ავლაბარი

1 2

ავლაბარი მდებარეობდა ძველი თბილისის აღმოსავლეთით მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
მას ქალაქის შემოგარენში მდებარე სოფელთა თუ უბანთა შორის თავისი ისტორიით, თავსგადამხდარი ამბებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სანამ უშუალოდ ჩვენი კვლევის საგანს - ავლაბარს შევეხებოდით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მკვლევართა უმრავლესობა მას აიგივებს ისანთან-მეტეხთან, რაც სწორი არ უნდა იყოს. ამიტომ ამ ორი სახელის ისან-მეტეხისა და ავლაბრის ერთმანეთში არევის თავიდან აცილების მიზნით, თავდაპირველად შევეხებით "ისან- მეტეხის" ლოკალიზაციის საკითხს.
ისანი-მეტეხი იმ უბანთა რიცხვს განეკუთვნება, რომლის შესახებაც ქართულ თუ უცხო ენაზე შექმნილ სპეციალურ ლიტერატურაში ბევრი რამ თქმულა, დაწერილა.
ზოგი მთხრობელი თავის ნაშრომში გაკვრით იხსენიებს აღნიშნულ უბანს, ზოგი კი, შეძლებისდაგვარად, ამომწურავად. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მკვლევართა ყურადღება ძირითადად მაინც მიპყრობილი იყო ამ უბანთა სახელთა სადაურობისა და რაობის ახსნისა და დადგენისაკენ. შუა საუკუნეების დროინდელ მაჰმადიან მთხრობელთა მიხედვით (იბნ ხურდაზბეჰი, იბნ ალ-ფაკიჰი, ტაბარი, იაკუთი) ისნამდე ადგილს სოღდებილი რქმევია. მათი გადმოცემით, ქალაქის სიახლოვეს სოღდებილის გაჩენა მიეწერება მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531-578), რომელმაც აქ ჩამოასახლა სპარსული მოდგმის სოღდის ტომი. შ. მესხია ამის გამო აღნიშნავს, რომ "არაბ ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ ამ ტერიტორიამ თავისი უძველესი სახელწოდება-სოღდებალი სწორედ სოღდების ტომისაგან მიიღო". (1)
სოღდებილის საკითხს საგანგებო წერილი უძღვნა მ. ლორთქიფანიძემ, სადაც მკვლევარი არაბულენოვან ისტორიკოსთა ცნობებზე დაყრდნობით მტკვრის მარცხენა ნაპირზე სპარსელების მიერ სოღდებილის ციხის აშენების შესახებ წერს: "ააშენა თუ არა ნამდვილად ხოსრო ანუშირვანმა სოღდებილის ციხე, ამაზე ვერას ვიტყვით, მაგრამ იმაში კი უნდა დავეთანხმოთ არაბ ავტორებს, რომ თბილისის და მისი მტკვრის მარცხენა ნაპირის პირველი გამმაგრებლები სპარსელები იყვნენ. საფიქრებელია, რომ სწორედ ამ დროიდან ეწოდება მტკვრის მარცხენა ნაპირზე მყოფ ციხეს და მისგან მის მიდამოსაც "სოღდებილი". (2)
ვ. მინორსკი "სოღდებილს" ქართულ "საგოდებელს" უკავშირებს და უკანასკნელიდან ნაწარმოებად მიიჩნევს. (3)
ო. ცქიტიშვილი, ქართულ და უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით (ძირითადად არაბულენოვანი), ასკვნის, რომ "სოღდებილი არასოდეს არ ყოფილა დასახლებული სოღდის ტომით და რომ სოღდებილი VIII საუკუნის დასასრულისათვის თბილისის გარეუბანს წარმოადგენდა" . (4) ო. ცქიტიშვილი თავის მოსაზრების გამოთქმისას იშველიებს იოვანე საბანის ძის "მარტვილობაი ჰაბო ტფილელისაი"-ს, ნაწარმოების მიხედვით ჰაბოს წამების წინ შემოატარეს ქალაქი და შემდეგ მიიყვანეს "იგი კარსა მას მსაჯულისა მის ამარისასა" იქ იმართება დიალოგი მსაჯულსა და ჰაბოს შორის. ჰაბო ქრისტეს რჯულს არ ტოვებს. ამირას ბრძანებით მას თავს ჰკვეთენ. ჰაბოს ცხედარი დაასვენეს ურემზე და გაიტანეს "გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საგოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაი... რომელ არს აღმოსავალით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქვან სადილეგო, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდე, კლდე მდინარისა მის დიდისაი, რომელი განჰვლის აღმოსავლით ქალაქსა, ესე არს სახელით მტკუარი". (5). ეს მოხდა 785 წელს, ქრისტეს აქეთ.
ამგვარად, იოვანე საბანის ძის მონათხრობიდან ირკვევა, რომ ჰაბო ტფილელის ცხედარი გაიტანეს მტკვრის გაღმა, ქალაქის გარეთ, ქალაქის სასაფლაოზე, რომელსაც "საგოდებელი" ეწოდებოდა და რომელიც ქალაქის საპყრობილეს - სადილეგოს აღმოსავლეთითა. ქალაქი მდინარის დასავლეთითაა, რადგანაც "მდინარე განჰვლის აღმოსავლეთით ქალაქსა".
მაშასადამე, VIII საუკუნის 80-იან წლებში ქალაქი მდინარის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული, ხოლო მარცხენა ნაპირზე ქალაქის საპყრობილე-სადილეგოა და სასაფლაო-საგოდებელი.
"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორთან ვხვდებით სიტყვა "საღოდებელს": მეფის კარს გამდგარი ყუთლუ-არსლანი ისნის ველზე დგამს კარავს "ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა". (6)
მ. ლორთქიფანიძე თამარის ისტორიკოსის "საღოდებელს" იოვანე საბანის ძის "საგოდებელს" უკავშირებს და მას ქალაქის საპყრობილის - "სადილეგოს" აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიად მიიჩნევს. (7)
"საგოდებლის" ადგილმდებარეობის საკითხს მელიქსეთ-ბეგიც შეეხო. ის აღნიშნავდა: "საგოდებელი" ძველი ტფილისის სასაფლაოს სახელწოდებაა, ე.წ. სირაჩხანის ადგილზე, ესე იგი ე. წ. დარეჯანის კოშკის მახლობლად, ხოლო "სადილეგო"- საპყრობილე, მერმინდელი "მეტეხის ადგილზე". (8)
853 წელს თბილისს მოადგა არაბეთის ხალიფას მიერ გამოგზავნილი ჯარი, რომელსაც მხედართმთავრობდა ბუღა-თურქი. აღნიშნული ლაშქრობის მიზანი იყო გაურჩებული ქართლის ამირას ისაკის მოთვინიერება და დასჯა. არაბ ისტორიკოსებთან აღნიშნული დამსჯელი ექსპედიციის დროს მტკვრის მარცხენა ნაპირზე "სოღდებილის მედინაა", ე. ი . გამაგრებული ციხე "სოღდებილის" სახელწოდებით. თბილისში ბუღა-თურქის ეს ლაშქრობა საყოველთაოდაა ცნობილი. მან დაანგრია თბილისი, შემუსრა მისი ციხე-კოშკები და თვით ამირა კი სიკვდილით დასაჯა. "სოღდებილის მედინა" ამ ლაშქრობამ იმსხვერპლა. ამის შემდგომ ცოტა დრომ განვლო და მტკვრის მარცხენა ნაპირზე, "სოღდებილის" ციხის ადგილზე IX საუკუნეში ვხვდებით ახალ სიმაგრეს ისნის სახელით, რომელიც "სოღდებილთან" შედარებით უფრო მაგარი ნაგებობაა და თხრილითაცაა გამაგრებული. (9)
აღნიშნული თხრილის შესახებ ცნობებს, გარდა არაბი ისტორიკოსებისა, ჩვენ სხვა წყაროებში არსად არ ვხვდებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ვახუშტის " თბილისის 1735 წლის გეგმას" (სადაც ავლაბრის სამხრეთით აღნიშნულია თხრილი) და რუსი კარტოგრაფების მიერ შედგენილ თბილისის 1800 და 1802 წლების. გეგმებს. მათზე დატანილია წარწერა «Бывшая онная окопа».
ისნის ძველ თხრილს საგანგებოდ ეხება ვ. ცინცაძე. თხრილთან ერთად მკვლევარი ეხება ისნის ზღუდესაც და მასში დატანებულ კარსაც.
X საუკუნის არაბი ისტორიკოსები - ისტახარი (930) და იბნ-ჰაუკალი (977-978) თბილისის აღწერისას გადმოგვცემენ, რომ ქალაქი შემოზღუდულია ალიზით ნაგები ორრიგა კედლით, რომელშიც სამი კარი ყოფილა დატანებული. "Тифлис-город меньше Баб-уль-Абваба по величине. Вокруг него две стены из глины и в них трое ворот. (10) ვ. ცინცაძე მოცემულ ცნობას იყენებს და წერს, რომ "Действительно из районов Тбилиси того периода трое ворот должны были быть только у Исани». (11)
ცოტა უცნაურია, როცა ვ. ცინცაძე იბნ-ჰაუკალის მიერ მოხსენიებულ ქალაქის სამივე კარს ისანში ათავსებს, და საერთოდ, რატომ აიგივებს იგი არაბი ისტორიკოსების მიერ ნახსენებ ქალაქს ისანთან, როცა ზემოთ მოტანილი მათი მონათხრობიდან აშკარადა ჩანს, რომ ისინი ისანზე კი არა, ზოგადად ქალაქზე ლაპარაკობენ.
თბილისის კართა სახელებს პირველად ვხვდებით ისევ არაბ გეოგრაფოსთან ტაბართან (X ს). ტაბარის მიხედვით, ქალაქს ხუთი კარი აქვს, (არც ეს ცნობა უნდა იყოს სრული) –"მაიდნის კარი", "კარის კარი", "მცირე კარი", "რაბადის კარი", "სოღდებილის კარი".
შ. მესხია ტაბარის მიერ ჩამოთვლილ ქალაქის ხუთ კარს შემდეგნაირად მიუჩენს ადგილს: "მოედნის კარი"- ციხის მოედანს (თათრის მოედანს) აკავშირებდა ძველ თბილისთან, "კარის კარი"-სამხრეთ კედელში იყო დატანილი, "რაბადის" ანუ "ციხის კარი" აკავშირებდა ქალაქთან-რაბათთან, "სოღდებილის კარი" კი სოღდებილს (შემდეგდროინდელ ავლაბარს) ძველ თბილისთან. (13)
შ. მესხიას მიხედვით ქალაქის ხუთი კარიდან მხოლოდ ერთია მტკვრის მარცხენა ნაპირზე. იგი გვიანი შუასაუკუნეების ქალაქის კართა განლაგებისა და სახელთა საკითხს კიდევ შეეხო: "шестые городские ворота (ამ დროს თბილისს ექვსი კარი აქვს თ. ბ.) были расположены на левом берегу реки Куры у Авлабарской стены, и поэтому большинство источников називают их «Авлабарскими воротамы», а некоторые источники "Тапитагскими воротами". Беспорно, что отмеченные Табари "Согдебильские ворота" соответствует именно «Авлабарским воротам». (13). ზემოთ ვთქვით, რომ IX საუკუნის "ისანი" შემოზღუდულია და უნდა ვიფიქროთ, ესაა ქალაქის გალავნის გაგრძელება, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ყოველ შემთხვევაში, IX საუკუნეში თუ არა X საუკუნეში ქალაქი უკვე მტკვრის ორივე ნაპირზეა გაშენებული. ალ-მუკადასი (985 წ.) ქალაქის აღწერისას ამბობს: "თბილისი გორებს შორის არის გამაგრებული, მას მდ. მტკვარი გადაჰკვეთს, იგი გადაჭიმულია ორივე ნაპირზე და ხიდითაა შეერთებული (14).
"ისანი" ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად XI საუკუნეში გვხვდება, 1045 წელს ქალაქის ბერების მოწვევით თბილისში შემოსული მეფე ბაგრატ IV იპყრობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქის დამცველ ციხე-კოშკებს და შიგ თავის მხედრიონს აყენებს. მეფეს არ ნებდება "ისნის" ციხე. მემატიანე მოგვითხრობს: "ხოლო ისნელთა ჩააგდეს ქიდი და არა მოსცეს ისნი" (15). მიუხედავად ამისა, მეფე გადადის მტკვარზე და დგება "ისნის ველსა". ისნელები მეფეს დიდ წინააღმდეგობას უწევენ.
შემდგომ ხანაში "ისანში" უკვე საქართველოს მეფეთა სასახლე დგას, სწორედ აქ გაიგო თამარ მეფემ მამის, გიორგი III გარდაცვალების ამბავი: "ესრა ესევითარი საგოდი... ესმა... თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა, მათსა ციხესა ისანს" (16). ადრეულ ქართულ წერილობით წყაროებში ასე მინიშნებით და კონკრეტულად, რომ "ისანი" ქალაქ თბილისშია პირველად ვხვდებით.
ზემოთ, როგორც ვნახეთ, მემატიანე ყუთლუ არსლანის კარვის დადგმის ადგილად "ისნის" ველს ასახელებს. ე. ი. კარავი ციხის ზღუდის იქით მდგარა, გაუმაგრებელ ადგილზე. ქართველ მემატიანესთან "ისანს" კიდევ ვხვდებით, "ჟამთააღმწერელი" რამდენჯერმე ახსენებს მას. ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს მეფე დიმიტრის მიერ ისანში მეტეხის ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიის აგების ფაქტი. მოვიხმოთ თვით მთხრობელი: "მეფემან დაიწყო სიბასა წარსვლად და აღაშენა ქუეყანანი მოოჭრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეფეთა ღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელი და ზუარნი" (17).
ე.ი. XIII საუკუნის 80-იან წლებში ისანში აუგიათ მეტეხის ეკლესია. ამიერიდან "ისანს" უჩნდება მეორე სახელი - "მეტეხი", რომელიც სულ მალე ადგილის საკუთარ სახელად იქცევა კიდეც. მომდევნო ხანაში "ისანის ციხის" მაგიერად წერილობით წყაროებში "მეტეხის ციხე" იხსენიება.
ამგვარად, მტკვრის მარცხენა ნაპირზე ქალაქის საპყრობილე- სადილეგოა (VIII ს.) შემდეგ იგი ქალაქის ამირას (IX ს.) მიერ გადაკეთდა "სოღდებილის მედინად" ანუ ციხედ, რომელიც გარნიზონის სადგომის - ამსარის როლს ასრულებდა, სოღდებილის მედინა ხელმეორედ გადაკეთდა (IX ს.) აშენდა ქვითკირით, შემოავლეს თხრილი და სახელად ისანი-ციხე ეწოდა. ხოლო ბოლოს, ისანში "მეტეხის" ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიის აგების შემდეგ, ამ ადგილმა სამუდამოდ მეტეხის სახელი დაიმკვიდრა.
თუმცა ვახუშტი ბაგრატიონი თბილისის ამ ნაწილს მაინც "ისნად" მოიხსენიებს: "ისნს არს, კიდესა მტკურისასა, კლდესა ზედა, ციხესა შინა ეკლესია მეტეხი, ღვთისმშობლისა ...ისნს არს ეკლესია ერთი უგუმბათო, არამედ გუმბათიანი ორი, და უგუმბათო ერთი უპყრავთ სომეხთა. ყოფილან ძველად მრავალნი ეკლესიანი ტფილის, კალას და ისნს, არამედ აწ შემუსრვილნი არიან" (18).
დამოწმებული ადგილი საჭიროებს განმარტებას. გარდა იმისა, რომ მკვლევარი თვით უშუალოდ "ისნის" ციხეზე ლაპარაკობს, ის აქვე სახელს "ისანს" უფრო ანზოგადოებს და მას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეც ავრცელებს, კერძოდ კი ავლაბარზე. ვახუშტი დასახელებულ ნაშრომში საიმდროისო ქალაქ თბილისის შემადგენელ უბანთა ძველ სახელებს უსადაგებს ახალ სახელებს და წერს: "ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს-სეიდაბადს და ისნს-ავლაბარს, და გარეთუბანი არს ტფილისისა" (19). ე.ი. "ისანი" ავლაბარია, რაც სწორი არ უნდა იყოს. ასეთი აზრის გამოთქმის უფლებას გვაძლევს თვით ავლაბრის ეტიმოლოგია და XVII-XVIII საუკუნეების თბილისის გრაფიკული გამოსახულებანი, რომელთაც ჩვენ ქვემოთ შევეხებით. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვახუშტი ბაგრატიონი, როცა მოგვითხრობს ულუ დავითისა და ნარინ დავითის ორმეფობის ამბავს, ამბობს: "შემოვიდნენ ტფილისს მეტეხს ეკლესიასა შინა და დასხდნენ საყდართა ზედა ორნივე ქ-სა ჩასმდ, ქართულსა უად იკურთხნენ მუნვე ტფილისს" (20). მაშასადამე, მეფენი შემოვიდნენ თბილისს მეტეხის ეკლესიაში, დასხდნენ (სასახლე-ისნის) და იქვე (მუნ) თბილისში ე.ი. მეტეხში მეფედ ეკურთხნენ.
ერთხელ კიდევ დავესესხოთ ვახუშტი ბატონიშვილს. XVII საუკუნეში ქართლის მეფეებს თბილისში ორი სასახლე ჰქონდათ - კალას ციხეში (ნარიყალა) და ისნის (მეტეხის) ციხეში. როსტომ მეფემ ორივე სასახლე მიატოვა და თავისთვის სიონსა და ანჩისხატს შორის აიგო ახალი სასახლე.
ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს თბილისში მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდგარი სამეფო სასახლის ადგილმდებარეობა და მისი სახელი. ვახუშტი ასე ამბობს: "...კუალად დაუტევა სასახლე ისნის ციხისა..." (21).
როგორც ვახუშტი ბაგრატიონის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"-დან დამოწმებულ ადგილებიდან ვნახეთ, ულუ დავითი და ნარინ დავითი თბილისში, მეტეხში მდგარ სამეფო სასახლეში სხედან და იქვე მდგარ მეტეხის ეკლესიაში ეკურთხნენ მეფედ. იმავე თხზულებაში, სხვა ადგილზე კი ვახუშტი ამბობს, რომ როსტომმა მიატოვა ისნის ციხეში მდგარი სამეფო სასახლე. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ისნისა და მეტეხის ციხეთა და იქ მდგომ სამეფო სასახლეთა იდენტურობა ეჭვგარეშეა.
ძველი თბილისის პირველი გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ჩვენს ხელთ არის, მისიონერ ჟან შარდენის (1673) ნახატია.
აღნიშნულ ნახატზე ქალაქი მტკვრის მრჯვენა ნაპირზე გალავანშემოზღუდულია, ხოლო რაც შეეხება მარცხენა ნაპირს, აქ გალავანი მხოლოდ მეტეხის ეკლესიას და მის მიმდებარე მცირე ტერიტორიას აქვს.
მეტეხის გალავანში, ეკლესიის გარდა, რამდენიმე ნაგებობა დგას. მეტეხის გალავანს ჩრდილო-დასავლეთით კარი აქვს დატანებული. ამ მხარეს გალავნის კედელი გრძელდება და მტკვრამდე აღწევს. აღნიშნულ კედელში კარია გაჭრილი, რომლიდანაც იწყებოდა "ავჭალის" გზა.
ამგვარად, ჟან შარდენის ნახატის მიხედვით ირკვევა, რომ მოგზაურს მიზნად ჰქონდა მხოლოდ საკუთრივ გალავანშემოვლებული ქალაქის ჩახატვა. მოგზაურისთვის მეორეხარისხოვანია ის, რაც აღნიშნული ზღუდის იქით ხდება; თუმცა მას გალავნის გარეთ რამდენიმე ნაგებობაც დაუტანიებია. ამ შემთხვევაში, რადგანაც ჩვენ მტკვრის მარცხენა ნაპირი გვაინტერესებს, აღვნიშნავთ, რომ აქ ჟან შარდენს გალავნის მიღმა, ერთმანეთისაგან მოშორებით თითო-ოროლა შენობა აქვს დატანილი.
ჩვენს ხელთაა ტურნეფორის მიერ შესრულებული (1701) თბილისის კიდევ ერთი გრაფიკული გამოსახულება. აქაც მოგზაურის მიზანია მოგვცეს გალავანშემოვლებული ქალაქის მთლიანი სურათი, ტურნეფორის ნახატი ჟან შარდენისეული ნახატისაგან განსხვავდება იმით, რომ მასთან ქალაქის გალავნის იქეთა ტერიტორია მტკვრის ორივე ნაპირზე უფრო მჭიდროდაა დასახლებული, თუმცა არც ეს ნახატი იძლევა ქალაქის გარეუბნების მთლიან სურათს.
ვახუშტი ბატონიშვილს "თბილისის 1735 წლის გეგმაზე" დატანილი აქვს, როგორც გალავანშემორტყმული ქალაქი, ასევე მისი მომიჯნავე გარეუბნებიც. აქ მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ციხის გალავანში დგას მეტეხის ეკლესია (ნომ. 55) . ძეგლი საერთო ტერიტორიისაგან გამოყოფილია ჩრდილოეთის მხრიდან ზღუდის-ზღუდით.
ვახუშტი თბილისის აღწერისას ამბობს: "ხოლო ისნის ციხე ყოფილ არს დიდი, რომელსა განაახლებდნენ ოსმალნი ქრისტესსა ჩღკო და დაშთათ უსრულნი" (22). მაშასადამე, ყოფილი ისნის დიდი ციხის განახლება ოსმალებს დაუწყიათ 1728 წ. მაგრამ მისი დასრულება ვერ მოუხერხებიათ. ოსმალთა ისნის ციხის განსაახლებელი აღდგენითი სამუშაოები, ალბათ, ეხებოდა მეტეხის ციხეს, რომელსაც ვახუშტისავე გადმოცემით "...მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა, ვითარცა ციხე მტკიცე ჭიდითურთ და შეყენნა მცველნი ყიზილბაშნი მას შინაცა" (23).
ციხის მიმდებარე ტერიტორია ("ავლაბარი", "ისანი", ნომ. 56) შემოუზღუდავია. ავლაბრის ტერიტორიაზე დატანილია საცხოვრისის აღმნიშვნელი უჯრედები და სამხრეთიდან და ჩრდ-აღმოსავლეთიდან ძველი თხრილითაა შემოფარგლული.
პიშჩევიჩის მიერ ფრანგულ ენაზე შედგენილი თბილისის 1785 წლის გეგმაზე მეტეხი და ავლაბარი ცალ-ცალკეა შემოზღუდული.
მეტეხის გალავანს აღმოსავლეთიდან კარი აქვს დატანილი, საიდანაც მოხვედრა შეიძლება ავლაბარში, ავლაბარს ცალკე აქვს ზღუდე, რომელიც იწყება მტკვრიდან. კედელში ორი კარია, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან.
გეგმის მიხედვით, ავლაბარში ქუჩებია, რომელთა საშუალებითაც ამ ადგილის მთელი ტერიტორია კვარტალებად იყოფა. როგორც ვნახეთ, XVIII საუკუნის 80-იან წლებისათვის ავლაბრის ტერიტორია გალავანშემოვლებულია, ამასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობას გვაწვდის დარეჯან დედოფალი 1801 წლის შედგენილ სადედოფლო შემოსავლის ნუსხაში, სადაც იგი, სხვათა შორის, ამბობს, რომ ოცდაექვსი წლის წინ, ე.ი. დაახლოებით XVIII საუკუნის 70-იან წლებში, მისი ბრძანებით ავლაბრისათვის გალავანი შემოუვლიათ.
"1801, აპრილის დამლევი დ. ქ. ავლაბარი ოსმალობას აქეთ ხარაბა ყოფილა, ოცდაექვსი წელიწადი არის ჩემის ხარჯით გალავანი შემომივლია, სასახლე და ეკლესია ამიშენებია, ხალხი შემიკრებია და დამისახლებია" (24).
ჩვენთვის ცნობილ წყაროებში პირველი წერილობითი საბუთი, სადაც ვხვდებით ავლაბრის ხსენებას, არის 1392 წელს შედგენილი სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელი. "ტფილისს ქალაქს: ეკლესია,სასახლე,ვაჭარნი,მამულნი,ბაზარნი,ქულბაქნი და ბაჟნი, თუსითა შესავლითა.
ავლაბარს: მონასტერი მეტეხის ყოვლად წმიდისა,მისითა მამულითა ავლაბრითა და ავლაბრის ჭალითა" (25).
მოტანილ მონაკვეთიდან აშკარად ჩანს,რომ "ტფილისს ქალაქი" ცალკეა,ხოლო "ავლაბარი" კი მისგან დამოუკიდებელი პუნქტია. როგორც ავღნიშნეთ, ვახუშტი ძველი ქალაქის შემადგენელ ნაწილთა დასახლებისას ამბობს,რომ "ისანს" მის დროს "ავლაბარს" უწოდებენ. ვახუშტი არაფერს ამბობს, თუ როდის უნდა გაჩენილიყო "ისნის" სინონიმად "ავლაბარი". შ. მესხია სავარაუდოდ ამ ამბავს XIV საუკუნე მიაწერს – "ისანს" ავლაბარი, როგორც ჩანს, ძირითადად XIV საუკუნიდან შეერქვა".
აქვე ერთხელ კიდევ გვინდა გავიხსენოთ, რომ მეტეხის ეკლესია ისანში აშენდა. ისანი ქალაქის ნაწილია, უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, ისანი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე დევს X საუკუნეში მაინც, ამიტომ ხომ არ უნდა იყოს,რომ XVI საუკუნის სიგელ-გუჯრებში მეტეხი ყოველთვის ქალაქთანა გვხვდება: "ტფილისს ქალაქს მეტეხთა მონასტერი" (1532-1549) (26), "ქალაქს მეტეხი" (1559) (27). აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როცა მეტეხის ეკლესია ავლაბართან ერთად გვხვდება ზემოთ ნახსენებ სიგელში (1392 წ.) ასევე 1596 წელს შედგენილ ერთ საბუთში მეტეხი ქალაქთან და ავლაბართან ერთად იხსენიება: "ესე ძღუენი და შესაწირავი: ტფილის: ქალაქს: ავლაბარს: მეტეხთა: ღთისა: მშობლისა:" (28).
სავარაუდებელია, რომ საბუთებში მეტეხის ქალაქთან და ავლაბართან ერთად მოხსენიება გაპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ მრავალგზის შემმუსვრელი შემოსევების შედეგად ქალაქის აღმოსავლეთ მხარის დამცველი ციხე ზღუდემორღვეულია, ამიტომ ძველ ისანს, როგორც ციხეს თავისი ფუნქციები დაკარგული აქვს. აქ მხოლოდ მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესიაღა იდგა. XVII საუკუნეში. როსტომ მეფემ "მოავლო მეტეხს ზღუდე და ქმნა ვითარცა ციხე მტკიცე ხიდიდურთ" მან ახალი ციხე კი არ ააგო, არამედ ძველი ტრადიცია განაახლა, მოშლილი მეტეხის (ისნის) ციხე აღადგინა.
ვფიქრობთ, მეტეხის ეკლესიის მოხსენიება ავლაბართან ერთად იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ საბუთის შემდგენელი ავლაბარს იყენებს ადგილის მინიშნების, დაკონკრეტების მიზნით-ორიენტირად, მეტეხი ქალაქში დგას, ოღონდ ავლაბრის მხარეს.
1392 წლის საბუთის მიხედვით ავლაბარს თავისი მამული და ჭალა აქვს. ნ. ბერძენიშვილი ამბობს, რომ "ჭალა" ძველ საქართველოში დასახლებულ პუნქტს (დაბას, ქალაქს) ახლდა. ის, როგორც ნაწილი, იმ კომპლექსურ, ტერიტორიულ ერთეულში შედიოდა, რომელიც განვითარებული მიწის მეურნეობის ქვეყანაში (როგორიც საქართველო იყო) დაბას (სამეურნეო თვალსაზრისით) ქმნიდა და ხასიათდებოდა: "მთითა, ბარითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, საძოვრითა, სათიბითა, ჭალითა, სანადიროთა" (29). ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ავლაბარი დამოუკიდებელი, დასახლებული პუნქტი იყო, რაც არ შეიძლება ითქვას "ისანზე" ანდა "მეტეხზე"
კითხვაზე-ავლაბარი ძველი ისანია თუ არა,ასევე ის ქალაქის შემადგენელი ნაწილი, უბანი, იყო თუ არა? ყველაზე კარგად პასუხობს თვით სიტყვა "ავლაბრის" ეტიმოლოგიის ახსნა. სიტყვის "ავლაბრის" განმარტებისას მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა.
თეიმურაზ ბაგრატიონი "ავლაბარს" ასე ხსნის: "ეს სახელი, ავლაბარი ქართული, რთული სახელი არის, ესე იგი ავლა ნიშნავს ძირის ადგილიდან მაღლა ასვლას, ბარი ნიშნავს მდაბალს, ვაკე და ტფილ ადგილს ესე იგი: მთა და ბარი, მთა მაღალი და გრილი: და ბარი მდაბალი, ვაკე და თბილი ადგილი" (29). ეს, რასაკვირველია სიტყვის მეტად გულუბრყვილო ახსნაა და, ჩვენის აზრით მას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს.
ს. ჯანაშია სიტყვას "ავლაბარი" ასე ხსნის: "ავლაბარი, ისე როგორც ისანი, არაბული წარმოშობის ძველი სახელწოდებაა. ისანი "ციხეს" ნიშნავს, ხოლო "ავლაბარი" სასახლის მიდამოს (31). შ. მესხიას ავლაბარზე საუბრისას სიტყვის ახსნა სქოლიოში ჩააქვს და ამბობს, რომ "ავლაბარი" სასახლის მიდამოს" ნიშნავსო (32). ნ. ბადრიაშვილი სიტყვის ასეთივე ახსნას იძლევა: "авлабари происходит из "хабели-бар" т. с. "окрестнасть дворца"
როგორც ვნახეთ, ზემოთ დამოწმებული მკვლევარნი "ავლაბარში" ორ სიტყვას ხედავენ - "სასახლე" და "მიდამო" ე.ი. კომპოზოცია ..... (ჰავალი) და .... (ბორ) . იგი სპარსულ-არაბული წარმოშობისაა. .... არაბულად და ..... სპარსულადაც "მიდამოს" ნიშნავს. მაშასადამე, თუ სიტყვის პირველი ნაწილი მიდამოს ნიშნავს, მეორე სიტყვა სასახლეს უნდა ნიშნავდეს და ეს ასეც არის (33).
აქ უჩვეულო რამ თითქოსდა არ მომხდარა. ცნობილია, რომ ისნის ციხეში იდგა ქართველ მეფეთა სასახლე და ადვილად დასაშვებია ადგილს ამის გამო ზემოთ აღნიშნული სახელი - ავლაბარი მიეღო. რადგანაც სასახლე ციხის ტერიტორიაზე იდგა, ავლაბარი უნდა შერქმეოდა პირველ რიგში ციხის გალავნის შიგნითა ტერიტორიას (ისანს-მეტეხს).
როგორც ვნახეთ, გვიანი ხანის თბილისის გრაფიკულ გამოსახულებებზე (ჟან შარდენი, ტურნეფორი, ვახუშტი) მეტეხი, ძველი ისანი შემოზღუდულია, ხოლო ავლაბარი კი შემოუზღუდავი. არაა გამორიცხული, რომ სახელი "სასახლის მიდამო" გავრცელებულიყო ზღუდის იქით ტერიტორიაზე. ჩვენ ავლაბრის ასეთ ახსნას მივიღებდით, რომ არ იყოს ერთი საცთური - სიტყვა "ავლაბრის" მეორე ნაწილის - "ბარის" სხვაგვარი ახსნა.
სიტყვა .... ნიშნავს - თხრილს, სანგარს, ზღუდეს, ღობეს, გალავანს, მიწაყრილს (34). ამის შემდეგ "ავლაბარში" მივიღეთ სულ სხვა სემანტიკის შემცვლელი სიტყვა ზღუდის, გალავნის, თხრილის იქეთა მიდამოა და არა სასახლის მიდამო. ...... ჰავლაბარი რომ გადმოვაქართულოთ მივიღებთ გარეთუბანს. გარეთუბანი კი ყოველთვის იმ ტერიტორიას ეწოდებოდა, რომელიც ქალაქის ზღუდის იქით მდებარეობდა. (იხილეთ ვახუშტის გეგმა). უფრო სწორი იქნება თუ ავღნიშნავთ, რომ ავლაბარი ძველი სოღდებილის ნაწილს, ისანის ველს ეწოდება.
სიტყვა "ავლაბრის" ჩვენეულ ახსნას ამაგრებს ავლაბრის კარის სომხური სახელწოდება. 1795 წელს თბილისში ჩამოდის სომეხი ვაჭარი არტემ არარატიანი. ეს ის დროა, როცა ქალაქი აღა-მაჰმად ხანის მიერ განადგურებულია. არარატიანი თბილისში მტკვრის მარცხენა ნაპირიდან, ავლაბრის მხრიდან შემოდის. "...Перещол дорогуь почти все по трупам и прищол в тифлись через тапатагские воротаь и эщо более ужаснюля увидевь даже женщини и младенци посечинх мечем.." ე.ი. არარატიანი ქალაქში მოხვედრილა, შემოსულა თაფთაღის კარით. შ. მესხია თაფთაღის კარს აიგივებს ავლაბრის კართან.
თაფთაღი - ორი სიტყვისაგან შედგება. თაფ - (....) და თაღი (...) . სიტყვის მეორე ნაწილი თაღი სომხურად ნიშნავს ქალაქის უბანს, კვარტალს. (.............) ჩვენთვის უფრო საინტერესოა სიტყვის პირველი ნაწილი - თაფ. თაფი თხრილს ნიშნავს . თაფის სომხური სინონიმია - თხრილი 59. ე.ი. მთლიანობაში სიტყვა" თაფთაღი" ნიშნავს თხრილის უბანს.
გავიხსენოთ სიტყვა ჰავლაბარის ბოლო ნაწილი - ბარ-თხრილი, ზღუდე. ავლაბრის ტერიტორიის ლოკალიზაციისათვის ასევე საყურადღებო ცნობას გვაწვდის XIX საუკუნეში შედგენილი დოკუმენტი: "предместье гор Тбилиса авлабар вазникщее возле известной в истории Грузии под назвонием "Иени" или "Исани" царской резиденции и крепостию"
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ XVII საუკუნეში, კერძოდ 1673 -1689 და 1681-1682 წწ. შედგენილ ორენოვან ქართულ-სპარსულ საბუთში ავლაბარი სპარსულ ენაზე ასეთი ფორმითაა " .............." (ჰალვაბარ) (41).
XVI საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული XVII საუკუნის მიწურულამდე წერილობით წყაროებში ავლაბარი აღარ გვხვდება. თითქმის მთელი ერთი საუკუნით ავლაბრის ჩვენს თვალთახედვის მიღმა დარჩენა შეიძლება ჩვენამდე იმდროინდელი საბუთების მოუღწევლობას მივაწეროთ, მაგრამ უფრო უპრიანი და მართებული იქნება, თუ ამ საკითხის დადგენისას გავითვალისწინებთ XV-XVI საუკუნეებში საქართველოს, კერძოდ თბილისს, თავსგადამხდარ ისტორიულ მოვლენებს.
XVII საუკუნის ავლაბარი ასე შემოისაზღვრებოდა: ჩრდილოეთიდან - ჩუღურეთის ხევით (ავლაბრის, სურბ-კარაპეტას, კიბალჩიჩის ), აღმოსავლეთიდან - ღომელაურით და დირსიჭალის ბაღებით, დასავლეთიდან - მდინარე მტკვრით და მეტეხის ციხით. როგორც ვხედავთ, ამ დროისათვის (XVII ს.) ავლაბარს საკმაოდ დიდი ფართობი ეკავა.
ზემოთ ვთქვით, რომ მოხსენიებულ ავტორებთან ავლაბარი მეტად მეჩხერადაა დასახლებული. ამის მიზეზებზეც ვისაუბრებთ. ახლა გვსურს,კარტოგრაფთა თუ მოგზაურთა ეს ხარვეზი შევავსოთ XVII საუკუნის. რამდენიმე წერილობითი მასალით, სადაც ლაპარაკია ავლაბრის ტერიტორიის განსახლებაზე. 1654 წელია, ზარაბხუცესს ხოჯა ბეჰბუთასს, მისივე თხოვნით, მეფე როსტომი ქალაქის სასაფლაოსთან მახათის მთის ქვევით, ავლაბრისაკენ ეკლესიის აშენების უფლებას აძლევს. (42). როსტომ მეფის დროს წოდორეთიდან რამდენიმე კომლი გლეხი გადმოასახლეს ავლაბარში: " უძეოსაა და უშვილოს ჯავახის შვილს ზაქარიას: ყმანი: ვიყავენით და წოდორეთს: ვესახლენით: ის მოკვდა: და: თავის კერძობით: უშვილოდ: გარდავლინდა და ჩვენ : როსტომ მეფემ: სახასოდ დაგვიჭირა: იქიდამ ავიყარენით; და: ავლაბარში: დავსახლდით" (1673 წ.) (43).
ეს შემთხვევით არაა, სწორედ როსტომ მეფეს და მისი მემკვიდრის შაჰნავაზის (ვახტანგ V) დროს შედარებით სიმშვიდე სუფევს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისი იზრდება, შესაბამისად მისი სანახებიც სახლდება და საქალაქო ცხოვრებაში ინტენსიურად იწყებს მონაწილეობის მიღებას.
თუ ავლაბარი XVI-XVII საუკუნეების წერილობით წყაროებში და სიგელ-გუჯრებში იშვიათად გვხვდება, XVIII საუკუნეში იგი თბილისის სხვა გარეუბნებთან შედარებით ხშირადაა მოხსენიებული. ავლაბარი სახასო მამულია. აქ სახლობენ როგორც სამეფო, ასევე დედოფლის, ასევე თავად-აზნაურთა, საკათალიკოსო თუ საეპისკოპოსო, თბილელის ყმა გლეხები. ავლაბარში ქართველების გარდა სომხები და მაჰმადიანები ცხოვრობენ. ზოგი ინათლება და ქართველდება კიდეც. მაგალითად, 1706 წელს შედგენილ საბუთში ვკითხულობთ: მე, სომეხი: ვიყავი: და თქვენს: საყდარს: მოვინათლე" (44).
1769 წლის შედგენილი წყალობის წიგნით კათალიკოსი ანტონ I იესეს ძე კვეზერელ ოთარს და მის შვილებს უწყალობებს ავლაბარში სვეტიცხოველის კუთვნილ მამულს (45).
1766 წლის საპატრიარქო ყმათა ნუსხაში არიან:
"ქ. ავლაბრელი. სუქანას შვილი ესტატე
ქ. ავლაბრელი კვეზერელი დავითა" (46).
ქალაქში, გარეუბანში და ავლაბარში მცხოვრებელ საკათალიკოსო ყმა გლეხებს თავიანთი მოურავი ჰყავდათ. XVIII საუკუნეში ეს სახელო სვეტიცხოვლის სახლთუხუცესს მაღალაძეთა გვარს ეპყრა (47).
ჩვენ რამდენიმე დოკუმენტი დავიმოწმეთ, სადაც ლაპარაკი იყო ქალაქში და ავლაბარში მსახლობელ საკათალიკოსო ყმა გლეხებზე და სხვა.
1701 წლის შედგენილ დოკუმენტში საგანგებოდ ხაზგასმულია თბილელის უფლებებზე ქალაქსა და ავლაბარში მოსახლე მოქალაქეებზე.
"ქ. ჩვენ: ბატონს: კათალიკოზს: დიასამიძეს; ევდემოზს: თბილელ მიტოპოლიტ ორბელიშვილი დომენტი დაგველაპარაკა ქალაქურს სამწყოსზე: ... ვინც მოქალაქე ალობარში დასახლდეს თფილელის მამათმთავარს ველი აღარა აქვს და ვინც ალობრელი ქალაქში დასახლდეს იმისი დრამა და საკანონო თბილელის მამათ მთავარმა მოიკითხოს" (48).
1783 წელს მოეწყო თბილისის აღწერა: "ქ. მისი სიმაღლის ბრძანებით ქალაქი აიწერა ავლაბრით გარეთ უბნით 1783 წელს:
რლვ ქ. გარეთ ავლაბარში კომლი (136).
სით შ. შიგნით ავლაბრის კომლი (219)
ოგ. ქ მეტეხში ხიდიდან (73)
რპვ ქ. ხიდიდან ციხეში (186)
ფნ ქ. გარეთუბანი (550)"


1 2


megobari saitebi

   

01.10.2014