საქართველოში ადრეული ანტიკური ხანა თანდათან უფრო და უფრო სრულად წარმოგვიდგება სისტემატურად წარმოებული არქეოლოგიური გათხრების წყალობით მტკიცდება, რომ ანტიკურ ხელოვნებას უჭირავს დიდი ადგილი. როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ვლინდება ხელოვნების ადგილობრივი ნაკადი. თავს იჩენს ორიგინალური იკონოგრაფიული შტრიხები, რომელიც უცხოა ბერძნულისათვის და აიხსნება ქართული გარემოთი, თანაც საგანი მკაფიოდ გამოირჩევა სტილისტიკური თვისებებით.
მკვეთრად გამოვლენილ ერთ ჯგუფს მიეკუთვნება ცხენოსნის გამოხატულებიანი გემმები.
ცხენოსნის გამოხატულებამ პირველად მიიქცია ყურადღება „ახალგორის განძის“ კომპლექსის ერთ-ერთი საგნის ნაწილში.
ი. სმირნოვის სიტყვებით: „ცხენოსანთა ყველაზე საინტერესო გამოხატულებანი მოთავსებულია ჯიხვების თავებზე... მხედრის ორივე ხელი წაწვდილია წინ ცხენის სადავეებთან; მაგრამ ცხენის გახრილი წყვილი რქა საეჭვოდ ხდის განსაზღვრას, იმ ცხოველისა, რომელზეც ზის მხედარი: მაინც ყველაზე საეგებისო იქნება, ვგონებ, ის მივიჩნიოთ ფანტასტიკურ რქოსან ცხენად, ვიდრე ჯიხვად, თხად, ან სხვა“.
ეს განზრახვა, რომ მხედარი ზის რქოსან ცხენზე, დადასტურდა შემდეგში, წინა წყაროსთან ნაპოვნი საბეჭდავი - ბეჭდის საშვალებით, მასზე მკაფიოდ გამოხატულია მხედარი რქოსან ცხენზე.
ამის შემდეგ კვლავ ანალოგია - რქოსანი ცხენი - წარმოაჩინა ყანჩაეთში ნაპოვნმა საბეჭდავმა - ბეჭედმა.
და შემდეგ ვანის სამარხეულ ინვენტარში გამოჩნდა ასეთივე სიუჟეტიანი საბეჭდავი - რქოსან ცხენზე მჯდომი მხედარი (V-IV სს).
წინაწყაროს და ყანჩაეთის საბეჭდავების გამოხატულებათა შუბმოღერებული მხედარი გააზრებულია ი. გოგოშიძის მიერ, როგორც წმინდა გიორგის -ძველი ქართული მთავრის ღვთაების - წინასახე: „უკვე ადრეანტიკური ხანის საქართველოში ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში უნდა ჩამოყალიბებულიყო უმაღლესი ღვთაების - მთავრის ღვთაების გარკვეული იკონოგრაფია - მებრძოლი მხედარი. მისი ერთ-ერთი (ალბათ ოფიციალური) სახელი ანტიკურ ხანაში არმაზი უნდა ყოფილიყო.
„ამ ღვთაების გამოსახულება არ სცილდება ქართულ მცირე ხელოვნების მთელი ანტიკური ხანის მანძილზე და ქრისტიანულ ხანაში გადადის, სადაც შემდგომში წმინდა გიორგის სახელს ატარებს“.
ი. გოგოშიძის მოსაზრება შეესაბამება ივანე ჯავახიშვილის ჰიპოთეზის მთავრის ღვთაებისა და წმინდა გიორგის იგივეობის შესახებ, დაყრდნობილს სტრაბონის ცნობაზე და ეთნოგრაფიულ მასალებზე.
|
|
mxedari. samkauli "axalgoris ganZidan" |
mxedari. sabeWdavi napovni sof. winwyarodan |
ქართულმა ფოლკლორმა შემოგვინახა შესანიშნავი ფურცლების წმინდა გიორგის რქოსანი ცხენის შესახებ.
„ღერბსა ამა მეფისასა (სწერს იოანე ბატონიშვილი თავის „კალმასობაში“ დავით აღმაშენებლის გერბის შესახებ) შეჰსძინეს ცხენი რქოსანი, რომელიც მოიპოვა თვით მეფემან, მიმავალმან მარტომ ტფილისიდან ქუთაის [ს], საშენებელად... იხილა მცხეთის იწროთა შინა ცხენი ესე რქოსანი, დაუძახა მეფემან, აღუდვა ლაგამი წმინდის გიორგის ცხენსა“.
ამგვარად „ხალხის წარმოდგენაში დავით აღმაშენებელი მფლობელია წმინდა გიორგის ცხენისა“ და ცხენის ლაგამისა. ეს კვლავ დიდად საინტერესო ორმაგი შტრიხია.
|
|
mxedari. qamris samkauli. (Tlis samarovani, samxr. oseTi). |
mxedari. sabeWdavi ganaTxari vanSi |
თვით დავით აღმაშენებლის თანამედროვის, მისი ისტორიკოსის, ნაწარმოებში „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისა“ ჩანს ღრმად მნიშვნელოვანი თქმულება, რომელიც დავით აღმაშენებლის კვლავ აკავშირებს წმინდა გიორგისთან. თქმულების მიხედვით თვით წმინდა გიორგი მონაწილეობს დიდგორის ბრძოლაში: „ჴელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალა ზეგარდმო ფარვიდა მას (დავით აღმაშენებელს. ს.ბ.) და წმინდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას“.
ეს მოტივი - წმინდა გიორგის წინამძღვრობა ბრძოლაში - ცოცხალია ახალ ქართულ ლიტერატურაში.
ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას პოემა „ბახტრიონი“. ლაშარის გორაზე მიმავალ ლაშქარს მიუძღვის „ლაშარის ჯვარი“-წმინდა გიორგი მეომრები ხედავენ მის ლურჯა ცხენს, სხივს, რომელიც მისდევს წმინდანს, შუქს რომელიც გარს ევლება, ცხენის ნატერფალთა ელვარებას.
პოემის ეს ნაწილი, ისევე როგორც ისტორიკოსის თხრობა, დამყარებული უნდა იყოს ხალხში შენახულ თქმულებებზე. ხალხისა და თვით ისტორიკოსის მოწიწებითა და აღტაცებით დავით აღმაშენებლის პიროვნებისადმი აიხსნება ღვთაების დაკავშირება მასთან. იშვიათია რომელიმე მოღვაწისადმი იყოს ასეთი აღფრთოვანებული სიტყვები, როგორითაც აღწერს დავით მეფეს მისი ისტორიკოსი, თანაც აღწერს კონკრეტულად, და არა პარადული, ზღაპრული, ბანალური ფრაზებით: „ვინ იყო ეზომ ტკბილ შემთხვევათა შინა, ვინ სატრფიალო ზრახვითა და სასურველ დუმილითა, იგივე შუენიერ ხატითა, უშვენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სამახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს მჭმუნვარებითა“ და სხვა.
თუ რატომ უნდა ჰქონდეს წმინდა გიორგის ცხენს რქა, შეიძლება ამის განმარტება მოგვცეს წმინდა გიორგის გაიგივებამ მთვარის ღვთაებასთან, რადგან ქართულ ფოლკლორში ახალი მთვარის ნამგლის ბოლოებს ეწოდება რქანი. აღწერილია ბუნების გლოვა გმირზე:
„ტიროდეს... ცამა დაყარნა ნამო
თვარემა ხუთმეტისამა შემაიმტვრია რქანიო“.
ვანის მხედრის გამოსახულება გამოირჩევა შემდეგი დეტალით ცხენის კისერზე დიდი მომრგვალებული საგანია დაკიდებული, როგორც ეჟვანი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს უნდა იყოს სილენის ნიღაბი.
ჯუანშერის ისტორიულ თხზულებაში ვახტანგ გორგასალის შესახებ ჩნდება შტრიხი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ განმარტებისათვის: „ღამესა ნისლისაგან განცისკრებულსა ოდენ. დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და რქუა ყოველსა ერსსა მისსა: „ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკვდილისაგან და მტერთა ჩუენთაგანისა თავი ანუ ხელი არა გამოიტანოს, ჩუენ მიერ მოკუედინ იგი“.
ნაწყვეტი უნდა გულისხმობდეს, რომ ქართულ ჯარში ოდესღაც იყო შემდეგი წესი: მეომარს უნდა გამოეტანა ომიდან მის მიერ დამარცხებული მტრის თავი ან ხელი.
ეს შტრიხი განმარტოვებული არ არის, ჰპოვებს დადასტურებას შემდეგ დროშიც: ჯერ XX საუკუნის პირველ ათეულებში მტრის მოჭრილი ხელი მილურსმული ჩანდა ციხის კედელზე.
XVIII საუკუნის მოხევურ ლექსში ჩანს კვალი მტრის თავისა და ხელის მოჭრის ჩვეულებისა, მათი დამაგრება სახლის კარზე ტროფეების სახით.
ამ ძველ ჩვეულებასთაგან გამომდინარე, გემმაზე გამოხატული ცხენის კისერზე მიბმული თავი, შესაძლოა, იყოს მოკლული მტრის თავი.
მკაფიო და ღრმად საინტერესო პარალელს, შინაარსის მხრივ, გამოხატულებისათვის მხედრისა, რომლის ცხენს კისერზე ჩამობმული აქვს მოკლული მტრის თავი, იძლევა ბ. ტეხოვი. ქამარი რომელზეც გამოხატულებაა მოპოვებულია თლის სამაროვანში, თარიღდება ძვ.წ. VII საუკუნის ტეხოვის მაგალითი მოყავს აგრეთვე ე. ილინსკაიას, რომელიც გამოხატულების სტილსა და ტექნიკას უკავშირებს კობანურ გამოხატულებათა სტილს და ტექნიკას.
ცნობები მტრის თავის მოკვეთის ჩვეულებაზე სკვითებში მოცემულია ჰეროდიტეს მიერ.
ვანის გემმის მხედრის სტილისათვის დამახასიათებელი არის ცდა ნატურის მოცულობითი მხარის გადმოცემისათვის.
თუ შევადარებთ მხედრის გამოხატულებიან სცენას წინწყაროს გემმის სცენასთან, ეს განსხვავება მკაფიოდ ჩანს, ვანის გემმის კვეთაში არის სიღრმეთა დიდი სხვაობა, ანაბეჭდზე ვიღებთ კაცისა და ცხენის სხეულის ამობირთვულ მასებს. წინწყაროს გემმაზე კი სიბრტყეების სისტემაა მოცემული, პირობითი სქემები.
მაგრამ ბლოკურობა ვანის დასახელებულ გემმაზე შეერთებულია დაუხელოვნებულობასთან, პრომიტულობასთან.
ადრეულ ანტიკურ ქართულ ადგილობრივ გემმებში თავს იჩენს მოძრაობის გამოხატვის მისწრაფება. ერთ-ერთ მაგალითს გვაძლევს სწორედ ვანის მხედარი; მხედარი შუბს ისვრის. ცხენი შემდგარია უკანა ფეხებზე. სხვა საგულისხმო მაგალითებსაც გვაძლევს არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები.
საყურადღებოა, რომ ადგილობრივი გემმის იკონოგრაფიული მხარეების განმარტება შესაძლოა ხდება ქართული ისტორიული წყაროებისა, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის საფუძველზე.
სტატიის ავტორი - სარა ბარნაველი
მასალა აღებულია ჟურნალიდან - ძეგლის მეგობარი N51, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1979 წ. |