ქართველი კათოლიკენი გურია-სამეგრელო-იმერეთისა XVII საუკუნეში


1 2 3 4 5

წინასიტყვობა
ნაწილი პირველი. კათოლიკობა გურიაში
ნაწილი მეორე. კათოლიკობა სამეგრელოში
ნაწილი მესამე. კათოლიკობა იმერეთში

წინასიტყვაობა

შეიძლება, მკითხველს გაუკვირდეს კიდეც, რომ გურია-სამეგრელო აქამდე არც კი ვახსენეთ და იქაური ძველის დროის კათოლიკეთა არაფერი ვსთქვით. მიზეზი ამისა ის იყო, რომ უწინ სამეგრელო არ შეადგენდა ცალკე მისიონს. არამედ საქართველოს მისიონს ექვემდებარებოდა. უწინ ევროპელები Iberia და Georgia-ს სახელით ხშირათ გულისხმობდენ მისს დასავლეთს ნაწილს იმერეთ- სამეგრელოსაც. აი ეს არის მიზეზი, რომ იმ პროვინციების კათოლიკების შესახებ კერძოდ საბუთებს, რაც არ მოვიხსენეთ XV საუკუნის აღწერაში, XVII საუკუნემდე მეტს ვეღარ შევხვდით. გარნა ვფიქრობთ, იმ დროებში კათოლიკობა უფრო გავრცელებული უნდა ყოფილიყოს იმ სამ პროვინციაში, ვიდრე თვით შუაგულ საქართველოში, რადგან მისიონერები სანამ საქართველოს შემოვიდოდენ, პირველად იმ სამთავროებში მოდიოდენ. ამიტომ საგულვებელია, რომ ჯერ იქ იწყებდენ კათოლიკობის ქადაგებას და ქართლს მერე შემოდიოდენ. ეგრეთვე ისტორიიდგან კარგად ვუწყით, რომ, ვიდრე ოსმალეთი ისე საშინლად გაძლიერდებოდა და ტრაპიზონს დაიპყრობდა, ვენეციელისა და ჯენველის ვაჭრებით შავი ზღვის პირი სავსე იყო. ერთი მათი უმთავარესი ბინათაგანი სამეგრელო იყო. ხსენებული იტალიელი ვაჭრები იქ ძრიელ გაშინაურებულნი და ბლომათაც ყოფილან. ბევრნი მათგანი იქვე მეგრელებს ესიძებოდენ და მათთანვე რჩებოდენ; მეგრულსაც სწავლობდენ და მათ ზნე-ჩვეულებასაც იკვლევდენ, თუმცა მეგრელებს მაინც და მაინც ქებით არ იხსენიებენ, მათი ქცევა არ მოსწონსთ და პირუტყვ-ხალხად სთვლიან. ვენეციელი მგზავრი, იოზავათ ბარბარო, რომელმაც თანაში წასვლა-მოსვლის დროს (1436-1455 წ.) გამოიარა სამეგრელოში და აქაური მთა-ბარი ბენდიან (Bendian) ნახა, ამბობს, რომ სამეგრელოში მოსიარულე ჯენველები „გიჟის" გამოსახატავად სიტყვას „მეგრელს” ხმარობენ. მაგალითად: შენ მეგრელი ხარო (Du sei Mengrelo) თუ ერთმა მეორეს უთხრა, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა უთხრას: „შენ გიჟი ხარო”. ცხადია იტალიელებისა და მეგრელების ასე ხშირს დაახლოებულს კავშირს თავისი გავლენაც უნდა ჰქონოდა სარწმუნოებაზედაც, მეტადრე თუ ისიც არ დავივიწყეთ, რომ უწინ ამ იტალიელ ვაჭრებს ხშირად თან ჰყავდათ თავიანთი მღვდლებიც. ეს გარემოებაც საკმაო საბუთს გვაძლევს ვსთქვათ, რომ უწინ სამეგრელოში კარგად ყოფილა კათოლიკობა გავრცელებული, რასაც არა ნაკლებ ამტკიცებენ XVII საუკუნეში დარჩენილი ეკკლესიები. მოვიგონოთ ისიცა, რომ ხსენებულ საუკუნეში კათოლიკე მისიონერებმა თვალ-საჩინოდ გაავრცელეს სარწმუნოება, ასე რომ შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიყვანოთ, რომ ძველს დროში კათოლიკე სარწმუნოება თუ უკეთ არა, ნაკლებად მაინც არ იქნებოდა გავრცელებული. რადგან სამეგრელო XVII საუკუნეში თეათინელებზედ უწინ სხვა მისიონერებმა მოიარეს, ჩვენც ჯერ იმ მისიონერების მოღვაწეობას და მათ შესახეს საბუთების გაცნობას შევუდგებით.
ამ საუკუნის დასაწყისში თვით დადიანს მოუნდომებია ლათინთა მისიონერების მოყვანა თავის სამთავროში. როდესაც ოსმალეთთან სამუდამო მშვიდობის დასამყარებლად თავისი ელჩი კოსტანტინეპოლს გაუგზავნია, მისთვისვე მიუნდვია მისიონერების თან წამოყვანა. იმასაც კოსტანტინეპოლში მყოფის საფრანგეთის ელჩის ბარო სანჩიუსადმი მიუმათთავს, რადგანაც კარგად ყოფილა დაახლოებული. საფრანგეთის ელჩსაც იეზუიტების უფროსისათვის მიუმართავს და დაურწმუნებია, მეგრელთა ელჩი რასაც გპირდება, ყოველივე ასრულებული იქმნებაო. იმასაც ორი იეზუიტი დაუნიშნავს სამეგრელოში წასასვლელად. იეზუიტების ისტორია ამ ამბავს გასაგზავნმა მისიონმა მოღვაწეობა... რადგან მეგრელთა მეფე წინეთ ნატრობდა ლათინის მოძღვრებს; ეს სურვილი ჩვენებს განუცხადა პირითა თავისის ელჩისა, რომელიც 1614 წ. ოსმალეთის პალატში მოვიდა საჭირო საქმეებისა და მეტადრე მეგრელთა და ოსმალთ შუა სამუდამო მშვიდობის დასამყარებლად. ჩვენმა მამებმა ეს წინადადება სიხარულით მიიღეს, ასეთი კაი შემთხვევა ხელიდგან არ გაუშვეს და შეპირდენ ელჩს, დაუყოვნებლივ გზას დადგომოდენ და, რაც შეიძლება, მალე მისულიყვნენ მეფესთან. ეს მოხდა შუაკაცობით უქრისტიანესის მეფის ელჩის ბარო სანჩიუსისა, რომელმაც ამ შესანიშნავის მისიონის დასაფუძნელად, საჭირო ხარჯიც მოგვცა. მისი რჩევით, პატრი ლუდოვიკე გრანჯერიო და მასთან ერთად მორჩილი ძმა 1614 წ. წაჰყვნენ ელჩს, რომელმაც ამის გამო უფრო ჩქარა გაათავა საქმენი".

მისიონეები დიდის გაჭირვების შემდგომ სამეგრელოში მივიდენ, იქ დიდის პატივით მიღებულ იქმნენ. რა დაბინავდენ, ერთი ვრცელი აღწერა გაუგზავნეს ფრანგულად თავიანთ უფროსს. იმათ წერილში თავიანთი მგზავრობის გარდა მოხსენებულია ყველაფერი, რაც ნახეს, ან თუ როგორ მიიღეს ისინი გურია-სამეგრელოში. რადგან წერილი დიდათ საინტერესოდ მიგვაჩნია, ამიტომ მოვიყვანთ მის მომეტებულ ნაწილს და გამოვსტოვებთ იმას, რაც არ შეეხება ჩვენს საგანს, ან რაც მკითხველისათვის საინტერესოდ არ მიგვაჩნია. არც ტექსტის მოყვანას საჭიროდ ვრაცხთ.

„წერილი მამა ლუდოვიკე გრანჯერიოსი იეზუიტების საზოგადოების გენერალ უფროსს კლაუდიო აქვავივას, მიწერილი სამეგრელოს სოფ. მოქვიდგან 2 მარტსა 1615 წ.
„ყოვლად პატივცემულო მამაო,
„ჩვენის კოსტანტინეპოლში მყოფის მამებისაგან შეიტყობდით შარშან, რომ დიდად განათლებულის უქრისტიანესის ხელემწიფის ელჩი. ჩვენთვის მოწყალე და სარწმუნოების გავრცელების სურვილით გამსჭვალული, სამეგრელოს მთავრის ელჩს ხშირად ელაპარაკებოდა იმის შესახებ, რომ მისთვის თან გაგვეყოლებინეთ და დაუბრკოლებრივ გავყევით კიდეც. პირველ გაზაფხულშივე გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი მგზავრობა მოახლოებული იყო და უნდა წავსულიყავით ჯერ ტრაპიზონს, შემდეგ სამეგრელოს ონეზ ფაშასთან ერთად, რომელსაც სულთანის სახელით უნდა მოელაპარაკნა სხვა და სხვა საქმისთვის სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან, დადიანთან და გურიელთან. დიდად განათლებულმა ელჩმა არაფერ დაზოგა ამ მგზავრობისთვის, მოგვცა ხუთასი ოქრო, რომელიც საჭირო იყო მისიონისათვის.
მას გარდა მშვენიერი საჩუქრები მიართვა ფაშას და იმასთან ყველაფერი გაარიგა. რადგან ფაშის ხომალდი სავსე იყო ჯარის კაცებითა და საქონლით, სხვა ხომალდში ჩაგვსხა ორ თავის ნაცნობ იანიჩართან ერთად. ხომალდი ჯერ უნდა მისულიყო ვარნას სურსათისათვის და იქიდგანაც ტრაპიზონს უნდა წასულიყო. ფაშამ ჩვენი თავი იანიჩრებს ჩააბარა, ყური კარგად უგდეთ, გზაში არავინ შეაწუხოსო. ამ ნაირად, იმ სამის მღვდლისაგან, რომლებიც კოსტანტინეპოლში ვიყავით, მე უღირსი და იმ ადგილის ურგები გამომირჩიეს მისიონისათვის და შემწედ მომცეს ძმა სტეფან ვიო და გამაყოლეს ეგრეთვე ერთი ახალგაზდა სომეხი მოენედ. გულ უხვმა და დიდად განათლებულმა ელჩმა, რაც კი საჭირო იყო მგზავრობისათვის, ყველაფერი რომ გვიშოვნა, 26 მაისს, წმიდა სამების დღესასწაულის ორი დღის უკან გამოვესალმეთ ჩვენს მამებს და ნავით წავედით ჩვენს ხომალდში, რომელიც ბოსფორში იცდიდა სხვა ბევრ ხომალდებთან ერთად... მხოლოდ მაშინ ვსცანით ის, რასაც კოსნტანტინეპოლში ფიქრადაც არ გავიტარებდით. ესე იგი, თურმე დიდად ძნელი ყოფილიყო მთავარ გურიელთან და დადიანთან მშვიდობის მოგდება. ამას კაი დრო სჭიროდა. ამიტომ მთავრების ელჩები აღარ გაუშვეს, ტყვეებსავით დაიჭირეს. ჩვენთვისაც უკეთესი იყო ცალკე გვემგზავრა, ვიდრე მეგრელებთან ვყოფილვიყავით, რათა ჩვენზედ არაფერი ეჭვი შემოეტანათ.. ფაშა ტრაპიზონიდგან 20 ივლისს წამოვიდა და იმას გამოვყევით. სამენსა და კარიპაროვოლში გაჩერება მოინდომა, ჩვენ კი სოფელ რისკისკენ გავსწიეთ; საშინელი ქარი ამოვარდა და საკმაოდ შეგვაწუხა, ამასთანავე დაღუპვისაც გვეშინოდა. მაგრამ ავდარმა მარტო ერთ დღეს გასტანა. სოფელი რისკა ჩვენის ფაშის სამშობლოა და მთელი მისი სახლობა იქ სცხოვრებს. თუ ეს და თუ სხვა ბევრი სოფელი ეკუთვნის ლაზისტანს, რომელიც გადაჭიმულია ტრაპიზონიდგან დაწყებული ვიდრე საქართველომდე. იმ ნაწილში, რომელიც ტრაპიზონზედ ახლოა, ბერძნულს ლაპარაკობენ, ხოლო საქართველოს მახლობლათ კი საზოგადო ენა მეგრულია. რიზა ლაზების, ანუ ალანელების ახალშენია. ლაზები სამეგრელოს ერს ეკუთვნიან. ნელნელა ყველანი მაჰმადიანების ურჯულოებაში ცვივიან. რადგან ქრისტიანნი იყვნენ, ბევრს ხარჯს ახდევინებდენ და მრავალ გვარ შეწუხებასაც აყენებდენ. ამიტომ იმათ მაჰმადიანობა მიიღეს და ოსმალებს ნებას აძლევენ, რომ მათ შვილებს წინადაცვეთა აღუსრულონ. ამნაირად თავიანთი სარწმუნობის უარყოფით თავი ხარჯისაგან დაიხსნეს. ახალგაზდა ქრისტიანი ქალები, თავიანთი მშობლების სიცოცხლის დასაცველად იანიჩრებზედ თხოვდებიან; ამისგამო ძრიელ ცოტამ შეირჩინა ქრისტიანობის სახელი და ნათლიღების ხსოვნა; ეს მით უფრო სამწუხაროა იმიტომ, რომ კაცმა არ იცის, თუ მას რა წამალი უნდა დაედვას, როგორ უნდა უშველოს. მაინც კი რავდენადაც სიბრძნე მოითხოვდა და რავდენადაც ჩვენის მცირედის მეგრულით შეგვეძლო, იქაურ მცხოვრებთა საკმაო რიცხვს, მეტადრე ყმაწვილებს, დახმარება აღმოუჩინეთ, ვასწავლეთ ჩვენის წმიდა სარწმუნოების უპირველესნი ჭეშმარიტებანი და თათრებზედ გათხოვილ ზოგიერთ დედაკაცებსაც თავიანთი მოვალეობანი გავაცანით. კიდეც მოვნათლეთ ერთი თვრამეტი წლის ასული, რომელსაც თავისი მშობლებისაგან გაგონილი ჰქონდა, რომ ის მოუნათლავი იყო. გარემოებას რომ ხელი შეეწყო, მისის დედის თანხმობით ერთი თათრის ბავშსაც მოვნათლავდით, აგრეთვე ერთს თათრისავე ახალგაზრდა ტყვეს. ასე გართული რომ ვიყავით, მოვიდა ფაშა და რამდენისამე დღის შემდგომ მისივე თანხმობით ჩავსხედით ერთ ნავში, რომელიც შვიდობის ჩამოგდების შემდგომ, ფაშის ნავს უნდა გაჰყოლოდა. ნავი იმიტომ გამოვიცვალეთ, რომ ვარჩიეთ ჩვენს ნაცნობ ლათინის წესის მგზავრებთან ვყოფილიყავით... შუადღისას უფრო გაძლიერდა ღელვა. მალე გემის თოკები მთლად დასწყვიტა; მენავებმა და მგზავრებმა ბარგი ზღვაში გადაჰყარეს და შემდგომ თვითონაც ჩაეშვნენ ზღვაში, რათა ზოგი ცურვით და ზოგიც პატარა ნავებით ხმელეთზედ გასულიყვნენ. აბობოქრებულმა ქარმა და ზღვის ღელვამ ჩვენი ხომალდიც კიდეზე გააგდო. ძრიერმა ტალღამ ორი კაცი დაგვირჩო, ერთი თათარი და ერთი ქრისტიანი, მაგრამ ერთმა ღმერთმა უწყის, თუ რანაირი ქრისტიანი იყო. ორმა მგზავრმა, ერთმა არაბმა და ერთმა მეგრელმა მოინდომეს ცურვით გასვლა. ტალღებმა არაბი დაარჩო, მეგრელი კი დამტვრეული ნავის ფიცრებით, როგორც იყო, ზღვას გადურჩა; მაგრამ ნაპირას შემწეობა აღმოუჩინეთ, აღსარებაც ვათქმევინეთ და მიიცვალა. იმედი მაქვს საუკუნო ბედნიერების ნავთ-სადგურს ეწიოს. ჩვენი ხომალდი სამ-ოთხ გზის კლდეს დაეჯახა, დაზარალდა, დაიმტვრა და ჭერი კლდისაკენ გადავარდა, ისე რომ გაკეთდა ერთნაირი ხიდი, რომლითაც ხომალდში მყოფთ გასვლა და თავის დახსნა შეიძლეს, გარდა ერთ ახალგაზრდა კაცისა, რომელმაც ტანთ არ გაიხადა და ამიტომ ქარმა ზღვაში ჩააგდო: ისე უბედურად ჩვენ თვალწინ დაიდუპა. ცოცხალი კი გადავრჩით, მაგრამ საქონელი, სარჩო, ხომალდი, სუყველაფერი ზღვის მსხვერპლი შეიქმნა. გარნა დადიანი და გურიელი ზავის პირობათა შეწყნარებას აგვიანებდენ. ღელვისაც გვეშინოდა და ვეღარ გაგვებედა ჩვენ დამტვრეულ ხომალდში მიბრუნება. ამიტომ თანხმობით ყველამ ერთად გადავსწყვიტეთ, დამტვრეული ხომალდის ფიცრებით ერთის სოფლის ახლოს ქოხი გაგვეკეთებინა და აი ასეთ მოკრძალებულს საფარში შევისვენეთ. აქ დაუწყეთ საქრისტიანო მოძღვრების სწავლება ბავშებს და ბერძნების მღვდლებსა, რომელთაც აღსარება თავის დღეში არ ეთქვათ და არც სხვისთვის ეთქმევინებინათ, ზიარებას კი აძლევდენ მორწმუნებს. ისვე მღვდლები თუ უმეცრებით და თუ დაუდევრობით, წირვის თქმის დროს ბარძიმში წყალს არ ურევდენ და წმიდა ნივთებს ძრიელ უხამსად ეპყრობოდენ. ფიცხლად ვამხილეთ და, რაც შეგვეძლო, ჩვენის სწავლის დარიგებით შევეწიეთ.

რაოდენ მოწყალებასაც ვშოულობდით, ყველას მათ ვაძლევდით იმ საწყალ ქრისტიანეთათვის, რომლებიც მაჰმადიანობაზედ გადადიოდენ, რათა ხარჯის გადახდა თავიდგან აეცილებინათ... ჩვენის მეგობრების რჩევით ფაშასთან წავედით და ვსთხოვეთ ყურადეღო ჩვენი ასეთი გაჭირვებული მდგომარეობა, რომელშიაც ჩაგვაგდო ესოდენმა მოულოდნელმა დაბრკოლებამ და ჩვენთვის სამეგრელოში შესვლის ნება მოეცა, როგორც ამას თვით შეჰპირებოდა საფრანგეთის ელჩს, ან არა და კაცი გამოეყოლებინა, რათა უშიშრად სხვა მგზავრებთან ერთად გამოვბრუნებულიყავით კონსტანტინეპოლს. ჩვენმა სიტყვებმა გული მოულბო, მაგრამ, მასთანვე გამოგვიცხადა, რომ სულთანმა მიბრძანა: არავინ შეუშვა სამეგრელოში, ვიდრე შვიდობის საქმე არ დაბოლოვდებაო. ხოლო სიამოვნებით კი მოგცა პასპორტი, რათა კონსტანტინეპოლს გავბრუნებულიყავით. მაგრამ განგებამ სულ სხვა ნაირად დაატრიალა ჩვენი საქმე. როდესაც ერთი პატარა ნავის კაპიტანთან მოვილაპარაკეთ, უეცრათ მოვიდა გურიელის მოამბე, რომელმაც ზავის ჩამოგდება და ხარჯის გადახდის თანხმობა გამოაცხადა. ეს ზავი წმიდა ლუჩიას დღეობას (13 დეკემბერს) საქართველოს ნავთსადგურ ბათუმში შეკრეს მთავარმა და ფაშის გამოგზავნილმა კაცმა. ამ ამბავმა განზრახვა გამოგვაცვლევინა. მეორედ კიდევ მივმართეთ ფაშას. იმან ახლა უფრო კაის გულით მიგვიღო, ვიდრე წინეთ, თავისი მფარველობა გამოგვიცხადა და ნება მოგვცა, სადაც გვინდოდა, იქ წავსულიყავით. ზედ წმიდა თომა კანტორბერის დღეობას (29 დეკემბერს), შვიდის თვის მგზავრობის შემდგომ, იმავე ნავით, რომლითაც კონსტანტინეპოლს უნდა გავბრუნებულიყავით, გამოვიარეთ ხელმეორედ გონიის კონცხი, რომელსაც დიდიხანია ვუმზერდით და ორის დღის შემდგომ შვიდობით მოვედით საქართველოს ქალაქ სატყეპელაში (Satcapella). ზღვის პირას სიარულის დროს ჩვენთან ქართველები მოვიდენ, მათ შორის იყო გურიელის ვეზირი, მხედართ მთავარი მისი ჯარისა და გამგებელი ამ მხარისა. როცა დაგვიძახა ვეზირმა, ცხენიდგან გადმოხტა და იმ ქვეყნის ჩვეულებისამებრ, დაიჩოქა ცალის მუხლით და მეტის-მეტად მეგობრულად მოგვესალმა; ჩვენც დიდის მოწიწებით მაგიერი სალამი მივეცით. მაშინვე მიწაზედ გვერდით მოგვისხა და გამოგვკითხა, საიდგან მოვდიოდით, ან სად მივდიოდით. რა გაიგო, ფრანგები ვიყავით და დადიანთან მივდიოდით, გვთხოვა ჯერ გურიელი გვენახა და ცხენებიც მოგვცა იქ წასასვლელად. მადლობა მოვახსენეთ გულკეთილობისათვის და დავპირდით, რომ სატყეპელაში ლაზისტანის არქიეპისკოპოსს ვნახავთ თუ არა, დიდის სიამოვნებით მივალთ და მთავარსაც ვნახავთ, უკეთუ გვეცოდინება, რომ ჩვენი ნახვა ესიამოვნება-თქო. იმან მოგვიწონა ჩვენი გარდაწყვეტილება და წავიდა. ღამე ზღვის პირას გავატარეთ. მეორე დღეს წავედით სანახავად მიტროპოლიტისა, რომელიც მცირედ, მაგრამ გულითადად გაგვიმასპინძლდა. ამასობაში გურიელმა ჩვენი მასპინძელი მიტროპოლიტი მიიწვია, რათა შობას მასთან ყოფილიყო მწირველად. ისიც წავიდა და შემოგვპირდა, თქვენის მოსვლის ამბავს მთავარს ვაცნობებ და თუ ისურვა თქვენი ნახვა, მეორე დღესვე შევატყობინებთო. თავისი სიტყვა აასრულა კიდეც. დაგვიბარეს გურიელთან: მოვიდა ვეზირის კაცი, რომელსაც ჩვენი მიწვევა ჰქონდა დაბარებული, თან მოიყვანა ცხენები და წაგვიყვანა ბაილეთს (Baylet), სადაც მთავარი თავისი სახლობით და კარის კაცებით შობას ეგებებოდა. მაგრამ თვით გურიელი დაგვიხვდა მახლობლად სხვა სახლში, სადაც სანადიროდ ჩამომხდარიყო. შეიტყო თუ არა ჩვენი მისვლა, მაშინვე დაგვიბარა ერთ დარბაზში, სადაც თავის ქვეშევრდომებს ასამართლებდა. დიდის მოწიწებით მივესალმეთ, ის კი წამოდგა ტახტიდგან, თავ-შიშველი წინ მოგვეგება, დაიჩოქა ცალის მუხლით და ისე სალამი მოგვცა. შემდგომ თვითონ და მისი მხლებლებიც გვეამბორნენ და გვერდით მოგვისხა. ბევრი რამ გვკითხა და ჩვენც ყველაფრის პასუხი მივეცით. მერე გვთხოვა მისი სახლობისავის გველოცნა. გამოვესალმეთ მთავარსა და წავედით ბაილეთს, სადაც თხუთმეტის დღის განმავლობაში დიდის გულკეთილობით მოგვეპყრა. მთავარი მეტად ზრდილია (რაც იშვიათია ამ მხარეს) და დიდი პატივის მცემელია რომის ეკკლესიისა და მისის მთავრის პაპისა. საჯაროდ ამბობს, რომ ბიზანტიის იმპერია და კონსტანტინეპოლის საეპისკოპოსო საყდარი იმიტომ დაემხო, რომ არ ინდომეს რომის წმიდა მღვდელ-მთავრის მორჩილება. და აკი ღმერთმაც იმიტომ დასაჯა; წმიდა პეტრემ მიიღო კლიტენი სასუფეველისანი. პაპი არის მამა ყოველთა მორწმუნეთა, ამიტომ ყველანი მისი მორჩილი უნდა იყვნენო. როდესაც ლაპარაკი ამაზედ ჩამოვარდა, ვსთხოვე ნება მომეცით თქვენი აზრი პაპს შევატყობინო-მეთქი. დიდის სიამოვნებითო, მომიგო და თანაც მთხოვა პაპასათვინ მიმეწერა და მის მაგიერ მეთხოვნა ცოდვების შენდობა. თანაც დასძინა, წერილითვე აღსარებასაც ვიტყვი პაპთანო. მაგრამ მე აუხსენი, რომ ამნაირად არც აღსარება შეიძლება და არც ცოდვების მოტევება-მეთქი. პაპმა სწორედ იმიტომ გამოგვგზავნა შორს ქვეყნებში, ხალხს ცოდვები მოვანანებინოთ-მეთქი. ამისი მთავარმა იგივე მითხრა, რაც ფილიპპეს კანდაკის დედოფლის საჭურისმა უთხრა: „აჰა წყალი; რაღას აყოვნებ ჩემს მონათვლას”? მითხრა, თუ აგრეა, ახლავე ვიტყვი აღსარებასო. მალე მოენის საშუალებით თითქმის მთელის თავისი ცხოვრებას აღსარება მითხრა. იქნება მკითხოთ, ჩვენის სარწმუნოების შემწეობა-მოკლებულ მთავარს საიდგან აქვს ასეთი ქრისტიანული გრძნობაო. მეც პავლე მოციქულის სიტყვებს მცირედად შევსცვლი და ისე გიპასუხებთ: ერთმა ქართველმა მონაზონმა, რომელმაც 12 წელიწადი გაატარა რომაში, დასთესა კეთილი თესლი ამ ნაყოფიერ მიწაზედ, რომელსაც ახლა ჩვენ ვრწყავთ და ნაყოფს ვაღებინებთ ღვთის კურთხევით. რა გაიარა ნათლისღების დღესასწაულმა, გურიელმა, როგორც იყო, დიდის გაჭირვებით ნება მოგვცა წავსულიყავით. არ ინდომა ჩვენი დაჭერა რადგან დავპირდით, კვალად მოვალთ და უკეთუ ინებებთ რავდენსამე ჩვენებურ მოძღვარს დავიბარებთ თქვენს ქვეყანაში დასარჩენადო. ამისი გვითხრა; „არა თუ დიდად სასიამოვნოა ჩემთვის ეგ თქვენი დაპირება, არამედ გპირდებით, რომ დიდის პატივით მივიღებ, მივსცემ სახლს, ეკკლესიას და ყველაფერს, რაც კი დასჭირდებათ საცხოვრებლათ". წამოსვლის დროს ფული შემოგვაძლია, მაგრამ არ გამოვართვით, რაც ძრიელ იამა და ჩვენი ძმობის საზოგადოება მთელი თავისი დარბაისელების წინაშე იმ ზომამდე აქო, რომ ამ ამბავმა მიაწია ოსმალებამდე, რომლებმაც, თავიანთი მხრით, სამეგრელოში დიდი სახელი გაგვითქვეს. ესრეთ გურიელმა გაგვისტუმრა სატყეპელას დიდის პატივით და მეგობრულად; ეგრეთვე ერთი კაცი გაგვაყოლა, რომ იქიდგან პატარა ნავით წავეყვანეთ სამეგრელოში მის სიმამრთან კორტუგასთან (Gortuga), დადიანის პირველ ვეზირთან. გარნა, რადგან ეს კაცი ჩვენთან წამოსვლას ახანებდა და რადგან კაი დარიც იყო, სამ თებერვალს სატყეპელადგან წავედით იმ ოსმალებთან ერთად, რომლებიც შუა კაცნი იყვნენ ზავის ჩამოგდების საქმეში და ჩვენიც დიდი ერთგულნი. იმავე დღეს შევედით რიონში, სამეგრელოს უმთავრეს მდინარეში, მეორე დღეს მივედით ერვინ-ხანს (Eroinchan (Heraclee). დადიანს და მიტროპოლიტ-კათალიკოსს ვაცნობეთ ჩვენი და ეგრეთვე ზავის მედიატორეთა მოსვლა. რა მივიღეთ პასუხი, მალე გავემგზავრეთ მარგულასკენ (Margoula), საცა უნდა მოსულიყო მთავარი, და აჰა, ცხრა თვის შემდგომ ძლივს ბოლო მოეღო ჩვენს მგზავრობას, რომლის დროს იმდენი ღელვა და ყოველ გვარი შეწუხება გამოვიარეთ. იმ დროს დადიანი მეტად გართული იყო თუ ნადირობაში, თუ კონსტანტინეპოლს გასაგზავნის ხარკის მომზადებაში. არ აცლიდა აგრეთვე თევრიზ ხანის მოსვლა (Tebris-Khan-ქართველი მთავარია, რომელიც შარშან სპარსეთის მეფემ თავისი საბძანებლიდგან განდევნა). ამას დაერთო მოენის უყოლობა, რაის გამო კარგა ხანს დაგვიანდა მთავრის ნახვა. იმ დროის განმავლობაში ოსმალები გვეწეოდენ, რაც გვჭიროდა და თავიანთ სარჩოს შუა გვიყოფდენ. დადიანის ნახვის შემთხვევას რომ ვეძებდით, ისე შევხვდით გურიელის სიმამრს კორტუგას, რომელსაც გურიელი დადიანთან თავის გასაცნობელ წერილებს ატანდა. კორტუგა შემოგვპირღა, ფიქრი ნურაფრისა გაქვსთ, სამეგრელოს მთავარს მოველაპარავები თქვენს შესახებო, იმან კარგად იცის, თუ რა პატივი სცა კოსტანტინეპოლში საფრანგეთის ელჩმა მისს წარმომადგენელსაო. ეგრეთვე იმ დროს გავიცანით მაკარიოზ (Mochavario), კათოლიკე ეპისკოპოსი, კაცი ბრძენი და კორტუგასავით დიდი გავლენის პატრონი. მოენის საშუალებით ჩვენი საზოგადოება გავაცანით, ამ გვარადვე მოვიქეცით თევრაზხანთან, რომელსაც ერთხელ ეკკლესიაში შევხვდით მისი ქვეყნის მიტროპოლიტთან, რომელმაც თავის სანახავად მიგვიწვია. ყველას საშინლად უკვირდა, რომ ევროპის ნაყოფიერის ადგილებისათვის თავი დაგვენებებია და მათი უდაბური ქვეყანა აგვერჩია. თანაც, როგორც ამათთვის ოსმალებს უთქვამსთ, რაიმე იმედი სასყიდლისა და გასამრჯელოსი არა გვქონდა. ჩვენი ქცევა დიდ თავგანწირულებად მიაჩნდათ. ამიტომ, სინამ დადიანს ნახავდენ, გადასწყვიტეს კარგად მივეღეთ და ელჩსაც დაახლოვებოდენ და ამ აზრით ძღვენი გაუგზავნეს კოსტანტინეპოლს. მავრის (Mauri) ეპისკოპოსმა მიგვიწვია თავის ეპარქიაში, რომელიც ღვთის მშობლის საფარველ ქვეშეა. ჩვენც გადავსწყვიტეთ იქ წავსულვიყავით, იმის შემდგომ, როდესაც ვნახავდით დადიანს და ბიძა მის ლიპარიტს (Liparita), რომელიც დადიანის მცირე წლოვანობის დროს სამთავროს მართავდა. შემდგომ დადიანი ვნახეთ. იმან გვითხრა თქვენი ბევრი კარგი გამიგონია, ძალიან მიხარიან თქვენი მოსვლაო, ვიცი რისთვისაც მოსულხართო და ერთ თავასუფალ დღეს უფრო დიდხანს მოგელაპარაკებით დასავლეთის საქმეთა, საფრანგეთის მეფისა და მისი კოსტანტინეპოლელის ელჩის შესახებო. მერე დაგვპირდა, რაც გნებავსთ, ყველაფერს აგისრულებთო და დაუმატა თქვენს თავს მაკარიოზს ჩავაბარებო. გამოვესალმეთ მთავარს, მასთან მყოფს კორტუგას და გამოვბრუნდით ეპისკოპოსთან. იქ დავესწარით ერთ ნადიმს, რომელიც ეპისკოპოსს თევრიზ ხანის, მისი მიტროპოლიტის და ყველა მისი მხლებლების პატივისაცემლად გაემართა. სხვა დროს უფრო ვრცლად გესაუბრებით ამ ერის ზნე-ჩვეულებასა და მათი ცხოვრების შესახებ. ახლა კი ამას მოგახსენებ, რომ თევრიზ ხანმა, მიტროპოლიტმა და მოკათორიომ თავიანთი კერძის ერთი ნაწილი ჩვენ გვითავაზეს, რაც იმათში დიდის წყალობის ნიშანია. თევრიზ ხანმა თავის ახლოს დაგვსხა და ბევრი რამ გამოგვკითხა. რადგან აქ ჩვეულებად აქვსთ სუფრაზედ იმღერონ ხოლმე, ამიტომ, როგორც წინეთ გურიელმა, ისე ახლა ამანაც გვთხოვა გვეგალობა. როგორც გურიელმა, ისე არც ამან შეიწყნარა ჩვენი უარი. ჩვენც ვიგალობეთ „პანჯელინგვა, უგალობდეთ ენაო"; ჩვენი გალობა დამსწრეთ ძალიან მოეწონათ. სუფრა დავტოვეთ, რადგან აქ წესია, ჭამა-სმა შუა ღამეს გადააცილონ ხოლმე. ახლა ჩვენ ეპისკოპოს მაკარიოზთან ვართ. ამან ძრიელ, მოიწადინა და უნდა აგვიშენოს მალე სახლი და ეკკლესია. თვითონვე კისრულობს, რაც გვჭირია, ყველაფერი გვიშოვნოს. ახლა ჩვენს დროს ერთიან ვანდომებთ მეგრული ენისა და ამ მხარის კილოკავების შესწალას. იმედი გვაქვს ღვთისა, ჩვენმა შრომამ უნაყოფოდ არ ჩაიაროს. აწ ეპისკოპოს მაკარიოზს და კოსტანტინეპოლში მყოფ ჩვენს საფრანგეთის ელჩს ვუგზავნით ჩვენს მოენეს და წერილებს თუ თავისთვის და თუ ევროპაში მყოფის ჩვენის მამებასათვის, რათა სცნან ქვეყნის რომელ ნაწილში ვსცხოვრებთ, შეგვეწიონ და პირველად მოგვაწოდონ ის ნივთები, რომლებიც აქ ფულის ადგილას გადის, რადგან აქ ფულს არ ხმარობენ; მერე თვითონაც მოვიდენ და შრომაში შეგვეწიონ. იმედი გვაქვს, თავის დროზე უხვად მივიღოთ თქვენის შრომის ნაყოფი. გთხოვთ, უფალს შეავედროთ და ეგრეთვე ჩვენი საზოგადოების ლოცვას უფლის ეს ახალი ვენახი და ეგრეთვე მისნი შემმუშავებელნი მუშაკნი. ჩემო ყოვლად ღირსო მამაო დავშთები თქვენი...".

ეს წერილი ცხადად გვიჩვენებს გურიელის უწინდელს მომზადებას და მის გაკათოლიკებას, რადგან პაპის მორჩილება აღიარა და მისიონერებს აღსარებაც უთხრა. აქ დასახელებული რომაში ნამყოფი ქართველი მონაზონი, როგორც შემდეგშიაც ვნახავთ, უნდა იყოს ნიკოლოზ, რომელიც რომის კოლეგიაში იყო 1600 წლის შემდგომ. იგი მიგვაჩნია კათოლიკედ. ხოლო ხსენებულის ეპისკოპოს მაკარიოზის შესახებ, რომელიც კათოლიკე ყოფილა, ამ წერილის გარდა, სხვა ცნობა არაფერი გვაქვს. ეს კი ცხადია, რომ ისიც ქართველი ყოფილა. თუ ამ დროს სამეგრელოში კათოლიკე ეპისკოპოსიც იჯდა, ცხადია მარტო ის არ იქმნებოდა, მრევლთა შორის კათოლიკენი უნდა ჰყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინდელ კათოლიკეთა შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოება რა. აქ დასახელებული თევრიზ ხანი, ვფიქრობთ, უნდა იყოს თეიმურაზ მეფე. აქ გავახსენებთ მკითხველთ, რომ ევროპელები, როგორც გამოთქმაში, ისე წერაში, ძრიელ ამახინჯებენ ქართულ საკუთარ სახელებს. ხშირად ძნელი ხდება მათი სისწორით აღდგენა. მისიონერების მისვლისათანავე სამეგრელოში გაჩნდა ჟამი, რომელიც სხვა მგზავრებმა ნავიდგან შემოიტანეს. ჟამმა მალე იეზუიტი ძმა სტეფანე იმსხვერპლა. შემდეგ დასნეულდა თვით ლუდოვიკე გრანჯერიოც, რომელიც საჩქაროდ მიაშურა კოსტანტინეპოლს იმ იმედით, იქმნება, ექიმების შემწეობით გადავრჩეო. მაგრამ თავისი მისვლის მეორე დღესვე ისიც გარდაიცვალა 22 აგვისტოს 1615 წ. მის მაგიერ იეზუიტებმა სხვა მისიონერი ვეღარ გამოგზავნეს, რადგან იმ დროს მღვდლები არა ჰყავდათ საკმაოდ. აი, ესრე სწრაფად, ხუთი-ექვსი თვის შემდგომ, დასრულდა იეზუიტების მისიონი სამეგრელოში, საცა დიდს ნაყოფს მოელოდენ. 1624 წ. პროპაგანდის კრებამ, პატრი ივანეს წინამძღვრობით, რომიდგან ოთხი დომინიკიანის მღვდელი გამოგზავნა, რათა დაევლოთ და გამოეკვლიათ შავი ზღვის პირად მცხოვრები ხალხის გარემოება. ისინი კაფაში, (ახლანდელ სევასტაპოლში) ბევრ ხანს დარჩნენ. 1629 წ. პატრი ივანემ მოიარა აფხაზეთი და ჩერქეზეთი და ბოლოს სამეგრელოშიაც მოვიდა. იმან თავისი მგზავრობა დაწვრილებით აღწერა. აღწერილობა ბევრნაირად არის შესანიშნავი. სიმოკლისათვის გამოვსტოვებთ იმას, რაც ჩვენი საგანი არ არის, და გავაცნობთ მკითხველს იმ ნაწილს, რაც სამეგრელოს და მის ახლო ადგილებს შეეხება.

„პროპაგანდის კრებამ გაგვგზავნა ოთხი მონაზონი დომინიკიანების ორდენისა... სული წმიდის მოფენის დღეს მოვედით მაკალაში (Macala), ესე იგი, ყარაბეირს. ვუთხარი რაისს (მეხომალდეს), ეს დღე ჩემთვის დიდი დღეა და ჩემს ქვეყანაში დიდად დდესასწაულობენ-მეთქი, სწორედ ისე, როგორც თქვენთვის ყურბანბაირამი არის-მეთქი. იმანაც მითხრა, რომ ახლოს, ერთის მილის მანძილზედ, ერთი მშვენიერი ეკკლესიაა, მაგრამ, ჩერქეზების კი არა, აფხაზებისა უნდა იყოს, რომლებიც განსაკუთრებულს ენას ლაპარაკობენო, და არც ვიცი, როგორ მიგიღებენო; გარნა ხომალდში იყო ერთი ვინმე კაიტარაო, რომელმაც იცოდა მათი ენა; გარდა ამისა ხომალდზე შემოვიდა იქაური ბეგი და იმის პირით სთხოვა, იქ წავსულვიყავი და მეწირა. მეც წავედი და ვსწირე. როდესაც შემოვიდა ბეგი ხომალდში, მივესალმე და ვუთხარი, თომ მღვდელი ვიყავი და ვნატრობდი წირვის შესრულებას; ვუთავაზე ერთი პატარა კოლოფი, რომელიც სიამოვნებით მიიღო და კაცი გაგზავნა დასაძახებლათ მდვდლისა, რომელიც ეკკლესიაში იყო; მასთან ერთად გამოვედი ხმელეთზე, ავიღე, რაც საჭირო იყო წირვისათვის და ჩემ მსახუთთან ერთად რა გაველ გარეთ, მივესალმე მღვდელსა, რომელიც ქართველი იყო; რა შევედით ეკკლესიაში, ისეთი რამ ვნახე, რასაც თავის დღეში ფიქრადაც ვერ წარმოვიდგენდი: ვნახე, რომ ის ეკკლესია მზგავსი იყო წმიდა პეტრეს ეკკლესიისა. ეკკლესიის კარების ზემოთ დახატული იყო მშვენიერის მხატვრობით სული წმიდის მოფენა: მოციქულებს თავებზე ცეცხლის ენები ჰქონდათ, ისე, როგორც ჩვენს ეკკლესიაშია ხოლმე; ტრაპეზის უკან ხორო თავის აღსავალებით და შუაში საეპისკოპოსო კათედრა იდგა. ჩემის ფიქრით ეს ეკკლესია უნდა იყოს აშენებული ბერძნის იმპერატორისაგან (11); ეგრეთვე იყო ზარი, რომელზედაც ლათინურად ეწერა „ათასი" ესე იგი 1309 წ. წირვისათვის მოვემზადე, მაგრამ ვნახე სეფისკვერი გაფუჭებული იყო; ქართველ მღვდელს გამოვართვი ცოტა ფქვილი, გავაკეთე ცომი, გავაპრტყელე და ორ გასუფთავებულ ფულში გამოვაცხე; დავიწყე წირვა. ხალხმა რომ ზარის ხმა გაიგონა, ყველანი მოვიდენ, ვინაიდგან ეკკლესია სოფლის შუაა. რა დასრულდა წირვა, ჯვარზედ ვამთხვევინე ყველას, რაიც დიდის მოწიწებით შეასრულეს. ტრაპეზზედ იდგა ერთი თეფში სავსე ოქროსა და ვერცხლის ფულით, თუმცა კი ამ ქვეყანაში ფულს გასავალი არ აქვს. მღვდელს ვკითხე ეს ფული ვის შეუწირავს მეთქი. იმანაც მიპასუხა რომ, ყაზახები, რომლებიც თანაის და დნეპრის (Nipro) მდინარით ნავებით შავ ზღვაში შემოდიან ოსმალების და თათრების დასარბევად, როდესაც მობრუნდებიან ნადავლით, ამ ეკკლესიაში ლოცულობენ და სტოვებენ ფულსაო. რადგან ის პირველი ეკკლესია იყო, რომელიც ამ მხარეში ვპოე, ამისათვის მეც მოვინდომე რაიმე. სახსოვრის დატოვება. შევსწირე ოთხი თეთრი სუფთა თაფლის სანთელი, რომელიც მომცა ვენეციის რესპუბლიკის წარმომადგენელმა ბატონმა სებასტიან ვენერეოსმა; ეგრეთვე მივეცი ერთი ქისა მშვენიერის ოდიკით, რომელიც მაჩუქა მათმა უმაღლესობამ პოლონელმა ეპისკოპოსმა კონაპოლსკიმ, ამასთანავე რავდენიმე ხატიც ჩემის ხელით დავკიდე კედლებზე. მღვდელმა წამიყვანა თავის ოჯახში, საცა ვსჭამეთ მოხარშული ღომი, ღორის ხორცი და ყველი, მასთანვე ღვინოც დავლიეთ. შემდგომ წამიყვანა და მიჩვენა თავიანთი მკვდრები, რომლებიც ოთხ მაღალ პალოებზედ ასვენია გამოფუღრულ ხეებში. ამეებს თავსა და ბოლოში ნახვრეტები აქვს ჰაერის შესასვლელად და გარედან შესაჭვრეტლად მიცვალებულის კარგად სანახავად. ამის მიზეზით თათრის ვაჭრები არ ყიდულობენ ამ ქვეყნის თაფლსა, რადგან ჰგონიათ, რომ ფუტკრები იმ მკვდრებს სჭამენო. იმასობაში მოვიდა მთავარი და მითხრა, რომ საჩქაროდ გავბრუნებულ ვიყავი ხომალდისკენ, რადგან მისს კაცებსა და მეხომალდე თათრებს ერთმანერთში ლაპარაკი მოსვლოდათ. ამიტომ ხომალდი სადგურს გაშორებოდა, გარნა რაისი პატივსა მცემდა, თან დაეჭირა ორი აფხაზი მძევლად, რათა მშვიდობით მივბრუნებულ ვიყავი; მივედი რა, გამოგზავნა ნავი და ის ორი აფხაზიც, ჩავჯექ და ისინიც გათავისუფლებულნი გამოვიდენ. ხომალდზე ავედი თუ არა, მაშინვე გზას გავუდექით და 2 მაისისას მოვედით ძველ ქალაქს სკისორნუმში (Schissornum), საცა მდინარე აუსი ჰყოფს აფხაზეთს სამეგრელოსაგან. ხომალდიდგან ანიშნეს და ნაპირად მოვიდა თავადი პუტო (Puto) დიდძალის მხლებლებითურთ. რაისმა რა ნახა ხალხის სიმრავლე, ნაპირას ერთი ნავი გაგზავნა ხალხის შემოსაყვანათ. პუტომ რა გაიგო, ხომალდი ისმაილ რაისს ეკუთნოდა, შემოვიდა, მიესალმა მეხომალდეს და ჰკითხა, იქნება ექიმი ვინმე იყოს ხომალდზე, რომ ავათმყოფი ცოლი მომირჩინოსო. რაისმა ჩემი უთხრა, მკურნალობა ამან იცისო და თანაც წამლებიც აქვსო. მთავარმა მთხოვა წავყოლოდი. მის სასიხარულოდ მეც წავყევი. რაისმა თან გამატანა თავისი შვილი, რათა უფრო უშიშრად ვყოფილვიყავი. პირველ ღავეს ვივახშმეთ ერთის დიდისა და მაღალის ხის ძირში. სუფრაზე გვქონდა ხბოსა და თხის ხორცი, მაგრამ ორივე ცუდათ იყო შემწვარი, რადგან ხორცი ისევ სისხლიანი იყო. ასეთი ყოფილა მათი ჩვეულება. ღომიც იდო სუფრაზე. სასმელ-საჭმელი იმავე წესით მოგვართვეს, როგორათაც ჩერქეზეთში იციან. ნავახშმევს მკითხა, თუ საიდგან, ან რა საქმისთვის მივედი. რაისის შვილმა მიუგო, რომ ქრისტიანულის კეთილის საქმის საქმნელად დავდიოდი. ამის გაგონებაზედ მთავარმა, მითხრა: მაშ ჩემთან შეგიძლია დარჩეო, რადგან მეც ჩემი სამთავროთი ქრისტიანი ვარო. ამის ნიშნად მიჩვენა ჯვარი, რომელიც გულზედ ეკიდა. ეგრეთვე დაუმატა, რომ თქვენისთანა მღვდელი მჭირიაო. თუმცა კი აქ ახლოს მეზობლად ქართველები არიან, მაგრამ მათთან ბევრი ურთიერთობა არა მაქვსო. ამისი მე უპასუხე: ვეცდები რომის პაპს ვსთხოვო, რომ ამისთვის მღვდლები გამოგზავნოს, რადგან ყველას ვერ გავსწვდები მეთქი. რადგანაც კარგად დაღამებული იყო, ერთსა და იმავე ლოგინში დამაწვინა თავის ძმასთან. მეორე დილას ვუთხარი, რომ წირვა უნდა ვსთქვა შენი მეუღლის გასაკურნებლად მეთქი. იმინაც ყველა თავისიანებითურთ წირვა დიდის მოწიწებით მოასმინა და ბოლოს ვამთხვევინე ჯვარზედ. ვკითხე, თუ როდისმე მოესმინა ამისთანა წირვა? მიპასუხა, რომ არც მე მინახავს და არც ჩემს წინაპრებს უნდა ენახოთ ასეთი წირვაო. წავედით ავადმყოფის ოთახში, მივესალმე და ლოცვები წავუკითხე. რადგან ცოტა სიცხე ჰქონდა, მივეცი მიტირდატე (ერთნაირი ბალახია), მეორე დღესაც მივეცი შემზადებული რეობარბარო. ზოგი ამით და ზოგიც ღვთის შემწეობით, განიკურნა. მთავარი ძალიან მეალერსებოდა. უბეში მქონდა საათი, რომელიც უნდა მიმერთმია სამეგრელოს მთავრისათვის. ერთ დღეს მისი ხმა გაიგონა, მისი ნახვა მოინდომა და რა მოეწონა, მთხოვა, მომყიდეო. თუმცა კი ძრიელ მეწყინა, მაგრამ მეტი გზა არა, მქონდა, მივეცი. რვა დღის განმავალობაში 14 ბავში მოვნათლე სოფლისა; უფრო ბევრს მოვნათლავდი, მთავარს მუდამ თავისთან არ ვყოლოდი. აქ ბევრი კეთილის ქმნა შეიძლება, მთავარი ჩემი მეგობარია; ამიტომ მთხოვა კიდევ მოვბრუნებულვიყავი და თან შემწედ სხვა მღვდლებიც მომეყვანა. მერვე დღეს ერთად წამოვედით ხომალდზედ, თან დიდძალი ხალხი გამოგვყვა და აგრეთვე 20 კაცი ხორაგით დატვირთული. ბოლოს, მთავარს ბევრი რამე ვუთავაზე და სხვათა შორის, ერთი სარკეც თავისი მეუდლისათვის.

„პირველ ივლისს გავუდექით გზას და დღენახევარში მივედით სკურჩას (Scorcia, scorua), რომელიც სამეგრელოს პირველ პუნკტად ითვლება. რადგან დრანდელ არქიეპისკოპოსს (Driandelli) შეეტყო თავადის პუტოს მოსამსახურისაგან, რაც მოვიქმედე, მოვიდა ხომალდში ჩემ წასაყვანად, რათა მეწამლა მისი ავათმყოფის ერთგულის გამგე მეგობრისთვის. რაისმა მასთან მიმიყვანა და მითხრა მღვდელთ-მთავარია და აუსრულე, რაც სურსო. რადგანაც ზღვაში ვიხილე მისი სათნო და კეთილმორწმუნე სახე, თუმცა ზღვაში სიარულით დაღალული ვივიყავი, მაინც გამოვედი ჩემის ბარგით და მასთან ერთად წავედი მისს საარქიეპისკოპოსოში; გზაში გავედით ერთ ძრიელ ჩქარ მდინარეში. ეკკლესია წმიდა ანდრიას სახელზეა აშენებული და საკმაოდ შვენიერია; შიგ მეტად შვენიერი ძველებური თითბრის შანდლებია, ეგრეთვე შვენიერი ტრაპეზები (cappelle) სხვა და სხვა მხატვრობით და მორთულია აბრეშუმის ფარჩით. იქვე არის ერთი დიდი ზარი იტალიურის წელთ აღრიცხვით (12). მასთან ათი დღე დავრჩი. იმასობაში სამეგრელოს დიდ მთავარ დადიანს შეეტყო ჩემი მოსვლა ამ ქვეყანაში, გამოეგზავნა ელჩი არქიეპისკოპოსისათვის და შემოეთვალა, რომ მასთან წავეყვანე. ამ თვის 12 წავედით და ათი დღის კაი სიარულის შემდგომ მივედით ღვთის მშობლის ერთ მეტად შვენიერ ეკკლესიაში, სადაც დაგვხვდა მთავარი. ცოტა ვილოცე ეკკლესიაში და წავედი მის სანახავად. ძირს ჩამოვიდა და ისე ერთმანერთს მივესალმეთ; მომკიდა ხელი და წამიყვანა ეკკლესიაში, რადგან ეგონა, ჯერ არ მენახა. რა ვილოცეთ ერთად, დაუძახა მოენეს და მკითხა, თუ საიდგან მოვდიოდი და რა საქმე მქონდა ამ მხარეს. ვუპასუხე, რომ პაპისაგან გამოგზავნილი ვიყავ ჩერქეზეთს, ხოლო რადგან თქვენი ქვეყანა ახლოს იყო, ამიტომ გამოვიარე, რათა მენახა აქაურის ხალხის ზნე ჩვეულება, სარწმუნოება და ეკკლესიები მეთქი. მიპასუხა: კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, დიდათ სასიამოვნოა ჩემთვის იტალიელის მღვდლის ნახვა; რადგან ამ ტომის ხალხი მე მიმაჩნია ყველაზედ უფრო მრავალ და განათლებულ ერად, ჩემნი წინაპარნი მუდამ ნატრობდენ ეს ერი ენახათ და მათგანი თავისთან ჰყოლოდათ. პირველ ღამეს ერთად ვჭამეთ ვახშამი. ვახშამს დაესწრო ეგრეთვე მამა ნიკოლოზ ქართველი, რომელიც რომის ბერძნების სკოლაში იყო ნამყოფი. პურის ჭამის დროს მთავარმა ხელახლავ ჰკითხა პატრი ნიკოლოზს თავისი ენით, რომელიც მე არ მესმოდა, თუ რა იყო უმთავრესი მიზანი ჩემის მგზავრობისა. იმანაც უპასუხა, რომ ჩემი ცდა ის იყო, მთელი ამ ერისათვის მიმეღებინებინა ლათინის ტიბიკონი და თავიანთ წესზე ხელი ამეღებინებინა. ამას ცოტათი მივხვდი და არ მიამა თან ვუთხარ ამ პატრს ასეთის საგნის შესახებ თათრულად ელაპარაკნა. ეგრეთვე ვუთხარი, რომ ჩემი მიზანი ის იყო, ხალხი წარმემართა სწორე ცხოვრების გზაზე, როგორათაც ჩვენ ვიდექით და თუ მთავარი ჩემს მოძღვრებას იწამებდა, მაშინ ისიც იმას იზამდა, რასაც სხვა ქრისტიანე დიდი მთავრები მეთქი. იმისგან შემწეობას მოველი და არა წინააღმდეგობას მეთქი. მთავარმა რა ნახა, ცხარედ ვლაპარაკობდით, თუმცა კი ნათქვამი არ ესმოდა რა, პატრს უთხრა, ყველაფერი დაწვრილებით მომახსენეო. ყველაფერი რა გაიგო, კმაყოფილი დარჩა და კმაყოფილების ნიშნად სიცილი დაიწყო. ამნაირად დასრულდა ვახშამი და წავედი დასაძინებლად დრანდელთან, რომელიც, თითქმის ერთი მილით შორს იყო. მეორე დღეს მთავარმა წამიყვანა ბედიელ (Bidelli) ეპისკოპოსთან. ბედიაში შვენიერი ნაშენი ეკკლესიაა, ძველებურის მხატვრობით შემკობილი. იქ ვილოცეთ, მთავარი ჩემსავით იქცეოდა და დაიჩოქა ისე, ვითომც ესრეთი დამდაბლება მისთვის სასიამოვნო ყოფილიყოს. მთხოვა რამე მეგალობა. მე ვუთხარი, აქ ვწირავდი, მაგრამ შესამოსი ჩემს მასპინძელ ეპისკოპოსთან წმიდა ანდრიას ეკკლესიაში დავსტოვე მეთქი. მითხრა, მაშ იქ წამოვალ წირვის მოსასმენადო; ხოლო მთხოვა, ახლა რამე იგალობეო. რადგან წმიდა ბართლომე მოციქულის დღეობა მოახლებული იყო, მეც დავიწყე გალობა „განიხაროს ცამ” და „გაქებდეთ შენ ღმერთსა”, წმიდისავე ლოცვაც ვსთქვი. ჩემი გალობა ძრიელ მოეწონა და მითხრა, ამისთანა ხმა ჯერ არ გამიგონიაო. თავის სამსახურში ჰყოლოდა ერთი ფრანგის ოქრომჭედელი და ერთი მესაათე, მაგრამ კათოლიკე მდვდელი კი არ ჰყოლია. სადილობის დრო რომ მოახლოვდა მარჯვნივ მომისვა. ეს წვეულება გამართა ეპისკოპოსმა, ვგონებ, მთავრის ბრძანებით. სადილს დაესწრნენ ექვსნი ეპისკოპოსნი, თეიმურაზ ხანის ელჩი და რავდენიმე სპარსელი ვაჭარი. ამ ქართველებს ჩვეულებად აქვსთ ხალიჩა დაგებულ მიწაზე დასხდენ; მათი სუფრები ხბოს ტყავისაა, მაგრამ სუფთა და, რაოდენათაც შეიძლება, გრძელი, რადგან, როგორც ვსთქვი, ჩვეულებათ აქვსთ სჭამონ დიდრონი ხეების ძირში, რომლებიც რიგზე განგებ დაურგავთ. საჭმელი მოიტანეს თევზი, რადგან მათებურად პეტრე-პავლობის მარხვა იყო. ამ დროს თავისი სიმდიდრის (ანუ დიდებულობის) გამოსაჩენად ბევრი ძვირფასი თვლებით მოჭედილი თასი მიჩვენა; ზოგი ათ ყმად, ზოგი რვათ და ზოგიც ექვსათ ეყიდა; სუფრაზე კაი ღვინო იყო და ძრიელ შვენიერი ჩინური ფიალები და ზოგიეოთი ვენეციურის შუშისაც იყო. ამ ფიალებით სვამენ ღვინოს: ღვინო, როგორც იტალიაში, ძრიელ კარგია. ეგრეთვე იციან სადღეგრძელოს დალევა სიმღერით. იმათი სიმღერა სევდიანია და მდგომარეობს სიტყვის გაგრძელებაში. მათი იარაღი (სამუსიკო) ღარიბულია; აქვსთ საზანდარი (sordellini), სალამური (zampogne) მწყემსების საკრავის მსგავსი. ჭამაში ძლიერ ზომიერნი არიან, ღვინის სმა კი ბევრი იციან, რაიც უფრო ჩვეულების გამოა, რადგან უსაქმურნი არიან. დასათრობად მთავარმა ჩემი სადღეგრძელო დალია და მანიშნა, მეგალობა. მეც კაი ხმაზედ დავიწყე გალობა „გახსენ კრული ცოდვათა". მერმე მომცეს კაი თასით სავსე ღვინო და სანამ მე ვსვამდი, დაიწყეს ჩემსავით გალობა. მერმე მკითხა, ჩვენი ჩვეულება ხომ მოგწონსო. მეც უთხარი მომწონს მეთქი. კვალად მითხრა: თუ დარჩით ჩვენს ქვეყანაში, ამ ადგილს ეკკლესიითურთ მოგცემ და ეგრეთვე ყმებსაც გაჩუქებ, რამდენსაც კი ინებებო. მეც მიუგე: მარტოდ დარჩენა არ შემიძლია, უკეთუ თქვენ ინებებთ, ჩვენი წმიდა რომის პაპი გამოგიგზავნის მონაზონებს მეთქი. ამისი მითხრა, ძრიელ დიდათ ვნატრობ, რადგან ვიცი განსწავლულნი არიან და ექიმობაც იციანო, ექიმობა კი ჩემთვის საჭიროა; მათ მრჩევლებად ვიყოლიებო. მე დავპირდი, წავალ რომას და ვეცდები იქიდგან მოვიყვანო მისიონერები მეთქი. დამაყენა ეპისკოპოსთან, რათა იქაურობა კარგად მენახა და ეგრეთვე მისთვისაც მეწამლა, რადგან ფილტვის სნეულება აწუხებდა. რვა დღეს შეუწყვეტლივ ვსწირავდი და ეპისკოპოსიც დიდის სასოებით ესწრებოდა, რაიცა მისი ჩვეულება არ იყო, რადგან იარაღის ტარება უფრო ემარჯვებოდა, ვიდრე ღვთის მსახურება. მერვე დღეს მე და ეპისკოპოსი მთავრის სანახავად წავედით. რა მივედით მასთან, მიამბო, თათრებს საომარის ნავებიდგან 400 ყაზახი-რუსი გამოქცევია და ჩემს სამეფოში მოვიდენო. მირჩიეთ, რა ვუყო მაგათ:
ყმებსავით გავყიდო, როგორც აქ ჩვეულებად გვაქვს, თუ დავსაჯო, რადგან უწინ იმათვე ბევრი რამე მომტაცესო. მეც ვუპასუხე, ნუ გაყიდით, რადგან ეგენი თქვენისავე სარწმუნოების არიან, დასჯით კი შეგიძლიათ დასაჯოთ მეთქი, თუმცა ნავების კაპიტნები მთავარს ბევრი ეხვეწნენ, რათა მათთვის დაებრუნებინა; ამასაც დიდად სჭიროდა თათრები თუ მარილისა, რკინისა და თუ სხვა საჭირო საგნების გამო. შიშით კი არ შიშობდა, რადგან ამის ქვეყანა ძრიელ გამაგრებულია. მარტო ზღვიდგან შეიძლება შესვლა, მაგრამ ამ გზითაც ხალხის საცხოვრებელ ადგილამდე ხუთი მილის მანძილზე სულ ხშირი ტყეა, როგორც კედელი, გარს შემოვლებული.
ამიტომ მათ მხოლოდ 48 ყაზახი მისცა. ეგრეთვე ვუთხარი, რომ მას კანონით არ შეეძლო თავისი ქვეშევრდომები დაეყიდა, როგორც ყმები, რადგან ჩამომავლობით მისი ქვეშევრდომები იყვნენ, თუმცა უწინ მათნი წინაპარნი ტყვედ დაჭერილნი ყოფილან და უკეთუ თქვენნი წინაპარნი, როგორც თქვენ თვითონ ამბობთ, ყმებსა ჰყიდდენ, ძალიან ცუდად მოქცეულან და დიდი ცოდვაც ჩაუდენიათ მეთქი. ყოველი კაცი ვალდებულია ღვთის სჯული დაიცვას მეთქი. ათი დღე კიდევ თავისთან დამიჭირა და მანახა თავისი სახლები, ბაღები და ეკკლესიები, რომელიც თავის სამთავროში თორმეტია და ყველას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს. რა გაიარა პეტრე-პავლობის დღესასწაულმა, რომელიც დიდის ამბით გადაიხადა ღვთის მშობლის ეკკლესიაში, მრავალის მხლებლებითურთ წავედით არქიეპისკოპოსს დრანდელთან, რათა მოესმინათ ჩემი წირვა წმიდა ანდრიას ეკკლესიაში. სხვა ეპისკოპოსებმა ნება არ მომცეს წირვის შესრულებისა თავიანთ ეკკლესიებში, ამისთვის ვწირავდი პატარა ეკკლესიებში, რომლებიც აქ ბევრია. ხსენებულ ეკკლესიაში ნება მომცეს, რადგან ახლოა აფხაზებთან, რომლებთანაც ქართველებს ძრიელ ცოტა მეგობრობა აქვსთ. მთავარმა დიდის მოწიწებით მოისმინა წირვა და ერთთავად იყო დაჩოქილი, როგორც მე ვნახე დაჩოქილი ლოცვის დროს. ერთხელ დამინახა, რომ გულიდგან ჯვარი ჩამოვიხსენი და ერთ მაღალს ადგილს დავასვენე. რათა მის წინაშე მელოცნა. ამანაც იმ დღიდგან ჩვეულებად გაიხადა: მოიხსნიდა ხანჯალს, დაარჭობდა მიწაზე, ზედ ჩამოჰკიდებდა იერუსალიმიდგან მოტანილს ნაწილს, რომელიც გულზედ ეკიდა და ასე ლოცულობდა. უწინ კი ჩვეულებრივ აღმოსავლეთისკენ ლოცულობდა. რადგან მთავარი მკაცრად არ მისდევს ქართველების ტიბიკონს და ძალიან პატივსა სცემს ჩვენს წესსა, ამიტომ აქ მოქმედება მეტად ნაყოფიერი იქმნებოდა. მთავართან სამ თვეს დავრჩი, მერე გამოვესალმე და ვუთავაზე ერთი პოლონეთიდგან მოტანილი შუშის დრაფინი რვა ლულიანი, რავდენიმე ბროლის თასი, დემეტრიელი ბაიოსაგან ნაჩუქარი ორი დანა და ერთიც შვენიერი კოლოფი. იმან ყველაფერი დიდის სიამოვნებით მიიღო და მითხრა, რომ ახლა საჩუქრად არაფერს გაძლევ, რადგან შენ მობრუნებას მოველი, რათა კარგად დაგასაუქროო. დიდად სთხოვა არქიეპისკოპოსს, რომ წამომყოლოდა ქობულეთს
(Coblet) საქართველოში. რადგან მასთან ბევრხანს დავრჩი, ის ხომალდი რომლითაც მოვედი, კიდეც გაბრუნებულიყო. ათ დღეს ეპისკოპოსთან დავრჩი. იმასაც ვაჩუქე წვრიმალი რამეები. გარნა მან მთხოვა საჩუქრად ვერცხლის ჯვარი, რომელიც ზედ მქონდა. ამ ჯვარს წირვის დროს ტრაპეზზედ ვასვენებდი და ეგრეთვე ავადმყოფთან საზიარებლად ყოფნის დროს ტაბლაზე ვასვენებდი. იმანაც მოინდომა ერთი ყმაწვილი ეჩუქებინა ჩემთვის, მაგრამ რადგან თათრების ადგილში უნდა გამეარა და იქ შეიძლებოდა წაერთმიათ, ამიტომ არ გამოვართვი. ესეც თან წამომყვა ოთხი დღის სავალზე კათალიკოსთან, რომელიც არის თავი 12 ეპისკოპოსისა და რომელსაც ჩემი ნახვა ძრიელ უნდოდა (13). იმან დიდის პატივით მიმიღო, თავისთან დამიჭირა 10 დღეს, მაჩვენა თავისი წმიდა გიორგის ეკკლესია, დიდად ნაშენი და საკმაოდ შვენიერი, ახალი მხატვრობაც აქვს. მთხოვა, სამუდამოდ მასთან დავრჩენილიყავი, გორში პროპაგანდისაგან გაგზავნილ და იქ დარჩენილ თეათინელ მღვდლებსავით, რადგან თვითონ მთავარიც დიდათ ნატრობს თავის სამთავროში ესრეთი მღვდლები ჰყავდეს. სხვა ძვირფას საგნებ შორის, მიჩვენა თავისი მიტრა, რომელიც ჩვენის ეპისკოპოსების მიტრასა ჰგავს და სულ ერთიან ძვირფასი თვლებით მოჭედილია. ვუთავაზე ერთი ჭურჭელი თრიაკით სავსე და სხვა წვრიმალი რა გინდ არა, რაიცა ძრილ სასიამოვნოდ დაურჩა. იმანაც მითავაზა ერთი ყმა, მაგრამ შიშის გამო არ წამოვიყვანე და ვთხოვე, ჩემთვის შეენახა. ეგრეთვე მივაბარე 25 ლიტრა თაფლის სანთელი. იქიდგან თან გამომაყოლა ოთხი თავისი კაცი, რომელიც ორი დღის სავალზეა...
„ჩემის მსახურით და მოენით გავიარე აფხაზეთში თავად პუტოსთან. საჩერქეზოში, სადაც კი მონათლული ბავშები მყავდა, მენავე არსად გაჩერდა. ზამთარი ხსენებულ მთავართან გავატარე. იმ დროს მონათლულებს ვასწავლიდი საქრისტიანო მოძღვრებას და 40 სხვა კიდევ მოვნათლე. გაზაფხულზედ პუტოს მოვთხოვე ჩემთვის ნაჩუქარი პატარა ყმა ქალი. ეგრეთვე მოვაყვანინე არქიეპისკოპოს დრანდელთან დატოებული ყმა და ჩემი წირვის შესამოსებიც მოვატანინე. იქიდგან ერთისა და იმავე ხომალდით გავბრუნდი კაფაში, რომ მენახა, ევროპიდგან მონაზონები მოსულიყვნენ თუ არა, რათა თან წამომეყვანა"...

არც ეს წერილი გვიჩვენებს ნაკლებად თუ წინანდელს და თუ იმ დროის კათოლიკების კვალსა. რადგანაც ეს წერილი ვრცელია, ამისათვის ჩვენ მის განმარტებაში აღარ შევალთ: უამისოდაც ამტკიცებს ჩვენს ზემოდ გამოთქმულს აზრს.
აწ საჭიროა გამოვიძიოთ თეათინელების მისიონი. რადგან სამივე სამთავროში, ესე იგი, გურიას, სამეგრელოს დი იმერეთში იმოქმედეს, გვინდა ვილაპარაკოთ სამივეს შესახებ. სიადვილისათვის იძულებულნი ვართ გავყოთ ეს თავი სამ ნაწილად, რათა საბუთები ერთმანერთში არ ავურიოთ, არამედ ყველა თავთავის ალაგას მოვიხსენიოთ. ჯერ დავიწყებთ გურიიდგან.



1 2 3 4 5


megobari saitebi

   

01.11.2016