გაი პლინიუს უფროსის ამოუხსნელი ცნობები
რა ბედი ეწია კარიანდელის ფაზისს?
როგორ მოვძებნოთ ქალაქი აია?
კოლხეთის უბის დაშრობის თარიღების ზღვრები
რას გვიამბობს ასურული წარწერები პრიზმული ქვის სტელებზე
არგონავტიკა, როგორც პონტოს აღმოსავლეთ კიდემდე პირველი მიღწევის ისტორია და თარიღები
ცნობების შეფასება გეოლოგიურ–არქოლოგიურ აღმოჩენათა შუქზე
გაი პლინიუს უფროსის ამოუხსნელი ცნობები
კარიანდელის შემდეგ საუკუნეები გადიოდა და აღარაფერი თქმულა ძველ კოლხეთზე მნიშვნელოვანი. პომპიონიუსის აღწერილობამ დაამოწმა კარიანდელისა და თვით პომპონიუსის ცნობების სისწორე. ხოლო ლათინელი მწერლის გ. პლინიუს უფროსის, სახელმოხვეჭილი მწიგნობრის, მკვლევარისა და ენციკლოპედისტის ცნობები, ხუთი თუ შვიდი საუკუნის შემდეგ განაგრძობს კარიანდელის შეწყვეტილი ისტორიის გაგრძელებას. პლინიუსი მრავალ ნაშრომთა შორის წერს „ბუნების ისტორიის“ 37 წიგნს, რომელთა შესადგენადაც იგი ორი ათასზე მეტი ნაშრომით სარგებლბს.
პლინიუსი კოლხეთზეც წერს. მისი კოლხეთის ისტორია პლინიუსის დროის კოლხეთის ისტორია არ არის. პლინიუსი გაცილებით ძველი ცნობებით სარგებლბს.
თავისი სიცოცხლის მანძილზე, როგორც მისივე ნაშრომებიდან ჩანს, პლინიუსი ასრულებდა სხვადასხვა სახელმწიფო მოვალეობას. იგი ყოფილა გერმანიაში მდგარი ცხენოსანთა კორპუსის უფროსი, ესპანეთის პროკურორი, მიზენთან მდგარი ფლოტის უფროსი და ა.შ. როგორც ყოფილი სამხედრო პირი, და რაც მისი ცნობებიდანაც ჩანს, იგი ყოფილა მეტად მკაცრი და პუნქტუალური. ეს ფაქტი ჩვენ იმდენად გვაინტერესებს, რამდენადაც განსაზღვრავს ჩვენს ნდობას მის მიერ მოცემული ცნობებისადმი.
„ბუნების ისტორიის“ მეექვსე წიგნის მეთორმეტე პარაგრაფში პლინიუსი წერს: „...შემდეგ არის კოლხების ტომი და უმშვენიერესი პონტოს მდინარეთაგან ფაზისი... სანაოსნო ხომალდებისათვის ...38500 ნაბიჯზე სურიამდე. შემდეგ დიდ მანძილზე მცირე ხომალდებისათვის.... მის ნაპირზე მდებარეობდა რამდენიმე ქალაქი, რომელთაგანაც უმშვენიერესი–ტინდარიდა, კირკეი, კინგი და შესართავთან ფაზისი...ამჟამად არსებობს მხოლოდ სურიი რომელიც წოდებული მდინარის სახელით, იმ ადგილას ერთვის ფასიდს, სადაც ის, როგორც ვთქვით, სანაოსნოა დიდი ხომალდებისთვის.“
ძველად ფაზისის სახელით ცნობილი იყო, რიონი ფოთიდან ვარციხამდე და ამას პლიუს ყვირილა ვარციხიდან შორაპნამდე. მოცემული ცნობის მიხედვით, სურიი, ცხადდება დიდი მნიშვნელობის ქალაქად, რამდენადაც იგი წარმოადგენდა დიდი ხომალდების უკანასკნელ მისადგომს. საჭიროა მისი ზუსტი და ბეჯითი ლოკალიზება.
ქ. სურიი ერემიანის მიერ გაიგივებულია სოფ. სვირთან, რასაც ნ. ლომოურიც უჭერს მხარს. მისი მდებარეობა ნაგულისხმევია შორაპანსა და სადგ. რიონს შორის, ახლანდელ სოფ. სვირთან. აქვე ინტერესს მოკლებული არ არის აღინიშნოს სვირ–სურიის ფილოლოგიურ მიმართებაზეც. სურ და სვირ ერთი და იგივე ძირის ორი ფორმაა. თანაც სურიი უფრო ძველი უნდა იყოს. მისი ძირი შენახულია გურიაში არსებული სურების მთების სახელწოდებაში, აგრეთვე სურების მთების მდინარის სახელში სუ+ფსა-სურ+ფსა. სვირ უფრო ახალია. იგი უნდა იყოს მიღებული სუ–ირ ფორმისაგან შემდეგნაირად: სუ–ირ›სეირ. შდრ. ხურჯინი›ხვირჯინი.
თუ მდ. ყვირილას პროფილს გავსინჯავთ ვარციხე–ზესტაფონის მონაკვეთზე, ადვილი შესამჩნევი იქნება, რომ აქ მდინარის რეჟიმი უნდა იცვლებოდეს იმ წერტილში, სადაც მდ. ყვირილას ერთვის პატარა მდინარეები: ძევრულა, ჩოლაური, ჩხარა და სხვები. საგულისხმოა რომ მდ. ყვირილას ქანობი ამ ადგილებიდან ქვემოთ იკლებს, მდორედ მიედინება. აქ, სწორედ ამ პატარა მდინარეთა შესართავში არის გარდამტეხი წერტილი მდინარის ჰიდროლოგიური რეჟიმისათვის და თუ პლინიუსის ცნობის დროის შემდეგ მდინარე ბევრად არ გადაწეულა იქით ან აქეთ, ქ. სურიის ადგილსამყოფელიც, შესართავების მახლობლად უნდა ყოფილიყო. მაგრამ, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყვირილის მარჯვენა ნაპირის სიმარღლე დაახლოებით 25–30 მეტრი ჩანს. რას ნიშნავს ეს?
ცნობილია, რომ მდინარეს გააჩნია ორი ნაპირის სხვადასხვა ტოპოგრაფიული სახე. ერთი ნაპირი ქმნის ჭალას, ხოლო მეორე კოდმეს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მდინარე მაღალ ნაპირს უფრო მედგრად აწვება და თხრის, ვიდრე დაბალს. მდინარის სიჩქარე მაღალ ნაპირთან მეტია, ვიდრე დაბალთან, სადაც წყლის სიღრმის პროპორციულად სიჩქარე მატულობს, ამიტომ დაბალ ნაპირთან წყალი ნალექს ტოვებს, ხოლო მაღალ ნაპირს ანგრევს და მიაქვს. ასე მოქმედებს იგი წლებისა და საუკუნეების განმავლობაში და ამგვარად მას შეუძლია შეიჭრას მაღალი ნაპირის სიღრმეში ასულ და ათასეულ მეტრობით. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირი მაღალია და ჩამონგრევის სიმაღლე 25 მ. მაინც არის. 25 მ. სიმაღლის ჩამონგრევა ისეთი მოცულობის მდინარეს, როგორიც ყვირილაა–დაახლოებით რამდენიმე ათეულ საუკუნეში შეუძლი. ხოლო 25 მ. კოდმის გაჩენა იმაზე მიუთითებს ამ რაიონის დამრეცი რეჟიმის გათვალისწინებისას, რომ მდინარეს დაახლოებით 2–3 კმ. მანძილი გადაუნაცვლებია მარცხიდან მარჯვნივ. ამრიგად, ამგვარი მონაცემებით, მდ. ყვირილა, ჯერ ერთი, ადრეულ ხანებში რიონის სწორ გაგრძელებას წარმოადგენდა და, ბუნებრივია, ხშირად რიონ–ყვირილას ეს სწორი მონაკვეთი ფაზისად ჩაითვლებოდა. ამის გარდა, მდ. ყვირილას შესართავების წერტილს დასავლეთისაკენ უნდა გადაეწია ან უნდა მიახლოვებოდა დღევანდელ სვირს. ამის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ სურიი ყვირილის რაიონთან დაშორებულ ქ. სურიის უფრო მკაცრ ლოკალიზებას, ამ რაიონში არქეოლოგიური გათხრები მოახდენს.
ახლა ისმის კითხვა: როგორ წავიკითხოთ პლინიუსის ტექსტი: „სანაოსნოა (ზღვიდან–ი.ღ.) დიდი ხომალდებისათვის 38 500 ნაბიჯზე... სურიამდე?“
ვცადოთ მისი წაკითხვა შებრუნებით: „სურიიდან ზღვამდე 38 500 ნაბიჯია“.
ეს არის დედააზრი პლინიუსის დღემდე აუხსნელი ცნობისა. ამ ცნობის მიხედვით მკვლევარი სურიიდან მდ. ცხენისწყლის შესართავთან ხვდება. ამრიგად, ზღვის პირი ამ ცნობის დროს–აქ მდგარა.
აქვე საყურადღებოა შემდეგი: კვინისწყლის შესართავიდან დაყოლებით მარცხენა შენაკადების ჩქარი დინებები თანდათან მარჯვნივ აგდებენ მდ. რიონს. ჩვენ ვნახეთ, რომ სულორთან ის უკვე 1–1.5–2 კმ–ით დაშორდა ყოფილ სადინარს. ცხენისწყლის მახლობლად კი იგი 7–8 კმ–ითაა დაშორებული. მაგრამ როგორც კი ცხენისწყალს მიუახლოვდება, რიონი მაშინვე მარცხნივ უხვევს, რადგან ცხენისწყალი აწვება მარჯვნიდან. შემდეგ კი, ქვემოთ, შორდება რა ცხენისწყლის მოქმედების ზონას, ისევ მიიწევს მარჯვნივ და ზღვის დღევანდელ ნაპირთან იგი მთებს 18–20 კმ–ით შორდება. ამრიგად, რიონ–ცხენისწყლის შესართავთან არსებული ბუნებრივი პირობები თავის როლს თამაშობს. რაც შეეხება პლინიუსის ცნობას, იგი ორი ათასი წლის მაინც არის (პლინიუსი ცხოვრობდა ჩვ.წ. 23–79 წლებში). ამ ხნის გავლის შემდეგ ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში, აქ ისევ ვხედავთ პორტს, ე. წ. „ორპირს“. რაც ორი მდინარის შენაკადს შორის არსებულ ხმელეთს უნდა ნიშნავდეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის 1930 წლის რუკაზე ორპირი ჯერ კიდევ საჯავახოსთან არის აღნიშნული, როგორც პორტი. მაგრამ ფოთის რკინიგზის გაყვანის შემდეგ (XIX საუკუნის მიწურულს) მან მუშაობა შეწყვიტა დაა მას შემდეგ, მაგ....1956 წლის რუკაზე იგი უკვე აღარ ჩანს.
ამრიგად, პლინიუსის ზღვისპირი არ ემთხვევა ფს. სკილაქსის ზღვისპირს. მათ შორის დაშორება 22 კმ უდრის, რაც იმას ნიშნავს, რომ განვლილ პერიოდში სანაპირო ხაზი დასავლეთით გადაადგილებულა. ფაზისის პროფილის მიხედვით ზღვის დონე 22 კმ–ით დაცემულა. ზღვა გაცლია სულორს. ამრიგად, ცნობა გვაძლევს ზღვის დინამიკის სურათს განვლილ პერიოდში–კარიანდელის ცნობის დროიდან, ვიდრე პლინიუსის ცნობის დრომდე. ზღვის ახალი გაჩერების ადგილზე, მდ. ფაზისის შესართავთან კვლავ აუშენებიათ ახალი პორტი–ქალაქი ფაზისი II. ხოლო ძველი ქ. ფაზისი I ისევ ძველ შესართავთან, გურია–აჭარის მთების კალთებზე დარჩა. ახალი ფაზისი კი უნდა დამთხვეოდა დაახლოებით დღევანდელ საჯავახოს. აღსანიშნავია, რომ იმ წყაროების წარმოშობის დროს, რომლითაც პლინიუსს უსარგებლია, პორტი–ქალაქი ფაზისი II უკვე გაშენებული და გამშვენიერებულიც ყოფილა. მაშასადამე, ზღვა აქ დიდი ხნით შეჩერებულა, რადგან ქალაქს გაშენებაც მოუსწრია და გამშვენებაც. რატომ დაერქვა ამ მეორე ახალ ქალაქს ფაზისი? იმიტომ, რომ პორტი ქალაქი აქაც მდ. ფაზისის შესართავში უნდა ყოფილიყო გაშენებული და მისივე სახელი და ემფორიონის მარკა შეინარჩუნა.
იბადება კითხვა, რამდენი ქ. ფაზისი შეიძლებოდა ყოფილიყო გაშენებული ამ სამოდათორმეტ კილომეტრ მანძილზე სულორსა და ფოთს შორის? თუ სახელწოდება „ფაზისი“ მდინარის შესართავსა და პორტზე იყო დამოკიდებული, ხოლო ზღვა ხშირად იწევდა დასავლეთისკენ?
ამ კითხვას საპასუხოდ რაიმე ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება ჯერჯერობით. შესაძლებელია გამოითქვას მხოლოდ ჰიპოთეზები.
ამრიგად, ჩვენთვის დღეს უკვე ცნობილია „ფაზისის“ პირველი ადგილმდებარეობა. „ფაზისი II”–ის ადგილმდებარეობა და ის, რომ თუ დღემდე მხოლოდ არიანეს ფაზისი–ფოთი არსებობდა, ახლა უკვე არსებობს სხვა ფაზისები: ფაზისი I და ფაზისი II. თუ არიანსე ფაზისს, იმავე გვიანდელი ხანის ფოთს IV ფაზისად მივიღებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებობდა კიდევ ერთი, ფაზისი – III. იგი უნდა არსებულიყო პატარა ფოთში, ათი–თორმეტი კმ–ის ზემოთ ძველი ფოთიდან, მდინარის მიყოლებით. მართლაც, ამ შესაძლებლობას სრულიად ეთანხმება მდინარის პროფილი და ტოპო–გეოგრაფიული მონაცემები.
ზღვის დაწევის პროცესში სულორიდან ცხენისწყლამდე, ანუ ფაზის I–დან ფაზის I I–მდე, მოკლე მანძილისა და ტოპო–გეოგრაფიული მონაცემების მიხედვით პორტი აღარ უნდა აშენებულიყო სადმე. თანაც აქ 10–15 კმ–ის რადიუსით ფაზის I I გაუწევდა მომსახურებას ყველა გემს. უფრო შორს კი სხვაგვარი სურათი გვაქვს. თუ სულორსა და ცხენისწყალს შორის დაბლობს ისეთი დაქანება აქვს, რომ დონის ერთი მეტრის დაკლებით ზღვა ერთ კმ–ზე შორდება ნაპირს, აქ, ტეხურის ქვემოთ, პატარა ფოთამდე, დონის 1 მეტრით დაწევის დროს ზღვა 10–12 კმ–ზე ტოვებს ნაპირს. ამას კი „ზღვის სირბილი“ შეიძლება ვუწოდეთ. ამ უბანზე პორტისა და ქალაქის აშენება აღარ მოხერხდებოდა ზღვის სწრაფი უკუქცევის გამო. მეორე მხრივ, ახლად გათავისუფლებული მიწები აუთვისებელი იქნებოდა და ხშირი პორტების აგებას საჭიროება აღარ მოითხოვდა, ვინაიდან აუთვისებელ რაიონებს აღარ შეეძლოთ დაეტვირთათ გემები სხვადასხვა მასალით. ამგვარია ვითარება ფაზის II–დან ფაზის III–მდე და ფაზის III–დან ფაზის IV–მდეც. ამრიგად, სულორ–ფოთის უბანზე 3–4 პორტის არსებობა ყოფილა შესაძლებელი.
გვაქვს თუ არა ფაზის I I–ის ლოკალიზაციისათვის სხა რაიმე ცნობები? პლინიუსი იძლევა მეორე და მესამე ცნობასაც. პირველი ასეთია: „ფასიდი აბსარონიდან დაშორებულია 70.000 ნაბიჯით“. 70 000 ნაბიჯი უდრის 103.5 კმ–ს. აბსარონიდან (ჭოროხიდან) ფოთამდე დღეს 70 კმ–ზე ნაკლებია, ე.ი. როგორც ვხედავთ, პლინიუსის ცნობის შედგენისას მათ შორის 103.5 კმ ყოფილა. როგორ ავხსნათ ეს? საქმე ისაა, რომ ფაზისი I I, პლინიუსის ფაზისი, მაშინ უფრო ზევით იდგა, ვიდრე დღევანდელი ფოთი, მაგრამ უფრო ქვემოთ, ვიდრე კარიანდელის ფაზისი I. თუ აბსარონიდან სკილაქსის რუკაზე გადავზომავთ 103.5 კმ–ს, პირდაპირ მივალთ სწორედ ფაზის II–თან, პლინიუსის ფაზისთან. ეს ადგილი კი ემთხვევა სწორედ სურიიდან გადმოზომილ 57 კმ–ს, ე.ი. ქ. სურიი აბსარონიდან (103.5+57=) 160 კმ–ზე მდგარა. ამით ქ. სურიის ლოკალიზაციის სისწორე მეორე წყაროდანაც მტკიცდება. მანძილთა ასეთი სიზუსტით დამთხვევა იმას ნიშნავს, რომ მოცემული განზომილებანი დიდი ხნის განმავლობაში მრავალჯერ შემოწმებული ყოფილა.
პლინიუსი, როგორც ყოფილი სამხედრო პირი, ზუსტია. იგი თავის ერთ ცნობას მეორით უმაგრებს ზურგს, მეორეს კი–მესამით. მისი მესამე ცნობა ასეთია: „13...სვანეთის მხარეში, კავკასიონიდან მოედინება მდინარე ხობი.... შემდეგ სებასტოპოლის 100.000 ნაბიჯზე ფაზისიდან“, ე.ი. ფაზის I I–დან სოხუმამდე პლინიუსი 100.000 ნაბიჯს ანუ 148 კმ. ანგარიშობს. დღეს კი ფოთსა და სოხუმს შორის 110 კმ–ია. სად მივყავართ 148 კმ–ს? – ზუსტად ფაზის I I–ში! ამრიგად, ჩვენ მოგვეპოვება სამი ურყევი კოორდინატი, სხივურად განლაგებული, რომელთა ცენტრშიც მოთავსებულია ფაზის II.
ზემო ხსენებულის შემდეგ, ვფიქრობთ, ქალაქების ფაზის I, ფაზის II და სურიია ამიერიდან მკაცრად და ზუსტადაა ლოკალიზებული.
რაც შეეხება არიანეს, პტოლომეუს და სხვათა განზომილებებს, მათ ვერ ვენდობით. არიანე ორ ცნობას წერდა–ერთს სახალხოდ, მეორეს კი საიდუმლოს–იმპერატორისათვის. მის ცნობებს ისიც უკარგავს ფასს, რომ ხუთ მდინარეს ერთი და იმავე მანძილით დაშორებულად აცხადებს ერთმანეთისაგან. მდინარეების ამგვარი განაწილება დღევანდელი ტექნიკის პირობებშიც შეუძლებელია, ხოლო ბუნებრივად ხომ წარმოუდგენელია. რაც შეეხება სხვა მწერლებს, ისინი ხშირად დამახინჯებულ ცნობებს იძლევიან, თანაც ჩვენი საკითხისათვის საჭირო მასალებს ნაკლებად გვამცნობენ (პტოლემაიოსი, ანონიმი, სტ. ბიზანტიელი და სხვა).
რა ბედი ეწია კარიანდელის ფაზისს?
როგორც დავინახეთ, კარიანდელის ფაზისი–ფაზის I, ერთხელ გამოჩნდა ისტორიულ ცნობებში და შემდეგ გაქრა, დაიკარგა, დავიწყებას მიეცა მისი სახელი. თითქმის 26–24 საუკუნე გადის და მასზე აღარაფერი თქმულა.
როგორ მოხდა, რომ ასე უგზო–უკვლოდ დაიკარგა ასეთი დიდი ქალაქი, რომელსაც ისტორიამ თავისი დიდება მიაგო?
ზემოთქმულის შემდეგ მკითხველისათვის ცნობილია, რომ ფაზის I–ის მახლობლად, რამდენიმე საუკუნის შემდეგ ოციოდე კილომეტრის მანძილზე აშენებულა მეორე, ახალი ფაზის II, კვლავ საზღვაო ქალაქი–პორტი, „უმშვენიერესი“ სხვა ქალაქთა შორის. ხომ არ გამოიწვია ამ ახალმა გარემოებამ ძველი ფაზისის დაცემა და განადგურება?!
სკილაქსის ფაზისს კოლხეთში ისეთი სტრატეგიული ადგილი ეჭირა და ეკონომიური პოტენციალი ქონდა, რომ მეორე ფაზისის–ახალი პორტის გაშენება–გაძლიერება მას ვერ დასცემდა. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ ფაზისს კვლავ რჩებოდა სანაოსნო მაგისტრალი მდ. ფაზისის სახით და აგრეთვე ძველი პორტი. ახალ პორტ–ფაზისს II–ს შეეძლო სახელი წაერთმია მისთვის, ხოლო ძლიერება კი არა. ახალ ფაზისს შეეძლო (და ეს ასეც უნდა მომხდარიყო) ძველი სახელწოდების (მარკის) წაღება, საქმიანობის შემცირებით; მხოლოდ მისი დაცემა, განადგურება კი არა, მაშინ სად წავიდა ეს ქალაქი? რა ბედი წევია ფაზის პირველს? ამაზე პასუხს ისევ პლინიუსი გვაძლევს:
„მაგრამ ყველაზე სახელოვნად ითვლებოდა აია, 15 000 ნაბიჯზე ზღვიდან, იმ ადგილას, სადაც ფაზისს ჩაედინება სხვადასხვა მხრიდან დიდი მდინარეები, ჰიპი დაკიანეი“.
მაშასადამე, კიდევ ყოფილა კოლხეთში ერთი და ისიც ყველაზე უკეთესი, ყველაზე სახელოვანი ქალაქი–აია, ზღვიდან, უკანვე, ისევ სულორში მივყავართ, იქ, სადაც წინათ ფაზის I დავტოვეთ. ამრიგად, სადაც ფაზის I დავკარგეთ, იქ ახლა „აია“ დაგვხვდა. აია ხომ ძველისძველი, მითიურად მიჩნეული ქალაქია?! რას უნდა ნიშნავდეს ეს?
ირკვევა მეტად საინტერესო ისტორია ფაზის I–ისა და აია ქალაქის. ისტორიის სარბიელიდან დროებით გამქრალი ფაზის I და ახლად აღმოჩენილი აია ქალაქი ერთი და იმავე კოლხური ქალაქის სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ხალხების შერქმეული სახელწოდებებია.
ხსნის თუ არა ფაზის I დაკარგვა აია ქალაქის გამოჩენის საიდუმლოებასაც?
დაუშვებელი როდია ერთ ადგილას ორი ქალაქის არსებობა. იმ დროში, ასე ახლოს ერთმანეთთან ორი ქალაქის მდებარეობაც საეჭვოდ არ გვეჩვენება. შესაძლებელია, ფაზისი–როგორც პორტული ქალაქის ნაწილი–უფრო დაბლა მდებარეობდა, ხოლო ქ. აიას აკროპოლი და არისტოკრატიული ფენა–უფრო ზევით, მაღალ ადგილზე. მაგრამ ამგვარი დაცალკევებისათვის ეჭვს ის ბადებს, რომ როცა ერთი დიდი ქალაქი იკარგება, მეორე ჩნდება; აქვე საფუძვლიანად ჩანს ასეთი ვარაუდიც: როცა ქ. ფაზისი გახდა სავაჭრო, ზღვის უკუსვლასთან დაკავშირებით, ბერძენთა ემფორიონი ფაზისი (მარკა, რეკლამა) გადაყვა ახალ ადგილზე აღმოცენებულ ემფორიონს, ხოლო ძველ ადგილს ეს სახელი ვეღარ შერჩებოდა შემდეგ მოსაზრებათა გამო: ჯერ ერთი, ფაზისი რომ ორივე ქალაქისათვის დაერქმიათ, ეს გაუგებრობას გამოიწვევდა, თუ რომელ ფაზისზე იყო საუბარი, ფაზის I თუ ფაზისს II–ზე. მეორეც: ახალ პორტ–ქალაქს უფრო მეტად სჭირდებოდა ბერძნული სამყაროსათვის კარგად ცნობილი მდინარის მოსახელე „ფაზისი“, ვიდრე აიას. ამრიგად, უნდა ვიფიქროთ, რომ აია ქალაქს სახელწოდება აია ქონდა მანამ, ვიდრე ბერძნები აქ სავაჭრო ემფორიონს გახსნიდნენ და აიას პორტს მდინარე ფაზისის მოსახელე ქალაქად აქცევდნენ, ხოლო შემდეგ, ზღვის პირის გადაწევასთან დაკავშირებით, ამავე ემფორიონს გადასწევდნენ უკან, 22 კმ–ზე. ამას თან მოყვებოდა აია–ფაზის I–ში არსებული ბერძენი ვაჭრების მიგრაცია ფაზისს II–ში, რის შედეგადაც ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ აღდგენილ იქნა ქ. აია–ფაზის I–ის ძველი სახელწოდება აია.
ამრიგად, შეიძლება გამოვთქვათ მოსაზრება, რომ ქ. აიასა და ქ. ფაზის I–ს სახელწოდებები სწორედ ემფორიონის მოქმედების მასშტაბების გაზრდის მიხედვით ერქვა. მაშინ, როცა ბერძნებს ემფორიონი ქონდათ აიასთან, ფაზისის სახელი ისეთი გაზრდილია, რომ ქალაქის ძველი სახელწოდება დაუჩრდილავს ამ ქალაქთან ახლოს და შესაძლოა მის ფარგლებში გარკვეულად შემავალ პორტ–ემფორიონის სახელწოდებას. ხოლო მას შემდეგ, რაც ზღვა და ემფორიონი უკან გადადის, ფაზისის სახელი დავიწყებას ეძლევა და პლინიუსი აქ უკვე მხოლოდ დიდ ქალაქ აიას ხედავს.
საიდან ვიცით, რომ სახელწოდება აია უფრო ძველია და ფაზისი შემდეგი დროის მოვლენაა? საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ძვ. წ. XIV საუკუნის ცნობები ლაპარაკობენ იმაზე, რომ აია არსებობდა ამ დროს. მაგ. „აია სესონქროსის დროიდან მოკიდებული ურყევად დგასო“. ვისი და რა დროს ნათქვამიც არ უნდა იყოს ეს ფრაზე–იგი თავის ღირებულებას მაინც არ კარგავს.
აქ საინტერესოა ის, რომ იდიომურ გამოთქმას „აია დგას“ ვერ იტყოდნენ მხარეზე, ქვეყანაზე. ამგვარ გამოთქმებს იტყვიან ქალაქზე. ამბობენ: ეს ქალაქი კარგ ადგილზე დგას, ეს ემფორიონი ფაზისზე დგას, მაგრამ არ იტყვიან: კოლხეთი დგას, ან სკვითია დგას. ამრიგად, ამ შემთხვევაში ლაპარაკია აია ქალაქზე. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს აია მხოლოდ ქალაქს ეწოდებოდა და მხარეს კი არა. პირიქით, ამ წიგნის ავტორის, ირაკლი ღამბაშიძის აზრით, ქ. აია ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ ხშირად კოლხეთს აია–კოლხეთს, ანუ აიას კოლხეთს ეძახნენ. ამაზე მიგვითითებს დღეს მრავალ მეგრულ გვარში შერჩენილი ელემენტი აია: ბარკალ–აია, ცომ–აია, ბასილ–აია და მრავალი სხვა, რომელთა მიხედვითაც ვასკვნით, რომ აია მხარესაც ერქვა. ეს გვარები კი სწორედ ისეა ნაწარმოები, როგორც მაგ., წერეთ–ელი, მაჩაბ–ელი. ელი ნიშნავს წარმომავლობას, ასევე აია ნიშნავს გვარებში იმას, რომ ეს გვარი აიას მხარეს ეკუთვნოდა. ამასთანავე ქ. აია და აია მხარეს ერთნაირი სახელწოდება სახელდების კოლხურ წესზე მიუთითებს. მეგრელები თბილისსაც და ქართლსაც დღესაც ქართ–ს ეძახიან (აკ. ურუშაძე).
ქ. აიას სხვა ცნობაც ახსენებს. სტრაბონი წერს: „ფაზისთან ხომ მიგვასწავლიან ქ. აიას.“ აქვე ჩვენი მოსაზრებისთვის საინტერესოა, რომ კარიანდელი 180 სტადიონზე მდებარე დიდ ბარბაროსულ ქალაქს აღნიშნავს და იქვე ზღვის პირას მდგარ ქ. აიაზე არაფერს ამბობს. პლინიუსი კი, პირიქით, აიას ახსენებს, ხოლო დაკარგულ ფაზისზე დუმს. როგორ დავადგინოთ აქ ორ ქალაქთან გვაქვს საქმე თუ ერთთან?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ პრობლემას ორგვარ ახსნას უძებნიან. ჩვენ საკმაო მოსაზრებები გამოვთქვით ამ საკითხზე. აქ უნდა ვთქვათ შემდეგი: რომ მიზანშეწონილობა მოითხოვს ვაღიაროთ, აია ქვეყანაცაა და ქალაქიც. თანაც აია ქვეყანას ქალაქის გაძლიერების შემდეგ უნდა შერქმეოდა.
ზოგიერთი ცნობით, აია ზღაპრული ქალაქია, მითიური, არარსებული ქალაქი. ფანტასტიკურობის საბანში აია გახვია იმ გარემოებამ, რომ როცა ემფორიონი დაარსდა აქ, მაშინ დაიკარგა იგი ისტორიულ წყაროებში, როგორც რეალურად არსებული ქალაქი, ხოლო, როცა აღდგა, უკვე არსებობდნენ სხვა ძლიერი ქალაქები, რომელთა შორის ფაზისს II იყო უმშვენიერესი. ამ უკანასკნელისათვის კონკურენციის გაწევა აია ქალაქს უკვე აღარ შეეძლო. ამასთანავე მხედველობაში მისაღებია ის გარემოებაც, რომ აია ქალაქს იმ დროისათვის, როცა იგი ფაზისად იწოდებოდა, თავისი დიდება საერთაშორისო ასპარეზზე გაქონდა როგორც ფაზისის დიდება. ეს უკანასკნელი თან წაიღო ზღვამ 22 კმ–ზე, იქ სადაც აღმოცენდა ფაზისს II. ამის გარდა, საერთაშორისო ბაზარზე აია დაჩრდილა მეორე ქალაქ ფაზისის, ემფორიონის აღმავალმა ძლიერებამ.
ასეთია ძველი ქალაქების–აიასა და ფაზის I ურთიერთობათა ისტორია, რომელიც ზემოთ დასახელებულ მწერალთა ცნობებში დღემდე გაუხსნელი რჩებოდა.
როგორ მოვძებნოთ ქალაქი აია?
ალბათ შენიშნავდით, რომ ჩვენ ვეძებთ პლინიუსის დაკარგულ ქალაქს, რომელიც მან თავდაპირველად სულორში გვიჩვენა. სად არის დღეს ეს ქალაქი?
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს ახლახან აღმოჩენილი ძველისძველი უცნობი ქალაქი–ბერძნული, ეგვიპტური, კოლხური ძეგლებითა და განძეულობით სავსე. დიდი ხნის დაკარგული და ახლახან აღმოჩენილი ქალაქი ერთ ადგილზე, ერთი სოფლის ფარგლებში ძევს სულორსა და ვანში.
იბადება კითხვა, ხომ არ არის ვანში აღმოჩენილი ძველი ქალაქი, ისტორიულად სულორში დაკარგული „აია“ ქალაქი?
ასეთი აზრი დაებადა ყველას, ვინც ამ ნაშრომის რეალობას მკაცრად ჩაუკვირდა. ირაკლი ღამბაშიძე ფიქრობს, რომ აია–ფაზისი–ვანი – ესენი ერთი და იმავე ქალაქის სხვადასხვა დროის სახელებია. ამასთანავე აია–ვანი ტერიტორიულად ერთმანეთს ემთხვევა. ჰიპოთეზა–„აია–ვანი“ თავისთავად ახალი არ არის. იგი ხშირად იყო გამოთქმული ცალკეული „მიხვედრების“ სახით. სამიოდე წლის წინათ წერილიც დაიწერა, მაგრამ ამ ჰიპოთეზის მეცნიერული არგუმენტაციისათვის საბუთები არ მოგვეპოვებოდა, ხოლო ა. როდოსელის ცნობებით აია ქალაქის ლოკალიზება მიუღწეველია, რადგანაც III საუკუნის პოეტს აპოლონ როდოსელს ძვ. წ. XIV საუკუნის ქალაქი ნახული არ ექნებოდა, ხოლო III საუკუნეში ზღვა დღევანდელ პატარა ფოთში მაინც იქნებოდა და იქიდან გადაზომილი 22 კმ სულორს ვერ მისწვდებოდა. ასე, რომ ა. როდოსელისეული რეკოგნოსცირებით აია ქალაქის ლოკალიზაცია შეუძლებელი და მიუღწეველი იქნებოდა.
უკვე ავღნიშნეთ, რომ აია და ფაზისი I შესაძლებელია ტერიტორიულად არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. ეს უნდა მომხდარიყო იმიტომ, რომ პორტი ფაზისი მდინარეზე მდებარეობდა, ხოლო აია, შესაძებელია, ძირითადად სადმე მაღლობ ადგილზე ყოფილიყო გაშენებული. ყოველივე ეს ხელს არ უშლიდათ აია, ისევე როგორც მისი პორტი, მოენათლათ ფაზისად, მდინარის სახელის მიხედვით, მაგრამ ამ ორ ერთეულს მაინც უნდა ქონოდა რაღაც სადერმარკაციო ხაზი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერენ ცნობები: „Около фасиса показывают город Эю“ (გვ. 53, სტრაბონი), ასევე ქართულ თარგმანშიც „აიას ხომ მიუთითებენ ქალაქ ფაზისთან“) (სტრაბონის გეოგრაფიის თ. ყაუხჩიშვილისეული თარგმანი, გვ. 70.2.39). ამ გამოთქმებში ისიცაა საყურადღებო, რომ აია აქ ქალაქადაა მიჩნეული და არა მხარედ.
სტრაბონის რუსული წიგნის რედაქტორი ასეთ ახსნას აძლევს აიას: Эя. город на реке Фазисб в Колхиде.“ (სტრაბონი, გვ. 941). ეს კომენტარი არცთუ ისე ნათელი და უშეცდომოა. აია ზედ მდინარეზე კი არ არსებულა, არამედ მდ. ფაზისზე არსებულ ქ. ფაზისთან ახლოს. ახლოს არ ნიშნავს იმას, რომ აია ზედ მდ. ფაზისზე მდებარეობდა.
სავარაუდოდ, აია–ფაზისს ეკავა დიდი ტერიტორია და გარკვეულად ახლოს მდინარე ფაზისთან იყო პორტი–ფაზისი, ხოლო აია–უფრო მოშორებით იდგა მდინარისაგან. ყოველ შემთხვევაში, ერთი ნათელია–აია–ქალაქი უნდა მოიძებნოს ფაზის I–ის ახლოს, მდინარისაგან მოშორებით.
კოლხეთის უბის დაშრობის თარიღების ზღვრები
ამჟამად ჩვენს ხელში არსებული მასალის მიხედვით ძნელი სათქმელია თუ როდის დაიწყო ზღვის დონის დაცემა, ზღვის უკანსვლა და კოლხეთის უბის დაშრობა. ზოგი მწერლის (სტრაბონი, პომპონიუსი, პტოლემაიოსი და სხვა.) ცნობებით ვიცით, რომ სანაპირო ხაზი, პირველ საუკუნეებში ჩვ. წ. დღევანდელი ფოთის მერიდიანიდან 5–7 კმ–ზე აღმოსავლეთით იდგა, ამრიგად, სანაპირო ხაზი დაახლოებით ემთხვეოდა დღევანდელ სანაპირო ხაზს. სანაპირო ხაზის მეტი სიზუსტით ძიებას ჩვენთვის ამჟამად არა აქვს არსებითი მნიშვნელობა და უბის ამოვსების უახლოეს ზღვრად შეიძლება პირველი საუკუნეები იყოს მიღებული (I-I საუკუნეები).
რაც შეეხება ზედა ზღვარს, ანუ იმ თარიღს, რომლის დროსაც უბე იწყებდა დაშრობას–აქ გვესახება რამდენიმე შესაძლებლობა. თუ კარიანდელის ცნობას კარიანდელის დროის ცნობად მივიღებთ, მაშინ უბე ძვ. წ.–ით 350 წლებში ისევ სულორში მდგარა. მას დაშრობა 2.5 საუკუნეში მოუსწრია ე.ი. მატერიკს წელიწადში საშუალოდ 260 მეტრი მოუმატებია და საუკუნეში ზღვის დონე 16 მეტრამდე დაცემულა. ასეთი ტემპებით ზღვის უკუქცევა უთუოდ მიიპყრობდა ადგილობრივ და უცხოელ გეოგრაფთა და ისტორიკოსთა ყურადღებას და მათგან უთუოდ რაიმე ცნობები დარჩებოდა, მაგრამ ამგვარი ცნობა არსად არ მიოპოვება. საერთოდ, ასეთი რამ წარმოუდგენელია ფიზიკურად და მას არც ჰიდროლოგიური ანალოგია მოეძებნება. ამრიგად, ზღვის ასეთი უკუქცევა გაუმართლებელია.
უნდა ვიფიქროთ, რომ ზღვის უკუქცევა გაცილებით ნელი ტემპით ხდებოდა.
ზღვას რომ ასე სწრაფად არ დაუწევია, ამის დასამოწმებლად შეიძლება პინდარეს (522–442) ცნობა მოვიტანოთ. იგი გადმოგვცემს, რომ ერთ–ერთი მდიდარი, გართობის მოყვარული პირი–აგროსის ტირანის ძმა–კსენოკრატე დასასვენებლად და დროის სატარებლად „...ზაფხულობით ფაზისისაკენ მიცურავდა და ზამთრობით კი ნილოსის ნაპირებისკენო...“ (ნავკრატისისკენო). ეს ცნობა გვაძლევს კოლხეთის უბის არსებობის გასაღებსა და თარიღს.
თუ ამ დროისათვის, ე.ი. VI საუკუნეში ძვ. წ. ზღვა უკვე ფოთთან იდგა, ხოლო ჭაობიანი და ტბორებიანი მისი მიდამოები ციებასა და მალარიას ავრცელებდა, და ეს მეტად იგრძნობოდა ზაფხულის ხაშმიან კოლხეთში, მაშინ სენოკრატე რატომ მივიდოდა დასასვენებლად ისეთ ფაზისზე, ასეთ კოლხეთში? მაგრამ ამ დროისათვის ზღვა სულორთან უნდა მდგარიყო, ხოლო სულორთან მდგარი ზღვა და აქვე ახლოს ტყიანი მთები, მართლაც რომ შესანიშნავ ჰავას შექმნიდა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ მაღალმთიან კურორტებს შორის ბახმაროს ჰავა საუკეთესო ჰავას წარმოადგენს, რადგანაც აქ ყველაზე მეტადაა შეზავებული მთის წიწვიანი ტყეების ჰაერი და შავი ზღვის ჰაეროვანი მასები. საფიქრებელია, რომ VI საუკუნეში სწორედ ამგვარი ჰავა გვექნებოდა სულორთან და მის ახლომახლო რაიონებში. აქვე უხვად იქნებოდა ხოხობი („ფასიანუს“ ბერძნულად) და სხვა, რომლებზე სანადიროდაც, ალბათ, ხშირად დადიოდა დროსტარების მოყვარული კსენოკრატე.
ამრიგად, სავარაუდოა, რომ (ძვ. წ.) 470–450 წლებში, კოლხეთის უბის სანაპირო ხაზი ჯერ ისევ სულორში ან მასთან ახლოს მაინც იდგას. ამრიგად, შეიძლება მივიღოთ, რომ უბის დაშრობა ამ ხანებში სავარაუდებელი არაა; რა დროა ეს უფრო ზუსტად? ცნობას გადმოგვცემს პინდარე (522–442). მწერლის მიერ გამოყენებული ზმნა „მიცურავდა“ წარსულშია, ე.ი. კსენოკრატე 500 (ძვ. წ.) წლამდე არსებული პირი ჩანს, წინააღმდეგ შემთხვევაში პინდარე იტყოდა მიცურავსო და არა მიცურავდაო. ასე რომ (ძვ. წ.) V საუკუნეში ზღვა ისევ სულორთან ან მის ახლოს დგას და არსებობს უბე.
ინტერესს მოკლებული არ არის ვიცოდეთ ჰიპოთეზები კოლხეთის უბის არსებობის შესახებ. ზოგიერთი გეოლოგი უბის არსებობას მიაწერს III, II ათასწლეულებს (მაგ. დოც. გუჯაბიძე). ზოგს ეს პერიოდი უფრო შორს (VIII-VII ათასწლეულები) გადააქვს. ვინაიდან ჩვენ შორეულ ეპოქებს არ ვიკვლევთ და ვკმაყოფლდებით III და II ათასწლეულებს აქეთ მომხდარი ამბებით, ამიტომ პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბე არსებობდა უხსოვარი დროიდან, ძვ. წ. აღრიცხვის პირველი ათასწლეულის მე–5 მე–4 საუკუნემდე, რომლის შემდეგაც მას დაუწყვია დაშრობა და ეს პროცესი პირველ საუკუნემდე დასრულებულა.
კოლხეთის უბის დაშრობის თარიღების ზღვრები
ამჟამად ჩვენს ხელში არსებული მასალის მიხედვით ძნელი სათქმელია თუ როდის დაიწყო ზღვის დონის დაცემა, ზღვის უკანსვლა და კოლხეთის უბის დაშრობა. ზოგი მწერლის (სტრაბონი, პომპონიუსი, პტოლემაიოსი და სხვა.) ცნობებით ვიცით, რომ სანაპირო ხაზი, პირველ საუკუნეებში ჩვ. წ. დღევანდელი ფოთის მერიდიანიდან 5–7 კმ–ზე აღმოსავლეთით იდგა, ამრიგად, სანაპირო ხაზი დაახლოებით ემთხვეოდა დღევანდელ სანაპირო ხაზს. სანაპირო ხაზის მეტი სიზუსტით ძიებას ჩვენთვის ამჟამად არა აქვს არსებითი მნიშვნელობა და უბის ამოვსების უახლოეს ზღვრად შეიძლება პირველი საუკუნეები იყოს მიღებული (I-I საუკუნეები).
რაც შეეხება ზედა ზღვარს, ანუ იმ თარიღს, რომლის დროსაც უბე იწყებდა დაშრობას–აქ გვესახება რამდენიმე შესაძლებლობა. თუ კარიანდელის ცნობას კარიანდელის დროის ცნობად მივიღებთ, მაშინ უბე ძვ. წ.–ით 350 წლებში ისევ სულორში მდგარა. მას დაშრობა 2.5 საუკუნეში მოუსწრია ე.ი. მატერიკს წელიწადში საშუალოდ 260 მეტრი მოუმატებია და საუკუნეში ზღვის დონე 16 მეტრამდე დაცემულა. ასეთი ტემპებით ზღვის უკუქცევა უთუოდ მიიპყრობდა ადგილობრივ და უცხოელ გეოგრაფთა და ისტორიკოსთა ყურადღებას და მათგან უთუოდ რაიმე ცნობები დარჩებოდა, მაგრამ ამგვარი ცნობა არსად არ მიოპოვება. საერთოდ, ასეთი რამ წარმოუდგენელია ფიზიკურად და მას არც ჰიდროლოგიური ანალოგია მოეძებნება. ამრიგად, ზღვის ასეთი უკუქცევა გაუმართლებელია.
უნდა ვიფიქროთ, რომ ზღვის უკუქცევა გაცილებით ნელი ტემპით ხდებოდა.
ზღვას რომ ასე სწრაფად არ დაუწევია, ამის დასამოწმებლად შეიძლება პინდარეს (522–442) ცნობა მოვიტანოთ. იგი გადმოგვცემს, რომ ერთ–ერთი მდიდარი, გართობის მოყვარული პირი–აგროსის ტირანის ძმა–კსენოკრატე დასასვენებლად და დროის სატარებლად „...ზაფხულობით ფაზისისაკენ მიცურავდა და ზამთრობით კი ნილოსის ნაპირებისკენო...“ (ნავკრატისისკენო). ეს ცნობა გვაძლევს კოლხეთის უბის არსებობის გასაღებსა და თარიღს.
თუ ამ დროისათვის, ე.ი. VI საუკუნეში ძვ. წ. ზღვა უკვე ფოთთან იდგა, ხოლო ჭაობიანი და ტბორებიანი მისი მიდამოები ციებასა და მალარიას ავრცელებდა, და ეს მეტად იგრძნობოდა ზაფხულის ხაშმიან კოლხეთში, მაშინ სენოკრატე რატომ მივიდოდა დასასვენებლად ისეთ ფაზისზე, ასეთ კოლხეთში? მაგრამ ამ დროისათვის ზღვა სულორთან უნდა მდგარიყო, ხოლო სულორთან მდგარი ზღვა და აქვე ახლოს ტყიანი მთები, მართლაც რომ შესანიშნავ ჰავას შექმნიდა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ მაღალმთიან კურორტებს შორის ბახმაროს ჰავა საუკეთესო ჰავას წარმოადგენს, რადგანაც აქ ყველაზე მეტადაა შეზავებული მთის წიწვიანი ტყეების ჰაერი და შავი ზღვის ჰაეროვანი მასები. საფიქრებელია, რომ VI საუკუნეში სწორედ ამგვარი ჰავა გვექნებოდა სულორთან და მის ახლომახლო რაიონებში. აქვე უხვად იქნებოდა ხოხობი („ფასიანუს“ ბერძნულად) და სხვა, რომლებზე სანადიროდაც, ალბათ, ხშირად დადიოდა დროსტარების მოყვარული კსენოკრატე.
ამრიგად, სავარაუდოა, რომ (ძვ. წ.) 470–450 წლებში, კოლხეთის უბის სანაპირო ხაზი ჯერ ისევ სულორში ან მასთან ახლოს მაინც იდგას. ამრიგად, შეიძლება მივიღოთ, რომ უბის დაშრობა ამ ხანებში სავარაუდებელი არაა; რა დროა ეს უფრო ზუსტად? ცნობას გადმოგვცემს პინდარე (522–442). მწერლის მიერ გამოყენებული ზმნა „მიცურავდა“ წარსულშია, ე.ი. კსენოკრატე 500 (ძვ. წ.) წლამდე არსებული პირი ჩანს, წინააღმდეგ შემთხვევაში პინდარე იტყოდა მიცურავსო და არა მიცურავდაო. ასე რომ (ძვ. წ.) V საუკუნეში ზღვა ისევ სულორთან ან მის ახლოს დგას და არსებობს უბე.
ინტერესს მოკლებული არ არის ვიცოდეთ ჰიპოთეზები კოლხეთის უბის არსებობის შესახებ. ზოგიერთი გეოლოგი უბის არსებობას მიაწერს III, II ათასწლეულებს (მაგ. დოც. გუჯაბიძე). ზოგს ეს პერიოდი უფრო შორს (VIII-VII ათასწლეულები) გადააქვს. ვინაიდან ჩვენ შორეულ ეპოქებს არ ვიკვლევთ და ვკმაყოფლდებით III და II ათასწლეულებს აქეთ მომხდარი ამბებით, ამიტომ პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უბე არსებობდა უხსოვარი დროიდან, ძვ. წ. აღრიცხვის პირველი ათასწლეულის მე–5 მე–4 საუკუნემდე, რომლის შემდეგაც მას დაუწყვია დაშრობა და ეს პროცესი პირველ საუკუნემდე დასრულებულა.
რას გვიამბობს ასურული წარწერები პრიზმული ქვის სტელებზე
რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნდა აკად. გ. მელიქიშვილის ნაშრომი „შავი ზღა ძვ. წ. XIII-XII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წარწერებში“, სადაც მოხსენებულია ასურეთის მეფეების ტიგლეათფილისერი I–ის (1115–1077) და თუქულთი–ნინურტასის (1245–1209) და სხვათა მიერ წარმოებული ომების აღწერა. აღწერა ამოკვეთილია პრიზმული ქვის სტელებზე; წარწერა ლურსმულია. ტექსტში რამდენჯერმეა მოხსენიებული „ზედა ზღვა“, „დიდი ზღვა“ და „კოლხები“ (gil-hi), ანუ კოლხების გაერთიანება, რომელიც დაიანელთა და ნაირის ქვეყნების მოკავშირეებად გამოდიოდა ასურელთა წინააღმდეგ. დღეს გარკვეულია, „ზედა ზღვა“ ან „დიდი ზღვა“ ასურელთათვის შავი ზღვაა. ხოლო ამ ხსენებულ ომში ასურელებს დაუსწრიათ თავდასხვა და გაუმარჯვიათ: კოლხთა ჯარებს ომისთვის ვერ მოუსწრიათ, ვერ მიშველებიან მოკავშირეებს და უკან გამობრუნებულან; გამარჯვებულ ასურთა მეფეს ეულად დარჩენილი და გვიან გამოცხადებული კოლხთა ჯარისათვის „ზედა ზღვამდე“ ანუ „დიდ ზღვამდე“ უდევნია.
მნიშვნელოვანია ის, რასაც ქვაზე ამოკვეთილი დოკუმენტი გვიმტკიცებს: კერძოდ, მეცამეტე საუკუნეში, ანუ II ათასწლეულში შავი ზღვის ნაპირზე კოლხთა ტომების გაერთიანება არსებულა, როგოც მკვიდრი მოსახლეობა, ხოლო მათ გარკვეული ურთიერთობა ქონდათ მეზობელ ხალხებთან. კოლხები თურმე აქტიურ როლს თამაშობდნენ სამხედრო მოქმედებათა ამ თეატრზე (Театр военных действий).
რაც შეეხება იმას, თუ ასურელთათვის რომელი ზღვაა ზედა ან დიდი ზღვა, ამ მხრივ, ის შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის აუზის ზემოთ ასურელებს არასოდეს მიუღწევიათ. ეს იყო მათთვის ყველაზე ზედა მხარე. ამრიგად, მტკიცდება, რომ კოლხები უკვე XIII საუკუნეში ყოფილან აქაური მკვიდრნი. ეს ფაქტი საბოლოოდ სპობს ზოგიერთ მკვლევართა მოსაზრებებს, რომლებიც აშენებულია ზოგიერთი ძველი მწერლის ბუნდოვან და არაზუსტ ცნობაზე. თითქოს კოლხები ცხოვრობდნენ სხვადასხვა ადგილებში. მწერალთაგან ბევრმა არც კი იცოდა, სად იყო სკვითია და სად კოლხეთი. ზოგიც ვერ არჩევდა აღმოსავლეთს ჩრდილო–აღმოსავლეთისაგან.
ამრიგად, ასურული წარწერები კიდევ ერთ ურყევ კოორდინატს იძლევა თარიღის საკითხში. მართლია, ეს თარიღი ეხება კოლხთა არსებობას XIII საუკუნეში შავი ზღვის აუზში, მაგრამ კოლხეთი, კოლხები და კოლხეთის უბე ხომ ერთმანეთს ავსებენ და ამდენად ამ საკითხის გაშუქება გარკვეულად გვაახლოებს უბის გარშემო დასახლებულ კოლხთა ისტორიასთან XIII საუკუნეში ჩვ. წ.
არგონავტიკა, როგორც პონტოს აღმოსავლეთ კიდემდე პირველი მიღწევის ისტორია და თარიღები
ხშირად, კოლხეთის ისტორიის ძირითად და მეორეხარისხოვან მომენტებს არგონავტების თქმულებებიდან კრეფდნენ. კოლხეთის ისტორია არგონავტების თქმულების რეალიებზე იყო დამოკიდებული. ხოლო არგონავტიკა ხშირად მითიურ–ფანტასტიკურ თქმულებადაც იყო მიჩნეული და ამიტომაც კოლხეთის ისტორიის საკითხებიც–მითიურ–ფანტასტიკური და დაუჯერებელი ეჩვენებოდა ყველას. ზოგი მეცნიერი მასში რეალურობის მარცვლებსაც კი ვერ ხედავდა: „უგუნურება იქნებოდა მოგვენდომებინა აიას გეოგრაფიულად დადგენაო“. თუმცა ამის საპირისპირო აზრებიც არაერთხელ გამოთქმულა. ამ მხრივ თქმულების რეალურ საფუძველს თავგამოდებით იცავენ სტრაბონი და სხვანი.
დღესდღეობით მდგომარეობა შეიცვალა. კოლხეთის ისტორიისათვის მეტად ფასეული არქეოლოგიური და ისტორიული მასალები იქნა მოპოვებული და ამან სრულიად სხვაგვარი შუქით გაანათა არგონავტიკის ცალკეული ეპიზოდები. არგონავტების კოლხეთში მოგზაურობას მყარი და მეცნიერული საფუძვლები უფრო და უფრო ემატება.
ამ მხრივ საგულისხმო ისაა, თუ არგონავტიკაში მოცემული კოლხეთის უბის აღწერილობა როგორ ემთხვევა კარიანდელის, პომპონიუსის, პლინიუსისა და სხვათა ცნობებს. ამ დამთხვევების შემდეგ ძნელია იმის მტკიცება, თითქოს არგონავტთა ამბავი მითია და მეტი არაფერიო. არგონავტების თქმულებით კი აია–კოლხეთში ან უფრო ზუსტად აია–სულორში ბერძენ მეზღვარუთა პირველი ჩასვლა მომხდარა XIV-XIII საუკუნეების მიჯნაზე. ეს დათარიღება დამაჯერებელი კოორდინატებითაა დამტკიცებული. ასეთებია: ტროელთა და აქაველთა ომის თარიღი, ანუ ომი ბოსფორ–ჰელეს–პონტის (დარდანელი) სრუტეებზე ბატონობისათვის (1240 წ.) მცენიერები თვლიან, რომ ტროას ომში მონაწილე გმირები არგონავტების შვილები და შვილიშვილები არიან; არგონავტების მეორე თაობა, უდრის 1240+2×30 წ.=1300 წ.
ამრიგად, არგოს მოგზაურობა და მისი თარიღიც ცნობილი ხდება.
რაც შეეხება თქმულების ზოგიერთ, თითქოს და მითიურ ელემენტს, აქ ის შეიძლება ვთქვათ, რომ ბევრი მათგანი მითიური არც არის სწორი გააზრების შემთხვევაში. ავიღოთ სპილენძის ჩლიქებიანი ხარი. საერთოდ, ეს ელემენტი ფანტასტიკურ მარცვალსაც კი არ შეიცავს. საქმე ისაა, რომ არც ერთ ზღაპრულ თუ ფანტასტიკურ ამბავში არ გვხვდება სპილენძის ჩლიქებიანი ხარი. მაშინ, არგონავტთა თითქოს რეალურ მგზავრობაში რატომ შევიდა იგი? ბერძენი მეზღვაურები, რომლებიც უცხო ქვეყანაში მოვიდნენ, იმ დროისათვის არ იცნობდნენ სპილენძის გამოყენებას ხარების ნალებისათვის. შესაძლებელია საბერძნეთში სპილენძის დამუშავება უფრო დაბალ დონეზე იდგა, ან ყოველ შემთხვევაში, ხარებს იქ არ ჭედავდნენე სპილენძი. აქ კი მათ თვალში სპილენძის ჩლიქებიანმა ხარებმა ფანტასტიკური სამოსელი შეისხა.
ასევე რკინის ან ბრინჯაოს გუთანი და სახნისი ხომ შეიძლებოდა პირველად ენახათ განცვიფრებულ ბერძნებს?
ამგვარად უნდა აიხსნას ისიც, რომ კოლხეთის უბის კონკრეტული აღწერილობა, რომელიც აპოლონ როდოსელს არ უნახავს, წარმოადგენს ნამდვილად არსებული უბის რეალურ აღწერილობას, შეთვისებულს არგონავტიკის ავტორის მიერ ხალხური თქმულებიდან და დამოწმებულს სხვა ბერძენ მწერალთა მიერ.
საფიქრებელია, რომ ასეთ შორ მანძილზე პირველად მოწყობილმა უთუოდ დიდმა ბერძნულმა ექსპედიციამ, ზღაპრული და ლეგენდარული სახე მიიღო შემდეგ ხალხის წარმოდგენაში. იმიტომ, რომ იგი ჩაწვდა ხალხის გულსა და სულს, როგოც პირველი, ძნელი შორეული მგზავრობა დიდი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირებისაკენ.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგ მეცნიერს მიაჩნია, თითქოს ბერძნები რამდენიმე ხომალდით მოგზაურობდნენ და არა ერთით. ეს არსებითი მნიშვნელობის ფაქტი არ არის ბერძენთა პირველი ნავიგაციის ისტორისაათვის. თუმცა, შესაძლებელია, ასეთი რამ მართლაც მომხდარიყო.
რაც შეეხება არგონავტთა უკან დაბრუნების მარშრუტებს, ეს უკვე შემდეგი საუკუნეების პოეტების არამეცნიერული, თავისუფალი ფანტაზიის ვერსიებია, რომლებიც იქმნებოდა მომდევნო საუკუნეებში, ბერძნების ნავიგაციის განვითარების შესაბამისად და მას ხალხურ არგონავტიკასთან საერთო არაფერი აქვს. რატომ გვგონია ასე? იმიტომ, რომ ისტრით დაბრუნება ან ვოლგით ჩრდილოეთზე შემოვლა გიბრალტარზე, ტრიტონზე და სხვა ამგვარი შესაძლებელი მარშრუტების წამოყენება შეეძლო მხოლოდ გეოგრაფიის სრულებით უცოდინარ ხალხს. აპოლონ როდოსელს ყველაფერი შეუკრებია, რაც მართლი ჭორი გაუგონია, მაგრამ ალბათ, ასე სჯობდა, ვიდრე რამე დაეკარგა მომავალი თაობებისთვის.
ბერძნული ელემენტი კოლხეთის ქალაქებში და ბერძენ–ქართველთა ურთიერთობის თარიღები ნიშნავს თუ არა ემფორიონის დაარსებას რომელიმე ქალაქში ბერძნების იქ შესვლის თარიღს?
ემფორიონების, როგორც სავაჭრო ორგანიზაციების ჩამოყალიბება შედეგია კოლონიზაციის ერთ–ერთ სტაბილურ ფაზაში შესვლისა და იმდენად გაძლიერების, რომ უკვე კომერციული მოსაზრებები მოითხოვენ კოლონიელთა ერთგვარ ურთიერთგაგებას, რაც მათ კავშირსა და შეთანხმებებში ვლინდება. კოლონიათა კოორდინაციის საკითხი შეიძლებოდა წამოჭრილიყო მხოლოდ საკმაო პერიოდის განვლის შემდეგ, კოლონიების მასიურად გავრცელების შედაგად. სავაჭრო ორგანიზაციების ჩამოყალიბება უნდა დაწყებულიყო გვიან, ვიდრე ერთეული კოლონიების აღმოცენება, როდესაც მათი მისწრაფებები უნებლიედ ერთმანეთის მოქმედებებში გადაიზარდნენ და საჭირო გახდებოდა კომერციული რეგულირება.
ამრიგად, ემფორიონის გახსნა ფაზისში არ ნიშნავს ბერძნების იქ შესვლის თარიღს, ისინი შესაძლებელია საუკუნეებით ადრე ყოფილიყვნენ ჩასული ფაზისში და შეგუებული იქაურ გარემოს. აქედან გამომდინარე, ბერძნების გამოჩენა ფაზისში და აია დედაქალაქში გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე თემისტაგორა მილეტელი დაარსებდა ქ. ფაზისში ემფორიონს. შესაძლებელია გვეთქვა, რომ არგონავტთა ექსპედიციას კოლხეთში ქონდა თავისი ნავიგაციური პრელუდიები ცალკეული ან ჯგუფური ჩასვლების კოლხეთში სახმელეთო გზით. საფიქრებელია, რომ ამგვარმა მოგზაურებმა ჩამოიტანეს კოლხეთის ლეგენდარული ამბების ცნობა საბერძნეთში და ამის გამო მოხდა არგონავტთა გაგზავნაც.
საფიქრებელია, რომ ქ. აიას სახელს ჯერ კიდევ არგონავტთა წინამორბედი მოგზაურები ჩაიტანდნენ ფაზისის ფორმით საბერძნეთში. რის შედეგადაც აია მოინათლებოდა ფასის სახელწოდებით, ამავე სახელის მდინარის მიხედვით. ამრიგად, ქ. ფაზისის, როგორც ბერძნული ემფორიონის დაარსება, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, თითქოს ამ ხნიდან იწყება ქართველ–ბერძენთა შორის ურთიერთობა.
ჩვენ ვიცით, თუ როდის დაარსდა ქ. მილეტი, ეს კი ზოგიერთ მეცნიერს საშუალებას აძლევს მიახლოებით განსაზღვროს ქ. ფაზისის დაარსების დროც.
მილეტი დაარსდა 1087 წ. ძვ. .წ. ე.ი. II ათასწლეულის დასასრულს. ამრიგად, სულორთან ქ. ფაზისის არსებობის დასაწყისს ამაზე ადრე არ ფიქრობენ (სვიდას ქრონიკის მიხედვით).
საყურადღებოა, რომ ყველა ძირითადი თუ მეორეხარისხოვანი ცნობა, რომლებიც კოლხეთს შეეხება, II და I ათასწლებულების ცნობებს იძლევიან. მაგალითად, სხვადასხვა გადმოცემებით, ჯერ კიდევ ადრეულ ხანებში, კოლხეთში აეტის მამას უმეფია (I). მას ჩვილი ბავშვები აეტი და კირკე, საბერძნეთში დაუტოვებია, თვით კი ტახტის მისაღებად კოლხეთში წამოსულა. როცა აეტი დავაჟკაცებულა, ისიც კოლხეთში წასულა. შემდეგ მას იქ კოლხთა მეფედ ვხედავთ. აეტის მამის გამეფების წინ, საბერძნეთსა და კოლხეთის ურთიერთობას, ალბათ, ორი–სამი თაობის ისტორია მაინც ექნებოდა.
ამრგიად, თუ არგონავტთა ლაშქრობას XIV საუკუნის ძეგლად მივიღებთ, მაშინ მას უნდა დაემატოს აეტის წლოვანება პლიუს მისი მამის წლოვანება მაინც. ამის მიხედვით კი ბერძენ–კოლხთა ურთერთობა კიდევ უფრო შორეულ ხანაში გადაიწევს, ძვ. წ. XV-XVI საუკუნეებში. ასე რომ ფაზისის დაარსება შესაძლოა კიდეც უსწრებდა ქ. მილეთის გახსნას.
ბერძნული ელემენტი ხშირად ნაკლები იყო ქართულ ელემენტებზე ამა თუ იმ ქალაქში. ამიტომაც ამ ქალაქბს ერქვათ ქართული სახელწოდებები. მაგრამ მაშინ, როცა ამა თუ იმ აქალაქში ბერძნები ხსნიდნენ ემფორიონებს, მათ ბერძნული მისამართი სჭირდებოდათ და ქალაქებს ეძლეოდათ ბერძნული დასახელება. ვფიქრობთ, ამის მაგალითებია ბერძნულ–ქართულ დასახლებათა მონაცვლეობა (არქეოპოლისი–ნაქალაქევი, როდოპოლისი–ვარდციხე), შერწყმა (პალიასტომბი›პალიასტომი=ძველი ტბა. სადაც ძველი (პალიას) ბერძნულია, ტომბი (ტბა) კი ქართველური და ა. შ.
ბერძნების კოლხეთში არსებობას ყოველთვის არ შეეძლო გამოეწვია ქალაქთა ელინიზაცია. ამას ამტკიცებს ჰეროდოტეს ერთი ცნობა, რომელიც ტროელთა ომამდელ ხანას შეეხება:
„...ომის შემდეგ ელინები (სპარსელთა სიტყვით) გახდნენ დამნაშავენი მეორე უსამართლობაში, ვინაიდან მისცურეს რა გრძელ ხომალდზე კოლხეთის ეიაში და მდ. ფაზისთან მათ შეასრულეს რა ყოველი საქმენი, რის გულისათვის მოვიდნენ აქ. და მოიტაცეს იქიდან მეფის ასული მედეა. კოლხთა მეფემ გაგზავნა ელადაში მოენენი და მოითხოვა დაკმაყოფილება ქალიშვილის მოტაცებისათვის და მისი უკან დაბრუნება, მაგრამ ელინებმა ამაზე უპასუხეს, რომ იმიათაც არ დააკმაყოფილეს ელინები, აგრეთვე იოს მოტაცებისათვის. ამის გამო არც ჩვენ მოგცემთ თქვენი სარჩელის დაკმაყოფილებასო.“
როგორც ვხედავთ, ქ. ეია იხსენიება როგორც დედაქალაქი, რომელიც ამ ცნობის მიხედვით სრულებითაც არაა ლინიზებული, როგორც ფორმით ისე შემადგენლობით. ხოლო ქ. ფაზისი აქ სრულებითაც არ იხსენიება. ვფიქრობთ, ჰეროდოტეს ეს ცნობა ეკუთვნის ამ დროს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობს ემფორიონები და არც ქ. ფაზისი ელინიური სახით, მილეტელის მიერ ჩამოყალიბებული ემფორიონით. ბერძენ–ქართველთა ურთიერთობის ამ ეტაპსა და ფონზე ხელთ გვრჩება წმინდა კოლხური ქალაქი ეია, რომელიც დომინირებს დედაქალაქივით.
ამრიგად კოლხებს როგორც ადგილობრივ მობინადრეებს, ქონდათ თავიანთი ქალაქები; მხოლოდ ბერძენი კოლონიზატორების იქ ჩასვლის შემდეგ ეწოდა ზოგიერთ მათგანს „ელინიზებული“, საფიქრებელია,–იქ, სადაც მოაწყვეს სავაჭრო წერტილები.
ცნობების შეფასება გეოლოგიურ–არქოლოგიურ აღმოჩენათა შუქზე
თავისთავად ინტერესს ბადებს, ის, თუ როგორ დამოკიდებულებაში აღმოჩნდება კოლხეთის ყურის შესახებ მოცემული ცნობები იმ მასალებთან, რომლებიც მოპოვებულია გეოლოგიის, ისტორიული გეოგრაფიისა და არქეოლოგიის მიერ.
როგორც ზემოთ დავინახეთ, ისტორიული გეოგრაფია პრინციპში ეთანხმება იმ თვალსაზრისს, რომ კოლხეთის უბე არსებობდა. ამრიგად, ისტორიული გეოგრაფიის თვალსაზრისით ძველ მწერალთა ცნობების სისწორე განმტკიცებულია. რაც შეეხება გეოლოგიურ თვალსაზრისს, იგი შეუძლებელად არ თვლის კოლხეთის უბის არსებობას (აკად. პ. გამყრელიძე). იგი მას მიაჩნია შესაძლო და ჩვეულებრივ მოვლენად. ამრიგად, ამ ორი მეცნიერული დარგის თვალსაზრისი არ ეწინააღმდეგება ისტორიული და ფილოლოგიური ცნობების მონაცემებს.
განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ არქეოლოგიურ მონაცემთა გათვალისწინება.
საქართველოს არქეოლოგიას ამ უბის მდებარეობის ფარგლებში ნაწარმოები აქვს ზოგიერთი გათხრა და გამოტანილი აქვს დასკვნები. როგორ ურთიერთობაშია ეს დასკვნები კოლხეთის უბის არსებობის თვალსაზრისით? უნდა აღინიშნოს, რომ პრინციპულად არქეოლოგიური მონაცემებიც არ ეწინააღმდეგება მწერალთა ცნობით აღდგენილ კოლხეთის უბეს. მაგრამ ეს ძირითადი მონაცემებით. ზოგიერთი მეორეხარისხოვანი არქეოლოგიური მონაცემი კი არსებით როლს ვერ თამაშობენ უბის არსებობის წინააღმდეგ. ძირითადი მონაცემები კი უნდა ეთანხმებოდნენ თვალსაზრისს, რომ იმ ისტორიული ხანის მონაკვეთზე, რომელსაც ჩვენ ვეხებით, კოლხეთის დაბლობის ფარგლებში 2–3 ათას კვ. კმ–ზე +30 ჰორიზონტალს დაბლა მაინც ძველი ძეგლების აღმოჩენა (რომელიც შეიძლება დათარიღდეს ძვ. წ. IV-III საუკუნით ადრეული თარიღით) გამორიცხულად უნდა ჩაითვალოს.
ამ ფართობის ფარგლებში არ არსებობს იმის შემდეგდროინდელი (რაიმე ნაგებობანი, ძეგლები ან ნანგრევები). რაც აქედან ზღვა უკუიქცა, მით უმეტეს. კატეგორიულად შეუძლებელია ძიება რაიმე ძველი ძეგლებისა, ჩვენი წელთაღრიცხვის ადრეულ დროს რომ ეხმაურებოდეს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ დღევანდელი ფოთის ზღვისპირი უახლესი წარმონაქმნია. დღევანდელი ფოთიდან მეათე–მეთხუთმეტე კილომეტრზე ჯერ კიდევ ჩვენს ხანაში ზღვა იდგა. აქ მხოლოდ შეიძლება შეგვხვდეს საზღვაო პორტისათვის საჭირო ნივთები და ნაგებობანი უახლესი დროის, რაც შეეხება კულტურულ ფენებს: მიწამწვარს, ნახშირს, ნაცარს, თიხის ნატეხებს და სხვათ, ზღვა მიმოაბნევს განუსაზღვრელ მანძილზე. ამდენად იგი ყველგან შეიძლება აღმოჩნდეს. ამას გარდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ უბეს, მით უმეტეს, კავკასიის კოლხეთის უბეს, უთუოდ ექნებოდა კუნძულები, სადაც კოლხები სათევზაოდ ან სანადიროდ მიდიოდნენ, მწყემსები ცევხლს ანათებბნენ და სხვადასხვა ნივთებს მიმოაბნევდნენ. ასეთი კულტურული ფენები შესაძლებელია ამ ფართობში მართლაც მოინახოს, მაგრამ რაიმე სერიოზული ნაგებობის ნაშთების აღმოჩენა აქ შეუძლებელია.
ახლა გადავიდეთ არქეოლოგიურ მონაპოვართა დისლოკაციის საკითხზე. არქეოლოგიურ მონაპოვართა მასალები მოგვაქვს ოთ. ლორთქიფანიძის წიგნებიდან.
კოლხეთის დაბლობზე. მაღლაკთან აღმოჩენილია ძვ. წ. VI საუკუნის ქვე–სამარხი, ბანოჯასთან ძვ. წ. VIII-VII საუკუნეთა კულტურული ფენები, ჭოგნართან ადრე ანტიკური და ელინიური ხანის კულტურული ფენები, კუტაიის ტერიტორიაზე ძვ. წ. VI-V საუკუნეებში ორმოსამარხები, გაბაშვილის გორაზე VIII-VI საუკუნეთა კულტურული ფენები, ვანში–VI-V საუკუნეთა ძეგლები. ასევე მთის ძირში, ბუკნარში და ჩაქვში კულტურული ფენებია აღმოჩენილი, ტრაპეზუნდში 757–756 წლების ძეგლები. ყველა ადგილი მდებარეობს ზღვის დონიდან 50–80 მ. სიმაღლეზე ზევით. ამასთანავე, არც ერთი მათგანი არ ხვდება +30 ჰორიზონტალს დაბლა და შიგნით. ამრიგად, ჩვენი არქეოლოგიის ძირიდათი და საამაყო აღმოჩენები წრეს არტყამს ჩვენს უბეს და მის ფარგლებში არ შედიან. სწორედ ამიტომაც არის, რომ ო. ლორთქიფანიძე ასე აცხადებს თავის წიგნში „ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი“ (1966).
„შავი ზღვის კოლხიდურ სანაპიროზე VI-IV საუკუნეებში ჩვ. წ. როგორც უკვე აღინიშნა, სრულებით ვერ ვნახულობთ ვერავითარ ნიშნებს იმ ცვლილებებისა ადგილოვბრივ მცხოვრებლებში, რომლებიც საზოგადოდ თან ახლავს ბერძნული კოლონიზაციის პროცესს“.
ამრიგად, ეს ისეთი აღმოჩენებია, რომლებიც დათარიღებულია სწორედ იმ დროით, როცა კოლხეთს უბე ქონდა. მაგრამ ჩვენ მოგვეპოვება ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც სწორედ +30 ჰორიზონტალს შიგნით ხვდება. როგორი აღმოჩენებია ესენი? ამ აღმოჩენათა უმრავლესი ნაწილი თარიღდება გვიანდელი ხანით, იმ დროით, როცა აქ უკვე ზღვა აღარ არსებობდა და შესაძლებელი იყო კულტურული ფენებისა და ძეგლების წარმოშობა. მოვყვეთ თვით არქეოლოგიურ ფაქტებს: ჭალადიდის სატყეოს ნამოსახლარზე მოპოვებულია სინოპური ამფორის ძირი III-II საუკუნის ძვ. წ. ჭალადიდი ფოთიდან 20––22 კმ–ზეა დაშორებული.
ასევე, პატარა ფოთთან და ჭალადიდთთან არქეოლოგიამ აღმოაჩინა ჩვ. წ. (V, Vi საუკუნეების და ა.შ.) ძეგლები (იხ. ოთ. ლორთქიფანიძე, ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი. თბ., 1966, გვ. 52). როგორც ვხედავთ, +30 ჰორიზონტალს შიგნით მოხვედრილი ძეგლები გვიანდელი ხანისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ხანებში იქ ზღვა აღარ იყო და ცხოვრება შეიძლებოდა.
არქეოლოგიის თვალსაზრისით ფოთის მიდამოებში აღმოჩენილი ჰერაკლეას ამფორათა ფრაგმენტები თარიღდება IV-III საუკუნეებით, თუ აქ, ფოთის მიდამოებში ნაგულისხმევია დღევანდელი ფოთიდან 10–15 კმ, მაშინ ამგვარი დათარიღება საეჭვოა, რადგან ჯერ კიდევ აგათიას დროიდან (VI საუკუნე) ფოთის მიდამოებს 7 კმ. მატერიკი შეემატა.
რით ავხსნათ ეს? აქ ვფიქრობთ, ან არქეოლოგიურ დათარიღებათა უზუსტობასთან გვაქვს საქმე, ან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უბეში არსებული კუნძულების გამოყენებასთან კოლხთა მიერ.
ამრიგად, III, II, I ათასწლებულებში აქ რიონის ხევი ამოვსებული არ უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისს იზიარებს შაფრანოვიც.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვასკვნით:
ძვ. წ. მესამე და პირველ ათასწლეულებში პონტოს აღმოსავლეთ სანაპიროზე უბე ქონდა. იგი ფარავდა დიდ ტერიტორიას დღევანდელი ფოთის მერიდიანიდან ვანის რაიონის სოფ. ციხესულორის ძირამდე, გურია–აჭარის მთების ბორცვებზე რომ არის გაშენებული. უბეს ეჭირა +40 ჰორიზონტალს დაბალა მოქცეული ფართობი, დაახლოებით 3–45 ათას კვ. კმ–ის რაოდენობით.
უბის თავში პონტოს ერთვოდა მდ. ფაზისი, რომელსაც მაშინ მოქონდა ათჯერ მეტი ნამდნარ ყინულთა წყალი. მეტი წყალი მოქონდა ფაზისის შენაკადებსაც. ყველა მდინარის ნამდნარი წყალი ერთვოდა ფაზისს და უშუალოდ ჩაედინებოდა რა უბეში, ქმნიდა მოძრავ უბე–ნაკადს. ფაზისის ეს წყალუხვობა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ბერძნებს. ამიტომაც უწოდეს მას „ჩვენ მდინარეთა მეუფე“, „ევრაზიის გამყოფი ფაზისი“ და სხვა.
დღეს კოლხეთის სანაპირო მხოლოდ 180 კმ–ია. აქ ჭირს დატევა იმ ტომებისა და ხალხების, რომლებიც ძველ ბერძენ მწერალთა ცნობებით აქ ცხოვრობდა. მაგრამ თუ კოლხეთის ყურეს ვიგულისხმებთ, მაშინ გამოდის 300 კმ–იანი სიგრძის სანაპირო, სადაც უფრო თავისუფლად მოთავსდებოდა ყველა ტომი.
ამოიხსნა, თუ რა არის „აია“ და სად მდებარეობდა იგი. საშუალება მოგვეცა ვთქვათ, რომ აია აღარ არის ის ტერმინი, რომლის „გეოგრაფიული ძიება უგუნურება იქნებოდა“. (აკ. ურუშაძის, დას. ნაშრომი, გვ8.) აია აღარ არის „Мифическая эя.“ მითიური სახელი „აია“ რეალური ქალაქი გახდა. მისი ადგილმდებარეობა დადგენილია. გაირკვა ქ. ფაზისის ადგილმდებარეობები. აღმოჩნდა, რომ ფაზის I არის აია ქალაქის საზღვაო პორტი–ქალაქი. გაირკვა მათი ურთიერთობანი და გაირკვა გამოთქმა: „აიას ხომ ქ. ფაზისთან მიგვასწავლიანო.“ ქ. ფაზისი აია ქალაქის ნაპირზე, წყლის პირად მდგარა.
გამოჩნდა რიგით მეორე ფაზისი, „უმშვენიერესი“ ქალაქი.
განმტკიცდა არსებული მოსაზრება ქ. სურიისა და სვირის იდენტურობის შესახებ.
დადასტურდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი–არგონავტების ყოფნა აია–კოლხეთში. კოლხეთის ბუნებრივ და ეკონომიურ პირობებს სხვაგვარი გაგება და ელფერი მიეცა. რის შემდეგაც აღარაა გასაკვირი, თუ რატომ მოისწრაფოდნენ ბერძნები კოლხეთისაკენ.
ვფიქრობთ, რომ პონტოს აღმოსავლეთი სანაპიროს ისტორიული სინამდვილე, მოგივანებით, მაგრამ მაინც აღსდგა, ამიერიდან ზღვარი დაედო კოლხური ტომების „უმისამართო ძიებას“, კოლხთა ნამდვილი საბინადრო მონახულია. საბოლოოდ, საჭიროა გავნაცხადოთ, რომ ყოველივე ზემოთქმული ობიექტურად გამომდინარეობს ძველ ავტორთა ფაქტობრივი მონაცემებიდან.
ასეთია ძველი კოლხეთის რეალური სახე.
სტატიის ავტორი – ირაკლი ღამბაშიძე;
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „„მნათობი“, 1961წ.
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;
|