ქართული ნაქარგობის ძეგლები
(ორი გარდამოხსნა)
ლიტურგიული წესის შესრულებაში მიღებულ საფარებს–დაფარნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა. ბერძნულში მას „აერ“ ერქვა. ათონის მონასტრის 1142 წლის აღწერებში ნახსენები დასაფარებელი ქართულს „დაფარნის“ სახით შეუთვისებია. გარდამოხსნის აღსანიშნავად საეკლესიო მწერლობაში იხმარებოდა კიდევ წმიდა არდაგი, საფლავის საფარი და სხვა. ქართულში ტერმინი „გარდამოხსნა“ ნახმარია XVI საუკუნეში ბაგრატისეულ (1510–1548) გარდამოხსნაში.
გარდამოხსნას დოგმატურ–სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. იგი წარმოდგენილია იმ არდაგად, რომელზეც დასვენებული და შემდეგ შეგრაგნილი იყო ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტეს სხეული. გარდამოხსნა ვნების კვირაში წითელ პარასკევს ეკლესიიდან გარეთ გამოჰქონდათ, სამჯერ შემოატარებდნენ ეკლესიას და შემდეგ ეკლესიაში შეჰქონდათ.
გარდამოხსნა საქართველოში ბიზანტიიდან შემოდის. გარდამოხსნის მთავარი ეპიზოდი–ქრისტეს ტირილი XI საუკუნის ბერძნულ მინიატურებში გვხვდება. ამავე საუკუნის II ნახევრის მინიატურებში უკვე შემუშავებულია ქრისტეს ტირილის კომპოზიციის იკონოგრაფიული სახე. ღვთისმშობელს შვილი ჩაკრული ჰყავს გულში და დედობრივი სიყვარულით ლოყა ლოყაზე აქვს მიდებული. აქ მოცემულია მცდელობა რეალურად გადმოგვცეს გლოვა, რომელსაც დედა განიცდის შვილის სიკვდილის დროს. ამ სურათს ავსებს ნიკოდიმესა და იოსების მძაფრი მოძრაობით გამოხატული მწუხარება, თან ქრისტეს ფეხები უჭირავთ ხელში, მარიამ მაგდალინელის ხელაღმართული გლოვის პოზა და მწუხარე ანგელოზები. XII საუკუნის გელათის ოთხთავის მხატვრობაში ქრისტეს სხეული ღვთისმშობლის კალთაში ასვენია, ნიკოდიმესა და იოსებს გაჭიმული ფეხები უჭირავთ, ამას ემატება კიდევ იოანეს მოკრძალებული მწუხარე ფიგურა. აქ უკვე ჩასახულია „პიეტას“ კომპოზიცია. XIII საუკუნის ჯრუჭის სახარებაში ქრისტეს ტირილის კომპოზიცია (მარკოზის თავში), უკვე პიეტას ჩამოყალიბებულ კომპოზიციას იძლევა. მას ქვემოდან ერთვის ორი მენელსაცხებლე დედა მაღალყელიანი ჭურჭლით ხელში. მათ წინ ზის ანგელოზი, რომელიც ქრისტეს საფლავისაკენ უთითებს, საფლავიდან არდაგი მოსჩანს. ამგვარად ეს კომპოზიცია გადმოგვცემს ქრისტეს ტირილს ღრმა გრძნობითა და დრამატიზმით, რაც ამ ხნისათვის შემუშავებულია, შეიძლება ითქვას, სახარების ტექსტის დაუცველად. მოყვანილი პერსონაჟები თავმოყრილია სახარების ორი ეპიზოდიდან–ჯვარცმისა და გარდამოხსნიდან.
საინტერესოა აგრეთვე უძველესი გარდამოხსნა 1282–1328 წლების ოქრიდიდან, რომელსაც საკრარულ–დოგმატური ხასიათი აქვს. ამასვე ვხედავთ გელათის XIV საუკუნის კონქის ქვეშ მოთავსებულ რეგისტრში, რომელზეც გამოხატულია ანგელოზების საზეიმო სვლა ანთებული სანთლებით. ორ ანგელოზს თავს ზევით გარდამოხსნა უჭირავს, რომელზეც სიმბოლურ–დოგმატური საეკლესიო რიტუალის საჩვენებლად მხოლოდ ქრისტეა წარმოდგენილი. ჩვეულებრივი, ანალოგირუი საეკლესიო რიტუალის შესრულება საეკლესიო მსახურების მიერ ანგელოზებით არის შეცვლილი, რითაც მთელ კომპოზიციას დოგმატურ–სიმბოლური სახე აქვს მიცემული. XIV საუკუნის პანაგუდის ღვთისმშობლის ეკლესიის გარდამოხსნაც ისეთივე ხასიათისაა, მხოლოდ აქ მომსახურე ანგელოზებს ორი მტირალი ანგელოზი ემატება. XIV საუკუნის გელათის ფრესკაში ქრისტე ქვაზეა მოთავსებული, თუმცა თავი ჯერ კიდევ ღვთისმშობლის კალთაში უდევს, რომელიც უკვე სკამზე ზის. ქრისტე მხოლოდ ცენტრალური მდებარეობით არის ხაზგასმული, როგორც პესონაჟი კი არ არის მკვეთრად გამოყოფილი თავისი ზომით. XV საუკუნეც იძლევა გარდამოხსნებს მომსახურე ანგელოზებით, მტირალი ანგელოზების დართვით ან მხოლოდ მტირალი ანგელოზებით. მხოლოდ XIV საუკუნის მიწურულში და XV საუკუნის დასაწყისისათვის კომპოზიციაში შეყვანილია ღვთისმშობელი, იოანე, მტირალი დედანი და სხვა, რითაც ერთგვარი დრამატიზმის იერია შეტანილი მთელს სიმბოლურ–დოგმატურ განწყობაში, ამით მიღწეულია განყენებული და მისტიკური სიუჟეტის უფრო გასაგები და ადამიანის ბრძნობებზე მოქმედი ახალი შინაარსი. ჭირისუფალთა მოძრაობა და მდებარეობა, ჩანს, ნაწილობრივ მაინც იცავს იმდროინდელ ქრისტეს ტირილის იკონოგრაფიულ სცენას.
ჩვენამდე მოღწეული ნაქარგი გარდამოხსნებიდან უძველესია მეფე გიორგი VIII (1446–1466) დაკვეთით ნაქარგი გარდამოხსნა, რომელიც შესრულებულია ლურჯი აბრეშუმის ქსოვილზე 192×158 სმ. ამ გარდამოხსნის კომპოზიცია რთულია. მასში თანმიმდევრობით მოცემულია ქრისტეს ცხოვრების რამდენიმე უკანასკნელი ეპიზოდი. ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი ქრისტეს ტირილი, მისი დასაფლავება საფლავის ქვის გამოსახვით, რომელსაც ოთხი გუშაგი დარაჯობს, აღდგომა, გადმოცემული მენელსაცხებელთა და პეტრეს მისვლით საფლავთან, საიდანაც ქრისტე უკვე აღმდგარია, აგრეთვე ამაღლებაც. აქ გატარებულია აზრი, რომ ქრისტე სინამდვილეში არ მომკვდარა, ის დაკრძალვის შემდგომვე ჯერ აღდგა და შემდეგ ამაღლდა. კომპოზიციის კუთხეები ეთმობა მახარებელთა ემბლემებს, რომლებიც კომპოზიციიდან გამოიყოფიან მცენარეულ გეომეტრიული ორნამენტის მორკალული ზოლით. მთელი ნაქარგობა მოთავსებულია ორნამენტრულ ჩარჩოში. თავისუფალ ფონზე გაბნეულია ორნამენტულ წრეებში ჩასმული სერაფიმები, ძალნი ცისანი და წრეში მოთავსებული ჯვრები. კომპოზიციის მარჯვენა ზედა ნაწილში ასომთავრული წარწერაა. „აქ დიდისა მეფეთამეფესა ალექსანდრეს ძესა მეფეთმეფესა გიორგის გაუმარჯოს და ცოდვანი მისნი შეუნდონ ღმერთმან, რომლისა ბირებითა საფლავად დადებაი მხსნელისა ჩვენისა იესოს ქრისტესი შეიმზადა.“
|
gardamoxsna bagrat III imerTa mefis, XVI s. |
|
gardamoxsna XV s. |
მოსე ჯანაშვილი მოგვითხრობს: „გადმოცემით ეს გარდამოხსნა 1614 წელს შაჰაბას I–ს მცხეთიდან გაუტაცია სპარსეთში და ცხენისათვის უნაგირის ქვეშ დაუფენია. მალე სპარსეთში რაღაც წყლული გავრცელებულა, რომელიც მოსახლეობას დიდ უბედურებას აყენებდა, რაც შაჰაბაზს ღვთის რისხვისათვის მიუწერია გარდამოხსნის შეურაცხყოფისათვის და ეს უკანასკნელი დიდი საჩუქრებით ისევ მცხეთისათვის დაუბრუნებია“. ამის შედეგად გარდამოხსნამ ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებულმა მოაღწია და რესტავრირებულია ანასტასია დავითის ასულ ჯანდიერის მიერ.
გარდამოხსნა ნაქარგია დამაგრებული სითვით და ყაისნაღურა ნაკეთობით. ნახმარია ოქროცურვილი ვერცხლის თმა (რომლის დამაგრებისას გამოყვანილია პაწაწინა რომბები, ტეხილი ტალღისებური ხაზები, ლიანდაგურა, თევზის ფხური ან სადა სითვი) და ფერადი აბრეშუმის ძაფი. ოქროცურვილ თმას, ნაქარგობის მცირე რელიეფობისათვის ქვემოდან უდევს ჩალისფერი დაუგრეხავი აბრეშუმის ძაფი.
გიორგისეული გარდამოხსნის ქრისტეს ტირილი მთლიანად მოკლებულია ინტიმურობას, რომელიც განსაკუთრებით მინიატურებში შეინიშნება, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქრისტეს ტირილის სცენაში შეტანილია ანგელოზთა საზეიმო ღვთისმსახურების ელემენტი, რასაც ვხედავთ მთელ რიგ ბიზანტიურ გარდამოხსნებში. საბოლოოდ ჩამოყალიბდა კომპოზიცია, რომელსაც მხოლოდ სიმბოლურ–დოგმატური მნიშვნელობა ჰქონდა. ამ გარდამოხსნაში ღვთისმშობელი ქრისტესკენ არის დახრილი, ხოლო სხვა ჭირისუფლები ქრისტეს სხეულის უკან არიან მოთავსებულნი. ამ გარდამოხსნაში მოცემული ქრისტეს ტირილის მომდევნო სცენები ამ ხანის და უფრო ადრინდელ კომპოზიციებში არსად გვხვდება თუ მხედველობაში არ მივიღებთ XIII საუკუნის ჯგუჭის სახარების მინიატურას, სადაც ქრისტეს ტირილს მხოლოდ აღდგომის კომპოზიცია ერთვის. მახარობლების სიმბოლოების გამოხატვა გარდამოხსნის კუთხეებში, რაც უძველეს კომპოზიციებშია მოცემული, შემდეგში, ჩანს, ტრადიციული გამხდარა. გიორგისეული გარდამოხსნის ამაღლების კომპოზიცია ჩვეულებრივ სქემიდან განსხვავდება იმით, რომ ქრისტე ცისარტყელის მაგივრად საყდარზე ზის.
გარდამოხსნის ორნამენტული არშია შინაარსით უკავშირდება ჩარჩოს შიგნით მოთავსებულ კომპოზიციას. მცენარეულ წნულში მედალიონების სახით მოთავსებულია 18 წმინდანი და ჯვრები, რომლებიც რიგრიგობით ცვლიან ერთმანეთს. მოჩარჩოების მედალიონებში ჩასმული წმინდანების პორტრეტები გვხვდება ამავე საუკუნის სხვა გარდამოხსნებშიც. რადგან არშია გარკვეული შინაარსის მატარებელია, მისი აღქმისათვის გარკვეული ხერხია მიღებული. იგი წარმოდგენილია როგორც ორი ჯვრით შელამაზებული პორტრეტიანი მედალიონების მწკრივი. ამასთან თითოეული სურათი გამოყოფილია ინტერვალით–მომცრო რომბით, რომელიც სადად შესრულებულ ელემენტს წარმოადგენს. არშია სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან, ერთის მხრივ, გეომეტრიული ხაზები, მოქნილი ფოთლები და მეორეს მხრივ, ნახატობისა და ფონის ერთმანეთთან დაპირისპირება ისევე, როგოც ფერადი ლაქების შეხამება, დიდი გემოვნებით არის შერჩეული.
|
giorgiseuli gardamoxsna XV s. |
ამ გარდამოხსნის რამდენიმე კომპოზიციური და იკონოგრაფიული განმეორება გვხვდება XVII საუკუნეში.
გიორგისეული გარდამოხსნის კომპოზიცია მოცემულია სიბრტყეში. ქრისტეს დიდი ზომის სხეული ნაკლებად მოქნილი ხაზებით არის მოცემული. თმაც ხისტი და მოუხეშავია. სახის ნაკვთები და წვერულვაშიც პირობითია, ქვეშსაგები უკუღმა პერსპექტივით არის მოცემული. მთავარანგელოზების და სხვა პერსონაჟის სახის კვერცხისებური ოვალი მეტყველად არ აღნიშნავს ნაკვთების მოხატულობას და პირობითია. მათი სხეული და სამოსი მოუხეშავია და არ იძლევა ისეთ სურათს, როგორც XIV საუკუნის ომფორში, რომელშიც მთელი სხეული და მისი მოძრაობა სამოსს შიგნიდან კარგად იგრძნობა ნაოჭების ბუნებრივი დალაგების გამო. საინტერესოა ერთი მომენტიც–მთავარანგელოზებს ქართული ქალამნის მსგავსი ფეხსაცმელი აცივათ.
გარდამოხსნის მთელ კომპოზიციაში ქრისტეს ტირილის ეპიზოდს ფართობის ნახევარი უჭირავს და ამიტომ მისი პირველმნიშვნელობა მკაფიოდ არის გამოყოფილი. ქრისტეს ფიგურის ზომა და დანარჩენი პერსონაჟების მისადმი მიმართება ქრისტეს უპირველეს მნიშვნელობას აძლევს. ქრისტეს ღია, ნათელი ფერის სხეული თავიდანვე მაყრუებლის ყურადღებას იპყრობს, ამ ფერს კარგად ეხამება ქრისტეს ირგვლივ მოთავსებული პერსონაჟბის ქლამინდებისა და მათ ქვეშ მოცემული საგებლის ოქროსებური ბზინვარე ლაქები. თმას, სახის ნაწილებს და ფერად სამოსელს ორ ძირითად ფერში სასიამოვნო ჟღერა შეაქვთ. ჟოლოსფერი სამოსი ენაცვლება ღია ცისფერსა და მომწვანო ყვითელს. ამრიგად, ჭირისუფლების მოძრაობის რიტმს ერთვის ფერადი გამის რიტმიც. მთლიანად ლურჯ ფონზე შესრულებული სიუჟეტი, აქა–იქ მოთავსებული ჯვრიანი მედალიონები, სერაფიმები, ძალნი ცისანი წარწერებთან ერთად კომპოზიციურად მთლიანსა და ფერების შეხამებით სასიამოვნო სურათს წარმოადგენს. ქვედა ნაწილში მოთავსებული კომპოზიცია, თუმცა მასში პერსონაჟები შემცირებულია, ტვირთავს გარდამოხსნის კომპოზიციას, მაგრამ ამასთანავე რამდენიმედ ყურადღებას სწყვეტს ძირითადი სიუჟეტისგან. ეს შთაბეჭდილება იქმნება იმის გამო, რომ პერსონაჟების შემცირება გამოიხატება მხოლოდ სხეულის ქვედა ნაწილების შემოკლებით. მაგრამ მათი ნახატობა და ფერები იმდენად მკვეთრად არის გამოყოფილი, რომ ჭირისუფლებთან ერთად აღიქმებიან ამ ნაწილში მოცემული პეტრე მოციქული და ორი მენელსაცხებლე დედა სხვა პერსონაჟებს არ ეთვისებიან თავიანთი ზომებით და დამუშავებით, რის გამოც ამ რეგისტრის დანარჩენი ნაწილი მოწყვეტილია, დაქვემდებარებულია ძირითად სიუჟეტს.
ზედა რეგისტრის ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულია ძალიან შემცირებული პერსონაჟებით შესრულებული ამაღლება საყდარზე მჯდომი ქრისტით. ანგელოზები ისეა მოცემული, როგორც ამ კომპოზიციის თხრობის დამხმარე მეორეხარისხოვანი მომენტი. ამაღლების ორივე მხარეს მოთავსებული ძალნი ცისანი ავსებენ მთელ რეგისტრს და შინაარსობრივად ისევე მეორეხარისხოვან როლს თამაშობენ. რაც შეეხება მათ მხატვრულ აღქმას, აქაც მოცემული არიან როგორც დამხმარე და შემავსებელი ნაწილები.
კუთხეებში მოთავსებული ოთხი მახარობლის ემბლემა, როგორც შინაარსობრივად, ისე კომპოზიციურად მიქცეულია კომპოზიციის მთავარი პერსონაჟისაკენ, რაც ხელს უწყობს მაყურებლის ყურადღების გამახვილებას ცენრალურ ფიგურაზე. მთელი სურათი შეკრულია ჯვრებისა და წმინდანებისაგან შემდგარი ფართო ორნამენტურლი არშიით. მქარგველი ერთ სურათად წარმოგვიდგენს ქრისტეს ცხოვრების ჯვრიდან ჩამოხსნის შემდგომ ეპიზოდს. ქრისტეს ცხედარს დედა და მახლობლები დასტირიან, ამით ხელოვანს უნდა მთელი მომენტის დრამატიზმის აღნიშვნა, მაგრამ, როგორც საზეიმო საღმრთო მსახურების შემსრულებელი, იგი ცდილობს მწუხარების განწყობა შეანელოს. ეს ხაზგასმულია მოვლენათა მსვლელობის შემდგომ ეპიზოდებშიც. ავტორს არ უნდა, რომ გარდაცვლილი ქრისტეს ტირილის ძირითადი მომენტი გახადოს ხანგრძლივი შთაბეჭდილების საგანად და მაყურებლის აზრი გადააქვს ჯერ ქვაზე, რომლის ქვეშ მაცხოვარი იყო დაკრძალული და შემდეგ სამარეზე, საიდანაც ქრისტე აღსდგა. ამრიგად, აქვე ხაზგასმულია ქრისტეს ხანმოკლე სიკვდილი, რომ იგი მოკვდა, მაგრამ აღსდგება და აღსდგა კიდეც. ამიტომ შეიძლება მხატვარმა ქვემო რეგისტრის ზოგიერთი პერსონაჟი მოჭარბებული ზომისაც კი მოგვცა, რათა მკვდარი ქრისტესაგან მაყურებლის თვალი სწრაფად გადასულიყო იმ სურათებზე, რომელნიც მის უხრწნელობასა და აღდგომას ამცნებს, ბოლოს, ზემოთ მოთავსებული ამაღლება ამ აზრს აგვირგვინებს.
ამრიგად, ეს გარდამოხსნა ქართული ნაქარგობის განვითარების იმ საფეხურს ეკუთვნის, როდესაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული სქემა უკვე დარღვებულია. მხატვარი კომპოზიციას აქ უფრო თავისუფლად აწყობს. გარდამოხსნა იმ დროისათვის ახალშექმნილი კომპოზიციური სქემის უფრო განთვითარებული სახეა.
გარდამოხსნის ნაქარგობა თუ ნახატობის შესრულებაში ჩამორჩება, ფერთა განლაგებასა და ქარგვის მხრივ მაღალ საფეხურზე დგას. ფერთა შეხამებაში წონასწორობაა დაცული. თითოეული ფერი დაპირისპირებული ლურჯ ფონს და უხვად ნახმარ ოქროცურვილ ვერცხლის თმასთან, რითაც თავისებური, ლითონისებური იერი გადაჰკრავს, ამიტომ ცხოველხატულობა ნაკლებად არის მოცემული. დაცულია ქარგვის ტექნიკის, ფერების შერჩევის ძველი ტრადიციები. სხეულის ნაკვეთების, ტანსაცმლის გადმოცემა მშრალი და სქემატური ხდება. ჩანს, იმდროინდელი ქარგვის ხელოვნება სხვა მომენტებს აქცევდა ყურადღებას, როგორიცაა ოქროს ჭარბად მოცემა და ამ გზით მდიდრული შთაბეჭდილების შექმნა. აღნიშნულ გარდამოხსნაში შეინიშნება მხატვრული ზომიერების დაკარგვაც. საბოლოოდ გარდამოხსნაში იგრძნობა აღმოსავლეთ საქართველოსათვის დამახასიათებელი მონუმენტურობა.
|
gardamoxsna XVI s. |
|
gardamoxsna XV s. qristes tirili |
ბაგრატ III (1510–1565) იმერთა მეფის დაკვეთით ნაქარგი გარდამოხსნაც 264×160 სმ. წარმოადგენს ქრისტეს ტირილის კომპოზიციას, რომელიც შესრულებულია მუქ ყავისფერ ფონზე. ამ გარდამოხსნაში საეკლესიო რიტუალს ორი ანგელოზი ასრულებს, რომელთაც სამწერობლები უჭირავთ ხელში. აქ დამატებით გამოსახულია ორი ანგელოზი, ერთი გაკვირვებულია, არ სჯერა ქრისტეს სიკვდილი, მეორე კი მწუხარებას გამოხატავს. კომპოზიციაში სიმბოლურ–დოგმატური განწყობაა მოცემული. დრამატიზმისა და საზეიმო იერი შეაქვთ კომპოზიციის თავსა და ბოლოში ზოლებით გამოყოფილ მორიდებით მდგარ მტირალ ღვთისმშობელსა და იოანე მოციქულს. ამ უკანასკნელს სახარება უჭირავს მარცხენა ხელში. მუქი ყავისფერი ფონიდან მკვეთრად გამოიყოფა არდაგზე მწოლი მაცხოვრის ნათელი სხეული, რომლისკენაც მიქცეულია როგორც ჭირისუფალი და ანგელოზები ისე კუთხეებში მოთავსებული ოთხი მახარობლის ემბლემა, რომელთა მწკრივი რიტმულ ზოლად უვლის მთავარ პერსონჟს–ქრისტეს ცხედარს, რითაც ხაზი ესმება მის უპირატესობას–პირველობას.
კომპოზიციას გარს უვლის ლურჯ ფონზე ქტიტორის მხატვრულად შესრულებული წარწერა: „ქ. შვენიერმან იოსებ ძელსაგან გარდამოხსნა ხორციელი გვამი შენი ქრისტე და არმენაკითა წმიდათა წარგრაგნა, სურნელებითა შემურვილ ბნელსა საფლავს დაგდვა, არამედ მესამესა დღესა აღდეგ და მოანიჭე სოფელს დიდი წყალობა. ამა გარდამოხსნის ლორეზოთ შემამკობელს, რომელმან მეორედ აღაშენნა ციხენი, საყდარნი, მონასტერნი და ეკლესიანი და შეამკნა ყოველითურთ უნაკლოდ ხელოვან მხატვართ მიერ, განაშვენა ხატებითა, წიგნითა დადებულ სიმრავლითა აღსავსე ყო, მეორეს აღმშენებელს მეფეთა მეფესა ბაგრატსა, ცოდვანი მათნი შეუნდნეს ღმერთმან ჩვენმან...ამინ“. წარწერა მეტად დეკორაციულია. ყოველი ასო მცენარისა და ზოგიერთ შემთხვევაში ფრინველების თავის სტილიზაციას წარმოადგენს. ასოთა ხაზები დაწყვეტილია და ნახევარ რკალებით არის შეერთბული. ასოებში ფრინველის გამოსახულებაც გვხვდება. სიტყვებს შორის თითო მოზრდილი ყვავილია მოცემული. წარწერა შელამაზებულია აგრეთვე ასოთა თხზვით, შეწიაღებით. ლურჯ ფონზე მთლიანად ვერცხლის თმით შესრულებული წარწერა კეთილშობილ დეკორაციულ ცოცხალ ორნამეტნს იძლევა. გარდამოხსნას გარს უვლის კიდევ ლურჯ ფონზე შესრულებული მცენარეული ორნამენტი. გარდამოხსნის ბოლოებში ორნამენტი განიერია. იგი წარმოადგენს წყვილი მცენარეული ზოლის ხლართვით შექმნილ ჯვრებსა და ჯვრიანი მედალიონების მწკრივს. მეორე წყვილ გვერდს გაყვება ამ ორნამენტის სიგრძეზე გადაკვეთით მიღებული ნახევრი.
ნაქარგობა შესრულებულია სადა და დამაგრებული სითვით. ნახმარია ვერცხლის თმა, ოქროცურვილი ვერცხლის თმა და ფერადი აბრეშუმის ძაფი. მცირე რელიეფობისათვის ნაქარგობას ქვემოდან უდევს აბრეშუმის ძაფის თხელი ფენა, გარდამოხსნას ახასიათებს მდიდარი და სასიამოვნო პალიტრა. კუთხეებში მოთავსებული ოთხი მახარობლის ღია ცისფერი ფონი აცხოველებს კომპოზიციის მუქი ყავისფერით გადმოცემულ წყვდიადს. ამას ერთვის ღვთისმშობლისა და იოანეს ბაცი მწვანე და ღვინისფერი სამოსი; აქა–იქ ჩარული წითელი, მწვანე, ოქროსფერი, ვერცხლი და სხვა ფერების გემოვნებით შეხამებული პატარპატარა ლაქები არბილებენ მუქი ყავისფერისა და ღია ლურჯის შეხამების სიმძიმეს, რის გამოც ნაქარგობას მდიდარი ცხოველხატული და დასავლეთ საქართველოს ხელოვნებისათვის დამახასიათებელი სიმსუბუქე ეძლევა.
გარდამოხსნამ ჩვენამდე საკმაოდ დაზიანებულმა მოაღწია, რის გამოც 1947 წელს რესტავრირებული იყო ანასტასია ჯანდიერისა და ნინო სვანიძის მიერ.
სტატიის ავტორი – ქეთევან დავითაშვილი;
სტატია აღებულია კრებულიდან - „ძეგლის მეგობარი“ №31–32, სერია: „მატერიალური კულტურის ძეგლები“, თემა: ქართული ნაქარგობის ძეგლები (ორი გარდამოხსნა), თბილისი, 1973წ.
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge
|