რუსუდან მეფე
(1194–1245)

1 2

მონღოლთა კვლავ გამოჩენა მახლობელი აღმოსავლეთის დასაპყრობად
მონღოლთა მეორე შემოსევა საქართველოს დასაპყრობად და მთავარსარდლობისა და საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა სრული დაბნეულობა და უილაჯობა
მტერთან ბრძოლის მცდარი გეგმის საბედისწერო შედეგი
ამირსპასალარისაგან მტრისათვის თვითნებურად დამორჩილების სამარცხვინო მაგალითის მიცემა და მონღოლებთან ბრძოლის ჩაშლა
სამცხის ერისთავ-ერისთავის იოანე-ყუარყურა ჯაყელის შეგნებული პატიოსანი ქცევა და მტერთან განმარტოვებული ბრძოლის უიმედობა
რუსუდანის ამაო ცდა მონღოლთა წინააღმდეგ დასავლეთ ევროპითგან სამხედრო დახმარების მისაღებად
მონღოლთა განდევნის ყოველგვარი იმედის გაქარწყდება და მათთან შეთანხმება-დაზავების აუცილებლობა
ზავის პირობები და დავით IV-ის მონღოლთა ყაანის ურდოში გამგზავრება, რუსუდანის სიკვდილი
სასარგებლო ბმულები


მონღოლთა კვლავ გამოჩენა მახლობელი აღმოსავლეთის დასაპყრობად

პირველმა დაზვერვამ მონღოლთა სარდლებს უკვე საკმაო გამოცდილებაც შესძინა და იმ ქვეყნების მდგომარეობაც, რომელთა ხელში ჩაგდებაც მიზნად დაისახეს, მათ საკმაოდ კარგად ჰქონდათ გაგებული. ერანში ყველგან პოლიტიკური დაწვრილმანება და სამფლობელოების დაქუცმაცებასთან დაკავშირებული ქიშპობა დახვდათ. საქართველოს სახელმწიფოში წინანდებურად ძლიერი დიდი ნებისყოფის პატრონის, ქვეყნის მართვა-გამგეობის უცილობელი მესვეურისა და სამხედრო ძლიერებაზე და მზაობაზე დაუცხრომელად მზრუნველის მაგიერ, გამოუცდელი და ისეთი სახელმწიფოს მესაჭეობისათვის, როგორიც მაშინ საქართველო იყო, რუსუდანივით გამოუდეგარი პიროვნება იმყოფებოდა. თავისი მოვალეობის შემგნები და პოლიტიკური შორსგამჭვრეტელობის მქონებელი პირებიც მთავრობისა და მთავარსარდლობის გავლენიან წევრთა შორის აღარ ჩანდნენ. პირიქით, დიდგვარიან აზნაურთა და საქვეყნოდ გამრიგე მსხვილ მოხელეთა საგვარეულოებს შორის მეტოქეობა და ქიშპობაც-კი იყო შეპარული. ასეთ პირობებში, შეუთანხმებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაგანდიდებაზე ოცნებაში უნდა სახელმწიფოს კეთილდღეობაზე ზრუნვის მოვალეობის შეგნება გამქრალიყო და ქვეყნის წარმატებისა და გამაგრებისათვის დაუცხრომელი საქმიანობა, რა თქმა უნდა, მოდუნებული იქნებოდა. დასასრულ, ჯალალედინის ლაშქრობამა და თარეშმა ხომ ერანის სამფლობელოები და საქართველოს სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ მონღოლებს თავიანთი ახალი მიზნის განსახორციელებლად უკვე დიდი წინააღმდეგობის შიში აღარ უნდა ჰქონოდათ.

 

მონღოლთა მეორე შემოსევა საქართველოს დასაპყრობად და მთავარსარდლობისა და საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა სრული დაბნეულობა და უილაჯობა

ჩრდილოეთს ერანში, ადერბეჯანში, ფეხის მოკიდების შემდგომ მონღოლები უფრო ჩრდილოეთისაკენ წამოვიდნენ მით უმეტეს, რომ აქეთკენ მათ ზამთრისა და საზაფხულო საუკეთესო საძოვარი ადგილები ეგულებოდათ. ამ ფართობის მტკიცედ ხელში ჩაგდებას, მათი მუდმივი მომთაბარეობის გამო, მონღოლებისათვის უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა. პირველად ისინი ქალ. ბარდავს მიადგნენ, მისი დაპყრობის შემდგომ, 1235 წელს -კი ქალაქ განძის ასაღებად წამოვიდნენ.
ნებაყოფლობით დანებებაზე მოსალაპარაკებლად მისული მონღოლთა ელჩების დანახვამ განძელები ისე ააღელვა, რომ მათ მონღოლთა მოციქულები დახოცეს. ამით განრისხებულმა მონღოლებმა განძა აღებისთანავე მთლიანად გაცარცვეს და გაანადგურეს.
რამდენადაც განძა საქართველოს ყმადნაფიცი იყო, ზემოაღნიშნული გარემოებაც მისთვის უკვე საზიანო იყო. მაგრამ მონღოლები ამით არ დაკმაყოფილებულან და პირდაპირ თვით საქართველოში შემოიჭრნენ. ქალაქ შამქორი ამ დროს საქართველოს ეკუთვნოდა და ვარამ გაგელის საგამგეოში იყო მოქცეული. ამიტომ, როდესაც შამქორელებმა საქართველოს საზღვრებისაკენ მონღოლთა გამოლაშქრების ამბავი გაიგეს, უმალ ვარამ გაგელს სთხოვეს, რომ მისულიყო და მტრის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ხელმძღვანელობა გაეწია. მაგრამ აღმოსავლეთის ესოდენ მნიშვნელოვანი სანაპიროს ამ გამგემ თავისი მოვალეობა დაივიწყა და არამც თუ შამქორელებს არ მიეშველა, არამედ თავის შვილსაც-კი დაუშალა, რომ შამქორში წასულიყო და ხელმძღვანელობა გაეწია. მონღოლებთან შებრძოლების მაგიერ თვით ვარამ გაგელი, მონღოლთა მოახლოვებისთანავე, უბძოლველად ლაჩრულად გაიქცა.
უხელმძღვანელოდ მიტოვებულმა შამქორელებმა, ნებაყოფლობით მტრისათვის დამორჩილებას, მაინც წინააღმდეგობის გაწევა არჩიეს და სამზადისს შეუდგნენ. მაგრამ მონღოლებმა შამქორის აღება მაინც მოახერხეს, ხალხი გაჟლიტეს, ქალაქი ჯერ გაცარცვეს, ხოლო შემდეგ გადასწვეს.
რაკი აღმოსავლეთი სანაპიროს გამგე გაქცეული იყო, მონღოლებს ადვილად შეეძლოთ ქალაქ გარდაბანამდე ყველაფერი ჩაეგდოთ ხელში. სხვებივით უმწეო მდგომარეობაში და უხელმძღვანელოდ მიტოვებულმა გარდაბანელებმა გადასწბყვიტეს, რომ განადგურებას ისევ დამორჩილება ემჯობინებოდა და მონღოლებს ნებაყოფლობით დაემორჩილნენ.
ისევე, როგორც მონაპირე გონებადაბნეული და ლაჩარი გამოდგა, საქართველოს მთავრობამაც, რუსუდანისა და ავაგ ამირსპასალარითურთ, თავისი სრული უმწეობა და დაბნეულობა გამოამჟღავნა. მონღოლების მოახლოების თანავე, რუსუდანი ტფილისითგან ისევ ქუთაისში გადავიდა. დამახასიათებელია, რომ ასეთ განსაცდელის დროს საქართველოს დედაქალაქის დაცვა მხოლოდ ტფილისის ციხისთავს დაეკისრა და მთავარსარდალი, ამირსპასალარი, ავაგ მხარგრძელი ასეთს მნიშვნელოვანს გარემოებაში მაშინდელ წყაროებში არც - კია მოხსენებული.
რუსუდანმა, უეჭველია, სამხედრო ხელისუფლების რჩევისა და გადაწყვეტილების თანახმად, ქუთაისში გადასვლის წინ, დედაქალაქის ციხისთავს, მუხასძეს, განკარგულება მისცა, რომ თათრების, ანუ მონღოლების ქ. დმანისამდე მოახლოვებისთანავე, ტფილისი დაეცალა და დაეწვა, რომ ახალ მტერსაც ხვარაზმელებივით მისი გამოყენება არ შესძლებოდა.
საქართველოს მხედართმთავრობის ასეთი სისუსტის და მიუხედავად, მონღოლები მაინც ომს ფრთხილად და წინდახედულად აწარმოებდნენ. ტფილისს ხომ აღმოსავლეთითგან მოუახლოვდნენ, ეხლა სამხრეთითგანაც დაიწყეს სამხედრო მოქმედება. ცნობილია, რომ ფამბაკის ქედის გადმოლახვის შემდეგ, ლორეს ციხესა და ველს აღმოსავლეთ საქართველოს და მისი დედაქალაქის დასაცავად უაღრესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ ლორეს ციხე საქართველოს ჯარის მთავარსარდლის, ამირსპასალარის, საჯდომად ითვლებოდა. ამ დროს, საქართველოს პოლიტიკური საზღვრების უკვე შორს სამხრეთისაკენ წაწევის გამო, ეს ადგილი მანდატურთუხუცესს შანშე მხარგრძელს ჰქონდა ხელთ. მაგრამ იგიც უფრო თავის გადარჩენაზე ფიქრობდა, ვიდრე მისდამი რწმუნებული სანახების დაცვაზე. შანშემ ციხე-ქალაქ ლორეს დაცვა თავის სიმამრს მიანდო, თითონ–კი იქაურობას გაეცალა. მისი სიმამრი კიდევ ციხის ბუნებრივ სიმაგრესა და ძნელად მისავალობაზე დაიმედებული, უფრო სმა-ჭამისა და დროს გატარებას ანდომებდა დროს, ვიდრე მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევაზე ზრუნვას. ამიტომ არც გასაკვირველია, რომ მონღოლებმა ამ ძლიერი ციხის ხელში ჩაგდებაც მოახერხეს.
შემდეგ ჯერი უკვე ქალაქ დმანისზეც მიდგა. შანშე მანდატურთუხუცესმა იმაზე უკეთესი ვერა მოისაზრა რა, რომ აჭარაში გაიქცა. დმანისიც, რა თქმა უნდა, მონღოლებმა აიღეს.

დმანისის შემდგომ უკანასკნელი ადგილი, სადაც მაშინ სამხრეთითგან მომავალი მტრის შეჩერება შეიძლებოდა, ბუნებითაცა და ადამიანის სააღმშენებლო ხელოვნებითაც კარგად გამაგრებული ადგილი ციხე-ქალაქი სამშვილდე-ღა იყო. მაგრამ აქაც მონღოლებს სათანადო წინააღმდეგობა არ უნახავთ. ამრიგად, ტფილისისაკენ მომავალს გზაზე უკვე ყოველივე დაბრკოლება მონღოლებს გადალახული ჰქონდათ და ტფილისიც, რასაკვირველია, უნდა კვლავ მტერს ჩაჰვარდნოდა ხელში.

 

მტერთან ბრძოლის მცდარი გეგმის საბედისწერო შედეგი 

ამის შემდგომაც საქართველოს მთავრობისა და მთავარსარდლობის მოქმედება არ შეცვლილა. სახელმწიფოს მართვა-გამგეობის ორგანიზაცია მოსპობილივით იყო და დარბაზის კარსა მყოფი უდიდესი ხელისუფლები თითქოს არც-კი არსებობდნენ. საქვეყნოდ გამრიგე სანაპიროების მმართველობის საქციელი ხომ უკვე ვიცით, იმდროინდელი ამბების აღწერილობა ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, რომ თვით ცენტრალური ხელისუფლების უზენაეს წარმომადგენელთ, ვაზირებსაც–კი, თავიანთი მოვალეობა დავიწყებული ჰქონდათ და მარტო თავიანთი თავის გადარჩენაზე-ღა ზრუნავდნენ. მანდატურთუხუცესი, ის პირი, რომელსაც ვაზირთა შორის სახელმწიფოს შინაგანი მყუდროებისა და წესიერების დაცვა ჰქონდა დაკისრებული, შანშე მხარგრძელი, როგორც ვიცით, მონღოლებისაგან თავის დასაღწევად აჭარაში გადაიხვეწა. საქართველოს სახელმწიფოს მთელი სამხედრო ძალის მთავარსარდალიც, ავაგ ამირსპასალარი, იმავე გზას დაადგა: იმანაც ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა და თავისი მოვალეობის ასრულება პირადად უშიშროებაზე მზრუნველობას ანაცვალა, - მტრის წინააღმდეგ ბრძოლის მოწყობისა და ხელმძღვანელობის მაგიერ, ის კაენის ციხეში შეიხიზნა და თავისი ჭკუით იქ ლამობდა მონღოლებისაგან გადარჩენას. როდესაც ვაზირები ასე იქცეოდნენ, რასაკვირველია, სხვებმაც მათს უგუნურსა და დამღუპველ მაგალითს მიჰბაძეს. ქვეყანა სრულმა დაქსაქსულობამ მოიცვა და სახელმწიფოს ორგანიზაცია განრღვეული ადამიანის სხეულს დაემსგავსა.
მონღოლებს თავიანთთვის ამაზე ხელსაყრელ საომარ პირობებზე ოცნებაც-კი შეეძლოთ: ყველა დიდი მხედართმთავრები და მოხელეები თავთავიანთ ციხეებში შეხიზნულები იყვნენ და ამის წყალობით, შეერთებული ძალის მაგიერ, მათ მხოლოდ ამ გაბნეული ძალის ნაწილ-ნაწილად განადგურება-ღა სჭირდებოდათ. მონღოლთა მთავარსარდლობა სწორედ ასეც მოიქცა: მან უპირველესად კაენის, ანისისა და კარის ძლიერი და უმნიშვნელოვანესი ციხეების აღებას მიაქცია ყურადღება და თითოეული მათგანისათვის ალყის შემოსარტყმელად ცალცალკე სამხედრო ნაწილები დაგზავნა.
საყურადღებოა, რომ, როდესაც მონღოლები მხარგრძელთაგან უპატრონოდ მიტოვებულს ანისის ციხე-ქალაქს მიადგნენ და მცხოვრებლებს ნებაყოფლობით დამორჩილების წინადადება მისცეს, აღშფოთებულმა ხალხმა მტრის წინაშე უბრძოლველად ქედის მოხრა არ მოისურვა და არამც თუ ნებაყოფლობით თათრების მონობის უღლის დადება იუკადრისა, არამედ უაღრესმა მღელვარებამ განრისხებულ მოსახლეობას იმდენად დააკარგვინა გონიერება, რომ ანელებმა მოგზავნილი ელჩებიც-კი დახოცეს. ასეთი საქციელით გაშმაგებულმა მონღოლებმა არა დაზოგეს რა, რომ ქ. ანისი აეღოთ და მცხოვრებნი ამ დანაშაულისათვის სასტიკად დაესაჯათ. ანელ მოქალაქეთა მედგარი წინააღმდეგობისდა მიუხედავად, სათანადო სამხედრო ხელმძღვანელობას მოკლებული ქალაქი ბოლოს მაინც თათრებს ჩაუვარდათ ხელში და მათ ამ მდიდარი ქალაქის გაცარცვით, ბრალიანისა და უბრალო ხალხის განურჩევლად ამოჟლეტით, თავიანთი ელჩების დახოცვისათვის ველური შურისძიების წყურვილი მოიკლეს.

რა თქმა უნდა, ხეირი არც თავის მოვალეობის დამვიწყებლებს, კაენში შეხიზნულს, საქართველოს მთელი სამხედრო ძალის მთავარსარდალს, ამირსპასალარს ავაგ მხარგრძელს, დაჰყრია, რომელმაც თავისი თავის უზრუნველყოფისათვის სამხედრო თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი, როგორიც ანისი იყო, უპატრონოდ მიატოვა და განწირა. მონღოლთა ლაშქარის სარდალმა ჩორმაღანმა კაენის ციხე გარემოიცვა. ამრიგად, საქართველოს ჯარის მთავარსარდალი მონღოლებმა მოიმწყვდიეს: ეხლა კი ის ხელითგან ვეღარსად წაუვიდოდათ.

 

ამირსპასალარისაგან მტრისათვის თვითნებურად დამორჩილების სამარცხვინო მაგალითის მიცემა და მონღოლებთან ბრძოლის ჩაშლა

ბრძოლის მერმინდელი მიმდინარეობისათვის იმასაც ჰქონდა საბედისწერო გავლენა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ვაზირთა და დიდ ხელისუფალთაგან შემოსეული მტრისათვის თვითნებურად და ნებაყოფლობით დამორჩილების სამარცხვინო პირველი მაგალითი, სწორედ თავისი საქციელით ასე უგუნურად მახეში გაბმულმა ამ ავაგ ამირსპასალარმავე მისცა: მონღოლებისათვის განებების შესახებ მოსალაპარაკებლადაც მან მიუგზავნა ჩორმაღან ნოინსმოციქული19. ვითარცა მეფისა და მთავრობის შეუკითხავად და ნებადაურთველად გადადგმული ნაბიჯი, მისი საქციელი ქვეყნის ღალატს უდრიდა. მაგრამ მის საზრუნავს ხომ უკვე ქვეყნის კეთილდღეობა აღარ შეადგენდა: პირადად მას ისიც აკმაყოფილებდა, თუ, მისი ნებაყოფლობითი დამორჩილების შემდგომ მონღოლები მთელსაგამგეო ქონებას შეუნარჩუნებდნენ და მის საგამგეო და საპატრონო ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას შესწყვეტდნენ.
ასეთ პირობებზე მონღოლთა ნოინი რატომ არ უნდა დათანხმებულიყო? ან, რისთვის უნდა ეომნა მას, თუ-კი წინააღმდეგობის გაუწევლივ დაემორჩილებოდნენ? მაგრამ ჩორმაღანმა რომ ავაგს მისგან შეთვლილი პირობით დანებებაზე თანხმობა გამოუცხადა და ამირსპასალარი კაენის ციხითგან გამოიყვანა, ავაგს იგი მაინც არ ენდო, არამედ სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის ყველა ციხე-სიმაგრეებში მონღოლთა მცველი ჯარი ჩააყენა.
როდესაც ამირსპასალარი, სახელმწიფოს მთელი სამხედრო ძალაუფლების ხელში მქონებელი თანამდებობის პირი, ასე მოიქცა, რა გასაკვირველია, რომ სხვებსაც ასეთი მაგალითისათვის მიებაძათ! მტრის წინაშე მეორე ქედის მომხრელი მანდატურთუხუცესი შანშე მხარგრძელი აღმოჩნდა, რომელმაც მონღოლებთან თავისი შეთანხმების მოსაგვარებლად შუამავლობა, ამ საქმეში უკვე გამოცდილს, ავაგ ამირსპასალარს მიანდო, რა თქმა უნდა, ესეც მონღოლთა მთავარსარდლობისათვის თრიად სასიამოვნო გარემოება იყო მით უმეტეს, რომ დამორჩილების პირობები იგივე რჩებოდა, რაც ავაგთან იყო დადებული. შანშეს განადგურებული ანისი დაუბრუნდა.
შემდეგ ყველაზე შორს გაქცეულს ვარამ გაგელსაც შეეძლო დარწმუნებულიყო, რომ თავისი პირადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავისი საგამგეო ქვეყნის მტრის შიშით ლაჩრულად მიტოვებასა და გალტოლვას გარდა, სხვა უფრო ადვილი საშუალებაც არსებობდა და ვარამ გაგელი თავისი შვილ აღბუღათურთ ისევე, როგორც ჰასან ჯალალ ხაჩილენიც, ზემოაღნიშნულივე გზით და პირობით მონღოლთ დაჰნებდნენ და დაემორჩილნენ. უპატრონოდ მიტოვებულს თავიანთ საგამგეო ქვეყნას მათ ეხლა უკვე უშიშრად შეეძლოდ დაჰბრუნებოდნენ!

საქართველოს სახელმწიფოს სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპიროების შემდეგ, ჯერი უკვე ჰერეთ-კახეთისა, ქართლისა და ჯავახეთის მონღოლებთან თვითნებურად ამავე პირობით შეთანხმებაზეც მიდგა.


სამცხის ერისთავ-ერისთავის იოანე-ყუარყურა ჯაყელის შეგნებული პატიოსანი ქცევა და მტერთან განმარტოვებული ბრძოლის უიმედობა

დიდ ხელისუფალთა სახელმწიფოებრივი და ზოგად-ეროვნული ინტერესის სრული მივიწყებისა და თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეგნების ესოდენი დაკარგვის დროს, მხოლოდ სამცხის ერისთავთ-ერისთავმა იოანე-ყუარყუარა ციხისჯვარელ-ჯაყელმა შეინარჩუნა ორივე ეს თვისება: სიმტკიცე გამოიჩინა და მტრის წინაშე ქედი არ მოიხარა. ასეთი წინააღმდეგობის გამო, მონღოლების მთელი მრისხანება სამცხეს დაატყდა თავზე: საქართველოს ამ თემის რბევა-აოხრება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. როგორ შეეძლო აღმოსავლეთ საქართველოს ამ ერთად-ერთ პატარა თემს მოზღვავებულ მტერს გაჰმკლავებოდა, როდესაც მის მმართველს მეშველი არსაითგან ჰყავდა? ყველა ზემოაღნიშნული სანაპიროებისა და თემების მონღოლებისათვის ნებაყოფლობით დამორჩილების შემდეგ, წინააღმდეგობის დიდხანს გაგრძელებას, სამცხის განადგურებისა და ხალხის გაწყვეტის გარდა, არაფერი სხვა არ შეიძლება მოჰყოლოდა: საქმე უკვე წაგებული იყო! ამიტომ იოანე ყუარყუარა ციხისჯვარელმა-ჯაყელმა რუსუდან მეფეს საქმის ვითარება მოახსენა და გაუთვალისწინა. ასეთ პირობებში მონღოლებთან ბრძოლის განმარტოებითგაგრძელების მიზანშეუწონელობა მოახსენა და მათთან შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ნებართვა სთხოვა. რუსუდანმა დასტური მისცა და ამის შემდგომ სამხედრო მოქმედება უკვე სამცხეშიც შესწყდა.
ამრიგად მთელი აღმოსავლეთი საქართველო ყველა სანაპიროებითა და ყმადნაფიც სამფლობელოებითურთ მონღოლებს ჩაუვარდათ ხელში. ლიხის მთის გადალახვა და დასავლეთ საქართველოში გადასვლა-კი მათ არ უცდიათ.


რუსუდანის ამაო ცდა მონღოლთა წინააღმდეგ დასავლეთ ევროპითგან სამხედრო დახმარების მისაღებად

ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილს რუსუდანსა და საქართველოს მთავრობას გაახსენდათ, რომ, ლაშა-გიორგის მეფობის დამლევს, რომის პაპმა სთხოვა საქართველოს, პალესტინის მაჰმადიანთაგან განსათავისუფლებლად განზრახულს ჯვაროსანთა ომში თავისი ჯარითურთ მონაწილეობა მიეღო,, რომ დასავლეთელებს ბრძოლა გაადვილებოდათ. მაშინ ეს განზრახვა, გარეშე მიზეზის გამო, ჩაიშალა. ეხლა, როდესაც თვით საქართველო მონღოლებმა განსაცდელში ჩააგდეს, რატომ საქართველოს მთავრობას არ შეეძლო თავის მხრით დასავლეთ ევროპის ქრისტიანე სახელმწიფოებისათვის ასევე სამხედრო დახმარება ეთხოვა, მით უმეტეს, რომ მონღოლთა საშიშროება მათთვისაც გასაგები უნდა გამხდარიყო, ასე უმსჯელიათ მაშინდელ პოლიტიკოსებს საქართველოში.
თავისი გეგმის განსახორციელებლად რუსუდან მეფეს, ეტყობა, 1239 წელს ახ. ხ. რომის პაპთან, გრიგოლ მე-9-ესთან, ეპისტოლე გაუგზავნია, რომელშიც მონღოლთაგან საქართველოზე თავს დამტყდარი განსაცდელი იყო აწერილი და სადაც რუსუდანი დასავლეთელ ქრისტიანებს სამხედრო დახმარებას სთხოვდა მონღოლების წინააღმდეგ. რომის პაპის გულის მოსაგებად, საქართველოს მთავრობა აგრეთვე ატყობინებდა, ჩვენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების შეერთების მონატრულნი ვართო.

მაშინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, ამ ეპისტოლემაც-კი რომის პაპის კარამდე დაგვიანებით მიაღწია. 1240 წელს დაწერილი საპასუხო ეპისტოლითგან გამოირკვა, რომ გრიგოლ მე-9-ს საქართველოს მთავრობისათვის სასიხარულოს არაფრის შეტყობინება არ შეეძლო: არამცთუ იგი სამხედრო დახმარებაზე უარს უთვლიდა, პირიქით ის წერდა კიდევაც, ჩვენ თვითონაც ისეთ მდგომარებაში ვართ, რომ სწორედ შეგეცოდებითო. მაგრამ მაინც გულს ნუ გაიტეხთ: ამ ჩვენ ეპისტოლესთან ერთად, მოქადაგე მონაზონ-მისიონერებს გიგზავნით ეკლესიათა შეერთების განსახორციელებლად!..

 

მონღოლთა განდევნის ყოველგვარი იმედის გაქარწყდება და მათთან შეთანხმება-დაზავების აუცილებლობა

დასავლეთ ევროპითგან, სამხედრო დახმარების მაგიერ, კათოლიკე მონაზონ-მისიონერების გამომგზავრებისა და მოსვლის ამბავი რუსუდანსა და საქართველოს მთავრობას, ცხადია, ცუდს გუნებაზე დააყენებდა. რაკი ეს უკანასკნელი იმედიც გაცრუვდა და მონღოლთაგან აღმოსავლეთ საქართველოს განთავისუფლების შესაძლებლობა არსაითგან-ღა ჩანდა, ამიტომ ახალ პოლიტიკურ მდგომარეობას, ნებსით, თუ უნებლიედ, ანგარიში უნდა გასწეოდა. თუმცა, მართალია, დასავლეთი საქართველო მტერს არც დაპყრობილი და არც გადალახული არ ჰქონდა, მისი დამოუკიდებლობაც წინანდებურად შეურყეველი იყო, მაგრამ მთელი აღმოსავლეთ საქართველო ხომ მტერს ხელში ეჭირა? ამ გარემოებამ ახალი ვითარება შექმნა, რომლისთვისაც მაშინდელ პოლიტიკოსებს უნდა განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ.
იმ დროისათვის საქართველოში დამყარებული მდგომარეობითგან ორგვარი გამოსავალი იყო შესაძლებელი: ან საქართველოს სახელმწიფოს მთავრობა უნდა არსებულს ვითარებას შეჰრიგებოდა, ან რაიმე გზით მისი გამოსწორება ეცადნა. პირველი გამოსავალი საქართველოს ორად გაყოფისა და პოლიტიკური მთლიანობის მოსპობის მომასწავებელი იყო. ეს იმდენად დიდს ეროვნულსა და სახელმწიფოებრივს საფრთხეს წარმოადგენდა, რომ მისი დამღუპველი ყველა შედეგის გათვალისწინებაც-კი ძნელი იყო. ამიტომაც მმართველ წრეებს, თუ-კი მათ ოდნავი პოლიტიკური ალღო და შორსმჭვრეტელობა აღმოაჩნდებოდათ, მეორე შესაძლებლობის უცდელად, არსებულ ვითარებასთან შერიგების არც უფლება ჰქონდათ და არც შეეძლოთ. მეორე გამოსავალი-კი მხოლოდ მონღოლებთან მოლაპარაკებისა და შეთანხმების გზით იყო მისაღწევი.

უეჭველია, სწორედ ამით უნდა აიხსნებოდეს, რომ რუსუდანმა გადასწყვიტა, მონღოლებთან საერთო საზავო პირობებზე მოლაპარაკება დაეწყო. ამ მიზნით მათ მთავარსარდლობასთან უკვე საკმაოდ შეჩვეულნი მხარგრძელები, ამირსპასალარი ავაგ და შანშე მანდატურთუხუცესი, ვარამ გაგელი და შოთა კუპრი მოციქულებად წარგზავნა. მაგრამ იგი მარტო ამით არ დაკმაყოფილებულა: რუსუდანმა გადასწყვიტა უშუალოდ თვით ბათო ყაანისათვის მიემართნა, რომ უვნებლობის სიმტკიცის აღქმა პირადად მისგან მიეღო. უამისოდ ის მონღოლებისათვის მინდობას, ქუთაისითგან საქართველოს დედაქალაქში გადმოსვლასა და საზავო შეთანხმების საბოლოოდ დამთავრებას, ვერ ბედავდა. ბათო ყააენთან ჩრდილოეთში რუსუდანმა თვით საქართველოს მთავრობის თავჯდომარე, ვაზირთა უპირველესი და მწიგნობართუხუცესი, არსენი წარავლინა. მხოლოდ მისგან ამ საპასუხისმგებლო დავალების ასრულებისა და მისი იქითგან დაბრუნების შემდგომ, საქართველოსა და მონღოლთა საყაანოს შორის ზოგადი პოლიტიკური და საზავო შეთანხმება მოხერხდა.

ზავის პირობები და დავით IV-ის მონღოლთა ყაანის ურდოში გამგზავრება, რუსუდანის სიკვდილი

საქართველოს მთავრობამ მონღოლთა საყაანოს უზენაესობა სცნო ზოგადად და ნებაყოფლობით, მაგრამ ამ უფლებრივი განსხვავებით, ლიხთ-ამერეთში, ვითარცა ძალით დაპყრობილში, საქართველოს ხელისუფლებას გარდა, მონღოლთა საყაანოს უმაღლესი მოხელეებიც იქნებოდნენ და ლაშქარიც დარჩებოდა, დასავლეთი საქართველო-კი, ვითარცა მონღოლთა უზენაესობის ნებაყოფლობით მცნობელი, მონღოლთაგან თავისუფალი დარჩებოდა. საქართველო ამასთანავე მონღოლთა საყაანოსთვის ყოველწრიულად 50000 ოქროს პერპერის გამოღებას კისრულობდა. მონღოლები თავიანთ მხრივ რუსუდანის ძეს დავითს სრულიადი საქართველოს სახელმწიფოს მეფედ სცნობდნენ. ამ გზით საქართველოს პოლიტიკური მთლიანობა დაურღვეველი რჩებოდა.
დადებული პირობის თანახმად, რუსუდანი თავის შვილითა და თანამოსაყდრით დავითითურთ 1242-3 წლებში ისევ საქართველოს დედაქალაქს ტფილისში გადმოვიდა, სადაც ის საზეიმოდ მეფედ უნდა დაესვათ. მაგრამ მონღოლთა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დავითი საქართველოს მეფედ დასამტკმცებლად ჯერ ბათო ყაანთან გაგზავნა, ხოლო შემდეგ იქიდგან მანგუ დიდ ყაანთანაც მოუხდა წასვლა. ამ დროითგან მოყოლებული სამეფო ტახტზე ასასვლელად მონღოლთა ყაანის ურდოში გამგზავრება და იქ დამტკიცება შემოვიდა წესად, რისთვისაც შორეულს ქვეყანაში წასვლა და საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა იყო ხოლმე საჭირო. ამ შემთხვევაშიც ჯერ ბათოსთან მისვლასა და ყოფნას, შემდეგ მანგუ ყაანთან გამგზავრება-მიღწევას ორი წელიწადი მოუნდა. დავითის დედას რუსუდანს, რომელსაც თავის სიცოცხლის განმავლობაში ისედაც ბევრი უბედურება ჰქონდა ნანახი, შვილის ამბის უქონლობის მწუხარებაც დაერთო ზედა, ცხოვრების ბედის ტრიალის ამდენი უკუღმართობით დასნეულებული იგი 1245 წელს ტფილისში გარდაიცვალა.


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://www.nplg.gov.ge

http://www.orthodoxy.ge



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.



1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014