სოფლური საცხოვრებელი სახლი

1 2

სოფლური საცხოვრებელი სახლების დიდი მრავალფეროვნების მიუხედავად, ტერიტორიული პრინციპით სამი უმთავრესი ჯგუფი გამოიყოფა:
აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დაბლობი რაიონები.
დასავლეთ საქართველო, სვანეთისა და მთის რაჭის გამოკლებით.
კავკასიონის მთიანეთი.
მესამე ჯგუფში რამდენიმე ქვეჯგუფიც გამოიყოფა ცალკეული რეგიონის მიხედვით: სვანეთი, მთა–რაჭა, ხევი, მთიულეთი, თუშ–ფშავ–ხევსურეთი. ამას გარდა, ბევრ რეგიონში – ვაკესა და მთაში – მხოლოდ თითო ტიპი კი არ არსებობდა, არამედ რამდენიმე.
აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დაბლობი რაიონები. დღემდე ცნობილი მასალის მიხედვით დარბაზის გავრცელების არეალი სწორედ ქართლითა და მესხეთით იფარგლება. კახეთში მას ფეხი არ მოუკიდებია (ჩვენ არც ვიცნობთ ძველებურ კახურ საცხოვრებელ სახლს – სასახლეთა გარდა), იგი არ ჩანს არც დასავლეთ საქართველოში, რომლის ბუნებრივი პირობები არ იყო შესაფერი მისი გავრცელებისათვის.
სპეციალური ლიტერატურიდან ცნობილია, რომ დარბაზი, რომლის ანალოგებიც აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში გვხვდება (თვით ინდოეთამდე), უძველესი წარმოშობისაა. ბოლო დროის არქეოლოგიური აღმოჩენები გვაფიქრებინებს, რომ მისი წინაპარი საქართველოს მიწა–წყალზე უკვე V-IV ათასწლეულებში ჩნდება. გაფანტული წერილობითი ცნობები, თვით ტერმინები დარბაზი და მოდარბაზული, ადასტურებს, რომ ამ ტიპის საცხოვრებელი სახლების არსებობა უწყვეტი იყო საუკუნეთა მანძილზე.
დარბაზის რაობა სპეციალურ ლიტერატურაში ფართოდაა გაშუქებული. ლ. სუმბაძე, რომელმაც მრავალი ათეული დარბაზი გაზომა და შეისწავლა, წერს: „დარბაზული საცხოვრებელის არსს, ძირითადად, მისი გადახურვის თავისებურება შეადგენს. საცხოვრებელი სახლის ამ ტიპში დარბაზის ცნება უშუალოდ უკავშირდება გვირგვინის  ცნებას.... გვირგვინის მოწყობის თავისებურება მისი კონსტრუირების საგანგებო სისტემაა. კვადრატის უმარტივესი ფორმა, მის შუაგულში მოწყობილი კერა და პრიმიტიული გადახურვა, რომელშიც შუქისა და კვამლის სარკმელი თავისთავად კეთდება – აი ეს შეადგენს დარბაზის ძირითად უჯრედს. საცხოვრებლის ფართობის გაზრდის საჭიროებამ წარმოშვა ბოძები; სურვილი, რომ განსაზღვრული სიგრძის ძელებით რაც შეიძლება დიდი ფართობი გადახურონ, ხელს უწყობს რვაწახნაგა გვირგვინის გაჩენას, ანუ ძელების კუთხურ დალაგებას.... შუქის ზემო სარკმელი, რომელსაც საკვამურადაც იყენებდნენ, საცხოვრებლის დაგეგმარებისას განუსაზღვრელ თავისუფლებას იძლევა; ოჯახის ზრდის შესაბამისად შეიძლება ახალი უჯრედების მიშენება რომელი მხრიდანაც გინდათ: ოთახები შეიძლება გამრავლდეს ფიჭის უჯრედებივით; ისინი არ არიან დაკავშირებულნი გარეთა კედლის ფრონტთან, რომელიც დიდად განსაზღვრავს არა მარტო შვეულსარკმლებიანი საცხოვრებლის არქიტექტურის არსს, არამედ თანამედროვე კვარტალის, რაიონის, ქალაქის გეგმარების სტრუქტურასაც“.
დარბაზის ერთი დამახასიათებელი ნიშანთაგანია მისი მოთავსება ფერდზე, ისე, რომ ზურგით იგი მიწაშია შეჭრილი. ფასადი მას ჩვეულებრივ ერთადერთი აქვს, ის, საიდანაც შესასვლელია მოწყობილი.
გამოვლენილი მასალის მიხედვით გამოირჩევა დარბაზის ორი ძირითადი სახეობა: ქართლური და მესხური.
ქართული დარბაზი. ქართული დარბაზისათვის სპეციფიკურია ის, რომ: ა) გვირგვინით გადახურულია არა მთელი დარბაზი, არამედ მხოლოდ მისი ცენტრალური ნაწილი; ბ) დარბაზის შუაში, გვირგვინის ქვეშ, კერაა (ბუხარი თუ არის, გვიანდელია); გ) კონსტრუქციულადაც და მხატვრულადაც არსებით როლს თამაშობს დედაბოძები. უმარტივესი სახით ქართული ტიპი წარმოდგენილი იყო დიღომში . ერთ–ერთ დარბაზს დამათარიღებელი წარწერაც ჰქონდა. იგი 1850 წელს იყო აშენებული. 
დიღმის დარბაზები, უპირველეს ყოვლისა გამოირჩეოდა იმით, რომ აქ. სვეტებიანი დერეფანის გარდა, ერთადერთი სადგომი იყო თვით გვირგვინიანი დარბაზი. სამი მხრიდან შენობა მიწაში ზის, ერთადერთი ფასადი აღმოსავლეთითაა. გეგმა ანტებიანი სახლისას ანუ მეგარონისას ემთხვევა: წაგრძელებული სწორკუთხედი (შიდა ზომები: დაახლ. 6 მ. × 8,5 მ.) და მის წინ, ფასადის მხარეს გამოშვერილი ორი კედელი, რომელთა შორის ორსვეტიანი დერეფანია. ამ დერეფანს ცალ მხარეს ბუხარი ჰქონდა. დარბაზში ერთად ერთი შესასვლელი დერეფნიდანაა. „შიგნით დარბაზი ბოძებით გაყოფილია სამ ნაწილად. შუა ნაწილში ჭერი გამოჰყოფს „გვირგვინის“ სახით ცენტრალურ კვადრატს... გვერდის ნაწილებს აქვთ ჰორიზონტალური ჭერი“. უკანა (შესასვლელის პირდაპირ მდებარე) კედლის ქვემო ნაწილი წინ არის წამოწეული – ამ ნაწილში ექვსი ღრმა თაღოვანი ნიშაა მსხვილი ჭურჭლისა და სხვა ნივთებისათვის (თაღები ნახევარწრიულია). თაღებს ზემოთ შვერილის მიერ შექმნილი თაროა, ხოლო მის ზემოთ, კედელში რვა მცირე თაღოვანი თახჩის მწკრივია (ნახევარწრიული თაღები აგურითაა ნაწყობი). დარბაზის გვერდით კედლების მთელ სიგრძეზე გამართულია რამდენიმე დიდი სწორკუთხა წალო ლოგინის დასაწყობად, რომელიც იშლებოდა წალოს ქვეშ გამართულ განიერ ტახტზე. დარბაზის შუა კოჭებს ქვეშ ორი ბოძი დგას: შესასვლელიდან დაშორებული დიდი იყო, ახლო მდგომი – უფრო ვიწრო.
განივი განაკვეთი გვიჩვენებს მხატვრულად გააზრებულ ეფექტს, რომელსაც დარბაზის ინტერიერი ახდენს. თვით გვირგვინი (ოთხკუთხა, პარალელური წყობის) აქ ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაფერს თავს უყრის მშვენიერი პროპორციის, ოსტატურად მოხარატებული დედაბოძი. დარბაზში შემსვლელს იგი წარმოუდგება თაღების ორმაგი რიტმით დამუშავებული უკანა კედლის ფონზე. თვით ამ თაღებისა და მთელი კედლის პროპორციაც მშვიდი და ჰარმონიულია. დედაბოძისა და თავხის მოხარატების მოტივები – სამკუთხად ჩაკვეთილი ჭრით გამოყვანილი როზეტები, არშიები, ხელისა და ფრინველების გამოსახულებები ძველისძველ ხალხურ რელიგიურ წარმოდგენებთან (უპირველეს ყოვლისა, ასტრალურ კულტთან) და ხეზე კვეთის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან არის დაკავშირებული. თვით დედაბოძის უპირველესი თავისებურება კი ის არის, რომ იგი ზემოთკენ ფართოვდება, ისე როგორც კრეტისა და მიკენის სასახლეთა სვეტები.
მეორე დამახასიათებელი ნიმუში ერთაწმინდის დარბაზია. აქ რთული გეგმაა. საინტერესო ის არის, რომ ეს გეგმა ცხოვრების საჭიროებით (ოჯახის გაყოფით) ნაკარნახევი ზრდის შედეგია: აქ კარგად ჩანს დარბაზული ტიპის შენობის ზრდის  შესაძლებლობა  და ხასიათი. ამას გარდა, აქ დარბაზის შემადგენლობაში არა მარტო საცხოვრებელი ოთახია, არამედ სამეურნეო დანიშნულების სადგომებიც.
თავდაპირველია ნაგებობის მარჯვენა ნაწილი დერეფანი – დახურული კვადრატული ოთახი (5 × 4,5 მ.); აქედანაა შესასვლელი თვით დარბაზში, რომელსაც აზომვის დროს გვირგვინი უკვე აღარ ქონდა (დაახლ. 7 × 9.5 მ.); ბოლოს ამავე მწკრივშია მარანი.
სხვა სადგომები მშენებლობის „მეორე რიგს“ მიეკუთვნება. დარბაზს თავდაპირველად შესასვლელები დერეფნიდან და ძველი დარბაზიდან ქონდა. შემდეგ, ძმები რომ გაიყარნენ, ეს შესასვლელები ამოაშენეს და წალოებად აქციეს. ახლა უკვე შედიოდნენ მე–4 ოთახიდან, რომელიც ოჯახის კიდევ ერთი გაყოფის შედეგად ორად გაიყო – მარნად და დერეფნად. აქვე არის სათორნე, ორი ბოსელი  და საბძელი, რომელიც პირველი ბოსელის გაგრძელებაზე უნდა ყოფილიყო. სათორნეს, ძველ მარანსა და მე–2 ბოსელს, რომელიც მოგვიანებით საცხოვრებლად იქცა, განათება ზემოდან ქონდა, თითქმის ბრტყელ ჭერში, მაგრამ მაინც „მოდარბაზულად“. პირველი ბოსელი (მსხვილფეხა საქონლისათვის) ბნელი იყო. მიშენებული დარბაზი იმითაა საინტერესო, რომ მას რვაკუთხოვანი საკმაოდ მაღალი გვირგვინი აქვს, რომელიც აქაც სადგომის შუა ნაწილს ხურავს. შუა ცეცხლის  (კერის) გარდა, ამ დარბაზში ბუხარიც არის. უკანა (შესასვლელის მოპირდაპირე) კედელი აქაც სხვებზე მეტად არის დამუშავებული და მდიდრულად მორთულ დედაბოძთან ერთად მნიშვნელოვან მახვილს ქმნის. დიღმის დარბაზის თაღოვანი თაროების მწკრივს აქ ცვლის ორი მარტივი განჯინა და ამათ ზემოთ კედელში შეჭრილი ღრმა თარო, რომელსაც კედლის ზედა ნაწილის მთელი სიგანე უჭირავს. ყარაღაჯის დარბაზში განსაკუთრებით აღსანიშნავია: ა) უკანა კედლის დამუშავება ორ რეგისტრად განლაგებული კედლის ნიშებით (თითო რეგისტრში ექვს–ექვსი ნიშაა): ნიშების ფასადი „ირანული“ ყაიდისაა: სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ისრული თაღი, ე.ი. აქ შეჭრილია ის ფორმა, რომელიც XVI-XVIII სს. ქართლ–კახეთის მონუმენტურ არქიტექტურაში ფართოდ იყო გავრცელებული. ეს არის „ირანიზმის“ ერთადერთი ნიშანი აქ.
ეს სამიოდე დარბაზი მოწმობს, რომ ამ ერთი ხუროთმოძღვრული თემის ფარგლებში ბევრი ვარიანტის შექმნის საშუალებაა: ამ საშუალებას იძლევა გეგმის აგების თავისუფალი ხასიათი და შიდა დამუშავების უმთავრესი კომპონენტები – გვირგვინი, დედაბოძი, კედელი. ქართლის სხვა გამოქვეყნებული ნიმუშები კიდევ რამდენიმე ვარიანტს გვიჩვენებს.
საინტერესო დარბაზები აღმოჩნდა ქსნის  ხეობაში, როგორც ლ. სუმბაძე აღნიშნავს, აქაური დარბაზი ქართულ ტიპს ემხრობა და მხოლოდ მის სახესხვაობას წარმოადგენს. იგი ცნობილია დარბაზის, ერთობის  სახლის ან ერდოიანი  სახლის  სახელწოდებით. (ერდო გვირგვინის სარკმელს ეწოდება). გვირგვინი აქაც დარბაზის მხოლოდ ნაწილს (უფრო ხშირად შუა ნაწილს, მაგრამ ზოგჯერ შიდა ნახევარსაც) ხურავს. გვირგვინის ქვეშ კერაა (დედაბოძზე კეთდებოდა სააკრეები – კაუჭები აკარის (ღერძის) გასადებად – ორ აკარზე გარდიგარდმო ჯოხი იყო გადებული და ზედ ეკიდა ჯაჭვი ქვაბისთვის).
ქსნის ხეობაში გვხვდება როგორც მარტივი – თითოოთახიანი – დარბაზები, ისე უფრო რთულ გეგმიანიც, როცა საცხოვრებელ სადგომს ბოსელი ემატება. არის შემთხვევებიც, როცა ბანზე გადახურული კალოა მოწყობილი.
საგანგებოდ აღსანიშნავი ამ ხეობისათვის ის არის, რომ ბოძების რაოდენობის მხრივ განსხვავებული ვარიანტებია: ერთი დედაბოძის მქონე დარბაზი, ორბოძიანი (1+1, როცა თითო ბოძია თითო კოჭს ქვეშ, ზოგჯერ ორივე ბოძი ერთ კოჭ ქვეშაა), სამბოძიანი (2+1), ოთხბოძიანი (2+2) და მრავალბოძიანიც კი, როცა განმეორებულია სამბოძიანი სისტემა (ე.ი. 2+1 ორჯერ), ან შეხამებულია ორბოძიანი და სამბოძიანი.
გვირგვინები, თითქმის გამონაკლისის გარეშე ოთხკუთხაა, პარალელური წყობის: ხე–ტყე აქ ბევრი აქვთ და შეეძლოთ გრძელი მსხვილი კოჭების გადება.
ქსნის ხეობისთვი უფრო დამახასიათებელი ყოფილა სამბოძიანი სისტემა. პავლიაშვილის დარბაზი პავლიანთკარში ნათლად გვიჩვენებს, რომ ასეთ სისტემას დიდი მხატვრული უპირატესობა აქვს: სიღრმეში მოთავსებული მძლავრი დედაბოძი დარბაზში შესულს წარმოუდგება ორ წინა სვეტს შუა. ჩვეულებრივ დედაბოძები ბრტყელი და ფართოა, წინა პლანზე აქაც ტრადიციული მოტივებია ამოკვეთილი, მაგრამ, ამას გარდა, მას ირმის რქებიც ამკობს – ეს ამ ხეობაში სპეციფიკური სამკაულია.
ქსნის ხეობის დარბაზები არა მარტო შიდა სივრცის დამუშავებითაა საინტერესო, არამედ – ზოგ შემთხვევაში – გარეგნობითაც. განსაკუთრებით საყურადღებოა, ამ მხრივ, შ. ბალაშვილის დარბაზი სოფ. ბალაანში.
ეს მარტივი, ორბოძიანი, ანტებიანი პორტიკის კომპოზიციაა. მაგრამ აშკარაა, რომ მშენებელი, პრაქტიკულის გარდა, გარკვეულ მხატვრულ ამოცანასაც ისახავდა. ამას მოწმობს თუნდაც საგანგებოდ პროფილირებული სვეტისთავები. ხოლო პროპორციები, ქვის წყობის, ხის ბოძებისა და გადმოშვერილი სახურავის შეხამება ხალხური ხელოვნების ოსტატთა უტყუარ გემოვნებას ამჟღავნებს.
მესხური  დარბაზი. სოფლის დარბაზებში ბევრი რამ ემთხვევა ქალაქურს – გვირგვინი აქაც უმეტესად (თუმცა არა ყოველთვის) რვაკუთხაა, კერა აქაც ადგილს უთმობს ბუხარს, გვირგვინი უფრო ხშირად დარბაზის მთელ ფართობს ხურავს. დარბაზული სახლი რამდენიმე სადგომისაგან შედგება, მათ შორის არის დამატებითი საზამთრო საცხოვრებელი ოთახი, რომელსაც აქ ოდას უწოდებენ, სათორნე და აუცილებლად არის ბოსელი, ანუ ახორი. დახურულ დერეფანს გარდა, კეთდება სვეტებიანი ღია გალერია–პორტიკი – კარაპანად წოდებული. კარაპანში შეიძლება გამოყოფილი იყოს დამატებითი სადგომი საქონლის საკვების შესანახად, ზოგ დარბაზს აქვს საბძელი და საკუჭნაო.
საკუთრივ დარბაზის ინტერიერები, დამუშავების მხრივ ელემენტარულია. უპირველეს ყოვლისა, აქ შეუდარებლად უფრო მარტივი და პრიმიტიულია გვირგვინები; ამას გარდა, გამოკლებულია ისეთი არსებითი მხარე, როგორიცაა კედლების დამუშავება ხის მოხარატებული პანელებით, განჯინების კარებით და სხვა.
აღსანიშნავია ოქრომელიძის დარბაზი სოფ. მუსხში. შენობა სიგრძეზეა გაშლილი. ვიწრო მხარეს მოწყობილია კარაპანი და მისგან გადატიხრული სადგომი თივისა და სხვა საკვების შესანახად. მის ჭერში ლიუკია, ისე რომ ბანიდან პირდაპირ შეიძლება თივის ჩაყრა. კარაპანიდან შევდივართ დერეფანში, აქედან კი თვით დარბაზში და დამატებითი დერეფნის საშუალებით, ოდასა და ახორში.

„ოდის გეგმის ორგანიზაცია...ერთნაირია ყველა მესხურ დარბაზში. მისი შესასვლელი ყოველთვის ვიწრო მხარესაა; შესასვლელის პირდაპირ, მოპირდაპირე კედლის შუაში, მოწყობილია ბუხარი. სადგომის ორივე მხარეს კედლების გაყოლებით გაკეთებულია ჩაშენებული ტახტები. ტახტებს შორის დატოვებული გასასვლელი არასოდეს არ აღემატება ოთახის სიგანის მესამედს. ოჯახის ცხოვრება ძირითადად ამ ტახტებზე მიმდინარეობს: აქ ჭამენ (გასაშლელ მაგიდებზე), მუშაობენ, ძინავთ. იატაკი თიხისაა, მხოლოდ გასასვლელადაა დატოვებული. სარკმელი გაკეთებულია შესასვლელის ზემოთ, კედელში, ასე რომ სხივები პირდაპირ სცემს ბუხრიან კედელს. ახორს მესხურ დარბაზებში ერთი უპირველესი ადგილთაგანი უჭირავს, მისი ფართობი ზოგჯერ აღემატება ყველა სხვა სადგომს ერთად. იგი შენდება მკაცრად შემუშავებული  სტანდარტული წესებით, რომლებიც შენახულია მოსახლეობის ფართო ფენებში... სიგრძივი კედლების (ან ერთ–ერთი მათგანის) გასწვრივ ბაგებია გაყოლებული... ბოსლის იატაკი ფიქალითაა მოფენილი და დაქანებულია შუისკენ: აქ გაკეთებულია მცირე სიღრმის ღარები უსუფთაობისათვის... ახორს მესხურ კომპლექსებში არასოდეს არა აქვს შესასვლელი უშუალოდ ეზოდან, გარე სამყაროს იგი მხოლოდ დერეფნის საშუალებით უკავშირდება“.

მტკიცედ შემუშავებულ წესებს ემყარებოდა ოდისა და ახორის გადახურვის კონსტრუქციაც. მისთვის დამახასიათებლია ჰორიზონტალური კოჭების საფეხურისებრი დალაგება, ისე, რომ სახურავი ფერდებიანი გამოდის. გვირგვინისაგან ასეთი გადახურვა იმით განსხვავდება, რომ ძელები ცენტრისკენ საფეხურებად მიიწევს არა ოთხივე მხრიდან, არამედ მხოლოდ ორი მხრიდან. ორ დანარჩენ მხარეს კი ძელები ვერტიკალურ სიბრტყეშია დაწყობილი. ახორის განათება ჭერშია მოწყობილი ერთი ან რამდენიმე ხვრელის საშუალებით. არის „მოდარბაზულად“ მოწყობილი სარკმელებიც.
მესხური ტიპის დარბაზი გავრცელებული იყო ისტორიული მესხეთისა და ჯავახეთის ტერიტორიაზე. მისი მონათესავეა წალკის დარბაზებიც, რომლებიც აგრეთვე, ადრინდელი საუკუნეების ტრადიციებს აგრძელებს, ისევე როგორც ეს საქართველოს სხვა კუთხეებში იყო.

დასავლეთ საქართველო (სვანეთისა და რაჭის გარდა)
რა თქმა უნდა, მთელ დასავლეთ საქართველოში (სვანეთისა და მთის რაჭის გამოკლებით) ყველგან ერთნაირი სახლები არ ყოფილა. მაგრამ ბევრი რამ ცალკეული რეგიონის გლეხურ საცხოვრებლის არქიტექტურას მაიცნ საერთო ჰქონდა, მით უფრო რაჭა–ლეჩხუმს, იმერეთს, გურიასა და სამეგრელოში.
ერთი უმთავრესი ნიშანთაგანი, რითაც აქაური მიწათმოქმედი სოფელი განსხვავდება კავკასიონის მთიანეთისა და ქართლ–მესხეთ–ჯავახეთის სოფლისაგან (სადაც „დარბაზი“ იყო გავრცელებული) ის არის, რომ აქ გლეხის კარმიდამო „საცხოვრებელ სახლთან ერთად მოიცავს მრავალ, ერთმანეთისგან გამიჯნულ, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობას, რომლებიც მეტნაკლებად ვრცელ ტერიტორიაზეა განლაგებული“, რომ „გლეხის სამეურნეო ნაგებობანი გამიჯნულია საცხოვრებელი სახლისგან“ (აფხაზეთსა და აჭარას ეს მხოლოდ ნაწილობრივ ახასიათებს). შესაძლებელია კარმიდამოს შემადგენლობა ყველგან სავსებით ერთნაირი არ იყოს, მაგრამ თვით პრინციპი შენობების დიფერენცირების დანიშნულების მიხედვით, მათი განლაგებისა ერთმანეთისგან დაშორებით, თვით ტერიტორიის დიფერენცირებისა (წინა ეზო, უკანა ანუ სამეურნეო ეზო, ბოსტანი და სხვა) ყველგან საერთო იყო.
ეპოქისთვის, ერთადერთი წერილობითი საბუთი, დასავლეთ საქართველოს ხალხური არქიტექტურის შესახებ, არის არქანჯელო ლამბერტის ცნობები XVII ს–ის პირველი ნახევრის მეგრული სოფლის შესახებ.  
ა) „ყოველ მეგრელს ისეთი დიდი  ეზო აქვს, რომ უფრო მინდორს წარმოადგენს. ეზოში იზრდება მხოლოდ კარგი ბალახი და ბალხ–ბულახს ვერ ნახავთ. ყოველ მოსახლეს თავი მოსწონს ეზოს სიწმინდით“.
ბ) „ეზოს არტყია გარშემო თხრილი და ღობე. ყოველი მოსახლე ცდილობს, რომ, რაც შეიძლება მშვენიერი ღობე გააკეთოს. ამ ღობეს წარმოადგენს მიწაში დასობილი ერთმანეთზე წკნელით მიკრული სარები“.
გ) შესასვლელთან დგამენ დიდ ალაყაფის  კარებს, რომელიც გამაგრებულია კოჭებით და დიდი ხეებით; ზედ გამოქანდაკებულია სხვადასხვა პირუტყვის სახე ან სხვა რაიმესი, თუმცა ყოველივე ეს ტლანქად არის გაკეთებული, მაგრამ რაღაც სოფლურ სილამაზეს მაიცნ აძლევს ნაწარმოებს“.
დ) საჩრდილობლად  რგავენ  ეზოში  სხვადასხვა  ხეებს... ზოგიერთებს სიგრძეზე მწკრივად გააყოლებენ, რათა დღის განმავლობაში კაც შეეძლოს, როცა მოისურვებს, ჩრდილის ქვეშ გაისეირნოს; ზოგიერთებს კი ირგვლივ, წრესავით რგავენ, რათა მრავალ კაცს ერთად შეეძლოს ჩრდილის ქვეშ მოთავსდეს და პური ჭამოს ან მოისვენოს... აი, ამ ხეების ჩრდილის წყალობით მეგრელები მთელს ზაფხულს გაურბიან აკვამლებულ სახლს და მუდამ დღე, თუ სახლში ჯდომას წვიმა არ აიძულებს, დროს გარეთ ატარებენ და დაღამებამდე სულ ეზოში არიან: დასეირნობენ, საქმეებს არიგებენ, ჭამენ და ძინავთ კიდეც.“
ე) „შემოღობილ ეზოში სახლს და სხვადასხვა საჭირო შენობებს ირგვლის დგამენ ისეთ მანძილზე ერთმანეთისგან, რომ თუ ერთ რომელიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა, დანარჩენები არ გადაიწვას.“
ეს შენობები ლამბერტის თანახმად, შემდეგია:
ა) „ალაყაფის კარებში რომ შეხვალთ, პირველად წარმოგიდგებათ ყველაზე უფრო დიდი შენობა, რომელსაც მეგრულად ოხორო ქვია“. ეს სტუმრების მისაღები ყოფილა: შინაურები სტუმარს რომ დაინახავენ. „მიეგებებიან და შეიყვანენ ოხოროში, სადაც სტუმარი, თუ ზამთარია, ცოტა გათბება, მოისვენებს და მერე სახლის პატრონთან მიიყვანენ. ოხოროში ზამთარში პურს ჭამენ და ერთ კუთხეში პატრონის საუკეთესო ცხენი აბია, რათა ხელად ყავდეს, თუ უეცრად დასჭირდა“;
ბ) მეორეა საცხოვრებელი  სახლი;
გ) მარანი;
დ) ტანისამოსის  შესანახი  შენობა – უფრო მაგრად აშენებული, მაღალია და წარმოადგენს ხის კოშკს. ასე მაღალს აშენებენ... იმისათვის, რომ ტანისამოსი დაიფაროს სინოტივისგან და ქურდებისგან.“
ე) სურსათის  საწყობი;
ვ) თავადების  ეზოში  კარის  ეკლესიები  იყო.
ლამბერტის გადმოცემით „მეგრელები ჩვენი ხუროთმოძღვრების კანონებს სრულიად არ მისდევენ და მათი სახლები არც დასატევია, არც მაგარი და არც მშვენიერი. პირველ ყოვლისა მეგრელის სახლში კაცი ვერ მოთავსდება კარგად, რადგან სახლი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ოთახს, სადაც ბატონებიც, მომსახურეებიც, კაცებიც და ქალებიც ერთად შემწყვდეულან. ამ ოთახის შუა გულში ზამთრობით მუდამ ცეცხლია გაჩაღებული და ლაპარაკის და ერთმანეთში ბაასის გამო ისეთი ხმაურობაა, რომ შუძლებელია კამცა იქ მოისვენოს;
ამის გარდა, ლამბერტი გადმოგვცემს, რომ მეგრელები საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან, „ამიტომ ადვილად და მცირე ხარჯვით იშენებენ ნაირ–ნაირ სახლებს....ზოგი იშენებს სახლს გორაზე, ზოგი ვაკეზე, ზოგი პატარა ტყეში და ზოგიც წყლის პირას. ვიცნ უფრო შეძლებულია, ყველგან თითო სახლი აქვს, რათა დროის  შესაფერისად  შეეძლოს  ხან  ერთ ადგილზე  და ხან  მეორეზე  იცხოვროს.
საკუთრივ სახლი ერთსართულიანი და ერთოთახიანია. სარკმლები არა აქვს და ნათდება ერთადერთი შესასვლელიდან; ოთახის შუაში კერაა და კვამლი კარიდან გადის, საგანგებო გასასვლელი მას არა აქვს; იატაკი მიწისაა, კედლები ხის, სახურავი ისლის. სახლები სწორკუთხაა, წაგრძელებული, წინ აივნისებრი რამ სვეტებიანი დერეფანი არა აქვს; სახურავი ორკალთიანია.
ამგვარად, საცხოვრებელი სახლები წარმოადგენდა ფრიად ელემენტარულ, კეთილმოწყობის მხრივ კი პრიმიტიულ სახეობას. ამ ტიპის შენობებმა, ჩვენს დრომდეც მოაღწია. სპეციალურ ლიტერატურაში მათი არსებობა დადასტურებულია იმერეთში, აფხაზეთში, სამეგრელოში. გეგმით ყველა დაახლოებით ერთნაირია, მაგრამ საშენი მასალისა და შენების ტექნიკის მხრივ განსხვავებული სახეები გაირჩევა. ზოგს წნელებით დაწნული კედლები აქვს, ზოგი ჯარგვალია (კედლები ნაგები იყო გამოჩორკნილი გრძელი მორებით), ზოგი ფიცრისკედლიანი.
სამეგრელოში კოშკისებრი საცხოვრებლებიც ყოფილა. ეს იყო ორ–სამსართულიანი შენობები კვადრატული გეგმის, ორკალთიანი სახურავით. მეორე სართულს აივანი ქონდა, კედელში იყო სარკმელბი. ზოგი სახლი ხის, ზოგი კი ქვის იყო, მაგალითად ის სახლები რომლებსაც თაღოვანი შესასვლელი და სარკმელები ქონდა.
ამგვარად, თუმცა XVI-XVIII საუკუნეთა ეპოქისთვის ჩვენ რეალური და ხელშესახები არაფერი გაგვაჩნია, მაინც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დასავლეთ საქართველოს იმდროინდელი ხალხური ხუროთმოძღვრებაც მარტო პრიმიტიული ფაცხა–ხულებით არ იფარგლებოდა, რომ ისიც შეიცავდა ბევრ რაციონალურ და მხატვრულად საყურადღებო ელემენტებს, ისევე, როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დარბაზული საცხოვრებლები.

კავკასიონის მთიანეთი
ყველაზე უფრო მკაფიოდ გამოკვეთილი სურათი გვაქვს სვანეთში. აქაური ხალხური ყოფა და არქიტექტურა შედარებით უკეთესად არის შესწავლილი. სვანეთში – თუმცა მას ჩვეულებრივ ზემო და ქვემო სვანეთად ყოფენ – ნამდვილად ისტორიულად ჩამოყალიბებულია სამი ძირითადი დანაყოფი: ბალსზემო სვანეთი, ბალსქვემო სვანეთი (ეს ორი შეადგენს ზემო სვანეთს), ქვემო სვანეთი.
სვანური სახლები მკვეთრად განსხვავდება იმერეთისა და საერთოდ კოლხეთის სამოსახლოსაგან. აქ ყველაფერი შემჭიდროებულია და შეკუმშულია მცირე ფართობზე.
არსებითია ისიც, რომ საქართველოს ბარის საცხოვრებლებისგან განსხვავებით, სვანეთში (და საერთოდ, კავკასიონის მთიანეთში) საცხოვრებელს სახლს თავდაცვის ფუნქციებიც ეკისრება.
განსხვავებულია საშენი მასალაც: მართალია, ხეს შენობაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს, მაგრამ საკედლე მასალა მხოლოდ ქვაა, უშგულში იყენებდნენ შიფერს.
დადგენილია ძველებური საცხოვრებლის ორი ძირითადი სახეობა: ციხე – სახლი და მურყვამიანი სახლი. ციხე–სახლის ნიმუშები სვანეთის ფარგლებში მხოლოდ უშგულშია დარჩენილი, მაგრამ სვანეთის გარდა, იგი მთა–რაჭაშიც არსებობდა, სოფელ ღებში, ხოლო მისი მონათესავე ან პარალელური ხასიათის სახლები ხევსურეთში, თუშეთსა და ხევშია დადასტურებული.
ციხე – სახლში საცხოვრებელი, სამეურნეო და თავდაცვის ფუნქციები ერთ ნაგებობაშია თავმოყრილი. ამგვარი სახლის აღწერაა სწორედ ლეჟავასა და ჯანდიერის წიგნში: „ჩვეულებრივ, ეს სამსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომელსაც უჭირავს 80–100 კვ. მ. ფართობი. პირველ სართულზე მოთავსებულია მაჩვიბი – საზამთრო სადგომი..., შუაში კერითა და იმავე ოთახში საქონლისთვის შეღობილი ადგილით. მეორე სართულზ, მაჩვიბის თავზე, მდებარეობს დარბაზი – საზაფხულო საცხოვრებელი, სადაც ზამთარში თივის მარაგს ინახავენ. ციხე–სახლის მაჩვიბსა და დარბაზში სადგომების სიმაღლე 3–დან 4,5 მეტრამდეა, შუქი აღწევს მხოლოდ ვიწრო სათოფურებიდან და ამიტომ აქ მუდამ ბნელა. დარბაზის თავზე მოთავსებულია გადახურული მესამე სართული, ძლიერ გადმოშვერილი სათოფურებით – ეს, არსებითად, ისეთივე დამაგვირგვინებელი ნაწილია, როგორიც მთელი სვანეთის კოშკებს აქვს; ამ სართულს საგანგებო სათავდაცვო მნიშვნელობა ქონდა.
ციხე–სახლის კედლები შიფერით არის ნაშენი; მათი სისქე პირველ სართულზე 1,2=1.3 მეტრს აღწევს, ზემო სართულზე 80–90 სმ–მდე მცირდება. სართულშუა გადახურვა ჩვეულებრივია სვანეთისთვის – ქვის, ორფერდა, ხის ქარგილებზე ნაშენი... ან ხის – მრგვალი მორებისგან... სართულებს შუა კავშირის დასამყარებლად, ჩვეულებრივ სვანურ მისადგმელ ძელ–კიბესთან ერთად, უშგულის სახლებში ზოგჯერ ქვის კიბესაც აშენებდნენ, ძალიან ციცაბო საფეხურებით“.
ციხე–სახლები საერთო იერით კოშკისებრია და სვანეთში ფართოდ გავრცელებულ კოშკებს (მურყვამს) გავს. მაგრამ სხვაა პროპორცია – ციხე–სახლი უფრო დამჯდარია, უფრო დაბალი და განიერი.
მურყვამიანი  ანუ  კოშკიანი  სახლი, მით უფრო, როცა მის ეზოს გალავანიც არტყია, სვანური საცხოვრებლის ყველაზე უფრო განვითარებულსა და დასრულებულ სახეს წარმოადგენს.
ამ სახლის უმთავრესი ელემენტებია: საკუთრივ ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანი) საცხოვრებელი სახლი; მის გვერდით მდგომი კოშკი (მურყვამი) და ეზო. „ერთი ოჯახის მიწის ნაკვეთი გარშემორტყმულია ქვის გალავნით, რომლის შიგნითაა მოქცეული საცხოვრებელი სახლი და მასთან დაკავშირებული კაპიტალური თუ მსუბუქი შენობები (კალო, ფარდული და სხვ.). რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და ორგანულ მთელადაა შეკრული. აქ თავდაცვის ფუნქცია გამოყოფილია საცხოვრებელ–სამეურნეო ფუნქციათაგან და საგანგებოდ ამისთვის აგებულ კოშკს ეკისრება.

საცხოვრებელ სახლში სართულები ისევე ნაწილდება, როგორც ციხე–სახლში: ქვემოთ მაჩვიბია, ზემოთ დარბაზი. „მაჩვიბის ფართობი უდრის საშუალოდ 10 × 12 კვ. მეტრს, მისი იატაკი მიწისაა. ოთახი სწორკუთხაა, უფანჯრო, შუაში ჩვეულებისამებრ კერაა, რომელიც – სულ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლებში უძველესი დროიდან განსაზღვრულ კვანძს, ბირთვს წარმოადგენს. მაჩვიბს წინ უძღვის წაგრძელებული დერეფანი (ჰაგამ) – ეს არის მაჩვიბის შესასვლელი. „უპირველეს ყოვლისა, ჰაგამის დანიშნულებაა მაჩვიბში სითბოს შენარჩუნება. გარდა ამისა, მას ქონდა საბრძოლო–თავდაცვითი დანიშნულებაც და სამეურნეო ფუნქციაც... ჰაგამი მიშენებულია სახლის კედელზე გარედან. იგი უმეტეს შემთხვევაში ქვიტკირისაა, მაგრამ ზოგჯერ მორებისგანაც აშენებენ. დერეფნიდან მაჩვიბში შესული კაცი პირველად ხვდება მცირე ტალანში (ბაგ), ხის მორებით ან ნაჯახით გათლილი სქელი ფიცრებით გამოყოფილ პატარა ოთახში. მისი ფართობი 3 × 3 მეტრია. აქ დგას ხის კიბე მაჩვიბიდან დარბაზში ასასვლელად (საამისოდ ჭერში დატანებულია გასაძრომი – ჰულდუმ – რომელსაც კვამლის გასაშვებადაც იყენებდნენ. ზოგ სახლში ორ–ორი ჰულდუმია და ერთი მათგანი კვამლის ასასვლელადაა განკუთვნილი). ბაგს ორი კარი აქვს – ერთი თვით მაჩვიბისკენ, მეორე – საქონლის სადგომში, ზოგჯერ მესამეც, როცა იქ მიშენებულია ბეღელი. მაჩვიბის ერთი ნიშანდობლივი თავისებურებათაგანი სწორედ ის არის, რომ აქ ადამიანებიც ცხოვრობენ და საქონელიც დგას. არსებითი მნიშვნელობა აქვს ჭერს: აქ, ციხე–სახლის მაჩვიბისაგან განსხვავებით, ყოველთვის ხის ჭერია, ბრტყელი, მძლავრი კოჭებით. აქაური სივრცე უფრო ფართოა და დაბალი, ვიდრე ქვის ჭერიან მაჩვიბში, სადაც ჭერის დაქანებული ფერდები შუაში შემაღლების შთაბეჭდილებას ქმნის. ამის გარდა, აქ ფართობიც მეტია. თვალსაჩინო ელემნეტია ხისავე აყარა, ჭერზე შეკიდული სახურავი კერისათვის – იგი ამ უკანასკნელს „იცავს ჭერიდან ჩამოცვენილი მტვრისაგან. აყარზე არის ჩამოკიდებული საკიდელი და სასანთლე.


1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014