IV  და V საუკუნეების ხელოვნება

IV საუკუნის ხელოვნება

IV საუკუნის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში, რომელსაც ძველ საბერძნეთში იცნობდნენ ივერიის სახელით, ქრისტიანობა ცნობილ იქნა სახელმწიფო სარწმუნოებად. ამ ფაქტმა მაშინვე ორი შედეგი იქონია სარწმუნოების დარგში. ერთის მხრივ, ჯერ კიდევ მაგიური საწმუნოების ფორმიდან, საჭირო იყო გადასვლა მეორე წმინდა „ეთიკური“ სარწმუნოების ფორმაზე, მეორეს მხრივ, უნდა მოწესრიგებულიყო, მოგვარებულიყო ახალი სარწმუნოების მიერ ძველი სარწმუნოების ელემენტების, ნაწილების  ასიმილაციის, შეთვისების პროცესი. ეს ორმაგი პროცესი ბუნებრივად დააჩნდა ხელოვნების განვითარების პროცესსაც.
ქრონიკებში შენახულია რამდენიმე ნაწყვეტი ისეთი აღწერის, რომელიც მოთხრობილი ამბების დროსვეა დაწერილი. ასეთ ნაწყვეტებად გიორგი ჩუბინაშვილს მიაჩნია რამდენიმე ფრაზა ე.წ. „მოქცევაი ქართლისაი“–ს (IX საუკუნის) ქრონიკიდან – იმ მირიან მეფის წერილ–ანდერძიდან, რომელსაც ისტორიული გადმოცემა აწერს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებას საქართველოში. ამ ფრაზებში ცხადად არის გამოხატული მორწმუნის მაგიური ფსიქოლოგია, რომელიც აიძულებს მას შიშით მიუახლოვდეს ეკლესიას, ახალი ღმერთის მსახურების ადგილს; კვირაობით ეკლესიაში შედიოდნენ გალობით მხოლოდ მღვდლები. საჭირო იყო ჯერ ფსიქოლოგიის გარდაქმნა, რაც რასაკვირველია, ერთბაშად არ მოხდებოდა, მაგრამ ამასთან ერთად იგივე ცნობები მოწმობენ, რომ საქართველოში პირველად აშენებული ეკლესიები მცირე ზომისა იყო, რაც, როგორც ქვემოთ დავინახავთ, სავსებით მტკიცდება შენახული ძეგლებით.
მეორეს მხრივ ქრისტიანები აშენებდნენ თავიანთ სალოცავებს იმ ადგილებში, რომელნიც ძველთაგანვე ხალხს წმინდა ადგილად მიაჩნდა; ასეთი ადგილების წმინდა, ნაკურთხ ხეებს ქრისტიანები ხმარობდნენ ეკლესიების ასაშენებლად. ამგვარად ძველ ადგილებს თავისთვის იყენებდა ახალი სარწმუნოება, ხოლო ძველი რწმენა ებმეოდა ახალი რწმენის სისტემაში. პირდაპირი ისტორიული ცნობების გარდა, რომლებიც აღწერენ ამას, როგორც მაგალითად, მოთხრობა მცხეთის „სვეტი ცხოვლის“ ტაძრის აშენების შესახებ დიდი ნაძვის ადგილას, ანუ ჯვარის აღმართვა მცხეთის პირდაპირ გორაზე, ამავე ფაქტს მოწმობს ზოგიერთი ადგილის სახელწოდება, მაგ., ჭყონდიდი („დიდი მუხა“) სამეგრელოში, ან რკონი ქართლში და სხვა.
ტაძრის პირვანდელი შენობები, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, მეტად მცირე ტანისანი იყვნენ და მალე მათ ნაცვლად ან სხვები ააგეს, ან გადააკეთეს; ამიტომ ასე ცოტაა დარჩენილი ეს პირვანდელი ტაძრები.
წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ თავდაპირველად ეკლესიების აშენებას მცხეთაში. პირველი ეკლესია რომცელიც საქართველოში აშენდა, ნინოს ჩვენებით, ახლადმოქცეულ მირიან–მეფის მიერ, მდებარეობდა იმ ადგილას, სადაც ახლანდელი მცხეთის ტაძარი დგას. მატიანე, სხვათა შორის, აღნიშნავს, ვითომ ეს ეკლესია აშენებული იყო ხისაგან. თუმცა არც ერთ შემდეგ ეკლესიაზე მსგავსი არაფერია ნაამბობი.
მირიან მეფის დროსვე, რომელსაც ქართული ისტორიული გადმოცემა აღწერს ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებას, აშენებული იყო ეკლესიები ერუშეთსა  (მესხეთს) და მანგლისში. აქ შეინახეს კონსტანტინოპოლიდან მოტანილი რელიკვიები, სახელდობრ ლურსმნები და „ფერხთა ფიცარნი“ ჯვარისა. მანგლისის ეკლესია უძღვნეს ცხოველმყოფელ ჯვარს და მისი ამაღლების – აღმოჩენის ხსოვნას, საიდანაც სავარაუდოდ წარმოდგა მისი სახელი „მანგლისის ჯვარი“. ამ ტაძარმა და ასევე მცხეთის პირდაპირ გორაზე აღმართულმა ჯვარმა მალევე დიდი სახელი გაითქვა და მათ სალოცავად სომხეთის მცხოვრებნიც მოდიოდნენ. ამის შემდეგ მირიანმა ააშენა მცხეთაში ყოველდღიური ლოცვისათვის მეორე ზემო ეკლესია; მანვე ააშენა წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ახლანდელ სოფ. ბოდბეს (კახეთში) ახლო ეკლესია „ფრიად დიდი და შეამკო იგი ყოვლითა სამკაულითა“.
მირიანის მომდევნო მეფეებიც აშენებდნენ ეკლესიებს, რომელთაგან ქრონიკები იხსენიებენ წილკნის ტაძარს, აშენებულს მირიანის შემდეგი ბაკურ მეფის მიერ. აღსანიშნავია მემატიანეს მიერ ნაამბობი დეტალი, რომ შენება ხუთ წელიწადს გაგრძელდაო. ბაკურის ძმის თრდატის დროს შენდება ეკლესია ნეკრესსა და რუსთავში (კახეთი), ხოლო ბაკურის ვაჟიშვილის მირდატის დროს შენდება ეკლესია თუხარისის ციხეში. ამ შემთხვევითი წერილობითი ცნობებიდან ვხედავთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ნაწილში, სახელდობრ, ქართლსა, კახეთსა და მესხეთში, ყველგან აშენებდნენ ტაძრებს.

nekresi. gegma

ყველა აქ ნახსენებ შენობათაგან ჩვენ შესაძლებლად ვთვლით მივაკუთვნოთ IV საუკუნეს. მაგ. ნეკრესის მონასტრის ერთერთი ეკლესია კახეთში, რომელიც თუმცა სრულად არა, მაგრამ მაინც საკმაოდაა შენახული.
ეს სრულიად თავისებური შენობაა როგორც ზოგადი ფორმითა და ზომით, ისე დეტალებით. თავისი გეგმით, იგი გაყოფილია სამ ნაწილად, ბაზილიკური გეგმის სამ ნავად, რომელნიც შეერთებულნი იყვნენ ერთმანეთთან თაღების მალებით. შუა ნავის სივრცე უდრის მხოლოდ 4–ზე მეტ კვ. მეტრს, ამასთან ეს სირვცე ბევრად ნაკლებია გვერდის ნავების სივრცეზე, თუმცა ეს ნავის სიგრძით მათი თანასწორია, მაგრამ ვიწროა. მათზე შუა ნავი ორჯერ მაღალია გვერდის ნავებზე, თანაც მეტისმეტად ვიწროა; ამიტომ იგი გაგონებთ კოშკს. ეკლესიას შესასვლელი ქონდა გვერდითა ნავებიდან, რომლებსაც ყოველ სამ მხარეს, ე.ი. აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით (ანუ სამხრეთით) ქონდა ფართო თაღიანი შესასვლელი, რომელთა წყალობითაც ოთხივე მხარეს ღია ადგილი ქონდა. მირიან მეფის წერილის შენიშვნა, მორწმუნეთ ეშინოდათ ეკლესიაში შესვლის და ეკლესიაში შედიოდნენ მხოლოდ მღვდელები – აქ ალბათ ჰპოვებს რეალურ ილუსტრაციას: წირვაზე დასწრება, მოსმენა და თვით ნახვაც შეიძლებოდა შიგ ტაძარში შეუსვლელადაც. სავსებით გასაგები ხდება ტაძრის მცირე ზომაც; დამახასიათებელია, რომ თაღები ამ შენობაში ნალისებურია მსუბუქი ტეხილებით ქარგირებისაგან, რომელთა შეწყობითაც აშენებდნენ და დუღაბს ასხამდნენ თაღბს. მსგავს ნალისებურ თაღებს ამთავრებს ეკლესიის საკურთხევლის ფანჯარაც. დარჩენილი გვერდის ნავი დახურულია ცილინდრული თაღით, ხოლო ბანი დახურულია რამდენიმე შრედ გაუთლელი შიფერის ფილებით.

nekresi: ganakveTi siganeze; ganakveTi sigrZeze

დასასრულს, უნდა ავღნიშნოთ, რომ ეკლესიის ქვეშ დატანებულია აკლდამა, რომელიც ერთნაირ პოსტამენტს წარმოადგენს მთელი შენობისათვის.
ასეთია პატარა  ნეკრესის  მონასტრის ბაზილიკა. მას ბაზილიკას ვეძახით, რადგან მასში ვხედავთ მაინც სამი ნავის ნასახს, რომელთაგან შუა ამაღლებულია; თუმცა სრულიად სხვანაირ ფორმას, ისეთს, რომელიც ანგარიშს არ უწევს ბაზილიკურ ფორმებს, წარმოადგენს სვეტების უქონლობა ნავებს შორის. ამ შენობას როცა ვიხილავთ, გვაგონდება IV საუკუნის ისტორიკოს რუფინის მოთხრობა ივერიის ქრისტიანობაზე მოქცევის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ტყვე–ქალმა (ნინომ) წინადადება მისცა, აეშენებინათ ეკლესია, და აღწერა მისი ფორმებიო.

nekresi. bazilikis restavracia

მართლაც, აქ ცოტა რამ აღებულია ბაზილიკური ეკლესიების ზოგადი ფორმებიდან. „მოქცევაი ქართლისაი“–ს ქრონიკის ცნობით, ეს ეკლესია აშენებულია ბაკურის ძმის, მირიანის შვილიშვილის თრდატ–მეფისა და საქართველოს მთავარ–ეპისკოპოსის იობის დროს, რომელიც წინათ დიაკვნად სომხეთის კათალიკოსის ნერსეს I პართელთან (353–373 წწ). ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ ეკლესია უნდა აშენებული იყოს IV საუკუნის მესამე მეოთხედში.
ამ ნეკრესის მონასტრის უძველესი ბაზილიკის გარდა შესაძლებელია ქრონიკაში მოხსენებული „ფრიად დიდი“ ეკლესია, აშენებული „წმ. ნინოს“ დაკრძალვის ადგილას ბოდბეში, შენახული იყოს დღევანდლამდე. გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, ეს არის ნაწილი მონასტრის უფრო გვიანი დროის სამნავიანი ბაზილიკისა, მიშენებული ამ ძველ პატარა ეკლესიასთან, რომელსაც სივრცე, 4–5 კვად. მეტრზე მეტი არ უნდა ჰქონოდა; ბოდბეს კაპელასაც აქვს აკლდამა საფლავით; ხუროთმოძღვრული ფორმებიდან უნდა აღინიშნოს აფსიდის გარედან ნახევრად მრგვალი შვერილი.
დასასრულს, გიორგი ჩუბინაშვილის აზრით, მესამე ძეგლი ეკუთვნის იმავე IV საუკუნეს – ეს არის თავისებური შენობა ჭერემის საეპისკოპოსო კათედრალის გალავნის ფარგლებში. ჭერემში, როგორც ცნობილია, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის მეორე ნახევარში დააწესა ეპისკოპოსის კათედრა და ააშენა კათედრალი. ბუნებრივია, რომ ასეთ ადგილას კათედრალი ააშენეს ქალაქის ძველი პირვანდელი ეკლესიის გვერდით.

Weremi. kvadrati, saerTo saxe

ეს პირვანდელი ეკლესია, რომელსაც აქვს სპეციალური, ნახევრად მიწაში ჩასული პრიპტა–აკლდამა შესავლით დასავლეთიდან, დღემდე შენახულია. ეს არის კვადრატი ოთხივე მხარეს ღია კამარებით დახურული გუმბათიანი თაღით. კუთხეები თაღეების ზემოთ ისეა გავსებული, რომ კვადრატის ზემოთ შედგება წრე, რომლიდანაც მიდის ნახევარსფერო. სახურავი კი ორგვერდიანია ხაზით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამგვარად აქ ვხედავთ მარტირიუმის ფორმებს კრიპტა–აკლდამით რომელიმე წამებულის დასაკრძალავად და სხვა. უფრო მეტად, ვიდრე ნეკრესში, ეს ღია შენობაა ისეთივე პატარა სივრცით (4 მეტრამდე), ისე რომ მღვდლების გარადა იქ აღარავისთვის არ იქნებოდა ადგილი. ნეკრესისა და ბოდბეს მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ IV საუკუნის საქართველოში არსებობდა უკვე დამუშავებული საამშენებლო ფორმები და მეთოდები, არსებობდა და ვითარდებოდა განსაზღვრული მხატვრული ტრადიციები.

 

V საუკუნის ხელოვნება

IV საუკუნე საქართველოს ისტორიაში მოუნდა იმას, რომ ქვეყანა და მისი ფსიქოლოგია თანდათან ეგუებოდა ახალ სახელმწიფო სარწმუნოებას, რომელიც განსხვავდებოდა თავისი უნივერსალობით და ადამიანის ცხოვრების და კულტურის ყველა დარგის შემცველი მოძღვრებით; მან განვლო იმაში, რომ ქრისტიანობა ითვისებდა ხალხის ძირითად მკვიდრ რწმენას და მხოლოდ საუკუნის დასასრულს მიღწეულ იქნა ამ მხრივ შესამჩნევი წონასწორობა, რამაც შეაძლებინა საქართველოს სხვა ქრისტიანულ ერებთან ერთად მონაწილეობა მიეღო მოძღვრების დოგმების გამომუშავებაში; სამაგიეროდ მეხუთე საუკუნეს ღია და თავისუფალი ქონდა გზები ახალი ცხოვრების მოთხოვნილებათა უშუალოდ გამოვლინებისათვის, რადგან ეს ცხოვრება უკვე მტკიცედ და საბოლოოდ დამკვიდრდა საქართველოში.
ქრონიკების ცნობები ამ საუკუნეში აგებული შენობების შესახებ უფრო მცირეა: – ეკლესიის აშენების ფაქტი უკვე აღარ იქცევდა ისეთ დიდ ყურადღებას, აღარ წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფაქტს, როგორც IV საუკუნეში.  ამ ფაქტს ამტკიცებს დღემდე აქა იქ შენახული V საუკუნის შენობებიც, ამ საუკუნეშიც მრავალი შენობა შენდება და ისიც სულ სხვადასხვა ადგილას, მაგრამ მრავალი მათგანის ხსენებაც კი არაა ქრონიკებში.

Zveli SuamTa. bazilikis izometria

ეკლესიებს აშენებენ არა მარტო დასახლებულ ცენტრებში, არამედ წინანდებურად მათ გარეთაც. მაღალსა და ტყიან ადგილებზე, რომლებიც სავარაუდოდ წმინდა ადგილებად ითვლეობდა ქრისტიანობის წინა დროის რწმენითაც. ქრონიკები მოგვითხრობენ: არჩილ მეფის დროს, რომელიც V საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა, „აზნაურთა სტეფანე წმინდა აღაშენეს არაგუსა ზედა“. შემდეგ ქრონიკები გვაცნობენ სიონის აშენებას სამშვილდეში, რომელიც ერგოთ საერისთაოდ მირდატსა და საგდუხტს თავის მამის არჩილ მეფისაგან; სამშვილდის სიონს აშენებს მირდატის ცოლი საგდუხტი, ვახტანგ გორგასლის დედა, ე.ი. V საუკუნეში, ვახტანგ გორგასლის დროს ქართულმა ეკლესიამ დიდი ცვლილება განიცადა საზოგადოდ: მან მოიპოვა ავტოკეფალია, კათალიკოსის დამოუკიდებლად არჩევის უფლება და შინაური საქმეების მმართველობაში დამოუკიდებლობა, მანამდე კი ქართული ეკლესია ემორჩილებოდა და დამოკიდებული იყო ანტიოქიის პატრიარქზე. კერძოდ ვახტანგი ახდენს საეპისკოპოსთა ახალ განაწილებას, ახალ გადაჯგუფებას; ამასთან ის აწესებს 12–მდე ახალ კათედრას და აშენებს რამდენიმე ახალ ეკლესიას, სახელდობრ: უჯარმის ციხეში, ჭერემში, ჩელთაში, ხორნაბუჯსა და ნიქოზში. ამას გარდა ვახტანგმა ხელახლა ააშენა მცხეთის კათედრალი, რომელიც დაინგდა არჩილ მეფის დროს და რომელსაც მაშინ სიონს ეძახდნენ. ვახტანგის ვაჟიშვილებიც აგებნდნენ ტაძრებს: მირდატი ჯავახეთის წყაროსთავში, ხოლო დაჩი უჯარმელის დროს ძლიერ გამრავლებული მოსახლეობა აშენებს წმ. მარიამის ეკლესიას თბილისში. დასასრულს, VI საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველო სახელმწიფო ხელისუფლების პატრიარქალური წეს–წყობილების უკანასკნელი მეფეების დროს (როდესაც ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო მოსპობილი სპარსეთის მონარქიის მიერ), ბოლნისის ეპისკოპოსი დავითი დაახლოებით 506 წელს აშენებს ბოლნისის დიდებულ სიონს, ამ დრომდე შენახული ძეგლით თავდება ხუროთმოძღვრების განვითარების მსვლელობა V საუკუნეში. როგორც ქართული ეკლესიის შინაგანი ორგანიზაცია თანდათან მაგრდებოდა და თავისუფლდებოდა ანტიოქიის პატრიარქატის გავლენისაგან, და ვახტანგ გორგასლის დროს, 472 და 484 წლებს შუა სრულიად დამოუკიდებელი და ავტოკეფალური ხდება, ისე აგებულ შენობათა ხასიათი V საუკუნის მეორე ნახევირსათვის არსებითად იცვლება და ზომით მცირე, უბრალო მორთულ–მოკაზმული შენობების ნაცვლად ახლა აგებენ დიდ შენობებს, იჩენენ ტენდენციას დაუახლოვდნენ როგორც ფორმით, ისე მორთულობის ღირსებით ფართოდ ცნობილ, მსოფლიო ტაძრებს.
V  საუკუნის პირველი ძეგლების აშენების თარიღების შესახებ, სამწუხაროდ, არავითარი ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება და ამიტომ არ შეგვიძლია ზედმიწევნით ავღნიშნოთ მათი აშენების დრო. ასეთ ძეგლებად ჩვენ ვთვლით ბაზილიკურ ეკლესიებს ძველ შუამთაში, ე.წ. ცხრაკარა მონასტერში სოფ. მატანს ახლო (კახეთში) და 40 მოწამის ძლიერ გადაკეთებულ ეკლესიას ნოქალაქევში (სამეგრელოში); მერე წმ. მარინეს ჯვარისებურ ეკლესიას ზეგანს ახლო (კახეთში).

matanis cxrakara. mTavari bazilikis gegma

ძველი შუამთის და მატანის ცხრაკარას ბაზილიკები წარმოადგენენ ორ პატარა თანასწორი ზომის და ერთნაირი ფორმის შენობებს. ეს არის სივრცით პატარა, მაგრამ საკმაოდ მაღალი ერთნავიანი ეკლესია სამი მხრიდან გარშემოსავლელით, რომელიც თაღებით შეერთებულია ეკლესიასთან. აქაც  არ არსებობს არავითარი ბურჯები, შენობას რომ სამ ნავად ჰყოფდნენ. ეს ბაზილიკები განათებულია უმთავრესად კარებით, ფანჯრები სულ პატარები აქვს. დამახასიათებელია გარშემოსასვლელების აგების ხერხი – მათ აქვთ ცილინდრული თაღები, რომელნიც ერთმანეთთან არაა შეერთებული გაერდანით არამედ, პირიქით, განცალკევებულია ერთი მეორისაგან. მატანის ბაზილიკას, ამას გარდა ახასიათებს ერთი მეტად ძვირფასი განსხვავება, თუმცა ტაძარი სხვამხრივ ირრეგულარულია – ეს არის სამხრეთის გასავლის კვადრატი, რომელიც გამოყოფილია გარშემოსავლელში და გადახურულია გუმბათიანი თაღით; ეს თაღი ამოყვანილია კვადრატის 8 წახნაგოვან საფუძველზე, ხოლო ეს საფუძველი მიღებულია ოთხი კუთხის ტრომპის მეშვეობით, რომელთაგან თითოეული ამოჭრილია მთლიან ქვაში; თაღში გამოტოვებულია ქვები ჯვარის სახით.
ნოქალაქევის ბაზილიკა მჭიდროდ უახლოვდება შუამთის და მატანის ბაზილიკას გეგმით და თავისი სივრცის საერთო მიდგომით. მაგრამ ის მათზე გაცილებით უფრო დიდია (1–1.5 ჯერ) და აქვს წინგამოწეული ხუთწახნაგოვანი აფსიდი. ეს შენობა ახლა შენახულია მეტისმეტად გადაკეთებული და პირვანდელი კედლების მრავალნაირი ცვლილებით. ამრიგად, ძველი შენობის შთაბეჭდილება შეიცვალა მეორით და როგორც გარეგანი მასებით, ისე სივრცითი ფორმით ჩვენ გვაქვს სულ სხვა ერთეული. ნოქალაქევის ბაზილიკის დროის განსაზღვრა გიორგი ჩუბინაშვილის მიერ წამოყენებული ქართული არქიტექტურული მასალების შედარებების საფუძველზე, დაამტკიცა, ქალაქის გათხრამ, რომელსაც დოქტორ ალფონს შნაიდერი ხელმძღვანელობდა 1930–31 წლებში; მის მიერ დადგენილია ორი უცხო ტომის ციხე–ქალაქური აღმშენებლობა ნოქალაქევში: რომაული და ბიზანტიური იუსტინიანეს დროს.
ეს შენობები გაცილებით უფრო რეგულარულია, ვიდრე ნეკრესის ბაზილიკა, მასზე უფრო დიდებია და არა აქვთ ისეთი განსაკუთრებული თავისებური ხაზულები, როგორიც ნეკრესის ბაზილიკას აქვს. მაგრამ ნამდვილ ბაზილიკებთან შედარებით აქაც აღსანიშნავია, რომ ეს შენობები მხოლოდ გარეგან მასებში გადმოგვცემენ ნაწილობრივი ბაზილიკის ფორმებს. ფორმების ასეთი თანდათანობითი განვითარებისათვის ამ ბაზილიკებზე არანაკლებ საინტერესოა გეგმით ჯვარისებური, კიდევ სულ პაწაწინა ეკლესია სოფელ ზეგანს ახლო (კახეთი).

masaTa sqema gegma da ganakveTi

გეგმით და გარეგანი ფორმებით იგი წარმოადგენს სწორ, თანაბარმკლავებიან ჯვარს. მხოლოდ გადაჯვარედინების ამაღლებული ადგილი გაერთიანებულია ჯვარის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავებთან და დახურულია ერთი მთლიანი ორგვერდიანი სახურავით, რომელიც სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების სახურავზე უფრო მაღალია. აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღები ცოტათი უფრო მაღალია, ვიდრე სამხრეთის და ჩრდილოეთის. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით, ხოლო დანარჩენი სამი მკლავი სწორკუთხიანია. თაღები ნალისებურია, ამიტომ მათი ქუსლები ყველგან გამოწეულია. მკლავების ჯვარედინზე კვადრატს ზემოთ ამოყვანილია ჯერ პირველად გადასავალი რვა წახნაგოვანზე, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელზე ამოყვანილია აგრეთვე არასწორი თაღი. გადასავალს არა აქვს ნათელი ფორმა, ალბათ, კირის გვიან წასმის  და დახატვის წყალობით, მაგრამ უფრო მართალი იქნება თუ ვიტყვით, რომ პირველად ეს გადასავალი უბრალოდ ჯვარედინ კუთხოვანად დაწყობილი ქვების საშუალებით უნდა იყოს ამოყვანილი.
ეს ტაძრები იქნებ საინტერესო იყოს უმთავრესად იმით, რომ ისინი არ ემორჩილებიან მთელ ქრისტიანულ მსოფლიოში დამყარებულ ნორმებს; ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალო და სავალდებულო ასლის გადაღებასთან, არამედ საქმე გვაქვს წინათ ცნობილ, საკუთარი ნორმების და ფორმების განგრძობასა და მოხმარებასთან, და რომ ესა თუ ის საზოგადოდ მიღებული შაბლონები მიდის დიდი წვალებით და თანდათანობით შედიან ხმარებაში. რაც უფრო მეტი დრო გადის მით უფრო ძლიერად ჩანს ეს. ასე მატიანეებში მოხსენებული ეკლესია, აშენებული ვახტანგ გორგასლის მიერ კახეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ციხეში – უჯარმაში, წარმოადგენს, მართალია, აგრეთვე არა დიდს, მაგრამ მაინც ძალიან თავისებურ შენობას. დღემდე დარჩენილ ორსართულიანი ეკლესიიდან მხოლოდ ქვედა სართულით შეიძლება ვიმსჯელოთ მის სიძველეზე. ეკლესია აგებულია სიპი ქვისაგან, ხოლო თაღი ქონქით და შუალა ეკლესიის მთელ სიგრძეზე ამოყვანილი ფართო კამარა აგებულია სწორედ დაწყობილი თლილი ქვის ფილებისაგან, ეკლესია მაღალი არ არის; ჩრდილოეთიდან აქვს ცალკე სწოკუთხიანი ოთახი შესავლით, ხოლო სამხრეთით უერთდება ეკლესიას ხსენებული კამარით; ფანჯრები პატარა აქვს, აღმოსავლეთით და დასავლეთით. ეკლესია მდებარეობს ძველი ციხის კედლის ახლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიის პირვანდელი სახის დეტალები ჯერჯერობით გამოურკვეველია.
მოხსენებული ეკლესიების განხილვით, რომელთაც ჩვენ ფართო შედარებითი ანალიზის თანახმად (უმთავრესად უფრო გვიანა შენობებთან შედარებით) V საუკუნეს ვაკუთვნებთ, ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ხუროთმოძღვრების ჩამოყალიბების ხანას, იმ ხანას, როდესაც ამშენებელნი ჯერ ვერ ისახავდნენ დიდმნიშვნელოვან ამოცანებს.



სტატიის ავტორი – გიორგი ჩუბინაშვილი;

მასალა აღებულია წიგნიდან– „ქართული ხელოვნების ისტორია“, ტ1, თბილისი, 1936წ.
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის
www.dzeglebi.ge;

 


megobari saitebi

   

01.10.2014