშეგნებისა და სახელმწიფოებრიობის განვითარების დაბალ საფეხურზე და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების მორალური განვითარების შესაბამისად განსაზღვრულ სტადიაზე, ხსენებული ხასიათის თვალთმაქცობა და სიცრუე, როცა ძმა ძმას პირმშობის უფლებას ჩალის ფასად გამოსტყუებს, საზოგადოების თვალში არ ითვლებოდა გასაკიცხ მოვლენად. გარეშენი ასეთ მოტყუებას დადებითადაც კი ეკიდებოდნენ და მას არაჩვეულებრივი ჭკუისა და მოხერხებულობის ნიმუშად თვლიდნენ. საზოგადოება თანაგრძნობით უყურებდა თვალთმაქც ჭკვიანს, რომელიც პატიოსან საშუალო ადამიანს ატყუებდა.
განვითარების შემდგომ საფეხურზე საზოგადოება დგება პატიოსანი ბრიყვის მხარეზე და გონებამახვილ თვალთმაქცს სასტიკად კიცხავს, ვინაიდან ცალკე პირის მოტყუებაში უკვე მთელი საზოგადოების ინტერესების ხელყოფა მოიაზრება. თუ ბიბლიაში მოთხრობილი ისტორიის განზოგადება შეიძლება, მაშინ საერთო საკაცობრიო მორალის განვითარების პირველი საფეხურია ასახული ისაკის შვილების _ იაკობისა და ესავის ისტორიაში. მამამ ვერ შეძლო თუ არ მოისურვა გაებათილებინა ის დალოცვა, რომელიც მოტყუებითა და თვალთმაქცობით მიიღო იაკობმა. `მიუგო ისაკ და რჰქუა ესავს: ვინადგან უფალ შენდა ვყავ იგი, და ყოველნი ძმანი მისნი ვყვენ მონა მისსა: იფქლითა და ღვინითა განვამტკიცე იგი, აწ რაი გიყო შვილო~ (შესაქმე, თავი ეზ.). უმცროსი შვილი უფრო უნამუსო და მოხერხებული გამოდგა არსებობისათვის ბრძოლაში და მამის ჩუმი თანაგრძნობაც მის მხარეზეა. შეიძლება რაიმე საქციელი, ჩადენილი ამა თუ იმ ადამიანის მიერ, ამ უკანასკნელისათვის სასარგებლო იყოს, მაგრამ საზოგადოებაში მიღებული ფასეულობათა (ღირებულებათა) სისტემის მიხედვით, არ იყოს გამართლებული.
ადამიანი აფასებს მის მიერ ჩადენილ საქციელს საზოგადოებრივი აზრისა და საზოგადოებაში მიღებული ღირებულებათა სისტემის თვალსაზრისით. როგორც თ. ბუაჩიძე სამართლიანად აღნიშნავს, `ღირებულების მოთხოვნა ჯერარსული აუცილებლობაა. სინიდისი ჯერარსობასთან ღრმად არის დაკავშირებული, იმდენად, რომ ზოგი მკვლევარის აზრით, სინიდისის ხმა სწორედ ჯერარსის ხმაა. ჯერის შესახებ უკვე აღინიშნა, რომ იგი უძველეს ქართულ დათარიღებულ ხელნაწერში მიზეზის მნიშვნელობით იხმარება. ძველი ქართული ენის ძეგლების მიხედვით, ჯერი წესისა და რიგის მნიშვნელობითაც გვხვდება. აღნიშნული სიტყვა მომდინარეობს წინაკლასობრივი საზოგადოების წიაღიდან.
ჯერ-ყოფა და ჯერ-არს გვხვდება ქართული ოთხთავის უძველეს ხელნაწერებშიც. ძველ ქართულში ჯერ-ყოფა, ჯერ-არს ნიშნავდა `საჭიროა~, `უნდა~-ს.
`ჯერ არსა ხარკისა მიცემა კეისარსა ანუ არა~. (მ. 22,17).
`წეს-არს ხარკისა მიცემა კეისარსა ანუ არა~, ვკითხულობთ ადიშის ოთხთავში (897 წ.).
ჯერ-ი, ჯერ-ყოფა, ჯერ-არს და ჯერ-ჩენა პირველყოფილი საზოგადოებიდან მომდინარე სიტყვებია, რომლებზეც შესაძლოა ვთქვათ, რომ მათ რამდენიმე ათასი წლის წინათ მეტი სემანტიკური დატვირთულობა ახასიათებდა, მაგრამ მათ თავითავისი ძირითადი შინაარსი კლასობრივ საზოგადოებაშიც გადმოიტანეს. ვფიქრობთ, უძველესი სოციალური ნორმები ჯერისა და მისის სინონიმების მეშვეობით გამოიხატებოდა. ვილჰელმ ვუნდტის .ეთიკა.-ში გამოთქმულია მოსაზრება, რომ არისტოტელემ თავის დროზე გააკეთა ისეთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომ წინ გაუსწრო გვიანდელი ხანის სოციალურ თეორიებს. მართალია, სახელმწიფო თავისი ნამდვილი განვითარების მსვლელობაში წარმოადგენს უკანასკნელ კავშირთაგანს, რომელშიც ადამიანი შედის თავისსავე მსგავს არსებებთან, მაგრამ ამ უკანასკნელსა და უმაღლეს თანასაზოგადოებას თავისი საფუძველი ინდივიდთა ბუნებრივ მდგომარეობაში აქვთ და ამის გამო, სახელმწიფოს ცნება ჩნდება გაცილებით ადრე, ვიდრე ცალკე პიროვნების ცნება (პოლიტიკა, 1, 2). პირველყოფილ საზოგადოებაში რომ სოციალური ნორმები არსებობდა, მაგრამ სახელმწიფო არ არსებობდა, ეს სადაო არ არის. მაგრამ მატრიარქალური გვარის პირობებში არსებული სოციალური ნორმები განსხვავებული იქნებოდა პატრიარქალური საზოგადოების შესაბამის ფასეულობათაგან. მკვლევართა აზრით, ქართულ `ამირანიანში~ აისახა მატრიარქატიდან პატრიარქატზე გარდამავალი ეპოქა. არქეოლოგიური მონაცემებით კი ეს პროცესი ჩვენში ძვ.წ მესამე ათასწლეულის პირველ ნახევარში განხორციელდა, როცა ვითარდებოდა მიწათმოქმედება და მამაკაცის შრომა მეურნეობის ამ დარგში თანდათან აუცილებელი ხდებოდა. ასეთმა ცვლილებებმა მოითხოვა დედამიწაზე მიმდინარე საზოგადოებრივი ძვრების (მამისეული გვარის გაბატონება) თავისებური ასახვა ცაზე. მიუხედავად იმისა, რომ მზის ქალური საწყისი ქართულ ფოლკლორში დღესაც დავიწყებული არ არის, ამირანის დედა _ მზის ქალ-ღმერთი დალი, ვაჟის დაბადების მომენტში იღუპება და სიცოცხლეს აძლევს კაცურ საწყისს, რაც ცაზე მამაკაცის მიწიერი ძალაუფლების ანარეკლი იყო.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ დალი იყო მატრიარქატის ხანის მთავარი ქალი-ღვთაება, მიწათმოქმედებისა და ნადირობის მფარველი. `ასტრალური მონაცემების საფუძველზე~ (გ. გიორგობიანის ვარაუდით), `ამირანიანის~ აღმოცენება უნდა მომხდარიყო ქრისტეს დაბადებამდე მესამე ათასწლეულში. მატრიარქატის ხანაში ჩამოყალიბდა გვაროვნული წყობილების სოციალური ნორმები თავისი კლასიკური სახით. მიწაზე კოლექტიური საკუთრება და შრომის იარაღებზე პირადი საკუთრება განსაზღვრავდა ამ საზოგადოების სოციალურ სახეს და სოციალური ნორმებიც იცავდა ამ დროისათვის ოპტიმალურ საკუთრებით ურთიერთობას. მიწაზე კოლექტიური საკუთრება და შრომის იარაღებზე პირადი საკუთრება ერთმანეთთან ისე იყო შეთანაწყობილი, რომ საზოგადოების ინტერესების, საზოგადოებრივი საკუთრების გაბატონებულ მდგომარეობას უზრუნველყოფდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ საგვარეულო-მატრიარქალური თემი ყველა შემთხვევაში უშუალოდ არ უთმობდა გზას პატრიარქალურ საზოგადოებას. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მატრიარქატს, რიგი რეგიონების მასალების მიხედვით, უშუალოდ მოსდევდა სამეზობლო თემი პატრიარქალური წყობის გარეშე. არა იშვიათად საგვარეულო თემური და სამეზობლო თემური ურთიერთობები ერთმანეთში იყო აღრეული. ზოგადი კანონზომიერების გამოხატულება იყო პატრიარქალური გვარების წარმოშობა, კოლექტიური საკუთრების რღვევა, კერძო საკუთრების ჩასახვა და წარმოშობა. პირველყოფილი სამეზობლო თემი, მისი დელოკალიზებული, სულ უფრო მეტად ეკონომიურ მნიშვნელობას მოკლებული მამისეული გვარითა და პატრიარქალური ოჯახით, როგორც ძირითადი სამეურნეო ორგანიზმით, არსებითად განსხვავდებოდა წინანდელ სამეზობლო თემისაგან. თუ დედისეული საგვარეულო თემისათვის დამახასიათებელია დიალექტიკური ერთობა ძირითად საწარმოო საშუალება _ მიწაზე კოლექტიური საკუთრებისა და ხელის იარაღების პირადი საკუთრებისა, პირველყოფილ სამეზობლო თემისათვის დამახასიათებელია ამ ერთობის რღვევა. იმ დროს, როდესაც მთავარ საწარმოო საშუალებაზე _ მიწაზე, საკუთრება კოლექტიურ ხასიათს ინარჩუნებს, პირადი საკუთრება შრომის იარაღებზე გადაიქცევა კერძოდ და ამით წარმოშობს მეზობლური თემისათვის დამახასიათებელ დუალიზმს: კოლექტიური და კერძო საკუთრების საწყისთა გადახლართვასა და ერთმანეთთან ბრძოლას.
საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემები, სოციალური პრაქტიკა თავის ასახვას პოულობდა ცხოვრების ფორმებში. საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების უძველესი ფორმა ჩვეულება უნდა ყოფილიყო განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე ამ უამრავ ლოკალურ ჯგუფებში წარმოშობილ ჩვეულებებს დაუპირისპირდა `სჯული~, რომელიც ნიშნავდა სარწმუნოებასაც და საერთოდ ქცევის წესთა სისტემასაც. საგვარეულო თემებსა და ლოკალურ ჯგუფებში მოქმედ ჩვეულებებს თანდათან დაუპირისპირდა ტომებსა და ტომთა კავშირების დონეზე წარმოშობილი `სჯული~. მაგრამ ხალხის ცნობიერებაში ჩვეულება ისე იყო გარეგამჯდარი, რომ ქართველმა ხალხმა ანდაზაში ასახა ეს გარემოება: `ჩვეულება სჯულზე უმტკიცესიაო~. სჯულში აქ სატომო სარწმუნოება უნდა იგულისხმებოდეს, ხოლო ჩვეულებაში _ საგვარეულო-ლოკალურ თემებში მიღებული ქცევის წესი. ჩვეულებები და რიტუალები წარმოიშვა გვაროვნული საზოგადოების განვითარების პროცესში, თანდათან, ხანგრძლივი დროის მანძილზე. საერთო სატომო სარწმუნოების დოგმებში მოცემული იყო საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოწესრიგებისათვის გათვალისწინებული ნორმებიც.
ზედაპალეოლითის ხანის ადამიანის რელიგიური რწმენა ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ადამიანის სარწმუნოებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. პალეოლითის ზედა საფეხურზე გავრცელებული იყო მაგია, ანინიზმი, ტოტემიზმი და სხვა.
`თუ მხეცებთან ბრძოლაში გამარჯვებისას – ამბობს პროისი - ადამიანს თან ჰქონდა ტროფეა, მაშინ ამ უკანასკნელის მფლობელი დარწმუნებული იყო იმაში, რომ მას ტროფეამ შემატა მხეცის ღონე და სიმარდე და ამ გარემოებაში ის ხედავს ჯადოქრული რწმენის დასაწყისს~.
გ. ნიორაძეს აღნიშნული აქვს: `თუ დღეს კიდევ `ცენტრალ-ესკიმოსები~ ნადირობის დროს თავიანთ ტანსაცმელზე ჩრდილოეთის ირმის კუდის ბოლოს იკეთებენ, ამბობს ბოასი, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ასეთი რამ მათ შველის ირმებზე ნადირობის დროს. აქ ჩვენ საქმე გვაქვს მაგიურ რწმენასთან: თუ ნაწილი შენია, მთელიც შენია~.
ძველ ქართულში `ზმნა~ ნიშნავდა გარჯას, შრომასა და მისნობასაც. ზმნის ერთ-ერთი მნიშვნელობა იყო მოხიბვლა, კუდიანობა, მისნობა და მარჩიელობა. შრომა და მისნობა, გარჯა მოსაქმეობა და რიტუალი ერთობლივ წარმოიდგინებოდა. ილია აბულაძის .ძველი ქართული ლექსიკონის. მიხედვით `ზმნობა~ ნიშნავდა წინასწარცნობას, მისნობას, ნდომასა და ცდილობას. მისი სემანტიკური წრე საკმაოდ ვრცელი იყო, მაგრამ საინტერესოა, რომ `ზმნა~ გარკვეულად უკავშირდება მისნობას. `არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისა ზმნით~ (ლ. 17,20). `არა აწრვიდა ჩვეულებისამებრ კითხვად ზმნობათა~ (რიცხვ. 94,4). ჩანს, ერთ დროს შრომის პროცესი, შრომის იარაღები მისნობის გარეშე ვერ წარმოიდგინებოდა. `ზნე~ თავდაპირველად ცუდ საქციელს გამოხატავდა. დროთა ვითარებაში `ზნის~ სემანტიკური წრე ფართოვდება და ის კეთილი საქციელის აღმნიშვნელადაც იქცევა. საბოლოოდ, ძველ ქართულში ზნეა, `რაც რამ ჩვეულობა ჰსჭირდეს ვისმე კეთილი ან ცუდი~ (დ. ჩუბინაშვილი). ზნეობა მართებული ყოფა-ქცევის აღმნიშვნელად მოგვიანებით არის გაჩენილი. საფიქრებელია, რომ თავდაპირველად ქართული ენის ცალკეულ დიალექტებში `ზნე.-ს~ განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნდა. ილ. აბულაძეს თავის ძველი ქართული ენის ლექსიკონის მასალებში ზნე განმარტებული აქვს როგორც `ცუდი ქცევა~ - `უკეთუ შეიცვალოს მაგან ზნეი თვისი და სიბოროტეი~.


ზნემ შემდეგში საერთოდ საქციელის მნიშვნელობა მიიღო. თანდათან ხდებოდა ქცევის წესთა გამომხატველი ცნებების დიფერენციაცია და ჩამოყალიბება. `ძველი ქართული ენის ძეგლებში `ჩუულება~ ნიშნავდა როგორც საკუთრივ ჩვეულებას, ასევე `სჯულსა~ და `წესსაც~.

პირველყოფილი ურდო, კომუნა და მეზობლური თემი

ჯერი, რიგი, ჩვეულება, წესი, აი, დაახლოებით ის სიტყვები, რომლითაც აღნიშნავდნენ ძველ საქართველოში საზოგადოებაში ქცევის ნორმებს. ჩვენ ახლა მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავადგინოთ, თუ როდის წარმოიშვა თითოეული მათგანი. საფიქრებელია, რომ ჯერი, რიგი, ზნე, ჩვეულება და წესი, ისეთი სიტყვებია, რომელთაც ქართველები პირველყოფილი საზოგადოების წიაღშიც ხმარობდნენ. მათი მნიშვნელობაც ყოველთვის არ იყო ერთმანეთისაგან კატეგორიულად გამიჯნული. ოთხთავის უძველეს ქართულ თარგმანებში გამოთქმა ჯერ-ჩენას აქვს საჭიროდ მიჩნევის მნიშვნელობა. `ჯერ-მიჩნდა მეცა. . .შემდგომითი _ შემდგომად მიწერად შენდა~ (ლ.1,3). ჯერის გვერდით და თითქმის ანალოგიური მნიშვნელობით იხმარებოდა წესიც: `წეს-არს ხარკისა მიცემა კეისარსა ანუ არა~ (მ.22,17). ქართულ ოთხთავშივე ვხვდებით `წეს-ყოფა~-ს, `წეს-არს~-ს წესია, საჭიროა, უნდას მნიშვნელობით: `რა წეს-არს შაფათს შინა ქველის საქმე ანუ ძვირის საქმე~ (მრ.3,4). უნდა შევნიშნოთ, რომ ქართულ ოთხთავშივე ვხვდებით `ჩუელება~-ს. .მსგავსად ~ჩუელებისა, მღდელობისა ჰხუდა მას საკუმეველისა კუმევა.~ (ლ.1,9) კონტექსტში გვხვდება ჩვეულება სჯულის (შჯულის) გვერდითაც. `მოიყუანეს. . . იესუ ყოფად მათა მსგავსად ჩუელებისა შჯულისა მის ზედა~ (ლ.2,27). თარგმანის სხვა რედაქციით `მსგავსად ჩუელებისა მის შჯულისა მის მიმართ~ (ლ.2,27). ბუნებრივია, რომ თავდაპირველად წეს-ჩვეულება და რიტუალი მკვეთრად არ ყოფილიყო ერთმანეთისაგან განსხვავებული. საინტერესოა ის ინფორმაცია, ცნობა, რომელსაც ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის წიგნის 49-ე მუხლში ვხვდებით. `იქნების ალაგისა და გვარის წესი, რომე უმცროსსა მამულოვნებით გაიყვანებენ, თუ ცოლს შეირთავს _ იგი წესია, სამართალი არა~. კანონმდებლის სიტყვით, `წესი რამე დადებული ძნელად მოიშლების, შუანი არა ემართლებიან~. ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის წიგნის ხსენებულ მუხლშივე ნათქვამია: `საუხუცესოცა ამად წესი არს, რაიმე თვით მოსეს პირითა დამბადებელი დაბადებასა შიგან დასწერს~. ერთ დროს წესი და სამართალი ერთი და იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა. შემდგომში, განვითარების მაღალი, სახელმწიფოებრივი ცხოვრების საფეხურზე, ასე თუ ისე წესი და სამართალი ერთმანეთს გაემიჯნა. სავალდებულო არ არის, რომ სიტყვა სამართალი ან მისი ანალოგიური მნიშვნელობის სიტყვა სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის შემდეგ გაჩენილიყო. პირველყოფილი საზოგადოების უკანასკნელ საფეხურზე უნდა არსებულიყო სიტყვა, რომელიც ქცევის წესს ზოგადად გამოხატავდა. ბექა მანდატურთუხუცესის `სამართლის წიგნში~ შემონახულია ინფორმაცია, რომ `წესი~ `ალაგის~-ა და გვარის წიაღში შექმნილი სოციალური ნორმაა. გვარში კანონმდებელი სისხლით ნათესავთა კოლექტივს უნდა გულისხმობდეს, ხოლო ალაგში, გვიანდელი გამოთქმა რომ ვიხმაროთ, - სამეზობლო თემს., სოფელს, რომელიც უკვე მხოლოდ სისხლით ნათესავებისაგან არ შედგებოდა. `ალაგი~ ხშირად იხსენიება ვახტანგ მეექვსის განკარგულებით შედგენილ სამართლის წიგნთა კრებულში. იგი ასევე გვხვდება მის სირიულ-რომაული სამართლის წიგნის თარგმანში, მხითარ გოშის სამართლის წიგნის თარგმანში `ბერძნულ სამართალში~, ბექა-აღბუღას სამართლის წიგნში. (მ. 49,83) და ვახტანგის სამართლის წიგნში (მ. 100, 109, 110, 167, 172, 184, 241). ალაგის მოურავი, ალაგის პატრონი, ალაგის თავადი, ალაგის უფროსი და ა.შ. იხსენიება ზემოხსენებული სამართლის წიგნთა კრებულში.
.ალაგი. აქ ადმინისტრაციული სამართავი ერთეულიც არის, მამულიც და ა.შ. ალაგი და ადგილი დაახლოებით ერთი და იმავე მნიშვნელობით იხმარებოდა წერილობით ძეგლებში. დ. ჩუბინაშვილის `ქართულ-რუსული ლექსიკონის~ მიხედვით, ადგილი არის `სივრცე დასატევნელი ან შეცული რისაგანმე, გინა დაჩნეული, ალაგი, მხარე, კერძო ქვეყნისა~; `ადგილის მთავარი არის ადგილობრივი უფროსი~. ქართული ოთხთავის უძველეს თარგმანებში უკვე ჩანს ადგილ-ი. მაგალითად, `ადგილ-ადგილ~ (მ.24,7), მისი მნიშვნელობაა ალაგ-ალაგ. ამონიოსის თხზულებაში `წმიდათა და ნეტართა მამათა შესახებ, რომელნი მოისრნეს მთასა სინასა რაითს ბარბაროსთაგან~, ნათქვამია, რომ პეტრე მამათ-მთავარი ალექსანდრიისა `ივლტოდა და იმალვოდა ადგილითი ადგილად და ვერ შემძლებელ იყო მწყსად სამწყსოსა მისსა განსუენებით, ვითარ-იგი მას უნდა~. ადგილითი ადგილად აქ უნდა ნიშნავდეს `ადგილიდან ადგილზე~. თუ ქართველთა ისტორიის წინაკლასობრივი ხანის იმ საფეხურს ავიღებთ, როდესაც ისინი მომთაბარულ ცხოვრებას ეწეოდნენ და თანაც გვარებად და ტომებად ცხოვრობდნენ, სწორედ ამ ხანებში უნდა ჩამოყალიბებულიყო სოციალური ნორმების გარკვეული ერთობლიობა, რომელიც შემდეგ ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის შემდეგაც ნაწილობრივ შემორჩა. მაგრამ მომთაბარულსა და ბინადარ ცხოვრებას შორის უნდა არსებულიყო ნახევრადმომთაბარული ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი.
როგორც ჩანს, ქართველთა წინაპრებს ამ 7-6 ათასი წლის წინათ, ინდოევროპული წინარე ენის არსებობის ხანაში, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ე. წ. ინდოევროპელებსა და სემიტებთან. როგორც წესი, ევროპელ და აზიელ არიელებს შინაური პირუტყვისათვის საერთო სახელები აქვთ, ხოლო კულტურული მცენარეებისათვის შედარებით ნაკლებად.
ე.წ. `ნეოლითის ხანის რევოლუციაში~ ქართველები შემგროვებლობით მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადადიან, მაგრამ ენას, გადმონთის სახით, როგორც გამონაკლისი, მაინც შემორჩა ზოგიერთი `მოწმე~ _ სიტყვა. მაგალითად, კუთვნა ძველ ქართულში დაკრეფას ნიშნავდა. მისი სინონიმი იყო `მოკუფხლვა~P_ დაკრეფა. ხოლო კუთვნიდან არის წარმოებული განკუთვნა, განკუთნება და საკუთრება (კუთვნილებისა და თვისების მნიშვნელობით).
საკუთარი უკვე ძველი ქართული ენის წიაღში ნიშნავდა როგორც კერძოს, თავისს, ასევე დაახლოებულს. ხოლო უკვე ადრეფეოდალური ხანის წერილობით ძეგლებში `საკუთარი~ უპირისპირდება `საერთადოს~. გამოთქმულია საყურადღებო მოსაზრება, რომ ძველი ქართული სოციალური ტერმინები - `ნათესავი~, `თვისი~, `თვისობა~, `შვილი~, `შვილობა~, `მკვიდრი~, `მოძმე~, `მაძიებელი სისხლისა~ და `მახლობელი~, ურთიერთის სინონიმები იყო, თანაც ბერძნულ `ანხისტეიას~ შეესატყვისებოდა ძველი ქართული `ნათესავი~ და `თვისი~.
სანდო ავტორის, სტრაბონის, მეშვეობით ვიცით, რომ სვანეთს ამ ორი ათასი წლის წინათ 300
მამაკაცისაგან შემდგარი საკრებულო (საბჭო) მართავდა, ბელად ბასილევსთან ერთად. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს სამასი კაცი იყო არა უბრალოდ გვარების უხუცესები, არამედ ყველაზე უფრო პატივცემული და ცხოვრებაში გამობრძმედილი პირები, უძველესი სოციალური ნორმების შემოქმედნი. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის პირველ ნახევარში საქართველოს მიწა-წყალზე მცხოვრები თრიალეთური კულტურის შემქმნელი ტომები თავისი დროისათვის განვითარების მაღალ საფეხურზე ჩანან ასული. მაგრამ, როგორც ჩანს, სოციალ-ეკონომიკური პროგრესი შეფერხდა სადღაც სახელმწიფოებრიობის ზღურბლზე ან მის ადრეულ საფეხურზე.
საინტერესოა, როგორ ცხოვრობდა მთისწინებისა და ბარის რეგიონის ქართლის საზოგადოება ძვ.წ.აღის XV-V საუკუნეებში?
საფიქრებელია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, თუ უმრავლესობა არა, გამაგრებულ გორებზე ცხოვრობდა და შეადგენდა აგნატთა გაერთიანებას, გვარს თუ .ნათესავს..
ის გარემოება, რომ ძველ ქართულში `ნათესავ~-ს შვიდი ერთმანეთისაგან განსხვავებული მნიშვნელობით ხმარობდნენ, მიგვითითებს იმაზე, რომ იგი სხვადასხვა დროს სხვადასხვა შინაარსისა და მოცულობის გაერთიანებას აღნიშნავდა. უძველეს სოციალურ ნორმას უნდა რქმეოდა `წესი~. `წესი~ უძველესი ქართული სიტყვა-ტერმინია. აჭარიანი მას ქართული წარმოშობისად თვლის. სომეხ მეცნიერს ის ქართულიდან ნასესხებად მიაჩნია. ეს მოსაზრება სწორი ჩანს. ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის წიგნის 49-ე მუხლში ნახსენებია `ალაგისა და გვარის წესი~. ხსენებული ძეგლიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კანონმდებლობისათვის სამართალი ისე შეეფარდება წესს, როგორც ზოგადი - კერძოს. სამართალი ზოგად საქვეყნო ნორმაა, ხოლო წესი _ ადგილობრივი; `წესში~ _ წეს-ჩვეულება და `წეს-რიგი~ იგულისხმება, თუ `წეს-რიგ~-ში, რა თქმა უნდა, ვიგულისხმებთ წინარესახელმწიფოს წიაღში წარმოშობილ წინარესამართლებრივ ნორმას, ან ამ ნორმის მოდერნიზებულ, მაგრამ მაინც შედარებით არქაულ გადმონაშთს. ძველი ქართული ენის დონეზე, `წესი~ ნიშნავდა შჯულს, კანონს, რიგს, განაწესს, ელემენტს და ა.შ. `წესი რამე დადებული ძნელად მოიშლების, შუანი არას ემართლებიან~., ამბობდა კანონმდებელი.
ჩვენთვის საინტერესოა გამოთქმა `ალაგისა და გვარის წესი~. ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნის რუსულ ენაზე მთარგმნელებმა, პროფ. ვ. დუნდუამ და პროფ. ი. დოლიძემ, `ალაგისა და გვარის წესი~ გაიგეს როგორც .ადგილობრივი ჩვეულება., ხოლო `წესი~ სხვა შემთხვევაში გაიგეს როგორც `პრავილო~. ვფიქრობთ, რომ ალაგისა და გვარის წესს ხსენებული თარგმანი უფრო თავისუფალი გადმოცემაა, პერიფრაზაა და ამიტომ საჭიროა მისი დაზუსტება. საქმე იმაშია, რომ, როდესაც კანონმდებელი `ალაგისა და გვარის წესზე~ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, ის ადგილობრივ იურიდიული შინაარსის წეს-ჩვეულებაზე მიგვანიშნებს, მაგრამ ის ადგილობრივი სამართლებრივი ნორმის შიგნით განასხვავებს წესს, რომელიც დამახასიათებელია მოცემული მიკრო ტერიტორიული ერთეულისათვის _ `ალაგისათვის~. ვფიქრობთ, რომ კანონმდებელი .ალაგის. ქვეშ გულისხმობს სამეზობლო-ტერიტორიულ თემს, სადაც ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობდა. `ალაგი~, როგორც სოფელი, უკვე აღარ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ნათესაური ტიპის დასახლება. `ალაგს~ აერთიანებდა და `ალაგის~ ცხოვრებას აწესრიგებდა საერთო ქცევის წესი ე.წ. `ალაგის წესი~. რაც შეეხება `გვარის წესს~, ეს უკანასკნელი დამახასიათებელი იყო მხოლოდ ერთი გვარით დასახლებული სოფლისათვის. შესაძლოა, რომ `გვარი~ იყოს გვაროვნული თემის გამომხატველი უძველესი ტერმინი _ `საძმოს~ სინონიმი. `გვარის წესი~ კი თავდაპირველად იყო ის წინარესამართლებრივი ეპოქის წიაღში წარმოშობილი ნორმა, რომელიც მხოლოდ ამ საზოგადოების მიკრო უჯრედისათვის იყო დამახასიათებელი. კანონმდებელი ანგარიშს უწევდა როგორც `ალაგის წესს~ , ასევე `გვარის წესსაც~, მაგრამ მან მშვენივრად უწყოდა, რომ .სამართალი~ სხვაა და `ალაგისა და გვარის წესი~ კი სულ სხვა. `სამართალი~ უფრო გვიანდელია და უფრო ზოგადი, საერთო.
`გვარის წესის~ ხანგრძლივად გატანის ანარეკლი ჩანს ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნის ასმესამე მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ `ციციშვილების მეტში ზვრისა და ხოდაბუნის საუფროსო არავისში არ არის~; იმათაც ძველობით, ფიცით გაუტანიათ და ამისთვის დარჩომილაო.
`ალაგი~ რომ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იყო, ამის გამოხატულებაა ვახტანგ VI-ის განკარგულებით შედგენილი სამართლის წიგნთა კრებულში შესული ე.წ. ბერძნული სამართლის წიგნი 111-ე მუხლიდან. აქ იხსენიება `ალაგი~-ს უფროსი, `უკეთუ ანდერძის წიგნზედა იმ ალაგის უფროსის ბეჭედი არ იჯდესო~. ჩვენი აზრით, .გვარის წესი., როგორც ნათესაური კავშირისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულება, დაახლოებით ნიშნავდა იმას, რასაც ძველ რომში - `გენტილიციუმ იუს~.
ძველ, ფეოდალურ საქართველოში, საფიქრებელია, რომ `ალაგის წესი~ და `გვარის წესი~ ჯერ ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და შემდგომ თვით სამართალსაც, როგორც სრულიად სახელმწიფოებრივი ნების გამოხატულებას. სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობის პროცესში შესაძლებელი იყო ისეთი ვითარება, როდესაც პირველყოფილი და კლასობრივ საზოგადოებათა საწყისები წონასწორობის ვითარებაში იმყოფებოდნენ. ზოგი მკვლევარი მას დუალისტურ საზოგადოებას ეძახის, ზოგიც - ნახევარსახელმწიფოს. დუალიზმი .ალაგისა და გვარის წესს. შორის უთუოდ იქნებოდა, სანამ ისინი საბოლოოდ სამართალს არ ჩაენაცვლებოდნენ. უძველესი ქართული სოციალურ ტერმინიდან - `თვისიდან~ უნდა იყოს ნაწარმოები ზანური "თი". მეგრულში `თი~ ოჯახს, სახლს, ზოგჯერ გვარსაც ნიშნავდა. `თი~ ერთ-ერთი უძველესი ქართველური სიტყვაა, რომელიც ოჯახს აღნიშნავდა. თვით სიტყვა `ოჯახი~ არაქართული წარმოშობისაა. გვარისა და ოჯახის აღმნიშვნელად ძველ ქართულში გვხვდება `სახლიც~. გიორგი მერჩულესთან სახლი ნიშნავს გვარს. გრიგოლ ხანძთელი `წარემართა საღმრთოსა მას გზასა და მიიწია წინაშე დედისა ფებრონიაისა მერეს, რამეთუ იყო იგი სახლისა მისისაი~. მაგრამ უკვე ძველი ქართული ენის დონეზე სახლის მნიშვნელობა ვიწროვდება და ოჯახსაც აღნიშნავს.

`სახლისა უფალი~ ოთხთავის ქართულ თარგმანებში ნიშნავს ოჯახის უფროსს (ლ.12,39). ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლასთან ერთად, ოჯახის ცნება ფართოვდება და მასში გულისხმობენ არა მჭიდრო ნათესაობა-მოყვრობით დაკავშირებულ ადამიანთა მცირე ჯგუფს, არამედ სახლკარსაც, სამოსახლოსაც. სახელმწიფოებრივი იძულება თვით სახელმწიფო

ორგანიზებულ ქართულ საზოგადოებაში, გარკვეულ ეტაპზე მაინც, არ უნდა ყოფილიყო სამართლებრივი ნორმების შესრულების უზრუნველყოფის მთავარი საშუალება, რამდენადაც იდეოლოგიური, რელიგიურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები სამართლებრივი ნორმების მოქმედების ეფექტიანობას იმდენად ქმედუნარიანს ხდიდა, რომ უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენების საკითხი საერთოდ არ ისმოდა. შინაგანი, სარწმუნოებრივი იძულება, ზნეობრივი იძულება გაცილებით უფრო დიდ როლს ასრულებდა, ვიდრე გარეგნული, სახელმწიფოებრივი. ამის მაგალითები სამართლის ისტორიამ სხვაც იცის. განვითარების ამ საფეხურზე უნივერსალურ მტკიცებულებას წარმოადგენდა ფიცი. მოფიცარი თავისუფლდებოდა ყოველგვარი ბრალდებისაგან, თუ ის თავის უდანაშაულობას ფიცით დაადასტურებდა.
გამორკვეული გვაქვს, რომ ქართულ სამართალში ეჭვმიტანილის მხრივ განსაწმედელ ფიცს ჯერი ეწოდებოდა. ერთ დროს, როგორც ჩანს, ქცევისწესებს ყოფდნენ ჯეროვან და უჯერო ქცევის წესებად. XI საუკუნის ძეგლში _ პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში, გვხვდება ჯერთან დაკავშირებული გამოთქმები `ფრიად ჯეროვან და სათანადო არს წინამძღურისა~ (13,1), `ჯერ-არს და სამართალი~ (1,1), .ვითარ-იგი ჯერ იყო და შეჰგვანდა~ (2,11), `ჯეროვნად გინა უჯეროდ~ (12,10). თუ ყოველგვარი სადავო საკითხის ან ყოველგვარი დანაშაულის ჩადენაში ბრალეულობისაგან თავის მართლება ფიცის მეშვეობით შეიძლებოდა, ცხადია, სახელმწიფო იძულების გამოყენების სფერო იზღუდებოდა და ადამიანები ფიცის მეშვეობით ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ფიცის ფორმულაში კი მთავარი იყო ღმერთის დამოწმება . `ფიცი ღმერთისა~. აქედან წარმოიშვა ქართული იურიდიული საბუთების ცნობილი კლაუზულა - `დაგვაჯერა ღმერთმან~.

იურიდიული კლაუზულა - `დაგვაჯერა ღმერთმან~, განსაწმენდელ ფიცთან არის დაკავშირებული.
ბექა მანდატურთუხუცესის სამართლის წიგნის 63-ე მუხლის მიხედვით, ქურდობაში ეჭვმიტანილი კაცი ვალდებულია, რომ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს ფიცით _ .ორთაუმტერუმოყუროითა კაცითა.. მაგრამ, თუ ვერ დაიფიცავს (.თუ არ ჯერი ყოს.4 2), მაშინ, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ასეთ ვითარებაში, როდესაც ბრალდებული ორ თანამოფიცართან ერთად ფიცს (`ჯერს~) ვერ შეძლებდა, მაშინ `საქონლის პატრონს~ ეძლეოდა უფლება დაეფიცა და ქურდისაგან `ერთი ორად~ მიეღო დაკარგული ქონება. ქართული ენის ძეგლებში ჩანს `ჯერის~ მრავალი მნიშვნელობა: რიგი, მართებულობა, წესი, საქმე, მიზეზი, განსაწმედელი ფიცი და ა.შ. `ჯერის~ მეშვეობით ჩვენამდე მოაღწია ერთ-ერთმა უძველესმა სოციალურმა ტერმინმა და ინფორმაციამ იმ ეპოქიდან, როდესაც ფიცი ითვლებოდა უნივერსალურ მტკიცებულებად, როდესაც ფიცისა სჯეროდათ და ფიცის მეშვეობით წესრიგდებოდა ადამიანთა ურთიერთობა, როდესაც ფიცისმიერი მოწესრიგება სახელმწიფოებრივ იძულებას თითქმის არ უტოვებდა ადგილს. როგორც აღვნიშნეთ, სოციალური ნორმები განიყოფებოდნენ ორ ნაწილად ჯეროვან და უჯერო, კარგ და ცუდ (დასაგმობ) ქცევის წესებად. `წესი~, `რიგი~ და `ჩვეულება~, აგრეთვე `სჯული~ და `ჯერიც~ ისტორიულად და ქრონოლოგიურადაც წინ უსწრებდა `სამართალს~. სამართლის წარმოშობის შემდეგ `ჯერის~ გვერდით გაჩნდა, მას შეეწყვილა `სამართალიც~ და ენამაც შემოგვინახა გამოთქმა _ `ჯერ არს და სამართალ... ~ ძველი ქართული ენის მასალების მიხედვით, `სჯული~, `შჯული~, `რჩული~, `შჯული~ ნიშნავდა სარწმუნოებას, სამართალს, კანონს, `აღთქმას~ და ა.შ. უფრო ადრე, `ჩვეულება~, შემდეგ `წეს-ჩვეულება~ იყო უმთავრესი სოციალური ნორმა - შესაძლოა, რომ ქართული ანდაზა - `ჩვეულება სჯულზე უმტკიცესიაო~, გამოხატავს იმ გარდამავალი ეპოქის თვალსაზრისს, როდესაც `ჩვეულება~ და `სჯული~ (შჯული, რჯული) ერთმანეთს პირველობას ეცილებოდნენ.


 

სტატიის ავტორი - გიორგი ნადარეიშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

მასალა აღებულია წიგნიდან – „ქართული სამართლის ისტორიის საკითხები“. ოქტომბერი, თბილისი, 2000წ.

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014