სვანეთის მოსახლეობა
ზნე-ჩვეულებანი
შინაწარმოება, აღებ-მიცემობა და სამუშავოდ სვანეთისგარედ გასვლა
გზები
ჯანმრთელობა
ზნე-ჩვეულებანი
სვანები თავისუფლების მოყვარე ხალხია და მთელმა მათმა ისტორიამ გაიარა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობა დიდი ხანია გავრცელებულია სვანეთში, რის მომასწავებელია მრავალი ძველი ეკლესია, სვანებს დღემდე კერპთაყვანისმცემლობის ნაშთები აქვთ შენარჩუნებული, ამასთანავე, როგორც საზოგადოდ ყველა ჩამორჩენილ ხალხს, მათ ახასიათებს საშინელი ცრუმორწმუნოება მათ სწამს დევების, ჭინკების, კუდიანების, „ლახვარის“ და ბევრი სხვა ავი სულის არსებობა, რომლებისაც ძალიან ეშინიათ და მრავალ სხვადასხვა შეთქმას და ხერხს მიმართავენ, რათა თავი დააღწიონ უბედურებას, მაგრამ ამავე დროს მათ სწამთ „კეთილი სულებიც“ (მაგალითად „დალი“), რომელთაც თავის მფარველებად სთვლიან.
ამჟამდ სვანეთში 100 ეკლესიამდეა, მათ შორის კალის წმინდა კვირიკეს და ივლიტეს ეკლესიას ნამეტან დიდ პატივს სცემენ, ამ ეკლესიაში „შალიანის“ ხატის წინ, (რომელიც უწმინდეს ხატად ითვლება მთელ სვანეთში), დადებული ფიცის დარღვევა შეუძლებელია. ეკლესიაში ინახება თვალ-მარგალიტით შემკული მრავალი ოქროს და ვერცხლის ძველი ხატი და ჯვრები, ხშირად დიდი ჯაჭვით მიმაგრებული კედლებზე, რომ არავინ გაიტაცოს.
ეკლესიის კედლებს ამშვენებენ ძველი ფრესკები.
სვანები ძალიან თვალ-ყურს ადევნებენ ყველა იმ განძს, რომელიც ინახება ეკლესიებში და იშვიათად აჩვენებენ ხოლმე უცხო ადამიანს. ეკლესიას განუწყვეტლივ სდარაჯობს 5-10 შეიარაღებული სვანი, ასეთი დარაჯობა მორიგეობით სავალდებულოა თემის ყოველი მამაკაცისათვის.
დიდი მნიშვნელობა საზოგადო ცხოვრებაში უკავია ადათს.
მიუხედავად საშინელი სიღარიბისა, სვანები სტუმართმოყვარენი არიან. სტუმრის წყენა ან ლანძღვა დიდი შეურაცხყოფაა მასპინძლისათვის და ამ ნიადაგზე სვანებს ხშირად მოსდით ჩხუბი.
დიდ უბედურებად უნდა ჩაითვალოს აქნობამდე შენარჩუნებული სისხლის აღების ადათი, რომელიც ხშირად საუკუნეებით გრძელდება, თუმცა ამჟამად, საბედნიეროდ, თანდათან ისპობა. ზოგჯერ მცირე მიზეზიც საკმარისია, რომ გამოიწვიოს შურისძიება, რომელიც დიდი ხანს გრძელდება ოჯახთა შორის. სისხლის ამღები დიდ პატივცემაშია ხალხში. ზოგჯერ მკვლელობის შემდეგ მხარეები ერთმანეთს ურიგდებიან. ამისათვის მხარეები ირჩევენ 12-მდე შუაკაცს, აფიცებენ მათ ეკლესიაში, რომ ისინი სვინდისიან განაჩენს გამოიტანენ, ამასთანავე აფიცებენ მხარეებსაც, რომ ისინი პირნათლად შეასრულებენ შუაკაცების განაჩენს. დაზარალებულ მხარეს მიუსჯიან „წორს“ - სისხლის ფასს, მიწების, საქონლის ან ფულის გადახდით. განაჩენის სისრულეში მოყვანის შემდეგ, მკვლელი მართავს წვეულებას მოკლული ჭირისუფლების და შუაკაცებისათვის და ითხოვს პატიებას, რის შემდეგ მხარეები მიდიან ეკლესიაში და შეჰფიცავენ ერთმანეთს ერთგულებას.
საშინელ სენს წარმოადგენს ლოთობა. სვანები ხდიან ანწლის არაყს, რომელსაც ძალიან ბევრს სვამენ. ღვინის უქონლობის გამო მხოლოდ არაყს ხმარობენ, მეტადრე ჭუბერის საზოგადოებაში, სადაც უხვად ხარობს ანწლი; ხსენებული საზოგადოების არაყს იმისთანავე სახელი აქვს სვანეთში, როგორც ჩვენში კახურ ღვინოს. არაყს სვანები სვამენ ჯამებით; ქალებიც სმას არ ერიდებიან.
მიუხედავად იმისა, სვანები კულტურულად ძალიან ჩამორჩენილები არიან, ქალი მათში სრულიად თავისუფალია და არც ერიდება უცხოებსაც, მართალია ზოგიერთ შემთხვევაში ადათი ჰკვეცავს ქალების თავისუფლებას, მაგრამ საზოგადოდ ქალს აქვს უფლება დაესწროს საზოგადოების კრებას და მიიღოს მონაწილეობა კამათში, რასაც ვერ ვამჩნევთ სხვა ჩამორჩენილ ტომთა შორის. საზოგადოდ ქალი სვანეთში ასრულებს ყოველგვარ მამაკაცურ მუშაობას, როგორც მინდორში საველე მუშაობის დროს, ისე სახლში.
ქალს არა აქვს უფლება ეკლესიაში შესვლისა.
თვიურ წესის და მშობიარობის დროს იგი იძულებულია იცხოვროს ეზოს გარედ საგანგებოდ აშენებულ, ჯანმრთელობისათვის ყოვლად უარგის, შენობაში. ამ დროს, სვანების შეხედულობით, ვიდრე ქალი რამოდენიმეჯერ ტანს არ დაიბანს, უწმინდურ არსებად ითვლება.
ხშირია 7-8 წლის ქალების დანიშვნა მშობლების მიერ, მაგრამ ჩვეულებრივ ვაჟკაცი უგზავნის საცოლეს და მის მშობლებს შუაკაცს, თუ ქალი ან მისი მშობლები არა თანხმდებიან ნიშნობაზე, საქმრო ღამე მიეპარება საცოლეს სახლს და შეუგდებს ნიშანს, ფულს და თოფის ტყვიის სახით ტყვია იმის ნიშანია, რომ თუ ქალი მას არ გაჰყვა, იგი ტყვიით გაუსწორდება მის ნათესავებს. იმის იქით ქალი დანიშნულად ითვლება და სხვაზე გათხოვება შეუძლებელია. თუ ცოლქმარს მოსდით უსიამოვნება, ისინი ირჩევენ შუაკაცებს და გაიყრებიან ხოლმე; დაწუნებული მხარე იხდის შუაკაცების დადგენილების თანახმად ჯარიმას, ხილო თუ საქმე მორიგებით არ დამთავრდა და ერთი მხარე მაინც მიატოვებს მეორეს, საქმე ან მკვლელობით ან კაცის ნახევარ ფასის (1.500 მანეთით) გადახდით მთავრდება. სიძე აძლევს ქალის მშობლებს ერთი წლის განმავლობაში უღელ ხარს და ძროხას და ამის შემდეგ, იწერს ჯვარს.
სვანს სწამს საიქიოს ცხოვრება, ისინი დარწმუნებულნი არიან, მიცვალებულს საიქიოსაც ესაჭიროება იგივე, რაც სააქაოდ სჭირდება, მაგალითად: ჭამა-სმა, ტანისამოსი, ცხენი და სხვა. მიცვალებულის ჭირისუფალნი ხშირად თავის არსებისათვის იმდენს არა ზრუნავენ, რამდენსაც მიცვალებულის სულის საიქიო ცხოვრებისათვის. სვანის სიკვდილის შემდეგ მისი ჭირისუფალნი ძაძებში გახვეულები დადიან, ქალები იკაწრავენ პირს, თმა გაშლილნი და ფეხშიშველები დადიან. კაცებიც შავ ტანისამოსში, უშვებენ წვერს და იპარსავენ თავს და მგლოვიარობის ნიშნად თავშიშველები და უქამროები დადიან.
ვიდრე გაიტანენ კუბოს სახლიდან, მიცვალებულის გვერდზე აწყობენ პურს, არაყს, კუბოზე ალაგებენ მიცვალებულის იარაღს ფულს ან რაიმე განძეულობას, კუბოსთან ახლოს აყენებენ მიცვალებულის შეკაზმულ ცხენს. ყველა ამას აკურთხებს მღვდელი, მიცვალებულის გამოსვენების დროს ჭირისუფალნი საშინელი წივილ-კივილით უკან მიჰყვებიან. დაკრძალვის შემდეგ მთელი საზოგადოება იკრიბება მიცვალებულის სახლში და ჭირისუფალნი ქელეხს იხდიან.
წლის განმავლობაში მიცვალებულს სადილის და ვახშმის დროს სუფრას უშლიან, აწყობენ პურებს, წყალს, არაყს, საჭმელს, თამბაქოს, უნთებენ სანთელს და ამნაირად ემსახურებიან მის სულს.
ერთი წლის შემდეგ უხდიან ეგრეთ წოდებულ „კათხ-ტაბაგს“, ამისათვის ყველა მახლობელს მოჰყავთ თითო საგანგებოდ გასუქებული პირუტყვი, რომელსაც იქვე ჰკლავენ. თვით მიცვალებული წარმოდგენილია თოჯას სახით, რომელსაც ჩააცმევენ ტანისამოსს და ჩამოსვავენ სკამზე, მას წინ გაუშლიან სუფრას; დანარჩენი სტუმრები იმ თოჯას ირგვლივ ჯდებიან.
ის პირები, ვისაც არა აქვს იმედი, რომ მათ სიკვდილის შემდეგ, მახლობლები გადაუხდიან ქელეხს და კათხ-ტაბაგას, იხდიან სიცოცხლის დროს და იკურთხებენ ყველაფერს, რაც კი დასჭირდებათ მათ საიქიოში.
კვირის და საეკლესიო უქმეების გარდა, სვანები უქმობენ პარასკევს და შაბათს, ხოლო ორშაბათობით და ხუთშაბათობით ოჯახიდან არაფერს არც გაჰყიდიან და არც გასცემენ ხოლმე, რათა გაცემულ ნივთს ბარაქა არ გაჰყვეს. ამის გამო, თუ წინა დღით არ მოიმარაგა სანოვაგე, ძალიან მძიმე პირობებში იმყოფება.
შინაწარმოება, აღებ-მიცემობა და სამუშავოდ სვანეთის გარედ გასვლა
გარდა არაყის გამოხდისა, რომელზედაც ჩვენ უკვე გვქონდა ლაპარაკი, სვანები აკეთებენ კალათებს, რაც არაყთან, პანტის და მაჟალოს ჩირთან და თაფლთან ერთად გადააქვთ მეზობელ ყარაჩავლეთში და სცვლიან მატყლზე ან შალებზე. ჩამოტანილი მატყლისაგან სვანის ქალები ქსოვენ შალებს, ქუდებს და წინდებს. ამავე შალებისაგან მამაკაცები იკერავენ ჩოხებს, ხალათებს და შარვლებს.
კანაფისაგან, რომელსაც სთესენ სვანები, ართავენ ძაფს და ქსოვენ ტილოებს. ხსენებულ ტილოსაგან ჰკერავენ ტომრებს, ხოლო ღარიბები მას ტანისამოსისთვის ხმარობენ. კანაფისაგანვე აკეთებენ თოკებს. თვითონ კანაფს ხმარობენ, როგორც საჭმელს, ხოლო მის თესლიდან ხდიან ზეთს, რომელსაც ხშირად წამლად იყენებენ.
საპონს სვანები თვითონ აკეთებენ.
წინად სვანეთში იყო გავრცელებული ლითონის დამუშავება, მაგრამ ამჟამად, სამწუხაროდ, ეს ხელობა სრულიად დავიწყებულია. რომ მართლა ლითონის დამუშავება ძველ სვანეთში მაღალ საფეხურზე იყო დაყენებული, ამის მომასწავებელია სხვადასხვა ადგილებში, მეტადრე დასავლეთ სვანეთში, ნაპოვნი ძველი ქარხნები. ზოგიერთ ადგილას ეხლაც დარჩენილია მილები, რომელშიაც ასხამდნენ თუჯს, ხოლო ყოფილ ქარხანების მიდამოები მთლად შლაკებით არის მოფენილი.
სვანეთის კარჩაკეტილობას დანარჩენ ქვეყნისგან უნდა გამოეწვია აქ შინამრეწველობა, რომლის საშუალებით დაკმაყოფილებულ უნდა ყოფილიყო მოსახლეობის უსაჭიროესი მოთხოვნილებანი მაგრამ, როგორც ვხედავთ, აქ ჩვენ არამც თუ არ ვხვდებით მაღალ დონეზე დაყენებულ მრეწველობას, არამედ წარმოების ის ზოგიერთი დარგიც, რომელიც სვანეთში გავრცელებულია, ძალიან დაქვეითებულია. მთელ სვანეთში მოიპოვება მხოლოდ რამდენიმე მჭედელი.
ერთგვარ შემოსავალს აძლევს სვანებს ნადირის ტყავი, რომელსაც ჰყიდიან ქუთაისში.
თუ გავითვალისწინებთ, რომ სვანი არამც თუ არა ჰყიდის, არამედ მას არცა ჰყოფნის სასოფლო მეურნეობიდან მიღებული ნაწარმოები, რომ შინა წარმოება ძალიან მცირე დონეზეა და სვანს სანოვაგის ყიდვაც კი სჭირდება, ადვილად წარმოვიდგენთ რა მძიმე პირობებში იმყოფება ამ ულამაზეს, მაგრამ მკაცრი ბუნების კუთხის მოსახლეობა.
თითქმის უშეცდომოდ შეიძლება ითქვას სვანეთზე, რომ იგი არაფერს ჰყიდის და მხოლოდ ყიდულობს. მკაცრი ბუნება, მიწის სიმცირე, გზების უქონლობა და შეუძლებლობა სვანეთის ბუნებრივ სიმდიდრეების დამუშავებისა, ყველა ეს ჰქმნის იმნაირ პირობებს, რომ სვანი არამც თუ არაფერს ჰყიდის, არამედ მას უხდება პირველსაჭიროების სანოვაგის ყიდვა სხვაგან. სვანეთიდან გატანილ საგნებს აქვს შემთხვევითი ხასიათი. მოუსავალ წელიწადში ან და იმ ოჯახებს, საცა მამაკაცებს არ შეეძლოთ სვანეთის გარედ გასვლა ზამთარში მოჯამაგირედ, უხდებათ საქონლის გაყიდვა, რაც სვანურ ოჯახის თავად მძიმე მდგომარეობას უფრო ამძიმებს.
ყიდულობენ სვანები უმთავრესად სიმინდს, მარილს, ფართლეულობას და რკინეულობას. მაგრამ ამ მცირე საქონლის მოტანაც, გზების უქონლობის გამო, ძალიან გაძნელებულია და წლითი-წლობით ნახევარზე მეტი ხალხი იმისთანა სანოვაგეს არის მოკლებული, როგორიც არის სიმინდი და მარილი.
მაგრამ რა წყაროებით ჰფარავს სვანი ყოველწლიურ თავის დეფიციტს? გარდა ზემოთმოხსენიებულ შემოსავლის წყაროებისა, (ხორბალი, თაფლი, შალები, ტყავი, კალათები, თოკები და საქონლის იძულებული გაყიდვა), ერთად-ერთ შესამჩნევ წყაროს წარმოადგენს ფული მიღებული მოჯამაგირობით სვანეთის გარდა. ყოველ წლიურად ნოემბრის პირველ რიცხვებში მამაკაცები 15 წლიდან 50 წლამდე სტოვებენ თავის კერას და მიდიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, საცა მოჯამაგირეებად დგებიან. მაგრამ ხშირად ეს მოგზაურობა სიცოცხლის ფასად უჯდებათ სვანებს: მრავალი იხოცება მაღალ მთებში ზვავის ან ყინვისაგან.
მიღებული ხელფასით სვანები ყიდულობენ ოჯახისათვის საჭირო საგნებს და აპრილის შუა რიცხვებში ბრუნდებიან სახლში.
მაისში სვანები ისევ ტოვებენ თავის კერას და სათიბათ მიდიან სამეგრელოში და იმერთში, ხოლო მარიამობისთვეში სვანეთის მამაკაცობა გადადის კავკასიონის გადაღმა მხარეს მეზობელ ყარაჩავლეთში, ბახსანში და ურუსბიაში, საცა შრომის ფასში ღებულობენ მოზვრებს და ცხვრებს.
გზები
გარსშემორტყმული მიუდგომელ ქედებით, სვანეთი უკავშირდება დანარჩენ ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე გზით. ჩრდილოეთ კავკასიონში 3.000-4.000 მეტრის სიმაღლის გადასავლებზე გადის სამი-ოთხი ბილიკი; ეს გზები ჩვეულებრივ საცალფეხო ან უკეთეს შემთხვევაში საცხენე ბილიკებს წარმოადგენენ. ხსენებულ გადასავლებით სვანები გადადიან საზაფხულო მუშაობაზე მეზობელ ურუსბიაში, ბახსანაში და ყარაჩავლეთში. ჩრდილოეთ კავკასიიდან ამავე გზით მათ მოუდით სამუშაოში მიღებული საქონმელი.
აღმოსავლეთით უშგულის საზოგადოებაზე და ზაგიარის გადასვლაზე (2.673 მეტრი) გადის გზა მდინარე ქორილდაშის ხეობაში (მდინარე ცხენის-წყლის შენაკადი).
სამხრეთით სვანეთი უკავშირდება ლეჩხუმს ლატფარის გადასავალზე (2.803 მეტრი) მიმავალ საცხენე გზით. ხსენებული გზა იწყება სვანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კალას საზოგადოებაში. ამ გადასავლიდან მოგზაურის თვალწინ იშლება მშვენიერი პანორამა კავკასიონზე და ენგურის ხეობაზე. ლაფტარიდან გზა ჩამოდის ქვემო სვანეთში, ჩოლურის საზოგადოებაში, ამ მანძილზე იგი ძალიან დაქანებულია. ჩოლურიდან გზა გაჰყვება მდინარე ცხენის-წყლის ხეობას ცაგერამდე, რომლის შემდეგ გაივლის სოფელ ორბელს და მდინარე ლაჯანურის ხეობას და ალპანთან უერთდება ოსეთის-სამხედრო გზას. კალას საზოგადოებიდან ცაგერამდე 67 კილომეტრია, ცაგერიდან ალპანამდე - 20 კილომეტრი, ხოლო ალპანიდან ქუთაისამდე - 55,5 კილომეტრი. სულ კალიდან ქუთაისამდე 142,5 კილომეტრია.
მიმოსვლა ხსენებულ გზაზე სწარმოებს ივლისიდან ოქტომბრამდე. ზამთარში ქედის შვეულ ფერდობებზე თოვლი ვერა დგება და ხშირია ზვავები, რის გამო მოსახლეობა გადადის ლეჩხუმში, ლატფარის გადასავალთან ახლო მდებარე, მუშურის მთაზე (3126 მეტრი), მაგრამ არც ეს გზა არის უხიფათო და ხშირად თოვლის ქვეშ იღუპება ან და იყინება მთის მწვერვალზე არა ერთი სვანი.
სამხრეთ-დასავლეთით მდინარე ენგურის ვიწრო ხეობაში გადის ეგრეთ წოდებული ლენხერის ბილიკი, რომელიც აერთებს ზემო სვანეთს სამეგრელოსთან. ამჟამად მთავრობა აპირებს ხსენებულ ბილიკის გაფართოვებას და შარა გზის გაყვანას. ეჭვს გარეშეა, რომ სვანეთის აღორძინებისათვის ამნაირ გზის გაყვანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
როგორც ვიცით, ტვირთი სვანეთში ზამთარ-ზაფხულობით გადააქვთ მარხილით, მაგრამ ამნაირი წესი არ არის ყველგან ნაკარნახევი რელიეფის მოყვანილობით, არამედ ბევრ ადგილას გაივლის ურემი. ამ საკითხს აქვს გზებზე არა ნაკლები მნიშვნელობა. კარგ გზაზედაც მარხილით სვანებს გადააქვთ 5-15ფუთი, რის გამო სვანებს, მაგალითად, არ შეუძლიათ გაიჩინონ მეტი საქონელი, ვინაიდან არ შეუძლიათ უზრუნველჰყონ იგი ზამთარში თივით; 6-7 ფუთი თივის ჩამოტანისათვის სათიბებიდან სვანი ჰკარგავს მთელ დღეს, მაშინ როდესაც ურმით გაცილებით მეტს ჩამოზიდავდა. ცუდი გზების გამო, სვანეთში ატანილი ყოველგვარი საქონელი ძალიან ძვირი ჯდება.
კარგი გზის გაყვანაზე ოცნებობს ყოველივე სვანი და მართლაც ეს არის ერთად ერთი საშუალება, რომლითაც შესაძლებელია სვანეთის დაკავშირება კულტურულ ქვეყანასთან. გზის გაყვანის შემდეგ შესაძლო გახდება სხვადასხვა ბუნებრივ სიმდიდრეთა გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, ტყე და ლითონები, რომელნიც აქ უხვად მოიპოვება.
ჯანმრთელობა
გამოჩენილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ბატონიშვილი ვახუშტი შემდეგნაირად ახასიათებს სვანებს: „არამედ არიან კაცნი დიდტანოვანი, ახოვანნი, დიდ-მძლედ მუშაკნი, ბართა შინა რაზმთა ვერ შემმართებულნი. მთათა, სიმაგრეთა და ციხეთა შინა მაგარნი, სიკვდილის არა მომხსნენი, ავაზაკნი, მეკობრენი, უწყალონი ბრიყვნი, უზნეონი“. თუმცა სვანები ეხლაც მაგარ აგებულობის ხალხია, მაგრამ „დიდ-ტანოვან, ახოვან და დიდ მძლედ მუშაკთ“ ახლა ისე ხშირად ვეღარა ხვდებით. სვანების დაწვრილმანების მიზეზი უმთავრესად დამოკიდებულია ჩიყვის ენდემიაზე, რომელიც აქ ძალიან მძვინვარებს, მეტადრე ქვემო სვანეთში.
ჩიყვით ანუ ყიყვით დაავადება გამოიხატება იმაში, რომ ავადმყოფს უსივდება ფარისებრივი ჯირკვალი, რითაც ნელდება ხსენებულ ჯირკვლის ფუნქციონალური თვისებანი. ხშირად ჩიყვს, სხვადასხვა ცვლილებებთან ერთად, როგორც შედეგი, მოჰყვება ხოლმე კრეტინიზმი. ფარისებრივი ჯირკვლის სიმსივნის სიდიდე სხვადასხვანაირია, დაწყებული თხილის ოდენა სიმსივნით ზოგჯერ მისი გარშემოწერილობა 85 სანტიმეტრს უდრის. თვით სვანები ისე არიან შეჩვეულნი თავიანთ ჩიყვებს, რომ მათი დაწეული ჩიყვები არ უშლიან სამეურნეო მუშაობას და არც არიან დამაბრკოლებელნი შეუღლებისათვის.
ჩვენი ქვეყნის გარდა, ჩიყვი სხვა ქვეყნებშიაც არის გავრცელებული, უმთავრესად-კი მძვინვარებს მაღალ მთებში, მაგალითად შვეიცარიაში, საფრანგეთის მთიან ადგლებში, ჰიმალაის მთებში და სხვაგან.
ჩიყვის შესწავლას დიდი ხანია შეუდგნენ, როგორც ევროპის, ისე ჩვენი მკვლევარნი, მაგრამ ამ ავადმყოფობის მიზეზი ჯერ კიდევ გამოურკვეველი რჩება. მის გამომწვევ მიზეზებად სთვლიან ხან ჰაერს, ხან ნიადაგს, ხან მიკრობებს და მემკვიდრეობითი გადაცემას, მაგრამ უმთავრესად კი წყალს, ვინაიდან შემჩნეულია, რომ იმ ადგილებში, სადაც ძლიერ მძვინვარებდა ჩიყვი, ეს სნეულება, როდესაც მოსახლეობა გამოსცვლიდა სასმელ წყალს, შესუსტებულია ხოლმე.
ზოგიერთი ავტორის აზრით ჩიყვის გავრცელება დამოკიდებულია სასმელ წყალში ჰალოიდების და უმთავრესად კი იოდის მარილების ნაკლებობით. უკავშირებენ აგრეთვე ჩიყვის გავრცელებას წყლის რადიოაქტივობას ან და ჩიყვის გამომწვევ მიზეზებს ეძებენ ყინვარებიდან გამომდინარე ჟანგბადით მდიდარ წყალში. ზოგს ჰგონია, რომ ჩიყვს იწვევს განსაკუთრებული მიკრობი, მაგრამ მრავალ მკვლევართა ცდამ, რომელიც მიმართული იყო ამ მიკრობის, აღმოსაჩენად ჯერჯერობით უნაყოფოდ ჩაიარა.
ჩიყვი უმთავრესად გავრცელებულია ვიწრო ღრმა ხეობებში, რომელთაც ნაკლებად ხვდებათ მზის სხივები და ხშირია ნისლი და სინოტივე. შეუმჩნეველია, რომ ამნაირ ხეობების ჰაერი ხელსუწობს ჩიყვის გავრცელებას.
|
Ciyviani svani qali Ciyviani SvilebiT (foto i. aslaniSvilisa) |
ზემო სვანეთში ჩიყვი ნაკლებად არის გავრცელებული, ვიდრე ქვემო სვანეთში და, ექიმ ი.ასლანიშვილის ცნობით, განისაზღვრება 20%-ით, ხოლო ქვემო სვანეთში 51%-ით.
საერთოდ მთელ სვანეთში ჩიყვიანთა რაოდენობა უდრის მოსახლეობის 30% (5.120 კაცი)
ჩიყვიანთა უმრავლესობით ქვემო სვანეთში პირველი ადგილი უკავია ლენტეხის საზოგადოებას, შემდეგ ლაშხეთის და ჩოლურის; ზემო სვანეთში კი იგი გავრცელებულია უმთავრესად კალას (28,6%.), ლატალის (28,1%.), ბეჩოს (25,9%.), მულახის (24,4%.) საზოგადოებებში.
ჩიყვის წინააღმდეგ წარსულ ზაფხულს სვანეთში ჩიყვის და კრეტინიზმის შესასწავლად გაგზავნილი იყო სამეცნიერო საექიმო ექსპედიცია პროფ. ასათიანის ხელმძღვანელობით.
მოსახლეობაში ცნობილია იოდის ხმარება ჩიყვის წინააღმდეგ.
მაგრამ სვანების ჯამრთელობის გამანადგურებელი არ არის მხოლოდ ჩიყვი. სვანების ბინძური ცხოვრება, დათები, რომელითაც ქალი თვიურ წესის მშობიარობის დროს უწმინდურ ითვლება და იმყოფება ანტიჰიგიენურ პირობებში, გადამდები სნეულებანი და აგრეთვე ცუდი კვება, და ხშირად შიმშილიც, ხელს უწყობს სვანების გადაგვარებას. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ სვანეთი ბოლო დრომდე, თითქმის სრულიად მოკლებული იყო საექიმო დახმარებას. რუსეთის თვით მპყრობელობის დროს ექიმი იგზავნებოდა იქ მხოლოდ ზაფხულის 3 თვის განმავლობაში.
|
CiyvianTa ricxvi |
უექიმობის გამო, სვანეთში ძალიან გავრცელებულია მკითხავობა. მკითხავი ხელს კიდებს ყველანაირი ავადმყოფის მორჩენას და მათი ,,წამლობის“ წყალობით უმეტეს შემთხვევაში ავადმყოფი ან კვდება ან სახიჩრდება.
ამჟამად სვანეთში დაარსებულია ერთი სავადმყოფო ს. მესტიაში, ხოლო კალაში, ბეჩოში და ლახამულში საექიმო პუნქტებია, თითი 5 საწოლით. მთელ სვანეთში მუშაობს 7 ექიმი, 2 ფერშალი და 2 ბებია; რასაკვირველია, ეს საექიმო დახმარების საქმის წინ წაწევაა, მაგრამ ჯერ კიდევ შორსაა ნამდვილი საექიმო სამსახურიდან.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ჯანმრთელობისათვის უარყოფითი პირობების, სვანეთის მაღალმთიანმა ჰავამ და სვანების მუდმივ ჯომარდობამ ნადირობის, მთებზე და ყინულებზე სიარულის დროს გააკაჟა მათი ორგანიზმი. სვანები ძალიან ამტანი ხალხია და მთებზე სიარულში კი მათ არავინ არ აჯობებს.
სვანებს ძველი დროიდან აქვთ შენარჩუნებული სხვადასხვა ვარჯიშობანი და თამაში, როგორც მაგალითად: სირბილი, ჯირითობა, ქვის სროლა და სხვა. ამნაირი ფიზიკური ვარჯიშობა ეჭვს გარეშე ანვითარებს მათ ძალ-ღონეს.
სტატიის ავტორი – ბესარიონ ყავრიშვილი
გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები - სახემძღვანელო "სვანეთი", ს.ს.ს.რ სახელმწიფო გამომცემლობა, ტფილისი 1926 წ.
|