მეფე გიორგი VIII ალექსანდრეს ძე
(1417–1476)
ბიოგრაფიული ცნობები გიორგი მეფისა და მისი ოჯახობის შესახებ გიორგი მეფის მამისშვილობა
გამეფების თარიღი
გიორგი მეფის პირველი და მეორე თანამეცხედრე
გიორგი მეფის შვილი
გიორგი მეფის ასულის დანიშვნა ბიზანტიის კეისარზე
ბრძოლა საქართველოს დანაწილებისა და მთლიანობის გამო მეფე-მთავართა შორის ყუარყუარე და აღბუღა ათაბაგი
ქართული წყაროების დუმილი შინაური ბრძოლის შესახებ და საქმის ნამდვილი ვითარება
ათაბაგის ცდა მესხეთის ეკლესიების საქართველოს დედა-ეკლესიისაგან ჩამოსაშორებლად
საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსების მედგარი ბრძოლა ქართული ეკლესიის მთლიანობის შესანარჩუნებლად
ათაბაგის ცდა მესხეთის ეკლესიების საქართველოს კათალიკოსის ხელთდასხმითგან განთავისუფლებულისათვის
მესხეთის ურჩი სამღვდელოების შეჩვენება კათალიკოსისაგან და ამის შედეგი
ამ ბრძოლის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვალსაზრისით
ბიოგრაფიული ცნობები გიორგი მეფისა და მისი ოჯახობის შესახებ გიორგი მეფის მამისშვილობა
|
giorgi VIII. sveticxoveli |
გიორგი მეფე ალექსანდრე I-ის ძე იყო. ამას მისივე 1449 წლის მცხეთისადმი ბოძებული სიგელი ამტკიცებს, სადაც ის თავის თავზე ამბობს: ჩვენ ”იესე-დავითიან, სოლომონ-ბაგრატიონიანმან ნებითა ღ˜თისათა აფხაზთა ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშა და შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა (sic) სამანთა კედართა თვით-ფლობით ჴელმწიფედ მპყრობელმქონებელმან მეფეთა მეფემან გიორგი ძემან დიდისა და მეფეთა შორის წარჩინებულისა და სანატრელისა ღ˜თივ გუირგუინოსნისა და ღ˜თივ დიდებულისა საკურთხეულისა მეფეთა მეფისა მონაზონისა ალექსანდრესმან” შეგწირე ეს მცირე შესაწირავიო. ერთს თავის სიგელში ამ გიორგი მეფეს თავის ჩამომავლობაზე და წინაპრებზე აქვს ცნობები მოთხრობილი. იქ ნათქვამია: ”ჟამსა პაპის ძმისა ჩუენისა მეფეთ-მეფისა გიორგისსა და მეფობასა და პატრონობასა შინა მისსა მოსულიყო” თემურ-ლენგი, რომელმაც სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ააოხრაო. შემდეგ ”მშჳდობა ყო საქართველოსა ზედა და შემდგომად ამისსა ღირს ყო ღ˜ნ მამა ჩუენი პატივსა მეფობისსა მოღებად”. მერმე ”ინება მოწყალებამან ღ˜თისამან და ორისავე ტახტისა ჴელმწიფედ მპყრობელ ვიქმენით” -ო და როგორც თავის დროს ”ესე სულკურთხეულსა მამასა ჩუენსა მეფეთა მეფესა ალექსანდრეს შეეწირნეს” და დაემტკიცებინა, ჩვენც ჩვენის მხრით დავამტკიცეთო.
გამეფების თარიღი
გიორგი მეფე 135 ქრონიკონს დამჯდარა მეფედ. ”დაიწერა გუჯარი ესე ჩუენი ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა ა: ქ˜კნსა რლე დეკემბერსა კე”-ო, ნათქვამია მისი მეფობის პირველი წლის საბუთში. დანარჩენ სიგელებში შემდეგი ცნობა მოიპოვება: ”დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქ˜კნსა რლვ (136), ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა მესამესა”. ”დაიწერა ბ˜ბა და სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა: გ(3) ...ქკ˜ნსარლზ (137) დეკემბერსა კე (25)”დაიწერა ბ˜ბა და სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა: ე:(5) ქ˜კნსა: რლთ: (139) ივლისსა: ა: (1)”.
დაიწერა ”ბრძანება ესე ქ˜კს: - რმა: - (141) აგუისტოსა: - ვ: - (6) ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეექუსესა”-ო. ”დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა ჱ(8), ქკ˜ნსა: რმა: (141) ნოემბერს იბ(12)”. ამ სიგელის მხოლოდ პირია შენახული.
დაიწერა ”წყალობისა სიგელი ჩვენი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩვენისასა მერვესა, ქ˜კს რმა(141)”. მაგრამ აქ ცხადი შეცდომაა, ეს სიგელი კონსტანტინე მეფისა უნდა იყოს. ”დაიწერა სიგელი ესე ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა იგ (13) ქკნ˜სა: რმჱ (148) იანვარსა ლ: (30)”.
გ. ჟურულის სასისხლო სიგელში ნათქვამია: ”დაიწერა ბრძანება ესე ჩუენი და სიგელი ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათოთხმეტესა ქკნ˜სა რმჱ (148) ივნისსა ათორმეტსა”.
”დაიწერა პიტაკი ესე ქრ˜კნსა: - რნა: - (151) თუესა სეკდენბერსა: - ბ: -(2) ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეაჩვიდმეტესა”-ო. გიორგი მეფის ტახტზე ასვლის თარიღის შესახებ მკვლევარნი შემდეგ აზრს ადგანან. თ. ჟორდანიას თავის ქრონიკებში ნათქვამი აქვს: მცხეთის სიგელი (№ 124) 1460 წ. ”ურდოველაშვილისადმი მიცემულია 30 იანვარს, მე-13 წელს გიორგის მეფობისას. რადგან ქვემოდაბეჭდილს ჟურულის გუჯარში, 12 ივნისს იმავე წლისას მიცემულში, აღნიშნულია მე-14 წელი გიორგის მეფობისა, ამის გამო საგულისხმებელია (თუ კი სიგელის დამწერი თვითონ შემცდარი არ არის), რომ გიორგი გამეფებულა 1447 წელს 30 იანვრის და 12 ივნისს შუა”-ო. ს. კაკაბაძესაც ერთს თავის პატარა 1912 წლის დაბეჭდილს წიგნში ”ვახტანგ უცნობი XV საუკუნის აფხაზ-იმერეთის მეფეთაგანი და მისი მემკვიდრე მეფე გიორგი”, ეხება რა ამავე საკითხს გიორგი მეფის 7 სიგელის ქრონიკონებისა და მეფობის ინდიქტიონების ჩამოთვლის შემდგომ, დაძენილი აქვს: ”ამის მიხედვით ადვილად შეიძლება გამოვიანგარიშოთ, რომ გიორგი IX მეფე გამეფებულა 1447 წლის 31 იანვარსა და 11 ივნისს შორის”-ო. მაშასადამე, ს. კაკაბაძეც თ. ჟორდანიას აზრს ემხრობა.
გიორგი მეფის ტახტზე ასვლის თარიღის გამოანგარიშების დროსაც ზემოდასახელებულ მკვლევართ ყურადღება არ მიუქცევიათ, ამა თუ იმ სიგელში მეფობის ინდიქტიონი სრულია აღნიშნული, თუ მხოლოდ მიმდინარე. ამ გარემოებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, ყველა საბუთების დედნები არ არის შენახული და გამომცემლებიც ჩვეულებრივ დედნობის ამ საკითხს ჯერჯერობით სათანადო დაკვირვებით არ ეპყრობიან და ხშირად არა ჩანს, დედნის მიხედვით არის გამოცემული სიგელი, თუ ძველი დროის პირის მიხედვით. ზოგიერთ სიგელში ინდიქტიონების ცნობა ცხადს შეცდომას უნდა წარმოადგენდეს და ასეთს შემთხვევებში საბუთის დედან-პირის შესახებს ცნობას, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა.
თუ სრული და მიმდინარე ინდიქტიონების სათვალავში მიღების აუცილებლობას გავითვალისწინებთ, უნებლიეთ ყურადღებას იქცევს ერთი 135 ქრონიკონს დაწერილი სიგელი, მეორე კიდევ 137 ქრონიკონს. პირველი სიგელითგან ჩანს, რომ 135 ქრონიკონს 25 დეკემბერს გიორგის მეფობის უკვე ”ა”, ე. ი. ”ერთი” სრული ინდიქტიონი ყოფილა. ამიტომ საფიქრებელია, რომ გიორგი 134 ქრონიკონს 25 დეკემბრის ახლო ხანებში უნდა გამეფებულიყო. მეორე სიგელითგანაც ირკვევა, რომ 137 ქრონიკონს 25 დეკემბერსავე გიორგის მეფობის უკვე სრული სამი ინდიქტიონი ყოფილა. ამ ცნობითგან ჩანს, რომ გიორგი მართლაც 134 ქრონიკონს ანუ 1446 წლის 25 დეკემბრის ახლო ხანებში უნდა დამჯდარიყო მეფედ. ის გარემოება, რომ ორი სხვადასხვა, მაგრამ ახლო დროის და მეფობის დასაწყისის ხანის, საბუთი ასე გასაოცრად შეთანხმებულს და ზედმიწევნითს (25 დეკ.) ცნობას გვაწვდიან სრული ინდიქტიონების რაოდენობის შესახებ, უფრო აძლიერებს ზემომოყვანილ დასკვნას გიორგი მეფის გამეფების თარიღის შესახებ.
გიორგი მეფის პირველი და მეორე თანამეცხედრე
გიორგი მეფე თავისი მეფობის პირველს სიგელში და 1447 წელს მცხეთის საკათალიკოზო მამულების გუჯარში თავის თანამეცხედრეს და შვილს არ იხსენიებს. აქამდე გამოქვეყნებულ მის საბუთებს შორის 1453 წელს მღვდელ ფილიპე ერემაძისთვის ნაბოძებ შეწყალების სიგელზე უწინარესში, თუ არ ვცდები, არ გვხვდება. ამ საბუთში კი მეფე გიორგი ამბობს: ”თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან დედოფალთა-დედოფალმან თამარ” და მე ეს და ეს გიწყალობეთო. 1453 წელითგან 1460 წლამდე მოყოლებული ჯერ არც ერთი საბუთი არ მოიპოვება, რომ გიორგი მეფის თანამეცხედრე მოხსენებული იყოს. 1460 წლის სიგელში კი უკვე თამარის მაგიერ ნესტანდარეჯანი არის დასახელებული. იქ სწერია: ”ჩუენ... მეფეთ მეფისა გიორგისაგან და თანამეცხედრისა ჩუენისა პატრონისა დედოფალთა-დედოფლისა ნესტანდარეჯანისაგან და ძისა ჩუენისა ალექსანდრესაგან”-ო.
რაკი ერთი 1457 წლის სიგელი არსებობს, რომელშიაც გიორგი მეფე თავის გარდა მხოლოდ შვილს ალექსანდრეს იხსენიებს და ამბობს, - ჩვენ ”მეფეთა-მეფემან გიორგი და ძემან ჩუენმან ალექსანდრე”-მო, შვილს ასახელებს, თანამეცხედრე კი მოხსენებული არა ჰყავს, ეს გარემოება შეიძლებოდა იმ მიზეზით აგვეხსნა, ვითომც მაშინ ნესტანდარეჯანი ჯერ დედოფალი არ ყოფილიყოს, თამარი კი უკვე დედოფალი აღარ იყო, რათგან ის მკვდარი იქნებოდა. ამავე მოსაზრების გამო შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ალექსანდრე ნესტანდარეჯანის კი არა, არამედ პირველი ცოლის თამარის შვილი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ამგვარი დასკვნა მცდარი იქნებოდა. ალექსანდრე თვით თავის დედ-მამად მეფეთა-მეფეს გიორგის და დედოფალთა დედოფალს ნესტან დარეჯანსა სთვლის (იხ. ქვევით). მაშასადამე, ის ნესტანდარეჯანის შვილი ყოფილა და არა თამარისა. ამიტომვე ცხადია, რომ თუმცა ნესტანდარეჯანი გიორგი მეფეთა-მეფის 1457 წლის სიგელში არ იხსენიება, მაგრამ რაკი მისი ძე ალექსანდრე უკვე დასახელებულია, ნესტანდარეჯანი გიორგის 1457 წ. უწინარეს უნდა შეერთო. რათგან 1453 წელს გიორგი მეფის თანამეცხედრედ თამარი ყოფილა, 1457 წელს კი მისი მეორე ცოლის ნესტანდარეჯანის შვილი ალექსანდრე დაბადებული ჩანს, ამიტომ ნესტანდარეჯანი გიორგის დაახლოვებით 1454 - 1456 წლებში უნდა შეერთო.
გიორგი მეფის შვილი
მცხეთის ერთს სიგელში (№ 33) გიორგი მეფე თავისი შვილის შესახებ ამბობს: ”საყუარელმან ძემან ჩუენმან მეფემან ალექსანდრე”-მო. საფიქრებელია, რომ გიორგის ალექსანდრეს გარდა სხვა შვილიც უნდა ჰყოლოდა. და ერისთავთ-ერისთავის ვამიყ შაბურიძის 1465 წლის საბუთი მართლაც ამტკიცებს, რომ გიორგი მეფეს ასულიც ჰყოლია. ამასთანავე შესაძლებელია არა ერთი, არამედ ორი. ერთი მათგანი ბიზანტიის კეისრის თანამეცხედრედ უნდა გამხდარიყო.
გიორგი მეფის ასულის დანიშვნა ბიზანტიის კეისარზე
1451 წელს ბიზანტიის უკანასკნელმა კეისარმა კონსტანტინემ თავისი ერთგული კარისკაცი და მეგობარი ფრანძესი ტრაპიზონისა და საქართველოს მეფეებთან გამოგზავნა, რომ მას ერთ-ერთს ამ ქვეყანათაგანში მისთვის შესაფერისი საცოლო მოეძებნა. ფრანძესი დიდის ამალით გამოემგზავრა, კეისრისათვის საცოლოდ ღირსი ასულნი თავისი თვალით ნახა, მათი ხასიათისა და ყველა თვისების ამბავი თავის მბრძანებელს ჩაუტანა და მათი სურათიც მიართვა. ორთაგან კონსტანტინე კეისარს საქართველოს მეფის შვილი უფრო მოეწონა და საცოლოდ არჩია. საქართველოს მეფემ გიორგიმ კეისრის დესპანს ფრანძესს განუცხადა თურმე: რაკი ჩვენი ქვეყნის ზნეჩვეულებისამებრ საქმროს მოაქვს ქონება საცოლისათვის და არა საცოლოს, ამიტომ მე ჩემს ასულს მზითევს არ გამოვატანო. მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ქორწინების გულით მოწადინებული ვარ, თანახმა ვარ ჩემს ასულს კონსტანტინეპოლში გასტუმრების დროს თან საჩუქრის სახით ერთდროულად 56000 ოქროს ფული გავატანო და ამას გარდა 3000 ოქროს ფულივე ყოველწლიურად სარგოდ ვაძლიო ხოლმე. მას ამასთანავე ნებას მივცემ ყველა თავისი ძვირფასი თვლები და ქვანი პატიოსანნი, ავეჯეულობა და ყველა თავისი ძვირფასი ტანისამოსი თან წაიღოს. თვით ამ საქმის შუამავალს კეისრის დესპანს ფრანძესს ის შეჰპირებია, რომ როდესაც მომავალ გაზაფხულზე მისი ასულის კეისრისათვის საცოლოდ წასაყვანად მოვიდოდა, საჩუქრად საუკეთესო ღირსების აბრეშუმს ოთხს შულოს ანუ ბოკლს, თითოს 500 ფლურად ღირებულს მისცემდა.
ვისაც ქართული სამართლის ისტორია შესწავლილი აქვს, ზემომოყვანილი ბერძნული ცნობა გიორგი მეფის მიერ კეისრის დესპანისათვის ნათქვამის შესახებ, რომ საქართველოში საქმრომ უნდა მიუტანოს საცოლოს ქონება და არა საცოლომაო, არ გააკვირვებს. თუმცა მზითევი საქართველოში უკვე VIII - IX. საუკუნეებში არსებობდა და შემდეგ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ ქორწინების XVIII საუკუნის ზნეჩვეულების მიხედვით კი ისე იყო დაწესებული, რომ ჯერ უეჭველად საქმრო მიართმევდა საცოლოს საჩუქარს, ხოლო შემდეგ საცოლოს მზითვის წიგნს წაიკითხავდნენ ხოლმე. წესი იყო, რომ ქორწილის დროს ”ადგებოდის ეჯიბი მეფისა ორისა შიშვილისა ჴლმითა და მდივანმა ანუ მწიგნობარმან ვინმე წარუკითხის ნუსხა ქალსა მას ქმრის თვისისაგან მიცემულთა სოფელთა ნუსხა პირბადისა ასახდელად. შემდგომად მივიდის ეჯიბი, დაუჩოქოს ჴრმლებითა და აჰხადოს პირბადე სძალსა მას. შემდგომად წარმოდგებოდის საშუალ მდივანი ანუ მწიგნობარი ვინმე და წარიკითხის რასაცა ქალს მას გაატანდიან ზითვადა”-ო.
მაშასადამე, ძველი ქართული ზნეჩვეულება თავდაპირველად ვაჟს ავალებდა, რომ საცოლისათვის საჩუქარი მიეტანა და ძველის ძველი ხანის იმ ”ურადის” ნაშთი უნდა იყოს, რომელიც ”ურვადის”-აგან არის წარმომდგარი და იმ დროს უნდა დაწესებულიყო, როდესაც ქალის ცოლად შერთვა მოტაცება-სყიდვით, სწორედ ”ურვადის” მიცემით შეიძლებოდა მხოლოდ. საფიქრებელია, რომ გიორგი მეფეს ქართული ზნეჩვეულების ამ ადათზე ჰქონდა ლაპარაკი და არა იმაზე, თითქოს საქართველოში მაშინ მზითევის მიცემა წესად არა ჰქონოდეთ.
კონსტანტინე კეისარს საქართველოს მეფის გიორგის ასული აურჩევია თავის საცოლოდ და ბიზანტიის კეისრის თანამეცხედრედ, საქორწინო ხელშეკრულებისათვის ხელიც მოუწერია და საქართველოს დესპანისათვის გაუტანებია. მალე ქორწილიც უნდა მომხდარიყო. მაგრამ კონსტანტინეპოლის თურქთა მიერ აღებამ და კონსტანტინე კეისრის სიკვდილმა ეს საქმე ჩაშალა.
ზემოხსენებული გიორგი მეფის ასული შესაძლებელია ის ქალი იყოს, რომელიც საქართველოს მეფეს 1465 წელს თავის ყმისათვის ერისთავთა-ერისთავის ვამიყ შაბურისძისათვის მისი შვილის საცოლოდ მიუცია. ვამიყ შაბურისძე ამბობს: ”ჩუენდა უღირსად დიდად და საპატიოდ შეგუიწყალეს პატრონმან მეფეთა-მეფემან გიორგი და მათი ასული ჩუენისა შვილისათვის გუიბოძეს და მოგუცეს”-ო. თუ ეს ქალი გიორგი მეფის ერთადერთი შვილი იყო და მართლაც სწორედ ის ასული იყო, რომელიც ბიზანტიის კეისრის თანამეცხედრედ უნდა გამხდარიყო, რასაკვირველია, შაბურისძეზე გათხოვება დიდად უღირსად უნდა ჩათვლილიყო. ერთი გარემოებაა აქ მხოლოდ დამაფიქრებელი: გიორგი მეფის ასული კეისარზე 1452 წელს უნდა გათხოვებულიყო. მაშასადამე, ის მაშინ სულ ცოტა ალბათ 13 – 15 წლისა იქნებოდა. თუ ის 1465 წლის გათხოვდა, 13 წლის განმავლობაში ის პირველი ჩაშლილი დანიშვნის შემდეგ გაუთხოვარი დარჩენილა და მაშინ ისე გამოდის, რომ შაბურისძეზე გათხოვების დროს 26 - 28 წლისა უნდა ყოფილიყო. იმ დროში ასე გვიან გათხოვება და ასე ხანგრძლივი გაუთხოველობა იშვიათი მოვლენა იყო და ამიტომ ეჭვი გვებადება, გიორგი მეფეს მეორე ქალი ხომ არა ჰყავდა და აქ მეორე ასულზე ხომ არ არის ლაპარაკი?
ბრძოლა საქართველოს დანაწილებისა და მთლიანობის გამო მეფე-მთავართა შორის ყუარყუარე და აღბუღა ათაბაგი
გიორგი მეფის მეფობის პირველსავე წელს მესხეთში ჯაყელთა მმართველ საგვარეულოში ბრძოლა მომხდარა. კინკლოსები ამ ამბავს მეტად მოკლედ მოგვითხრობენ: ”ქ˜კსა რლე (135=1447 წ.) აღბუღა და ყუარყუარე შეიბნეს”. მხოლოდ ჩხეიძის ქ˜კა ამ ბრძოლის თარიღად 1446 წელს ასახელებს. ამ ცნობითგან არც მებრძოლთა ვინაობა ჩანს, არც შებმის მიზეზი და ბრძოლის შედეგი ირკვევა. ბატონიშვილს ვახუშტს აღბუღა იმ ათაბაგად მიაჩნია, რომელმაც ცნობილი სამართლის წიგნი შეადგინა. ამის საბუთად, როგორც ეტყობა, მას მხოლოდ თვით ეს სასამართლო ძეგლი უნდა ჰქონოდა. მაგრამ ვახუშტის აზრი ამ ორი აღბუღას იგივეობის შესახებ მცდარი უნდა იყოს. სახელოვანს ისტორიკოსს შედარებით დაწვრილებითი ცნობები მოეპოვება აღბუღა-ყუარყუარეს შებმის მიზეზისა და ბრძოლის შედეგის შესახებაც. მისი სიტყვით ყუარყუარე აღბუღას ბიძა უნდა ყოფილიყოს. ამ ყუარყუარემ მესხთა გადაბირება დაიწყო. ეს რომ აღბუღამ შეიტყო, ყუარყუარეს შეპყრობა განიზრახა, მაგრამ ყუარყუარემ დაასწრო და ”ეწყო ძლიერად წელსა 1447 წელსა, ქართულსა 135”. ამ ბრძოლაში ”იძლია აღბუღა ათაბაგი” და ლტოლვილი ”მოვიდა წინაშე გიორგი მეფისა”, რომელმაც აღბუღას დახმარება გაუწია და ყუარყუარეს წინააღმდეგ გაილაშქრა სამცხეში. ყუარყუარეს შებრძოლება ვერ გაუბედნია და თურმე თითონვე მოგება მეფესა და ”იტყოდა უცოდველ-ყოფასა”. გიორგი მეფემ, როგორც ეტყობა, მაინც აღბუღას დაუჭირა მხარი და კვლავ ”აღიყვანა აღბუღავე პატივსა ათაბაგობისასა”. ხოლო ყუარყუარე, ვითარცა საეჭვო ზრახვების მატარებელი, ”დაიმჭირა კარსა თვისსა ზედა”. რასაკვირველია, ამ დროითგან მოყოლებული მეფე გიორგისა და ყუარყუარეს შორის უნდობლობა და უსიამოვნო დამოკიდებულება უნდა ჩამოვარდნილიყო და არც გასაკვირველია, თუ ”ამიერითგან იქნა ყვარყვარე ქვეგამხედველი მეფისა”. თვით გიორგი მეფემ დროთა განმავლობაში ყუარყუარეს მაინც აპატია და როდესაც 1451 წელს ათაბაგი აღბუღა მოკვდა, მან ”მიუბოძა ბიძასა მისსა ყუარყუარეს მობირებითა ვეზირთათა ათაბაგობა”. თუმცა არა ჩანს, რა წყარო ჰქონდა ბატონიშვილს ვახუშტს, მაგრამ რომ მთელი ეს მოთხრობა სანდო შთაბეჭდილებასა სტოვებს და შეუძლებელია სახელოვან ისტორიკოსის მიერ თავითგან ბოლომდის შეთხზული იყოს, ეს ვგონებ ცხადი უნდა იყოს.
ქართული წყაროების დუმილი შინაური ბრძოლის შესახებ და საქმის ნამდვილი ვითარება
ამ დროითგან მოყოლებული 1462 წლამდე არც კინკლოსებში, არც ქ˜ც-ის გაგრძელებაში და არც თვით ბატონიშვილი ვახუშტის საისტორიო თხზულებაშია მოხსენებული რაიმე ცნობა გიორგი მეფესა და ათაბაგ ყუარყუარეს შორის ბრძოლის შესახებ. ისე გამოდის თითქოს მთელი ამ ათი წლის განმავლობაში საქართველოში სრული მშვიდობიანობა და თანხმობა სუფევდა. მაგრამ ირკვევა, რომ იმდროინდელი ამბების შესახებ ცნობები ქართულ საისტორიო მწერლობაში ძალიან ცოტაა შენახული. სხვა მასალებითგან კი ცხადადა ჩანს, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა მშვიდობიანობის შესახებ სრულებით მცდარი იქნებოდა. თვით ყუარყუარე ათაბაგი 1459 წელს ბურგუნდიის მთავარს სწერდა, რომ 50 წელიწადია ჩვენს ქვეყანაში ისეთი ზავი, როგორც ამჟამად შევკარით, არ გაგონილაო. წინათაც მიბრძოლია და გამიმარჯვნია ურჯულოებზედ და უფრო მეტადაც გავიმარჯვებდი, ამ უკანასკნელ წლებში მეზობელ ქრისტიან მთავრებსა და ჩემს შუა რომ ომი არ ატეხილიყოო. რათგან ყუარყუარეს მეზობლად ქართველ მეფე-მთავრებს გარდა ქრისტიანი მბრძანებლები სხვა არავინ იყო, ცხადია ათაბაგი აქ საქართველოს შინაურს მტრობა–ომზე უნდა ლაპარაკობდეს. თვით გიორგი მეფის სიტყვებითგანაც ჩანს, რომ 1459 წლამდე მას შინაურობაში ბრძოლა ჰქონია, რომელიც, ზავი რომ არ ჩამოეგდოთ, მისი სიტყვით ალბათ მის სასარგებლოდ უნდა დამთავრებულიყო ისე, რომ ეს სხვათა შუამავლობით დადებული ზავი პირადად თავისთვის საზარალოდ მიაჩნდა. დასასრულ, დასავლეთ ევროპაში 1460 წელს ჩასულს ქართველს დესპანებსაც იქაური ქრისტიანებისათვის და პაპისათვის არ დაუმალავთ, რომ მათ უკანასკნელ დროს ერთმანეთში დიდი მტრობა ჰქონდათ უომნიათ კიდეც.
ამგვარად ცხადი ხდება, რომ ქართული წყაროების მდგომარეობისდა მიუხედავად მეფე გიორგისა და მის მთავრებს შორის დიდი უთანხმოება და სასტიკი ბრძოლა ყოფილა. მოწინააღმდეგეთა მოთავედ უეჭველია ყუარყუარე ათაბაგი უნდა ყოფილიყო. ეს ბრძოლა საქართველოს განკერძოება-დანაწილებისა და მის მთლიანობა-განუყოფლობის გამო იყო ატეხილი და მესხეთის ათაბაგი, სამეგრელოს მთავარი და გურიელი თავიანთ თავს უკვე საკმაოდ დამოუკიდებლად გრძნობდნენ, რომ ცალ-ცალკე გამოეყვანათ ჯარი, ხოლო ყუარყუარე ათაბაგს საქართველოს მეფის გიორგის დესპანთან ერთად თავისი საკუთარი განსაკუთრებული ელჩი გაეგზავნა დასავლეთ ევროპის ქრისტიან სახელმწიფოებში.
ათაბაგის ცდა მესხეთის ეკლესიების საქართველოს დედა-ეკლესიისაგან ჩამოსაშორებლად
ჯერჯერობით ჩვენ არავითარი სხვა ცნობები არ მოგვეპოვება ქართველ მეფე-მთავრების ამ შინაური ბრძოლისა და ატეხილი ომის შესახებ. ირკვევა მხოლოდ, რომ ყუარყუარე ათაბაგი იმდენად დაბრმავებული ყოფილა ამ მტრობითა და განკერძოებისთვის ბრძოლით, რომ უთანხმოება და სიძულვილი საეკლესიო სფეროშიაც გადაუტანია. როგორც მესხეთის შინაურ მართვა-გამგეობაში დაუკითხავად მოქმედებდა და საგარეო საქმეშიაც, თუ სრულებით დამოუკიდებლივ არ აწარმოებდა საქმეს, საკუთარი დესპანები ჰყავდა მაინც, იმგვარადვე საეკლესიო წესწყობილებაში და ცხოვრებაშიაც მესხეთის საკათალიკოზო საყდრისაგან ჩამოშორება და სრული დამოუკიდებლობის მოპოვება სურდა. საქართველოს კათალიკოზები სამართლიანად შიშის თვალით შეჰყურებდნენ მესხეთის მთავრისა და ეპისკოპოსების განკერძოების პოლიტიკას და ამაში ქართული დედა-ეკლესიისა და საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის ორგულობას ხედავდნენ. ათაბაგები იმდენად გაკადნიერებული იყვნენ, რომ ადგილობრივი ვიწრო თემობრივი მამულიშვილობითა და მტრობით დაბრმავებულნი წირვა-ლოცვაში, როგორც ეტყობა, უკვე საქართველოს მეფესა და კათალიკოზს აღარ იხსენიებდნენ.
საეკლესიო იერარქიის მხრივაც მესხეთის ათაბაგეს თავიანთი საბრძანებლის მცხეთის საკათალიკოზო საყდრისაგან ჩამოშორება სურდათ და ცდილობდნენ, რომ მათი ”მღრდელი და დიაკონი” და მათზე უფროსნიც ადგილობრივ, ”უმცხეთოდ” კურთხეულიყვნენ. ამის მიღწევა მათ, რასაკვირველია, მხოლოდ საქართველოს საეკლესიო ერთობის მოსპობითა და თავისთვის დამოუკიდებლობის მოპოვებით შეეძლოთ. ამ მიზნის განმახორციელებელ საუკეთესო საშუალებად ყუარყუარე ათაბაგს, როგორც ჩანს, მაწყვერელი ეპისკოპოსის ამაღლება და მესხეთის საეპისკოპოსო საყდრების უფროსად ქცევა მიუჩნევია, ის, რაც მისმა მემკვიდრე ათაბაგებმა და განსაკუთრებით მზეჭაბუკ ათაბაგმა ცოტა ხნის შემდგომ განახორციელეს კიდეც.
იმის მაგიერ, რომ ეპისკოპოსად და არქიმანდრიტად არჩეულნი წინანდებურად მცხეთაში წასულიყვნენ, მათ სურდათ, რომ კათალიკოზის მაგიერობა თვით მაწყვერელს გაეწია და მაწყვერელს ეკურთხებინა.
ყუარყუარე ათაბაგს საეპისკოპოსო პირების არჩევის უფლება უკანონოდ მოუტაცნია და თვით ჩაუგდია ხელში. ამას, რასაკვირველია, იმ მოსაზრებით სჩადიოდა, რომ საშუალება ჰქონოდა თავისი პოლიტიკის მომხრე პირები და მის ბრძანებათა ყურმოჭრილი ყმები აერჩია ეპისკოპოსებად.
საქართველოს პატრიარქ-კათალიკოსების მედგარი ბრძოლა ქართული ეკლესიის მთლიანობის შესანარჩუნებლად
ასეთ ცხადს უკანონო და დამღუპველ პოლიტიკას საქართველოს ეკლესიის მთლიანობისა და ერთობის გაპიროვნებული გამოხატულების მტარებელი, ”ქართლისა კათალიკოსი და ყოვლისა საქართველოჲსა პატრიარქი”, სასტიკად ებრძოდა და ყოველს მესხეთით მცხეთაში საკურთხებლად მოსულს სამღვდელო პირს შემდეგს პირობის წიგნსა და ფიცს ადებინებდა: ”თუ ყუარყუარემ მაწყუერელობა ან სხვა რამე ჴელი გუაძლიოს და დაგუპატიჯოს კურთხევისა მიზეზითა, სადამდის თქუენსა საყდარსა არ დაემორჩილნენ... ჴელი არა გამოვართუა”-ო, თუ ”მაწყუერელობა ანუ სხვა ჴელი რამე გაუძლიოს, არა გამოვართუათ ყუარყუარეს თქუენდა დაუმოწმებლად”-ო. ამ უკანასკნელი სიტყვებითგან ცხადად ჩანს, რომ მესხეთში საეკლესიო არჩევნების მაგიერ ათაბაგ ყუარყუარეს პირადი არჩევანი სწყვეტდა მაღალ საეკლესიო თანამდებობისათვის საჭირო პირთა ვინაობას და მაწყვერელობას თუ სხვა საეპისკოპოსო ”ჴელს” ის შეაძლევდა და ის ჰნიშნავდა. \მცხეთისგან მესხეთის საეკლესიო ჩამოშორება საეკლესიო კანონების თვალსაზრისით არც ისეთი ადვილი და მარტივი საქმე იყო, როგორც ეს ჯაყელთა გვარის ათაბაგებს ეგონათ. უზენაესი მწყემსთ-მთავრის ურჩობა დიდ და მიუტევებელ ცოდვად ითვლებოდა და ასეთს დანაშაულს შესაფერისი სასჯელიც მოჰყვებოდა ხოლმე: შეიძლებოდა კრულვითა და შეჩვენებით გათავებულიყო საქმე. საეკლესიო კანონებით კი კრულსა და შეჩვენებელს სამღვდელო პირს მღვდელმსახურების უფლება არ ჰქონდა. ხოლო თუ დამნაშავე ცოდვას არ მოინანიებდა და ” შეუნდობლად” დარჩებოდა, სასჯელის ”ახსნილობისა და შენდობის” წიგნს არ მიიღებდა, მას შეიძლებოდა ქრისტიანული თვალსაზრისით უსაშინელესი სასჯელი ”უზიარებლობა” დასტყდომოდა თავზე.
ქართული ეკლესიის საჭეთ-მპყრობელს მესხეთის ათაბაგის უგუნური პოლიტიკისა და მისი მოდამქაშე ეპისკოპოსებისათვის სასტიკი და შეუდრეკელი ბრძოლა გამოუცხადებია კიდეც. კათალიკოზი დავითი ურჩსა და განხეთქილებისა და განკერძოების მომხრე მესხეთის ეპისკოპოსებს გასწყრომია და მათ მოსარჯულებლად უკიდურესი საშუალებისათვისაც კი მიუმართავს და შეუჩვენებია ისე, რომ მისგან ”მაწყუერელი და სამცხის ეპისკოპოსნი... უჯუარო და შეუნდობელნი იყუნეს საფარისა თავზედაო”-ო.
ათაბაგის ცდა მესხეთის ეკლესიების საქართველოს კათალიკოსის ხელთდასხმითგან განთავისუფლებულისათვის
მაგრამ არც ჯაყელნი შეურიგდებოდნენ ასე ადვილად პირადად თავიანთსა და მათ მომხრე ეპისკოპოსთა ბედს. აკი არც შეჰრიგებიან და წინანდელზე უფრო უკადრისისა და ეროვნული თვალსაზრისით უფრო საძრახისი საშუალებისათვის მიუმართავთ. მაჰმადიანთა მიერ აღმოსავლეთის დაპყრობისა და განსაკუთრებით ბიზანტიის სახელმწიფოს დაუძლურებისა და თურქთაგან დაპყრობის შემდგომ, ანტიოქიის და იერუსალიმის მღვდელთ-მთავარნი, თვით პატრიარქიც კი ხშირად თავიანთ სამწყსოს ჰშორდებოდნენ და უცხოეთის საქრისტიანო სახელმწიფოებს ეწვეოდნენ ხოლმე ფულის და სხვა ყოველგვარი დახმარების სათხოვნელად და შესაგროვებლად. მათხოვრობის გზაზე მდგომთ მათ უცხოეთის გულუბრყვილო ქრისტიანების წინაშე თავიანთი სახელის გატეხა არ სურდათ და თავიანთი თავი ”უსჯულოების” აღმომფხვრელად და ძველი საეკლესიო კანონებისა და უფლებრივი მდგომარეობის აღმადგენელად მოჰქონდათ. ჩვეულებრივ ამგვარ პირებს, რასაკვირველია, ცბიერება და ცრუმორწმუნე ხალხის მიზიდვა საშუალებას აძლევდა თავიანთი პირადი საქმე, ფულის შეგროვება, ვითომც ”უსჯულოთა” ხელითგან წმიდა ადგილებისა და ტანჯულ ქრისტიანთა განსათავისუფლებლად მოწყობილი, ფართოდ და ბრწყინვალედ მოეხერხებინათ.
ძველ დროსაც, X-XIII საუკუნეებშიც, ამგვარი მოგზაურობისა მათხოვრობის მიმდევარი მღვდელთ-მთავარნი თითო-ოროლა მაინც ალბათ იქმნებოდნენ, მაგრამ მაშინ ცბიერი სიტყვებითა და მოჩვენებით ქართველობის მიზიდვა ისე ადვილი არ იყო და თუნდაც რომ გულუბრყვილო ხალხი მიეზიდათ, ამას, რასაკვირველია, სრულებით კერძო ხასიათი ექმნებოდა. მათ არავინ უფლებას არ მისცემდა ისეთი რამე ექადაგად, ან ჩაედინათ, რაც პოლიტიკური, ან ეროვნული თვალსაზრისით საქართველოსთვის საზიანო, ან თუნდაც მხოლოდ სახიფათო ყოფილიყო. XIV და განსაკუთრებით XV საუკუნითგან გამოყოლებული თურქ-ოსმალთა გაძლიერების შემდგომ ამგვარ მოგზაურ უცხო მღვდელთ-მთავართა რიცხვი უნდა გამრავლებულიყო და საისტორიო ცნობებითგანაც ჩანს, რომ გამრავლებულა კიდეც. ვარძიის მონასტრის ძმობას თავისი ერთგულების წიგნში აღნიშნული აქვს, რომ ”მას ჟამსა”-ც თურმე მესხეთში ერთი ამნაირი ”მცბიერი ბერი ბერძენი მოვიდა ცრუ-წინასწარმეტყველი”, რომელმაც ”მცირითა რათმე სიტყჳთა მიგჳზიდნა” და მოგვხიბლაო. ეს ცბიერი ბერძენი ბერი ”მიტროპოლიტი” ყოფილა. მას თავისი ”წიგნი” და ”მცნება” დაუწერია და უქადაგნია სამცხეში. ადვილი მისახვედრია, თუ რა უნდა ემცნო ამ ”ცრუ წინასწარმეტყველს” საქართველოს ამ განკერძოებისა განდგომილობის სენით შეპყრობილს კუთხეში. საეკლესიო კანონები ეპისკოპოსს სხვის სამწყსოში ადგილობრივ მღვდელთ-მთავრის ნებადაურთველად ყოფნას უკრძალავენ. მით უმეტეს ”არა ჴელეწიფების ეპისკოპოსსა სხვისა ეპისკოპოსისა სამრევლოსა ქალაქსა ანუ სოფელსა საერო მოძღვრებად, ანუ კურთხევად ხუცისა, გინა დიაკონისა უნებლიეთ ეპისკოპოსისა მის ადგილისა”495. ამიტომ რაიმე გასამართლებელი საბუთი უნდა ჰქონოდა ინტიოქიის მწყემსთ-მთავრებს თავიანთი საქართველოში მისვლისა და მოქმედებისათვის. საფიქრებელია, რომ ამისათვის ანტიოქიელი პატრიარქის მიხეილის მსგავსად, როგორც ეს ქვევით თავის ადგილას ვრცლად მოთხრობილი იქნება, მრავალ საუკუნეებით მივიწყებული ცნობა ქართული ეკლესიის ანტიოქიის ეკლესიისგან ოდინდელი დამოკიდებულების შესახებ უნდა გამოემზეურებინათ. ამით თითქოს თვით ქართული ეკლესიის თვით–მწყსობასა და დამოუკიდებლობას ”სოფლის სივერაგის” შედეგად და წესთა ”შეშლილობად” გამოიყვანდნენ. ამგვარი რწმენის განმტკიცებით მათ ცოტა არ იყოს თავიანთი უკანონო მოქმედებისათვის გულუბრყვილო და უფრო კი ”მცბიერი” და ვერაგი ადამიანისათვის გარეგნულად გამოსაყენებელი საბუთი შექმნეს. გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებითგან კარგად ვიცით, რომ ანტიოქიის საპატრიარქოს მმართველ წრეებში ამგვარი მსჯელობა და ქართული ეკლესიის დაპატრონების წადილი წინათაც, მაგ., XI საუკუნეშიაც ჰყვარებიათ. მაგრამ ქართველებში მაშინ პოლიტიკური და ეროვნული შეგნება იმდენად საღი და ძლიერი იყო, რომ ყოველი ამგვარი ცდა დაუყოვნებლივ უკუქცეული იყო ხოლმე და აღშფოთებას იწვევდა. ამიტომაც ანტიოქიის სამღვდელოების პრეტენზიები საქართველოსთვის მაშინ სრულებით უვნებელი იყო.
მაგრამ XV საუკუნეში უკვე სხვა პირობები იყო საქართველოში საზოგადოდ და კერძოდ მესხეთში. მოგზაურმა მღვდელთ-მთავრებმა თავიანთთვის შესაფერისი ნიადაგი ჰპოვეს. ათაბაგთა განკერძოებისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისაკენ მიმართული პოლიტიკისათვის, განსაკუთრებით მესხეთის საეპისკოპოზოს საქართველოს ეკლესიისგან ჩამოსაშორებლად, ანტიოქიელი პატრიარქები სახელდახელო, მარჯვე იარაღად გამოდგებოდნენ. ეს ორივე მხარისათვის სასარგებლო იყო: ანტიოქიელი მწყემსთ-მთავრების უკანონო საქციელს, საქართველოს საეკლესიო საქმეებში ჩარევას, ასე თუ ისე ვითომაც კანონიერ ელფერს სდებდა, და იმავე საქართველოში მათ ფულების საფასის მოხვეჭას უადვილებდა. ათაბაგების უგუნურსა და ეროვნული თვალსაზრისით დამღუპველს მოღვაწეობას კი გულუბრყვილოთა წინაშე ცოტად მაინც გარეგნულს თავის გასამართლებელ საბუთს აძლევდა, რათგან ანტიოქიის ფართო კალთის ქვეშ ამოფარება ათაბაგებს პირადი პოლიტიკური ზრახვის განხორციელებას უადვილებდა.
ამიტომ იყო, რომ ”მცბიერი ბერძენი” მღვდელთ-მთავრის ქადაგება თურმე ღაღადებდა იმასვე, რაც ათაბაგს სწადდა: რომ ”უმცხეთოდ ჩვენი მღრდელი და დიაკონი იკურთხებოდეს”-ო.და ეპისკოპოსნიცა და სამღვდელო დასიც ქართლისა კათალიკოსის ”ბრძანებისა მორჩილნი” არა ყოფილიყვნენ. ამგვარს ქადაგებას გავლენა მოუხდენია და თავისი ნაყოფიც გამოუღია. თვით ვარძიის ძმობას გულახდილად აღიარებული აქვს ”სიტყჳთა მიგჳზიდნა”-ო. საქმე ისე დატრიალდა, რომ ”მაწყუერელი და სამცხისა ეპისკოპოსნი” მართლაც ურჩობის გზას დაადგნენ და მცხეთის საკათალიკოსო ”საყდარსა არა დაემორჩილნენ”.
მესხეთის ურჩი სამღვდელოების შეჩვენება კათალიკოსისაგან და ამის შედეგი
ასეთი საქციელისათვის საქართველოს ეკლესიის საჭეთ-მპყრობელი ”გასწყრომია” ეპისკოპოსებს და დამნაშავე სამღვდელო პირნი, ”უჯუარობითა” და ”შეუნდობლობით დაუსჯია და შეუჩვენებია500. თუმცა ამ სასჯელისა ყველა ბრალეულს არ შეჰშინებია, მაგრამ შეუნდობლობა მაინც იმდენად მძიმე მისაგებელი საშუალება იყო, რომ ”შეუნდობელ” სამღვდელო პირებს არც თითონ ჰქონდათ მღვდელთ-მსახურების უფლება და არც სხვებს შეეძლოთ ”შეუნდობელთა ეპისკოპოსთა გუერდით ჟამის” წირვა. პირიქით, სხვები ამ შეჩვენებული ადამიანის ვითარცა საკათალიკოსო ”საყდრის მტერისა მტერნი” უნდა ყოფილიყვნენ და მისი მიმღები და შემწყნარებელი თითონაც კრული და შეჩვენებული იქნებოდა. ქრისტიანისთვის მაშინ ასეთი მძიმე სასჯელისაგან თავის დაღწევა ადვილი საქმე არ იყო. სანამ ანტიოქიელი პატრიარქი ან მიტროპოლიტი საქართველოში, მესხეთში, იმყოფებოდა, ის, რასაკვირველია, საქართველოს ეკლესიის საჭეთ-მპყრობელის ამ სასჯელის გაქარწყლებას ეცდებოდა და მოახერხებდა, შეჩვენებულ სამღვდელო პირს გაამხნევებდა კიდეც. მაგრამ ანტიოქიელნი ხომ მუდმივ მესხეთში არ დარჩებოდნენ. როდესაც ჯიბეებს გაივსებდნენ, ისინი უეჭველია ისევ თავის სამწყსოში დაბრუნდებოდნენ. მაშინ კი მცხეთის საკათალიკოსო საყდრის გარდა ათაბაგებსა და მათ მომხრეებს სხვა ადგილი, სადაც მესხეთისათვის სამღვდელო პირთა ხელთდასხმა შეეძლოთ, არ მოეპოვებოდა. არც დადებული უჯვარობისა და შეჩვენების სასჯელის ”აჴსნილობისა და შენდობის” წიგნის მიცემა შეეძლო ვისმე საქართველოს კათალიკოსის გარდა.
ხოლო რაკი მორწმუნე ქრისტიანისთვის ამგვარი წყევლა-კრულვის სასჯელის ატანა სამძიმო იყო და შეუნდობელ სამღვდელოებას სამწყსოს თვალში ღირსება და ზნეობრივი გავლენა შებღალული უნდა ჰქონოდა, ამიტომ მცხეთის კათალიკოსის საშუალებამ მაინც გასჭრა და მესხეთის ურჩსა და ჩამოშორების მოტრფიალე სამღვდელო პირთ საქართველოს ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქის წინაშე ქედი მოახრეინა.
ამ ბრძოლის მნიშვნელობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვალსაზრისით
ამ ორი-სამი აღთქმისა და ფიცის წიგნითგან სრულის სიცხადითა და მიმზიდველობით აშკარავდება საქართველოს ეკლესიის საჭეთ-მპყრობელის ბრძნული, ნამდვილად სახელმწიფოებრივ-ეროვნული მიზანშეწონილი პოლიტიკა და მოღვაწეობა.
უეჭველია ყოველი შეგნებული ქართველი მოღვაწის თანაგრძნობა მაშინაც, როდესაც ეს ბრძოლა წარმოებდა, ქართული ეკლესიის მწყემსთ–მთავრის მხარეზე იქნებოდა და ეხლაც, საუკუნეთა შემდგომაც, საქართველოს კათალიკოსთა ეს მედგარი ცდა საქართველოს განხეთქილებისა და განკერძოების პროცესის შესაჩერებლად მშვენიერი მიმზიდველობით მოსილ ბრძოლად გვეხატება.
განა ქართველი ერისთავის მართლადაც დამღუპველი არ უნდა ყოფილიყო მესხეთის ეკლესიის წადილი და მცდელობა სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საყდრისაგან ჩამოსაშორებლად? იმ განსაცდელის დროს, როდესაც ქართველ პატარა ერს სამხრეთ-დასავლეთით მრავალრიცხოვანი და ძლიერი მტერი ოსმალეთის სახით მეზობლად გაუხდა და დასავლეთით მას ერთმორწმუნე, მეგობრულად განწყობილი ბიზანტიისა და ტრაპიზონის სახელმწფოების მაგიერ ახალი, მაჰმადიანობით აღფრთოვანებული მებრძოლი სამფლობელო ეგულებოდა, დანაწილებისა და განკერძოების მაგიერ მას ცხადია თავისი ქვეყნის ერთობისა და მთლიანობის განმტკიცებაზე უნდა ეფიქრა. და როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთ-მპყრობელნი მესხეთის სამღვდელოებისაგან საკათალიკოსო საყდრის მორჩილებას მოითხოვდნენ, როდესაც იქაურ ეპისკოპოსებსა და ხუცესთ უეჭველად მტკიცე ფიცს ადებინებდნენ, რომ თითოეული მათგანი საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქთა და ”მეფეთა მლოცველი და ყოველთა წირვათა და ლოცვათა შინა” მომხსენებელი ყოფილიყო, განა ამით ისინი საქართველოს მთლიანობისა და ერთობის განმტკიცებისათვის არ იღწვოდნენ? მესხეთის ეკლესიებში საქართველოს მეფისა და კათალიკოსის სახელების მოხსენება წირვის დროს სრულიად საქართველოს მთლიანობისა და განუყოფელობის თუმც გარეგანი, მაგრამ მაინც დიდმნიშვნელოვანი სიმბოლური გამოხატულება იყო და ამის საწინააღმდეგოდ ბრძოლა მხოლოდ საქართველოს ან დაუძინებელს მტერს, ან მის შეუგნებელსა და პირადი პატივმოყვარეობით გონება-დახშულს შვილს შეეძლო.
ათაბაგებს კარგად ესმოდათ ვისა და რის წინააღმდეგაც იყო საქართველოს მწყემსმთავრების მიერ მესხეთის სამღვდელოებისათვის შემოღებული ფიცი და აღშფოთებული და განრისხებული ჩიოდნენ: ”ვინც ჩუენი ეპისკოპოზი მაგათ (ე. ი. კათალიკოსის) წინა საკურთხევლად მოვა, მაგათი და მეფის ერთგულებაზედ აფიცებდნენ”-ო. ის ფარისევლურად საეკლესიო კანონების დარღვევაზე და ”სჯულის გარდამავალ საქმე”-ზე სწუხდა, რომელსაც ვითომაც კათალიკოსები ამგვარს შემთხვევებში სჩადიოდნენ. ”მაგათ უკეთ იციან, ნაფიცარი არც ეპისკოპოსი შეიწყნარების და არც ხუცესი და ნურც ჩუენ გვიზმენ უწესო რამე საქმე შემოიღონ”-ო, ვერაგული ცბიერებით გაიძახოდნენ ისინი, თითქოს თავისი დედა-ეკლესიისა და მის საჭეთ-მპყრობელის ურჩი და ერისა და სამშობლოს მთლიანობის უარისმყოფელი და დამრღვევი ეპისკოპოსი, ან მღვდელი კი შესაწყნარებელი ყოფილიყოს!
მაგრამ ათაბაგი ასეთს ფორმალურს საწინააღმდეგო საბუთსაც არ დასჯერებია და საქართველოს კათალიკოსის წინააღმდეგ უფრო მძიმე და უკადრისი ბრალდებაც წამოუყენებია: ჩვენგან მოსულ სამღვდელო პირთაგანს კათალიკოსი მხოლოდ ისეთებს აკურთხებს ხოლმე, რომლებიც ერთგულების ფიცს იღებენ და მას ქრთამს აძლევენო. ვითომცდა ამ უწესობით აღშფოთებული გოდებდა: ”ქრთამით ჴელთდასხმა ანუ ეპისკოპოსისა და ანუ ხუცეს-დიაკონთა ნუცა ეგენიღა იკადრებენ და ნუცა მათ ჴელთქუეშეთი ეპისკოპოზი, ნუცა მანდითი, ნუცა აქათი”-ო.
ცხადია, ეს ბრალდებაც მხოლოდ საბრძოლველი იარაღი და პირადად ათაბაგის საძრახისი მოქმედების გასამართლებლად წამოყენებული საბუთია, თორემ რა დასაჯერებელია, რომ ქართლის კათალიკოსს, რომელსაც მესხეთის უმაღლესი სამღვდელოება ათაბაგის წაბაძულობით ისედაც ეურჩებოდა და გაურბოდა, თავისი თავი თითონვე უფრო უარესს მდგომარეობაში ჩაეყენებინა და საქართველოს ეკლესიის მთლიანობის საქმე ქრთამების აღებით გაეფუჭებინა. მისთვის ასეთს პირობებში ყოველ ქრთამზე უფრო ძვირფასი ის იყო, რომ იქაური სამღვდელო პირი მასთან მოდიოდა, მის ბრძანებასა და ხელქვეშეთობას სცნობოდა. რაკი მეფე-კათალიკოს-ათაბაგს შორის ასეთი დაუნდობელი მტრობა და ბრძოლა სუფევდა, რასაკვირველია, კათალიკოსის მიერ ნაკურთხს ეპისკოპოსს ათაბაგი ხეირს არ დააყრიდა და ყოველნაირად შეავიწროებდა. ასეთს პირობებში ამ სამღვდელო პირთა მდგომარეობა მაინცდამაინც სახარბიელოს ბევრს არაფერს წარმოადგენდა. ამავე მიზეზით დაუჯერებელი რამე არის, თუნდა მხოლოდ იმიტომაც, რაკი საამისო ობიექტური პირობები არ მოიპოვებოდა, რომ საქართველოს კათალიკოსს მართლაც ქრთამებით დაერიგებინოს საეპისკოპოსო საყდრები მესხეთითგან ჩამოსულ სამღვდელო პირებისათვის.
თუ ამისდა მიუხედავად ათაბაგის და მის მომხრეთა ბანაკში მაინც საჯაროდ ლაპარაკობდნენ კათალიკოსის მექრთამეობაზე, ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ულმობელი და დაუზოგავი ბრძოლა ყოფილა მეფე-კათალიკოს-ათაბაგს შორის და საქართველოს ერთობისა და განკერძოების მომხრეთა შუა, რაოდენი გესლითა და შხამით უნდა ყოფილიყო აღსავსე ამის გამო მესხეთის მაშინდელი ცხოვრება!...
დიაღ, მცხეთის კათალიკოსები მესხეთის სამღვდელო პირთ სწორედ კათალიკოსისა და მეფის ერთგულებაზე აფიცებდნენ და, რაკი ეს ფიცი იმავე დროს საქართველოს სახელმწიფოსი და ეკლესიიის მთლიანობისა და ერთობის ფიცი იყო, ამიტომაც მათ მოქმედებას თანამედროვეთა გულწრფელი თანაგრძნობა და სიხარული უნდა გამოეწვია, შთამომავლობასა და ისტორიას კი არ შეუძლია მათი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე მთელი თავისი სიღრმე-სივრცით არ დააფასოს. ამ ბრძოლის გართულება და ტყუილ-უბრალოდ გამწვავება ქართული ეკლესიის მღვდელ-მთავარს მაინც არ უნდოდა. იგი ცდილობდა საკათალიკოსო საყდრისა და საქართველოს მთლიანობის ერთგულ პირთათვის საერთო საქვეყნო მოვალეობისა და თავიანთ ადგილობრივი სათემო ვალდებულების ასრულება არ გაეძნელებინა. ამიტომაც მას მათი ამხედრება და გადამტერება ათაბაგის წინააღმდეგ არ სურდა, არც უკრძალავდა მათ ათაბაგების, ვითარცა მესხეთის მთავრის, წინაშე ადგილობრივი ვალი მოეხადათ. ამის გამო კათალიკოსები ნებას აძლევდნენ აღთქმის დამდებ სამღვდელო პირთ ფიცის წიგნში შეეტანათ: ”ბატონისა ჩემისა (ე. ი. ათაბაგის) უზიანოთა საქმითა საყდრისა და თქუენი ერთგულნი ვიყუნეთ”-ო. მათ უნდოდათ, რომ არც ათაბაგების სათემო საქმეს რაიმე ზიანი მოსვლოდა და არც საქართველოს სახელმწიფოსი და ეკლესიის მთლიანობის საქვეყნო საქმე დაზარალებულიყო.
|