საქართველოს შინაური პოლიტიკური მდგომარეობა
საქართველოს საგარეო მდგომარეობა და პოლიტიკური ვითარება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ-დასავლეთით
სპარსეთი
ოსმალეთი
რომის პაპის ცდა კონსტანტინეპოლის ოსმალთაგან განთავისუფლებისათვის
კონსიანტინეპოლის თურქთა მიერ დაპყრობის მნიშვნელობა საქართველოსათვის
პაპი პიო II-ის გეგმა ჯვაროსანთა ომის მოსაწყობად და საქართველოს პოლიტიკოსთა მონაწილეობა
საქართველოში დადებული ხელშეკრულება ოსმალთა საწინააღმდეგო ჯვაროსანთა ომის მოსაწყობად და მისი მონაწილენი
მოკავშირეთა სიები
მოკავშირეთა დამახინჯებული სახელების აღდგენა-შესწორება
ქართველ პოლიტიკოსთა ოსმალთა საწინააღმდეგო ფართო გეგმა
ქართველ მოკავშირე მეფე-მთავრობისაგან ამ საქმისათვის გამომეტებული სამხედრო ძალის რაოდენობა
ქართველთა მაჰმადიანი მოკავშირეები ოსმალთა წინააღმდეგ
ქართველ პოლიტიკოსთა მიერ სამოქმედო გეგმის გაფართოება
საქართველოს მეფე–მთავართა და მათ მოკავშირეთა მოციქულების დასავლეთ ევროპაში გაგზავნა
გეგმის ჩაშლა და ოცნების გაცრუება
ქართველთა და მოკავშირეების მოციქულთა ამაო ხვეწნა-ვედრება ევროპაში
შინაური ბრძოლის განახლება საქართველოში
სასარგებლო ბმულები
საქართველოს შინაური პოლიტიკური მდგომარეობა
XV საუკუნის სამოციან წლებში საქართველოს პოლიტიკური და გიორგი მეფის უფლებრივი მდგომარეობა და სხვებთან დამოკიდებულება თვით გიორგი მეფისა და ყუარყუარე ათაბაგის მიერ დასავლეთ ევროპაში 1459 წელს გაგზავნილი ეპისტოლეებითგან ასე გვეხატება: ქართველთა ათაბაგს ყუარყუარეს თავისი თავი იმდენად დამოუკიდებლად მიაჩნდა, რომ ევროპაში თავის საკუთარ დესპანს ჰგზავნიდა და უცხოეთთან გიორგი მეფისაგან დამოუკიდებელი დიპლომატიური ურთიერთობა და მიწერ-მოწერა ჰქონდა. რასაკვირველია, მას ჯარიც საკუთარი ჰყავდა. ის ცნობილი იყო უცხოეთში და ძლიერი მთავრის სახელი ჰქონდა მოპოვებული. გიორგი მეფე მას მოკავშირედ იხსენიებს. ბედიანიც ცალკე ერთეულის მთავრად ითვლებოდა. იგი სამეგრელოს და აფხაზეთის მფლობელი იყო და იმდენად ფართო უფლებით ყოფილა მოსილი, რომ მეფედაც კი იწოდება. ჯარიც საკუთარი ჰყოლია და მართვა-გამგეობაც თავისი ექმნებოდა. მაგრამ ბედიანის დამოუკიდებლობა მაინც ისე არ აშორებდა მას საქართველოს მეფისაგან, როგორც ათაბაგს. დასავლეთ ევროპაში დესპანების გაგზავნის დროს სამეგრელო-აფხაზეთის მთავარს თავისი განსაკუთრებული წარმომადგენელი არ გაუგზავნია და ალბათ საქართველოს მეფის დესპანი იყო საერთო წარმომადგენელი. მოკავშირეთა შორის გურიაც იხსენიება თავისი საკუთარი ჯარით. ეს გარემოება ცხადჰყოფს, რომ ამ დროს გურიაც უკვე საკმაოდ ცალკე პოლიტიკურს ერთეულს შეადგენდა და საქართველოს მეფეს უშუალოდ აღარ ემორჩილებოდა.
თუ ზემოაღნიშნულ ვითარებას გავითვალისწინებთ, მაშინ ცხადი იქნება, რომ თუმცა გიორგი მეფე თავის თავს ლიხთ-ამერისა და ლიხთ-იმერის საქართველოს გამაერთიანებლად და ორისავე ტახტის მპყრობელადა სთვლიდა, მაგრამ ნამდვილად არც სამეგრელოა-აფხაზეთი, არც გურია და არც სამცხე-საათაბაგო უკვე პირდაპირ მას აღარ ემორჩილებოდნენ.
მაშასადამე, მისი სამეფო მხოლოდ-ღა იმერეთს, ქართლსა და ქიზიყ-კახეთს შეიცავდა. ამგვარად, აშკარა ხდება, რომ შავ ზღვას გიორგი მეფის საბრძანებელი უკვე ჩამოშორებული ყოფილა. თავი წამოყვეს საქართველოს ყმად ნაფიცმა მეზობლებმაც: ”უკუდგნენ შირვანელნი და არღარა მოსცნეს ხარკნი. ამისთვის შეიკრიბნა (გიორგი) მეფემან სპანი და შევიდა ყაბალას, წარავლინნა სპანი და მოსრნა ურჩნი და დაამშვიდნა სხვანი, შეჰკვეთნა ხარკნი და მოვიდა თავისად”-ო. თუმცა ამის მსგავსი ცნობა სხვაგან არსადა გვხვდება, მაგრამ მაინც ცხადია ჩვენს მეცნიერ ისტორიკოსს ეს ამბავი რომელიღაც წყაროთგან უნდა ჰქონდეს ამოღებული. ამას ის გარემოებაც ცხადჰყოფს, რომ ვახუშტს ამ ცნობის შესახებ შენიშვნაში ნათქვამი აქვს: ”აქა ჩანს ისევ ერთი მეფობა იყო და არა სამი, რამეთუ ყაბალის გზა კახეთი არს, ვითა აჩენს გაყრის წიგნი ბარათიანთა”-ო. მაშასადამე, თვით სახელოვანი ისტორიკოსი ზემომოყვანილ ცნობას ისე უყურებს, როგორც წყაროს, რომლითაც ამათუ იმ ისტორიული საკითხის გამორკვევა შეიძლებოდა.
საქართველოს საგარეო მდგომარეობა და პოლიტიკური ვითარება საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ-დასავლეთით
სპარსეთი
ჯეჰან-შაჰის გაძლიერებას საზღვარი თეთრბატკნიანთა ტომის მთავრის ყარა-ჲელეკის შვილის-შვილმა უზუნ-ჰასანმა (ე. ი. გრძელმა ჰასანმა) დაუდვა, რომელმაც უკვე 1449 წელს თავისი მეტომენი შეიერთა და გაძლიერება დაიწყო. 1451 და 1457 წლებში შავბატკნიანთა სამფლობელოს შეესია. ამის გამოვე ჯეჰან-შაჰი იძულებული შეიქმნა ხვარასნის წინააღმდეგ ლაშქრობა შეეწყვიტა. ერთი სიტყვით, სპარსეთის მიწა-წყალზე პოლიტიკური შეჯგუფება დაიწყო და სპარსეთის უდიდესი ნაწილის სათავეში ისეთი ძლიერი ნებისყოფისა, გამბედაობისა და შორსმჭვრეტელობის პატრონი ადამიანი მოექცა, როგორიც უზუნ-ჰასანი იყო. ასეთს პირობებში საქართველო ფრთხილად უნდა ყოფილიყო და გამაგრება-გაძლიერებაზე ეფიქრა.
ოსმალეთი
დასავლეთით სპარსეთის ამბებზე გაცილებით უფრო დიდმნიშვნელოვანი ამბები დიდი სიწრაფით ერთიმეორეს მისდევდა. თუმცა გასაოცარია, მაგრამ იმდროინდელ ქართულ კინკლოსებს თუ დავაკვირდებით, ისეთს შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ქართველებს ყველა ეს ამბები გამოჰპარვოდეთ, თითქოს შინაური ბრძოლითა და ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტით გართულნი, ისინი ვერც კი ამჩნევდნენ, როგორ შეიქმნა მათ მახლობლად ახალი, დიდი და ძლიერი ოსმალეთის სახელმწიფო, რომელმაც შეუჩერებელი ძლევამოსილობით დედამიწის ზურგითგან აღდგა ოდესღაც ბრწყინვალე მბრძანებელი ბიზანტია.
მაშინდელი საქართველო, როგორც ეტყობა, ჯერ კარგად ვერ გრძნობდა მთელ იმ საშიშროებას, რომელსაც ეს ახლად აღორძინებული სახელმწიფო უქადდა, და უდარდელად განაგგრძობდა თავის შინაარს, დამაუძლურებელს ბრძოლას. შეუდრეკელი ნებისყოფით აღჭურვილი ოსმალეთი კი თანდათანობით აფართოებდა თავისიახალი სამფლობელოს საზღვრებს და ბოლოს თვით ბიზანტიის დიდებული სატახტო ქალაქის ბატონ-პატრონადაც იქცა.
რომის პაპის ცდა კონსტანტინეპოლის ოსმალთაგან განთავისუფლებისათვის
ეხლა, როდესაც ბიზანტიის სახელოვანი დედაქალაქი ოსმალებს ეკუთვნოდათ და თვით სახელმწიფოც აღარ არსებობდა, პაპმა ნიკოლოზ V-ემ თავისი შეცდომა კარგად შეიგნო და მხურვალე მოწოდებით მიჰმართა დასავლეთი ევროპის ქრისტიანებს ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის მოსაწყობად, რომ საბერძნეთი და კონსტანტინეპოლი ”ურჯულოთა” ხელისაგან განეთავისუფლებინათ. მაგრამ ამ დროს აღარც რომის პაპს ჰქონდა წინანდელი გავლენა, რომ მის სიტყვას ძლიერად ემოქმედა და რეალური შედეგები მოჰყოლოდა, და აღარც დრო და მაშინდელი სულიერი განწყობილება, არც ეკნომიური პირობები ძველებურ ჯვაროსანთა ომის მოწყობას ხელს აღარ უწყობდნენ. ამიტომ პაპი ნიკოლოზ V-ის ყოველივე ცდა ამაო გამოდგა. ამგვარადვე უნაყოფო იყო მისი მოადგილის კალიქსტი III-ის წადილი და სამზადისი მებრძოლთა შესაგროვებლად: ის, რის შემოკრებაც მან მოახერხა, იმდენად მცირე რამ იყო, რომ თვით აღტაცებულს ადამიანსაც კი ვერ შეაცდენდა და ვერ დააკმაყოფილებდა.
კონსიანტინეპოლის თურქთა მიერ დაპყრობის მნიშვნელობა საქართველოსათვის
თუ კონსტანტინეპოლის ოსმალთა მიერ აღებამ ასე შეაწუხა პაპი და დასავლეთი ევროპის შორსგამჭვრეტელი პოლიტკური წრეები, ადვილი წარმოსადგენია რა შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა ამ ამბავს საქართველოში, რომელიც ბიზანტიასთან სულიერ-სარწმუნოებრივადაც უმჭიდროესად იყო დაკავშირებული და კონსტანტინე კეისრის მიერ გიორგი მეფის ასულის საცოლოდ დანიშვნის შემდგომ ხომ უფრო დაუახლოვდა საბეკრძნეთის მმართველთა წრეს. ამიტომაც კონსტანტინეპოლის თურქთა მიერ დაპყრობა საქართველოსათვის მარტო პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით კი არ იყო სავალალო, არამედ მისი სამეფო სახლობისათვისაც ეს ამბავი პირადი უბედურებისა და მწუხარების მომასწავებელი იყო, რათგან გიორგი მეფეს და მის ასულს ამავე დროს ბრწყინვალე სასიძოსი და საქმროს სიკვდილი უნდა ეგლოვათ. ამ პირადი და ოჯახური გარემოების გარდა, ბიზანტიის მოსპობა და ოსმალთა გაბატონება კონსტანტინეპოლში საქართველოს დასავლეთისაკენ მიმავალს მთავარ და უმოკლეს გზას უკრავდა და მაჰმადიანთა ძლიერი საბრძანებლის რკალს არტყამდა. თავისუფალი კულტურულ-პოლიტიკური კავშირის შესაძლებლობა ახლად გამოღვიძებულ დასავლეთთან მას ამიერითგან მოსპობილი ჰქონდა. ამიტომ სწორედ განმაცვიფრებელია, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში კონსტანტინეპოლის აღების შესახებ ასეთი მცირე და მხოლოდ მშრალი მატიანისებური ცნობები მოიპოვება.
პაპი პიო II-ის გეგმა ჯვაროსანთა ომის მოსაწყობად და საქართველოს პოლიტიკოსთა მონაწილეობა
წინამოსაყდრე პაპთა გეგმის დამსხვრევისდა მიუხედავად პაპს პიო II-ეს ჯვაროსანთა ომის მოსაწყობად უფრო ფართო და რთული გეგმა შეუმუშავებია. მას მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის საქრისტიანო ქვეყნების ამოძრავება განუზრახავს და შეუგნია, რომ კონსტანტინეპოლის დასაბრუნებლად თურქების მთელი ძლიერების დამხობა იყო საჭირო, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მოსახერხებელი, თუ ოსმალებს მცირე აზიაშიაც ნიადაგი ფეხებითგან გამოეცლებოდათ. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებლად საჭირო იყო ევროპის ჯვაროსნების ოსმალთა საწინააღმდეგოდ ამხედრებას მცირე აზიაში მყოფი ქრისტიანებიც მიმხრობოდნენ. ამ საქმის მოსაწყობად პაპს მინორიტების მოწესეთაგან ლუდოვიკო ბოლონიელი გამოუგზავნია მახლობელ აზიაში. ის საქართველოშიაც მოსულა და აქ უამბია, რომ რომის პაპი მანტუაში წაბრძანდა საეკლესიო კრების მოსახდენად და თურქთა ხელმწიფის მუჰამედის წინააღმდეგ ომის მოსაწყობად. ლუდოვიკო ბოლონიელს ამასთანავე უთქვამს, რომ რომის ეკლესიის საჭეთ-მპყრობელს სურდა, რომ როცა ის ევროპაში ოსმალებს ომს აუტეხდა, ქართველ მეფე-მთავრებსაც მათთვის ჩხუბი აეტეხათ. ამ სიტყვებითგან ჩანს, რომ ამით პაპს თურქთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების შემსუბუქება სურდა, რათგან აზიაშიც ოსმალებს ჯარის დაბანდება მოუხდებოდათ და ამის გამო უნებლიეთ მთელს თავიანთ ძალას ევროპის ბრძოლის ველზე ვერ მოიშველებდნენ.
რაკი ქართველებს თითონაც თურქები მტრად ჰყავდათ გადაკიდებული და სძულდათ, ამიტომ ეს აზრი საქართველოს მმართველ წრეებს ძალიან მოსწონებიათ. მაგრამ ქართველ მეფე-მთავრებს ამ დროს ურთიერთშორის უთანხმოება და ბრძოლაც კი ჰქონდათ. ეს გარემოება, რასაკვირველია, ამ გეგმის განხორციელებას ქართველთა და აღმოსავლეთის ქრისტიანთა დახმარებას რომის პაპის ჯარის ოსმალთა საწინააღმდეგო გალაშქრებაში მეტად სათუოდ ხდიდა. ამიტომ პაპის მოციქულს გადამტერებული და ერთიერთმანეთის წინააღმდეგ ამხედრებული ქართველი მეფე-მთავრების შესარიგებლად შუამავლობა უკისრია. ის ალბათ შეარცხვენდა მათ და ეტყოდა, რომ ძმათა და ერთმორწმუნეთა შორის სისხლის ღვრის მაგიერ, რაც არც მათთვის იყო სახეირო და ღვთის წინაშეც დიდ და მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა, მათი სულისათვისაც და სახელმწიფოებრივი არსებობის უზრუნველყოფისათვისაც გაცილებით უფრო უკეთესი იყო თავიანთი ძალღონე თურქების წინააღმდეგ მოეხმარათ და გამოეყენებინათ.
საქართველოში დადებული ხელშეკრულება ოსმალთა საწინააღმდეგო ჯვაროსანთა ომის მოსაწყობად და მისი მონაწილენი
1459 წელს საქართველოს მეფე-მთავრებს შორის უკვე ზავი ჩამოგდებული იყო და ხელშეკრულებაც კი დაიდო. გორგი მეფე ამ ამბავს ბურგუნდიის მთავარს ატყობინებდა და სწორედ: ჩვენ, ყველა ქრისტიანმა მთავრებმა, რომელნიც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ურთიერთშორის ზავი, კავშირი და ერთობა დავდეთ და ერთიერთმანეთს შევფიცეთ მთელი ჩვენი ცოდნითა და ძალღონით თურქებს ვეომოთ, განსაკუთრებით იმით, რომელნიც კონსტანტინეპოლში არიან, რათგან ისინი ქრისტიანთა ყველაზე უფრო მოძულენი არიან.
ყუარყუარე ათაბაგიც 1459 წელს ახალციხეთგან იმავე ბურგუნდიის მთავარს ატყობინებდა: წინათაც ჩემი წინაპრების მსგავსად უსჯულოებს ვებრძოდი და უკანასკნელ წლებში რომ ჩემსა და სხვა ჩემ მეზობელ ქრისტიანე მთავართა შორის ომი არ ამტყდარიყო, უფრო მეტის ძლევამოსილებით ვაწარმოებდით ბრძოლას ურწმუნოთა წინააღმდეგ. ეხლა კი ლუდოვიკო ბოლონიელის ჩაგონებით ყველა ჩემ მეზობელ ქრიტიანებს ზავით შევეკარი და გადავწყვიტე მთელი ჩემი ძალ-ღონე და შეძლება თურქთა საწინააღმდეგო ბრძოლას მოვახმაროო.
მოკავშირეთა სიები
საქართველოს მეფე-მთავართა ამ კავშირის მონაწილეთა რამდენიმე სიაა შენახული. ორი ამ სიათაგანი გიორგი მეფისა და ყუარყუარე ათაბაგის წერილებშია მოყვანილი, ერთი კიდევ იმ აღწერილობაში მოიპოვება, რომელიც საქართველოთგან ევროპაში მისული ელჩების შესახები ცნობების აღნუხხვას წარმოადგენს. ამ სიებში სრული თანხმობა არ არის, მაგრამ არსებითი განსხვავება მაინც არ მოიპოვება და ყველაფერი გადამწერთა ან იქნებ ზოგან უკვე ჩამწერთა დამახინჯებით უნდა აიხსნებოდეს. დედნის აღდგენა ძნელი არ არის. გიორგი მეფე თავის 1459 წლის ეპისტოლეში მოკავშირეებად ასახელებს:
“Ego Georgius rex Persarum” – მე გიორგი მეფე პერსთა (sic, სპარსთა?)
“Bedian rex Mingreliae” – ბედიანი სამეგრელოს მეფე
“Georgora dux Georgianae” – ყურყუარე ქართველთა მთავარი
“Rabia (sic) dux Anocaciae” – რაბია (sic) ანოკაციის მთავარი.
თვით ყუარყუარე ამავე წელს დაწერილსა და ბურგუნდიის მთავრისადმი გაგზავნილს წიგნში ამ საქმის მონაწილედ სთვლის თავის თავს და შემდეგ პირებს:
“Ego Georgora dux Georgianae” – მე ყუარყუარე ქართველთვა მთავარი
“Georgius rex Persarum” – გიორგი მეფე პერსთა (სპარსთა?)
“Bendian rex Mingreliae” – მენდიან სამეგრელოს მეფე
“Rabia (sic) dux Anocasiae” – რაბია ანოკასიის მთავარი
დასასრულ, საქართველოთგან ევროპაში 1460 წელს მისულს ელჩებს განუცხადებიათ, რომ ოსმალთა საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას მიიღებდნენ:
“Bendas (sic) Mengreliac et – ბენდას (sic) სამეგრელოს და
Abasiae rex et – აფხაზეთის მეფე და
Pancratius Iberorum qui – ბაგრატი იბერთა, რომელნიც
nunc Georgiani vocantur et – აწ გიორგიანებად იწოდებიან, და
Mania (sic) marchio Goriae – მანია (=მამიას) გურიის ერისთავი
et Fabia dux Angósiae” – და ფაბია ანგოსიის მთავარი
.
მოკავშირეთა დამახინჯებული სახელების აღდგენა-შესწორება
ამ ნუსხებში მოხსენიებული გიორგის ”პერსთა” მეფის წოდებულება განგებ დავტოვე უთარგმნოთ. პირდაპირ შეუსწორებლივ რომ გადმოითარგმნოს, მაშინ ”rex Persarum” სპარსთა მეფედ უნდა გადმოგვექართულებინა, მაგრამ უკვე მარი ბროსე და შემდეგ მ. თამარაშვილი ამ გიორგის სამართლიანად საქართველოს მეფედ სთვლიდნენ და არა სპარსეთისად. აქ რომ მართლაც საქართველოს მეფეზეა ლაპარაკი და არა სპარსეთისაზე, ამას ცხადად ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ მის ელჩს ეწოდება ”Nicolaus orator Georgii Alexandri magni Regis Persarum”- ნიკოლოზი გიორგი დიდი ალექსანდრეს ”პერსთა” მეფის შვილის მოციქული. ცნობილია, რომ გიორგი მეფე მართლაც დიდი ალექსანდრე მეფის შვილი იყო, სპარსეთში კი ამგვარი სახელის მეფე არ ყოფილა. ბროსემაც მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ გიორგი სპარსთა მეფედ იწოდება და ასეთი განმარტება აქვს: გიორგი მეფე თითონაც თავის თავს უწოდებდა ”მეფე სპარსთა, დიდი სომხეთისა და მცირე იბერიისა”-ო, ხოლო იმავე დროს იმერეთში მეფე ბაგრატი ყოფილა, ბაგრატ II, რომელიც გიორგის აუჯანყდა და 1462 წელს მეფედ ეკურთხა და თავის თავს უწოდა მეფე იბერთა, ”ეხლა რომ გიორგიანებად ცნობილნი არიან”, მ. თამარაშვილიც განცვიფრებული ამბობს: ”არ ვიცით ნამდვილი მიზეზი თუ თავის თავს (გიორგი) სპარსეთის მეფედ რად უწოდებს, ხოლო ვფიქრობთ იმიტომ დაირქვა ეს სახელი, რომ ამ დროებში (sic) თუ ქუთაისის მეფემ ბაგრატმა და თუ სხვა მთავრებმა ბევრჯერ ჩამოართვეს საქართველოს ტახტი და არ ასვენებდნენ თავის სამეფოში”-ო.
უცნაური დასაბუთება და განმარტებაა: განა ვისაც თავისი სამეფო ტახტის დაცვისა და შერჩენის ძალა არ შესწავდა, თავისი თავის სხვა სახელმწიფოს მეფედ გამოცხადება შეეძლო? და ფუნდაც რომ ასეთი უცნაური სიცრუე ეკადრა, განა ამას საქართველოში ნამყოფი პაპის ელჩი არ გაამხელდა? ცხადია ამგვარი განმარტებით დაკმაყოფილება არ შეიძლება.
მაგრამ ვერც მ. ბროსეს განმარტება ჩაითვლება უცილობელ ჭეშმარიტებად, რათგან გიორგი მეფე თავის სიგელებში არას დროს თავის თავს ”სპარსთა დიდი სომხეთის და მცირე იბერიის მეფედ” არ უწოდებს, თუ ამით ბროსე საქართველოს მეფეთა ჩვეულებრივს წოდებულებებს-”მეფე... ქართველთა, სომეხთა” და სხვას არ ჰგულისხმობს. მაგრამ თვით ბაგრატიც ამგვარსავე წოდებულებას ხმარობს თავის სიგელ-გუჯრებში. ხოლო თუ ბროსეს თავისი დასკვნა ლათინურად შენახულ საბუთებზე ჰქონდა დამყარებული, მაშინ მისი განმარტება მცდარად უნდა ჩაითვალოს, რათგან ჯერ სწორედ ის უნდა დამტკიცდეს, რომ თვით საბუთები სწორად არის შენახული და ამ ადგილას იმგვარადვე, როგორც ბევრგან სხვაგანაც, ქვეყნის სახელი დამახინჯებული არ არის. პირიქით, სწორედ ის გარემოება, რომ ამ ლათინურად შენახულს საბუთებში ”ბენდასი” სწერია ”ბედიანის” მაგიერ, ”მანია” ”მამიას” მაგიერ, ამ შემთხვევაშიაც სიფრთხილეს გვიკარნახებს და გვათიქრებიებს, რომ აქაც სახელი უნდა დამახინჯებული იყოს. თუ ”მეფე სპარსთა” – ”rex Persarum” თივთ თავდაპირველს დედანშიაც მართლა ეწერა, მაშინ ერთადერთ შესაძლებელ განმარტებად შეიძლება მხოლოდ ის მოსაზრება იყოს მოყვანილი, რომ საქართველოს მეფის წოდებულება იქნება იქ სრულად იყო მოყვანილი და მეფე ”სპარსთა” ქართველი ტექსტის შაჰან-შაჰს უდრის. მაგრამ თუ ამ განმარტებით დავკმაყოფილდებით, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ მერმინდელ გადამწერთაგან დაუდევრობით ყველა საბუთებში სამეფო წოდებულების უმეტესი ნაწილი, ამ ”მეფე სპარსთას” გარდა, გამოტოვებულ იქმნა, ის გარემოება, რომ ყველა საბუთებში ერთნაირად არის დაწერილი, ამ განმარტებას ცოტა არ იყოს საეჭვოდა ჰხდის. ხოლო თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ მეფე ”სპარსთა” მერმინდელი გადამწერის შეცდომაა და არა თავდაპირველი დედნის კუთვნილება, მაშინ ”rex Persarum” შესაძლებელია დამახინჯებულიყოს ”rex Abasgarum” ან ”Abasarum” - ისაგან, ესე იგი დედანში ”აფხაზთა მეფე” წერებულიყოს. ხოლო რათგან საშუალო საუკუნეების რომაელ გადამწერთათვის ეს სახელი სრულებით უცნობი იყო, სპარსთა სახელი კი ყველამ იცოდა, ამიტომ გადამწერთ დედნის სიტყვის მაგიერ ტექსტში შეიტანეს rex Persarum, რამაც საბუთის აზრი თუმცა სრულებით დაამახინჯა, მაგრამ ხალხის სახელი მაინც ყველასათვის გასაგები გახადა.
რომაელ მისიონერთა ცნობებში ქართველთა მეფისა სამეგრელოს მთავრის გარდა თავდაპირველად, ზოგჯერ მაინც, სხვა მეფეც ყოფილა მოხსენებული. 1458 წელს პაპის ერთ წერილში ნათქვამია:
რომელთა შორის ითვლებიან...
Inter quos sunt... Catholicon – ქართლისა კათოლიკოზი,
Georgianis, rex persarum, – მეფე, “პერსთა” (?) მეფე საქართველოსი,
rex Georgianiae, rex Men-, – მეფე სამეგრელოსი,
greliae imperator Trapezuntinus: – ტრაპიზონის ხელმწიფე.
ამ ლათინურს დედანში “Catholicon Geogianis” “ქართლისა კათალიკოსს” უდრის Rex Georgianae - “ქართუელთა მეფეს”, ხოლო რაკი ”rex persarum” ქართლის კათალიკოსსა და ქართველთა მეფეს შუაა მოქცეული და ცხადია აზრით ქრისტიანს მეფეს ეხება და არა მაჰმადიანს, სპარსეთის შაჰს, ამიტომ საფიქრებელია აქაც თავდაპირველად აფხაზთა მეფე იქნებოდა მოხსენებული და შემდეგში უნდა დაემახინჯებინათ და სპარსთა მეფედ ექციათ. მაგრამ ეს ცნობა და სია მაინც დამაფიქრებელია.
სამეგრელოს მთავრის ანუ, როგორც იქ არის ნათქვამი, “მეფის” სახელის აღდგენა ადვილია, რათგან პირველს ცნობაში სწორად სწერია და რასაკვირველია, ბედიანი იქნებოდა, როგორც სამეგრელოს მთავრები ქართულ წყაროებშიაც ცნობილი არიან.
გორგორა (Gorgora dux Georgianiae) უდრის ყუარყუარეს, რომელიც მის დროინდელ ქართულ საისტორიო წყაროებში ასე იწოდება: “საქართველოჲსა ათაბაგი, სამცხისა სპასალარი ჯაყელ–ციხისჯვარელი... პატრონი ყუარყუარე”. თუ ლათინურს გამონათქვამს ქართულ ზემომოყვანილ ცნობას შევადარებთ, ცხადი იქნება, რომ dux Georgianiae სწორედ ამ ქართული წოდებულების “საქართველოს ათაბაგის” თარგმანს წარმოადგენს.
“მანია” (Mania Marchio Goriae), როგორც თამარაშვილმაც შეასწორა, რასაკვირველია, მამია უნდა იყოს, ხოლო მარკიზი ალბათ ერისთავს უდრის. მაშასადამე, სრულად იქმნება “მამია გურიის ერისთავი”.
ძნელი შესასწორებელია მხოლოდ უკანასკნელ სტრიქონში მოქცეული ცნობა Rabia (ან Fabia) dux Anocaciae (Anocasiae, Angosiae) თუ აქ dux მთავარს ან ერისთავს უდრის, გეოგრაფიულ სახელად შეიძლება Anacopiae ყოფილიყო თავდაპირველს დედანში, ე. ი. ანაკოფიის ერისთავი. თვით ამ პირის საკუთარი სახელი კი როგორ უნდა შესწორდეს, ძნელი სათქმელია.
ქართველ პოლიტიკოსთა ოსმალთა საწინააღმდეგო ფართო გეგმა
რაკი საქართველოს მეფე-მთავრებისათვის ოსმალთა საშიშროება არც განყენებული აზროვნების მოჩვენება ყოფილა, არც შორეული განსაცდელის წინაგანჭვრეტილობა, არამედ მშობლიური ცხოვრების სინამდვილე, ამიტომ ისინი მხურვალე გულით და აღფრთოვანებით შეუდგნენ ამ საქმეს. თუ რომის პაპი ფიქრობდა, რომ ქართველებსა და მათ მოკავშირეებს მხოლოდ უნდა შეემსუბუქებინათ ევროპის ჯვაროსანთათვის ოსმალთა წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება კონსტანტინეპოლის განსათავისუფლებლად განზრახული, რომ ოსმალეთს თავისი მხრით უფრო ადვილად შეჰსეოდნენ, ქართველებმა უფრო ფართო და გაბედული მიზანი დაისახეს. ქართველ მეფე-მთავრებს უნდოდათ საქმე ისე მოეწყოთ, რომ ოსმალთა სრული დამარცხება, საბოლოვო განადგურება და თვით სახსენებლის მოსპობაც კი შესაძლებელი გამხდარიყო. ამისათვის ქართველებს ოსმალთა წინააღმდეგ ერთდროული თანხმობრივი მოქმედების მოწყობა მიაჩნდათ საჭიროდ ისე, რომ ოსმალეთისათვის ორთავე მხრით შეეტიათ და სამხედრო მოქმედება ეწარმოებინათ. ოსმალთა მცირე აზიის სამფლობელოში, ანატოლიაში, ქართველები უნა შეჭრილიყვნენ თავიანთი მოკავშირეებითურთ, დანარჩენს კი, საბერძნეთისა და შავი ზღვის ნაწილს, ქართველი პოლიტიკოსები დასავლეთი ევროპის ჯვაროსან ქრიტიანებს უტოვებდნენ სამოქმედო ასპარეზად. ამგვარად შემუშავებული სამხედრო გეგმის განხორციელება ქართველებს სრულს იმედს აძლევდა, ვითომც ერთს ზაფხულში მთელს ანატოლიასა და მცირე აზიაში მყოფ სამფლობელოს ოსმალთა ხელითგან გამოგლეჯას შესძლებდნენ, და რაკი ოსმალეთზე ამასთანავე ორთავე მხრითგან იქნებოდა იერიში მიტანილი, ორ ჯარს შუა მოქცეული წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად შესძლებს, მალე დამარცხდება და თვით მათ სახსენებელსაც კი მოვსპობთ დედამიწის ზურგზეო.
ქართველ მოკავშირე მეფე-მთავრობისაგან ამ საქმისათვის გამომეტებული სამხედრო ძალის რაოდენობა
ოსმალთა წინააღმდეგ გალაშქრების გეგმა რომ შეემუშავებიათ და ურთიერთშორის პირობა დაუდვიათ, ქართველ მეფე-მთავრებს ისიც გამოურკვევიათ, თუ თითოეული მათგანი რა მონაწილეობას მიიღებდა ამ საქმეში. გიორგი მეფეს აღუთქვამს, რომ ამ ომში პირადადაც მონაწილეობას მიიღებდა და 40000 მეომარსაც გამოიყვანდა. ყუარყუარე ათაბაგსაც განუცხადებია, რომ ისიც პირადად გამოვიდოდა 20000 ცხენოსან ჯარითურთ. სამეგრელოს მთავარი მთელი თავისი მებრძოლი ძალის გამოყვანას შეჰპირებია. ანაკოფიის (?) ერისთავიც ძმებითა, აზნაურებითა და მთელი თავისი ძალით მონაწილეობას ჰკისრულობდა.
ამ ორ მთავარს თავისი მებრძოლი ძალ-ღონის ზედმიწევნით განსაზღვრა არ მოუსურვებია, მაგრამ დაახლოებით და სავარაუდოდ ქართველებს ნაანგარიშევი ჰქონიათ. მთელ თავის მებრძოლთა რიცხვს, სამხედრო ძალას, როგორც საკუთარს, ისევე ალბათ ქრისტიანე მოკავშირეებისასაც, ქართველი პოლიტიკოსები 120000 ჯარისკაცად ანგარიშობდნენ. ხოლო ქვემომოყვანილი ცნობითგან ჩანს, რომ ორს არა ქართველს ქრისტიანე მოკავშირეს ამ საქმისათვის სულ 50000 მებრძოლი უნდა გამოეყვანა, მაშასადამე, ქართველი ჯარის–კაცების რიცხვი სულ 70000 უნდა ყოფილიყო. ზემომოყვანილთაგან ცხადია, რომ მარტო გიორგი მეფისა და ყუარყუარე ათაბაგის საომარი ძალა 60000 მოლაშქრეს შეიცავდა და ეს გარემოება უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სამეგრელო-აფხაზეთის მთავართა ჯარი სავარაუდოდ 10000-ად ყოფილა ნაანგარიშევი. თუ ჩვენ მარტო იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რომ ისეთს ძლიერსა და დიდ საბრძანებელის პატრონს, როგორიც სამცხე-საათაბაგოს მფლობელი ყუარყუარე იყო, 20000 ჯარისკაცზე მტრის გამოყვანა ვერ აღუთქვამს, მეომართა ზემომოყვანილი რაოდენობა სამეგრელო-აფხაზეთისათვის მცირე არ გვეჩვენება.
ქართველთა მაჰმადიანი მოკავშირეები ოსმალთა წინააღმდეგ
თუმცა სახელები დამახინჯებულია, მაგრამ მათი აღდგენა შეიძლება: Assambech უდრის დედნის ჰასანბეგს, ე. ი. უზუნ-ჰასანად ცნობილის სპარსეთის მეფეს.”Filius Caraluci Aliembech”-ის შესახებ უნდა ითქვას, რომ ყარაჲლუკის ერთს შვილს მართლაც ალიბეგი ერქვა. იქნებ ეს ალიბეგი იგულისხმება, მაგრამ ის ხომ უზუნ-ჰასანის მამა იყო? Caramanum ან Caramanis ყარამანად აქ ალბათ ლიკაონის მმართველთა ყარამანის საგვარეულოს იბრაჰიaმბეგის შვილი ყარამანი იგულისხმება.
უზან-ჰასანი მართლაც ოსმალთა დაუძინებელი მტერი იყო და ამიტომაც არის, რომ ვენეტიკის რესპუბლიკის მმართველი წრეებიცა და რომის პაპიც მასთან შეთანხმებასა და დაკავშირებაზე ყოველთვის ოცნებობდნენ. ამიტომვეა, რომ ქართველებმა თავიანთი სამხედრო გეგმის მონაწილე და მოკავშირედ გახადეს ანუ, როგორც საბუთში ნათქვამია, “კონფედერაციის წევრად” შემოიყვანეს (Habemus etiam nobiscum in nostra cofederatione). მის მომხრეობას ქართველთათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ თითონ ზურგი მაგარი ექნებოდათ და იმ დროს, როდესაც ოსმალთა წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, სპარსთა თავდასხმისაგან უზრუნველყოფილი იქნებოდნენ. მაგრამ ამის გარდა იმიტომაც, რაკი უზუნ-ჰასანისა და ოსმალთა სამფლობელოები მომიჯნავენი იყვნენ, და უზან –ჰასანის დახმარება, რასაკვირველია, მით უფრო ძვირფასი იყო, რომ ოსმალეთში შესასევად გზის დანებებასაც დაჰპირებია და თითონაც პირადად მთელი სამხედრო ძალით ქართველებთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება უკისრია. იმ მტრობის გარდა, რომელიც მას მოძმე ერთმორწმუნე ოსმალთა მოწინააღმდეგედა და ქრისტიან ქართველთა თანამოლაშქრედ ხდიდა, მას გამორჩენის იმედიც ამოძრავებდა და აგულიანებდა.
უზუნ–ჰასანს ქ. ბურსის დასაკუთრება და შემოერთება სურდა (in prmis caper civitatem Bursiae ut possideat pro se). ამ წადილს განხორციელება რომ ჰღირსებოდა, ოსმალეთი მართლაც უნდა საბოლოოდ დამხობილიყო. რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო ეს წადილი, ის გარემოებაც ცხადჰყოფს რომ მას ქართველი მეფე-მთავრებისათვის პირობის წერილი მიუცია, რომ ის მარად ქრისტიანთა უუმეგობრესი გრძნობით იქნებოდა განმსჭვალული.
ქართველ პოლიტიკოსთა მიერ სამოქმედო გეგმის გაფართოება
მაგრამ ქართველი მეფე-მთავრები არც ამით დაკმაყოფილებულან, მათ უკვე ამაზე უფრო ფართო და მიმზიდველი მიზანი ესახებოდათ: იერუსალიმის “უსჯულოთა” ხელითგან გამოგლეჯა და განთავისუფლება. ამის თაობაზედაც ჰქონიათ მათ უზუნ-ჰასანთან მოლაპარაკება და სიტყვა ჩამოურთმევიათ, რომ მოვალე იყო, თუკი დასავლეთი ევროპის ქრისტიანები იერუსალიმის ასაღებად გამოილაშქრებდნენ, მთელი თავისი ძალღონით შეძლებისამებრ მიჰშველებოდა.
საქართველოს მეფე–მთავართა და მათ მოკავშირეთა მოციქულების დასავლეთ ევროპაში გაგზავნა
ქართველი მეფე-მთავრები და მათი მოკავშირენი ისე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ოსმალთა წინააღმდეგ დასავლეთ-აღმოსავლეთის ქრისტეანეთა შეერთებული და თანხმობრივი სამხედრო მოქმედება მოეწყობოდა, რომ დასავლეთში თავიანთი დესპანები გაისტუმრეს ეპისტოლეებითა და სიტყვიერი დავალებით დატვირთულნი. ქართველები მოუთმენლივ ეკითხებოდნენ დასავლეთის ქრისტიანებს, გვაცნობეთ მზადა ხართ თუ არა საომრად, რომ ჩვენც დანამდვილებით ვიცოდეთ, რა დროისათვის ავისხათ იარაღი და საბრძოლველად წამოვიდეთო.
ლუდოვიკო ბოლონიელის წინამძღოლობით საქართველოს დესპანები ნიკოლოზ ტფილელი და “ქასადან ყარჩიხან” (თუ ყორჩიხან) სამეგრელოს გზით და მდინარე დანუბით ჯერ უნგრეთში მივიდნენ, შემდეგ გერმანიაშიც ფრიდრიკო იმპერატორს საქართველოს მეფე-მთავრების სალამი მოახსენეს. მერმე ელჩები ვენეტიკს მივიდნენ, რომლის სენატმა დესპანები დიდის პატივისცემით მიიღო. 1460 წელს მათ რომს მიაღწიეს. იქ მათ ვითარცა მეფეთა ელჩებს დიდის ამბით სასულიერო დასნი დაუხვდნენ ეკისკოპოსითურთ, სადგომად სამთავრო სასახლე მიუჩინეს და ხუთივე ელჩი – გიორგი მეფისა - ნიკოლოზ ტფილელი, ყუარყუარესი – ქასადანი, დავით ტრაპიზონელი კეისრისა- მიხეილი, მცირე სომხეთის მთავრისა – მორალო და უზუნ-ჰასანისა – მაჰმედ, მთავრობის ხარჯით შეინახეს.
საქართველოთგან ჩასულმა ელჩებმა პაპს პიო II-ეს თავიანთ ბატონების გიორგი მეფისა და ყუარყუარე ათაბაგის ეპისტოლეებიც მიართვეს და საქმის მთელი ვითარებაც პირადად მოახსენეს: უამბეს რაოდენი სიხარული და აღფრთოვანება გამოიწვია რომის პაპის წინადადებამ, რომ მათაც კონსტანტინეპოლის ოსმალთგან განთავისუფლებაში დასავლეთის ჯვაროსანთათვის დახმარება გაეწიათ.
გეგმის ჩაშლა და ოცნების გაცრუება
პაპი უეჭველია შეამჩნევდა, რომ გარკვეული და ვიწროდ შემოფარგლული მიზნის მაგიერ, რომელიც რომში იყო შემუშავებული, საქართველოში მეტად დიდი და ფართო სამოქმედო გეგმა შეითხზა. მაგრამ მწარე გამოცდილებამ რომის ეკლესიის საჭეთ-მპყრობელი დაარწმუნა, რომ არამც თუ უსაზღვროდ ვრცელი გეგმა, მისი და მის მოადგილეთა მიზანიც კი მიუღწეველი და განუხორციელებელი იყო. მას არ შეეძლო საქართველოთგან ჩამოსული ელჩებისთვის დაემალა, რომ მისი ყოველივე ცდა უნაყოფო გამოდგა და დასავლეთის ქრისტიან მთავრებს პაპის ქადაგება კონსტანტინეპოლის განსათავისუფლებლად ჯვაროსნული ომის მოწყობის საჭიროების შესახებ ოდნავადაც გულს არ მოჰხვედრია. ბიზანტიის სატახტო ქალაქი მათთვის მეტად შორეული ადგილი იყო და ოსმალთა ბატონობის საშიშროებასაც ისე ძლიერად არ გრძნობდნენ, რომ პაპის ქადაგებას შესაფერი გავლენა მოეხდინა.
ასეთ პირობებში პაპს სხვა არა დარჩენოდა რა იმის გარდა, რომ საქართველოს მეფე-მთავრების და მათი მოკავშირეების დესპანებისათვის ერჩია საფრანგეთის მეფე და ბურგუნდიის მთავარი პირადად ენახათ და მათთვის ოსმალეთის საწინააღმდეგო ბრძოლაში მონაწილეობის მიღება ეთხოვათ. სხვა გზა არ იყო, ქართველთა და მათ თანამოაზრეთა ელჩებს უნდა შემოევლოთ ევროპა და ხვეწნა-მუდარა დაეწყოთ. მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ თუ თავდაპირველად აზრი ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დასავლეთის ეკლესიის მმართველ წრეებს ეკუთვნოდათ და ისინი ეხვეწებოდნენ ქართველებს, რომ მათაც ამ საქმეში მონაწილეობა მიეღოთ, მალე ეს აზრი ქართველებისათვის ისეთ გუისნადებად იქცა, რომლის განხორციელებაზე ისინი აღრფთოვანებით ოცნებობდნენ და თვით მათვე იმავე დასავლეთის მმართველი წრეების ხვეწნა-ვედრება მოუხდათ.
ქართველთა და მოკავშირეების მოციქულთა ამაო ხვეწნა-ვედრება ევროპაში
საქართველოთგან წარგზავნილი დესპანები რომითგან საფრანგეთში წავიდნენ და 1461 წელს იქ მეფე კარლოს VII-ეს წარუდგნენ სადარბაზოდ და დავალებული საქმე მოახსენეს, მაგრამ მაინც ოსმალთა საწინააღმდეგო ომში მონაწილეობაზე ვერ დაითანხმეს. ელჩები ჯერ კიდევ საფრანგეთში იყვნენ, რომ კარლოს VII გარდაიცვალა ისე, რომ ისინი მისი შვილისა და მემკვიდრის ლუდოვიკო XI ტახტზე ასვლასა, დაგვირგვინებასა და მეფედ კურთხევას დაესწრნენ. ეხლა ამ მეფეს დაუწყეს დესპანებმა თხოვნა, მაგრამ ამაოდ: აქაც არ გამოვიდა რა545. როგორც ეტყობა, ამგვარადვე უნაყოფო უნდა ყოფილიყო მათი ცდა ბურგუნდიის მთავართან და დასავლეთის დანარჩენ მთავრებთანაც. თითქოს ყუარყუარე ათაბაგს გულმა უგრძნო (იქნებ ლუდოვიკო ბოლონიელის წყალობით?), რომ ამ საქმეს დასავლეთში დაბრკოლება გადაეღობებოდა, და ამიტომაც ის ბურგუნდიის მთავარს ბრძნული შორსგამჭვრეტელობით და ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნით 1459 წელს დაწერილის ეპისტოლით აფრთხილებდა, რომ თუ დასავლეთის ქრისტიანები არ ისარგებლებთ ასეთი განსაკუთრებით ხელსაყრელი და მარჯვე პირობით, როცა აღმოსავლეთის ქრისტიანებიც მათთან ერთად ოსმალთა წინააღმდეგ თანხმობრივი სამხედრო მოქმედებისათვის ემზადებიან, და ბრძოლას არ დაიწყებთ, შემდეგში, რაც უფრო მეტი დრო გაივლის, ოსმალები ისე გამაგრდებიან, რომ ვეღარაფერს დააკლებთო. და ეს სიტყვები მართლაც წინასწარმეტყველებად იქცა. საქართველოთგან ჩამოსული დესპანები ბოლოს დარწმუნდნენ, რომ ყოველივე ცდა და საბუთიანობა ამაო იყო: არცერთი მთავართაგანი თავის ქვეყნითგან ფეხის დაძვრას არ აპირებდა. საფრანგეთში ჯერ ერთი შინაურობაში უთანხმოება ჰქონდათ, განსაკუთრებით კი ოსმალეთის გაძლიერება მათთვის ისეთს ცხადად საგრძნობსა და დასანახს საფრთხეს არ წარმოადგენდა, როგორც მთელი თავისი არსებით შეიძლება ეგრძნოთ და დაენახათ ქართველებს. მათთვის ეს განყენებული და შორეული პოლიტიკური გეგმა იყო, ქართველებისათვის კი ხორცშესხმული საშინელი სინამდვილის აუცილებელი საჭიროება და ამიტომაც იყო, რომ მთელი ეს გეგმა ასე უწყალოდ დაიმსხვრა და ქართველთა მათ მოკავშირეთა თანხმობრივი ერთობლივი სამხედრო მოქმედება ოსმალთა სამუდამო დასამარცხებლად შეუძლებული შეიქმნა.
შინაური ბრძოლის განახლება საქართველოში
მაგრამ არც ქართველ მეფე–მთავართა თანხმობა ყოფილა ხანგრძლივი. შესაძლებელია ქართველთა დესპანები დასავლეთი ევროპითგან ჯერ დაბრუნებულიც კი არ იყვნენ, ან, უფრო საფიქრებელია, ახალი მოსული იქნებოდნენ, რომ თვით საქართველოშიც ძმათა შორის წინანდელზე უფრო გამწვავებული დაუნდობელი ბრძოლა ატყდა. ყუარყუარე ათაბაგსა, გიორგი მეფეს და დანარჩენ მონაწილეებს ასე მალე დაავიწყდათ თავიანთი შეთანხმების ამბავიც და ისიც, თუ როგორ ტკბილად უგალობდნენ დასავლეთის ქრისტიანებს ერთობა-თანხმობის ჰანგებს და რანაირი ენაწყლიანობით ასაბუთებდნენ გაერთიანებული მოქმედების უპირატესობას მტერთან ბრძოლის დროს.
ამ შინაური განხეთქილების შესახებ ცნობები შედარებით ბლომად მოიპოვება, მაგრამ ერთიმეორის საწინააღმდეგო, თანაც მოკლე და ნაკლულევანი. ამ ამბავის უფრო ვრცელი და გაბმული აღწერილობა ბატონიშვილს ვახუშტს მოეპოვება, რომელსაც, ალბათ, ამისთვის შესაფერისი წყაროები უნდა ჰქონოდა.
ბატონიშვილ ვახუშტს მოთხრობილი აქვს, რომ 1462 წელს ყუარყუარე ათაბაგის ”განზრახვით” იწყო ”ზრახვად იმერთა ერისთავმან ბაგრატ ძემან დიმიტრისამან, რათა ჰყონ იგი მეფედ და აღუთქვა თავისუფლება დადიანს, გურიელს, შარვაშიძეს და სვანთა. ესე სთნდათ მთავართა მათ” და ”ჰყვეს მეფედ იმერთა”-ო. გიორგი მეფემ რომ ეს შეიტყო, ჯარი შეჰყარა და დასავლეთ საქართველოსაკენ გაილაშქრა და თანაც ”უბრძანა ათაბაგს შთამოსვლა სპითა” და მოშველება, მაგრამ იგი თურმე სამცხითგან არ დაიძრა და გარეშე მაყურებლობა ირჩია: ”მჭვრეტელი საქმისა თუ რაჲ იქნების”. მისი წაბაძულობით სხვებიც განზე გადგნენ და ”არცაღა უშველეს ბაგრატს დადიანმან, გურიელმან, აფხაზთა და სვანთა”. მეფე გიორგისა და ბაგრატს შორის ბრძოლა ჩიხორს მომხდარა. სასტიკი და ორთავე მხრის დამაზარალებელი ბრძოლის შემდეგ მეფე გიორგი დამარცხებულ იქმნა და ქართლში დაბრუნდა. ბაგრატი კი გაემართა და ”აღიღო ქუთაისი და ეკურთხა მუნ მეფედ”. ცოტა ხნის შემდგომ მეფე გიორგის ჯარითურთ სამცხეში გაულაშქრია ათაბაგის ორგულობის დასასჯელად. რაკი ათაბაგ ყუარყუარეს წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, ამიტომ ”წარვიდა იმერეთს ბაგრატსა თანა ლტოლვილი”. მეფე გიორგი უკვე მესხეთის საქმის ისე მოგვარებასა და მის მომტკიცებაზე ჰფიქრობდა, რომ ერთხელ და საბოლოოდ თავისი თავი საათაბაგოს ურჩობისაგან უზრუნველეყო, მაგრამ ამ დროს ქართლითგან უზუნ-ჰასანის შემოსევის ამბავი მოუვიდა, ამიტომ ის იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო. 1463 წელს ”ქართულსა 151” მომხდარ ომში გიორგი მეფე დამარცხდაო. ამით გათამამებულნი ”რანი, მოვაკანი და შირვანი არღარა მოსცემდნენ ხარკსა”. ბაგრატიც ყუარყუარე ათაბაგს მიეშველა და უკანასკნელმა ამის წყალობით თავისი საბრძანებელი უკან დაიბრუნა. მესხეთის ურჩ ერისთავთა საწინააღმდეგო ბრძოლაში რომ დახმარებოდა, ”მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთისა გურიელსა კახაბერს”. გურიელი პირობისაებრ ათაბაგ ყუარყუარეს გიორგი მეფის მომხრეთა დასამორჩილებლად დაეხმარა. ამის გარდა ”ჰყვანდა ბაგრატ-ცა მარადის მწედ.” 1465 წ., ”ქართულსა 153”, გიორგი მეფემ ყუარყუარეს დასაჯელად კვლავ გაილაშქრა და ფარავნაზე დადგა. აქ ”შემოუჩინეს განდგომილთა მეფისათა გიორგი მეფესა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თვისნი”. მაგრამ იოთამ ზევდგინიძემ ამ შეთქმულების ამბავი შეიტყო და მეფეს გაუმჟღავნა. გიორგი მეფემ მას არ დაუჯერა. მეფე რომ აუცილებელი სიკვდილისაგან გადაერჩინა, ზევდგინიძემ თავისი თავი გასწირა და მეფეს სთხოვა სამეფო კარავში თავის მაგიერ იმ ღამეს საიდუმლოდ ის დაეწვინა, რაც ასრულებულ იქმნა კიდეც. მეორე დღეს ერთგული ქვეშევრდომი კარავში მოკლული აღმოჩნდაო. რაკი შეთქმულების არსებობა გიორგი მეფისათვისაც ცხადი შეიქმნა, მან ყველა ამ ღალატის განზრახ-გამგებელნი, ძალმცემელნი, მეშველნი და შინათ–გამცემნი დააჭერინა და მათი სიკვდილით დასჯას შეუდგა. მაგრამ ამ საქმით გამოწვეული არევ-დარევით ისარგებლა ყუარყუარე ათაბაგმა, გიორგი მეფეს სწრაფად თავს დაესხა, ხელთ იგდო და სამცხეში ტყვედ წაიყვანა. ამით, რასაკვირველია, ბაგრატ იმერეთის მეფემ ისარგებლა, გადმოვიდა და ”დაიპყრა ქართლი თებერვალსა შინა”. მაშინვე ჰერეთ-კახეთიც განდგა და, ბაგრატს, რომ იქაც გაბატონება ვერ მოეხერხებინა, დავითმა ”იწყო მეფედ წოდება კახთა ზედა”-ო.
1466 წელს ”ქართულსა 154, იანვარსა შინა” ყუარყუარე ათაბაგი გარდაიცვალა და მის მაგიერ მისი შვილი ბაადური დაჯდა. მან გადაწყვიტა, რომ ბაგრატის გაძლიერება მისთვისაც, ვითარცა მესხეთის მთავრისათვის, მომავალში საფრთხის მომასწავლებელი იყო და ამიტომ მოლაპარაკება დაიწყო გიორგი მეფესთან, რომ მან ამიერითგან წინანდელი მტრობა დაივიწყოს და ათაბაგისაგან მესხეთის ჩამორთმევას აღარ ეცადოს. გიორგი მეფე ამაზე დათანხმდა. და ათაბაგის დახმარებით თავისი სამეფო დაიბრუნა. ბაგრატმა იცნო თავისი საქმის უიმედობა და ”არღარა ინება ბრძოლად და წარვიდა იმერეთს”, კახეთიც წინანდებურად მეფე გიორგის დაემორჩილა და მთელი აღმოსავლეთი საქართველო გაერთიანდა. გიორგი მეფე ”იყო ფრიად მწუხარე განხეთქილებისათვის სამეფოსა ესევითარად”, რომ მთელი დასავლეთი საქართველო და მესხეთი ჩამოშორებული იყო, და ”მცდელობდა შეერთებასა”, მაგრამ თავისი წადილის განხორციელებას ვეღარ ეღირსა: ”ვერღარა ღონისა მძიებელი და მპოვნელი გარდაიცვალა მეფე გიორგი წელსა 1469, ქართლისა 157 და დაფლეს მცხეთას”-ო. ასე აქვს მოთხრობილი ბატონიშვილს ვახუშტს გორგი მეფის უკანასკნელი წლებისა და საქართველოს განხეთქილების ამბავი.
სასარგებლო ბმულები
http://ka.wikipedia.org/
http://qim.ge
სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982წ.
ფრესკა აღებულია ინტერნეტ გვერდიდან
- http://ka.wikipedia.org/.
|