უძველესი სოციალური ნორმები საქართველოში
თუ ცივილიზებული საზოგადოების ცნების ქვეშ კლასობრივ, სახელმწიფოდ ორგანიზებულ საზოგადოებას ვიგულისხმებთ, უნდა დავუშვათ, რომ წინარეცივილიზებულ ხანაშიც არსებობდა ქცევის საყოველთაოდ აღიარებული `რიგი~, წესი, რომელიც სოციალური ჯგუფის, ტომის, გვარის
წევრთა ჩვეულებების, რელიგიის, მითისა და საერთოდ, საზოგადოების აზრის ზემოქმედებით სრულდებოდა.
ამ დროს, ე.ი. საზოგადოების განვითარების წინარესახელმწიფოებრივ სტადიაზე, ქცევის წესებში ერთ ნაკადად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი რელიგიური და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის ნორმები. თუ წარმოვიდგენთ, რომ ჩვეულებები, როგორც ქცევის წესები, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, მათ თავისი კვალი უნდა დაეტოვებინათ ენაში. ძველ ქართველთა რელიგიური წარმოდგენების მიხედვით, ქცევის წესს, `რიგს~ ღმერთი აძლევდა ხალხს. აქედან გაჩნდა გამოთქმა `მორიგე ღმერთი~, ე.ი. ღმერთი, რომელიც ქვეყანას რიგს, ქცევის წესს უბოძებს და ადამიანთა შორის ურთიერთობას აწესრიგებს. რელიგიის წიაღიდან `რიგი~ მოგვიანებით სამართლის სფეროში გადმოდის და მნიშვნელოვან ადგილს იჭერს. აქედან
`გარიგება~ (მოვიგონოთ ქართული სახელმწიფო სამართლის ცნობილი ძეგლი `გარიგება ხელმწიფის კარისა~) და `რიგი~ ღმერთის მიერ მოცემულად იგულისხმებოდა. მოგვიანებით, უკვე სამეფოსა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ხანაში, როდესაც მეფე ღვთის სწორად წარმოიდგინებოდა, `რიგის~ და `გარიგების~ მიცემა მეფის, ხელმწიფის საქმე გახდა.
`მორიგე ღმერთი~, ძველი ქართული მითოლოგიის მიხედვით, უზენაესი ღვთაება უნდა ყოფილიყო.
`რიგის~ სინონიმებად გვევლინება `წესი~ და `ჯერი~.
გამოთქმაში წესრიგი, სწორედ ის გარემოებაა აღნიშნული, რომ წესი და რიგი ერთმანეთის ანალოგიური შინაარსის მატარებლები იყვნენ. ამ დროისათვის უკვე გაჩნდა გამოთქმა მოწესრიგება, მისგან - მოაწესრიგა და ა.შ. ოთხთავის ერთ-ერთ უძველეს ხელნაწერში (ადიშის
ოთხთავი, 897 წ.) გვხვდება `წეს-ყოფა~, `წესარს~ (მ. 22, 17) მნიშვნელობით საჭიროა, უნდა, ჯერ-არს.
წესი ნიშნავდა დასსაც. გამოთქმა `ანგელოზთა წესი~ ნიშნავდა ანგელოზთა დასს. აღსანიშნავია,
რომ `წესი~-ც და `რიგი~-ც ქართულში ნიშნავდა მენსტრუაციას. ამ შემთხვევაში .წესი. მოისაზრებოდა როგორც ისეთი მოვლენა, რომელიც გარკვეული კანონზომიერებით მეორდება.
რაც შეეხება ჯერს, `ჯერი~ რიგსაც ნიშნავდა და ფიცსაც. რამდენადაც "ჯერი~ ჩვენი დაკვირვების საგანს შეადგენდა, უნდა ითქვას, რომ გვიანი შუა საუკუნეების ქართული სამართლის წიგნებისა და დოკუმენტების მიხედვით, `ჯერი~ უპირატესად განსაწმენდელ ფიცს ნიშნავს, მაგრამ ამის შესახებ მსჯელობას ახლა აქ არ მოვყვებით.
ქცევის წესს, როგორც ჩანს, სხვადასხვა ქართველთა ტომებში, სატომო ენებში (დიალექტებში) ყოველთვის ერთი და იგივე სიტყვით არ გამოხატავდნენ. ამიტომაც `წესი~, `რიგი~ და `ჯერი~ შეიძლება სხვადასხვა დიალექტიდან მომდინარეობდეს. წინარესახელმწიფოებრივ საზოგადოებაში, სადაც ადამიანთა ურთიერთობა და მათ შორის წარმოებითი ურთიერთობაც რელიგიური ნორმებით წესრიგდებოდა, ქცევის წესი, ალბათ, სწრაფ ცვალებადობას არ ექვემდებარებოდა; მაგრამ საზოგადოება თანდათან ვითარდებოდა და ძველი ნორმა, ძველი ქცევის წესი გვარისა და ტომის ეკონომიკური და კულტურული განვითარების გზაზე მუხრუჭად იქცეოდა. და თუ ეს გარემოება სარწმუნოებისა და საზოგადოებრივი ხელისუფლების მესვეურთა მიერ გააზრებული იქნებოდა, დღის წესრიგში დგებოდა ქცევის წესში ცვლილებების შეტანის საკითხი. ქცევის ახალი წესი კი ისევ ღმერთების ან ღმერთის შემწეობით უნდა მიეღოთ.
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, საქართველოს მთიანეთში რელიგიის მსახურთა შორის ქადაგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირი იყო. თ. ოჩიაურის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ქადაგის ფუნქციათა შორის უმთავრესს წარმოადგენდა: ა) შუამავლობა ხალხსა და `ღვთისშვილებს~ შორის, ბ) მომავლის წინასწარმეტყველება, გ) ხატის მსახურთა არჩევა და დ) სახატო საქმეების მოწესრიგება (ხატის უძრავ-მოძრავი ქონების გაზრდა), ე) საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა-მოწესრიგება (სალაშქროდ წასვლის ორგანიზაცია, ჭრა-ჭრილობისა და თავ-მეთავეობის საქმის მოწესრიგება, რჯულის წესების ჩამოყალიბებასა და დადგენაში მონაწილეობა და ა.შ.). რჯულის (წესების) ჩამოყალიბება და ზეპირი ფორმით მისი ფიქსირება წინარეცივილიზაციის ხანაში მნიშვნელოვან სოციალ-რელიგიურ ფუნქციას წარმოადგენდა. მაგრამ კიდევ უფრო მძიმე და სერიოზული საქმე იყო ერთხელ უკვე დამკვიდრებული მიღებული ქცევის წესებისა და ნორმების სავსებით ახლით შეცვლა. უნდა ვივარაუდოთ, რომ არსებულ სოციალურ ნორმებში ცვლილებები, უფრო ხშირად, თანდათანობით შეჰქონდათ. ხევსურეთის მაგალითის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ტომის ყველაზე ავტორიტეტული სალოცავის საშუალებით ხდებოდა ქცევის წესებსა და ნორმებში ცვლილებების შეტანა.
ჟ. ერიაშვილი წერს: `სრულიად ხევსურეთის თემის სალოცავი გუდანის საღმრთო გიორგის ჯვარი მთავარი რჯულმდებლის როლში გამოდიოდა. აქ იკრიბებოდნენ ხალხური სამართლის მცოდნე პირები _ ბჭე ხევისბერნი, რომელთაც ქადაგის, ორაკულის საფუძველზე სრულიად ხევსურეთის რჯულში ცვლილებები შეჰქონდათ. ქადაგობის შინაარსი და ბჭე-ხევისბერთა გადაწყვეტილებანი სათანადო წარმომადგენლების მეშვეობით გადაეცემოდა სხვა თემების ჯვარ-ხატთა დარბაზებს". ამ სანდო ინფორმაციის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ იმის შესახებაც, რომ წინარეკლასობრივი ეპოქის ქართველთა ტომებში, პრინციპში, რაღაც ანალოგიური, მაგრამ ალბათ უფრო არქაული ელფერის სოციალ-რელიგიური ინსტიტუტები უნდა არსებულიყო.
წინარეკლასობრივი სოციალ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონეზე ქართველ ტომებში, უნდა ვივარაუდოთ, რომ გამომუშავებული იყო სოციალური პროგრესისა და კულტურული წინსვლის თავისებური ხერხი, მეთოდი. ბუნებრივია, რომ მაშინდელ გვარებსა და ტომებში დიდ როლს ასრულებდნენ სასულიერო პირები, რომელთაც ასევე წმინდა საერო ფუნქციებიც გააჩნდათ. სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული წინსვლა პირველყოფილი საზოგადოების პირობებში სასულიერო პირთა და კულტის მსახურთა გარეშე მეტისმეტად გაძნელდებოდა. როდესაც საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე გაჩნდებოდა აშკარა ისტორიული აუცილებლობა შეეტანათ ცვლილებები ქცევის წესებში, სათანადო სასულიერო პირი, ქურუმი, ქადაგი და ა.შ. `ღვთაებას უკავშირდებოდა~ და ღმერთის მიერ `ნაკარნახევ~ სოციალურიცთანაცხოვრების წესებს, ქცევის ახალ `რიგს~ ხალხს აუწყებდა. დაახლოებით ანალოგიური ვითარება იგულისხმება ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებსა და საბერძნეთშიც. მკვლევარები მიუთითებენ, რომ სპარტაში ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასასრულს იყვნენ სპეციალური მოხელეები _ ეფორები, რომელთაც ევალებოდათ ღვთაების ნაკარნახევი ქცევის წესები და ნორმები ეუწყებინათ ხალხისათვის. სასულიერო პირი თუ სახელმწიფო მოხელე, რომელიც თავისი წინასწარი განწყობით მომზადებული იყო ქცევის წესებში ცვლილებების შეტანისათვის, იძინებდა ტაძარში, სადაც სიზმარში _ `ჩვენებაში~, ღვთაებისაგან უშუალო მითითებას იღებდა ახალი მორალური თუ სამართლებრივი ნორმის შემოღების შესახებ. ძველ საბერძნეთში არსებობდა ტაძარში ძილის ჩვეულება იმ მიზნით, რომ ღვთაება პირს სიზმარში სათანადო სამკურნალო საშუალებას აცნობებდა ავადმყოფის განსაკურნავად. ბერძნებში ამ მიზანს ემსახურებოდა ესკულაპის ტაძარი. პირველყოფილი საზოგადოების პირობებში მცხოვრები ადამიანისთვის ადვილი როდი იყო გაეაზრებინა განვითარების ბუნებრივ-ისტორიულ პროცესში გამოხატულ-გამოვლენილი ისტორიული აუცილებლობა, მაგრამ, ამასთან ერთად, ისიც უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ ხსენებული საზოგადოების წიაღში ადამიანთა გარკვეულ, ალბათ მცირე ნაწილში მაინც აღინიშნება ზოგადი გონიერების იმდენად მაღალი დონე, რომ მათ უნარყ შესწევდათ კულტურის მიღწეულ საფეხურთან შედარებით, ახალი გზა გაეკაფათ მოქმედებისათვის, სოციალური პრაქტიკისათვის.
ახალი სიტუაცია და მასთან შეგუება ქცევის წესთა სისტემაში გარკვეული ცვლილებების შეტანას მოითხოვდა. იშვიათ შემთხვევაში საჭირო ხდებოდა ქცევის წესის _ `სჯულის~, `რჯულის~, `რჩულის~, `ჯერის~, `წესისა~ და `რიგის~ ძირფესვიანად შეცვლა. ასეთი მკვეთრი ცვლილებები ქცევის წესში ახალი სოციალური ნორმებისა და სასულიერო პირთა მხრივ მხარდაჭერას მოითხოვდა.
ჩვენ არ გაგვაჩნია მონაცემები იმის შესახებ, რომ საქართველოშიც უძველეს ხანაში, წინარეკლასობრივ საზოგადოებაში ქურუმები თუ ქადაგნი ღმერთების მხრივ სიზმარში მიღებული მითითებებისთანახმად ცვლიდნენ სოციალურ ნორმებს. მაგრამ გამორიცხული არ არის ის გარემოება, რომ ქურუმი, ქადაგი და საერთოდ, ავტორიტეტული სასულიერო პირი, რომელიც თავისი სოციალური განწყობით დამუხტული იყო ახალი სოციალური ნორმის, ქცევის წესის შემოღების სურვილით, სიზმარში .მიიღებდა. სათანადო განკარგულებას ღმერთისა თუ ღმერთებისაგან. ქართული ხალხური პოეზიის მიხედვით, სიზმრის მნიშვნელობას ეხებოდა ვახტანგ კოტეტიშვილი, რომელიც წერდა: `ძველად სწამდათ, რომ ღმერთები ხანგამოშვებით
აუწყებდნენ ადამიანებს თავიანთ ნებასა და წადილს. ეს უწყება განსაზღვრული ნიშნების საშუალებით ჰხდებოდა, რომელთაც ჩაწვდენა და ახსნა სჭირდებოდა. აქედან წარმოიშვა ე.წ. მანტიკა, რომელიც შეიცავდა ღვთის ნების გამოცნობის
საშუალებებს.
სხვადასხვა ნიშანთა შორის სიზმარი იყო მიჩნეული ყველაზე წინასწარმეტყველურ ძალად, რომელშიც ეჭვი არავის შეჰქონდა, და ეს რწმენა იმდენად მტკიცე იყო, რომ უბირ ხალხში სიზმრის მნიშვნელობას დღემდეც ძალა არ დაუკარგავს. ხალხური პოეზია სავსე არის საამისო
დოკუმენტებით. ეს მომენტები, ე.ი. სიზმარი როგორც წინათგრძნობა განსაკუთრებით თეოგონიური
და გმირული ეპოსის დამახასიათებელია. გმირებმა და ღმერთებმა იციან წინათგრძნობა. ეს არის იმათი ნიჭი. პლატონის თქმისა არ იყოს: საღი ჭკუის ადამიანს არ შეუძლიან შთაგონებული წინასწარმეტყველება. ამ დროს იგი შმაგი უნდა იყვეს, როგორც, მაგალითად ჩვენი ქადაგები, ბერძნ. პითიები და სხვა.~
რელიგიას, სარწმუნოებრივ ცნებებსა და მითოლოგიას დიდი ადგილი ეკავა წინასახელმწიფოებრივი ხანის საზოგადოებაში. რელიგია აქ კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ისევე, როგორც წინათგრძნობა და ღმერთების სურვილის ამოცნობის უნარი ეპიკური მსოფლმხედველობის აუცილებელი თანამგზავრია.
ჰომეროსის `ილიადაში~ (1) პოემის მთავარი გმირი სიზმრის ამხსნელს მოითხოვს: `ქურუმს მივმართოთ, ან მისანმა აგვიხსნას ეგებ _ სიზმრის ამხსნელმა (სიზმარსაც ხომ ზევსი მოგვივლენს)~. თავის დროზე პოემის ავტორსაც და მის მკითხველებსაც სწამდათ, რომ კალხასმა `წარსული, აწმყო და მყოფადი სრულად უწყოდა~. რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული რწმენით განსაზღვრული ფასეულობები, უფრო ზუსტად, ასეთ ფასეულობათა სისტემა იყო ის
სოციალურ-რელიგიური პრაქტიკა, ის გარემო, რომელშიც ხდებოდა საზოგადოების ნელი წინსვლა ტრადიციის ფარგლებში ტრადიციის დაძლევის გზით.
საქრესტომათიო ჭეშმარიტებაა, რომ პირველყოფილ საზოგადოებაში მცხოვრებთ სწამდათ, რომ
სიკვდილის შემდეგ ადამიანები სხვა სამყაროში განაგრძობენ არსებობას და ამიტომ მიცვალებულებს ყოველივე აუცილებლით ამარაგებდნენ. ბერძენ-რომაელ ისტორიკოსთა ნაშრომებში ამასთან დაკავშირებით მრავალ საინტერესო ცნობას ვხვდებით. სიმპტომატური და
საყურადღებოა ქართული `გარდაცვალება~, რომელიც დღეს სიცოცხლესთან გამოსალმების, სიკვდილის მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ რომელსაც თავდაპირველად სიცოცხლის ერთი ფორმიდან მეორე ფორმაზე გადასვლის, გარდასახვის მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
დიოდორე სიცილიელის თხზულებიდან ვიგებთ, რომ გალები მკვდრების სამარხებში დებდნენ წერილებს და დარწმუნებული იყვნენ, რომ წერილი მიუვიდოდათ უფრო ადრე გარდაცვლილ მათ ნათესავებს. ასეთ წერილებში კეთილსინდისიერად იყო მოთხრობილი ამ ქვეყნიური ამბების შესახებ; დარწმუნებული იყვნენ, რომ დიდი ხნის წინათ გარდაცვლილთ შეეკითხებოდნენ დედამიწაზე მომხდარი ამბების შესახებ. გალებს ისე სწამდათ საიქიო ცხოვრებისა, რომ შეიძლებოდა სესხის აღება იმ პირობით, რომ მას (კრედიტორს) საიქიოში დაუბრუნებდნენ.
თავის დროზე ამ სამართლებრივ ნორმას ყურადღება მიაქცია პოეტმა ჰაინრიხ ჰაინემ. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენს რელიგიურიცნობიერება გავლენას სოციალური ნორმების შინაარსზე. წინარესახელმწიფოებრივ საზოგადოებაში ნებადართული იქნებოდა ქცევის წესების ყველაზე მარტივი დაყოფა, ანუ მართებული ქცევის წესი და აკრძალული, ანუ ნებადაურთველი ქცევის წესი.
ქართული ენის მასალების მხედველობაში მიღებით, საფიქრებელია, რომ ნებადართულ ქცევის წესს მაშინ `ჯერი. ერქვა~, ჯერი კი ქართულში `რიგი~-ს სინონიმი იყო. ძველი, წინარეკლასობრივი საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების სურათის აღსადგენად ჩვენ ძირითადად არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ და ლინგვისტურ მონაცემებს უნდა დავეყრდნოთ. საინტერესოა სიტყვის - `ჯერი~ მნიშვნელობები. `სინურ მრავალთავში~ `ჯერი~. მიზეზის მნიშვნელობითაც არის ნახმარი. ეს ძეგლი კი გადაწერილია 864 წელს. `რომლისა ჯერისათვის _ `მე გუაშრომებს ჩვენ დედოფალი ესე~.
`ორივე ჯერითა განადიდა ღმერთმან სახსენებელი მარტვილთა, თაყუანისმცემელთა მისთა~.
XII საუკუნეზე უფრო ადრეული წერილობითი ძეგლების მიხედვით, `ჯერი~ ნიშნავდა აგრეთვე რიგს, საქმეს, რამეს და ა.შ. ადრეფეოდალურ ხანაში `ჯერისაებრ~ ნიშნავდა შესაფერისად, როგორც საჭიროა, როგორც შეჰფერის, ხოლო ჯეროვანი _ შესაფერისს, საჭიროს. გიორგი მერჩულის თხზულების მიხედვით, Gაბრიელ დაფანჩულის მეუღლე - მარიამი, `სარწმუნოებითა მოეგება მამასა ჩუენს გრიგოლს და ჯეროვნად პატივ-სცა და მრავლითა კეთილითა განუტევა ~.. `ჯერისაებრ~, ძველი ქართული ენის ძეგლების მიხედვით, ნიშნავდა წესისაებრ, წესის თანახმად, წესის მიხედვით. ჯერი და წესი, მართალია, რიგ შემთხვევებში ერთმანეთს ფარავდა და ერთი მნიშვნელობით იხმარებოდა, მაგრამ ჯერი, ჩვენამდე მოღწეული წყაროების მიხედვით, უფრო მრავალი მნიშვნელობის სიტყვად მოჩანს. ილ. აბულაძეს სათანადო წყაროებზე დაყრდნობით დადასტურებული აქვს `ჯეროვანის~ შემდეგი მნიშვნელობები - ღირსი, შესაფერისი, საკადრისი, გულმოდგინე, სათანადო. თუ ჯერი წესის იდენტურ მნიშვნელობას გამოხატავდა, `ჯეროვანება~, `ჯეროვნება~ _ წესიერებას. `ჯერი~. მართებულის, .სწორი.-ს მნიშვნელობით იხმარებოდა. როდესაც მართებულების ცნებას თანდათან გამოეყო სამართლიანის ცნება, ჯერი და სამართალი ერთმანეთს გაემიჯნა. მეთერთმეტე საუკუნის ძეგლში _ პეტრიწონის ქართველთა მონასტრის ტიპიკონში ვხვდებით გამოთქმას - `ჯერ არს და სამართალი~ (1,1). `სამართალი~ ხსენებულ კონტექსტში უნდა ნიშნავდეს სწორს, სწორიას. აქ შენარჩუნებული უნდა გვქონდეს სამართლის უძველესი ვითარებიდან მომდინარე მნიშვნელობა. ის, რაც სწორია, სწორი და მართებული ქცევის წესია. ბასილი კესარიელის `სწავლათა~ ეფთვიმე ათონისეულ თარგმანში, რომელთაც ჩვენამდე მოაღწიეს X-XI საუკუნეების ხელნაწერებით, `ჯერისა სახმარი~ ნიშნავს საკმარის დამაკმაყოფილებელ ქონებას. `ვინ არს ანგაჰრი? _ რომელი იგი არა ეგოს ჯერისა სახმარსა ზედა~, _ ვკითხულობთ ხსენებულ ძეგლში. ჯერიდან არის ნაწარმოები ჯეროანი საკმარისის მნიშვნელობით. ჯერ-ჩენა, ჯერ-ჩინება გვხვდება ასევე საჭიროდ, მიზანშეწონილად მიჩნევის მნიშვნელობით. მათ თითქოს შეესაბამება დღევანდელი ჯერ-არსობის ცნება. მაშასადამე, ჯერი, მრავალი მნიშვნელობის მქონე სიტყვა იყო.
აკად. ნ. მარი ფიქრობდა, რომ ძველ ქართულშიჯერი ნიშნავდა იმასვე, რასაც რუსული `რუკა~, `პრავო~, `დოლგ~ და ამასთან დაკავშირებით, უთითებდა მარკოზის სახარების ქართული თარგმანის სათანადო ადგილებს. მხედველობაშია: ნ. მარის მიერ 1913 წელს სანკტპეტერბურგში გამოცემული `ძველი ქართულ-რუსული ლექსიკონი _ მარკოზის სახარების პირველი-მეორე თავებისათვის .. მკვლევარს ნაშრომის ლექსიკონში გამოტანილი აქვს `იაფეტური სიტყვები~. ერთ-ერთ ასეთ იაფეტურ სიტყვად ავტორი `ჯერ~-ს თვლიდა, რომელშიაც ის გამოყოფდა ფუძის თანხმოვნებს (ჯ, რ).
ნ. მარი, ჯერის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, უთითებდა მარკოზის სახარების შემდეგ ადგილებს: `ხოლო ფარისეველნი იგი ეტყოდეს მას: იხილე რასა ჰზმენ მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელ არა ჯერ არს ყოფად? ~ (2, 24).
`ვითარ იგი შევიდა სახლსა ღმრთისასა, აბიათარ მღუდელმთავრისა ზე, და პურნი იგი შესაწირვთანი შეჰსჭამნა, და ჰსცა მასთანაცა, რომელ არა ჯერ არს ჭამად, გარნა მღუდელთა ხოლო? ~ (2,26). მარკოზის სახარების ქართული თარგმანების იმ ადგილების მიხედვით, რომლებზედაც ნ. მარი მიგვანიშნებდა, მაინცდამაინც არ ჩანს, რომ ჯერი უთუოდ სამართალს ან უფლებას ნიშნავდა. მაგრამ ერთი რამ ნათელია: ჯერი ზოგჯერ მაინც `სამართალ~-თან ახლო მდგომ ცნებად იგულისხმებოდა.
თუ მარის `იაფეტურ სიტყვა~-ში ქართული ენის ლექსიკის უძველესი ხანის, ყოველ შემთხვევაში - ქართული სახელმწიფოსა და სამართლის წარმოშობამდელი ეპოქის, სიტყვას ვიგულისხმებთ, ვფიქრობთ არ შევცდებით. ჯერი თავდაპირველად, სამართლის წარმოშობამდე, რელიგიურ-რიტუალური შინაარსით გაჟღენთილი სიტყვა უნდა ყოფილიყო. ქართულმა ენამ შემოგვინახა ჯერის შემდეგი მნიშვნელობები: 1. რისიმე ან ვისიმე დრო, _ რიგი; 2. წესი და რიგი; 3. ფიცი, დარწმუნება, შეჯერება; 4. კერძი, იჯრა (ჩვეულებრივ _ სახლის გარეთ მომუშავეთათვის).
პროფ. დ. ჩუბინიშვილმა, რომელიც ქართულ საისტორიო წყაროებს კარგად იცნობდა, მიუთითა, რომ ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით ჯერი ფიცს ნიშნავდა. ჩვენი დაკვირვებით კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერი, ქართული სამართლის ძეგლების მიხედვით, უპირატესად განსაწმედელ ფიცს ნიშნავდა.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ჯერის თავი კარგ საჭმელსაც ნიშნავდა. `რიგი~ და `წესი~ უნდა ყოფილიყო ჯერის ის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა ენამ დღემდე შემოინახა. `ქალს არ არის ჯერი, მიეცეს სრული უფლება, მარტო თითონ აირჩიოს საქმრო. (ლავრენტი არდაზიანი).
ჯერი, როგორც კერძი, იჯრა, სადილი, საჭმელი იმ ხანის გამოძახილს უნდა შეადგენდეს, როდესაც ხსენებული სიტყვის შინაარსში ასახული იყო უპირატესად რელიგიური ცნობიერება და ღვთაებისათვის რიტუალური ხასიათის სამსახურში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სწორედ ჯერს, როგორც ღვთისმსახურების აუცილებელ შემადგენელ ნაწილს, რომელიც შემდეგ რიტუალური ხასიათის კერძის დამზადებით, სადილით უნდა დამთავრებულიყო.
ხეთების რელიგიაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი ტრაპეზასთან დაკავშირებულ რიტუალებს. და თუ ვიგულისხმებთ, რომ ძვ.წ.აღ-ის II ათასწლეულში ქართველურ ტომებს გარკვეული კავშირი ჰქონდათ ხეთებთან, აგრეთვე პროტოხეთებთან, ვინაიდან ისინი შეიძლება კავკასიური წარმომავლობის ხალხი ყოფილიყო, ცხადია, ხეთური მასალის გათვალისწინებაც უთუოდ საჭირო იქნება. მართებულად მიგვაჩნია მოსაზრება, რომ ხეთების რელიგია წარმოადგენდა ყველა იმ ხალხთა და ტომთა რელიგიების ერთობას, რომლებთანაც ურთიერთობა უხდებოდათ ხეთებს მათი არსებობის მთელ მანძილზე. ამასთან, ხეთების ყოველდასახლებას თავისი საკუთარი ღვთაება ჰყავდა. ხეთების სახელმწიფოში დიდ ტაძრებს ემსახურებოდნენ `ღვთაებათა მზარეულნი~. ღმერთებს, ხეთების რწმენით, ისევე სჭირდებოდათ საუზმე _ სადილ-ვახშამზე ზრუნვა, როგორც ადამიანებს. ამიტომ ყოველი ოჯახის პურობა, სერობა სარწმუნოებრივი რიტუალისა და წეს-ჩვეულების დონემდე იყო გააზრებული და არა მარტო მეფის, არამედ ჩვეულებრივი ქვეშევრდომის ოჯახში სადილის, `ჯერის~ ჭამა სახლის მფარველი ღმერთის `თანდასწრებით~ ხდებოდა. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ხეთების ისტორიის იმ ხანშიც კი, როდესაც წინაპართა კულტი გადავარდა და შეიცვალა სულ სხვა, ახალი რელიგიით, ტრაპეზობა, საზრდელის მიღება წმინდა ღვთისმსახურებით ხდებოდა, რომელიც `ღვთაებათა თანდასწრებით~ ტარდებოდა. ხეთების სახელმწიფოში, ხეთურ საზოგადოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ რიტუალებს. ამ სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებში მოსჩანან `ღვთაებათა მზარეულნი~, `მესუფრენი~, `მეღვინეთუხუცესნი~ და ა. შ.
ქართველთა ტომებში `ჯერი~, როგორც სერობა, პურობა უნდა ყოფილიყო მაშინდელი წეს-ჩვეულებების ორგანული შემადგენელი ნაწილი. ტრაპეზე წარმოიდგინებოდა შუალობით თუ უშუალოდ მორწმუნის ღვთაებასთან ურთიერთობის საშუალებად. თავდაპირველად, სარწმუნოება, რელიგია, ქცევის წესი, სოციალური ნორმა და სამართალი ერთმანეთისაგან არც იქნებოდა გამიჯნული. `სჯული~, `რჯული~, `რჩული~ ნიშნავდა როგორც რელიგიურ-სარწმუნოებრივ კანონს, ასევე საერთო ხასიათის სამართლებრივ ნორმას. ინდოევროპული წარმოშობის ხალხებში `პროტოკულტურის~ დონეზე ფიქსირებულია რიტუალურ-სამართლებრივი განწესებანი თუ რიტუალურ-სამართლებრივი ხასიათის განკარგულებები. ბერძნულად `თემის~ ნიშნავდა კანონს, განკითხვას, განაჩენს და ა.შ., ხოლო `თემიდა~ მართლმსაჯულების ქალღმერთი იყო. ძველ ბერძნულში მართებულობა, კანონი, ჯერარსობა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ცნებები იყო. `ჰე თემის ესტინ~ ნიშნავდა - რაც ჯერ არს. ქართული ჯერი-ც ასევე, სამართლიანობასა და სამართალთან ახლოს მდგომი ცნების მნიშვნელობით იხმარებოდა.
თ. გამყრელიძესა და ვ. ივანოვს მართებულად აქვთ აღნიშნული, რომ საერთო ინდოევროპული სამართლებრივი ტერმინოლოგია მჭიდრო ურთიერთობაშია საწესჩვეულებო ტერმინოლოგიასთან, რაც მიუთითებს სამართლებრივი ინსტიტუტის სარიტუალო-საწესჩვეულებო წეს-ჩვეულებებიდან გამოუყოფლობაზე. სარიტუალსაწესჩვეულებო იდეებით იყო განპირობებული ძველი ინდოევროპელების სამართლებრივი ნორმები. ხსენებული საზოგადოების სამართლებრივი ნორმები, ესაა რიტუალურ წესდებულებათა სისტემის ნაწილი, რომელსაც აკონტროლებდა `ქურუმობა~. ეს უკანასკნელი თავის თავში აერთიანებდა სულიერი მოღვაწეობის ყველა ფუნქციას და ძირითად სოციალურ ნორმებს აწესრიგებდა. ძველი ინდოევროპული ენების, კერძოდ ლათინურის სამართლებრივ ტერმინებში, შეიძლება შევამჩნიოთ მათი უძველესი კავშირი `პირვანდელ რელიგიურ-რიტუალურ სემანტიკასთან~. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გერმანული წინარექრისტიანული მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელი იყო სამართლის, როგორც ადამიანთა შორის საყოველთაო კავშირის მომწესრიგებლის, ცნება. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ძველი გერმანული სამართლის ტერმინოლოგია. ა. გურევიჩს საინტერესო დაკვირვებები აქვს გამოქვეყნებული ძველი სკანდინავიური სამართლებრივი შინაარსის სიტყვებისა და ტერმინების შესახებ. სკანდინავიელებში `სამართალი~ აღინიშნებოდა ტერმინით `ლაგ~ (`ლოგ~). მაგრამ ხსენებულიცსიტყვა ფართო გაგებითაც იხმარებოდა, მაშასადამე, ის მრავალი მნიშვნელობისა იყო. მათ შორის უპირველესი იყო წესი, რიგი, წესრიგი. `ლაგ~ დაკავშირებული იყო აგრეთვე სათანადო წესით რაიმეს დალაგებასთან. `ლაგ~ ნიშნავდა სათანადო ადგილზე რაიმეს მოთავსებასაც. სათანადო ზედსართავის გამოყენებით, იგი აღნიშნავდა შესაბამისობას (შესაბამისს), ფასს, ვინმეს მიერ დაწესებულ გადასახდელს და ა.შ. `ლაგ~. უკავშირდებოდა ჰარმონიასაც. ფართო გაგებით, `ლაგ~-ს ჰქონდა მართებულობის, საგნებში სათანადო პროპორციისა და ურთიერთობებში ჯეროვანი წესის დაცვის მნიშვნელობა.
`ალაგ~-ი ძველი ქართული ენის წიაღში ბილიკის, გზის, კვალის მნიშვნელობით იხმარებოდა. გასარკვევია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი `ალაგ~-ს დალაგებასთან. თანამედროვე ქართულ ენაში `დალაგება~ არის `გარკვეული წესრიგით დადება, მოთავსება რამეზე (ბევრისა), _ დაწყობა, `მზარეულები ვერ ასწრებენ მომზადებას, ფარეშები დალაგებას და ალაგებას~, ვკითხულობთ ნიკო ლორთქიფანიძესთან.
`ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში~ მართებულად არის მითითებული, რომ დალაგების ერთ-ერთი მნიშვნელობაა .სისტემაში მოყვანა, გაწყობა, მწყობრად გადმოცემა (აზრებისა, სიტყვებისა...) დალაგების მნიშვნელობაა აგრეთვე წესრიგში მოყვანა, თუ-თავისი ადგილის მიჩენა.
საკითხია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ინდოევროპულ (სკანდინავიურ) `ლაგ~-თან ქართულ დალაგებას?
მრავლობით რიცხვში ტერმინი - `ლაგ~, გამოხატავდა სამართლის ცნებას, კანონსა და აგრეთვე `იმას, რაც ჯერ არს~, წესდებულებას. ამ მხრივ სკანდინავიური `ლაგ~ მნიშვნელოვანწილად ქართული ჯერისა და რიგის, შესატყვისია. ისევე, როგორც ქართული ჯერი, სკანდინავიური `ლაგ~ მოიცავდა თითქმის ყოველნაირ მოწესრიგებულ კავშირს. ჯერი~, `ჯერ არს~ ისევე, როგორც სკანდინავიური `ლაგ~ თავის თავში შეიცავდა ამ მოწესრიგებული კავშირების პოზიტიურ, დადებით მორალურ შეფასებასაც.
გ. მელიქიშვილს აღნიშნული აქვს, რომ საერთოქართველურ `ლაგ~ _ `ლგ~ _ `დადება~, შეიძლება შევადაროთ ინდოევროპულ `ლეგჰ.-ს (ამ ძირიდან მომდინარე სიტყვები მოიპოვება ყველა ინდოევროპულ ენაში, გარდა ინდოირანულისა და სომხურისა (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 351). საინტერესო შედარებებს ვპოულობთ აგრეთვე, გ. კლიმოვის `ქართველური ენების ეტიმოლოგიურ ლექსიკონშიც`. `ლაგ~-ს ყურადღება მიაქციეს თ. გამყრელიძემ და ვ. ივანოვმა თავიანთ ნაშრომში _ `ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები: წინარეენისა და წინარეკულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი~. [ტ. II, 1984 წ., გვ. 877]. მაგრამ ავტორებს ის არ დაუკავშირებიათ `ჯერსა~ და სამართალთან. ბუნებრივია, რომ სამართალი, როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობათა მოწესრიგების საშუალება, დაკავშირებოდა დალაგებას, წესრიგში მოყვანას, ჯერ არსობას და ა.შ. მართალია, აკად. ნ. მარი არ იყო ზუსტი, როდესაც ის ჯერს სამართალთან აიგივებდა, მაგრამ მისი ინტუიცია მაინც საყურადღებოა. დღესაც შეიმჩნევა, რომ ჯერი და მისგან ნაწარმოები `ჯერ არს~, ჯეროვანი უკავშირდება მართებულობას, სამართლიანობას, ჯერარსობას, სათანადობას, რიგს, რიგიანობასა და სამართალსაც.
წინარეკლასობრივ, პირველყოფილ საზოგადოებაში, განსაკუთრებით მის უკანასკნელ სტადიაზე .ჯერი. ალბათ ნიშნავდა როგორც პირველყოფილ, პირველად ქცევის წესს, ასევე წარმოშობის პროცესში მყოფ ცივილიზებული საზოგადოების `სჯულს~, წინარესამართალსა და სარწმუნოებასაც. `სჯული~ ხომ მოგვიანებითაც ნიშნავდა როგორც სამართალს, ასევე სარწმუნოებას, რელიგიას. `ჯერი~, რიგი, `სჯული~ უნდა დავუშვათ, რომ თავდაპირველად მაინც უფრო რიტუალურ-სარწმუნოებრივი შინაარსის სათანადო, მართებულ ქცევის წესს აღნიშნავდა.
ცნობილმა საეკლესიო და საზოგადო მოღვაწემ, გიორგი მთაწმინდელმა, თავის დროზე ბერძნულიდან ქართულად თარგმნა ბასილი დიდის თხზულება `ექუსთა დღეთაი~. ბერძნული დედნის `დიკაიოს~-ი მას ქართულად უთარგმნია როგორც `ჯეროვნად და სამართლად~. გიორგი მთაწმინდელის ეპოქის ქართველთა მეტყველებაში ჯეროვანი, სამართლიანი, ჯერი და სამართალი უკავშირდებოდა იმ ცნებას, რასაც ბერძნული `დიკე~ გამოხატავდა. ეს უკანასკნელი კი ნიშნავდა ჩვეულებებს, ჩვეულებით სჯულს, სამართლიანობასა და მართებულ წესებს.
ჯეროვნად და სამართლად. უნდა ნიშნავდეს ჯეროვნად და სამართლიანად-ს. წინარეკლასობრივი საზოგადოების წიაღში, ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მორალურნორმებს. სწორედ ხსენებული ხასიათის ქცევის წესებს, რომლებიც ნებაყოფლობითა და საზოგადოებრივი აზრის გავლენის მეშვეობით სრულდებოდა, უნდა უზრუნველყო სოციალურეკონომიკური და კულტურული პროგრესი. მაგრამ ცხოვრების მსვლელობა თანდათანობით მოძველებულს ხდიდა ქცევის რიგ ნორმებს და სანამ ისინი გვარის, ტომის ან სხვა სოციალური უჯრედის გადაწყვეტილებით ახლით შეიცვლებოდნენ, საჭირო იყო `ჯეროვანი~ ქცევის საკითხებში გარკვევა. ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანს თვითონ უნდა მოეხდინა არჩევანი ქცევს წესთა შორის. უნდა გაჩენილიყო სინდისის ცნება. სიტყვა -`სინდისი~, ქართულში ბერძნულიდან არის შემოსული. არც `ნამუსია~ ქართული ლექსიკის წიაღიდან აღებული სიტყვა, მაგრამ, ცხადია, ქართულს შეეძლო მოეძებნა სიტყვა, რომელიც ამ ცნებას გამოხატავდა. ნაჩქარევი იქნებოდა დასკვნის გაკეთება, რომ თითქოს ქართულმა იმიტომ ისესხა `სინდისი~ და `ნამუსი~, რომ მას ხსენებული ცნებების საკუთარი სიტყვებით გამოხატვის უნარყ არ ჰქონდა.
ბასილი კესარიელის `სწავლითათა~ ეფთვიმე ათონელისეულ თარგმანში `გონება~ გამოხატავს `სინდისი~-ს ცნებას. `უკუეთუ კულა მეუღლეცა ესე ვითარსავე გონებისა იპოოს, ორკეც არს სენი იგი~. `არამედ რაჟამს მოგიხდეს გულისსიტყუაი, მცნებისა მის მბრძოლი და გონებისა მის წმიდისა ვერცხლისმოყურებით შემაგინებელი~. სავარაუდებელია, რომ თავდაპირველად გონება და გუნება დაახლოებით ერთი და იგივე მნიშვნელობით იხმარებოდა. ნ. ჩუბინაშვილის `ქართული ლექსიკონის~ მიხედვით, `გუნება~ არის `მდაბიურად გონება, ანუ შინაგანი მდგომარეობა სულისა~ ... საერთოდ, ცნობილია, რომ სინდისის ცნების გამომხატველი სიტყვები ან სიტყვა საკმაოდ გვიან ჩნდება მაღალგანვითარებული ენისა და დიდი კულტურის მქონე ხალხებშიც კი. სინიდისის. ცნების გამომხატველი სიტყვა ძველ ბერძნულში უნდა გაჩენილიყო ჩვენს ერამდე V საუკუნეში. ვ. იარხოს დაკვირვებით, რომელმაც ამ მიზნით ჩვენამდე მოღწეული ძველი ბერძნული ლიტერატურეს ძეგლები შეისწავლა, ქრისტეს დაბადებამდე V საუკუნის დასასრულამდე წყაროებში არ ჩანს სიტყვა, რომელიც `სინიდისს~ გამოხატავდეს. დღეს ძნელი იქნება დავადგინოთ, თუ რომელ საუკუნეში გაჩნდა ძველ ბერძნებში სინდისის ცნება, მაგრამ, ცხადია, სინიდისის ფენომენი გაჩნდებოდა უფრო ადრე, ვიდრე ის წერილობით ძეგლებში იქნებოდა ფიქსირებული. სწორია მოსაზრება, რომ სავსებით შესაძლებელია სინიდისის ფენომენი არ იყოს შემეცნებული მხატვრულ და თეორიულ აზროვნებაში, მაგრამ აქედან როდი გამომდინარეობს ის, რომ აღნიშნული ფენომენი რეალურ ცხოვრებაში საერთოდ არ იყოს. სინიდისის არსებობა _ არარსებობის საკითხი ერთია, ხოლო ცნებისა და მისი გამომხატველი სიტყვის არსებობა _ არარსებობისა _ მეორე.24 მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვ.ნ. იარხოს დაკვირვებები, მისი ოპონენტის მოსაზრების წინააღმდეგ, უაღრესად საყურადღებოა. თუ სინდისის ფენომენი არსებობდა არა მხოლოდ განვითარებულ კლასობრივ საზოგადოებაში, არამედ წინარეკლასობრივ _ პირველყოფილ, საზოგადოებაშიც, უდავოა, რომ ის კონკრეტული სიტყვით აღინიშნებოდა. აქ მოსალოდნელია, რომ თავდაპირველად რომელიმე ერთი სიტყვით გამოიხატებოდა სინდისი, სირცხვილი, სამართლიანობა და ა.შ. სინიდისის ცნება უცებ ვერ გაჩნდებოდა. მისი ჩამოყალიბება ხანგრძლივი დროის მანძილზეა საგულისხმებელი. ჯ. ფრეზერი ფიქრობდა, რომ სინიდისის წარმოშობა უკავშირდება `ტაბუს~ ცნებას. არ არის გამორიცხული, რომ ძველბერძნული .დიკე. ერთ ხანს ნიშნავდა სამართლიანობას, ჩვეულებას, მართებულობასა და სინდისსაც. ძველი ბერძნული კულტურის აყვავების ხანაში, ძვ.წ. V საუკუნეში, როდესაც განვითარების მაღალ დონეზე ავიდა ლიტერატურა, ფილოსოფია, ხელოვნება, გამოიკვეთა თავისუფალ ბერძენ მოქალაქეთა აქტიურობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ბუნებრივია, მკვეთრად უნდა გამოკვეთილიყო სინდისის, როგორც სოციალური ფენომენის ცნება. `სუნეიდისის~ ცნება ბერძნული ფილოსოფიის ისტორიაში სოკრატეს (469-399) უკავშირდება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება დავადგინოთ, თუ როდის გაჩნდა ქართულ სინამდვილეში სინიდისის ცნება. წერილობითი ძეგლები ქართულ ენაზე მხოლოდ მეხუთე საუკუნიდან გაგვაჩნია. იაკობ ცურტაველის თხზულებაში - `მარტვილობა შუშანიკისი~ (თბ., 1978 წ., თ.111), გვხვდება ასეთი გამოთქმა: `მწარე გონებაი აქუს მას, გუემასა და ტანჯვასა დიდსა შეგაგდოს შენ~. `გონებაი~ ამ შემთხვევაში ნიშნავს განზრახვას. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ `გონება~ ასევე გამოხატავდეს სინიდისის ცნებასაც. ახალი და ძველი აღთქმის ქართულ თარგმანებში, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ბერძნულიდან ითარგმნებოდა, საჭირო ხდებოდა დედნისეული ეთიკური ასპექტის მქონე ტერმინების ქართულად თარგმნაც. ქართული ოთხთავის ორი ბოლო რედაქცია უკვე გამოქვეყნებულია: ამათგან პირველი ეკუთვნის ეფთვიმე მთაწმინდელს, ხოლო მეორე _ გიორგი მთაწმინდელს. მთაწმინდელები `ოთხთავს~ ბერძნული ენიდან თარგმნიდნენ. იოანეს სახარების ბერძნულ დედანში იხმარება სინდისი. ერთ შემთხვევაში მთარგმნელს გამოტოვებული აქვს ის წინადადება, სადაც სიტყვა `სინდისია~ ნახმარი. გიორგი მთაწმინდელს კი ბერძნული დედნის `სინდისის~ გავლენით ქართულში სინიდისი დაუტოვებია: `ხოლო მათ ვითარცა ესმა, მხილებულნი სვინდისისაგან, განვიდოდეს თითოი~ (იოანე, 8,9).
რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ერთგან სიტყვა სინიდისიც იხმარება. ბერძნულიდან ქართულად მთარგმნელს დედნის სინიდისის შესატყვისად გონება აქვს ნახმარი:
`რომელნი გამოაჩინებენ საქმესა შჯულისასა, დაწერილსა გულთა შინა მათთა, თანამოწამებითა მათდა გონებისა მათისათა და შორის ურთიერთს გულის სიტყუანი შეასმენდეს ანუ სიტყუას უგებდენ~. საზოგადოებაში სინიდისის ცნება რომ დამკვიდრდეს და ენამაც მის გამოსახატავად შესაბამის-შესატყვისი ტერმინი რომ გაიჩინოს, ეს უთუოდ გულისხმობს საზოგადოების ზნეობრივი და კულტურული განვითარების მაღალ დონეს. სინიდისის ცნება გულისხმობს პიროვნების ზნეობრივ თვითკონტროლს. ქართულად სინიდისის აღწერილობითი გადმოცემაც გვხვდება: `განკითხუა თავისა თვისისა~, `განმსჯელობა ზნეობითისა კეთილისა ანუ ბოროტისათვის~.
შეგნება, გონება და განზრახვა იყო ის სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც ძველი ქართული ენა სინიდისის ცნებას გამოხატავდა. მოგვიანებით შემოდის ნასესხები `სინიდისი~ და `ნამუსი~. საბა ორბელიანის განმარტებით, სუნიდისი და სვინდისი `მამხილებელი გონებაა~. განმარტების წყაროდ მითითებულია ზირაქისა და კათიღორის წიგნები. მაშასადამე, ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში სიტყვით გონება გადმოიცემოდა სინიდისის ცნება. სულხან-საბა ორბელიანის `ლექსიკონი ქართული~ ჩვენთვის საყურადღებოა იმითაც, რომ მასში პირის-წყალი განმარტებულია როგორც `უაუგოდ ქცევა~, ხოლო ლექსიკონის ერთ ხელნაწერში `პირის-წყალი~ ესაა ნამუსი, `გინა უაუგო ქცევა~.
ხალხურ ლექსში, როგორც გვარწმუნებენ ქართული ხალხური პოეზიის (ტ.V) გამომცემელნი, პირისწყალი დადასტურებულია კეთილმოუბარის, ზრდილის მნიშვნელობით29. თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ადუელთა რძლის _ პატარქალის, ნატირალში ჩაჩაურთ გიგიაზე, რომელიც თეთრწყლებშია (კახეთი) ჩაწერილი, პირისწყალი შეიძლება პატიოსნებასა და სინდისთანაც იყოს დაკავშირებული.
`წამადე, ჩაჩაურის შვილოო,
გიგავ, აისხი იარაღიო...
უძახე გიგიაის შვილსაო...
სად გყავთ გიგიათ
ბუზურთაიო?
გაუტეხელი რკინის კვერიო.
ქალ-ზლის იმედი,
პირისწყალიო? ~...
ხევსურულ დიალექტზე პირის-წყალი პატიოსნებისა და სინიდის-ნამუსის მნიშვნელობით იხმარება, და საერთოდ, მთის მკვიდრთა სამგლოვიარო ტექსტებში პირ-წყალი პატიოსნებას (პატიოსანს), სვინდისიანს (სვინდის-ნამუსს) ნიშნავს. თანამედროვე სპარსულ ენაში `აბ-რუ~ ნიშნავს ღირსებას, პატივს, `აბ-რუმინდი~ _ პატიოსნებას, ღირსებას, კეთილ სახელს. სინიდისი თანამედროვე სპარსულში გამოიხატება `ვიჯან~ სიტყვით, ხოლო პატივი _ ქართულისთვის ცნობილი სიტყვით `ნამუს~. გონება, პირწ-ყალი, სინიდისი, ნამუსი . აი, ის სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც ქართული ენა გამოხატავდა სინიდისის ცნებას. სინიდისის ცნების გამომხატველი სიტყვების შესახებ მსჯელობა, ცხადია, შეგვიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართული წერილობითი ძეგლები გაგვაჩნია.
ამ მხრივ, თუ რა მდგომარეობა იყო ჩვენს ერამდე, ქრისტემდე II-I ათასწლეულში, ამის შესახებ ძნელია მსჯელობა. თუ ვიგულისხმებთ, რომ ყოველ ათას წელიწადში ენის ლექსიკური ფონდის ცვლილება-განახლება ხდება 10-15 პროცენტის ფარგლებში, მაშინ შესაძლებელია დავუშვათ, რომ ქართული ენის ლექსიკა სანახევროდ მაინც განსხვავდება იმ ქართული ენისაგან (ფუძე ენისაგან), რომელზედაც ქართველები ძვ.წ. მეორე ათასწლეულში მეტყველებდნენ. იცვლებოდა, რა თქმა უნდა, როგორც სოციალურ ურთიერთობათა გამომხატველი ტერმინები (სიტყვები), ასევე შრომის იარაღების აღმნიშვნელი სიტყვებიც. ქართველ მთიელთა შორის შემონახულია სიტყვა `ღული~ _ ნამგლის მნიშვნელობით. `პატარუნა ქალაი ვარ, ყანასა ვმკი ღულითაო, ჩემ დედ-მამათ რა იციან? _ ქმარი მინდა გულითაო~.
ღულა მეგრულში დღესაც ნიშნავს `მოღუნულს~, მრუდეს. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ფუძე ენის დონეზე პრიმიტიული ნამგალი ენამ აღნიშნა მრუდე სხეულის გამომხატველი სიტყვით _ ღული, ღულა. მოგვიანებით კი ქართულ ენაში ნამგალი, მანგალი, მეგრულში _ მაგანა გაჩნდა. სავსებით დასაშვებია, რომ შრომის იარაღებმაც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და
|