მართალია, დოკუმენტი XIX ს-ის დასაწყისისაა, მაგრამ რადგან მასში მოთხრობილი ეთანხმება XV – XVIII საუკუნეების ქართული და უცხოური წერილობითი წყაროების ცნობებს, ნდობას იმსახურებს. ამ მხრის გააფხაზების პროცესი საკითხის სპეციალურ ლიტერატურაშიც არის განხილული. შედარებით სრულად ეს პროცესი წარმოჩენილია ზემოთ ნახსენებ ირაკლი ანთელავასა და ზურაბ ანჩაბაძის მონოგრაფიებში.
XV საუკუნის შემდეგ აფხაზები თავდასხმებს იწყებენ დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ოლქებზე, უპირატესად სამეგრელოზე. ვახუშტი ბაგრატიონს აღწერილი აქვს XVII - XVIII საუკუნის I მეოთხედში აფხაზების თითქმის ყველა თავდასხმა გურია-სამეგრელოზე. ასეთ თავდასხმებზე უცხოური წერილობითი წყაროებიც მოგვითხრობენ, მაგ., შარდენი. ლამბერტი. XV საუკუნის დოკუმენტებით აშკარაა, რომ სოხუმი (ცხუმი) სხვაა, აფხაზეთი - სხვა. XVII საუკუნის შუა წლებში, არქანჯელო ლამბერტის ცნობებით, დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია ეგრისშია.
ყურადღებას იმსახურებს ის გარემოებაც, რომ XVII საუკუნეში უცხოელები ბიჭვინთას აფხაზეთში არ ათავსებენ.
იტალიელი მისიონერი ძამპი, რომელის თხზულება შარდენმა თავის «მოგზაურობის» წიგნში შეიტანა, მოგვითხრობს რა დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის შესახებ, წერს: ამ კათალიკოსის ძალაუფლება ვრცელდება ოდიშში, იმერლების, გურულების, აფხაზთა და სვანთა ქვეყნებში. მისი სამიტროპოლიტიო საყდარი არის ბიჭვინთაში, აფხაზთა ახლოს56, ეს ცნობა იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ ის მოსახლეობა, რომელიც თავისი ყოფით, რწმენით განსხვავდება სამეგრელოს და დანარჩენი დასავლეთი საქართველოს მოსახლეობისაგან, ბიჭვინთაში ჯერ არ არის დამკვიდრებული და ამიტომ უცხოელ დამკვირვებელს ის «აფხაზეთად» არ მიაჩნია.
XV საუკუნის ძეგლი «მცნება სასჯულო» გვაუწყებს, რომ «აფხაზეთი ქრისტიანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს». ეს ქრისტეს მცნებისაგან განშორებული აფხაზები არიან, რომ ესხმიან თავს სამეგრელოს. XVII საუკუნის პირველი ნახევრის დოკუმენტში («მამულების მფლობელობის განახლების სიგელი ლევან დადიანისა ხობის საყდრისადმი») აღნიშნულია, რომ «მას ჟამსა უღმერთოდ და უსჟულოებად მიიქციეს აფხაზნი», რომ «აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა». იმავე დოკუმენტური მასალიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ვიწროვდება დასავლეთ საქართველოს ქრისტიანული ეკლესიის იურისდიქციის ფარგლები, როგორ იკარგება ეს ქვეყანა ქრისტიანობისა და ქართველობისათვის. თუ არქანჯელო ლამბერტის და სხვა უცხოელი ავტორებისათვის XVII საუკუნის შუა წლებში დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია ეგრისშია, ბიჭვინთა აფხაზეთი არაა, XVI საუკუნის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში ქართული დოკუმენტური მასალით ენგურს გაღმა სოფელი ნიჟანელი ჯერ კიდევ მეგრული სოფელია. ეგრისში ნიჟანეული 1626 წლის აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდი დავთრის მიხედვით59; ოდიშში ნიჟანეული 1939 წლის დოკუმენტებითაც. მაგრამ მდგომარეობა საგრძნობლადაა შეცვლილი უკვე XVIII საუკუნის დასაწყისში. 1712 წლის დოკუმენტში კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე წერს: «ნაჟანევს სოფელი აფხაზს აეყარა. სამოცი მოსახლე კაცი ნეფსაძე კათალიკოზს ყვაპუ შარვაშიძისათვის მიებარებინა. უფროსი ერთი დაკარგულიყო», ვინც მოახერხა კათალიკოზმა წამოიყვანა და ხობსა დახიბულაში დაასახლა. ჩამოთვლილია გვარები და ყველა მეგრული (ქართულია). ასე თანდათან კარგავენ ქართველები პოზიციებს ისტორიულ სამეგრელოში და მათ მომხდური აფხაზები იკავებენ. ეს დოკუმენტი ერთ საინტერესო გარემოებაზეც მიანიშნებს, მომხდურ აფხზთაგან დარბეულ ქართველ გლეხებს კათალიკოსი შერვაშიძეს მიაბარებს, ის მომხდურ აფხაზებს სხვები არიან და შერვაშიძე სხვაა, ისიც ცდილობს ამ მომხდურთაგან თავის დაცვას. თავდაცვა თანდათან ძნელდება. სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი (1611 – 1657) საგანგებო კედელს აგებს აფხაზთაგან თავდასაცავად. ამ კედლის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერს: «შევლო ზღუდე დიდმა ლევან დადიანმა, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის». არქანჯელო ლამბერტის რუკაზე ამ კედელს აფხაზთაგან დასაცავი კედელი აწერია.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ XVII საუკუნემდე აფხაზებით დასახლებულ ქვეყანას სოციალურად და სარწმუნოებრივ-კულტურულად არავინ ანსხვავებდა საერთოდ საქართველოს და საკუთრივ დასავლეთ საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისაგან. უცხოელები, რომელნიც ანგარიშგასაწევ დაკვირვებებს გვაწოდებენ, სწორედ ამ თვალსაზრისით ცხუმს XIII – XIV საუკუნეების ქართულ ქალაქად თვლიან. არაბი მწერალი აბულფიდა ცხუმს საქართველოს ქალაქს უწოდებს, ხოლო ცხუმის კათოლიკე ეპისკოპოსი პეტრე გვერალდი 1330 წელს დაწერილ წერილში ცხუმის მცხოვრებლებად თვლის ქართველებს და აგრეთვე მუსლიმანებსა და ებრაელებს. რაც იმას ნიშნავს, რომ იმდროინდელ ცხუმში ან საერთოდ არ იყვნენ საკუთრივ აფხაზები, ან თუ იყვნენ, რადგან ისინი ენით, სარწმუნოებით, ცხოვრების წეთის არ განსხვავდებოდნენ ქართველებისაგან, უცხოელისათვის ისინი ქართველები იყვნენ და არა აფხაზები. ასევე უნდა აიხსნას ცნობა ბიჭვინთის შესახებაც. ანგარისგასაწევია ის გარმოება, რომ პიტერო გერალდი «ქვემო იბერიის» კათოლიკე ეპისკოპოსად იწოდება. XIV საუკუნეში ცხუმში მონეტას ჭრის სამეგრელოს მთავარი ვამეყ დადიანი, რომელიც მთავრად 1384 - 1396 წლებში იყო. XV საუკუნის იტალიურ რუკებზე მდ. კელასურის შესართავთან დატანილია «მეგრული პორტი», მაგრამ XVII საუკუნისთვის მდგომარეობა შეცვლილია. იტალიელი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელმაც 1630 წელს იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში, წერს: «აფხაზები გაფანტულნი არიან ზღვის სანაპიროზე. მათი ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზებისა... აფხაზების ენა ძალიან განსხვავდება მათი მეზობელი ხალხების ენისაგან. მათ არ აქვთ არავითარი დაწერილი კოანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან. რწმენით ქრისტიანები არიან, რაიმე ქრისტიანული წეს-ჩვუულების გარეშე. ტყეები მათ ემსახურებათ როგორც მყუდრო ადგილი, როდესაც ისინი აირჩევენ ერთ ადგილს საცხოვრებლად, მერე მას არ ტოვებენ. იცვამენ ჩერქეზების მსგავსად, მაგრამ თმებს იკრეჭენ სხვანაირად, ვიდრე ჩერქეზები... რადგანაც მათ არ აქვთ სხვა საცხოვრებელი ადგილი, გარდა ტყისა, ამიტომ ჰყავთ მცირე რაოდენობის ჯოგი და აქვთ მცირე მასალა თავიანთი ტანისამოსისი დასამზადებლად. ისინი კმაყოფილდებიან თაფლისაგან გაკეთებული ღვინოთი და ტყეში გაზრდილი ნაყოფით. ხორბალი მათთან არ მოდის. მარილს აქ არ ხმარობენ».
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ჯოვანი და ლუკა, როდესაც აფხაზებზე იწყებს საუბარს, განაკვეთის სათაურში მათ უწოდებს «აბაზას» («Abbazza»), ხოლო ტექსტში ხმარობს ტერმინებს «აბკასა» და «აბაცა». ეს «აბაცა» ხომ არ არის «აფსუა»?
არქანჯელო ლამბერტის თანახმად, რომელიც XVII საუკუნეში ოც წელიწადს ცხოვრობდა დასავლეთ საქართველოში, აფხაზები არ ცხოვრობდნენ ქალაქებსა და ციხეებში. ერთი გვარის რამდენიმე ოჯახი შეიყრებოდა ერთად, დასახლდებოდნენ მაღლობ ადგილზე, სადაც ააშენებდნენ სილით დახურულ ფაცხებს, თავდაცვის მიზნით ირგვლი ღობეს და ორმაგ თხრილს შემოავლებდნენ. საინტერესოა, რომ მათ სხვა კი არ ერჩის, ისინი თვით ესხმიან ერთმანეთს თავს და ძარცვავენ.
XVII საუკუნის 50-იან წლებში საქართველოში იმყოფებოდა ცნობილი თურქი ისტორიკოსი და გეოგრაფი ევლია ჩელები, რომლის აღწერილობიდან კარგად ჩანს იმდროინდელი აფხაზების ყოფა და კულტურა. ამ დროისათვის აფხაზეთში უკვე საკმაოდ ფეხმოკიდებულია ისლამი, მაგრამ მისი სიტყვეით აფხაზები «ყურანს არ იცნობენ და არც რამე სარწმუნოება აქვთ» .
როგორც მოტანილი ცნობებიდან ჩანს მართებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება იმდროინდელ აფხაზეთში, წინანდელთან შედარებით, მეზობელ ქართველთაგან განსზვავებული ყოფის დამკვიდრების, მათში ქრისტიანობის მოშლის შესახებ, რაც გამოწვეული უნდა იყოს მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობის ან ნაწილობრივ (ნ. ბერძენიშვილი), ან მთლიანად ახალი ეთნიკურნი ჯგუფით, აფსუებით შეცვლით (პ. ინგოროყვა), ჩრდილ კავკასიიდან მოსახლეობის ჩამოსვლით.
უცხოელი ავტორები, რომელნცი ამ ცნობებს გვაწვდიან, არ იყვნენ შემთხვევითი პირები. ისინი ინფორმაციას აგროვებდნენ, რიგ შემთხვევებში ოფიციალურად აწვდიდნენ ცნობებს მთი საქმიანობის სფეროში მყოფი ხალხების შესახებ. მათ მიზანს შეადგენდა შეესწავლათ ამ ხალხების ზნე-ჩვეულება, მეურნეობა, კულტურა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული, რიგ შემთხვევაში არც სუბიექტური დანახვა მოვლენებისა, ობიექტური მიზეზით გამოწვეული შეცდომებიც, მაგრამ, როდესაც მათი ცნობების მნიშვნელოვანი მხარე დადასტურებას პოულობს ქართული დოკუმენტური მასალით, უკვე ამ ცნობების არგათვალისწინება არ შეიძლება.
აფსუების (ან მათი ნაწილის) აფხაზეთის მიწაზე მოსულობის თვალსაზრისს გარკვეულწილად ეხმიანება მათი გადმოცემები. ამ გადმოცემათა სხვადასხვა ვარიანტები არსრებობს, ზოგის თანახმად ისინი აფხაზეთში ეგვიპტიდან, აბისინიიდან არიან მოსულნი, ზოგი ვერსიის თანახმად ისინი არმენიაზე გავლით ჯერ ყუბანში დასახლდნენ, საიდანაც სიცივისაგან შეწუხებულნი აფხაზეთში გადმოვიდნენ და სხვა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა გადმოცემა აფხაზეთში აცანების, ჯუჯა ხალხის შესახებ, რომელნიც გაწყდნენ და რომელთაგან მხოლოდ ქვის სადგომები «აცანგუარების» ნაშთებიღა დარჩა, რაც შემდგომში ახალი მოსახლეობის მოსვლას გულისხმობს. ამასვე ეხმაურება ცნობილი აფხაზური ხალხური ლექსი «აირგ შენ მხოლოდ ზღვისპირეთს ძარცვავ», რომლის თანახმად აფსუათა მითოლოგიის ომის ღმერთი აირგი მაღალ მწვერვალებს დარაჯობდა და ზღვისპირეთს საძარცვად ჩამოდიოდა. და სხვა. ეს გადმოცემები, რასაკვირველია, არ იძლევა აფსუათა ჩამოსახლების ეპოქის განსაზღვრის შესაძლებლობას, არ არის გამორიცხული, რომ მათში სხვადასხვა დროს მიმდინარე პროცესებია ასახული, მაგრამ ზემოთ განხილულ ცნობებთან ერთად, რომელნიც აშკარად მიუთითებს XVI – XVIII საუკუნეების აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, ეს გამოცემებიც იმსხაურებს ყურადღებას.
ევლია ჩელები, რომელმაც XVII საუკუნის 40-იან წლებში (1640 – 1647 წლები) იმოგზაურა საქართველოში საგანგებოდ მოგვითხრობს აბაზას ქვეყნის შესახებ და ჩამოთვლის ყველა იმ ტომს, რომელიც ამ ქვეყანაში შავი ზღვის სანაპიროსა და მთებში მოსახლეობდა (ჩაჩები, არლანი, ჩანლები, გეჩიები და მრავალი სხვა) და აფსუებს არ იხსენიებს. ჩანს, ისინი ვერ მოხვდნენ ჩელების ყურადღების სფეროში, შესაძლებელია ჯერ კიდევ მცირერიცხოვანნი იყვნენ, შეიძლება ის აბაზას სწორედ აფსუებს უწოდებს. ჩელებისათვის აფხაზეთი აბაზას ქვეყანაა. მათი ენაც აბაზას ენაა. ხოლო XIX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილი მეცნიერი უსლარი წერს, რომ აფსუა - აფხაზებია.
რა ხდება, რითაა გამოწვეული ასეთი ცვლილებები? ამ კითხვაზე, როგორც უკვე ითქვა, ქართულ ისტორიოგრაფიაში პასუხი გაცემულია. აღსანიშნავია, რომ აფხაზთა ჩრდილო კავკასიიდან მოსულობის იდეა ქართველ მეცნიერთ არ ეკუთვნით. ამაზე ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წერდნენ მკვლევარები, მაგ.: «Афхазцы не всегда обитали там, где теперь живут; а предания их многие исторические данные и обычан их указывают, что они пришли с севера и потеснили картвельские племена, пака не остановились у Ингури». აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შუასაუკუნოვან საქართველოში აფხაზს არაქართველად არ თვლიდნენ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი, რომლის თხზულებაში ეს კონცეფცია VII – VIII საუკუნეებიდან უნდა მომდინარეობდეს, როდესაც კავკასიის ხალხთა წარმომავლობაზე მოგვითხრობს დასავლეთ საქართველოს ის მთლიანად ეგროსის წილ ქვეყნად თვლის. აღნიშნული კონცეფციის შესახებ ნიკო ბერძენიშვილი წერს: «ეს გადმოცემა ანგარიშგასაწევი მოწმობაა დასავლეთ საქართველოს ტომთა როგორც ეთნიკური მონათესაობისა, ისე მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული თანამშრომლობისა (რაც აგრე ცხადად ჩანს ძველი ბერძნულ-ლათინური მწერლობისა და, განსაკუთრებით, არქეოლოგიურ მონაცემთა შუქზე)» ლეონტი მროველმა შესანიშნავად იცის აფხაზებისა და აფხაზეთის არსებობა, მაგრამ მისთვის აფხაზეთი ეგრისია.
XI საუკუნეში, როდესაც ანტიოქიის პატრიარქმა ეჭვქვეშ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების საკითზი, გამოჩენიმლა ქართელმა მოღვაწემ გიორგი მთაწმინდელმა, მსოფლიო პატრიარქის კარზე ქართული ეკლესიის თვითმწყსომბის კანონიერება საქართვეოში ანდრია პირველწოდელულის მოღვაწეობით დაასაბუთა და აგრეთვე აღნიშნა, რომ «ერთი შმიდა ათომრეტთა მოციქულთანი, სიმონს ვიტყვი კანანელსა, ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების». ამ ცნობიდან აშკარაა - ამ დროს «აფხაზეთი» როგორც ქართველის, ისე ბიზანტიელისათვის «საქართველოს» ნიშნავდა. ვახუშტი ბაგრატიონი, როდესაც დასავლეთ საქართველოზე მოგვითხრობს, აღნიშნავს, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჯერ ეწოდებოდა ეგრისი, შემდეგ აფხაზეთი, შემდეგ იმერეთი. მისთვის დასავლეთ საქართველო ერთნაირად ეგრის-აფხაზეთ-იმერეთია, თუმცა მან კარგად იცის აფხაზების არსებობა, და ისიც იცის, რომ მათ თავიანთი სალაპარაკო ენა აქვთ. ეს გარემოება იმით აიხსნება, რომ ისტორიულ-კულტურულად ისინი ქართველები იყვნენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყვნენ წარმოშობით. და, რაც მთავარია, ისტორიულად და მაშინაც, როდესაც ეს ავტორები წერდნენ, ეს ტერიტორია საქართველო იყო.
ერთიანი საქართველოს მეფეების (და საერთოდ ქართველებისათვის) «აფხაზი» ისეთივე ქართველი რომ არ ყოფილიყო, როგორც ქართლი, კახი და სხვა, მაშინ ისინი, ალბათ, შეეცდებოდნენ ცვლილების შეტანას საკუთარ ტიტულატურაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში მკვიდრად იყო შესული ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები: კურაპალატი, კესაროსი და სხვა. მეფე დავით IV აღმაშენებელმა (1089 – 1125), შეაფასა რა რეალურად საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, უარი ითქა ამ ტიტულებზე, რომელთაც მისი უშუალო წინაპრები საგანგებოდ ეძებდნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე და დიდის სიამაყით ატარებდნენ. თვით დავითსაც ჰქონდა ჯერ კიდევ უფლისწულობაში მიღებული, ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, რომლებზედაც უარის თქმა მას არ გაჭირვებია. მაგრამ «მეფე აფხაზთა»-ს საკითხი არ დამდგარა და არც შეიძლებოდა დამდგარიყო, რადგან «მეფე აფხაზთა» დასავლეთ საქართველოს, დასავლელ ქართველთა მეფობას ნიშნავდა.
იმ დროს, როდესაც ქართული საისტორიო წყაროები საკუთრივ აფხაზეთის სამთავროს მცხოვრებთ აფხაზებს უწოდებდნენ, არ ვიცით, თვითონ ისინი რას უწოდებდნენ თავიანთ თავს. მათ ჰქონდათ თავიანთი სალაპარაკო ენა (ყოველ შემთხვევაში, XVII საუკუნიდან მაინც), მაგრამ, რადგან არ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა და მწერლობა, ეს არ არის ფიქსირებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ თავიანთ თავს ისინი მაშინაც (როგორც ახლა) აფსუებს უწოდებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით დგება აფხაზთა (აფსუათა) ენის საკითხი. «ქართლის ცხოვრებაში» შესულ საისტორიო თხზულებაში, რომელსაც პირობით ეწოდება «ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი», თამარის ვაჟის გიორგის მეორე სახელ «ლაშა»-სთან დაკავშირებით აღნიშნულია: «რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა (აფსართა ენთია)».
საფუძველს იმისათვის, რომ ეს «აფსართა ენა» გაიგივებულ იქნას თანამედროვე აფხაზთა (აფსუათა) ენასთან, «აფსუა» - «აფსარის» ფონეტიკურნ მსგავსებასთან ერთად იძლევა ის გარემოება, რომ თანამედროვე აფხაზურში (აფსუათა ენაში) «ლაშა» («ალაშა») ნათელს, სინათლეს ნიშნავს. ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ერთი გარემოება. «ქართლის ცხოვრების» XVII საუკუნის მარიამისეულ ნუსხაში განმარტება «აფსართა ენითა» არ არსებობს. ეს განმარტება არ არის არც მცხეთურ და არც მარიამისეული ნუსხიდან გამომდინარე მაჩაბლისეულ ნუსხაში. ეს განმარტება არის XVIII საუკუნის ნუსხებში, რაც სათანადოდ არის მითითებული «ქართლის ცხოვრების» ყაუხჩიშვილისეულ გამოცემაში83.
«ისტორიანი და აზმანის» ტექსტის მარიამისებულ ნუსხაში წერია: «...ლაშასა, რომელი განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა». XIII საუკუნის ისტორიკოსი არ აღნიშნავს, რა ენიდან ითარგმნა, ე.ი. რა ენაზე ნიშნავს ლაშა სოფლის განმანათლებელს, ხოლო XVIII საუკუნის ისტორიკოსი, «ქართლის ცხოვრების» რედაქტორი განმარტავს, რომ «ითარგმნა აფსართა ენითა».
თამარის ისტორიკოსის ეს ცნობა არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მის დროს საქართველოში მცხოვრებ იმ ხალხს ჩვენ რომ აფხაზებს ვუწოდებთ ჰქონდათ თავიანთი სალაპარაკო ენა, აფსარული, მაგრამ იგივე ცნობა არც იმ შესაძლებლობას გამორიცხავს, რომ «აფსართა» ენაზე მოლაპარაკე ხალხი, საიდანაც თამარმა თავისი შვილის მეორე სახელი, ზედწოდება აიღო, მაშინ ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობდა. თამარის დროინდელი საქართველოს და მეზობელი ჩრდილოკავკასიური ხალხების ურთიერთობა არ გამორიცხავს ასეთი ვარაუდის შესაძლებლობას. თუ დასაშვებად მივიჩნევთ პირველ შესაძლებლობას, მაშინ უნდა გავიზიაროთ თვალსაზრისი, რომ თანამედროვე აფსუათა წინაპრები (აფსარები?) ამ დროს უკვე მოსახლეობდნენ საქართველოში, რომ მათი სალაპარაკო ენა «აფსარული» ენა იყო. რადგან თანამედროვე აფხაზური (აფსუების) ენა არ განეკუთვნება ქართველურ ენათა ოჯახს, და ის ჩრდილოკავკასიურ-ადიღურ ენათა ოჯახში შედის, ეს იძლევა საფუძველს თვალსაზრისისათვის, რომ უძველესი დროიდან აქ მოსახლე აფსუები ქართველური მოდგმისანი არ იყვნენ და გენეტიკურად ჩრდილოკავკასიურ ტომებს წარმოადგენენ. მაგრამ თუ მეორე შესაძლებლობას დავუშვებთ, მაშინ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აფსართა ენაზე მოლაპარაკე ხალხი გვიან ჩამოვიდა და დასახლდა საქართველოში და მაშინ ჩამოიტანა თან თავისი სალაპარაკო ენა, და «ქართლის ცხოვრების» XVIII საუკუნის რედაქტორმაც ამის შემდეგ ჩაუმატა ცნობა აფსართა ენის შესახებ: აღნიშნულთან დაკავშირებით დგება კიდევ ერთი საკითხი: თუ «აფსარული» «აფხაზურის» იდენტურია, ქართველი ავტორი რატომ ხმარობს ქართულისათვის უცხო «აფსართას» და არა «აფხაზთას»? შესაძლებელია იმიტომ, რომშუასაუკუნოვანიქართველისთვის «აფხაზთა» იგივე «ქართულია» და სწორედ ამიტომ, რომ გაარჩიოს ძველი და ახალი აფხაზები შეიტანეს განმარტება «აფსართა ენითა».
რაც შეეხება დამწერლობას, როგორც ცნობილია, შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში, საკუთრივ აფხაზეთის ჩათვლით, მწერლობის, წირვა-ლოცვის ენა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჯერ იყო ბერძნული, ხოლო ეკლესიის კონსტანტინეპოლიდან გამოყოფის და მცხეთის ტახტის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ - ქართული. XIX საუკუნეშიც, მიუხედავად რუსეთის იმპერიის მცდელობისა, ქართული ინარჩუნებდა თავის მდგომარეობას. პირველად აფხაზური (აფსუების ენის) ანბანი 1862 წელს შექმნა ცნობილმა მეცნიერმა უსლარმა რუსული გრაფიკის საფუძველზე85. რადგან რუსული გრაფიკით აფხაზური ბგერების გადმოცემა ძალიან რთული იყო, რამდენჯერმე სცადეს ამ ანბანის გამარტივება და დახვეწა. მაგ., 1892 წელს პედაგოგმა კ. მაჭავარიანმა და მისმა მოწაფემ, შემდგომში აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელმა და კლასიკოსმა დიმიტრი გულიამ შეადგინეს ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე, შემდეგ ნიკო მარმა სცადა აფხაზური ანბანის ლათინური გრაფიკის საფუძველზე შექმნა, მაგრამ ვერც ამ ცდამ მოიტანა სასურველი შედეგი. 1938 წელს ისევ დიმიტრი გულიამ, ქართველი მეცნიერების - აკაკი შანიძის და სიმონ ჯანაშიას დახმარებით შექმნა ახალი აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკის საფუძველზე. პირველი წიგნი აფსუების ენაზე 1912 წელს გამოიცა თბილისში (დიმიტრი გულიას ლექსების კრებული). 1954 წელს აფხაზური ანბანი ხელახლა შემუშავდა ისევ რუსული გრაფიკის საფუძველზე.
რუსეთის მეფის ხელისუფლება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ (1811 წ.) ცდილობდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულიდან სლავურზე გადაყვანას, რაც ქვეყნის რუსიფიკაციას ისახავდა მიზნად.
რუსეთის ხელისუფლება თავისი მიზნებისათვის იყენებდა ისეთ ტრაგიკულ მოვლენებს აფხაზი ხალხის ისტორიაში, როგორიც იყო მუჰაჯირობა. ფაქტობრივად ახდენდა რა მაჰმადიანი აფხაზების თურქეთში გადასახლების პროვოცირებას, შემდეგ დაბრკოლებებს უქმნიდა მუჰაჯირთა იმ ნაწილს, რომელიც სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამდა. იგივე ხელისუფლება არ აძლევდა აფხაზეთში დასახლების უფლებას ქართველებს დახელს უწყობდა მუჰახირთა მიწებზე სომხების, რუსების და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების დასახლებას. როგორც შესანიშნავად ჩანს იმდროინდელი პრესიდან, მოწინავე ქართველი ინტელიგენცია, ილია ჭავჭავაძით სათავეში, ყოველნაირად ცდილობდა აფხაზთა თურქეთში გასახლების პროცესის შეჩერებას და მხარში ედგა აფხაზ ხალხს ამ მძიმე დროს. ეს მოვლენები სათანადოდაა ასახული ცნობილი აფხაზი ისტორიკოსის გიორგი ძიძარიას ნაშრომში, რომელიც მუჰაჯირობის ისტორიას ეძღვნება. ალბათ, ისიც სათქმელია, და ნიშანდობლივია, რომ დემოკრატიული საქართველოს მთავრობას 1920 წელს მუჰაჯირთა საკითხი განსახილველად შეაქვს ანტანტის საბჭოს სხდომაზე.
აფხაზეთის რუსებით და სომხებით დასახლების პროცესი აქტიურად გრძელდებოდა საბჭოთა ეპოქაშიც, რაზეც ნათლად მიუთითებს 30 - 50-იანი წლების აღწერების მონაცემები. საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა აშკარად იყო მიმართული მკვიდრი მოსახლეობის, ქართველების და აფხაზების წინააღმდეგ.
აფხაზთა ქართველთაგან სოციალურ-კულტურულ გათიშვასთან ერთად მიმდინარეობდა პოლიტიკური გათივშა. XVII – XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში აფხაზთა ქართველთაგან გათიშვის პროცესს დამპყრობ თურქ-ოსმალთა ხელისუფლება ახორციელებდა, რომელიც ისლამის დამკვიდრებით ადგილობრივ მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო ძალების შექმნას ცდილობდა.
XI საუკუნეში ამ გათიშვას ყოველნაირად უწყობდა ხელს რუსეთის ხელისუფლება.
1810 წელს აფხაზეთის მთავარმა გიორგი (საფარ ბეგ) შერვაშიძემ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო, ხოლო 1864 წ. აქ რუსული მმართველობა დამყარდა. რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ მეფის ხელისუფლება ცდილობდა საერთოდ ამოეძირკვა ხმარებიდან სახელწოდება «საქართველო». ასევე ცდილობდა ის სახელწოდება «აფხაზეთის» ამოძირკვასაც. აფხაზეთის სამთავროს სოხუმის სამხედრო განყოფილება ეწოდა (Сухумский военный отдел), ხოლო 1883 წლიდან სოხუმის ოკრუგი, რომელიც ქუთაისის გენარალ-გუბერნატორს დაუქვემდებარდა.
მართალია, აფხაზეთის საქართველოდან გამოცალკევების პროცესს აქტიურად წარმართავდა და მხარს უჭერდა რუსეთის ხელისუფლება, მაგრამის კარგად ხედავდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ბუნებრივი, მისი განუყოფელი ნაწილი იყო და ამიტომ იყო, რომ სოხუმის ოკრუგი მაინც ქუთაისის გუბერნიაში იყო შეყვანილი და ქუთაისის გუბერნატორს ემორჩილებოდა. მიუხედავად მეფის რუსეთის პოლიტიკისა, 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა, აფხაზეთი მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაშინ აღსდგა სახელწოდება «აფხაზეთი», რომელიც ავტონომიის უფლებით შევიდა მასში და ეს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამაც სცნო 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში ქართველი ბოლშევიკები, რომელთაც რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება უჭერდა მხარს, ყოველნაირად ცდილობდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის დასუსტებას. ამას ისახავდა მიზნად საქართველოს კომუნისტური პარტია, რომელმაც 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულებით, რუსეთსა და საქართველოსშორის რომ დაიდო, ლეგალური პარტიის უფლებები მოიპოვა. ყველაზე აქტიურად დემოკრატიული საქართველოს მტრები განაპირა მხარეებში მოქმედებდნენ. ამ ძალების მოქმედების შედეგი იყო საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართული გამოსვლები აფხაზეთში.
1921 წლის 25 თებერვალს რსფსრ მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიის და აქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ვრცლად ასახული აფხაზი ბოლშევიკების ლიდერის ნესტორ ლაკობას გამოსვლებსა და წერილებში87. 1921 წლის მარტში რევოლუციურმა კომიტეტმა გამოსცა დეკლარაცია აფხაზეთის შესახებ. 29 მარტს ამიერკავკასიის ხელმძღვანელი ამხანაგების თათბირზე გადაწყდა აფხაზეთის სსრ შექმნა. ყურადღბას იქცევს ის გარემოება, რომ აფხაზი ბოლშევიკები ნ. ლაკობა და ვ. ეშბა, მოითხოვდნენ რა დამოუკიდებლობას აფხაზეთის სახელით, მთლიანად უგულბელყოფდნენ აფხაზეთის ქართული მოსახლეობის ინტერესებს. საქართველოს კომპარტიის IV ყრილობაზე ლაკობამ აღნიშნა, როს საკითხი აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის შესახებ მის და ე. ეშბას მიერ დაყენებულ იქნა ბათუმის თათბირზე 1921 წლის 29 მარტს. ამ თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ კავბიუროს წევრები: სერგო ორჯონიკიძე, სარკო ქავთარაძე, მალაქია ტოროშელიძე, შავლა ელიავა, ნესტორ ლაკობა და ეფრემ ეშბა თავიანთ მოთხოვნას ასაბუთებდნენ აფხაზეთში ეროვნებათაშორის შუღლის აღმოფხვრის და ნამდვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების აუცილებლობით. ამ დამოუკიდებლობას ისინი მოითხოვდნენ, «როგორც აბრას» (Как вывеску) და დროებით ღონისძიებად თვლიდნენ, რაზედაც ქართველმა ბოლშევიკებმა უპასუხეს, რომ «თუ ეს დამოუკიდებლობა აფხაზეთს ესაჭიროება ჭეშმარიტი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებსათვის, მაშინ მიღეთ ის არა მხოლოდ როგორც აბრა, არამედ როგორც ნამდვილი დამოუკიდებლობა».
1922 წლის 15 თებერვალს, აფხაზეთის საბჭოების პირველ ყრილობაზე ე. ეშბამ განაცხადა, რომ ხალხის, მშრომელთა ინტერესებისათვის, რათა დავეხმაროთ ნაციონალიზმისაგან განთავისუფლებაში აუცილებელია გამოცხადდეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ეს უნდა გაკეთდეს მიუხადავად იმისა, რომ მსოფლიოში არსად ასეთი პატარა რესპუბლიკა არ არსებობს, და შემდეგ - «და მაშინ პასუხზისმგებელ მუშაკთა სხდომაზე აუცილებლად იქნა მიჩნეული დროებით მაინც გამოცხადებულიყო აფხაზეთის დამოუკიდებლობა»89. როგორც ახედავთ, აფხაზი ბოლშევიკების ლიდერები, რომელთაც შესანიშნავად ესმოდათ თავიანთი მოთხოვნების უკანონობა, ამ მოთხოვნებს «განსაკუთრებული მდგომარეობით» ასაბუთებდნენ და დროებით ღონისძიებად თვლიდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ დათმობაზე, რომელმაც გააოცა აფხაზი ბოლშევიკები, ქართველი ბოლშევიკების ლიდერები შემთხვევით არ წასულან. მოლაპარაკება მიმდინარეობდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლის ვითარებაში. ქართელ ბოლშევიკებს ძალიან ესაჭიროებოდათ აფხაზი ამხანაგების მხარდაჭერა. მაგრამ ქართველი ბოლშევიკების ლიდერებს არ აინტერესებდათ და არც აწუხებდათ ის გერემოება რომ ამ დათომბით ისინი ხელყოფდნენ საქართველოს ერთიანობას, მის ისტორიულ საზღვრებს, რომლის დასაცავად ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე იბრძოდა. მათ არ აინტერესებდათ, ანგარიშს არ უწევდნენ ქართველი ხალხის კანონიერ უფლებებს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის იმ ნაწილსა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდა რა საკუთარ მიწა-წყალზე და საკუთარ სამშობლოში, საქართველოში, ამიერიდან უნდა ეცხოვრა სხვა სახელმწიფოში. ისინი ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ იმ პირობებში და ახალ სახელმწიფოს აყალიბებდნე იმ საზღვრებში, რომელიც ისტორიულად საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, სადაც, როგორც მანამდე, საუკუნეთა მანძილზე, ისე მაშინაც, აფხაზეთის სს რესპუბლიკის შექმნის დროსაც, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. ამ ქართველების ინტერესები არ აინტერესებდათ და მათი ბედი არ აწუხებდათ არც აფხაზ ბოლშევიკებს და რაც ნიშანდობლივია, არც ქართველ ბოლშევიკებს, რომელთათვის მთავარი საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება და განმტკიცება იყო.
რომ ეს ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის სსრ ხელოვნურად შექმნილი ერთეული იყო, რომლის საქართველოდან განცალკავებით არსებობა ეკონომიკურად, ისტორიულ-კულტურულად და იმდროინდელი ვითარებიდან გამომდინარეც სრულიად არაკანონზომიერი და გაუმართლებელი იყო, ეს მაშინვე გაცხადდა და, როგორც ცნობილია, ამავე აფხაზი ლიდერების თხოვნით და თაოსნობით მალვე გაუქმდა.
უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციურ ვითარებაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 20-იან წლებში ადგილი ჰქონდა რიგი დამოუკიდებელი რესპუბლიკების გამოცხადებას, მაგ. სტავროპოლის, ყუბანის, შავიზღვისპირეთის და სხვათ, რომელნიც მალე რსფსრ-ის ოლქებად იქცნენ, მსგავს შემთხვევებს ამიერკავკასიაშიც ჰქონდა ადგილი.
როდესაც საგანგებოდ მიუთითებთ აფხაზეთის ასსრ-ში ქართული მოსახლეობის მრავალრიცხოვნებაზე, საჭიროა აღინიშნოს, რომ ეს არის ბუნებრივი და კანონზომიერი მდგომარეობა, რადგან მთელი თანამედროვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, ძირითადად, ქართული სახელმწიფოების უშუალო შემადგენელი ნაწილი იყო. აქ უძველესი დროიდან ქართველური ეთნოსი მოსახლეობდა. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს იმას, რომ გამორიხულია აბაზგ-აფშილთ არაქართული, ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის დაშვების შესაძლებლობა, მაგრამ ეს აბაზგ-აფშილები აქ ყოველთვის უმცირესობას შეადგენდნენ.
ამასთანავე, მართალია, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს მათი ეთნიკური წარმოშობის საკითხები, მაგრამ ისტორიულ-კულტურულად აფხაზები რმო ქართველები იყვნენ, ეს არ შეიძლება დავას იწვევდეს, ხოლო რაც შეეხება იმათ, ვინც თავის თავს აფსუას უწოდებენ აქ ორი მოდელი შეიძლება არსებობდეს. თუ აბაზგ-აფსილები ქართველური მოდგმისანი იყვნენ, შემდეგ, როდესაც მოსულმა აფსუებმა დაიკავეს მათი საცხოვრებელი ადგილები (მათთან ერთადაც დასახლდნენ) ქართველები მოსულებსაც «აფხაზებს» უწოდებდნენ. მაგრამ თუ აბაზგ-აფსილები წარმოშობით არ იყვნენ ქართველები და ეს ეთნიკური თვითშეგნება მათ შენარჩუნებული ჰქონდათ, მოსულმა, მონათესავე აფსუებმა, გააძლიერეს საკუთრივ აფხაზური (ამ სიტყვის ვიწრო გეგებით) ელემენტი, მოიტანეს საკუთარი ენა და ჩვევები და მას შემდეგ, რაც შექმნილ ისტორიულ ვითარებაში გაიმარჯვა დეცენტრალისტურმა ტენდენციებმ თანდათან გაძლიერდა აფსუური თვითშეგნება და ჩამოყალიბდა აფსუათა ერი, რომელსაც ჩვენ, ძველი ტრადიციებისამებრ, აფხაზებს ვუწოდებთ.
ყურადსაღებია ერთი გარემოებც, მ. აბდუშელიშვილი თავის წიგნში და სხვა შრომებში განიხილავს აფხაზური სამი ჯგუფის ანთროპოლოგიურ თავისებურებებს და განსაზღვრავს მათ ადგილს კავკასიურ ანთროპოლოგიური ტიპების სისტემაში. მის მიერ შესწავლილია ოჩამჩირის, გაგრისა და გუდაუთის რაიონების აფხაზები და აფხაზთა მცირე ჯგუფი, რომელიც მუჰაჯირობის დროს გასახლდა აფხაზეთიდან და დღემდე მკვიდრობს ბათუმის რაიონში. ავტორის დასკვნით, ოთხივე ეს ჯგუფი, ყოველგვრი რეგიონული თავისებურებების გარეშე, თავსდება აგილობრივი, ქართული ანთროპოლოგიური ტიპების ვარიაციების ფარგლებში, ე.წ. წინააზიური რასის შავიზღვისპირული ანთროპოლოგიური ტიპის შემადგენლობაში და, ამდენად, უპირისპირდება ენობრივად მათ მონათესავე ადიღურ ჯგუფებს, რომელნიც, თავის მხრივ, შედიან პონტური რასის ადიღური ნაირსახეობების შემადგენლობაში. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა აფხაზი ანთროპოლოგი ი. ლადარია შესაბამისი ჯგუფების კვლევისას.
როგორც ცნობილია, ისტორიული საქართველოს (ძირითადად დასავლეთ და ნაწილობრივ აღმოსავლეთ საქართველოს) დიდ ტერიტორიაზე გავრცელებულია სვანური და მეგრული ტოპონიმები, რაც იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ ეს ტოპონიმები, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, არის არა საკუთრივ სვანური ან მეგრული, არამედ ფუძე ქართული ენის კუთვნილებაა, საიდანაც ნაწილი სვანურს შემორჩა, ნაწილი მეგრულს, და არ შევიდა ქართულში. რაც, თავის მხრივ, მიუთითებს ამ ტოპონიმების გავრცელების ტერიტორიაზე უძველესი დროიდანვე ქართული ეთნოსის არსებობას.
დღეს ისინი, ვინც თავის თავს აფსუებს უწოდებენ და ვისაც ჩვენ აფხაზებს ვუწოდებთ, როგორც უკვე ვთქვით, ქმნიან ერს, რომელსაც საქართველოს გარდა სხვა სამშობლო არა აქვს.
აფხაზები (აფსუები) და ქართველები დასავლეთ საქართველოს ერთნაირად მკვიდრი მოსახლეობაა, ერთნაირი უფლებებით ამ მიწაწყალზე, დამპყრობელი არც ქართველია და არც აფხაზი. ესაა დღევანდელობა, რაც ითქვა, ეს არის ისტორია. ქართველები აქ უძველესი დროიდან ცხოვრობენ, აფხაზები ან უძველესი დროიდან ან XVII საუკუნიდან, ან უძველესი დროიდანაც და XVII საუკუნიდანაც.
ამგვარად, აფხაზი არაერთმნიშვნელოვანი კრებით სახელია. აბაზგ-აფხაზიდან ის ფართოვდება დასავლელქართველის ცნებამდე (VIII ს.) დასავლელქართველიდან ზოგადად ქართველამდე (X ს.) აფხაზთა სამთავოს შექმნის შემდეგ (XVII ს.), როდესაც «აფხაზეთი» უკვე საკუთრივ აფხაზეთის სამთავროა, ჩვენ არ ვიცით, იმდროინდელი ქართველები ვის უწოდებდნენ აფხაზებს, ამ სამთავროს ყველა მცხოვრებთ, თუ მხოლოდ იმათ, ვინც თავიანთ თავს აფსუებს უწოდებდნენ. ალბათ, უფრო საფუძვლიანი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ აფხაზთა სამთავროში მცხოვრები ქართველები (მეგრელები) აფხაზებად არ იწოდებოდნენ. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია, რომ XIX საუკუნის რუსულ სტატისტიკურ ცნობარებში დასავლეთ საქართველოში აფხაზები ცალკე არიან მოხსენიებულნი და მეგრელები ცალკე, ამასთანავე სამურზაყანოელები ცალკე არიან გამოყოფილნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ისინი ჯერ კიდევ არ არიან ბოლომდე გააფხაზებულნი. ის გარემოება, რომ XVII საუკუნიდან გვხვდება «აბაცა» (ჯოვანი და ლუკა) ხოლო XIX საუკუნეში უსლარი საგანგებოდ მიუთითებს, რომ აფხაზი აფსუაა, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ აფსუები აქ სწორედ XVII საუკუნიდან ჩნდებიან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნის შემდეგ «აფხაზეთი» ამ ავტონომიურ წარმონაქმნს ეწოდება, ხოლო «აფხაზი» მასში მცხოვრებთა იმ ნაწილს, რომელიც თავის თავს «აფსუას» უწოდებს.
სტატიის ავტორი - მარიამ ლორთქიფანიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან - „აფხაზები და აფხაზეთი“, გამომცემლობა «განათლება», თბილისი, 1990 წ.
|