Sua saukuneebis tixruli minanqari saqarTvelos xelovnebis erovnul muzeumSi

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში თავმოყრილი შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრის ძეგლები, ამ ხელოვნების მსოფლიო საგანძურის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კოლექციადაა აღიარებული. იგი გამოირჩევა სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე საქართველოს ეკლესია–მონასტრებში შემონახული ზოგიერთი ნივთი უკვალოდ გაქრა, ხოლო ბევრი მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა (ერმიტაჟში, ბერლინის ნაციონალურ, კლიუნის მუზეუმში, მეტროპოლიტენის მუზეუმსა და სხვა) თუ სხვადასხვა ქვეყნის კერძო პირთა კოლექციაში აღმოჩნდა და მხოლოდ 1923 წელს (და უფრო გვიანაც) დაუბრუნდა საქართველოს.
საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატთა შორის ტიხრული მინანქრის საგანძური დიდად ღირებული და მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. აქ ინახება ამ სახის ორასზე მეტი ნიმუში. ძეგლების სიმრავლესთან ერთად ტიხრული მინანქრის კოლექცია ყურადღებას იქცევს იმითაც, რომ გარდა ქართული მასალისა, აქ ბიზანტიური ძეგლებიცაა თავმოყრილი. კოლექციის გვირგვინია საქვეყნოდ განთქმული ხახულის კარედი, რომელიც თავისთავად ტიხრული მინანქრის ნაკეთობების მთელი „მუზეუმია“. (100–ზე მეტი ფირფიტა, VIII საუკუნიდან მოყოლებული XII საუკუნის ჩათვლით). კარედის ღვთისმშობელი, არის ყველაზე დიდი ტიხრული მინანქარი მსოფლიოში (116X95 სმ).  ხატი 1859 წელს გელათის მონასტრის გაძარცვის შედეგად გაიტაცეს, შემდეგ ბოტკინის კოლექციაში აღმოჩნდა და მხოლოდ 1923 წელს დაუბრუნდა საქართველოს უკვე ძლიერ ფრაგმენტირებულ მდგომარეობაში.
მინაქრის ცალკეული ნიმუშები არის ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც, და სვანეთშიც, მაგრამ მინანქრული ძეგლების ძირითადი ნიმუშები ამჟამად თბილისის მუზეუმში ინახება.  ნიმუშები ორ ჯგუფად იყოფა – ქართული ძეგლები და ბიზანტიური. ძეგლების ორივე ჯგუფი კარგად გამოსახავს შუა საუკუნეების მინანქრული ხელოვნების განვითარების სხვადასხვა ეტაპს.
მუზეუმში დაცული ტიხრული მინანაქრის ყველა ძეგლი (ქართულის და ბიზანტიურიც) ჩვეულებრივი ტექნიკით არის შესრულებული, გამოყენებულია მაღალი სინჯის ოქრო ანდა ოქროსა და ვერცხლის შენადნობი, ე. ი. ელექტრუმი, რაც მეტ სიმყარეს ანიჭებს მინანქარს. ზედაპირის გახეხვა–გასუფთავება, რაც ხელს უწყობს მინანქრის უკეთ შენახვასა და გამძლეობას, არაა ყოველთვის საგულდაგულო, განსაკუთრებით ქართულ ძეგლებში. თუმცა ქართული კოლექციის მინანქრები ძირითადად მაინც კარგადაა შემონახული. საგრძნობლად არის დაზიანებული მხოლოდ ხახულის ღვთისმშობელი, რომლისგანაც პირისახე და ხელის მტევნებიღა შემორჩა.
მუზეუმის ტიხრული მინანაქრები არსებითად საეკლესიო დანიშნულების ნივთებია და მხოლოდ ერთი კულონი და სამაჯურის ორი ფრაგმენტია 131 საერო ხასიათისა. ეს საეკლესიო ნივთები – ხატები, ჯვრები, აგრეთვე ცალკეული ფირფიტები და მედალიონები, რომლებიც ჭედურ ძეგლებზეა მოთავსებული და მორთულია, როგორც წესი, მარგალიტის მწკრივით, – პატარა ზომისაა. ოდნავ მოზრდილია ფირფიტები ქრისტეს სადღესასწაულო ციკლის სცენებით და ორი ფირფიტა წმ. გიორგის გამოსახულებით. გამონაკლისია აგრეთვე პანტოკრატორის ნახევარფიგურა ხახულის კარედზე – მისი ზომებია 8X7 სმ. მაგრამ ყველა მათგანს სიდიდით სჭარბობს ხახულის ღვთისმშობელი.

მინანაქრული ხელოვნების უადრესი ნიმუშები, რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ქართულია. ეს ძეგლები VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. ეს მასალა არ არის მრავალრიცხოვანი, მაგრამ უთუოდ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად ადრეული მინანაქრები ძალზე მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი.
მუზეუმში დაცული ქართული მინანქრების უდიდესი ნაწილი X და  XII-XIII საუკუნეების ძეგლებია. ქართული მინანქრული ხელოვნების განვითარებაში ეს პერიოდები განსაკუთრებული შემოქმედებითი აღმავლობით ხასიათდება. ერთ–ერთი მკაფიო მაგალითია შემოქმედის კვადრიფოლიუმი ქართული (ასომთავრული) წარწერით, სადაც მოხსენებულია გიორგი აფხაზთა მეფე (გარდაიცვალა 957 წელს). X საუკუნეს მიეკუთვნება აგრეთვე ხახულის კარედის ღვთისმშობელი. ამ საუკუნის მინანქრულ ძეგლებს ძირითადად ოქროს ფონი აქვთ, მხოლოდ ორი ძეგლია X საუკუნით დათარიღებული, სადაც ფონი მინანქროვანია (და არა ოქროსი). ეს ძეგლებია – პატარა ჯვარი კაცხის მაცხოვრის ხატზე და ვარძიის ღმრთისმშობლის მედალიონები.

varZiis RvTismSoblis
medalionebi
kacxis macxovris xati Semoqmedis kvadrifoliumi

XI საუკუნეს უეჭველად შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ სამი ოვალური მედალიონი – ხახულის კარედზე.
XII-XIII საუკუნეების ძეგლები მუზეუმის კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ დროის მინანქრებისთვის დამახასიათებელია სახეთა განსაკუთრებული სიცხოველე, მაგალითად  გელათის მაცხოვრის ხატის მედალიონები ქართული წარწერებით.
მუზეუმის კოლექციის გვიანი მინანქრებიც (ორი ფირფიტა წმ. გიორგის გამოსახულებით) აგრეთვე ქართული ძეგლებია. მათი ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, მაგრამ ისინი XV საუკუნეზე ადრინდელი არ არიან. ერთი მათგანია – თეთრ რაშზე ამხედრებული წმ. გიორგი, რომელიც გველეშაპს გმირავს, ეს ნიმუში პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი I საეთაშორისო სიმპოზიუმის აფიშაზე წარმოჩნდა.

firfita wm. giorgis
gamosaxulebiT
firfita wm. giorgis gamosaxulebiT

wm. petres medalioni

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში წარმოდგენილი ბიზანტიური კოლექციის მინანქრის კოლექცია არცთუ მცირერიცხოვანია. აქ წარმოდგენილია ძეგლები დაწყებული IX საუკუნიდან XII საუკუნის ჩათვლით. ბიზანტიური ხელოვნების ყველაზე ადრინდელი ძეგლი წმ. პეტრეს მედალიონია (IX საუკუნე), რომელიც მარტვილის ღმრთისმშობლის ხატს ამკობს.
ეს არის ადრეული ხანის ერთადერთი ბიზანტიური ნიმუში. უფრო სრულადაა წარმოდგენილი X-XII საუკუნეები–ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების უმაღლესი აყვავების ხანა. 
მუზეუმში წარმოდგენილია ბიზანტიური მინანქრული ხელოვნების საუკეთესო პერიოდი – X-XII საუკუნეები, ფაქტიურად ეპოქა, როდესაც გამოიკვეთა წმინდა ბიზანტიური სტილი. არსებითია ისიც, რომ ამ მინანქრების უმეტესი ნაწილი გამოირჩევა მაღალი ოსტატობით და თითეული მათგანი თავისთავად შეიძლება გაუტოლდეს მსოფლიო მინანქრული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებს.
განსაკუთრებით მდიდრულადაა წარმოდგენილი მუზეუმში XI საუკუნის ბიზანტიური ხელოვნების ძეგლები, რომელთა უმეტესობა ხახულის კარედს ამკობს. აღსანიშნავია კარედზე წარმოდგენილი სამი ფირფიტა „ვედრების“ გამოსახულებით. ეს ფირფიტები, მკვლევართა აზრით, შესრულებული უნდა იყოს კონსტანტინოპოლის სახელოსნოში და უნდა უკავშირდებოდეს იმ ადგილს, სადაც კონსტანტინე მონომახის ან წმ. სტეფანეს გვირგვინებია დამზადებული. ამ პერიოდის მინანქრული ხელოვნების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითთგანია ჯვარი ჯვარცმულის გამოსახულებით ბოტკინის ყოფილი კოლექციიდან.

sami firfita vedrebis gamosaxulebiT
XII საუკუნის ბიზანტიური ძეგლების რაოდენობა მუზეუმში, მართალია, მცირეა, მაგრამ თითოეული მათგანი მთელი სისრულით წარმოაჩენს ეპოქის სტილს. ამ საუკუნის ბიზანტიური ორიენტაციის ძეგლებიდან საუკეთესო ნიმუშებია – ხახულის კარედის მედალიონი წმ. პეტრეს გამოსახულებით, მედალიონი წმ. თევდორეს ნახევარფიგურით, რომელიც ჯუმათის გაბრიელ მთავარანგელოზის ხატს ამკობდა.
medalioni wm. petres
gamosaxulebiT
medalioni wm. Tevdores gamosaxulebiT



ძეგლები ქართულიცა და ბიზანტიურიც – უმდიდრეს და უმნიშვნელოვანეს მასალას წარმოადგენს შუა საუკუნეების ტიხრული მინანქრული ხელოვნების ისტორიისათვის სტილისტურ მიდგომათა მრავალფეროვანებით. ეს მასალა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ზოგიერთ ძეგლზე არის წარწერები, სადაც ისტორიული პირებია მოხსენიებული. მაგალითად, შემოქმედის კვადრიფოლიუმი (გიორგი აფხაზთა მეფე, გარდაიცვალა 957 წელს), ე. წ. კვირიკეს ჯვარი (კვირიკე მეფე და მაგისტროსი, X საუკუნე), ხახულის კარედის კიდევ ერთი ფირფიტა ბიზანტიელი იმპერატორის მიხეილ VIII დუკას და მისი მეუღლის, მარიამის გამოსახულებით (XI საუკუნე), გელათის მაცხოვრის ხატი (XII საუკუნის საქართველოს ცნობილი მოღვაწე სვიმონ ჭყონდიდელი). ასეთი წარწერები განსაკუთრებული ღირებულებისაა, რამდენადაც მინანქრული ხელოვნების ძეგლებს, ზუსტი თარიღი არ ახლავს.
Semoqmedis kvadrifoliumi kvirikes jvari VIII dukas da mariamis gamosaxuleba

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში წარმოდგენილი ტიხრული მინანქრის ნიმუშები გამოირჩევა იკონორაფიული თვალსაზრისითაც. ამ მხრივ, პირველ რიგში, ქართული ძეგლებია საინტერესო: ხახულის კვადრიფოლიუმი (VIII საუკუნე) – ჯვარცმის სცენა მთელი ტანით წარმოდგენილი ანგელოზებითა და მაკურთხებელი მარჯვენით; შემოქმედის კვადრიფოლიუმი (X საუკუნე) – "ჯვარცმა" ეკლესიისა და სინაგოგის გამოსახულებით; ფირფიტა "მირქმის" კომპოზიციით (XII-XIII საუკუნეები) – ანთებული სანთელი. არც ერთი ეს იკონოგრაფიული ელემენტი თუ დეტალი არ არის დამახასიათებელი აღმოსავლეთ–ქრისტიანული ხელოვნებისათვის, მათი ანალოგები არის დასავლეთ–ევროპულ სამყაროში. ასეთი ვითარება კი ფართო განზოგადებათა შესაძლებლობას ქმნის.

xaxulis kvadrifoliumi firfita "mirqmis" kompoziciiT

და ბოლოს, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ტიხრულ მინანქრის ნიმუშებს აქვთ თავისი განსაკუთრებული ესთეტიკური ღირებულება, მათში უთუოდ აღბეჭდილია იმდროინდელი ბიზანტიისა და საქართველოს ცხოვრების სინატიფისა და ფუფუნების კვალი. ამ ძეგლების გაუხუნარი მშვენიერება დღესაც ხიბლავს და აღელვებს ნამდვილი ხელოვნების აურაცხელ თაყვანისმცემელს.


სტატიის ავტორი – ლეილა ხუსკივაძე

გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლ. ხუსკივაძე –  „შუა საუკუნეების ტიხრული მინანქარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში“, 1984წ.
2. სურათები აღებულია ამავე წიგნიდან.

მასალა ადაპტირებულია ლიდა კაპანაძის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 


megobari saitebi

   

01.10.2014