ფანდური
ფანდური სიმებიანი საკრავია, იგი ეკუთვნის ჩამოსაკრავი ინსტრუმენტების ჯგუფს, რომელსაც ჩონგურიც მიეკუთვნება. ინსტრუმენტი ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და ბარშიც. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კუთხის ფანდურები განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი გარეგნული მოყვანილობით.
ფანდური შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან: სარეზონანსო ნაწილისგან, ტარისა და დამხმარე ნაწილებისგან. სარეზონანსო ნაწილი შედგება ზედა ნეკისა და მუცლისგან, ტარი შედგება თავისა და ყელისაგან, ხოლო დამხმარე ნაწილებს მიეკუთვნება დამჭერი მოქლონები, ხარაკი, საქცევი, ჯორა, კორა და ღილი.
ფანდურის ტარი და სარეზონანსო ნაწილი გამოთლილია მთლიანი ხისგან. როგორც ავღნიშნეთ ზემოთ, სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელია საკუთარი გარეგნული მოყვანილობა. ხევსურული ფანდურის მუცელი ნიჩბისებურია და მასიური, მისი ქვედა დეკა ბრტყელი და დაბალია, მუცელზე დაკრულია ზედა დეკა. დანარჩენი კუთხეებისთვის კი დამახასიათებელია ოვალური, ან მსხლისებრი მუცელი, ზედა დეკა თხელია (2-3 მმ) მთის რეგიონისგან განსხვავებით, რომლის ზედა დეკა შედარებით სქელია (4-6 მმ).
ფანდურის ტარი შედგება თავისა და ყელისაგან. თავი ოდნავ გადახრილია. ფანდურის თავზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი პატარა კი თასმისთვის.
ფანდურის ყელი ზემოდან ბრტყელია და ქვემოდან მომრგვალებული, მასზე ამოჭრილია ჭდეები, რომელშიც ხის საქცევებია ჩასმული.
მოქლონები (კახურად და ხევსურულად ჩხირები; თუშურად ყურები; მთიულურად და გუდამაყრულად თითები; მოხეურად ჭალები) გაკეთებულია ინსტრუმენტის თავზე. მოქლონებით ყენდება და იჭიმება სიმები. ხევსურული მოქლონები გრძელი და დიდია.
ზედა ზღურბლი (კახურად ლარების დასაყენებელი; ხევსურულად და ფშაურად პატარა ვაცი; მოხეურად ჭალი) საქცევის ანალოგია, რომელიც ჩასმულია თავისა და ყელის საზღვარზე. სიმები ჩასმულია ზედა ზღურბლის ჭდეებში.
საქცევი (თუშრად მალიკები) ჩასმულია ყელის ჭდეებში, ხევსურულ ფანდურს ორი საქცევი აქვს, ხოლო თანამედროვე ფანდურს 6-7.
ჯორა/ჯორაკი (კახურად ჯორა; ხევსურულად ვაცი; ფშაურად ჯორი/ვაცი; თუშურად საყენებელი/საწელე; მთიულურად და გუდამაყრულად ჯვარი; მოხეურად ქცევითი ჭალი/სამჭალა) განსაზღვრული ფორმისაა. ჯორას სიმები უჭირავს გარკვეულ სიმაღლეზე ზედა დეკის ზედაპირიდან.
კორა (ხევსურულად და ფშაურად კუდი; თუშურად საკუდარი; მოხეურად შესამბელი) ტყავისაა. კორას აკეთებენ იმ შემთხვევაში, როდესაც სიმის სიგრძე საკმარისი არაა.
ღილაკი (კახურად ლარების მოსადები) ჩასმულია მუცლის ბოლოში, მასზე მიმაგრებულია სიმები ან კორა.
სიმი (ძალა, ალყა, ლარი) სამია, თანაბარი სიგრძისა და სისქის.
ფანდურის გვერდები, სახელური, ზეკა და დეკა ხშირად ორნამენტირებულია. სხვადასხვა კუთხის ფანდურების ძირითადი საერთო ნიშანი მათი წყობაა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. ფანდურის პირველი და მეორე სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერიციას, მეორე და მესამე სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლება დიდ სეკუნდას. სხვაგვარი წყობა ჩვენ არ გვხვდება.
ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. დიაპაზონი დამოკიდებულია საქცევეების რაოდენობაზე. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა. ბარული ფანდურის დიაპაზონი უფრო მეტია, რამდენადაც მათ საქცევეების რაოდენობა მეტი აქვთ და დიაპაზონი ოქტავაა ან ნონა.
ფანდურზე უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. შემსრულებელს საკრავი უდევს მუხლებზე თითქმის ჰორიზონტალურად, საკრავის სახელური ოდნავ აწეულია. მარჯვენა ხელით ხდება აჟღერება ხოლო მარცხენათი სიმებზე თითების დაჭერით ხდება ბგერების სიმაღლის ცვლა. აღსანიშნვია, რომ ხევსურულ ფანდურზე შემსრულებლები სიმებს ოთხი თითით ჩამოკრავენ (უცეროდ).
ცნობილია რომ მუსიკალური ინსტრუმენტის ბგერა დამოკიდებულია იმ მასალაზე რომლისგანაც მზადდება საკრავი. საქართველოს კუთხეებში, ფანდური მზადდება იმ ხისგან რომელიც ხარობს მოცემულ კუთხეში. ხევსურეთში გამოიყენება ვერხვი, ბალამწარა, კაკალი, მსხალი, ცაცხვი, იფანი და ღვია. ზედა დეკისათვის იყენებენ მხოლოდ ვერხვს ან ფიჭვს. ფშავში გამოიყენება ვერხვი, თუთა, წაბლი, კაკალი, პანტა და ბაამწარა. თუშეთში გამოიყენება, ფურცელი, ცაცხვი, ფიჭვი, წნორი, ვერხვი. ყველაზე კარგ მასალად ითვლებოდა რიყის წყლით გამოტანილი ვერხვი.
ხევში საფანდურედ გამოიყენება ცაცხვი, ღვია, ვერხვი, ზედა დეკისთვის იყენებენ ფიჭვს ან ნაძვს.
ფანდურის ყველა ნაწილი კეთდება ერთ მასალისგან, თუმცა ხევსურეთში დეკას აკეთებენ განსხვავებული მასალისგან, კერძოდ ფიჭვისაგან ან ნაძვისაგან. საფანდურე ხეს ჭრიან გაზაფხულზე.
ფანდური კეთდება ზამთარში, როდესაც თიბვის, მკისა თუ ყოველგვარი სხვა საქმისაგან მოიცლიან. გამომშრალ ხეს გააპობენ შუაზე, რისგანაც შემდგომ მზადდება ორი ფანდური, მაგრამ აკეთებენ მხოლოდ ერთს, იყენებენ ხის იმ მხარეს რომელსაც მზე უდგება, რადგან უფრო გამომშრალია. მომზადებულ ხეზე ფანქრით შემოხაზავენ ფანდურის ფორმას და იწყებენ „გამოთხრას“ სატეხით და ხელეჩოთი, შემდეგ ხოწით ამოასუფთავებენ თოხის მსგავსი მოხრილი რკინის იარაღია. ზედა დეკასთვის იღებენ მართკუთხედი ფორმის ფიცარს, ათხელებენ შალაშინით, როცა მიიღებენ სასურველ სისქეს, მას აჭედებენ მუცლის მოღრუებულ ნაწილზე, ამისათვის იყენებენ წვრილ ლურსმებს, შემდეგ გვერდებს შემოაჭრიან დანით და ამოლესავენ სანთლით. ხევსურულ ფანდურზე ტყავის თასმაა შემორჩენილი, რომელიც შემოკრული აქვს კორპუსის განიერ ადგილთან. დღეს ოსტატები ასეთ თასმას ფანდურს არ უკეთებენ, მათი თქმით ის ადრე სილამაზისთვის უკეთდებოდა. ზედა დეკაზე კეთდება სახმო ნახვრეტები. ზედა დეკის გაგანიერებულ ადგილას, ცენტრში ნახვრეტებს ამოწვადნენ გახურებული წინდის ჩხირით ან შანთით. ასევე ამოწვავდენ სამ ნაჩვრეთს მოქლონებისათვის და ერთი თასმის გასაყრელად.
ამის შემდეგ აკეთებენ დამხმარე ნაწილებს. პირველ რიგში მოქლონებს, ჯორას და ვაცს. ჯორა ძალიან მაღალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან დაკვრისას ადვილად წაიქცეოდა. დაბალ ჯორაზე კი სიმები ერთმანეთთან ახლოს იქნება და ადვილი იქნება დაკვრა. ჯორაზე კეთდება ჭდეები სიმების ჩასასმელად.
ზედა ზღურბლის სიგანე და ჭდეებს შორის მანძილი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ჯორას ქონდა. როდესაც ფანდურის კორპუსი, სახელური, მოქლონები და ჯორა მზადაა აგებენ სიმებს. თუ სიმები მოკლე იყო, დასაგრძელებლად უკეთდება ტყავის კორა.
სიმების გაბმის შემდეგ იწყება საკრავის შემოწმება. ჯერ ამოწმებენ ზედა დეკაზე სახმო ნახვრეტებს. თუ ხმა სუსტია, ნახვრეტებს კიდევ ამოწვავენ, თუ ზედმეტი მოუვიდათ ნახვრეტები, განაპირა რამდენიმე ნახვრეტს სანთლით ამოლესავენ.
ამის შემდეგ იწყება საქცევების ჩასმა, საქცევი წარმოადგენს ჩხირს, რომლის სიგანე და სიმაღლე 2-2.5 მმ-ს არ აღემატება. სიგანე დამოკიდებულია ფანდურის ყელის სიგანეზე და დაახლოებით 30 მმ-ია. საქცევების ჩასმის ადგილს წინასწარ არ საზღვრავენ. შემდეგ ფანდურის ყელის ზედაპირზე ქლიბით ამოიღებენ 1.5-2 მმ სიგანის 1 მმ სიმაღლის ღარს და დგავენ საქცევს. გამორიცხული არაა ის რომ ფანდურზე ადრე ძაფის საქცევები ყოფილიყო. ფანდურზე წინად მხოლოდ ნაწლავების სიმები გამოიყენებოდა. სიმები მზადდებოდა ცხვრის ან თხის წვრილი ნაწლავისგან. ცხვრის ასაკი 1 წელზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, ძალიან მსუქანი ცხვრის ნაწავები არ ვარგოდა, ადრე ფუჭდებოდა.
ახალდაკლულ ცხვრის ნაწლავებს წმენდნენ ფრჩხილებით, ერთ ბოლოთ რაიმეს მიამაგრებდნენ და იწყებდნენ გრეხას და თან ჭიმავდნენ ფრთხილად. როცა გაშრებოდა, მრგვალად დახვეულს შეინახავდნენ. ხმარების წინ აუცილებლად გაუსვამდნენ ნიორს. სიმის დამზადების ასეთივე წესს იყენებდნენ ყირგიზეთშიც.
ფანდური მთხრობელთა გადმოცემით, თითქმის ყველა ოჯახში მოინახებოდა. თუ ვინმეს ფანდური არ ქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები იყო ხშირი. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. კარგი ფანდური ხევსურეთში ერთ ცხვარად ან 5 კგ ერბოდ ფასობდა. იმ დროისთვის ფანდურის გარეშე შეუძლებელი იყო ყოველგვარი ხალხის შეკრება - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა.
სტატიის ავტორი – მანანა შილაქაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან –"ქართული ხალხური საკრავები";
მასალა ადაპტირებულია მიხეილ გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;
|