სამეფო პორტრეტი ÁÁენაშის ÁÁანის ეკლესიის მოხატულობაში

ზემო სვანეთი შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთ-ერთი თავისებური და მრავალმხრივ საყურადღებო კერაა. სვანეთის სოფლებში მიყუჟული მოკრძალებული სამლოცველოების კედლებზე შემონახულ გამოსახულებებს, ლამისაა ლანდად ქცეულთ, მაინც საკმარისი ძალა შერჩათ საიმისოდ, რომ ჩვენამდე მოიტანონ გარდასულ დროთა ის უცნობი, ზოგჯერ ჩვენთვის ძნელად გასაგები სინამდვილე, რასაც დღეს სრულიად გაუცხოვებულად და ცივად ისტორიულ ეპოქას ვუწოდებთ. მთავარია, ამოვიცნოთ მათი სათქმელი, არც რა ზედმეტი მივაწეროთ და არც რა დავაკლოთ.
განსაკუთრებული სიფრთხილით გასაშიფრ გამოსახულებათა რიცხვს მიეკუთვნება Áენაშის Áანის ეკლესიის მოხატულობაში შემორჩენილი საერო პირთა ორი პორტრეტი.
ერთი მათგანი წარმოდგენილია ჩრდილო კედლის ქვედა, მესამე რეგისტრში, აღმოსავლეთ მონაკვეთში, აფსიდის უშუალო სიახლოვეს, ე.ი. იკავებს გამორჩეულ, საგანგებო მნიშვნელოვნებით დატვირთულ ადგილს, რომელიც საქტიტორო გამოსახულებებს ტრადიციულად ეთმობათ ხოლმე შუა საუკუნეების ქართულ მონუმენტურ მხატვრობაში. მეორე პორტრეტი უფრო მოკრძალებულ ადგილზე თავსდება – სამხრეთი კედლის დასავლეთ მონაკვეთში, ეკლესიაში შესასვლელი ერთ-ერთი კარის გვერდით. ეს იმაზე შეიძლება მეტყველებდეს, რომ Áენაშის ეკლესიაში გამოსახულ პირებს ერთმანეთისგან განსხვავებული სოციალური მდგომარეობა უნდა ჰქონდეთ. თუმცა მხატვრობის ძლიერი დაზიანებისა გამო, მხოლოდ უმნიშვნელო მინიშნება თუ გვაქვს ქტიტორთა ვინაობის შესახებ.
განმარტებითი წარწერა, და ისიც ძალზე ფრაგმენტული, მხოლოდ სამხრეთ კედელზე წარმოდგენილ პირთ შემორჩათ. საკურთხევლისკენ მიმართული მამაკაცის და ბიჭის ფიგურებს შორის იკითხება ასომთავრული წარწერა “ბეშქენ”? “ძე მისი”, ე.ი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ გამოსახული იყო რომელიღაც ადგილობრივი დაწინაურებული ოჯახის წევრი, ბეშქენი, თავის ვაჟთან ერთად. რაც შეეხება ჩრდილო კედელზე გამოსახულ საერო პირს, მისი პიროვნების ამოსაცნობად ერთადერთი ხელმოსაჭიდი მხოლოდ მისი სამოსიღა რჩება.
ეს სრული ტანით წარმოდგენილი შარავანდმოსილი მამაკაცია, კომპოზიციის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოსახული წმინდანის ნახევარფიგურის წინაშე ვედრებად მდგომი. მამაკაცს მოსავს წითელი ფერის, წელში გამოყვანილი მოკლე კაბა, რომელიც წვივებამდე სწვდება. კაბა შემკულია მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით უხვად მოოჭვილი განიერი ყვითელი მანიაკითა და ლორონით, რომლის ერთი ბოლო ვერტიკალურად ეშვება მანიაკიდან, მეორე კი სარტყელივით წელზეა შემოხვეული და ვედრებად გაწვდილ ხელზე გადაკიდებული. მარგალიტებითა და ძვირფასი ქვებით უხვად მოოჭვილი იგივე განიერი სარტყელი გასდევს მამაკაცის კაბის ქობასაც “ფესუს” მთელს გაყოლებაზე. კაბაზე სამკლავეებიც გაირჩევა. მამაკაცს ფეხთ მაღალი, ალბათ, ყვითელი მოგვები აცვია. კომპოზიციის ზედა ნაწილის დაზიანების გამო (ფერადოვანი ფენა ზოგან იმდენად გადასულია, რომ ბათქაშის შემადგენლობაში შემავალი ნამჯის ნაწილაკებიც კი გამოსჭვივის), თითქმის მთლიანად დაღუპულია გამოსახულების სახე და თავი, აღარ ჩანს მამაკაცის თავსაბურავის კვალიც კი, ლანდად მოჩანს მისი შარავანდის მონახაზი და ყურებამდე ჩამოსული თმის ვარცხნილობის საერთო მრგვალი მოხაზულობა.
წარწერისა და სახის დაღუპვის გამო ძნელია იმის თქმა, ნახევარფიგურად გამოსახულ რომელ წმინდანს მიმართავს ქტიტორი. ეს იქნებ იონა წინასწარმეტყველია, ე.ი. დამკვეთის მეოხი ეკლესიის პატრონი, რისი მაგალითებიც მრავლადაა ქართულ კედლის მხატვრობაში. მაგრამ ამჟამად ჩვენ ის კი არ გვაინტერესებს, თუ ვის წინაშე ლოცულობს Áენაშის ეკლესიაში გამოსახული საერო პირი, არამედ ამ უკანასკნელის ვინაობა, რომლის ამოსაცნობად არც ისე მდიდარ მასალას გვთავაზობს მისი პორტრეტი. თუმცა, მეორე მხრივ, მამაკაცის შესამოსელი რამდენიმე ისეთ დეტალს შეიცავს, რომელიც საგანგებო დაფიქრება-გააზრებას საჭიროებს და შეიძლება ერთგვარ გასაღებადაც იქცეს მისი ვინაობის დასადგენად. უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება შარავანდი, მანიაკი და ლორონი და მათი უჩვეულო წარმოჩენა მამაკაცის სწორედ ამგვარი თარგის კაბაზე.

ÁÁÁenaSi. Áanis eklesia. samefo portreti (sqematuri Canaxati)

ცნობილია, რომ მანიაკი და ლორონი სამეფო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ინსიგნიებია და სამეფო ღირსების მიმანიშნებელ სხვა ატრიბუტებთან ერთად, როგორიცაა გვირგვინი, სკიპტრა, ჩვეულებრივ გვხვდება ხოლმე ჩვენს ეკლესიათა კედლებზე შემონახულ საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელთა პორტრეტებზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველგან სამეფო ოჯახის წევრები, თითქმის უგამონაკლისოდ, შარავანდმოსილნი გამოისახებიან ხოლმე. რაც შეეხება ქართული ფეოდალური საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს – ერისთავებს, მსხვილ ფეოდალებსა თუ სხვა დიდებულებს – რომელნიც სამეფო ღირსებით პატივდებულნი არ ყოფილან, მათი სამოსი, ცხადია, დიდად განსხვავდებოდა ქართველ მეფეთა შესამოსელისაგან და თვით სამცხის გამგებელი ჯაყელებიც კი, რომელნიც საქართველოს მეფეთაგან ავტონომიური, ლამისაა დამოუკიდებელი მმართველებივით იქცეოდნენ, ვერასოდეს ბედავდნენ თავი მანიაკითა და ლორონით შემკულ სამოსში დაეხატვინებინათ. გავიხსენოთ მათი პორტრეტები საფარის (XIII საუკუნის ბოლო), ზარზმისა (XIV საუკუნის დასაწყისი) და ჭულეს (1380 წ.) ეკლესიებში. ნიშანდობლივია ისიც, რომ არასამეფო საგვარეულოთა წარმომადგენლები, ჩვეულებრივ, შარავანდის გარეშე გამოისახებოდნენ ხოლმე. ჩვენთვის მხოლოდ სამი გამონაკლისია ცნობილი – უცნობი საერო პირი ბედიის ტაძრის მხატვრობაში (XIII ს.); შერგილ დადიანის მეუღლე ხობის ტაძრის სამხრეთ მკლავში (XIII ს.) და ვამეყ დადიანი და მისი მეუღლე ხობის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგვტერში (XIV ს.). ამ პირთა შარავანდით წარმოდგენა, შესაძლოა, იმითაც აიხსნებოდეს, რომ პორტრეტები მათი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. ეს თითქოს მით უფრო სავარაუდო ჩანს, რომ ხობის ტაძარშივე მეუღლის გვერდით გამოსახული შერგილ დადიანი და მისი ვაჟი უშარავანდოდ არიან წარმოდგენილნი.
ამრიგად, ზემოთქმული თითქოს იმის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს, რომ Áენაშის ეკლესიის ჩრდილო კედელზე რომელიღაც ქართველი მეფე უნდა იყოს გამოსახული, თუმცა ამის გადაჭრით მტკიცებას ერთი გარემოება ეღობება წინ, რომელიც უცილობლად მოითხოვს საგანგებო განმარტებას. ესაა ჩვენთვის საინტერესო საერო პირის კაბის თარგი – წელში გამოყვანილი მოკლე კაბა.
როგორც ცნობილია, ქართველ მეფეთა პარადული შესამოსელი, რომლის ჩვეულ ატრიბუტებს მანიაკი და ლორონი წარმოადგენდა, ბიზანტიური სამეფო კარიდან იყო გადმოღებული და საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა მნიშვნელობას. ამ შესამოსელის ერთი აუცილებელი კომპონენტი წელში გამოუყვანელი, კოჭებამდე გრძელი კაბა იყო, რომელიც შეიძლებოდა სადა ქსოვილისგან შეკერილიყო, უფრო ხშირად კი სახეებიანი ფარჩისა იყო. მანიაკსა და ლორონს სწორედ ამგვარ, გრძელ კაბებზე ატარებდნენ ხოლმე. თუმცა, მოგვიანებით, როგორც დღეისათვის ცნობილი მასალით შეიძლება ვიმსჯელოთ, XIII საუკუნის ბოლოსათვის, მანიაკისა და ლორონის ტარება დაიწყეს წელში გამოყვანილ, მაგრამ მაინც გრძელ კაბაზე6. ამრიგად, ამ მცირე ცვლილებების მიუხედავად, კოჭებამდე გრძელი კაბა კვლავ დარჩა პარადული სამეფო კოსტÁუმის უცილობელ ატრიბუტად.
რაც შეეხება წელში გამოყვანილ მოკლე კაბას, იგი ქართველ უფლისწულთა და დიდებულთა ტრადიციულ, პარადულ სამხედრო შესამოსელს წარმოადგენდა. ამგვარი სამოსი მოსავს ლაშა-გიორგის ბეთანიის, ყინცვისისა და ბერთუბნის ტაძართა მოხატულობაში, ანდა დემეტრე I-ს, მისი მეფედკურთხევისას მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესიაში. თ. ვირსალაძის შენიშვნით, ლაშა-გიორგისა და დემეტრე I სამოსის ამგვარი დამთხვევა არ შეიძლება შემთხვევითი იყოს – ორივე თანამოსაყდრედ იყო აყვანილი ტახტზე და ორივემ მეფედკურთხევის დროს ხმლის შებმის ცერემონიალი გაიარა; ამ უკანასკნელს კი წელში გამოყვანილი კაბა უფრო ესადაგება, ვიდრე გრძელი, სწორი, ლორონით დამძიმებული, ბიზანტიელ იმპერატორთა პარადული შესამოსელი. აქედან გამომდინარე, მკვლევარი ასკვნის, რომ “ფრესკებზე გამოსახულ დემეტრესა და გიორგი ლაშას სამოსი სწორედ ის სამოსია, რომელშიც ისინი იყვნენ გამოწყობილნი მეფედკურთხევის დროს”. ჩვენთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ არც ლაშა-გიორგის და არც დემეტრე I-ს (მაცხვარიშში ხომ მეფედკურთხევის ცერემონიალის ერთი ქმედებათაგანია გადმოცემული) კაბას არ ამკობს მანიაკი და ლორონი და, ამდენად, ეს მაგალითი Áენაშის საქტიტორო გამოსახულების პარალელად ვერ გამოდგება. სამაგიეროდ, შეიძლება სხვა შემთხვევა, არტოზანის წმ. შიოს ეკლესიის მოხატულობაში გამოსახული სამეფო პორტრეტი გავიხსენოთ.
როგორც ამ პორტრეტის შესწავლის შედეგად გახდა ცნობილი, ხსენებული ეკლესიის დასავლეთ კედელზე წარმოდგენილია ორი გვირგვინოსანი, რომელთაც კომპოზიციის ცენტრში გამოსახული მაცხოვარი აკურთხებს და გამოითქვა სავსებით არგუმენტირებული მოსაზრება ამ მეფეთა იდენტიფიკაციის თაობაზე – ერთი მათგანი გაუიგივდა მეფე დავით ულუს, მეორე კი მეფე დავით ნარინს და, შესაბამისად, მხატვრობის შესრულების დრო საქართველოს ტახტზე ამ ორი მეფის ერთობლივი მმართველობის ხანით – 1249-1258 წლებით – განისაზღვრა.
ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე დავითს აქ ერთმანეთისგან განსხვავებული სამოსი მოსავს – დავით ულუ გამოწყობილია ქართველ მეფეთა ტრადიციულ პარადულ სამოსში, დავით ნარინი კი, ზუსტად Áენაშში გამოსახული ერისკაცივით მოკლე, წელში გამოყვანილ კაბაში, მანიაკითა და ერთი ბოლოთი სარტყელივით შემოხვეული ლორონით. ვინაიდან დავით რუსუდანის ძე გვირგვინოსნად წარმოგვიდგება, ლორონ-მანიაკიც, უეჭველად, მისი მეფობის მიმანიშნებელი უნდა იყოს. ამის მიუხედავად, მისი არც მთლად ტრადიციული სამოსი მაინც მოითხოვს განმარტებას.
არტოზანის შემთხვევაში ეს საკმაოდ მარტივია, თუკი გავიხსენებთ, რომ მონღოლთა მიერ საქართველოს მეფეებად დამტკიცებულ ტახტის ორივე მაძიებელს განსხვავებული სტატუსი მიანიჭეს დამპყრობლებმა – დავით ულუმ უზენაესი მეფობა მიიღო, ხოლო ნარინმა – უმრწემესი. არტოზანის ეკლესიის კედელზე შემორჩენილი სამეფო პორტრეტი სწორედ ამ ისტორიული რეალობის ამსახველია.
არტოზანში გამოსახული მანიაკ-ლორონიანი მოკლე, წელში გამოყვანილი კაბა რომ დავით ნარინის უმრწემესი მეფობის, ასე ვთქვათ, საზოგადო ფორმალურმატერიალურ გამოვლინებად არ ქცეულა, ამას დავით ნარინის ჩვენამდე მოღწეული სხვა პორტრეტებიც გვიდასტურებს. მხედველობაში გვაქვს მისი გამოსახულებანი, რომელიც გელათის მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთი ეგვტერის მოხატულობამ შემოგვინახა. როგორც ცნობილია, აქ დავით ნარინის ორი პორტრეტია დარჩენილი. ერთი მათგანი მას ბერის სამოსში წარმოგვიდგენს, ხოლო მეორე, ტრადიციულ პარადულ სამეფო შესამოსელში, კოჭებამდე გრძელი კაბით, რომელიც თვალ-მარგალიტით მოოჭვილი მანიაკ-ლორონითაა შემკული. და ეს, თითქოს, სავსებით ბუნებრივი ჩანს. გელათის ეგვტერის მხატვრობა ხომ დავით ნარინის ცხოვრების ბოლო წლებში შეიქმნა, როდესაც იგი, ლიხთიმერეთში კარგა ხნის დამკვიდრებული, დასავლეთ საქართველოს ერთპიროვნული მეფე იყო. ამრიგად, არტოზანისა და გელათის გამოსახულებანი დავით ნარინის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპის სინამდვილეს ასახავს და სწორედ მასში ჰპოვებს თავის ახსნას. ამ მხრივ საინტერესო მასალას დავით ნარინის სიგელები გვაწვდის.
როგორც ცნობილია, დავით ნარინის სახელთან დაკავშირებული ისტორიული საბუთები საკმაო რაოდენობითაა მოღწეული ჩვენამდე და ისინი, ასე ვთქვათ, სამი რიგისაა. პირველი რიგის საბუთებს იმ დოკუმენტებს მივაკუთვნებთ, რომელთაც დავითი, როგორც მეფე ამტკიცებს, თვით ტექსტში კი მისი ხსენება არ გვხვდება. ესენია: არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის 1241/1242 წლების “დაწერილი” და მღვიმის კრებულის 1249/1260 წლების “დაწერილი”. ორივეს დავითის ხელრთვა აქვს და ორივეგან ის თანამოსაყდრეებთან – რუსუდან მეფესთან და დავით ულუსთან – ერთად აწერს ხელს, ტიტულატურა კი შემოკლებული ფორმულითაა გადმოცემული: “დავით მეფე”.
საბუთთა მეორე რიგს ის სიგელები შეიძლება მივაკუთვნოთ, რომლებშიც დავით ნარინის სახელი თვით ტექსტშია მოხსენებული და ამ შემთხვევაშიც, მისი ტიტულატურა შემოკლებული ფორმულითაა მოცემული: “დავით მეფეთ-მეფე”: (მიქაელ ქართლის კათალიკოსის “დაწერილი”, 1241 წლის; იაკობ დეკანოზის “დაწერილი”, 1259/1293 წლების14; თამარ დედოფლის ორი “დაწერილი” გელათისადმი, 1260/1267 წლების).
მესამე რიგის საბუთებში (დავით ნარინის 1261-62 წლების და 1271-72 წლების სიგელები და მისი ვახტანგ II-სთან ერთად გაცემული 1287-1288 წლების სიგელი) იგი ქართველ მეფეთა ტრადიციული სრული ტიტულატურითაა მოხსენიებული (“დავით ბაგრატუნიანი, რუსუდანის ძე, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა ფლობით მპყრობელი”). ნიშანდობლივია, რომ ყველა ეს საბუთი დავითის ლიხთიმერეთში ყოფნის ხანისაა, როდესაც იგი დასავლეთ საქართველოს განაგებს როგორც დამოუკიდებელი მეფე (იგივე შეიძლება ითქვას თამარ დედოფლის საბუთებზე). საგულისხმოა ასევე, რომ მესამე სიგელში “მეფეთა” და “მპყრობელთა”-ა ნათქვამი, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ტიტულატურა თანაბრად მიემართება დავითსა და მის ძეს, ვახტანგსაც. ამ საბუთების ინდიქტიონების დაანგარიშებით ათარიღებენ ვახტანგის გამეფებასაც.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, კვლავ ჩვენი მსჯელობის უშუალო საგანს რომ დავუბრუნდეთ, შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ მანიაკითა და ლორონით შემკული, წელში გამოყვანილი მოკლე კაბა, როგორც ამას არტოზანის მხატვრობაში შემორჩენილი დავით ნარინის პორტრეტიც და მისი მეფობის ამსახველი სხვა საბუთებიც გვიდასტურებს, იმის მიმანიშნებელია, რომ მისი მატარებელი თანამოსაყდრედ უნდა ყოფილიყო აყვანილი ტახტზე; აქედან გამომდინარე, რაკიღა ცნობილია, რომ დასავლეთ საქართველოში XIII საუკუნის მეორე ნახევარში დავით ნარინის თანამოსაყდრედ მისი ძე, ვახტანგ II იყო, ჩვენ შეგვეძლო გვეფიქრა, რომ Áენაშის ჩრდილო კედელზე გამოსახული მეფე სწორედ ვახტანგ II-ა. მაგრამ ამას ორი სერიოზული გარემოება ეწინააღმდეგება.
უპირველეს ყოვლისა, როგორც ზემომოყვანილი სიგელიდან ირკვევა, ვახტანგ II დავით ნარინის თანამოსაყდრედ 1279 წლიდან მეფობდა. მათი ერთობლივი გამგებლობა 1289 წლამდე გაგრძელდა, როდესაც ვახტანგ II სრულიად საქართველოს მეფედ დაამტკიცეს მონღოლებმა. ამდენად, თუკი დავუშვებთ, რომ Áენაშის ეკლესიაში ვახტანგ II-ა გამოსახული, მაშინ, ბუნებრივია, ისიც უნდა დავუშვათ, რომ ეს მხატვრობა სწორედ ამ მონაკვეთში – 1279-1289 წლებში უნდა შექმნილიყო. უფრო გვიან, 1289 წლის შემდეგ, ვახტანგ II, როგორც საქართველოს მეფის, გამოსახვა არა ტრადიციულ, პარადულ სამეფო შესამოსელში, არამედ იმგვარ კაბაში, რომელიც Áენაშის ქტიტორს მოსავს, ძნელი წარმოსადგენია. გარდა ამისა, 1270-1280-იანი წლებით დათარიღებას არ ეთანხმება თვით Áენაშის მხატვრობის საერთო ხასიათი და ის ცოდნა საქართველოში პალეოლოგოსთა სტილის დამკვიდრებისა და განვითარების ძირითად ტენდენციებზე, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით შეგვიძლია დავეყრდნოთ (ჩვენში ამ მხატვრული სტილის შემოსვლა 1290-იანი წლებიდან ივარაუდება).

როგორც ცნობილია, ზემო სვანეთში შემორჩენილი პალეოლოგოსთა ხანის მოხატულობანი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან და მათზე დაყრდნობით ძალზე ძნელია რაიმე ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრებების მოძებნა, თუ ახალი სტილის განვითარების რაღაც სწორხაზოვანი სურათის დასახვა. და მაინც, როდესაც ერთმანეთს ვადარებთ ლაღამის, ლაშთხვერის მხერის, ფარის სვიფისა და ლაშთხვერის თარინგზელის ეკლესიათა მოხატულობებს, თვალს ხვდება ერთი ზოგადი ტენდენციის არსებობა – ცალკეული ფორმა, ასე ვთქვათ, თავისთავადი, ავტონომიური არსებობის დამკვიდრებას იწყებს, ქრება ზოგად, ერთიან ფორმაში მისი გამთლიანების მოთხოვნილება, ერთიანი ფორმის აგების ლოგიკისათვის მისი დაქვემდებარების სურვილი. შესაბამისად, ზედაპირი ნაწევრდება მკაფიო საზღვრების მქონე გეომეტრიულ ფორმათა ერთობლიობად, რომელიც განმსაზღვრელი ხდება მისი აღქმისას. ზედაპირის ამგვარ მზარდ გეომეტრიზებას თან სდევს გასიბრტყოვნების ხარისხის თანდათან ზრდაც, ნახატის მზარდი გაკუთხოვანება, ერთგვარი გახისტებაც კი, მისი ერთგვარ ორნამენტულ ნახჭად გადაქცევა. ყოველივე ეს აშკარად მეტყველებს ფორმის მონუმენტური შეგრძნების თანდათან შესუსტებაზე, რომელიც ფიგურათა დიდი ზომის შენარჩუნების მიუხედავად, სრული ა-მონუმენტურობის სახეს იძენს.
ამ ფონზე Áენაშის მხატვრობა ამჟღავნებს ერთგვარ გარდამავლობას, ის ძველისა და ახლის შესაყარზე იმყოფება. აქ ჯერ კიდევ შენარჩუნებულია მონუმენტური ფორმის შეგრძნება, კლასიკური მონუმენტური სტილის “სულისკვეთება”, რაც, უპირველეს ყოვლისა, თავს იჩენს ფიგურათა ხასიათსა თუ პროპორციებში, მოქნილი, პლასტიკური ხაზის დენადობასა და სირბილეში, ნახატის არა თავისთავადი, არამედ ფორმის გამოვლენის ლოგიკიდან გამომდინარე აგებაში. ამასთან, ეს მხატვრობა ისეთი ნიშნების მატარებელიცაა, რომელნიც აშკარად მიუთითებენ ახალი სტილის მოთხოვნებისადმი ხარკის გადახდაზეც. ამას მეტყველებს მოხატულობის საერთო იდეური გადაწყვეტის თავისებურებანი, დამუშავების მანერის გარკვეული ხერხები, კომპოზიციებში არქიტექტურული ფონის მნიშვნელოვანების ზრდა, მისი მრავალნაწევრიანობა და გადმოცემის თავისებურებანი, ფიგურისა და არქიტექტურის ურთიერთმიმართების შეცვლა, მხატვრობის საერთო ფერადოვანი გადაწყვეტა. სწორედ ეს ნიშნებია, ჩვენი ფიქრით, იმის მიმანიშნებელი, რომ სვანეთის პალეოლოგოსურ მოხატულობებს შორის უადრესი ეს მხატვრობა უფრო XIII–XIV საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს შესრულებული, ვიდრე ვახტანგ II-ის თანამოსაყდრეობის ხანაში. იმას, რომ Áენაშში გამოსახული მეფე არ შეიძლება ვახტანგ II იყოს, კიდევ ერთი, არანაკლებ გასათვალისწინებელი გარემოებაც გვაფიქრებინებს.
ცნობილია, რომ სვანეთის მონუმენტურ მხატვრობაში დადასტურებულ საქტიტორო პორტრეტებს შორის უფრო ხშირად ადგილობრივ ფეოდალთა და დაწინაურებულ საგვარეულოთა წარმომადგენლების გამოსახულებებს ვხვდებით (მაგ., მიქელ ჩეგიანი ჰადიშში, შალვა ქირქიშლიანი ლაღამში, იველდიანები მხერში, უფრიანები უღვალში, ჯაფარიძეები ლეხთაგში). სამეფო პორტრეტი, როგორც ითქვა, მხოლოდ მაცხვარიშის ეკლესიის მოხატულობაში გვხვდება – დემეტრე I-ის მეფედკურთხევის ცნობილ კომპოზიციაში. როგორც თ. ვირსალაძე აღნიშნავს, ამ ცერემონიალის ერთი კონკრეტული მომენტის – მეფისთვის ხმლის შებმის – გამოსახვა სწორედ იმით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რომ ამ მეტად საპატიო რიტუალის შესრულება სვან ფეოდალებს ხვდათ წილად. არ შევცდებით, ალბათ, თუკი ვიტყვით, რომ მხატვრობის საერთო პროგრამაში ამგვარი კომპოზიციის ჩართვა უპირატესად სწორედ სვანი ფეოდალების გამორჩეული პრივილეგიის უკვდავყოფისა და შთამომავლობისათვის მისი საუკუნოდ გათვალსაჩინოების სურვილით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი. აქედან გამომდინარე, თითქოს, ისიც შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ მეფის გამოსახვა სვანეთში უნდა უკავშირდებოდეს სვანეთის ისტორიის რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, ან ყოველ შემთხვევაში, სვანეთსა თუ მის ცხოვრებასთან მეფის უშუალო დამოკიდებულების ამსახველი უნდა იყოს.
სვანეთში შემორჩენილ ისტორიულ საბუთთაგან მეფე მხოლოდ ოთხ სიგელში იხსენიება. ესენია:
1. “სიგელი კონსტანტინე მეფეთ მეფისა გოშქოთელიანისადმი”, რომლის გამცემია დავით ნარინის ძე, კონსტანტინე I (1293-1327 წწ.);
2. “სიგელი დანიელ ცაიშელ მთავარებისკოპოსისა ლაბსყელდაშისადმი”, რომელშიც მოხსენებულია დემეტრე მეფე, ალექსანდრე I დიდის ძე (1445-1452 წწ.);
3. “წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე”, რომელშიც ნახსენებია იმერეთის მეფე ალექსანდრე (1478-1510 წწ.);
4. “დაწერილი გელოვანებისა სეტის Ãევისადმი”, რომელშიც მოხსენიებულნი არიან იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639 წწ.) და ძე მისი ალექსანდრე (1639-1660 წწ.).
სვანეთში არ ჩანს, ყოველ შემთხვევაში, სადღეისოდ ცნობილი მასალის მიხედვით, ვახტანგ მეფის რაიმეგვარი შეწირულობა სვანეთის ეკლესიებისადმი;  მისი სახელი არც ზემოთ მოყვანილ საბუთებში იხსენიება. ამდენად, იბადება სრულიად ლოგიკური კითხვა – თუკი Áენაშის ეკლესიაში გამოსახული მეფე ვახტანგ II ვერ იქნება, მაშ ვინღა შეიძლება იყოს იგი? ეს ხომ ვერც დავით ნარინი იქნება და მას, თითქოს, არც სხვა მოსაყდრე ჰყოლია? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ კვლავ უნდა დავუბრუნდეთ XIII საუკუნის საქართველოს ისტორიულ ვითარებას.
XIII საუკუნემ საქართველოს მრავალი განსაცდელი მოუტანა, პირველ ყოვლისა, მონღოლობა და 1261 წელს სახელმწიფოს ორად გაყოფა – ლიხს აქეთ დავით ულუსა და ლიხს იქით – დავით ნარინის სამეფოებად. მხოლოდ 1289 წელს მოხერხდა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების დაწყება ნარინის ძის, ვახტანგ II-ის ხელს ქვეშ, რომელსაც ტახტი 1292 წლამდე ეკავა, როდესაც იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. გელათის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთი ეგვტერის მხატვრობაში შემორჩენილია დავით ნარინის პორტრეტი, რომელზედაც იგი ბერის სამოსშია წარმოდგენილი. თუმცა, ისტორიულ წყაროებში არაფერია ნათქვამი დავითის შემონაზვნებაზე, თუ გვაქვს საბუთი ეს რეალურ ფაქტად ჩავთვალოთ და როდის შეიძლებოდა მომხდარიყო ეს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შესაძლოა, გარკვეულად მოგვეხმაროს ცნობები დავით ნარინის პიროვნების შესახებ, რომელნიც ჩვენთვის საინტერესო ეპოქის საკმაოდ მწირმა ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახა.
ჟამთააღმწერელი დავით რუსუდანის ძის დახასიათებისას, მის სხვა ღირსებებს შორის აღნიშნავს, რომ დავითი იყო “ენატკბილ და სიტყÂერ, უხუ და მდაბალ, ცხენსა ზედა მÃნე, და ლაშქრობათა შინა გამგონე და სამართლის მოქმედ, უმეტესობის მოღუაწე”. ხოლო ერთიანი სამეფოს ორად განყოფის შემდეგ, იგი დასძენს, “და დარჩა ლიხთიმერეთი რუსუდანის ძესა. და მოიწყო ყოველი ქვეყანა, და მოიგო სიმდიდრე უზომო, და წარმართა სახლი სამეუფო კეთილად”.
მართლაც, ის, რაც ჩვენ ვიცით დავით ნარინის მოღვაწეობის შესახებ, გვიხატავს საკმაოდ ნათელ სურათს თავისი სამეფოს კეთილდღეობისთვის დღენიადაგ მზრუნველი, წინდახედული, შორსმჭვრეტელი მმართველისა, დამპყრობელთა წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლისა, რომლის მთელი მოღვაწეობა მტრის დასუსტებადაზარალებისა და ამით ქვეყნის უსაფრთხოების მისაღწევად იყო მიმართული. მისი მცდელობით მონღოლებმა ფეხი ვერ მოიკიდეს დასავლეთ საქართველოში, იგი ეძებს პოლიტიკურ მოკავშირეებს სხვა ქვეყნებში, მაგ., მიწერ-მოწერა აქვს ეგვიპტის სულთნებთან (1264-1268 წწ.), ეხმარება ილხანების წინააღმდეგ აჯანყებულ მონღოლ ხანებს, ასევე ოქროს ურდოს ყაენებსაც; საქართველოს წინანდელი პოლიტიკური ზეგავლენის შესანარჩუნებლად აქტიურად ჩართულია ტრაპიზონისსაკეისროს საქმეებშიც.
ამრიგად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დავით ნარინისთვის თავისი ქვეყნის ბედი, მის სასიკეთოდ გარჯა აქტიური ქმედება-ფიქრის საგანი იყო. პიროვნულადაც, იგი დაუცხრომელ მოღვაწედ ჩანს და ასეთი ადამიანისთვის სოფლიდან განდგომა, განრიდება, ალბათ, რაღაც განსაკუთრებული გარემოებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ამგვარ გარემოებად, ჩვენის ფიქრით, შეიძლება გამხდარიყო ის მძიმე დარტყმა, რომელიც დავითისთვის მისი საყვარელი, უფროსი ვაჟის, ვახტანგის გარდაცვალება იყო. ჟამთააღმწერელი ამბობს: “ვითარ ესმა მეფესა, მამასა მისსა დავითს, სიკუდილი სასურველისა და ყოველთა მიერ შეყუარებულისა ძისა მისისა ვახტანგისი, უზომოთა ტკივილთა და ვაებათა მოიცვეს, რამეთუ შეუძლებელ არს მოთხრობად თÂთოეულისა. გარნა ესოდენ მოიცვა მწუხარებამან, რომელ ვერღარა პოვა ლხინება?”. ვახტანგი ხომ დავით ნარინისთვის არა მხოლოდ უსაყვარლესი პირმშო ძე იყო; იგი, შეიძლება ითქვას, ერთიანი საქართველოს აღდგენის, სამეფოს კვლავ გამთლიანების “სიმბოლო” უნდა ყოფილიყო, ანუ განხორციელება დავითის ოცნებისა, რომელსაც მან, არსებითად, მთელი თავისი მოღვაწეობა და უზარმაზარი ძალისხმევა შეალია. ამიტომ თავისუფლად შეიძლება დავუშვათ, რომ გარდა უმძიმესი პიროვნული ტრაგედიისა, ვახტანგის გარდაცვალება სამეფოს კეთილდღეობაზე დავითის იმედების მსხვრევის ტოლფასი გამხდარიყო და, შესაძლოა, სწორედ ამ უმძიმესი სულიერი განსაცდელის ჟამს გადაეწყვიტა დავითს, მოხუცებულს, სასომიხდილს, შიდა თუ გარეშე მტერთა გამუდმებული ვერაგობითა და გაუტანლობით დაღლილს, განშორებოდა ამა სოფელს, ხოლო “შემდგომად მცირეთა წელთა შეისუენა მანცა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსემან”. საყურადღებოა, რომ საკუთარ საძვალედ განმზადებულ, გელათის მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგვტერში, თავის პორტრეტებთან ერთად, დავით ნარინმა, როგორც ჩანს, ვახტანგის პორტრეტიც მოათავსა – მეფეთ მეფე აქ კამარაზეა გამოსახული.
არანაკლებ საინტერსო ჩანს ჟამთააღმწერლის ფორმულირება დავით ნარინის გარდაცვალებისა – “შეისუენა მანცა, პატიოსნითა სიბერითა აღსავსემან”. საქმე ისაა, რომ ჩვეულებრივ, “ქართლის ცხოვრებაში” შეტანილ საისტორიო თხზულებებში მეფეთა გარდაცვალების აღსანიშნავად სულ რამდენიმე ფორმულა გვხვდება – “მიიცვალა” (ყველაზე გავრცელებული), “აღესრულა”, “გარდაიცვალა” და “მოკუდა” (უფრო იშვიათად). “შეისუენა” გარდაცვალების მნიშვნელობით, რამდენადაც ჩვენ შევძელით დაგვეკვლია, მხოლოდ ჟამთააღმწერელთან დასტურდება და ისიც მხოლოდ სამ შემთხვევაში – ლაშა-გიორგის, ვახტანგ II და დავით ნარინის გარდაცვალების აღწერისას. კიდევ უფრო დამაფიქრებელია “პატიოსნითა სიბერითა აღსავსე”. რაგინდ ხანდაზმული ჩვენი მეფეების გარდაცვალების აღნიშვნის დროს, რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მსგავსი ფორმულა საისტორიო წყაროებში არ გვხვდება, თუმცა ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში, განსაკუთრებით კი ბერების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, იხსენიება ხოლმე “კეთილი სიბერე”; მაგ., წმ. ანტონ მარტყოფელი “სიბერითა კეთილითა სრულქმნილი უფლისა მიიცვალა”, წმ. თევდოსი “მივიდა ღმრთისა კეთილითა სიბერითა”, წმ. სერაპიონ ზარზმელი “სიბერითა კეთილითა განპოხნეს”. საგულისხმოა, რომ ერისკაცთა მიმართ მსგავსი ფორმულის გამოყენების მხოლოდ ერთი შემთხვევა შეგვიძლია დავიმოწმოთ (სხვა ჩვენთვის უცნობია) – იოვანე ერისთავი “მოკუდა კეთილითა სიბერითა და დაეფლა მის მიერ აღშენებულსა მონასტერსა”; მაგრამ, და ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ტექსტში იოვანეს დახასიათებისას, აშკარად ხაზგასმულია მისი გამორჩეული ღვთისმოსაობა და სასოება და, ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება იმის დაშვება, რომ “კეთილითა სიბერითა” იოვანეს სწორედ ამ თვისებების გამო ითქვა.
ცხადია, ზემოთ მოტანილი მაგალითები ჟამთააღმწერლის ტექსტის უშუალო, პირდაპირ პარალელებად ვერ გამოდგება, თუმცა საერთო “სულისკვეთებისმიერი” თუ “ტიპოლოგიური” სიახლოვე, თითქოს შეიგრძნობა. ამასთანავე, საგულისხმოა თვით “პატიოსანი”-ს ერთ-ერთი მნიშვნელობა ძველ ქართულში – “მისი პატიოსნება” იხმარებოდა მაღალი სასულიერო პირის ეპითეტად. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჟამთააღმწერლის სიტყვები “პატიოსნითა სიბერითა აღსავსე” შეიცავს ერთგვარ მინიშნებას დავით ნარინის შემონაზვნების შესახებ, ანუ გელათის სამხრეთ-აღმოსავლეთ ეგვტერის მხატვრობაში წარმოდგენილ დავით ნარინისა და ვახტანგ II პორტრეტებს ხომ არ ეძებნება, მართალია არა-პირდაპირი, “შეფარულ-დაქარაგმებული”, მაგრამ მაინც წერილობითი წყარო?
რას ნიშნავს მეფის ბერად აღკვეცა? ჩვენი ისტორიული სინამდვილე სრულიად ერთმნიშვნელოვან პასუხს გვაწვდის ამ კითხვაზე – მეფის ბერად აღკვეცა ნიშნავს, რომ იგი კარგავს ყოველივე ამსოფლიურ ხელისუფლებას და მთელი მისი ძალაუფლება მისი ტახტის მემკვიდრეს გადაეცემა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც განდგომილი უფლისწულნი სწორედ ამ საშუალებას მიმართავდნენ ხოლმე სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად, როგორც ეს დემეტრე I-ის უფროსმა ვაჟმა, დავითმა გააკეთა. იცოდა რა, რომ დემეტრე იყო “მარჩეველი ძისა უმცროსისა”, მან აიძულა მამა ბერად შემდგარიყო, ხოლო თვითონ მეფობა მიიღო. როგორც აღნიშნავს ივ. ჯავახიშვილი, “დავით III გამეფება მაინცდამაინც მისი მამის დემეტრე მეფის თანხმობითა და ნებართვით არ მომხდარა, ეს თამარ მეფის ისტორიკოსის სიტყვებიდანაც ნათლად ჩანს; ხოლო დავითის გარდაცვალების შემდეგ (მან მხოლოდ 6 თვე იმეფა), “შემონაზვნებულს დემეტრეს პირი კვლავ სამეფო ცხოვრებისკენ უბრუნებია და თავის თანამოსაყდრედ სახელმწიფო ტახტზე თავისი საყვარელი შვილი გიორგი III დაუსვამს”.
ხუთი საუკუნის შემდეგ, იგივე ამბავი ალექსანდრე II კახთა მეფის ოჯახშიც განმეორდა. ნ. ბერძენიშვილის სიტყვები რომ დავიმოწმოთ, ალექსანდრეს უფროსმა ვაჟმა, “დავითმა მეფობა მიიტაცა, ძმა ციხეში გამოკეტა, მამა ბერად შეაყენა, ხოლო მათი მომხრე ფეოდალები მრავლად გაწყვიტა, ...მაგრამ დავითი იმავე წელს გარდაიცვალა. ალექსანდრე ისევ მეფე იქმნა, ხოლო გიორგი ტახტის მემკვიდრე”.
თუმცა, ისეთი შემთხვევაც შეიძლება გავიხსენოთ, როდესაც მეფე თავისი ნებით განუდგებოდა ამა სოფელს და ქვეყნის გამგებლის მძიმე ტვირთს თავის მემკვიდრეს გადასცემდა, როგორც ეს მეფე ალექსანდრე დიდის (1414-1442) სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მოხდა. იგი ბერად აღიკვეცა (ათანასეს სახელით), ხოლო ტახტზე თავისი საყვარელი ვაჟი, ვახტანგ IV (1442-1446) აიყვანა. კიდევ უფრო საოცარია ქართლის მეფე დავით X-ის (1505-1525) ისტორია. როგორც მოგვითხრობს ბერი ეგნატაშვილი, იგი ბერად აღიკვეცა და “მისცა მეფობა თÂსი ძმასა  თÂსსა უმრწემესსა გიორგის” [გიორგი IX (1525-1534)]. გიორგი IX ერთხანს განაგებდა სამეფოს, ხოლო შემდეგ იგიც “მონაზონ იქმნა... და არა დარჩა ძე თÂსი და მისცა მეფობა ძმისწულსა თÂსსა ლუარსაბს” [ლუარსაბ I (1527-1556)].
ნიშანდობლივია, რომ ამგვარმა ისტორიულმა რეალობამ ჩვენს ლიტერატურაშიც ჰპოვა ასახვა. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის “ომაინიანში” მისრეთის მეფე შემდეგი სიტყვებით განუცხადებს თავის ასულს საკუთარ ნებას – მეფობა მას ჩააბაროს, თავად კი საკუთარი სულის ხსნაზე იზრუნოს: “წესია, რომე ხელმწიფური ქცევა, ოქროსა და თვალმარგალიტთა ცვეთა, სოფლისა სიყვარული არის და ბევრი ამ რიგნი სოფლისა სიამოვნითა, ანუ მრავლისა საქონლისა დადება, ანუ სხვათაგან ქვეყნისა წაღება – მეფენი ამა საქმისაგან ვერა მორჩებიან. მაგრა ამა სიტყვისაცა მოხსენება ჯერია, რომელსა იტყვის პირი ღვთისა: “სიყვარული ამის სოფლისა – მტრობა არს ღვთისა.
ჩემნი სიტყვანი გაიგონენ: მეფობა შენ ქენ და კარგი და ავი შენ გააგე, და მე ამა სიბერისა ჟამსა ცოდვათა სინანულად გამამზადე”.
ამრიგად, ჩვენ სრული უფლება გვაქვს დავასკვნათ, რომ დავით ნარინი ბერად თუ აღიკვეცებოდა, მთლიანად უნდა ჩამოშორებოდა თავისი სამეფოს გამგებლობას და, ამდენად, დასავლეთ საქართველოს პატრონობა სხვა მეფეს უნდა ეტვირთა. თუკი დავუშვებთ, რომ დავითის შემონაზვნება ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, ე.ი. 1292 წელს, საფიქრებელია, კონსტანტინე I-ის ტახტზე ასვლის შემდეგ, რომელმაც “მიიღო მეფობა... პირმშოებისა ძლით”. ეს თითქოს ბუნებრივიცაა, რადგან ამ დროს დავით ნარინის ვაჟებს შორის უფროსი ხომ სწორედ კონსტანტინე იყო. დავითი ჯერ კიდევ ცოცხალია, იგი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, 1293 წ. გარდაიცვალა. და იქნებ Áენაშში სწორედ კონსტანტინე დახატეს, იქნებ დავითისადმი მოწიწებისა და პატივისცემის ნიშნად, მის გარდაცვალებამდე, სწორედ მან არ მიიღო მეფობის მთელი სისრულე?
მამისადმი კონსტანტინე მეფის განსაკუთრებული დამოკიდებულების დამატებით დასტურად, შესაძლოა, გოშქოთელიანისადმი გაცემული მისი სიგელიც გამოდგეს. საზოგადოდ დამკვიდრებული წესის თანახმად, საბუთის ბოლოს მეფის ხელრთულობაა – “ქ. დამინიშნავს”, სიგელის დამტკიცების ნიშნად. როგორც ამ საბუთის განხილვისას აღნიშნავს ვ. სილოგავა, “საბუთის ბოლოს დასმული მეფის დამტკიცება – ხელრთულობა... განსხვავდება როგორც XI-XII სს., ისე XIV-XV სს. მეფეთა ხელრთულობებისაგან და ანალოგიურია დავით ნარინისა და დავით ულუს, ე.ი. XIII ს. შუა ხანების იმ ხელრთულობების (“ქ. დამინიშნავს”, “ქ. დაგუინიშნავს”), რომელიც დასმული აქვს 1249-1260 წლების ნასყიდობის დაწერილს შიომღვიმის კრებულისა მსახურთუხუცეს გრიგოლ სურამელისადმი. მათივე მსგავსია დავით მეფის, რუსუდანის ძის, სხვა ხელრთულობა (“ქ. ჩუენ, დავით მეფესა დაგუინიშნავს”), რომელიც დასმული აქვს 1241 წლის დაწერილს მიქაელ ქართლის კათალიკოზისა მსახურთუხუცეს ვაჩე გუარამის ძისადმი”. აღსანიშნავია აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის კომენტარი – “დავით რუსუდანის ძესა და დავით ლაშას ძეს შიომღვიმის 1250 წ. გრიგოლ სურამელისადმი მიცემულს საბუთში და მიქაელ კათალიკოსის XIII ს. წყალობის წიგნზე არაჩვეულებრივი ხელრთულობა უხმარიათ და პირველში წერია ხვეულად: “ქ. დამინიშნავს. ქ. დაგუინიშნავს”... ხოლო მეორეში: “ჩუენ დავით მეფეს დამინიშნავს”. მართლაც, ივ. ჯავახიშვილის მიერ დამოწმებული, სხვადასხვა დროის სიგელებზე ქართველ მეფეთა ხელრთულობის ფორმულები საკმაოდ განსხვავებულია (ავიღოთ სამაგალითოდ, ბაგრატ III-ის 1020 წ. სიგელი, დავით აღმაშენებლის 1123 წ. ანდერძი, თამარ მეფის 1202 წ., დავით VIII-ის 1297/1298 წწ., ალექსანდრე I-ის 1438 წ. და 1441 წ., გიორგი VIII-ის 1448 წ. სიგელები), მაგრამ ყველგან “დამტკიცებაზე”-ა საუბარი – “დამიმტკიცებია”, “დაამტკიცე მტკიცე”, “მტკიცე ყოს”, “მტკიცეა”, “ვამტკიცებ”. ამიტომაც, კონსტანტინე მეფისა და დავით ნარინის ხელრთულობათა ანალოგიურობა, ვფიქრობთ, გარკეულად დამაფიქრებელი და ყურადსაღები ფაქტია. ნიშანდობლივია, ალბათ, ისიც, რომ ამ გარემოებას ვ. სილოგავა იმოწმებს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს გოშქოთელიანისადმი გაცემულ სიგელში მოხსენებული მეფის იდენტიფიკაციისა და, შესაბამისად, ამ საბუთის დათარიღებისათვის.
კონსტანტინე მეფისა და დავით ნარინის ხელრთულობათა ანალოგიურობაში თითქოს ცნაურდება ვაჟის გამოკვეთილი სურვილი მამის კვალზე სვლისა, მის დარად ქმედებისა; თუმცა, ეს შესაძლოა არა მხოლოდ მამის მიმართ განსაკუთრებული შვილური პიეტეტის მიმანიშნებელი იყოს, არამედ, იქნებ, ამსახველი მეფის მიერ არჩეული გეზის, სამეფოს “მესაჭეობის” მემკვიდრეობითობის გამორჩეული ერთგულებისა. არ არის გამორიცხული (თუმცა ამასაც მხოლოდ ვარაუდად თუ დავუშვებთ), რომ მამისეული ღვწის გაგრძელების სულისკვეთებითაც ყოფილიყო წაბიძგებული კონსტანტინე I-ის მიერ 1305 წელს “ტყვეობიდან გამოხსნილი”, ქართველთა ხელში კვლავ დაბრუნებული, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ახლად მორთვამოხატვა. როგორც აღნიშნავს ელ. მეტრეველი, “XIII-XVI სს. მანძილზე ჯვარი, როგორც ჩანს, არაერთგზის დაურბევიათ და შეუვიწროვებიათ. განსაკუთრებით მძიმე იყო მამლუქებისგან ჯვარის მიტაცება 1273 წ. და მისი მიზგითად გადაქცევა. დატყვევებული ჯვარის განთავისუფლება ქართველებისათვის გადაიქცა ეროვნული ღირსების დაცვის საქმედ”. ძნელია, აქ არ გაგახსენდეს დავით ნარინის ჩარევა ტრაპიზონის საკეისროს საქმეებში, რაც, ასევე, უპირველეს ყოვლისა, ქართველთა ეროვნული ღირსების დაცვა იყო და საქართველოს სამეფოს პოლიტიკური გავლენის სფეროს შენარჩუნებისთვის გარჯა. კონსტანტინეს დიდი ღვაწლის სათანადო აღიარება იმითაც დასტურდება, რომ მონასტრისთვის გაწეული ამ სამსახურისთვის, მას სიცოცხლეშივე განუწესეს აღაპი – 21 მაისს, კონსტანტინე დიდის მოხსენიების დღეს.
მეტად საგულისხმოა თვით ამ აღაპის ტექსტიც: “აღაპი და პანაშვიდი აფხაზთა მეფეთ მეფის კოსტანტინესთვის, რომელმაც ჯვარის მონასტერი ახლად შეკაზმა”. როგორც ვხედავთ, კონსტანტინე აქ “აფხაზთა მეფედ მეფედაა” მოხსენებული. თუკი გავიხსენებთ, რომ ჟამთააღმწერელთან დავით ნარინიც ორგზის იხსენიება იმავე ტიტულით, შეიძლება დავუშვათ, რომ კონსტანტინეს მიერ ამ ტიტულის ტარებაც ერთგვარი მინიშნება იყო დავითის, და მისი სახლის, “უმრწემესი მეფობისა”, ლიხთიმერეთის “პყრობისა” და, იქნებ, ამით აიხსნებოდეს მისი ესოდენ უჩვეულო გამოსახვა Áენაშში მანიაკ-ლორონით, მაგრამ მაინც მოკლე კაბაში.
Áენაშის სამეფო საქტიტორო პორტრეტის თავისებურებების ასახსნელად, კიდევ ერთი, პირველი შეხედვით საკმაოდ მარტივი (თუ ბანალური არა) გარემოებაც უნდა იყოს გასათვალისწინებელი. როგორც აღვნიშნეთ, სამეფო პორტრეტი ზემო სვანეთში მხოლოდ მაცხვარიშის მხატვრობამ შემოგვინახა; აქ კი, როგორც ცნობილია, მეფე დემეტრე მოკლე კაბაშია წარმოდგენილი. თუკი გავიხსენებთ იმასაც, რომ Áენაშის ეკლესია მაცხვარიშის ეკლესიის უშუალო სიახლოვესაა აგებული (ისინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ბორცვებზეა აღმართული), შეიძლება დავუშვათ, რომ Áენაშის მომხატველს მაცხვარიშის მხატვრობის სამეფო პორტრეტი გამოეყენებინა ნიმუშად, როგორც მისთვის ყველაზე ახლო და ადვილად ხელმისაწვდომი – თუმცა, ესეც მხოლოდ ჰიპოთეზად თუ შეიძლება დარჩეს.
ჩვენს მიერ მოყვანილი არგუმენტები, მართალია, ვერ იძლევა ამომწურავ პასუხს ყველა იმ კითხვაზე, რომლებსაც Áენაშის სამეფო პორტრეტი წამოჭრის. უამრავი რამ კვლავაც აუხსნელი რჩება, თუმცა, ჩვენი ფიქრით, იმის სასარგებლოდ, რომ Áენაშში წარმოდგენილი მეფე მართლაც კონსტანტინე I შეიძლება იყოს, ისიც მეტყველებს, რომ კონსტანტინეს მეფობის ხანა – 1293-1327 წლები – კარგად ესადაგება მხატვრობის შესრულების სავარაუდო თარიღს, ხოლო გოშქოთელიანისადმი გაცემული სიგელი სვანეთთან მისი გარკვეული კავშირის მაჩვენებელია.

 




სტატიის ავტორი – მარინე ყენია, გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი;
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, N2, თბილისი, 2002წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014