ჩუღურეთი

1 2

სახელს „ჩუღურეთს“ პირველად ვხვდებით ვახუშტი ბაგრატიონის თბილისის 1735 წლის გეგმაზე (N 62), იგი მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე და თბილისს ემიჯნება ჩრდილოეთიდან, გეგმაზე დატანებული დასახლების აღნიშნული უჯრედების მიხედვით ჩუღურეთი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული სოფელია. „მტკვრის აყოლებით მოსახლეობა უკვე მარცხენა ნაპირზეცაა გაჩენილი, ისნის ჩრდილოეთით, ჩუღურეთში (N 62)“ - აღნიშნავს ვახუშტის „თბილისის 1735 წლის გეგმის“ მკვლევარი ვახტანგ ბერიძე (1).
წერილობით წყაროებშიც სახელს  „ჩუღურეთს“ ისევე ვახუშტი ბაგრატიონთან - „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში ვხვდებით, მკვლევარი ჩუღურეთს იხსენებს სოფლების სიაში (2) და ჯავახეთის მხარის აღწერისას (3). საკვირველია, რომ ამავე ნაშრომში ქ. თბილისის და მისი მიმდებარე სოფლების აღწერა-ჩამოთვლისას, ვახუშტი ჩუღურეთზე არაფერს ამბობს (მაშინ, როცა მასსავე შედგენილ თბილისის გეგმაზე ჩუღურეთი დატანილია დასახლების აღმნიშვნელი ნიშნებით - უჯრედებით).
წერილობით წყაროებში ჩუღურეთს, ოღონდ ჩუხურის ფორმით, ვხვდებით 1707 წელს გაცემულ  წყალობის სიგელში.
იქ ესე წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ ჩვენ, დედოფლით დედოფალმან, პატრონმან რუსუდან, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან, პატრონმან ბაქარ თქვენ, ჩვენის კარის მღრდელს ნაობს, შვილსა შენსა პეტრესა, გიორგის და იაკობს, ასრე რომ შვილიან კაცი იყავით და ერთი კაცის სასახლისა და საბრძელ-კალოს ალაგს დაგვეაჯენით, ჩვენცა მოკითხული ვქენით და გაღმა ჩუხურში, შენისავ სიმამრის ნაქონი ცოტა რამ ბეითალმანი ნაოხარი ალაგი იყოს, რადგან ქალაქში მისი ნაქონი სახლ-კარი შენ გქონდა, არცა ვის ხელი ჰქონდა არცა ვის ეხელყოდა, და თვინიერ შენსა, და რადგან შენის სიმამრის ნაქონი იყო, ჩვენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, და როგორათაც შენს სიმამრს ლუარსაბს ქონებოდეს, რისაც  მზღურითა და გზით, იმ გვარად შენთვის და შენთა შვილთათვის გვიბოძებია. ქონდეს და გიბედნიეროს ღ-თნ... (4)
ამ საბუთში მოხსენიებული „ჩუხური“, ეჭვს გარეშე „ჩუღურეთია“. აქედან გამომდინარე ზემოთ გამოთქმული ჩვენი მოსაზრება-ვარაუდი (ვახუშტის „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“ დაყრდნობით), რომ ჩუღურეთში მოსახლეობა ადრე, XVII საუკუნეში უნდა გაჩერებულიყო, მართებული ჩანს. წყალობის წიგნში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ მღვდელს აძლევენ სიმამრის ნაოხარ მამულს გაღმა 1707 წელს ძნელი დასაჯერებელია, რომ მღვდლის სიმამრს აქ არ ეცხოვრა რამდენიმე წლით ადრე....
ჩუხური ქართულ წერილობით წყაროებში მეორეჯერ გვხვდება ქართლის 1721 წელს აღწერის დავთარში.

„ქ. ახალ-ჩუხურში.
მამასახლისი ხატისა ა, თავი      ა კ-ი
ფეხშიშველაშვილის ესტატე      „ა,  „ბ
ასატურაშვილი გასპარა              „ა,  „ა
გიგუაშვილი პეტრე                     „ა,  „ა
სომხიშვილი იათუნა                   „ა,  „ა
ყელიაშვილი ელიზბარა             „ა,  „ა
მოლაშქრე ირემა
მოლაშქრე ოთარა
სულ 8 კომლი მოლაშქრე   2“ (5)

აღწერის მიხედვით ახალ ჩუხურიდან შეიძლებოდა ცხრა მოლაშქრის გამოყვანა.
მკვლევარი იას, ლორთქიფანიძე ნაშრომში „ქვემო ქართლი“  (ნაწ. II, 1935წელი) საგანგებოდ გამოყოფილ I X თავში - „ქვემო ქართლის მე- XVIII საუკუნის პირველი  მეოთხედის  სოფლები და სხვა დასახლებული ადგილები“  - აღნიშნავს : 73. ახალ ჩუხური - მტკვრის გაღმა მხარეს (56)-1721 წელი-„აღწერაში მოთავსებულია ქვითკირის ლილოსა და დიდუბეს შუა სამეფო საბარათაშვილოში (გვ. 51). იქ ითვლებოდა ერთი მებატონე (მეფე), 6 გამომღები, და 2 ბოგანო ყმა“. (გვ.287). „...809 - ჩუღურეთი - მტკვრის გაღმა მხარეს, სიით 675, დიდუბეს და ახალ სოფელს შუა.
როგორც ვნახეთ, 1721 წლის აღწერიდან მოტანილ მონაკვეთში სოფელი ჩუღურეთი ცალკე არაა, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ ახალი ჩუხური იგივე ჩუღურეთია.
იას. ლორთქიფანიძე უზუსტობას უშვებს, როცა ორივე სოფელს-ახალ ჩუხურს (73 გვ. 287) და ჩუღურეთს (N809, გვ. 368) ასახელებს, როგორც ორი დამოუკიდებელ პუნქტს.
თვით სიტყვა „ახალ ჩუხური“ ადგილის ახალ დასახლებაზე მეტყველებს. საგულისხმოა, რომ მის გვერდით არსებობს ადგილი „ახალ სოფლის“ სახელწოდებით.
საინტეერესოა სიტყვა „ჩუღურეთის“ წარმომავლობის და მნიშვნელობის ახსნა-დადგენა. ვახუშტი თავის ნაშრომში „აღწერა ...“ ჯავახეთის მხარეზე ლაპარაკისას ხსნის ტერმინ „ჩუღურეთს“: „ამავ წყალზედ არს ფოსო ანუ ჩუღურეთი“ (6).
სიტყვა „ფოსო“ ვახუშტის თანადროულს დიდ ქართველ ლექსიკოლოგს საბას ასე აქვს განმარტებული: „ფოსო მცირე დაღრმომბილი“ (7). მეორე ცნობილი ლექსიკოლოგი ნიკო ჩუბინაშვილი „ფოსოს“ ასევე განმარტავს: „ფოსო, ფოსოვი მცირდ დაღრმავებული ადგილი“.
ჩუღურეთი ნაწარმოებია თურქული სიტყვიდან - (ჩუკურ), ( ჩკურ), (ჩუხურ)-ორმო, ფოსო, ღრმა, ხრამი, ფლატე, დაბლობი, დაცემული ადგილი (9).
1826 წელს თებერვლის ერთ-ერთ საბუთში ჩუღურუთის ეტიმოლოგია ასეა ახსნილი „ჩუღურეთი არის თათრულს ენასა ზედა მცირე მამული, რომელშიც ორმო ანუ სამმა გვარმა მიაფარონ თავისი თავი (10).
სიტყვა „ჩუღურეთი” არც ერთ ჩვენს ლექსიკოლოგს არა აქვს შეტანილი თავის ლექსიკონში ჩვენდა საბედნიეროდ, იგი დღესდღეობით შემორჩენილია შიდა კახეთის სოფლების - გრემის, ენისელის, ალმატისა და შილდას დიალექტურ ლექსიკაში. აქ მცხოვრები გლეხები ამბის თხრობისას ამბობენ ხოლმე: „შარშანა, აი იმ ჩუღურეთში ხარი გადამეჩეხა“ ანდა „იმ ჩუღურში ბევრი ზღმარტლია“ და სხვა. „ჩუღური“ აქ დახევებული მთის კალთის -ფერდის გამომხატველი ცნობაა. ასეთი მთის ფერდზე შეფენილია ბუჩქნარი, ანდა ტყე, ვახუშტი ბაგრატიონიზუსტად ასეთი რელიეფით წარმოგვიდგენს ჩუღურეთს „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“.
ამ გეგმის მიხედვით, სოფელი ჩუღურეთი ყოველი მხრიდან შემოზღუდულია ბუნებრივი საზღვრებით. მას სამი მხრიდან აკრავს ხევი ხოლო დასავლეთის მხრიდან - მდინარე მტკვარი. ჩუღურეთის ჩრდილო და სამხრეთის საზღვრების ზუსტად დადგენაში გვეხმარება ორი საორიენტაციო პუნქტი - სოფლის სამხრეთი ხევის (ჩუღურეთის) მარჯვენა მხარეს მდგარი სომხის საყდრის „სურბ-კარაპეტის“ (
N 61) და ჩრდილოეთი ხევის (დიდი ხევის)მარჯვენა მხარეს მდგარი კვირაცხოვლის ეკლესია (N63).
გეგმით სოფლის მოსახლეობა მოთავსებულია აღნიშნულ ხევებს შორის და განსახლებულია მდინარე მტკვრის ნაპირზე, ჩუღურეთს ორად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ყოფს მასზე გამავალი „ავჭალის გზა“, რომელიც იწყება ქალაქის კარიდან (ისნიდან) და და მიემართება მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირისკენ.
ვახუშტის შემდეგ „ჩუღურეთს“, თითქმის  XVIII საუკუნის დასასრულამდე, ვხვდებით მხოლოდ 1765 წელს შედგენილ კათალიკოსის ყმათა ნუსხაში: „ ქ. ჩუღურეთელი მეჭურჭლე თომას“ (11). გიულდენშტეტს საქართველოს რუკაზე (შედგენილია გერმანულად 1772 წელს (12). ქალაქ თბილისის გვერდით დატანილი აქვს სოფლები: კუკია, დიღომი, დიდუბე, ნავთლუღი, სონღალუღი,  რაც შეეხება ჩუღურეთს მოგზაურს იგი არ აღუნიშნავს. რა არის ამის მიზეზი არ ვიცით, შეიძლება ლეკიანობამ ისე შეათხელა მოსახლეობა, რომ მოგზაურმა საჭიროდ არ ჩათვალა ასეთი პატარა პუნქტი რუკაზე დაეტანა. მკვლევარი ქალაქის გარეუბნების განსახლების აღწერისას აღნიშნავს: „...მიდამო ქალაქის გარშემო, ისე როგორც მთელი საქართველო, მცირედ და ცუდად არის გაშენებული და დასახლებული“ (13).  შეიძლება გიულდენშტედტს რუკის შედგენისას უბრალოდ გამორჩა სოფელი ჩუღურეთი. ამას იმიტომ ვფიქრობთ, რომ ძნელი წარმოსადგენია კუკიის გვერდით ჩუღურეთის პირწმინდად გაქრობა:  ანდა შეიძლება მან ჩუღურეთი თბილისის გარეუბნად მიიჩნია ქალაქთან სიახლოვის გამო. მოგზაური მტკვრის მარცხენა მხარეს ასე აღწერს: „ ...მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქის პირდაპირ, არის ბაღები და ყანები“ (14), მოგზაური არაა დაინტერესებული გაარკვიოს, რომელ დასახლებულ პუნქტს ეკუთვნის აღნიშნული ბაღები და ყანები.
პიშჩევიჩის თბილისის 1785 წლის გეგმის (15) (შედგენილია ფრანგულად) ექსპლიკაციაზე ჩუღურეთი საერთოდ არა ჩანს. მის ტერიტორიაზე
N85-ით აღნიშნულია ქართული მონასტერი, ხოლო N86-ით სომხური მონასტერი. სომხური მონასტრის ჩრდილოეთით ბაღია გაშენებული. სხვა აღნიშვნა ამ ტერითორიაზე არაა. ვფიქრობთ, რომ გეგმაზე დატანილი N 85-ით აღნიშნული მონასტერი უნდა იყოს კვირაცხოვლის ეკლესია. ხოლო თუ ეს ასეა, მაშინ N86-ით აღნიშნული სომხური მონასტერი უცნობია და სად უნდა მდგარიყო, ძნელი გასარკვევია. თუ ვივარაუდებთ, რომ პიშჩევიჩს შეცდომა მოუვიდა ქართული და სომხური მონასტრების გეგმაზე დატანისას და მის შეცდომას გავასწორებთ, მაშინ ასეთ სურათს მივიღებთ: ქართული მონასტერი (N 85) არის კვირაცხოვლის ეკლესია, ხოლო სომხური მონასტერი (N86) იქნება ვახუშტის 1735 წლის თბილისის გეგმაზე დატანილი „ახალისოფლის“ ეკლესია, რომელიც გაშენებულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
შეიძლება პიშჩევიჩმაც თავის გეგმაზე იმავე მიზეზით არ აღნიშნა ჩუღურეთი, რა მიზეზითაც აუარა გვერდი გიულდენშტედტმა კერძოდ, ჩუღურეთის ტერიტორიის ათხელების გამო. 1800 წლის თბილისის გეგმაზე (შედგენილია რუსულად) ჩუღურეთი დატანილია N10-ით გეგმაზე ჩუღურეთს ასეთი წარწერა აქვს: „Урочище Чугуреты“. აქვე ჩუღურეთის  ტერიტორიაზე დატანილია მასზე გამავალი ავჭალის გზა და მის აღმოსავლეთით მდებარე კვირაცხოვლის ეკლესია.
1800 წლის თბილისის გეგმის განხილვისას პროფესორი შ. მესხია ამბობს, რომ „ამ დროს ასევე დაუსახლებელი იყო ჩუღურეთიც“ (17) ამაში პატივცემულ მეცნიერს არ ვეთანხმებით, და თუ რატომ უფრო ქვემოთ ვიტყვით.
ამრიგად ჩვენს ხელთ არსებული თბილისის გეგმების მიხედვით ჩუღურეთის ტერიტორიაზე  მოსახლეობის გაჩენა უნდა ვივარაუდოთ  XVIII საუკუნეზე ადრეულ ხანაში. როგორც უკვე ვთქვით 1707 წლის სიგელი, 1721 წლის აღწერის დავთარი, ვახუშტის 1735 წელს თბილისის გეგმაზე დატანილი მოსახლეობის აღნიშნული უჯრედები მოგვანიშნებენ, რომ აღებულ პერიოდში სოფელი ჩუღურეთი  მჭიდრო და  მრავალრიცხოვანი დასახლებაა. შემდეგ იგი ნელ-ნელა კლებულობს ან სულ ქრება (გიულდენშტედტის საქართველოს 1772 წ. რუკა, პიშჩევიჩის 1785 წლის და 1800 წლის გეგმები).
ჩვენ არ ვიცით, რა ეწოდებოდა ვახუშტიზე ადრეული ხანის ჩუღურეთს (18) და რა სახის მეურნეობას მისდევდნენ მისი ბინადარნი (ქალაქისპირა სოფლები უბნები არიან როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ხელოსნური). ძნელი დასაჯერებელია, რომ შუასაუკუნეების ძლიერი და გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქის სანახები აუთვისებელი ყოფილიყო და „ჩუღურეთი“, როგორც სოფლის ან უბნის დასახლება, არ გაჩენილიყო, ანდა არ ყოფილიყო ამის მცდელობა, მით უმეტეს, რომ საამისოდ არსებობდა ყოველგვარი პირობა: ქალაქის, როგორც ბაზრის, სიახლოვე, მის ტერიტორიაზე გამავალი, იმ დროისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზა - „ავჭალისა“, რომელიც თბილისს (მეფის სასახლეს) „ქალაქის კარით“ ისანთან აკავშირებდა ჩრდილოეთიდან „...გზა მცხეთიდან არაგვზე ხიდით მიდიოდა (შეიძლება ამის მოწმობა იყოს სოფელი ჯაჭვი, რომელიც სადღაც არაგვის მარცხენა მხარეზეა ნაგულისხმევი სოფლის სახელიც ამ ხიდთან  იყოს დაკავშირებული...).
ეს გზა მაშინ ასეა წარმოსადგენი მცხეთა, არაგვი, ჯაჭვი, ჯვარი და იქიდან ავჭალისაკენ“ (19).
ნ. ბერძენიშვილის მოსაზრებას ემოწმება თბილისის 1800 წ. გეგმის ექსპლიკაცია: «Дорога в деревню Авчала а от оной у местечка Мцхет выходит на большую в Россию идушую дорогу».
როგორც უკვე ავღნიშნეთ, „ავჭალის გზა“ ვახუშტისაც აქვს დატანილი  თბილისის 1735 წლის გეგმაზე. უნდა გავიხსენოთ, რომ იგი სათავეს იღებს „ქალაქის კართან“ და გატანილია ჩუღურეთის ტერიტორიაზე. ავჭალის გზა ქვეყნისათვის  ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიური და სამხედრო-საფორტიპიკაციო მნიშვნელობა, იგი ქვეყნის ცენტრს აკავშირებდა პერიფერიებთან (კერძოდ ჩრდილოეთთან), სოფელს ქალაქთან, დამამზადებელს გამსაღებელთან, გზა ხელს უწყობდა ჯარის სწრაფ ფორსირებას და სხვა.
ავჭალის გზის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ იგი იწყება „ქალაქის კართან“ - ისანთან. გალავანში დატანებულ კარს ქალაქისათვის ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, ქვეყნისათვის - გზას. „ქალაქის კარიდან“ იწყებოდა სატრანზიტო გზები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქალაქის ეკონომიურ ცხოვრებაში. ასევ რომ კარის ქალაქის გალავნის იმ მხრიდან ატარებდნენ, საიდანაც წარმოებდა ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა (20).
XII საუკუნის დასასრულისათვის,  XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს მეფის საჯდომი მტკვრის მარცხენა ნაპირია. თამარ მეფე იმყოფება „...საჯდომსა მთასა ციხესა ისანს...“(21) მტკვრის მარცხენა ნაპირზე ჩქებს სიცოცხლე. სხვადასხვა საქონლით დატვირტული აურაცხელი ქარავანი თბილისში შედის „ქალაქის კარით“, გამარჯვებული მეფე მტრისათვის წართმეულ ნადავლს მტკვრის მარცხენა ნაპირზე „ქალაქის კარიდან“ გლდანამდე ფენს (22), მეფე ჯვარს იწერს დიდუბის ეკლესიაში, ქორწილს იხდის დიდუბის სასახლეში (23) ძველი ჩუღურეთის ტერიტორიაზე გამავალი ავჭალის გზა ინტენსიურად გამოიყენებოდა XII- XIII სს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სწორედ ამ გზის ახლოს (აღმოსავლეთით) 1940 წელს რიყის ქუჩაზე მიწის თხრისას აღმოჩნდა ჯალალედინის დროინდელი მონეტების განძი (საქართველოს სახელობის მუზეუმის ნუმიზმატიკის განყ.ინვენ. 4587 – 4588).
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდუბეში მიმავალი გზა გატანილია „ჩუღურეთის“ ტერიტორიაზე მდებარე ორ ხევზე „ჩუღურეთსა“ და „დიდხევზე“, საგულვებელია, რომ სწორედ ამ დროს გაჩენილიყო ჩუღურეთის ტერიტორიაზე სოფლური დასახლება ანდა, შეიძლება, ამის მცდელობა იყო, მაგრამ ბედის უკუღმართობამ ქართველი ხალხის ისტორიის წინსვლა ჯერ შეაფერხა, მერე კი წაღმა დაატრიალა. ჩუღურეთის სოფლად ჩამოყალიბება ჩანასახშივე მოსპო მოძალებულმა მტერმა - მონღოლებმა, თურქებმა, ყიზილბაშებმა. თბილისი დროის მცირე მონაკვეთში რამდენჯერმე იქნა დარბეული, გაძარცული და დანგრეული. ერი ახლის გაკეთებას და აშენებას კი არა, მტრისაგან მიყენებული იარების მოშუშებას უნდებოდა. მოძალებული მტრისაგან ბევრი საქარავნო გზა გავერანდა და დავიწყებას მიეცა. ვერც ავჭალის გზა აცდა ამ ხვედრს, იგი ისე ინტენსიურად აღარ გამოიყურებოდა.
ცენტრალური ხელისუფლება მოიშალა. სახელმწიფო სათავადოებად  დაიყო. თავადი თავის მამულში - სათავადოში გამოიკეტა და მეფეს ნორმალურად ემორჩილებოდა. „ავჭალის გზამ“ ჩრდილოეთთან კავშირის დამყარებაში პირველობა „დიღმის გზას“ დაუთმო. „ავჭალის გზა“ ადგილობრივ გზად იქცა, თუმცა იგი მთლიანად მაინც არ ჰკარგავს თავის მნიშვნელობას.
XVII საუკუნის დასაწყისში არაგვის გოროზი ერისთავი ნუგზარი, რომელსაც თბილისში, „...დაახლოებით იქ, სადაც პიონერების სასახლეა ან საქართველოს მუზეუმი...“ (24), ედგა სასახლე, მდინარე მტკვარზე, ახლანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდის ადგილას, აგებს ქვითკირის ბურჯებზე შემდგარ „2 ან 3 მალიან“ (25) ხიდს 1850 წელს  «Кавказский  календарь-ში» (გვ. 399) ვხვდებით ცნობას მდინარე მტკვარზე ამ ადგილის ძველი ხიდის ბურჯების  არსებობის შესახებ: «Башни от передполагавшегося когдато моста северной части Тифлиса по преданню они построены князьями Эриставамы Арагвскими». აქ ხიდის არსებობაზე ასევე მოგვითხრობს მკვლევარი პლატონ იოსელიანი. მისი გადმოცემით, ხსენებულ ხიდს დიდხანს არ უარსებია (26), ხიდის მოშლა-მორღვევის მიზეზი უცნობია. შეიძლება მისი ხის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ მოშალა, ანდა მტრის რომელიმე შემოსევის მსხვერპლი გახდა, ხოლო ქვის ბურჯები, როგორც გაზეთი «Кавказь» მოგვითხრობს, აფეთქებიათ 1909 წელს, „მუხრანის ხიდის“ მშენებლობისას (27). საინტერესოა, რამ უკარნახა გოროზ ფეოდალს მდინარე მტკვარზე ხიდის აგება. მკვლევარი კვეზერელი-კოპაძე, სარგებლობს რა ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, იმეორებს მის აზრს და წერს, რომ არაგვის ფეოდალმა ნუგზარმა, რათა სახიდე გადასახადისაგან გაენთავისუფლებინა თავისი ქვეშევრდომები, თავისი ხარჯით ააგო თბილისის გარეუბანში ქვის საყრდენზე განლაგებული ქვის ხიდი: აღსანიშნავია, რომ ხიდის მშენებლობა, მისი აგება მეტად შრომატევადი და ძვირად ღირებული საქმე იყო. ხიდზე გადასვლისას მგზავრი იხდიდა საგანგებოდ დაწესებულ გადასახადს - სახიდურს, რომელსაც კრეფდა ხიდის თავში მდგომი პირი. მცხეთის ხიდზე გადასვლისას ბაჟის აკრეფვას მშვენივრად აღწერს იოანე ბატონიშვილი „კალმასობაში“ (28). „სახიდურზე“ მოგვითხრობს გიულდენშტედტიც: მცხეთის ხიდს „... სარგებლობისათვის ერთი მცხეთელი აზნაური იღებდა ხიდის ბაჟსაო“ (29);  რადგანაც ხიდის გადასახადი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროდ ითვლებოდა, უეჭველია, მისი ამგები ისეთ ადგილს ამოირჩევდა, სადაც მოსახლეობა მრავლად იყო და მიმოსვლაც ინტენსიური იქნებოდა. ძნელი დასაჯერებელია პატივცემულ მკვლევართა - პლატონ იოსელიანისა და კვეზერელ-კაპანაძის აზრი, ვითომ არაგვის ერისთავს მტკვარზე ხიდის აგებისას ამოქმედებდა მხოლოდ ქველმოქმედება და ჰუმანურობა.  განა ხსენებულ ხიდზე მარტო არაგვის ერისთავის ყმა გლეხები დადიოდნენ? განა იმ დროს თბილისის გარშემო დასახლებული სოფლები აღარ იყო? ეჭვს გარეშეა, არაგვის ერისთავი მტკვარზე ხიდს მარტო თავისიანებისათვის არ ააგებდა. აღსანიშნავია, რომ ხიდის არსებობა დამოკიდებული იყო მის ინტენსიურ ექსპლოატაციაზე - გამოყენებაზე, რადგანაც ხიდზე გამავალი მგზავრებისაგან შემოსული თანხით ხდებოდა.
არაგვის ერისთავის მიერ აღნიშნულ ადგილას ხიდის აგება მიგვანიშნებს, რომ XVII  საუკუნეში „ავჭალის გზა“ გამოცოცხლებას იწყებს და თავის ადგილს იკავებს ქვეყნის ეკონომიურსა და პოლიტიკურ XVII საუკუნეში საქართველოში საქალაქო ცხოვრება ცოცხლდება - ხელახლა იწყება თბილისის დაცარიელებული უბნების გამოცოცხლება.
შესაძლოა XVII საუკუნის დასაწყისში ჩუღურეთის ტერიტორიაზე აღნიშნული ხიდის აგებამ ბიძგი მისცა მის ტერიტორიის ათვისებას და განსახლებას, ან, პირიქით ნუგზარ ერისთავს აქ ხიდის აგება უკარნახა მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფლების ჩუღურეთის, კუკიის, დიდუბის, ავჭალის, გლდანის ხელახალმა განშენიანებამ და ეკონომიურად მომძლავრებამ. ხიდის აღნიშნულ ადგილზე აგებისას შესაძლოა გათვალისწინებული იქნა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორიც - თბილისის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის გალავანში  დატანიებული კარი.
თბილისის ზღუდეს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ჩრდილოეთიდან, დატანიებული ჰქონდა სამი კარი: „კოჟორის“, „დიღმისა“ და „ქვემო“ ანუ „წყლისა“. „კოჟორის“ (კოჯრის) კარით შემოდიოდა სამხრეთ-დასავლეთიდან მოსული მგზავრი, ხოლო მისგან ცოტა მოშორებით, აღმოსავლეთით, მტკვრის ახლო მდებარე „ქვემო“ კარი ძირითადად ემსახურებოდა გარეთუბნელებს და, ალბათ, ავჭალის გზით მოსულ ქალაქისპირა სოფლელებსა და ჩრდილოეთელ მგზავრებსაც.
XIX საუკუნეში, როცა ჩუღურეთი და ძველი კუკია თბილისს შემოუერთეს, ძველი „ავჭალის გზის“ ნაწილს, მდინარე მტკვართან სიახლოვის გამო, „რიყის ქუჩა“ (აწინდელი ხეთაგუროვის ქუჩა) ეწოდა.
ჩუღურეთის ტერიტორიაზე, აღმოსავლეთით, გადიოდა მეორე გზა - „ზემო გზა“. იგი გატანილი იყო „ავჭალის გზის“ პარალელურად, დაახლოებით იქ, სადაც დღეს რკინიგზა გადის. „ზემო გზა“ მოემართებოდა სოფელ ავლაბრიდან და სადღაც დიდუბესთან თუ ავჭალასთან უერთდებოდა „ავჭალის გზას“ ძირითადად ამ გზით სარგებლობდნენ აღმოსავლეთ საქართველოდან წამოსულნი.
მატერიალური კულტურის ძეგლებიდან ჩუღურეთის ტერიტორიაზე დღესდღეობით შემორჩენილია სამი ეკლესია „კვირაცხოვლის“, „წმინდა ნიკოლოზის“ ქართული ეკლესიები და „ღვთისმშობლის“ სომხური ეკლესია.
ამათგან ყველაზე ადრეული - „კვირაცხოვლის“ ეკლესია მდებარეობს ჩუღურეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიდხევის მარცხენა ნაპირზე, რკინიგზის ხაზთან, შემაღლებულ ადგილზე (დღეს მას დაკარგული აქვს ეკლესიის სახე, იგი გადაკეთებულია საცხოვრებელ შენობად).
რა ხნისაა კვირაცხოვლის ეკლესია, არ ვიცით, იგი ქართველ გეოგრაფს, ვახუშტი ბაგრატიონს დატანილი აქვს
N63-ით „თბილისის 1735 წლის გეგმაზე“. ეკლესიის მიმდებარე გორასამლოცველოები ყეენის, კვირიკობის (30) (სამგორის ზღვის ჩრდილოეთით და დასავლეთით), გვაფიქრებინებს, რომ კვირაცხოვლის ეკლესია უფრო ადრინდელი უნდა იყოს. შეიძლება იგი ააგეს ღვთაება კვირიას ძველი საკულტო ნიშის ადგილას.
საგულვებელია,რომ დროთა ცვლაში წარმართთა ღვთაება კვირიამ ქრისტიანულ რელიგიაში კვირაცხოვლის სახელი მიიღო. «Расположенная в селении Тчалисопели Тчартальского ущелья Мтиулети христианская церковь с окружающим ее небольшим участком земли у мтиулов почиталось под названием Квирацховелис хати в качестве святилища божества Квириа» (31).
მლოცველთა შეგნებაში  წარმართთა კვირიას  და ქრისტიანთა ეკლესიას „კვირაცხოველს“ ერთი და იგივე ფუნქციის შესრულება ევალებოდათ. ეს სალოცავები განაგებდნენ ამქვეყნიურ საქმეებს. ამაზე მეტყველებენ კვირიას ეპითეტები: ხმელთმოურავი, კარავიანი. მას ეკუთვნოდა ცოდვა-მადლის განკითხვა, წულიანობა, მოსავლიანობა, განაყოფიერება (32) და სხვა. თვით სახელი „კვირაცხოველი“ უნდა იყოს კომპოზიტი „კვირიასა“ და „ცხოველისაგან“ ნაწარმოები. „ცხოველი“ - ცოცხალი, ესე იგი კვირია - ღვთაება სიცოცხლისა და ნაყოფიერებისა. შეიძლება ძველად, ქართველი ხალხის წარმართების დროს, დღევანდელი კვირაცხოვლის ეკლესიის ადგილზე იდგა წარმართი კვირიას კარავი (შეად. ეპითეტი: კარავიანი).
ახლა რაც შეეხება კვირიასა და ყეენის კავშირს. ივანე ჯავახიშვილი ეხება რა ზემო სვანეთში საყველიერო დღესასწაულთან - მურყვანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჩვევებს და მათ შორის „კვირიას“ , დაასკვნის რომ სვანეთში დაცული ამ ჩვევებით შეიძლება მეტ-ნაკლებად ყეენობის პირველყოფადობის დადგენა (33). დროთა სვლამ დაამახინჯა წულიანობისა და ნაყოფიერების მთავარის ღვთაების - კვირიას დღესასწაულის პირვვანდელი სახე. იგი თბილისური, საერთოდ ქართულ ყოფაში შემონახულია ყეენობის სახით. რადგან „კვირია“ და „ყეენი“, მიუხედავად მათი სახელების წარმოშობის დროის სხვადასხვაობისა, იდენტურნი არიან (ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ყეენობა ბევრი რამით ჰგავდა „კვირიას“ წეს-ჩვევას) (34). ამდენად, ჩვენი აზრით, ზემოთ ნახსენები „ყეენის გორა“ კვირაცხოვლის ეკლესიასთან გენეტიკურ კავშირში უნდა იყოს. კვირაცხოვლის ეკლესია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ვარაუდის სახით პიშჩევიჩს თავის 1785 წელს თბილისის გეგმაზე N 85-ით უნდა ჰქონდეს დატანილი. 1800 წელს თბილისის გეგმაზე
N11-ით კვირაცხოვლის ეკლესია ნანგრევების სახითაა დატანილი, გეგმის ექსპლიკაციაში ვკითხულობთ: «Разоренная грузинская церковь святого апостола Фомы». ეს უსათუოდ აღა მაჰმადხანის თბილისზე 1795 წელს გამანადგურებელი შემოსევის ნამუსრევია. ხევს, რომლის პირასაც კვირაცხოვლის ეკლესია დგას, გეგმის ექსპლიკაციაში ეწოდება «Цховели хеви». ეს სახელი ეკლესიის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმორბი. კვირა ცხოველი-კვირაცხოვლის ეკლესია XIX საუკუნის 80-იან წლებშიც არ ყოფილა აღდგენილი. მის შესახებ 1884 წელს თბილისის გეგმის ექსპლიკაციაში აღნიშნულია: «св. Георгия( строящаяся церковь на Красной горке)» (35).
ქართველები კვირაცხოვლობას დღესასწაულობდნენ აღდგომის სწორს. საქართველოში კვირაცხოვლობას - წმინდა თომას დღეს ბურთის თამაში იყო მიღებული. ეკლესიაში წირვის შემდეგ ორ ჯგუფად გაყოფილი ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა ბურთის აღებაში, თამაშში  მონაწილეთა რწმენით, რომელი ჯგუფიც გაიმარჯვებდა და აიღებდა ბურთს, მთელი წლის განმავლობაში  უხვი ჭირნახული ექნებოდა. ზოგჯერ ბურთს გლეჯდნენ რამდენიმე ნაჭრად (იმდენად მაგიური მნიშვნელობა ეძლეოდა ბურთს), ნაგლეჯის პატრონი დარწმუნებული იყო, რომ მის ოჯახს მთელი წელიწადი არ მოაკლდებოდა სიუხვე და ბარაქა.
კვირაცხოვლის გორას (წითელი გორა) Красная гора ეწოდება  ამ დღეს აქ წითელი კვერცხების დაგორების ჩვეულების გამო. დილაადრიან კვირაცხოვლის გორაზე მლოცველები ანჩისხატის ეკლესიიდან მოასვენებდნენ ხატს, რომელზეც ხალხი ლოცულობდა, ლოცვა-წირვის დამთავრების შემდეგ იმართებოდა სახალხო დღესასწაული- სანახაობანი, ჯირითი, ცეკვა-თამაში და ლხინი.
ჩუღურეთის მეორე ქართული ეკლესია - „წმ. ნიკოლოზი“ დგას მტკვრის ნაპირას. იგი სამნავიანი გუმბათიანი ეკლესიაა. წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ადგილის მინიშნებისას უზუსტობას უშვებს ე.ბერიძე, რომელიც წერს: „მის გვერდით (სამების ეკლესიის, თ.ბ.
) შეიძლებამოვიხსენიოთ მხოლოდ წმ.ნიკოლოზის ეკლესია კუკიაში, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მარქსის ხიდის მახლობლად, შემდეგ მკვლევარი აღნიშნავს, რომ „ეკლესია 1859 წელს აუგიათ დეკანოზ იოანე იმნაძის თაოსნობით, უფროა ადრინდელი, 1815 წელს აშენებული, ეკლესიის ადგილას.“ (38)
«Ведомость о церкви», რომელიც ინახება ეკლესიის მოძღვრის შოშიაშვილის ოჯახში, გვაწვდის ცნობას ეკლესიის ხელმეორედ აგების შესახებ. ამ ცნობის მიხედვით ეკლესია აგებულია 1856 წელს ეკლესიის შემოსავლითა და მრევლისგან შემოწირული სახსრებით; ეკლესიის სამხრეთ სვეტსი დატანილ მარმარილოს ფილაზე დაწერილი ეპიტაფია გვაუწყებს ეკლესიის აღმშენებლის ვინაობას“ ეს არს განსასუენებელი, ჩუენი ამას დავემკვიდრენით მარჯვნივ მხარეს ღუთაების ხატის წინ განისუენებენ გუამნი, ამაეკლესიის აღმშენებლის უწმინდესის სინოდის კანტორის ჩლენის დეკანოზის იოანე პეტრეს ძის იმნაძისა გარდაცვალებულისა 1872 წ-სა მარტის 4-სა შობიდან 84-ის წელსა და მეუღლისა მისისა მაგდანელ მაკარის ასულისა გარდაცვალებულისა 1876 წელსა სეკდემბრის 30-ს შობიდან 66-ის წლისა“.
1901-1904 წლებში მრევლიდან შეგროვილი სახსრებით, საქართველოს ეგზარხოსის ნებართვით ეკლესია გაფართოვდა, მას მიემატა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავები. მშენებლობას მოთავეობდა ეკლესიისმოძღვარისოლომონ შოშიაშვილი. მშენებლობა დაჯდა 4000 მანეთი. მოძღვარ შოშიაშვილის მოწვევით 1901 - 1902 წლებში მხატვარ გიგო ზაზიაშვილმა ეკლესია მოხატა თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის ფრესკებით, აგრეთვე აღადგინა ძველი მხატვრობა. შოშიაშვილისავე თაოსნობით ეკლესიასთან XIX საუკუნის 80-90-იან წლებში დაარსდა ქართული სამრევლო სასწავლებელი, სადაც თვითონვე ასწავლიდა. აღსანიშნავია, რომ იგი ერთ-ერთი პირველთაგანია იმ ქართველმოღვაწეთა შორის, რომლებმაც ქართულ ეკლესიასთან დააარსეს სამრევლო სასწავლებლები.მოძღვარ შოშიაშვილთან (რომელიც წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში ცხოვრობდა), როგორც ქართველი ერის მესვეურთან და გულშემატკივართან, ხშირად დადიოდნენ დიდი ილია, სოფრომ მგალობლიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ზაქარია ჭიჭინაძე.
საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცული 1832 წლის ერთ-ერთი საბუთთ ირკვევა, რომ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ადგილზე ადრეც მდგარა ეკლესია, რომელიც ან დაინგრა, ან იოანე იმნაძემ გააფართოვა, ანდა ძველის ადგილზე აიგო ახალი ეკლესია. მოხსენიებულ საბუთში არის ვინმე პოდპორუჩიკ ნიკაშიძის თხოვნა საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორის ნიკოლოზ ფალავანდიშვილისადმი:  „В городе Тифлис по левому сторону реки Куры между веревошним мостом и церквью с-ю Николая (в Чугуретах) имеется пустопорожное место пространством с берегом реки Куры на 100 квадратных саженей...»  ნაკაშიძე მოითხოვს, ნება მიეცეს აღნიშნულ ადგილზე «Постоялый двор»-ის, ანდა «Гостиный»-ის აგებისა, მას ამ თხოვნაზე უარი ეთქვა, რადგანაც ჩუღურეთის ტერიტორია ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო აზომილი და დაგეგმარებული (40). დამოწმებული საბუთი საინტერესოა იმით, რომ წმ. ნიკოლოზის ეკლესია მოხსენიებულია ჩუღურეთში უფრო ადრე, ვიდრე იხსენიება «Ведомость о церкви».  აღსანიშნავია ერთი გარემოება: როდესაც საქართველოს ეგზარქოსი თავის მოხსენებით ბარათში ჩამოთვლის თბილისსა და მის გარეუბნებში არსებულ ყველა მართმადიდებლურ ეკლესიას (42), არ იხსენებს ჩუღურეთში მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესიას, როგოც ჩანს, გამორჩენია, ზემოთ ნახსენებ საბუთში ვხვდებით საინტერესო ცნობას: უღურეთი მტკვრის მარჯვენა ნაპირთან დაკავშირებული ყოფილა დროებით «веревошный» ხიდით, შეიძლება ეს იყო დაკიდებული-ბონდოს ხიდი.
ჟიხარევის მიერ კუკიისა და ჩუღურეთის 1825 წლის შედგენილ გეგმაზე დღევანდელ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ადგილზე დატანილია ეკლესიის აღმნიშვნელი ჯვარი. ეკლესიას გალავანი აკრავს, რომელსაც საცხოვრებელი ნაგებობები გაუყვება.
ლეონ მელქისეთ-ბეგმა 1904 წელს დ. კარიჭაშვილის კატალოგში მიაკვლია ნაშრომს- „მონასტრები და ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ (დაწერილია 1837 წ.) აღნიშნულ გამოკვლევაში ვხვდებით ჩვენთვის საინტერესო მნაკვეთს- „ჩუღურეთში (წმ. ნიკოლოზის) ჯუარის გამოჩენისა, ავლაბრისავე ჩუღურეთსა შინა არის ეკლესია ჯუარის გამოჩენისა, 7-სა დღესა ზედა მაისისა თვისასა უგუმბათო სიონური პატარა, ქვით-კირისა, რომელიცა აღეშენა ერთა ქრისტეანეთაგან მღუდელობითა აწ გარდაცუალებულისა პეტრე იმნაძისათა ძველად მყოფსა საძირკველსა ზედა წელსა 1812-სა და არის ამას შინა ერთი მღუდელი. ეს ცნობა მეტად საინტერესოა ჯერ ერთი იმით, რომ წმ. ნიკოლოზის (ჯვრის გამოჩენის) ეკლესია 1812 წელს აუგიათ ძველი ეკლესიის ადგილას., ე.ი. ჩუღურეთში (ჩუხურში) მდგარა საყდარი, რომელიც უნდა აეგოთ ალბათ XVII-XVIII საუკუნეებში. მეორეც ის, რომ ეკლესიის აღმშენებელია პეტრე იმნაძე, მამა იოანე იმნაძისა, რომელმაც მამის მიერ აგებული ტაძარი ან განაახლა ანდა მის ადგილას 1856 წელს ააგო ახალი  ეკლესია. როგორც ჩანს, იმნაძეები ძველი ჩუღურეთელები არიან. აღსანიშნავია, რომ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ეზოში დღესაც სახლობენ ძველი იმნაძეების ნაშიერები.
წმ. ნიკოლოზის ეკლესიაზე მოგვითხრობს თბილისის ისტორიის მკვლევარი პლატონ იოსელიანი  «Церковь в предместии Тифлиса Кукия во имя явления св. креста построенная в 1815 и освященная Экзархом Грузии Митрополитом Варламом, для населения тамошнего в Куке, после переселения из опустевшей деревни Дидубе между двумя нынешними немецкими колониями, Недавно на развалинах этой церкви построена другая с куполом и освящена во имя св. Николая Чудотворца». (45). მკვლევარი ეკლესიის ადგილის მინიშნებისას უშვებს უზუსტობას, იოსელიანისეული კუკიის „წმ. ნიკოლოზის“ ეკლესია, უეჭველია, არის ჩუღურეთის „წმ. ნიკოლოზის“ ეკლესია (46). „წმ. ნიკოლოზის“ ეკლესიის კუკიის ტერიტორიაზე მოთავსება გამოწვეულია, იმით რომ XIX საუკუნის 40-50-იან წლებში ქალაქისა და მისი გარეუბნების გეგმებზე დატანისას ნიკოლოზის ქუჩა, რომელიც იწყებოდა კუკიაში და ჩუღურეთის ტერიტორიაზე გადმოდიოდა (დღევანდელი კრწანისის ქუჩა და ხეთაგუროვის ქუჩის ნაწილი), წმ. ნიკოლოზის ეკლესიას ცოტათი შორდებოდა სამხრეთის მიმართულებით, ამიტომაც ქალაქის ტერიტორიის ადმინისტრაციულ კვარტალებად დანაწილებისას გეგმის შემდგენელებს ოდითგანვე სოფ. ჩუღურეთის ტერიტორიაზე მდებარე საყდარი შეტანილი აქვთ სოფ. კუკიის ტერიტორიაში, შემდეგში ამ უნებურ შეცდომას თითქმის ყველა მკვლევარი იმეორებს.
ჩუღურეთში მდებარე მესამე ეკლესიაა „ღვთისმშობლის“ სომხური ეკლესია. იგი იდგა მექოთნეთა და პანასევიჩის ქუჩებს შორის (აწინდელი მ. თოიძისა და ნ.ჩხეიძის ქუჩები). ეკლესია აგებული უნდა იყოს  XIX საუკუნის პირველ მეოთხედში. მისი აგების ზუსტი თარიღი არ ვიცით. აღნიშნულ ეკლესიას ვხვდებით 1831 წლის 16 დეკემბერს შედგენილ საბუთში N22-ით, სომხურ ეკლესიათა სიაში იგივე ეკლესია დატანილის თბილისის 1825 წლის გეგმაზე (48).
ქ. თბილისი და მისი სანახები სოფლებითა და გარეუბნებით ოდითგანვე მეფის კუთვნილებაა (49). ჩვენ უვე არაერთგზის აღვნიშნეთ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქალაქის ეკონომიკურ და პოლიტიკურ  ცხოვრებაში ქალაქისპირა სოფლებს. გამუდმებულმა ომებმა და ამით გამოწვეულმა მოსახლეობის გამეჩხერებამ სახელმწიფოს არსებობაში სამკვდრო-სასიცოცხლოდ გახადა იმიგრაციის საკითხი. იმიგრაციისა და რეპატრიაციას ქვეყნის აღორძინებასა და სამეურნეო ცხოვრების აღდგენაში  უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამან თავისი ასახვა ჰპოვა ქართულ სამართალში.
ვფიქრობთ, სწორეს ამ მოტივით, ქვეყნის სამეურნეო და ეკონომიკური პოლიტიკით ხელმძღვანელობდა მეფე ერეკლე მეორე, როცა ქალაქისპირა, თავისი კუთვნილი მამული-სოფელი ჩუღურეთი თავად ამატუნს უბოძა 1795 წლის დეკემბერში. საქართველოს ცენტრალურ არქივში დაცულია 1829 წლის 29 მარტის ერთი საბუთი, მართალია, დოკუმენტი გვიანი ხანისაა, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია და ნათელს ფენს საქართველოს სახელმწიფო ისტორიის უკანასკნელ პერიოდს, ესაა სახაზინო ექსპედიციის მოხსენება საქართველოს მთავარმართებლისადმი. ამ მოხსენებაში ვკითხულობთ: «Казенная экспедиция, по рамотрении шести делопроизводств, доставленых из Тифлискаго уезда, Экспедиции Исполнительной и Экспедиции суда и расправы, находит: в письмах царя Ираклия от 15 ноября 1795 годазначится между прочим, что он по просьбе Князя Георгия Аматуни о деревне удостоверяет, что ее пожалует и еще безнаследственныя Татарския в Тифлисе имения, сад и лавки, а в другом от 23 декабря 1795 года царь Ираклий написал: Нашу государственную деревню Чугуреты с принадлежащими местами и крестьянами детям Саркис-Ага Карапету и Георгию пожаловали на вечное владение и ныне повелеваем Эгиш-Ага-баше (50) Томазу Орбелянову ону деревню отдать вечное владение» (51).  თვით წყალობის სიგელს ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ და ამდენად აღნიშნულ საბუთს პირველი წყაროს მნიშვნელობა ეძლევა სოფელ ჩუღურეთის ისტორიისათვის.
მოტანილი საბუთით ირკვევა, რომ ერეკლე მეორემ გიორგი ამატუნს მისივე თხოვნით უბოძა მეფის კუთვნილი მამული, სოფელი ჩუღურეთი, აგრეთვე ირკვევა, რომ წყალობა გაცემულია 1795 წლის 23 დეკემბერს. ეჭვს გარეშეა, აღა-მაჰმად-ხანი ქალაქ თბილისისა და მისი  მიდამოების დარბევისას ჩუღურეთსაც გაანადგურებდა და მოშლიდა. შეიძლება ამ მძიმე მდგომარეობით ისარგებლა თავადმა ამატუნმა და მეფეს სოფელი ჩუღურეთი გამოსთხოვა. ასეა თუ ისე, ფაქტი რჩება ფაქტად: 1795 წლის 23 დეკემბრიდან სოფელ ჩუღურეთის მფლობელი ხდება თავადი ამატუნი. იგი ყოველ ღონეს იხმარდა, რათა თავისი უფლების გასამტკიცებლად ახალ მამულზე დაესახლებინა თავისი ყმა გლეხები. ამის გარდა მოტანილ საბუთში ხომ სწერია, რომ ერეკლე მეფემ მას სოფელთან ერთად  გლეხებიც უბოძა: «...Деревню Чугуреты с принадлежащими местами и Крестьянами».
XVIII  საუკუნის ბოლოს მეფის კუთვნილი დომენის სოფ. ჩუღურეთის სათავადო მამულად გადაქცევა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ობიექტური პირობების გამო XV-XVI საუკუნეებში დაწყებული საქართველოს სახელმწიფო აპარატის დეცენტრალიზაცია გრძელდებოდა. სოფ. ჩუღურეთის თავად ამატუნის მფლობელობაში გადასვლა, როგორც ნაწყალობევი მამულისა, ნიშნავდა მეფის ხელისუფლების დასუსტებას და თავადის გაძლიერებას.
როცა ვიხილავთ თბილისის 1800 წლის გეგმას, არ გავიზიარეთ პროფესორ შ. მესხიას აზრი, ვითომდა ჩუღურეთი იმ დროს (ე.ი. 1800 წლისათვის ) დაუსრულებელი ყოფილიყო.
გეგმაზე დატანილია «Урочище Чугуреты»  სიტყვა «Урочище» ცნობილ რუს ლექსიკოლოგს დალს აქვს განმარტებული: «Урочище всякий природный знак, мера, естественный межавой признак, как: речка, гора, овраг, гривка, лес и пр.» (52). დ. უშაკოვის რედაქციით გამოსულ ლექსიკონში ამ სიტყვის ასეთ ახსნას ვკითხულობთ: «Урочище»  а. ср.  1) Естественная граница, природная межа (нап. река лес, гора, овраг, и т. п.). 
2) Участок, местность, отличающийся от олружающей каким либо естественным признаками напр. лес среди поля, болото и т. п.) (53). 
ვფიქრობთ, 1800 წლის გეგმის შემადგენლის მიერ ჩუღურეთის მოხსენიება «Урочище»-დ გამოწვეულია ადგილის რელიეფის ხევნარის გამო.  ჩუღურეთი ხომ მართლაც ბუნებრივ სამანს წარმოადგენდა თავისი სამი ხევით და მდინარე მტკვრით, რომელებიც მას გამოყოფდნენ მომიჯნავე ტერიტორიისგან. რუსი მკვლევარები და მოგზაურები მერეც, მომდევნო ხანაშის, ხშირად მოიხსენიებდნენ თბილისის გარეუბნებს-ავლაბარს, ჩუღურეთს, კუკიას, დიდუბეს «Урочище».   მართალია გეგმაზე ჩუღურეთში არაა დასახლების აღმნიშვნელი ნიშანი, მაგრამ აქ გასახსენებელია, რომ მეფე ერეკლე II-მ 1795 წლის დეკემბერში სოფელი ჩუღურეთი გლეხებითურთ უბოძა ამატუნს. მამული მწარმოებელი და საწარმოო ძალების გარეშე არაფერი ბედენაა. დავუშვათ, რომ მეფემ თავადს უბოძა ცარიელი მამული, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ 1795 წლიდან 1800 წლამდე ამატუნმა, თავადმა, ახალ მამულში არ დაასახლა თავისი ყმა გლეხები, ანდა ემიგრანტები-რეპატრიანტები. ამას ხომ  ყოველნაირად უწყობდა ხელს მეფის ხელისუფლების კანონი. ჩუღურეთი რომ დაუსახლებელი და მატერიალურად არამომგებიანი ყოფილიყო, მეფე გიორგი XII-ის მეუღლე მარიამ დედოფალი აღარ შეეცილებოდა გირგი ამატუნს (55).
მარიამ დედოფალმა სოფელი ჩუღურეთი მიიტაცა მეფე გირგი XII-ის გარდაცვალების (1800 წ. 28 დეკემბერი) შემდეგ, როცა მეფის მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრები ერთმანეთს ეცილებოდნენ სამეფო ტახტის დაკავებაში, მამულების მიტაცებაში და სხვ. დედოფალმა მარიამმა ისარგებლა გირგი ამატუნის რუსეთში ყოფნით და მისი მამული-სოფელი ჩუღურეთი მიისაკუთრა (56) როგორც მეფის კუთვნილი ძველი მამული. დიდი დავა ატყდა ჯერ ამ ცილობის, ხოლო შემდეგ ამატუნის მიერ სოფელ ჩუღურეთის მომიჯნავე სოფლების-კუკიის, დიდუბისა და ავლაბრის-მიწების მიტაცების მცდელობისათვის.
საქართველოში რუსული მმართველობის დაარსებისთანავე, 1802 წელს გიორგი ამატუნმა სარჩელი აღძრა სოფელ ჩუღურეთზე. მან, როგორც ზემოთ მოტანილი საბუთიდან ჩანს, თავის სარჩელს თან დაურთო ერეკლე მეფის წყალობის სიგელიც. სამოქალაქო ექსპედიციამ განიხილა წარმოდგენილი საბუთები და სოფელი ჩუღურეთი ამატუნს დაუმტკიცა. ამ დადგენილების საფუძველზე საქართველოს უმაღლესი მთავრობის საერთო საკრებულომ დაამტკიცა სამოქალაქო ექსპედიციის გადაწყვეტილება.

1804 წლის 20 დეკემბერს საქართველოს უმაღლესმა მთავრობამ სახაზინო ექსპედიციის წარდგენით ხელახლა დაამტკიცა ჩუღურეთი ამატუნის მფლობელობაში (58), მაგრამ ამატუნი ამას არ დასჯერდა და პრეტენზია განაცხადა ჩუღურეთის მომიჯნავე სოფლების-ძველი კუკიის, დიდუბისა და ავლაბრის კუთვნილ მიწებზეც, რომელიც სოფელ ჩუღურეთის ფარგლებში არასოდეს არ შემოდიოდა. 1807 წლის 17 დეკემბერს საქართველოს მთავარმართებელმა გენერალ-ფელდ-მარშალმა გრაფმა გუდოვიჩმა კვლავ დაამტკიცა 1804 წლის 20 დეკემბრის დადგენილება. დადგენილების სისრულეში მოყვანის მიზნით, საქმე გადაეცა გუბერნიის მიწისმზომელს ვიატკინს, რომელსაც უნდა დაემზადებინა ჩუღურეთის გეგმა. ექსპედიციები და უმაღლესი მთავრობა ამატუნის საქმის განხილვისა და დადგენილების გამოტანისას საფუძვლად იღებდნენ მთავარმართებელ ციციანოვის მრჩევლის სუმბათაშვილისა და ეშიკ-აღა-ბაშ თამაზ ორბელიანის ჩვენებას (59), ეს უკანასკნელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალო მონაწილეობას იღებდა ერეკლე II-ის ბრძანების თანახმად ამატუნისათვის სოფელ ჩუღურეთის ბოძების საქმეში. რასაკვირველია, ყველაზე უკეთ სწორედ მას ეცოდინებოდა, თუ რა საზღვრები ეკავა ჩუღურეთს და ვინ სახლობდა მის ტერიტორიაზე. მაგალითად: ერთი საბუთის მიხედვით 1809 წ. ჩუღურეთში, დიდუბელი გლეხების გარდა, სახლობენ განჯელები და სხვა კუთხის სახაზინო გლეხები (60).


 

  1. ვ. ბერიძე - მე-18 საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, ანალები, ტ.1, 1947, გვ. 134;
  2. ვახუშტი - აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურის და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, 1941, გვ. 197;
  3. ვახუშტი - დასახელებული ნაშრომი, გვ. 130;
  4. ექ. თაყაიშვილი - საქართველოს სიძველენი, ტ.2, 1909, გვ. 326;
  5. ექ. თაყაიშვილი - მასალანი საქართველოს სტატისტიკურის აღწერილობისამეთვრამეტე საუკუნეში, 1907, გვ. 5;
  6. ვახუშტი - აღწერა..., გვ.670;
  7. სულხან-საბა ორბელიანი - თხზულებანი, ტ. 4/2, 1966, გვ.197;
  8. ნიკო ჩუბინაშვილი - ქართული ლექსიკონი, 1961, გვ. 396;
  9. Сравнтительный словарь турецко-татарских наречии, составил Лазарь Будагов,СПб, 1869;
  10.  სცსია - ფ. 2, აღწ., 1, N1553, გვ. 71;
  11.  სცსია - ფ. 1449, N2331;
  12.  ვ. გამრეკელი - საქართველოს 1772 წლის რუკა, 1964;
  13.  გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, მ. გელაშვილის რედაქციით, ტ. 1, 1960, გვ. 89;
  14.  იქვე - ტ. 1, 1960, გვ. 93;
  15.  თბილისის 1785 წ, გეგმის და ექსპლიკაციის ხმარებისას ვსარგებლობთ მამისა ბერძენიშვილის წიგნით - „თბილისის გარეგანი სახე მე-18 საუკუნეში“, თბ., 1965;
  16.  ЦГВИА, ф. ВУА, д. 22660;
  17.  შ. მესხია - თბილსის ისტორია, 1958, გვ. 368;
  18.  შეიძლება ამ ადგილს ძველად ქართული სახელი ფოსვი ერქვა. ასეთი სახელწოდების სოფელი ხომ ბოლო დრომდე არსებობოდა თბილისიდან არცთუისე მოშორებით, სოფელ გლდანსა და ჯვარს შორის (ვახუშტი).
  19.  ნ. ბერძენიშვილი - გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, 1966, გვ. 18;
  20.  Ш. Месхиа -  Города и городской строй феодальной Грузии XVII-XVIII вв. 1959, გვ. 401;
  21.  ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, 1959, გვ. 24;
  22.  ბასილი ეზოსმოძღვარი - ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, 1959, გვ. 128;
  23.  ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 2, 1959, გვ. 47;
  24.  ვ. ბერიძე - მე-18 საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით, ანალები, ტ.1, 1947, გვ. 133;
  25.  კვეზერელი-კოპაძე - თბილისის ხიდები, 1961, გვ. 36;
  26.  Пл. Иоселиани, Описание древностей города Тифлиса, 1866, გვ. 257;
  27.  «Кавказь», 1909, გვ. 127;
  28.  იოანე ბატონიშვილი - კალმასობა, ტ. 1, 1935, გვ. 61-62;
  29.  გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, მ. გელაშვილის რედაქციით, ტ. 1, 1960, გვ. 59;
  30.  Подробная карта окрестностей г. Тифлиса, 1868;
  31.  В. Бардавелидзе – Древнейшие религиозные верование и обрядовое графическое искусство грузинских племен, 1959, გვ. 13;
  32.  სულხან-საბა ორბელიანი -  ტ. 4/2, ლ. ჭილაშვილი, ნაქალაქარი ურბნისი, 1964, გვ.13;
  33.  ივ. ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია, ნაწ. 1, გვ. 72;
  34.  გ. წერეთელი - ყეენობა, გაზ. „კვალი“, N6, 1893, გვ. 8, 10;
  35.  План г. Тифлиса с окрестностями с приложением справочного указателя, г. Тифлис, 1884ж
  36.  Пл. Иоселиани - დასახელებული ნაშრომი, გვ. 262;
  37.  ვ. ბერიძე - თბილისის ხუროთმოძღვრება, 1801-1917 წწ. ტ. 2, 1968, გვ. 29;
  38.  იქვე გვ. 29
  39.  თ. ბერიძე - გვმართებს მეტი პატივისცემა, გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1966, გვ. N69;
  40.  სცსია - ფ. 209, აღწ., 1, N411, გვ. 2;
  41.  აღნიშნული საბუთი, გვ. 3, 5;
  42.  სცსია - ფ. 209, აღწ., 1, N294, გვ. 45;
  43.  План селениям Кухи и Чугурета, ЦГВИА, ф. ВУА, д. 19812;
  44.  ლეონ მელიქსეთბეგი - მასალები თფილისის და „სომხეთის“ სიძველეთა ისტორიისათვის, „ჩვენი მეცნიერება“, 1918-1923 წწ, N 1, გვ. 86;
  45.  Пл. Иоселиани – Опис. Древ. Г. Тифлиса, 1866, გვ. 86;
  46.  როგორც ჩანს მკვლევარი ვ. ბერიძე, ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაზე საუბრისას, სარგებლობს პლ. იოსელიანის მოყვანილი ცნობით. იხ. ვ. ბერიძე, დასახ. ნაშრ. გვ. 29;
  47.  სცსია - ფ. 209, აღწ., 1, N294, გვ. 3;
  48.  ЦГВИА, ф. ВУА, д. 19821;
  49.  ივ. სურგულაძე - ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან, ტ. 2, 1965, გვ. 188;
  50.  ეშიკაღა-ბაში საპოლიციო აპარატს ედგა სათავეში. ეშიკაღა-ბაში თურქული სიტყვაა და მისი სახელი ქართულ სამოხელეო წყობილებაში პირველად XVII საუკუნის 20-იან წლებში შემოვიდა როსტომის მეფობის დროს. იგი აღსრულებდა მეფის ამა თუ იმ ბრძანებას. მის უფლებებში შედიოდა გლეხთა აყრა ან დასახლება, გაცემა ან წართმევა.
    ეშიკაღა-ბაში თამაზ ორბელიანი ის ორბელიანია, რომლის შესახებაც ალექსანდრე ბატონიშვილი აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დარეჯან დედოფალს წერს: „თამაზეშიკაღაბაშიც ცდილობს ქალაქის აშენებას და კარგადაც ირჯება“.
  51. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N1553, გვ. 112-113;
  52. Даль, Толковый словарь живого Великорусского языка, т. IV, 1909, გვ. 1062;
  53. Толковый словарь живого русского языка, под ред. проф. Д. Ушакова, М., 1940;
  54. К. К. 1847, გვ. 158, К. К. 1865, გვ. 62;
  55. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N1553, გვ. 23;
  56. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N1553, გვ. 44;
  57. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N1553, გვ. 18-20;
  58. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N1553, გვ. 213;
  59. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N213, გვ. 18;
  60. სცსია, ფ. 2, აღწ. 1, N213;

.      

1 2



megobari saitebi

   

22.03.2015