ჩუღურეთი

1 2

ერეკლე მეფის ეშიკ-აღა-ბაშის, თამაზ ორბელიანის ჩვენების თანახმად სოფელ ჩუღურეთის ტერიტორია შემოიფარგლებოდა ასე: ჩრდილოეთიდან მას ზღუდავდა თელის წყაროს ხევი (ცოდვიანის ხევი, კვირაცხოვლოს ხევი, დიდი ხევი. თ. ბ.), რომელიც იწყებოდა ილღვიანის ტბასთან (ტბამ ეს სახელი მიიღო მის მიდამოებში გავრხელებული მცენარის-ილღუნის-იალღინის-სამასრე ტირიფის გამო. თ.ბ.) და ეშვებოდა მტკვრამდე; სამხრეთით შემოიზღუდებოდა ისევ ხევით (ჩუღურეთის, სურბ-კარაპეტას, კიბალჩიჩის, თ.ბ.) რომელიც სათავეს იღებდა მახათას მთასთან და ეშვებოდა მტკვრამდე; დასავლეთიდან შემოიზღუდებოდა მდინარე მტკვრით, ხოლო აღმოსავლეთით-ხევით, რომელიც მოემართებოდა ავლაბრიდან და უერთდებოდა თელის წყაროს ხევს.
ამატუნს აეკრძალა ამ საზღვრების იქეთ მდებარე მიწებიდან ღალის აღება, მაგრამ იგი მაინც თავისას არ იშლიდა, პრეტენზიას აცხადებდა მასზე და აქ დასახლებული გლეხებისგან მიწის გადასახადს თხოულობდა.
ჩრდილოეთის საზღვრის აღნიშვნისას ყურადღება უნდა მიექცეს ერთ გარემოებას: ილღვიანის ტბასთან მდებარეობდა თელიწყარო და მისგან კარგად მოშორებით, სამხრეთისაკენ თელიანთ ხევი. თელისწყარო დიდუბის ტერიტორიაზე იყო (1848 წ. გეგმა). ერთი შეხედვით სახელწოდებათა ერთნაირობა (თელიაანთ ხევი; თელისწყარო) ხელს აძლევდა ამატუნს. რუსმა მოხელეებმა, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ, ქართული ენა არ იცოდნენ და იშველიებდენ თარჯიმნებს, ისინი კი ხშირად არასწორად უთარგმნიდნენ, ურევდნენ ამ ორ დასახელებას ერთმანეთში, რაც თავისთავად დიდ არეულობას ქმნიდა სოფელ ჩუღურეთის ჩრდილოეთი მიჯნის დადგენაში. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ერთი ექსპედიციის დადგენილება ინსტანციიდან ინსტანციაში გადადიოდა, საქმე ირღვეოდა ხან ამატუნის ხელახალი სარჩელით, ხან კიდევ ჩუღურეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები გლეხების სარჩელით, რომლებსაც ამატუნი ავიწროვებდა ღალის აღებით.
1817 წელს გიორგი ამატუნის გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ისვე ატეხეს დავა ჩუღურეთის საზღვრების გამო. 1827 წლის ბოლოს სამხედრო გუბერნატორის სიპიაგინის მმართველობის დროს გამოყოფილმა სამიჯნო ექსპედიციამ აღადგინა და დაადგინა ჩუღურეთის ზუსტი საზღვრები. 1829 წლის 29 მარტს სახაზინო ექსპედიციამ ჩუღურეთის შესახებ თავისი მოხსენება და გადაწყვეტილება წარუდგინა საქართველოს  მთავარმართებელს გენერალ პასკევიჩს. სახაზინო ექსპედიციის კომისიას ამ მოხსენებაში შეჯამებული ჰქონდა თავისი წინამორბედი კომისიებისა და ექსპედიციების დადგენილებები და დასკვნები, რის საფუძველზეც თავად ამატუნის მამული, სოფელი ჩუღურეთი შემოიფარგლა მისი ბუნებრივი და არსებული ძველი საზღვრებით. დადგინდა, რომ ჩუღურეთი მოიცავს: 49 დესეტინა და 1040 საჟენ სასარგებლო მიწას და 3 დესეტინა და 200 საჟენ გამოუსადეგარ მიწას. ჩუღურეთის მიწაზე სახლობს 104 კომლი მოსახლე, აქედან: 12-საეკლესიო, 44-სახელმწიფო და 48-სათავადო და სააზნაურო გლეხი.
ეს აქტი უზენაესმა სენატმა დაამტკიცა 1836 წლის 4 მაისს.
მართალია, რუსეთთან შეერთებით საქართველომ დაკარგა თავისი სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებელი სახე, მაგრამ არსებითად ამ აქტის პროგრესულობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ქართველმა ხალხმა ფიზიკურად შეინარჩუნა თავი, რაც აუცილებელი და ესოდენ საჭირო იყო ეროვნული კულტურისა და ეკონომიკური ცხოვრების შემდგომი აყვავებისთვის.
სულ მცირე მშვიდობიანი შესვენებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რათა თბილისს გაერღვია თავისი საუკუნოვანი ზღუდე და მდინარე მტკვრის აღმა, ორივე ნაპირზე განევრცო თავისი ტერიტორია და ფარგლები.
თავდაპირველად ქალაქმა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ე.წ. გარეთუბნის ტერიტორიაზე დაიწყო განაშენიანება. ამას ხელს უწყობდა ის, რომ აქ გადიოდა რუსეთისაკენ მიმავალი გზა, - გზა ხომ ყველაზე დიდი ფაქტორია განსახლება-განაშენიანების საქმეში.
უკვე XIX საუკუნის 20-ანი წლების დასაწყისში დღის წესრიგში დადგა ქალაქისპირა სოფლების-ჩუღურეთის, კუკიისა და ხარფუხის ქალაქთა შეერთების საკითხი.
1823 წელს მოეწყო თბილისისპირა სოფლების კამერალური აღწერა. ამ აღწერის შედეგად გაირკვა, რომ ჩუღურეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ როგორც მიწათმოქმედი ყმა გლეხები, ასევე სხვადასხვა ხელობის ხელოსანნი.
1823 წლისათვის საქართველოს სტატისტიკური აღწერის მიხედვით ჩუღურეთში სახლობს: სახაზინო 44, საეკლესიო12, და საბატონო 37, სულ 113 კომლი ყმა გლეხი. მამრობითი სქესის ყმა გლეხი შეადგენდა სახაზინო 97, საეკლესიო 20 და საბატონო 206, სულ 323 სული. საზოგადოდ, ამ დროს სოფ. ჩუღურეთში სახლობდა 601 სული მოსახლე. სოფელ ჩუღურეთის ტერიტორიაზე სახნავ-სათესად გამოიყენებოდა 5.000, ხოლო გამოუსადეგარი იყო 500 დღიური მიწის ფართობი. აღწერის შედეგადვე გამოირკვა, რომ ჩუღურეთში იყო: ათი აგურის ქარხანა, ოთხი სამეთუნეო ქარხანა, რვა სამღებრო, სამი სამჭედლო, ერთი საპნის ქარხანა, ერთი სადალაქო, ორი დუქანი, ორი გაჯის ქარხანა, ერთი თორნე.
დიდუბის მიწაზე ჩუღურეთლებს ეკუთვნოდათ ცხრამეტი ბაღი. ამგვრად, ჩუღურეთი ყოფილა როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ხელოსნური მეურნეობის უბანი.
20-იან წლებში სოფელი ჩუღურეთი და კუკია ისე შეერწყნენ ქ. თბილისს, რომ ადგილობრივი ხელისფლება იძულებული იყო ეს სოფლები ქალაქისთვის მიერთებულად გამოეცხადებინა.
ამიერიდან ჩუღურეთი და კუკია საერობო პოლიციის მეურვეობიდან გადადიან თბილისის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. მიუხედავად ჩუღურეთის თბილისთან შემოერთებისა, მისი მცხოვრებლები ისევ სოფლელებად იწოდებოდნენ და იბეგრებოდნენ საბატონო ბეგარით. 
ქალაქთან ჩუღურეთის ტერიტორიული შეერთების მიუხედავად მისი კეთილმოწყობის, აზომვა-დაგეგმარების საქმეში კარგა ხანს არაფერი გაკეთებულა. საქართველოს მთავარმართებლების ხშირ-ხშირი ცვლა ხელს უწყობდა იმ ქაოსს, რომელიც გამეფებული იყო ადგილობრივი მართვის აპარატში. ადგილობრივი და, საერთოდ, მეფის რუსეთის ხელისუფლება იმ დროს დაინტერესებული იყო კავკასიის მთიანეთის ამბებით (კავკასია ჯერ კიდევ მთლიანად არ იყო დაპყრობილი) და სამოქალაქო საქმეებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.
1827 წ. 29 ივნისს დაარსდა კომიტეტი, რომელსაც ეკისრებოდა თბილისის კეთილმოწყობა.
კომიტეტს თავჯდომარეობდა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი. იგი შედგებოდა საგუბერნიო პროკურორის, თბილისის პოლიცმეისტერის, საგუბერნიო არქიტექტორისა და ინჟინრისაგან. კომიტეტი საქმეების გასარჩევად და განსახილველად იკრიბებოდა კვირაში ორჯერ-ხუთშაბათობით და შაბათობით, ხოლო ორ კვირაში ერთხელ უნდა წარედგინა მემორიალი სამხედრო გუბერნატორისთვის. იგი თავის სამუშაოს წარმართავდა წინასწარ შემუშავებული შვიდი მუხლისგან შემდგარი დღის წესრიგით. მას უნდა აეზომა და გეგმაზე დაეტანა ყველა დაუსახლებელი სახაზინო მიწის ნაკვეთი. იმ შემთხვევაში, თუ კერძო პირი მოითხოვდა სახაზინო მიწის ნაკვეთის გამოყოფას, კომიტეტს უნდა გაეთვალისწინებინა, შემდგომში აღნიშნულ ადგილზე ხომ არ აშენდებოდა სახელმწიფო დაწესებულება; უნდა განეხილა გეგმები და პროექტები, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ მშენებლობათა სამოქალაქო უწყებანი; გამოეძებნა სახსრები იმ პირთა წასახალისებლად, რომლებიც აპირებდნენ მიწის ნაკვეთის შეძენას, მიექცია ყურადღება ძველი შენობების შეკეთებისათვის; დროის დაუკარგავად გამოეძებნა ქალაქის შუაგულში მდებარე სასაკლაოსთვის ახალი ადგილი და სხვ. (65).
XIX საუკუნის დასაწყისში ჩუღურეთში მეტწილად მიწური სადგომები და ერთსართულიანი ბანიანი სახლები იყო, ნაშენი ყოველგვარი გეგმისა და პროექტების გარეშე, უსისტემოდ. იმ დროს ასე თუ ისე ქუჩის სახე ჰქონდა ძველი ავჭალის გზას (შემდგომში რიყის ქუჩის სახელით ცნობილი), რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გატანილი იყო ჩუღურეთის ტერიტორიაზე. ერთი სიტყვით, ჩუღურეთის კეთილმოწყობას ესაჭიროებოდა კონკრეტული ღონისძიებანი.
1827 წლის ოქტომბერს თბილისის სამხედრო გუბერნატორი სიპიაგინი ქ. თბილისის მომწყობ კომიტეტს მითითებას აძლევს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქალაქთან ახლად შემოერთებული კუკიისა და ჩუღურეთის კეთილმოწყობის საქმეს: უნდა შემდგარიყო აღნიშნული უბნების გეგმა, სასტიკად იკრძალებოდა ამ ტერიტორიაზე მშენებლობა მთავრობის ნებადაურთველად და გეგმაზე დაუტანებლად; უნდა დაგეგმარებულიყო ქუჩები მითითების თანახმად, თუ ქუჩის გატანას ხელს შეუშლიდა რომელიმე ძველი ნაგებობა, ის უნდა აეღოთ და ა.შ. (66).
ჩუღურეთისა და კუკიის ტერიტორიის ახალი ქუჩებისა და კვარტლების ( თუ ასეთი რამ იყო) გეგმაზე დატანა დაევალა კომიტეტის წევრს ინჟინერ-პოდპორუჩიკ ლაზარევს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საქმე ხელიდან ხელში გადადიოდა: ლაზარევის შემდეგ ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ანიჩკოვი (1831 წ.), რომელმაც, თავის მხრივ, ამ დავალების შესრულება გადააბარა სოკოლონოვს.
ეჭვს გარეშეა, რომ საქმის შემსრულებელთა ასეთი ხშირი ცვლა კარგ შედეგს ვერ გამოიღებდა, საქმე ფერხდებოდა და ჩუღურეთს ისეთივე გარეგანი სახე ჰქონდა, როგორიც საუკუნის დასაწყისში.
იმ დროს თბილისის მარჯვენა ნაწილი მარცხენას უკავშირდებოდა ავლაბრის ხიდით. ნორმალურ მიმოსვლას დაბრკოლებას უქმნიდა ჩუღურეთის ხევნარი, ამიტომ  ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ყურადღება მიაქცია საკომუნიკაციო საკითხს, გზებისა და ხიდების მშენებლობას.
1827 წლის 26 დეკემბერს სამოქალაქო გუბერნატორის მითითებით იწყება ჩუღურეთის ხიდის მშენებლობა ავლაბრის მხარეს. ხიდის მშენებლობაზე დახარჯული სააღმშენებლო მასალა, გარდა ქვისა, შეძენილი იქნა ქალაქის ხარჯით (67).
რასაკვირველია, ხიდებისა და გზების მშენებლობაზე ადგილობრივი ხელისუფლების ასეთი დიდი ყურადღება განპირობებული იყო პირველ რიგში სამხედრო საქმეებით. მეფის რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში-კავკასიის მთიანეთში ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფეხი მოკიდებული.
თბილისის პოლიცმეისტერის 1831 წლის 11 დეკემბრის მოხსენებაში საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორ ზავილეისკისადმი მოცემულია სია თბილისის ხიდებისა. თბიისში რვა ხიდია, აქედან ერთი ჩუღურეთში «Чугуретсий ( ხიდი,-თ.ბ.) из Тифлиси к горцам в Пшав-Хевсуретию» (68). აქვე ვხვდებით მეტად საინტერესო ცნობას: «Ведомость о количестве мостов кой нужно устроить: 1. Через реку Куру из нескольких сводов близ Мухранских городских ворот, по уважению тому, чтобы сблизить соединение деревень-Куки и Чугуреты с городом присоединенных по тракту через Тифлис и горским народом» (69).
ვფიქრობთ, აქ საქმე გვაქვს XVII ს. არაგვის ერისთავის მიერ მტკვარზე აგებული რამდენიმე მთლიანი ხიდის აღდგენის მცდელობასთან ზემოთ მოყვანილ საბუთში ადგილი ისე ზუსტად არის მინიშნებული, რომ მის სარწმუნოებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ხელისუფლებას ხიდის აშენება უნდოდა როგორც კუკიის ჩუღურეთთან კავშირისათვის, ასევე კავკასიის მთიელებთან კონტაქტის დასამყარებლად,-ეს უკანასკნელი ამ შემთხვევაში უფრო აინტერესებდა.
ქალაქის მომწყობმა კომიტეტმა ჩუღურეთის კეთილმოწყობისათვის ბევრი ვერაფერი გააკეთა. თბილისის 1850 წ. გეგმით ჩუღურეთში ამ დროს შენობები უგეგმოდაა განლაგებული (70).
კავკასიის მეფისნაცვლის სახელო პირველად მიიღო გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა (1845-1854), იგი ახალი თანამდებობის შესასრულებლად თბილისში ჩამოვიდა 1845 წლის გაზაფხულზე.
მეფისნაცვალ ვორონცოვს კავკასიაში ადგილობრივი ხალხის მიმართ იგივე რუსიფიკატორული მიზნები ამოძრავებდა, რაც მის წინამორბედ მეფის რუსეთის მოხელეებს, ოღონდ, მათგან განსხვავებით, იგი ამ მიზნების მისაღწევად სხვა ხერხსა და პოლიტიკას ხმარობდა, უფრო მეტ მოქნილობასა და მანევრირებას იჩენდა: მის დროს იწყება ქ. თბილისის გაცხოველებული ინტენსიური საქალაქო მშენებლობა; ქალაქიდან იდევნება (ყოველ შემთხვევაში ამისი მცდელობაა) ეროვნული, ქართული და მის ადგილს იკავებს ევროპული წეს-ჩვევები. მის დროს იწყება რუსების ინტენსიური ჩამოსახლება საქართველოში (71).
1845 წლის 7 ნოემბერს მეფისნაცვალმა ქალაქის გარეუბნებში - ჩუღურეთში, კუკიაში, ავლაბარსა და ნავთლუღში სააღმშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის დააარსა განსაკუთრებული კომისია, რომელიც აღნუსხავდა აღნიშნულ გარეუბნებში მდებარე სახლების მდგომარეობას, დაიტანდა ქუჩებს, ქუჩათა გეგმებს, თუ კი ასეთი რამ არსებობდა და ამ უბნებში მიწის ნაკკვეთების მფლობელთა უფლებებს (72).
XIX საუკუნის 20-იან წლებში აგებული ჩუღურეთის ხის ხიდი დროთა განმავლობაში დალპა და დაზიანდა, მასზე გავლა ფეხით მოსიარულეთათვისაც კი საშიში შეიქნა (73). დაიწყო ქვის საყრდენებზე ახალი ხიდის მშენებლობა (74).
1845 წლის 3 დეკემბერს გენერალ-ლეიტენანტ რეუტს დაევალა ქალაქის გარეუბნების-ჩუღურეთის, კუკიის, ავლაბრისა და ნავთლუღის საზღვრების დადგენა და გამიჯვნა. ამ მიზნით, 1847 წლის დეკემბერში შეიქმნა ახალი განსაკუთრებული კომისია რეუტის თავჯდომარეობით (75).
თანდათანობით სოფელი ჩუღურეთი, რომელიც 40-იან წლებში თბილისის გარეუბნად იხსენიებოდა, კარგავს ამ ზედსახელს და ქალაქის განუყოფელი ნაწილი ხდება, სამუდამოდ შორდება გარეუბნის ეპითეტი. თითქმის 50-60-იან წლებამდე ჩუღურეთის დაგეგმარება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მართალია, აქ ნელ-ნელა ჩნდება ქუჩები, მაგრამ ისინი მაინც ვერ პასუხობენ მაშინდელი ქალაქის მოთხოვნილებებს და ნორმებს.
1847 წელს თბილისის სამ საპოლიციო უბანში 58 ქუჩაა, აქედან მესამე საპოლიციო უბანში, რომელშიც შედიოდა ჩუღურეთი, კუკია და ავლაბარი, იყო 7 ქუჩა (76). ადვილი წარმოსადგენია, თუ რა წილი ედებოდა ამ ქუჩათა რაოდენობაში ჩუღურეთს. ჩუღურეთში დგეს არსებულმა ქუჩების უმეტესმა ნაწილმა თავისი აწინდელი სახე დაახლოებით 60-იან წლებში მიიღო. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ შემდეგდროინდელ ქუჩებს სახელწოდებანი მეტწილად უნდა შერქმეოდა მათზე ადრე მობინადრეთა საქმიანობის მიხედვით, როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე. 50-60-იან წლებში და უფრო გვიანაც ჩუღურეთში მრავლად იყო დაუსახელებელი მიწის ნაკვეთები-სამოსახლოები. მაგალითად, 60-იან წლებში მექოთნეთა ქუჩაზე სამოსახლოს ყიდულობენ: კაპანაძეები, ბერიძეები, უფრო გვიან-მარა თოიძე, გამოჩენილი ქართველი მხატვრის მოსე თოიძის დედა და ბევრი სხვა.
ჩუღურეთისა და კუკიის თიხნარი ნიადაგი, რომელიც სამეთუნეო მეურნეობის ერთ-ერთი წყაროა, ვეღარ გამოიყენება ამ საქმიანობისათვის, რადგანაც მოსახლეობა იკავებს ამ ადგილებს, თბილისში იწყება თიხის „შიმშილი“. ხელოსნები ეძებენ თიხის მოსაჭრელად ახალ-ახალ ადგილებს-კარიერებს. 1847 წლის 11 მარტს თბილისის მეთუნეები მეფისნაცვალ ვორონცოვს მიმართავენ თხოვნით მტკვრის პირას, გერმანელთა კოლონიის მახლობლად, თიხის მოჭრის ნებართვის თაობაზე (77). მაგრამ მტკვრის პირად მდებარე თიხას იქ მოსახლე გერმანელები თავიანთი პირადი საჭიროებისათვის ჭრიდნენ, გარდა ამისა, ეს ადგილები გამოყენებული ჰქონდათ ვენახისა და ბაღების გასაშენებლად. გარეუბნის მომწყობი კომისიის წევრმა, მიწის მზომელმა ფედოროვმა, რომელსაც დავალებული ჰქონდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა თბილისის მეჭურჭლეებს, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მიწის ნაკვეთი თიხის  მოსაჭრელად გამოეყოთ ახალ კუკიაზე, ხელოსნებს თვითეული კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთში უნდა გადაეხადათ 40 კაპ. ვერცხლით.
მეთუნეები, ისე როგორც სხვა სახის ხელოსნები, გაერთიანებულნი იყვნენ ამქარში. საინტერესოა მეჭურჭლეთა ამ კორპორაციის უსტაბაშის მოხსენებითი ბარათი გარეუბნის მომწყობი კომისიის თავმჯდომარის გენერალ-ლეიტენანტ რეუტისადმი: «Мастеров всего нас будет 40 дымов и ремесло нашелся города оцень нужное. Ваше превосходительство принимаем смелоть изъяснить, что как город сушествует не какой царь не воспрешал нам заниматься этим ремеслом да и сам город не может обойтись без того...» (78) შემდეგ ლაპარაკია თიხის მოჭრის უფლებებზე და სხვ.  რადგანაც ამქრის უსტაბაშმა გირგი წოვანოვმა წერა არ იცოდა, მის თხოვნას ხელს აწერენ ოსტატები: გიორგი ხეროდინოვი და სოლომონ ბაირამოვი. ამქრის სახელით ხელს აწერს ოსტატი გიორგი ხეროდინოვი (79).
მართალია, ეს დოკუმენტი   კერძოდ ჩუღურეთს არ ეხება, მაგრამ მასში ასახულია ქალაქის მეჭურჭლეების ზოგადი სურათი. სახელდობრ, თუ როგორ ავიწროვებს და უტევს მათ ახალი ცხოვრება-ახალი ყოფა.
თბილისში 50-იანი წლების ბოლოს ვხვდებით 5 სამეთუნეო ქარხანას, რომელიც იძლეოდა 3.000  მანეთის პროდუქციას. აქ დამზადებული ნაწარმი ხმარდებოდა თბილისის ბაზრის მოთხოვნილებებს (80). დუნკელ-ველინგის მიხედვით 60-იანი წლების დასაწყისში ქარხანათა რაოდენობა იგივეა, ოღონდ გამოშვებული პროდუქციის ღირებულება კლებულობს 1 000 მანეთით, ეს კი სხვა არაფერია, თუ არა იმ კონკურენციის შედეგი, რომელსაც თიხის ნაწარმს სპილენძის ჭურჭელი უწევდა. მისივე ცნობით, უკვე 60-იან წლებში თბილისის ბაზარზე სხვადასხვა ნაწარმთან ერთად დიდი რაოდენობით შემოდის სპილენძის, ბროლის, მინის და ქაშანურის  ჭურჭელი (81). სპილენძის ჭურჭლის ქარხანა წელიწადში უშვებდა 45.000 მანეთის პროდუქციას, ხოლო ქალაქის 5 სამეთუნეო ქარხნის პროდუქციის ღირებულება წელიწადში 2.000 მანეთს არ აღემატებოდა (82). მართალია, გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჩუღურეთში არის სამეთუნეო ქურები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათი უმეტესი ნაწილი ან უქმდება, ან არადა მათი გამოშვებული ნაწარმი მეტისმეტად უმნიშვნელოა და ქალაქის ბაზარზე მცირე რაოდენობით გადის. 1885 წელს  შედგა თბილისის უძრავი ქონების აღწერის დოკუმენტური დავთარი. წიგნში მოტანილი სამეთუნეო ქარხნების უმეტესი ნაწილი ჩუღურეთზე მოდის (83). ჭურჭლის ქარხანა ჰქონდათ იაკობ გუკასოვს, კარაპეტა ეგანოვს, დიმიტრი ჯანაშვილს.
აღნიშნული წიგნის მიხედვით ჩუღურეთის ტერიტორიის ნაწილი ეკატერინეს ქუჩამდე (ამჟამინდელი სვერდლოვსკის ქუჩა) შედიოდა მე-8 საპოლიციო უბანში, ხოლო აქედან მოყოლებული მიეკუთვნებოდა მე-9 საპოლიციო უბანს, რომელიც კუკიასაც მოიცავდა.
დოკუმენტის მიხედვით, მექოთნეთა ქუჩა და მექოთნეთა ქუჩის შესახვევი შეტანილია მე-8 საპოლიციო უბანში (84).
მთავრობა კრძალავდა ქალაქში საცხოვრებელი სახლების ახლოს გამოსაწვავი ქურების მოწყობას, ხოლო უკვე არსებულის ადგილას შენდებოდა სახლები. როგორც ჩუღურეთის ძველი მცხოვრებლები-სოფიო დარიელაშვილი, ზაქარია და ოლღა ბერიძეები და სტეფანე ჩუგუნიძე გადმოგვცემენ, XIX საუკუნის მიწურულს ამ უბანში, მექოთნეთა ქუჩის ზემოთ, დოქის ქუჩაზე, სახლობდა მეჭურჭლე ორკოდაშვილი, რომელიც ჩვენი საუკუნის დასაწყისშიაც ამზადებდა თიხის ჭურჭელს- კოკებსა და დოქებს.
დღეს ჩუღურეთში მეთუნეობის ხელოსნობაზე მეტყველებს შემორჩენილი მიკროტოპონიმიკა-ქუჩების სახელები. ძველი ქუჩების სახელებიდან ზოგი ცხოვრების წინსვლას შეეწირა, ზოგიც ადამიანთა დაუდევრობის მსხვერპლი გახდა,  მაგრამ ზოგმა ჯერ კიდევ შეინარჩუნა თავისი მყოფადობა. დროს თავისი მიჰქონდა. თიხის ჭურჭელზე მოთხოვნა ნელ-ნელა კლებულობდა, რაც თავისთავად ცხადია, გავლენას იქონიებდა მის საწარმოთა და მწარმოებელთა ძალასა და რაოდენობაზე. თუ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1852 წლისათვის თბილისში 40 ოჯახი მეჭურჭლეა, თბილისის ფაბრიკა-ქარხნების 1903 წლის უწყისის მიხედვით ამ დროს ქალაქში არის 6 სამეთუნეო „ქარხანა“, რომლებშიც დაკავებულია 10 მუშა ხელოსანი (85).
XIX საუკუნის 60-იან წლებამდე ჩუღურეთში ხელოსნური მეურნეობის გვერდით კვლავ არსებობს სოფლის მეურნეობაც. ილღვიანის ტბის დასავლეთ მხარეზე მდებარე ჩუღურეთის კუთვნილი ტერიტორია გამოიყენებოდა სახნავ-სათესად და საძოვრად. XIX საუკუნის 50-იან წლებში ზოგი ჩუღურეთელიც მისდევდა სოფლის მეურნეობას და ამუშავებდა მიწას (86).
ჩუღურეთი ტერიტორიულად დიდი არაა და მასზე მდებარე ქუჩათა რაოდენობაც შესაბამისია. ზოგი ქუჩის სახელის ეტიმოლოგია არ მოითხოვს დადგენას. მათ სახელში ჩაქსოვილი შინაარსი გამოხატავს და ხსნის მის ისტორიას (მაგალითად: მექოთნეთა, კოკის, დოქის, ჩუღურეთის, არსენალის, რიყის) და მათი წარმომავლობა ეჭვგარეშეა. მაგრამ არის ქუჩათა სახელები, რომელთა რაობა და წარმომავლობაც საკამათოა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, - ასეთებია, ზარბაზნის, დიდხევის, საპნის, სანთლის, კრასნოგორსკაიას ქუჩების ეტიმოლოგია.
რაც ძველია ქალაქი, მით უფრო ძველი და ხანდაზმულია მისი ქუჩათა სახელებიც. მათში შერწყმულია  ქალაქის ისტორიის ესა თუ ის ეპიზოდი თუ მომენტი. ქალაქს ამშვენებს არა მარტო კარგი გარეგნობა, არქიტექტურული სახე, არამედ ქუჩათა შინაარსიანი სახელებიც... უნდა ვიცოდეთ, რატომ ჰქვია ამა თუ იმ ქუჩას ესა თუ ის სახელი, რა მნიშვნელობა აქვს მას ქალაქის ისტორიისთვის. ქალაქის ისტორიული და ეთნოგრაფიული წარსულის აღდგენა-შეცნობის ერთ-ერთი  მთავარი წყაროა ძველი ქუჩებისა და უბნების სახელწოდებათა ეტიმოლოგიის დადგენა-შესწავლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, XIX საუკუნის ქ. თბილისში ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მტკვრის მარჯვენა მხარეს, ჩრდილოეთისაკენ. ძველი გარეუბნის ტერიტორიაზე აშენდა ადმინისტრაციული და სამხედრო დანიშნულების სახლები და ნაგებობანი. ამჟამინდელი საქართველოს სსრ მთავრობის სახლის დასავლეთით მდებარეობდა არსენალი, ხოლო აწინდელი სასტუმრო „ინტურისტის“ წინ კი მოწყობილი იყო სამხედრო პლაცი-მოედანი. 1845 წლის 22 დეკემბერს მეფისნაცვალმა ვორონცოვმა ბრძანება გასცა საქართველოს ოლქის საარტილერიო გარნიზონის უფროსის სახელზე, რომ პირველი იანვრიდან, ე.ი. 1846 წლიდან, არსენალის მოედნიდან ყოველდღე-შუადღის აღსანიშნავად-ერთჯერ გაესროლათ ზარბაზანი (87). ცოტა მოგვიანებით არსენალმა და საერთოდ სამხედრო უწყებებმა და ყაზარმებმა მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან გადაინაცვლეს მარცხენა ნაპირზე, კერძოდ, ჩუღურეთის აღმოსავლეთით მდებარე გორაზე, რომელსაც შემდეგში ეწოდა არსენალის გორა. აღნიშნული „საათი-ზარბაზანი“ დაიდგა ჩუღურეთის ტერიტორიაზე, არსენალის გორის მახლობლად, სადაც დაახლოებით დღეს ზარბაზნის ქუჩაა. და, აი, აქედან ყოველდღე, დღის 12 საათზე, თბილისელთ ზარბაზნის გასროლით ეუწყებოდათ შუადღის მოახლოება. ეს ტრადიცია მოიშალა რევოლუციის შემდეგ.
ცნობილია, რომ თბილისელნი სასმელ წყლად იყენებდნენ მდინარე მტკვარს. წყლისმზიდავებს-მეთულუხჩეებს ეზო-ეზო დაჰქონდათ მტკვრის წყალი კოკებით, რუმბებით და კასრებით. მაგრამ მტკვარზე ჩასვლა და წყლის აღება არცთუ ისე იოლი საქმე იყო და ნებისმიერ ადგილას ამას ვერ გააკეთებდით. ამიტომ წყლის მომარაგების უკეთ მოწყობის მიზნით 60-იან წლებში სამხედრო უწყებამ ჩუღურეთში მტკვრის ნაპირის მახლობლად, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით, დადგა წყალსაქაჩი («Водоподъемное здание») (88), წმ. ნიკოლოზის ეკლესიისა და ამ წყალსაქაჩის (89) შენობებს შორის გაკეთდა მდინარეზე ჩასასვლელი ვიწრო ბილიკი-გზა წყლის მზიდავებისათვის. აღნიშნული წყალსაქაჩი გათვალისწინებული იყო არსენალის გორაზე მდებარე სამხედრო ნაწილის წყლით მომარაგებისათვის. ჩუღურეთში წყლის მზიდავებს  წყალი დაჰქონდათ ვიწრო, მოუკირწყლავი ქუჩით. უამინდობის დროს ეს ქუჩა გაუვალი და ძნელად სავალი ხდებოდა. აღნიშნულ ქუჩას შემდეგში ეწოდა „წყალსაწევი“ მტკვრის პირას მოწყობილი წყალსაქაჩს გამო (90).
ქალაქის ბაზარზე ჩუღურეთის ქურებში გამომწვარი აგურის კრამიტისა და თიხის ჭურჭლის გარდა გადიოდა საპონი, რომლიც მზადდებოდა ჩუღურეთის საპნის სახარშში, რომელიც XIX საუკუნის 30-იანი წლების ჩათვლით, ერთადერთი იყო იმდროინდელ თბილისში. საპნის სახარში თავად ამატუნის კუთვნილება იყო (91). ამატუნს იგი იჯარით ჰქონ და გაცემული თბილისელ აზნაურ გეო ლორის-მელიქოვზე და  თბილისის მოქალაქე  დავით ტატოევზე.
საპონი ჩუღურეთის ქურებში გამომწვარ ას ცალ თიხის ქოთანში იხარშებოდა (92).
საპნის სახარში მდებარეობდა მტკვრის პირას, დიდხევის ახლოს (1825 წ. გეგმა (93) შეადგინა ჟიხარევმა). აქედან საპნის ნახარში იღვრებოდა მტკვარში. ჩუღურეთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თბილისის ჩრდილოეთით მდებარეობდა და მთელი ეს ნაგავი მდინარეს ქვევით, ქალაქის ცენტრში ჩაჰქონდა. ქალაქის მომწყობმა კომისიამ ამატუნს აუკრძალა მტკვრის პირას საპნის ხარშვა, სახარშის პატრონს წინადადება მიეცა თავისი საქმიანობა გადაეტანა ქალაქის სხვა, მოშორებულ ადგილლას, კერძოდ, თბილისელი მოქალაქის მიხეილ სარაჯიშვილის მიერ ქალაქგარეთ, ნავთლუღში მოწყობილ ქარხანაში. აღსანიშნავია, რომ სარაჯიშვილისავე ქარხანაში ქალაქის ცენტრიდან უნდა გადაეტანათ ტყავის გამოსაყვანი სახელოსნოები-სადაბაღოები.
ამატუნის და მისი პარტნიორების წინააღმდეგობის მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიძულა ისინი საპნის სახარში გადაეტანათ, მაგრამ სად-არ არის ცნობილი, შესაძლებელია, თავისავე მამულში სურბ-კარაპეტას ხევში. ასეთი ვარაუდის გამოთქმის უფლებას გვაძლევს აღნიშნულ ხევთან დღესაც არსებული ქუჩა, რომელიც საპნის ქუჩის სახელითაა ცნობილი. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია (შეიძლება აქ უფრო გვიან მოეწყო საპნის სახარში). ამ შემთხვევაში საპნის სახარშის არსებობის საკითხი გვაინტერესებს ძველი ჩუღურეთის მიკროტოპონიმიკის შესწავლის თვალსაზრისით.


ჩუღურეთის ჩრდილოეთი საზღვრის დიდი ხევის ამოვსება და ნიაღვარსაშვები კოლექტორების გადახურვა დაიწყო XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან. ამ საქმის დაჩქარებას ხელი შეუწყო თბილისი-ბაქოს რკინიგზის მშენებლობამ, რომელიც დამთავრდა 1872 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ რკინიგზას უნდა გადაეკვეთა „დიდი ხევი“ და ამიტომ თავდაპირველად ხევის ის ნაწილი ამოივსო, რომელზედაც მას უნდა გაევლო, კერძოდ, კვირაცხოვლის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე. აქედან მოკიდებული ნელნელა იწყება ძველ ხევზე ქუჩის გაყვანა კოლექტორების საშუალებით. „დიდი ხევზე“ გატანილ ახალ ქუჩას ეწოდა კრასნაიაგორსკის (წითელი გორა) სახელი იმ გორის მიხედვით, რომელსაც მართავდნენ ეკლესიაში მოსული მლოცველები კვირაცხოვლობა დღეს- აღდგომის კვირის თავზე საგანგებოდ მოწყობილ არხში, ანდა პირდაპირ მიწაზე, გორის ფერდზე, აგორებდნენ წითლად შეღებილ სააღდგომო კვერცხებს. შორს გაგორებული კვერცხის პატრონი მოგებულად ითვლებოდა. ეს თამაში ჩვენში რუსი მართლმადიდებლების შემოტანილია (ქართველ მლოცველებს კი ამ დღეს ჩვეულებად ჰქონდათ ბურთის თამაში, რას დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან ). დღეს ძველ ხევზე გაყვანილი ქუჩა მაქსიმ გორკის სახელს ატარებს, ხევის ზევითა ნაწილს კი ვეძათხევის ქუჩა ჰქვია. საერთოდ, აქ ხევის არსებობაზე მიგვანიშნებს პატარა ქუჩა, რომელიც იწყება აწინდელი კალინინის მოედნიდან და პერპენდიკულარულად ეშვება მტკვრისკენ. ეს ქუჩაა „დიდი ხევის“ დაღმართი. თავის დროზე “დიდ ხევზე“ ქუჩის გატანას და იმის გადახურვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ორი უბნის-კუკიისა და ჩუღურეთის მცხოვრებთა წყლით მომარაგებისათვის, რადგან „დიდი ხევის“ ახალი ქუჩა, წყალსაწევის ვიწრო და მოუკირწყლავ ქუჩასთან შედარებით, უფრო ფართო და ადვილად ასასვლელი იყო. „დიდი ხევთან“ მოეწყო წყლის მზიდველებისათვის წყალზე ჩასასვლელი საგანგებო ბილიკი. „დიდი ხევის“ გადახურვით გაუმჯობესდა აგრეთვე მიმოსვლა რიყის ქუჩაზე.
1861 წელს დაიწყო რიყის ქუჩის მოკირწყვლა; ამ ქუჩის მნიშვნელობა უფრო და უფრო იზრდებოდა, როგორც მტკვრის მარცხენა ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალისა (95).
რიყის ქუჩა თავისი სიგრძით მეშვიდე ადგილზე იყო მაშინდელ თბილისში, მისი სიგრძე 530 საჟენს უდრიდა. იგი აერთიანებდა, ავლაბარს, ჩუღურეთს, კუკიას და თბილისთან ახალშემოერთებულ გერმანელთა კოლონიას (96).
80-90-იან წლებში გატარდა დიდი ღონისძიება უამინდობის დროს ჩუღურეთის ხევნარიდან მოვარდნილი წვიმის წყლისათვის წყალსადენებისა და ნიაღვარსაშვებების მოსაწყობად (97).
ჩუღურეთის სამხრეთით მეორე დიდი ხევის-კიბალჩიჩის კეთილმოწყობა დამთავრდა ჩვენი საუკუნის 50-იან წლებში. ამ სამუშაოს შესრულებისას დაიფარა ძველი ერთმალიანი, ქართული აგურით ნაგები ჩუღურეთის ხიდიც.
ჩუღურეთის უბნის კომუნალური მეურნეობის კეთილმოწყობაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის 70-იან წლებში რიყის ქუჩაზე, მტკვრის პირას, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილოეთ მხარეს არსებობდა აბანო, რომელსაც ეკავა 600 კვ. საჟენი და ცხელი წყლით მარაგდებოდა საგანგებო ორთქლის ქვაბის საშუალებით. აბანო ეკუთვნოდა იზმაილოვს (98).

ქ. თბილისის მოსახლეობის ზრდას ხელს უწყობდა ქალაქის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, მასზე გამავალი სატრანზიტო გზები. თბილისის ქარვასლებში შეუწყვეტელ ნაკადად მოდიოდა საქონელი: ერთი მხრით, თურქეთიდან, სპარსეთიდან, არაბეთიდან, ინდოეთიდან, ხოლო მეორე მხრით, ევროპიდან - რუსეთის გამოვლით და შავი ზღვის საშუალებით. თბილისი იყო ამიერკავკასიის არამარტო კულტურისა და ადმინისტრაციული, არამედ მთელი კავკასიის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო ცენტრი. იგი თავისი მრავალრიცხოვანი ქარვასლებით წარმოადგენდა ამ მოზღვავებული საქონლის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გაჰქონდათ გასაყიდათ, ნაწილი კი აქედან გადიოდა მსოფლიოს ბაზარზე-აღმოსავლეთისაკენ და დასავლეთისაკენ (99).
1864 წლის 13 ოქტომბერს გამოვიდა უმაღლესი ბრძანება თბილისის გუბერნიაში გლეხთა ყმობიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნული რეფორმის შემდეგ თბილისს აწყდება სოფლიდან წამოსული იაფი მუშახელი. სავაჭრო კაპიტალთან ერთად თბილისში მტკიცდება სამრეწველო კაპიტალი; შენდება და მწყობრში დგება სხვადასხვა სახის მსხვილი საწარმო.
თბილისის მოსახლეობა სწრაფად იზრდება: თუ 1862 წელს 62,318 სული ცხოვრობს (100), 1876 წლისთვის იგი ასი ათასს აჭარბებს. მოსახლეობის შესაბამისად მატულობს ტრანსპორტიც. 1852-1853 წლებში აგებული ნიკოლოზისა და მიხეილის (ვორონცოვის) ხიდები ვეღარ აკმაყოფილებენ ქალაქის მზარდ მოთხოვნილებას.
XIX საუკუნის 80-იან წლებში იწყება მუშაობა მტკვარზე ახალი ხიდების ასაგებად. 1884 წელს დამთავრდა ვერის ხიდის მშენებლობა.
ქალაქის ტერიტორიაში შემავალი მტკვრისპირა მიწების უმეტესი ნაწილი კერძო პირებს ეკუთვნოდათ. ისინი ცდილობდნენ ესარგებლათ ხელსაყრელი შემთხვევებით და თავიანთი მიწის ნაკვეთში აეღოთ ნამდვილ ღირებულებაზე მეტი საფასური. ამჯერადაც, როცა ჯეი მიდგა მუხრანის ხიდის აგებაზე, მიწის ნაკვეთების მეპატრონეებმა მოითხოვეს დიდი ფასი, რისი გადახდაც ქალაქს არ შეეძლო. ამის გამო 1880-იან წლებში წამოჭრილი მუხრანის ხიდის მშენებლობის საკითხი, მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში გადაიჭრა.

1908 წლის 9 ნოემბერს კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორ პატონის პროექტით საფუძველი ჩაეყარა მუხრანის ერთმალიანი რკინის ახალ ხიდს. იგი უნდა აშენებულიყო ძველი ხიდის - XVII საუკუნის არაგვის ერისთავისათვის მიერ აგებული ხიდის ადგილას (როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი ნაშთები ახალი ხიდის მშენებლობისას ააფეთქეს 1909 წ.)
როგორც 1911 წლის 24 აპრილს «Тифлиский листок»-ი წერდა, ხიდის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე დასწრების მსურველი იმდენად ბევრნი ყოფილან, რომ მოსაწვევი ბარათები დაუწესებიათ. მის გახსნას დასწრებიან: მეფისნაცვალი გრაფი ვორონცოვ-დაშკოვი, მეფისნაცვლის მოადგილე ინფანტერიის გენერალი შატილოვი, სენატორი ვატაცე, საქართველოს ეგზარქოსი ინოკენტი, რომელიც მეთაურობდა ანჩისხატის ეკლესიიდან სასულიერო  ლიტანიას, ქალაქის ინტელიგენცია  და სხვ. ხიდზე გადასასვლელი ზონარი გაჭრა მეფისნაცვლის მეუღლემ, სტატ-დამამ ელისაბედ ანდრიას ასულმა... ხიდის ახლომახლო სახლებზე სადღესასწაულო დროშები იყო გამოკიდებული, საგანგებოდ გაუშენებიათ სკვერები, ხოლო საღამოთი კი ქალაქში ილუმინაცია მოუწვევიათ.
ამგვარად, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტური, საარქივო მასალით, თბილისის და მისი გარეუბნების გეგმებით, რუკებით, ძველი ჩუღურეთის ტერიტორიაზე შემორჩენილი და არსებული მიკროტოპონიმიკით ჩუღურეთი ჩანს ქალაქის სასოფლო-სამეურნეო და სახელოსნო უბნად, რომელსაც გარკვეული წილი ედო ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებაში.


 

  1. Статистическое описание Грузии, ЦГВИА, ф. ВУА, д. 18481; გვ. 47;
  2. დასახელებული დოკუმენტი, გვ. 63;
  3. სცსია, ფ. 254, აღწ. 1, N608, გვ. 283-284;
    ჩუღურეთის ტერიტორიის აღწერის მიხედვით, აქ სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ქარხნები ყოფილა. მოხსენიებული ქარხნები, ცხადია არ უნდა წარმოვიდგინოთ ამ ტერმინის დღევანდელი გაგებით: იმდროინდელი ქარხანა იყო პატარა სახელოსნო, სადაც მუშაობდა ორი-სამი, ან ცოტა მეტი ხელოსანი მკვლევარი.  ვ. ჯაოშვილი, რომელმაც საგანგებო ნაშრომი მიუძღვნა საქართველოში კერამიკული წარმოების ისტორიას, ტერმინ „ქარხნის“ წარმომავლობის ისტორიის ახსნისას არა სწორად განმარტავს მის ეტიმოლოგიას. პატივცემული მკლევარი წერს „...ჩანს ქარხანა წარმოშობილია ტერმინ „ქურხანიდან“ (ვ. ჯაოშვილი, კერამიკული მრეწველობა საქართველოში, 1957, გვ.48).
    „ქარხანა“ ზოგადი შინარსიის სიტყვაა. იგი სპარსული წარმოშობისაა და წარმოადგენს ორი სიტყვის ნაზავს (ქარ) - საქმიანობა და (ხანე) - სახლი, ე.ი. სახლი. შენობა, სადაც რაღც საქმიანობას ეწევიან. ასე რომ, ქარხნის წარმოშობას „ქურხანასთან“ საერთო არა აქვს რა. ჭურჭლის გამოსაწვავ სახელოსნოს ერქვა ქუზიხანე (დოქები) ივ. ჯავახიშვილი, ქალაქები, საქალაქო წყობილება და ცხოვრების ვითარება საქ-ში XVII-XVIII სსრ. ჟურ. „პრომეთე“ 1918,
    N1, გვ. 57;  

  4. სცსია, ფ. 16, აღწ. 1, N3123;
  5. სცსია, ფ. 209, აღწ. 1, N321, გვ. 2-3;
  6. სცსია, ფ. 209, აღწ. 1, N5, გვ.1;
  7. სცსია, ფ. 16, აღწ. 1, N3519, გვ. 1;
  8. სცსია, ფ. 16, აღწ. 1, N4459; გვ. 22-25;
  9. სცსია, ფ. 16, აღწ. 1, N4459; გვ. 22-23;
  10. Кавказкий календарь, 1850;
  11. К. К. За 1916 г. Отд. Статистическое, გვ. 92;
  12. სცსია, ფ. 205, აღწ. 1, N305, გვ.2;
  13. სცსია, ფ. 205, აღწ. 1, N701, გვ.8;
  14. სცსია, ფ. 205, აღწ. 1, N344, გვ.6;
  15. სცსია, ფ. 205, აღწ. 1, N695, გვ.13-14;
  16. Кавказкий календарь, 1847;
  17. სცსია, ფ. 210, აღწ. 1, N94, გვ.17;
  18. სცსია, ფ. 210, აღწ. 1, N94, გვ.17;
  19. სცსია, ფ. 210, აღწ. 1, N94, გვ.17;
  20. სცსია, ფ. 5, აღწ. 6, N447, გვ.54;
  21. Н. Дункель-Велинг, Стат. Опис. Г. Тифлиса, отд. III, გვ. 53,  К. К. 1865;
  22. იქვე, გვ. 58-59;
  23. Документальная книга недвижимых имуществ по описанию 1885 г. 8 участок, отд. 1 и 9 участок, отд. I;
  24. Название улиц г. Тифлиса по алфавиту А до О, Гос. Арх. Грузии, ф. 192, оп. 6, дело N1920, გვ. 3;
  25. სცსია, ფ. 192, აღწ. 6, N273, გვ. 23-24;
  26. სცსია, ფ. 192, აღწ. 9, N1429, გვ.190, К. К. 1847, გვ. 158;
  27. არქეოგრაფიული კომისიის აქტები, ტ. 10, N 9, გვ. 9;
  28. სცსია, ფ. 192, აღწ. 6, N629, გვ. 35;
  29. პირველი წყალსაქაჩი ვერის ხიდის მიდამოებში დადგა სამსახურიდან გადამდგარმა გენერალმა ყორღანოვმა, წყალსაქაჩის მილების სიგრძე იყო 5,5 კმ და წყალს აწვდიდა 62 მოსახლეს, აგრეთვე იმ დროს გაშენებულ ალექსანდრეს ბაღს.
  30. აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთში და საერთოდ თბილისში ძველ ქუჩათა სახლები უმოწყალოდ იკარგება და ამ საქმის გამკითხავი ვერა და ვერ გამოუჩნდა. სანამ ჯერ კიდევ გვიან არაა, საჭიროა ჯეროვანი და გადამჭრელი ზომების მიღება.
    ამჟამად ჩუღურეთის ტერიტორიაზე ვეღარ შეხვდებით ვერც მექოთნეთა ქუჩასა და ვერც წყალსაწევის ქუჩას. დღეს მათი და ბევრ ამგვარ ქუჩათა სახლები თბილისის ისტორიაში ისმის როგორც ხმა ღაღადისა უდაბნოსა შინა...

  31. სცსია, ფ. 209, აღწ. 1, N506, გვ.8;
  32. სცსია, ფ. 209, აღწ. 1, N506, გვ.12;
  33. ЦГВИА, ф. ВУА, д. 19812;
  34. სცსია, ფ. 192, აღწ. 9, N629, გვ. 12;
  35. სცსია, ფ. 17, აღწ. 1, N8962, გვ. 67;
  36. სცსია, ფ. 5, აღწ. 6, N447, გვ. 1;
  37. Документальная книга недвижимых имуществ по описанию 1885 г. 8 участок, отд. I, გვ. 117-118;
  38. И. Евлахов, Тифлиские Караван-Сараи, Записки Ккавказского отд. Императорского Русского Географического о-ва, к. I, 1852, გვ. 167-183;
  39. Н. Дункель-Велинг, Стат. Опис. Г. Тифлиса, отд. III, გვ. 49;
  40. გ. გველესიანი, მოსახლეობა, თბილისი, 1957, გვ. 106, (საიუბილეო კრებული).  Ш. Чхетия, Тбилиси в XIX столетии, 1942, გვ. 142-166.

სტატიის ავტორი თეიმურაზ ბერიძე;

მასალა აღებულია წიგნიდან "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია"; თბილისი, 1977 წ. გამომცემლობა - მეცნიერება;

 

1 2



megobari saitebi

   

22.03.2015