საქართველოს სულიერი მისსია

(leqcia)

1 2

სანამ სხვა პრობლემებზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ სვეტიცხოველზე. მე ვიცი, რომ დღეს ჩვენი სტუმრები იმყოფებოდნენ მცხეთაში, სვეტიცხოველში. სვეტიცხოველი არის ტაძარი, რომელშიც ყველაზე უფრო ღრმად და ყოველმხრივედ არის არეკლილი საქართველოს სულიერი მისსია, ქართული სულიერება, ქართული ქრისტიანობა. თქვენ იცით, რომ ეს უჩვეულო ტაძარია. არც ერთ ქრისტიანულ ტაძარში, ყოველ შემთხვევაში მე ასე აგონია, არ არსებობს საკულტო სვეტი. სვეტი, უფროსწორედ, ორი სვეტი არსებობდა იერუსალიმის ტაძარში, სოლომონის ტაძარში. ხოლო აქ ქრისტიანული ტაძარია აგებული სვეტთან დაკავშირებით. თავდაპირველი საფუძველი ამ ტაფრისა იყო სვეტი. მისი აგების ისტორია უკავშირდება სვეტის აღმართვის ისტორიას. ხოლო ეს სვეტი სიმბოლურად განასახიერებს ცხოვრების ხეს ისტორიულადაც ამ ადგილას იზრდებოდა კედარი, რომელიც არის ცხოვრების ხის სიმბოლო, რომელიც მოიჭრა და შემდეგ ეს მოჭრილი კედერი ანგელოზებმა წმინდა ნინოს ლოცვით აღმართეს და ამ ადგილას აშენდა პირველი ტაძარი, პირველი ეკლესია წმინდა ნინოსი, ხოლო შემდეგ უფრო გვიან აშენდა სვეტიცხოველი, რომელიც არის ალეგორიული ტაძარი, ისევე როგორც სოლომონის ტაძარი იყო ალეგორიული. რაში მდგომარეობს სოლომონის ტაძრის ალეგორიულობა? სოლომონის ტაძარში იყო აღმართული ორი სვეტი, რომელიც განასახიერებდა ცხოვრების ხეს და ცნობადის, ანუ შემეცნების ხეს. სვეტიცხოველში კი ჩვენ ვხედავთ ერთ სვეტს. რატომ არის განსხვავება სვეტთა რაოდენობას შორის? იმიტომ, რომ სოლომონის ტაძარი უკავშირდება ძველ აღთქმას, ეზოტერულ იუდაიზმს, როდესაც ცხოვრების ხე და ცნობადის ხე ჯერ განთიშული, განყოფილი იყო, ხოლო ქრისიანული ინიციაციის მისსია არის ცხოვრების ხისა და ცნობადის ხის ჰარმონიული შერწყმა ერთ მთლიანობაში. ამის გამო სვეტიცხოველში მოცემულია ერთი სვეტი, მაშინ როდესაც სოლომონის ტაძარში მოცემული იყო ორი სვეტი. აქედან ჩანს აგრეთვე ეზოტერული იუდაიზმისა და ეზოტერული ქრიტიანობის ერთობა. ცნობილია, რომ მცხეთაში იყო ებრაელთა თემი, რომელიც თავიდანვე გაქრისტიანდა, ვინაიდან ხედავდნენ ერთობას ეზოტერულ იუდაიზმსა და ქრისტიანობას შორის. ერთ-ერთი მათგანი ესწრებოდა ქრისტეს ჯვათცმას და მან მიიღო წილად კვართი, ანუ სამოსი უფლისა და წამოიღო მცხეთაში, რომელიც დამარხულია სვეტის ქვეშ მის დასთან, სიდონისათან ერთად. კვართი უფლისა არის სიმბოლო კოსმიური ეთერისა, რომელიც მოსავს ქრისტეს და ამასთან არის დაკავშირებული ცხოვრების ხე, რომელიც ამ კვართის დაფლვის ადგილზე არის აღმართული. ამ ცხოვრების ხეში შერწყმულია აგრეთვე ცნობადის ხეც, რომელიც ამ კვართის დაფლვის ადგილზე არის აღმართული. ამ ცხოვრების ხეში შერწყმულია აგრეთვე ცნობადის ხეც, რომელიც ქრისტიანობამდელ ეტაპზე განცალკევებული იყო, აქ არის მოცემული მომავლის იდეალი, მომავლის ქრისტიანობის მისსია. სხვა სიმბოლოები სვეტიცხოველისა აგრეთვე მოგვითხრობენ, თუ რაოდენ ღრმად იყო განვითარებული ეზოტერული ქრისტიანობა საქართველოში. კერძოდ, სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე ჩვენ ვხედავთ წმინდა გიორგის ლომთან და ვეფხთან ერთად. გავიხსენოთ "ვეფხისტყაოსანში" მთავარი გმირის ბრძოლა ლომთან და ვეფხთან. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ წმინდა გიორგი ზოგიერთ ქართულ ბარელიეფზე, მაგალითად, მრავალძალის ბარელიეფზე გმირავს არა დრაკონს, არამედ ვეფხს. ვეფხი არის სინონიმი დრაკონისა, რომელსაც გმირავს წმინდა გიორგი, ე. ი. სიმბოლო ქვენა ინსტინქიებისა, რომელსაც ამარცხებს ადამიანის "მე" ინიციაციის გზაზე. აი, ამას ვხედავთ ჩვენ სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელზე. პოლიტიკური ასპექტით ეს არის სიმბოლო მებრძოლი საქართველოსი, მებრძოლი, მართლმადიდებელი ქრისტიანული საქართველოსი, რომელიც ამარცხებს პოლიტიკურ ისლამს - ვეფხს, ანუ თურქათს და ლომს - ირანს. ასეთი ინტერპრეტაციაც აქვს ას ბარელიეფს. სვეტიცხოვლის შიდა სამხრეთ კედელზე გამოსახულია აპოკალიფსური მეორედ მოსვლა, მადაც მრავალი საინტერესო სიმბოლოა ეზოტერული თვალსაზრისით და მათ შორის ისევ ვეფხის გამოსახულება, როგორც აპოკალიფსური მხეცისა. აპოკალიფსური მხეცი ამ ფრესკაზე გამოსახულია დაწინწკლული ვეფხის, ანუ პანთერის სახით. საერთოდ, "ვეფხისტყაოსნის" ვეფხი ეს არის პანთერა, დაწინწკლული ვეფხი. ასეთი ეზოტერული სიმბოლოები მრავალია ქართულ ფრესკებზე, ქართულ ტაძრებში და ისინი მოითხოვენ სპეციალურ კვლევას, სპეციალურ განმარტებას მე ერთადერას იმას აღვნიშნავ, რომ ძალზე ხშირია გრაალის მოტივები ქართულ ფრესკებზე. ასეთ მოტივებს ვხედავთ ჩვენ გელათში, რომელიც, როგორც ცნობილია, იყო მართლმადიდებლური მონსალვატი, გრაალის კულტურის კერა და საქართველოში გრაალის ქრისტიანობა შერწყმული იყო მართლმადიდებლობასთან.
დასავლეთში ეგზოტერული ეკლესია, კათოლიკური ეკლესია გამოყოფილი იყო ეზოტერულისაგან და ჯვაროსნულ ომს უცხადებდა მას, ხოლო საქართველოში ეს ყოველივე წარმოადგენდა ერთ მთლიანობას და ამის გამო უწოდებდნენ ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს მეფე-ხუცეს იოანეს. რას ნიშნავს მეფე-ხუცესი იოანე და როგორ უნდა განთმარტოთ ის ხანა კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც უკავშირდება მეფე-ხუცეს იოანეს? ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ ჩვენ ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა "პარციფალი" . ვისი ძეა მეფე-ხუცესი იოანე? იგი არის პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძე. რას ნიშნავს სიტყვა ფაირეფიცი? სიტყვა "ფაირეფიც" ნიშნავს "შავ-თეთრ ვაჟს". რატომ არის შავ-თეთრი ეს სიმბოლო? ჩვენ ვიცით, რომ შუასაუკუნეების რაინდულ რომანებში და პოემებში პიროვნებები, გმირები სიმბოლურად განახორციელებენ რომელიღაც გზას, რომელიღაც იდეას, ისინი წარმოადგენენ პერსონიფიკაციებს. კერძოდ, პარციფალი წარმოადგენს დასავლეთის ინიციაციის გზის პერსონიფიკაციას, რომელიც ეძებს გრაალს და პოულობს მას, ხოლო ფაირეფიცი წარმოადგენს აღმოსავლური და დასავლური გზების შერწყმას, ამიტომ არის იგი შავ-თეთრი, ე. ი. თეთრი რასსისა და უფრო მუქი რასსის შენარევი.შავ-თეთრი არის აგრეთვე იმიტომ, რომ მასში შერწყმულია ქრისტიანული დასავლური სიბრძნე არაბულ სიბრძნესთან, ისევე როგორც ტამპლიერობეში. ტამპლიერობაე არის დასავლური ინიციაციური გზა გადმოსული აღმოსავლეთში, რომელმაც აითვისა აღმოსავლური სიბრძნე, კერძოდ არაბულ-სპარსული სიბრძნე და იშვა მისგან ჰიბრიდი, შავ-თეთრი ვაჟი ფაირეფიცი, რომელიც არის განსახიერება ფღმოსავლური ტამპლიერობისა, ტამპლიერობისა, რომელიც გადმოვიდა ფღმოსავლეთში და მიიღო აღმოსავლური ელფერი და ამ ტამპლიერობასთან იყო დაკავშირებული აგრეთვე ძველი ქართული რაინდობა და, უწინერეს ყოვლისა, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფის ეპოქის ქართველობა, უწინერეს ყოვლისა შოთა რუსთველი, ტამპლიერობა მარტო დასავლეთის საკუთრება არ არის. ჩვენ გვაქვს მონაცემები უმჭიდროესი კავშირებისა ქართველ რაინდებსა და ტამპლიერებს შორის. ტამპლიერობა იყწ მოძრაობა, რომელმაც გააერთიანა დასავლური და აღმოსავლური სიბრძნე, დასავლური და აღმოსავლური ინიციაცია. ამიტომ არის რომ ამ შავ-თეთრი ვაჟის, პარციფალის ნახევარი ძმის ძეა მეფე-ხუცესი იოანე. მეფე-ხუცესი იოანე ჯვაროსნულ ქრონიკებში იდენტიფიცირებულია დავით აღმაშენებელთან, მაგრამ ეს არის არა მხოლოდ პიროვნულად დავით აღმაშენებელის სიმბოლო, არამედ საერთოდ მთელი იმ სიბრძნის სიმბოლოა, რომელიც დაიბადა დასავლეთში და შემდეგ შეერწყა ფღმოსავლურ სიბრძნეს. ამ გაერთიანებული, სინთეზური სიბრძნის შვილია ის კულტურა, რომელიც მოხსენიებულია ვოლფრამ ფონ ეშენბახის " პარციფალში" როგორც ტაბრონიტი, ანუ კავკასიის მთიანეთი. საქართველო იქ პირდაპირ ნახსენები არ არის, ვინაიდან ეს ალეგორიული პოემაა. ეშენბახის პოემაში არც ერთი ისტორიული პირი არ არის მოხსენიებული, იქ არის მხოლოდ სიმბოლური და ალეგორიული სახელები როგორც ქვეყნებისა, ასევე პიროვნებებისა და პერსონიფიკაციები ამა თუ იმ მოძრაობისა, ამა თუ იმ ინიციაციური გზისა მოცემულია სხვადასხვა გმირის სახით. კერძოდ, პარციფალის მამა გაჰმურეტი იმ ეტაპის სიმბოლოა, როდესაც ჯერ არ იყო განთავსებული გრაალის მოძრაობა და გრაალის ქრისტიანობა ჯერ არ იყო გამოსული ასპარეზზე. პარციფალი თვითონ გრაალის მოძრაობის სიმბოლოა, ხოლო ფაირეფიცი, როგორც ვთქვით, არის აღმოსავლეთში გადმოსული გრაალის მოძრაობის, ანუ ტამპლიერული მოძრაობის სიმბოლო და ყოველივე ამის წყაროდ ვოლფრამ ფონ ეშენბახს პირდაპირ აქვს მითითებული ტაურონიტი, ანუ საქართველო. საქართველოს ფსევდონიმი, ასე ვთქვათ, ამ ნაწარმოებში არის ტაურონიტი, ანუ ტაბრონიტი. რატომ არის ეს ნახმარი? ეს სიტყვა დაკავშირებულია ტაურუსთან, ანუ კუროს კულტურასთან, ხარის კულტურასთან; ხარის კულტურა, როგორც მოგეხსენებათ, პროტოქართულ, პროტოიბერიულ სამყაროში იყო წამყვანი, ვიდრე კოსმიურად, ზოდიაქალურად იყო კუროს ეპოქა. თქვენ იცით კრეტა-მინოსის ხარის კულტი, მინოტავრის კულტი, მასთან ბრძოლა და სხვა. და, ამასთან დაკავშირებით, ვოლფრამ ფონ ეშენბახი აღნიშნავს, რომ ეს არსი წყარო მისტერიალური კულტურისა. აი, ამ კავკასიის მთიანეთზე, ამ ტაურონიტზე, ამ ზღაპრულ ქვეყანაზე, სადაც მეფობს მეფე-ხუცესი იოანე, ვოლფრამ ფონ ეშენბახი ამბობს, რომ ეს არის სათავე ყოველივესი - მისტერიალური სიბრძნისა და მისტერიალური კულტურისა. ასე არის მინიშნებით მოცემული ვოლფრამ ფონ ეშენბახის "პარციფალში". და ვოლფრამ ფონ ეშენბახის ნაწარმოები, მოგეხსენებათ, არ არის ადვილად გასაშიფრი, არ არის ადვილად ამოსახსნელი. მთელი რიგი სიძნელეების წინაშე დგანან მკვლევარები, თუნდაც იმ დაშიფრული სახელების, გეოგრაფიული სახელწოდებების ქვეშ თუ რა იმალება, მაგრამ ჩვენ შეძლებისდაგვარად შეგვიძლია დასკვნების გამოტანა, ვინაიდან მას კონკრეტულად აქვს მითითებული კავკასიის მთიანეთი, კავკასიის ქედის მიმდებარე ქვეყანა როგორც წყარო მისტერიალური კულტურისა და მეფე-ხუცეს იოანეს სამკვიდრებელი, რომლის სახელმწიფოშიც არის სულიერი სიბრძნის კერა, რომელსაც, სხვათა შორის, ჯვაროსნები სულიერ ინდოეთსაც უწოდებენ. ინდოეთად მოიხსენიება ეს ქვეყანა იმის გამო, რომ ინდოეთი შუა საუკუნეებში იყო არა მხოლოდ გეოგრაფიული ტერმინი, არამედ ხშირად იხმარებოდა სულიერი თვალსაზრისითაც როგორც სულიერი, მისტერიალური კულტურის სამშობლო. ასევე იხსენიება ინდოეთი "ვეფხისტყაოსანში"; ის გეოგრაფიული და ისტორიული ინდოეთი არ გახლავთ. ასე იხსნება იგი ნიზამი განჯევის "ისკანდერ-ნამეში" - ინდოეთი, როგორც მისტერიათა სამყარო. ამის გამო ვხვდებით ასეთ დამთხვევებს ქართულ და დასავლურ კულტურებს შორის. საერთოდ უნდა ითქვას, რომ არც გამოკვლეულია და არც ისტორიამ შემოგვინახა, სამწუხაროდ, ბევრი მონაცემი ამ პერიოდის ურთიერთობების შესახებ. მაგრამ ისეთი ქმნილებები, როგორიც არის "ვეფხისტყაოსანი", ოდები, დასავლეთში რაინდული რომანები, ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა, მაინც მინიშნებებს გვაძლევენ იმ ღრმა ურთიერთობებზე, რომელიც არსებობდა იმჟამინდელ საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. კერძოდ ის, რომ "ვეფხისტყაოსანი" და "ამირან-დარეჯანიანი" საოცრად ენათესავება დასავლეთის რაინდულ რომანებს, თუმცა აქვთ თავისებური, უაღრესად ღრმად თავისებური სპეციფიკა. და აქ იკვეთება აგრეთვე ქართული კულტურის მისსია. ამ ნაწარმოებებში აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურის ტრადიციები მოცემულია ერთ მთლიანობაში. ქართული კულტურისა და საქართველოს მისსია კულტურული თვალსაზრისით არის სინთეზირება დასავლური და ფღმოსავლური კულტურებისა და მათი მოცემა ერთ მთლიანობაში. ამიტომ არის, რომ "ვეფხისტყაოსანი" ისევე შეგვიძლია ჩავთვალოთ დასავლური ლიტერატურის კუთვნილებად, როგორც აღმოსავლურის. აქ გაყოფა და გათიშვა შეუძლებელია. ამიტომ არის რომ ფიტარეთი, ეს უდიდესი ძეგლი ქართული არქიტექტურისა, შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუშად, ასევე აღმოსავლური არქიტექტურის ნიმუშად. აქ დასავლური და აღმოსავლური კულტურული ელემენტები ყოველთვის ერწყმოდა ურთიერთს.
ასე იკვეთება ჩვენთვის საქართველოს მისსია, ქართული კულტურის მისსია. მრავალი მომენტი დაგვრჩა, სამწუხაროდ, გაუშუქებელი და უნდა მოგახსენოთ, რომ ბევრია სათქმელი ამ მიმართულებით, მაგრამ ერთი ლექციის ფარგლებში შეუძლებელია ყოველივე ამაზე საუბარი. ჩვენ ალბათ გვექნება ამასთან დაკავშირებით კიდევ ლექციები, საუბრები და სასურველია, რომ მივაწოდოთ ამის შესახებ ცოდნა დასავლეთსაც, ვინაიდან დასავლეთში მრავალი რამ ქართულ კულტურასთან, ქართულ სულიერ გზასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი. სამწუხაროდ, შუქდებოდა უფრო გარეგანი ასპექტები ჩვენი ისტორიისა, ჩვენი კულტურისა და სწორედ ასეთი შეხვედრები უნდა იყოს საწინდარი, რომ უფრო მეტი ურთიერთგაგება და ურთიერთგაცვლა გვექნება ცოდნისა, ინფორმაციისა.


კითხვა-პასუხი

თუ სურვილი ექნება აუდიტორიას, მე შემიძლია შეკითხვებზე ვუპასუხო. იქნებ ასე უფრო საინტერესო გახდეს მსჯელობა. თუ ვინმეს რაიმე აინტერესებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, დამისვას შეკითხვა. დღეს, უნდა მოგახსენოთ რომ, ჩვენ აქ სხვა საკითხებს არ შევეხებით, ვილაპარაკებთ მარტო იმასთან დაკავშირებით, რაზედაც აქ იყო საუბარი

 შეკითხვა:  რა განსხვავებაა ქართულსა და ქართველურს შორის?

როგორც თავიდან მოგახსენეთ, ჩვენ განვასხვავოთ ეს ორი ცნება, მართალია, არსობრივად არა, მაგრამ არის ნიუანსური განსხვავება ქართულსა და ქართველურს შორის. ქართული და ქართველური მაინც უნდა განვასხვავოთ იმიტომ, რომ ქართული აღნიშნავს უშუალოდ საქართველოს, ყოველივეს ისტორიულ საქართველოითან, ქართულ ენასთან დაკავშირებულს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ჩვენი ისტორიიდან და რომელიც სწორედ ამ გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს. ქართველური გაცილებით უფრო ფართო და ყოვლისმომცველი ცნებაა. ქართველურნი არიან ტომები, რომლებიც "ქართები" არ არიან და არც, უშუალოდ ქართველები, მაგრამ ისინი ქართველური წარმოშობისანი არიან. ეს შეიძლება შევადაროთ სემიტებისა და ებრაელების ურთიერთკავშირს. ქართველური არის რასსიული გაგება, უფრო ყოვლისმომცველი ვიდრე ეროვნული. არის ქართველი ეროვნება და არის ქართველური მოდგმა, ქართველური რასსა, იგივე იაფეტური. აი, სწორედ ის პალეოკავკასიური მოდგმა, იაფეტური მოდგმა, შეიძლება ითქვას, არის უფრო რასსა. როგორც არსებობს სემიტური რასსა, ასევე არსებობს იაფეტური რასსაც. ეს იაფეტური რასსა არის ქართველური რასსა. ქართველური ენები მომდინარეობენ სწორედ ამ პირველადი იაფეტური ენიდან, რომელსაც ჩვენ პროტოქართულ ენას ვუწოდებთ. ქართველური ენების გამოყოფა ამ იაფეტური ენიდან მიჩნეულია დაახლოებით მესამე ათასწლეულიდან, როგორც ამას ვხვდებით გამყრელიძე-ივანოვის წიგნში, აგრეთვე ნიკო მარრის შრომებშიც. ამ წიგნზე, სხვათა შორის, მე ცალკე მექნება ალბათ მოხსენება. აქ არ მინდა ამაზე დეტალურად ვისაუბრო, მაგრამ აშკარად არის ის ტენდენცია ტაბუირებისა, მიჩქმალულია ის როლი პროტოქართული სამყაროსი, რომელიც მას ისტორიულად გააჩნია და რომელზეც არის საუბარი მთელ რიგ მეცნიერთა შრომებში. აქ მიჩქმალულია ეს ყოველივე და ინდო-ევროპული წინა პლანზეა წამოწეული. მაგრამ ამ წიგნის დადებითი მხარე ის არის, რომ იქ ის პერიოდი, როდესაც ქართველური ენის, პროტოქართული ფუძე-ენის დანაწევრება მოხდა ცალკე ენებად და დიალექტებად,  განსაზღვრულია როგორც მესამე ათასწლეული და ჩვენი თეორიით ეს უკავშირდება იოანე-ზოსიმეს "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი"-ს, სადაც ნათქვამია, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა - იქ ენა გულისხმობს მოდგმასაც - არის ოთხისა დღისა მკვდარი და "წელი ათასი ვითარცა ერთი დღეო". ოთხი დღის ანუ ოთხი ათასი წლის წინ, ე. ი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში დაიწყო სიკვდილი ამ ენისა, სიკვდილს ამბობს იოანე-ზოსიმე იმიტომ, რომ ის ძველი გავრცელების არეალი, ის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა მას. შემდეგ ამას მოჰყვა ლაზარესებრი აღდგინება, აღდგომა ამ მოდგმისა და ენისა. ეს არის მოცემული იოანე-ზოსიმესთან. იოანე-ზოსიმეს ნაწარმოებში სიმბოლურად არის ლაზარესთან შედარებული ეს მოდგმა. შეიძლება ითქვას, აქ მარტო საქართველო კი არ სგულისხმება, არამედ მთელი ქართველური მოდგმა და ამას უკავშირდება ის პროტოქართული, პროტოიბერიული სამყაროც, რომელიც გადაჭიმული იყო პირინეების ნახევარკუნძულიდან ინდოეთამდე და როგორც ნიკო მარრი ჰ. ჯონსტონთან ერთად ვარაუდობდა, არსებობდა პირველადი ენა ქურუმებისა, საერთოდ ყველა ენათა საწყისი. ასეთი არის ნიკო მარრის თეორია. ამიტომ შერისხა სტალინმა ნიკო მარრი, ამიტომ გამოუცხადეს მას ანათემა, ვინაიდან ის ობიექტურად აშუქებდა პრეისტორიულ ხანას და ქართული ენის წერმოშობას. ნიკო მარრთან ჩვენც, ეროვნულ მოძრაობასაც აქვს სადაო. მართალია, მას ჰქონდა ანტიქართული გამოხდომები პოლიტიკურ, კონიუნქტურულ მოსაზრებებთან დაკავშირებული, მაგრამ პრეისტორიულ ხანას ქართული ენისა და ქართული მოდგმის განვითარებისას ნიკო მარრი აშუქებდა ძალზე ობიექტურად და ღრმად. და სწორედ ამიტომ მოუწყეს მას ანათემა საბჭოთა მეცნიერებაში სტალინის მეთაურობით.


შეკითხვა: რა როლი აქვთ ქართველური მოდგმის ხალხებს ქრისტიანობის განვითარებაში?


ქრისტიანობის განვითარებაში ქართველური მოდგმის ხალხები ძირითად როლს თანაშობენ.სემიტური მოდგმის ხალხებმა შეასრულეს ძირითადი როლი ქრისტიანობის შემზადებაში, ძველი აღთქმის ეპოქის პერიოდში, ხოლო საკუთრივ ქრისტიანობაში, ქრისტიანობის განვითარებაში ქართველური და ინდოევროპული მოდგმის ხალხები ასრულებენ ძირითად როლს. ინდოევროპული მოდგმის ხალხებს უკავშირდება ძველი ბერძნები, როგორც მოგეხსენებათ. "ქებაი და დიდებაი" გვეუბნება, რომ ორნი დანი, მარიამ და მართა შეიძლება შეთადაროთ ნინოს და დედოფალ ელენეს. ნინო არის ქართველური მოდგმის სიმბოლო, ქართული ქრისტიანობის სიმბოლო, ხოლო ელენე არის ბერძნული ქრისტიანობის სიმბოლო. და როგორც მარიამი უკავშირდება ნინოს, ასევე უკავშირდება მართა ელენეს. მარიამი, მოგეხსენებათ, არის მისტიური ჭვრეტის, მისტიული საიდუმლო ღვთისმეტყველების სიმბოლო, ეზოტერული ქრისტიანობის სიმბოლო, ხოლო მაითა ინტელექტუალური, რაციონალური გზის სიმბოლო, დოგმატიული ქრისტიანობის სიმბოლო, რომელიც უფრო საბერძნეთში განვითარდა. ე. ი. ქართველური მოდგმის წერმომადგენლები ქრისტიანობაში უფრო მისტიკისა და საილუმლო ღვთისმეტყველების გზას ავითარებენ. აი, მაგალითად, დიონისე არეოპაგელი, ანუ პეტრე იბერი, ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, თავად წმინდა გიორგი - ესენი ქართველური მოდგმის წარმომადგენლები არიან. ამრიგად უკავშირდება ლაზარე, როგორც სიმბოლო ქართულ მოდგმას. ჩვენ ვიცით, რომ ლაზარე არის იოანე არა მხოლოდ სულიერ მეცნიერებაში, არამედ მთელი რიგი დასავლეთის ეგზეტიკოსები ლაზერეს აიგივებენ იოანესთან და იოანე-ლაზერეს იდენტიფიკაცია აშკარად მოსჩანს, სხვათა შორის, ქართულ ფოლკლორშიც კი არსებობს ხალხური კულტი ლაზერესი ჩვენთან, რომელიც არის წვიმის ღვთაება, იგივე ელია. ე. ი. ელიას და ლაზერეს იდენტურობა მოცემული არის ქართულ ფოლკლორში. იოანე-ლაზარე არის სიმბოლო ქართული ენისა, ქართული მოდგმისა, რომელიც ამ ოთხდღიანი სიკვდილისმაგვარი ძილის შემდეგ უნდა აღდგეს. აი, ამას გვაძლევს ჩვენ იოანე-ზოსიმე თავის "ქებაი და დიდებაიში".

შეკითხვა:  ქართლოსისა და ჰაოსის კავშირზე რა აზრისა ხართ?

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ლეონტი მროველის ქმნილება და ასეთი ნაწარმოებები ღრმა ეზოტერულ სიბრძნეს ასახავენ. იქ არის ნათქვამი, რომ ქართლოსი და ჰაოსი ორივენი არიან შთამომავალი იაფეტისა, რომ ერთი წინაპარი ჰყავდათ და იაფეტური რასსა, იაფეტური მოდგმა არის აგრეთვე წინაპარი ჰაოსისა, ანუ პირველადი ეთნოსისა, საიდანაც მომდინარეობს დღევანდელი სომეხი ერი. ეს ეთნოსი იყო უაღრესად მონათესავე პირველადი ქართული ეთნოსისა და აქედან მომდინარეობს ეს გადმოცემა ძმობის შესახებ - ჰაოსისა და ქართლოსის ძმობის შესახებ. არა, აქ უფროსობაზე არ უნდა იყოს საუბარი იმიტომ, რომ ეს უძველესი ხანაა და ძალიან ძნელია დადგენა იმ პერიოდისა, როდესაც განთვისდა, ასე ვთქვათ, სომხური ეთნოსი და როდესაც ის გამოეყო ცალკე ერად. ამასთან დაკავშირებით ასახელებენ, დაახლოებით, ძვ. წ. მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებს, როდესაც არმენთა შემოსვლა დაიწყო ჰაიასაში. ჰაიასა არის პირველი ქვეყანა, უაღრესად მონათესავე კოლხური სამყაროსი და მეცნიერებაში ცნობილია, ძველ სომხურში, ანუ გრაბარში როგორ არის ლაზური და პროტოქართული ძირები შემონახული და რა დიდი როლი აქვს ამ ენის ჩამოყალიბებაში პროტოქართულ ენას. ამას აღნიშნავს, მაგალითად, ცნობილი სომეხი მეცნიერი კ. თუმანოვი. და ამიტომ მარრი თვლიდა, რომ სომხური ნახევრად იაფეტური და ნახევრად ინდოევროპული ენაა. მასში ორივე ელემენტი არის. აქედან მომდინარეობს უძველესი ნათესაობისა და ერთობის იდეა, რომელიც ლეონტი მროველთან არის მოცემული.


შეკითხვა:  რა კავშირია ბასკურ და ქართულ სამყაროებს შორის?

ბასკურ და ქართულ ენებზე მოგახსენებთ, რომ ბასკურიც პროტოიბერიული ენაა, როგორც ქართული, მაგრამ იმდენად დიდი ეპოქები აშორებთ მათ ურთიერთისაგან, იმდენად დიდი ხნის მანძილზე ვითარდებოდნენ ისინი ცალ-ცალკე, რომ დღეს გენეტიური ნათესაობის დადგენა ძნელდება. უფრო ტოპონიმებით, ცალკეული გამოთქმებით, ცალკეული ფორმებით ხდება ამ ნათესაობის დადგენა, აგრეთვე კულტურულ-ისტორიული, შედარებითი მეთოდით. გენეტიულად ბასკური და ქართული დღეს მონათესავე ენები თითქოს არ არის, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავექ რომ ბასკური და ქართული სამყაროები უძველეს დროში არ იყო ერთიანი. ეს იყო, როგორც მოგახსენეთ, ერთი მოდგმა, ერთი რასსა, ერთი ენა, მაგრას შემდეგ იმდენად განთვისდა, რომ დღეს უკვე მეცნიერებს დადგენაც კი უჭირთ გენეტიური ნათესაობისა. მცვაგვარი დადგენა შეიძლება და ამის საფუძველი არის, როგორც მოგახსენეთ, ჰუმბოლდტის ცნობილ შრომაში ბასკური ენის შესახებ. ეს შრომა დღემდე არ არის ნათარგმნი ქართულად და, სხვათა შორის, მას ბოიკოტსაც უცხადებენ, გარკვეული მოსაზრებებით ეს მიჩქმალული იყო მუდამ. ჩვენი ამოცანაა, ეს შრომა ითარგმნოს ქართულად და გავრცელდეს საქართველოში, რომ ქართველებმა გაიგონ თავიანთი ნამდვილი წარმომავლობა. ჰუმბოლდტზე უფრო დიდი ავტორიტეტი დასავლეთის მეცნიერებას, როგორც მოგეხსენებათ, არა ჰყავს. თუმცა თანამედროვე მეცნიერ-ქართველოლოგთა (იან ბრაუნის და სხვების) უახლესი გამოკვლევების შედეგად ყალიბდება აზრი, რომ ბასკური მეოთხე ქართველური ენაა.


შეკითხვა:  რა კავშირია ლაზარესა და ქართულ ენას შორის?

ლაზარეს აღდგინება იოანე-ზოსიმესთან ნიშნავს აღდგინებას ქართველი ერისას, ქართველური მოდგმისას იმ განფენილობით, როგორც ის იყო წარმოდგენილი პრეისტორიულ ხანაში, ანუ ლაზარეს დაძინებამდე, ანუ მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში ეს მოდგმა შემცირდა, განადგურდა ინდოევროპელების მიერ და დარჩა მხოლოდ პირინეებზე, მცირე აზიაში, კავკასიაში. ხოლო აღდგომა იქნება ისევ აღორძინება ამ მოდგმისა, ისევ იმავე პოზიციას დაიბრუნებს ეს მოდგმა და ეს ერი, რომელიც მას გააჩნდა პრეისტორიულ ხანაში, ე. ი. წამყძანი მოდგმის პოზიციას, კაცობრიობის სულიერი მოძღვრის პოზიციას. აი, ეს იგულისხმება სწორედ იმაში, რომ მეორედ მოსვლის დროს ღმერთმან უნდა ამხილოს ყველა ენასა ამით ენითაო, როგორც ამბობს იოანე-ზოსიმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს მოდგმა იქნება მთავარი მატარებელი სულიერებისა, ქრისტიანობისა და ის ამხელს დანარჩენ ცოდვილ კაცობრიობას.

შეკითხვა: რა კავშირია პრომეთესა და ამირანს შორის?

ამირანი გვიანდელი სახელი უნდა იყოს პრომეთესი. ჩვენ არა გვაქვს ცნობები იმის შესახებ, რომ პრეისტორიულ ხანაში პრომეთეს ამირანი ეწოდებოდა. საქართველოში ამირანი, თვითონ სახელი "ამირ" უფრო იმ პერიოდთან არის დაკავშირებული, როდესაც უკვე სპარსული კულტურა შემოდის საქართველოში. ამირან დარეჯანისძე - "ამირ ანდარე ჯეჰან" ნიშნავს "მბრძანებელი ქვეყნისა", მეუფე ქვეყნისა", ეს სპარსული ტერმინია.
საერთოდ, ამირანზე ხალხური თქმულების ის სახე, რომელმაც ჩვენამდის მოფღწია, გვიანდელი უნდა იყოს. პრეისტორიული მითი ამირანზე აისახა ქართულ ხალხურ თქმულებაში, მაგრამ სახელი შეცვლილია. სახელი ამირანი აშკარად სპარსული წარმოშობისაა და, მე მგონი, არ ასახავს ამ არსების რაობას. პრეისტორიულ ხანაში ამ არსებას, მე მგონი, ჰქონდა უფრო ძველი პროტოქართული შესატყვისი. საერთოდ პროტოქართული შესატყვისები ჰქონდათ არამარტო ასეთ პერსონაჟებს. მაგალითად, საიდან მომდინარეობს ქართველთა ეპონიმი "კარდუ"? ეს არის მთის სახელი, რომელსაც დღეს ჰქვია არარატი. თავდაპირველად ამ მთის სახელი იყო კარდუ, კარდუ იყო ბაბილონური ღვთაება. მთებს არქმევდნენ ღვთაებების სახელებს და ამ ღვთაების სახელი ერქვა მთა არარატს, რომელსაც სუმერულ ეპოქაში ნისირიერქვა. ძველი სახელები დღეს უკვე აღარა აქვს არც ას ტოპონიმებს, არც გმირებს. და ამ არსებას, რომელსაც პრომეთეს უწოდებენ, დარწმუნებული ვარ, პრეისტორიულ ხანაში არ ერქვა ამირანი. ამირანი უფრო შუასაუკუნეებშია შერქმეული.


შეკითხვა:  რას იტყვით აფხაზურ-ქართული ენების კავშირზე?

საერთოდ ადიღეური და სხვა კავკასიული ენები, როგორც მოგეხსენებათ, იბერიულ-კავკასიური წარმოშობისაა, მათსა და ქართულ ენას შორის გენეტიური ნათესაობა არსებობს. ქართველურ ენებს შორისაც გენეტიური ნათესაობა აპსებობს, მეგობრებო. ეს ვერ გაუგიათ მათ და ამიტომ არის ეს ეროვნული შუღლი, თორემ მათი წარმომავლობა ნამდვილად იბერიულ-კავკასიურია. ნამდვილად ასეა. რომ ჰქონდეთ მათ მეხსიერება, ცოდნა თავიანთი წარმომავლობის შესახებ, ისინი არასოდეს არ გააჩაღებდნენ ასეთ კონფლიქტებს თავის მონათესავე ერთან. საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები გენეტიკურად მონათესავენი არიან, ასევეა მათი ენებიც. ეს არნოლდ ჩიქობავამ, ჩვენმა დიდებულმა მეცნიერმა, შესანიშნავად გამოიკვლია და ეს მისი საყვარელი ტერმინია - იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება და იბერიულ-კავკასიური ხალხები, რაც, სხვათა შორის, იმასაც გულისხმობს, რომ იბერიულ-კავკასიური არ არის ერთადერთი იბერიულ სამყაროში, არსებობს, მაგალითად, იბერიულ-პირინეული და სხვა, რომ იბერიულ კავკასიური არის მხოლოდ ერთი მონაკვეთი იბერიული სამყაროსი, და მასში ერთიანდებიან აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხები.


შეკითხვა:  რა კავშირშია მაზდეანობა ქართულ სულიერ სამყაროსთან?

მეგობრებო, ისტორიულად ქართველ ერს ჰქონდა ურთიერთობა მრავალ კულტურასთან, მრავალ რელიგიასთან და არის საქართველოში იმის ნიშნები, რომ იყო ერთ პერიოდში აქ მაზდეანური კულტი, ანაჰიტა-ქალღმერთის კულტი და მრავალი სხვა კულტი იყო, მაგრამ ეს არ იყო წამყვანი, არ იყო არსებითი და ძირითადი ჩვენს სულიერ სამყაროში. მაგალითად, ჯერ პრობლემატურად არის ქცეული, იყო თუ არა არმაზის კულტურა ზოროასტრალური კულტურა და რაიმე საერთო აქვს თუ არა მას ზოროასტრულ კულტურაასთან და მაზდეანობასთან. ე. ი. ესეც არ არის დამტკიცებული, ორმუზდი და არმაზი თუ ენათესავებიან ურთიერთს.


შეკითხვა:  რა არის ანთროპოსოფია?

- ანთროპოსია არის სულიერი მეცნიერება თანამედროვე ევროპაში, მეცნიერება სულის შესახებ, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებში. ეს მოძრაობა არსებობს საქართველოშიც და ჰყავს მრავალი მიმდევარი. ეს არის ქრისტიანული მოძრაობა, როგორც მოგახსანეთშ ეს არის მიქაელური ქრისტიანობა. მაგრამ, ამავე დროს, უნდა მოგახსენოთ, რომ ზოგს ეშლება, ზოგი ურევს ანთროპოსოფიას რელიგიაში. ანთროპოსოფია არ არის რელიგია. ეს არის შემეცნებითი მიმდინარეობა და არა აღმსარებლობა. ამიტომ შეცდომით ამბობენ, ან მართლმადიდებელი იყავი, ან ანთროპოსოფიო. ასე არ დგას საკითხი. ეს იგივეა, რომ თქვა: ან მართლმადიდებელი იყავი, ან ჰეგელიანელი. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ ანთროპოსოფიას რელიგიური აღმსარებლური პრეტენზიები არა აქვს. ეს არის შემეცნებითი გზა. მართალია, რელიგიური თემიც არსებობს დასავლეთში, რომელიც მასზე არის აღმოცენებული, მაგრამ თავისთავად ანთროპოსოფიის ფუძემდებელი - რუდოლფ შტაინერი არ იყო ახალი რელიგიის ან კონფესიის ფუძემდებელი. ის არის ქრისტეს, ქრისტიანობის მიმდევარი და ქრისტიანობის ახალი შენეცნებითი ფორმის შემქმნელი. ასე რომ, აქ არ უნდა მოხდეს ცნებათა აღრევა და არ უნდა შეგვეშალოს. როგორც მოგახსენეთ, არსებობს აგრეთვე მრავალი დარგი ანთროპოსოფიული მეცნიერებისა: ანთროპოსოფიური მედიცინა, ბიოლოგია, პედაგოგოკა. კერძოდ ანთროპოსოფიურმა დიცინამ უდიდესი როლი შეასრულა ჩვენში 9 აპრილს მოწამლულთა მკურნალობაში. როდესაც ვერც ერთი ექიმი ვერ კურნავდა მათ, ვერც ერთი სახეობის წამალი- მათ ისეთი მედიკამენტები ჩამოიტანეს, თავიანთი სკოლის მიერ შექმნილი, რომლებმაც უშველა ამ მოწამლულებს, გადაარჩინა უამრავი ადამიანი.
უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ მართლმადიდებლურ კულტზე არსებობს ლექცია რუდოლფ შტაინერისა, რომელიც ძალზე მაღალ დონეზე აყენებს მართლმადიდებლურ კულტს კათოლიკურთან შედარებით. მე შემიძლია პირდაპირ ციტატა წაგიკითხოთ. სართოდ რუდოლფ შტაინერი მართლმადიდებლურ ფილოსოფიათან ძალიან ღრმად იყო დაკავშირებჯლი, კერძოდ, ვლადიმერ სოლოვიოვის ფილოსოფიასთან და თავის ერთ-ერთ წინამორბედად თვლიდა მას, მართლმადიდებელ ფილოსოფოსს. არის ციკლი ლექციებისა 1922 წელს წაკითხული - "ზეცნობადი გავლენები კაცობრიობის ისტორიაში", სადაც რუდოლფ შტაინერი ამბობს: "კათოლიკურ ეკლესიაში კულტი და რიტუალი უფრო თვალითსახილველი სიმბოლოების ხასიათს ატარებს, აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიაში კი იგი ისეთი რამ არის, რასაც სული სწვდება უღრმესი მოწიწებით". ე. ი. რადიკალურად ასხვავებს ამ ორ კულტს ერთმანეთისაგან და მისთვის უფრო მახლობელი არის მართლმადიდებლური კულტი, და ეს ჩანს აგრეთვე ოქსფორდში წაკითხული ლექციებიდან, სადაც ის ამბობს, რომ მართლმადიდებლურ აღმოსავლურ ეკლესიაში იყო ძალიან ღრმა ეზოტერიზმი, ანუ საიდუმლო მოძღვრება, რომელიც თავად ეკლესიას გააჩნდა. აღმოსავლეთში, როგორც მე წეღან მოგახსენეთ, ეზოტკრიზმი არ იყო გამოყოფილი ეგზოტერიზმისაგან, ხოლო დასავლეთში გამოყოფილი იყო და იყო კონფლიქტიც და დევნაც ეზოტერიზმისა. აღმოსავლურ მართლმადიდებლურ სამყაროში ამას ადგილი არ ჰქონია არასოდეს.

შეკითხვა:  როგორია გრაალის წარმოშობა?

გრაალის ეტიმოლოგია, გრაალი, მეგობრებო, მომდინარეობს ძველპროვანსული და ალბათ, ძირით კაპადოკიუოი ტერმინიდან "გრაცალ" და, საერთოდ, გრაალის მიმდინარეობა ქართველური ტომების შექმნილია აგრეთვე. კაპადოკიური ეთნოსი, რომელიც იგივე ქართველური, პროტოიბერიული ეთნოისა, არის ძირითადი შემქმნელი გრაალის მიმდინარეობისა. ტიტურელი, ცნობილი პირველი მფლობელი გრაალისა, ეროვნებით იყო კაპადოკიელი, ე. ი. ქართველური წარმოშობისა. შამთხვევითი როდია, რომ კაპადოკიელები იხსენიებიან სულიწმიდის გადმოსვლის დღეს, მეერგასისე დღეს, რომელიც მოცემულია მოციქულთა საქმეში  (საქმე,  2, 9). კაპადოკიელები ესწრებოდნენ სულიწმიდის გადმოსვლას და გრაალის მისსია ეს არის სულიწმიდის მისსია. გრაალი ეს არის სულიწმიდის მატარებელი, გრაალის მფლობელი არის სულიწმიდით განმსჭვალული და სულიწმიდამომადლებული ადამიანი. გრაალის მოძრაობა, გრაალის ქრისტიანობა შექმნეს სწორედ იბერიული  ხალხებმა. ის შეიქმნა ჯერ კაპადოკიაში, შემდეგ პროვანსში, ლანგდოკში, სადაც ძირითადად იბერიული და კელტ-იბერიული მოდგმის ხალხები ცხოვრობდენ. კელტ-იბერები იგივე იბერებია წერმოშობით, რომელთაც შემდეგ, გთიანდელ პერიოდში შეერწყნენ კელტები. კელტების მიგრაცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მესამე საუკუნიდან დაიწყო და მოგვიანებითაც გაგრძელდა. შემდეგ ჩამოყალიბდა კელტ-იბერიული მოდგმა, მაგრამ წარმოშობით მაინც იბერიულია. კელტ-იბერიული მოდგმაც კაპადოკიასთანაა დაკავშირებული და სწორედ კაპადოკიიდან, ამ მესხური, ანუ მოსხური, ზანური კაპადოკიიდან მომდინარეობს გრაალის ქრისტიანობა და გრაალის მიმდინარეობა. ქართლში არის, სხვათა შორის, სოფელი გრაკალი. რამდენადაც პირველადი სახელი ამ თასისა არის გრაცალი, გრაცალი და გრაკალი აშკარად მონათესავეა და ეს ტოპონიმი უნდა იყოს გრაალთან დაკავშირებული, ყვენი ღრმა რწმენით. გრაალი მოხსენიებული არის შავთელის ოდებში. შავთელის შდებში მას ეწოდება "მადლი ბარძიმი, ერთა განსაწმენდ". როგორც მოგეხსენებათ, გრაალი არის ბარძიმი, თასი და გარდა ამისა, ეს თასი მოხსენიებული არის ქართულ ფოლკლორში, კერძოდ, როდესაც წმინდა გიორგი - ქართული ფოლკლორის წმ. გიორგი - ლაშქრობს ქაჯავეთში კოპალასთან და იახსართან ერთად, მას ქაჯავეთიდან მოაქვს თასი და ჩვენი ღრმა რწმენით ეს გრაალის თასია. ე. ი. წმინდა გიორგის ჩასვლა ქვესკნელში დაკავშირებულია გრაალის თასის წამოღებასთან, ე. ი. ეს არის ინიციაციის სიმბოლო. ამრიგად უკავშირდება გრაალი ქართულ კულტურას, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს ისტორიას. გელათის ფრესკების ძირითადი მოტივები გრაალის თასთან არის დაკავშირებული. ყრმა მაცხოვარი, რომელიც უჭირავს გელათის ღვთისმშობელს, შუბლზე გრაალის ტვიფარს ატარებს! ასე რომ, ეს უაღრესად ღრმა კავშირშია ქართულ კულტურასთან და რაც შეეხება "ვეფხისტყაოსანს", შეძლება ითქვას, რომ "ვეფხისტყაოსანიც" გრაალის პოემაა იმიტომ, რომ გრაალის სიმბოლოები, სინონიმებია საუნჯე, თვალ-მარგალიტი, ფილოსოფიური ქვა და ქალწული, ე. ი. ქალწულის გამოხსნა ტყვეობიდან, ქვესკნელიდან აგრეთვე იგივეა, რაც გრაალის გამოხსნა. ქალი ამ შემთხვევაში განასახიერებს ანიმას, სამშვინელს და ანიმას გამოხსნა დრაკონის ტყვეობიდან არის სწორედ ინიციაციის მიზანი. აი, ეს არის მოცემული სწორედ "ვეფხისტყაოსანში". "ვეფხისტყაოსანი" არის ინიციაციის გზა, ჰეროიკული ინიციაციის გზა არის აღწერილი. ალეგორიულად, საერთოდ, რაინდობა დაკავშირებული იყო ინიციაციასთან, რაინდობა იყო ინიციაციის ინსტიტუტი, ამიტომ მისი უმთავრესი მიზანი იყო ქვესკნელად შთასვლა და გრაალის გამოხსნა, ანუ წმინდა საწყისის გამოხსნა ბნელი ძალების ტყვეობისაგან.

შეკითხვა:  როგორ მტკიცდება, რომ პელაზგები და შუმერები იყვნენ არაინდოევროპელები?

ეს მტკიცდება, მეგობრებო, ენათმეცნიერული მონაცემებით. უწინარეს ყოვლისა, შუმერები რომ არაინდოევროპელები არიან და მხოლოდ ქართული ენები ენათესავება შუმერულ ენას დღესდღეობით, დაამტკიცა დიდმა ქართველმა მეცნიერმა მ. წერეთელმა. ინდოევროპული ენები ამ ენებს არ ენათესავება. პელაზგებზე პირდაპირ არის ჰეროდოტესთან და სხვა ბერძენ ისტორიკოსებთან ნათქვამი, რომ ისინი იბერები იყვნენ.

შეკითხვა:  რა კავშირი იყო ირლანდიელ და ქართველ იბერებს შორის?

ირლანდიელებისა და ქართველი იბერების კავშირი უღრმესია, მეგობრებო. სწორედ იმაზე არის საუბარი ჰუმბოლდტის შრომაში, რომ ირლანდიაში, ჩრდილოეთ ევროპაში იყო მიგრაცია იბერებისა. ჰუმბოლდტი აშკარად განასხვავებს მათ სამხრეთის იბერებისაგან, სადაც ისინი ავტოქტონები არიან, მაგრამ ჩრდილოეთში, ირლანდიაში, ბრიტანეთში და სხვაგან მოხდა მათი მიგრაცია და დაარსდა კოლონიები. ირლანდიის უძველესი მოსახლეობა - პიქტებიც იბერების შთამომავლები იყვნენ.


შეკითხვა:  ვინ იყვნენ ალბანელები?

ქართლის ცხოვრებიდან ჩანს, რომ ქართველური ტომები იყვნენ ალბანელებიც. ამასთან, ეს არის ბერდა, რომელიც გვხვდება ნიზამი განჯევის შემოქმედებაში- სხვათა შორის, შემთხვევითი არ არის, რომ ბერდას დაუკავშირა ნიზამი განჯევმა თამარ მეფის სახე, რომელიც მოგვცა მან სიმბოლურად, ალეგორიულად ბერდის დედოფლის ნუშაბეს სახით თავის "ისკანდერნამეში"-


შეკითხვა:  ლაზეთი და ლაზარე თუ არის რამე კავშირში?


ამაზე ჰიპოტეტურად შიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ფუძით უკავშირდება; აგრეთვე ლაზერე და დაზური, ლაპისლაზული, რომელიც ლაჟვარდს აღნიშნავს და ლაჟვარდი და ცისფერი ეს არის იოანე-ლაზარეს ფერი საერთოდ, და შეიძლება ეს ყოველივე რაღაც კავშირშიც იყოს- ლაზარესადმი მიძღვნილი თამარისდროინდელი ტაძრის, ბეთანიის ფრესკებიც ხომ ცისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, არ შეიძლება ამას ღრმა ეზოტერული მნიშვნელობა არ ჰქონდეს.


შეკითხვა:  რა კავშირი აქვთ ხეთებს საქართველოსთან?

ხეთასთან დაკავშირებული ტოპონიმები არის საქართველოში. ეს იმას არ ნიშნავს, მეგობრებო, რომ აქ, ვთქვათ, ხეთების სამშობლო იყო. იყო მიგრაციები ხალხების, იყო მათი გარკვეული მოძრაობა და ამასთან არის დაკავშირებული მრავალი ტოპონიმი. საერთოდ ხეთები ინდოევროპელებია, ისინი არ ეკუთვნიან ქართველური წარმოშობის ხალხებს.

შეკითხვა:  რას გვეტყვით ნიკო მარრისა და "ვეფხისტყაოსნის" შესახებ?

მეგობრებო, ნიკო მარრს ძალზე წინააღმდეგობრივი შეხედულებები ახასიავებდა "ვეფხისტყაოსანზე" და, საერთოდ, დიდ ადამიანებს ზოგჯერ დიდი შეცდომებიც მოსდით. მან შეცდლმები დაუშვა "ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ თავადვე გამოასწორა ეს შეცდომები და უაღრესად მნიშვნელოვანი აზრები გამოთქვა "ვეფხისტყაოსანის" შესახებ. თავდაპირველად ის თვლიდა, რომ "ვეფხისტყაოსანი" ნათარგმნი ნაწარმოებია, აპირებდა მისი "დედნის" პოვნას ბრიტიშ მუზეუმში, მაგრამ ვერ შესძლო ეს და შემდეგ სხვაგვარი შეხედულება ჰქონდა უკვე ამაზე. რაც მთავარია, ნიკო მასსმა პირველმა გვაჩვენა ის ორგანული კავშირი, რომელიც არსებობს "ვეფხისტყაოსანის" სამყაროსა და დასავლურ კურტუაზიას შორის. მან მიგვითითა აგრეთვე პროვანსელი ტრუბადურების და საერთოდ რაინდული კულტურის სხვა ძეგლებთან "ვეფხისტყაოსნის" მსგავსებაზე. ნიკო მარრმა ძალიან ღრმად მიანიშნა ამაზე და ძალზე ღირებული ნაშრომი დაგვიტოვა - "ქალის კულტი "ვეფხისტყაოსანში". რაც შეეხება რუსთაველის მუსულმანობის იდეას, მან ეს უარყო შემდგომ. ერთ ხანს ნიკო მარრს ჰქონდა აზრი, თითქოს "ვეფხისტყაოსნის" ავტორი მუსულმანი იყო, მაგრამ ეს აზრი იმიტომ დაებადა, რომ ის ამ ეკუმენიზმს ვერ ხსნიდა. რუსთველს ახასიათებს რაღაც ზერელიგიური ეკუმენიზმი. თითქოს და ის ყველა კულტების და ყველა რელიგიების გამაერთიანებელი არის თავის პოემაში. საერთოდ, "ვეფხისტყაოსანი" ეს არის სინკრეტული ნაწარმოები, არა ეკლექტური, სხვადასხვა ელემენტების უკავშიროდ შერწყმა, არამედ სინკრეტული, ეს არის ერთიანობაში მოცემა სხვადასხვაგვარი ელემენტებისა. "ვეფხისტყაოსანი" არის ანტიური სიბრძნისა და ქრისტიანული სიბრძნის სინთეზი, ეზოტერული სიბრძნის სინთეზი, ანტიური ინიციაციის გზისა და ქრისტიანული ინიციაციის გზის ახალი სინთეზი არის ახალი მხატვრული მითოსის ენაზე მოცემული, ასე რომ აქ მრავალ მკვლევარს ეჩვენებოდა ცალ-ცალკე მოძღვრებები, ცალ-ცალკე აღმსარებლობა, მაგრამ ეს შემდეგ არ დადასტურდა და დღეს უკვე გაბატონებული აზრია, რომ ეს არის ქრისტიანული ნაწარმოები, რომ ავტორი ქრისტიანია, თანაც ფართო გაგების ქრისტიანი, რომელიც ეკუმენურად აერთიანებს სხვა რელიგიების მიღწევებსაც თავის მსოფლმხედველობაში. მაგალითად, იქ არის მოცემული ასტროლოგიური, ასტროსოფიული იდეები, არის ანტიურ მისტერიათა იდეები, თვით "მზიანი ღამის" სტროფი და სხვა. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ის ღრმად იყო ნაზიარები ანტიურ მისტერიალურ კულტურას, გვაძლევდა ამის სინთეზს თავის ნაწარმოებში. ნიკო მარრი თავდაპირველად ამას თერ ხედავდა. მან მუსულმანად ჩათვალა რუსთაველი, ვინაიდან მუსაფიც არის იქ და მუსაფზე იფიცებენ გმირები, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ პირობითად "ვეფხისტყაოსანის" მოქმედება გადატანილი არის აღმოსავლურ სამყაროში, მუსულმანურ სამყაროში და იქ ცხადია მუსაფის გარდა სხვა საღვთო წიგნს ვერ ახსენებდნენ, მაგრამ ლოცვა ათვანდილისა ეს არის ქრისტიანული ლოცვა, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქოს მიზგითში ლოცულობს. ასევე გმირებიც თავიანთი მოქმედებით, თავიანთი ხასიათით ქრისტიანები, ქრისტიანული სამყაროს წარმომადგენლები არიან. არაბი, ინდოელი "ვეფხისტყაოსანში" არ ნიშნავს ეროვნებას. ეს არის სიმბოლურად. "ვეფხისტყაოსნის" ქვეყნები საერთოდ გეოგრაფიულ სინამდვილე არ არის, ისტორიული სინამდვილე არ არის. ეს ალეგორიული გეოგრაფიაა, ალეგორიული ისტორია




ლექციის მომხსენებელი – ზვიად გამსახურდია;
ლექცია წაკითხულია – "იდრიატის" ფესტივალზე თბილისში, 1990 წლის 2 მაისს.

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014