ერთხმიანი სიმღერები
ორხმიანი სიმღერები
ქართული მუსიკალური ენის დიალექტები
ხმით ნატირლები (მუსიკალური ტექსტები)
ხალხური საკრავები
ხალხური ცეკვები
ჰიმნოგრაფია
სასარგებლო ბმულები
ქართველმა ხალხმა საუკუნეთა განმავლობაში თვითმყოფადი ეთნიკური კულტურა (ტრადიციები, წეს-ჩვეულებები) შექმნა. ყველა მათგანი ორიგინალობით გამოირჩევა.
ამასთანავე, ჩვენი წინაპრები იზიარებდნენ მსოფლიო ხალხთა კულტურულ მიღწევებს და ყველა რეალიას შემოქმედებითად ამუშავებდნენ. მაგრამ თუ რამით შეუძლია ქართველმა ხალხმა იამაყოს, ესენია ქართული ხალხური მუსიკა და ქართული ხალხური ცეკვები. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქართული ხალხური მუსიკის გაცნობისას, პირველ რიგში, ადამიანს თვალში ხვდება მის სახეთა სიმდიდრე და მრავალფეროვნება.
ქართული ხალხური მუსიკა შეიცავს ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის უძველეს ნიმუშებს (როგორც აღნიშნავენ, ის უაღრესად არქაულია). რუსი მუსიკათმცოდნე ვ. ბელიაევი წერდა: `საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში, რომლის წიაღშიც X საუკუნეში წარმოიქმნა ეროვნული მუსიკალური დამწერლობა~.
ქართული მუსიკალური ფოლკლორი მდიდარია ჟანრობრივადაც. ის მოიცავს შრომითი, საყოფაცხოვრებო, საწესჩვეულებო, საქორწილო, ისტორიულ, საგმირო, სასიყვარულო, სახუმარო, საფერხულო სიმღერებს, შაირებს, მოთქმა-ტირილს. ყველა თავისი მრავალფეროვნებით ეს ჟანრი სამ ხმაში იმღერება. ჩვენამდე მოღწეული ორხმიანი სიმღერები, უპირატესად, შრომითი, საწესჩვეულებო, საფერხულო, საცეკვაო სიმღერებია.
ერთხმიანი სიმღერები
ერთხმიანი სიმღერები ნაკლებად მრავალფეროვანია და მას შრომითი, სააკვნო, სასიყვარულო, მოთქმა-ტირილების (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებსა და მესხებთან), საყოფაცხოვრებო სიმღერები მიეკუთვნება, რომლებშიც ნათლადაა გამოვლენილი ქართველი ხალხის ცხოვრების უძველესი წესი, წეს-ჩვეულებები, ტრადიციები. სამიწათმოქმედო სამუშაოებთან დაკავშირებულ ერთხმიან სიმღერებს მიეკუთვნება სიმღერები, რომლებსაც ასრულებენ ლეწვისა და განიავების დროს.
ამ კატეგორიაში შედის აგრეთვე ურმულები. ხვნის, ლეწვის, განიავების დროს შესრულებული სიმღერები გაერთიანებულია `ოროველას~ საერთო სახელწოდებით. თითოეულ ამ სიმღერას მრავალი ვარიანტი აქვს. ისინი გამოირჩევიან ფართო დიაპაზონით, მელოდიის გამომსახველობით, სასიმღერო კილოს საფუძვლების სიმდიდრით, ღრმა ემოციურობით.
ერთხმიანი სასიყვარულო-ლირიკული, სახუმარო სიმღერები, შაირები, რომლებიც სრულდება ხალხური ინსტრუმენტების თანხლებით (ფანდური, ჩონგური, გუდასტვირი, ჭიანური) ლაკონიურობითა და მკაფიო რიტმით ხასიათდება. სახუმარო სიმღერებისა და შაირებისათვის დამახასიათებელია მელოდიზირებული რეჩიტატივი.
ორხმიანი სიმღერები
ქართული ხალხური მრავალხმიანობის გამოსავლენად დიდ ინტერესს იწვევს აღმოსავლეთ საქართველოში შემორჩენილი ორხმიანობა. ამ სიმღერების მთელი რიგი მუსიკალური თავისებურებანი კლასობრიობამდელი მუსიკალური კულტურის ნიშნებს ინარჩუნებს, რომლებიც გამოვლინდება მუსიკაში მაგიური და საწესჩვეულებო ფუნქციების შენარჩუნებაში. ორხმიანი სიმღერების აღნიშნულ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ საკულტო და საწესჩვეულებო სიმღერები: ღვთაების ხოტბის შემსხმელი `დიდება~, მზისადმი მიმართვის `მზეშინა~, `ზარი~ (სიმღერა-ტირილი), `იავნანა~, შრომითი სიმღერები: `ერიო~, `ერი ეგა~, სიმღერა-ცეკვა `ნანავდა~ და ა. შ.
საწესჩვეულებო სიმღერები ქალების რეპერტუარში შედის და გუნდის ფონზე ერთი ან ორი სოლისტის მონაცვლეობით სრულდება.
შრომით და საცეკვაო სიმღერებში, საწესჩვეულებო სიმღერების წყნარი და გამოზომილი შესრულების საპირისპიროდ, შეიმჩნევა რიტმის გამდიდრება, მელოდიური სარჩულის სიმარდე. მისი შინაარსი საკმაოდ ელემენტარულია _ შედგება შეძახილისაგან: `ერიო~, `ერი ეგა~, `ოპუნა~, `არალო~, `ნანავდა~... შინაარსობრივად სამხმიანი სიმღერები მშრომელი ქართველი ხალხის ცხოვრების ყველა მხარეს გამოხატავს. მუსიკალური საშუალებების გამოხატვის თვალსაზრისით, ჰარმონიულ-პოლიფონიური იერის ქართლური და კახური სუფრის სიმღერებია ყველაზე მდიდარი. ამ სიმღერების კილო (ჰანგი) განფენილია, ღრმად ემოციურია და წარმოადგენს ქართული სასიმღერო ფოლკლორის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ნიმუშს. ისინი სრულდება საზეიმოდ, დიდი აღმავლობით. მელოდიური თვალსაზრისით სუფრის სიმღერებში ერთი მხრივ, მდიდრადაა წარმოდგენილი ქართული მუსიკალური ორნამენტიკა და, მეორე მხრივ, ქართული რეჩიტატივის თავისებურება. აღნიშნავენ, რომ სუფრული სიმღერების მელოდია გაშლილი და ემოციურია. ამავე დროს, ეს სიმღერები ამაღლებული ხასიათით გამოირჩევა. მეცნიერები თვლიან, რომ ტონალური გადახრების შესანიშნავი ნიმუშია ჩაკრულო, რომელიც მოდულაციურ ხერხთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სიმღერა თითქოს თანდათან ხვდება შორეულ მხარეში, შემდეგ კი თავდაპირველ ტონალობას უბრუნდება.
ქართული მუსიკალური ენის დიალექტები
მეცნიერები ქართულ მუსიკალურ ენას დიალექტებად ყოფენ, რომლებიც, თავის მხრივ, მუსიკალური კულტურის ორ წრეში დასავლურ ქართულსა და აღმოსავლურ ქართულში ერთიანდებიან. მთის მუსიკალური ენის დიალექტებიდან თავის მუსიკალური სტრუქტურით გამორჩეული ადგილი უკავია დასავლეთ საქართველოს მთიელების _ სვანების სიმღერებს. ისინი მძლავრია, მონოლითურია, დიადია, მკაცრი ხასიათისაა. სვანურ სიმღერებში განსაკუთრებულ კოლორიტს სამივე ხმის კომპლექსური მოძრაობა ქმნის. ქართული თვითმყოფადი ხალხური პოლიფონია მთელი თავისი მრავალფეროვნებით წარმოდგენილია იმერულ, გურულ, აჭარულ და მეგრულ სიმღერებში, რომელთა შორისაც ხშირად გურულ სიმღერებს გამოყოფენ. მის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს სპეციფიური მაღალი, ზედა ხმა, რომელსაც `კრიმანჭულს~ უწოდებენ. აღნიშნავენ მის მოქნილობას, ორნამენტირებული ხასიათის ხვეულებს. იმღერება დიდი დაძაბულობით და აღმავლობით. კრიმანჭული ორგანულადაა დაკავშირებული დანარჩენ ხმებთან და ამ ფონზე ის არ კარგავს ინდივიდუალობას. აქ არ შეიძლება არ მოვიყვანოთ ი. სტრავინსკის სიტყვები: `ერთ-ერთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქართულმა ხალხურმა პოლიფონიურმა სიმღერამ.... მუსიკის აქტიური შესრულების ეს ტრადიცია, სათავეს რომ იღებს უძველესი დროიდან, შესანიშნავი აღმოჩენაა, რომელიც გვაძლევს უფრო მეტს, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა მიღწევა. იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის, რაც ოდესმე მომისმენია~.
კრიმანჭულთან იმღერება უპირველესად სალაშქრო, საგმირო, საისტორიო, შრომის სიმღერები. შრომის სიმღერებიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ოთხხმიანი ნადური, რომელიც მრავალხმიანობის თვალსაზრისით უნიკალურია. ეს სიმღერები მონაცვლეობით სრულდება ორი გუნდის მიერ. პირველი და მეორე ხმების პარტიებს სოლისტები ასრულებენ, მესამე ხმას _ ორი, ბასს აგრეთვე ორი. აი, რას წერს ნადური ან ყანური სიმღერის შესახებ აპ. წულაძე: `ყველა სიმღერაზე მეტად რთული, ძველი და ამავე დროს საყვარელი იყო ყანური ანუ ნადური. სიმღერა ორპირი იყო და რვა კაცი სჭირდებოდა: ორი დამწყები (მთქმელი), ორი გამყივანი (გადამძახებელი) და ორ-ორი ბანი (შემხმობი). მღეროდნენ ყანის თოხნის (დათესვის) და მარგვლის (გაბარვის) დროს, ამიტომ დაერქვა მას ყანური და რადგან იგი უნადოდ არ ითქმის, ამიტომ ნადურსაც ეძახიან. დამტკიცებულია, რომ ნადური სიმღერით ნადი ორჯერ მეტად ხალისით და დაუღალავად მუშაობს, ვიდრე უსიმღეროდ. სიმღერა იწყება მეტად ნელი ტემპით, თანაც მუხლიდან მუხლზე გადადის, მუხლი მოკლდება და ტემპიც მის შესაფერისად ვითარდება, ცხოველდება და (სიმღერის დაწყებიდან 20_30 წუთის შემდეგ), როცა ის ი-ო, ი-ო, ი-ო-ზე გადადის, თოხის დარტყმაც სიმღერას ყვება~. როგორც აღნიშნავენ, კარგი ნადური სიმღერა დაახლოებით ოთხ კილომეტრზე ისმოდა. გურიაშივე ტვირთის აწევისა და გადატანის დროს იცოდნენ სიმღერა ელესა. მას ასრულებდნენ ტყიდან საშენი ხეტყის მასალის, საწნახელის, საცალფეხო ხიდის გამოტანისას. `სიმღერა ერთი გრძნობით და მისწრაფებით მსჭვალავდა საქმის ყველა მონაწილეს _ მთელ კოლექტივს ავიწყებდა სხვა ყველაფერს და მათ გრძნობა-გუნებას მიაჯაჭვავდა მხოლოდ და მხოლოდ ტვირთზე, რომელსაც სიმღერა უმსუბუქებდა...~ ელესა ულექსო, სიმღერა იყო. `ელესა და გასწი ბიჭო!~ `ელესა და დასწი ბიჭო!~ და `ელესა და ასწი ბიჭო!~ _ მას ამბობდა ხელმძღვანელი, სხვები კი ბანს აძლევდნენ: `ელესა და ვიო, ვიო, ოო!~.
ლირიკულ, სასიყვარულო და სუფრულ სიმღერებში კრიმანჭული არ არსებობს. ამ თვალსაზრისით მკვლევარები განსაკუთრებით აღნიშნავენ მეგრულ მუსიკალურ ფოლკლორს. ისინი სამხმიანია და მუსიკალური ჟანრითა და სტილით უაღრესად მდიდარი. ხასიათდება უსაზღვრო ლირიზმით. გვხიბლავს ფერადოვნებით, მხატვრულობით, მოხდენილობით, მელოდიური ხაზის სიმსუბუქით და ორიგინალური ჰარმონიული შეფერილობით.
ხმით ნატირლები (მუსიკალური ტექსტები)
.
ქართულ ხალხურ სიმღერაში ცალკე დგას ხმით ნატირლები (მუსიკალური ტექსტები). ისინი იმპროვიზირებული რეჩიტატივის ჩარჩოებში თავსდებიან და მაღალგანვითარებულ მუსიკალურ კულტურაში ერთგვარი რელიქტის სახით წარმოგვიდგება. ხმით ნატირალებს თუ ქალები ასრულებდნენ, მთაში (ხევსურეთში) მამაკაცების მიერ თიბვასა და მკაში მიცვალებულის დატირებას გვრინი ეწოდებოდა. ანალოგიური სიმღერა მთის რაჭაშიც იყო შემორჩენილი. ითქმებოდა გლოვის ხმაზე თიბვისას ცელის მოძრაობის რიტმთან შეწყობით. გვრინის ტექსტად იყენებდნენ თიბვის პროცესის ამსახველ, საყოფაცხოვრებო, სატრფიალო თემებზე შექმნილ ნაწარმოებებს და ხმით ნატირლებს.
ხალხური საკრავები
ქართველ ხალხში უაღრესად განვითარებული იყო ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა. საკრავი ინსტრუმენტებიდან არქეოლოგთა მიერ აღმოჩენილია ძვლისა და კერამიკული სალამურები, რომლებიც ძვ. წ. II ათასწლეულით თარიღდებიან. სხვადასხვა სახის საკრავები აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრების დროს ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებითაც თარიღდება. ბევრი მათგანი საქართველოს ეთნოგრაფიულმა ყოფამ გვიანობამდე შემოინახა. შუა საუკუნეების საქართველოში ცნობილი იყო ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყმელი ინსტრუმენტები. XIX-XX საუკუნეებში ქართველი ხალხი იყენებდა ისეთ საკრავებს, როგორიცაა სალამური, გუდასტვირი (ჭიბონი), ბუკი, ჩანგი, ფანდური, ჩონგური, ჭიანური, დოლი, დაირა, დიპლიპიტო. საკრავების თანხლებით ქართველი ხალხი ასრულებდა როგორც ერთხმიან, ისე ორხმიან და სამხმიან საწესო, სატრფიალო და სახუმარო ჟანრის სიმღერებს. ინსტრუმენტების თანხლებით ცეკვავდნენ.
ხალხური ცეკვები
ქართველი ხალხის მერ შექმნილ ეთნიკურ კულტურაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ხალხურ ცეკვებს. ცეკვებში გამოკვეთილად ჩანს ქართველი ხალხის ეროვნული ხასიათი, სული. ცეკვებში ჩანს ქართველთა ჰეროიკა, ლირიზმი, ქალისადმი კლდემამოსილება და სინაზე, ვაჟის მამაცობა, კეთილშობილება, რაინდობა, გამბედაობა, მამულისათვის გმირული ბრძოლა. ზოგიერთი ცეკვა კი სამონადირეო და სპორტული ხასიათისაა.
ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას საფუძველი შორეულ წარსულში ჩაეყარა. საწესო-საფერხულო ცეკვებს მეცნიერები ასტრალურ კულტებსა და რწმენა-წარმოდგენებს უკავშირებენ. საქართველოს მთაში ფერხულები რელიგიური დღესასწაულების დროს სრულდებოდა. შემონახულია წრიული, ნახევრადწრიული და მწკრივის სახის ფერხულები. ისინი ზოგჯერ ორ და სამსართულად სრულდებოდა. თავისი შინაარსით ფერხულები ნაყოფიერებასა და გამრავლებას, აგრეთვე მოსავლიანობასთან იყო დაკავშირებული.
სამიარუსიანი საფერხულო ცეკვაა `ზემყრელო~. ქვედა წრე ცდილობს ორი ზედა წრის გადმოყირავებას, უკანასკნელნი კი ცდილობენ პოზიციის დიდხანს შენარჩუნებას. ზედა იარუსიდან ჩამოყრილები ქვემო იარუსს უერთდებიან და აგრძელებენ ფერხულს სწრაფ ტემპში. საფერხულო რეპერტუარიდან ყველაზე მდიდარი სვანეთი იყო. აქ შემონახული იყო უძველესი ფერხულები. ცეკვა `ხორუმი~, რომელიც გურიაში, აჭარასა და შავშეთ-იმერხევში იყო გავრცელებული, მეცნიერთა მიერ მეომართა ცეკვადაა მიჩნეული. თურქეთში მცხოვრები ქართველები ხორუმს `არწივების როკვის~ სახელითაც მოიხსენიებენ. ის საბრძოლო სცენების დრამატულ დაძაბულობაზეა აგებული და რამდენიმე ეპიზოდისაგან შედგება. ესენია: ბრძოლისათვის მზადება, დაზვერვა, მტერთან შეხვედრა და ბრძოლა, მტერზე გამარჯვება და შინ დაბრუნება. ბრძოლისა და გამარჯვების სცენები ენერგიულობით, სისწრაფით, ექსპრესიულობით ხასიათდება. `ხორუმი~ ოპტიმისტური ხასიათის ცეკვაა. `ხორუმის~ ზოგიერთ ვარიანტში წინამძღოლის დაჭრაც ხდება, მაგრამ ის რაზმს არ ტოვებს და ცეკვის დამთავრების შემდეგ, ამხანაგების დახმარებით, ტოვებს `ბრძოლის ველს~. `ხორუმი~ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის შედევრად და კლასიკურ ნიმუშადაა მიჩნეული. მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს `ფარიკაობაც~, რომელიც ძირითადად ხევსურეთში სრულდებოდა და მას აქ `კეჭნაობასაც~ უწოდებდნენ. ის უძველესი სამხედრო-სპორტული თამაშია.
ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალია ცეკვა `ქართული~. მას სატრფიალო ცეკვების რიცხვს მიაკუთვნებენ და გოგონა და ვაჟი ასრულებენ. უაღრესად პლასტიკური `ქართული~ ხუთი ნაწილისაგან შედგება: ვაჟის გამოსვლა და ქალის საცეკვაოდ გაწვევა, ერთობლივი დასაწყისი, ქალის სოლო, ვაჟის სოლო და ერთობლივი დასკვნითი აკორდი. ცეკვა ქართულს `სიყვარულის პოემასაც~ უწოდებენ. ესაა რაინდულ-რომანტიკული სულისკვეთებით აღსავსე ცეკვა. `ქართულს~ ახასიათებს რთული საშემსრულებლო ტექნოლოგია და პლასტიკურად გამოკვეთილი ნახაზი. ქალისთვის გედისებრი სინარნარე და ვაჟისათვის მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად.
`ქართულს~ ცეკვავდნენ როგორც ხალხური გუნდური სიმღერის, ისე ინსტრუმენტების თანხლებით. არ შეიძლება არ მოვიყვანოთ XIX საუკუნის მეორე ნახევრის ერთი ფრანგი მოგზაურის შთაბეჭდილება ცეკვა `ქართულის~ შესახებ: `ორკესტრი შეუდგა მუსიკის დაკვრას და რამდენიმე ასობით ადამიანი ხელების დაკვრით აჰყვა მას. დაიწყო ქართული ნაციონალური ცეკვის შესრულება. ერთმა ქალიშვილმა, ქუდით და ხელთათმანებით, კორსეტში გამოწყობილმა დაიწყო ცეკვა ჩერქეზულ კოსტუმიანი ერთი შავგვრემანი კაცის თანხლებით. ახალგაზრდა ქალი, ფერმკრთალი, სერიოზული, თითქმის ნაღვლიანი, ცოტათი მოგრძო ცხვირით, თხელი მგრძნობიარე ტუჩებითა და ცოტა ქედმაღლური იერით ცეკვავდა ხელების გაშლითა და ნელა მიბნედილ-მობნედილი მოძრაობით. მიუხედავად მძიმე საქალაქო ჩაცმულობისა, მას ჰქონდა რომელიღაც ჯადოქრის სიმსუბუქე და დედოფლური გრაცია. ზოგჯერ ქედმაღლური და ზოგჯერ კოკეტური, იგი წინ უსწრებდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც მას ყოველ ნაბიჯზე მისდევდა. ქალი წინ მიჰქროდა ჩქარა, თითქმის უნაბიჯოდ, როგორც ფრინველი და დარბაზში შემოსწერდა დიდ ორბიტას, რომელშიც მოცეკვავე ახალგაზრდა კაცი ექცეოდა, ამ ქალის მუდმივი თანამგზავრი. ისე ჩანდა, რომ არც ერთი მათგანი პროფესიონალი მოცეკვავე არ უნდა ყოფილიყო, თუმცა კი ახალგაზრდა კაცი ისე დგებოდა ფეხის წვერებზე, რომ ალბათ როსიტო მირისაც შეშურდებოდა, რადგან ოპერაში არავის ამრიგად არ უცეკვია. თავისი მოხერხებითა და სიზუსტით იგი (მამაკაცი) მეტოქეობდა ახალგაზრდა ქალის გრაციასა და ქროლვას. მე მინდოდა ეს ჰარმონიული ცეკვა-დევნება დიდხანს გაგრძელებულიყო. იგი მთლიანობაში ერთ დრამას წარმოადგენდა. ცეკვა ბოლოს შეწყდა და ამ ბუნებრივმა დასასრულმა ყველას დასწყვიტა გული~.
სასიყვარულო შინაარსის წყვილთა ცეკვებს შორის, რომელსაც გოგონა და ვაჟი ასრულებენ, აღსანიშნავია აგრეთვე მეგრული `არირა~ და აჭარული `განდაგანა~, რომლებსაც საერთო ნიშნების გარდა თავისი დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვთ. `არირა~ ცოცხალი, მოძრავი ხასიათის ცეკვაა. გამოირჩევა სიფიცხით, მგზნებარებით, სილაღით. ზოგჯერ მსუბუქი იუმორით. ამ ცეკვის თავისებურებაა ის, რომ ერთ ქალთან მორიგეობით რამდენიმე მამაკაცი ცეკვავს და ის გრძელდება იქამდე, სანამ წრეში მყოფნი ყველა მამაკაცი არ იცეკვებს. `არირა~ სიმღერებისა და ტაშის დაკვრით სრულდება. სხვა ქართული ცეკვებიც ისტორიულად ძირითადად მრავალხმიანი საგუნდო სიმღერების აკომპანიმენტით და ტაშის თანხლებით სრულდებოდა. დაბოლოს, არ შეიძლება არ აღინიშნოს, _ ქართული ხალხური ქორეოგრაფიისათვის დამახასიათებელი ხაზგასმული შტრიხი _ არც ერთ ქართულ ცეკვაში საქართველოს რომელ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეშიც არ უნდა იყოს ის ჩასახული და განვითარებული, ქალი და კაცი ერთმანეთს არ ეხება. ამით კიდევ ერთხელ ესმის ხაზი ქალისადმი მოწიწებით დამოკიდებულებას და ცეკვის შემქმნელი ქართველი ხალხის მიერ ქალის კულტის დიდ ტრადიციულობას.
ჰიმნოგრაფია
ქართველმა ხალხმა ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფიაც შექმნა. მისი განვითარება საქართველოში ქრისტიანობის განვითარების საწყისი პერიოდს უკავშირდება. V საუკუნში საქართველოში უკვე არსებობდა სამუსიკო დამწერლობა. ქართული ლიტურგიული ლიტერატურისა და ჰიმნოგრაფიის მონაპოვარი, აღნიშნული დროისათვის, მიქაელ მოდრეკილს უკვე ერთ დიდ კრებულში ჰქონდა თავმოყრილი. სამწუხაროდ, მეცნიერთა მიერ მისი სანოტო ნიშნები გაშიფრული არ არის.
სასარგებლო ბმულები
http://ka.wikipedia.org/ქართული ხალხური მუსიკა
http://ka.wikipedia.org/ქართული ხალხური სიმღერები
http://www.polyphony.ge
http://ka.wikipedia.org/ქართული ცეკვები
http://ka.wikipedia.org/ქართული ხალხური ცეკვები
http://ucnauri.com
http://www.polyphony.ge
სტატიის ავტორი – როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი, 2010წ.
|