ქართველების იძულებით გასომხება
ქართული ისტორიული ძეგლების მითვისება–გაპარტახება
სომხეთ–საქართველოს დაპირისპირება
მოულოდნელი იძულებითი გადასახლება შუა აზიაში
დღევანდელი ჯავახები
სასარგებლო ბმულები
ქართველების იძულებით გასომხება
ცუდ დღეში აღმოჩნდნენ სამცხე-ჯავახეთში კათოლიკური სარწმუნოების მიმდევარი ქართველებიც. მათ სოფლებში (წყალთბილა, გულიკამი, ტურცხი, ალასტანი, ვარევანი, ეშტია, თორია, ნაოხრები, ბალაგირი და სხვ.) მეფის რუსეთის მოხელეებმა და სომეხმა კოლონიზატორებმა ჩაასახლეს კათოლიკე სომხები, აკრძალეს ქართულ ენაზე წირვა–ლოცვა (1886 წლის 27 თებერვლის ბრძანებულებით, ქართულ კათოლიკურ ეკლესიებში აიკრძალა მშობლიურ ენაზე ტიპიკონის წარმოება), დაიწყეს მოსახლეობის გასომხება. მოგვიანებით, დიდი მცდელობის ფასად, სომხებმა ვატიკანში თვით რომის პაპიც შეიყვანეს შეცდომაში და დაუმტკიცეს, რომ ქართველი კათოლიკენი წარმოშობით ყველა სომეხია და 1893 წლის მაისის სპეციალური ბრძანებულებით, საქართველოს კათოლიკურ ეკლესიებში ქართული წირვა-ლოცვა ააკრძალვინეს და სომხური ტიპიკონი დააშვებინეს. ამის ნიადაგზე გასომხდა მრავალი ქართველი კათოლიკე, მათ შორის თურქეთის ჩილდირის ტბის მიდამოებიდან, სოფელ ველიდან გადმოსული ქართველი კათოლიკე მოსახლეობა ახალქალაქის რამდენიმე სოფელში (ხულგუმო, კარტიკამი, ბავრა).
ამ კუთხეში ქართული ეთნოსის ამოძირკვის მიზნით, დაიწყეს ქართველთათვის ჯერ უცხო აღმსარებლობის ძალად თავს მოხვევა, ხოლო შემდეგ აღმსარებლობის ეროვნულობასთან გაიგივება. ამ გზით ბევრი ქართველი ჯერ გრიგორიანულ და სომხურ კათოლიკურ აღმსარებლობაზე გადაიყვანეს, შეუცვალეს გვარ-სახელი, ხოლო შემდგომ, მოსახლეობის აღწერისას, მათ ეროვნებად _ სომეხი, ხოლო გამუსულმანებულ ქართველებს _ თათარი, მოგვიანებით კი _ აზერბაიჯანელი ჩაუწერეს. მაგალითად, 1886 წელს, სოფელ ხიზაბავრაში, 1363 ქართველი ცხოვრობდა, საოჯახო სიებში 7 ქართველის გარდა ყველა სომეხადაა ჩაწერილი, იმის გამო, რომ ისინი სომხურ კათოლიკურ რელიგიას აღიარებდნენ. ძირითადად, სწორედ ამავე მიზეზით, შემდეგ წლებში ქართველთა რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში მნიშვნელოვნად მცირდება. მაგალითად, 1894 წელს, ახალციხის მაზრაში, 19041 სომეხი, 32 809 თათარი და მხოლოდ 5 642 ქართველი ცხოვრობდა.
თუ ამ მონაცემებს 1886 წლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ ქართველების რაოდენობა 4.1-ჯერ შემცირდა, ხოლო სომხებისა და თათრების რაოდენობა, შესაბამისად, 1.3-ჯერ და 2.0-ჯერ გაიზარდა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის ასეთი თვალსაჩინო ცვლილებებისათვის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ადგილი არ ჰქონია...
მაშასადამე, ქართველებს უცვლიან ეროვნებას, რელიგიურობის ნიშნის მიხედვით, ან მონაცემებს ადგილზე განზრახ ამახინჯებენ. აამავე მიზნით ასევე მნიშვნელოვნად შეამცირეს ქართული მოსახლეობა ახალქალაქის მაზრაში (იხ. ვ. ლორთქიფანიძე. `სამცხე-ჯავახეთის დემოგრაფიული განვითარების პრობლემები~ XIX-XX საუკუნეებში. თბილისი. 1994 წ.).
ქართველთათვის ეროვნული კუთვნილების დადგენის ასეთი მიდგომის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამდნენ, როგორც ქართველი მაჰმადიანები, ისე კათოლიკური აღმსარებლობის მიმდევარნი, მაგრამ უშედეგოდ. მაგალითად, სოფელ ველიდან გადმოსახლებული ახალქალაქის სოფლების კათოლიკე ქართველების საკითხის შესასწავლად გამოიყო კომისია სახელმწიფო გამომძიებლის იგნატიევის თავმჯდომარეობით, რომელმაც დაკითხა სოფლის მოხუცები. მათ უპასუხეს, რომ 1841 წლამდე ქართულ ტიპიკონს ვხმარობდით და ქართულად ვგალობდითო, ჩვენი მამა-პაპა მართმადიდებელი ქართველები იყვნენო. საკითხის დაზუსტებისათვის, 1885 წელს, ამავე სოფლებში გაიგზავნა მეორე კომისია დონდუროვისა და კორსანოვის შემადგენლობით. ამავე კომისიამაც დაადასტურა, რომ `ველელები წარმოშობითა და ყოფაქცევით ქართველები არიან და ახლა ასწავლიან სომხურ ენასო~ (იხ. შ. ლომსაძე. `სამცხე-ჯავახეთი~. თბილისი. 1975 წ.).
სამწუხაროდ, არც ამ კომისიების დასკვნებს და არც საბჭოთა წყობილების დროს მათთვის და მაჰმადიანი ქართველებისათვის ქართულად სწავლების საკითხის განხილვას შედეგი არ მოჰყოლია.
ქართული ისტორიული ძეგლების მითვისება–გაპარტახება
გარდა ამისა, გაპარტახებულ კუთხეში ასე მასიურად კოლონისტების მოზღვავებამ პრობლემები შეუქმნა არამარტო მკვიდრ ქართველობას, არამედ ბუნებას და ისტორიულ მემკვიდრეობასაც. ჯავახეთში ჩამოსახლებული სომხები საამშენებლო მასალების სახით იყენებდნენ ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებს _ ეკლესიებს, ციხეებს. რუსებმა და სომხებმა თითქმის მთლიანად დაშალეს ახალქალაქის XI საუკუნის ციხე და სამხედრო კაზარმები და სახლები აიშენეს. მესხი პატრიოტი _ ივანე გვარამაძე წერდა: `ოთხივ მხრიდან შემოჭრილი უცხო ტომელებიმ ძალით გვართმევენ ჩვენი წინაპრების სისხლით უხვად მორწყულ მშობლიურ მიწას, მის მთებს და ველებს, ტყეებს და ჭალებს, იყოფენ ერთმანეთში, ანგრევენ ჩვენს ციხესიმაგრეებს, ციხეებს, ეკლესიებს, იტაცებენ ჩვენს მონასტრებს, ითვისებენ ხატებს და ძვირფასეულობებს~. (შ. ლომსაძე. `სამცხე-ჯავახეთი~. თბ. 1975 წ.).
ბევრი ქართული ეკლესია მიითვისეს, ბევრი დაანგრიეს ან გადააკეთეს. მასიური ხასიათი მიიღო ეკლესია–მონასტრებზე ქართული წარწერების წაშლა-ამოფხეკამ ან მათ ადგილზე სომხური წარწერების ჩასმამ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძლდება. მიუხედავად ყოველივე ამისა, ჩვენი წინაპრების მიერ ოფლისა და სისხლის ფასად იმდენი მატერიალური ძეგლი იყო დატოვებული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, რომ მათ ვერ შეძლეს სრულად მოესპოთ ამ კუთხეში ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების, შრომის, ბრძოლის თუ კულტურული აღმშენებლობის უტყუარი მოწმეები. დღევანდელი ჯავახეთის ტერიტორია დღესაც უხვადაა მოფენილი ისტორიულ ქარტეხილებს გადარჩენილი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ისტორიული ძეგლებით, რომლებიც გვხიბლავს თავისი სისადავით და გრანდიოზულობით. ამათგან მხოლოდ ვარძიის, ხერთვისის და კუმურდოს დასახელებაც კმარა.
სომხეთ–საქართველოს დაპირისპირება
გასაოცარია, მაგრამ ჯავახეთის ტოპონიმიკაც დღემდე ძირითადად ქართულია. თუ გავითვალისწინებთ ზემოთაღნიშნულ ისტორიულ-პოლიტიკურ ძვრებს, რაც ამ კუთხეში ჯერ ოსმალების შემოსევებს და `გურჯისტანის ვილაეთის~ შექმნას და შემდგომ სომხების მასიურ გადმოსახლებას მოჰყვა, გასაგებია როგორი სირთულეების გადალახვით მოაღწია ჩვენამდე ჯავახეთის სოფლების ქართულმა დასახელებებმა. ოსმალების დროს ბევრი ქართული დასახელება ითარგმნა თურქულად ან განიცადა ფონეტიკური ცვალებადობა. XIX საუკუნეში სომხების მასიური ჩამოსახლების შემდეგ მოხდა მათი ნაწილობრივი არმენიზაცია, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც ქართულია. საქართველოში და, კერძოდ, ჯავახეთში, თურქეთიდან დევნილი სომეხი მოსახლეობის სტიქიური გადმოსვლა მთელი XIX საუკუნის განმავლობაში არ შეწყვეტილა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გაგრძელდა. ეს პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 1897-1910 და 1914-1918 წლებში, რაც გამოწვეული იყო თურქეთის ტერიტორიაზე დაშნაკცუტუნის პარტიის წაქეზებით, სომხურ მოსახლეობაში რევოლუციური პროცესების გაღვივებით და ოსმალეთის მთავრობის მიერ სომხების მიმართ სასტიკი რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერებით. ასეთი გზით მოხვდნენ სომხები ჯავახეთში _ საქართველოს ამ ძირ-ძველი კულტურის კერაზე და წმინდა ქართულ მიწა-წყალზე. 1872 წელს, ლ. ზაგურსკი წერდა: `სომხებმა თურქეთის ოლქებიდან მჭიდროთ დაასახლეს ახალქალაქის უეზდი, შემორჩა მხოლოდ ქართული სოფლების პატარა ოაზისები~. (Л. Загурский. «Поездка в Ахалкалакский уезд, в 1872 году».)
რეალურად, რუსეთის ასეთი კოლონიზატორული პოლიტიკის წყალობით, შეიცვალა სამცხე-ჯავახეთის დემოგრაფიული სურათი და ხელოვნურად შეიქმნა სომხური მოსახლეობის სიჭარბე ჯავახეთში, რაც გახდა კიდეც ამ ორი ისტორიულად მეზობელი და მეგობარი ერის გადაკიდების საბაბიც. `სწორედ ჯავახეთისათვის დავაში იჩინა თავი იმ პოლიტიკამ, რომელიც გაატარა პასკევიჩმა იქ სომხების დასახლებით და რუსის მთავრობის ამ ვერაგულმა პოლიტიკამ შესაფერისი ნაყოფიც დასტოვა ერთა ურთიერთ-გადაკიდებისათვის~. (ვ. ნოზაძე. `საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო~. თბილისი. 1989 წ.)
სამწუხაროდ, სომხებმა დაივიწყეს, რომ ჯავახეთის სწორედ ასეთი ობიექტური და ტრაგიკული ისტორიის წყალობით მოხვდნენ ისინი საქართველოს ამ განუყოფელ ტერიტორიაზე და მხოლოდ რიგი ასეთი გარემოებების გამო აღმოჩნდნენ უმრავლესობაში, დაიწყეს ისტორიის გაყალბება, ამ კუთხის სომხურ მიწებად გამოცხადება და სომხეთთან მიერთების მცდელობა. ამან თანდათანობით სისტემატური და მიზანმიმართული ხასიათი მიიღო. ასე იყო 1913 წელს, როდესაც სომხების მოწყალე ამიერკავკასიის იმდროინდელი რუსი გამგებლის, გრაფ ვორონცოვ-დაშკოვის ხელშეწყობით, ჯავახეთის ანუ ახალქალაქის მაზრის ტფილისის გუბერნიისგან გამოყოფა და გიუმრთან მიერთება მოითხოვეს.
საბედნიეროდ, მათ ვერ შესძლეს ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი ტფილისის გუბერნიის კომისიისათვის ახალქალაქის მაზრის ეკონომიკურად უპირატესად გიუმრთან მიბმულობის დამტკიცება და ეს გეგმა ჩაეშალათ. ანალოგიური კომისია იყო შექმნილი მათი ბორჩალოს მაზრის მიმართ იგივე პრეტენზიის განსახილველად და აქაც უარი მიიღეს. უფრო მზაკვრული ჩანაფიქრების განხორციელების, თვით თბილისის დაპყრობის მიზნით, სომხეთის დაშნაკთა მთავრობამ, 1918 წელს, საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებაც კი წამოიწყო. ამ მოვლენის მოკლე წინარეისტორია ასეთი იყო: კავკასიის ფრონტზე დამარცხებულმა პან-თურქულმა ოსმალეთმა ისარგებლა 1914 წლის რუსეთის პირველი რევოლუციის შედეგად რუსეთის ჯარის დაშლით, ფრონტის ხაზის მოშიშვლებით და კავკასიის ხელში ჩაგდების მიზნით, გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. მის ხელში აღმოჩნდა მთელი აზერბაიჯანი, სომხეთის ნახევარზე მეტი და საქართველოს ნაწილი (ბათუმის ოლქი, ყარსის ოლქის ქართული მხარე, ,,ახალქალაქის მაზრა~, ახალციხის და ბორჩალოს მაზრის დიდი ნაწილები). მტერი თბილისისკენ მოიწევდა. ოსმალეთის აგრესიას წინ ქართული და სომხური ჯარი, აგრეთვე ქართული დიპლომატია აღუდგა.
მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ დროისათვის გერმანიის მიერ დაკავებულმა პოზიციამ, ხოლო ანტანტის წინააღმდეგ წაგებული ომის შედეგად, 1918 წლის 30 ოქტომბერს, ოსმალეთი იძულებული გახდა დაედო მუდროსის დროებითი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ოსმალეთის მიერ ძალით დაკავებულ კავკასიის ტერიტორიის ყველა ნაწილში მოკავშირე ქვეყნების ჯარებს შესვლის უფლება ეძლეოდათ. თურქეთის მთავრობამ დაიწყო საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების დატოვება, საქართულოს მთავრობამ კი ამ ადგილების დაკავება. 1918 წლის 9 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ, მოწოდებით მიმართა ახალციხის და ახალქალაქის მაზრების მოსახლეობას და სიხარულით აღნიშნა მათი სამშობლოს წიაღში დაბრუნება.
მანამდე, 1918 წლის 19 ოქტომბრიდან, დაიწყო სასტიკი დავა სომხეთ-საქართველოს შორის ტერიტორიულ საკითხზე, როცა საქართველომ დაგმო 1918 წლის 18 ოქტომბერს სომხეთის ჯარის მიერ თბილისის გუბერნიის ნაწილის ანუ ბორჩალოს მაზრის (ქვემო ქართლის), ქობერის და სანაინის დაკავება. 1918 წლის 5 დეკემბერს, ქართული ჯარის ნაწილებმა დაიკავეს ახალქალაქი, რისი წინააღმდეგიც იყო სომხეთი. სომხების ამ აბსურდული წინააღმდეგობის საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრყ ევგ. გეგეჭკორი სომხეთის მთავრობას სწერდა: `საქართველოს მთავრობის მიერ ახალქალაქის მაზრის დაკავება არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც მორალურად სადავო არ არის და საზღვრების შემოხაზვაზე კეთილ მეზობლურად მოვილაპარაკოთო~. (ვ. ნოზაძე. `საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო~. თბილისი. 1989 წ.).
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ მოითხოვა საზღვრების თაობაზე სომხეთ-საქართველოს კონფერენციის მოწყობა და სადაო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა, მაგრამ სომხეთის მთავრობამ მოინდომა იარაღის გზით თავისი მზაკვრული მიზნების განხორციელება. 1918 წლის 13 დეკემბერს, სომხურმა ჯარებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები ლორესა და ბორჩალოს მიმართულებით, აგრძელებდნენ ძალების თავმოყრას ახალქალაქის მიმართულებითაც.
სომხურმა დაშნაკურმა მთავრობამ საქართველოს წინაღმდეგ ომის წამოწყება იმ იმედით გაბედა, რომ მას მხარს იმხანად კავკასიაში მდგომი ინგლისი დაუჭერდა, რომელსაც ფაქტის წინაშე დააყენებდნენ, რათა ეცნო ომის შედეგად სომხების მიერ მიტაცებული ქართული მიწები. ამ მიზნით სომხებს გარკვეული აგიტაციაც ჰქონდათ ჩატარებული ანტანტის სახელმწიფოებს შორის და იმედოვნებდნენ თბილისის აღებას, მაგრამ ქართველი ხალხის ერთობის წყალობით ეს ავანტურა ჩაიშალა და ტრაგიკულადაც კი შეიძლება დამთავრებულიყო სომხეთის სახელმწიფოსთვის, დროზე რომ არ ჩარეულიყვნენ დასავლეთის ზოგიერთი სახელმწიფოები. კერძოდ, საფრანგეთის და ინგლისის მთავრობის წარმომადგენლების უშუალო ჩარევით შეჩერებულ იქნა ქართული ჯარი, რომლის ელვისებურ წინსვლას სომხეთის ტერიტორიის სიღრმეში ვეღარ აკავებდა განადგურებული და დემორალიზებული სომხური ჯარი.
საქართველო-სომხეთის ომი 1918 წლის 31 დეკემბრის 12 საათზე შეწყდა. ქართული ჯარები იმ დროისათვის ბორჩალოს ფრონტზე დაკავებულ პოზიციებზე რჩებოდნენ, ხოლო ახალქალაქის მაზრაში ქართული ადმინისტრაცია, დროებით, ანტანტის კომისიის მეთვალყურეობის ქვეშ ექცეოდა. `ამგვარად, სომხების ცდა, რათა განეხორციელებიათ თავისი დიდი გეგმა მესხეთის დაპყრობის შესახებ, უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ საქართველოს ვნება დიდი მიადგა. ზარალი იყო თვით ომი. ზიანი იყო ის მოვლენა, რომ უდავო ქართული ტერიტორია _ ჯავახეთი, ანუ ახალქალაქის მაზრა სადავო გახდა ინგლისელების თვალშიც~. (ვ. ნოზაძე. `საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო~. თბილისი. 1989 წ.).
1919 წელს, სომხების ზეწოლით, ინგლისის მიერ ლორე-ტაშირის ტერიტორია სადავოდ გამოცხადდა, მაგრამ გაითვალისწინა რა ადგილობრივი მოსახლეობის მრავალჯერადი თხოვნა, 1920 წელს, საქართველოს რესპუბლიკამ, ამ ტერიტორიაზე თავის ჯარები კანონიერად შეიყვანა, მაგრამ შემდგომში მოღალატე ბოლშევიკმა ქართველებმა ეს მიწა-წყალი დიდსულოვნად დაუთმეს სომხებს. ეს მიწები იყო ისტორიული ქართული პროვინციის _ გუგარეთის სამხრეთი ნაწილი, ქართლის მოწინავე სადროშო. ლორეს ციხე იყო საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია, აქ არის ქართული ხუროთმოძღვრების ბრწყინვალე ძეგლები: ახტალის, ქობულის მონასტრები, აქორის გუმბათოვანი ტაძარი. სომხები ამ ტერიტორიას `ვრაცებ~-ის ანუ ქართველების ველს უწოდებდნენ.
მოულოდნელი იძულებითი გადასახლება შუა აზიაში
ჯავახეთის მოსახლეობის დემოგრაფიული სურათის სომხების სასარგებლოდ ხელოვნურად შეცვლას კიდევ ერთხელ ხელი შეუწყო სამცხე-ჯავახეთის მკვიდრი გამაჰმადიანებული ქართული მოსახლეობის მიმართ 1944 წლის 15 ნოემბერს ჩადენილმა ენით აუწერელმა სისატიკემ, როდესაც ერთ ღამეში დაცლილი იქნა მესხეთის და ჯავახეთის 220 სოფელი და 330 ათასი ადამიანი გაყრილ იქნა შუა აზიის რესპუბლიკათა ტრამალებში. მათი უმრავლესობა გზაში დაიღუპა.
გადარჩენილი 68 000 ადამიანის (მათ შორის ჯავახეთიდან გადასახლებული: სულაძეების, ვარძელაშვილების, ყარღალაძეების, ხარშილაძეების, გოგალაძეების, გვრიტიშვილების, აბაშიძეების, ავალიშვილების და სხვ.) შთამომავალნი კი დღესაც ელიან წინაპართა სამშობლოში დაბრუნების ნებართვას. მათი დაბრუნების აღკვეთის საბაბით, მაშინდელმა `კა-გე-ბემ~ თითქმის მთელი მესხეთ-ჯავახეთი სასაზღვრო ზონად გამოაცხადა და გადაკეტა. დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის შესვლა ამ ტერიტორიზე მხოლოდ სპეციალური საშვებითა და ნებართვით იყო შესაძლებელი. წლების განმავლობაში ამ გარემოებამ ჯავახეთისადმი ქართველების თანდათან გაუცხოება გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ადგილობრივი ქართველი მოსახლების ქვეყნის შიდა რეგიონებში ინტენსიურ მიგრაციას.
დღევანდელი ჯავახები
ჯავახეთიდან მტრის მოძალების გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადახვეწილი ქართველების არსებობა ასახულია რიგი გეოგრაფიული დასახელებების და გვარსახელების შინაარსში. იმერეთში, სამტრედიის რაიონში გვაქვს სოფელი `საჯავახო~, გორის რაიონში სოფელი `ხიზა~ (ნასოფლარი ხიზაბავრის ტერიტორიაზე), სოფელი `ჯავახი~ თიანეთში, დმანისის რაიონის 8 წმინდა ქართული სოფლის (განთიადი, ჯავახი, პატარა დმანისი, დიდ გომარეთი, პატარა გომარეთი, ახა, მამულო და ქართული კაკლიანი) მოსახლეობა უმეტესწილად ჯავახეთიდან გადმოსული წინაპრების შთამომავლებია.
ბლომადაა ისეთი გვარები, რომელთა ჯავახური წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს, მაგალითად, მურჯიკნელი (ნასოფლარი მურჯიკანი), გოკიელი (გოკიო), კორხელი (კორხი), განძელი (განძანი), ვარძიელი (ვარძია), ავაზნელი (ნასოფლარი ავაზნა), ხიზამბარელი (ხიზაბავრა). გვაქვს გვარები `ჯავახ~ ფუძის შემცველობით, რომელნიც გამორიცხული არაა ჯავახეთიდან მოდიოდეს. მაგალითად, ჯავახაძე, ჯავახიძე, ჯავახია, ჯავახიშვილი და სხვა.
დღეისათვის, ჯავახეთის დაახლოებით 390 სოფლიდან, 280 ნასოფლარადაა ქცეული, ხოლო დასახლებული 110 სოფლიდან, მხოლოდ 30-შიღა სახლობენ ქართველები (ბევრ მათგანში, სომხებთან ერთად). დანარჩენი სოფლები მთლიანად სომხებით და მცირედით დუხობორებითაა დასახლებული.
სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ჯავახეთი არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. `...ეს ტერიტორია არის საქართველო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ქართველი ერის მიწაწყალი, სადაც მას უწარმოებია თავისი ისტორია, და რომლის ყოველი მიდამო მოფენილია ქართული მრავალფეროვანი კულტურის მონუმენტებით. ააქ არ არის მითვლილი არც ერთი გოჯი მიწა, რომელიც დაპყრობით ან სხვა რაიმე გზით ყოფილიყო შემოერთებული... აქ შემოფარგლულია მარტოოდენ ძირეული ქართული ქვეყნები~. (პ. ინგოროყვა `საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ~. თბილისი. სარანგი, 1990 წ.).
ჯავახეთი უხსოვარი დროიდან ჯავახების საცხოვრებელი, სამყოფი კუთხეა, ჯავახი კი ისტორიულადაც (ზაბახი) და ამჟამადაც არის თავისი კუთხის _ ჯავახეთის მაცხოვრებელი ქართველი, ისე როგორც მესხი, გურული, მეგრელი, კახელი, იმერელი, სვანი და ა.შ.,
გამორჩეული თავისი ისტორიით, კუთხური დიალექტით, ხასიათით (ჯავახი ქართველებში სიჯიუტის სინონიმად ითვლებოდა, _ `რას მეჯავახები~ ანუ რას მეჯიუტებიო. ქვემო ჯავახეთის მცხოვრებნი, ზემო ჯავახეთელებს ნამეტანი სიჯიუტის გამო `მწარე ჯავახებსაც~ უწოდებენ), ყოფითი კულტურით, გულუბრყვილობით და საკუთარი მიწა-წყლის ერთგულების გამო, გასაოცარი ჭირთათმენის უნარით.
მკვიდრი ჯავახები დღესაც მეტყველებენ განსხვავებულ ქართულ დიალექტზე, რომელიც, ბუნებრივია, ყველაზე უფრო ახლოსაა მესხურთან, მაგრამ მაშინ, როცა მესხური თავისი ბუნებით ნახევრად დასავლური და ნახევრად აღმოსავლური დიალექტია, ჯავახური აღმოსავლურ დიალექტად ითვლება, რომელსაც თანხვედრა აქვს დასავლურ (პირველ რიგში აჭარულ) დიალექტთან. `...ჯავახური და მესხური, თავიანთი ფონეტიკური პროცესების, აღნაგობის, მორფოლოგიური და სინტაქსური აგებულების მიხედვით დიალექტებია, რომლებიც იმერხეულთან (ასევე ზემო აჭარულთან) ერთად შედიან ზემო-ქართლურში. ზემო ქართლური კი ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი ერთეული იყო, რომ შიდა ქართლურთან ერთად საფუძვლად დაედო IX-X-XI საუკუნეების ძველ სალიტერატურო ქართულს~. (გრ. ბერიძე. `ქართული ენის ჯავახური კილო~. თბილისი. 1988 წ.)
ბუნებაში `ჯავახქ~ და იქ მაცხოვრებელი `ჯავახქი~ არც არსებობდა და არც არსებობს! – ეს `ჯავახეთი~-ს და `ჯავახი~-ს გასაყალბებლად სომეხი პროვოკატორების მიერ მოგონილი ყალბი ტერმინებია და სულაც არ უწყობს ხელს ჯავახეთის ისტორიულად ქართულ მიწა-წყალზე ორი მოძმე ერის წარმომადგენელთა მშვიდობიან თანაცხოვრებას და მეგობრობას.
სასარგებლო ბმულები
http://ka.wikipedia.org-ჯავახეთი
http://www.nplg.gov.ge –ჯავახები
http://mapyourinfo.com
სტატიის ავტორი – კუკური მეტრეველი; თბილისი, 2010 წ.
|