გურიის ეკლესია-მონასტრები
შესავალი
მე წარმოშობით ლიხაურელი ვარ. ღვთისკაც ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლის ერთ-ერთი პატარა შვილი, მთელი ჩემი არსებით, რომ მიყვარს ადგილის დედა-ის ლამაზი ალაგი, სადაც დავიბადე და გავიზარდე.
ამ მიწა-წყლის შვილობა ვიცი, რომ ბევრს მავალებს!... უკეთ შევისწავლო ჩემი პატარა გურია და ის სიძველეები დღემდე რუდუნებით, რომ მოგვიტანია და გადაგვირჩენია.
გამოვთქვი თუ არა სურვილი მონაწილეობა მიმეღო პროექტში “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველამ არ გავიარე, რაა მამული?!” გადავწყვიტე გურიის უმთავრესი ეკლესია-მონასტრებს ერთხელ კიდევ გავცნობოდი და საკუთარი ფეხით მომევლო ეს უფლისაგან კურთხეული ადგილები, ჩვენდა სასიხარულოდ, ეკლესია-მონასტრები სიმაღლეს იმშვენებენ...
დღევანდელ გურიაში ქრისტიანული ღვთისმსახურება და სულიერი ცხოვრება, რომ ყვავის, ამას მოგვითხრობს ჩემი მოკრძალებული ნაშრომი...
ლიხაურის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
შვიდი საუკუნეა სოფელ ლიხაურს, როგორც ძველად ეძახდნენ “რეხუელს” ან “ლეხუერს”, შემაღლებული ადგილიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი გადმოჰყურებს.
|
lixauris monasteri |
იგი ოდნავ შემაღლებულ ადგილას, ამავე სოფლის შუაგულში მდებარეობს. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. მას დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული, ასევე გვიანი პერიოდისაა ეკლესიის სამხრეთი ფასადიც, რომელიც მორღვეულია და ქვითა და აგურით აღუდგენიათ, დაახლოებით XV-XVI საუკუნეებით თარიღდება ეკლესიის სამრეკლო, სამრეკლო ელენე დედოფალს და მამია გურიელს აუგიათ, სამწუხაროდ, ყურძნის მტევნებისა და ფოთლების გამოსახულებანი სამრეკლოს არ შემორჩენია. ეკლესიის მოხატულობა კი რამდენიმე წლის წინ ფრესკების განახლების მიზნით რესტავრატორებმა ჩამოფხიკეს.
ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი 1352 წელს კახაბერ გურიელმა ვარდანის ძემ გურიისა და სვანეთის ერისთავმა ააშენა. ეკლესია კომუნისტების დროს დაკეტილი იყო და ხალხს არ უშვებდნენ.
გადმოცემით, კომუნისტებმა ეკლესია დაარბიეს და წაიღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ტაძრის ოთხთავის სახარება კი იქ მოღვაწე ბერ-მონაზონმა ნესტორ კონტრიძემ გადაარჩინა. ოთხთავის სახარება ტყავზე იყო დაწერილი, რომელიც ხუცურით იყო ნაწერი.
|
mama nestori |
მამა ნესტორი ასევე შემომქმედი იყო მრავალი ხალხური სიმღერისა და საგალობლისა, იგი ბოლშევიკებისაგან შეურაცყოფილი 1931 წელს გარდაიცვალა გაჩენილი სიმსივნით, როცა კომუნისტებმა ლითონის შურდულზე დამაგრებული ბურთულა თვალში მოარტყეს სიმსივნე მაშინ გაუჩნდა. არის ვარაუდი, რომ იგი ეკლესიის ეზოში არის დასაფლავებული, შემდეგ სხვა მიცვალებული დაასაფლავეს, ამით ერთხელ კიდევ შეურაცხყვეს ეს თვალსაჩინო საეკლესიო მოღვაწე.
ლიხაურის ტაძარში ინახებოდა XI საუკუნეში დამზადებული მაცხოვრის ოქროს ხატი, XII-XIII საუკუნეების წმ. იაკობის ოქროს ხატი, XII-XIII საუკუნეების ტრიპტიხი პეტრე და პავლე მოციქულებისა და მთავარანგელოზების გამოსახულებებით, XIV საუკუნის ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, XVII-XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც “საზაროს” უწოდებდნენ. ამ ხატის წინაშე ხალხი ფიცს დებდა, თუ ვინმე ტყუილად დაიფიცებდა, ღვთისმშობელი შერისხავდა და ზარს დასცემდა, სახელწოდებაც აქედან მიუღია ხატს.
ტაძრის მახლობლად მდგარა მუხის ხე. აქ ხატზე გადასაცემად მოდიოდნენ. თ. სახოკია ასეთ ჩვეულებას აღწერს: “ ჩაარჭობდნენ თურმე ლურსმანს ძირამდე და იტყოდნენ: ლეხოურის ღვთისმშობელო, ამას და ამას (სახელი და გვარი) მანმდე ნუ მისცემ ხსნასა და შველას, სანამ კბილით არ ამოიღოს ეს რულსმანი მუხიდანო.” ცხადია, ეს ჩვეულება წარმართობის გადმონაშთი იყო.
ასევე ხალხი ამ მუხის ქვეშ კომუნისტების შემოსევის დროს ორმოს თხრიდა და ეკლესიის ძვირფას ნივთებს მალავდა. თურმე თანასოფლელებს ნესტორისათვის ისიც უთქვამთ მოძღვარო ახლა, ახლა გვიშველოს შენმა ღმერთმაო. “მეტი რაღა გითხრათ თქვენ ურწმუნოებამ და ღვთის გმობამ სულ გაგაგიჟათო.”- მიუგია ნესტორს.
1991 წელს კვლავ აღდგა ეკლესია. უახლოეს წლებში აქ მოღვაწეობდნენ: მამა ნიკოლოზი, მამა მათე, მეუფე გრიგოლი- რომელმაც ჩაატარა რესტავრაცია, მოახატვინა ეკლესია, შეიძინა ხატები. მეუფე გრიგოლის შემდეგ მოღვაწეობდა მამა ზაქარია (მარგალიტაძე), ხოლო ამჟამად ბერი ღირსი მამა იოსები აგრძელებს ღვთისმსახურებას.
ამ ტაძარს ჰყავს დიდძალი მრევლი. სანამ მაკვანეთსა და ჭანიეთში ააშენებდნენ ეკლესიებს, მანამ აქ დადიოდნენ ახლო სოფლებიდან ღვთის სიტყვას მონატრებული მორწმუნეები, გულით ქრისტიანები.
ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაზე მეცენატეობა თითქმის არავის გამოუჩენია, მაგრამ ამ ეკლესიისა და აჭის მონასტრის მომავლის იბრძვის ღირსი მამა იოსები და მისი ოზურგეთელი მეგობარი ილო მახარაძე.
ხშირად ეკლესიას ხატებით ეხმარება წარმოშობით ლიხაურელი ქალბატონი, ამჟამად თბილისში მცხოვრები, მზია-მარიამი.
ლიხაურის აჭის წმ. გიორგის მონასტერი
აჭის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე აჭისწყლის პირას განაპირა მხარეზე, ოდნავშემაღლებულ ბორცვზე დგას. ტაძრის ეზოში თლილი ქვის კიბის ასასვლელია, ეკლესია პატარა კვადრატული ფორმის ნაგებობაა.
ძველად მას გალავანიც უნდა ჰქონოდა. ის აუგიათ XIII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე აღნიშნულია აჭის ციხე-სიმაგრე, არსებობს ვერსია, რომ აჭის ეკლესია ლიხაურის ციხე-სიმაგრესთან ერთად ასრულებდა თავდაცვითი ნაგებობის ფუნქციასაც. არსებობს ვერსიაც, რომ აჭის წმ. გიორგის ეკლესია თვით გურიელების შეკვეთით იყო აგებული, რადგან გურიაში შესასვლელი ერთ-ერთი გზა ქობულეთ-ლიხაურის ტრასა იყო.
|
|
aWis monastris wm. giorgis |
wm. giorgis mooqrovili xati |
თურმე ამ ეკლესიას დიდძალი უძრავი ქონება ჰქონია. ვარდან და გიორგი გურიელების მიერ შეწირული ქონების სიგელი ქაიხოსრო თაყაიშვილს ჩავარდნია ხელთ და სიგელი გადაუმალავს.
ვამეხ დადიანს აჭის ეკლესიისთვის შეუწირავს სამი რამ: სამი კომლი გლეხი, ტყე და წყალი.
აჭის ეკლესიის წინამძვართაგან ცნობილია: ქაიხოსრო I და გიორგი III, გურიელების დროს სასულიერო პირი ნიკოლოზ თაყაიშვილი იყო, იოსებ თაყაიშვილი კი XVIII საუკუნეში მოღვაწე წინმძღვარი იყო, გამორჩეული პიროვნება, რომელიც შემდეგ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა, მასვე განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი, იოსების შემდეგ კი შემოქმედელი ეპისკოპოსი მოღვაწეობდა.
|
freska wm. giorgis wamebis scena |
აჭის ეკლესიიდან ჩემი ყურადღება მიიპყრო კედლის ბაზილიკურმა ფრესკებმა მე-13 საუკუნისას წარწერები ფრესკებზე ბერძნულად არის შესრულებული. მათ მხატვრობაში ჭარბობს ოქროსფერი, წითელი და ნათელი მწვანე ფერები, აჭის ეკლესიაში არის ფრესკები, რომლებზეც გამოსახულია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების ფრესკა და ქრისტეს მიერ 12 მოციქულის მეორედ მოსვლის განკითხვა.
აჭის ეკლესიაში თურმე ექვთიმე ღვთისკაცს (თაყაიშვილს) უნახავს ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჯვარი, რომელზეც მედალიონები აღარ იყო შემორჩენილი. ჯვრის მეორე მხარეს ასომთავრული წარწერა მან ასე წაიკითხა:” ძელო ცხოვრებისაო, მეოხ ეყავ შენთა მკობთა დღესა მას განკითხვისასა, შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიასა (თუ ბეთლემსა?) ღვთისმშობლისა. ოქროსა და ვერცხლის წმინდისა, უფლებასა დედოფლისა თამარის, ადიდენ ღმერთმან.” ჩანს, რომ ჯვარი თამარ მეფის დროს არის გაკეთებული ბეთანიასა თუ ბეთლემს.
|
ornamenti dasavleT kedelze |
რაც შეეხება მონასტრის გარე მხარეს, მისი სამხრეთ კარის თავზე ხუთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: “წმინდათ გიორგი, მეოხ ექმენ პატრონთ საღირს რატის და უშანიანს და მეოხ ექმენ ნიკოლოზ აზიელსა და გალატოზთა მიქაელს და მხეციძესა.” მონასტრის გარე მხარეს დასავლეთ ნაწილში ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც თან ახლავს ვაზის მტევანი. ეს ერთადერთი ეკლესიაა, სადაც არის ასეთი გამორჩეული სიმბოლო.
აჭის მონასტერი მამათა მონასტრად წირვა-ლოცვის აღდგენიდან 1990 წლიდან 2005 წელს იკურთხა.
ოზურგეთის წმ. ნინოს სახელობის ეკლესია
|
wm. ninos eklesia |
1989 წლამდე აქ ყოფილა მუზეუმის შენობა. ბათუმ-შემოქმედის ეპისკოპოსი იობის (აქიაშვილი) დროს გადაეცა აპარქიას და გაიხსნა სამლოცველო, უახლოეს წლებში მოღვაწეობდნენ არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ღლონტი), მღვდელი ბასილი (კიკვაძე).
1996 წელს როცა გაიყო ბათუმ-შემოქმედის ეპარქია, შენობა გადაეცა შემოქმედის ეპარქიას, ეპისკოპოს იოსებს (კიკვაძე) რეზიდენციად. 1987 წელს რეზიდენციაში გაიხსნა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, სადაც მოღვაწეობდა შიო (მენაბდე).
1998 წლიდან წიმანძღვარი არის დეკანოზი ბასილი (კვირჩილაძე). ეკლესიაში საგანგებოდ აღნიშნავენ ნინოობას.
ოზურგეთის მშენებარე ეკლესია
ოზურგეთის მშენებარე ეკლესია არის ღვთისმშობლის შობის სახელობისა. მისი მშენებლობა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს. აღსდგა 2002 წ. ძირითადი მეცენატი ვანო ჩხარტიშვილი. ტაძრის დღესასწაულია 28 აგვისტო.
ტაძარი სრულ ფორმაში მოყვანილი იქნება დაახლოებით ერთი წლის ფარგლებში.
შემოქმედის დედათა მონასტერი
1990 წლამდე აქ იყო დუმბაძეების სახლ-კარი, სადც ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება დიმიტრი დუმბაძე.
ეს ადგილი ადრე იყო ცნობილი პიროვნებების ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელის შესაკრებელი.
არსებობს თქმულება, რომ მონასტრის ეზოში აკაკი წერეთელმა საკუთარი ხელით დარგო თხილის ნერგები. (ეს ცნობა მომაწოდა დედა ნისიმემ ხაზი ჩემია თ. მ)
კომუნისტებმა დიმიტრი II დიმიტრი I–ის შთამომავალი დაითანხმეს, რომ აქ აეშნებინათ რუსი მსახიობის ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუზეუმი, რის სანაცვლოდაც მამულებს დაჰპირდნენ.
დანჩენკოს მუზეუმის შემდეგ ეს მიწა შეისყიდა აქ მოღვაწე არქიმანდრიტმა მამა ნიკოლოზმა და დაარსა სასულიერო სასწავლებელი, რითაც შეუფასებელი მადლი გაუწია შტამომავლობას.
|
|
wm. nikolozis saxelobis dedaTa monasteri |
|
მონასტერი 1990 წლიდან იკურთხა დედათა მონასტრად. აქ იყო იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს ხატი, გაბრიელ ტუსკიას მიერ მოჭედილი. ხატი მამა ნიკოლოზმა აუქციონზე შეისყიდა და განადგურებას გადაარჩინა. ხატი დედათა მონასტერში ინახებოდა, ხოლო შემდეგ , როცა უდაბნოს მონასტერი აშენდა, მამამ ის უდაბნოს მონასტერს დაუბრუნა.
|
RvTismSoblis mironmdinare xati |
წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტერს მფარველობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მისი მობრძანების ისტორია ასეთია, ერთ ჩვეულებრის კაცს გამოეცხადა ღვთისმშობელი და უთხრა, დამხატე და შემოქმედის დედათა მონასტერში დამასვენეო. კაცმა დახატა ღვთისმშობლის ხატი და შემოქმედის ეკლესიაში დაასვენა. მოგვიანებით, როცა ხატს ყვავილები დაადეს, მას სისხლი წარმოდინდა. (ხაზი ჩემია თ. მამინაშვილი) ამჟამად ხატი მონასტერში ასვენია.
მონასტრის რვა წმინდანი ტაძრის კედელზე ლაშა კინწურაშვილმა მოხატა, მასვე მოუხატავს მოსკოვში მდებარე ქართული მონასტერი, საკურთხეველი და კანდელი კი ფერისცვალების დედათა მონასტრის მოძღვარმა მამა იოსებმა.
|
deda naimesTan erTad |
როგორც უკვე ვთქვით, შემოქმედის წმინდა ნიკოლოზის დედათა მონასტერში სამონასტრო ცხოვრება 1990 წლიდან მიმდინარეობს, აქ მოღვაწე დედების ძირითადი საქმიანობა წიგნების თარგმნა, გამოცემა და ქარგვაა.
გამოცემული აქვთ თორმეტამდე წიგნი, შევეცადი თვალი გადამევლო ამ გამოცემებისათვის:
1. ნეტარი იოანე მაქსიმოვიჩი ბოლო დროის სასწაულმოქმედი.
2. რელიგია და მეცნიერება.
3. მართმადიდებლობა და მონარქია.
4. ღირსი ოპტინელი მამები.
5. წმინდა კანონიზაცია.
6. ქორწინების საიდუმლო.
7. 6-სიტყვა მღვდლობის შესახებ.
8. ლოცვანი.
9. ბედი ქართული ეკლესიისა.
10. პატერიკები.
11. 1000 შეკითხვა დედაეკლესიას.
12. ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში (კირიონ კათალიკოსის ნაშრომიდან).
სულ ახლახან მოიქარგა სუდარა ზვიად გამსახურდიას ძვლებისათვის, რითაც გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა საქართველოს პრეზიდენტისა და დიდი მამულიშვილისადმი. სუდარაზე გამოსახულია რამდენიმე სიუჟეტი ახალი აღთქმიდან: ჯვარცმა, ღვთისმშობელი, მაცხოვარი, წმინდა გიორგი, წმინდა ნიკოლოზი, ვაზი და სტრიქონები ახალი აღთქმიდან. ეს სუდარა შესრულებულია ფაქიზად, გემოვნებით, ერთგვარი გატაცებით.
შემოქმედის (მაცხოვრის) ეკლესია–მონასტერი
შემოქმედის მაცხოვრის სახელობის ეკლესია–მონასტერი მდინარე ბჟეჟის მარცხენა ნაპირზე დაბალ მთაზეა აშენებული. იყო დრო, როცა ეკლესია წარმოადგენდა გურია–სამეგრელოს ეპარქიას, ერთი პერიოდი კი, ქუთაისთანაც იყო შეერთებული.
შემოქმედის ეკლესია–მონასტერი ელენე დედოფლისა და მამია გურიელის ინიციატივით აიგო. ეკლესია ორი ტაძრისაგან მაცხოვრისა და ზარზმისაგან შედგება, ეკლესიის აგების თარიღი სავარაუდოდ XIII-XIV საუკუნეებს ეკუთვნის.
|
|
Semoqmedis zarzma |
Semoqmedis macxovris eklesia |
საუკუნეების მანძილზე მონასტერი მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერენგით შომოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს. ამ განახლების შესახებ უნდა მოგვითხრობდეს ეკლესიის წარწერები: ”ქ(რისტ)ე ყ(ოვლა)დ ძლ(იე)რო.” შეიწყალე აფხ(ა)ზთ(ა) კ(ათალი)კ(ოს)ი ბ(ა)ტ(ონ)ი მ(ა)ქსიმე ამინ (1,105).
მაქსიმე ჯერ შემოქმედის ეპისკოპოსი გახლდათ, ხოლო 1639 წლიდან აფხაზეთის კათალიკოსი. შემოქმედის აღმოსავლეთ ფასადის ლავგარდანის ქვეშ დატანილ წარწერაში იხსენიება იაკობი.” მე ფ(რია)დ ც(ოდვ)ილი იაკ(ო)ბ (1,105).
იგი XVII საუკუნის მოღვაწე გახლდათ და როგორც ჩანს, მაქსიმეს დროს დაწყებული სამუშაოები მას დაუმთავრებია. რაც შეეხება შემოქმედის ზარზმას, იგი გუმბათით დასრულებულ ერთ ნავს წარმოადგენს ხუთწახნაგა აფსიდით. შემოქმედის ზარზმა 1572 წელს აშემდა, თუ რატომ და რისთვის? ამას ვიგებთ ერთ–ერთი ძველი დოკუმენტით” ოგიტიძეების საგვარეულო სიგელით.”
ზარზმის ფერისცვალების ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო დაბრძანებული ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც ახალციხიდან ხარზე დაუკრავთ და თურმე ხატი იქ უნდა დაებრძანებინათ, სადაც ხარი გაჩერდებოდა. აი, ასე მოხდა ეს ხატი ამ მონასტერში, რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მის აღმშენებლად ერთგან ვახტანგ I გურიელი, ხოლო მეორეგან მამია II გურიელი მოიხსენიება, უნდა მოგვითხრობდეს ორივეს განუზომელ ღვაწლზე. ამ მნიშვნელოვან საქმეში, საგულისხმოა, რომ ვახტანგ I–ის მეუღლე სამცხის ათაბაგის ასული თამარი გახლდათ, სწორედ თამარის ინიციატივით დაიწყო სამცხის სიწმინდეების გადახიზვნა და შემოქმედში ზარზმის ეკლესიის მშენებლობა.
შემოქმედის ეკლესიაში ინახებოდა: გიორგი გურიელისა და ელენე დედოფლის მიერ შეწირული მაცხოვრის ხატი, ვახტანგ I გურიელის მეუღლის დედოფალ თამარის შეწირული ღვთისმშობლის ოქროს ხატი ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატის გარშემო დაკრული იყო სხავადასხვა დროს შესრულებული 17 ფირფიტა სახარებისეული სცენებითა და წმინდანების გამოსახულებებით. ამ ხატს შუაგულში მოთავსებული აქვს ღვთისმშობლის ჩასადგმელი ოქროს ხატი 24 ძვირფასი თვლით მამია II გურიელისა და დედოფალი თინათინის შეწირული, მასზე დატანილი წარწერის თანახმად, ყოველ ახალ წელს მეკვლეობას, ამ ხატს მთავართან მიასვენებდნენ, ამგვარადვე ულოცავდნენ აღდგომას. ხატი ოქრომჭედელ ივანე წიქრიძეს შეუსრულებია 1601 წელს. მამია II და დედოფალ თინათინის შეწირული იყო მაცხოვრის ოქროს ხატი. შემოქმედი სოფელ გოგოეთიდან იყო გადმოსვენებული წმინდა დემეტრეს მოოქროვილი ვერცხლის ხატი. სპონიეთიდან იყო გადმოსვენებული მოოქროვილი ვერცხლის ხატი ღვთისმშობლისა, წმ. გიორგის ხატი ამაღლებიდან, წმ. გიორგის ოქროს ხატში, რომელსაც ასეთი წარწერა აქვს ” წმიდის გიორგის, ხორხი და ძვალი.” როგორც ჩანს ამ ხატში წმინდა ნაწილები იყო დაცული.
საეკლესიო ინვენტარიდან აღსანიშნავია ნიკოლოზ შემოქმედელის განახლებული ოქროს 46 ძვირფასი ქვით, ოქროს ფეშხუმი ოქროს მასიური დაფარნა და ჯვრის მტვირთველის მიერ სამწუხროში გამოსასვენებელი ჯვარი, მოოქროვილი ვერცხლის ბურთულაზე 46 ძვირფასი ქვით, XVII-XVIII საუკუნეების ვერცხლით მოჭედილი სახარების ყდები. შემოქმედის ფერისცვალების ტაძარში ინახებოდა არანაკლებ საინტერესო ინვენტარი სახელწოდებით ”გულანი”, რომელიც მამია IV გურიელის დაკვეთით 1749 წელს ხელით დაუმზადებიათ ათანას, იოანეს, მღვდელ საბასა და იოსებ ტუსკიას. მუშაობა 18 წლის მანძილძე მიმდინარეობდა, იგი დაახლოებით 32 კგ–ს იწონიდა და 1400 სქელი ქაღალდის ფურცლისაგნ შედგებოდა. ”გულანი” წლის ყველა დღისა და დღესასწაულისათვის საეკლესიო საეკლესიო საკითხავებისა და ლოცვების კრებულს წარმოადგენდა. იგი ამჟამად ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.
XVI-XVII საუკუნეებში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის ძვირფასმა ნივთებმა. მათგან აღსანიშნავია ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება.
ზარზმიდან გადმოსვენებული მეორე სიწმინდე იყო ლაკლაკისძეთა ღვთისმშობლის ხატი, XI საუკუნის ქართული ოქრომჭედლობის ბრწყინვალე შედევრი.
სამცხე სათაბაგოს ეკლესიებიდან გადმოუსვენებიათ მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, ღვთისმშობლის ოქროს ხატი, 32 ძვირფასი თვლით შემკული მღვდელმთავრის კვერთხი, ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული 117 ძვირფასი თვლით და შესანიშნავი სიფაქიზით ნაკეთები წვრილ მოზაიკური ჯვარცმით, ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის ხატი, რომელიც ქაიხოსრო გურიელს 700 მარჩილად შეუძენია და სათაბაგოდან ჩამოუსვენებია. ხატი წმინდა ნაწილებით ყოფილა შემკული, მაგრამ დაზიანებული. იგი ჯერ იაკობ შემოქმედელს, ხოლო შემდეგ ნიკოლოზ შემოქმედელს განუახლებია.
როგორც ყველა დიდძალი ქონების პატრონი მონასტერი, ვერც ეს მონასტერი გადაურჩა მძარცველთა ხელს.
1828 წელს შემოქმედის არქიმანდრიტი აღნიშნავდა: ”ზედა დასხმიან უსჯულოთა აგარიანთა მრავალი ეკლესიის ნივთთაგანი დაკარგულნი არიან.”
|
meufe iosebi |
1861 წელს მაჰმადიან აჭარლებს გაუძარცვავთ მონასტერი. 1919 წლის 6 აპრილს გაზეთ ”საქართველოში” გამოქვეყნებული კორესპონდენცია შემოქმედის გაძარცვას იუწყებოდა, ”მთელი სიმდიდრე 30 მილიონ მანეთად ღირებული: პატიოსანი თვლებით მოოჭვილი მიტრა, ძველი ხატები, ოქროქსოვილები სულ ჩაუტანიათ ბათუმს და იქიდან ოსმალეთში გაუგზავნიათ.”
შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში. საბედნიეროდ, ისინი დაღუპვას გადაურჩნენ და დღეს კვლავ საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენენ. გარდა იმისა, რომ XIX საუკუნეში შემოქმედის მონასტერმა დაკარგა კუთვნილი განძი, ტაძარიც საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. პრესაში გამუდმებით იბეჭდებოდა წერილები შემოქმედის სავალალო მდგომარეობის შესახებ. ამას ემატებოდა დარაჯთა უყურადღებობა და წვიმის წყალი, რომელმაც საშინლად დააზიანა ეკლესია და მონასტერი საბოლოოდ გაანადგურა, მისი განახლება არავის და ვერავის წარმოედგინა, მაგრამ 1995 წელს მოხდა სასწაული. განახლდა ეკლესია და აღსდგა წირვა-ლოცვა. ეკლესიის განახლებაში უდიდესი წვლილი მამა ნიკოლოზს მიუძღვის. ექედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ტაძარში:
1921 წლიდან აღარ ისმოდა გალობა.
1844 წელს ეპისკოპოსი არ მჯდარა.
1995 წელს აღსდგა ეპარქია.
|
baTum-Semoqmedis eparqiis mRvdelmTavrebi da monazvnebi |
1989 წელს აღსდგა ღვთისმსახურება, ხოლო 2005 წლიდან განახლდა სამონასტრო ცხოვრება. დღეისათვის მონასტერს სათავეში უდგას ბერი მამა ელიზბარ (ბაბუხადია). შემოქმედის ეკლესიაზე მეცენატეობას ძალიან იშვიათად იჩენენ, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მცირედ დახმარებას მაინც ღებულობენ. ეს იქნება ფრესკების შეკეთება და სხვა. აქ მოღვაწეობდნენ:
1. ბესარიონ მაჭუტაძე-XVI ს.
2. მაქსიმე მაჭუტაძე-XVII ს.
3. იაკობ დუმბაძე-XVII ს.
4. მალაქია გურიელი-XVII ს.
5. დავით ნემსაძე-XVII ს.
6. იოანე არქიეპისკოპოსი-XVIII ს.
7. ნიკოლოზ I გურიელი-XVIII ს.
8. იოსებ თაყაიშვილი-XVIII ს.
9. ნიკოლოზ II შერვაშიძე-XIX ს.
10. იოსებ კიკვაძე-XXI ს. იგი ამჟამად აგრძელებს ღვთისმსახურებას.
უდაბნოს მონასტერი
იოანე ნათლისცემლის სახელობის უდაბნოს მონასტერი ჩოხატაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთით ამაღლების მთის ფერდობზეა აღმართული.
უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული ეკლესიაა, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, იგი მონასტერი ყოფილა. უდაბნო უშენ ადგილს ნიშნავს, ხოლო მეუდაბნოება ბერ-მონაზვნობის ის სახე იყო, როდესაც განდეგილი განმარტოებულ ცხოვრების წესს ეწეოდა.
უდაბნოს ეკლესია ნახევრად კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობაა. ამას გარდა მთაგრეხილის ქვედა ნაწილში კიდევ ოთხი გამოქვაბულია, რომელთაც ხელოვნურად აქვთ მიცემული აფსიდის ფორმა და ამდენად სავარაუდოა, რომ მათ სალოცავად იყენებდნენ.
უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი ძველია გურიაში, მისი აგების თარიღი დღემდე სადავოა. დ. ბაქრაძე უდაბნოს XVIII საუკუნის ძეგლად მიიჩნევს, დამაარსებლად კი იოსებ ტუსკიას ასახელებს. ზოგიერთი მეცნიერი VI საუკუნეს აკუთვნებს, მაგრამ არც ართი და არც მეორე მყარ ინფორმაციას არ ეყრდნობა.
ამაღლების მთის ფერდობზე ზედა ნაწილში მღვიმე ეკლესიიდან , 200 მ-ის მოშორებით, მდებარეობს იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც 1858 წელს აუშენებიათ, იგი 1958 წლამდე ხელუხლებლად იყო შემონახული, ხოლო შემდგომ ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო მასალის იოლად მოპოვების მიზნით დაუნგრევია.
უდაბნო საკმაოდ მდიდარი მონასტერი იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები. მათ შორის იოსებ ტუსკიაც, რომელიც შემოქმედის ”გულანის” ერთ-ერთი გადამწერია და სწორედ მან მოაჭედინა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის იღუმენიც ტუსკია ყოფილა.
ძველად მონასტერს წიგნსაცავიც ჰქონდა, რომელთაგანაც აღსანიშნავი იყო უდაბნოს მრავალთავი, იგი სიგრძით 34 სმ, ხოლო სიგანით 30 სმ ყოფილა.
1920 წელს უდაბნოს ბერებს ა. შანიძესათვის დაუთმიათ ერთი ხელნაწერი ”უდაბნოს მრავალთავის”. შემდეგში ა. შანიძეს პეტერბურგში აღმოუჩენია 8 ფურცელი, ძველი მრგლოვანი ხელნაწერისა, რომელიც მაშინვე ”მრავალთავის” გაგრძელებად მიუჩნევია და სასწრაფოდ საქართველოში გამოუგზავნია. ასევე მრავალთავის ერთი ფურცელი თედო ჟორდანიას ოზურგეთში მოუპოვებია, ეს ნაწილები ამჟამად ერთად არის თავმოყრილი და ხელნაწერთა მუზეუმში ინახება. უდაბნოს მონასტერში ასევე დაცული იყო იოანე ოქროპირის სახარება.
XX საუკუნუს 40-იან წლებში კომუნისტებმა დაარბიეს მონასტერი და მისი წიგნთსაცავიც გაანადგურეს.
ღვთისმსახურება 1991 წელს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღსდგა, 2001 წელს კი მთავარეპისკოპოსმა იოსებმა(კიკვაძე) აღადგინა სამონასტრო ცხოვრება.
რაც შეეხება მეცენატეობას ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შეწირულია 4 ზარი და ხატები. უდაბნოს მამათა მონასტერში ამჟამად 7 ბერი და 10 მორჩილი მოღვაწეობს.
სამება-ჯიხეთის მონასტერი
სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი მდებარეობს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჯიხეთში ნიგოითის მთაზე. იგი თავისი სულიერი ცხოვრებითადა მოღვაწეობით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სავანეა. მასში აღსანიშნავია ის, რომ წირვა ლოცვა კომუნისტების დროსაც კი ერთი დღითაც არ შეფერხებულა.
სამონასტრო ცხოვრებას ჯიხეთში XIX საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი დედა ელენე მგალობლიშვილმა ჩაუყარა.
ელენემ თავი მოუყარა სხვადასხვა სოფლის მოსენაკე-მონაზვნებს და სამონასტრო ცხოვრება გააჩაღა.
იმ დრისათვის ეს ადგილი თავად მაჭუტაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც შეიწყნარა დედათა ლოცვა-ვედრება და მონასტერს ჯიხეთის მამული შესწირა. 1896 წელს აქ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია ილარიონ მენაბდის ხემძღვანელობით აიგო, ხოლო 1987 წელს კი მას სამრეკლოც მიამატეს.
1984 წლიდან მონასტრის წინამძღვარია ანდრია კბილაშვილი, რომლის დამსახურებითაც 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს კი წმინდა იოანე ნათლიმცემლის მუცლადღების პატარა ტაძარი აქვე მოეწყო სანათლავი ემბაზი, რომლებშიც აღესრულება ნათლობის წმინდა საიდუმლო.
ამჟამად მონასტერში 12 მონაზონი და მორჩილი აგრძელებს ღვთისმსახურებას.
ჯუმათის მონასტერი
ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონული ცენტრიდან 14 კმ-ით არის დაშორებული. ტაძარი აღმართულია ჩოხატაურის ქედის ერთ-ერთ თხემზე, კერძოდ ჯუმათის მთაზე, ჯუმათის მონასტერი 235 კომლ გლეხს ფლობდა, მის ეპარქიაში კათედრალური ცენტრის გარდა 35 ეკლესია-მონასტერი არსებობდა. ჯუმათის მონასტერი შემოქმედის შემდეგ ყველაზე თვალსაჩინო როლს ასრულებდა გურიის ისტორიაში, აქურ მწყემსთავართვის ჯუმათის ეკლესია საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა, ჯიმათელ ეპისკოპოსთა რეზიდენცია იყო მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ეკლესია, თავად ჯუმათის მონასტერიც მთავარანგელოზთა სახელობისაა. ეკლესია ადრე ჯუმათის საეპისკოპოსოს წარმოადგენდა, 1844 წელს კი ეგზარქოსის გადაწყვეტილებით გაუქმებულა. ტაძარი დაახლოებით XV საუკუნისა უნდა იყოს, თუმცა მისი აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, 1840 წელს კი მთავარანგელოზთა ეკლესიაზე ღვთიმშობლის ეკვდერი მიუდგამთ.
ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა აღმოსავლეთ ნახევარწრიული აფსიდით. ტაძარი ნაგებია ქვით.
ჯუმათის ეკლესია სიძველეთაგან გამორჩეული ყოფილა წმ. გიორგის, მიქაელისა და გაბრიელის ხატები.
|
wm. giorgis xati |
წმინდა გიორგის ხატები ოქროში ნაჭედი მნიშვნელოვანი სიწმინდე ყოფილა. მასში მთვარმოწამე სრული ტანით, ფარით ხელშია გამოსახული ცხენის გარეშე: ხატი 1921 წელს მონასტრის გაძარცვისას დაკარგულა. გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატები კი მოოქროვილი და ძვირფასი ქვებით შემკული ყოფილან.
მიქაელის ხატის გარშემო 10 მინანქრის მედალიონი იყო შემოვლებული ქართული წარწერებით, გაბრიელ მთავარანგელოზის ხატს კი ამდენივე მედალიონი ბერძნული წარწერებით. ხატები სომეხ ფოტოგრაფს საბინ-გუს მათი განახლების მიზნით ეკლესიიდან წაუღია და რუს კოლექციონერ ზვენიგოროდსკისათვის მიუყიდია.
ამჟამად მედალიონები ნიუ-იორკის მეტროპოლოტენ მუზეუმში, ფინეთის, სანკ-პეტერბურგის, მოსკოვისა და თბილისის მუზეუმებშია დაცული.
საბჭოთა რეჟიმის დროს მონასტერი დაიხურა, 1990 წელს კი ღვთისმსახურება აღსდგა, ბოლო ათწლეულის მანძილზე კი გაცოცხლდა სამონასრტო ცხოვრება.
აქ მოღვაწეობდნენ:
1. სიმონ I ჩხეტიძე XVI ს.
2. მალაქია I გურიელი XVII ს.
3. ნიკოლოზ I მანველიშვილი XVII ს.
4. მალაქია II გურიელი XVII ს.
5. სესიაშვილი XVII ს.
6. მაქსიმე I მაჭუტაძე XVII ს.
7. მაქსიმე II შარვაშიძე XVII ს.
8. იოანე ბერიძე XVII ს.
9. გაბრიელ ჩიქოვანი XVIII ს.
10. ექვთიმე შარვაშიძე XVIII ს.
11. მაქსიმე III შარვაშიძე XVIII ს
12. სიმონ II აბაშიძე XVIII ს.
13. იოანე ხინოწმინდელყოფილი XVIII ს.
14. იოსებ თაყაიშვილი XVIII ს.
15. მაქსიმე IV ნიჟარაძე XVIII ს.
16. ნიკოლოზ II შარვაშიძე- XIX ს.
ჩემს თემაში მინდა შევეხო, მოქმედ ტაძრებთან ერთად რამდენიმე იმ მონასტერსაც, რომელთა ნაწილი მთლიანად დაანგრიეს ბოლშევიკებმა, ან მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი ჩემი მშობლიური გურიის მრავალჭირნახად მიწაზე.
ექადია, ბასილეთი, ვანისქედი, მელიქედური, მელიქედური, ოქროსქედი, მთისპირი, მთისპირი, ფამფალეთი, ბახვი, ვაკისჯვარი, სტეფანწმინდა, უჩხობი, კოტიზეთი, კარისყურე, წითელი მთა, დუაბზუ, ბოხვაური, ჭალა, მაკვანეთი, ქაქუთი, გურიამთა, პატარა ბიალეთი, კახური, მონასტერი, ზედობანი, ვაკე, ხრიალეთი, მიქელგაბრიელი, სამღთო, გოგორეთი, ახალსოფელი, კონჭკათი, გომი, სურები.
ჭანიეთი-მთავარანგელოზთა ეკლესია, ნაგები ხით. აქ ინახებოდა ღვთისმშობლის ვერცხლის ხატი, რომელსაც როგორც მისი წარწერა მოგვითხრობს ამაგრებდნენ ტარზე და დროშის სახედ იყენებდნენ. წარწერაში მოხსენიებულია დედოფალი რუსუდანი, რომელიც სავარაუდოდ, იყო და მეფე გიორგი III-ისა და თამარ მეფის მამიდა.
გორისფერდი- წმ. გიორგის ეკლესია, ნაგები ხით, თუმცა ძველად ის ქვით იყო აშენებული. XX საუკუნის დასაწყისში აქ შემორჩენილი იყო ძველი ეკლესიის ნანგრევები, რომელზე დაკვირვებითაც ე. თაყაიშვილი ასკვნიდა, რომ ტაძარი თავის დროზე (დაკვირვებითაც) გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, შემორჩენილი ყოფილა კანკელის ფრაგმენტები, რომელშიც გამოსახული იყო სახარების სცენა. გორისფერდში დარჩენილი ქვების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ გორისფერდის ეკლესია საუკეთესო ყოფილა გურიაში.
კვირიკე - წმ. კვირიკეს ეკლესია ნაგები ქვით. მოთარეშე ოსმალებს გუმბათი და ეკვდრები დაუნგრევიათ. დღეისაითვის ეს ეკლესია აღსდგა.
სტატიის ავტორი – თეონა მამინაშვილი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კ. მეგრელიძის სახელობის სოფ. შრომის საჯარო სკოლა VIII კლასი; თემის ხელმძღვანელი რუსუდან ცეცხლაძე.
ფოტო მასალა აღებულია ამავე სტატიიდან.
მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge.
|