კედლის მხატვრობის ძეგლები

(ლევან კახთა მეფისა და თინათინ დედოფლის პორტრეტული გამოსახულებანი)

ბრწყინვალე არქიტექტურულ ძეგლებთან ერთად კახეთმა კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშებიც შემოგვინახა. ძირითადად ეს გვიანფეოდალური მხატვორობაა.
მტრისაგან მრავალჯერ აოხრებულ კახეთში XVI საუკუნის დასაწყისისათვის ძეგლების უმეტესი ნაწილი განადგურებულია, კედლის მხატვრობიდან კი თითქმის არაფერია შემორჩენილი.
ლევან კახთა მეფის მმართველობის დროს (მეფობის წლები 1520–1574–77) ფართოდ გაიშალა ეკლესია–მონასტრების მშენებლობა თუ სარესტავრაციო სამუშაოები. სწორედ ამ დროს აშენდა გრემი და შუამთა. შეკეთდა და გამაგრდა მრავალი უძველესი ძეგლი და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, უმეტესი მათგანი მოიხატა კიდეც.
სამმა ძეგლმა–ალვანმა, ნეკრესმა და გრემმა შემოგვინახა ლევანისა და მისი მეუღლის, გურიელის ასულის თინათინის პორტრეტები.

nekresis moxatuloba: levan kaxTa mefe, misi meuRle TinaTini da maTi erT-erTi vaJiSvili

ისტორიულმა საბუთებმა და წარწერებმა არ შემოგვინახა ზუსტი ცნობები კახეთის ეკლესიების მოხატვის თარიღების შესახებ. განსახილველი პორტრეტები სწორედ ამ მხრივ გვაძლევს საშუალებას დავსვათ საკითხი ამ ძეგლების მოხატვის დროისა და მიმდევრობის შესახებ.
ქართულ ძეგლებში ადრეული ხანის კტიტორთა პორტრეტები საფუძვლიანად შესწავლილია გაიანე ალიბეგაშვილის წიგნში „Четыре портрета царицы Тамары“. აქვე განხილულია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპები, რაც მოკლედ შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
არსებობს კტიტორული პორტრეტების ორი ტიპი–ცალკეული ან ჯგუფური. ისინი კომპოზიციურად ყოველთვის ქვედა რეგისტრშია მოთავსებული–კარგად განათებულ ადგილას, ჩრდილოეთ ან სამხრეთ, იშვიათად დასავლეთ კედელზე. ზომით კტიტორთა პორტრეტები, ყოველთვის აღემატებიან რელიგიური ხასიათის სცენებში მონაწილეთა ფიგურებს. ეს ხაზს უსვამს მათი, როგორც ისტორიული პირების, მნიშვნელობას. ეს გამოსახულებანი წერის მანერის მხრივაც გამოირჩევიან მთლიანი მოხატულობისაგან, რადგან მხატვარი თავისუფალია იკონოგრაფიული დოგმისაგან. ჩვეულებრივ ისტორიული პორტრეტები უფრო ხაზობრივ მანერაშია შესრულებული. ამ განსხვავების მიუხედავად აღმშენებელთა პორტრეტები როგორც კომპოზიციურად, ისე სტილისტიკურად ჰარმონიულად ერწყმის ეკლესიის მთელ მოხატულობას და მისი აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. შეიმჩნევა გარკვეული სწრაფვაც პორტრეტული მსგავსების მისაღწევად.
ჩვენს მიერ განსახილველი პორტრეტებიც ძირითადად ამ პრინციპებს ექვემდებარება.
ალვანის ნათლისმცემლის ბაზილიკა აღდგენილია XVI საუკუნში, ლევანის მეფობის დროს. ამავე დროსაა მოხატული მისი ცენტრალური ნავი.
დასავლეთ კედელზე, ქვედა რეგისტრში ხუთი დიდი ფიგურა მოთავსებულია შემდეგი თანმიმდევრობით–წმ. ნინო, თინათინი, ლევანი, კონსტანტინე და ელენე. ფიგურები დიდია. დგანან ფრონტალურად და, ბუნებრივია, მიმართულნი არიან საკურთხევლისაკან. თითოეული მათგანი გამოყოფილია თაღით და ცალკე იკითხება. კტიტორთა პორტრეტების თაღით გამოყოფის მაგალითებს ადრეც ვხვდებოდით (მაგ. ყინწვისი, ნაბახტევი), მაგრამ იქ თაღები ნალისებრი ფორმისაა, აქ კი შეისრული–თაღის აღმოსავლური ფორმის ერთგვარი გადმოტანა.

alvanis naTlismcemlis dasavleT kedlis moxatuloba: wm. nino, TinaTini, levani, konstantine da elene

ლევანსა და თინათინს შუა გამოსახულია ეკლესიის მოდელი, რომელიც ლევანს მარჯვენა ხელით უჭირავს.
ჩვენი კტიტორების გამოსახულება ძლიერ დაზიანებულია. თინათინის ფიგურისაგან დარჩა მხოლოდ შარავანდისა და გვირგვინის ნაგლეჯი და ტანისამოსის პატარა ფრაგმენტი. ლევანის გამოსახულებისა და სამოსელის აღდგენა ძირითადად შესაძლებელია.
ლევან მეფეს აცვია ტრადიციული ბიზანტიური სადღესასწაულო ტანსაცმელი. ქვემოდან ტერფამდე გრძელი სამოსი გრძელივე ვიწრო სახელებით, რომელსაც ინტერულა ეწოდება. ინტერულა ოქროს ქსოვილისაა, ქობა მოოჭვილია ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით. ზემოდან აცვია ინტერულაზე უფრო მოკლე მუქი ლურჯი ბისონი. გულმკერდზე აქვს ძვირფასი თვლებით მორთული აგრეთვე ოქროქსოვილის სამხრე ანუ მანიაკი (საბასთან მანიაკი „საყელო მოთვალულ–მომარგალიტული“), რომლიდანაც ვერტიკალურად ინტერულას ქობამდე ეშვება ასევე თვალმარგალიტით მორთული ლორო (ანუ დიადემა). თავზე ადგას ოქროს გვირგვინი, რომლის შუაში გამოსახულია ჯვარი, ხოლო გვერდები კი, თვალ–მარგალიტებით აქვს მოჭედილი. თინათინის ტანსაცმლის მთლიანი მოხაზულობისა და მორთული ლოროს ნაგლეჯის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მასაც, ლევანის მსგავსად, ბიზანტიის დედოფლის ტანისამოსი ეცვა.
ხუთივე გამოსახულებას შარავანდი ადგას.
წარწერები ქართულია. ბერძნულად შესრულებულია მხოლოდ გრაგნილების ტექსტი. ლევანის მარჯვნივ, ჯერ კიდევ 1966 წელს შეიძლებოდა ორი ასოს–ბ და რ–ს გარჩევა. დღეს წარწერა სრულიად ამოფხეკილია.
ლევანის მეფობის დროსვეა მოხატული ნეკრესის სამეკლესიანი ბაზილიკა. მოხატულობის სისტემა აქ ალვანისაგან განსხვავებულია, სადაც ბოძებზე წმინდანებისა და მესვეტების გამოსახულება გვაქვს, მათ ზემოთ კედელზე კი მოხატულობის ორ–ორი რეგისტრია განლაგებული. ნეკრესში მოხატულობა უფრო დაქუცმაცებულ შთაბეჭდილებას ტოვებს: საკურთხევლისა და დას. კედელზე 4–4 რეგისტრია, ჩრდ, და სამხ. კედლებზე კი 3–3. გარდა ამისა, ალვანში რეგისტრები ერთიან ზოლად გასდევს კედლებს, ნეკრესში კი ერთმანეთის გვერდით განსხვავებული ზომის სცენებია, ზოგან სარკმელი ან პილასტრი მოულოდნელად არათანაბრად ყოფს სცენას. ყოველივე ეს არღვევს მოხატულობის ერთიან სისტემას და თუმცა თავისებურად ცხოველხატულ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მთლიანად მოხატულობას მონუმენტალურობას უკარგავს.
სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში საკმაოდ კარგად შემონახულია ლევანის, თინათინისა და მათი ვაჟიშვილის პორტრეტები. ლევანს ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს.
ნეკრესის მოხატულობის კომპოზიციურ თავისუფლებას კტიტორთა პორტრეტების განლაგებაც ხელს უწყობს.
ფიგურები საკმაოდ რთულ პოზებში არიან გამოსახულნი. ერთიმეორის უკან განლაგებული სამივე ფიგურა 3/4 –ითაა საკურთხევლისაკენ მიბრუნებული, ვედრების პოზაში გაწვდილი ხელებიც იქის აქვთ მიმართული. მხოლოდ ლევანსა და თინათინს სახეები საწინააღმდეგო მხარეს, დასავლეთისაკენ, ე.ი. შემოსასვლელისაკენ აქვთ მოტრიალებული. კტიტორთა რიგი წარმოდგენილია მჭიდროდ, თითქმის უინტერვალოდ, გარს შემოვლებული აქვს უბრალო ზოლის ოთხკუთხა ჩარჩო მაშინ, როცა მათ მარცხნივ ფრონტალურად გამოსახული წმინდა მეომრის 4 ფიგურა დგას თავისუფლად, მათ შორის დიდი ინტერვალებია. ზემოდან თითოეულ მათგანს შემოვლებული აქვს თაღი, ხოლო მარჯვენა ხელში უჭირავთ გრძელი შუბები, რომლებიც გამყოფი ზოლების დანიშნულებასაც ასრულებენ.
ადრინდელი მოხატულობისთვის ალბათ დაუშვებელი მომენტი–მეფის ოჯახის ასე მჭიდროდ დაყენება, ხოლო იქვე მეომრების ფიგურების თავისუფალი განლაგება–გვიანფეოდალური ხანის მხატვრობაში უკვე მისაღები ხდება. ლევან მეფის ოჯახის გამოსახულება მოთავებულია მუქი ლურჯი კედლის ფონზე.
სამივე კტიტორი ერთი ყაიდის კოსტუმშია გამოწყობილი. მხოლოდ ქსოვილის ნახატია განსხვავებული.
შიგნით აცვიათ გრძელი ვიწროსახელოებიანი ინტერულა, ხოლო ზემოდან მკერდზე ჩახსნილი ბისონი. უფლისწულის ინტერულა მწვანე ფერისაა, ბისონი კი სახიანი აგურისფერი ქსოვილის. მასზე გამოსახულია მუქი აგურისფერი მცენარეული ორნამენტი, ზოგან მუქი ლურჯი ყლორტებით. საოლველი ქობა და ყოშები ოქროქსოვლისაა. თვით ლევანის ინტერულა ცისფერია (საყელო, სახელოები), ხოლო ბისონი მუქი შინდისფერი. ბისონზე ოქროთი ამოქარგულია ორნამენტი–წრეებში მოთავსებული ორთავა არწივები–პალეოლოგთა ღერბს წარმოადგენს და ხშირად გვხვდება ბიზანტიის იმპერატორთა ჩაცმულობაში. ამგვარი გამოსახულება არცთუ იშვიათია ჩვენშიც: მაგ., ნაბახტევის მოხატულობაში ქსოვილის მოსართავად გამოყენებულია ფარშევანგები. ლევანის კოსტუმის საოლველი და მაჯებიც ოქროქსოვილისაა. თინათინის სამოსი მწვანე ფერისაა. მცენარეული ორნამენტი, რომელიც მის ბისონს ამკობდა, თითქმის აღარ ჩანს. საოლველი და ყოშები მასაც ოქროსფერი აქვს. სამივე ქსოვილი ფარჩის იმიტაციას წარმოადგენს. ლამაზი ტონების ნატიფი შეხამება დახვეწილ იერს ანიჭებს მოხატულობას.
თინათინსა და ლევანს თავზე გვირგვინები ადგათ. ყმაწვილს კი საერო ქუდი ახურავს. თინათინის გვირგვინი ფორმით ლევანის გვირგვინის იდენტურია ალვანის მოხატულობიდან. სამივეს შარავანდი ადგას.
გვირგვინისა და ეკლესიის მოდელის გარდა კტიტორები სხვა სამეფო რეგალიებით არ არიან მოკაზმულნი. არც კოსტუმები აქვთ ტრადიციული საპარადო. მაგრამ ძვირფასი ქსოვილების გამოყენება ტანისამოსში მაინც საზეიმო იერს აძლევს ფიგურებს.
ამ პირთა ვინაობის დამადასტურებელი უნდა ყოფილიყო კტიტორთა რიგის თავზე განლაგებული ორსტრიქონიანი ბერძნული წარწერა, რომელიც ისტორიული შინაარსის იქნებოდა და, სავარაუდოდ, მოგვითხრობდა გამოსახული პირების შესახებ. სამწუხაროდ, ის ძლიერ ფრაგმენტირებულია და თინათინ ყაუხჩიშვილი დანამდვილებით კითხულობს მხოლოდ ერთ სიტყვას uβεei, რაც მიღებული აქვს ერთ–ერთი პირის, კერძოდ ლევანი ტიტულატურად და ასე თარგმნის–„მეფე იბერთა“. ცნობილია რომ ამ დროს ლევანიც და იმერეთის მეფეებიც სრულიად საქართველოს მეფეების სრულ ტიტულს ატარებენ.
ნეკრესის კტიტორთა წერის მანერა რბილია. სახეები საკმაოდ მოცულობითია, რაც მიღწეულია ფერების თანდათანობითი გადასვლით. კარგად არის ამოყვანილი სახის ნაკვთები–ყვრიმალები, ნიკაპი. და თუმცა სამივე პირის ტანსაცმლის ქსოვილი დაფარულია დეკორატიულ ორნამენტით, აქ მაინც არ გვაქვს ის ხაზოვნება და ერთგვარი სქემატურობა, რომელიც ალვანის მოხატულობის ფიგურებში შეინიშნებოდა.
წარწერები შესრულებულია ბერძნულ და ქართულ ენებზე. გარდა ამისა, ლევანის კოსტუმში ბიზანტიის იმპერატორთა ქსოვილის გამოყენებაც გვაფიქრებინებს, რომ მხატვარი შესაძლებელია ბერძენი ყოფილიყო.

gremis mTavarangelozis eklesiis dasavleT kedlis moxatuloba: levan mefe

მესამე ძეგლი, რომელშიც მოიპოვება კტიტორის გამოსახულება, არის გრემის მთავარანგელოზის ეკლესია, აშენებული XVI საუკუნის მეორე ნახევარში ლევან მეფის მიერ. სამხრეთ–დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის დასავლეთ კედელზე მოთავსებულია მისი პორტრეტი. ის გამოსახულია ცოლშვილის გარეშე. მის მარცხნივ წმ. მეომრის ფიგურაა, მარჯვნივ კი ტახტზე მჯდომარე ღვთისმშობელი ჩვილი ქრისტეთი. ეს სამი ფიგურა გაერთიანებულია ერთ კომპოზიციად. ლევანი დაკრძალულია გრემშივე, ამ ფრესკის ქვემოთ. ფიგურა დიდია, დგას ფრონტალურად და ორივე ხელით ეკლესიის მოდელი უჭირავს. ძვირფასი თვლებით მოჭედილი გვირგვინის ფორმა განსხვავდება ალვანისა და ნეკრესის გვირგვინებისაგან. ის უფრო ვიწრო და მაღალია, წინა ორ ძეგლში კი უფრო დაბალი და პირგანიერი გვირგვინები იყო გამოსახული.

მისი ტანისამოსიც საკმაოდ უცნაურია–შიგნიდან გრძელი სამოსი, ზემოდან მოკლე, ქულაჯის მსგავსი და ბოლოს ოთხკუთხა „აგრაფით“ ყელთან შეკრული მოკლე, მოსასხამი–მანტია. გრემში, ალვანსა და ნეკრესთან შედარებით, მეფის კოსტუმი ძლიერ გაუბრალოებულია. ქსოვილი უსახოა. მხოლოდ გვირგვინი მიუთითებს ამ პირის მაღალ წარმოშობაზე. ლორის უქონლობა იმით შეიძლება აიხსნას, რომ მანტიისა და ლორის ერთად ხმარება არ შეიძლებოდა „Лор не допускает мантии“–წერს კონდაკოვი (Очерки и записки по истории среди искуства и культуры გვ. 225) – „მეფის კურთხევის წესიც“ (გვ.3) ამას ამტკიცებს. თუმცა ლოროს გარეშეც შესაძლოა ტანსაცმელს საზეიმო იერი ქონდეს. გრემში გამოსახული ლევანის ფიგურა კი მოკლებულია ყოველგვარ პარადულობას. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საფარის დიდგვაროვანთა კტიტორული პორტრეტები, რომელთა კოსტუმები გაცილებით მეტედ არის მორთული, ვიდრე ლევანისა გრემში, ხოლო ამავე XVI საუკუნის გელათის წმ. გიორგის ეკლესიის კტიტორთა კოსტუმები წარმოადგენენ ბიზანტიის კეისრისა და დედოფლის სამოსის ყველა საზეიმო ატრიბუტის სრულ იმიტაციას.
ლევანის სამოსის ნაკეცები ძლიერ ხისტია და სქემატური. მოხატულობის საერთო ფერადოვნება ჩამუქებულია. უსიამოვნოა მოყავისფრო–მოწითალო, ჭუჭყიანი ნაცრისფერისა და მუქი ღვინისფერის შეხამება.
წარწერები ძირითადად გაკეთებულია ქართულსა და ბერძნულ ენებზე. ამრიგად, ამ სამ ეკლესიაში გვაქვს ერთი და იგივე პიროვნების–ლევან კახთა მეფის სამი პორტრეტი. არცერთი გამოსახულება არ მეორდება. განსხვავებულია კოსტუმები, გვირგვინები, პოზები, გამოსახვის ადგილი, კოლორიტი. ყოველივე ეს იმას მოწმომბს, რომ XVI საუკუნის კახეთის მოხატულობებში ისტორიულ პირთა გამოსახვის მთელ რიგ საერთო მომენტებთან ერთად, არსებობს მხატვრების ინდივიდუალური მიდგომა.
ამ ძეგლთა მოხატვის ქრონოლოგიის დასადგენად მოკლედ გავიხსენოთ თინათინისა და ლევანის ისტორია.
ივ. ჯავახიშვილის მიხედვით ლევანისა და თინათინის ქორწინება უნდა მომხდარიყო 1527–ან 28 წელს. თინათინი ლევანის თანამეცხედრედ უკანასკნელად ნახსენებია 1549 წლის სიგელში, ხოლო 1552 წლიდან ლევანი უკვე მარტო აწერს ხელს საბუთებს. ე.ი. მათი დაშორება და თინათინის შუამთის მონასტერში მონაზვნად აღკვეცა უნდა მომხდარიყო 1550–1552 წლებში. მაშასადამე, 1550 წლის შემდეგ მათი ერთად გამოსახვა გამორიცხულია.
ჩვეულებრივ კტიტორთა ოჯახურ გამოსახულებაში პირმშოს პორტრეტს ათავსებდნენ. თინათინისა და ლევანის პირმშო, დაბადებულია 1529–31 წლებში. 1532 წლისთვის უკვე ორი ძეა ნახსენები–გიორგი და იესე. ამ მონაცემებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ ალვანის მოხატვის პერიოდში (იქ, მხოლოდ თინათინი და ლევანია) გიორგი ჯერ დაბადებული არ არის. აქედან გამომდინარე ალვანის მოხატულობის დაღარიღება შევიძლია 1529–1531 წლებით.
ნეკრესში უკვე მთელი ოჯახია–აქ გიორგი ოციოდე წლის ყმავილადაა გამოსახული, ე.ი. თუ მის დაბადების თარიღად 1529–31 წლებს მივიღებთ, გამოდის, რომ ნეკრესი უნდა მოხატულიყო 1550 წლისათვის, რასაც ადასტურებს 1550 წლის შემდეგ მათი ერთად გამოსახვის შეუძლებლობაც. რაც შეეხება გრემის მოხატულობას, იგი 1550 წლის შემდეგ უნდა იყოს შესრულებული, რადგან ლევანი ამ შემთხვევაში მარტოა გამოსახული, გრემის მხატვრობის დროის დაზუსტება შესაძლებელი ხდება დასავლეთის შემოსასვლელის თავზე მოთავსებული ვრცელი ბერძნული წარწერით. ამ წარწერის თ. ყაუხჩიშვილისეული თარმგანი ასეთია: „აღიმართა და განახლდა ღვთაებრივი და ყოვლად წმინდა ტაძარი ყოველთა უდიდესთა მიქაელისა და გაბრიელისა, სახელოვანი მეფის ლევანის შეწევნით, ხარჯით, გულსმოდგინებით და შრომით, მაშინ როდესაც მღვდელმთავარი იყო ნიკოლოზი, 7085 წელს, აგვისტოს თვის 29–ს, მეოთხე დღეს, საბას წინამძღვრობის დროს... ქარტულარიოსი, ბერმონაზონი და პროტოსვინგელოზი სალონიკელი“.
წარწერაში მოცემული 7085 წ. ჩვ. წ. 1577 წელს უდრის. ამ წარწერის მიხედვით ლევანი ცოცხალია და მეფობს. სხვა ისტორიული საბუთების მიხედვით ლევანი მეფობს 1574–76 წლამდე. ამიტომ ლევანის გარდაცვალების თარიღად შეგვიძლია მივიღოთ 1574–77 წლები. ე.ი. გრემის ეკლესიის მოხატულობა უნდა ყოფილიყო შესრულებული არა უგვიანეს 1577 წლისა.
გიორგი ჩუბინაშვილი გრემის აშენების თარიღად მიიჩნევს 1565 წელს. აქედან გამომდინარე ეკლესია უნდა მოხატულიყო 1565–1577 წლების მონაკვეთში.

დასასრულს, შუამთის გამოსახულების შესახებ.
ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის ეკლესია აშენებულია და მოხატულია თინათინ დედოფლის ინიციატივით, მისი მზითვის ხარჯზე. ამ ტაძრის კედლის მხატვრობამ შემოგვინახა ცნობილი კომპოზიცია, რომელზეც გამოსახულია ქალი, მამაკაცი და ყმაწვილი, სამეცნიერო ლიტერატურაში (ძირითადად იგულისხმება ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება) ისინი თინათინის, ლევანი და მათი ძის, გიორგის გამოსახულებად განიხილებიან.
თინათინ ვირსალაძის აზრით, ეს არის არა კტიტორული პორტრეტები, არამედ სცენა ღვთისმშობლის დაუჯდომლიდან (ანუ აკათისტოდან). და მართლაც, შუამთაში გამოსახულია აკათისტოს ციკლი.
მართლაც, ეს გამოსახულება არ ექვემდებარება ზემოთ განხილულ კტიტორთა გამოსახულების ზოგად პრინციპებს.
სცენა მოთავსებულია სამხრეთ–დასავლეთ მკლავებშორისი სივრცის დასავლეთ კედელზე. რაც უჩვეულო ადგილია კტიტორთა მოსათავსებლად. ფიგურები ისეთივე ზომისაა, როგორც ყველა სხვა რელიგიური სცენის ფიგურები.

axali SuamTis RvTismSoblis moxatuloba: TinaTini, levani da maTi vaJi giorgi

ასე რომ აქ მათი, როგოც კტიტორების, გამოსახვა, საეჭვო ხდება. თუმცა ამგვარი კითხვაც იბადება: შესაძლოა ამ მოხატულობის შესრულების დროს ლევანი და თინათინი უკვე განქორწინებულნი არიან და ამიტომაც შეუძლებელი იქნებოდა მათი, როგორც ოჯახის წევრების, ერთად გამოსახვა. ისიც შესაძლოა, თინათინი უკვე მონაზვნად იყო აღკვეცილი შუამთის მონასტერსში, რის გამოც მისი საერო პირად გამოსახვა უხერხული ან დაუშვებელი იყო. ამ თუ იმ მიზეზების გამო მხატვარმა ვერ მოგვცა ლევანისა და თინათინის, როგორც აღმშენებლების პორტრეტები, მაგრამ იქნებ მან თავისებურად მაინც გამოსახა ისინი და ჩართო დაუჯდომლის ციკლში. ეს დასაშვები ხდება შუამთის მოხატულობის ნეკრესის მოხატულობასთან შედარებისას. უდავოდ გარკვეული მსგავსების პოვნა შეიძლება ამ ორ კომპოზიციას შორის ჯგუფის განლაგებაში, ფიგურების პოზებში, პირთა განლაგების თანმიმდევრობაში და, რაც აგრეთვე საინტერესოა, ამ შემთხვევაში გარკვეულ პორტრეტული მსგავსებაც გვაქვს. იბადება კითხვა: იქნებ შუამთის კომპოზიცია ნეკრესის გამოსახულების თავისებურ მხატვრულ გამოძახილს წარმოადგენს. რაც შეეხება ადგილის შერჩევას, გრემში ლევანის პორტრეტის მოსათავსებლად მხატვარს ზუსტად იგივე ადგილი აურჩევია.
ამრიგად, ჩვენ შევეხეთ ლევანისა და თინათინის გამოსახულებებს კახეთის გვიანფეოდალურ ძეგლებში და შევეცადეთ მათი პორტრეტების, სამოსალის, გამოსახულ პირთა ოდენობისა და ისტორიული მონაცემების ნიადაგზე დაგვედგინა მოხატულობის შესრულების დრო და თანმიმდევრობა.


სტატიის ავტორი – მარინა ვაჩნაძე, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;

სტატია აღებულია კრებულიდან - „ძეგლის მეგობარი“ №31–32, სერია: „მატერიალური კულტურის ძეგლები“, თემა: კედლის მხატვრობის ძეგლები (ლევან კახთა მეფისა და თინათინ დედოფლის პორტრეტული გამოსახულებანი), თბილისი, 1973 წ.

მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge

 


megobari saitebi

   

01.10.2014