ახალქალაქი ჯავახეთისაი

1 2

ფალავანდიშვილი, რომელიც ქალაქის აღებისას ტყვედ ჩავარდა. მან რუსებს სამსახური შესთავაზა და კაპიტნობა მიიღო. მთავრობამ და მოხელეებმა მისგან მამულების დიდი ნაწილი შეისყიდეს, სანჯაყბეგობაზე კი უარი უთხრეს.
1829 წლის 14 სექტემბერს ადრიანოპოლში დადებული ზავის თანახმად რუსეთმა შეიერთა ფოთი, ახალციხე და ახალქალაქი. რუსეთის მფლობელობაში გაერთიანდა სამცხე-საათაბაგოს ერთი ნაწილი.
გამაჰმადიანებული მესხების აყრის სამზადისი პასკევიჩმა დაიწყო ახალციხის აღებისთანავე, 1828 წლის აგვისტოში. რუს მოხელეთა მიზნები გასაგები გახდა, როცა პასკევიჩმა არ მიიღო მესხეთიდან ადრე გაქცეული თავადაზნაურობის თხოვნა, არ დაუბრუნა მათ ქართველ მეფეთა ნაწყალობევი ძველი მამულები და არ მისცა საშუალება დაცლილ მიწებზე ქართლიდან და იმერეთიდან თავისი ხალხი ჩაესახლებინათ. ადრიანოპოლის ხელშეკრულების XIII მუხლით, გადასახლება-გადმოსახხლების დრო განსაზღვრული იყო 18 თვით. გამაჰმადიანებული მესხები ჩქარობდნენ მამულების გაყიდვას. სამცხე-ჯავახეთი რუს მოხელეებზე და ვაჭრებზე იყიდებოდა გროშებად. მუთი-ბეგ ფალავანდიშვილმა ჯავახეთის 29 სოფელი 3.600 მანეთად მიჰყიდა ხაზინას. მურჯახეთი იყიდა ყარქისალოვმა, პრტენა - სახპასოვმა, ნაქალაქევი - კონანოვმა, გოგაშენი კი სომხურმა ეკლესიამ შეისყიდა.
ომის პროცესში ოსმალური პროპაგანდისა და რუსეთის „ქრისტიანული“ პოლიტიკის შედეგად, სამხრეთ საქართველოს მკვიდრი, გამუსლიმებული მოსახლეობის დიდი ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა. სამართლიანობა მოითხოვდა, რომ განთავისუფლებული ადგილები მიეცათ ქართული მოსახლეობისათვის, რომელსაც საკმაო მიწები არ გააჩნდა. 1926 წელს მთავრობისადმი მოხსენებაში ივანე ჯავახიმვილი წერდა „1828 წლითგან მოყოლებული ქართველი მაჰმადიანებით დასახლებული სამცხე, ჯავახეთი, ერუშეთი და პალაკაციო რუსეთმა ოსმალეთს წაართვა და მცხოვრებნი ისეთ სულიერ განწყობილებაში ჩააგდო, რომ ქართველმა მაჰმადიანებმა თავიანთი მამაპაპეული სამოსახლოთაგან აყრა და ოსმალეთში გადასახლება ირჩიეს, გრაფმა პასკევიჩმა ქართველეებს ლიხთიმერეთიდგან იქ გადასახლების ნება არ მისცა და მათ მაგიერ ოსმალეთიდან  გადმოსახლებულ სომეხთაგან 30.000 მცხოვრები ჩაასახლა მესხეთმი, სადაც 1828 წლამდე ქართველთა მოსახლეობა 90%-ს აღემატებოდა, 1830 წელს უკვე რუს მოხელეთა წყალობით, უმრავლესობად სომეხნი იქცნენ“.
შექმნილი ვითარების გამო ვერმიშევი წერდა: „თურქეთის მხრიდან ჩამოსახლდნენ სომხები და ახალქალაქის მაზრა თითქმის დაჰფარეს მჭიდრო მოსახლეობით, რომელთა შორის აქა-იქ პატარა ოაზისებად დარჩნენ ქართული სოფლები“. „ქვეყანა ისეთ სახეს იღებს, - წერდა ზაგურსკი, - თითქოს იგი თავიდანვე სომხებით ყოფილიყოს დასახლებული“. ახალმოშენენი სრულიად თავის ნება-სურვილზე იყვნენ მიშვებულნი. ივანე გვარამაძის სიტყვით, „მარად სამახსოვრო ნაშთებს, ციხე-კოშკთ, ეკლესიებს გვირღვევენ, მონასტრებს გვაცლიან ხელითგან, ხატებს გვიძარცვავენ, ძვირფას ნივთებს აფორიაქებენ“. ახალჩამოსახლებულებს ისიც კი მოუნდომებიათ, რომ ახალციხისათვის ნორ-ერზერუმი დაერქმიათ, მაგრამ ზაგურსკის სიტყვით, მაშინდელმა ხელისუფლებამ იმდენი გონიერება მაინც გამოიჩინა, რომ მათ სურვილს არ აჰყვა.
XIX საუკუნის I ნახევარშივე შემოსახლდნენ ახალქალაქის მხარეში თარაქამები ქვემო ქართლიდან, ბერძნები ერზერუმიდან, რუსი დუხობორები ტავრიისა და ვორონეჟის გუბერნიებიდან, მომთაბარე ქურთები.
დარჩენილი ქართველი მაჰმადიანები ოფიციალურად აღირიცხნენ თურქებად. იმის შიშით, რომ ისინი არ გაქრისტიანებულიყვნენ, არ დაბრუნებოდნენ „ქართველობას“ 1899 წლის ბრძანებით სამცხე-ჯავახეთში აიკრძალა წირვა-ლოცვა, ნებადართული იყო მხოლოდ რუსული და სომხური ღვთისმსახურება.
1870 წლამდე ახალქალაქის ციხეში იდგა რუსული სამხედრო გარნიზონი, რომელიც ციტადელის ტერიტორიაზე ახალ სააღმშენებლო მუშაობას ატარებდა. ყაზარმად გადაკეთდა ქარვასლის ძველი ნაგებობა. ძველი ნაეკლესიარის სიახლოვეს გაჩნდა რუსული და სომხური საფლავის ქვები XIX-XX საუკუნეებისა.
ბუკლეტის ტექსტის ნახევარი. ბუნებრივია, XIX საუკუნიდან მოყოლებულ პერიოდს ეძღვნება. აქ მოთხრობილია თუ როგორ ააშენეს გადმოახლებულმა სომხებმა 1831 წლიდან ნაქალაქარის მახლობლად ახალი დასახლება რეგულარული გეგმის მიხედვით, ააგეს სომხური ეკლესია და სკოლა, განაახლეს   ჯვრის სახელობის ეკლესია, რომლის კედელში ჩაშენებულ ხაჩქართაგან ერთი 1289 წლითაა დათარიღებული. 1870 წელს გაიხსნა ქალთა სამრევლო სკოლა, 1880 წელს-ბიბლიოთეკა, დაარსდა საზოგადოებრივი პარკი.
ამის შემდეგ ავტორი აცხადებს, რომ ახალქალაქში ყოველთვის სომხური მოსახლეობა ჭარბობდა. მოტანილია ცხრილი, სადაც შედარებულია სომხების რაოდენობა სხვა ეროვნების მოსახლეთა რაოდენობასთან. აქ დასახელებული ციფრები 1851, 1886, 1916 და 1976 წლებისა, მართლაც მოწმობს სომხების სიმრავლეს.
წინამდებარე მასალათა განხილვით ჩანს, რომ თავისი ისტორიის მთელ მანძილზე ახალქალაქი ქართული დასახლება იყო საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამიტომ ბუკლეტის ავტორის აზრი, სომხური მოსახლეობის იქ მუდმივ უმეტესობაზე, აშკარა სიყალბეა. უადგილოა სიტყვა „a1ways“. ამას ხომ იქვე დამოწმებული თარიღები მხოლოდ 120 წლით შემოფარგლავს.
ბუკლეტის ავტორი ამ ცხრილის შემდეგ უბრუნდება ახალქალაქის ისტორიულ ძეგლებს-ნაქალაქარს, ჯვრის ტიპის ნაეკლესიარს IX-XI საუკუნეებისას (სინამდვილეში იგი IX-X საუკუნვებს განეკუთვნება). თითქოს ყველაფერი ეს „ყოველთვის“ იქ მოსახლე სომხების „უმეტესობის“ შემოქმედება იყოს. აკი ამიტომაც იხსენიებს 3-4 სასაფლაოს, სადაც სომხური ხაჩქარები და საფლავის ქვები ყოფილა (მათ შორის წარწერებითაც). ავტორის მტკიცებით, 1988 წელს ნაქალაქარზე აღმოჩენილია ლამაზი ხაჩქარი და საფლავის ქვა 1301 წლით დათარიდებული. ხაჩქარი წმ. ჯვრის ევლესიის ეზოში გადაუტანიათ, სადაც მუზეუმია. ბუკლეტშივე ვკითხულობთ, რომ ქალაქის მახლობლად განდეგილი (დაყუდებული) ბერის ეკლესიაა XII-XIII საუკუნეებისა, ცნობილი მოსალოცი ადგილი არამარტო ახალქალაქელთათვისო. ბუნებრივია, მკითხველმა უნდა იგულისხმოს, რომ ისიც სომხური ეკლესიაა. სინამდვილეში კი ოსმალეთიდან გადმოსახლებულ სომეხთაგან ქართული ეელესიის დაპატრონებასთან უნდა გვქონდეს საქმე. ასეთი შემთხვევები ხშირია: XX ს-ის 80-იანი წლებიდან კუმურდოს ეკლესიის სამხრეთ სტოაში ადგილობრივ დარაჯს სომხური სამლოცველო ნიში აქვს მოწყობილი...
არავინ იცის, საიდანაა მოტანილი წმ. ჯვრის ეკლესიაში ჩაშენებული ხაჩქარი XII1 საუკუნისა, ხოლო ციტადელის ეზოში აღმოჩენილი ხაჩქარები და საფლავის ქვები ყველა XIX საუკუნის ფენებშია დადასტურებული.
არქეოლოგი ეკა ჯანდიერი წლების განმავლობაში ხელმმღვანელობდა ჯავახეთის ახალქალაქის გათხრებს. აი ნაწყვეტი მისი წერილობითი განმარტებიდან, რომელიც ზემოხსენებულ ქვებს ეხება: „არქეოლოგიური სტრატიგრაფიის მიხედვით, მათ არაფერი აქეთ საერთო შუა საუკუნეების „უზღუდო“ და შემდეგ „ციხე-ქალაქად ქცეულ ჯავახეთის ახალქალაქთან, ანუ XI-XIII საუკუნეების ქართული ცენტრალიზებული სახელმწიფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ერთეულთან“.
ხელოვნებათმცოდნე დიმიტრი თუმანიშვთლი კი აღნიშნავს: „ფრიად საეჭვოა ერთ-ერთ ხაჩქარის IX-X საუკუნეებით დათარიღებაც. ალბათ სომხური ქვაზეკვეთილობის საგანგებოდ მკვლევარსაც გაუჭირდება ამ გაუწაფავი ქვისმთლელის ხელიდან გამოსული ნაქანდაკევის დათარიღება. იგი არაფრით არ ჰგავს ადრეულ ხაჩქარებს, რომლებზედაც სომეხი მეცნიერის - სტ. მნაცაკანიანის სიტყვით, „წინა პირზე დიდი რელირფური ჯვარი“ იყო ხოლმე გამოკვეთილი და რომლებიც „სადა და ნათელი ფორმებით გამოირჩეოდა“. ისიც ხომ ნიშანდობლივია, რომ ძველ ნამუშევრებზე ვერსად ინახა ჯვრის ზედა მკლავებს შუა პატარა დამატებითი ჯვრების მომცველი გამოსახულუბანი. ისინი (თანაც ძალზე იშვიათად!) მხოლოდ XIII საუკუნიდან თუ იძებნება. აქედან გამომდინარე, ეს ქვა უთუოდ მოგვიანო ხანას უნდა მივავუთვნოთ“ (ეს შენიშვნა დიმიტრი თუმანიშვილმა წერილობით მომაწოდა, რისთვისაც მას მადლობას მოვახსენებ). ასე, რომ საფუძველი ეცლება ბუკლეტის ავტორის მტკიცებას ახალქალაქში სომხური დასახლების IX-X საუკუნეებიდან არსებობის შესახებ. შემდგომ ხანებში კი თუ ასეთი რამ გაჩნდა, იგი ისე მცირე და უმნიშვნელო ყოფილა, რომ შეუმჩნეველი დარჩენილა შუა საუკუნეთა ისტორიკოსებისათვის, ამასვე მოწმობს მოგვიანო ხაჩქარების 2-3 ცალი, ბუკლეტის ავტორს, რომ გამოუქვეყნებია.
მათ შესახებ ეკა ჯანდიერი აღნიშნავს: „ეს ცალკეული ხაჩქარები, არქეოლოგიური სტრატიგრაფიის მიხედვით, XIX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ აქ გადმოსახლებულ სომეხ მოახალშენეთა ნაკვალევია. გაჩენილია აქ ძველი ქართული ციხის ტერიტორიაზე და ამდენად, ქალაქის ისტორიული განვითარების სურათს არ არღვევს - პირიქით, თვით ხაჩქართა გვიანდელობას უფრო ადასტურებს, რადგან ისინი ზედა ფენებშია მოხვედრილი. ამ ქვების გვიანდელ წარმომავლობაზე არა მარტო ორნამენტის ანალიზი, არამედ მათი გარეგნული იერიც და უზადო  შენახულობაც მეტყველებს. ახალქალაქის ციხეზე არცერთი ხაჩქარი „თავის ადგილას“ არ არის, მათ ქვეშ ჩონჩხის შემცველი საფლავი არ არსებობს და ქვები მიმოფანტულია მუდმივად მეომარი ციხის შუაგულში. მით უფრო საეჭვოა, რომ ბუკლეტის ავტორს ისინი დათარიღებული აქვს IX-X და XIII საუკუნეებით, როცა ეს ქვები სტატიგრაფიულად XIX საუკუნის ფენებშია აღმოჩენილი! პასკევიჩის ალყასა და 300 ზარბაზნის შტურმს რაღა მარტო ეს ხაჩქარები გადაურჩა ზედაპირზე უვნებლად, როცა მთელი ციხე თავისი ოთხსართულიანი კოშვებით ჩამოილეწა?...
ჩვენი აზრით, სომხური ეკლესიის ეზოში ციტადელიდან 1988 წელს გადატანილი დიდი ხაჩქარი, „აყვავებული ჯვრით“ წინა ბრტყელ ზედაპირზე, უნდა იყოს „განთავისუფლების სტელა“, ანუ საზეიმო ნიშანსვეტი სომეხი მოსახლეობის გადარჩენისა. სომხები ხომ რუსის ჯარის დახმარებით გადაურჩნენ თურქთა ბატონობას და თავშესაფარი ჰპოვეს ქართულ მიწა-წყალზე.
სადღეისოდ უკვე გაფცქვნილ-გაცამტვერებული დიდი ახალქალაქის ციტადელი იმის მოწმეცაა, რომ იქ 1940-იან წლებში ომში გასაწვევი ჯარისკაცების შესაკრები პუნქტი იყო მოწყობილი და წრთვნა მიმდინარეობდა სროლაში. ცხადია, შვეულად მდგარი სვეტი სანიშნედ გამოდგებოდა და ჯვრიანი სტელა-ხაჩქარიც პირქვე წაიქცა. მიტოვებული ციხე-ქალაქი, გალავნის, კოშკების, ბურჯების, ქარვასლისა თუ ყაზარმის ყველა საპირე, თლილი ქვა ახალი სახლების მშენებლობას მოხმარდა. ამიტომაც დღეს ძველი ციხის შენობა-ნაგებობანი სავალალო სანახაობას წარმოადგენს“... (ევა ჯანდიერს მადლობას მოვახსენებ განმარტებისათვის).
საზოგადოდ კი მვითხეველმა ესეც უნდა გაითვალისწინოს: ნუთუ ამ საეჭვო ხაჩქარებზე ნაკლებად მეტყველია ქართული წარწერები სომხეთის ტერიტორიაზე, ან უფრო მცირე საბუთია ანისში ქართული მოსახლეობის არსებობის წარმოსაჩენად საქართველოს კათალიკოსის მოწოდება მრევლისადმი, რომელიც ანისის მართლმადიდებლური ეკლესიის ქართულ წარწერაშია შემორჩენილი: „მკუიდრნო ამის ქალაქისანო ქართველნო!.. ყოველსა ზედა უფროსად საღმრთოი (იგი) სიყუარული ერთმან ერთისაჲ მოიგეთ და ამით მიეცით სასურვო საღმრთოთა მცნებათა. ესე მე ეტიფანეს კათალიკოზსა ჩემითა ჴელითა დამიწერია, ოდეს ანის ეკლესიანი ვაკურთხენ“. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებრიობადაკარგული სომხეთის ძველი ქალაქი ქართველებმა XI-XIII საუკუნეებში 5-ჯერ დაიპყრეს, ბოლოს კი საქართველოსაც შემოუერთეს, სომეხი ბაგრატუნების დედაქალაქი არავის გამოუცხადებია „ქართულ ისტორიულ დასახლებად“.

ისტორიული დასახლებებისა და იქ მაცხოვრებელთა უმეტესობის შესახებ მსჯელობის დროს, ცხადია გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პუნქტის სახელწოდებას. ახალქალაქი კი ისეთივე თავანკარა ქართული ტოპონიმია, როგორიც სამშვილდე, სამღერეთი, არაკვა, ბარალეთი, ყულალისი, მურჯახეთი, სათხე, მაჭატია, ახალციხე, სხვილისი, წყრუთი, წყალთბილა, წინუბანი და სხვ., სადაც მომავალში გამოსაცემი ბუკლეტების ავტორები სომხური ისტორიული დასახლებების არსებობას იგულისხმებენ. ამიტომაცაა ეს სახელები ასე დამახინჯებით დაბეჭდილი, რომ მათი ქართული წარმომავლობა არ გამოჩნდეს: შამშულდა, სამგრეთ, არაკოვა, ხულალის, მურჯახეთ, სათხა, მაჯადია, ახალცხა, სუფლის, წუღრუთ, წღალთფილა, წინუბან... ასე შესაძლოა მათი სომხურად გააზრებაც კი მოხერხდეს.
ამგვარი მცდელობანი სომეხ მეცნიერებს ჩვენს დროშიც მოეპოვებათ. სომხურ ტოპონიმებადაა ჩათვლილი თბილისი, ბოლნისი, კრწანისი. მანგლისი, დმანისი, თუხარისი, ოლთისი... დასაბუთების გარეშე სასურველი მიჩნეულია უკვე არსებულად, მიღებულად. უგულებელყოფილია ფაქტი, რომ ტოპონიმების შექმნა ნათესაობითი ბრუნვის ფორმის მეშვეობით, საერთო-ქართული, პრაქართულის დროინდელი მოდელია, რომ ასეთი სახელებით სავსეა სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო. მაშასადამე, ამ მოდელის უცხოენოვანი წარმომავლობა გამორიცხულია.
ქართული წყაროებით ცნობილი ტოპონიმი ტაოსკარი (შდრ.: ტაშისკარი, კლდეკარი, ღართისკარი, ხიდისკარი) გადაუსომხურებიათ და წერენ „ტაიოც-ქარს“ ე.ი. „ტაოს ქვა“ - „ტაოს ციხე“. თან მიიჩნევენ, თითქოს ქართული ტოპონიმი გახმოვანებაა სომხური სახელისა, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ასევე, სახელწოდება ტერიტორიული ერთეულისა და მდინარისა -  ალგეთი, დაუშლიათ და წერენ „ალ-გეტ“-ს. სომხურად „გეტ“ მდინარეა, „აილ“ კი - სხვა. ე.ი. „სხვა მდინარე“-ო. საინტერესოა, ასეთი შემოქმედების მიხედვით როგორ აიხსნებოდა ქართული ტოპონიმები ენაგეთი, ტაგნაგეთი, გერგეტი, სოსანგეთი, რომელთაგან არცერთს მდინარესთან კავშირი არა აქვს.
სომხეთი, ასევე როგორც ბევრი სხვა, ადრევე დარბეული ქვეყანაა. გასაგებია სომეხთა ისტორიული მისწრაფება - როგორმე აღედგინათ დაშლილ-დაკარგული სახელმწიფოებრიობა. ეს წადილი მუხტავდა სომხურ ისტორიულ მწერლობას საუკუნეთა მანძილზე და იგი დღემდე შემორჩა. ამასთან აშკარად, ჩანს სომეხ ავტორთა სურვილი - დაემტკიცებინათ არა მარტო თავისი ისტორიულ-კულტურული უპირატესობანი, არამედ განევრცოთ კიდეც სომხეთის სახელმწიფოს საზღვრები მეზობლების ხარჯზე. ამაზე წერდნენ დიმიტრი ბაქრაძე და ილია ჭავჭავაძე, მიხეილ თამარაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია, ახლა - ალექსანდრე ონიანი და ზურაბ სარჯველაძე, დავით მუსხელიშვილი და ბონდო არველაძე..
ქართველ მეცნიერთა შეშფოთება ამ საკითხზე უსაფუძვლო არ იყო. ზემოთ მითითებულ მოხსენებაში ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „როდესაც, კავკასიაში ერობის შემოღებაზე ლაპარაკი დაიწყეს და წინასწარ მსჯელობას შეუდგნენ, მაშინ უკვე ყველასათვის ცხადი შეიქმნა, რომ სომეხ პოლიტიკოსებს სომეხთა საქართველოში გადმოსახლება, ოსმალეთისაგან დაბეჩავებულ თავიანთ თანამოძმეთა მარტო ფიზიკურად გადარჩენის თვალსაზრისით არ აინტერესებდათ, არამედ გარკვეული პოლიტიკურ-ეროვნული გეგმის, გაბნეულ სომეხთათვის ერთი მთლიანი ტერიტორიის შესაქმნელად იყო საახალმშენოდ ადგილები შერჩეული“.
1913 წელს, როდესაც სომხებმა ახალქალაქის მაზრის თბილისის გუბერნიიდან გამოყოფა მოითხოვეს, მათ სურდათ დანარჩენ სომხურ მაზრებთან შეერთებით შეექმნათ მთლიანი თვითმმართველი ოლქი, სომხებით დასახლებული გუბერნია. სპეციალურმა სამაზრო კომისიამ მაშინ ერთხელ უარყო ეს აზრი, რის საბუთადაც, პირველ რიგში, დაასახელა ჯავახეთის უმჭიდროესი ეკონომიკური კავშირი თბილისთან და სხვა ქართულ მხარეებთან.
I მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებით ოსმალეთიც მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს, 1918 წელს, სტამბოლში დაიბეჭდა ივ. ჯავახიშვილის სიტყვით, „სომხეთის ვითომც ფანტასტიკური რუკა, რომელიც შავი ზღვითგან კასპიის ზღვამდე გადაჭიმულა და სამსუნის ოდნავ აღმოსავლეთით, შავ ზღვაზე მდებარე ადგილთაგან ხმელთაშუა ზღვამდე აღწევს და სელევკიის ჩრდილოეთით მდებარე ადგილთაგან, ქ. არდაველის ოდნავ ჩრდილოეთით მიმავალი ხაზით, ამ სრულიადი სომხეთის სამზღვარი კასპიის ზღვასთან თავდება. ბათუმი, ახალციხე, თვით მცხეთა და ტფილისიც კი ამ რუკაზე სომხეთშია მოქცეული და საქართველოს პატარა, ვიწრო ზოლი-ღა აქვს მიკუთვნებული.
ამავე დროს, იმავე სტამბულში ზემოხსენებული ფანტასტიკური რუკისდა მიხედვით, ახალი სრულიადი სომხეთის სახელმწიფოს რუკა იქნა გამოცემული, რომელშიაც სომხეთი უშველებელ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი და თითქმის იმავე საზღვრებითაა აღნიშნული. ოსმალეთის დიდი ნაწილი შიგ არის მოქცეული, ტრაპიზონი, ორდუ, ქ. კესარია, ადანა, ედესა, თვით სპარსეთის ჩრდ. ნაწილიც ქ. თავრიზითა და არდებილით, სომხეთის კუთვნილებად არის აღნიშნული. ფანტასტიკურ რუკასთან შედარებით, აქ საქართველოს ოდნავ დათმობილი აქვს. შავ ზღვაზე საზღვარი ბათუმის სამხრეთით იწყება მაკრიალის ჩრდილოეთით, იმერხევი სომხეთისად არის აღნიშნული, მაგრამ ახალციხე საქართველოშია მოქცეული, სამაგიეროდ ახალქალაქი სომხეთშია მოქცეული და აქეთგან მოსაზღვრე ხაზი ჩრდილოეთისაკენ იწევს და საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფოს შორის სამზღვრადაა გატარებული.
შემდეგ სომხეთის საზღვარი მტკვრის გასწვრივ მიიმართება და ქ. განჯაც სომხეთის კუთვნილებად არის აღნიშნული. ცხადია, რომ ახალ სომხეთის სახელმწიფოსათვის ასეთი საზღვრები ეთნოგრაფიული პრინციპის მიხედვით არ არის შემოფარგლული, ეს გეგმა არც ისტორიულ საფუძველზეა დამყარებული, რადგან არასდროს ასეთი სომხეთი, რომელიც X1 ს-ის შემდეგ პოლიტიკურად აღარ არსებობდა, არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ მის შემდგენელთ ოდნავი ლიტონი საღი გონიერებაც არ ატყვიათ. სომხეთის მთავრობის დელეგაციამ... ამგვარი რუკა მსოფლიო კონფერენციას წარუდგინა სომხეთის სახელმწიფოს ამ საზღვრებში დასამტკიცებლად... სომეხთა დელეგაციის წარდგენილი რუკისა და სტატისტიკური ცნობების სიცრუე ყველასათვის ცხადი შეიქნა და თვით ფრანგი, ინგლისელი და ამერიკელი წარმომადგენლების თვალში, სომეხთა დელეგაციის ფანტასტიკურ გეგმებს ყოველგვარი ნდობა დაუკარგა... უზარმაზარი სომხეთის გეგმა დაიმსხვრა და საპნის ბუშტივით გაქრა“.
1919 წელს იგივე მცდელობა განმეორდა. ამას მოჰყვა ადგილობრივი „მთავრობის“ მიერ სტამბოლში გაგზავნილი დეპეშა ევროპის დიდი სახელმწიფოების მისიებისადმი, რითაც თვითგამორკვევასა და ცალკე კანტონის შექმნას მოითხოვდნენ. ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა. 1918-1919 წლების სამოქალაქო ომის შედეგად აოხრებულ ჯავახეთს ეკონომიკური სიდუხჭირეც დაერთო. მაშინ საქართველოს იმდროინდელი მთავრობის სპეციალური კომისია მოითხოვდა სასწრაფოდ გაეგზავნათ იქ სათესლე ხორბალი, ხოლო მეტისმეტად შესუსტებული ქართული ელემენტი გაეძლიერებინათ „კოლონიზაციის საშუალებით“. ჩატარებულ ღონისმიებებს შესამჩნევი შედეგი არ მოჰყოლია.
1922 წელს სომეხთა იმავე წრეებმა ახალი პროექტი წარადგინეს, რომლის მიხედვით ჯავახეთის ანუ ახალქალაქის მაზრის უდიდესი ნაწილი ბორჩალოს მაზრას უნდა შეერთებოდა, რათა შექმნილიყო ერთიანი სომხური ადმინისტრაციული ერთეული. ივ ჯავახიშვილის თქმით, „ცხადია ეს გეგმაც ამ ორი მაზრის საქართველოს სსრ საზღვრებიდან გამოყოფის და სომხეთთან შეერთებისათვის ოსტატურად მოგონილი პირველი საფეხურის პროექტი იყო, რომელსაც აუცილებლად მეორეც მოჰყვებოდა.
საკმარისია ადამიანმა დაშნაკელთა რუკებს თვალი გადაავლოს, რომ მისთვის ნათელი გახდეს, რომ აქაც ბრძოლა იმავე წინანდელი მიზნის სხვა გზით განხორციალებისათვის სწარმოებდა“. 1923 წელს კი ეს ცდაც მარცხით დამთავრდა.
ამის შემდეგ კიდევ ყოფილა მორიგი პროექტი, რასაც ივ. ჯავახიშვილის მოხსენების ბოლო აბზაცი მოწმობს „ორიოდე სიტყვა კიდევ ვითომც ახალ პროექტზე ჯავახეთისათვის ავტონომიის მონიჭებისა და გამოყოფის აუცილებლობის შესახებ. ყველა ზემონათქვამის შემდგომ ცხადია, თუ საიდგან და რისთვის მიმდინარეობს ეს პროექტიც... ამ გეგმის განხორციელებით, ამავე დროს ქართველი მშრომელი ხალხის იმ ნაწილს, რომელიც მესაქონლეობას მისდევს, არსებობის უკანასკნელი ლუკმა უნდა ექნეს პირითგან გამოგლეჯილი და მეცხვარეობა საქართველოში უნდა მოისპოს სრულიად. თუ წინანდელი რუსეთის პატრონობის დროს ქართველი ხალხის ინტერესები საქართველოში ფეხქვეშ იყო გათელილი და თავისუფალი მიწა საქართველოში რუს და სომეხ მოხელეების პოლიტიკის წყალობით, მხოლოდ სომხებმა და რუსებმა ჩაიგდეს ხელში, ნუთუ ეხლაც შესაძლებელია, რომ ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები“ ამ პროექტების განხორციელებას შეეწიროს მსხვერპლად... „ეს იმდენად დაუჯერებელი რამეა, რომ დარწმუნებული ვარ სსსრ მთავრობა ამ პროექტსაც უარყოფს, როგორც უარყოფილ იყო... ამისივე მსგავსი პროექტები“.
ცნობილია, რომ ბედის უკუღმართობით სომხები ძველთაგან გაიფანტნენ და გადასახლდნენ ახლო თუ შორეულ ქვეყნებში. მათი მნიშვნელოვანი დასახლებანი დღესაცაა ინდოეთში, ლიბანში, თურქეთში, რუსეთში, ევროპისა თუ ამერიკის ქვეყნებში. ასეთ პირობებში, მაინცდამაინც საქართველოსა და აზერბაიჯანის სომხეთთან მომიჯნავე რაიონებში „სომხური ისტორიული დასახლებების“ გამორჩევით მოძიების მიზანი შეშფოთებას იწვევს. არც ესაა უსაფუძვლო: კავკასიაში ბოლშევიკური დიქტატურის დამყარების პირველსავე წლებში საქართველომ უბრძოლველად დაკარგა ყოფილი ბორჩალოს მაზრის სამხრეთის რაიონები, რომლებიც სომხეთს გადაეცა. გადაეცა კი ერთი ნიშნით - იქ მოსასლე სომხების გამო. ასე, რომ ეს ბუკლეტები ამ სახით (თუ მათი ბეჭვდა განხორციელდა) საკმაოდ მიზანმიმართული და არც ისე უწყინარი გამოცემა ჩანს.
ამით ავტორები მხოლოდ გულს როდი იმაგრებენ. ისინი ქმნიან რუსულ და ინგლისურენოვან მკითხველებში საზოგადოებრივ აზრს და რაც მთავარია, არწმუნებენ საქართველოს ამ პუნქტებში მოსახლე სომხებს, რომ ეს დასახლებები ისტორიული სომხური მიწებია. მრავალწლიანი გამოცდილება გვარწმუნებს, რომ მხოლოდ სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ პრესაში გამართული კამათი და ვაი-ვიში ჩვენს სატკივარს ვერ შველის. ამასთან ერთად აუცილებელია უფრო ქმედითი ღონისმიებანი. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ამასწინანდელი ვიზიტისას განაცხადა, რომ ვიდრე სომხეთს დღევანდელი მთავრობა ეყოლება, ჯავახეთში ყარაბაღის მსგავსი მოვლენები მოსალოდნელი არ არის... თურმე ამისი მადლობელიც უნდა ვოყოთ!
P.S წერილი დასრულებული მქონდა, როდესაც გავეცანი მოსკოვში 1993 წელს 20000-იან ტირაჟით გამოცემულ წიგნს - Мамулов С. С. Удивительный народ из страны чудес (Армеия и армяне – уникальный феномен цивилизованного мира)“.

წიგნში ასეთი თავებია: სომხეთი და სომეხი ხალხი - ისტორიის განუმეორებელი და ნათელი პანორამა; სომხეთი და სომეხი ხალხი - გამავრცელებელი დიდი და კეთილშობილური მისიისა; სომხები - გამოჩენილი მოღვაწენი, დამფუძნებლები, პირველაღმომჩენნი, ორგანიზატორები, ნოვატორები, ინიციატორები; სომეხი ქალები - გონების, სილამაზისა და სულის დიდებული კავშირი; სომხეთი და სომხები - მიზიდულობის ცენტრი და მიძღვნათა ობიექტი და სხვ.
ქვეყნითა და ხალხით აღტაცებულ ავტორს გულწრფელად სჯერა და მკითხველიც სურს დაარწმუნოს, რომ „სომხეთს არ გააჩნია წიაღისეულის დიდი მარაგი, ვეება ტერიტორიები და სხვა რესურსები... სამაგიეროდ, ინტელექტი - ესაა "სომხური ნავთი“... „ორიდან ერთი სომეხი ყოველთვის ხელმოცარული პოეტია, ყოველი სომეხი - ფილოსოფოსი. სომხების ნახევარი კი - საგარეო საქმეთა მინისტრებია“... „გადმოცემის თანახმად ადამი და ნოე სომხურად ლაპარაკობდნენ“... „სომხური სამზარეულო ყველაზე ძველია“... „ძველ სომხეთში იყო ანაიტისის ტაძარი, სადაც კულტმსახურებას ეწეოდნენ ახალგაზრდა გოგონები. უცხოელებს აქ ელოდათ სომეხ ქალთა ალერსი, დიდი ან მცირე - გასამრჯელოს მიხედვით. სომხებს არასოდეს ჰქონიათ ჰარამხანები“... „სომხეთი და სომეხი ხალხი - ესაა მჭერმეტყველი ფაქტების პალიტრა, რომელიც უმეტესად გამოავლენს პირველს, საუკეთესოს, განუმეორებელს. სომხეთი კაცობრიობის აკვანია... ადამი და ევა ცხოვრობდნენ სამოთხეში, რომელიც სომხეთის ზეგანზე მდებარეობდა“... „სომხეთია სამშობლო ხორბლისა... ვაზისა... ლუდისა“... „სომხეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასოდეს არსებულან კასტები, მონები, ყმები“... „სომხეთი მსოფლიოში ყველაზე ძველი ქრისტიანი ერია“...  „XX საუკუნის ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრაც სომხეთში იყო 1988 წელს“...
„ბაბილონისა და ეგვიპტის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის I ადგილი სომხებს ეკუთვნოდათ“... „ისტორიის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მრისხანე სპარსეთს სომეხი მეომრები იხსნიდნენ ხოლმე. ბაღდადისა და მაროკოს არაბმა ხალიფებმა ძალიან ბევრი ქვეყანა სომხების ხელით დაიპყრეს“. „,ჯვაროსნები თავის საუკეთესო ბრძოლებს გულად სომეხ მეომრებს უმადლოდნენ“.  „აღმოსავლეთის მთელი მრეწველობა სომხების ხელთ იყეო“... „ბიზანტიის იმპერიაში მაკედონელთა ანუ სომხური დინასტია რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სათავეში ედგა სახელმწიფოს. იქაურ ტახტზე იჯდა არანაკლებ 15 სომეხი იმპერატორისა“. „ბერძნულის გვერდით, სომხური სახელმწიფო ენა იყო“... ,,სომხებმა დააარსეს ქალაქები: ახალი ჯულფა (ირანი), კალკუტა (ინდოეთი), დუმბროვენი და გერლა (უნგრეთი), იაზოვსვი (პოლონეთი), ყიზლარი, მოზდოკი, არმავირი, ბუდიონოვსკი, ნოვოროსიისკი (რუსეთი), კოტოვსკი და გრიგოროპოლი (მოლდოვეთი)“... „ევროპაში სომხებს შეუტანიათ გარგარი, ბალი... ხელს უწყობდნენ ყავის ფართოდ გავრცელებას“...
„სომხურმა ხუროთმოძღვრებამ მრავალმხრივ შეუწყო ხელი რომაული რელიგიური ხელოვნების ჩასახვას, მან მისცა დასავლეთს გუმბათი, გადამწყვეტი როლი ითამაშა გოთიკის წარმოშობაში. სომხური ხუროთმოძღვრების გავლენა ეტყობა იტალიის, გერმანიისა და ირლანდიის ქალაქებს“... „რუსეთში მხოლოდ სამი ხალხი იყო საიმპერიო: რუსები, გერმანელები და სომხები. ისინი ქმნიდნენ რუსულ კულტურას“... „სომხები იბრძოდნენ ალექსანდრე ნეველის დროშის ქვეშ, ეხმარებოდნენ რუსებს ყივჩაყების წინააღმდეგ 1309 წელს, გრიუნვალდთან 1410 წელს, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ყაზანის განთავისუფლებაში (1552 წ)“   „რუსული ენის ინსტიტუტის თანამშრომლები ს. კოჩარიანს რჩევას ეკითხებოდნენ - როგორ გამოეთქვად სწორად ესა თუ ის რუსული სიტყვა“...
სომხები ყოფილან ბულგარეთის მეფე სამუილი, რუმინეთის მეფე მიხაი მამაცი, ლიბანის სულთანი დაუდ-ფაშა, ეგვიპტის სულთანი სალადინი და ნაპოლეონის პირადი მცველი რუსტამი; იმპერატორ იუსტინიანეს მხედართმთავარი ნარსესი, იოჰიმ მიურატი და ნეფერტიტი... ბრეჟნევი სომეხს გადაურჩენია წყალში დახრჩობისაგან... ალ. მატროსოვისთვისაც სომეხს გადაუცია კომკავშირელის ბილეთი... ფრანსუა რაბლე თავის წიგნში „გარგანტუა და პანტაგრუელი“ ხუთჯერ ლაპარაკობს სომხებზე... ავტორს არ დავიწყებია კამოს გმირობათგან ყველაზე გასაკვირველი - გენიალური სიმულაცია, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა ბრძენი ბერლინელი ფსიქიატრებიც კი... ბოლოსიტყვას ავტორი ამთავრებს წინადადებით „ასეთი წიგნები აუცილებელია როგორც ჰაერი“.
სპეციალურად კომენტარების გარეშე მოტანილი ციტატებიდან ყველა დაინახავს, რომ ამ წიგნში არაფერია მეცნიერულად საყურადღებო. იგი საინტერესოდ საკითხავი ცნობარის შექმნის მიზნით დაუწერია მოჭარბებული „პატრიოტიზმით“ შეპყრობილ ავტორს. შეუძლებელია მისი სერიოზულად მიღება და იქნებ არც ღირდა მასზე ყურადღების გამახვილება. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ამ წიგნმი გადმოცემული ამბების შეთხზვა-მოგონებას მხოლოდ ავტორის ფანტაზია არ ეყოფოდა. ცხადია იგი ნასაზრდოებია სწორედ ზემოთ განხილული ბუკლეტებითა და მისი მსგავსი ტენდენციური ლიტერატურით. ამან კი, შესაძლოა, ბევრი გულუბრყვილო მკითხველი დააჯეროს. ეს წიგნი ენაკვიმატი ჟურნალისტებისათვის შეიძლება ნამდვილი მონაპოვარი გახდეს, მაგრამ ჩვენი ყურადღება ასეთმა კურიოზულმა შემთხვევებმაც არ უნდა მოადუნოს.

თებერვალი-აპრილი, 1997

* * *

ზემოხსენებულის გარდა. ყურადღების გამახვილება საჭიროა იმიტომაც, რომ ამ „საკვირველი ხალხის“ ჯავახეთში მცხოვრები ნაწილი არ სჯერდება თავის „სასწაულების ქვეყანას“ და სხვათა მიწების დაპატრონებას ლამობს. ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა 1997 წლის აგვისტოში ჯავახეთში მოწყობილმა ექსპედიციამ, რომელიც დააფინანსა ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“.
XIX საუკუნიდან ქართული წარწერების წაშლა-მოსპობა ჯავახეთში ხშირი მოვლენა გახდა. 1933 წელს ნიკო ბერძენიმვილს სოფ. სათხეში „ახარეს“, რომ იქაური ქართული წარწერა „Зачислили“. მის დღიურში სხვაც ბევრია ასეთი შემთხვევები აღნიშნული. ეს პროცესი დღემდე გრძელდება: 1971 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ აგანაში, 1906 წელს აგებული სოხური ეკლესიის სამხრეთ კედელზე, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ქვა ქართული ასომთავრული წარწერით, რომელშიც ბასილი აკანელი იხსენიებოდა. „ბ“ თავშეკრული იყო, „ე“ და „ლ“ კი მარცხენა შვერილის გარეშე (რაც საპატიო სიძველის ნიშნებია). ქვა მაშინ თავდაყირა ჩაეშენებინათ. ახლა წარწერა გადაშლილია, კვალიც არ ეტყობა... იქაური მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა ეკლესიაში არ შეგვიშვა, ფოტოგრაფირების ნებას არ გვაძლევდნენ - ეს სომხური ეკლესიაა, ახალქალაქიდან ნებართვაა საჭირო, თქვენ გინდათ ქართველები და სომხები ერთმანეთს წაჰკიდოთო... ვერ შევედით დადეშის, ალასტანის ძველ ქართულ ეკლესიებში - ბოქლომდადებული კარების გასაღებები დაიკარგაო, გვითხრეს. ღრიჭოებიდან ჩანს - ეკლესიები გადაყრილი ნივთებითა და სამშენებლო ნაგვითაა გამოტენილი.
გარდა იმისა, რომ აშენებენ ახალ, გუმბათიან ტაძრებს, ძველ ქართულ ეკლესიებში შეაქვთ თავისი დამზადებული ხატები: ნახევრად შიშველი, მობანავე ქალების სურათები (ჩანს, ანგელოზებად მიუჩნევიათ), მამაზეციერი ხელში ყრმა იესოთი (?)... აქვე მოაქვთ სომხური ლოცვანი, პლაკატები, მოილოცავენ თავის დღესასწაულებს. მთელ ამ „მოღვაწეობას“ გაცილებით მიზანდასახულად და გეგმაზომიერად წარმართავენ, ვიდრე წინათ ხდებოდა. შეიმჩნევა უფრო შემაშფოთებელი სიახლეებიც: თუ აქამდე სომხურ ეკლესიებს აშენებდნენ ქართულის გვერდით, ან ცალკე, ახლა ირჩევენ მოზრდილ, გალავნიან ნამონასტრალებს და იქვე აშენებენ ახალ უსახურ შენობებს. ახალქალაქის რაიონის სოფელ ბოჟანოს მახლობლად, წყაროთა სათავეებთან, მეფეთა სადგომი იყო. იქ მყოფ დავით აღმაშენებელს მოახსენეს ანელმა თავადებმა ქ. ანისის მოცემა. სწორედ აქ, მთაზე, გალავნიანი ნამონასტრალია შემორჩენილი. ეკლესიის საკურთხეველში აუგიათ უსარკმლო, აფსიდიანი შენობა, რომელსაც გადახურვა და კარის ჩამოკიდებაღა აკლია. მონასტრის ძველი ქვები თავიდან გაუთლიათ, ძველი ქართული ჩუქურთმიანი ქვები კი უადგილოდ ჩაუყოლებიათ კედლის შიდა წყობაში.
ეს შემთხვევითი რომ არაა, ჩანს მეორე მაგალითითაც: სამსრიდან ღრტილას (ახლა „იხტილას“ ეტყვიან) მიმავალი გზის სამხრეთით სამონასტრო კომპლექსია, რომელსაც „ვანქს" უწოდებენ (ადრე მეღვრეკი ერქვა). აქაური ქართული ეკლესია საკუთარი ინიციატივით გაუთხრია ერევანში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტდამთავრებულ ღრტილელ კიმიკ სამველიანს, ყარაბაღის ომში გამარჯვებულს, გადაურჩევია ქვები და გაუმზადებია. ღრტილაში მოსახლეობა უკვე ფულს აგროვებს, რომ იქაც საკუთარი სალოცავი დააშენოს ძველ ქართულ ნამონასტრალს. ასეთივე გეგმა აქვთ მთაში შერჩეული ერთი ეკლესიია მიმართაც.
ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯასთან კანიონის ნაპირზე, განლაგებულია გრიალა („კირიას“ უწოდებენ). ეს შესანიშნავი ნასოფლარი - ეკლესიით, ხევიდან ამომავალი გზით, მისი დამცველი სიმაგრით, ქუჩებით, ხაროებით, დარნებით - ერთი გამორჩეულთაგანია ზემო ჯავახეთში. მის ტერიტორიაზე 6 ქვის სამხერხაოა გამართული. ისინი ახლა აღარ მოქმედებენ, მაგრამ ნასოფლარის ძველი მზა ქვების დახერხვა უკვე საკმაოდ მოუსწრიათ.
როდესაც ადგილობრივ ახალგაზრდებს ავუხსენით, რომ არსებობს ძეგლთა დაცვის სამმართველო, სპეციალური კანონი, რომელიც ისტორიული ძეგლების ხელშეუხებლობას იცავს, რომ მათი ქმედება კანონის დარღვევაა, რატომაო, გაიკვირვეს - „Джавакх это же армянская земля!“... ასე ესმით ოჯახში, ასწავლიან სკოლაში, ჩვენ კი ამის საპირისპიროდ მხოლოდ კანონი გვაქვს, რომელიც აქ არ მოქმედებს, ყოველ შემთხვევაში, ჯავახეთში ამისათვის არავინ დაუსჯიათ. ყველაფრიდან ჩანს, რომ XIX საუკუნეში შემოსახლებული ერზერუმელი სომხების შთამომავალნი არა მარტო ეპატრონებიან ჯავახეთის მიწას, არამედ აქედან ყოველივე ქართული სიძველის ამოძირკვასაც ცდილობენ.
ცხადია, მათ ამაში ხელს ვერ შეუშლის ქართული მოსახლეობის უმწეო უმცირესობა (l0%), რომელიც სომეხთა დიდი უმრავლესობის მიერაა შევიწროვებული. მერაბ კოსტავას ფონდის მიერ ნაყიდ სახლებში ჩასახლებულ ქართველთაგან, გაუსაძლისი პირობების გამო, ბევრმა გაყიდა ბინა და უკან დაბრუნდა... ახალმოსახლე აჭარლებს ძარცვავენ, ქურდები კი დაუსჯელნი რჩებიან ისევე, როგორც დაუსჯელნი დარჩნენ ჩვენი ექსპედიციის გაქურდვის შემთხვევაში - პოლიციამ მათ კვალს ვერ მიაგნო... ახლა მოსახლეობაში ხელმოწერებს აგროვებენ ახალქალაქმი გუბერნიის ცენტრის შესაქმნელად.
ასეთ პირობებში ნიშანდობლივია ახალქალაქში დაბანაკებული რუსული სამხედრო ნაწილის პლაკატი (დაახლოებით 15 მ. სიგრძისა და 3 მ. სიმაღლის), რომელიც ყაზარმებში შესასვლელთან, ტრასაზეა გამოდგმული იგი იწყება მოწოდებით: Владей этой землей без опаски... российская армия тебе зашитит“...  აქევა ამ სიტყვების ავტორის პორტრეტიც. ვის გაახსენდა ახლა ბოლშევიკების მიერ რეაქციონერად შერაცხილი გენერალი პასკევიჩი? - ცხადია იმას, ვისაც ეს მოწოდება ხელს აძლევს. იგი პირდაპირ აქეზებს და ზურგს უმაგრებს ჯავახეთში მოსახლე სომხებს.
ნათელია, რომ კავკასიის სხვა კუთხეების მსგავსად რუსეთის იმპერიამ 1830 წლიდან ჯავახეთშიც დატოვა ნაღმი, რომელიც დისტანციურ მართვას ექვემდებარება. სომხეთის ელჩი საქართველოში კი დაბეჯითებით იმეორებს: ჯავახეთის საკითხი საქართველოს სახელმწიფოს საშინაო საქმეაო.

სექტემბერი, 1997 წ.

1 2


სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი;

მასალა აღებულია წიგნიდან  – „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.
მასალა ადაპტირებულია მარი კუთხაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge.

 


megobari saitebi

   

01.10.2014