ასურელი მამების შესახებ

1 2

მწერლობა ასურელ მამათა საქართველოში მოღვაწეობაზე
ასურელი მამების ცხორებათა დაწერილობის თარიღისათვის

 

მწერლობა ასურელ მამათა საქართველოში მოღვაწეობაზე

ioane zedazneli

საქართველოს სარწმუნოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში დიდი ადგილი ასურელ მამათა მოღვაწეობას აქვს დათმობილი. კარგა ხანია საკითხი მათი ვინაობისა, მოღვაწეობის დროისა და თვისების შესახებ საცილობელი შეიქმნა. IX საუკუნიდან მოყოლებული, როგორც ეტყობა, მათი ვინაობის შესახებ დაწვრილებითი ცნობების უქონლობას უჩიოდნენ. ამ დროისათვის არეული ყოფილა მათი მოღვაწეობის ქრონოლოგიაც იმ მხრივ, რომ ასურელ მამათა მოღვაწეობის ხანად ფარსმან მეფის ზეობა ყოფილა უკვე მიჩნეული. მაგ.. მოქცევაჲ ქართლისაჲს მატიანის სიტყვით, ვითომც ფარსმან მეფის დროს «მოვიდა ნეტარი იოვანე ზედა-ზადენელი შუამდინარით ასურეთისაჲთ და თორმეტნი მოწაფენი მისთანა მოვიდეს». ჭელიშური ხელთნაწერი თარიღსაც უმატებს «ქართლისა მოქცევითგან,მეორასესა წელს ა-ო. ეს თარიღი VI საუკუნის ორმოციან წლებს უდრის, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში მეფობა უკვე მოსპობილი იყო და სპარსელები ბატონობდნენ მარზპანის საშუალებით. ამნაირადვე ფარსმან მეფის ზეობა აქვს ასურელ მამათა მოღვაწეობისათვის მიღებული ჯუანშერსაც (ცხ. ვხტნგსი *, გვ. 187). ფარსმანის ზეობით დათარიღება თვით ასურელ მამათა გადაკეთებული ცხოვრების ერთ-ერთი ავტორის შეტანილი უნდა იყოს. დანარჩენთ მისი ეს ცნობა ჭეშმარიტად მიუჩნევიათ და თავიანთ თხზულებებში ჩაურთავთ. ასურელ მამათა საქართველოში მოსვლის მიზნის შესახებაც IX–XII საუკუნეების ძეგლებში არსებითად სრული გაურკვევლობა სუფევდა, რომელიც ამ მოღვაწეთა პირვანდელი ცხორებიდან ამოღებული ცნობების შეცვლა-შესწორების ოდენობაზე იყო დამოკიდებული. საერთოდ ამ ხანაში ასე ყოფილა მიღებული, რომ ასურელი მამები საქართველოში სამონასტრო მოღვაწეობის მიზნითა და ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად იყვნენ მოსულნი. მაგრამ ზოგიერთ გადაკეთებულ ცხორებაში პირვანდელი წყაროებიდან მათი მოსვლის ნამდვილი მიზნის სულ სხვანაირი ცნობაც არის შერჩენილი. ვახუშტს ამ საკითხზე ახალი არაფერი აქვს და მოკლე ცნობა მოეპოვება მხოლოდ. ასურელ მამათა ცხორებანი კრიტიკულად პირველად აკად. მ. ბროსსემ განიხილა. მას აღნიშნული აქვს, რომ იოანე ზედაზნელის ცხორება განახლებულია არსენი კათალიკოსის მიერ X საუკუნეში. ბროსსეს მხოლოდ ის აბრკოლებდა, რომ ამ დროს არსენი კათალიკოსი ცნობილი არ იყო. შიო მღვიმელის ცხორებას ბროსსე მარტჳრი, ანუ იოანე კოსტანტინეპოლელის დაწერილად სთვლიდა, მაგრამ თვით ძეგლის დაწერილობის ხანას არ არკვევს963. აღნიშნული აქვვს, რომ აბიბოს ნეკრესელის ცხორება ქართლის კათალიკოსის არსენი დიდის მიერ არის დაწერილი, რომ დავით გარეჯელის ცხორების ავტორი არა ჩანს, მაგრამ IX საუკუნეზე მერმინდელი უნდა იყოს, რადგან იქ წმ. ილარიონი იხსენიება. ბროსსეს აღნიშნული აქვს ძველ ავტორთა შეუთანხმებლობა ასურელ მამათა რიცხვის შესახებაც, რომ ზოგი 40-საც კი, ზოგი კი მხოლოდ 12-ს ასახელებს, ჩვეულებრივ კი ათცამეტ მამებად იწოდებოდნენ. იგი ასურელ მამათა საქართველოში მოსვლის თარიღის გამორკვევასაც შეეცადა. მას აღნიშნული აქვს, რომ დავით გარეჯელის იერუსალემში მოსალოცავად გამგზავრების დროს იერუსალემში პატრიარქად ელია ყოფილა. ის კი 494–513 წლებში იყო პატრიარქად, ამიტომ აქ რაღაც შეცდომა უნდა იყოსო. ბროსსე ეკამათებოდა პლატონ იოსელიანს, რომელსაც ასურელი მამები V საუკუნის შუა წლებში და მეორე ნახევარში, 445–480 წლებში მიაჩნდა საქართველოში მოსულად. მისი სიტყვით კი ისინი VI საუკუნის მოღვაწეები იყვნენ, რადგან ფარსმანი 542–557 წლებში მეფობდა და სჳმეონ მესვეტე, რომელთანაც ასურელ მამებს კავშირი ჰქონდათ, მცირე სჳმეონ მესვეტე, 521 წელს დაიბადა ანტიოქიაში, იქვე მახლობლად მოღვაწეობდა და 596 წელს გარდაიცვალაო, თუმცა ასურელ მამათა მოსვლაც ქართლის მოქცევის 200 წლის შემდგომ არის აღნიშნული, ამ ქვეყნის ქრისტიანობის ახალნერგობაც აღნიშნულია ცხორებებშიო. ბროსსეს ისინი VI საუკუნის მეორე ნახევრის მოღვაწეებად მიაჩნდა. იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების მოსვლის თარიღად ბროსსეს 540 წელი აქვს მიღებული. ეს თარიღი სვიმეონ მესვეტის ზეობის 521–596 წლებზე აქვს დამყარებული და ფარსმანის მეფობაზე. ანტონი მარტყოფელის ცხორებაში მოხსენებული ხოსრო სპარსთა მეფისაგან ქ. ედესის აღების შესახებს ცნობაზე ბროსსეს შენიშნული აქვს, რომ ამის მცდელობა 539– 540 წლებში მოხდა. აბიბოს ნეკრესელის ცხორების იმ ცნობის მიხედვით, რომ აბიბოსმა ბერძენთაგან სპარსელების ქართლიდან განდევნა იწინასწარმეტყველა, ბროსსემ ეს ამბავი ზედმიწევნით გუარამ კურაპალატის (ე. ი. ქართ. ცხორების ანგარიშით 565–600 წ.) დროინდელად მიიჩნია973. დასასრულ, აკად. ბროსსეს ისიც აქვს აღნიშნული, რომ, ასურელ მამების ცხორებათა საერთოდ ლეგენდარული ხასიათისდა მიუხედავად, იქ მაინც საკმაოდ ბევრი საისტორიო ცნობები მოიპოვება. დავით ბაქრაძის აზრით ასურელ მამათა "მომეტებულს ნაწილს... ეტყობა უეჭველი კვალი იმ დროისა, რომელსაც ეკუთვნიან". "ქრისტიანთა შორის მაშინდელი წესით წმ. მოღვაწეთა ცხოვრებანი იმათ უახლოეს დროსვე იწერებოდნენ ეკლესიაში საკითხავად ამის გამო თითქმის უცვლელად შთებოდნენ"-ო. ამის ნიშნებს დავით ბაქრაძე ასურელ მამათა ცხორებებში ჰხედავდა. ასურელ მამათა ეროვნების შესახებ დავით ბაქრაძეს ნათქვამი აქვს: "ახლა ჩვენს მწერლობაში ვრცელდება ის აზრი, ვითომც ათ-ცამეტნი მამანი ყოფილიყვნენ ქართველნი ნათესაობით. ეს აზრი ჩვენი წარმოდგენითაც უსაფუძვლო არ არის", ამის საბუთად მას ერთი მხრით ის მოსაზრება მოჰყავს, რომ "სულ ძველად ქართველნი მოღვაწენი და მთარგმნელნი ანტიოქიაში და იმის გარშემო შრომობდნენ თავიანთ მამულის (ე. ი. სამშობლოს) სასარგებლოდ", — მეორე მხრით ისიც, რომ ასურელი მამები "შემოდიან თუ არა საქართველოში, ქართულად საუბრობენ, ქართულადვე ასრულებენ წირვა-ლოცვასა და ჰმოძღვრობენ თვით ქართველ ერსა. ქართულმა ეკლესიამ ძველადვე შეჰრაცხა იგინი წმიდათა შორის, როგორც «განმანათლებელნი და აღმაშენებელნი ეკლესია-მონასტერთა ქართლისათანი»976. ასურელ მამათა ქართველობის აზრს ბაქრაძე იმდენად ცხად სიმართლედ სთვლიდა, რომ ამბობდა: "ამ საგანზე ჩვენ არ ვხედავთ საჭიროდ სიტყვა გავავრცელოთ"-ო. 1903 წლის გამოცემულ საეკლესიო მუზეუმის ხელთნაწერთა აღწერილობაში თ. ჟორდანიამ აღნიშნა, რომ XII საუკუნის ხელთნაწერში №199 დაცულია იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა და დავით გარეჯელის ცხორებათა უძველესი და განსხვავებული რედაქციები, რომ 1699 წელს გადაწერილ №160 ხელთნაწერში იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა და დავით გარეჯელის ცხორებათა საბინინისაგან გამოცემულზე უფრო სრული და სწორი ტექსტი მოიპოვება. თ. ჟორდანიას აზრით "იოანე ზედაზნელის მოწაფითურთ წარმოსვლა და დამკვიდრება საქართველოში მოხდა 541–557 წლებში, როდესაც საქართველოში მძვინვარებდნენ სომხების მონოფიზიტები, ეკლესია ქართველთა საშიშ მდგომარეობაში იყო და ამ გარემოებამ, ჩემის ფიქრით, გამოიწვია ასურელ მამათა თავგანწირვა და წამოსვლა დასაცველად ჩვენის სჯულისა მწვალებელთაგან. ჰერეთში არც ერთი ასურელთაგანი არ დაემკჳდრა; ამ გარემოებაში ჩვენ საფუძველს ვპოულობთ დავასკვნათ, რომ მოსვლა წმიდათა მამათა მოხდა 550– 557 წლებს შუა, შემდეგ ჰერეთის კათალიკოზის (აბაზის?) განდგომისა და პირველის დვინის კრებისა 549 წელსო. მ. ჯანაშვილის სიტყვით საეკლესიო მუზეუმის XIII–XIV საუკუნეების ხელთნაწერში დაცულია აბიბოს ნეკრესელის განსხვავებული და ყველაზე უძველესი რედაქცია, რომელიც 1908 წელს გამოცემულ ხელთნაწერთა აღწერილობაში მთლიანად დაბეჭდილი აქვს კიდეც. პროფ. ნიკო მარრი ასურელ მამათა მოღვაწეობას მხოლოდ გაკვრით ეხება და მათი ცხორებანი სათანადო ხანის საეკლესიო მდგომარეობის გამოხატულებად მიაჩნია, რამდენადაც იგი ამ ძეგლთა მერმინდელ გარდანაკეთშია შერჩენილი. ნიკო მარრი ფიქრობდა, შესაძლებელია ასურელი მამები თითონაც ნესტორიანები იყვნენ და საქართველოშიაც ნესტორიანობა მათი შემოტანილი იყოსო. ს. კაკაბაძე თავის წერილში "როდის არის დაწერილი ტრაქტატი - განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა" შეეხო აბიბოს ნეკრესელის ცხორების ავტორის ვინაობასა და დროსაც984. ამ ნაშრომში ავტორი უარჰყოფს აბიბოს ნეკრესელის ცხორების გამომცემლის მ. საბინინის აზრს, რომ ამ ძეგლის დამწერი, არსენი დიდი კათალიკოსი, არსენი იყალთოელად უნდა ვიგულისხმოთ, ორი მოსაზრებით: ჯერ ერთი იმიტომ რომ ეს უკანასკნელი კათალიკოსი არ ყოფილა, მერმე იმიტომაც, რომ ამ ძეგლში ქვეყნის მნიშვნელობით "სოფელი" იხმარება და "შიდა ქართლი აქ ყველგან იხსენიება ზენასოფლად, გამოთქმა, რომელიც ძალიან ძველ დრო მიეკუთვნება". ამ ძეგლის ბოლოში დართული ცნობის მიხედვით ბერძენთაგან სპარსელების ქართლიდან განდევნისა და გაერთიანებული იბერიის ერისთავთაგან განგების შესახებ ს. კაკაბაძე ფიქრობს, რომ ცხორება უნდა VII საუკუნის დამლევს, ან VIII საუკუნის დამდეგს არსენი კათალიკოსის მიერ იყოს დაწერილი, რომელიც მისი აზრით ამ დროს უნდა ყოფილიყო. 1926 წელს პროფესორი კორნელი კეკელიძემ გამოაქვეყნა მონოგრაფია ასურელ მამათა შესახებ, რომელსაც ეწოდება "საკითხი სირიელ მოღვაწეთა ქართლში მოსვლის შესახებ". ამ გამოკვლევაში ჯერ განხილულია წყაროები და აღნიშნულია, რომ ყველაზე ადრინდელია აბიბოს ნეკრესელის ცხორება, რომელიც არსენ დიდ კათალიკოსს დაუწერია IX საუკუნეში, შემდეგ მისდევს დავით გარეჯელის ცხორება, რომელიც X საუკუნეშია უცნობი ავტორისაგან დაწერილიო, — მერმე იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ცხორებაა X საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილი. XII საუკუნიდან ამ თხზულებების გადამეტაფრასტება დაუწყიათო986. ეს ძეგლები ემყარებოდნენ "ძველს კიმენისებურ არქეტიპებს", რომელთაც "მეტაფრასტული რედაქციები ხშირად უჩვენებენო". აბიბოს ნეკრესელის ცხორებას "ყველაზე ნაკლებად განუცდია მეტაფრასტის ხელი, რომლის რედაქციული მუშაობა უმთავრესად ამოიწურება პროლოგით, ცეცხლთაყვანისმცემლობისადმი პოლემიკური დიალოგის ჩართვით შუაში და ეპილოგის დამატებით სიტყვებიდან «და სხუანიცა მრავალნი»-ო. დავით გარეჯელის ცხორება კი კორნელი კეკელიძის სიტყვით მეტაფრასტული ძეგლია, ეკუთვნის უცნობ მწერალს, რომელიც გამოსულია პეტრიწონული სალიტერატურო შკოლიდან989 და რომელსაც თავისი ნაწარმოები შეუდგენია "იძულებითა სულთა მწყემსისა ონოფრესითა". კორნელი კეკელიძეს გარკვევით ნათქვამი არა აქვს, თუ რა დროის ძეგლებად მიაჩნდა დაახლოვებით ასურელ მამათა თავდაპირველი ცხორება. მას მათი მხოლოდ ასეთი ზოგადი დახასიათება მოეპოვება: "ბოლოს და ბოლოს, როგორც ძველი, ისე მეტაფრასტული რედაქციები დამყარებულია ტრადიციულ ცნობებსა და სამონასტრო გარდმოცემა-თქმულებებზე". ხოლო მისი სიტყვით, "ამგვარი მასალა ფაქტიურ სინამდვილეს საზოგადოდ არსად და არასდროს არ შეიცავდა", ამიტომ "განსაკუთრებით არ შეესაბამებოდა საქმის ნამდვილ ვითარებას თქმულებანი ასურელ მამათა შესახებ, ვინაიდან ეს თქმულებანი პროდუქტი იყო იმ ტენდენციური ეპოქისა (VII– IX ს.), როდესაც ჩვენში ხდებოდა გადაფასება რელიგიურ- კულტურული წარსულისა. რაკი ასეთს მასალაზეა აშენებული როგორც ძველი, ისე მეტაფრასტული ცხოვრებანი, ისინი არც იდეურად, არც ფაქტიურად სინამდვილეს მთლიანად არ გადმოგვცემენ"-ო. კორნელი კეკელიძე ამტკიცებს, რომ ასურელი მამანი ყველანი იოანე ზედაზნელის მოწაფენი არ უნდა ყოფილიყვნენ, არც ერთი ადგილიდან ყოფილან და არც ერთსა და იმავე დროს არიან საქართველოში შემოსულნი: თუ ერთი ჯგუფი ანტიოქიელები არიან, ანტონი მარტყოფელი ედესია ქალაქელია. მისი სიტყვით ასურელი მამების "ქართლში მოსულა არა ერთი პარტია მოღვაწეების, არამედ რამდენიმე". ამ "პარტიებად" დაყოფილთაგან "პირველი პარტია სირიელი მამებისა მოსულა ქართლში 520 წლის ახლო ხანებში"994. თარიღი ელია იერუსალიმელის 494–516 წლების პატრიარქობის ცნობაზეა დამყარებული და 518 წელს მონოფიზიტთა დევნულების თარიღითაა შემაგრებული995. ამ ჯგუფში ყოფილა დავით გარეჯელი და შესაძლებელია ლუკიანე და დოდოც. "მერე პარტია" იოანე ზედაზნელის მეთაურობით არის მოსული და ამ ჯგუფში შიო მღვიმელი, ისე წილკნელი, ეზდერიოს სამთავნელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი და თათა ყოფილან, რომელნიც 543 წელს მოსულან საქართველოში. ეს თარიღიც დამყარებულია ცხოვრების იმ ცნობებზე, რომ იმ დროს სვიმონ მესვეტე "თორნესა შინ მჯდომიარე იყო", რაც 541–551 წლებში ყოფილა. მაშასადამე, ამაზე ადრე ვერ მოვიდოდნენ, ხოლო ვერც 544 წლის შემდგომ, რადგან ანტონ მარტყოფელს ამ წელს მათი წამოსვლის ამბავი გაუგიაო. მესამე "პარტია" მხოლოდ ანტონ მარტყოფელისაგან ჩანს შემდგარი: იგი 545 წელს მოსულა ედესიდან. ეს თარიღი მეფე ხოსროსაგან 544 წლის ედესის გარემოცვაზეა დამყარებული, რადგან ამ გარემოცვისა და აღების ამბავი ცხორებაში მოთხრობილია. მეოთხე და უკანასკნელი "პარტია"-ც მარტო ერთადერთ აბიბოს ნეკრესელის შემცველი გამოდის, რომელიც ქართლში 571 წლის შემდეგ ყოფილა მოსული. ეს თარიღი კორნელი კეკელიძეს, ერთი მხრით, ბერძენთაგან სპარსელების ქართლიდან განდევნის ამბავზე აქვს დაფუძნებული, რაც 591 წელს მოხდა, მეორე მხრით, 571 წელს ასურეთში ამტყდარი მონოფიზიტების დევნულებაზე. კორნელი კეკელიძის სიტყვით "ასურელი მამები არ ყოფილან სვიმეონის მოწაფენი და არც მის მიერ გამოგზავნილნი ჩვენში". ამაზე მეტსაც ამბობს იგი: "ჩვენ გვგონია, რომ ისინი ნამდვილად «ასურელნიც» არ ყოფილან, არამედ პირწავარდნილი ქართველნი"-ო. ამას ის გარემოება აფიქრებინებს, რომ ისინი შორეულ ასურეთიდან საქართველოში მოვიდნენ და ქართველებს ასე სწრაფად დაუახლოვდნენ და იოანეს ცხორებით მოსვლისთანავე მან ქართულად დაიწყო ლაპარაკიო1004, ხოლო შიოს ცხორებით მას ასურული და ბერძნული შესწავლილი ჰქონდაო. რად დასჭირდებოდა ასურს დედა-ენის შესწავლა, რომ მართლაც ასური ყოფილიყოო?. კორნელი კეკელიძის აზრით "ასურელი" მამების სახელით ცნობილი ქართველი ბერები მონოფიზიტები იყვნენ და ამ დროს მძვინვარე მონოფიზიტთა დევნულების გამო საქართველოში შეაფარეს თავი, რადგან მაშინ აღმ. საქართველოში მონოფიზიტობა იყო გაბატონებული. მათი მონოფიზიტობის დამამტკიცებელ საბუთად კორნელი კეკელიძეს მათი მკაცრი ასკეტიკური ცხოვრების წესი მიაჩნდა. კერძოდ, დავით გარეჯელის ცხორებაში აღნიშნულია, რომ იერუსალემში სალოცავად წასული დავითი თვით ქალაქში არ შესულა, რადგან თავისი თავი უღირსად ჩასთვალა, და უკანვე გამობრუნდა. კეკელიძის აზრით "დავითის ქალაქში შეუსვლელობა გამოწვეული იყო იმით, რომ ის მონოფიზიტი იყო, იერუსალემი კი ამ დროს დიოფიზიტ პატრიარქების ხელში იყო და მონოფიზიტობა იქაც სასტიკად იდევნებოდა"-ო. ასურელ მამათა მოღვაწეობას ეხება, დასასრულ, 1927 წელს გერმანიაში გამოსული გრიგოლ ფერაძის მონოგრაფია "Die Anfänge des Mönchtums in Georgien" "მონაზონობის დასაწყისი საქართველოში" (Gotha). ამ საკითხის შესახები წყაროების განხილვის დროს გრიგოლ ფერაძე უძველესად მათგან დავით გარეჯელის ცხორებასა სთვლის და 1084 წელს არაუადრესად და XII საუკუნის პირველ მეოთხედზე არაუგვიანესად მიაჩნია. ანტონი მარტყოფელის ცხორებას იგი დავით გარეჯელის ცხოვრების უმალ და იოანეზედაზნელის ცხორებაზე უწინარეს შედგენილად სთვლის1009. იოანე ზედაზნელის ცხორების შედგენილობის თარიღის შესახებ გრიგოლ ფერაძე პროფესორი კორნელი კეკელიძის აზრს არ იზიარებს, რომ პირველად იგი არსენი II-ის მიერ შედგენილი იყო, ხოლო XII საუკუნეში გადაკეთებულ იქმნა, არამედ ამტკიცებს, რომ ეს ძეგლი დავით გარეჯელის ცხორების ცოტა ხნის შემდეგ და შიო მღვიმელის ცხორებაზე უწინარეს არის შედგენილი, რადგან მისი აღმწერელი შიო მღვიმელის ცხორებას არ იცნობსო. შიო მღვიმელის ცხორება ფერაძის აზრით, ალბათ, დავით აღმაშენებლისაგან შიო მღვიმეში ახალი ეკლესიის აგებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული და ამ მეფის მოძღვრის არსენი ბერის მიერ იქმნებოდა დაწერილი, მაგრამ შემდეგში იგი შეცდომით არსენ კათალიკოსად მიუჩნევიათო. მცდარად სთვლის ფერაძე აზრს აბიბოს ნეკრესელის ცხორების უძველეს დროში დაწერილობის შესახებაც. მას, პირიქით, ეს ძეგლი XII საუკუნის დამლევისად მიაჩნია. ფერაძის სიტყვით აბიბოს ნეკრესელის ცხორებაში ისეთი შეუწყნარებელი შეცდომებია და მაზდეიანობის ისეთი უცოდინარობა ჩანს, რომ სრულებით შეუძლებელია ასეთი შეცდომები არსენი I-ს, ასეთ განათლებულ მწერალს მოსვლოდესო. მაზდეიანობის უცოდინარობის დამამტკიცებლად ფერაძე ცხორებაში სპარსელების წინააღმდეგ მოყვანილი კერპთმსახურების ბრალდებას სთვლის. არსენის არ შეიძლება არ სცოდნოდა, რომ მაზდეიანნი კერპთთაყვანისმცემელნი არ იყვნენო. ასურელ მამათა საქართველოში მოსვლის თარიღის გამოსარკვევად ფერაძის აზრით შეიძლება მხოლოდ ანტონ მარტყოფელისა, შიო მღვიმელისა და დავით გარეჯელის ცხორებათა ცნობები იყოს გამოყენებული. სახელდობრ, ანტონის ცხორებაში გამოსადეგი იქმნებოდა იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის მოტანის შესახები ამბავი, რადგან ქ. ედესის გარემოცვის 544 წლის აღწერილობაზე უწინარეს ამ ხატის არსებობის კვალი, როგორც Dobschütz-ს გამორკვეული აქვს, არა ჩანს. მაგრამ ფერაძის სიტყვით, ედესის გარემოცვის ამბავი ცხორების ავტორს მხოლოდ იმ მიზნით აქვს ჩართული, რომ ხელთუქმნელი ხატის შეუმჩნევლად საქართველოში მოტანა დამაჯერებელი გახადოს. ამიტომ ასეთ ცნობაზე დამყარება არ შეიძლებაო. შიო მღვიმელისა და სხვათა ცხორებაში მოხსენებული სვიმეონ მესვეტის თორნეში ჯდომაც არ შეიძლება გამოყენებულ იქმნეს, რადგან თორნეში ჩაჯდომა მესვეტეობას ეწინააღმდეგება და ამიტომ საფიქრებელია, რომ თავდაპირველად ცხორებაში ეწერებოდა "თორნი", თორნში ჩაჯდომაზე იქმნებოდა საუბარი. "თორნი" კი სულხან ორბელიანის განმარტებით1015, რკინის ჯაჭვს ჰნიშნავდაო. რაკი რკინის ჯაჭვებს ბევრი ბერები ატარებდნენ ხოლმე, ამიტომ ასეთი ცნობა დასაჯერებელიაო. იქნებ შიოსა და სხვათა ცხორებაში მოხსენებული სვიმეონ მესვეტე უმცროსი კი არა (გარდ. 596 წ.), არამედ უფროსი (412–422 წ.) იგულისხმება. მაგრამ თარიღის გამოსარკვევად არც ერთი ამ ორთაგანი მეფის შესახები ცნობის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ცხორების ავტორი ხან ერთისა და ხან მეორის შესახებ ლაპარაკობს. ამიტომ ეს ცნობები სანდო არ არისო. ერთადერთ სანდო ქრონოლოგიურ ცნობად ფერაძეს დავით გარეჯელის ცხორების ცნობა მიაჩნია იერუსალემის პატრიარქის ელიას შესახებ. რომელიც ნამდვილი ისტორიული პირი იყო და 496–517 წლები პატრიარქობდაო. ხოლო რაკი ცხორების თანახმად დავით გარეჯელი იერუსალემში სალოცავად საქართველოში კარგა ხნის ყოფნის შემდგომ წასულა, ამიტომ მისი იერუსალემში გამგზავრების თარიღად რომ დაახლოვებით 500 წელს ვივარაუდოთ და საქართველოში უკვე 30–40 წლის განმავლობაში ნამყოფად ვიგულისხმოთ, მაშინ ის საქართველოში V საუკუნის შუაწლებში უნდა იყოს მოსულიო1018. ამგვარად, გრიგოლ ფერაძის რწმენით ასურელი მამები ანტიოქიიდან საქართველოში მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში არიან მოსული. ფერაძეს კორნელი კეკელიძის დებულება ასურელ მამათა მონოფიზიტობაზე მცდარად მიაჩნია და არც ერთ მის საბუთთაგანს დამაჯერებლად არ სთვლის. მკაცრი ასკეტიკური მიმართულება ყველგან იყო და მონოფიზიტობისათვის ეს სრულებით არაფერს დამახასიათებელს არ წარმოადგენს. ის უარჰყოფს კორნელი კეკელიძის ჰიპოთეზს, რომ დავით გარეჯელი 519 – 520 წლებში მონოფიზიტთა დევნილობის გამო გაიქცა იერუსალემში, იქ ან არ შეუშვეს იმიტომ, რომ მონოფიზიტი იყო, ან თითონ ვერ გაბედა დიოფიზიტების შიშით შესვლა. 520 წელს იერუსალემი სწორედ მონოფიზიტების ხელში იყო, რომელთა ჩამოგდებული იყო 516 წელს თვით პატრიარქი ელიაცაო. ფერაძეს ასურელი მამები ქალკიდონიანებად მიაჩნია, რომელთაც საქართველოში მოსვლის დროს მიზნად სამონასტრო მოღვაწეობა და ქართველ წარმართთა მოქცევა უნდა ჰქონოდათო. უარჰყოფს ფერაძე ასურელ მამათა ქართველობის დებულებასაც. თუ კეკელიძეს შიოს შესახები ცნობა, რომ მას ასურული და ბერძნული შესწავლილი ჰქონდა, გამოყენებული აქვს შიოს არა-ასურობისა და, პირიქით, ქართველობის დამამტკიცებელ საბუთად, ამის საწინააღმდეგოდ ფერაძე კითხულობს, რატომ-ღა არის ცხორებაში ნათქვამი, რომ შიომ ქართულის შესწავლას 4 წელიწადი მოანდომა? თუ შიო ქართველი იყო, ქართულის შესწავლა რისთვის მოუხდებოდაო?. ზემომოყვანილი მიმოხილვა, ვგონებ, უნდა ნათელ ჰყოფდეს იმ აზრთა სხვადასხვაობას, რომელიც ასურელ მამათა ვინაობისა, დროისა და მოღვაწეობის შესახებ მკვლევართა შორის სუფევს. სამწუხაროდ, მერმინდელნი წინანდელ მკვლევართა მონაპოვარს სათანადოდ ანგარიშს არ უწევდნენ, ხშირად თითქოს არც კი იციან, რაც სხვათაგან უკვე გამორკვეული იყო, და თავიანთი აზრები სრულებით ახალ დებულებად მიაჩნიათ. მთავარი უბედურება და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი წყაროთა კრიტიკულად შეუსწავლელობაა. მართალია, უკვე თ. ჟორდანიამ გამოარკვია რომ საბინინისაგან გამოცემული ასურელი მამების ცხორების ტექსტებზე უძველესი, ზოგჯერ თვალსაჩინოდ და არსებითადაც განსხვავებული რედაქციები არსებობს, აღნიშნა კიდეც, სად არის ასეთი უძველესი ტექსტები დაცული. კორნელი კეკელიძესაც ეს საკითხი ნაწილობრივ უფრო მეტადაც შესწავლილი და ზოგიერთი გარემოებაც გამორკვეული აქვს, მაგრამ ყველა ასეთ მსჯელობას სათანადო დამაჯერებელი ძალა არ ახლავს, რადგან არც ხელთნაწერთა და რედაქციების საფუძვლიანი კრიტიკული ანალიზის შემცველი მონოგრაფიული გამოკვლევა მოიპოვება, არც თუნდაც საბინინის მსგავსად სხვადასხვა, ან გინდა მხოლოდ უძველეს რედაქციებად მიჩნეულ ცხორებათა ტექსტია დაბეჭდილი. ასეთ პირობებში ისტორიკოსს არავითარი საშუალება არ აბადია, გამოარკვიოს, თუ რამდენად საფუძვლიანია მსჯელობა ამა თუ იმ რედაქციის უძველესობის შესახებ, ან რაზეა ასეთი დასკვნა დამყარებული. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება ადამიანს, თითქოს უძველესობის საკითხი რედაქციის მხოლოდ სიმოკლისა და სიმარტივისდა მიხედვით იყოს გადაწყვეტილი. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მკვლევართ ერთსა და იმავე რედაქციაში ჩანართებისა, დანამატისა და ტექსტის შეცვლილობის საკითხი და შესაძლებლობა თითქმის სრულებით გათვალისწინებული არა აქვთ. ასეთ პირობებში გასაკვირველიც არაფერია, თუ საცილობლად არის ისეთი საკითხიც კი, თუ ასურელ მამათა ცხორებათაგან რომელი უნდა იყოს უძველესი. მაგრამ სანამ ამის განხორციელებას შეუდგებოდა, მეფემ მთელი თავისი ყურადღება საეკლესიო საქმეებს მიაქცია და დიდი ცვლილება მოახდინა, რომლის შესახებაც საუბარი დაწვრილებით ქვემოთ იქნება.

 

ასურელი მამების ცხორებათა დაწერილობის თარიღისათვის

abibos nekreseli

ასურელი მამების ცხორებათაგან უეჭველია უძველესი სახით დაცულად აბიბოს ნეკრესელის ცხორება უნდა ჩაითვალოს. როგორც ამ ძეგლის სათაურიდან ჩანს, აბიბოს ნეკრესელის ცხორება არსენი დიდი კათალიკოსის მიერ არის დაწერილი. მაგრამ ავტორს თავის ნაშრომში მოხსენებული აქვს, რომ მას თავისი თხზულებისათვის უძველესი ცხორებით უსარგებლია. მაშასადამე, არსენი კათალიკოსი აბიბოსის ცხორების გადამკეთებელია. არსენ კათალიკოსს ხაზგასმით აღნიშნული აქვს, რომ აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის პირვანდელ ტექსტში გაცილებით მეტი ცნობები ჰქონია, ვიდრე მას მოუყვანია თავის განახლებულ ცხორებაში: «ამას რა გითხრობ თქუენ ნეტარისა ეპისკოპოზისა აბიბოსსა, არა თუ ყო ველთა საქმეთა და შრომათა და ღუაწლთა მისთა გაუწყებთ ქუენ, ანუ ვითა რიგი დალეწნა კერპნი და უღმრთოთა მათ არწმუნა ქრისტე და ნათელსცა..., ანუ ვითარ დედაკაცსა მას უწინასწარმეტყველა შემდეგ მისს ამოსლვა ბერძენთა და დაპყრობა ქუეყანისა ამის ჩუენისა, რომელიცა იგი იქმნა მსწრაფლ მისვე დედაკაცსა ზედა, მოვიდეს ბერძენნი და განასხნეს უსჯულონი იგი სპარსნი და დაიპყრეს ქუეყანა ესე ჩუენი და იყო ყოველი ივერია ერთ სამეფოდვე და დაიპყრეს ქუეყანაჲ ესე ჩვენი მიერითგან მეფეთა ჩუენთა და იქმნეს მპყრობელ სრულიად საქართველოსა და დაიპყრეს მათ მტკიცედ და სხუანიცა მრავალნი, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას წამებისა მისისას ა»-ო. ამგვარად, არსენი კათალიკოსს ხელთ ჰქონია "წიგნი წამებისა აბიბოს ნეკრესელისაჲ", რომელშიაც აღწერილი ყოფილა აბიბოსის "საქმენი, შრომანი და ღუაწლნი", სხვათა შორის იქ ქართველ წარმართთა შორის მისი მქადაგებლობითი მოღვაწეობა და მათი გაქრისტიანების ამბავი და პოლიტიკური თვისების წინასწარმეტყველებაც ყოფილა, რომელიც ასრულებულა. თუ გავითვალისწინებთ ცხორებათა გადამკეთებლების მუშაობის მაშინდელ წესებს, ცხადი იქნება ჩვენთვის, რომ არსენის ნაწარმოებში მისი წინამორბედის ნაშრომის კვალი მკაფიოდ უნდა მოჩანდეს, იქ მისი თხზულება უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომ არსენი კათალიკოსის აღწერილ ცხორებაში მარტო პირადად მისი მოთხრობა და სტილისტიკა კი არ უნდა იყოს, არამედ მისი წყაროს ნაწყვეტებიც, ზოგჯერ, ალბათ, სიტყვა-სიტყვითი მოთხრობაც და სტილისტიკაც უნდა გვეგულებოდეს. მართლაც, ტერმინოლოგიის მხრივ ერთგვარობა იქ დაცული არ არის. ერთი მხრით, აბიბოს ნეკრესელის გადაკეთებულ ცხორებაში სწერია: «დაეპყრა ქართლი მეფესა და იგინი ჴელმწიფე იყუნე სამას სოფელსა და ბილწსა მას კერპთმსახურებისა ცეცხლისა მის თაყვანისცემასა და მსახურებასა აღასრულებდეს მარადის»-ო1026. შემდეგ აღნიშნულია, რომ «ნეტარი აბიბოს ნეკრესელ ქალაქისა ეპისკოპოსი ჴევსა კახეთისასა» ვერ ითმენდა სპარსელთა მიერ გაბატონებულ ცეცხლთაყვანისმცემლობას და მათ სალოცავს, საგზებელს «დაასხა მცირედ წყალი ხენეში და დაშრიტა იგი». ასეთი საქციელისათვის სპარსელებმა ჯერ მაშინვე ძალზე სცემეს, ხოლო შემდეგ «მისწერეს მსწრაფლ ზენა სოფლად მარზპანსა საქმე ესე», რომელმაც მისი შეპყრობა და თავისთან მიყვანა ბრძანა. ამის თანახმად აბიბოსი ნეკრესიდან რომ მარზპანთან ქართლში მიჰყავდათ, გზად შიომღვიმეს შეუხვევია და აქ საუბრის დროს შიოსთვის უთქვამს: «უსჯულონი ესე სპარსნი განძვინდეს ჩუენ ზედა ამპარტავნებითა თჳსითა, რამეთუ დაიპყრეს სოფელი ესე ჩუენი» და ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელებას ცდილობენო. ბოლოს «მოიყვანეს იგი მარზპანისა მის ზენა-სოფლად ქალაქსა, რომელსა ჰრქჳან რეხი, და შეკრბა მუნ სიმრავლე ეპისკოპოზთა და მღვდელთა და ერისმთავართა და თეატრონი დიდი იქმნა წინაშე მარზპანისაო». მეორე მხრით, ბოლოში ნათქვამია «დაპყრობა ქუეყანსა ამის ჩუენისა», «დაიპყრეს ქუეყანა ესე ჩუენი»-ო. ს. კაკაბაძე ამტკიცებს, რომ სწორედ ასეთი შერეული ტერმინოლოგია უნდა ყოფილიყო VII–VIII საუკუნეში, როდესაც ამ ძეგლის შემდგენელს არსენ კათალიკოსს ვითომც უნდა ეცხოვრა. მაგრამ მარტო ის გარემოებაც, რომ მთელ ცხორებაში "სოფელი-"ა ნახმარი ქუეყნის მნიშვნელობით, ბოლოში კი, სწორედ იქ, სადაც თვით ამ ძეგლის გადამკეთებელი არსენი ლაპარაკობს, იხმარება "ქუეყანა" და "საქართველო", ცხად-ჰყოფს, რომ შერეული ტერმინოლოგია მხოლოდ იმის წყალობით არის გაჩენილი, რომ IX საუკუნის (თუ უფრო მერმინდელს?) მწერალს თავის ნაშრომში თავისი უძველესი წყაროს მოთხრობა, როგორც ჩანს, თითქმის ისევე, რანაირადაც იგი თავდაპირველ ავტორს დაუწერია, ნაწყვეტ-ნაწყვეტად მოუყვანია, ბოლო ნაწილში კი არსენ კათალიკოსს თავისი წყაროს მხოლოდ შინაარსიღა გადმოუცია შემოკლებითა და თავისივე სიტყვებით. ამგვარად, "სოფელი" ქვეყნის მნიშვნელობით არსენი კათალიკოსის ტერმინოლოგიისათვის კი არ არის დამახასიათებელი, არამედ მისი წყარო სენისათვის. აღსანიშნავია, რომ აბიბოს ნეკრესელის ცხორების მერმინდელ გარდანაკეთებში, რომელსაც მ. ჯანაშვილი შეცდომით ყველაზე უძველესად სთვლის, თითქმის ყველგან ტერმინი "სოფელი" "ქვეყანად" არის შეცვლილი. ხოლო უკვე ამ 23 წლის წინათ აღნიშნული მქონდა, რომ ქვეყნის მნიშვნელობა "სოფელ"-ს უძველეს დროიდან VIII საუკუნის დამლევამდე ჰქონდა, შემდეგ კი ამ სიტყვის მაგიერ "ქუეყანა" იხმარებოდა1030. მაშასადამე, ამისდა მიხედვით მარტო იმის თქმა შეიძლება, რომ არსენი კათალიკოსის წყარო IX საუკუნეზე უწინარეს უნდა ყოფილიყო დაწერილი. მისი უფრო ზედმიწევნითი დათარიღებისათვის სხვა გარემოებათა გათვალისწინებაა საჭირო, სახელდობრ მისი შინაარსის დამახასიათებელი თვისებებისაც. ამ მხრივ კი გრიგოლ ფერაძე მას დიდ წუნსა სდებს და მაზდეიანობის უვიცობასაც კი აბრალებს: ცეცხლთაყვანისმცემლობა კერპთაყვანისმცემლობად წარმოუდგენიაო. საქმე ის არის, რომ ცეცხლის, ვითარცა ნივთიერი ბუნების განსახიერების, თაყვანისცემა ქრისტიანებს მაინც კერპთაყვანისმცემლობად მიაჩნდათ, მაინცდამაინც პოლემიკური მიზნით ასე ნათლავდნენ ხოლმე – ჯერ ეს ერთი, ხოლო ის გარემოებაც გათვალისწინებული უნდა გვქონდეს, რომ ასეთი ადგილები თვით არსენი კათალიკოსის ჩანართებსაც შეიძლება, და ვგონებ უნდა, წარმოადგენდეს. IX საუკუნეში კი, რასაკვირველია, მაზდეიანობა უბრალო კერპთაყვანისმცემლობად იყო მიჩნეული, რადგან მაშინ ცეცხლთაყვანისმცემლობის შესახებ უკვე რეალური წარმოდგენა აღარავის ჰქონდა. ასეა თუ ისე, ამ ძეგლში წყაროდ გამოყენებული წამების პირვანდელი წიგნის უძველესობის დასამტკიცებლად, გრიგოლ ფერაძის მტკიცებისდა მიუხედავად, ეს სერიოზულ დამაბრკოლებელ გარემოებად ვერ ჩაითვლება. სამაგიეროდ აბიბოს ნეკრესელის პირვანდელი წამების წიგნის ქრონოლოგიური განსაზღვრისათვის უნდა გამოყენებულ იქმნეს აღმოსავლეთ საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობის სურათი, რადგან მერმინდელ მწერლებს ყველაზე ადვილად ეს ავიწყდებოდათ და სწორედ ასეთ შემთხვევებში მოსდიოდათ ხოლმე შეცდომები. ზემომოყვანილი ამონაწერებიდანაც ჩანს, რომ ავტორის სიტყვით იმ დროს ქართლი სპარსელებს ეპყრათ და ქვეყანას მათი მეფეთა-მეფის მარზპანი განაგებდა. მერმინდელი ისტორიკოსის ჯუანშერის სიტყვით კი ასურელ მამათა მოღვაწეობის დროს აღმოსავლეთ საქართველოში ვითომც ფარსმანი იყო მეფედ. აბიბოს ნეკრესელის ცხორების ზემომოყვანილი ცნობა უეჭველია პირვანდელი წყაროდან ამოღებული უნდა იყოს და მაშინდელი ცხოვრების უტყუარ სურათს წარმოადგენდეს. ამ მხრივ ეს ძეგლი ევსტათე მცხეთელის მარტვილობას ენათესავება იმგვარადვე, როგორც ტერმინოლოგიითაც. თუ ამასთანავე გავითვალისწინებთ, რაც უკვე აკადემიკოს ბროსსესა და პროფესორ კორნელი კეკელიძესაც ჰქონდათ აღნიშნული, რომ აბიბოს ნეკრესელის წინასწარმეტყველება და მისი ახდომა VI საუკუნის დამლევის აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის სრულებით კონკრეტულ შემთხვეულობას ჰგულისხმობს, რომ ამ მცირე ეპიზოდის ცოდნა მხოლოდ თანამედროვეს შეიძლება ჩარჩომოდა მეხსიერებაში, მაშინ გასაკვირველი არ იქნება, თუ დავასკვნით, რომ აბიბოს ნეკრესელის წამების თავდაპირველი წიგნი უნდა ან VI საუკუნის დამლევის, ანდა VII საუკუნის დამდეგის, თუ პირველი ნახევრის ძეგლად ვიგულისხმოთ. მაგრამ გასაოცარია, რომ არც ერთ მკვლევარს არ მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებისათვის, რომ აბიბოს ნეკრესელის ცხორება დანარჩენასურელ მამათა აღმწერელი ძეგლებისაგან სრულებით განსხვავდება, რომ იგი არსებითად ცხორება კი არ არის, არამედ მარტვილობაა. მართალია, არსენი კათალიკოსის სიტყვით მის წყაროს, აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობის აღმწერელ პირვანდელ ძეგლსაც ჰრქმევია "წიგნი წამებისა აბიბოს ნეკრესელისაჲ" ისე, რომ მისი ღვაწლი იმთავითვე მარტვილობის სახით ყოფილა მოთხრობილი. მაგრამ ამ პირვანდელ ძეგლში მოწამებრივი ღვაწლის აღმნუსხველი ამბის გარდა, აბიბოს "საქმენი და შრომანი"-ც ყოფილა მოთხრობილი, მათ შორის მისი მქადაგებლობითი მოღვაწეობა და ამხდარიპოლიტიკური წინასწარმეტყველებაც. ამ უკანასკნელის შესახებ არსენ კათალიკოსს თავის ნაშრომში თავის წყაროდან მოკლე ცნობა მაინც შეუტანია, "საქმენი და შრომანი" კი, მათ შორის ისეთი საყურადღებო და მნიშვნელოვანი ამბავიც, როგორიც მქადაგებლობითი მოღვაწეობისა და წარმართთა მოქცევის აღწერილობაა, სრულებით გამოუტოვებია. მაშასადამე, არსენ კათალიკოსს თავისი წყაროს შინაარსი შეგნებულად შეუვიწროვებია და თავისი ნაშრომისათვის ის წმინდა მარტვილობის თვისება მიუნიჭებია, რომელიც აბიბოს ნეკრესელის მოღვაწეობის აღმწერელ ძეგლს უფრო გარეგნულად და სათაურში ჰქონია, ვიდრე არსებითად და შინაარსით. აქედან ცხადი ხდება, თუ რამდენად მცდარია და თვით არსენი კათალიკოსის მკაფიო ცნობასაც ეწინააღმდეგება კორნელი კეკელიძის დებულება, თითქოს არსენი კათალიკოსის მთელი მუშაობა აბიბოს ნეკრესელის ძველი მარტვილობისათვის მხოლოდ თავისი პროლოგისა და ეპილოგისა, შესავალისა და ბოლოსიტყვაობის დართვით და აპოლოგეტური ჩანართით ამოიწურებოდეს. იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა, დავით გარეჯელისა და სხვების ცხოვრებათა უძველეს რედაქციებად მიჩნეული ტექსტების გამოუცემლობის გამო, არაფრის თქმა არ შეიძლება, თუ რამდენად სწორია თ. ჟორდანიასი და კორნელი კეკელიძის აზრი მათი უძველესობის შესახებ, ან რით გამოიხატება მათი ასეთი თვისება, ან რამდენად უკეთესად არის იქ ამ მამათა პირვანდელ ცხორებათაგან ამოღებული ცნობები დაცული. ამის გამო ანალიზი და მსჯელობა უნებლიეთ ჯერჯერობით საბინინისაგან გამოცემულ რედაქციებზე უნდა იყოს დამყარებული. რამდენად სიფრთხილე ჰმართებს მკვლევარს ასეთი ძეგლების დათარიღების დროს, დავით გარეჯელის მეტაფრასტული ცხორებითაც შეიძლება ცხადყოფილ იქმნეს. კორნელი კეკელიძის აზრით იგი პეტრიწონული სალიტერატურო სკოლის უცნობი მწერლის შეთხზული უნდა იყოს, ე. ი. XI– XII საუკუნეების ძეგლია. გრიგოლ ფერაძესაც, რომელიც ამ ცხორებას დანარჩენებში უძველესად სთვლის, XII საუკუნის ნაწარმოებად მიაჩნია. მისი უცნობი შემდგენელი იმ პირს, რომლის დავალებითაც თხზულების წერას შესდგომია, მაინც ასახელებს და მისი ვინაობის გამორკვევა თვით ამ ძეგლის დათარიღებას გაგვიადვილებდა. დავით გარეჯელის ცხორების გადამკაზმველს თავისი ნაშრომის შესავალში ნათქვამი აქვს: «მინდობილმან ლოცუათა სულთა მწყემსისა ონოფრესათა, რომლისა იძულებითა ხელ-ვჰყავ აღწერად წინამდებარისა ამის მოთხრობისა»-ო. რაკი ამ ძეგლის ავტორი, რომელიც თავის ნაწარმოებს უცნაურად "ცხორების" მაგიერ "მოთხრობა"-ს უწოდებს, დავით გარეჯელის ცხორების აღწერის მაიძულებლად ონოფრეს ასახელებს და ასეთი იძულება კი დავით გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთი მოძღვრისაგან არის, ჩვეულებისაებრ, უფრო მოსალოდნელი და ეს ონოფრე გარეჯელად არის საგულისხმებელი, ამიტომ თავისდათავად იბადება საკითხი, ეს ონოფრე სწორედ ის ონოფრე მაჭუტაძე, ამ უდაბნოს განმაახლებელი წინამძღვარი ხომ არ არის, რომლის 1712 წლის გუჯარმაც ჩვენამდის მოაღწია. ამის გადასაწყვეტად, რასაკვირველია, დავით გარეჯელის ცხორებათა რედაქციების, – რომელთაგან ზოგი თ. ჟორდანიას სიტყვით უფრო ძველია და XII–XIII საუკუნის ხელთნაწერშია დაცული1033, ზოგი უფრო მერმინდელია, – შედარებითი შესწავლაა საჭირო. მაგრამ თვით ონოფრე მაჭუტაძის 1712 წელს დაწერილი გუჯრიდანაც ჩანს, რომ მას გარეჯის უდაბნოს განახლების დროს ამ სავანის ხელთნაწერებით უზრუნველყოფისათვისაც მიუქცევია ყურადღება. მისგან შეძენილ წიგნთა შორის ამ საბუთში მას მოხსენებული აქვს "სვეტის ცხოვლის, ცხოვრება წმიდის ნინოსი, იოვანე ზედაზადენელისა, წმიდის დავითისა და წმიდის შიოსი ყველა თავიანთ საგალობელ-სახარება-სამოციქულოთი"-ო. ამ ძეგლის გამომცემელს თ. ჟორდანიას აღნიშნული აქვს, რომ ეს ხელთნაწერი ამჟამად არის "დაცული საეკლესიო მუზეუმში". როგორც ეტყობა, ასეთ ხელთნაწერად მას უნდა ტ. ს. უ. (წინათ საეკლესიო მუზეუმის) ხელთნაწერები №199 და №707 ჰქონდეს ნაგულისხმევი, მაგრამ თუ რამდენად სწორია ეს აზრი, ძნელი სათქმელია. ამ ხელთნაწერის გარდა, ონოფრეს დასახელებული აქვს კიდევ "წიგნი სწავლისა, თავს წმიდის დავითის ცხოვრება და საგაობელი უწერია"-ო. უფრო მნიშვნელოვანია, რაც საეკლესიო მუზეუმის 1699 წელს ხელთნაწერის გადამწერის ანდერძშია ნათქვამი. «მრავალჟამიერ ყავ უფ[ალო] მამა ჩუენი ონოფრე მაჭუტაძე, რომლისა ნებითა და ბრძანებითა აღიწერა წმ. ესე მეტაფრასი სუეტისა ცხოველისა, წ´ისა ნინოს ცხოვრება და წ´თა მამათა ჩ´თა იოანე ზედაზნელისა, შიო მღვიმელისა და წ´ისა მამისა ჩ´ნისა დავითისი: ქ´კსა: ტპზ (=1699 წ.) მეფობასა ირაკლისა»-ო. ამ ცნობების გათვალისწინების შემდგომ შესაძლებელია დაიბადოს გრძნობა, რომ დავით გარეჯელის ცხორების უცნობი განმაახლებელის სულთამწყემსი ონოფრე ეგების სწორედ წინამძღვარი ონოფრე მაჭუტაძე იყოს. თუ ხელთნაწერთა გულდასმითი შესწავლითაც ეს აზრი გამართლდა, მაშინ, რასაკვირველია, მისი პეტრიწონის სკოლისეულად მიჩნევა არ შეიძლება. ამგვრად, საკითხი ცხორებათა რედაქციების შედარებითი სიძველის შესახებ ჯერ კიდევ გამოსარკვევია: ამისათვის სპეციალური მონოგრაფიაა საჭირო. საბინინისაგან გამოქვეყნებული ტექსტების მიხედვით იმის გამორკვევა, თუ რამდენად ძველი იყო ამ ასურელ მამათა ის პირვანდელი ცხორებანი, რომელნიც მათ გადამკეთებლებს წყაროდ ხელთ ჰქონიათ, შეუძლებელია, რადგან იქ ენას არ ემჩნევა ტერმინოლოგიის არქაულობა, რომელიც აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებაში ასე კარგად არის დაცული. მაგრამ შესაძლებელია ეს გარემოება იმითაც აიხსნებოდეს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ამ ცხორებათა მეორად გარდანაკეთებებთან გვაქვს საქმე და ასეთ პირობებში უძველესი წყაროს ტექსტის სტილისტიკისა და ტერმინოლოგიის დაცულობა, რასაკვირველია, ძნელი მოსალოდნელია. როგორც ზევით აღნიშნული გვქონდა, თვით აბიბოს ნეკრესელის ცხორების მერმინდელ გარდანაკეთებშიაც არსენი კათალიკოსის ნაშრომში შერჩენილი ძველი ტერმინოლოგიის ყოველივე კვალი ამნაირადვე გამქრალია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეორედ გადაკაზმულ თხზულებებში დაცული ცნობების მიხედვითაც მაინც ირკვევა, რომ ასურელ მამათა პირვანდელი ცხორებანი ერთი და იმავე ხანის ნაწარმოებები არ უნდა ყოფილიყვნენ. ამის გამორკვევის საშუალებას ჩვენ იმ გარემოების გათვალისწინება გვაძლევს, თუ სახელდობრ რომელ ამ წყაროთაგანს ჰქონია ასურელ მამათა ვინაობის შესახებ ზედმიწევნითი ცნობები. ამ მხრივ ამ ძეგლებში მეტად საგულისხმო ცნობები მოიპოვება. იოანე ზედაზნელის ცხორების გადამკეთებელს მაგ. აღნიშნული აქვს, რომ ამ მოღვაწის ჩამომავლობაზე მკაფიო და ზედმიწევნითი ცნობები არც თავდაპირველ ბიოგრაფიაში ყოფილა: «უმახლობელესი ადგილი და გამომღებელი დაბაჲ და სახელისა მისისა წოდებაჲ უცნაურ ას ჩუენგან და არცაღა მშობელთა მისთა ვინაობაჲ და რომელობა სახელისა გვისწავიეს, თუ ვიეთნი იყუნეს და რომელთაგან შთამომავალი. გარნა მხოლოდ ესე მოცემულ არს უწინარესვე აღმწერელთაგან ცხორებისა მისისათა, ვითარმედ ქუეყანით შუამდინარით მოაქუნდა ჴორციელი ნათესაობაჲ მახლობელად ანტიოქიასა მყოფისა რომელისამე დაბისაგან, აქა შინა წილხდომილისა შობისა და აღზრდისა და სწავლათა მიერ და საღმრთოთა მოძღვრებათა სისრულედ ჰასაკისა აღწევნილისა»-ო. გადამკეთებლის ამ განცხადებიდან ჩანს, რომ იოანე ზედაზნელის ცხორებას არა ერთი უწინარესი აღმწერელი ჰყოლია ("აღმწერელთაგან") და თუმცა ამ უწინარეს ძეგლებს ის საჭირო ცნობების სიმცირეს უსაყვედურებს, მაგრამ, როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, იქ მაინც აღნიშნული ყოფილა იოანე ზედაზნელის დაბადების და აღზრდილობის ადგილი (ანტიოქიის მახლობლად მდებარე დაბა). ცხორების გადამკეთებელი ამ უძველეს წყაროებს წუნსა სდებს, რომ ამ დაბის სახელი და მდებარეობა ზედმიწევნით აღნიშნული არა ჰქონიათ და არც იოანე ზედაზნელის მშობელთა ვინაობასა და წოდებრივობაზე ყოფილა მათ ნაშრომში რაიმე ნათქვამი. შესაძლებელია, რომ ზედმიწევნითი ცნობების უქონლობა იმის შედეგი იყოს, რომ იოანე ზედაზნელის ამ მეტაფრასტული ცხორების შემდგენელი ამ მამის თავდაპირველი ცხორებით კი არ სარგებლობდა, არამედ უკვე გადაკეთებული რედაქცია ჰქონდა ხელთ. ამას შიო მღვიმელის ცხორების მაგალითი გვაფიქრებინებს. შიო მღვიმელის ცხორების გადამკეთებელს ხელთ იოანე ზედაზნელის უფრო ადრინდელი ცხორება ჰქონია: სასწაულთმოქმედების შესახები ცნობების დასამტკიცებლად მას ნათქვამი აქვს, «ვითარცა წერილ არს ვრცელს შინა ცხორებასა ნეტარისა იოანესსა»-ო. ასეთ წყაროზე დამყარებული ცხორების მიხედვით ავტორს მოთხრობილი აქვს, რომ «შიო იყო ქუეყანით ასურეთისათ --- ქალაქით ანტოქიაჲთ --- მშობელთა ღმრთის მსახურთა და აზნაურთა შჳლი». იგი ერთადერთი შთამომავალი ყოფილა, რადგან «არა ესუა მათ შჳლი სხუა გარნა ნეტარი შიო»1040. ამას გარდა შიოს ცხორების გადამკეთებელმა მისი აღზრდისა და ჭაბუკობის, ბერად შედგომისა და გამომგზავრების ამბებიც საკმაოდ დაწვრილებით იცის. თუ იმ იოანე ზედაზნელის ძველ ვრცელ ცხორებაში შიო მღვიმელზე ასეთი დაწვრილებითი ცნობები ყოფილა, მითუმეტეს ვრცელი და ზედმიწევნითი უნდა ყოფილიყო ამ ნაწარმოების მთავარი გმირის და შიო მღვიმელის მასწავლებელის იოანე ზედაზნელის ცხორების აღწერილობა. მაგრამ ეტყობა მერმინდელ გადამკეთებელს ასეთი ნიშანდობლივი ცნობები გამოუტოვებია. ეს პირვანდელი ცხორება ენითაც უძველესი ხანის თვისებების მქონებელი ჩანს, რადგან აქაც გეოგრაფიულ ტერმინად აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის მსგავსად "ზენა-სოფელი"-ა ნახმარი ("გავიდოდა ზენა სოფლამდე"). გაცილებით უფრო უარეს მდგომარეობაში ყოფილა დავით გარეჯელის ცხორების გადამკეთებელი. მას თავის წყაროში ვერ ამოუკითხავს ამ მამის ვინაობის გამოსარკვევად საჭირო ცნობები. სახელდობრ, დავით გარეჯელის ცხორების გადამკაზმველი აცხადებს, რომ «დაბადება და მშობელნი წმიდისა და ღირსისა ამის, ჩემ მიერ უცნაურ იქმნა, თუ რომელთა მიერიშუა და აღიზარდა ხორციელად, რამეთუ არღაცა თუ პირუელითგანვე აღმწერელსა ცხორებისა მისისასა დაეტევა აღწერით ვინაობა და ვიეთთაგან ყოფა ამის წმიდისა, ვინაჲთგან მოქალაქობათა და შრომათა... სასწაულთა და ნიშთა მხოლოდ სასწრაფო იყო მისსა მოთხრობად, ხოლო სხუანი ყოველთანი, ვითარ ნამეტნავნი, დაეტევნეს»-ო. მაგრამ მსჯელობის დროს აქაც სიფრთხილე გვმართებს, რადგან ონოფრეს თაოსნობით ეს გადაკეთებული ცხორება შესაძლებელია და საფიქრებელიც, რომ XVII საუკუნის დამლევის ნაწარმოები იყოს და მის ავტორს წყაროდ დავით გარეჯელის თავდაპირველი კი არა, არამედ მერმინდელი, ეგების უკვე არაერთხელ გადამუშავებული ცხორება ჰქონდეს. ამგვარად ირკვევა, რომ ასურელ მამათა ცხორებათა პირველადი რედაქციების თვისებების დაფასებისათვის საბინინისაგან გამოქვეყნებულზე უფრო ადრინდელ გარდანაკეთებ ცხორებათა შესწავლა და გამოქვეყნებაა საჭირო. მაგრამ იმდენად, რამდენადაც აწ არსებული მასალების მიხედვით მსჯელობა შესაძლებელია, ასურელ მამათა ცხორებათა პირვანდელი შინაარსი მხოლოდ ნაწილობრივ და შედარებით ყველაზე უკეთესად აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებაშია დაცული. შემდეგ ღირსებით იოანე ზედაზნელისა და მისი მოწაფეების ის ძველი და ვრცელი ცხორება მისდევს, რომლითაც შიო მღვიმელის ცხორების შემდგენელს უსარგებლია. შიო მღვიმელის ამ გადაკეთებულ ცხორებას არ ემჩნევა ენის ისეთი ნიშანდობლივი თვისებები, რომელიც აბიბოს ნეკრესელის IX საუკუნის ცხორებას შედარებით ასე კარგად აქვს შენარჩუნებული. მაგრამ შიო მღვიმელის ცხორებიდან ზემო მოყვანილი არქაული ტერმინოლოგიის მაგალითი თითქოს მკვლევარს უფლებას აძლევსიოანე ზედაზნელის ცხორების ვრცელი რედაქციაც უძველეს და პირველად ძეგლად მიიჩნიოს.

 

1 2

 


megobari saitebi

   

01.10.2014