უძველესი გარდამოხსნა
 საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან

ძველი ქართული საეკლესიო და საერო ნაქარგობის მრავალფეროვან კოლექციებში, რომელიც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდშია დაცული, ერთ-ერთი მნიშვნელოლოვანი ადგილი ქართული გარდამოხსნებს უჭირავს. ქართული ნაქარგობის სიუხვე და სიმდიდრე არა მარტო ჩვენამდე მოღწეული ნიმუშებით, არამედ წერილობითი  წყაროებითაც  დასტურდება. ქარგვის ანუ „სითვის“- „მოსითვის“ ისტორია უძველესი ეპოქიდანაა ცნობილი. მაგრამ მიუხედავად ამისა ძალიან ბევრ ნივთს ჩვენამდე არ მოუღწევია, ზოგმა დროს ვერ გაუძლო მასალის მალფუჭებადობიდან გამომდინარე, ზოგიერთი შემოსევებისა და ეკლესია-მონასტრების ძარცვისა და დარბევის დროს განადგურდა. ამიტომ ის რაც შემორჩა მუზეუმებში დაცული კოლექციების სახით, კვლევის თვალსაზრისით,   თავისთავად  საინტერესო და მნიშვნელოვანია.
ნაქარგობის ნიმუში, რომელიც უნდა განვიხილო, ერთი კონკრეტული ნივთია, რომელიც საეკლესიო დანიშნულების ნივთთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მონუმენტური ძეგლია. ის  „გარდამოხსნის’’ სახელწოდებით მოიხსენიება. ბერძნულად მას - „
epitafios“, ხოლო რუსულად - „плашчаница“ (1)  ეწოდება.
გარდამოხსნები სხვა საეკლესიო დანიშნულების ნაქარგობის ნიმუშებისაგან თავისი მონუმენტურობით გამოირჩევა. მათზე მხოლოდ ორნამენტულ ან ცალკეულ ფიგურას კი არ ვხვდებით, არამედ მრავალფიგურიან სიუჟეტურ კომპოზიციას რომლის იკონოგრაფია საუკუნეების მანძილზე შემუშავებული ქრისტიანული კანონიკითაა განსაზღვრული.

,,გარდამოხსნა’’ ეწოდება სიმბოლური მნიშვნელობის საეკლესიო ნივთს-არდაგს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიში წითელი პარასკევისა და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაქვთ საკურთხევლიდან და ,,ლუსკუმაზე’’- ლოდის სიმბოლოზე დააბრძანებენ. იგი განასახიერებს იმ ტილოს - ,,არდაგს’’, ,,არმენაკსა წმიდასა’’, რომელზეც  ოთხივე სახარების თანახმად ჯვრიდან გარდამოხსნილი  მაცხოვრის სხეული დააბრძანეს და შემდგომ ,,წარგრაგნეს’’ (იოსებ არიმათიელმა)  საფლავად დადების წინ. მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნისა და გრაგნილად დადების ერთ-ერთი შემადგენელი ეტაპი მაცხოვრის დატირების თემაა. ამიტომ      ,,გარდამოხსნაზე’’ ჯვრიდან ჩამოხსნილი, მიწაზე ან სარეცელზე - ლოდზე დასვენებული გარდაცვლილი ქრისტეა გამოსახული, რომელიც ანგელოზებითა და მტირალი ახლობლებითაა გარშემორტყმული.

„როდიდან დაიწყეს გარდამოხსნების   მორთვა  „ქრისტეს ტირილის“ სცენებით ცნობილი არაა. სავარაუდოდ, ეს უნდა მომხდარიყო არა უადრეს XII-XIII სს-ისა.“(2)
თავად ტერმინი ,,გარდამოხსნა’’, როგორც ასეთი ამ სიტყვის პირდაპირი განმარტებით არ შეესაბამება ამ კომპოზიციას, რამდენადაც აქ „დატირებაა“  და არა  ჯვრიდან ჩამოხსნის მომენტი. მაგრამ ,,დატირება უფლისა“ მთელი ამ ცერემონიის ერთ-ერთი ეტაპია და ამასთანავე ამ ნივთის სახელწოდება თავად მასზე არსებული წარწერების ტექსტს უკავშირდება:
,,ქ. შვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე, და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა სურნელებით შემუსვრილი [ახა]ლსა საფლავს დაგდვა.არამედ მესამე დღეს აღსდეგ და მოანიჭე სოფელს დიდი წყალობა’’
გარდამოხსნებმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ეკლესიის, კერძოდ კი ტრაპეზის სიმბოლიკაში. ამ არდაგის სიმბოლოდ, წერილობითი წყაროების მოწმობით, თავდაპირველად ის ტილო იყო მიჩნეული, რომლითაც ტრაპეზს ჰფარავდნენ ევქარისტიის შესასრულებლად. ეს ტილო ილიტონად წოდებული, ყოველგვარ გამოსახულებას იყო მოკლებული. ღვთისმსახურების და ტრაპეზის სიმბოლიკის განვითარებასთან ერთად, როცა ტრაპეზზე ილიტონის გარდა ახალი საბურველიც გაჩნდა, სხვადასხვა საგანთა სიმბოლურ ინტერპრეტაციაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. გამოთქმული მოსაზრებების თანახმად: 1. ქრისტეს არდაგის განმასახიერებელი უკვე ფეშხუმის საბურველი უნდა ყოფილიყო, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად 2. ამავე მნიშვნელობას ბარძიმ-ფეშხუმის საერთო საბურველს, ე.წ. დაფარნას, ანუ პერექელს ანიჭებდნენ. შესაბამისად, ქრისტეს სიმბოლურ გამომსახველად ახლა უკვე დაფარნაა მიჩნეული და მოგვიანებით იწყება არდაგის გარეგნული სახის განვითარებაც, იგი მარტივ, მოურთავ ტილოს კი აღარ წარმოადგენს, არამედ გარკვეული, ამოქარგული, კომპოზიციითაა აღჭურვილი. ამგვარად ,,გარდამოხსნა’’ დაფარნასთან დაკავშირებულია არა მარტო, როგორც საეკლესიო მსახურების სიმბოლური ნივთი, არამედ, როგორც ქრისტეს ტირილის გამომსახველი კომპოზიციაც.
გარდამოხსნების წინამორბედად დაფარნები ითვლება. მათი გაიგივება განაპირობა არა მარტო, საეკლესიო მსახურების სიმბოლიკამ, (დაფარნათა კომპლექტი  ლიტურგიის დროს ასევე მჭიდრო კავშირშია მაცხოვრის ჯვარცმასა და წამებასთან) არამედ, ლიტურგიის სხვადასხვა ნაწილში დაფარნათა სიმბოლიკის ცავლებადობამ და  მათმა კავშირმა უსისხლო მსხვერპლშეწირვასთან.
გარდამოხსნის გამოყოფა დაფარნათაგან, და მისთვის კონკრეტული მნიშვნელობის შეძენა, რაც მის სახელწოდებაში აისახა, შედარებით გვიანდელი მოვლენაა. ,,გარდამოხსნის’’ გადმოსვენების ცერემონიალი ე.ი სწორედ ის, რამაც შექმნა სპეციალურ ,,დაფარნა-გარდამოხსნათა’’ არსებობის საჭიროება, XVI  საუკუნიდან ჩნდება კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას ტაძარში და აქედან ვრცლდება სხვა ქვეყნებშიც. (3)
,,გარდამოხსნა’’ – (ბერძნულად -
epitafios)  კონკრეტულად ქრისტე სხეულის ლოდზე დაბრძანებას გულისხმობს. (,,epi’’- ზე; tafios’’- ლოდი, დაფა). „დატირებით“ ლუსკუმის საფარებლის მორთვა, რა თქმა უნდა ბიზანტიურ სამყაროს უკავშირდება, ბიზანტიაში დაკანონდა და როგორც ჩანს ეს მოხდა არა უადრეს XII-XIII საუკუნეებისა. ბიზანტიიდან ეს ჩვეულება სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებშიც გავრცელდა - სერბია, მოლდოვია-ვლახეთი, რუსეთი და სხვ. უძველეს გადარჩენილ ნიმუშებს XIV  საუკუნის დასაწყისით ათარიღებენ. იმ დროიდან მოყოლებული უკვე ბევრი ძეგლი გვაქვს XV-XVIII საუკუნეებისა.
საქართველოში, წერილობით ძეგლებში ტერმინი - ,,გარდამოხსნა’’ პირველად უფრო გვიან გვხვდება. მასთან  დაკავშირებული ცერემონიალი იხსენიება მხოლოდ იმ ტიპიკონებში, რომლებიც XVIII საუკუნეშია რედაქტირებული რუსული ტიპიკონების მიხედვით.
საქართველოში ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში, ,,გარდამოხსნა’’ ადრევე უნდა იყოს შემოსული. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია მისი არსებობის დადასტურება უკვე XV  საუკუნიდან.
აკადემიკოსმა ვახტანგ ბერიძემ საერთო მახასიათებლების მქონე გარდამოხსნები ცალკეულ ჯგუფებში გააერთიანა (სულ 4 ჯგუფი გამოიყო). ერთ-ერთ ჯგუფში შედის გარდამოხსნა, რომელიც ჩემი ინტერესის სფეროში მოექცა და რომელიც კარგად ასახავს ქართული გარდამოხსნებისა და მათი ეპოქალური განვითარების გარკვეულ ეტაპს.
აკად. ვ. ბერიძემ პირველ ჯგუფში  გააერთიანა შემდეგი გარდამოხსნები:

1. მეფის გიორგის ალექსანდრეს ძისა (1446-1466) 
2. მარიამ დედოფლის (1632/33-1680/82) 
3. გივი ამილახვრისა (1678/79-1694/95)
4. ზილფიჯანის (1691) (4).    

პირველი ჯგუფის  უძველეს ნიმუშთა  შორის არის გიორგი VIII-ის გარდამოხსნა, რომელიც მეფეთ მეფე გიორგის შეუწირავს სვეტიცხოვლის ტაძრისთვის. ამას  ამ ნივთზე დაცული  წარწერაც მიგვითითებს.

giorgi VIII-is gardamoxsna 1446-1466 ww.

„cisferi gardamoxsna“ XV s.

,,ქწ.  დიდისა მეფეთ მეფისა ალექსანდრეს ძესა მეფეთამეფესა გიორგის გაუმარჯოს და ცოდვანი მისნი შეუნდვნენ ღმერთმან, რომლისა ბრძანებითა საფლავად დადება მხსნელისა ჩვენისა იესოს ქრისტესი შეიმზადა’’. (5)

ruminuli gardamoxsna 1484 weli

როგორც წარწერიდან ჩანსთავდაპირველად  გარდამოხსნებს ,,საფლავად დადებაი’’ ეწოდებოდა, სწორედ ამ სახელწოდებით შესწირა მეფე გიორგიმ ეს ნივთი სვეტიცხოველს.
ლეგენდის თანახმად, ეს ,,გარდამოხსნა’’  შაჰ-აბასს წარუტაცნია 1614 წელს და ყაჯარად (ცხენის უნაგირზე გადასაფარებელი) გამოუყენებია. მაგრამ შემდეგ ირანში ჭირი გაჩნდა, შაჰმა ეს უბედურება ღვთის რისხვად მიიჩნია და გარდამოხსნა კვლავ სვეტიცხოველში დააბრუნა დიდი ძღვნითა და საჩუქრებით’’. თარიღიდან გამომდინარე ეს გარდამოხსნა  საეკლესიო ნაქარგობის   უძველეს ნიმუშთა შორის ექცევა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ პირველი ნიმუშები წინა საუკუნეშიც ყოფილიყო.
ინტენსიურად ამ ნივთს ვხვდებით XVII-XVIII  საუკუნეებში.  გარდამოხსნები იქარგებოდა ეკლესია-მონასტრებსა და სამეფო კართან ან ფეოდალის სასახლესთან არსებულ  სახელოსნოებში, ძირითადად ცალკეულ პირთა დაკვეთით ან უშუალოდ მათ მიერ. ისინი ქარგავდნენ ,,ცოდვილთა სულის საოხად’’, ან  ,,ორსავ შიგან ცხოვრებასა წარმართებისათვის’’, ან თავის ,,ძეთა და ასულთა აღსაზრდელად’’ და სხვ. ამაზე თავად ამ წმინდა ნივთზე არსებული საქტიტორო წარწერები მოგვითხრობენ.
,,დატირების’’ კომპოზიცია,რომელიც ძირითადად გარდამოხსნებზე გვხვდება კანონიკურია და აქედან გამომდინარე კონკრეტული პერსონაჟები გამოისახებიან. მთავარი პერსონაჟი, ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტეა, ხოლო თანმხლებ პირებში აუცილებლად შედიან ღვთისმშობელი მარიამი და იოანე  მახარებელი. დედა არეზე ასევე გვხვდება მარიამ მაგდალინელი, მარიამ იაკობისა, ,იოსებ არიმათიელი და ნიკოდიმოსი. მახარებლების სიმბოლური გამოსახულებები, რომლებიც ყველა გარდამოხსნაში აუცილებლად გვხვდება, ძირითადად დედა არის კუთხეებში. და ანგელოზები (ქერუბინები და სერაფიმები),  ქასრთულ გარდამოხსნებზე  არც თუ ისე ხშირად გვხვდება ასისთავი ლონგინოზის გამოსახულებაც. იშვიათად - ქართულ გარადამოხსნათა შორის, მხოლოდ ორზე გვაქვს ქტიტორის გამოსახულება, კომპოზიციის მარჯვენა ქვედა კუთხეში. ერთი დასტურდება დედოფალ მარიამ დადიანის გარდამოხსნაზე (1632/33-1680/82) და მეორე გივი ამილახვრის (1678/79-1694-95 წწ.) გარდამოხსნაზე (6).           
იკონოგრაფიული კანონიკიდან გამომდინარე,  მთავარი ფიგურა არდაგზე დასვენებული, გულხელდაკრეფილი მაცხოვარი გარდამოხსნის თითქმის  მთელ არეს იკავებს, მის თავთან და ფეხებთან - თითო მთავარანგელოზია, ქერუბინიანი სამწერობლებით ხელში. სარეცელს მიღმა მტირალი დედანი არიან წარმოდგენილნი. პირველი ოთხი ფიგურა გამართული, ოდნავ დახრილი თავებითაა გამოსახული. მათგან ერთი ღვთისმშობელი მარიამია, რომელსაც მარჯვენა ხელში
ფოჩიანი ხელსახოცი უჭირავს და თითქოს სახისკენ მიაქვს. მეორე ფიგურა, რომელიც სტატიურადაა  წარმოდგენილი, მაგრამ ორივე ხელით თმებს იგლეჯს მარიამ მაგდალინელია, იგი ყოველთვის ყველაზე მეტი ემოციით გამოისახება. მესამე მტირალი ქალის მოძრაობა, თითქმის მთლიანად იმეორებს ღვთისმშობლის მოძრაობას. ასევე დამწუხრებულია იოანე მახარებელი. ამის მიმანიშნებელია  მარჯვენა ხელზე  ჩამოყრდნობილი თავი. იქვე მაცხოვრის ფეხებთან იოსებ არიმათიელია გამოსახული, რომელიც არდაგით არის აღჭურვილი და ქრისტეს ,,წარსაგრაგნად’’ ემზადება. აღსანიშნავია, რომ არცერთი პერსონაჟი არ ეკარება ქრისტეს ცხედარს. ყველა ფიგურას შარავანდი აქვს. ისინი ქრისტეს გამოსახულებასთან შედარებით, უფრო მცირე ზომისანი არიან.
მთავარი კომპოზიციის ქვედა რეგისტრში ,,აღდგომის’’ თემაა გაშლილი, ხოლო ზედაში -„ ქრისტეს ამაღლება“.
გარდამოხსნის ქვედა რეგისტრში ,,აღდგომის’’ კომპოზიციაში მარცხნივ თმახუჭუჭა წმინდა პეტრეა ქრისტეს  საფლავთან. საფლავის ლოდი მთლიანად ორნამენტირებულ კვადრატს წარმოადგენს. საინტერესოა ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ორნამენტირებული ლოდი, მოგვაგონებს მოქარგულ დიდ  დაფარნას. აქ აღსანიშნავია ერთი რამ - ლიტურგიული მსახურების დროს, გამოიყენება დაფარნათა კომპლექტი, რომელიც სამია ამათგან  ერთ-ერთი დიდი დაფარნა - ,,ცაი“ ლიტურგიული მსახურების მესამე ეტაპზე  -  ,,დიდი გამოსვლის’’ ჟამს, განასახიერებს ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავი დალუქეს. არ არის გამორიცხული, რომ მქარგველი ამ კონკრეტულ შემთხვევაში
,,ცაი’’-ს  სახით გამოსახავს ლიტურგიულ მსახურებაში კვეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს „დიდ გამოსვლას“ ანუ მაცხოვრის ,,აღდგომის’’ თემას ღვთისმსახურებაში. 
მაცხოვრის საფლავთან, ოთხ მხარეს, ოთხი აბჯარასხმული მცველია   ამოქარგული, ფარებითა და შუბებით აღჭურვილნი.
უშუალოდ ამ სცენის გვერდით, გამოსახულნი არიან მენელსაცხებლე დედანი (ხელში სურებით) ქრისტეს საფლავთან, ხოლო საფლავის ლოდზე ფრთაგაშლილი ანგელოზი. ლოდი აქაც ორნამენტირებულია.
მთავარი კომპოზიციის ზედა რეგისტრზე ,,ქრისტეს ამაღლებაა’’ წარმოდგენილი. ტახტზე მჯდომი მაცხოვარი მარჯვენა ხელით აკურთხებს. ქრისტეს ორი ფრთაგაშლილი ანგელოზი აღამაღლებს. ეს ფიგურები მცირე ზომისაა და მასშტაბით საფლავის მცველებს შეესაბამება. ქრისტეს ანგელოზები აღამაღლებენ, არა წრიულ, არამედ ექვსგვერდა სტილიზებულ ბრწყინვალებაში - მანდორლაში.  მანდორლას ასეთი ფორმა, ექვსქიმიანი დაბოლოებებით,  შესაძლოა დაკავშირებული იყოს, იმ ვარსკვლავთან, რომელიც ბეთლემში მაცხოვრის დაბადებისას გაბრწყინდა. ამაღლების ორ მხარეს ფრთოსანი დისკოების სახით გამოსახული ანგელოზთა დასი ,,საყდარნი’’, ძვ. ებრაულად გელ-გელი,   ,,ბრუნვასა’’ და ,,გამოცხადებას’’ ნიშნავს და ასევე ზეციერ სამოთხეს განასახიერებს:

           ,,ბორბლები ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული’’ (ეზეკ. 10-15)

ტახტი, რომელზედაც მაცხოვარია დაბრძანებული, სამყაროს სიმბოლოა:

,,უფალმა ცაში დაიდგა ტახტი და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს’’ (ფსალმ. 102,19)

ამაღლების გაწონასწორებულ კომპოზიციას რუსულ გარდამოხსნებზე „ძველი აღთქმის სამების’’ სცენა ენაცვლება.           
„აღდგომისა“ და „ამაღლების“ სცენების ასეთ კონტექსტში წარმოდგენა მხოლოდ ქართული გარდამოხსნებისთვისაა  დამახასიათებელი.

გარდამოხსნის დედაარის კუთხეებში, ორნამენტული ზოლით გამოყოფილ ოთხ სივრცეში  მახარებელთა სიმბოლოებია ამოქარგული:  ანგელოზის სახით - მათე მახარებელი, ფრთოსანი ლომი მარკოზს განასახეიერებს,  ხარი - ლუკას, ხოლო  არწივი იოანე მახარებელს.  ეს სიმბოლოები ,,აპოკალიფსის ცხოველები’’-ს სახელით არიან  ცნობილნი. მათი გამოსახვა გარდამოხსნებზე კანონიკურია და გულისხმობს, იმას, რომ გარდამოხსნაზე წარმოდგენილ „ქრისტეს ტირილის“ თემას ოთხივე მახარებელი აღწერს „ოთხთავში“.  
ცენტრალურ ანუ დედა არეზე ცარიელი ადგილები შევსებულია ცეცხლოვანი ბორბლებით, სერაფიმებით,  ქერუბინებით, სტილიზებული ჯვრებით, რომლებიც  ორნამენტირებულ წრეებშია ჩასმული, და განმარტებითი წარწერებით.
საინტერესოა, რომ ყველა ეს დეტალი კომპოზიციის იკონოგრაფიული თვალსაზრისით კონკრეტული სიმბოლიკის აღმნიშვნელია, მაგრამ ამავე დროს მხატვრულ-დეკორატიული დანიშნულების მატარებელიცაა.
გარდამოხსნაზე  მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია წარწერები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შემწირველის ვინაობასა და თარიღს მიგვითითებს. გიორგი VIII-ის გარდამოხსნაზე ასომთავრულით შესრულებული წარწერები შემდეგი სახისაა: საქტიტორო  წარწერა, შიდა არეზე, მარჯვენა კუთხეშია განთავსებული:

,,ქწ.  დიდისა მეფეთ მეფისა ალექსანდრეს ძესა მეფეთამეფესა გიორგის გაუმარჯოს და ცოდვანი მისნი შეუნდვნენ ღმერთმან, რომლისა ბრძანებითა საფლავად დადება მხსნელისა ჩვენისა იესოს ქრისტესი შეიმზადა’’

ეს წარწერა მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ გვამცნობს შემწირველის ვინაობაზე და მეორე მნიშვნელოვანი და მთავარი ეს არის თარიღი რომლის დადგენაც საქტიტორო წარწერის საშუალებით ხორციელდება. გარდამოხსნას გარს უვლის ფართო მცენარეული ორნამენტის ზოლი, რომელშიც წმინდანებია განმარტებითი წარწერებით, ხოლო ვიწრო, ოქრომკედით  დაკონტურებულ  რომბებში - ჯვრებია ჩაწერილი.
გარდამოხსნა მუქ ლურჯ აბრეშუმზეა ნაქარგი. მასალა, რომლითაც გარდამოხსნის კომპოზიციები და  წარწერები იქარგება, სამმგვარია: ოქრომკედი, ვერცხლმკედი და  აბრეშუმის ფერადი ძაფი. გამოყენებულია ზეზი - ვერცსლმკედისა და ფერადი აბრეშუმის ნარევი ძაფი.  ეს ტერმინი ბიბლიური წარმოშობისაა და სიჭრელეს უკავშირდება: ,,ზეზი არს ორფერი ძაფი, და ძაფი და სირმა რთვად შესთული’’(7) ხორცისფერი ზეზი ამ შემთხვევაში გამოყენებულია იესო ქრისტეს შიშველი სხეულისა და ფერადოვნებისთვის სამოსის ცალკეული დეტალების  ამოსაქარგავად. ოქრომკედსა და ვერცხლმკერდს გარდამოხსნაზე წამყვანი ადგილი უჭირავს და თითქმის მთელი გარდამოხსნა  ამ ტექნიკითაა შესრულებული.      
ნაქარგობის ამ ნიმუშის მახასიათებლებისა და სხვა მასალასთან საერთო ელემენტების მოსძიებლად მოვიშველიებთ ქრისტიანული ქვეყნების რამდენიმე  პარალელს, რომელიც მოიცავს საერთო ნიშნებსაცა და განხვავებასაც.
გარდამოხსნა, რომელთანაც ყველაზე მეტი საერთო აქვს გიორგი VIII-ის გარდამოხსნას, ეს არის ე.წ ,,ცისფერი გარდამოხსნა“  XV საუკუნით დათარიღებული მოსკოვის მხატვრული ქარგის სკოლის სახელოსნოში მოქარგული (8).  პირველ რიგში თვალში ლურჯი ფონი გვხვდება, რომელზეც  „დატირების“ კომპოზიცია იშლება. მთავარი აქაც, როგორც ყველგან, მაცხოვარი დაწოლილი გულზე ხელებდაკრეფილია წარმოდგენილი. აქ არდაგს ორნამენტული  მოჩარჩოება არ შემოუყვება. თუმცა ამ გარდამოხსნას  არშიები და დეკორატიული გაფორმება ისედაც უხვად აქვს. კომპოზიცია მრავალფიგურიანია, მაგრამ არა ისეთი როგორსაც გიორგი VIII-ის გარდამოხსნაზე ვხვდებით. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ქართულ გარდამოხსნებში პერსონაჟები თითქმის არასოდეს არ ეხებიან ქრისტეს სხეულს, გარდა ღვთისმშობლისა, რომელიც ყოველთვის სიმშვიდით  გამოხატული მწუხარებითაა წარმოდგენილი. მოსკოვის გარდამოხსნაზე ღვთისმშობელს ქრისტეს თავი ხელებით უჭირავს და თითქოს თავიც თავზე უდევს.
მსგავსად  გიორგი VIII-ის გარდამოხსნისა აქაც ვხვდებით სამწერობლებიან ანგელოზებს. რომლებშიც ქერუბინები არიან გამოსახული, განსხვავებულია ერთი სამწერობელი, რომელშიც წარწერის მსგავსი ორნამენტია წარმოდგენილი.
გიორგი VIII-ის გარდამოხსნაზე არ გვაქვს მოცემული მზისა და მთვარის გამოსახულება, რასაც აქ რუსულ გარდამოხსნაზე ვხვდებით. ასევე არქიტექტურული დეტალი, საცეცხლურით.
აღსანიშნავია, რომ მახარებლების სიმბოლური გამოსახულებები მოჩარჩოებული რკალების გარეთ არის წარმოდგენილი და არა მოჩარჩოების შიგნით, რაც ისეთ  შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ ქრისტეს დატირებაში და კომპოზიციის მთლიანობაში ეწერებიან.
ყველაზე მეტი მსგავსება ამ ორ გარდამოხსნას შორის, მათ დეკორატიულ ელემენტებში აისახება. ეს არის ჯვრები, რომლებიც მოჩარჩოებაშია ჩასმული და ვარსკვლავები, რომლებსაც გარკვეული სიმბოლური დატვირთვა აქვს: „ხოლო მეყსეულადშემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაისა მზე დაბნელდეს, და მთვარემან არა გამოსცეს ნათელი თვისი, და ვარსკვლავნი დამოცვივიენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ“ (მათე 24-29).

საინტერესო პარალელი ეძებნება რუმინული გარდამოხსნის სახით (9), რომელიც 1484 წლით თარიღდება. კომპოზიციის ცენტრში ამოქარგულია ქრისტე, რომლის სხეულის პროპორციები საკმაოდ დაგრძელებულია. აქ წინაა წამოწეული ემოცია, ტანჯვით აღსავსე სახე თავად მაცხოვრისა. ოსტატი დიდ ყურადღებას აქცევს მაცხოვრის სხეულის მუსკულატურას, ხაზგასმულია თითოეული კუნთი და რჩება შთაბეჭდილება,  თითქოს ასეთი დეტალები, დეკორატიული აქცენტების სახითაა  წინ წამოწეული.  გარდამოხსნის მთელი არე შევსებულია ანგელზებით, გელ-გელებით, წარწერებითა და ვარსკვლავა ყვავილებით. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ანგელოზთა სტილიზებული ფრთები, რომლებიც ნაქარგს მეტ დეკორატიულობასა და ეფექტს სძენს.
გიორგი VIII-ის გარდამოხსნისაგან განსხვავებით რუმინულ გარდამოხსნზე ,,დატირების’’  სხვა პერსონაჟები არ არიან წარმოდგენილი. აქ თვალში საცემია განსხვავებული დეტალები, ეს არის მაცხოვრის სხეულის ლოდზე მოთავსება არდაგის გარეშე და ასევე წარწერები. ამ გარდამოხსნაზე წარწერები გაფანტულია ან სტილიზებულ ოთხკუთხედებშია ჩასმული.
დასკვნის სახით შეიძლება რამოდენიმე ფაქტის გამოყოფა და ჩამოყალიბება.

  1. ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII-ის გარდამოხსნა სვეტიცხოვლის ტაძარს შეწირული, ქართულ გარდამოხსნათა შორის გამორჩეულია თავისი სრულყოფილი იკონოგრაფიული პროგრამით. ეს გარდამოხსნა ყველაზე ადრეულია შემორჩენილ გარდამოხსნათა შორის. მსგავსი დატირების სცენები, როგორსაც გიორგი VIII გარდამოხსნაზე ვხვდებით სხვა ქვეყნის გარდამოხსნებზე ასეთი სახით არ გვხვდება.
  2. ქართული გარდამოხსნები წარმოშობით, საერთო იდეითა და დანიშნულებით ბიზანტიური სამყაროდან არის შემოსული. ქართულ გარდამოხსნებს ბევრი რამ აქვს საერთო როგორც ბიზანტიურ სამყაროსთან ასევე ერთმანეთთან, (მიუხედავად ცალკეულ ჯგუფთა შორის არსებული განსხვავებისა). ახასიათებთ გარკვეული თავისებურებებიც. ზოგადად ნაქარგობის ეს ძეგლები ქართული ხელოვნების სხვა ნიმუშებთან პოულობს საერთოს (ოქრომჭედლობა, მონუმენტური ფერწერა_ ფრესკები)
  3. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ქართული გარდამოხსნებისთვის სრულიად უცხოა წმინდა სიმბოლური გამოსახულებების შემცველი კომპოზიცია, ისეთი, რომელშიც ქრისტეს ცხედართან არც ერთი მიწიერი, ,,მატერიალური’’ არსება არ იდგეს.
  4. გიორგი VIII-ის გარდამოხსნა გვიჩვენებს, რომ ქართული გარდამოხსნების გაფორმებაში XV საუკუნეში შემუშავდა ქრისტეს ტირილის ისტორიული სცენა თავისებური ინტერპრეტაციით.
  5. „დატირების“ თემა და დედა არის გაფორმება, მონაწილეთა ისეთი შემადგენლობა, როგორიც გიორგი VIII-ის გარდამოხსნაზეა წარმოდგენილი, სხვა ქვეყნების თანადროულ  გარდამოხსნებში, ასეთი სახით არ გვხვება.
  6. ამ გარდამოხსნაზე, გარდა საკუთრივ „ქრისტეს ტირილისა,“  გვაქვს ქართული გარდამოხსნებისთვის დამახასიათებელი, აღდგომის თემასთან დაკავშირებული ორი მომენტი - „მენელსაცხებლე დედანი საფლავთან“, „წმინდა პეტრე საფლავთან“. ასევე ,,ამაღლება’’ კომპოზიციის ზედა რეგისტრში, რომელიც იკონოგრაფიული დატვირთვის გარდა სტილის თვალასაზრისით კომპოზიციაში გამაწონასწორებელ როლს ითვისებს,
  7. აქ ასევე ჩანს, რომ ადრინდელი ძეგლებისათვის დამახასიათებელ ორნამენტული არშიას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ძეგლის გაფორმებაში. შესრულების თვალსაზრისით უმაღლესი დონის ოსტატის ხელი იგრძნობა. ბორდიური, რომელიც ორნამენტული დეკორის სახით გიორგი VIII-ის გარდამოხსნას ირგვლივ შემოსდევს, გამორჩეულია თავისი ფორმითა და სიმბოლური გააზრებით ქართული ნაქარგობის ძეგლებს შორის.
  8. ამ ძეგლის სახით გვაქვს ნაქარგობის ნიმუში, რომელიც გვიჩვენებს, რომ XV საუკუნეში, მიუხედავად ქართული ხელოვნების ისტორიაში მძიმე პერიოდისა, შეიქმნა ხელოვნების ისეთი ნიმუში, რომელიც შესრულების დონით, მასალით, იკონოგრაფიული თვალსაზრისით გამორჩეული ძეგლია.

1. Настольная книга священнослужителя.  гл.  Церковная утварь М. 1983. т.  IV стр. 130.
2. მ. კეცხოველი „ქართული ნაქარგობა“ თბ. 2011. გვ. 26
3. ვ. ბერიძე ,,ქართული ნაქარგობა’’ თბ.1983.  გვ. 11
4. ვ, ბერიძე ქართული ნაქარგობა. გარდამოხსნები თბ. 1983.   გვ. 34
5. ვ. ბერიძე დასახ, ნაშრ.  თბ.1983.   გვ. 13
6. ვ. ბერიძე ,,ქართული ნაქარგობა’’ თბ. 1983.  გვ.36-39
7. სულხან - საბა ორბელიანი ქართული ლექსიკონი  თბ. 1991. გვ. 279

8. N. A. MAIACOVA ,,Byzantii Balkany Ras’’  M. 1968 ctp. 117-118;  tabl 132
9. ANNA ROZYSKA-BRYZEK. ..Bizantymskoe – ruskie malowidta. v kaplicy zamku lubelskiego’’. Epitafios rumunski, 1484 g.  


ბიბლიოგრაფია

1. ვ. ბერიძე ,,ქართული ნაქარგობის ისტორიიდან'' თბ.1983 წ.
2. მ. კეცხოველი ,,ქართული ნაქარგობა'' თბ.2011წ.
3. სულხან-საბა ორბელიანი ,,ქართული ლექსიკონი'' თბ.1991 ბიბლია,
4. ეზეკიელ წინასწარმეტყველი. თბ.2013წ.

5. Настольная книга священнослужителя. гл. Церковная утварь М. 1983.
6. Anna Różycka-Bryzek- Bizantyńsko-ruskie malowidła w kaplicy zamku lubelskiego. Panstwowe Wydawnistwo Nakowe. Warszawa 1983.
7. F.V. Kbljd - Dbpfynbqcrbt brjyb cbyfz. Vjcrd –Fabys 1999. (cn125)
8. Y.F. Vfzfcjdf - lhtdytheccrjt obnmt. Bplfntkcndj vjcrdf 1971.
9. Millet ..Monuments byzantins de Mistra''. Millet ..Recherches''.
10. ფოტოები ეკუთვნის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს.


სტატიის ავტორი – დარეჯან ჭაბუკიანი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი. ხელმძღვანელი იზოლდა მელიქიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.


megobari saitebi

   

02.02.2016