X-XI საუკუნის რამოდენიმე ჭედური ხატის აღდგენის საკითხისათვის

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფონდებში ინახება ხის ყუთი, რომელშიაც მოთავსებული იყო ქართული ოქრომჭედლობის ძეგლთა ფრაგმენტები.
მუზეუმის საარქივო მასალებში დაცული აქტის მიხედვით, ეს ყუთი მუზეუმს 1934 წლის 9 თებერვალს გადაეცა ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით. ყუთში, როგორც აქტშია აღნიშნული, ინახება „ბოროტგანზრახველების მიერ პროვინციის დაცარიელებულ ეკლესიებიდან გატაცებული ჭედური ხატებიდან ანაძრობი ვერცხლეულობა“.
მუზეუმის სააღრიცხვო ჟურნალში ეს ფრაგმენტები იმავე წელსაა გატარებული და აღნიშნულია, რომ ისინი XIII – XVII საუკუნის ქართული ჭედური ხატების ნაწილებია.
30 -იან წლებში საქართველოს არაერთი ეკლესია გაიძარცვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებით მდიდარი ეკლესიები ზემო და ქვემო სვანეთში, რის შედეგადაც მრავალი ძეგლი დღემდე უცნობი დარჩა მეცნიერებისათვის, ზოგიერთ მათგანს კი უმნიშვნელო ფრაგმენტები, ან ფოტოსურათებიღა შემოგვრჩა.ასე დაიღუპა ჩუკულის, საშაშის, საყდრის, თეკალის ღვთისმშობლის ხატები, იენაშის მთავარანგელოზის ხატი, საწინამძღვრო ჯვრები ჩაჟაშის ეკლესიიდან; თითქმის მთლიანად დაიღუპა ფხოტრერისა და უშგულის ზოგიერთი ეკლესიის ნივთები. საბოლოოდ დაზიანდა და ფრაგმენტების სახით შემოგვრჩა მრავალი ხატი და საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი.
როგორც გიორგი ჩუბინაშვილი აღნიშნავდა თავის ერთ-ერთ წერილში, რომელიც მიეძღვნა სვანეთში შემონახულ სიძველეთა დაცვის საკითხს, ამ პერიოდში გამოჩნდნენ ისეთი „ვაჟკაცები“, რომელიც არაფრად უღირდათ საეკლესიო ნივთების, ქართული ოქრომჭედლობის უძველესი ნიმუშების ეგრეთ წოდებული „ტორგსინებში“ ჩაბარება. როგორც მკვლევარი აღნიშნავს, „მათი აზრით, ეს იყო რელიგიის წინააღმდეგ  ბრძოლის აქტიური გამოვლინება, ამიტომ მათ არც სასჯელისა ეშინოდათ“. სწორედ ამ გზით მოხვდა სხვადასხვა ეკლესიებიდან გაძარცული ნივთების ერთი ნაწილი „ტორქსინში“, რომელიც საბოლოოდ დაღუპვას გადაარჩინეს იმ დროს, ქუთაისის მუზეუმის ი. კობახიძემ და მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელმა ტრიფონ ჯაფარიძემ. მხოლოდ მათი აქტიური ჩარევის შედეგი იყო, რომ ეს ნივთები მუზეუმს გადაეცა.
ყუთი დიდხანს ხელუხლებლად ინახებოდა მუზეუმის ფონდებში. 1964 წელს საშუალება მომეცა ამ ფრაგმენტების დეტალური დათვალიერებისა, ხოლო მოგვიანებით მათი დამუშავებისაც.
ყუთში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით სხვადასხვა ხატის ნაწილები. მაგრამ ხატებიდან დაუნდობლად აგლეჯილი მოჭედილობა იმდენად იყო დაზიანებული, რომ ზოგიერთ მათგანზე კომპოზიციის ამოკითხვაც კი ძნელდებოდა. ფრაგმენტთა უმეტესობა დაკეცილი, დაჭეჭყილი, ბევრ ადგილას გატეხილიც კი იყო. ლითონზე თვალსაჩინო ბზარებია გაჩენილი. ზოგან ლითონი საგანგებოდაცაა ამოტეხილი. განსაკუთვრებით დაზიანებული იყო გამოსახულებების სახეები, თავები. ზოგი იმდენად იყო დაზიანებული, რომ შეუძლებელი იყო რაიმეს გარჩევა. ფრაგმენტებს შორის ბევრი ისეთი ნატეხებიცაა, რომელთა აღდგენაც შეუძლებელია.
ყოველ ფრაგმენტის დეტალურმა შესწავლამ საშუალება მოგვცა დაგვეჯგუფებინა ისინი გარკვეული ძეგლებისდა მიხედვით. ასე მაგალითად, ფრაგმენტების ერთი ჯგუფი ჩვენ მივიჩნიეთ ერთი ხატის ნაწილად - ამაზე მიგვითითებდა ერთი და იგივე მასალა - ვერცხლის სისქე, მათი ნაწილობრივი დაფერვა, ოქროს ტონი, მასთან ერთად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო დაგვედგინა დაზიანებულ ფრაგმენტებზე, მსგავსი მხატვრული გადაწყვეტა და ტექნიკური დამუშავების მხარე - ფორმათა მოცულობითი გადმოცემის ხასიათი (ერთიანი მთლიანი მოცულობის სახით) და აგრეთვე ცალკეული დეტალებიც - დიდი ზომის შარავანდები, შუაში ჩაზნექილი, რელიეფური წერტილებით გარშემოვლებული, გამოსახულებების გარშემომსაზღვრელი რელიეფური, დანაწევრებული ხაზები და სხვა, რაც მოგვიანებით რესტავრაციის შემდეგაც დადასტურდა. დაჯგუფებული ფრაგმენტებიდან ჩვენ გამოვყავით რამდენიმე ჯგუფი, რომლებმაც თავიდანვე მიიპყრო ჩვენი ყურადღება თავისი მხატვრული ღირებულებით, და როგორც ვფიქრობდით, ქართული ოქრომჭედლობის განვითარების გარკვეული ეტაპის მნიშვნელოვანი ძეგლები უნდა ყოფილიყო.
რესტავრაციის წინ, პირველყოვლისა ადგილზე ჩვენს მიერ ჩატარდა ფოტო ფიქსაცია. გადავიღეთ ცალ-ცალკე ყველა ფრაგმენტის ფოტოსურათი, შემდეგ თანდათან დიდი სიფრთხილით დავიწყეთ მათი გასწორება და თავდაპირველი რელიეფის აღდგენა. პარალელურად ხდებოდა სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავებაც. როდესაც საბოლოოდ აღდგენილი იქნა ყველა ფრაგმენტი, უკვე შესაძლებელი შეიქმნა კომპოზიციის საბოლოო დადგენაში დიდი დახმარება გაგვიწია გასული საუკუნის ფოტოსურათებმა და ლიტერატურაში შემორჩენილმა აღწერებმა.
საბოლოოდ დადგინდა, რომ აღდგენილ ფრაგმენტთა უმეტესობა ქვემო სვანეთის, ჩუკულის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიის საგანძურს წარმოადგენდა, ხოლო ერთი ხატი ჯახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესიიდან იყო. ამას კიდევ ადასტურებდა ის ცნობილი ფაქტიც, რომ სწორედ ამ წლებში იყო გაძარცული ჩუკულისა და ჯახუნდერის ეკლესიები.
საბოლოოდ დავადგინეთ, რომ ფრაგმენტების ერთი ნაწილი ჩუკულის ღვთისმშობლის ტრიპტიქონს ეკუთვნოდა. ჩვენ ხელთ გვქონდა დ. ერმაკოვის მიერ გადაღებული ორი ფოტოსურათი, ერთი გადაღებული იყო 1876 წელს, ხოლო მეორე 1910 წელს, როდესაც მან ე.თაყაიშვილთან  ერთად იმოგზაურა სვანეთში. ფოტოების შედარება საშუალებას გვაძლევს  დავასკვნათ, რომ 1910 წლისთვის კარების მოჭედილობა ახალ ფიცარზეა გადატანილი. ფიცარი განიერია ვიდრე თვით მოჭედილობა, ზემოთ, ცენტრალური ნაწილის სამკუთხედ ჩარჩოს, პატარა ნაწილიც აკლია, თვით კარებიც სხვადასხვაგვარადაა დამაგრებული. ფოტოსურათების საშუალებით, კარედის კომპოზიცია შემდეგი სახით წარმოგვიდგება: ტრიპტიქონის ცენტრალურ ნაწილზე, თაღის ქვეშ, წარმოდგენილია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობელი (ტახტზე მჯდომარე, რომელსაც მუხლებზე ყრმა ქრისტე უზის). მის ორივე მხარეს მოციქულებია სრული ტანით გამოსახული - მარცხნივ წმინდა პეტრე, რომელსაც მარცხენა ხელში წიგნი უჭირავს, მარჯვენა კურთხევის ნიშნად აქვს აღმართული, მარჯვნივ - წმინდა პავლე, წიგნით ხელში. მათ ზემოთ, ფრენის პოზაში, მთავარანგელოზებია გამოსახული: მარცხნივ - მიქელი, მარჯვნივ - გაბრიელი. ორივეს ახლავთ გამოსახულების განმარტებითი ასომთავრული წარწერა. მთელი ეს კომპოზიცია ჩაწერილია თაღოვან მოხაზულობაში. თაღის ზემოთ, სადა ფონზე, ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: „წმინდაო ღმრთის მშობელო, შეიწყალე ესე სოფელი აზნაური დიდი და მცირე“. წარწერიდან ვგებულობთ, რომ ტრიპტიქონი შეწირულია სოფლის უბრალო მოსახლეობის მიერ.

RvTismSoblis karedis xatis kari, wm. giorgi, restavraciamde X saukune restavraciis Semdeg

კარებზე წმინდა მეომრებია გამოსახული სრული ტანით, ფრონტალურად: მარცხნივ წმინდა გიორგი, მარჯვნივ - წმინდა თევდორე. ორივე გამოსახულება მხატვრულად დამუშავებული თაღის ქვეშაა გამოსახული. მათ მარჯვენა ხელში შუბი უჭირავთ, მარცხენაში - ფარი. ორივე პარადულ, მეომრის ტანსაცმელშია გამოწყობილი, წელზე ხმალი აქვთ შემორტყმული. მათაც ასომთავრული, განმარტებითი წარწერები ახლავთ.
ცენტრალურ ნაწილს, ზემოთ სამკუთხედის ფორმის, ხოლო ქვემოთ ჰორიზონტალური განიერი ზოლის სახით, ჩარჩო დაუყვება. ეს ნაწილები დაწნეხვითაა შესრულებული. ზემოთ, ცენტრში ჯვარია გამოსახული, გარშემო ორნამენტული ჩარჩოთი შემოსაზღვრული. იგივე ორნამენტი მეორდება ცენტრალური ნაწილის დაფერდებულ ზოლზედაც.
ქვედა ზოლზე, ცენტრში, მცირე ზომის, ქრისტეს მთლიანი ფიგურაა კურთხევის პოზაში გამოსახული. მის ორივე მხარეს ჯვარცმაა მოცემული (განმეორებულია ერთი და იგივე შტამპი), კიდეებში  მედალიონებია ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულებით.
ამრიგად, ჩვენ აქ გვაქვს ცნობილი კომპოზიცია - ღვთისმშობელი მოციქულებითა და წმინდა მეომრებით. მსგავსი კომპოზიცია გვხვდება ჩიხარეშისა და ჯახუნდერის ტრიპტიქონებზედაც.
ამ სახით ნახეს ჩუკულის ტრიპტიქონი გასული საუკუნის ბოლოში პ.უვაროვამ და 1910 წელს ე.თაყაიშვილმა, აღწერეს და დაათარიღეს კიდეც XVI-XVII საუკუნის პ. უვაროვამ იგი ამ პერიოდის ტიპიურ ნიმუშადაც კი მიიჩნია.
მიუხედავად იმისა, რომ გ. ჩუბინაშვილმა კარედი მხოლოდ ფოტოსურათით ნახა,მის მოჭედილობაში მან ხაზი გაუსვა ადრე შუასაუკუნეებისათვის, კერძოდ სკულპტურობის ადრეულ პერიოდისათვის დამახასიათებელ დამუშავების ხასიათს და ძეგლი ზუსტად დაათარიღა X საუკუნით, რაც ფრაგმენტების რესტავრაციითაც დადასტურდა. გ. ჩუბინაშვილის მიერ ჩუკულის ტრიპტიქონის ზუსტმა დათარიღებამ დიდი დახმარება გაგვიწია ძეგლის რესტავრაციის დროს. ჩვენთვის უკვე ნათელი იყო განვითარების რომელ პერიოდიდან გვქონდა საქმე, რაც აუცილებელი იყო გამოსახულებათა რელიეფურობის აღდგენისათვის.

აღდგენილი ფრაგმენტებიდან მთლიანად კომპოზიციის აღდგენა ვერ მოხერხდა, რადგან კარედის ცენტრალური არის მნიშვნელოვანი ნაწილი დაღუპულია. მთლიანად შემოგვრჩა მხოლოდ მარცხენა კარი, ცენტრალური ნაწილის თავისა და ქვედა ნაწილის მოჭედილობა. ცენტრალური ნაწილიდან კი შემოგვრჩა მხოლოდ პეტრეს გამოსახულება (თავი დაზიანებულია), ღვთისმშობლის სახის ნაწილი და სადა ფონის პატარა ნაწილი. მიუხედავად ამისა, აღდგენილი ფრაგმენტები საშუალებას იძლევა თვალნათლივ დავინახოთ ძეგლის შესრულების ხასიათი, მისი მხატვრული ღირებულება.

wyvili mTavarangelozis xati, restavraciamde, XI saukune restaveraciis Semdeg

ფიგურები მოცემულია ერთი მთლიანი მოცულობითი მასის სახით, მრგვალი რელიეფური თავები, ფიგურების არარეალური დგომა - განზე შეტრიალებული ფეხებით, ყველაფერი ნათლად მეტყველებს ადრეულ ხანაზე, სკულპტურული ამოცანების გადაწყვეტის თავდაპირველ ეტაპზე. ამავე ხანაზე მიუთითებს ნაწარმოების დეკორატიული გადაწყვეტაც - ფიგურები მოთავსებულია მხატვრულად დამუშავებული არკატურის ქვეშ, დეკორატიულია ტანსაცმლის ნაოჭების განლაგება, მათი დინება, რაც მართალია ადრეულ ხანისათვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ამ პერიოდში კვლავ განაგრძობს განვითარებას. მსგავს მიდგომას ვხვდებით X საუკუნე სხვა ძეგლებზეც (ბედიის ოქროს ბარძიმი).
კარედის კარებზე მოცემული წმინდა მეომრის გამოსახულებანი ახლო ანალოგიას პოულობს ბრავალძალის წმინდა მეომრების გამოსახულებებთან. მსგავსია ფიგურის მოცულობითი ფორმების გადმოცემის ხასიათი, მათი პოზა, ფიგურის არარეალური დგომა, ტანსაცმლის, შუბისა და ფარის დამუშავება მიიჩნია ერთი სახელოსნოს პროდუქციად, უფრო მეტიც ერთი და იგივე ხელოსნის ნამუშევრად, რომელიც კიდევ ერთხელ დასტურდება წარწერების ასოთა მოხაზულობის მსგავსებითაც.
ამრიგად, ისტორიული თვალსაზრისით, ჩუკულის კარედი ხატი X საუკუნის ერთერთი საინტერესო ძეგლია. იგი საქართველოში სკულპტურულ-შემოქმედებითი ძიების საწყისი ეტაპის დამახასიათებელი  ნიმუშია და საინტერესოა პლასტიკური ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისითაც.
ბრავალძალის წმინდა გიორგისა და თევდორეს ხატები, ღვთისმშობლის კარედი ხატები ჩუკულიდან, ჩიხარეშიდან და ჯახუნდერიდან ავსებენ ადრეულ ეპოქის სკულპტურული შემოქმედების სურათს და კვლავ ერთხელ ადასტურებს X საუკუნით დათარიღებულ ძეგლთა თარიღებს. ამასთანავე, ჩუკულის ტრიპტიქონის დეტალური შესწავლა საშუალებას იძლევა მისი შემსრულებელი ოსტატის სხვა ნამუშევრების დადგენასაც, მასთან ერთად შუქი ეფინება საქართველოს, კერძოდ, სვანეთის ერთ-ერთი სახელოსნოს გამოვლენის საკითხსაც.
ამდენად ჩუკულის ტრიპტიქონის ფრაგმენტების აღდგენას გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული ჭედური ხელოვნების ისტორიისათვის და მისი აღდგენით ქართულ ოქრომჭედლობას კიდევ ერთი საინტერესო ძეგლი შეემატა.
გაცილებით რთული იყო აღსადგენად ვერცხლის ფირფიტა მაცხოვრის გამოსახულებით. იგი ყველაზე მეტად იყო დაზიანებული და გამოსახულების დადგენა მხოლოდ ბერძნული წარწერის საშუალებით ხერხდებოდა. რესტავრაციამდე მისი სიგრძე 29 სანტიმეტრს ხოლო გასწორების შემდეგ ფირფიტის ზომა 34,5 სანტიმეტრია. განსაკუთრებით დაზიანებული იყო გამოსახულების სახე. მხოლოდ გასწორების შემდეგ შესაძლებელი შეიქმნა  კომპოზიციის დადგენა  და სრული წარმოდგენა შეგვექმნა ძეგლის მხატვრულ გადაწყვეტაზე.

macxovris xati jaxunderidan, restavraciamde, X saukune restavraciis Semdeg

მაცხოვარი გამოსახულია ტახტზე მჯდომარე. მას ხელში გაშლილი სახარება უჭირავს, რომელზეც ასომთავრული წარწერაა მოთავსებული: „მე ვარ ნათელი სოფლისა“, მარჯვენა კურთხევის ნიშნად აქვს  დიდი ზომის ჯვრული შარავანდი ორნამენტის ცალკეული მოტივებითაა შემკული. თავთით დიდი ზომის ბერძნული წარწერაა - IGXC მთელი ფონი წრეში მოთავსებული ორნამენტები მოტივითაა შემკული.
როგორც  შემდეგ დავადგინეთ ხატი ჯახუნდერის წმ. გორგის ეკლესიის საგანძური ორნამენტით შემკულ ჩარჩოზე მედალიონებია ჩართული წმინდათა გამოსახულებებით. ფრაგმენტებს შორის ჩარჩოს მოჭედილობა არ აღმოაჩნდა.
დ. ერმაკოვის მიერ გადაღებული ხატის ფოტოსურათი გამოქვეყნებული აქვს პ. უვაროვას. რაც შეეხება ხატის მხატვრულ მხარეს პ. ივაროვა კმაყოფილდება მხოლოდ რამდენიმე სიტყვით. იგი მას მიიჩნევს მახინჯ გამოსახულებად, რომელმაც ძლიერ განიცადა აღმოსავლური გავლენა და ათარიღებს ხატს XV საუკუნით.
ხატს იხსენიებს თავის აღწერაში ე. თაყაიშვილიც, რომელიც ასევე მოკლე აღწერას იძლევა და ხატის თარიღად XVI საუკუნე მიაჩნია.
ქრისტეს ფიგურა გადმოცემულია ზოგადად მოცულობით ფორმებით. ოსტატი ჯერ კიდევ არ არის დაუფლებული ადამიანის სწორ, პროპორციულ აგებას. ოსტატმა ჯდომის მომენტიც სწორად ვერ გამოხატა. ქრისტე დგას და არა ზის, პირობითია თვით ეს დგომაც, რაც ხაზგასმულია გვერდზე შებრუნებული ფეხების გადმოცემით. ასეთივე პირობით გადაწყვეტას ვხვდებით ზემო სვანეთის კალას, ლაგურკის ეკლესიის ღვთისმშობლის ხატზეცდაც. ასევე არასწორადაა გამოხატული კურთხევის ჟესტის გადმოცემისას გადიდებული ხელის მტევნის თითები, ასეთი კურთხევის ჟესტი მოგვაგონებს X საუკუნის საღოლაშენის მიტრის ლორფინზე გამოსახული ქრისტეს მაკურთხეველი მარჯვენას. ტანსაცმელის ნაოჭების გადმოცემაც პირობითია და ხაზობრივი. მსგავს გადაწყვეტას ვხვდებით X საუკუნის ძეგლზე ჩუკულისა და ჯახუნდერის ღვთისმშობლის ტრიპტიქონებზე, მაშენას მთავარანგელოზის ხატზე, ბედიის ოქროს ბარძიმზე.
სკულპტურულ გადაწყვეტასთან ერთად ოსტატი დიდ ყურადღებას უთმობს ნაწარმოების დეკორატიულ მხარესაც. ტახტი ორნამენტითაა დამუშავებული, მხატვრულადაა დამუშავებული მუთაქაც, რომლის მხოლოდ თავები მოჩანს, ფონიც გრაფიკულად შესრულებული ორნამენტების ცალკეული დეტალებით (ფოთლები, გეომეტრიული წრეები, ხაზები). ორნამენტის ზუსტ ანალოგია ისევ და ისევ X საუკუნის ძეგლებში ვხვდებით გელათის ღვთისმშობლის ხატზე, ცაგერის მაცხოვრის ხატზე და სხვა.
ამრიგად თავისი მხატვრული გადაწყვეტით ჯახუნდერის მაცხოვრის ხატი X საუკუნის ძეგლთა შორის იკავებს ადგილს. იგი მთელი სიცხადით ავლენს იმ მხატვრულ ამოცანებს, რომლებიც იდგა ქართული შემოქმედთა წინაშე.

wyvili mTavarangelozis xatis CarCos fragmenti restavraciamde, XI saukune restavraciis Semdeg

ჩუკულის ეკლესიის გაძარცის დროს დაიღუპა აგრეთვე მთავარანგელოზ მიქელისა და წყვილი მთავარანგელოზების ხატები. ეს ძეგლებიც ბოლო დრომდე სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი იყო დ. ერმაკოვის ფოტოსურათებითა და პ. უვაროვასა და ე. თაყაიშვილის ზოგადი აღწერით, რომლებმაც ხატები დაუზიანებლად ნახეს პ. უვაროვა მიქელ მთავარანგელოზის ხატს XIII-XIV საუკუნეს ათარიღებს და როგორც იგი აღნიშნავს ეს ხატი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ როგორც ინარჩუნებდნენ ძველ ტრადიციებს სვანეთში. იგი ამ ხატს მიიჩნევს ძველი ნიმუშების ზუსტ პირად ე. თაყაიშვილი ხატს XIV საუკუნით ათარიღებს.
გ. ჩუბინაშვილმა თავის შრომაში დაუთმო ორივე ხატს და მხატვრულ-სტილისტურაი ანალიზის საფუძველზე ისინი XI საუკუნის I მეოთხედით დაათარიღა.
მთავარანგელოზის გამოსახულება ფართოდ იყო გავრცელებული მთიან საქართველოში, განსაკუთრებით სვანეთში. მას გამოსახავდნენ ზოგჯერ ცალცალკე, ზოგჯერ წყვილად, ლაბარუმებითა და ჯვრიანი სფეროთი ხელში - სიძლიერისა და ძალაუფლების გამოხატულებაში. ასეთებია მესტიის, ჩაჟაშის, იელის, ადიშის მთავარანგელოზების ხატები, წვირმის წყვილი მთავარანგელოზის ხატი და სხვა.
მთავარანგელოზები გამოწყობილი არიან მდიდრულ, ძვირფასი ქვებით შემკულ სამეფო ტანსაცმელში, ან მოკლე ტუნიკებში, წელს ქვემოთ შემორტყმულ ქამრით და მხარზე გადაგდებული გრძელი წამოსასხამით, რომელიც ერთ მხარზე გადაფენილი, უკან მთელ სიგრძეზე ეშვება ლამაზი ნაოჭების სახით.
ჩუკულის ეკლესიაში გაძარცვამდე ორივე სახის მთავარანგელოზის ხატი ინახებოდა. სამწუხაროდ მთავარანგელოზ მიქელის ხატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი შემოგვრჩა - ტანსაცმლისა და ფრთის ნაწილი და თავდაპირველი ჩარჩოს ვერტიკალური ზოლის მოჭედილობა (ჰორიზონტალურის - გვიანდელი უნდა იყოს).
წყვილი მთავარანგელოზის ხატისაგან კი შემოგვრჩა მიქელის ფიგურა, ხოლო გაბრიელის გამოსახულების ხელისა და ფრთის ნაწილი. შემოგვრჩა აგრეთვე დიდი ნაწილი მოჩარჩოებისა. ამჟამად რესტავრირებულია მხოლოდ ერთი პატარა ფრაგმენტი წმინდა იოანეს მთლიანი ფიგურით.
ეს ძეგლი წარმოადგენს სკულპტურულობის განვითარებული პერიოდის XI საუკუნის შესანიშნავ ნიმუშს. ადამიანის სხეულის პროპორციული აგება, ფიგურის თავისუფალი დაყენება (იგი მყარად დგას), პლასტიკური მოდელირება სხეულის ცალკეული ნაწილებისა (ტანსაცმლის ნაოჭების ქვეშ იგრძნობა სხეული), სახეების დახვეწილი მოდელირება, რბილი გადასვლები, ჰარმონიული და მთლიანი კომპოზიცია მოწმობს შემოქმედის დიდ ოსტატობაზე და ამ ძეგლს აყენებს XI საუკუნის მნიშვნელოვან ძეგლთა შორის.
ამრიგად, ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი პერიოდის X-XI საუკუნის ძეგლები, რომლებიც დღემდე მხოლოდ ძველი ფოტოსურათებით იყო ცნობილი, რესტავრაციის შემდეგ, ამჟამად ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ღირსშესანიშნავ ექსპონატებს წარმოადგენს.



სტატიის ავტორი - რუსუდან ყენია
მასალა აღებულია ჟურნალიდან - ძეგლის მეგობარი
N51, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1979 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014