მხატვარი გეგელიძეები
XVIII საუკუნის მეორე ნახევარისა და XIX საუკუნის მანძილზე თბილისში მრავალი მხატვარი მოღვაწეობს, რომლებიც არა მარტო დაზგური ფერწერის სფეროში, არამედ საეკლესიო კედლის მხატვრობაშიც მუშაობენ. ცნობილია მხატვარი ოვნათანიანთა ექვსი თაობა. მაგრამ მრავალი უცნობი მხატვარი ჯერ კიდევ ელის თავის აღმომჩენსა და მკვლევარს.
სწორედ ასეთ უცნობ მხატვართა რიცხვს ეკუთვნის თბილისელ გეგელიძეთა მთელი დინასტია. ჩვენს მიერ მიკვლეული მცირე დოკუმენტური მასალის საფუძველი შევეცდებით აღვნიშნოთ ის როლი, რომელიც გეგელიძეებმა შეასრულეს ძველი ქართული მონუმენტური მხატვრობის ტრადიციების გაგრძელებისა და XVIII-XIX საუკუნის ქართული კულტურის განვითარების საქმეში.
ვ. ცინცაძის წიგნი „თბილისი“, რომელიც ქალაქის ძველ არძიტექტურას ეძღვნება, შეიცავს გეგმას, ფოტოსურათს და დაწვრილებით აღწერას სახლისა, რომელიც ავლევის ქუჩის შესახვევის N4 მდებარეობს. სახლი მრავალი გადაკეთების მიუხედავად, ახლაც საკმაოდ საინტერესოა სამშენებლო ხელოვნების თვალსაზრისით.
სახლი აუგია ანტონ გეგელიძეს. იგი ეზოს სიღრმეში მდგარა, ჭიშკარზე კი პატრონს თავისი პორტრეტი ჰქონია ჩამოკიდებული. ანტონი ისევე , როგორც სხვა გეგელიძეები, თურმე ეკლესიების კედლებს ხატავდა, ანტონის მამა - დავითი, რომელიც მეფე ერეკლეს კარის მხატვარი ყოფილა, ხშირად ხლებია მეფეს ლაშქრობაში.
აი ის მცირე ცნობები, რომლებიც ჩვენი შემდგომი ძიების საწყისად იქცა.
საქართველოს სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულ ანჩისხატის ეკლესიის სამეტრიკო წიგნებსა და საქართველოს უმაღლესი მთავრობის აღმასრულებელი კომისიის დავთრებში აღმოჩნდა მეტად საყურადღებო ცნობები მხატვარ გეგელიძეთა ორი უფროსი წარმომადგენლის - ქრისტესიას და დავით გეგელიძეთა შესახებ.
ქრისტესია და დავითი ადრე დაობლდნენ. ისინი მეფე ერეკლე II და მისი მეუღლე დარეჯანს სასახლის კარზე აღუზრდიათ და შეგირდებად ცნობილი მხატვრისათვის, ოვნათან ოვნათანიანისათვის მიუბარებიათ. მათთვის ხელფასიც დაუნიშნავთ და სიგელიც უბოძებიათ, რის საფუძველძეც ისინი ყოველგვარი გადასახადებისა და ბეგარისაგან განთავისუფლებულნი იყვნენ. საუბედუროდ მათ ეს სიგელი აღამახმადხანის შემოსევის დროს დაკარგვიათ და მეფე ერეკლე II გარდაცვალების შემდეგ კი ყველა მანამდე ნაბოძები უპირატესობა და უფლება ჩამორთმევიათ. საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივში ინახება ძმების ქრისტესიას და დავითის მიერ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს სახელზე დაწერილი თხოვნა, რომელიც მათ გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულებებისაგან განთავისუფლება ეხება. აქვეა იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც მეფე ერეკლის კარზე მსახურობდნენ და ადასტურებენ ძმების თხოვნა. მოგვყავთ თავად მანუჩარ თუმანოვის ჩვენება:
„აქ ამისა ასე ვიცი ეს ქრისტესია და მისი ძმა წვრილ-ობლები იყვნენ. კურთხეულმა დედოფალმა ანახანუმმა ეს ქრისტესია მხატვარს იონათანს შეგირდად მიაბარა. ულუფას და ტანისამოსს უბოძებდნენ ხოლმე. მხატვართ ზრდიდა ბატონოშვილის ლეონისათვის. ლევან რომ გარდაიცვალა, ეს ქრისტესია იონათან მხატვრიდან გამოიყვანა, თავისთვის ცალკე დააყენა, ჯამაგირი და სარჩო გაუჩინა, რაც ეძლეოდა. ამანაც თავის ძმას მხატვრობა ასწავლა. მასუკან ეს ორნივ ძმანი ანახანუმ დედოფალმა დედოფალ დარეჯანს მიართო და მას უკან დედოფალ დარეჯანისაგან ებოძებოდა თავისი გასამრჯელო ულუფა და ჯამაგირი. ამათ ბატონებითგან რაც არა მისცემიათ რა, არა სთხოვნიათ რა, თარხანნიც იყვნენ, წიგნებიცა ჰქონიათ წყალობისა და დღეს აქნობამდინ არც რა გამორთმევიათ, არც ხარჯი და არც ბეგარა თავადი მანუჩარ თუმანოვ“ (1804).
საქმეში ჩაკერებულია ამილახვრის ქალაქის სათხოვრების მწერლის ივანე პენტელოვის, ქაშვეთის დეკანოზის ფილიპეს, ქალაქის მაცხოვრებთაგან ზაზა და ანდრია გაბაშვილებისა და სხვათა ჩვენებები. როგორც ჩანს, ეს საქმე თითქმის ორი წლის მანძილზე გაჭიანურებულია (1804-05 წლები). შემდეგ იგი გადაუგზავნიათ საქართველოს მთავარმართებულის პავლე ციციანოვისათვის, რომელიც ზემოჩამოთვლილ პირთა ჩვენებები სარწმუნოდ არ უცვნია და ამრიგად ძმების თხოვნა დაუკმაყოფილი დარჩენილა.
მხატვარ დავითის შესახებ იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში“ მეტად საგულისხმო ცნობას წავაწყდით. ერთ-ერთ თავში მხაზველობისა და ხელოვნებისათვის მოიხსენებიან მხატვარი ძე ოვნათანისა მისი შეგირდი დავითი.
დავითთან ვიღაცის რჩევით მისული დიაკვნის სიტყვით, მისი ხატები „იპოკენტავრული“, „მითოლოგიური“ და „გონების არსის გამოხატულებანია“, მას კი ასეთი ხატები კი არა, „სწორე ხატები“ უნდა. ესეიგი ისეთი ხატები, სადაც რელიგიური სიუჟეტების გადმოცემისას ყველა იკონოგრაფიული სიზუსტე იქნება დაცული. როგორც ჩანს, ამ ნაწყვეტში მხატვარ გეგელიძეთა გვარის პირველი თაობის მეორე წარმომადგენელზე - დავით გიორგის ძე გეგელიძეზეა ლაპარაკი.
ძნელია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი მხატვარი იყო დავითი, როგორი იყო მის მიერ შესრულებული ხატები, მაგრამ ჩანს რომ იგი საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე შექმოდი ყოფილა, და არ იფარგლებოდა რელიგიური კანონებით. ანჩისხატის ეკლესიის სამეტრიკო წიგნებში გეგელიძეების დინასტიის დანარჩენ წარმომადგენლებთა შესახებაც მოიპოვება ცნობები. ფიქსირებულია მათი დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების თარიღები.
აი 1827 წლის 7 სექტემბრის ჩანაწერი: „ანტონა მხატვარს გეგელიძეს დაებადა ვაჟი დავითი“. ანტონ დავითის ძე - გეგელიძეების დინასტიის მეორე თაობის წარმომადგენელია.
ანტონსა და მის მეუღლე ეფემიას თან სდევდათ გაუთავებელი უბედურება. მათი სამი ვაჟიდან, რომლებსაც ისინი დავითს არქმევდნენ (პაპის პატივსაცემად) გადარჩა მხოლოდ ერთი.
|
ikonostasis sqema-naxati ioane gegeliZisa juRaanis eklesiisaTvis |
„28 სექტემბერს 1837 წლის ქალაქ ტფილისის მოქალაქეს მხატვარს ანტონ გეგელიძეს დაებადა ვაჟი დავითი“. ვკითხულობთ კიდევ ერთ ჩანაწერს. ბავშვის ნათლია სიღნაღის მაზრის თავადი ანდრონიკოვი (ანდრონიკაშვილი) ყოფილა ( ეს არის ის დავითი მხატვარ-გეგელიძეთაგან, ვიზედაც ყველაზე მეტი ცნობა მოგვეპოვება). რამდენიმე ცნობა ანტონის შესახებ ქეთევან გეგელიძემაც მოგვაწოდა. იგი ავლევის ქუჩის შესახვევის N4 ცხოვრობს. მას ახსოვს, რომ მათ ოჯახში ინახებოდა ხატები, ბუხრის თავზე კი სათნო მოხუცის პორტრეტი ამშვენებდა, შესაძლო რომელიმე წმინდანისა. ანტონ გეგელიძეს მეორე სართული დაუშენებია სახლისათვის, ოთახის კედლები კი წარწერებით შეუმკია.
ქეთევანის ოჯახში ინახება საინტერესო დოკუმენტი, რომელზედაც ანტონ გეგელიძის ავტოგრაფია შემორჩენილი. ეს იმ მინაშენის გეგემაა, რომელიც ანტონ გეგელიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. საბუთის მარჯვენა ქვედა კუთხეში რუსული მინაწერია: <<По сему фасаду постройку обязуюсь выполнить без отступления>>. ხელის მოწერა ქართულია - „მოქალაქე ანტონ გეგელოვი“, შემდეგ კი თარიღია - 1853 წელს მხატვარ გეგელიძეთა მეორე თაობისვე ეკუთვნის იოანე გეგელიძე (ქრისტესიას შვილი). „იოანე ქრისტესიას ძე გეგელოვი“ მოიხსენება ანჩისხატის 1843 წელს სამეტრიკო წიგნში: „თფილისის მცხოვრების სახაზინო ყმას მხატვარსა იოანე ქრისტესიას ძეს გეგელოვს გარდაეცვალა ცოლი მარიამ, 43 წლისა (სახადისაგან)“.
სამეტრიკო წიგნებიდან და სხვა საარქივო მასალებიდან ცნობილია, რომ იოანეც მხატვარი იყო. ეს ცნობა განსაკუთვრებული ყურადღების ღირსია, რადგანაც გვეხმარება გეგელიძეების შემოქმედებითი ბიოგრაფიის დადგენაში.
საქართველოს ეგზარქოსის, არქიეპისკოპოსის ევგენის კანცელარიის საარქივო მასალებიდან ირკვევა შემდეგი: თბილისში ყოფნისას ჯუღაანის ეკლესიის წინამძღვარი დიმიტრი მატაბელოვი შეხვედრია მხატვარ ივანე გეგელიძეს და მისთვის იკონოსტასის მოხატვა დაუვალებია, რაშიც მას 80 მანეთი უნდა გადაეხადა ვერცხლით. 1841 წლის 29 ივნისის მოხსენებით ბარათში მატაბელოვი წერს:
Для заведоваемой мной Джугаанской Знаменской Церкви я подрядился говаться с живаписцем Тифлисским жителем Иванов Гегелидзевым нарисать иконостас по прилагаемому при сем овразу за 80 рувлей серевром...>>
|
feriscvalebis kompozicia Telavis RvTismSoblis eklesiisaTvis |
ამ საქმეს თან ახლავს ნახატი - სქემა იკონოსტასიის მოხატულობისა, რომელიც თვით მხატვრის მიერ არის შესრულებული ფანქრით. ყველა წარწერა ქართულია, ნახატის ქვეშ კი ყავისფერი მელნით წერია: „თფილისში მცხოვრებელი მხატვარი იოანე გეგელიძე“.
ჯუღაანის ეკლესიის იკონოსტასზე მხატვარს, ჩანს, სურდა გამოესახა სხვადასხვა რელიგიური სცენა. მათი თანმიმდევრობა ნაჩვენებია სქემაზე. შუაში „აღდგომის“ კომპოზიციაა „აღდგომის“ ქვეშ ოთხ რეგისტრად დანარჩენი კომპოზიციებია ქრისტეს ცხოვრებიდან, თითო რეგისტრში 3-3 კომპოზიციაა. აღნიშნულია „ფერისცვალება“, „ვედრება თასზე“, „პილატეს მსჯავრი“. საერთო კომპოზიციაში ჩართულია მთავარანგელოზთა, წმინდა ნინოს, დიმიტრი თავდადებულის, ბასილ დიდისა და სხვათა გამოსახულებები.
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის ფონდებში ინახება <<Дело о починке и поправке стен Тифлисского Сионского собора>>, დათარიღებული 1826 წლის 20 მარტით. საბუთი გვაწვდის ცნობებს სიონის ტაძრის მოხატულობის შესახებ და სრულიად ახალ ცნობას თბილისელი მხატვრების ერთ-ერთ წარმომადგენელზე მიკირტუმ ოვნათანიანზე (იონა-თამაშვილი).სიონის ეკლესიის 1826 წლის 15 ნოემბრის საბუთში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს საეგზარქოსოს ხაზინდარი, დავით გარეჯის უდაბნოს არქიმანდრიტი ანტონი. მთლიანად მოგვყავს საარქივო საბუთის ტექსტი:
Живописцу Микиртуму Анафанову за поправку живописи в соворе на левой стороне вверху в арках за 12 дней каждый 1.20 коп. –итого 15 руб. сыну его меьшому за 12 дней по 40 коп. – итого 5 руб. мастеру другому Ивану Христофорову за 5 дней по 1 руб. – итого 5 руб. ученику при Микиртуме Омтену за 11 дней по 20 коп. – итого 2 руб. 30 коп>>.
სიონის ტაძრის კედლების მოხატვის შესახებ არქიმანდრიტ ანტონის, მღვდელმსახურ გაბრიელ ქართველოვისა და ტაძრის ქტიტორის, საგუბერნიო მოხელის მოხსენებით ბარათებშიც არის ცნობები.
ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „ოსტატი ივანე ქრისტეფორეს ძე“, რომელიც მიკირტუმ ოვნათანიანს ეხმარებოდა სიონის კედლების მოხატვაში - არის სწორედ იოანე ქრისტესის ძე გეგელიძე. ამ დროისათვის იგი უკვე სრულიად ჩამოყალიბებული და გამოცდილი მხატვარი უნდა ყოფილიყო. არ ვიცით, რა ასაკის იქნებოდა ივანე გეგელიძე1825 წელს, მაგრამ ცნობილია რომ 1822 წელს მას შეეძინა ქალიშვილი ბარბარე. აქედან გამომდინარე, სიონში მუშაობის დროს ივანე უკვე დაცოლშვილებული და საკმაოდ მომწიფებული მხატვარია.
რაც შეეხება „მიკირტუმის შეგირდ ანტონს“ შესაძლებელია რომ აქ ანტონ გეგელიძე იგულისხმება. იგი გარდაიცვალა 1862 წელს. 1848 წელს კი 50 წლისა იყო. აქედან გამომდინარე, 1825 წელს ანტონ გეგელიძე 27 წლის იქნებოდა. იბადება კითხვა, შესაძლებელია თუ არა , რომ 27 წლის ანტონი ჯერ კიდევ შეგირდი ყოფილიყო და გასამრჯელოდ დღეში 20 კაპიკი მიეღო...
ზოგი ცნობა გეგელიძეთა გვარს ბოლო წარმომადგენელზე, მხატვარ დავით ანტონის ძეზე, მისმა შვილიშვილმა მარიამ მათიაშვილმა მოგვაწოდა.მარიამის სიტყვით, დავითს მრავალი ხატი დაუწერია, მოუხატავს თბილისის წმინდა გიორგის ეკლესია. ამ ეკლესიის მნათე თვითონ ყოფილა; თურმე სხვადასხვა საამქროების დროშებსა და ბაირაღებსაც ხატავდა. ფოტო სურათზე, რომელიც მ. მათიაშვილთან ინახება, დავითი გადაღებულია, თბილისელი მოქალაქის სამოსში, თავისი ახლობლების გარემოცვაში. მის მკერდს ამკობს ამქრების მიერ ნაბოძები სამი ჯილდო.
დავითის უფროსმა შვილიშვილმა ელენე ბურბამაც დაგვიდასტურმა ეს ცნობები. მას ახსოვს, რომ დავით გეგელიძის ოჯახის თითქმის ყველა წევრი ხატავდა. გარდა ამისა, თურმე შესანიშნავად მღეროდნენ და უკრავდნენ სხვადასხვა საკრავებზე. ეს საოჯახო გუნდი, რომლის მონაწილე არა ერთხელ ყოფილა გამოჩენილი ქართველი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, საკმაოდ ცნობილი ყოფილა თბილისში.
თამარ ქუსიკაშვილი 1913 წლამდე თავისი ბიძის დავით გეგელიძის ოჯახში იზრდებოდა. მისი გადმოცემით, ანტონმა და დავით გეგელიძეებმა მოხატეს წმინდა გიორგის (შავთელის ქ. N 2) და დარიას ეკლესიები. (ეს უკანასკნელი მდებარეობს ერეკლე მეორის მეუღლის, დარიას სასახლის ტერიტორიაზე, ურბნისის ქ.N 7). გარდა ამისა, ანტონს მოუხატავს ანჩისხატის წმინდა სამებისა და სიონის ეკლესიები (გაგარინამდე უფრო ადრე).
დავით ანტონის ძე გეგელიძე, ღრმად მორწმუნე ადამიანი, კარგი მეოჯახე და შესანიშნავი მოქალაქე ყოფილა. ხატვა მისთვის მამამისს უსწავლებია და დავითიც ბავშვობიდანვე ეხმარებოდა თურმე მას თბილისის ეკლესიების მოხატვაში. დავითის მრავალრიცხოვან ოჯახი სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. მათთან ხშირად ეწყობოდა მხიარული საღამოები, რომლებიც ფაეტონებით სეირნობით მთავრდებოდა . ბავშვობაში თამარ ქუსიკაშვილს ძალზე ჰყვარებია ბიძასთან სტუმრობა და დიდი ხატის თვალიერება. ამ ხატზე გამოსახული ყოფილა „იერუსალიმს შესვლა“. თამარი იხსენებს, რომ დავითი საღებავებს სპარსეთიდან ჩამოტანილ, ძალიან ძვირფას სითხეში ხსნიდა. დავით გეგელიძესაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მხატვატ ოვნათანიანებთან. მისი ერთერთი შვილიშვილის მიხეილის ნათლია ყოფილა „მიკირტუმა მხატვარი იონათამიშვილი“ (ბავშვი მოუნათლავთ 1825 წლის 14 იანვარს).
დავით გეგელიძე გარდაიცვალა 1914 წელს 77 წლის ასაკში. თბილისის წმინდა გიორგის ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის მარჯვენა მხარეს კედელში ჩასმულ მარმარილოს ფირფიტაზე შემონახულია წარწერა: „ამა ლოდისა ქვეშე განისვენებს გვამი დავით ანტონის ძისა გეგელიძისა.
დაიბადა 1837 წლის ენკენისთვის 23. გარდაიცვალა 1914 წლის მარიამობისთვის 1“.
|
wm. qeTevani da wm. nino wm. giorgis eklesiis moxatuloba |
პლატონ იოსელიანის წიგნში <<описание древнстей города Тифлиса>> დაწვრილებითაა აღწერილი წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის მოხატულობა გეგელიძეებს ეკუთვნის. სავარაუდოა, რომ ეკლესიის მოხატვაში გეგელიძეების დინასტიის სამივე თაობას მიუღია მონაწილეობა. სასახლის კარის ეს ეკლესია 1710 წელს ააშენა მეფე ვახტანგ VI ძმამ, მეფისწულმა სიმონმა. ამ ეკლესიის ადგილზე თბილისის ადგილზე თბილისის დაარსების დროინდელი მთავარანგელოზების სახელობის ძველი ეკლესია მდგარა. 1398 წელს თემურ-ლენგს ეკლესიაცა და სასახლეც სრულიად გაუნადგურებია. 1640 წელს მეფე როსტომს უბრძანებია ამ ადგილზე სამი ეკლესია აეშენებინათ. მათ შორის ერთ-ერთი სწორედ წმინდა გიორგის ეკლესია, დაუმთავრებია მეფისწულ სიმონს. 1764 წელს ეკლესიის სამხრეთი კედელი აბდულაბეგის ყუმბარამ მოანგრია, მაგრამ უკვე 1796 ბწელს გიორგი XII აღადგინა სიმონის მცირე სასახლე და ამგვარად წმინდა გიორგის ეკლესია ნაწილობრივ დაიმალა. 1849 წლისათვის კი საერთოდ ჩაიკარგა მრავალრიცხოვან მინაშენთა შორის.
იმის გამო, რომ ეკლესიის კედლების მოხატულობა მეტად დაზიანებულია (კედლები გაფუჭებულია ელექტროგაყვანილობით, უზარმაზარი ლურსმებით, სინესტითა და სამშენებლო ჭუჭყით) შეუძლებელია მისი დაწვრილებით და თანამიმდევრული შესწავლა. მხატვრობის ხასიათის მიხედვით აქ სხვადასხვა ავტორის ხელწერა შეიმჩნევა. მხატვრობა გაჯის გრუნტზე ზეთის საღებავებით არის შესრულებული. სიუჟეტები მხოლოდ რელიგიურია. საკურთხეველში გამოსახულია ღმერთი-საბაოთი კვერთხითა და მაკურთხებელი მარჯვენით. მისი სამკუთხა შარავანდედი უფრო რუსული იკონოგრაფიისათვის არის დამახასიათებელი და წმინდა სამების სიმბოლური გამოხატულებაა. ღმერთის სხეული მოსილია ფართონაკეცებიანი, თავისუფალი კაბით, სამოსელი საკმაო ოსტატობით არის შესრულებული. „ათ-თორმეტ დღესასწაულთა“ ციკლიდან გამოირჩევა „მირქმა უფლისას“, „ღვთისმშობლის მიძინების“, განკითხვის დღისა“ და „ფერისცვალების კომპოზიციები“.
|
Telavis RvTaebis eklesia. qristes gamosaxuleba mxatvar d. gegeliZis xelmoweriT |
ზოგი კომპოზიციაკედლის თითქმის მთელ ფართობს ფარავს, ზოგი კი მედალიონშია ჩასმული, კამერულად ჟღერს და უფრო დაზგური ფერწერის შთაბეჭდილებას ტოვებს. მედალიონშია მოთავსებული ბიბლიური მეფის დავითის გამოსახულება. მას სიასამურის მოსასხამი ამშვენებს. ხელში კი ქნარი უჭირავს. მოხატულობის თემატიკაში ქართველ წმინდანთა გამოსახულებებიცაა ჩართული. საინტერესოა წმინდა ნინოსა და წმინდა ქეთევანის გამოსახულებები. კახეთის დედოფლის ქეთევან წამებულის გამოსახულება საბინინის ლითოგრაფიის იდენტურია. მაგრამ აქ მას მკვეთრად გამოხატული ქართული სახე აქვს. მისი ცოცხალი, აზრიანი თვალები მაყურებლისაკენ არის მიმართული და არა ზეცისაკენ, რგორც ეს ლითოგრაფიაზეა, კიბის მორთულობა, ნაქარგობა და გვირგვინის სამკაულები სიმდიდრით, სილამაზით გამოირჩევა.
კედლის მხატვრობაში პეიზაჟი ძალიან ძუნწადაა მოცემული. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, კომპოზიციები ყრუ, ერთფეროვანი ფონზეა შესრულებული.
ხელწერათა სხვადასხვაობის მიუხედავად, საერთო კოლორიტი დაცულია. გამოყენებულია მუქი-ლურჯი, მწვანე, ყავისფერი და ყვითელი ფერები, აქა-იქ კი ოქროსფერი.
ზოგ კომპოზიციაში ოსტატის მტკიცე დარწმუნებული ხელი იგრძნობა. გულმოდგინედ არის შესრულებული და ძალიან ფერწერულია ტანსაცმლის სხვადასხვა დეტალი, ორნამენტი, ძვირფასი ქვები. ეს ხელწერა ფერთა ჰარომნიული შეხამებით , ხაზის დახვეწილობით ძველქართულ ფრესკებს მოგვაგონებს; სხვა კომპოზიციებში კი ნათლად შეიმჩნევა ნახატის და კოლორიტის გარკვეული სიხისტე, ერთგვარი დაუმთავრებლობა ხელობისა და სახეების წერისა. კომპოზიციათა ნაწილში იგრძნონა ოსტატის სწრაფვა მონუმენტორობისაკენ, რასაც ვერ ვხედავთ დანარჩენ კომპოზიციებში. ზოგი გამოსახულება მკაცრად ფრომანტული და სიბრტყობრივია, ზოგი უფრო მოცულობითადაა გადაწყვეტილი.
უდავოა, რომ ეკლესიის მხატვრობის შემსრულებელ ოსტატებს გამოუყენებიათ რუსული და ევროპული მხატვრობის ნიმუშები და თანაც ქართულ ეროვნულ ტრადიციებთან მათი სინთეზირება უცდიათ.
დარიას ეკლესიის კედლის მხატვრობის ატრიბუცია და აღწერა ასევე ძნელდება მისი კედლების მძიმე მდგომარეობის გამო. აქაც მხატვრობა ელექტროგაყვანილობით, ბზარებით, სინესტითა და ობით არის დაზიანებული. იგრძნობა, რომ ეკლესია მრავალ ოსტატს მოუხატავს, თანაც სხვადასხვა დროს. ზოგიერთი წმინდანის გამოსახულება და რამდენიმე რელიგიური სიუჟეტი აშკარად რუსული სკოლის ოსტატს მიეკუთვნება. თვით ნაგებობა XVIII საუკუნის ქართული საეკლესიო არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს.
|
mama RmerTi. Tbilisis wm. giorgis eklesiis moxatuloba |
სხვებზე უკეთაა შენახული წმინდა სამების ეკლესიის კედლის მხატვრობა (განათლების ქუჩა N4) თ. ქუსიკაშვილის ცნობით, ეს მხატვრობაც გეგელიძეებს ეკუთვნით. ეკლესია 1790 წელს არის აშენებული. დღესაც მოქმედია. ეკლესიის თითქმის ყველა კედელი მოხატულია. აქ სასულიერო სიუჟეტების გარდა გვხვდება ქართულ წმინდანთა და მეფეთა გამოსახულებებიც. გამოსახულნი არიან მეფეები: არჩილი, ლუარსაბი და კოსტანტინე, დედოფალი ელენე, დავით გარეჯელი, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, წმინდა შუშანიკი. აქაც გვხვდება წმინდა ქეთევან წამებულის გამოსახულება, იგი ძალიან გავს წმინდა გიორგის ეკლესიისეული ქეთევანის გამოსახულებს, მაგრამ შედარებით ცივი და მშრალი მანერით არის შესრულებული. წმინდა სამების ეკლესიაში რამდენიმე დიდი ზომის ხატი ინახება. ხატები ტილოზე ზეთის ფერებითაა შესრულებული. მათი კოლორიტი საკმაოდ მუქია (ნახმარია ლურჯი, ყავისფერი, მუქი-ლურჯი და შავი ფერები). შესაძლოა ამ ხატების ავტორიც რომელიმე გეგელიძეთაგანი იყოს. იქნებ ანტონი? თელავის „ღვთაების ეკლესიის იკონოსტასზე, იესო ქრისტეს ხატის მარჯვენა ქვედა კუთხეში, არის ასეთი წარწერა“. „1887 წელი მხატვარი დავით გეგელიძე (თ. ბარნაველი „კახეთი“ 1962 წელი გვ. 90) თვით ეკლესია მოხატულია გეგელიძის მიერ. (ლ. რჩეულიშვილი, თელავი, 1963, გვ. 46). იკონოსტასის მხატვრობა ათი დიდი და მცირე კომპოზიციისაგან შედგება. ხატები ძირითადად სამ იარუსად არის განლაგებული. გამოირჩევა „მირქმის“, „ნათლისღების“, „ფერისცვალების“, „იერუსალიმში შესვლის“ კომპოზიციები. მხატვრობა ზეთის ფერებით ტილოზეა შესრულებული. შეიმჩნევა, რომ ავთორს გაუთვალისწინებია ქართული მონუმენტური ფერწერის ტრადიციები, მაგრამ ზოგიერთ ცალკეულ კომპოზიციაში მკვეთრად ჩანს რუსული და დასავლეთ ევროპული მხატვრობის გავლენა.
|
mxatvari daviT gegeliZe da misi ojaxis wevrebi |
მხატვარ გეგელიძეთა შემოქმედების დახასიათება შეუძლებელია წმინდა გიორგისა და დარიას ეკლესიების კედლის მხატვრობის გაწმენდისა და გამაგრების გარეშე. ამ მხატვრობის სტილისტიკური და შედარებითი ანალიზი საშუალებას მოგვცემს უფრო ზუსტად განვსაზღვროთ გეგელიძეების როლი XVIII – XIX საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების საქმეში. ჯერჯერობით კი მათი მხატვრობის მხოლოდ ძირითადი ნიშნების აღნიშვნა შეიძლება. მათ შემოქმედებაში შეიმჩნევა ცდები ძველი ქართული მონუმენტური მხატვრობის ტრადიციების გაგარძელებისა; სიუჟეტები ძირითადად რელიგიურია, ქრისტიანული დღესასწაულების გვერდით ვხედავთ წმინდანთა კანონიკურ გამოსახულებებს. ზოგიერთი სცენა მედალიონშია მოთავსებული, რაც შედარებით იზოლირებულ ხასიათს ანიჭებს მათ დაზგური ფერწერის შთაბეჭდილებას ქმნის. მოხატულობის პერსონაჟთა ფიგურების პროპორციები კარგად არის შეხამებული მცირე მასშტაბთან. ფიგურები წარმოდგენილნი არიან ფრონტალურად, შარავანდედით, მოსილია არა მარტო წმინდანთა, არამედ მეფეთა თავებიც. გეგელიძეების მხატვრობა კარგად დამუშავებულ გაჯის ბათქაშზე ზეთის საღებავებით არის შესრულებული . მართალია ეს ტექნიკა სრულიად განსხვავდება ძველი ფრესკული ტექნიკისაგან, მაგრამ ოსტატები ამ შემთხვავაშიც ცდილობენ შეუნარჩუნონ მხატვრობას ის კეთილშობილი კოლორიტი, რაც ასე დამახასიათებელია ძველი ქართული კედლის მხატვრობისათვის.
იმ მცირე მასალის საფუძველზე, რომლის მოპოვებაც ჯერჯერობით შევძელით, შეიძლება ითქვას, რომ გეგელიძეების გვარის ხუთივე წარმომადგენლის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია გარკვეული ელექტიზმი და პროფესიული ოსტატობის არც თუ ისე მაღალი დონე, მიუხედავად იმისა, თითოეული მადგანის ხელწერა საკმაოდ თვითმყოფადია და რაც მთავარია, მათ შემოქმედებაში იგრძნობა ეროვნული ტრადიციების გაგრძელების ცდა.
XVIII-XIX საუკუნეებს, როდესაც საქართველოში ისახება ახალი მიმართულებანი და პოპულარული ხდება პორტრეტული ფერწერა, გეგელიძეები ცდილობენ შეინარჩუნონ ქართული კედლის მხატვრობის უმდიდრესი ტრადიციები, რაც თავისთავად მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია ქართული ხელოვნების ოდესღაც საქართველოში. თუმცა ეს მხატვრობა არც თუ ისე მაღალი მხატვრული დონისაა.
სტატიის ავტორი – ირინე ძუცოვა;
სტატია აღებულია კრებულიდან – „ძეგლის მეგობარი“ №45, სერია: „მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბილისი, 1977 წ.
|